• ინტერვიუ,  პორტრეტი

    საუბრები ლიტერატურაზე – გიორგი ლობჟანიძე


    თეონა დოლენჯაშვილი

    გიორგი ლობჟანიძე – პოეზიის თავშესაფარი პიროვნებად შემდგარი ადამიანების გულებშია.

    – გიორგი, ის ადამიანი ხარ, რომელიც ადრეულ ასაკში გაიცნო მკითხველმა თავისი ძალიან საინტერესო ლექსებით. ვუნდერკინდი ბავშვების ბედი, საერთოდ რთულია. შენ თავად როგორ შეაფასებდი იმ პერიოდს და შემდგომ შემოქმედებით ეტაპებს?
    – მართალი ხარ, ნაადრევად მოსული წარმატება შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს ბავშვისათვის, რომელიც რაღაც ნიჭით, ვთქვათ, ლიტერატურული უნარითაა დაჯილდოებული. მით უფრო, იმხანად, როცა ჩემი ლექსები დაიბეჭდა, ამ ყველაფერს ისეთი არაჯანსაღი აჟიოტაჟი მოჰყვა, იმდენი წერილი მივიღე საქათველოს სხვადასხვა კუთხიდან და დღევანდელ ჟარგონზე რომ ვთქვათ, ისე “მაფანატებდა” უამრავი ჩემი თანატოლი, რომ კიდევ კარგი, ვითარებას სერიოზულად არ აღვიქვამდი, თორემ უსათუოდ ფიზიკურად დავიღუპებოდი. დღემდე ძალიან მადლობელი ვარ პაატა ნაცვლიშვილისა, ვინც დამინახა, გამომარჩია და მაშინდელ “ახალგაზრდა კომუნისტში” მთელი გვერდი ლექსებიც დამიბეჭდა. პაატა მაშინ მე თვითონ მოვძებნე, ჩემი თავიცა და ლექსებიც თავს თვითონ მოვახვიე და რაღაც ეტაპზე იმ პუბლიკაციების გამო ძალიანაც ბედნიერი ვიყავი. თუმცა, დღეს რომ ახლიდან ვიწყებდე ცხოვებას, იმავეს არავითარ შემთხვევაში აღარ ჩავიდენდი. 13 წლისა ლექსებს აღარაფრით აღარ დავბეჭდავდი, რადგან ამ პუბლიკაციის მერე რაც დაიწყო, იმის გაძლება დღესაც ძალიან გამიჭირდებოდა და მაშინ ხომ თითქმის მთელი ჩემი სულიერი ძალები ამ უაზრო ვითარებასთან გამკლავებას შეეწირა. ერთი მხრივ, როგორც გითხარით, მომდიოდა უამრავი წერილი. ამ წერილების უკან რეალური ადამიანები იდგნენ, თავიანთი გასაჭირითა და პრობლემებით: მწერდნენ ციხიდან, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან, საბავშვო სახლებიდან, მთხოვდნენ რჩევას, ფიზიკურ თუ მორალურ თანადგომას. რახან ჩემი ასაკისათვის შეუფერებლად ჭკვიანურ ლექსებს ვწერდი, ყველამ რატომღაც ყოვლისშემძლედ წარმომიდგინა. მე კი ჩემი გამჭირვებოდა. შინაგანად ისედაც ძალიან დაუცველი ვიყავი და ამას ცოტა ხანში თან უდიდესი ტრაგედიაც დაერთო, რაც კი შეიძლება ცამეტი წლის ბიჭს დაემართოს: ერთი წლის განმავლობაში ჯერ მამა გარდამეცვალა და მერე დედა. დავრჩი მარტო და უცებ მივხვდი, რომ ამ სიმარტოვეში მხოლოდ პოეზია თუ გადამარჩენდა. ახლა ეგებ პათეტიკურად გეჩვენებათ, რასაც ვამბობ, მაგრამ მაშინ პათეტიკისთვის ნამდვილად არ მცხელოდა. თანაც პოეზიაში, მაშინ ყველაფერს ვგულისხმობდი, რაც კი სიფაქიზეს, შინაგან