-
-
მალხაზ ხარბედია – ჯონ ბარტი – 80
ცნობილ ამერიკელ მწერალს, ამერიკული პოსტმოდერნული პროზის მაცნესა და უპირველეს წარმომადგენელს, ჯონ ბარტს სულ ახლახანს 80 წელი შეუსრულდა. იგი რესტორნის მფლობელის შვილია, სკოლის შემდეგ მან უმაღლესი მუსიკალური სასწავლებელიც დაამთავრა, 1952 წელს დაასრულა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, 1953 წლიდან კი, 23 წლის ახალგაზრდა, იგი უკვე ლიტერატურის ისტორიასა და თეორიას ასწავლიდა. მომდევნო წლებში ეს ფაქტი საბოლოოდ განსაზღვრავს მის ბედს, რადგან ყველა მისი წიგნი შემდგომში მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ლიტერატურასთან და იგი იქცევა იმ ადამიანთა საყვარელ ავტორად, რომელთაც თავადაც ძალიან უყვართ ლიტერატურა, ესმით ლიტერატურა და სიამოვნებას იღებენ ლიტერატურული თამაშებით. ეს ავტორი ჯონ ბარტია, დღეს უკვე იუბილარი, მხცოვანი ამერიკელი მწერალი.
იგი ამერიკული პოსტმოდერნული პროზის ნამდვილი მაცნე იყო, პიონერი, ავტორი რომელმაც დიდად განსაზღვრა ამერიკული ინტელექტუალური ცხოვრების ბედი:
“ვამბობთ ჯონ ბარტს და ვგულისხმობთ მეტაპროზას. მეტაპროზა ეს გახლავთ სახესხვაობა ლიტერატურისა, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, თუმცა ეს არ არის უშუალოდ პოსტმოდერნის მონაპოვარი, მე თავის დროზე ესეთი განმარტება მოვუძებნე მეტაპროზას: ეს არის ისეთი პროზა, როდესაც მწერალი ამბის თხრობისას თხრობის ამბავსაც ყვება. ანუ ეს არის ისეთი პროზა, რომელიც თვითრეფლექსიას ახდენს, ლიტერატურა თავისი თავის თემატიზაციას ახდენს წერის დროს. მეტაპროზას დიდი ხნის ისტორია აქვს, ერთ-ერთი უდიდესი შედევრი კაცობრიობის ისტორიის, “დონ კიხოტი” მეტაპროზაული ნაწარმოებია. ამაზე მიანიშნებდა ჯერ კიდევ ბორხესი… ჯონ ბარტი კი არის კვინტესენციური მოვლენა მეტაპროზასთან დაკავშირებით. ის წერს ფაქტობრივად მეტაპროზას. წერს როგორც თავის მხატვრულ ტექსტებში, ასევე თავის თეორიულ გამოკვლევებში”.
ჯონ ბარტს, ხანდახან მის თანამედროვე რამდენიმე ამერიკელ მწერალთან, პირველ რიგში კი ტომას პინჩონთან, დონალდ ბარტელმთან და სხვებთან ერთად მოიხსენიებდნენ ხოლმე, და მას ერთი ცნებით, “შავი იუმორით” ახასიათებდნენ, თავად ჯონ ბარტი კი თავის მხატვრულ მანერას, ტრადიციული “აღზრდის რომანის” საპირისპიროდ, “დამცირების რომანს” უწოდებდა. მის მასწავლებლებად და წინამორბედებად სემუელ ბეკეტი, ხორხე ლუის ბორხესი და ვლადიმირ ნაბოკოვი შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამაზე იგი თავის ერთ საპროგრამო ესეშიც წერს:
“პირველი ტექსტი, რომელიც მე წავიკითხე ჯონ ბარტისა, იყო მისი ცნობილი ესე, რომელსაც ქართულ თარგმანში ასეთი სათაური ექნება ალბათ: “დაშრეტვის ლიტერატურა”, ან “ამოწურვის ლიტერატურა”, 1967 წელს გამოვიდა Atlantic Monthly-ში. შემდეგ კი იყო მისი ესე, “მოყირჭების ლიტერატურა”, რომლის რუსული თარგმანი დაიბეჭდა ჟურნალში “ამერიკა”. მახსოვს ერთი 20 წლის წინ დათო ზურაბიშვილმა სადღაც გამოქექა ეგ ჟურნალი და მაშინ წავიკითხე… მაშინ მე ვიწყებდი უკვე პოსტმოდერნით დაინტერესებას და ჩემთვის სრული აღმოჩენა იყო ეს კაცი, იმიტომ, რომ ეს ტექსტი ითვლება პოსტრმოდერნის ერთ-ერთ მანიფესტად.”
ჯონ ბარტის პირველივე რომანი, რომელიც 1956 წელს გამოვიდა, “მოცურავე ოპერა”, მაშინ ძალიან მნიშვნელოვან სიახლედ მიიჩნიეს. იმავე წელს ახალგაზრდა მწერალი “წიგნის ეროვნული პრემიის” ნომინანტი გახდა. 2 წლის შემდეგ ამას მოჰყვა “გზის დასასრული”, “თხაბიჭი ჯაილზი” (1966), 70-იანი წლების კლასიკა, “ქიმერა” (1972), “წერილები” (1979)…
“ჩემი უსაყვარლესი წიგნი, რომელიც ბარტს ეკუთვნის, არ არის რომანები, არამედ კრებულები, მოთხრობების კრებულები. პირველი ეს არის “ატრაქციონში დაკარგული” და მეორე – “ქიმერა”, რომელიც სამი ვრცელი მოთხრობისგან შედგება. “ატრაქციონში დაკარგული” რამოდენიმე კლასიკურ ნიმუშს შეიცავს მეტაპროზისას. პირველ რიგში ეს არის თვითონ სატიტულო მოთხრობა, საიდანაც წიგნის სათაურიცაა არებული. ეს მოთხრობა იწყება ასე: “ვინ ატარებს კარგ დროს ატრაქციონზე? შეყვარებულები!” შემდეგ იქ არის კურსივი და მთელი მომდევნო აბზაცი წარმოადგენს კურსივის ლიტერატურათმცოდნეობით განსაზღვრება. ამას ჰქვია მეტაენობრივი თამაში. ანუ მეტაენა, თეორიის ენა და ენა-ობიექტი, უშუალოდ ოპერირების ენა, ერთმანეთში მონაცვლეობენ. და ასეთი უმარტივესი ხერხით ჩანს ბარტის მეტაპროზაული მომენტი.”
როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ბარტი უნივერსიტეტშიც მოღვაწეობს და წერილებიც საკმაოდ დაუგროვდა. 80-იან და 90-იან წლებში მან ესეების ორი კრებული გამოსცა, თუმცა კი, რა თქმა უნდა, მან ყველაზე მეტად სახელი სწორედ თავისი განუმეორებელი, რთული და მახვილგონივრული პროზით გაითქვა:
“აქვს უფრო რთული ვარიანტები. ე.წ. “ყულფი” ჰქვია ამას, რომელიც შესანიშნავადა აქვს გამოყენებული ქიმერის პირველ ვრცელ მოთხრობაში, რომელსაც ჰქვია “დუნიაზადია”, გნებავთ “დუნიაზადიადა”… დუნიაზადი არის შაჰრაზადის და მისი ამბავი დანახულია ძალიან საინტერესო კუთხით: ჯონ ბარტი, როგორც მწერალი, დაახლოებით შუა ასაკში მიაღწევს მწერლურ კრიზისს, როდესაც ვეღარ აზროვნებს, ვეღარ წერს ვერაფერს და XX საუკუნიდან შეაღწევს “1001 ღამის” ეპოქაში, სადაც დუნიაზადის მეშვეობით უკავშირდება შაჰრაზადს და ის ასწავლის მწერალს როგორ უნდა დააღწიოს თავი ამ გაჭირვებას. დაიწყოს ამბების თხრობა, ოღონდ ისე, რომ არ დაამთავროს ეს ამბები და იგი ფაქტობრიდავ ხელახლა ჰყვება “1001 ღამის” ისტორიას… საოცარი თვითირონიაა, აბსოლუტური და ამავე დროს ონტოლოგიური თამაში რეალურსა და ფიქციას შორის ზღვარის მოშლაზეა ლაპარაკი, რომელიც ბევრ სხვადასხვა ავტორს გამოუყენებია ძალიან ბევრჯერ. იგივე ჯონ ფაულზს “ფრანგი ლეიტენანტის ხასაში”, სადაც ავტორი შედის მატარებლის კუპეში, რომელშიც ზის პერსონაჟი და მას ხვდება. კურტ ვონეგუტს “ჩემპიონთა საუზმეში”, სადაც მთავარი გმირი ფიქრობს, ნეტა ვინ უნდა იყოს ეს შავსათვალეებიანი კაციო და იგი თავად ვონეგუტი აღმოჩნდება. უამრავი ასეთი მაგალითები არსებობს, ეს არის მეტაპროზა და ბარტი არის კლასიკური განსახიერება ამისა”.
