თბილისში გვაქვს რკინის რიგი, ბამბის რიგი, პურის მოედანი, ვერცხლის ქუჩა, რატომ არ უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩა?!
თბილისში დღეს ბევრს აწუხებს ეს პრობლემა. ფეიბუქზეც გამოჩნდა უკვე ჯგუფი: “დააბრუნეთ ქუჩის ბუკინისტები“.
ადრე იყო რუსთაველი, პუშკინის მიწისქვეშა გადასასვლელი, ჭავჭავაძე, უნივერსიტეტის პირველი და მეხუთე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, დელისის მეტრო, სამედიცინოს მეტრო, დოლიძის ქუჩა, ქაშუეთის მიწისქვეშა გადასასვლელი, კოლმეურნეობის მოედანი, ოპერის მიმდებარე ტერიტორია, მარჯანიშვილი, ახმეტელის მეტრო, დინამო, ვაგზალი…
ახლა დარჩა მარტო პარნასი, ბიბლუსი, ლესელიძის ქუჩა, რუსთაველი…
ადრე იყო იაფი და ძველი…
ახლა დარჩა ახალი და ძვირი…
ალბათ, მიხვდით უკვე, რაზე მაქვს საუბარი. თბილისის მერიის ბრძანებით გარემოვაჭრეებთან ერთად ბუკინისტებიც ”აყარეს”. ”აყარეს” – არც თუ ისე შესაფერისი სიტყვაა, მოხვეტეს უფრო შეესაბამება. თბილისის ქუჩებიდან წიგნები მოხვეტეს!
ამ კვირას რადიო თავისუფლების ბლოგზე მალხაზ ხარბედიას სტატიას გადავაწყდი. უცნაური გზით, მაგრამ სწორად აღწერა არსებული პრობლემა:
”უკვე კვირაზე მეტია ქალაქი წიგნებისგან დაცარიელდა… ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით… გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, აი იმას, თავისუფლების მოედნიდან რომ აუდის საკრებულოს შენობას. დაუთმეთ ის ახალი, გარემონტებული მონაკვეთი წიგნებს, მათ შორის იმ ნამცხრებიან წიგნების მაღაზიებსაც. დავარქვათ იმ ადგილს “წიგნის უბანი”, ანდა რაც გინდათ ის დავარქვათ, უბრალოდ ნუ გადახვეტავთ ქალაქის ქუჩებიდან წიგნებს! ნუთუ ტყუილად იდგნენ ისინი ამდენი წელი?”
ვფიქრობ, შესანიშავი გადაწყვეტილება იქნება ტაბიძის ქუჩაზე წიგნის ქუჩის, რიგის ან თუნდაც უბნის გახსნა. სტატიის წაკითხვის მერე გაიარეთ ტაბიძის ქუჩაზე და ნახავთ, როგორ მოუხდება ამ ქუჩას ბუკინისტები. ან თუ არ გცალიათ, გაიარეთ როცა გეცლებათ. მაგრამ უთუოდ უნდა გაიაროთ, ნახოთ, მიხვდეთ და მხარი დაუჭიროთ ამ ქუჩაზე ბუკინისტების გადაყვანას..!
დიახ, ბუკინისტები საბჭოთა კავშირში გამოცემულ წიგნებს ყიდდნენ, მაგრამ საინტერესო და კარგ წიგნებს, რომლებიც 30 წელი არ დახეულა და კიდევ ამდენ ხანს გაძლებს კარგი მკითხველის ხელში.
დიახ, ზოგი მათგანი Photoshop, Flash, Excel, AutoCad, C++, 3DS MAX-ის შემსწავლელ წინგებს ყიდდა, მაგრამ გვერდითა თაროზე ფროიდის და პლატონის წინგები ედოთ.
დიახ, ისინი ჰიტლერის წიგნს ყიდდნენ, მაგრამ სხვაგან სად იპოვით ამ წიგნს?
სად იპოვით Photoshop, Flash, Excel, AutoCad, C++, 3DS MAX-ის შემსწავლელ წინგებს?
სად ნახავთ TOEFL, IELTS, SAT, GMAT-ის შემსწავლელ წიგნებს იაფ ფასად?
პასუხი მარტივია: გალაქტიონ ტაბიძის ან წიგნის ქუჩაზე! ოღონდ ეს იმ შემთხვევაში მოხერხდება, თუ ჩვენ, მკითხველები, ვიზრუნავთ ამაზე. თუ ჩვენ არ დავიზარებთ და მოვითხოვთ წიგნების ქუჩის დაარსებას!
თბილისში გვაქვს რკინის რიგი, ბამბის რიგი, პურის მოედანი, ვერცხლის ქუჩა, რატომ არ უნდა არსებობდეს წიგნის ქუჩა ან წიგნების მოედანი?!
- თემო ბარათაშვილი© eventlenta.wordpress.com
-
მერე რა, თუ ყველა ვერ იყიდის
თათია კობიძე”რა შეიძლება შეიძინოთ ორმოცდაათ თეთრად?” არაფერი ღირებული გახსენდებათ? მე კი შემიძლია ის წიგნები ჩამოგითვალოთ, რომლებიც ორმოცდაათ თეთრად ბუკინისტებთან მაქვს ნაყიდი. უოლტერ სკოტის ”აივენჰო”, ირაკლი კოსტავას ლექსების კრებული, გალაკტიონის ორი ტომი (თითო ოცდახუთ თეთრად)… კიდევ ბევრი წიგნის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც თითქმის უფასოდ მაქვს ბუკინისტებისგან ნაყიდი.
თბილისში დაბრუნებულს ახალი ამბავი დამხვდა. სიახლეები ჩვენი დედაქალაქისთვის დიდი ხანია უცხო აღარაა, ამჯერად ქალაქიდან წიგნები გაქრა. დიახ, გაქრა. გაქრა მათთვის, ვისაც ნამდვილად უყვარდა კითხვა.
თბილისის თითქმის ყველა ქუჩაზე შეგეძლოთ ბუკინისტების ნახვა და ”სტელაჟებზე” გამოფენილი ფილოსოფიური, ისტორიული, სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის იშვიათი გამოცემების ყიდვა ან უბრალოდ დათვალიერება მაინც. საკუთარი ბიბლიოთეკისთვის შეძენილ თუ ნაჩუქარ წიგნებს ბუკინისტები ”უბრალო მოკვდავებისთვის” ხელმისაწვდომ ფასად ყიდდნენ. ”უბრალო მოკვდავები” ტყუილად არ მიხსენებია იმიტომ, რომ საშუალო ფენის ადამიანისთვის წიგნის მაღაზიების სტუმრობა ფუფუნების ტოლფასია. ამაში დიდი ხნის წინ დავრწმუნდი, როდესაც სასურველი წიგნების ფასების გაგებით იმედგაცრუებული რამდენჯერმე ხელცარიელი გამოვბრუნდი უკან. ე.წ. ლიტერატურულ კაფეებზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს. იქ ჯერ გეკითხებიან რას შეუკვეთავთ, შემდეგ კი გაღიზიანებული ხმით გაფრთხილებენ, რომ თაროდან წიგნის აღება და წაკითხვა აკრძალულია. ”ჭამე, იყიდე, წადი!”
ბუკინისტების ”აყრის” შემდეგ კიდევ ერთხელ მივიაკითხე წიგნის მაღაზიებს. ამჯერად მხოლოდ ფასების გასაგებად. აღმოჩნდა, რომ ყველაზე იაფი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მიერ გამოცემული საბავშვო წიგნი, სამი ლარი ღირს. წიგნში შეგიძლიათ ამოიკითხოთ: რა ფერისაა თვითმფრინავის საწვავი ან რა ჰქვია მას, ვინც თვითმფრინავს მართავს. სამ ლარად მეტს არ უნდა ელოდო. აქვე იყო შედარებით იაფიანი, ხუთ-ექვს ლარიანი წიგნებიც (ძირითადად ბროშურები), მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, ავტორებს რომ არ ვაწყენინოთ. ასეთ წიგნებს, როგორც წესი, ოჯახის ახლობლები ყიდულობენ ხოლმე. მოკლედ, თუ წიგნის ყიდვას გადაწყვეტთ სულ მცირე ათი ლარის დახარჯვა მაინც მოგიწევთ.
და მაინც, რატომ ”აყარეს” ბუკინისტები? ისინიც გარემოვაჭრეები არიანო.
გარემოვაჭრეების ”აყრის” მნიშვნელოვანი მიზეზები ის იყო, რომ ქალაქს აბინძურებენ, მოძრაობას აფერხებენ და ჯანმრთელობისთვის საშიშ, მალფუჭებად პროდუქს ყიდიანო. რატომ იყო, მაგალითად, კოსტავას ქუჩაზე, მიწისქვეშა გადასასვლელის კიბის კუთხეში მდგომი პროფესიით ფილოსოფოსი გოგი გარემოვაჭრე. წიგნებით აბინძურებდა გარემოს?როგორც ჩანს, ვიღაცამ ”სულიერი საზრდო” პირდაპირ მნიშვნელობით გაიგო და საკვებს დაუკავშირა? ანდaრატომ იყო მიწისქვეშა გადასასვლელების ფილებზე დაწყობილი წიგნები ვიღაცისთვის არაესთეტიკური შესახედი, მე პირადად, ვერ ვხვდები.
ამ მოვლენამ იმელის შენობაში არსებული ბიბლიოთეკა გამახსენა. იმდროინდელმაკულტურის მინისტრმა ბიოლის ფონდში შეხვედრაზე მისულ ჟურნალისტებს ხუმრობით გვითხრა: ”რა ხართ ეს ჟურნალისტები! ყველაფრისგან პრობლემას ქმნით, ხომ გადავიტანეთ ის წიგნები ეროვნულ ბიბლიოთეკაშიო.”თუმცა გადატანამდე ათასობით ეგზემპლარი, რომელთა სრული სია არც კი არსებობდა, სახურავახდილი შენობის დერეფნებში, სარდაფსა და კიბეებზე სამშენებლო ნაგვის გვერდით გდებისგან რომ გაფუჭდა და დაიკარგა იმაზე აღარაფერი უთქვამს. ის არ იყო პრობლემა. ჰოდა, არც ქალაქიდან წიგნების გაქრობა იქნება დიდი პრობლემა. წიგნის მაღაზიები ხომ არსებობს და მერე რა, თუ ყველა ვერ იყიდის.facebook.com
-
მალხაზ ხარბედია – ისინი იდგნენ
ისინი იდგნენ.
იდგნენ ვაკეში, ჭავჭავაძეზე, უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის წინ და გადმოღმა – მიწისქვეშა გადასასვლელთან, მაღაზიების წინ.
ბევრნი იდგნენ პირველ კორპუსთან – გაღმაც, გამოღმაც და მიწისქვეშაშიც, ორ ადგილას.
იდგნენ დელისის მეტროს წინ, მეორე, უკაცურ ამოსასვლელთან.
ისევ დელისთან, ვაკე საბურთალოსკენ რო ჩამოუხვევდი, ორნი ჰყიდდნენ წიგნებს, ცალკ-ცალკე იდგნენ. ერთი 4 ნომრის გაჩერებასთან, მეორე ქვემოთ, გადასასვლელთან. ერთი მეიაფე, მეორე მეძვირე.
ასევე ქვემოთ, ვაჟას ჩაყოლებაზე იდგნენ, სამედიცინოს მეტროსთან. წიგნები ზედ მიწისქვეშა გადასასვლელის გრანიტის ფილებზე ჰქონდათ გაშლილი. აქაც ორნი იყვნენ – ქართველი და რუსი.
წიგნები იყო პეკინის დასაწყისშიც.
ერთი სტელაჟი დოლიძის ქუჩის დასაწყისთან ახლოსაც იდგა.
ტექნიკური უნივერსიტეტის წინ დაღმართზეც იდგნენ, ტელევიზიასთან, იქ, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელს ერთი მხრიდან უზარმაზარი “სტუდენტური სახინკლე” დაჰყურებს, მეორე მხრიდან კი “გეპეის” სტალინური კორპუსი.
ისინი იდგნენ თავისუფლების მოედნის ქვეშ, დაბალჭერიან გადასასვლელში, ძლივს ეტეოდნენ, აქ ხანდახან 10-მდე წიგნით მოვაჭრეც კი გროვდებოდა ხოლმე.
