• ესე,  ხსოვნა

    შოთა იათაშვილი – პოეზიის სალოსი

    სწორი ხაზი

    ზაზა ბავშვობაში ხატავდა. ერთხელაც, იმის გასარკვევად, თუ რამდენად ნიჭიერია მისი ვაჟი ხელოვნების ამ დარგში, ბატონმა რეზიმ მასთან სტუმრად მისულ თემო ჯაფარიძეს დახმარება სთხოვა. სამივენი მაგიდას უსხედან, ზაზა დაძაბულია და ცნობილი მხატვრისაგან სერიოზულ გამოცდას ელის. თუმცა სწამს, რომ თავისი შესაძლებლობების გამოვლენას მოახერხებს. ფანქარი ხელში აიღო, სულგანაბული ელის, რის დახატვას დაავალებენ. თემო ჯაფარიძე კი უცებ ეუბნება: “აბა ერთი სწორი ხაზი გამივლე……” რაო? სწორი ხაზი? პატარა ზაზა იბნევა, იმღვრევა, ვერ ხვდება, რაშია საქმე. პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ან სულაც მრავალფიგურიანი კომპოზიციის დასახატად იყო განწყობილი, მას კი ეუბნებიან, სწორი ხაზი გამივლეო… რას იზამ, ეტყობა ასეა საჭირო, და ზაზაც მთელი მონდომებით იწყებს დავალების შესრულებას… გამახვილებული ყურადღებით მიაჩოჩიალებს ფანქრის წვერს ფურცლის სიბრტყეზე და მის მიერ დატოვებულ კვალს გაფართოებული თვალებით ჩასჩერებია. ლამისაა ხვითქი გაუვიდეს დამწყებ მხატვარს ერთი ხაზის გავლებაში, თემო ჯაფარიძე კი ღიმილით დაჰყურებს ამ ნატანჯ ხაზს, საბოლოოდ კი მკაცრი განაჩენი გამოაქვს: “არ გამოვა, არა, მისგან მხატვარი……”
    ალბათ ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა ზაზას ცხოვრებაში, როდესაც იგი სწორი ხაზის გავლებას შეეცადა. ცნობილი მხატვრის უცნაური დავალება ძენ-ბუდისტური გაკვეთილივით იყო, რომელსაც დამწყები ხელოვანი უნდა მიეხვედრებინა, რომ ყველაზე სწორი ხაზი ლაღი “მაზოკია”, რომ ყველაზე სწორი გზა ადამიანის შინაგან რხევებთან რეზონანსში მყოფი ზიგზაგია…
    ზაზა თვარაძე გულისგულამდე, ძირისძირამდე ჩასწვდა ამ სიბრძნეს და ცხოვრებისეული და პოეტური მრუდეების იდუმალ სისწორეს ბოლომდე უერთგულა. ბავშვობის ეს ეპიზოდიც ალბათ ამიტომ შემორჩა ასე მძაფრად მის მეხსიერებას და ამიტომაც მოგვიყვა იგი ერთხელ მისთვის ჩვეული ირონიანარევი ემოციური დამაჯერებლობით.

    სათაურის ძიებაში

    წიგნი თითქმის მზადაა, სათაური კი არა და არ ჩანს. უკვე მეც ვთავაზობ სხვადასხვა ვარიანტებს, მაგრამ ზაზა ყველაფერზე თავს უკმაყოფილოდ აქნევს: არა, ეს ის არაა, რაც მას უნდა! წიგნში ლექსების გადაადგილება-გადმოადგილებამ, ამოყრა-ჩამატებებმა და ახალმა რედაქციებმა ნელ-ნელა იკლო, მაგრამ ის მაინც თითქმის ყოველდღე ამოდის რედაქციაში, თითო-ოროლა კორექტურა ან შესწორება შეაქვს კომპიუტერში, მერე ვსხედვართ და სასათაურე სიტყვების მისაგნებად მისი ლექსებიდან სხვადასხვა ფრაზებს უშედეგოდ გავიძახით…
    დიდი ხანი გრძელდებოდა ეს რიტუალი, თავისი შემდგომი ჯიბეების მოქექვებით, დადიანზე ჩასვლებით ან უფრო ხშირად ზაზასთან სახლში ჩასხდომებით, სანამ ერთ დღეს ზაზამ კვლავაც არ შემოაღო რედაქციის კარი და რიხით არ შესძახა: მოვიფიქრე სათაური!
    გახარებული შევაცქერდი, ველი, რას მეტყვის, და უცებ მესმის: “ტან-ცზი სიცივეში!” ღიმილი სახიდან ხელად გამიქრა, დაბნეული ვუყურებ ზაზას, მერე ვეკითხები: “დარწმუნებული ხარ?” ზაზამ შუბლი შეიჭმუხნა, დამაკვირდა და მეკითხება: “რა, არ მოგწონს?”
    ჰო, ასე იყო. თავიდან არანაირად არ მომეწონა, არასერიოზული და ამავე დროს გაუგებარი მეჩვენა. ბევრი ვეკამათე ზაზას, ვარწმუნებდი, რომ მისი კრებული უკეთესი სათაურის ღირსი იყო, მაგრამ ზაზამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. რაღა დამრჩენოდა, დავნებდი. და მერე, წიგნის გამოსვლის შემდეგ, თანდათან მივხვდი, თუ რამდენად გაზრებული და მოტივირებული იყო ზაზას არჩევანი, რამდენად ზუსტად გამოხატავდა იგი მის პოეტურ ბუნებას.

    ცეკვა თავის გადასარჩენად

    ტან-ცზი ზაზას ბევრ მკითხველს ალბათ დღესაც კი ერთ-ერთი ძველი ჩინელი მოაზროვნე ჰგონია, თუმც კონფუციზე და ლაო-ძიზე ნაკლებად ცნობილი. ვინ იცის, ზოგიერთმა ენციკლოპედიებიც კი ქექა უშედეგოდ, რათა გაეგო, თავისი პირველი პოეტური კრებულის ყდაზე მისი სახელის გამოტანით ასე რატომ დააფასა ეს მავანი ტან-ცზი ზაზამ. სინამდვილეში კი არავითარი ფილოსოფოსი, იმპერატორი თუ მხედართმთავარი ტან-ცზი არ არსებობს, ეს გამოგონილი ჩინური ჟღერადობის გვარი ზაზასეული ტაკიმასხრული მეტამორფოზის შედეგად რუსულ ჟღერადობაში სულ სხვა მნიშვნელობას იძენს: ტანცი – ცეკვები… ანუ ცეკვები სიცივეში… რატომ სიცივეში? იმიტომ რომ სიცივეში გინდა-არ გინდა ხელ-ფეხი უნდა გაიქნიო, ანუ სულელურად უნდა აცეკვდე, თორემ გაიყინები, მოკვდები… ზაზა სითბოში არ ცეკვავს, ზაზა სიცივეში “ტანცაობს” თავის გადასარჩენად. და ეს განწყობა, ეს დამოკიდებულება მთლიანად გასდევს მის პოეზიას. სულიერი მარტოობის, უსასოობის, მიუსაფრობის ცივი სტრიქონები მუდამ აზელილია ლაზღანდარულ ინტონაციებში… ეს სალოსის ქმედებას გავს, და ასეცაა: ზაზა თვარაძე მთელი თავისი ბუნებით სალოსი იყო ქართული პოეზიისა. მას ღრმა შინაგანი ტრაგიზმის მიუხედავად არ შეეძლო სათქმელი მხოლოდ სევდიანი ფორმებით გამოეხატა. მას გამომწვევად უნდა ემოქმედა, მკითხველი თავისი ერთი შეხედვით უადგილო მაიმუნობებით უნდა გაეღიზიანებინა, შესაძლოა გაემწარებინა კიდეც – ვთქვათ “წინწყარო” “ნაბიჭვაროსთან” გაერითმა – ანუ თავისებური მეთოდებით უნდა გამოეფხიზლებინა – და მერე, გამოფხიზლებულ-გამწარებული, სამყაროს ჭეშმარიტი სახისაკენ მიებრუნებინა.

    სახლი

    მისი სულმუდამ არეული, მოუწესრიგებელი, აფორიაქებული და სტუმართმოყვარე სახლი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე როგორც იქნა გარემონტდა, განათდა, დამშვიდდა, ცივილური გახდა, მაგრამ ზაზა იქ მხოლოდ გარდაცვლილი მიბრუნდა… უკვე გვიანია, გარეთ, ორ ნაბიჯში, “სპეცნაზი” და სამხედრო ტექნიკა დგას, ყველა წავიდა, მხოლოდ ღამისმთევლები – მე და დათო ქართველიშვილი დავრჩით. ზაზას მეუღლე მანანა ჯერ კიდევ ჩვენთანაა, ვსხედვართ, ზაზაზე ვლაპარაკობთ. მანანა ისეთ დეტალებს იხსენებს, რომ ვხვდებით, მაინც რამდენად უცნობი იყო თითქოს ასე კარგად ნაცნობი ჩვენი მეგობარი…
    … ზაზა და მანანა ახალი დაქორწინებულები არიან, და როდესაც სახლიდან ერთად გადიან, ხის კიბეებს ჩაივლიან თუ არა, ზაზა უცებ ჩერდება, ფიქრდება და მანანას ეუბნება: “უი, სახლში რაღაც დამრჩა. მომიცადე, ახლავე ავიღებ და მოვბრუნდები.” მანანა უცდის, ზაზა რამდენიმე წუთში მართლა უკან ბრუნდება და ისინი გზას აგრძელებენ. და ეს სცენა მეორდება და მეორდება. თითქმის ყოველ გასვლაზე ზაზას სახლში რაღაც რჩება. ერთხელაც, დარჩენილი ნივთის ასაღებად აბრუნებულ ზაზას შეაგვიანდა. მანანა დგას და უცდის. დგას და უცდის. მერე კიბეებს აუყვა, – რაშია საქმე? – ფიქრობს. კარი შეაღო: ზაზა ხატთან დგას და ლოცულობს. მანანამ ჩუმად მოხურა კარი და გაბრუნდა. მისი სახლში შემოსვლა ზაზას არ გაუგონია. მანანას კი არასდროს უთქვამს მისთვის რომ ფარულად მლოცველი დაინახა, მუდამ მშვიდად იდგა ხოლმე ქუჩაში და ელოდა ვითომ დავიწყებული ნივთის ასაღებად სახლში აბრუნებულ პოეზიის სალოსს.