სინამდვილეს უკავშირდებოდა. იმხანად ჩემი ლიტერატურისადმი დამოკიდებულება ლამის სარწმუნოებრივ ფანატიზმს გაუტოლდა. ეს – ჩემში რაც ხდებოდა. გარედან კი უამრავი რამ მეჭრებოდა: სასკოლო და სარაიონო ღონისძიებები, რომლებზე ლექსით გამოსვლაც ხშირად მიხდებოდა. იმდენად მორიდებული ვიყავი, რომ უარს ვერავის ვეუბნებოდი და ამიტომ ძალიან ბევრ ასეთ ღონისძიებაში მიმიღია მონაწილეობა. თუმცა, ალბათ, ერთი მხრივ, კარგია, რომ ეს ეტაპი ბავშვობაშივე გავიარე. იმიტომ, რომ დღეს უკვე საკუთარი თავისა და შემოქმედების ასეთი იაფფასიანი პრეზენტირების სურვილი ვეღარაფრით ამიყოლიებს. მე ვიცი, რა ფუყეა ხმამაღლა წაკითხული ლექსისათვის დაკრული ტაში, რა უცებ მოდის ასეთი წარმატება და სამაგიეროდ, რამდენი უნდა იშრომო ნამდვილად ფასეული წარმატებისათვის. ღმერთმა დამიფარა, რომ ბავშვობაში მოსულმა პოპულარობამ ხანძარივით არ გადამიარა და ჩემს ადგილას შავად გადღაბნილი ლაქა არ დატოვა.

    – მართლაც ასეთია ქართველი მკითხველი? თუ ეს მხოლოდ იმ წლებში იყო ასეთი აქტიური?. საერთოდ როგორია ის? უფრო კომპეტენტური… თუ ფეხის ხმას აყოლილი?
    – ძალიან გამიჭირდება ქართველ მკითხველზე ასე ზოგადად ლაპარაკი. ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა. იმ წლებში ვფიქრობ, ხალხი უფრო სერიოზულად კითხულობდა და სააზროვნო სივრცეც უფრო არსებობდა. საერთოდ, ტოტალიტარული სისტემების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი, როგორც ჩანს, წიგნის კითხვის მოთხოვნილება და სიყვარულია. მაშინ ლამის ერთადერთი სარკმელი, სულიერი ცხოვრებისაკენ გამოღებული, წიგნი და ლიტერატურა იყო. მეორე საკითხია: მაშინაც ბევრს შეეძლო თუ არა, დამოუკიდებლად გაეკეთებია დასკვნა წაკითხულის შესახებ. ამ გადასახედიდან რომ ვაფასებ, საქართველოში მუდმივად ასე ხდებოდა: ვიღაცას ამოიჩემებდნენ და ყველას ის ამოჩემებული პოეტი თუ მწერალი უყვარდა. მის გვერდით კი ძალზე ნიჭიერი და შეიძლება ასგზის უკეთესი მწერლები შეუმჩნევლები და დაუფასებელნი რჩებოდნენ. არსებითად, კაცმა არ იცის, იმ “შემჩნეულსაც” რაში სჭირდებოდა ასეთი დაფასება: საყოველთაო სიყვარული, რომელსაც ფესვი არცოდნაში, წამხედურობასა და სნობიზმში გაედგა. უბრალოდ, მაშინ საქმეს ის შველოდა, რომ შემფასებლები, ვის სიტყვასაც ხალხი ენდობოდა და ანგარიშს უწევდა, მართლაც გემოვნებიანნი და თავისი საქმის მცოდნე ლიტერატორები იყვნენ, რომელთაც მთელი მსოფლიოს სამწერლობო პროცესები ხელისგულზე ედოთ და, შესაბამისად, არც სიახლის შემჩნევა, გაანალიზება და სხვებისათვის ჩვენება უჭირდათ. მაგალითად, მაშინ ასეთი გზამკვლევები, მაღალი ლიტერატურული მოდის