ამოვიდეთ მიწის ზედაპირზე. აქაც ბუკინისტები იდგნენ, ყველაზე მეტი კი ბანკთან, პუშკინის ქუჩის დასაწყისში.
იდგნენ კოლმეურნეობის მოედანთან, გაფანტულად.
ქაშუეთის წინ მიწისქვეშა გადასასვლელში ქალი იდგა, ძალიან კარგად შენახულ ძველ წიგნებს ყიდდა. ყოველ მეორე წიგნს რაიმე დამაინტრიგებელი ფაქსიმილე ამკობდა. მეძვირე იყო, მაგრამ აკლებდა ხოლმე.
იდგნენ პირველ საშუალო სკოლასთან.
თბილისი მერიოტის მოპირდაპირე მხარესაც იდგნენ.
ოპერის წინ, გადაღმა და მიწისქვეშაშიც იდგნენ.
ზემელზეც ყველგან იდგნენ, მიწისქვეშაც, და მიწის ზემოთაც. ხანდახან სრულიად უცნობი გამყიდველები გამოჩნდებოდნენ და შემდეგ ისევ ქრებოდნენ.
გამომცემლობა “სამშობლოს” წინ. აქ წიგნების ყველაზე დიდი არჩევანი იყო მთელს ქალაქში. აქ იდგნენ თუ იდგნენ.
ვერაზეც იდგნენ რამდენიმე ადგილას.
მარჯანიშვილის მეტროს ამოსასვლელთან, რამდენიმეგან.
ასევე მარჯანიშვილზე – მაკდონალდის გასწვრივ იდგნენ.
გლდანში, ახმეტელის მეტროს წინ 3 დიდი დაფა იდგა განცალკევებით.
დინამოს სტადიონის წინ.
ვაგზალზე.
ოკრიბის ავტოსადგურზე…
ვინმე შეიძლება შემომედავოს – “იდგნენ კიარა, იჯდნენ”-ო, რაზეც ვუპასუხებ: არა, ისინი იდგნენ, როცა მიხვიდოდი – დგებოდნენ, ყოველთვის ფეხზე გხვდებოდნენ. იდგნენ რაღაცის სადარაჯოზე, ირჩენდნენ თავს, არჩენდნენ პატარა ოჯახებს, იდგნენ სხვების განათლების სადარაჯოზეც, თავიანთი განათლებისთვის ვერ იცლიდნენ. მხოლოდ ერთეულები იცლიდნენ წასაკითხად. ხანდახან ჩამოჯდებოდნენ თავიანთ პატარა ჯორკოებზე, მეთევზის გასაშლელ სკამებზე. ზოგს საერთოდ არც ჰქონდა სკამი, ცივ გრანიტზე იჯდა, ან აგურებზე, აყრილ ქვაფენილზე, წიგნებზე…
ზოგიერთი მათგანი დღეს ალბათ ცდილობს სხვა საქმეს მოეკიდოს, ზოგი ყოველ დილას უბრუნდება ძველ ადგილს, უბრუნდება წიგნების გარეშე, წიგნების გარეშე მას ვერავინ ცნობს, მან სახე დაკარგა წიგნების გარეშე, თავის შვილთან ერთად შეჭედილ სტელაჟის წინ ის პიროვნება იყო, ახლა ის აღარავინაა, უჩინმაჩინია. ამათგან ზოგიერთი შესაძლოა ტელეფონზეა ჩამოკიდებული, ვიღაცამ კარდაკარ დაიწყო სიარული, ბევრი ალბათ სახლში ზის, მიშტერებია წიგნების სვეტებს, წიგნებითვე გამოტენილ გიგანტურ ჩანთებს, კარებთან დატოვებულ შეკვრებს.
ზოგი ალბათ ისევ იქ ინახავს წიგნებს, სადაც ინახავდა. იცით ალბათ, რომ წიგნით მოვაჭრეს თავისი საქონელი სახლში არ დააქვს, არამედ მეზობლად ქირაობს მცირე “საწყობს”…
უკვე კვირაზე მეტია ქალაქი წიგნებისგან დაცარიელდა. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა წიგნებისგან გაასუფთავა ქალაქი. დღეს თბილისში უკვე აღარაფერი გაგახსენებთ წიგნებს. აღარც არტურაა, აღარც გია, აღარც ავთო, ვაგანა, ალიკა, როინი და ალექსანდრე. არ ჩანან ქალბატონებიც. ორი დღის წინ ზოგიერთი მათგანი საკრებულოს საიტზე გამოჭიმეს, როგორ გარემოვაჭრეები (http://www.sakrebulo.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=6&info_id=1037), უბრალოდ, გარემოვაჭრეებს შეხვდნენ და ესაუბრნენ. ფოტოზე ყველა ვიცანი, აბსოლუტურად ყველა, ზოგის სახელი გავიხსენე, ზოგის ვერა. ფოტოებზე ხანდახან იღიმიან, ხანდახან იმედი აქვთ. არ უნდათ ნესტიან და ყველასგან დავიწყებულ ადგილას გადასვლა. იციან, იქ არავინ მოვა, იქ მათ ვეღარავინ იცნობს, იქ შეიცვლებიან, იქ ძველი ნაცნობები ვეღარ მოაგნებენ, ყველაზე ერთგული მყიდველი დაიკარგება იმ ადგილამდე სანამ მივა. მათ ქალაქში უნდათ ყოფნა, ხალხთან, ისინი ქალაქის მარილი არიან, ზოგი მეძვირე, ზოგიც მეიაფე.
ქალაქში დარჩა მხოლოდ წიგნის მაღაზიები, საიდანაც ძვირიანი ალბომები იწონებენ თავს მანეკენებივით. ძვირიანი კალენდრები, პლაკატები, კალმები, ფლომასტერები, ჭრელი მარკერები. და რაც მთავარია – ნამცხვრები, ნამცხვრები, ნამცხვრები! სხვანაირად ვერ იტყუებენ იქ ადამიანებს.
ქუჩის ბუკინისტებთან კი წიგნებისთვის მიდიოდა ხალხი და არა გასაგრილებლად და კალორიების მისაღებად. ქუჩის ბუკინისტებთან წიგნის მოყვარული ნევროზს მკურნალობდა, მკურნალობდა წიგნებით და არა უზომო რაოდენობის ტკბილეულით. დღეს ასეთი ბიბლიონევროზით დაავადებულნი საკვების გარეშე დარჩნენ. 3-4 მაღაზია ეყოფათ მათ? თანაც ძვირია წიგნები ამ მაღაზიებში და ლამის 50%-მდე ავიდეს მაღაზიის ფასნამატი.
ახლა კი საქმეზე.
არა მგონია დედაენის ძეგლთან ბუკინისტების გადაყვანა მოხერხდეს. ამას არავინ დათანხმდება. პირველ რიგში ჩვენ, მკითხველები არ დავთანმხმდებით, ადამიანები, რომლებიც შეიძლება პირადად არ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ სახეზე კი ვცნობთ ერთმანეთს, რადგან არტურასთან გვინახავს ერთმანეთი, გიასთან გვინახავს ერთმანეთი, ავთოსთან, ვაგანასთან და სხვებთან, მეძვირეებთან თუ მეიაფეებთან. ჩვენ არა ვართ თანახმა. ეგრე არ გამოვა. თუ მაინცდამაინც ერთად გინდათ მოაყუჩოთ ქუჩის ბუკინისტები, რატომ ტაბიძის ქუჩას არ დაუთმობთ, ზედგამოჭრილი როა წიგნებისთვის! გალაკტიონ ტაბიძის ქუჩას, აი იმას, თავისუფლების მოედნიდან რომ აუდის საკრებულოს შენობას. დაუთმეთ ის ახალი, გარემონტებული მონაკვეთი წიგნებს, მათ შორის იმ ნამცხრებიან წიგნების მაღაზიებსაც. დავარქვათ იმ ადგილს “წიგნის უბანი”, ანდა რაც გინდათ ის დავარქვათ, უბრალოდ ნუ გადახვეტავთ ქალაქის ქუჩებიდან წიგნებს! ნუთუ ტყუილად იდგნენ ისინი ამდენი წელი?! ნუთუ არ არიან ღირსები უფრო ამაყად დადგნენ, ახალ დახლებთან, ისევ ქალაქში, ისევ ყველას თვალწინ, ისევ ნაცნობებთან, ძველ მუშტართან ერთად, ან სრულიად უცნობ ყმაწვილებთან ერთად, მორცხვად რომ იქექებიან მტვრიან წიგნებში, შინაურდებიან.
ხომ დგას პრესის ჯიხურები?
ხომ დგას საშაურმეები? სადაც ათწლეულების წინ განაყინი ხორცის წვით ამყრალებენ ქალაქს.
რატომ არ შეიძლება წიგნებსაც ჰქონდეს ამ ქალაქში თავისი ადგილები, ან ერთი დიდი კარგი ადგილი.
ნუთუ არ გინახავთ წიგნის ქუჩები, წიგნის უბნები ლონდონში, პარიზში, ბუენოს-აირესში, რომში… არ გსმენიათ მაინც ამ უბნებზე, სადაც იდგნენ და ახლაც დგანან წიგნით მოვაჭრენი, ბრიტანელები, ინდოელები, არაბები, არგენტინელები, იტალიელები, განსხვავებული გაგების, განსხვავებული პრინციპების ადამიანები, რომლებსაც ხშირად წიგნის წაკითხვის დროც კი არ რჩებათ მკითხველის გადამკიდე.
ჩვენებმა რაღა დააშავეს, ჩვენმა წიგნით მოვაჭრეებმა, რომლებიც ამდენი წლის მანძილზე იდგნენ! ჩვენ კი მათი წიგნებით გვედგა სული!
ისინი იდგნენ.
იდგნენ გაღმა და გამოღმა, გასწვრივ და ჩაყოლებაზე, ერთად და ცალკ-ცალკე.
ახლა ჩვენი ჯერია, ახლა ჩვენ დავდგებით! -
ლეო ბუტნარუ –ლექსები
თარგმნა შოთა იათაშვილმადაიბადა 1949 წელს, მოლდოვაში. 1972 წელს დაამთავრა კიშინიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი. ლექსების პირველი კრებული “პარმაღი შუქზე” გამოსცა 1976 წელს. ავტორია მრავალი პოეტური და პროზაული კრებულისა. ცნობილია, როგორც რუსული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო მთარგმნელი რუმინულ ენაზე (მაიაკოვსკი, ხლებნიკოვი, კრუჩენიხი, მანდელშტამი და სხვ.). ნათარგმნია ევროპულ ენებზე და დაჯილდოებულია მოლდავეთის და რუმინეთის სხვადასხვა ლიტერატურული პრემიებით. არის მოლდავური პენ-ცენტრის დამაარსებელი და რუმინეთის მწერალთა კავშირის დირექტორატის წევრი.პლიუსი
+
მინიატურული
იესო
გაკრული
ნიშან
პ ლ ი უ ს ზ ე
თითქოსდა
საკუთარი
თავის
მიმმატებელი
+წერილი ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის ნეიტრალურ ზონაში
ა.
ძვირფასო ფიოდორ მიხაილოვიჩ
უკვე არავის სწამს იმისი
რომ სილამაზე იხსნის სამყაროს
მაგრამ
მავანნი გულუბრყვილოდ ფიქრობენ რომ
სილამაზე სამყარომ უნდა გადაარჩინოსბ.
ბატონო ჩემო ლუჩიან ბლაგა*
გთხოვთ ნუ გამკიცხავთ
მაგრამ
ბოლო დროს (ვიმედოვნებ
არც მთლად ბოლოს…)
მშობლიური მხარისკენ როცა მივემგზავრები
აღმოვაჩენ ხოლმე უცებ რომ
მარადისობა სოფელში მოკვდა…გაურკვევლად, გოეთესებურად
წინ ვწევ სიტყვას
ის შეიძლებოდა
პაიკივით მომკვდარიყო
საჭადრაკო დაფაზე
მაგრამ
პოემა უკვე დაიწყო და
უკვე არცაა გამორიცხული
მოვიგო იგიწმინდა უბრალოება
კამბალა
ორივე თვალი ერთ ლოყაზე
პირველ ღვთიურ ქმნილებას ჰგავს
უფალმა იგი გამოიგონა
როცა იყო პატარა ბავშვი
(ან
ეგვიპტელი…)ივნისი
ეჭვი არაა, რომ პოზირებს.