2008 წელს ჯონ ბარტის ბოლო წიგნი გამოვიდა, რომელიც რამდენიმე მოთხრობას აერთიანებს. მწერალი ამჯერად ბალტიმორში ცხოვრობს, თავის მეუღლესთან, შელისთან ერთად. იმედია იგი ჯანმრთელად გრძნობს თავს და რამე ახალ წიგნს უმზადებს მკითხველს.
© radiotavisupleba.ge -
მალხაზ ხარბედია – კრიტიკა და რეცენზიები
თამაზ ვასაძის წიგნი “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” და სოსო ტაბუცაძის “უბრალო დამატება” თითქმის ერთდროულად გამოსცა “ლიტერატურის ინსტიტუტმა”. ერთში კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
ეს ორი წიგნი იმ დიდი ხარვეზის ამოვსების მცდელობაა, რაც ბოლო წლებში ქართულ ლიტერატურულ კრიტიკასა და რეცენზირების კულტურაში გაჩნდა. ამ წიგნებში ერთგან კრიტიკულადაა შეფასებული ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართული ლიტერატურა, მეორე კი რეცენზიების კრებულია და ძირითადად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ეხება.
თამაზ ვასაძის კრებული “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში” 30 წლის მანძილზე დაწერილ სტატიებს უყრის თავს, რომელიც ბოლო რამდენიმე საუკუნის ქართულ ლიტერატურას მოიცავს, დავით გურამიშვილიდან დაწყებული – ბესიკ ხარანაულითა და ჯემალ ქარჩხაძით დამთავრებული. წიგნის რედაქტორის, ლიტერატურათმცოდნე მაკა ელბაქიძის აზრით შემთხვევითი არ არის, რომ წიგნი დავით გურამიშვილით იწყება, რადგან მისი სიტყვით, არც რუსთველამდე და არც რუსთველის შემდეგ “ისე მკაფიოდ და ზედმიწევნით არსად არ ცხადდება ჭეშმარიტების ძიების თუ მისი ხელახლა აღმოჩენის წყურვილი, როგორც “დავითიანში””:
“სწორედ დავით გურამიშვილის მიერ გავლებულ კვალს, და ეს ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, გაჰყვება შემდეგ მთელი მომდევნო პერიოდის ქართული მწერლობა. და მე შევეცდები თემატურად დავალაგო თამაზ ვასაძის მიერ წარმოდგენილი მასალა და სწორედ ამ ხაზს მივყვე. ვთქვათ, ბარათაშვილი გაჰყვება ამ ხაზს თავისი ფილოსოფიური ლირიკით, ილია ჭავჭავაძე თავისი რაციონალიზმითა და განმანათლებლური სულისკვეთებით, აკაკი წერეთელი თავისი ზნეობრივი გაკვეთილებით, ვაჟა ფშაველა თავისი ჰუმანიზმით, დავით კლდიაშვილი – ტრაგიკომიკურობით, ვასილ ბარნოვი სპეციფიკური ფილოსოფიურ-რელიგიური მსოფლხედვით, ნიკო ლორთქიფანიძე თავისი განუმეორებელი პოეტიკით, მიხეილ ჯავახიშვილი ტრაგიკომიკურობით და გროტესკულობით, ლეო ქიაჩელი რომანტიკული ესთეტიკით, გერონტი ქიქოძე მისთვის დამახასიათებელი იშვიათი ობიექტურობით, დაკვირვებისა და ანალიზის იშვიათი სიმახვილით, გლიგოლ რობაქიძე ინტელექტუალიზმის წინ წამოწევით, გალაკტიონი პოეტური მეს სრული ინტიმიზაციით, გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე – სიცოცხლის ვნებიანი სიყვარულით, გურამ რჩეულიშვილს თავად თამაზ ვასაძე ასე ახასიათებს – ვნებად ქცეული აზრი თუ აზრად ქცეული ვნება, ბესიკ ხარანაული – აზრის სილაღით და ჯემალ ქარჩხაძე რეალობის კრიტიკულ-ანალიტიკური ხედვით”.
მაკა ელბაქიძის ეს ჩამონათვალი სრული არ არის, წიგნში სხვა ავტორებსა და თემებსაც ნახავთ:
“შემთხვევითი არ არის ისიც, რომ თამაზ ვასაძე თავის წიგნს ამთავრებს ორი ძალიან საინტერესო თავით. ერთი ეს არის “ეროვნული და დასავლური”, და მეორე “ილიას ფორმულა ჩვენს დროში”. ეს ორი თავი ერთგვარად სისტემატიზაციას ახდენს იმ ყველაფრისას რაც წიგნის წინა ნაწილებში ითქვა და ეს ალბათ ძალიან აქტუალურია ჩვენთვის დღეს, ვინაიდან, მოგეხსენებათ, დასავლური ფასეულობების ძალიან ფართოდ წინ წამოწევა მოხდა ამ ბოლო წლებში და ძალიან ბევრი ჩვენგანი საკმაოდ ნიჰილისტურად უდგება ამ საკითხს და ხშირად გაიგონებთ, რომ დასავლური ფასეულობები სპობს ეროვნულ კულტურებს, რომ შეიძლება ჩვენი კულტურა მასკულტურაში გაითქვიფოს და ა.შ., მაგრამ თამაზ ვასაძის წიგნში არის ერთი ძალიან საინტერესო დაკვირვება, რომ ყველა ამ ავტორთან, რომელიც მე ახლა ჩამოვთვალე, და ეს ეხება ფაქტობრივად მთელს ქართულ ლიტერატურას, არის ერთი უწყვეტი ხაზი. ეს არის ადამიანის სწრაფვა თვითდამკვიდრებისკენ, თავისი პიროვნული თავისუფლებისაკენ, და ეს არის ქართველი ადამიანისთვის დამახასიათებელი (რადგან ჩევნ ქართულ ლიტერატურაზე ვსაუბრობთ) მისწრაფება, რომ სამყარო უკეთესად აქციონ, გააუმჯობესონ, გარდაქმნან იგი”.
სოსო ტაბუცაძის რეცენზიები უმთავრესად ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა. გაზეთ “24 საათის” ლიტერატრულ დამატებაში, გაზეთ “კალმასობაში”. საქართველოში ძალზე იშვიათია შემთხვევები, როდესაც ავტორი თავის რეცენზიებს უყრის თავს. ასეთი მაგალითები ბოლო წლებში სულ რამდენიმე მახსენდება:
“ძალიან ჩვეულებრივი ამბავია, რომ იმ გაგებით და იმ შეგნებით, როგორაც გვესმის ჩვენ დღეს და რასაც ჰქვია ლიტერატურული კრიტიკა, დღეს არ არსებობს, და არც იარსებებს, იმიტომ, რომ ლიტერატურული კრიტიკა საბჭოურ სივრცეში რაც იყო, ყოველ შემთხვევაში მე ასე მესმის, ეს იყო იარაღი, რასაკვირველია, იდეოლოგიური იარაღი. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არამხოლოდ საბჭოური იდეოლოგიის ინსტრუმენტს, არამედ მეორე მხრივ ეროვნული იდეოლოგიის ინსტრუმენტსაც. ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ ერთის კლასიკოსად წარმოვიდგინოთ 20-იანი წლების კრიტიკოსი პლატონ ქიქოძე, და მისი წიგნი, უკვე იშვიათობად ქცეული. ვისაც უნახავს, მან იცის, რომ ეს წიგნი პირდაპირ იარაღია… და მეორე მხრივ, უკვე ჩვენს დროში, აკაკი ბაქრაძე, ეროვნული იდეოლოგიის თვალსაზრისით…”.