კანონმდებლები, ვთქვათ, აკაკი ბაქრაძე ანდა გურამ ასათიანი ბრძანდებოდნენ. შედარებით უმცროსი თაობიდანაც თეიმურაზ დოიაშვილი და ლევან ბრეგაძე. ეს ისე, მაგალითისათვის, უცებ ვინც გამახსენდა. ახლა კი მონასტერი აირია. ლიტერატრულ ანალიზს, ნაწარმოების ავ-კარგზე მსჯელობას, რაც ისედაც იშვიათად შეგხვდებოდათ, ბოლო ხანს თითქმის მთლიანად ჩაენაცვლა პიარი. და მკითხველიც, თვალსა და ხელს შუა მაყურებლად რომ გარდაიქმნა, იმ მწერალს იწონებს, ვისაც ტელევზორში უფრო ხშირად ხედავს და წიგნის წაკითხვა სულაც აღარ არის საჭირო, რაკიღა ტელევზორში ხედავს, ესე იგი, კარგი მწერალია…

    – პოეტი გიორგი ლობჟანიძე და მთარგმნელი გიორგი ლობჟანიძე. როგორ ცხოვრობს ეს ორი ადამიანი ერთად და როგორ ახერხებ ამ ორი რთული საქმის შეთავსებას..
    – ძალიან ძნელია ამ ორი ადამიანის თანარსებობა და მათ შორის ისეთი სიღრმისეული კონფლიქტია, როგორიც შეიძლება მხოლოდ სიამის ტყუპებს შორის ჩამოვარდეს. თარგმნა თავიდან შემოქმედებითი კრიზისის პერიოდში დავიწყე, როცა საკუთარს ვეღარაფერს ვწერდი და ვიფიქრე, თარგმანი დამეხმარება, “ფორმიდან სულ რომ არ ამოვვარდე-მეთქი.” მერე ამ საქმემ ისე გამიტაცა, რომ რაღაც მომენტში სულერთი გახდა, ჩემს სათქმელს რა ფორმით ვიტყოდი: თარგმანის თუ ორიგინალური შემოქმედების მეშვეობით. ხშირად სათარგმნი მასალა და ავტორი, რომელსაც სამუშაოდ ვირჩევ, მხოლოდ საბაბია საკუთარი დამოკიდებულებებისა და ნააზრევის გადმოსაცემად. თუმცა არ მინდა, ვინმემ არასწორად გამიგოს: ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩემეულს ვწერ და თარგმანად ვასაღებ. პირიქით, რასაც დღემდე სხვებთანაც ვერ ვეგუები, დედანთან არაპატიოსანი დამოკიდებულებაა. აქ ტრივიალურ შეცდომებს არ ვგულისხმობ, რაც ყველას ემართება. მე მძაგს ვითარება, როცა მთარგმნელი გატყუებს, რომ რასაც წერს, დედანში სიტყვა სიტყვით ამოიკითხა. და რაც მთავარია, ამ ტყუილს კანით ვგრძნობ. იმ ენებიდან, ვთქვათ, ჩინურიდან თარგმნილი ნაწერების შემთხვევაშიც კი, ორი ღერი სიტყვაც რომ არ მესმის. თარგმანი საერთოდ ადამიანის პატიოსნების ხარისხს საუკეთესოდ ააშკარავებს. მოგეხსენებათ, ისეთი ენებიდან ვთარგმნი, საქართველში კი არა, მსოფლიოშიც რომ ბევრმა არ იცის. შესაბამისად, შემეძლო ამ მართლაც დიდებული პოეტების განწყობილებები ხელაღებით გადმომეტანა და საკუთარ შემოქმედებით ძიებებად გამესაღებინა, მაგრამ ასეთი რამ ფიქრადაც კი არასდროს გამივლია. ეს ხომ იმაზე საშინელი ქურდობაა, ვიდრე რაღაც ნივთების მოპარვა. არადა, ჩემ ირგვლივ იმდენი მოკალმე დაემსგავსა საეჭვოდ უცხოელ პოეტებს, რომ ბევრი მათგანი თავისივე თარგმანის ნაბიჭვარი გეგონება.
