• ფოტო–გალერეა

    არილის ყდები

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის ჩანაწერები


    DOWNLOAD

    გამომცემლობა “ინტელექტმა” ოთარ ჭილაძის ჩანაწერები გამოსცა ცალკე წიგნად. “ცა მიწიდან იწყება”, ასე ჰქვია მოზრდილ ტომს, რომელიც მწერლის 1955-2009 წლების დღიურებს მოიცავს. კრებული მწერლის ძმამ, თამაზ ჭილაძემ შეადგინა.

    “ინტელექტის” ამ ახალ სერიას “ჩანაწერები” ჰქვია, და მის ფარგლებში ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე უკვე სამი წიგნი გამოვიდა – ოთარ ჭილაძის, ბაჩანა ბრეგვაძისა და ტარიელ ჭანტურიას უბის წიგნაკები. სერია ოთარ ჭილაძის რვეულებმა გახსნა და დღესაც სწორედ ამ წიგნზე ვისაუბრებთ, წიგნზე, რომელსაც ძალიან ელოდა ყურადღებიანი ქართველი მკითხველი.

    ასეთი მოლოდინი ყოველთვის დიდ რისკთანაა ხოლმე დაკავშირებული, დიდია ინტერესიც, ინტერესი ახლის გაგების, საყვარელი მწერლის ახლიდან აღმოჩენის, სხვა მხრიდან დანახვის სურვილი. რისკიც სწორედ ამასთანაა დაკავშირებული, იმიტომ, რომ მკითხველმა შესაძლოა ნაცნობი მწერლისგან სრულიად განსხვავებული, რეალური ადამიანი დაინახოს, რომელიც ვერ მოერგება მკითხველში არსებულ, უკვე ჩამოყალიბებულ ხატებას. თუმცა უფრო ხშირად ისე ხდება, რომ ჩანაწერები მწერლის შემოქმედების გაგრძელებაა ხოლმე, ძველი კითხვების გამეორება ახალი პასუხებით, ანდა ახალი კითხვებისთვის გამოძებნილი დიდი ხნის წინანდელი პასუხები.

    რეალურად ნებისმიერი ასეთი ჩანაწერები მწერლის შემოქმედებაა, მისი ნაწილია, უბრალოდ ერთია, ეს ნაწერი ხან გავს კარგად ნაცნობ მწერალს, ხანაც არა. ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ამ მხრივ ოთარ ჭილაძისვე ნაწერებს აგრძელებს და ყურადღებით თუკი წავიკითხავთ, მწერლის შემოქმედებით გზასაც გავადევნებთ თვალს.

    მაგალითად, მისი ადრეული ჩანაწერები, თუ შეიძლება ასე ითქვას, უფრო “პოეტურია”, მეტია გარემოზე დაკვირვებები, ე.წ. ყოფის პოეტიზაცია. აქ “სხივები იჩეხებიან არაგვისა და მტკვრის ხეობებში”, სიღნაღიდან კი “უსასრულოდ შეგიძლია უყურო ალაზნის ველსა და გაცრეცილ ღრუბლებში ცუდად დამალულ კავკასიონს”, შამილი “ამბოხებული ღრუბელია”, წვიმა კი კართან ისე გეგებება, როგორც “ფინიშთან მირბენილ სპორტსმენს ტაში”. გვიანდელ ჩანაწერებში მეტია წუხილი, ხმამაღალი ფიქრები და რისხვაც კი, საკუთარი ქვეყნის, საკუთარი წარსულის, ჯანმრთელობის, ყოფის გამო. წიგნში ძალიან ბევრი საოცარი ძალის პოეტური ფრაგმენტია გაფანტული, აქ ყველაზე მკაცრ გამონათქვამებს უფაქიზესი ისტორიები ცვლის, მწარე-მწარე სიტყვებს კი სითბო და სინანული.