სოსო ტაბუცაძის აზრით, კრიტიკა რომ არ არსებობს, ეს არცაა გასაკვირი. მისი სიტყვით, კრიტიკის დაბადება თუ აღორძინება პირველ რიგში რეცენზირების კულტურის გაჯანსაღებითაა შესაძლებელი და იმ კრიტიკის ადგილი, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო, დღეს რეცენზიამ დაიკავა. ტრადიციულ ქართულ კრიტიკას კი იგი რუსული ტრადიციიდან იწყებს, კერძოდ ბელინსკიდან, რომლის გამგრძელებელი ილია იყო ჩვენთან. ეს კრიტიკა კი სოსო ტაბუცაძის აზრით ძალიან განსხვავდება ფრანგული ან ბრიტანული ტრადიციისგან, ტომას ელიოტისგან, როლან ბარტისგან და ა.შ.:
“ყველაზე კარგი ის იქნება, რომ უბრალოდ, როცა კრიტიკაზე ვისაუბრებთ, ძალიან ღრმად და კარგად დავმარხოთ ის საბჭოური კრიტიკა, ანუ უნდა დავივიწყოთ ეს და უნდა დაიბადოს ახალი”.
ახალი კრიტიკის დაბადება არც ისე ადვილია, მითუმეტეს უახლოესი და უმძიმესი წარსულის ღრმად დამარხვამ არამგონია ამაში ხელი შეგვიწყოს.
© radiotavisupleba.ge -
ზვიად რატიანი – ახალი ლექსები
I. წიგნისთვის ღია და ფარული მიძღვნები
ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით
სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადიადა ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.
*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.
ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.
*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უსაფუძვლობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის…
შემეძლო მეთქვა – პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდები –
მე, რომელიც საკუთარ ვასეირნებდი,
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები –გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.
*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობდა მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც… როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელებადა ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.…………
II. წიგნისთვის ბოლოსწინა ლექსები
* * *
ერთხელ,
ერთხელაც კი
ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,რამდენიმე წამით ადრე,
ვიდრე თვალს ავახელ,გრძნობს, რომ ვიღვიძებ
და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,რომ გაღვიძებულს
დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
როგორიც დავტოვე.* * *
შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
ერთი კოლეგა-თანამსმელის დაკრძალვაზე, და მან თავი დამამახსოვრა
საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
რომელიც ჩვენკენ, ცოცხლებისკენ, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა,
თუნდაც წერისას.* * *
ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ,
გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
გადმოიხრები და დამყურებ,
მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
თვალდახუჭული და უძრავი
ვწევარ და ვსუნთქავ.დაიცდი, ისევ მაკვირდები:
ვწევარ და ვსუნთქავ.ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.ნუ იტანჯები, საყვარელო.
როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
თვითონვე გეტყვი.© kalmasoba.com
-
შოთა იათაშვილი – მამები, დედები და შვილები (რომანი)
-
ეკა ქევანიშვილი – ახალი ლექსები
ბირთვისი. ადრე
ფოტო კარგი მაშინ გამოდის, როცა ის გიღებს ვისაც უყვარხარ.
ციფრულ ფოტოებს ერთი უპირატესობა აქვთ.
ისინი შეგიძლია დაზუმო და ადამიანებს თვალებში შეუვარდე.
გაიარ-გამოიარო.
აქ კი, ალბომის სურათებში
ძლივს ვარჩევ, ხელი ვინ გამომხვია, ვის გვერდით ვდგავარ,
წელიწადის რომელი დროა, რა მაცვია, რაზე ვფიქრობდი.
საშველი – ფოტოს უკანა გვერდი
მიწერილი თარიღი თეთრზე – 2000 წელი,
ბირთვისი,შემოდგომა. წავედით ათნი.ცეცხლზე – ყავა, რკინის ჯამით, შიგ ცვივა ფერფლი.
ყველა ეწევა.
შედედებული რძის კოლოფი წვრილად გავხვრიტეთ
და ენაზე, წვეთი სიტკბო ჩამოვატარეთ.
არავინ მიყვარს. აღარავინ.
თითქოს მუცელი გამომფატრეს და მთელ სხეულში,
მგონი, გაგიჟდა, გული სცემს ბოლთას.
ვინც მიყვარდა, გასულ კვირაში ჰქონდა ქორწილი.
ტაშ-ფანდური, ზურნა, დუდუკი,
თეფშის მტვრევა, შავი ვარდების გოიმური თაიგული..
იქნებ არც ისე, მაგრამ ეს სიტყვა მიადვილებს მოვყვე ამბავი
როგორ გასხვისდა უცებ ჩემი ადამიანი.
წინა კვირაში – აბაზანაში ვარ ჩაკეტილი.
ხმის დასახშობად ყველა ონკანი მოშვებულია.
ბირთვისში წასვლა თუ გადაკარგვა – გადაწყვეტილი.და აი, ისიც. ტყე, ბოდიალი.
ღამეა, ცივა. სიტყვებს ფორმა აქვთ – გრძელი ორთქლის.
ბენე მთვრალია, კარავში სძინავს. დღეს გავიცანით.
თან რამდენიმე წყვილიც გვახლავს – რეალური და პოტენციური
ორ სააათში ტყიდან გამოვლენ,
ჩვენ დავინახავთ მათ ტუჩებზე სიყვარულის კვალს
და არაფერი გაგვიკვირდება, რადგან გუშინ გავხდით ოცი წლის.
რადგან სხეულებს ამ ასაკში გმირობები არ აინტერესებს.ეს ის დროა, როცა დილით არასდროს ეძებ რა ჩაიცვა.
სკამის საზურგე – დახუნძლული ჯინსით, სვიტრებით.
ეს ის დროა, როცა ჟანგბადის ზედმეტი დოზა ყელში გიჭერს
და ხარ ისეთი თავისუფალი, ისეთი მშვიდი – თითქოს
საზღვართან, ბოლო სოფელში უკვე მოთოვა.რა უნდა მოხდეს, რომ ძველებურად ასე უფულოდ,
ერთი ზურგჩანთით
გზას დავადგეთ გაურკვეველი მიმართულებით.
არ ვდარდობდეთ, შევძლებთ თუ არა გაყინული წყლით
ტანის დაბანას,
კარავში ვისთან ერთად მოვხვდებით,
ნასვამებს გული რომ აგვერიოს,
უცხო ხალხის ხომ არ შეგვრცხვება.რა უნდა მოხდეს.
რომ დაბრუნდეს ეს შეგრძნება – სიღარიბით ბედნიერების,
უსიყვარულოდ თავისუფლების.
და ყველაფერი ეს ერთადერთ
ფოტოზე იყოს შემორჩენილი.გახსნა
ორ კვირაში მოვა წერილი
ჩემი უცნობი მეგობრისგან – სხვა ქვეყნიდან. სხვა ქალაქიდან.
გაბერილი კონვერტი მარკით.
დღესასწაული თუ დაემთხვა, გზავნის ბარათსაც.
ან სარვამარტოს – ნარცისებზე შემოხვეული თეთრი ლენტები,
ან საახალწლოს – თოვლის ბაბუას საჩუქრების გუდის გვერდით,
შემოუსვამს ციყვი მარხილზე.
ორ კვირაში ნელი ფოსტა მოაჩაქჩაქებს
უნახავი ადამიანის ამბებს, სურვილებს – სულ ცოტათი გაზვიადებულს.
მდიდარმა ბიძამ როგორ უყიდა ველოსიპედი.
გვესმის, ვპატიობთ.
მაგრამ ეს ხდება ოცი წლის წინ
და ასეთი მეგობრობა იშვიათია.
…დღესაც ვხსნი ფოსტას. ვხსნი ფორუმებს.
სიმარტოვეს ვუხსნი პაროლებს.
ვუმეგობრდები განურჩევლად, მცირე შერჩევით.
