NFT (Non-fungible token) უნიკალური ციფრული პროდუქტია, რომელიც სხვა ერთეულით ან თუნდაც თავისივე ზუსტი ასლით ვერ ჩანაცვლდება. NFT შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია: ფოტოსურათი, ნახატი, მუსიკა, ფილმი და, თავისთავად, ელექტრონული წიგნიც. ერთი შეხედვით, დამაბნეველია, რა ღირებულებას შეიძლება ატარებდეს ფაილი, რომლის ჩამოტვირთვა და გამრავლება ნებისმიერ ადამიანს სრულიად უსასყიდლოდ შეუძლია. თუმცა NFT-ის ფასს არა იმდენად თავად პროდუქტი, არამედ მის გარშემო არსებული კონტექსტი და კულტურა განსაზღვრავს.
მაგალითისთვის, „ვეფხისტყაოსნის“ სასკოლო გამოცემის ნებისმიერი ასლი ერთნაირად ფასობს და მათი ერთმანეთში გაცვლა მოსწავლეებს დანაკლისის გარეშე შეუძლიათ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ ისურვოს თავის ბიბლიოთეკაში პოემის საიუბილეო გამოცემის სასკოლო ვერსიით ჩანაცვლება. ხოლო თავად რუსთველის ხელნაწერი რომ მოგვეპოვებოდეს, ცხადია, მისი ფასი ნებისმიერ ეგზემპლარს უკან ჩამოიტოვებდა. იდეაში, ტექსტის შინაარსი მეტ-ნაკლებად ყველგან იდენტურია, თუმცა გარე ფაქტორები რადიკალურად ცვლის მათ ღირებულებას.
შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ პირველი NFT კოლექციების (მაგალითად, CryptoPunk და Bored Apes) თითო ნამუშევარი აუქციონზე საშუალოდ $350,000-$500,000 ფარგლებში იყიდება. ამ დროისთვის კი რეკორდული ფასი $69.3 მილიონია. NFT-ის ყიდულობენ, როგორც საკოლექციო ეგზემპლარს, რომელსაც საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატთან ერთად, სოციალური სტატუსიც მოჰყვება.
NFT ბიზნესში ჩართვას ცდილობს ყველა: მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებითა (Coca-Cola, McDonald’s, Gucci, HYBE) და ვარსკვლავებით (ჯონი დეპი, პერის ჰილტონი, ემინემი, სნუპ დოგი) დაწყებული, რიგითი გრაფიკული დიზაინერებით დამთავრებული. თუმცა ლიტერატურა ამ ინდუსტრიაში შედარებით ნელი ტემპით მიიკვალავს გზას.
პირველი NFT რომანი 2021 წლის მარტში გამოიცა (კონტექსტისთვის, პირველი ზოგადად NFT 2015 წლით თარიღდება). ასევე საყურადღებოა იმავე წლის ნოემბერში გამოცემული იაპონელი ავტორის Miyuki Ono-ს სამეცნიერო ფანტასტიკა “Pure”, რადგან მას ორი ინგლისური თარგმანი ახლდა თან. ვინაიდან NFT კრიპტოვალუტით შეისყიდება (კონკრეტულად, ეთირიუმით) და ტრანზაქციების ნახვა ბლოკჩეინზე ყველას შეუძლია, Miyuki Ono-ს და მთარგმნელთა საავტორო უფლებები დაცულია, ხოლო „შემქმნელის წილის“ მეშვეობით ყოველი გადაყიდვით სამივე ფულად სარგებელს ნახავს.
თავის დროზე ელექტრონული წიგნების გამოგონებამ კითხვის პროცესი გააიოლა, მაგრამ ამავდროულად მას რაღაც მოაკლო კიდეც: გააქრო უნიკალური ეგზემპლარების, პირველი გამოცემების შეგროვებისა და ავტორის ხელმოწერის მიღების შესაძლებლობა. ამ მხრივ, NFT ციფრულ წიგნებს ლიტერატურის ტრადიციულ ელემენტებს უბრუნებს: მკითხველს აძლევს შესაძლებლობას პირდაპირ დაუჭიროს მხარი საყვარელ მწერალს და სამაგიეროდ მიიღოს მისი შემოქმედების უნიკალური ეგზემპლარი, ხოლო თავად ავტორმა მესამე რგოლის ჩაურევლად გაავრცელოს საკუთარი ნაღვაწი.
შედარებით ნელი ტემპით, მაგრამ უკვე ჩნდება ციფრული გამომცემლობები, როგორებიცაა Wild Sun Collective, Litether (LTH), Creatokia, რომელთა მიზანიც ნებისმიერი ტიპის ტექსტის NFT-ად გარდაქმნაა.
შესაძლოა, ეს ლიტერატურისათვის სრულიად ახალი ეტაპი აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ ამის დარწუნებით თქმა ძნელია. არ ვიცით, NFT წიგნი, პირველ რიგში, ტექნიკურ გამოწვევებს რამდენად გაუძლებს და შემდეგ მკითხველში პოპულარობას თუ მოიპოვებს. ამიტომ მხოლოდ დრო გვაჩვენებს, გვაქვს თუ არა თანამედროვე გუტენბერგის სტამბასთან საქმე.
© არილი