ჰმ, შერეკილი:
კრიალოსანივით, მიდი, მარცვლე
ჩაფიქრებულმა თითებს შორის
ბლის კუნწულები – სულ ერთია,
ნამეტანი ახალგაზრდა ხარ,
ბრძენკაცად თავს ვერ მოგვაჩვენებ.***
ორი გუბე ერთმანეთთან
თავს იწონებდა:
– დღეს მე
ღორი ვაჭყუმპალავე.
– მე კი გუშინ ანგელოზი
ავირეკლე საკუთარ თავში.მემკვიდრეობითობა
გენიალურობა
მემკვიდრეობით
მხოლოდ ბულბულს აქვს.O TEMPORA!
ვაჰ, დრონი, ზნენი! უკვე
თავად უხელოთაც კი აღარ აქვთ
სუფთა ხელები…ახალშობილს
რაღას ჯღავი: ეს ცხოვრება
უკვე დაიწყო…ექო
ტკაცანის ექო
პირამიდაში –
ეს მუმიის ნაოჭების
სკდომის ხმა ისმის.ვივისექცია
…და გულის
სიღრმეში
მას უხეშად
დაკეცილი ფრთები
უპოვეს…სასაფლაო, ჯვრები
რამდენი
პლიუს-ნიშანია აქ
სინამდვილეში
მხოლოდ
მინუსს
რომ წარმოადგენს***
ხელისგულზე თუკი გაკოცებ
შეუძლებელია
შენს სიცოცხლის ხაზს
რაიმე რომ არ დაემართოსმუდამ
ჯანმრთელი გული –
საგანგაშო ზეიმი
მუდამშენი მზერა
შენს თვალის შუქში მოხვედრილი
ჩემი ტანიდან
ეცემა ჩრდილი—————–
* ლუჩიან ბლაგა (1895-1961) – რუმინელი პოეტი, მთარგმნელი, დრამატურგი, ჟურნალისტი, პროფესორი, დიპლომატი, ფილოსოფოსი, რუმინული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ორჰან ფამუკი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”
რუსუდან ბეჟაშვილი
ამ წიგნს უკანა ყდაზე ეწერა: ,,წიგნის შესახებ იმსჯელეთ ფორუმზე…”. მე ინტერნეტი არა მაქვს და ჩემთვის გავაკეთე შთაბეჭდილების პატარა მონახაზი. ახლა კი რედაქტორის მოწოდებას ვეხმიანები, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს. თავად ორჰან ფამუკის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: ,,…წერა სწორედ შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევა, იმ სამყაროს შესწავლაა, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავთან განმარტოებისას ხვდება და ამ ყველაფრის მოთმინებით, სიჯიუტითა და სიხარულით აღსრულებაა.” ენა მარტივი, სიტუაციები ნაცნობი… ამ წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველები არც აღმოსავლელები ვართ და არც დასავლელები, მაგრამ ორივესი კარგად გვესმის. მეგობრული ურთიერთობა, ფეხბურთის სიყვარული – სტამბოლში თითქმის იგივეა, რაც თბილისში. იქაც, დაახლოებით, ისევე ხდება ამ ორი ცივილიზაციის თანხვედრა, როგორც ჩვენს სამშობლოში, თუმცა ჩვენ ჩვენი ქრისტიანობის გამო, უფრო მეტად ევროპელებად მოგვაქვს თავი.
წიგნში, მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების გზაა ასახული; უხვად შეხვდებით სახეთა მრავალფეროვნებას და იდეების ათასგვარ შეხლა-შემოხლას. რევოლუციურ იდეას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს ალბათ ოდესღაც პროგრესული იყო, მაგრამ ახლა უკვე დრომოჭმულია და ყავლგასულიც, თუ გნებავთ. თუმცა ამ წიგნში ძველის, სწორედაც რომ დრომოჭმულის ახლით შეცვლის მსურველებს ჰქვიათ რევოლუციონერები. ზნეობრივ ღირებულებეზეც ბევრს კამათობენ ჯევდეთ ბეის ვაჟები და წიგნის სხვა გმირებიც. საინტერესოა პანთურქიზმის მიმდევარი პედაგოგის ქადაგება ევროპული იდეებით შეპყრობილი პოეტის წინაშე; იგი ეუბნება პოეტს, რომ მას არა აქვს იდეა და ამიტომაა უბედური, ამიტომაც საერთო თურქული იდეის ქვეშ გაერთიანებას ურჩევს. ეუბნება, რომ გონების გარდა, გრძნობაც მოგვცა ღმერთმა და გულანთებული მიმართავს: ,,თურქეთის დროშის დანახვაზე, ჰათაის მოვლენებზე გული არ გიჩქროლდებათ? …აენთეთ, ირწმუნეთ, საზოგადოებას შეუერთდით… ცოტა ხნით გონება ჩააჩუმეთ, აი მაშინ იქნებით ბედნიერი…”
ჯევდეთ ბეის ვაჟები: ოსმანი და რეფიქი.
ერთი – ტრადიციული, ვაჭარი (მამის მსგავსად), მეოჯახე;
მეორე – განათლებით ინჟინერი, მოწოდებით რევოლუციონერი.
ქალიშვილი აიშე – შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ (მანამდე მშობლების მორჩილი, უენო), სულ სხვა ქალად იქცა, დაიწყო თავისუფლად აზროვნება, უჩნდება პიროვნულობის ნიშნები.
უნდა ვაღიარო, რომ აღმოსავლური წიგნების კითხვა არ მიყვარს დიდხანს, მბეზრდება, არადა ეს წიგნი 600 გვერდზე მეტია და ძალიანაც გამიჯანჯლდა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავასრულო. თან ვგრძნობ, რომ აქტუალურია.პოეტი მუჰითთინი მართლაც მოექცევა ნაციონალური იდეების გავლენის ქვეშ და მოგვიანებით რეფიქს, მის სახლში წიგნს რომ შენიშნავს, ეუბნება: ,,ჰოლდერლინს კითხულობ? ერთ დროს მეც მაინტერესებდა, როგორც პოეტი, მაგრამ გული ვერ დავუდე. ამ ევროპელების სული ჩვენთვის ძალიან უცხოა. თანაც ის ბერძნების თაყვანისმცემელია… ისინი ჩვენგან შორს არიან, მათთან ერთად ფონს ვერ გავალთ. ადამიანს გონებას ურევენ.”
ჯევდეთ ბეის ვაჟი კი პირიქით ფიქრობს: – მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო, – ეუბნება. ,,გონების სხივი გვჭირდება, რომ ჩვენში ბარბაროსობა და დესპოტიზმი დავამარცხოთ.”
ასეთი დიდი ოჯახური საგა კარგა ხანია არ წამიკითხავს, მგონი, ,,ბუდენბროკების” შემდეგ… თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება ცხოვრებისეული შეხედულებები, თუმცა იმ წარმომადგენლებში, რომლებსაც შემოქმედებითი მიდრეკილებები აქვთ; არა იმ კონსერვატორულ ხაზში, რომელსაც ამ დიდი ოჯახის ნაწილი გამუდმებით მისდევს; ვაჭარი ყველა საუკუნეში ვაჭარია, ხიბლავს კეთილდღეობა და ოჯახური მყუდროება, მათ ძნელად ესმით თავიანთი თავზეხელაღებული და გაუცხოებული ,,ძმებისა”.
მკითხველის სიმპათიას იმსახურებს ჯევდეთ ბეის შვილიშვილი, მხატვარი აჰმედი. მამამისი ფერიქიც ხომ მეტად საინტერესო ადამიანი იყო, არ აკმაყოფილებდა ბიურგერული სიმშვიდე, ნიადაგ რაღაცის შეცვლაზე ფიქრობდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე, ოჯახური ყოველდღიურობის რუტინას გაექცა, რის გამოც კიდევ უფრო გაუცხოვდა ნაცნობ-მეგობრებისაგან (აჰმედი და მისი მეგობარი გოგონა ძველი თურქულით დაწერილ მის დღიურებს მოგვიანებით ეცნობიან და იქ ბევრ საინტერესოსა თუ სახალისოს პოულობენ. ფერიქის დღიურები ხომ კიდევ ცალკე თემაა). ეს ორი ადამიანი მარადიულ ღირებულებებს ესწრაფვის და ჭეშმარიტების ძიებაშია. მოცემულ სოციუმში მათი ცხოვრების წესი გაუგებარია. სიტყვა გამიგრძელდა, შესაბამისად კითხვაც… ფინალი: ჯევდეთ ბეის მეუღლე, მრავლის მომსწრე და ყველას დამმოძღვრავი ბებია, – უნებურად მარკესის ურსულას რომ მოგვაგონებს, – ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა; ,,ჭირი იქა, ლხინი აქა…” დავასრულეთ კიდევ ერთი წიგნი და გავხდით ალბათ, ცოტათი ,,უფრო უკეთესები” ვიდრე ვიყავით. ორჰან ფამუკისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლობაზე რომ ამბობს სანობელო სიტყვაში: ,,… გამოვიკეტებით თუ არა, უმალვე აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მარტოები ვართ, როგორც გვეგონა. გარემოცულნი ვიმყოფებით მათი სიტყვებით, ვინც ჩვენამდე დაიბადა – სხვა ხალხის ამბებით, სხვა ხალხის წიგნებით, სხვა ხალხის სიტყვებით – იმით, რასაც ტრადიციას ვუწოდებთ. მჯერა, რომ ლიტერატურა ყველაზე ღირებული განძია, რაც კი კაცობრიობამ საკუთარი ძიების გზაზე დააგროვა.”© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ვილანდ შმიტი – პოეტი ჰ. კ. არტმანი
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემგაყიდული წიგნების ეგზემპლართა რაოდენობის მიხედვით პოეზიის შეფასებას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მართებულს, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ახალგაზრდა ავტორთან გვაქვს; ერთი გაყიდული წიგნით მეტი თუ ნაკლები, – ეს ავტორის შესახებ ბევრს ვერაფერს გვეუნება. რაოდენობა საკმარისად მცირეა. ის მერყეობს 200-იდან 600 ეგზემპლარს შორის, თუკი წიგნი რომელიმე წესიერ გამომცემლობაშია დასტამბული (როგორიცაა პიპერი, ჰანზერი ან ოტო მიულერი). ზოგიერთი გამომცემლობა, მაგალითად ბეჰტლე, პირველ გამოცემას 500-იანი ტირაჟით შემოსაზღვრავს. უკვე ძალზე ფართო პოპულარობის მაჩვენებელია, თუნდაც, ის, რომ პარიზში მცხოვრებ პაულ ცელანს ანდა ვენელ პოეტს ქრისტინე ბუსტას მათი შემოქმედების 1500-მდე დამფასებელი მოეძებნებათ, ვინც მზადაა ფული მიახარჯოს მათ წიგნებს.
ამ ფონზე სენსაციად გამოიყურება ისეთი წარმატებანი, როგორიცაა ლეგენდარული ლეგიონერის, ჟორჟ ფორესტიეს 18000-იანი ტრაჟით გამოსული კრებული “ჩემს გულს დავწერ შარაგზის მტვერში”, ანდა კარინტიელი ინგებორგ ბახმანის წიგნი “დიდი დათვის მოხმობა”, რომლის ტირაჟმაც უკვე მეექვსე ათასს მოაღწია. მართალია, მთლად მართებული არ არის ლექსის ფასეულობაზე მსჯელობა მხოლოდ გამოხმაურების საფძველზე, ერთი კი ცხადია: როდესაც ლირიკული კრებული გასაკუთრებული წარმატებით სარგებლობს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა ამ წარმატების მიზეზების შესახებ; და მეორე კითხვა: რამდენ ხანს გასტანს ეს წარმატება? ფორესტიეს შემთხვევაში გადამწყვეტი როლი “საზღვრით შუაზე გულგაპობილი” ამ “ელზასერის” მიერ გენიალურად შეთხზულმა იგავმა ითამაშა, რითაც ის ფაქტობრივად ჩვენი დროის არქეტიპულ ფიგურად იქცა. მაგრამ მხოლოდ ამის ხარჯზე ვერაფერს გახდებოდა, მისი ლექსები სრულიად უვარგისი რომ ყოფილიყო. რაც შეეხება ინგებორგ ბახმანს, მისმა ლექსებმა მკითხველი ალბათ თავიანთი ქალწულებრივი თუ ქალური სიმშვიდით მოხიბლა, ასე მკვეთრად რომ ემიჯნება ჩვენს შფოთიან დროს.