და ჩემი სიის მეგობრების ავატარები
როგორც დაშლილი ბანქოს დასტა ყრია გარშემო.ავატარიდან მამის ნაცვლად, დედის მაგივრად
შემომცქერიან თოთო ბავშვები,
დაბერილ ლოყებს, ჩაჩხვლეტილ ღიმილს
როგორც საშვებს, მათი მშობლები აფრიალებენ –
მფეთქავ ქსელში შემოსაძრომად.
თრთის ფეისბუკიც.
გინეკოლოგის სავარძელზე გაშლილია ჩვენი ფეხები.
თავიდან ოდნავ მოკრძალებულად.
ლ ლიკე ყოუ,
შემდეგ თამამად მოვყვებით ვიღაც ”სუნიანი” როგორ აგვეკრა,
მიწისქვეშა ტრანსპორტის ამბებს გავუზიარებთ
მათ, ვინც მიწას რამდენიმე საფეხურით არ ჩასცდენია.
ვყვებით, როგორ აიწია ვერცხლისწყალმა სიცხის საზომზე.
ვიხდით მადლობას –
თუ უცებ ვინმემ ამის პასუხად
შემოგვწირა ვირტუალური ჟოლოს მურაბა.
გგონია გათბი, გამოკეთდი,
მოხვდი გაშლილ სტადიონზე ფრედის კონცერტზე,
სულელურმა ტესტმაც გაგართო, როცა გამცნო როდის მოკვდები.ისიც ვიცი
ვინ არის შენი მეგობარი,
ელექტრონულმა სივრცემ მამცნო ორი წამის წინ.
ცოტა კი მიკვირს – რა საერთო გაქვთ –
ალბათ, ფოტოზე ხარ მიმზიდველი.
ან რაიმე ბრძნული დაწერა –
ბანალური სააღდგომო მისალოცივით
ყველასათვის მისაღები და გასაგები – ვერასოდეს გააპროტესტებ.
ამ მორევში შენით შეცურე და ახლა მხოლოდ სინქრონულად
ხელს თუ მოუსვამ.ოკუპაცია. სპირალი
გაიცანით მისი ხელოვნური თანამგზავრი.
სულ ახლახანს დაიმეგობრა.
ერთი თვეა ერთად წვებიან, ერთდროულად იღვიძებენ.
ზის ჩუმად, თავისთვის,
არც იზრდება, არც გული უცემს.
ციცქნა საცობი,
საზრიანი მისი დარაჯი,
მისი მცველი,
ზის საშოს კართან
და
მოახლოებულ სიცოცხლეებს, როგორც ვირუსებს
უკან აბრუნებს.
რამდენიც გინდა,
სადაც გინდა იქ გიყვარდეს.
არ დაჟანგდება.
სპირალი – მუცლის ოკუპაცია.
სიყვარულის მიწაზე უდგას რკინის ფესვები
და ყველაფერი არის მარტივად.
ახლა ყველა ბედნიერია.მე კი ვფიქრობ,
ვინ დაარქვა ნეტავ ამ ლითონს
კეთილშობილი?დამსგავსების თეორია (ცოლები და ქმრები)
ხარი რომ ხართან დააბა, იქნება ორი ხარი და არაფერი მეტიჩემი მეგობარი ჭანო
ერთხელ, თვალი რომ გავახილე
მომეჩვენა, ერთმანეთს ვგავდით
და შემეშინდა.
ათი წელი იყო გასული.
გავიფიქრე, ათი წლის წინ ვინც შემიყვარდა, ვისთან ერთადაც
გადავწყვიტე მქონოდა სახლი, მტვერსასრუტი,
მაცივარი, ქურა, მანქანა..
ნუთუ მაშინაც ასე მგავდა და თუ მგავდა, რატომ იყო საინტერესო მასთან დარჩენა?
ორი “მე” როგორ ეტეოდა ამ ვიწრო კარში.
ორი “ის: რატომ დადიოდა კვირას ბაზარში?
ღიმილის. დგომის, სიარულის, წოლის მანერა – ერთი ერთზე.
”როგორ უხდებით”.
”ერთმანეთს ასე შეაბერდით”
”თქვენი უღრუბლო ცხოვრებები”
”არასოდეს მოხვდეთ წვიმაში” .
და თუ მაინც.
ვითომ მიწიდან ამოიზარდა,
გაშალოს დიდი შავი ქოლგა,
შენ კი მხარზე თავი დაადო.თუ ეს არის იდეალური წყვილის ფორმულა,
ასე არ მინდა,
ვთქვი და ლოყაზე დანა დავისვი.
იპოვეთ ათი განსხვავება ვთქვი და გავხდი, ვთქვი და გავსივდი.ადრე თითქოს ქერა ვიყავი, ახლა გავშავდი,
ადრე თვალებში ფორთოხლის ქერქებს ვიწურავდი, ახლა ვამშრალებ.
მძულდა ფეხბურთი, ახლა ვყვირი შენზე ხმამაღლა,
ყრიდი ტანსაცმელს მთელ ოთახში, ახლა ალაგებ.
თუ ვბრაზდებოდი, უწმაწური სიტყვების ლავა ესხმოდა ოთახს
სამაგიეროდ, ცივდებოდა ჩემი დარდი,
ახლა კი მშვიდად: გმადლობ, ბოდიში. უკაცრავად, გადავამლაშე.ერთხელ ჩვენ გვითხრეს,
ფერი ფერსა და მადლი ღმერთსა
მე კი გავწყვიტე.დღეს ისევ მიყვარს.
ახლა უფრო.
და ჯერ ვანსხვავებ.© kalmasoba.com
-
ლია სტურუა – ლექსები
* * *
სახლებმა დაავიწროვეს დღე,
კარებში მოწეწკილი სინათლისგან
რას ელოდები?
ჰორიზონტის დევნას?
თვალის პური ესაა,
სივიწროვემ თუ გააშუშა,
წვეტიან მზერაზე წამოცმულ ნაგავს
ხასიათში ჩაგიყრის,
ხიფათიდან კაშკაშს ვეღარ გამოადნობ!
ნაკვეთს მოგიზომავს,
შიგადაშიგ ქაღალდის ყვავილებით –
მინდვრის პოპარტი
ფეხი თუ დაადგი, სისხლს ამოასხამენ,
შუშის ჭურჭელზე მითითებულს;
დარჩენილ წყალზე, გადაღვრილ მინაზე,
ბოლო შუქს ეჭიდებოდა – ქინქლების თაიგულს
მტკივნეულია, ნამტვრევები იკბინებიან…იალბუზზე
დიდი ღიმილი – გული კბილებში,
ტკივილის დროსაც,
ძალიან მწარე, ფესვიანი –
უკვე ბოლო
ფრენის კანონს ვხედავ:
ჰაერი და ფრთა აწვებიან ერთმანეთს
თანაბრად, ფრთის ჩრდილში
რაღაც იმალება –
ალუმინის ქვაბი, რეალისტებით გატენილი,
ანუ თვითმფრინავი
რეისები მასშტაბური
ალიასკაზე ოქროს ისევ ცრიან?
ეკვატორის ხაზი გულში შემოდის,
იშემიას მმართებს, ცხელა,
კავკასიონის თავზე ჩავიფუშები
ვენდო ჰაერს,
თუ იალბუზიდან დავიწყო
ფრენაში ვარჯიში?
ეკვატორები, პოლუსები,
უნაყოფოდ ჟღერს
თვითმფრინავი
რომელიმე წყნარ ქალაქში წავა,
მე აქ დავრჩები
კარგი მთაა იალბუზი,
ლექსივით ისმის.* * *
წითელი ხაზი გამისვა ფეხქვეშ,
აღმნიშნა, გამომარჩია სხვებისგან,
კი გავუძნელდი,
ხორხზე ნაწიბურები დავუტოვე –
პირიდან გამაჩინა
სიტყვით მშვენიერი,
ტანით ხარვეზიანი,
ცეცხლი იღლიებში მქონდა,
თერმომეტრი თავში,
კონტროლი ცხრა მთას იქით.
და გარიგითება დამიპირეს,
ამ ქვაბივით ქალაქიდან
ცეცხლის დეპარტაცია
აბა, რაში მოიხარშებიან
ნამდვილი მშობლები,საწყლები და პოეტურები?