    ქართველები და ინგლისელები

    ძნელი იყო ზაზასთან დამეგობრება. ამ გზაზე სულიერი გაროზგვის მწარე სეანსების გარეშე ვერ გაივლიდი. ყოველი ადამიანის მინუსებს იგი თავისი რენტგენული მზერით საოცრად ზუსტად ხედავდა და მეგობრობის თუ უბრალოდ თანამეინახეობის ახალ კანდიდატს საერთო კამპანიაშიც კი მოურიდებლად პირში ახლიდა. ეს მკაცრი გამოცდა იყო და თუ ამ გამოცდას ჩააბარებდი, მხოლოდ ამის შემდეგ დაძრავდა იგი კრინტს შენი დადებითი თვისებების შესახებ, რომლებიც მსგავსად უარყოფითი თვისებებისა, ალბათ თავიდანვე შემჩნეული და დაჭერილი ჰქონდა.
    ზაზა ბრაზობდა: ბრაზობდა ადამიანების, ერების, სამყაროს საცოდაობაზე, არასრულყოფილებაზე. ძალიან ბევრს ბრაზობდა ქართველებზე – მათ მომავალზე, მათ ბედ-იღბალზე საუბრისას ყოველთვის პესიმისტი იყო. თუმცა თავისი იდეალიც ჰქონდა: ინგლისი. Mმუდამ ინგლისურ ლიტერატურას კითხულობდა; მუდამ ინგლისურ ლიტერატურაზე ლაპარაკობდა; მუდამ ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატს უყურებდა; მუდამ ოცნებობდა, საქართველო, როგორც სახელმწიფო, ინგლისს დამგავსებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ოცნება აუხდა და თავისი იდეალური ქვეყანა ნახა.
    “ეს ქართველები სულ მოკუზულები, მხრებში თავჩარგულები დადიან, თითქოს უნდათ, ვიღაცას მიეპარონ და რაღაც დაუშავონ, ინგლისელები კი წელში გამართულები, გახსნილები, რაღაცნაირად უბოროტონი არიან…” – გვითხრა ზაზამ, როდესაც ვკითხეთ, თუ რა განსხვავებაა ქართველებსა და ინგლისელებს შორის.
    მაგრამ ვითომ ბოლომდე ასეთი მისაღები და მართლა ოცნების ქვეყანა იყო მისთვის ინგლისი? თუ იგი მას კონტრასტისთვის დასჭირდა, დასჭირდა მეორე პოლუსი, რათა მის საფიძველზე, როგორც სალოსს, დამაჯერებელი გაფიცხება შესძლებოდა საქართველოზე?

    მიზანსმიღმიერი ლექსები

    ზაზა ლექსებში ხშირად ფიცხდებოდა.
    ზაზას ლექსებში ხშირადაა წამოკივლებები, შეძახებები.
    ზაზას ლექსებში არა მარტო ადამიანები ყვირიან, არამედ ბუზებიც, ჩიტებიც…
    ვერსიფიკაციის უბადლო მცოდნე ხშირად ლექსის ზომას და რიტმს სწორედ მაშინ არღვევს, როცა სურს, ლექსში ხმას აუწიოს.
    და მერე მოდის საოცარი სევდა…
    და მერე მოდის მატრაბაზობა…
    და მერე ისევ ყვირილი და მერე ისევ სევდა…
    ერთხელ, ბავშვობაში, დაავალეს სწორი ხაზი გაევლო…
    მას შემდეგ ბნედიანის ენცეფალოგრამასავით დაიწყო თრთოლვა მისმა სამყაროსეულმა ხედვამ, მისმა პოეზიამ.
    მას მერე გიჟურად აცეკვებს ზაზა თავის მკითხველს ყინვაში, სხეულს უთბობს და სიცოცხლეს უნარჩუნებს…
    მისი ლექსები გაურკვეველი, გაუგებარი მიმართულებით მოძრაობენ და სტანდარტულ პოეტურ სამიზნეებს აცდენილები არიან.
    “არც კი მახსოვს, რამდენი რამ გავლექსე,
    მაგრამ მიზანს სამწუხაროდ აცდა.”
    აცდა?..
    ზაზას ლექსების რუსულ ენაზე ბრწყინვალედ მთარგმნელმა, შესანიშნავმა პოეტმა და ადამიანმა მაქსიმ ამელინმა მოსკოვის პოეტურ ბიენალეზე მისი “უფრთო ბუზები” წაიკითხა. მე, ზურა რთველიაშვილი და მაქსიმი სახლში გვიან დავბრუნდით. მაქსიმის მეუღლე ანია ზოლოტარიოვა, ასევე პოეტი და ქართული პოეზიის მთარგმნელი თავისი ხუთი წლის ქალიშვილის, ლენას ლექსს გვაჩვენებს. ლექსი ბუზებზეა. ანიას ლენა პოეზიის საღამოზე წამოყვანილი ჰყავდა და თურმე მასზე ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება “უფრთო ბუზებმა” მოახდინა. სახლში რომ დაბრუნდა, ლენამ თოჯინები წინ დაისვა და დეკლამირება დაიწყო. ანიამ მიაყურადა, მერე ჩაეკითხა. ლენამ აღიარა, რომ ლექსი მაქსიმის მიერ წაკითხული ლექსის გავლენით დაწერა. ანიამ ჩაიწერა ეს ლექსი და მე იგი თბილისში ჩამოვიტანე, რათა ზაზასთვის გადამეცა. მაგრამ თბილისში ჩამოსულს, ზაზა უკვე საავადმყოფოში დამხვდა. საავადმყოფოშიც წავუღე ლექსი, მაგრამ იქ პოეზიის საღამოს გამართვის განწყობა უკვე აღარ იყო…
    მახსოვს იმავე ლექსზე რამდენიმე წლის წინ, თბილისში, დმიტრი პრიგოვის რეაქციაც. ამ ლექსის მოსმენის შემდეგ როგორ მიუჯდა მაქსიმს, როგორ ჩაეკითხა ავტორის ვინაობაზე, მერე როგორ გამოართვა ჟურნალი და საკუთარი თვალით, ყურადღებით წაიკითხა “უფრთო ბუზებიც” და სხვა თარგმანებიც.
    ასეთი მიზანს აცდენები და მიზანსმიღმა გარტყმები – 5 წლის ლენათი დაწყებული, რის არ მნახველი პრიგოვით დამთავრებული – ჩვეული რამ იყო ზაზასათვის.
    ის, რაც მასში ყვიროდა და ცეკვავდა, სხვებსაც ცეცხლივით ედებოდა. თუმცა ცეცხლს უფრთხიან და ზაზასაც ბევრი უფრთხოდა.
    მატრაბაზ ზაზას.
    მარტოსულ ზაზას.
    მეამბოხე ზაზას.
    დაუნდობელ ზაზას.
    სალოს ზაზას.
    ღვთისმოშიშ ზაზას…