ოცდაჩვიდმეტი წლის ვენელმა პოეტმა ჰანს კარლ არტმანმა კი მოახერხა, ერთი წლის განმავლობაში დაეკავებინა პოპულარობით მეორე ადგილი 1945 წლის შემდგომ პოეზიაში. გასულ შემოდგომაზე მისი წიგნი “med ana schwoazzn dntn – gedichta aus bradnsee” (“შავი მელნით ნაწერი – ლექსები ბრაითენზეედან”, ოტო მიულერის გამომცემლობა) ბორის პასტერნაკის “დოქტორ ჟივაგოს” შემდეგ ყველაზე პოპულარულ წიგნად დასახელდა ვენაში, ზალცბურგსა და ავსტრიის სხვა ქალაქებში; ამას მოჰყვა ასეთივე წარმატებული აუდიო-ფირფიტა (med schwoazzn blodn). ამგვარად, არტმანი – საბედნიეროდ, სიცოცხლეშივე, – იმეორებს ყველას მიერ მასხრად აგდებული ფრიც ფონ ჰერცმანოვსკი-ორლანდოს ბედს, ვისაც ათწლეულები დასჭირდა, რათა მის წიგნებს უკვე სულ სხვაგვარი ღიმილითა და მოულოდნელი აღტაცებით ჩაღრმავებოდნენ.
რაში მდგომარეობს არტმანის უეცარი წარმატების მიზეზი? ახალი და თვითმყოფადი მის ჟარგონულ ლექსებში ის გახლავთ, რომ იგი ახერხებს ენის მოხელთებას მისი ქმნადობის პროცესშივე, – იქ, სადაც ის ენად იქცევა, სადაც ის ყველაზე ცოცხალი და დასაბამიერია. იგი ჩასწვდა დიალექტის ფესვს, იმ წიაღს, სადაც ის ითხზება და იქსოვება, სადაც სინამდვილესთან შეხვედრისას იბადება ხატოვანი და პლასტიკური გამოთქმა, რომელშიც ეს სინამდვილე თავის სიცოცხლეს განაგრძობს. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მისი ყველა გამოგონება და აღმოჩენა სრულიად ბუნებრივ ხასიათს ატარებს: პოეტის მაგიერ ენა გვევლინება შემოქმედად, თავად მას კი მხოლოდ პირის გაღებაღა უწევს.
ახლა, როდესაც ვიცნობთ არტმანის მიერ ვენურ დიალექტზე დაწერილ ლექსებს, რომელთა წყალობითაც ეს დიალექტი მხატვრული ლიტერატურისათვის ახალ აღმოჩენად იქცა, უნებლიეთ ვეკითხებით საკუთარ თავს: რატომ გვეჩვენებოდა აქამდე დიალექტზე დაწერილი ლექსები ასე ამაზრზენად? მიზეზი ის უნდა იყოს, რომ აქამდე დიალექტი მუდამ ნაძალადევად იყო მოქცეული პოეზიაზე მცდარ და უგემოვნო წარმოდგენათა ჩარჩოებში (“ლექსი ისაა, რაც გარითმულია”). გარდა ამისა, ამა თუ იმ დიალექტით შემოფარგვლა იმთავითვე ნიშნავდა გარკვეულ გონებრივ შეზღუდულობასაც და თემატურ შემოფარგლულობასაც. ასე რომ, დიალექტი ერთგვარ გეტოში იყო გამოკეტილი და მხოლოდ ერთსა და იმავე ბილიკებს ტკეპნიდა. დიალექტზე წერისას ავტორი რატომღაც დარწმუნებული იყო იმაში, რომ მხოლოდ ლიტეატურული სქემა კი არა, – უბრალო ხალხის მენტალიტეტიც უნდა მოირგოს. შედეგად მიღებული ტექსტები მათი ობივატელურ-მდაბიური სტილის გამო სულელურ შთაბეწდილებას ტოვებს, თანაც, ერთი და იმავე გაცვეთილი მოტივების გამო ერთფეროვანია.
ამის საპირისპიროდ არტმანი, – სიახლეც სწორედ ამაშია, – მუდამ საკუთარ თავად რჩება, მაშინაც კი, როდესაც დიალექტზე წერს. იგი დიალექტს გეტოდან ათავისუფლებს და სურეალიზმისა და შავი იუმორის იალაღებზე ანავარდებს; შედეგად ყოვლად უცნაური შეხვედრებისა და დაწყვილებების მომსწრენი ვხდებით. თემატიკა ხშირად ძალზე შავბნელია, გავიხსენოთ, თუნდაც, ლექსები კარუსელის მეპატრონის შესახებ, რომელიც, ამასთანავე, გარეუბნის მაცხოვრებელი ლურჯწვერა გახლავთ და რომელსაც დახოცილი ქალების გვამები ისეთ შიშს ჰგვრიან, რომ მთელი ღამე სინათლეს არ აქრობს. ჩვენს წინაშეა აქამდე უცნობი, აჩრდილებითა და ლანდებით დასახელბული ვენა, რომლის ატმოსფეროს გადმოცემა “მესამე კაცის” მსგავსმა ფილმებმაც კი ვერ შეძლო. არტმანი ენობრივი საშუალებებით ახორციელებს ყოველდღიურობის კოშმარულ, საშინელ რეალობად გადაქცევას. ასე მაგალითად, ზამთრის ნავსაბმელი მდინარე დუნაიზე, რომლის ქვეშაც წყალმა გვამი გამორიყა (ლექსში “dod en wossa” (“სიკვდილი წყალში”), ელიოტის “ფლებასის სიკვდილის” პერიფრაზი), ფრაზის “en heabst” (“შემოდგომაზე”) სრულიად მოულოდნელი წამძღვარების გამო მეტაფიზიკური ალაგის სახეს იძენს. არტმანს არ სჭირდება მთელი კოსმოსისა და ირმის ნახტომის გამოხმობა: ის ყოველდღიურობის მიწიერ დეტალებს სჯერდება “წარღვნის შემდგომი” (“noch ana sindflut”) განწყობის აღსაწერად: დამპალი ფანჯრის რაფები, ერთი-ორი დამხრჩვალი ხოჭო და კინოთეატრის დარბაზი, რომელსაც სუნით შეატყობ, რომ მის ყოველ რიგში ზვიგენები და ვეშაპები ისხდნენ. მეორე ლექსში პატიოსან-ბიურგერული კვირადღის სიმშვიდე დაკეტილი სასურსათო და საყოფაცხოვრებო მაღაზიების, გამქრალი “ნივეას” საპნების, “მაგის” მშრალი სუფების თუ მჟავე კიტრის ქილების წყალობით ლამის ეგზისტენციური სიცარიელის ხატად გვევლინება.
არ იქნება მართებული, არტმანი ზოგადად დიალექტის პოეტად მოვნათლოთ მხოლოდ იმის გამო, რომ მისი პირველი წიგნი (თუ არ ჩავთვლით დღეისათვის დაკარგულ პირველ თვითგამოცემულ კრებულს) სახელწოდებით “გამონათქვამები, რითმები, ფორმულები და სასაფლაოს სიმღერები” დიალექტზეა დაწერილი. თავიდან ეს ლექსები თამაშით იქმნებოდა, რაც თანდათან სამეცნიერო ცდებსა და დაკვირვებებში გადაიზარდა და საქმე იქამდეც მივიდა, რომ არტმანმა განსაკუთრებული ბგერითი დამწერლობა შექმნა და ვრცელი ლექსიკონიც შეადგინა. თავისთავად ეს ლექსები სქელტანიანი, ჯერაც გამოუქვეყნებელი ნაწარმოების ფრაგმენტებს წარმოადგენს. არტმანის გატაცება შედარებითი ლიგვისტიკაა; უცხოურ და უძველეს ლიტერატურათა უბადლო ცონის წყალობით მან არა ერთი შემოქმედებითი იმპულსი მიაწოდა თავის გარშემო შეკრებილ ახალგაზრდა ავტორთა ჯგუფს.
სადღაც 1950 წლისათვის დაიწყო ახალგაზდა ლიტერატორების ჯგუფის რეგულარული შეხვედრები; ყველანი საშუალოდ ოცი წლისანი იყვენ, ოცდაათს არც ერთი არ ყოფილა გადაცილებული. ჟურნალი “ახალი გზები” (მას გამოსცემდა “ახალგაზრდული თეატრი”, ორგანიზაცია, რომელიც შეღავათიან ფასებში სთავაზობდა სკოლის მოწაფეებს დრამატული და საოპერო თეატრების წარმოდგენებზე დასწებას) მათ პირველ ბეჭდვით ორგანოდ იქცა. ჯგუფს ეკუთვნიან: გერჰარდ ფრიჩი, იმ დროისათვის ოთხი პოეტური კრებულისა და რომანის “ხავსი ლოდებზე” ავტორი; ანდრეას ოკოპენკო, რომლის ლექსებიც (“მწვანე ნოემბერი”) ეს-ეს იყო დაესტამბა პიპერის გამომცემლობას; ერნსტ კაინი, რომელმაც 1958 წელს ჰებერტ აიზენრაიჰთან ერთად მიიღო სახელმწიფო პრემია პროზის დარგში; ფრიდრიჰ პოლაკოვიჩი, რომელიც ცნობილი გახდა როგორც არტმანის ინტეპრეტატორი. შეხვედრებს დროდადრო ესწრებოდნენ: ჯენი ებნერი, ვისი მეორე რომანიც (“ადრეული ზაფხული”) გასულ შემოდგომაზე გამოსცა კიპენჰოიერისა და ვიჩის გამომცემლობამ; პროზაიკოსი ჰერბერტ აიზენრაიჰი, იმხანად ჯერ კიდევ ენსის შაქრის ქარხანაში რომ მუშაობდა, რათა წერისათვის აუცილებელი პირობები ჰქონოდა; დოცენტი ფსიქოლოგი ვალტერ ტომანი, რომელიც მალევე ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიიწიეს, მისი გროტესკული მოთხრობები ბიერშტაინმა დასტამბა. “ბუსეს პატარა მსოფლიო თეატრი”, – აქ ავსტრიული ლიტერატურის ახალგაზრდა წარმომადენელთა დიდი ნაწილი თუ არა, ნახევარი მაინც იკრიბებოდა, – ისინი, ვისაც ჰანს ვაიგელმა 1951-1954 წლებში ალმანახ “თანამედროვეობის ხმებ”-ში მოუყარა თავი.
არტმანის მიმართება ამ წრესთან შეიძლება შევადაროთ იმ ადგილს, რაც პაუნდს ეკავა პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდის ინგლისურ ლიტერატურაში. ის მამოძრავებელ იმპულსებსა და ახალ იდეებს აწვდიდა ლიტერატორებს. მართალია, რასაც ის ამტკიცებდა, მუდამ ყველასათვის როდი იყო მისაღები და ზოგჯერ კამათსაც იწვევდა. უმრავლესობის წინაშე მის დიდ უპირატესობას ის შეადგენდა, რომ მსოფლიო ლიტერატრის შედევრებს ორიგინალში იცნობდა. ვის ჰქონდა მაშინ წაკითხული გინდ პრუსტი, გინდ “ულისე”, “ფინეგანის დატირებაზე” რომ აღარაფერი ვთქვათ? გერმანული თარგმანები თითქმის არ არსებობდა, პაუნდი საერთოდ არ იყო თარგმნილი, ელიოტი ეს-ეს იყო ხდებოდა ცნობილი, ჰემინგუეი კი ლამის სტილის კანონმდებლად გამოეცხადებინათ. ფრანგებს (ელუარს, სენტ-ჯონ პერსს) მხოლოდ სახელით იცნობდნენ. ატმანმა მოგვაწოდა პირველი თარგმანები, პირველ რიგში, ნაკლებად გავრცელებული ენებიდან თარგმნიდა, მაგალითად, ესპანურიდან (გასია ლორკა, რამონ გომეს დე ლა სერნა, რაფაელ ალბერტი, პაბლო ნერუდა). განსაკუთრებული ვნებით უყვარდა ძველკელტური პოეზია. ის სპეციალურად გაემგზავრა ესპანეთსა და ირლანდიაში იმ წიგნების მოსაპოვებლად, ვენაში რომ არ იშოვნებოდა.