რას შეჭამენ? საკუთარ ტემპერამენტს?
თითო წამოხურებაზე
თითო მეხანძრე თუ მიუჩინეს,
ამასაც ვერა
ამიტომ ახლიდან გამაჩინა,
სხვა სიტყვებისგან გამომარჩია,
ფეხქვეშ წითელი ხაზი გამისვა,
კრემატორიუმის საძირკველივით.ტკივილის შიში
სიზმარში სირბილი
დაბორკილი ფეხებით, ბრმა შუბლით,
სულ წრეზე,
გარღვევის უფლების გარეშე.
თავიდან აზრიანი მთებისკენ ბიძგით,
მერე ზეგანის ერთფეროვნება,
ყველაზე გრძელი, მოწყენილობაზეც კი,
ლირიკის ნაწყვეტები,
მთვარით მიბმული ერთმანეთზე,
უსაყრდენო პოზა გაძლებამდე,
თანაცხოვრება უძრავ ქონებასთან,
სიზმარში, უკვე, სხვების სირბილი,
მე შუაში, ფარგლის წერტილივით,
რომ იგულისხმება და არ ჩანს…
ათვლას ვიწყებ არაფრიდან სევდისაკენ,
აღმატებითი ხარისხი – დარდი.
იატაკი სახეში რომ გამოვტოვო?იმ არავისთვის
გინდა ამოვიტრიალო თავი
და შიგნიდან გაჩვენო?
წითელ ატლასს მოელი,
ლაბადის დრეკადობას,
ნაცრისფერ ფარაჯას?
არადა, მორევი ტრიალებს,
ჩქარა, ცხადად,
გული – ვირის მუშა,
არც ცეცხლი არც ყინული,
არც სხვა რომანტიკული სისულელე!
გაცვდება, შეაკეთებენ,
შუნტებს დაადებენ.
რამდენ ხანს გაძლებს?
თორემ ფრთიან ლოგიკას
უკეთეს ქვეყანაში მივყავარ,
სინათლის სიჩქარით
არც ეს გულისხმობს
ჩათბობას, ჩაშენებას
და სხვა ამგვარ საძირკვლიან სიტყვებს.
უფრო, იმ არავის,
ფრენას რომ ვპირდებოდი,
შეკეთებული გულის ხარჯზე,
ისიც თავის წვა-დაგვიანად,
თვალებში ამაქვს,
გარეთ ატლასი, შიგნით ნაცრისფერი ფარაჯა
კიდევ რამდენი ომია გადასატანი…კანდინსკის ალბომი
კი ვუყურებ ამ წითელ სიღრმეს,
მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს
კანის ქვეშ, სისხლამდე ხორცი მაქვს,
ბიჟუტერიით დაჩხვლეტილი,
სიტყვები უსამკაულო,
რაღაცას კი არ ასახავენ,
თვითონ არიან რაღაც: უნებლიე,
თუ ჩემზე უფრო გადამწყვეტები?
წონასწორობა თუ აფეთქება?
ვერბალური გავლენის ქვეშ ვარ,
წნევის, წნეხის,
უკეთესს მხდის, თუ უარესს?
სიზმარში მხედავთ, თუ ახალგაღვიძებულზე?
ერთ შემთხვევაში საფუძვლიანს,
მეორეში – ზერელეს,
ორივეჯერ იმას, რაც ვარ.
წონასწარობის აფეთქებით,
კომპლექსებზე ბიჟუტერიით,
ლექსიკონში ჩასული მზით
წითელძირიან სიღრმეს ვხედავ,
მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს…პატრიოტიზმის მცდელობა
დამავიწყდა. ყრუ კედელი.
სახელი მოწითალო,
გვარს ნაცრის სუნი აქვს.
ყოფილი სისხლი, ყოფილი ცეცხლი
ისე ზოგადად, როგორც ზღვა ან მთა,
სანამ გეოგრაფიაში ჩაიკეტებიან,
მაგრამ რუქაზე მისამართი არ აქვთ,
ის ზღვა ან მთა ხომ არ არიან,
თვალსაწიერის ბოლოში ეძებონ,
გამეორებულ წყალში,
თორემ სახელის და გვარის ბანალურობა?
“ვინმე მელექსე”
და ამბავი “ვეფხის და მოყმის”,
ცეცხლი და სისხლი, გადამდები სახადივით,
მერე ნაცარი და სიტყვა “მოწითალო”
ნაკლებ გაცვეთილი, მშობლიურ სისხლის ფერზე
გვარი და სახელი
სულ არ წერია არსად,
ჩემს ტვინში რასაც შეესაბამება,
ის არის მთავარი:
ნადირობის აზარტი ლექსიკონში,
ალპინისტის ჟინი რუქაზე,
ხვიშტი ცხოვრებაში,
პათეტიკური მემკვიდრეობა –
“ვინმე მელექსე”
ძლიერი მხრები უნდა,
ფრთები გვერდზე გადადე.* * *
მოვედი,
ხალიჩა დამიღვარეს ფეხქვეშ,
მზისკენ იყურება თბილად
ჩემი უფსკრულები ვაჩვენო,
შიგ ჩაჩეხილი კაბებით და ჩექმებით?
რასაც ქარი ვერ ამოაფრიალებს,
მეორადი ტანსაცმელი
სიმსუბუქით არ გამოირჩევა,
არ ლივლივებს ხელის გადასმაზე
ხალიჩის ხაოებივით,
ოქროს კბილებს არ აკაკუნებს,
როცა მზე მოწყენილია.
ისინი ყველანი კარგად უნდა ყოფილიყვნენ:
წყალზე დაბიჯებულები,
მატერიალიზებულები ჰაერში,
ამობურცულები, სადაც საჭიროა,
მარტოობა რომ არ მეგრძნო
ყოველშემთხვევაში, ასე მწარედ!
თუ ხალიჩას მიღვრიან ფეხქვეშ,
ალისფერ ტალღებზე მასრიალებენ,
ამომიცარიელონ უფსკრულკები,
ფეხწამოკრულებისა და თავმოკლულებისგან!
მზე რომ მოძლიერდება,
შიგ ჩაიხედავს.ბაღი
“ამ ჯოჯოხეთისთვის, ამ ბედისწერისთვის,
ღმერთო, მისახსოვრე ბაღი სიბერეში”
მ. ცვეტაევა
ჯერ ჩონჩხს ვიშენებ,
მერე სახლს, მერე ბაღს,
შუბლის ძვალზე რომ ალმასები მაქვს,
თეთრ პურსა და ქონში მიცვლიან
სინათლეც მათია, მზე არ ჩანს…
რატომ ვიწროვდება ხმოვნები,
რომლებითაც ვყვიროდი?
პათოსისთვის, თუ იმედისთვის?
თუ იმ პატარა აპოკრიფისთვის,
ღმერთს რომ სამოთხე
ვაშლითაც უყვარს, ანუ
ჩემი ცნობისმოყვარეობით?
მუხლებზე დავუდგებოდი, მაგრამ მუხლები არ მაქვს
მხოლოდ, მოკეცილი აბრეშუმი,
ლეტალური ბოლოთი.
მარილიან ჩონჩხს ვაბარებ მიწას,
მახვილ სითეთრეზე!
მზეზე სამი ძახილის ნიშანი!
ბაღს რა უჭირს, ხეები ეზრდება,
ვაშლებს ისხამენ, არ ეშინიათ…© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ერეკლე დეისაძე – შაქრის აპარატი
აქ ყველაფერი მოსაბეზრებელი გახდა…
ცივი პალატა… გრძელი დერეფანი… მუდმივად ჩაკეტილი ფანჯრები და საღამო, როდესაც მისის ტეილორი ორ ტიპთან ერთად მოდის და სქელ ტაბლეტებს იძულებით მაყლაპებს…
მისის ტეილორს თეთრი სამედიცინო ხალათი აცვია და დიდი ძუძუები აქვს. ტაბლეტები კი საშინლად მძულს, რადგან ყოველთვის ყელში მეჩხირება. ფანჯრებს არავინ აღებს, ხშირად ჰაერიც იხუთება და ოფლის სუნი დგას.