    11-13 აპრილი. 2008.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  ხსოვნა

    ანდრო ბუაჩიძე – ქალაქგარეთ

    მაგონდება ის დრო, როცა ზაზამ ველოსიპედი შეიძინა და ქალაქში დადიოდა. სპორტულ ველოსიპედს ხელის მუხრუჭებიც ჰქონდა და ზაზა მუხრუჭების მოზიდვისას ფრთხილად აბიჯებდა ფეხს ქვაფენილზე. ველოსიპედით ქალაქის ქუჩებში სიარული საკმაოდ თამამი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამ სითამამეს სიფრთხილეც ახლდა, რაც არ შეიძლებოდა არ შეგემჩნია ზაზას თავისუფალ ქცევაში და მოძრაობაში.
    იმხანადვე, ზაზას წიგნებს შორის მივაგენი ინგლისური ნოველების კრებულს, სადაც შესანიშნავი პოეტის, დილან თომასის ერთი ნოველაც იყო შესული. ამ ნოველაში აღწერილი იყო როგორ მოძრაობდნენ ველოსიპედისტები მთებს შორის გაჭრილ ტრასაზე. მოთხრობის მთავარი პერსონაჟი შორიდან გაჰყურებდა ველოსიპედისტებს და ფერად მაისურებში გამოწყობილი მათი გუნდი სევდას აღუძრავდა. ასეთივე სევდა მერევა ახლა, როცა ქალაქის რომელიმე მთავარ ქუჩაზე მიმქროლავ ზაზას წარმოვიდგენ.
    ველოსიპედით ქროლვა მისი დროებითი გატაცება იყო. ერთხელ სწორედ ამ ველოსიპედით მომაკითხა სამსახურში და შაბათ-კვირას ქალაქგარეთ გასვლა შემომთავაზა. იმხანად ჩვენ წესად გვქონდა ქცეული ქალაქგარეთ სიარული. რამდენიმე კაცი თავს ვიყრიდით და თბილისის შემოგარენში ტყე-ტყე აღმა-დაღმა დავეხეტებოდით. მიგვქონდა საგზალი, ზოგჯერ რამდენიმე ბოთლი ღვინოც და ბუნების წიაღში მცირე სერობებს ვაწყობდით. კოჯორში ავტობუსით ავდიოდით, იქიდან ვიწრო ბილიკით ქოროღლის ციხეს ვუქცევდით მხარს, კიდევ საკმაო მანძილს გავივლიდით და ქვემოთ, თამარისდროინდელი კაბენის მონასტრის ნანგრევებისკენ ვეშვებოდით. იქ, პატარა მდინარის პირას, ერთი უშველებელი კაკლის ხე იდგა. ამ კაკლის ხის ჩრდილქვეშ მანამდე ვისხედით, სანამ მზე კარგა გვარიანად არ გადაიწვერებოდა.
    როგორღაც ისე მოხდა, რომ იმ ხანებში ყველა შემოგვეცალა და მარტო მე და ზაზა დავრჩით. ამიტომ, რაკი სხვები არ მოდიოდნენ, ჩვენ ორმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით კაბენში. ჩვეულებისამებრ ავიკარით გუდა-ნაბადი და გზას დავადექით. კოჯორში ჩასულებმა ნაცნობი ბილიკი მოვძებნეთ და კაბენამდე მშვიდობით ჩავაღწიეთ, ოღონდ რადგან ორნი ვიყავით, ჩვეული რიტმი დაგვერღვა. გზადაგზა ვჩერდებოდით, ვლაპარაკობდით, ვისვენებდით. იმ დღეს საგზალიც ნაკლები წავიღეთ. ვიდრე კაბენამდე ჩავიდოდით, ერთ პატარა წყაროსთან ამოვაწყეთ სანოვაგე და სახელდახელოდ წავიხემსეთ. ასე რომ, კაბენში აღარ გავჩერებულვართ, ლაპარაკით ავუყევით კიკეთისკენ მიმავალ აღმართს, რის ვაი-ვაგლახით ავათავეთ კლდოვანი ფერდობი, მერე ვრცელი მინდვრები გადავიარეთ, ტყეში შევედით და კიკეთიდან ავტობუსით თბილისისკენ გამოვბრუნდით.
    მოვდიოდით ქალაქისკენ და რაღაცნაირი უკმარისობის გრძნობა გვქონდა, თითქოს, რაც გვსურდა, ის ვერ ავისრულეთ. არადა, გაზაფხულის მშვენიერი საღამო იყო და არ გვინდოდა ასე სწრაფად გავცლოდით ბუნების მყუდრო სამყოფელს.
    დილიდანვე, ტყეში რომ შევედით, ორივეს რაღაც ჩუმი მღელვარება დაგვეუფლა. იქ უკვე აკრეფილიყო ზამთრის ნედლი ნაკვალევი. ისეთი შთაბეჭდილება გრჩებოდა, თითქოს ვიღაცამ დატოვა აქაურობა და უკანმოუხედავად წავიდაო. თითქოს წავიდა ზამთარი და რაღაც ისეთი წაიყოლა, რაც უკან აღარასოდეს აღარ დაბრუნდებოდა. რა იყო ეს? ალბათ, დრო, ჩვენი ცხოვრების რაღაც ნაწილი, რომელიც ზამთართან ერთად გაქრა. ამის შეგრძნება, რა თქმა უნდა, ნაღველს იწვევდა, მაგრამ ამ ნაღველს აქარწყლებდა ხეების ძირში ამოწვერილი ყოჩივარდები. ტყეს ხასხასა სიმწვანე გადაჰკრავდა.
    ზაფხულობით ზაზა თავისიანებთან ერთად წყნეთში ისვენებდა. ქალაქისკენ წამოსულებმა ნაცნობი სახლი შევნიშნეთ და ზაზამ მითხრა, მოდი, აქ ჩავიდეთო. მართლაც, ჩამოვედით, ჭიშკარი შევაღეთ და ცარიელ ეზოში შევედით. უკვე აქაც იგრძნობოდა გაზაფხულის ცხოველმყოფელი ძალა. ნელა ახლოვდებოდა საღამო და ჩრდილებიც ახასხასებულ მოლზე სხვაგვარად წვებოდა.
    სახლიც ცარიელი იყო და ფანჯრებიდან უკვე გამოზამთრებული სიცარიელე იმზირებოდა.
    ბედად, საგზლის მცირე ნაწილი შემოგვრჩენოდა და იქვე ეზოში ქვებზე ჩამოვსხედით.
    – ახლა ერთი ბოთლი ღვინო დაგვამშვენებდა! – თქვა ზაზამ.
    მე არ გამოვპასუხებივარ, რადგან ეს ნატვრა იმ ვითარებაში იმდენად მიუღწეველი მეჩვენა, რომ გაჩუმება ვარჩიე. თვითონაც ისეთი ხმით ლაპარაკობდა, შეატყობდი, ბევრი არაფრის ეიმედებოდა. ერთხანს ასე ვისხედით, მერე დარჩენილი საგზალი ამოვაწყეთ და სერობას შევუდექით. ცოტა ხანში ზაზა წამოდგა, ხელით ონკანი მოსინჯა, მერე ჭიქის მოსატანად შენობისკენ გაემართა, იქვე, პირველ სართულზე სარდაფის კარი შეხსნა და გაუჩინარდა.
    არ გასულა დიდი დრო, რომ ზაზამ სარდაფიდან თავი გამოყო. აშკარად შევატყვე, სახეზე სხვაგვარი გამომეტყველება აღბეჭდვოდა. მერე მთლიანად გამოჩნდა, უფრო მხნედ და ამაყად მოაბიჯებდა. ხელში, რაოდენ გასაკვირიც უნდა ყოფილიყო, ორი კვარტიანი ღვინის ბოთლი ეჭირა. ჩამოჯდა, იქვე დაგდებული ტილოს ნაჭრით ბოთლებს მტვერი შემოაცალა, მერე საცობი წააძრო და გაურკვეველი სითხე ჭიქაში ჩამოასხა.
    – ალბათ ღვინოა, აბა, რა იქნება? – თქვა არცთუ ისე თავდაჯერებულმა.
    გავსინჯეთ, ღვინო იყო. გაკვირვების თუ გაოცების თავი აღარ გვქონდა, ნამგზავრები და დაღლილები ვიყავით და პირდაპირ საქმეზე გადავედით – სადღეგრძელოებს შევყევით. გულის სიღრმეში ორივეს გვიკვირდა და გვიხაროდა, მაგრამ გარეგნულად არ გამოგვიხატავს. სადღეგრძელოს სადღეგრძელო მოჰყვა. ჩვენდა გასაკვირად, გვარიანად შევზარხოშდით, რადგან ეს იყო ძელგი, ჭაჭაზე დაყენებული მუქი ფერის კახური ღვინო.
    – ნეტავ როგორ შემორჩა ეს ორი ბოთლი კახური ღვინო? – იკითხა ზაზამ.
    კარგა ხანს ვისხედით. რა აღარ მოვყევით – იმ მთისა და ამ ბარისა, რას აღარ მივედეთ და მოვედეთ. თითქოს მანამდე რისი გამოთქმაც გვინდოდა და ვერ ვამბობდით, უეცრად ამოგვეთქმევინა.
    უკვე ჩამოღამდა კიდეც და ჩვენი ლაპარაკი იმ ცარიელი აგარაკების მდუმარებაში შეშაზე დაკრული ცულის ხმასავით ჩაგვესმოდა.
    წყნეთიდან ბოლო ავტობუსს გამოვყევით. მივდიოდით ელნათურებით განათებულ წყვდიადში და ვატყობდით, უკმარისობის გრძნობა, რომელიც აქამდე გვაწვალებდა, სადღაც გამქრალიყო. ახლა უფრო ცხადად იგრძნობოდა, რომ ბუნების რაღაც აუხსნელ მადლს ვეზიარეთ, იმ დღეს რაღაც იდუმალი ზღურბლი გადავლახეთ.
    ქვემოთ ქალაქი გაწოლილიყო, ღამის სინათლეებით განათებულ ქალაქს ჯერ არაფერი ეტყობოდა გაზაფხულის მოახლოების. იქ ცხოვრება ჩვეულებრივ კალაპოტში მიედინებოდა. თითქოს, ყველას საწუხარი და საფიქრალი ერთად მოეგროვებინათ. სინათლეები უცნაურად იყო გაბნეული მთელი ქალაქის სიგრძეზე. ქალაქი მკაცრი ცხოვრებით ცხოვრობდა. ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანდა ზემოდან. ჩვენ კი რაღაც სხვა განწყობით ვბრუნდებოდით ამ უზარმაზარ ტაფობში.
    ახლა, იმ დღეს რომ ვიხსენებ, ასეთი აზრი მებადება: რა ცოტა ჰყოფნის ზოგჯერ ადამიანს და მერე ისიც ხელიდან ეცლება…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  ხსოვნა

    მალხაზ ხარბედია – სიტყვები ზაზა თვარაძეზე

    “დედამიწა სამოთხე კი არ არის, სამოთხიდან გაძევების ადგილია”. ეს ზაზამ თქვა, კაცმა, რომელიც ძალიან ბევრს ფიქრობდა და წერდა ცოდვასა და დანაშაულზე, ხეტიალსა და მარტოობაზე, დაკარგვაზე, მიზანს აცდენებზე, შეცდომებზე. განუწყვეტლივ უტრიალებდა ყველაზე არსებითს – ანუ არსებობას, და უფრო მეტად კი არარსებობაზე ფიქრი ტანჯავდა. მის ბლოკნოტებს, ჩანაწერებსა და ფრაგმენტებს რო თვალი გადაავლოთ, ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ამ ზმნას, არსებობას. ზაზა ახსენებს არარსებობასთან ნაზიარებ არსებობასაც, მისით ნაშობ ნიჰილიზმზეც საუბრობს (ხანდახან პარმენიდესაც კი ახსენებს). ცხადია ეს არარსებობის ნიჰილიზმი სიკვდილთან მიდის, სიკვდილზე კი ბევრს ფიქრობდა ზაზა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ერიდებოდა მასზე საუბარს. მახსოვს როგორ გაბრაზდა, როცა წლების წინ, ერთმა პოეტმა მის გარდაცვალებაზე ჩამოაგდო სიტყვა. არასდროს დამავიწყდება მისი ძრწოლითა და რისხვით სავსე თვალები. ის პოეტი კინაღამ სახლიდან გააგდო.
    ზაზა სიკვდილზე იშვიათად ლაპარაკობდა, მაგრამ მის სიტყვებში ყოველთვის ჩანდა თავგანწირვა. თავგანწირული იყო მისი ლექსი, ეს იყო სასოწარკვეთილი ჯამბაზის სიმღერა, რომელიც მხიარულ ლანდებთან ურთიერთობაში არკვევდა თავის არსებას. უკანასკნელი რამდენიმე წელი მთლიანად ამ საქმეს მიუძღვნა და იმქვეყნად ალბათ ძალზე მნიშვნელოვანი ცოდნა გაიყოლა, პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელსაც ზაზა გამუდმებით სვამდა, ფხიზელი თუ მთვრალი, მშვიდი თუ მოუთმენელი, სვამდა ყოველთვის, ყველგან, ლექსში, მოთხრობაში, სალაღობო სტროფებში, პირად საუბრებსა და უსასრულო კამათებში. პასუხების უმცირესი ნაწილი ჩვენც, მის მეგობრებს, ჭირისუფლებსა და მკითხველებსაც გვერგო და ეს არ იყო, როგორც ერთ მის ირონიულ ლექსშია, “ეტრატებში, ასომთავრულით ანუ მრგლოვანით” დაწერილი სიბრძნე, არამედ მარტოობის სახელმძღვანელო, ნახეტიალები და წლების მანძილზე მძიმე ფიქრებით ნატარები წიგნი, სახელწოდებით “მხიარული ლანდები”, ზაზას “ღვთაებრივი კომედია”, 100 გვერდიანი პოემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, მალე ბევრს გააოცებს თავისი მდუღარე და შხამიანი სახეებით, მწარე სიმართლითა და შიშისმომგვრელი წინათგრძნობით:
    დავსვათ წერტილი, როგორც წერტილი,
    როგორც ფირნიში გათხრილ საფლავთან,
    როგორც ხე, ფოთლებშემოფლეთილი,

    როგორც შეშლილი ნიფხვისამარა,
    როგორც შტერი და როგორც სალოსი,
    და კვალად – როგორც ცივი სამარე
    და დასობილი მუნ კვიპაროსი,
    და სასაფლაო საბურთალოსი,
    და დასობილი მუნ კვიპაროსი,
    და დასობილი მუნ კვიპაროსი…
    და კიდევ:
    შენ კი ანთებულ ტვინის ამარა
    მიჰყვები ბნელეთს, როგორც სალოსი
    და თვალწინ გიდგას ცივი სამარე
    და სასაფლაო საბურთალოსი.