ეს თარგმანები და ჯგუფის ის ნამუშევრები, “ახალი გზებისათვის” მეტისმეტად “გაბეული” რომ აღმოჩნდა, იბეჭდებოდა ჰექტოგრაფულ გამოცემაში “პუბლიკაციები”, რომელსაც 1953 წლამდე ოკოპენკო, შემდეგ კი არტმანი უძღვებოდა. დროთა განმავლობაში ზოგიერთმა წევრმა აღიარება მოიპოვა, ჯგუფი დაიშალა, “პუბლიკაციების” გამოცემა შეწყდა.
დიალექტური ლექსების გვერდით არტმანს ვენაში აღიარება მოუპოვა მისმა მოთხრობებმა ჰუსარებზე, რომლებიც კანტიკუნტად გამოქვეყნდა, მაგრამ თავად ავტორის მიერ ხშირად იქნა საჯაროდ წაკითხული. აქ არტმანი ბაროკოს ხანის ქრონისტის ნიღაბსაა ამოფარებული; თუკი ზემოთ მოხსენიებულ ლექსებში ბრაიტენზეეს კილოკავი სურეალიზმთანაა შეუღლებული, აქ ძირძველი ავსტრიული მოუხეშავი იუმორი გადახლართვია ფრანსუა ვიიონის ტიპის მოხეტიალე მელექსის სულისკვეთებას (სხვათა შორის, არტმანმა ვიიონის ლექსები ვენურ დიალექტზე გადათარგმნა). შედეგი არაჩვეულებრივად მრავალფეროვანია: ჰუსარების ძალზე საინტერსო სიებით დაწყებული და ბაროკოსდროინდელი არარსებული ძეხვის რეცეპტებით დამთავრებული. მკითხველს (თუ მსმენელს) აქ კვლავაც ენობრივი გადასახვანი ხიბლავს. ასე მაგალითად, რეალური ქალაქი ამსტერდამი ერთადერთი ასოს შეცვლით გადაიქცევა მითიურ ქალაქ ამსტელდამად, შაშვების საპორტო ქალაქად.[1]
რას სურს ამ ტექსტების გზით დღის სინათლეზე გამოსვლა და ჩვენამდე მოღწევა? ყველასათვის ნაცნობ უმარტივეს ადამიანურ განცდებს – სიხარულსა და ტკივილს, სიყვარულსა და სიკვდილს, შიშსა და მიუსაფრობას. როდესაც ნაცნობ და ახლობელ გრძნობებს ახალ სამოსში შემოსილს ვხვდებით, სტრესებისაგან ვთავისუფლდებით; უდიდესი შვებაა, ღიმილით შეხედო იმას, რაც თავად შეგემთხვა.
ამგვარი კოსტუმირებული სახით არტმანი გვევლინება თავგადასავალთა მაძიებელ მომღერლად, გარდასული დროიდან ჩვენთან შესახვერად გამოხმობილ ბარდად, ყველანაირი ენობრივი კომპონენტებით რომ ატარებს ექსპერიმენტებს, უთვალავი ფანდი რომ იცის და მრავალფეროვანი რეპერტუარით აჯადოებს პუბლიკას, რომელიც დარწმუნებულია, რომ უბრალოდ ერთობა.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
[1] “Amsel” გერმაულად “შაშვს” ნიშნავს.
-
ჰ. კ. არტმანი – ლექსი და მისი ავტორი
გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემლანდშაფტი 8.
ნანატრი ავდარი ძროხას ჩაეხლართა რქებს შუა
ნელ-ნელა მიჩანჩალებს ეს ზანტი ძროხააშინაური პირუტყვი მუხათა ხეივნაში მის ჩრდილში რომელსაც
მშვიდი გარემო ირეკლავს ძროხა მოსეირნობს რქებს შუაქარიშხლით წამები ჩაივლის სწრაფი მატარებელი შხუილით
გაქროლდა თითოეული ელვა ჯერ კიდევ მყარად ზის თითბრის ჰილზაშიოჰო მეცხვარე ბალახში ყვერებს იფხანს ვიცი გაავდრდება
ვგრძნობ ამას არადა რამდენი საქმე მაქვსჭაბუკი მონეტას ტბორში გადააგდებს ის თვალში
მოხვდება ჭექა-ქუხილები ფრაიას თეთრეულისთოკებზე ფენია ჯერ გასაშრობია ორთქლმავლის საჭესთან მძღოლს
ხელი ეშვება რბილსა და დაბინდულზე ის ყვერებს იფხანსოჰო გაავდრდება ვგძნობ ამას არადა რამდენი საქმე მაქვს
მუხების ხეივნიდან ძროხა მოსეირნობს ჰილზები ჰკიდიარქებშუა სარეცხის თოკი აქვს გაბმული
ზედ შრება ქუხილი ქარიშხლის სურნელში მუხათა კორომზეიღვიძებს რომელიც ფარფატებს ფრაიას სიქათქათე ჭაბუკი
ყვერებს იფხანს ოჰო გაავდრდება ვგრძნობ ამას დღესსაქმე საერთოდ არა მაქვს ეს მომწონს წვიმა ჩამოიქცა
ელვები ამოსკდა ჰილზებიდან მეხიმარწუხებიდან განთავისუფლდა ძროხა დამფრთხალია მუხა
თავსა ხრის ჭაბუკი მას: ფრაიას ნებართვით ერთი კოცნა.მე წაგიკითხეთ ლექსი “ლანდშატი 8”, რომელიც ამავე სახელწოდების ოცლექსიან ციკლშია შესული. მსურს, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, – რომლებსაც ესეისტიკასთან არცთუ ბევრი აქვთ საერთო, – განგიმარტოთ, თუ რა მნიშვნელობას იძენს ჩემთვის სიტყვა “ლანდშაფტი” და რა ადგილი უკავია მას ჩემს გრძნობისმიერ გამოცდილებათა “მეურნეობაში”.
1961 წელს სტოკჰოლმში შემთხვევით მომხვდა ხელში კარლ ფონ ლინეს წიგნი “Iter Lapponicum”. ლინე იმხანად, XVIII საუკუნის დამდეგს, სტუდენტი იყო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს შეისწავლიდა, მან მიიღო სტიპენია, რომელმაც საშუალება მისცა ლაპლანდიაში გამგზავრებულიყო და იქაურ ბუნებასა და მოსახლეობაზე ეწარმოებინა დაკვირვება. ამ მოგზაურობის შესახებ ლინემ ვრცელი სამეცნიერო ნარკვევი მოამზადა (მისი ნახვა სტოკჰოლმის ბიბლიოთეკაშია შესაძლებელი). მაგრამ პარალელურად მას უწარმოებია პირადი დღიური, რაც მეტწილად ურთულეს პირობებში, ხანმოკლე შესვენებებისას ან უნაგირზე ჯდომისას უწევდა. ეს დღიური ფრაგმენტურ ხასიათს ატარებს, არასრულყოფილი და დაუხვეწავია. მიუხედავად ამისა, როგორც კი ის წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანს მივაგენი. ის, რომ მოგვიანებით ეს წიგნი ვთარგმნე, მხოლოდ მეორეხარისხოვანი მნიშვნელობის ფაქტია. მომნუსხა იმან, რომ ნატურალისტის მედიდური და დისტანცირებული ანალიზის ნაცვლად აღმოვაჩინე წამიერი გაელვებით გაუკვდავებული წვრილმანები, სულ ერთია – ორგანული თუ არაორგანული, ბუნებრივი თუ სოციალური ხასიათისა: მთლიანიდან ამოღებული დეტალები, ჯერაც თავიანთი უტყუარი ფაქტობრიობის შუქით რომაა გაცისკროვნებული. აქ ვხვდებით მინიდახასიათებას ამა თუ იმ მცენარისა, ან კვირტისა, ეს-ესაა რომ გახსნილა, ან მზის შუქის განსაკუთრებული რაკურსისა, სრულიად ახალ მბზინვარებას რომ სძენს მცენარეს. აქ ნახავთ მინერალების, ხის ჯიშებისა და კულინარული რეცეპტების ჩამონათვალს, შუაცეცხლიანი ქოხმახებისა და აბანოების ინტერიერის აღწერილობას, აგრეთვე, უნებლიეთ “პოეტურ” ჩანაწერებს თვალის უცნაური დაავადების თუ შარდის ბუშტის ანთების და, რა ვიცი, კიდევ რის შესახებ, – ფრინველთა თუ ამფიბიათა სახეობები, მზეზე დაკვირვებები შუაღამით, – ყოველივე ეს ყოფიერების თავისუფალ ელემენტებად გვევლინება და ყოველივეს ერთნაირად დიდი ფასეულობა ენიჭება. მსურს ჩემი აღტაცების დასაბუთებად ერთი-ორი მაგალითი მოგიყვანოთ ამ წიგნიდან:
“ტოროლა მთელი გზა გვიმღერდა, ჰაერში ცახცახებდა:
Ecce suum tirile, tirile, suum tirile tractat.
ტყეში, ტბორის გადაღმა იზდება ყველანაირი სახეობის Lycopodia: sabinae, cupressi, abientis, bifurcati.
Nomina plantarum:
Botska. გამოიყენება საკვებად. alias Rasi. ანგელოზა.
Fatno. Angelica. Caulis. ანგელოზა.
(ღერო და ფოთლები)
Jerja. Sonchus purpur. ღიჭა.
Jert. გამოიყენება კოჭას მაგიერ.
Hótme. ლურჯი მოცვი. ჭაობის კენკრა.
Cheruna. თეთრი მწყერი, პატარა და ნაზი.
Lues. დიდი ზომის ორაგული.
Stabben. თევზი.
Ketke. სამურავი.
და ა. შ.
ჩასვლისთანავე დამაბინავეს და უკვე დაწოლას ვაპირებდი, როდესაც უეცრად ოთახის კედელზე კაშკაშა ნათებას მოვკარი თვალი. შევშინდი, ხანძარი ხომ არ არის-მეთქი, მაგრამ მალევე მოვხდი, რომ ეს ფანჯრის მიღმა ამომავალი მზის მეწამული ნათელი ყოფილა, რასაც ჯერ სრულებით არ მოველოდი. მამალმა ყივილი მორთო, ჩიტები აჭიკჭიკდნენ. ზაფხულს კი არა და არ ენება მობრძანება”. სულ ასეთ სტილში გრძელდება.
ეს გახლავთ დაკვირვებები, – არა განგებ განატიფებული, ესთეტიზირებული, არამედ უზუსტესად ჩამოყალიბებული დაკვირვებები, რომელთაც საფუძვლად უდევს ის უხეში და მყარი ფაქტები, რასაც სიცოცხლე ემორჩილება ქვეყნიერების ამ კონკრეტულ კუნჭულში. ლინემ საკუთარი კვლევებისათვის შეადგინა დამხმარე ნუსხათა და ბგერათა ჯგუფების მთელი რიგი. ამ ყველაფერს სურეალიზმის ელფერი დაჰკრავს და, ამავე დროს, ყოველწამს გაიელვებს ძლიერი ნება და თვითდამკვიდრების წყურვილი, რაც თითოეულ სურათს თუ განცალკევებულ ბგერას ყოვლისმომცველი გამოცდილების ფარგლებში აქცევს. ჩვენთვის ცნობილია ავტომატური წერის ცნება. ის ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. მაგრამ ხელისშემშლელიფაქტორების ფონზე განსაკუთებული ძალისხმევისა და შთაბეჭდილებათა სწრაფი მოხელთების შედეგად წერას მსგავსი შედეგი მოსდევს. ესაა სიტყვათა და მოვლენათა ჯაჭვების ნახევარფაბრიკატები, წყვეტილი გამოცდილებანი, აღქმიდან სპონტანურად ამოკრებილი და სწორედ ამ სპონტანურობის ხიბლით განმსჭვალული, – ხიბლით, რომელსაც აუჩქარებელი და ნატიფი შესწავლის პროცესი მუდამ მოკლებულია.