აქ ყველას ერთნაირი ფორმები გვაცვია და ყოველდღე ერთსა და იმავე დროს ვსადილობთ. მიუხედავად იმისა, რომ საჭმელი საკმაოდ უგემოვნოა, მისი დაგემოვნება იძულებით მიწევს.
საღამოს, ტაბლეტების მიღებიდან რამდენიმე წუთში თვალები მეხუჭება და დილამდე ვკვდები.
მისის ტეილორი ყოველთვის ერთი და იგივე შენიშვნას მაძლევს და საშინლად ბრაზდება, როდესაც შუა პალატაში ვშარდავ. მე კი ვპასუხობ, რომ მაშინ დარვინი არაფერ შუაში იყო…* * *
ნავახშმევს, როდესაც პალატაში მოგვათავსეს, ელცინმა სისხლი გამიშრო, ის დაჟინებით მთხოვდა აპარატის ისტორია მომეყოლა.
– გუშინ ხომ მოვყევი – ვცდილობ თავიდან მოვიშორო.
– ყველამ არ იცის.
– ყველამ არც უნდა იცოდეს.
– ზოგიერთს ეძინა – მხარს უბამს კოზლოვი.
– მაგალითად, მე – ამბობს საშა და საწოლზე მოხერხებულად კალათდება.
– მოკლედ, ეს ამბავი ბევრად ადრე დაიწყო, მაგრამ ისინი სამშაბათს მოვიდნენ – ვიწყებ მე – შუაღამე იქნებოდა, როცა კარებზე დააკაკუნეს, შემოსვლისთანავე მიბრძანეს სახლი დროებით დამეტოვებია, მე ვეუბნები, რომ მათ ამის უფლება არა აქვთ, მაგრამ პასუხის ნაცვლად, ცემას მიწყებენ და გარეთ მაგდებენ. თეთრი უნიფორმები აცვიათ, ყველა შეიარაღებულია. ჯერ ნივთების აღრიცხვას იწყებენ. შემდეგ სახლს საგულდაგულოდ ჩხრეკენ. ,,სად არის?’’ – მეკითხება ერთ-ერთი.
,,წარმოდგენა არ მაქვს, რაზე მეკითხებით’’ – მოჩვენებითი სიმშვიდით ვპასუხობ.
,,კიდევ ერთხელ გიმეორებ, სად არის?’’- უნიფორმიანი ტონს იმაღლებს.
,,არ ვიცი’’ – ვამბობ თუ არა, უკნიდან მძიმე დარტყმას ვგრძნობ და იატაკზე მოწყვეტით ვეცემი. გონზე რომ მოვდივარ, ორი უცნობი გაურკვეველი მიმართულებით მიმათრევს. ფეხებში ძალას ვერ ვგრძნობ. ყელიდან გაურკვეველი ბგერები ამომდის, მთელი სახლი თავდაყირა დააყენეს, მაგრამ პირველი ჩხრეკა უშედეგოდ დასრულდა.
– როგორი იყო?
– მოცულობით, ოთახის ნახევარს იკავებდა.
– ოთახი რამხელა იყო?
– საკმაოზე დიდი.
– მე კარადა მქონდა მსგავსი მოცულობის, რომელშიც მამაჩემს ერთი თვე
ვმალავდი – ამბობს კოზლოვი.
– რატომ მალავდი? – ელცინი ეკითხება.
– მოხუცი იყო და სიკვდილის ეშინოდა, მაგრამ ერთი თვის თავზე
კარადაში მოკვდა, ზოგმა თქვა უჰაერობის გამოო.
– ეგ ისტორია ვიცით, მეზობლები რომ სუნმა შეაწუხათ, ისიც ვიცით.
– მოყოლილი მაქვს? – კოზლოვი იმდეგაცრუებულია.
– არაერთხელ.
– ჩვენ სიზმრების აპარატზე გვაინტერესებს – ამბობს საშა.
– შაქრის – უსწორებს ელცინი.
– შაქრის რატომ?
– ეგრე ქვია.
– ნუ მომაცდენთ, ისედაც მეძინება.
– ჯერ თეთრხალათიანი ძუკნა არ გამოჩენილა.
– მერე რა, ისე არ შეიძლება გეძინებოდეს?
– განაგრძე, ყველას გვაინტერესებს.
– მოკლედ, აპარატში მიკროსქემა იდო, რომელიც ხელსაწყოს მთავარ
მექანიზმს წარმოადგენდა, მისი დახმარებით ადამიანები მომდევნო დღის პროგნოზს ხილვებში ხედავდნენ, საგულისხმოა ისიც, რომ კლიენტები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებოდნენ.
– როგორ ხდებოდა მათი მოზიდვა?
– პირველმა ექსპერიმენტმა იმდენად გაამართლა, რამდენიმე დღეში
მთელმა ქალაქმა იცოდა გამოგონების ამბავი.
– მათ ისტორიებს მართლა ისმენდი?
– ეს პროცესი თითქმის ჩემდა დამოუკიდებლად მიმდინარეობდა, მე
მხოლოდ აპარატზე ვაერთებდი.
– შაქრის რატომ იყო?
– როცა საკუთარ ისტორიას მოყვებოდი, აპარატი შაქარს იძლეოდა, რომლის მიღებიდან რამდენიმე წუთში ხედავდი ხილვას მომდევნო დღის შესახებ.
– ანუ?
– მაგალითად, თუკი ხილვაში ავტოკატასტროფის მსხვერპლი იქნებოდი, მეორე დღეს შეგეძლო კატასტროფა თავიდან აგეცილებია.
– როგორ?
– ძალიან მარტივად, მეორე დღეს ნებისმიერი სახის ტრანპორტით სარგებლობაზე იტყოდი უარს, რის შედეგადაც საფრთხე აღარ დაგემუქრებოდა.
– ანუ, რა გამოდის, შენს აპარატს ჩემი გადარჩენაც შეეძლო?
– ვერ მიგიხვდი.
– ვიდრე აქ გამომკეტავდნენ, წინა დღით რომ მოვსულიყავი და აპარატით მესარგებლა, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
– და ვერც ამ ისტორიას მოისმენდი – აჯავრებს კოზლოვი.
– შენ არავინ გეკითხება – ტონს უწევს საშა.
– თუ მაგ ლოგიკით მივუდგებით, ელენას გადარჩენაც შემეძლო – ამბობს ელცინი.
– ელენა ვინ არის? – ვეკითხები.
– ჩემი ქალიშვილი.
– ახლა სად არის?
– ზღვაში.
– იქ რა უნდა?
– მაშველები ერთი კვირა ეძებდნენ – სლუკუნებს ელცინი – ცურვა არ იცოდა.
– ბოდიშს გიხდი.
– რისთვის?
– უხერხული შეკითხვის გამო.
– არაფერია, ისტორიების მოსაყოლად აქაურობა ყველაზე საუკეთესო ადგილია.
– მოსასმენადაც – ისევ კოზლოვი ეჩრება.
– სიფათს მიგინგრევ, ნაბიჭვარო – ემუქრება საშა.
– ახლა ეგ აპარატი სად არის? – საუბარში კოსტავა გვერთვება.
– იმათმა წაიღეს – თვალებით ჭერისკენ მივანიშნებ.
– როგორ მიაგნეს, შენ უთხარი?
– სამი დღე მაწამეს, მაგრამ კრინტიც არ დამიძრავს, ბოლოს სარდაფში მიაკვლიეს, სპეციალურად გამოყოფილ უზარმაზარ ოთახში.
– დიდხანს იწვალეს?
– საკმაოზე დიდხანს, რადგან როცა ისინი მოვიდნენ, მე მათ ველოდებოდი.
– გადამალეთ?
– ცხადია გადავმალე.
– მარტოს არ გაგიჭირდა? – ელცინი მეკითხება.
– მარტო არ ვყოფილვარ, რამოდენიმე ერთგული კლიენტის დახმარებით, ნაწილ-ნაწილ გადავიტანე სარდაფში.
– შენს ადგილას, მე სახლსაც დავტოვებდი – კოზლოვი ამბობს.
– რა აზრი აქვს, მათ ვერსად დაემალები, მიწიდანაც ამოგთხრიან.
– ეგ მართალია.
– ნეტა სად ინახავენ?