    ზაზა სწორედ საბურთალოს სასაფლაოზე დავკრძალეთ, შარშანდელი, მწარე ნოემბრის დღეებში. ცივ სამარეს მივაბარეთ კაცი, რომელიც თავისი 50 წლის მიუხედავად, ძალიან ახალგაზრდა იყო, მასზე 20 წლით უმცროსებზე უფრო ბიჭურიც, სხარტიც და თავგანწირულიც. ხშირად ეს მოუსვენრობა აწუხებდა კიდეც ზაზას, ალბათ ამიტომაც ჩაიწერა ერთხელ ბლოკნოტში, “ახალგაზრდობა ნაკლია, რომელიც მალე გაივლის.” სამწუხაროდ, ზაზას ახალგაზრდობა და მისი სიცოცხლე ერთად გაილია, ორივემ ერთად ჩაიქროლეს და სადღაც გაქრნენ.
    ზაზა მორწმუნე ადამიანი იყო, მაგრამ სიკვდილს მაინც გაქრობას ეძახდა. ეს გაქრობა შიშის ზარს სცემდა, ერთხელ ისიც კი უთხრა მეუღლეს, მანანას, “ამდენს იმიტომ ვწერ (თავის ჩანაწერებს, ბლოკნოტებს გულისხმობდა), რომ მემგონი გაქრობის მეშინია”-ო. გაქრობის შიში ბოლომდე არ ტოვებდა, გარდაცვალებამდე ორიოდე საათით ადრე ჩაძინებასაც კი ერიდებოდა. ამ დროს ზაზა უკვე ძალიან მძიმედ იყო, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, ბევრ რამეზე “აეხილა თვალი” და ის უმძიმესი დაავადება ღმერთის საჩუქრადაც მიიღო.
    მანამდე ზაზას ერთი ოცნება გაუჩნდა და ცხოვრების უკანასკნელი სამი დღე ამაზეც ფიქრობდა. ყველაზე მძიმე წუთებში ზაზა ოცნებობდა მცხეთაში სახლზე, პატარა ეზოთი, სადაც “ფოთლებს შორის გამოჩნდება ცა. ჩიტი გადაფრინდება და გადმოფრინდება ტოტიდან ტოტზე. ჩვენთან ივლიან მეგობრები, ეზოში ვენახს გავაშენებ და მე მიწაზე ვიმუშავებ. აღარც პოეზია მინდა. გვეყოლება ნავი და არაგვზე ნავით ვისეირნებთ.”
    ზაზა მეოცნებე იყო და ოცნებით წავიდა. ბოლოს, ფიზიკურად დაუძლურებულმა, სულიერი ძალა გვაჩვენა ყველას, იგი მაგალითი იყო და რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო სანიმუშო ხდება მისი საქციელი, ყოველი მისი ნაბიჯი, ყველა მისი შეცდომა რაღაცას გვასწავლის. ზაზა აღარაა, მისი რეალური ხმა ჩვენამდე ვეღარ აღწევს, სამაგიეროდ ზაზას სიტყვები გადარჩა, ახლა ისინი გვეტყვიან მის ამბავს: “სიტყვები ზაზა თვარაძეზე”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე,  ხსოვნა