უკვე ლინეს წიგნის თარგმანზე მუშაობისას დავიწყე წარმოსახვითი დღიურის წარმოება. მას სახელად დაერქვა “გუშინდელი დღის ძიება ანუ თოვლი ცხელ ფუნთუშებზე”. ამ დღიურის მიზანს როდი შეადგენდა ჩემი ყოველდღიურობის თანმიმდევრული აღნუსხვა. მისი მეშვეობით მსურდა ჩემი აღქმა გამევარჯიშებინა ამ ყოველდღიურობის მასშტაბური დეტალების დასაფიქსირებლად. სიტყვა “მასშტაბურს” აქ ხარისხობრივ მნიშვნელობას ვანიჭებ. იმ პერიოდში ბევრს ვმოგზაურობდი, ხოლო მოგზაურობა ჩემთვის უბრალო გადაადგილებას კი არ ნიშნავს, არამედ გაშინაურებას ყველა იმ ადგილას, რომელსაც გავივლი, ნანახის აღქმასა და დაფიქსირებას და ამ ნანახის საფუძველზე საკუთარი ხედვის მუდმივ დახვეწას.
ლანდშაფტების თუ ზოგადად სამყაროს ნახვის წყურილი ჩემში როდი ეფუძნება პატივმოყვარეობას მავანი კარტოგრაფის თუ გეოგრაფისა, კარგად დასაბუთებულ ანდა სრულიად გაუგებარ დაკვირვებებსა და დასკვებს რომ გვთავაზობს; არც ჩემი პატივმოყარეობა ისახავს მიზნად კლასიკური რომანის ფორმით გადმოვცე დასაბუთებული და ყოვლად გაუგებარი არსებობის ხატი. ლანდშაფტის აღქმა ჩემთვის ნიშნავს კოლბოხს, რომელსაც ფეხი წამოვკარი, სურნელს, რომელიც ტრიალებს ქუჩაში ზუსტად თორმეტ საათზე და არც ერთი წუთით გვიან, ელექტრო-ხერხის სიმღერას, როდესაც დამტვერილი ფარის მიღმა ვზივარ სასტუმროს ნომერში, ანდა ამას: ველურად გაბარდული ჭინჭრის ინტიმურ სიმწვანეში ლუდის ნაბახუსები წყლების დაცლას.
მე შევეცადე ამეხსნა თქვენთვის, თუ როგორ აღვიქვამ ლანდშაფტებს და რა სახით ილექება ისინი ჩემი სულის ფსკერზე. რაც აქ გიამბეთ, მხოლოდ წინაპირობებია, ძალზე პირადული დეტალები: ლექსის დაწერა კი სრულებით სხვა რამ გახლავთ. ის, რაც ახლახან მოისმინეთ და რასაც დღეს კიდევ მოისმენთ, გარკვეულწილად შემდეგი სიტყვისმიერი მასალითაა განპირობებული: ავდარი, ძროხა, ჩრდილი, მეცხვარე, ბალახი, ავდარი, ძროხა, თითბერი, თოკი, ჰილზა, ელვა, თითბერი, ჭაბუკი.
ამ სიტყვათა მიღმა დგას წარმოდგენები, რომლებიც, მეტნაკლებად, პირადად “მე” გამაჩნია, მაგრამ ეს წარმოდგენები თავისთავად ჯერ ვერ ქმნიან ლექსს. როცა ჩემს წარმოდგენებს ტექსტში ვათავსებ, ამით, გარკვეულწილად ვაღწევ მათგან გაუცხოებას: რაგდანაც სიტყვებს გარკვეული მაგნიტური ძალა გააჩნიათ, რომელიც მათ ერთმანეთს მიზიდულობის კანონით უკავშირებს. მათ შორის “სექსუალური” კავშირი მყარდება, ისინი იწყებენ ერთმანეთთან შეჯვარებას, მრუშობას, მაგიური მოქმედებებით მაჯადოებენ, მათ თვალები აქვთ, ხოჭოების ფასეტური თვალების მსგავსი, და ამ თვალებით ყველა კუთხიდან აშტერდებიან ერთი მეორეს. მე სიტყვათა მაჭანკალი და სუტენიორი ვარ, მე მათ სარეცელს ვთავაზობ; იმთავითვე ვგრძნობ, თუ რამსიგრძე უნდა იყოს პწკარი და როგორ უნდა დასრულდეს სტროფი. ელვა ანაყოფიერებს წამებს, ჰილზები უეცრად თითბერში ამოჰყოფენ თავს, ძროხა რქებშუა მოიქცევს ავდარს, ფრაიას სისპეტაკე ხიბლავს ჭაბუკს, მეცხვარე ყვერებს იფხანს, ჭაბუკი ყვერებს იფხანს, მემანქანე ყვერებს იფხანს და საჭიდან უსხლტება ხელი.
ხედავთ, ქალბატონებო და ბატონებო? საკუთარ შეგრძნებებზე როდი მოგითხრობთ: სიტყვები გამომყავს სცენაზე და ისინი თავად წარმოგიდგენენ თავიანთ ქორეოგრაფიას.
ლექსებს, რომლებსაც აქ გიკითხავთ, ლანდშაფტები ეწოდება. როგორც ხედავთ, ეს არ გახლავთ ლანდშაფტები ამ სიტყვის გავრცელებული მნიშვნელობით, – ეს უფრო შინაგანი სანახებია, წარმოსახვითი პეიზაჟები, რომლებსაც თავად სიტყვები ქმნიან, ან, უფრო სწორედ, რომლებიც სიტყვების მეშვეობით ხელახლა იქმნება.
(1967)© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
საუბრები ლიტერატურაზე – კოტე ჯანდიერი
ცხოვრება თავდაპირველი ტექსტია, ლიტერატურა კი – ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი.
– ერთგან ბორხესის სიტყვები მოგყავთ. “ჩვენ მაგიური სიტყვის სტრიქონები, სიტყვები, ან ასოები ვართ. იგი მუდმივად იწერება და ეს წიგნი ერთადერთია, რაც არსებობს ამ სამყაროში. უფრო სწორად, ის თვითონ არის სამყარო” ასეა? სამყარო მართლაც მისთვის არსებობს, რომ საბოლოოდ წიგნში იქნას შეტანილი?
არისტოტელე თავის “პოეტიკაში” (უფრო ზუსტად მის ერთადერთ შემორჩენილ ნაწილში, რომელიც ტრაგედიის შეეხება) მარტივად გამოთქვამს, ერთ საკმაოდ რთულად გასაგებ აზრს იმის შესახებ, რომ დრამა სხვა არაფერია, თუ არა ცოცხალი ადამიანების მოქმედებათა მიბაძვა. ეს “მიბაძვა” სხვა არაფერია, თუ არა დრამატულ პერიპეტიათა აღწერა, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ნიშნავს გმირის მდგომარეობის ცვლილებას ბედნიერებიდან უბედურებისაკენ. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ მაყურებელმა, მკითხველმა თუ მსმენელმა საკუთარი თავის გაიგივება შესძლოს გმირთან, მასთან ერთად გადაიტანოს მრავალი განსაცდელი, რასაც სიუჟეტი ახვედრებს, “დაიღუპოს” როგორც ანტიგონე, რათა გადარჩეს სულიერად და განიცადოს კათარსისი; უფრო ზუსტად, განიცადოს კათარსისი და ამით გადარჩეს.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში ჩამოყალიბებული ეს თეორია ადამიანის ცხოვრების მეტაფორაა, ცხოვრებისა, რომლის განმავლობაშიც მრავალ განსაცდელს, ჩვენივე საბედისწერო შეცდომებით გამოწვეულ სულიერ თუ ფიზიკურ სატანჯველს, დამცირებასა და სასოწარკვეთას განვიცდით, რათა თვალებდათხრილი ოიდიპოსივით დავინახოთ მოვლენათა არსი, ვეზიაროთ ჭეშმარიტებას და კათარსისის გავლით მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, გონების სიცხადე და ვნებების მართვის უნარი.
კათარსისი ესთეტიკური ფენომენია, ისევე როგორც პერიპეტია (ანუ ჩვენი ბედიღბლის ცვლილება იმედიდან სასოწარკვეთამდე, ბედნიერებიდან უბედურებამდე და პირიქით). რაკი ცხოვრება პერიპეტიების ჯაჭვია, ცხადია, რომ ის ამავდროულად ბედნიერების, აღმაფრენის, თავდავიწყების, ფიზიკური და ესთეტიური ტკბობის წუთებსაც გულისხმობს.
თუ დრამა მოქმედებათა მიბაძვას წარმოადგენს, ლიტერატურა ცხოვრების იმიტაციაა… ცხოვრებისა, რომელსაც – ფრიდრიხ ნიცშეს სიტყვებით – “გამართლება აქვს მხოლოდ, როგორც ესთეტიკურ ფენომენს”, ხოლო ერთი ცალკე აღებული ადამიანის ცხოვრებას მაშინ ეძლევა გამართლება, თუ ის კათარსისამდე მიდის. ამ აზრით, ცხოვრება თავდაპირველი და უნიკალური ტექსტია, რომელიც მუდმივად იწერება, ხოლო ლიტერატურა კი – ამ ტექსტის თარგმანი და კომენტარი.
– როგორია დღეს ჩვენი რეალობა, შემოქმედებითი ან საზოგადოებრივი ცხოვრება? საერთოდ ის სამყარო, რომელსაც ამ წიგნში შესატანად ვამზადებთ?
მე მეჩვენება, რომ ჩვენი დღევანდელი რეალობა, განსაკუთრებით კი საჯარო სივრცე საერთოდ დაცლილია ესთეტიკური ფენომენებისა და განცდებისგან. ისტორიას ჩაბარდა ის დრო, როდესაც თბილისელი თეატრალები და მუსიკის მოყვარულები გაყოფილი იყვნენ მერი ნაკაშიძის და ნადია ხარაძის მომხრეებად და წლების განმავლობაში მათ შორის მიდიოდა ცხარე კამათი, თუ რომელი მათგანია უფრო უნივერსალური ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული; როდესაც ავთო ვარაზის გამოფენა არა წამიერად გაელვებული “ნიუსების” თემა, არამედ ხანგრძლივი საზოგადოებრივი განსჯისა და ინტერესის საგანი იყო; როდესაც ორშაბათ დღეს კინოთეატრში ბილეთს ვერ შოვნიდი, ვინაიდან ორშაბათობით ახალი ქართული, თუ უცხოური ფილმი გამოდიოდა და ადამიანებს ერთი სული ჰქონდათ, ენახათ რაღაც ახალი და უჩვეულო; სამშაბათობით უნივერსიტეტის მწერალთა სხდომებზე ეწყობოდა ახალი ნაწარმოებების ხალხმრავალი განხილვა და სერიოზული დისპუტები იმართებოდა ზოგადად ლიტერატურის საკითხებზე… აღარ გავაგრძელებ ჩამოთვლას.
კულტურა არ არის მხოლოდ ცალკეულ შემოქმედ ინდივიდთა ნაღვაწის ერთობლიობა, ეს არის მათი ნაწარმოებების ადგილი და მონაწილეობის ხარისხი საზოგადოებრივ ცნობიერებაში. კულტურა, როგორც საზოგადოებრივი ფენომენი ახდენს რეფლექსიას, შეფასებას და რანჟირებას. იქ სადაც ეს არ ხდება, შესაძლებელია არსებობდეს ცალკეული, თუნდაც გენიალური შემოქმედი, მაგრამ კულტურა და შემოქმედებითი ცხოვრება რედუცირებულია. ამისი კარგი მაგალითია შესანიშნავი ავსტრალიელი მხატვარი ნამატა ჟირი, რომელიც აბორიგენი იყო. მისი ტილოები გამოიფინა ევროპისა და ამერიკის წამყვან გალერეებში, მასზე დაიწერა მონოგრაფიები და ა.შ. მაგრამ ავსტრალიელ აბორიგენთა ცნობიერებაზე და ცხოვრებაზე ამას არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან კულტურულ ფასეულობათა აბორიგენული სისტემა მოკლებული იყო ამ ნახატების აღქმის უნარს.