– პარლამენტში – იცინის კოზლოვი.
– ნერვებს მიშლი – ელცინის შენიშვნაზე, კოზლოვი სიცილს წყვეტს.
– შემდეგი არჩევნებიც მოგებული აქვთ – ვამბობ მე.
– მაგაში ეჭვიც არ მეპარება, ისინი ხალხს უსმენენ და სასურველ შაქარს იძლევიან.
– იქნებ მაღაზიებშიც ყიდიან.
– არაფერია გამორიცხული.
– თანაც შაქარი, მოხუცებს და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ.
– ოდესმე შენი აპარატით უსარგებლიათ?
– ვის?
– იმათ – საშა ჭერისკენ მიმანიშნებს.
– რამდენიმე მათგანი სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი მოვიდა, თავი ჩვეულებრივ ადამიანებად წარმომიდგინეს, მაგრამ მაინც ვიცანი..
– რანაირად?
– ხელოვნური ულვაშები ეკეთათ და პარიკი ედოთ..
– უთხარი?
– არა, თავი ისე მეჭირა, თითქოს ვერაფერს მივხვდი.
– თავის მოტყუება მაგარი რამეა – ამბობს კოზლოვი – ეგ რომ შეგვძლებოდა ახლა აქ არ ვიქნებოდით.
ეს იყო პირველი რეპლიკა კოზლოვის მხრიდან, რომელმაც საშა და ელცინი არ გააღიზიანა.
– მგონი ხვალ, ჰაერზე გავყავართ – ამბობს კოსტავა.
– თუ ისევ არ გაწვიმდა.
– მე წვიმაშიც თანახმა ვარ.
– ჩემზე რომ იყოს, ახლაც სიამოვნებით გავისეირნებდი.
– იმ ძუკნასთან ერთად? – კოზლოვი ეკითხება.
– რატომაც არა – იცინის საშა – ალბათ გავჟიმავდი კიდეც.
საშა და კოზლოვი სიცილს იწყებენ, მოგვიანებით დანარჩენებიც მხარს ვუბამთ. ამ დროს დერეფნიდან მოგუდული ხმაური გვესმის, რამდენიმე ადამიანის საუბარს, დროდადრო ნაბიჯების ხმა ფარავს.
– ჩშშ – ელცინი საჩვენებელ თითს ტუჩთან იდებს.
ყველანი ვჩუმდებით. ხმა თანდათან გვიახლოვდება, ახლა მხოლოდ მათი საუბარი იმის. ისინი კარებთან დგანან.
– ეს ოთახი დალუქულია – მისის ტეილორი ამბობს.
– შეიძლება შევამოწმოთ? – უცხო ხმაა.
– არ მენდობით?
– რათქმაუნდა გენდობით, მაგრამ აქ ნდობა არაფერ შუაშია, მე დავალებას ვასრულებ.
მოულოდნელ ხმაურზე, ყველანი ვფითრდებით. სამარიდან ახლადამდგარ მიცვალებულებს ვგავართ. რამდენიმეხნიან პაუზას მისის ტეილორის შეკითხვა არღვევს.
– მოკალი?
– ჯერ სუნთქავს – სხვა ხმა პასუხობს.
– ჯობია ჭრილობა გადავუხვიოთ, რათა სისხლისგან არ დაიცალოს,
დანარჩენს მე მივხედავ.
– ახალი ფორმაა საჭირო.
მათი საუბარი უკვე შორიდან გვესმის. გაურკვეველ დიალოგს დროდადრო მისის ტეილორის გამაღიზიანებელი კისკისი ფარავს, რომელსაც დერეფნის ექო შემაძრწუნებლად ახმოვანებს.
– ალბათ დამკვირვებელი იყო – ამბობს კოსტავა.
– მაგას ხვალ გავიგებთ – ჩურჩულებს ელცინი.
– ხვალიდან ახალი მეგობარი გვეყოლება.
ჩამავალი მზის შუქი, ფანჯრებიდან შემოდის და გისოსების ჩრდილს მტვრიან იატაკზე ხატავს. აქედან გახედვა ყველას შეუძლია. მათ შორის ჩვენც, თუმცა სასიამოვნო ხედის ნაცვლად, უზარმაზარი კედელი იშლება, რომელიც კოსტავას თქმით, ადამიანის სხეულის ნაწილებით არის ნაგები.
– ვინ ადამიანების? – კოზლოვი შეშინებული ხმით კითხულობს.
– იმათი, ვინც აქედან გაქცევა მოინდომა.
– შენ საიდან იცი? – ვეკითხები.
– ჩემი დიდი ბაბუა მშენებელი იყო, ისინი აშენებდნენ.
– ვინ ისინი?
– ყველანი, ვინც კი ამ ქვეყნის შვილები იყვნენ.
– მართლა ბაბუამ გითხრა? – ელცინს ხმაში ხრინწი ერევა.
– ბავშვობაში, ზღაპრებს ყოველთვის ბაბუა მიყვებოდა ხოლმე,
მაგრამ ეს ისტორია ზღაპარი არ არისო მითხრა. როცა კედელი შეგვიკვეთეს, ომიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი და გამოცდილებაც დიდი მქონდაო. მისი თქმით ყველა ამბოხებულ პაციენტს ორგანოებს აჭრიდნენ და სამშენებლო მასალის დაზოგვის მიზნით კედლისთვის იყენებდნენ, ამას რა თქმა უნდა, სხვა პაციენტების დასანახად აკეთებდნენ. რათა შიში დაეთესათ.
– კედლის აშენება რატომ გადაწყვიტეს? – საშა კითხულობს.
– ბაბუა მაგ თემაზე ლაპარაკს ყოველთვის გაურბოდა, მაგრამ ერთხელ
მაინც დავაცდენიე.
– რაო რა გითხრა?
– კედლის იქით სხვა სამყაროაო.
– მაინც როგორი? – კოზლოვი როლშია.
– ისეთი, როგორზეც ჩუმად ოცნებობენ, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობენ,
ბაბუას აზრით, ჩვენი ხალხი ამისათვის არასოდეს იქნება მზად.
– წარმოგიდგენია? – ელცინი მეუბნება – შენი აპარატის გამო იქ
შესაძლებელია ხელის გულზე გატარონ, აქ კი ცოცხლად გმარხავენ.
– უნდა დავიძინო – ვამბობ მე.
– ჯერ არ მოსულა, შვიდამდე დრო გვაქვს – მამშვიდებს ელცინი.
– მერე რა, ისედაც მეძინება.
– კარგი, მაშინ ყველამ ერთდროულად დავიძინოთ, ოღონდ ერთი პირობით
– ამბობს კოსტავა.
– რა პირობით? – კითხულობს საშა.
– ძილის წინ, ყველამ კედელზე ვიფიქროთ.
– კარგი აზრია.
– კედელზე რატომ?
– იქნებ სიზმარში მაინც ვნახოთ იქეთ რა ხდება.
საბანს ბოლომდე ვიფარებ და თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ. სამარისებურ
სიჩუმეს საათის წიკ-წიკი არღვევს.
უკვე შვიდი სრულდება…
ო, როგორ ვერ ვიტან იმ წყეულ ტაბლეტებს: ყოველთვის ყელში მეჩხირება.
დერეფნის ბოლოდან ფეხის ხმა ისმის.
ალბათ მისის ტეილორია…
© “არილი“ -
ახალი წიგნები – 2010 – დეკემბერი
გრიგოლ რობაქიძე, ჰიტლერი (უცხოელი მწერლის თვალით). გერმანულიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო დალი ფანჯიკიძემ. რედაქტორი ზვიად კვარაცხელია. თბ. “არტანუჯი”, 2010.
ეს წიგნი გრიგოლ რობაქიძის განცდების კრებულია, სადაც ჰეროიკულადაა აღწერილი ფიურერის ცხოვრება და პოლიტიკური გზა. წიგნში დამოწმებული არაერთი სიმბოლო, ხატი თუ მითიური ამბავი მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომმტავარი პერსონაჟი ახლებურად წარმოჩნდეს. ნანახისა და გაგონილის უჩვეულო შერწყმასთან ერთად, მწერალი გვთავაზობს თავის დაკვირვებებს, ხშირად გადამეტებულსაც, მაგრამ საოცარი რწმენითა და დაბეჯითებით. პირადი ფოტოები, საჯარო გამოსვლები, ხალხთან შეხვედრა და ჰიტლერით მოცული ყოველდღიურობა თავს იყრის გრიგოლ რობაქიძის აზროვნებასა და წარმოსახვაში.სილვია პლათი, ზარხუფი (რომანი), ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა, თბ. “ფონდი ტასო”, 2009.