    გოგი ლორთქიფანიძე – მწერალი და სხვისი დრო

    ზოგჯერ ასეც ხდება: წერის პროცესს პირველივე სტრიქონებიდან ერთობ ირაციონალური, მისტიური წარმოშობის შიში ახლავს თან. სწორედ ასეთ შემთხვევასთან მაქვს საქმე – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბედის უკუღმართობით თუ განგების მომნუსხავი ძალით ზაზა თვარაძე ჩვენს შორის აღარაა. უფრო იმიტომ, რომ ცდილობ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას არა მხოლოდ კარგ, გულითად ამხანაგსა და ცნობილ ლიტერატორზე – ჯერ სათანადოდ ვერ აღიარებულ მოვლენად ქცეულ ადამიანზე და ნებისმიერი აზრი ზედაპირულად გეჩვენება. ამას თან ერთვის იმის გაცნობიერებაც, რომ ამ დაწყევლილ ინფორმაციულ ეპოქაში ლიტერატურული სიღრმეებისა და წიაღსვლების მოზიარეთა წრე ისედაც სამარცხვინოდ ვიწროა, რომ უბრალოდ ცოტა დრო გავიდა, რომ ნებისმიერ გამონათქვამში ბუნებრივი ემოცია ჭარბობს და პოეტის პირუთვნელი დაფასება სადღაც წინაა, შორს, ბურუსით მოცულ და მოუხელთებელ მომავალში. ძალაუნებურად იმასაც იხსენებ, თუ რა ვითარებაში წავიდნენ საწუთროდან ტატო, ვაჟა, ყაზბეგი, გალაკტიონი, რამდენი კიდევ სხვაც –მათთვის ხომ არც დაუფასებლობა იყო უცხო, არც დეპრესია, არც ელემენტარული ხელმოკლეობა, არც უმძიმეს წუთებში მუზაზე ხელის აღება. კლასიკოსებად კი მერე იქცნენ, მოგვიანებით, სავალდებულო სახელმძღვანელოების ფურცლებიდან…
    ზაზას მოგონების ამ ჩემს მცდელობას ერთად-ერთი რამ ამართლებს, ის, რომ უსასრულობაში გარდასული შემოქმედის გაცოცხლებას ცდილობ არა მისი ნამოღვაწარის გულცივი ანალიზით – ამას კრიტიკოსები უკეთ გააკეთებენ (თუ კრიტიკა ოდესმე საერთოდ იარსებებს), არამედ მისი ძვირფასი ადამიანური მხარეების გახსენებით. მითუმეტეს, რომ თავის ხანმოკლე მიწიერ ცხოვრებაში ზაზამ მაინც მოასწრო ასულიყო იმ საფეხურზე, რომლის სიმაღლიდან ქვეყნიერებისთვის მახვილი პოეტური თვალის შევლება არ გაჭირვებია. რადგან ეს ეგზისტენციალური უპირატესობა მან დამსახურებულად, საკუთარი ნიჭისა და შრომის წყალობით მოიპოვა. მისი ნააზრევი და შეხედულებები ჩვენს სამყაროზე იქნებ არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა, ვიდრე წმინდა ლიტერატურული სიტყვაკაზმულობა და შემოქმედებითი დანატოვარი. ყველა ჭეშმარიტი პოეტი თავისთავად აცხადებს პრეტენზიას სულიერ უკვდავებაზე და ამ პრეტენზიის საფუძვლიანობის პირობა არა მხოლოდ პოეტის ტექსტებში – რეალური პიროვნების მასშტაბშიცაა საძიებელი.
    სხვათა შორის, გენიოსის მასშტაბის ”დამიწება” ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომელიც ზაზამ თავისი პოეტური ყურადღების მიღმა ვერ დატოვა. საკმარისია, მისი ”ოდა რუსთაველს” – გრძელი ლექსი თუ მოკლე პოემა – გულდასმით წაიკითხო, რომ ეს ოდნავ სევდიანი დასკვნა გამოიტანო. აბა, წარმოიდგინეთ გუშინდელ რედაქციასა ან დღევანდელ გამომცემლობაში მოსული შოთა, ხელნაწერებით ხელში და გაცვეთილი პიჯაკით, შოთა, რომელიც განიცდის უბედობას, თან კი რითმებს ებრძვის და შეჰხარის… ლექსის შექმნის ტექნოლოგიის, პოეტის ”შიდა სამზარეულოს” საიდუმლოებათა ტექსტში გამოტანის სურვილი შეიმჩნევა ზაზას სხვა ქმნილებებშიც, თუნდაც მის ბრწყინვალე ”დამიწებულ ლექსში” (ისევ დამიწება!), რომელიც ზაზამ თავის მეგობარს, პოეტ ანდრო ბუაჩიძეს მიუძღვნა და რომელშიც ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია სტრიქონები: ”დამიწებაში მიდის ყველა ადამიანი, /დამიწებაში მიდის ყველა გამკრთალი ელვა/ შენ კარგად იცი, რომ ელვაა ადამიანი,/ – ციდან მიწამდე რომ გაკვესავს და გაილევა;” მერე კიდევ მისი ლირიკული, გრძნეული, იმავდროულად კი ზედმეტი სენტიმენტებისგან გაწმენდილი, მამაკაცური ლექსები: ”Dun Ringill”, ”ჭრელი ჩიტი”, რომელი ერთი ჩამოვთვალო… ზაზა თვარაძე, რომელიც ქართული პოეზიის სახელით ეთამაშებოდა მომავლის ვარსკვლავებს სწორედ ჩვენს, ზედაპირულობითა და სულსწრაფობით აღსავსე ეპოქაში, დაუმსახურებელ შოთაობაზე პრეტენზიას არასოდეს აცხადებდა (ასეთი რამ რომც წამომცდენოდა, უბრალოდ სასაცილოდ ამიგდებდა), მაგრამ, მიუხედავად ამისა, და სრულიად უნებურად, აბსოლუტურად განსხვავებულ მასშტაბსა და ვითარებაში, თავად გახდა ჩვენი დროის ლიტერატურული მოვლენა. სწორედ რომ დროისა და არა იმ მტკნარი და უბირი ყოველდღიურობისა, რომელიც ეპოქის სახელით მოქმედებს და რომელმაც პოეტი ასე უმოწყალოდ და ნაადრევად გაწირა. ამ მხრივ ყოველდღიურობა – ეპოქის პლაგიატია მხოლოდ. სამწუხაროა, რომ ეს პლაგიატი ეპოქის მსვლელობისგან განყენებულად, მისგან მოწყვეტით ახერხებს არსებობას და თავის გმირებს ისევე ნთქავს, როგორც ძველბერძნული კრონოსი საკუთარ შვილებს. საერთოდ, დღევანდელობის ლიტერატურული კუთხით შეფასების მცდელობისას, საზოგადოებაში ორი უკიდურესი აზრია გავრცელებული: მას ან მწერლობისთვის უვარგის და კომერციული მოგების ინტერესს გადაყოლილ პერიოდად მიიჩნევენ (თუმცა ოდესღაც, გასული საუკუნის 40-იან წლებში, ჰესეც წერდა მუქად ჩამოწოლილ ”ფელეტონისტურ ხანაზე”), ან აღიარებენ, რომ ყველა ეპოქა ამ მხრივ ერთნაირია, და მიმდინარეც გამონაკლისს არ წარმოადგენს (ჩემი მოკრძალებული აზრით კი ჭეშმარიტება სადღაც შუაში იმალება). მნიშვნელოვანი აქ ისაა, რომ იმის მიუხედავად, თუ რომელი შეფასება უფრო მოგვწონს, მომავლის ჩვენთვის უცნობ აღქმაში ზაზა მაინც ამ ”უვარგისი პერიოდის” განსაკუთრებულ სიმბოლოდ დარჩება, და რათა ამგვარი წინასწარმეტყველება ჩემი პირადი განწყობის პირმოთნე გამოხატულებად, ლიტონ სიტყვად და უბრალო ლოზუნგად არ იქცეს, წინამდებარე ნარკვევიც, რაღაცით მაინც, თავისი პროტაგონისტის დონეს უნდა სწვდებოდეს, თანაც კომპლიმენტარობისგან მაქსიმალურად თავისუფალი უნდა იყოს. და მთავარი სირთულე ავტორისთვის სწორედ ამაშია. მითუმეტეს, როცა ისეთ ადამიანზე წერ, რომელმაც თავისი შემოქმედებით ჩვენს ირგვლივ არსებულ სამყაროს მავანისთვის ჯერ უხილავი და ვირტუალური, თუმცა ღრმა – ანუ პოეტური – კვალი დაამჩნია და მხოლოდ მერე განერიდა მას, და გახდა იძულებული, ამქვეყნის უსამართლო ამპარტავნება იმქვეყნიურ, ჩვენთვის იდუმალ და მიუწვდომელ სამართალზე გაეცვალა. ამის თქმის საფუძველს ერთის მხრივ, ზაზას ნიჭიერების ძალა და ხარისხი, მეორეს მხრივ კი ”ჩვენი დროის გმირის” ნომინაციებზე წარდგენილი კონკურენტების აშკარა დეფიციტი მაძლევს. დიახ, ზაზა თვარაძე არა მარტო ლიტერატურული, არამედ – მიუხედავად აბსოლუტური პიროვნული მორიდებულობისა და ერთგვარი უწყინარობისა – კარგი გაგებით საზოგადოებრივი მოვლენა იყო.
    უთავბოლო და ეგოცენტრულ-მარაზმატული პოლიტიკური გარდაქმნებით გაჭყლეტილი თაობის შვილი, არც კომკავშირული პრემიების ლაურეატი ყოფილა ოდესმე და არც ”ლიბერალური დემოკრატიის” მეხოტბე, ვინაიდან საფუძველშივე გახლდათ იმუნიზებული ნებისმიერი სახელისუფლებო ცდუნების მიმართ. იგი იყო ჩვენი ჭეშმარიტი თანამედროვე, – იშვიათი, მაგრამ რეალური, იმავდროულად კი კოლორიტული და ბუნებრივად ელიტარული ტიპი, განსაკუთრებით იმ თვითმარქვია ელიტარების ფონზე, რომლებიც შოუბიზნესის თავზე ხელაღებული და მანკიერი წესებით წაქეზებულნი, ასე თუ ისე განსაზღვრავდნენ ქვეყნის კულტურულ თუ პოლიტიკურ ამინდს უკანასკნელი 15-20 წლის განმავლობაში და რომელთათვის (მცირედი გამონაკლისით) ხელოვნებაში მთავარი იყო და იქნება ფული, მამონა.
    ჩემი და ზაზას ურთიერთობა – კლასიკური წარმოდგენით – არ იყო ხანგრძლივი და სულ რამდენიმე წელს გასტანა, თანაც ლიტერატურით არ დაწყებულა. ჩვენი გზები ისეთ ასაკში გადაიკვეთა, როდესაც დაახლოება გარკვეული დისტანციის დაცვასაც გულისხმობს, თუმცა ისიც უპრიანია აღინიშნოს, რომ გვიანი მეგობრობა SS-ში (გნებავთ, ენკავედეში) გაწევრიანებასავითაა: მასში შესვლა იოლი არაა, მაგრამ გამოსვლა, სანამ ცოცხალი ხარ, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაა, რომ ამგვარი კავშირიდან ერთ-ერთი მონაწილის საბედისწეროდ გასვლის შემდეგაც ზოგჯერ აზრი არ ეკარგება არც რეალური დიალოგების რეკონსტრუქციას, და არც შეხედულებათა წარმოსახვით ურთიერთგაზიარებას.
    რა თქმა უნდა, მას ჩემზე ახლო მეგობრები ჰყავდა, მათ შორის პროფესიული თვალსაზრისითაც: ფილოლოგები, მწერლები, პოეტები, ერთი სიტყვით ჰუმანიტარები, თავადაც წარმოშობით ცნობილ ლიტერატორთა ოჯახიდან იყო, მე კი მწერლობაში ჩემით – ზუსტი მეცნიერების მხრიდან შემავალი კლაკნილი და ვიწრო ბილიკით შეღწევის მცდელობაში ვიყავი შემჩნეული, და ეს გარემოება თავიდან უფრო უნდობლობისკენ განგვაწყობდა და გვიბიძგებდა, ვიდრე ერთურთის აღიარებისკენ. ზაზასგან განსხვავებით, მე თანამედროვე ქართულ პოეტურ სამყაროში გარეული არ ვყოფილვარ და გულწრფელად მიხაროდა, რომ შემთხვევით კიდევ ერთი ნამდვილი პოეტი გავიცანი (თუმცა წერა გუშინ არ დამიწყია და ცხოვრების გზაზე მუზის სხვა შესანიშავ მსხაურებსაც გადავყრივარ).
    ჩემი და ზაზას დამეგობრება მშვიდობიან, ხალისიან და ნაკლებად დრამატულ პირობებში მოხდა, მის ძველებურ ბინაში ალ. ჭავჭავაძის ქუჩაზე, რომელიც ყოველთვის ღია იყო ალალი სტუმრობისთვის, რაც მისი მეუღლის, მანანა ჯიქიას უდაო და აშკარა დამსახურებაც იყო. არყის, უბრალო მისაყოლებლისა და გიტარის (ზაზამ ძალზე თავისებური, გულშიჩამწვდომი, ოდნავ ხრინწიანი ხმით სიმღერა იცოდა, განსაკუთრებით გემრიელად კი საკუთარ სიმღერებს მღეროდა) თანხლებით ჩვენს სუფრულ საუბრებსა და კამათებს სულაც არ აკლდა თავისებური დრამატიზმი. ოდნავ შემთვრალები სერიოზული თემებისკენ ვუხვევდით, ისეთებისკენ, ყმაწვილკაცობაში ამოწურული რომ გვეგონა და არ გვქონია ამოწურული თურმე. საზოგადოდ, ყველაზე მნიშვნელოვანი საუბრები ახალგაზრდობაში გვჩვევია ადამიანებს, სტუდენტობაში, ან ოდნავ მოგვიანებით, როდესაც სისხლი ჯერ კიდევ გვიდუღს ძარღვში, ოცნებების ზღვაში დავცურავთ და წამიერი ემოციური აფეთქება იოლად ამარცხებს დალაგებული ფიქრის გულგრილ სიდინჯეს. მერე კი, უამრავი კერძო ინტერესით დახუნძლული გარემო უმოწყალოდ გვართმევს გულწრფელობის ხშირი გამოვლენის საშუალებას. თანდათან ვითრგუნებით და ნელ-ნელა კეთილგონიერებას ყოველდღიურ პრაგმატიზმთან ვაიგივებთ, იშვიათი და ტრაგიკული გამონაკლისები კი მხოლოდ გვარწმუნებენ არჩეული გზის სისწორეში და ვიღას სცალია მნიშვნელოვან და განყენებულ თემებზე სასაუბროდ! ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას – თუნდაც სიჭარმაგეში – ახლად გაცნობილ ადამიანებთან ურთიერთობა თუ შველის ხოლმე და ჩვენს შემთხვევაშიც, მგონი, ასე იყო: ზაზასთან ურთიერთობა მე (შეიძლება, გარკვეულწილად მასაც) – და კიდევ სხვებსაც, თუ სხვებიც ისხდნენ ჩვენს ღარიბულ სუფრასთან – ისევ ყმაწვილკაცობაში, კარგად დავიწყებულ და თავიდან გასახსენებელ სიმღერებში, და, რაც მთავარია, უზოგადეს და უმნიშვნელოვანეს საქვეყნო საკითხებზე კამათის უტკბილეს ხანაში მაბრუნებდა. რაღაცაზე ვთანხმდებოდით, რაღაცაზე – ვერა. მაშინ ხელოვნური მორიდება გვერდზე გადაიდებოდა და ოდნავ შემთვრალი პიროვნებები კი არა – კონცეფციები და მსოფლმხედველობები ვეჯახებობით ერთმანეთს. მშვიდობიან ფარგლებში, რა თქმა უნდა.