    ყველაზე მეტს, რა თქმა უნდა, თავად მწერალზე გაიგებთ. ოთარ ჭილაძე, ისევე როგორც ყველა, ვინც დღიურებს მოჰკიდა ხელი, პირველ რიგში თავის თავზე გვიყვება, მაგრამ ოთარ ჭილაძის ქვეყნის გამო დარდი და წუხილი იმდენად ღრმაა, რომ დღიურების ინტიმურობა მთლიანად ეწირება ამ ნაღველნარევ ან ბრაზიან ფიქრებს. ასეთმა განცდებმა ოთარ ჭილაძეს უმნიშვნელოვანესი აზრები ჩააწერინა თავის რვეულებში. მხოლოდ ორის დამოწმება იკმარებდა:

    “ჩვენთვის თავისუფლება იგივეა, რაც სხვისთვის მონობა. ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც უმტკივნეულო დაცემამ მოგვიტანა”.

    ანდა:

    “რასაც ამ ფაცი-ფუცში მოვიპოვებთ, მალევე დავკარგავთ. რასაც ამ ფაციფუცში დავკარგავთ, ვეღარასოდეს მოვიპოვებთ”.

    თანამედროვე, უფრო სწორად კი, დღევანდელ საქართველოზე ასეთი ზუსტი გამონათქვამი ბოლო წლების მანძილზე არ შემხვედრია. მწერალი ბევრს ფიქრობდა ამაზე, ქვეყანაზე, სადაც ადამიანებს უკვე თავიანთი ქვეყანა მობეზრდათ, მობეზრდათ ქართველობა, თავიანთი ქვეყნის მომავალიც კი მობეზრდათ. მთელი წიგნის მანძილზე იგი ძალიან მკაცრად აფასებს ქართულ ემიგრაციას, განსაკუთრებით პირველი თაობების ქართველი ემიგრანტების მოღვაწეობას.

    ოთარ ჭილაძე სულ მუდამ უბრუნდება ქართულ მწერლობას, მწერლის ხელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ჩვენი და მსოფლიო ლიტერატურის წარსულსა და მომავალს. იგი წუხს, რომ რატომღაც ნებისმიერი მწერლის წარმატება საერთოა, ამ შემთხვევაში ზოგადად მწერლობა იმარჯვებს და ყველა ხდება ამ გამარჯვების თანაზიარი, მარცხი კი პირადულია და მწერლურ დამარცხებას მხოლოდ ერთი კონკრეტული მწერალი უნდა გაუმკლავდეს. რვეულებში შეხვდებით ჩანაწერებს საკუთარი რომანების შესახებ, ვრცელი და საკმაოდ კრიტიკულია მისი შენიშვნები მერაბ კოკოჩაშვილის სარეჟისორო სცენარზე ფილმისთვის, რომელიც მისი რომანის მიხედვით, “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” მომზადდა. ასევე არაერთხელ ახსენებს იგი ამათუიმ ნაწარმოებს, რომელსაც ჯერ სახელი არა აქვს, შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ საუბარია ხან “აველუმზე”, ხანაც “გოდორზე”…

    ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო წიგნში თბილისური პასაჟების აღმოჩენა. აქ 40-იანი წლების თბილისიც ცოცხლდება და 60-იანებისაც, უფრო მძიმეა XXI საუკუნის თბილისური სურათები. მწერალი იხსენებს:

    “ორმოციანი წლების თბილისში პირველად მოხვედრილი კაცისთვის რომ გეკითხათ, ყველაზე მეტად რამ მიიქცია შენი ყურაღება ამ ქალაქშიო, დაუფიქრებლად გიპასუხებდათ – პიანინოს ხმამო. მართლაც, თითქმის ყველა ბინაში იდგა პიანინო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავად სახლები გამოსცემდნენ ამ ხმას, თითქოს ნებისმიერი სახლი, იმავე დროს მუსიკალური ყუთიც იყო და სარკმელი რომ გამოგეღოთ უნებურად, მაშინვე სავარჯიშო გამები გამოფრინდებოდნენ იქიდან, ტყვეობიდან თავდაღწეული ჩიტებივით”.

    უკვე 1994 წელს კი გულდაწყვეტით წერდა ზუსტად იგივეზე, როდესაც ერთ-ერთ ბნელ თბილისურ სადარბაზოში ხელისცეცებით შესულს რომელიღაც სახლიდან პიანინოს ხმა შემოესმა: “აშკარად ბავშვი უკრავდა, ალბათ სანთლის შუქზე”.