    წინასწარ ვიცი, ბოლო წინადადება რა აურზაურსაც გამოიწვევს, ამიტომ შემეძლო დამეკონკრეტებია, ამ სიტყვებში რომელი პოეტი არ იგულისხმება, თუმცა არ ღირს. აქ არაიმდენად რომელიმე კონკრეტული ადრესატი, არამედ ზოგადი ტენდენციაა მნიშვნელოვანი, ამიტომაც ჩემი ძვირფსი კოლეგები მაინცდამაინც ნათქვამში საკუთარი თავის აღმოჩენას ნუ დაიწყებენ.
    ჩემთან დაკავშირებით კი შემიძლია გითხრათ, რომ მე პირიქით მიმივიდა: ყველაფერი, რაც შემეძლო თვითონ დამეწერა, ქართლური ახირებით, ნებითა თუ შემოქმედებითი ბედისწერის ძალით, თარგმანებს მივეცი. ვერ აგიხსნით, რა გრძნობაა, როცა, ვთქვათ, რომელიმე იუზერი ზოგჯერ შენ მიერ თარგმნილ მასალას დაიმოწმებს და იქვე კეკლუცად დასძენს: “როგორც ფორუყი ამბობს”, ან: “რა კარგად თქვა ესა და ეს ხალილ ჯიბრანმაო”. ხოლო მთარგმნელის მითითება ავიწყდება კი არა და, უბრალოდ, აუცილებლადაც არ თვლის.
    ერთი სიტყვით, მგონი, ჩემი პასუხიდან ის მაინც არის ცხადი, რომ მთარგმნელსა და პოეტ გიორგი ლობჟანიძეებს თუ ლობჟანიძე გიორგიებს ერთმანეთთან ძალიან რთული, წინააღმდეგობრივი, ვნებიანი შეყვარებულებივით ეჭვიანი ურთიერთობები აკავშირებთ.

    – აღმოსავლეთი – პოეტისთვის მას ალბათ განსაკუთრებული ხიბლი აქვს. მახსოვს, ერთგან წერდი, რომ იქ საუბრის დროსაც საოცრად პოეტურები არიანო. ჩვენს საუკუნეში რამდენად ბუნებრივია ეს და კიდევ დიდხანს შეეძლება აღმოსავლეთს ამ ერთგვარი რომანტიზმის შენარჩუნება?..
    – აღმოსავლეთი ჩემთვის, სამწუხაროდ, დიდი ხანია გაძარცვულია იმ რომანტიზმისაგან, რაც შორიდან მაცქერალ ადამიანს იქ ეჩვენება და თავისკენ იზიდავს. თავის დროზე ამ პოეტურობამ, ყოფითმა მისტიციზმმა თუ ყოფის მისტიკურობამ თავის შიგნით ისე ჩამიკირა, როგორც მწერი ქარვის თვალმა.
    ირანში რომ ჩავედი, ჩემი ერთ-ერთი პირველი გაოცება ცის სიახლოვემ გამოიწვია. იქაურ უდაბნოში ცა საოცარი ფერისაა და საოცრად დაბლაა. ისეთი გრძნობა გაქვს, რომ მოინდომო, ხელითაც შესწვდები. ან კიდევ ერთი ნაბიჯი და მიწიერ ზღურბლს თავისუფლად გადააბიჯებ. აღმოსავლეთი სწორედ ამ ერთი ნაბიჯის კიდეზე ცახცახებს: ცახცახის აქეთ რეალურია, იქით – ირეალური. ეგვიპტეში ექსკურსიაზე წაგვიყვანეს კაიროდან შარმ ელ-შეიხში, გზად უდაბნოზე უნდა გაგვევლო. ავტობუსიდან უცებ შუაგულ უდაბნოში გამწვანებულ ბაღს ვკიდეთ თვალი. გაოცებისაგან ყველანი ფანჯრის მინებს ავეკარით, არაბი გამყოლი კი შორიდან გვაკვირდებოდა და იღიმოდა. ცოტა ხანში კი აგვიხსნა, რომ თურმე იქ არავითარი ბაღი არ ყოფილა და მირაჟი დაგვინახავს. მეცნიერულად როგორც არ უნდა აიხსნას ეს მოვლენა, ამის შემდეგ ვეღარავინ დამაჯერებს, რომ ის ქვეყანა არ არსებობს და სადღაც, ხელის გაწვდენაზე არ არის. უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ, რადგან მხედველობა რამდენიმე განზომილების პროეცირებაზე გვაქვს მომართული.