    ფეხბურთზე და ლიტერატურაზე მეტად ამ ”სუფრულ საუბრებში” მწვავე პოლიტიკურ საკითხებს ვეხებოდით ხოლმე. ეს ბუნებრივიცაა. აბა, გვიანი 80-იანებიდან მოყოლებული, საქართველოში როდის გვიცხოვრია ლაღად, რომელ ერთ წელიწადს მაინც აკლდა პოლიტიზება, თანაც უაღრესად მკვეთრ, წრეგადასულ ფორმებში? პოლიტიკურ მოვლენებს ზაზა, როგორც წესი, ისტორიული თვალსაწიერიდან უმზერდა. მას განსაკუთრებით უყვარდა ორი ქვეყანა: საქართველო და ინგლისი. რაღაც სიმბოლური იყო იმაში, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საწადელი აისრულა და ინგლისი ნახა. ორუელი, ჩესტერტონი, დიკენსი, კონან დოილი, სტივენსონი და ბევრი სხვაც – მისი მწერლები, ხოლო შექსპირი, ბაირონი, დილან ტომასი – მისი პოეტები იყვნენ. საკმაო გონი, საკმარისად მახვილი მხედველობა ჰქონდა იმისთვის, რომ თეთრი შავში არ არეოდა და ვერ დაენახა, რომ უკანასკნელ ათწლეულში ჩვენში რეალურად აღმოცენებულმა ვითომ-კაპიტალიზმმა უსინდისობით უკვე გადაასწრო აწ გარდაცვლილ ვითომ-სოციალიზმს. შინაგანად ღრმად რელიგიური ადამიანი ვერ მოიწონებდა ვერც ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნოდ საეკლესიო იერარქიებისთვის ჯიპების დარიგებას (ეს ეკლესიის ”პოლიტკორექტული” ოპოზიციონერობის ფონზე!) და ვერც მეცნიერებათა აკადემიის ფარულ კლერიკალიზაციას. არანაირად არ ყოფილა რეტროგრადი და – ეს, საზოგადოდ, ჩვენი დროის სახასიათო დეტალია – სათანადო დონეზე შეეძლო კომპუტერთან და ინტერნეტთან ურთიერთობა. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ კლიოს მოწადინებით მოქსოვილი ისტორიის ძაფი უწყვეტია და მისი სამშობლოს ისტორია არც 1801-ში დაწყებულა, არც 1918-ში, არც 1991-ში და არც 2003-ში – თუმცა ეს თარიღები მართლაც შეიძლება მივიჩნიოთ მსხვილ კვანძებად ამ ძაფზე. გასაოცარია, მაგრამ ერთი ადამიანის სიცოცხლე, თუნდაც ისეთი ხანმოკლე, როგორიც ზაზას ერგო, თურმე იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველი ყოფილა, რომ თავისუფლად იტევს გიგანტური სუპერსახელმწიფოებისა და იმპერიების დაშლა-დამხობასაც და საზოგადოებრივი ფორმაციების შემპარავ ცვლასაც. უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, ადამიანებს შინაგანი დისციპლინა გვაკლია, თორემ წლების განმავლობაში დღიურები მოწესრიგებულად რომ გვეწარმოებინა, თვითონაც გაგვაოცებდა საკუთარი ევოლუცია. ზაზას პიროვნული ევოლუცია, ალბათ, იმაშიც გამოიხატა, რომ საბაზო ჰუმანისტური პრინციპების შენარჩუნების კვალობაზე იგი გადაურჩა ცალმხრივობასა და მიკერძოებას, ანუ იმას, რაც ესოდენ დამახასიათებელია თანამედროვე ე. წ. ”ტუსოვკისთვის”, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის მხოლოდ ერთადერთ, კანონიკურ ინტერპრეტაციას აღიარებს და იმთავითვე გამორიცხავს კრიტიკულ აზროვნებას, – ასეთ მიდგომას კი ”მეინსტრიმის” ნაკადს აყოლილი ნაკითხი, განათლებული და ერუდირებული ადამიანებიც ადვილად ეწირებიან მსხვერპლად. ზაზა კი იყო პოეტი, რომანტიკოსი, რომელმაც გაბედა და ერთ-ერთ ლექსში საკუთარ ერს ”ოსტატურად მკუარი ერი” უწოდა – ამ ნიშნით ის ერთდროულად ნონკონფორმისტიც იყო და კრიტიკული რეალისტიც, ითავსებდა ორივე ამ საწყისს და ეს სულაც არ უშლიდა ხელს, მისი პიროვნებისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ და ორგანულ ანტისტალინიზმს. მან იცოდა, რომ მე სტალინისტი არა, მაგრამ ზომიერი სოციალური თანასწორობის მომხრე და გარედან თავს მოხვეული ულტრალიბერალიზმის მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. ის კი უფრო პიროვნული თავისუფლების პრინციპის მომხრე იყო და, ჩემთან შედარებით, ახალი დროების მიმართ მეტ შემწყნარებლობას იჩენდა. აკი ვახსენე, რომ ჩვენ ერთმანეთს თავისუფალ რეჟიმში ვუზიარებდით აზრებს, რაც თავისთავად გულისხმობს ცხარე პოლიტიკურ დავასაც. მისი არ ვიცი, მე კი შინაგანად მამდიდრებდა ეს კამათები. ყოველივე ეს კი ღირებული, მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც წმინდა წყლის თეორია გახლდათ.
    ზაზა, საბედნიეროდ, პრაქტიკულ პოლიტიკას არ გაჰკარებია. ინტუიციის დონეზე გრძნობდა, რომ ეს მძიმე, ხშირად ბინძური საქმიანობა შეუთავსებელი იქნებოდა მისი პოეტური სულისთვის, ზედმეტად ”დაამიწებდა” მას. მართალიც იყო. პოეტებსა და მწერლებზე ხშირად დამღუპველად უმოქმედია პოლიტიკაში ჩარევას, გინდაც ასეთ საქმიანობას მათთვის სიცოცხლეშივე მაღალი თანამდებობებისა თუ დიდებისთვის წაპოტინების საშუალება მიეცა (ჩვენიანებს, ქართველებს რომ არაფერი ეწყინოთ, მე-20 საუკუნის რამდენიმე მკაფიო მაგალითს მოვიყვან – ვლადიმერ მაიაკოვსკი ბოლშევიკურ რუსეთში, ერნსტ იუნგერი ნაცისტურ გერმანიაში, გაბრიელე დ’ანუნციო ფაშისტურ იტალიაში, კნუტ ჰამსუნი ოკუპირებულ ნორვეგიაში და სხვებიც მრავალი). ზაზა რეალ-პოლიტიკას (და არა საუბრებს პოლიტიკაზე) ერიდებოდა, მისთვის მიუღებელი იყო ფორმულა ”მიზანი ამართლებს საშუალებას”, კეთილსა და ბოროტს შორის მუდმივ ჭიდილში ყოველთვის ცდილობდა კეთილის მხარეს დამდგარიყო (რამდენად გამოუდიოდა, ეს მხოლოდ მან და მაღალმა ღმერთმა იციან), ყოველ შემთხვევაში ის არასდიდებით არ გაამართლებდა ბოროტებას მომავალი სიკეთისა და დიადი მიზნის მიღწევის სახელით. მე კი (ვაღიარებ, მაგრამ არ ვიკვეხნი, – საკვეხნი არაფერია), როგორც ლიტერატურაში ზუსტი სამეცნიერო დისციპლინების უნებლიე წარმომადგენელი და გონიერ ფარგლებში სოციალური სამართლიანობის მომხრე, – მსოფლიო და საქართველოს ისტორიაზე შედარებით მოზომილი, ობიექტივისტური შეხედულების მატარებელი ვიყავი. შეიძლება ობიექტივიზმი სენია, ვირუსი, შეცდომა, მაგრამ ამ შეცდომის საფუძველში ძევს ფრომისეული წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ კაცობრიობის ისტორია ”სისხლით იწერება”, და ამ ფორმულას კიდეც ვიზიარებდი, რაც სრულიად მიუღებელი იყო ზაზასთვის.
    ნამდვილი პოეტი ყოველთვის ინდივიდუალისტია. ზაზა გამონაკლისი ვერ იქნებოდა. იგი ერიდებოდა თავისი ტექსტებისთვის პირდაპირი პოლიტიკური ფორმის მიცემას, ეს მისი სტილი არ იყო, მაგრამ გულისა და გონების ყივილი ზოგჯერ ამასაც აიძულებდა და თუ იტყოდა, არაჩვეულებრივი სიზუსტით. მშვენიერ ლექსში ”დომხალი” მას ასე უწერია: ”ეს ბედკრული საქართველოც ალბათ ვინმეს დარჩება: ალბათ ჩარჩებს… ან – ქართველებს, გადაქცეულთ ჩარჩებად”. ამაზე უკეთესად, ნათლად და კომპაქტურად, მგონი, შეუძლებელია სიტყვიერად გადმოსცე ჩვენი ერის ”კოლექტიური არაცნობიერი”, მისი შიში და ძრწოლა ქვეყნის სიმდიდრის რეალურად გასხვისების წინაშე.
    ჩვენი დისკუსიების საკმაოდ მსხვილი პლასტი საბჭოთა წარსულთან ურთიერთობას მოიცავდა, მითუმეტეს დღევანდელი სიდუხჭირის ფონზე. მახსოვს, მიყვებოდა (ცუდად შენიღბული გაოცებით), როგორ სცადა ახალგაზრდობაში თვითმფრინავის ბიჭების” საქმეზე თანაგრძნობის ხელმოწერების შეგროვება და როგორ გულწრფელად გაოგნებული დარჩა იმის გამო, რომ იმ დაწესებულების კაბინეტებიდან და ოთახებიდან ცივი უარით გამოისტუმრეს. ამ ამბავზე იმდენი pro et contra დაწერილა ჩვენში, რომ მის გარჩევას აქ არ შევუდგები, მაგრამ განა არ იყო მისგან მაშინ, იმ წლებში, ასეთი საქციელი სამოქალაქო გმირობის ტოლფასი? და ვინ იცის, რა იყო მის ქცევაში მეტი – პოლიტიკა თუ პოეზია?
    ზაზა – პოეტი და ადამიანი მართლაც მაგარი იყო. სულის სიღრმემდე რომანტიკოსი, იგი შესანიშნავად გრძნობდა, თუ რითი სუნთქავდა მის ირგვლივ მოლივლივე ლიტერატურული სამყარო. ლიტერატურის მსახურებაში კი ის – ჩემი დაკვირვებით, – უპირველეს ყოვლისა, გულისხმობდა გამორჩეულობასა და თანდაყოლილ ნიჭიერებას, უნდობლად ეკიდებოდა ეპატაჟისადმი ხელოვნურ სწრაფვას, ორგანულად ვერ იტანდა ”პაპსას”, ირონიით უღრენდა ცრუმოდერნისტობას და აბსოლუტურად პატიოსანი იყო ფურცელზე დაწერილი სიტყვის მიმართ.
    ყოველი ჩვენგანის მიწიერი გზა რომ ძალზე ირიბი და მოკლეა, ეს მხოლოდ ბავშვებს თუ აღარ ესმით ჩვენში. არადა, ამ ვიწრო გზაზე ნაადრევი სიკვდილის მახეებიცაა დაგებული. ვაი, რომ ერთ-ერთ ამგვარ მახეში ზაზა თვარაძეც გაება. ამას ვეღარაფერი ეშველება და მთავარი უკვე ის კი არაა, შესაძლებელი იყო თუ არა თავი აერიდებინა ამ მახისათვის, არამედ ის, რა სახით და სახელით დარჩება იგი არა მხოლოდ ახლობლების ხსოვნაში, არამედ ერისა და ბერის მეხსიერებაში. მინდა მჯეროდეს, რომ აი, ახლა, ზუსტად ამ წამს, ჩემს პარალელურად, ჩემგან დამოუკიდებლად და უკითხავად, ვიღაც სხვა, იქნებ ყველასთვის საყვარელი, იქნებ კი ყველასთვის უცნობი მწერალი, სადღაც მაგიდასთან ბობოქრობს, თავს იმტვრევს, სიტყვას და აზრს ეჭიდება და ცდილობს, ზაზა თვარაძის დედამიწაზე სტუმრობისდროინდელი ლიტერატურული თუ ადამიანური საქმეები, მისი უთუო ღვაწლი მეგობრებისა და ახლობლების წინაშე ფურცელზე გადაიტანოს. ამ საქმიანობის ჟამს იგი არ – და ვერ იშურებს მის მეხსიერებაში ერთხელ და სამუდამოდ აღბეჭდილი და ტრაგიზმით აღსავსე პერსონაჟისთვის კეთილ, თბილ სიტყვებს და სამართლიან, გულიდან ამოხეთქილ წრფელ ეპითეტებს. მე კი წარმოსახვის უნარი აშკარად მღალატობს და ზეცაში უდროოდ გაფრენილი პოეტის სახელზე უკეთესი ბოლოთქმის მოგონება ამ წუთში მართლაც რომ ძნელად წარმომიდგენია.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ხსოვნა