    შესანიშნავია ადიდებული მტკვარის ამბავი, ახალგაზრდა მწერალი აღფრთოვანებული აღწერს მოვარდნილ მდინარეს. ბოლო წლებში კი ოთარ ჭილაძე ხშირად გაჰყურებდა ხოლმე მდინარე ვერეს ხეობას, თანამედროვე თბილისის მთავარ წყლულს, რომელიც ბოლო ერთი წლის მანძილზე საბოლოოდ გაიწირა, და იმის ნაცვლად, რომ მის განკურნებაზე გვეზრუნა ან ზრუნვაში ხელი შეეწყოთ, მდინარე თითქმის მთლიანად დაიმარხა. ოთარ ჭილაძე ვერ მოესწრო ამ დასაფლავებას, სამაგიეროდ 2007 წელს ასეთი რამ ჩაუწერია:

    “ვერეს ჭალაში მალე, ძალიან მალე ჩაჭკნება დღეს მწვანედ მოხასხასე და მოცახცახე ფოთოლი. კვლავ გამოჩნდება შიშველ ტოტებზე მოკონწიალე ათასნაირი ძონძი და ცელოფანის პარკები… ვინ იცის, იქნებ სწორედ აქ, ამ პატარა ჭალაში, სამალავია ჩვენი, დროებით დაკარგული თვალისჩინისა და გონისა. შევინარჩუნოთ როგორმე ეს ბუნებრივი სიმწვანე, რომ განვიწმინდოთ თავადაც, თუკი ამის დროც მოვა”.

    რვეულებში ბევრი სიზმარია, ისევე, როგორც ჭილაძის პროზაში და ლექსებში. ხანდახან არცაა მითითებული, რომ მწერალი სიზმარს გვიყვება. ერთხელ, გერმანიაში ყოფნისას მშობლები დასიზმრებია და შემდეგ ჩაუნიშნავს: “საოცარია, გერმანიაში იხილო ისინი, ვინც დიდი ხანია მშობლიურ მიწაში განისვენებს”.

    ბოლო 20 წლის მაძილზე მწერალი ძალიან დამძიმებული იყო სხვადასხვა გარემოებებით. საქართველო, ჯანმრთელობის გაუარესება, სიკვდილზე გამუდმებული ფიქრი და რაც მთავარია, საკუთარ უიღბლობაზე ჩივილი. მაგალითად, მას მიაჩნია, რომ რადგან მისი “აველუმის” გერმანულ ენაზე გამოსვლა ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი ამბავია, შეიძლება წიგნი სწორედ ამიტომაც არ გამოვიდეს. იგი დარწმუნებულია, რომ ოთარ ჭილაძის დრო არასდროს დადგება საქართველოში, ხოლო საფრანგეთში თავისი წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით წერს, შეიძლება ისე მოხდეს, რომ ცივილიზებულმა სამყარომ საერთოდაც უარი თქვას წიგნზეო.

    ბოლოს მინდა ისევ ქვეყნის სატკივარს დავუბრუნდეთ, რადგანაც ოთარ ჭილაძის ფიქრი მუდამ ამ ქვეყანას დატრიალებდა და 1990 წელს ჩაწერილი ერთი პატარა აბზაცით დავამთავრო. ვიცი, ეს სიტყვები ცოტა ხანს მაინც დაგვაფიქრებს:

    “ძეგლის დამხობა იდეას არ კლავს, პირიქით, უძეგლოდ დარჩენილი, ანუ ნიღაბჩამოხსნილი იდეა, კიდევ უფრო მიზანდასახული ხდება!”

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – აკაკი წერეთლის უცნობი პუბლიცისტიკა


    DOWNLOAD

    ლიტერატურის ინსტიტუტმა ფართო მკითხველისთვის აქამდე უცნობი, ბოლო ათწლეულების მანძილზე გამოვლენილი აკაკი წერეთლის პუბლიცისტური წერილების კრებული გამოსცა.