    ეს რელიგიური ადამიანის განცდები იყო. მალე კი თანამედროვე კაცის ჩვეული სკეფსისი მომეძალა და გავიფიქრე: ვინ იცის, ეგებ ეს ქვეყანაც ისევე არ არსებობს, როგორც ის მირაჟი, ავტობუსიდან რომ დავინახეთ. არსებითად ხომ ამ ქვეყანასაც ზუსტად ასე ვხედავთ: წამიერად, თითქოს გაქანებული ავტობუსის ფანჯრიდან მოვკარით თვალი.

    – ვიმ ვენდერსმა თქვა კინო ევროპაში დაიბადა და ირანში განაგრძობს სიცოცხლესო (ამ შემთხვევაში ირანელ რეჟისორს და პოეტს აბას ქიაროსთამს გულისხმობდა) პოეზიის თავშესაფარიც უფრო იქით ხომ არ გეგულება?
    – ამ შეკითხვის პასუხიც ვგონებ, ზემოთქმულს ბუნებრივად გააგრძელებს. აღმოსავლური კინემატოგრაფის არნახული წარმატება სწორედ ხედვის, როგორც სამყაროს ფილოსოფიურ-პოეტური აღქმის თავისებურებებს უკავშირდება. ამ შემთხვევაშიც აღმოსავლეთმა დასავლური ტექნოკრატიული ცივილიზაციის პროდუქტი – კინოკამერა მარჯვედ გამოიყენა თავისი ბუნებრივი, ღვთით ბოძებული ნიჭის – ხედვის დასაფიქსირებლად. აღმოსავლურმა აზროვნებამ კინოკამერას იმედნად მინიმალური ფუნქცია მიანიჭა, რომ მისი არსებობა ზედმეტი და ზოგჯერ აუტანელიც კი გახადა. ამდენად, ჩემთვის იგივე აბას ქიაროსთამი უპირველსად პოეტია და მერე რეჟისორი. რაც შეეხება “პოეზიის თავშესაფარს”, მე ის კარგა ხანია მიწიერ განზომილებებში აღარ მეგულება, რადგან ერთი დიდი მოაზროვნის სიტყვებით რომ ვთქვათ, “დღეს აღარც დასავლეთია დასავლეთი და არც აღმოსავლეთი აღმოსავლეთი.” პოეზიის თავშესაფარი პიროვნებად შემდგარი ადამიანების გულებშია. ასეთები კი, სამწუხაროდ, უკვე მაშრიყშიც და მაღრიბშიც ძალიან ცოტანი არიან.

    – ყურანი – მისი თარგმნის გადაწყვეტილება უკვე გმირობა იყო. როგორ მიიღე ეს გადაწყვეტილება, რამდენად რთული იყო მუშაობის პროცესი და რა მოგიტანა ამ წიგნმა წარმატებასთან ერთად.
    – თარგმნის გადაწყვეტილება არ ვიცი, რამდენად გმირული იყო, რადგან პრაქტიკულად, ეს ყველაფერი თავიდან ჩემთვის, საკუთარი ინტერესების დასაკმაყოფილებლად წამოვიწყე. აი, გამოქვეყნებას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში კი მართლაც შემიძლია მივიღო თქვენი კომპლიმენტი.