დღეს, როდესაც, ჩვენს გალერეებში ერთნარი სიხშირითა და წარმატებით იხსნება კარგი, საშუალო და ცუდი მხატვრების გამოფენები, როდესაც მედია საშუალებები ერთნაირი დაშტამპული სიტყვებითა და კადრებით აღწერენ ამ გამოფენებს, მეჩვენება, რომ ავსტრალიელ აბორიგენთა მდგომარეობაში ვართ, რადგან ვერ (ან არ) ვანსხვავებთ უნიჭო მიმბაძველობასა და პლაგიატს, ჭეშმარიტი სიახლისაგან. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ინდიფერენტულია ხელოვნების მიმართ და რეაგირებს მხოლოდ ისეთ იაფფასიან, სკანდალურ გამოხდომებზე, როგორიცაა, ვთქვათ, ყბადაღებული “საიდუმლო სირობა”. ოთარ ჭილაძის არც ერთ ბოლოდროინდელ რომანს არ ხვდა პატივი ამდენი ხნის განმავლობაში ყოფილიყო საზოგადოების ყურადღების ცენტში. ასეთი ესთეტიკური და ეთიკური განურჩევლობა, ჩემი აზრით, ქართული კულტურის ღრმა კრიზისზე მეტყველებს.
– ერთი შეხედვით ბანალური კითხვა უნდა დაგისვათ, რატომ წერთ?
ჯერ ერთი ვწერ ძალიან იშვიათად. მწერლობას არ განვიხილავ ჩემს პროფესიად და შემოსავლის წყაროდ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მწერალი არცა ვარ. ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ეს მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კონტრაქტი დავდო რომელიმე გამომცემლობასთან და ვალდებულება ავიღო, რომ ამა და ამ ვადებში, ამა და ამ თემაზე დავწერ მოთხრობას, ნოველას ან რომანს. ცხადია, პროფესიონალი მწერალი ასე არ იქცევა.
ლიტერატურასთან მე ჰედონისტური დამოკიდებულება მაქვს.
– და როგორ წერთ? წერა მართლაც დიდ ემოციურ სტრესებთან არის დაკავშირებული? ან კიდევ, რა მოაქვს მწერლისთვის გამოცდილებას?..
რაც შეეხება თვითონ ტექსტს, მე ვფიქრობ, აქ კომპრომისების დაშვება შეუძლებელია და თუ რამეს ვწერ, ვცდილობ ეს გავაკეთო პროფესიონალურად. ენასთან ხუმრობა არ შეიძლება. სწორი ბრძანდებით, წერა მართლაც დაკავშირებულია დიდ ემოციურ სტრესებთან. მეტსაც ვიტყოდი, თუ წერის პროცესში ემოციური სტრესი არ არსებობს, მაშინ არც კათარსისი განხორციელდება და ტექსტი თანაბრად უინტერესო იქნება როგორც მწერლის, ისე მკითხველისთვის.
გამოცდილებას კი მოქვს ის, რომ ადამიანს საშუალებას აძლევს ყველაფერს, რაზედაც კი ის ფიქრობს, შეხედოს რამდენიმე კუთხით, თავი დააღწიოს სწორხაზოვნებასა და პლაკატურობას, არ გადაიჭრას მორალიზატორობაში და არ გახდეს მოსაწყენი.
– თქვენი მოთხრობები “მაყვლიანი”, საოჯახო ქრონიკა”, “დაატიჟება კონოში” ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტები იყო. რა რეზონანსი და გამოხმაურება ჰქონდათ მათ, მნიშვნელოვანი კრიტიკული წერილები თუ გახსენდებათ და საერთოდ, როგორ ფიქრობთ საქართველოში ლიტერატურული კრიტიკა არსებობს?
იყო რამდენიმე გამოხმაურება. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდა რამდენიმე სიტყვა ეთქვა ჩემს მოთხრობებთან დაკავშირებით. განსაკუთრებით დადამახსოვრდა ქალბატონ ლილი ავალიანის წერილები.
რაც შეეხება ლიტერატურულ კრიტიკას ზოგადად, ჩემი დაკვირვებით აქ საქმე სავალალოდაა. ცხადია, არსებობს რამდენიმე ნიჭიერი კრიტიკოსი, რომლის აზრსაც მე დიდ პატივს ვცემ. მაგრამ უბედურებაა ისაა, რომ იშვიათი გამონაკლისების გარდა, კრიტიკა ჩვენში, საბჭოთა დროიდან მოყოლებული, გარკვეული იდეოლოგიური კონიუნქტურის ტყვეობაშია. ცხადია, იდეოლოგიური კლიშეები იცვლება: კომუნისტური შტამპები ჯერ ნაციონალისტურ-რელიგიური, შემდეგ კი ფსევდო-ლიბერალური ტაბუებითა და რიტორიკით შეიცვალა.
საბჭოთა დროს კრიტიკოსი ერთდროულად ბრალმდებლის, მოსამართლისა და განაჩენის აღმსრულებლის ფუნქციას ასრულებდა. მისი სიტყვა ხშირად სასიკვდილო განაჩენს ნიშნავდა მწერლისათვის. აქედან გამომდინარე, კრიტიკოსის პროფესიის არჩევა წესიერი ადამიანისთვის ეშმაკთან გარიგების ტოლფასი იყო. მეორეს მხრივ, საბჭოთა ეპოქის მწერლებისთვის კრიტიკოსი ლიტერატურული პროცესის აუცილებელ მონაწილედ კი არ აღიქმებოდა, არამედ მტრად და პოტენციურ ჯალათად. ცხადია, ამას საერთო არაფერი აქვს ჯანსაღ ლიტერატურულ ცხოვრებასთან, მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერაც გაბატონებული შეხედულებებისა და სტერეოტიპების დიქტატს ეგუება, ის მხოლოდ იდეოლოგიურ შტამპებს იცვლის და არ ცდილობს მათგან გათავისუფლებას. ამიტომაც კრიტიკა (თუნდაც ჯანსაღი) ისევ მტრობად აღიქმება, კრიტიკოსობა კი – გაბატონებული ჯგუფის შეხედულებათა მონობად.
სტალინის ძეგლებთან ბრძოლას რა აზრი აქვს, თუ ტოტალიტარული აზროვნებისა და პოლიტ-ტექნოლოგიებისაგან არ გავთავისუფლდით? რა აზრი აქვს ბელადის ქანდაკების მსხვრევას, თუ მის ადგილზე ზვიადის, ბასილ მკალავიშვილის, ანდა ლევან რამიშვილის წარმოსახვითი ძეგლი წამოვჭიმეთ?
– ერთგან თქვით “სტილი განსაზღვრავს ლიტერატურასო” აბსოლუტურად გეთანხმებით, მაგრამ აქვე მინდა გკითხოთ, რა არის მწერლური სტილი და რატომ არის ეს “როგორ” ხშირად “რა”-ზე მნიშვნელოვანი?
მარტივი აზრია: ანტიკურ თეტრში მისულმა მაყურებელმა ზედმიწევნით კარგად იცოდა თუ რა მოხდა და რატომ მოხდა ოიდიპოსის, ან აგამემნონის ოჯახში. მაგრამ ხალხი თეატრში იმისთვის მიდიოდა, რომ ენახა და მოესმინა როგორ ყვება ამ ისტორიას სოფოკლე, საიდან იწყებს და სად ამთავრებს თხრობას ესქილე, როგორ გადმოსცემენ მათ მიერ დაწერილ სიტყვებს ნიღბიანი მსახიობები და ა.შ. ისინი მიდიოდნენ თეატრში თავდავიწყებისათვის, რათა რამდენიმე საათის განმავლობაში გათავისუფლებულიყვნენ საკუთარი საზრუნავისა და ტკივილისაგან, ეცხოვრათ სხვა ადამიანის ტკივილებითა და ვნებებით, რათა ტირილამდე მისულებს კათარსისი განეცადათ. მათი ცრემლები უერთდებოდა მარადისობას, როგორც კაპიტან აქაბის ცრემლები ოკეანეს და “მთელ ოკეანეში არ იყო წვეთი უფრო სუფთა, ვიდრე ეს ცრემლი”.
– ფიქრობთ, რომ დღეს თანამედროვე ლიტერატურაში სათქმელის დეფიციტია? და ამას მოსდევს ხომ არ მოსდევს თავად მკითხველის დეფიციტიც?
“დიდი სათქმელი” არ ნიშნავს დიდ ლიტერატურას. შექსპირის “ჰამლეტი” იმიტომ კი არ არის გენიალური, რომ იქ ყოფნა-არყოფნის საკითხია დასმული (ეს საკითხი ამა თუ იმ ფორმით უამრავ ღირებულ ტექტსტში გვხვდება, გილგამეშიდან და ბიბლიიდან დაწყებული, უმბერტო ეკოთი დამთავრებული), არამედ იმიტომ, რომ შექსპირმა მოახერხა ყოველი ჩვენთაგანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი გაეხადა ამ კითხვაზე პასუხის ძიება. მე მგონი, ნიჭის დეფიციტი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სათქმელისა. ნიჭი კი, ყოველთვის საკმაოდ დეფიციტური “საქონელი” იყო და ასეთადვე რჩება.
“მკითხველის დეფიციტი” შესაძლოა უკავშირდებოდეს ლიტერატურის ფუნქციის შეცვლას პოსტინდუსტრიულ ეპოქაში. მეცხრამეტე საუკუნის ნაციონალიზმის მთავარი ინსტრუმენტი ლიტერატურა იყო. როგორც ერთი ჩემი მეგობარი იტყოდა “ნაციონალური ნარატივი ლიტერატურის ენით ლაპარაკობდა”. მაგრამ ფაშისტური საკონცენტრაციო ბანაკების შემდეგ დევალვირებული და ლამის ტაბუდადებული ნაციონალიზმის პირობებში ლიტერატურამ დაკარგა ერის მოძღვრისა და წარმმართველის ფუნქცია, ის ერთგვარი ინტელექტუალური გართობის ნაირსხეობად, ან, სხვა შემთხვევაში კომერციული ინტერესის საგნად გადაიქცა. არ მითხრას ვინმემ, რომ სიამოვნება არ მიუღია აკუნინის დეტექტიური რომანების კითხვით. დაძაბულ, კომერციულად მომგებიან სიუჟეტთან ერთად, იქ “მაღალი სტილის” ბრწყინვალე იმიტაციას და ინტელექტუალურ საზრდოსაც ვპოულობთ. მაგრამ რამდენად შეიძლება ამ რომანებს დიდი ლიტერატურა ეწოდოს, ეს მართლა არ ვიცი. ერთი კი ცხადია, ფანდორინის თავგადასავალი სულ სხვა მიზნითაა მოყოლილი, ვიდრე როდიონ როსკოლნიკოვის ისტორია.
– ბოლო წიგნზე “კონკიას ღამესა” და მასში შესულ მოთხრობა “გლობალიზაციაზე” მინდა გკითხოთ, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავად გლობალიზაცია კანონზომიერი პროცესია, მაგრამ როგორ ვხვდებით ჩვენ მას და როგორ შეიძლება მასთან სწორი მიმართების გამოძებნა?