    რა თქმა უნდა, აკაკი ქართველი მკითხველისთვის პირველ რიგში პოეტია და მხოლოდ შემდეგაა იგი პროზაიკოსი და მის შემოქმედებაში პუბლიცისტიკასაც მოზრდილი ადგილი უკავია, თუმცა აკაკის გახსენებაზე არავის ახსენდება მისი ბასრი სტატიები, ისე, როგორც ეს ილიას შემთხვევაში ხდება ხოლმე. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის აკაკის პუბლიცისტიკა ახლიდან აღმოსაჩენია, განსაკუთრებით კი ახლად აღმოჩენილი ტექსტები. წიგნი, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტმა აკაკის ნაშრომების პირველი ტომის პარალელურად გამოსცა, უცნობი აკაკიც შეიძლებოდა ეწოდებინათ, რომ არა 9 წლის წინ გამოცემული ამავე სახელწოდების წიგნი. მაშინ წიგნზე იუზა ევგენიძემ და ნანა ფრუიძემ იმუშავეს, 2010 წლის ბოლოს გამოცემულ კრებული კი ნანა ფრუიძის გარდა ჯულიეტა გაბოძემ და ელისაბედ ზარდიაშვილმა შეადგინეს.

    ლიტერატურათმცოდნე ვანო ამირხანაშვილის აზრით ამ კრებულში ჩვენ განსხვავებული აკაკი შეგვიძლია დავინახოთ:

    “აქ მართლაც განსხვავებულ აკაკის ვხედავთ და მოდით ვნახოთ რაში მდგომარეობს ეს განსხვავება: უცნაური ის არის, რომ ლირიკოსი პოეტი ამ კრებულში საქმიან რაციონალისტად წარმოგვიდგება და აკაკი თითქოს რაღაც არამოდურ მდგომარეობაშია. მას უწევს სხვადასხვა თემაზე წერა. სხვადასხვა ჰიპოსტასში ვხედავთ მას, სხვადასხვა სახესხვაობით. ჩვენს წინაშეა აკაკი პოლემისტი, აკაკი ლიტერატურის ანალიტიკოსი, აკაკი თეატრმცოდნე, აკაკი ფოლკლორისტი, აკაკი ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, სოციოლოგი, აკაკი ბიზნესმენიც კი”.

    კრებული ოთხ ნაწილადაა გაყოფილი, სადაც გადანაწილებულია წერილები ლიტერატურასა და ხელოვნებაზე, ისტორიის, რელიგიისა და კულტურის პრობლემებზე, წერილები საზოგადოებრივი ცხოვრებისა და ეკონომიკის საკითხებზე. აკაკი ჭიათურის შავ ქვაზეც წერდა და თეატრზეც, სომხურ-ქართულ პრობლემებზეც და ჭიდაობაზეც. და რაც მთავარია, აკაკი, ილიასთან და სხვებთან ერთად, ქმნიდა იმდროინდელი პუბლიცისტიკის, კრიტიკის, ანალიტიკის ენას. ვანო ამირხანაშვილი აკაკის კრიტიკულ ტექსტებს სტრუქტურულად სამ ნაწილად ჰყოფს:

    “როგორია XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასასრულის პუბლიცისტური ნაკადი და საერთოდ, აკაკის პუბლიცისტიკა. სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის სტილისტური სახესხვაობა. 1. ერთგვარი ზოგადი შესავალი, უვერტიურა, რომელშიც მინიშნებულია მთავარი თემა და წერილის დედააზრი. 2. შუა ნაწილია, ანუ ძირითადი თემის გაშლა, სადაც აკაკი ინდუქციის მეთოდს მიმართავს, ანუ კონკრეტული, კერძო ფაქტებიდან ზოგადი დასკვნა გამოაქვს. და 3. ალბათ ყველაზე საინტერესო ნაწილია, რადგან აკაკის ყოველთვის მოკლე ფინალი აქვს ხოლმე, ეფექტური დასასრულით, თუმცა ხშირად იგი არც ამთავრებს სტატიას, არა აქვს საკვანძო ფრაზა, და რაღაცნაირი Non finito-ს ვარიანტს გვთავაზობს. მისი ეს სტილი ამ მხრივაც საინტერესოა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც, მისი სტილის საერთო ნიშანი არის უბრალოება, უშუალობა და აზრის სიცხადე, რითაც ჩვენ აკაკი მოგვწონს ხოლმე და რითაც იგი ყოველთვის ასე ცნობილი იყო”.