    მალხაზ ხარბედია – ანას ხანა

    ქართულ პოეზიაში სულ რამდენიმე სახელია, პოეტების რიცხვი, ვისაც მხოლოდ სახელით უხმობდნენ, მცირე იყო. ყველას გვახსოვს გალაკტიონის ფორმულაც, შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას რიგში საკუთარი თავიც რომ იგულისხმა, გვახსოვს სიის შევსების სხვა მცდელობებიც, წარმატებული და წარუმატებელი. ბესიკიც გვახსოვს, ტატოც, გოგლაც, სხვებიც. ყველა ეპოქას თავისი ჰყავდა, იყო ეპოქები, როცა რამდენიმე ეს “სახელი” ერთად ბობოქრობდა. თუმცა ჩვენს ხანას ერთი ჰყავდა ასეთი სახელი, ანა.
    გალაკტიონმა 1907 წელს დიდი ეპოქის დასასრული უწოდა, ეპოქა დასრულდა 1959-შიც, თავად გალაკტიონის სიკვდილით და კიდევ ერთი 50 წლიანი ციკლის დასასრულ, 2008-ში უკანასკნელი ხანა დასრულდა (ვინ იცის, შესაძლოა მეტი ვეღარც ვერანაირ ხანას ვეღირსოთ, ანუ ყველანაირი “ეპოქები” წარსულს ჩაბარდა?!). სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვყავს ანა, რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ მისი ხანა დგას და რომ ყველანი მის ხანაში ვცხოვრობთ (თუმცა რატომღაც იშვიათად ვამბობდით ამას, ან ცალყბად აღვნიშნავდით, ან საერთოდ არაფერს ვიტყოდით რამეს). ახლა უკვე გვიანია, ახლა მხოლოდ უნდა გავიხსენოთ როგორი იყო ეს დროება, აღვიდგინოთ ის პერიოდი ჩვენი ცხოვრების, როცა ანა არსებობდა, ჩვენ კი ვერ ვხედავდით მის არსებობას, ვერ ვამჩნევდით მის დუმილს, აქტუალური არ იყო მისი სისუფთავე. პირველ რიგში საკუთარ თავს ვსაყვედურობ ამას. ეს მეც მეხება, ყველას გვეხება.
    ქართულმა ტელევიზიებმა ერთმანეთზე უხერხული სიუჟეტები მიუძღვნეს ანა კალანდაძეს. ჟურნალისტებს მაგალითი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა 11 მარტის შუადღის გამოშვებებში (საღამოს საინფორმაციოებში ეს სიტყვები ამოჭრილი იყო). მან, სამძიმრის შემდეგ გალაკტიონის ლექსი წაიკითხა, როგორც ანა კალანდაძისა: “ატმის რტოო, დაღალულო რტოო…” და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა “თუთა”. რუსთავი 2-მა გამოაცხადა, რომ ანა კალანდაძე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. ტელეკომპანია “მზის” კულტურის მიმომხილველმა დანანებით აღნიშნა: “ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ცნობილი სახე გამოაკლდა”, თითქოს საუბარი ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერ რომელიმე ძველ “ინტელიგენტზე”, ექიმზე, ან უბრალოდ კაი ბიჭზე იყო.
    ანა კალანდაძის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ორმა ფრაგმენტმა შემახსენა თავი, ამეკვიატა. ეს იყო არა ძველი, კლასიკური სტრიქონები, არამედ სიტყვები უკანასკნელი ლექსებიდან: “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “სიზმარში, სიზმარში გიხილე, ადგილსა მას ყვავილოვანსა”. ვიჯექი და ვიმეორებდი ჩუმად, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება” და მივდევდი ბოლო წლების მანძილზე ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ამ პოეტურ ნათელს, სტრიქონებს, რომელიც მომავალში ახლიდან უნდა ვიპოვო, ხელახლა წავიკითხო, სინანულით სავსე გაგებით გავიგო. ამ გაუცხოებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი განიცდის ახლა და სწორედ ეს უხერხულობა მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ანა კალანდაძეს ჩვენ კიდევ არაერთხელ აღმოვაჩენთ ახლიდან. რა ვიცი… მემგონი აღმოვაჩენთ…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ხსოვნა

    ანდრო ბუაჩიძე – გამოთხოვება ანა კალანდაძესთან

    ანდრო ბუაჩიძე

    სახსოვარი
    გამოთხოვება ანა კალანდაძესთან

    ანა კალანდაძემ მართლაც სასწაულებრივი რამ შეძლო: მან სამშობლოს სიყვარული, საქართველოსადმი აღძრული გრძნობა ყველაზე ღრმად პიროვნულ, ყველაზე ფაქიზ, ინტიმურ გრძნობად აქცია. ეს ხომ მანამდეც უიშვიათესი იყო ქართულ პოეზიაში. მისი სამშობლოზე დაწერილი ლექსები არც თემატური ნიშნით არის აღბეჭდილი და არც აპოლოგეტური პათეტიკით.
    რთულია ისეთ თემაზე წერა, რომელიც უკვე ტრივიალურად არის ქცეული. ხშირად თვითონ თემა ირგებს ტრივიალურობის სამოსელს და აღარც უნდა მისგან განძარცვა. მაგრამ მოდის პოეტი და წერს ასეთ ლექსს:

    შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
    შენ ისე ღრმა ხარ…
    სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა:
    ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
    და ვერცა სპარსმა…
    შენი დიდების მომღერალია
    ოშკი და ზარზმა,
    ბებერი ტაო,
    შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
    ქართულო ცაო…

    თუ აქამდე სამშობლოზე დაწერილი ლექსები ხმამაღლა ითქმებოდა, ახლა არათუ ხმადაბლა, არამედ ჩურჩულით წარმოითქმის.
    ეს მხოლოდ ლექსი არ არის, ლოცვაა, ფსალმუნია, რომელიც ცისკენ თავაღერილმა უნდა წარმოთქვა. ასეთ სათქმელს მოწამეობრივი მუზა კარნახობს ადამიანს.
    ანა კალანდაძემ საქართველო – სიყვარულის საყოველთაო საგანი, თავის სისხლხორცეულ, პიროვნულ, თითქოს ჯერ ხელუხლებელ უინტიმურეს საგნად აქცია. ასეთი რამ კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა ნაუცბათევად, ბუნებრივი თავისთავადობით იღვიძებს შემოქმედებაში. ხშირად სამშობლოზე ფიქრი სხვა გრძნობებთანაა შერწყმული. პოეტმა საქართველო მარადისობის ფონზე დაინახა და ამიტომაც ახლავს ამ ხატს ცის პეიზაჟი:

    მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
    ხეთა და მიდია…
    ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
    კვლავ საით მიდიან?
    რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
    კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
    მწვერვალებს ითვლიან
    ღრუბლები…
    კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
    რა ვიცი… მიდიან…

    ამ ლექსში თითქოს სასხვათაშორისოდ არის ნახსენები “ქართული მინდვრები”, არადა, უმთავრესი ხომ პოეტისათვის ქვეყნიერების ის წერტილია, საიდანაც უმზერს მარადისობას. ანა კალანდაძის მუზას საქართველოს ხნიერი ფესვების შეგრძნება ახალისებს, მის წარმოდგენაში სამშობლო მარადისობის თანამდევია. პოეტი გამუდმებით ეძებს ათასწლეულთა იმ ნიშას, რომელშიც კულტურულ სიძველეთა კვალია შენახული. ეს არის იყალთო, დავით გარეჯი, შიომღვიმე, ზედაზენი. ოღონდ აქ ყველაფერი საუკუნეთა საბურველშია გახვეული. ეს არის არა პირქუში, არამედ სხივთა მომფენელი, სიცოცხლის ცხოველი ნიშნით აღბეჭდილი ხანიერება:

    ზედაზნის ტყეებზე
    ციმციმებს ვენერა,
    ციმციმებს ვენერა,
    ლურჯ სხივთა მფენელად,
    ნაზ სხივთა მფენელად,
    მკრთალ სხივთა მფენელად….

    მარადიულობიდან გამოღწეული იდუმალების გარეშე ანა კალანდაძის პოეზია არც არსებობს. მისი ლექსები წამიერების ჩრდილში შეყოვნებული მარადიულობაა. და ასე გრძელდება მუდმივად – აწმყოს მოხელთება, მარადიულობის შეჩერება წამიერების ჩრდილქვეშ:

    რკინის აივანს, მყუდრო აივანს
    იშვიათად თუ ეწვევა კაცი…
    სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
    აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია….
    ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
    ამ მარტოობის არ ეშინიათ?

    XX საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან წლებში ჯერ კიდევ არსებობდნენ ევროპაში ლირიკოსები, რომელთა ცნობიერებაში სამყაროს ჰარმონიული ხატი იყო შენარჩუნებული. მაგრამ მათ ლირიკულ სუნთქვას უკვე ეტყობოდა ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ფორიაქი. ისინი თითქოს შეგნებულად გაურბოდნენ დიდი ქალაქების ხმაურიან ქუჩებს და ბუნების ნირვანას აფარებდნენ თავს. ეს იყო არა სინამდვილიდან გაქცევა, არამედ შინაგანი წონასწორობის აღდგენის ცდა. მათ სურდათ შეენარჩუნებინათ მუდმივი ფიქრი მარადიულზე და წარუვალზე. პიროვნების, ამ შემთხვევაში პოეტის, ლირიკული წყობა თავის თავდაპირველი მნიშვნელობით სწორედ მარადიულის ფონზე ფიქრს გულისხმობდა. დუინოს სასახლის სიახლოვეს მოსიარულე რაინერ მარია რილკეც ამ საფიქრალით იყო გარემოცული.
    ვფიქრობ, გალაკტიონთან ერთად ანა კალანდაძეც ამგვარ ლირიკოსთა ძველი მოდგმის ნაშიერია. ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური გაუცხოების ხანაში ის მომეტებული თავდავიწყებით ესწრაფვოდა ცის და მიწის პირველქმნილებას და ზოგადად ადამიანურ პირველსაწყისებს. ანა კალანდაძეს სურდა ყველაზე უფრო სასტიკ და სისხლიან საუკუნეში ადამიანის ყველაზე უფრო სათუთი, ფაქიზი გრძნობები გადაერჩინა. ის წერდა ლექსს იაზე:

    ია სავსეა ფშავის ტყეებში
    ხატისხევაზე…

    ანას პოეზიის გეოგრაფია საქართველოთია გარშემოწერილი და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია, რადგან ყველა კუთხეს მოიცავს – გურია, ქართლი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი… მაგრამ პოეტის წარმოდგენაში საქართველოს, ამავე დროს, თავისი კუთვნილი უღრმესი და დაუსაბამო ცა ჰქონდა. ეს ცა ანასთვის ისეთივე მეტყველია და ცხოველმყოფელი, როგორც მიწა, მიწიერი სითბო.

    ჩამოშვებულ
    კლდეებზე მაღლა
    ვინ დადგა სახლი?
    ნისლმა? ღრუბლებმა?
    წვიმამ? ქარებმა?
    იდუმალებამ!
    იდუმალებამ!