სილვია პლათის “ზარხუფი” ფონდმა ტასომ “ფემინისტური ბიბლიოთეკის” სერიით გამოსცა. თუკი ლელა სამნიაშვილისა და სხვათა მიერ ტარგმნილ სილვია პლათის ლკექსებს მკითხველი აქამდე კარგად იცნობდა, გასული წლიდან უკვე პოეტის რომანის წაკითხვაც შეუძლიათ მკითხველებს. ლელა სამნიაშვილის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: “ამ ავტობიოგრაფიული რომანის ზარხუფი – სიგიჟეა, ესთერის, სილვია პლათის პროტოტიპის, ახალგაზრდა, ნიჭიერ თავზე მოულოდნელად ჩამომხობილი, მისი და გარშემომყოფების, მისი და ცხოვრების გამყოფი, რომლისგანაც თავის დაღწევა სულ მცირე, საკუთარი გონების, ვნებებისა და ნიჭის დაყოლიებასა და სიცოცხლის სურვილზე მათ ჩაჭიდებას მოითხოვს”.ჟან ჟენე, ნოტრ-დამ-დე-ფლერი (რომანი), ფრანგულიდან თარგმნა გიორგი კახაბერმა. თბ. “დიოგენე”, 2010.
ჟენეს ლიტერატურული შემოქმედება იწყება XX საუკუნის 40-იანი წლებიდან. ამავე პერიოდში იგი დაუახლოვდა ჟან კოქტოსა და ჟან-პოლ სარტრს. ჟ. კოქტო იყო პირველი, რომელმაც აღმოაჩინა ჟან ჟენე, როგორც მწერალი და მას “თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მწერალი” უწოდა. ჟან ჟენეს რომანი ნოტრ-დამ-დე-ფლერი (ყვავილების ღვთისმშობელი) – დაწერილია პატიმრობაში. პოეტურ რომანში, რომელიც მნიშვნელოვანწილად ავტობიოგრაფიულია, აღწერილია პარიზელ მარგინალთა, კრიმინალთა ყოფა-ცხოვრება., დანახული 16 წლის მოზარდის თვალით, რომელიც ქურდობისთვის იყო გასამართლებული. პერსონაჟთა ხასიატები აღებულია რეალური ცხოვრებიდან.ტენესი უილიამსი, კამინო რიალი (პიესა), ინგლისურიდან თარგმნა მანანა ანთაძემ. თბ. “აგორა”, 2010.
“კამინო რიალი” ტენესი უილიამსის (1911-1983) პოეტურ პიესებს შორის განსაკუთრებული მოვლენაა. ამ სათაურით უილიამსმა 1945 წელს ლექსი დაწერა, 1946-ში პიესაზე დაიწყო მუშაობა, 1948 წელს ერთაქტიანი პიესა შექმნა, რომელიც American Blues-ში დაიბეჭდა და რომელსაც ელია კაზანი თავის Actors Studio-სთვის აიღო, როგორც სატრენაჟო მასალა მსახიობებთან სამუშაოდ. “კამინო რიალი” თავისი დროის უგამორჩეულესი დრამატურგის ყველაზე სუსტ პიესად მოინათლა, დღეს კი “ამერიკის უდიდესი დრამატურგის ყველაზე მნიშვნელოვან პიესად” ითვლება.ფილიპ პულმანი, ოქროს კომპასი, ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ, თბ. 2010.
ინგლისელი მწერლის, ფილიპ პულმანის ოქროს კომპასის ტრილოგია, რომელიც ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება, 2003 წელს ინგლისელების ყველაზე კითხვადი წიგნების სამეულში შევიდა; 2005 წელს საბავშვო ლიტერატურაში უმაღლესი, ასტრიდ ლინდგრენის პრემია მოიპოვა; 2007 წელს კი ამ ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი სახელწოდებით “ოქროს კომპასი”. “ოქროს კომპასი” ტრილოგიის პირველი წიგნია. მასში მოქმედება ხდება პარალელურ სამყაროში, რომელიც თან ძალზე წააგავს ჩვენსას, თან ბევრი რამითაც განსხვავდება. წიგნის მთავარი გმირი 12 წლის ლაირაა. უშიშარი გოგონა მეგობრის გადასარჩენად ჩრდილოეთ პოლუსზე მიემგზავრება. ამ საქმეში მას ბოშები, ჯავშნიანი დათვები და ალქაჯები ეხმარებიან.იზაბელ ებერარდი, მოგზაურობა მაღრიბში, ფრანგულიდან თარგმნა მანანა ბოსტოღანაშვილმა, თბ. გამომცემლობა ლირა, 2010.
რატომ გადაწყვიტა XX საუკუნის გარიჟრაჟზე 20 წლის არისტოკრატიული წარმოშობის, თავისუფლების მოყვარულმა ქალიშვილმა, მიეღო ისლამი? მან დაარღვია თავისი ეპოქის ევროპული საზოგადოების წესები, არაბი მამაკაცის სამოსითა და მაჰმუდ საადის სახელით საჰარაში მოგზაურობდა აბსოლუტის ძიებაში… იზაბელ ებერარდის ყველა ტექსტს შორის მოგზაურობა მაღრიბში (სამხრეთ ირანი), ერთად-ერთია, რომელიც თვითონ მოამზადა გამოსაცემად.მარკ ლევი, სად ხარ? (რომანი). ფრანგულიდან ტარგმნა ნინო თურქესტანიშვილმა. რედაქტორი თემურ ქურდოვანიძე. თბ. “აგორა”, 2010.
საწარმოს ახალგაზრდა ხელმძღვანელმა, მარკ ლევიმ, შვიდი წელი ამერიკის შეერტებულ შტატებში, სან-ფრანცისკოში იცხოვრა. იქ სინთეზური გამოსახულებების ფირმა ჩამოაყალიბა, შემდეგ ჩამოვიდა პარიზში და სათავეში არქიტექტორთა ჯგუფს ჩაუდგა. 2000 წელს გამოაქვეყნა პირველი რომანი “ეს რომ მართალი იყოს…”, რომელსაც თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად.: 2000 წელს ის ფანტასტიკის ჟანრში ნომერ პირველ წიგნად ითვლებოდა. რომანი იტარგმნა 30 ენაზე და სტივენ სპილბერგმა ავტორისგან ნაწარმოების მიხედვით ფილმის გადაღების უფლება შეიძინა. მარკ ლევის ეს რომანი, “სად ხარ?” 2003 წელს გამოიცა საფრანგეთში.ადრიან მარინო, კომპარატივიზმი და ლიტერატურის თეორია, ფრანგულიდან თარგმნეს რუსუდან თურნავამ და ნინო გაგოშაშვილმა. რედაქტორები, ირმა რატიანი, გაგა ლომიძე. თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2010.
ეს წიგნი ლიტერატურის ინსტიტუტმა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის საელჩოს, დიუმას ცენტრისა და მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო პროგრამის მხარდაჭერით გამოსცა და იგი რუმინული წარმოშობის ფრანგულენოვან ლიტერატურათმცოდნეს, ადრიან მარინოს ეკუთვნის. წიგნი 80-იან წლებშია გამოცემული და როგორც წინასიტყვაობაში ვკითხულობთ, მისი მიზანი იყო კომპარატივიზმის მიერ “გატელილი ძველი, პოზიტივისტური, “აკადემიური” გზების მიტოვება, მისი შემობრუნება “თეორიული” და ამასთანავე “მებრძოლი” მიმართულებით ლიტერატურის თეორიისკენ… კომპარატივიზმის პირდაპირი ჩართვა ჩვენი ეპოქის იდეოლოგიურ სინამდვილეში”.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მრგვალი მაგიდა: XXI საუკუნის ქართული რომანი