    რა თქმა უნდა, აზრის სიცხადე ერთ-ერთი დამახასიათებელია მაშინდელი პუბლიცისტიკისა, მაგრამ აკაკისთან ხატოვან და მრავალსიტყვა აბზაცებსაც არაერთხელ შეხვდებით. ესეც XIX საუკუნის კრიტიკული აზროვნების ნიშნად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ნიშნად, რომელმაც უკვე XX საუკუნეში და ნაწილობრივ ჩვენს დროშიც, განსაკუთრებით კარიკატურული ფორმა მიიღო. აი მაგალითად, როგორ იწყებს აკაკი თავის ერთ-ერთ პოლემიკურ წერილს:

    “ჯერ კიდევ ისევ აშლილი აქვს საჭორიკანაო საღერღელი “ნაცარქექიებს”: ფუსფუსობენ და ბზუიან!… ხან ერთი გამოილაშქრებს ხოლმე ჩემკენ საწინააღმდეგოდ დიდგულის თოფითა და ხან მეორე. ისლისა და ჩალის მშვილდ-ისრით ცდილობენ ჩვენს დაფრთხობას… იმ ერთი გოჭისა არ იყოს, კუდი რომ გაიბზიკა და ჭყიოდა: “მეც ნახირ-ნახირაო!” – ამათაც თავი რაინდათ მოაქვსთ და ვერ მიმხვდარან, რომ “ცირკობანაობას” კი თამაშობენ. ცირკში რომ ოჩაფეხაზედ შემდგარი, ცხვირპირგამურული, კლოვნი გამოიპამპულებს, სხვა მისი ამხანაგებიც თანვე მოგანგაშედ მისდევენ ხოლმე და ტაშის კვრით ამხნევებენ, ეგებო ქანდარა როგორმე გავაცინოთო!”

    გარდა ამისა, აკაკის ნაწერებში გვხვდება შემაძრწუნებელი სიძლიერისა და სიზუსტის ფრაგმენტები. მაგალითისთვის მხოლოდ ერთი მოკლე სიტყვა იკმარებდა, რომელიც მან უცნობი ქალბატონის დაკრძალვაზე წარმოთქვა:

    “…დღევანდელ ობლად მიცვალებულს არ დარჩენია არც ქმარი და არც შვილები და გლოვარება ეკუთვნის პირადად მას… მის საკუთარ ღირსებას, და მეც ამ მისმა პირადმა ღირსებამ მომიყვანა ამ სიშორეს, რომ მის პირადობას თაყვანი ვსცე!”

    ვანო ამირხანაშვილი აკაკის პუბლიცისტიკის თავისებურებების განზოგადებისას აღნიშნავდა:

    “ამავე დროს შეიძლებოდა განზოგადებაც. ანუ აკაკი წერეთლის პუბლიცისტიკის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორია XIX საუკუნის პუბლიცისტიკა. ჩვენ ვიცით, რომ XIX საუკუნეში ქართველ მწერალს უხდებოდა უამრავი შავი სამუშაოს შესრულება, იმიტომ, რომ სააზროვნო სისტემა, რაც ქვეყანას ჭირდებოდა, არ იყო ჩამოყალიბებული და 60-იანელებმა, თერგდალეულებმა დაიწყეს გადახალისება ამ სისტემის და ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის მეთაურობით ეს მოახერხეს კიდევაც”.

