ახალი ამბები

H2SO4 – თბილისში მწერლების ბარი გაიხსნა

1924 წელს საქართველოში ავანგარდისტული ჟურნალი „H2SO4“ გამოიცა. სწორედ ამ ჟურნალით (და არამარტო) არის შთაგონებული მწერლების ბარი, რომელიც ლეო ქიაჩელის ქუჩაზე, 28 ნომერში 21 ოქტომბერს გაიხსნა და ხსენებული ჟურნალის სახელს ატარებს. კონცეფციის ავტორი და ბარის დამფუძნებელი პაატა შამუგიაა, რომელსაც არილი ბარის იდეისა და სამომავლო გეგმების შესახებ გაესაუბრა.

პაატა შამუგია:  „მწერლების ბარის იდეა გაჩნდა დიუსელდორფში, გერმანიაში, როდესაც მეგობარმა მიგვიწვია ქართულ სათვისტომოსთან შესახვედრად. უბრალოდ ვლაპარაკობდით, რას გავაკეთებდით სიბერეში და მე ვთქვი, რომ როცა დავბერდები და ვიქნები 80 ან 90 წლის (ვაპირებ, რომ ამდენი წელი ვიცხოვრო), უნდა გავხსნა მწერლების ბარი, მოვიწვიო ხალხი, ველაპარაკო ლიტერატურაზე. ჰოდა, მითხრა, რატომ ელოდები სიბერეს, ახლაც შეგიძლია გააკეთოო. ასე მარტივად, ერთ წუთში გადაწყდა, რომ თვითონ დააფინანსებდა მწერლების ბარს და მე და ანასტასია, ჩემი მეუღლე გავუწევდით ორგანიზებას. აი, ასე, სრულიად პროზაულად, მოხდა ეს ამბავი, ყოველგვარი დავიდარაბის გარეშე.

თვითონ პროცესი კი რთული იყო, იმიტომ, რომ საკუთარი ხელით გვიწევდა ყველაფრის კეთება, ბურღვა, შეფითხნა… ესთეტიკა თავიდან ბოლომდე ანასტასიას ოქროს ხელებს ეკუთვნის.

რაკი H2SO4 ჰქვია, გადავწყვიტეთ, რომ ინტერიერი H2SO4-ის დიზაინს ყოფილიყო მორგებული და ასეც არის. ბუნებრივია, დომინანტი ესაა, მაგრამ ბარს მეოცე საუკუნის დასაწყისის ესთეტიკაც ეტყობა. მარსელ დიუშანის პისუარით უნდა მივართვათ ადამიანებს საჭმელი, ცისფერი ყანწებიც გვაქვს…

მართალია, ცისფერყანწელები და H2SO4-ის ხალხი ერთმანეთს ვერ იტანდა (შმორს უწოდებდნენ ცისფერყანწელებს), მაგრამ ასეთი „სიძულვილი“ და კონკურენცია ყოველთვის არსებობს ლიტერატურულ დაჯგუფებებს შორის. ამაში ტრაგიკული არაფერია, ლიტერატურის ნაწილია ესეც.

რაც შეეხება გეგმებს, პირველ რიგში, იქნება ლიტერატურული ღონისძიებები, წიგნების პრეზენტაციები, ძირითადად. უკვე გვაქვს მოლაპარაკებები გამომცემლობა „ინტელექტთან“, რომელიც თავის ავტორებს აქ წარადგენს, ჩვენს სივრცეში და მისი სტენდიც გვექნება დადგმული. გვინდა, რომ სხვა გამომცემლობებსაც მოველაპარაკოთ და ისინიც შემოვიყვანოთ ამ სივრცეში.

ამჟამად მხოლოდ „ინტელექტთან“ ვთანამშრომლობთ, რაკი თავად გამოთქვეს სურვილი. ჩვენ იმდენი საორგანიზაციო საქმე გვქონდა, ვერ მოვახერხეთ მოლაპარაკება, მაგრამ ძალიან მალე ყველას დაველაპარაკებით და გვინდა, რომ ყველა გამომცემლობა იყოს რაღაც დოზით წარმოდგენილი ამ სივრცეში.

იქნება ასევე ერთი ღონისძიება, რომელსაც მალე გავაკეთებთ – „მწერალი ბარმენი“. ბარში პროფესიონალი ბარმენის ნაცვლად ჩადგება რომელიმე ცნობილი მწერალი და ის მოემსახურება სტუმრებს. გააკეთებს კოქტეილებს, თუ კოქტეილის გაკეთება არ იცის, ღვინისა და არყის დასხმა ყველა მწერალს შეუძლია (ამ საქმეში მაღალი ოსტატობით გამოირჩევიან) და ამას მაინც მოახერხებს. საინტერესო იქნება, რომ მკითხველები თავიანთი საყვარელი ავტორის მიერ ჩამოსხმულ ღვინოს, მათ მიერ მომზადებულ კოქტეილს დალევენ და ა.შ. მე ძალიან მესიამოვნებოდა, რომელიმე ჩემთვის საყვარელ მწერალს ჩემთვის რომ გაეკეთებინა კოქტეილი“.

პაატა შამუგიამ მწერლების ბარის ამჟამინდელი მენიუც გაგვიზიარა:

„კოქტეილი გვაქვს რამდენიმე ტიპის. ერთი „ცისფერი ყანწები“, რომელიც მართლა ყანწებშია ჩამოსხმული (სპეციალურად დავამზადებინეთ საზღვარგარეთ ყანწები, რომლებიც სადგამზეა, არასტანდარტულია). გვაქვს ასევე H2SO4 კოქტეილი. გოგირდმჟავა ცოტა საშიშად ჟღერს, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. მალე გვექნება მწერლებთან დაკავშირებულ კერძებიც, თუ როგორ, ამას გაიგებთ“.

მწერლების ბარში 27 ოქტომბერს დადა-ღამე მოეწყო, სადაც ჟურნალ H2SO4-ის ფრაგმენტები და ზურაბ რთველიაშვილის ლექსები წაიკითხეს. ზურაბ რთველიაშვილი დადა-პრეზიდენტად აირჩიეს 90-იანი წლების საქართველოში, ბარის სტუმრებმა ამ არჩევნების კადრებიც ნახეს.

 „ზურა უშუალოდ დაკავშირებული იყო დადასთან. იმდენად, რომ ის დადა პრეზიდენტადაც კი აირჩიეს საქართველოში 90-იან წლებში. ფაქტობრივად, უნიკალური ვიდეოა, არც ვიცოდი, ეს კადრები თუ არსებობდა, გიორგი ბუნდოვანმა მომაწოდა, რომელიც იმ დროსაც აქტიურად მონაწილეობდა ლიტერატურულ პროცესებში, თან აქტიურად იღებდა ამ ყველაფერს“ – აღნიშნა პაატა შამუგიამ.

29-30 ოქტომბერს კი ჩატარდა მწერლების ჩემპიონატი ჭადრაკში. ჩემპიონი მწერლის ტიტული მწერალმა დათო სამნიაშვილმა მიიღო (II ადგილი – ოთარ ჯირკვალიშვილი, III ადგილი – გია მურღულია, IV ადგილი – თემურ დოდელია).

© არილი

Facebook Comments Box