    ასეთი იდუმალთმეტყველება მთელი ის პოეზიაა, რომელიც ანამ გვისახსოვრა.
    ეს სახსოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს მერკანტილურ საუკუნეში ზოგჯერ დაუსაბამო სიმაღლესაც უნდა ავაპყროთ თვალი.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ხსოვნა

    მაკა ჯოხაძე – მარადიული ქართული მითი

    სიტყვა, წარმოთქმული 2007 წლის 18 დეკემბერს, ოთარ ჩხეიძის გარდაცვალების გამო

    იმდენად მწარეა რეალობა, რომ ჩნდება განცდა: საქართველო დღეს უკვე მითია… და მაინც დიდი ბერძენი მოაზროვნის პერიფრაზს მოვიშველიებ და ჩვენს სამშობლოზე ვიტყვი: ვინც საქართველოში დაიბადა, მისი მოვალეობაა განაგრძოს მარადიული ქართული მითი…
    ოთარ ჩხეიძეს მთელი თავისი შემოქმედების რთულ რელიეფზე საკუთარი სამშობლოს ბედი აინტერესებდა, ამ ბედს განიცდიდა. რა ესაქმება მწერალს პოლიტიკასთანო. ეს დემაგოგების მოგონილია. განსაკუთრებით ტოტალიტარიზმისა და იმპერიალიზმის ქვეყნებში ჰქონდა ამ ფორმულას გასაქანი. უცნაურია! ეს ფორმულა აქტუალური გამოდგა ე.წ. დემოკრატიულ საქართველოშიც.
    უნიჭიერესი ხალხისთვის ყოველთვის ტაბუდადებული იყო მსგავსი თემები. შევარცხვინე ისეთი მწერალი, ოფიციოზისგან რომ ითხოვს სამშობლოს სიყვარულის ნებართვას (ნოტარიუსის ფურცელივით). არადა ითხოვდნენ “საშუალოები”, ითხოვდნენ და გადმოგდებული ძვალივით ხრავდნენ კიდეც ამ უფლებას, რადგან “საშუალო მწერლობა” არასოდეს, არცერთ ქვეყანაში არ წარმოადგენდა საფრთხეს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მას ყოველთვის მაღალნიჭიერ და სინდისიერ ხელოვანთა მისასევად იყენებდნენ.
    ხშირად პირდაპირ იარაღით კლავდნენ და აკვლევინებდნენ ტალანტებს თავს. მერე ფორმები გაადემოკრატიულეს, დახვეწეს და გამოიგონეს – მაღალი, სტერილური ლიტერატურისათვის დაწვრილმანებაა პოლიტიკაზე ფიქრიო. ჭეშმარიტი ტალანტები მაინც არ წამოეგნენ ანკესს. მაშინ ამ ტალანტების, ამ ერთეულების ნაღვაწს იდეოლოგიურობის სტატუსი მიაკრეს და თავიანთი ჭკუით მხატვრული ღირებულება დაუკარგეს დაქირავებულმა კრიტიკოსებმა.
    ეს იყო ერთგვარი “პროფილაქტიკური” დაწოლა. ეს პროფილაქტიკა განსაკუთრებით აგიტაციითა და პროპაგანდით გადაღლილ ქვეყნებში სჭრიდა. თუმცა ლათინურ ამერიკაში სწორედ ამ დათრგუნვის დროს ამოხეთქა მარკესისა და ვარგას ლიოსას ფანტაზიამ.
    ოთარ ჩხეიძის უზარმაზარი ტალანტი და ულევი ენერგია ღია ვულკანივით იფრქვეოდა. ვერ იქნა და ვერ გააგრილეს, ვერ დააცხრეს, ვერ აქციეს მკვდარ კრატერად. ოფიციოზმა საიდან არ მოუარა, რით არ მოუარა, მაინც ვერაფერი დააკლო, ვერაფრით მიუდგა და ბოლოს თავი იმით დაიმშვიდა, რომ “ძნელად საკითხავ” “მწერალთა რიგებს მიაკუთვნა. იცოდა რასაც აკეთებდა: “ძნელად საკითხავი” მწერლები იყვნენ ჯოისიც და ფოლკნერიც, სამაგიეროდ, ხალხს არ ყოფნის განათლება და ენერგია ამ “ძნელების” დასაძლევად და გასაგებადო…
    მწარედ მოტყუვდნენ. სხვადასხვაგვარი მკითხველი ჰყავდა ხალხის სახით ევროპა-ამერიკასა და საქართველოს. ისე როგორც სხვადასხვაგვარი იყო ამ ქვეყნებში მწერლის მისია და ფუნქცია.
    რაც შეეხება სტილს, ოთარ ჩხეიძის სტილი ერთგვარი მედიუმია, გამტარია მზესა და მიწას შორის. ცასავითაა, მზის ენერგიას რომ ფილტრავს და აკავებს. რომ არა ცა, მზის მხურვალება გადაბუგავდა დედამიწას. ოთარ ჩხეიძის შემოქმედებაშიც ასეა. იმდენი საიდუმლო, ისეთი პროცესები და მოვლენები იმალება და კავდება მისი სტილისტიკით, რომ არა ეს ხელწერა, მათი ნიაღვრები წამლეკავი აღმოჩნდებოდა გონებისათვის. ისეთი განცდა რჩება თითქოს ეს მანერა, ეს სტილური წრებრუნვა, აზრის წრიული ტრიალი ფორმის თვალსაზრისით, საკუთარ ხალხის, საკუთარი სამშობლოს სიყვარულით გამოიგონა და შექმნა ოთარ ჩხეიძემ. აზრებისა და სიტყვების რეფრენული განმეორებებიდან მწერალმა მოახერხა ლაბირინთი შეექმნა და თან ცოდვაში, როგორც ლაბირინთში მდგარი თანამემამულეებისათვის დაენახვებინა ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების უმწეობა და უძლურება.
    ოთარ ჩხეიძე, ევროამერიკული ლიტერატურის ასე ღრმა მცოდნე, მიხვდა, რომ ახლოვდებოდა ჟამი გამყინვარებისა, “დიდი სიცარიელისა”. შპენგლერის სიტყვების პერიფრაზირებით ვიტყვი – საქართველოს სულიერი დაზამთრებისა. ოთარ ჩხეიძემ წინასწარმეტყველივით იგრძნო, რომ ევროპასავით ვერც მისი სამშობლო გადაურჩებოდა ამ გამყინვარებას, რომ არც მის სამშობლოს აპატიებდნენ არქაულ განცდას ერთმანეთისას, სისხლისმიერ, ნათესაურ თუ ქრისტიანულ დამოკიდებულებებს. თანამედროვე ცივილიზაციის მღვრიე ნაკადები ჩვენს სამოთხეშიც შემოაღწევდა და უკვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოახდენდა ჩვენი ემოციური, გრძნობისმიერი, ინტელექტუალური თუ სულიერი სამყაროს პოტენციალის გაზონებივით ერთ დონეზე შეკრეჭას.
    საქართველოში არ არსებულა პროცესი, მოვლენა თუ ფაქტი, მეტნაკლებად მნიშვნელოვანი და ღირებული, ოთარ ჩხეიძეს თავისი გამორჩეული სიტყვა რომ არ ეთქვა. მან შექმნა მეოცე საუკუნის ქართლის ცხოვრების უწყვეტი ქრონიკა – თავისი 22 რომანით, მოთხრობებით, პიესებით, ნოველებით, ესეისტიკითა და პულიკაცისტიკით, გამოკვლევებით, თარგმანებით ინგლისურენოვანი ლიტერატურიდან. მარტო ჩამოთვლაც კი გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს, აკაკისა და ილიას ენერგია გახსენდება და მერე როდის და მერე სად… რამდენადაც შიშის გამაოგნებელი, ყველაფრის გამხევებელი სიჩუმითაა დაწერილი ოთარ ჩხეიძის შედევრი “ბორიაყი”, იმდენად თავაშვებული, აგონიური ტემპითა და ხმაურით მოძრაობს “არტისტული გადატრიალების” დინამიკა და ყველა რომანი რომელიც შემდგომში დაიწერა.
    ოთარ ჩხეიძის შემოქმედებითი ტალანტი, სიბრძნე და თავდადება მისთვის ჩვეული სიდარბაისლით უძლებდა მიზანდასახულ ნიაღვრებსა და ქარიშხლებს, სტიქიურობისა და ქაოტურობის გეგმაზომიერ შემოტევებს, რადგან მწერლის მრწამსი და პათოსი დღეს ან გუშინ კი არ გაჩენილა პოლიტიკური თუ სოციალური ამინდების შესატყვისად, არამედ მას ადრეული საუკუნეების სიღრმიდან მომავალი ძლიერი გენეტიკური კოდი და ინტელექტუალური გამოცდილება კვებავდა. ამიტომ ყოველთვის ახერხებდა კალიებივით შემოსეულ დიდ-პატარა საცდურთა და ცდუნებათაგან თავდახსნას. რა ბედნიერებაა, რომ ოთარ ჩხეიძე არასოდეს დამორჩილებია ზერელობის მაუწყებელ ტემპს ცხოვრებისას – დროს გამოდევნებულ ამ პროვინციულ სნობიზმს, როცა ყველა და ყველაფერი მოსწრებაზეა – გაცნობაცა და გადავიწყებაც, სიყვარულიცა და სიძულვილიც, ჩაცმაცა და გახდაც, გამდიდრებაცა და გაღატაკებაც, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, საფლავის ქვაცა და სანთლის დანთებაც დასწრებაზეა.
    ბოლო წელიწადნახევარი, მიუხედავად იმისა რომ თავს ევლებოდნენ, იწვა დიდი შემოქმედისა და დიდი ადამიანის მარტოობით გათანგული. ერთი ჭკვიანი კაცის თქმისა არ იყოს – დიდი მარტოობა განხეთქილებაა დახავსებულ სამყაროსთან და ძალის მოკრება გადამწყვეტი ბრძოლებისათვის.
    მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბრძოლა როგორც სხვებთან ისე საკუთარ თავთან მოგებული ჰქონდა, მისი “მარტოობის დიალექტიკა” ისევ წინ მიიწევდა და მომავლისთვის ფიქრობდა. მომავლისთვის ფიქრმა და ზრუნვამ, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, ასეთი დიდებული ანდერძი დაუტოვა ნატო ჩხეიძეს: როსტომმა უკვე შეასრულა დანაპირები, დაწერა ბიოგრაფიული რომანი იაკობ გოგებაშვილზე, ახლა ჯერი შენზეა, აბა თქვენ იცით როგორ მოუვლით იაკობ გოგებაშვილის სახელსა და მის კარ-მიდამოს. მოუარეთ გოგებაშვილს…
    ასეთ ანდერძებს რახანია აღარ ტოვებენ სამყაროში… ბევრმა შეიძლება ვერც ამ უკანასკნელ სათხოვარს გაუგოს ვერაფერი დღევანდელ საქართველოში. ბროდსკის თქმისა არ იყოს, “თანამედროვე სამყაროში პოეტი ან დევნილია ან აღიარებული. იყო დევნილი, გაცილებით ადვილია – ანუ ადვილია შექმნა სიტუაცია, საიდანაც განგდევნიან, რადგან ნამდვილი აღიარება გაგებას გულისხმობს. საზოგადოება კი პოეტს მხოლოდ აღიარებას სთავაზობს – გაგების გარეშე”.
    მე საზოგადოება არა ვარ, მე ვარ ერთი კერძო პირი და ამიტომაც მგონია, რომ გავუგე ჩემს საყვარელ მწერალს.
    ჰერმან ჰესე თავის “ბავშვობის ბაღში” ასეთ რამეს ამბობს: “სამშობლო არც იქაა და არც აქ. სამშობლო ან შენშია ან არსად”.
    ოთარ ჩხეიძე ბოლო წუთებშიც, დარწმუნებული ვარ, იმ ღვთაებრივი გასხივოსნებით სუნთქავდა, როგორც ბავშვობისდროინდელ ბაღში, და უმწეო ყვავილთან ჩაჩოქილს ვიღაცის სიყვარულითა და ერთგულებით სავსე ხმა ჩაესმოდა – აი, ია.
    საკუთარი მამულის, საკუთარი ენისა და სარწმუნოების სიყვარულმა და ერთგულებამ შეაძლებინა ამ დიდ მწერალს ვალმოხდილი წასულიყო ჩვენგან და დაეტოვებინა XX საუკუნის “ქართლის ცხოვრების” უტყუარი, მაღალმხატვრული და მღელვარე ეპოპეა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“