    მისი აზრით, XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ეს მრავალსახოვნება გაჭირვებით იყო გამოწვეული, არადა დღეს პირიქითაა, როდესაც მთელს მსოფლიოში მწერლები საზოგადოებრივ თუ ლიტერატურულ-კრიტიკულ საკითხებზეც ბევრს წერენ, ქართველი მწერლები ყველაზე მეტად პასიურობენ ამ თვალსაზრისით:

    “მე წეღან აღვნიშნე, რომ აკაკი სხვადასხვა ჰიპოსტასში წარმოგვიდგება, სხვადასხვა მრავალსახეობით, როგორც მოაზროვნე, როგორც სოციოლოგი, როგორც ეთნოგრაფი, პოლიტიკოსიც კი… და ეს გასაჭირია და არა დალხინება ქართული მწერლობისა, სხვათა შორის… გაჭირვებისა იყო ეს, რომ ყველა თემაზე უხდებოდა მწერალს წერა. იგი ვერ იცლიდა იმისათვის, რომ ეწერა მხატვრული ნაწარმოებები და უფრო მეტი შეექმნა, ვიდრე, ვთქვათ, პუბლიცისტიკა. პუბლიცისტიკით არ იქმება მწერლის მიერ ისეთი სინამდვილე, როგორიც მხატვრული შემოქმედებით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძის 20 ტომიდან, რომელიც ახლა გამოიცემა, 18 ტომი არის პუბლიცისტიკა და მისმა მხატვრულმა ტექსტებმა მხოლოდ 2 ტომი დაიკავა”.

    და ბოლოს, რეალურ გაჭირვებას რაც შეეხება, არა ქვეყნის გასაჭირს, ადამიანურ რესურსებს და ა.შ. არამედ პიროვნულ გასაჭირს, მატერიალურ სახსარს. აკაკიმ ერთი ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა 1908 წელს, როცა მას სიზარმაცე უსაყვედურეს, აქაოდა ცოტას წერო. მაშინ აკაკიმ თავისი პირობებიც წამოუყენა ქართულ ჟურნალ-გაზეთებს:

    “1. ჩემი ნაწერები საზოგადოდ ხელშეუხებელი უნდა იბეჭდებოდეს რედაქციის მხრით და რაშიც არ მეთანხმება, იმას შენიშვნა გაუკეთოს. 2. მოკლე ლექსებში სტრიქონში თითო აბაზს ვიღებ და პოემებში ორ-ოლ შაურს. 3. პროზაში საერთოდ თითო შაური, მაგრამ ეკონომიურად კი ნუ სბეჭდავენ და მაშინ მეც იძულებული აღარ ვიქნები, რომ სხვაგვარი სამუშაო ვეძიო!”

    სხვათა შორის, ქართული მწერლობის მაშინდელი და დღევანდელი პრობლემების დიდი ნაწილი, სწორედ აკაკის ამ მოკლე განცხადებით შეიძლება რეზიუმირდეს.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალზახ ხარბედია – თამთა მელაშვილის "გათვლა"


    DOWNLOAD

    გამომცემლობა “დიოგენემ” თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნი, “გათვლა” გამოსცა, ვრცელი მოთხრობა, რომელიც თამამად შეიძლება წლის მოვლენადაც მივიჩნიოთ.

    თამთა მელაშვილის “გათვლა” ავტორის სადებიუტო ნაწარმოებია და ბოლო 15-20 წლის მანძილზე მე ვერ ვიხსენებ ასეთ სერიოზულ დებიუტს. იყო ძალიან ნიჭიერი, მახვილგონივრული ან ოსტატური დებიუტები, მაგრამ ასეთ თანმიმდევრულსა და სულისშემძვრე, იშვიათად. ესაა წიგნი ომის შესახებ, სადაც არც ერთი გასროლის ხმა არ ისმის, სადაც სულ რამდენიმე ზარმაცი მეომარი ჩანს, მაგრამ ამის მიუხედავად, იგი მთელი თავისი სიმძაფრით გვაჩვენებს ომის საშინელებას, რადგან საქმე ბავშვებს ეხება. როგორც თავად ავტორი ამბობს, ამით, მას სურდა ომის მეორე, დაფარული მხარე ეჩვენებინა:

    “ომი ზოგადად აღიქმება პოლიტიკოსების და სამხედროების საქმედ, ანუ მამაკაცების საქმედ. ამ ტექსტით კი მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ არსებობს ომის მეორე, დაფარული მხარეც, ანუ ქალებისა და ბავშვების გამოცდილება, ჩვეულებრივი ადამიანების გამოცდილება კონფლიქტის ზონაში ან ომში. და მე მინდოდა დამენახვებინა, რომ ეს მეორე მხარე, თავისი ტრაგიკულობითა და სიმძაფრით არანაკლებია, ვიდრე პირველი, უშუალოდ ფრონტის ხაზი, სადაც უშუალოდ სამხედროები და პოლიტიკოსები არიან ჩართული.”