ჩვენი მიდგომა გლობალიზაციის, როგორც ობიექტური პროცესისადმი ორგვარია: საზოგადოების ნაწილი (საკმაოდ დიდი) მას განიხილავს, როგორც მტრული ძალების (მასონები, იეღოველები, სოროსი და სხვ.) შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ. მეორე, შედარებით მცირე ნაწილი კი უაზრო აღტაცებით, გაუგებარი პიეტეტითა და უნიადაგო იმედებით ხვდება გლობალიზაციას, როგორც ყველა ჩვენი სენისა და გასაჭირის პანაცეას. ორივე ეს უკიდურესობა სიბრიყვისა და წინდაუხედავობის მაგალითია. როდესაც ნილოსის ნაპირას ცხოვრობ, არ შეიძლება არ ხვდებოდე, რომ მდინარის მოტანილი ნაყოფიერი შლამი მდიდარი მოსავლის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ასევე შეუძლებელია არ იცოდე, რომ მდინარემ ადიდება იცის და თუ აქა-იქ ჯებირებს არ დაუყენებ, შეიძლება ერთი ხელის მოსმით წალეკოს ყველაფერი, რაც შენ და შენს წინაპრებს გიშენებიათ. იაპონელებმა მოახერხეს მაქსიმუმი აეღოთ ინფორმაციული, ტექნოლოგიური და ფინანსური ნაკადების ხელმისაწვდომობისაგან, მაგრამ ისიც შესძლეს, რომ მათ კულტურას არ ემუქრება ნიველირება, ეროვნული იდენტურობა კი საიმედოდაა დაცული.© Weekend
-
სემუელ ბეკეტი – ეჰ ჯო
-
ლევან ბერძენიშვილი – ზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში
ლევან ბერძენიშვილიზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში„ყოველთვის ვიცოდი, რომ ნამდვილი არ იყო.“
სეროჟას ფიქრი შექსპირზე, ოდეს სპექტაკლის ბოლოს
მაყურებელთა ოვაციების მისაღებად
სცენაზე ცოცხალი დეზდემონა გამოვიდაწიგნის წაკითხვას რა უნდა? არა, იმას არ ვგულისხმობ, რომ, საერთოდ, წიგნი იოლი წასაკითხია. სხვა რამეს ვგულისხმობ. შევეცდები, უფრო გასაგებად დავსვა კითხვა: წიგნმა როგორ უნდა წაგაკითხოს თავი? უპირველეს ყოვლისა, წიგნი, როგორც საგანი, როგორც ფიზიკური სხეული და არა მისი შინაარსი, რომ იტყვიან, ხელში უნდა მოგყვეს. ამისთვის, სხვათა შორის, მაგარი ყდა უნდა ჰქონდეს, სქელი და მუქი. აიღებ კარგ ყდას (კარგი ყდა ნახევარი საქმეა, არადა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნამდვილად მაგარი ყდა შეარჩია, თანაც „მაგარი“ არა მხოლოდ hard, არამედ ასევე „მაგგარი“ – cool), მისცემ ფერს. ფერი: შავი. შავ ყდას ოქროს ასოებით დააწერ: adibas. თავზე დაასვამ ადიდასის ლოგოს (ძველ ლოგოს, ყვავილისებურს) და ქვემოთ თეთრად მიაწერ: რომანი (ვინმეს რამე რომ არ შეეშალოს). სულ ზემოთ, ყდის ზეცაში იმავე ორხაზიანი შრიფტით, რითიც ქვემოთ „რომანი“ გიწერია, მისცემ ავტორის სახელსა და გვარს, როგორც ხარისხის ნიშანს: ზაზა ბურჭულაძე.
როგორც Stairway to Heaven „ზეციურ [ჯეიკობის] კიბეში“ ლედ ძეპელინი მღეროდა, ყველაფერი, რაც ბრწყინავს და ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყდის დიზაინერი (ყდის დიზაინი: თამუნა) ახერხებს ამას: გკარნახობს, რომ ეს ოქრო ოქრო არ არის. სამაგიეროდ, რაც არ ბრწყინავს, თეთრია და ნამდვილია, ანუ ზაზა ბურჭულაძე და რომანი ნამდვილია, დანარჩენი – არა. მოკლედ, ყდა უკვე გეუბნება, რომ რაღაც ლიტნარკოტიკი, ყვითელი და თეთრი, ნამდვილი და ყალბი ერთად უნდა შემოგაპარონ. ამიტომაც რომანი იწყება adibas-ის განმარტებით ანუ მკითხველის გაფრთხილებით. ლექსიკონიდან ამოხეული განმარტება შეგიძლია თავიდან ბოლომდე წაიკითხო, როგორც არის: „adibas – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.“ უნდა დაამატო, „ისეთი გაყალბება, რომელიც ნამდვილ ნივთად უნდა შეასაღო ყურუმსაღ მყიდველს“. და შეგიძლია სახელდახელოდ თარგმნო (გამოცდილი მკითხველი ხარ და კარგად მოგეხსენება, რომ პირველსავე გვერდზე მწერალი ტყუილად არ გამოიტანდა ამ განმარტებას). მწერალიიგი ხმამაღლა გეუბნება: ყურადღება, მკითხველო, ყურადღება, შენს წინაშე წარდგება სიყალბე, შენთან შესახვედრად ჩემი ფურცლებიდან მოემართება სუროგატი, იმიტაცია, ფალსიფიკაცია, ცრუ სიტუაცია, ვულკანიზაცია და ბალანსირება (2008 წელს გარდაცვლილი, ღრმა სიბერეში „უკვდავად“ ანუ აკადემიკოსად არჩეული ალენ რობ-გრიეც 1953 წელს გამოცემულ „საშლელებში“ ასე მონდომებით აფრთხილებდა მკითხველს ზედმეტი 24 საათის შესახებ). მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ავტორი გატყუებს და ოქროს სიყალბესთან ერთად ავაზაკურად სიმართლესაც შემოგაპარებს, ცბიერად, გველურად. ახლა მზრუნველი და ჰუმანისტი ავტორი კმაყოფილია, რადგან ერთგული მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, შემდგომში პრეტენზიები არ იყოს, სიყალბეზე და ჯორჯო არმენიზე პირველსავე გვერდზე მიგითითეო. მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, ბომონდი – განაწყენებული, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი კი – სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული.
რატომ ადიდასი და ადიბასი? რატომ რომელიმე სხვა ფეიკი არა, მაგალითად, სახელგანთქმული „აბიბასი“, „სომი“, „პანაფონიკი“, ჩინური „აიფონი“ (ვითარებას ართულებს ის, რომ ნამდვილი აიფონიც ჩინეთში მზადდება) ან თუნდაც ათლარიანი „როლექსი“? შეიძლება იმიტომ, რომ „Adidas AG“ ჩვენებური, ევროპული, გერმანული ფირმაა (კერძოდ, რკინის გზას პოტსდამსა და ბერლინს შორის ხაზი გაესმება რომანში). მე ჩემი ვერსია მაქვს და ვერავინ დამარწმუნებს მის მცდარობაში: ადიდასი ეს არის სამი ხაზის ერთობა; სამი, რომელიც ერთია, ანუ სპორტულ-აქსესუარული სამება. რომანი სწორედ სამ სამყაროს გაჩვენებს: 1. ნამდვილს (?) და ძვირს (!) (ბუტიკები ვაკეში, კაფეები შარდენზე), 2. ყალბს და მოძვიროს (ბაზრობები. სივრცე, რომელსაც ეწოდება „სიბრძნე სიცრუისა“), 3. ჭეშმარიტს და იაფს (მეორადები, სეკონდები. სივრცე, რომელსაც ეწოდება In sacco veritas „ფუთაშია ჭეშმარიტება“).
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ნამდვილი ანუ ადიდასი მკითხველი წიგნს დროებით დახურავდა და ამა სოფლის ამაოებაზე დაფიქრდებოდა. შემდეგ გადმოაბრუნებდა წიგნს და ახლა უკვე სხვა, იოში იამამოტოს ასევე გაყალბებული ლოგოს ქვემოთ წაიკითხავდა, რომ ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს და რომ ომი რომანის მთავარი პერსონაჟია სექსთან ერთად. ომი და სექსი, მოდი და ნუ წაიკითხავ! ისევ გადაიშლება წიგნი და მკითხველი იწყებს კითხვას ექსპოზიციით, რომელსაც ეწოდება „01 დილის მულტიმედია“. უკვე ამ ნუმერაციითაც და ამ ქვესათაურითაც უნდა მიხვდეს მკითხველი, რომ ომისა და სექსის გარდა წიგნს სხვა პერსონაჟიც ჰყავს: თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხან ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩართული ტელევიზორით რუსული არმიის წინსვლას და დიღმიდან გაგარინის მოედნამდე ტფილისში დიფუზიის პროცესს ნერვიულად გადმოსცემს, ხან დაუდევრად დაგდებული გადახსნილი ლეპტოპით მოგვევლინება, ხან იუთუბში „კანიბალ კორპსს“ დაეძებს სექსუალური აგზნების დაშოშმინების სპეციფიკური დავალებით, ხან სკაიპში ლათინური ასოებით ქართულ-რუსულ ტექსტს შემოგვთავაზებს (თავი 11 დამახასიათებელი სათაურით „საქართველო“), ხან coffee.ge-ს wi-fi-ს გვახარბებს, ხანაც 120 გიგაბაიტიანი აიპოდით ჩაგვიკრავს თვალს და ხანაც Bang&Olufsen-ის ნაუშნიკებით გვემარიაჟება. კიდევ ერთი მუდმივი პერსონაჟი ჩანს ამ რომანში: ინგლისური ენა. ხშირია ციტატები, წარწერები, ალუზიები და ა.შ. შექსპირის ენაზე. მოკლედ, ომი, სექსი, კომპიუტერი და ინგლისური, სწორედ ესაა ადიბასის სა-ქარ-თვე-ლო!
როგორც ყველა ადიდასი მწერალი, ზაზა ბურჭულაძეც არ ენდობა ადიბას მკითხველს. ამიტომ მან უნდა დაუღეჭოს, დიდი პირი დააღებინოს და ისე ჩაუტენოს ლუკმა. ადიბასი ხომ სიყალბეა, განმარტება ხომ მისცა, ლოგოც გაუყალბა (ქვემოთ უსამართლოდ მოუმრგვალა), მაგრამ გრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი; ამიტომ ქმნის სრულიად ახალ ადიბასურ პროდუქტს, სუპერფალსიფიკაციას, „აქ და ახლას“ აღრევას, სრულ შეუთავსებლობას, სუროგატის სუროგატს – ხინკალს კაფე „ლურჯ ხავერდში“, რომელსაც ჰოლანდიელი ქალი გულმოდგინედ და მცოდნედ ჭამს – თითქოს, თავისი ერთი ძველი პერსონაჟისა არ იყოს[1], უნდა თქვას, ჭეშმარიტად, „ვინაც გაიგებს ხავერდის ხინკალს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.“
რომანის გმირებს ჰყავთ საყვარლები და ყოფილი საყვარლები. ის კი არა, ერთი ყოფილი საყვარელი ახლა სხვისი ქალია და ძველი საყვარლის თვალწინ ახალ საყვარელს ნებდება და ეს სცენა ძველმა საყვარელმა ახალი საყვარლის თხოვნით ვიდეოზე უნდა დააფიქსიროს (თქვენი არ ვიცი და მე პირდაპირ მესმის აღშფოთებული მოქალაქის ხმა. ხმა ამბობს: „რა მარაზმია!“). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეზოპეს ენით არ არის გადმოცემული.
მავანი იკითხავს, ამ ნატურალიზმში, ამ გარყვნილებაში, ნაკურთხ „ტოიოტა რავ 4“-ში, ბერის სენაკში დამღერებულ კარაოკეში, რუსეთის არმიის თბილისში შემოსვლასა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებათა ენციკლოპედიური ცოდნის გამოვლენაში კარგი რა არისო? მეც მანდა ვარ: ავტორის ოსტატობის გარდა, კარგი არაფერია, რადგან რომანის თხუთმეტი თავის განმავლობაში ნელ-ნელა ხვდები, რომ ეროვნულ სიყალბეს, ეკლესიის ეზოში შესულ „ჰამერს“ ამოსაცნობი სანომრე ნიშნით „ALIKA“, უღრან ფარისევლობას, ნაციონალურ გულგრილობას, კალენდარზე დახატულ სააკაშვილის ფოტოშოპში კბილებგათეთრებულ ღიმილს, ორალური სექსის დროს ჩაძინებულ ქალს, სიაბანდობის ზეიმს, პოპულარულ ასტროლოგიას (ეძღვნება მერვე თავი სათაურად „08/08/08“ – ვერძი: დღეს თქვენი ენერგეტიკული რესურსები…), ყველაფერ ამას მოჰყვება უნებურად დაბადებული ეპიფანია, მიხვედრა იმისა, რომ „ადიბასი“ წიგნის სათაური არ არის, „ადიბასი“ დღევანდელი საქართველოს დიაგნოზია. ჩვენ არც ნამდვილი და არც მეორადი საზოგადოება არ ვართ. ჩვენ ვართ ნაყალბევი საზოგადოება, რომელიც ნამდვილ საზოგადოებად ასაღებს საკუთარ თავს.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“[1] ზაზა ბურჭულაძე, „სახარება ვირისა“, თბილისი, 2004.