    ცხადია მკითხველი პირველ რიგში სამაჩაბლოზე და 2 წლის წინანდელ ომზე გაიფიქრებს და მართალიც იქნება, რადგან თავად თამთასთვის იყო ეს ომი წიგნის მთავარი იმპულსი, თუმცა დაასრულებთ კითხვას და მიხვდებით, რომ ამბავიც და პერსონაჟებიც სცილდებიან ერთი კონკრეტული ომის ფარგლებს. ჯერ ერთი, მოქმედება ქალაქში ვითარდება, რომელიც არც ცხინვალია, არც ახალგორი და არც გორი, აქ არც ქართლური აქცენტით ლაპარაკობენ, გვარებიც სხვადასხვა კუთხისაა, სახელები კი უცნაური, მთავარი გმირებისა – ხაზგასმით თბილისური, უფრო სწორად კი, კარიკატურულად, საწყლად თბილისური. ავტორმა ერთი მცირე ჩანაფიქრიდან ვრცელი მოთხრობა გადმოადნო, სადაც გამაოგნებელი სიზუსტითაა აღწერილი გრძნობები, ფიქრები და საუბრები და რაც მთავარია, ეს ყველაფერი თითქმის მთლიანადაა დაცლილი სენტიმენტებისგან:

    “იდეა დიდი ხანია მქონდა, ეს ტექსტი თავიდან ძალიან მცირე მოთხრობა იყო, რომელიც სასტიკად არ ვარგოდა. იდეა ძალიან მომწონდა და ვგრძნობდი, რომ უნდა განმევრცო ეს ტექსტი, რათა მართლა კარგი და ეფექტური რაღაცა გამოსულიყო. და ამ სახით ტექსტი წლევანდელ ზაფხულს დაიწერა, მქონდა თავისუფალი დრო და შესაბამისად საშუალება მომეცა, რომ დავმჯდარიყავი და მემუშავა. წინა მოთხრობებს ყოველთვის რაღაც აფექტურ მდგომარეობაში ვწერდი, დავჯდებოდი და უცებვე ვწერდი, ამჯერად კი აბსოლუტურად გააზრებული ტექსტი დავწერე, რომელზეც თვეების განმავლობაში ვიჯექი და ვშრომობდი. მანამდე არასდროს მეგონა, თუ ასე შეიძლებოდა ტექსტი დაწერილიყო, იმიტომ, რომ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მუზა უნდა მოგივიდეს, რომ დაწერო, აქ კი, უბრალოდ ვიჯექი და და ვმუშაობდი”.

    ანუ თამამად შეიძლება ითქვას, რომ თამთა მელაშვილმა პირველად ამ ზაფხულს იგრძნო რას ნიშნავს იყო მწერალი. ეს დიდი ბედნიერებაა არამხოლოდ მწერლისთვის, არამედ გამოცდილი მკითხველისთვისაც, რომელიც ხედავს, ამჩნევს თუ როგორ იბადება მწერალი და რაც მთავარია, თავად მწერალი არ მალავს ამას, არ გაჩვენებს თავს, არამედ გულახდილად გეუბნება.

    თამთას წინა 2-3 მოთხრობასთან შედარებით, რომელიც აქამდე მქონდა წაკითხული, “გათვლა” სერიოზული ნახტომია. ამბის სიმწვავის გარდა აქ პირველ რიგში ოსტატობაა აღსანიშნავი. ჯერ ერთი, თხრობის ოსტატობა -დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ქართველი ნარატოლოგები არაერთხელ მიაკითხავენ ამ პატარა ტექსტს ზოგიერთი ხერხის ილუსტრირებისთვის, თუმცა ეს არაფერია თამთას დრამატურგიულ ალღოსთან შედარებით. საქმე ისაა, რომ ნაწარმოების ყოველ თავში ხდება რაღაც ისეთი, რაც ყველაზე არსებითი შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს, ანუ ტემპერატურა თხრობისას არასდროს კლებულობს, პირიქით, მატულობს და ყოველი მომდევნო სცენა სულ უფრო ნაკლებ დროს და ადგილს გიტოვებს ამოსუნთქვისთვის – ასეთია დაუმარხავი მკვდარის ამბავი, დაღუპულების ტანსაცმლის დაწვის, ეპილეფსიის სიმულაციის და სხვ. სცენები, რომელიც ნაწარმოებს ერთ მხურვალე მთლიანობად აქცევენ.

    თამთა მელაშვილმა, ჩემი აზრით, კარგ დროს დაიწყო წერა. იგი 31 წლისაა, ბევრის აზრით კი ეს ასაკი საუკეთესო პერიოდია პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი აზრების და გრძნობების გადმოსაცემად, პროზაში გადმოსაცემად. თამთა 1979 წელს დაიბადა ამბროლაურში, სკოლაც იქვე დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მალე აღმოაჩინა, რომ არასწორი არჩევანი გააკეთა. მუშაობდა რამდენიმე ადგილას, 1 წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა და სულ ახლახანს კვლავ ევროპაში ჩავიდა, ამჯერად ბუდაპეშტში, რათა მაგისტრის ხარისხი მიეღო და გენდერული კვლევების სპეციალისტი გამხდარიყო. წერდა ბავშვობიდან, თუმცა თავად მიაჩნია, რომ სერიოზულად წერა მხოლოდ გერმანიაში დაიწყო, სწორედ მაშინ, როცა literatura.ge-ზე გარეგისტრირდა:

    “წერა გერმანიაში დავიწყე და არა იმიტომ, რომ ნოსტალგია შემომეძალა, არამედ მოწყენილი პერიოდი მქონდა. დამთხვევაც მოხდა, სწორედ მაშინ დავრეგისტრირდი ლიტერატურულ პორტალზე literatura.ge. ალბათ რაღაც მარცვალი ყოველთვის მქონდა, კითხვაც მიყვარდა, წერაც მაინტერესებდა და ამ პორტალმა ძალიან დიდი როლი შეასრულა იმაში, რომ მე წერა დამეწყო და უკეთესი მკითხველი გავმხდარიყავი”.

    პირველი ნაწარმოების გამოქვეყნებაც ამ პერიოდს ემთხვევა:

    “პირველი პუბლიკაციაც literatura.ge-ს ჩარჩოში მოხდა, მივიღე მონაწილეობა კონკურსში “წერო”, ეს იყო 2006 წელს, როცა ჟიური პრიზი გადმომცეს და შესაბამისად, კრებულში შეიტანეს ჩემი მოთხრობა, ცხოვრებაში პირველად. ძალიან ცოტა მოთხრობა მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მიყვარს, რომელიც შემდეგ ბაკურ სულაკაურმაც შეიტანა იმავე წლის ანთოლოგიაში “15 საუკეთესო”. შემდეგ უკვე lib.ge-სა და გამომცემლობა “სიესტას” ერთობლივ კრებულში, თუ არ ვცდები, 2008 წელს, შევიდა ჩემი კიდევ ერთი მოთხრობა, რომელიც 2009-ში ისევ გაიმეორა ბაკურ სულაკაურმა ანთოლოგიაში “15 საუკეთესო”, და მორჩა…”.

    თამთა საკმაოდ ცოტას წერს, თუმცა ასეთი, ერთი შეხედვით, უბარაქობა შესაძლოა მეტი ნაყოფიერებით შემოუბრუნდეს მწერალს. ყოველ შემთხვევაში, თამთას მაგალითი ამას მოწმობს. დაბოლოს, ერთი წინადადებით ვიტყვი იმას, რაზეც უახლოეს მომავალში შეიძლება უფრო მოზრდილი წერილიც დავწერო: ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე თანამედროვე ქართულმა მწერლობამ ბევრს დაანახა, რომ ყველაზე ადეკვატურად ხედავს და კითხულობს ომს, განსხვავებით სატელევიზიო მედიის ან პოლიტიკოსების ყალბი ისტერიულობით სავსე ხედვებისგან.

    © radiotavisupleba.ge