    თარგმანის გადაწყვეტილება, სპონტანურად, შეიძლება ითქვას, გაუცნობიერებლადაც კი მივიღე. მესამე კურსზე ქალბატონი თინა მარგველაშვილი გვიკითხვდა სპეცკურსს “ყურანის არაბული” და იმედნად მივიხიბლე მუსლიმთა საღვთო წიგნის სტილური და მხატვრული თავისებურებებით, რომ თამაშ-თამაშით მისი ქართულად თარგმნა წამოვიწყე. მაშინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ბავშვური გატაცება ჩემი ცხოვრების უმთავრესი საქმე გახდებოდა და ამდენ წელიწადს მიმიჯაჭვავდა.
    მუშაობის პროცესი ურთულესიც იყო და ძალიან დაძაბულიც. სირთულეს სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა რამ განაპირობებდა, მაგრამ მე ვფიქრობ, ყველაზე რთული მაინც სტილური ადეკვატის მოძებნა გახლდათ, იმ მხატვრული საშუალებების მოძიება, რამაც ქართული თარგმანის სტილისტიკა განსაზღვრა.
    სულიერ პლანში ყურანის თარგმანის დასრულება მართლაც იყო ძალიან დიდი წარმატება, რომელმაც უდიდესი სიხარული და შვება მომიტანა, მაგრამ თავს იმდენად დიდი შური, ბოღმა და ისეთი აგრესიული ფორმით გამჟღავნებული ბოროტებაც დამატეხა, რომ თვით უახლოესი ადამიანებიც კი სულ სხვანაირად წარმომიჩინა და დამანახვა. დაიწყეს ათასგვარი მითქმა-მოთქმა, თარგმანის მერკანტილური და იდეოლოგიური მოტივების ძიება, ტექსტში კირკიტი და იქ შეცდომების, ანდა უნებლიე გადაცდენების აღმოჩენა. მადლობა ღმერთს, იმის ძალა რომ მომცა, ამ ყველაფრისთვის მშვიდად და აუმღვრევლად შემეხედა.
    მეშურნეთათვის ერთი პასუხი მაქვს: ჰა, ბურთი და ჰა მოედანი, მიბრძანდნენ და თუ ჩემი თარგმანი არ მოსწონთ, უკეთესი თვითონ გააკეთონ! ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ არც თარგმნისას და არც ურთიერთობისას არაფერი შეეშლება, წიწილები მოგვიანებით, “შემოდგომაზე” დაითვალოს.
    ყოველ შემთხვევაში ერთი რამით მაინც მინდა დავამშვიდო ჩემი გაავებული მოშურნენი: მერწმუნეთ, ყურანის თარგმნას მატერიალური თვალსაზრისით არაფერი მოაქვს. ისევ საცოდავ ქოხში ვცხოვრობ, ჭერიდან წვიმა ჩამოგვდის და შინ სამუშაო კუთხეც არ გამაჩნია.

    – შენი აზრით, როგორია თანამედროვე ლიტერატურული პროცესები? რა ხდება? ან ხდება კი რამე საერთოდ?
    – ძალიან საინტერესო ლიტერატურული პროცესები მიდის ჩვენში და მათი შედეგები ხვალ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება. საერთოდ, მეჩვენება, რომ ქართული ლიტერატურა განახლების თვისებრივად ახალ საფეხურზე გადავიდა. გამოჩნდა ბევრი ახალგაზრდა ნიჭიერი მწერალი, გამოიკვეთა უამრავი ღირებული პოზიცია. ხვალ კიდევ უფრო საინტერესო ვითარება გველის, რადგან უცხო ენებთან და კულტურებთან სიღრმისეულმა ზიარებამ ჩვენს თანამედროვე მწერლებს საკუთარი შემოქმედებისა და მსოფლიო ლიტერატურული პროდუქციის შედარების საშუალება უნდა მისცეს და ეს უეჭველად საბოლოო შედეგზეც დადებითად აისახება. ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ და პერსპექტივასაც შეიძლება ასე ამიტომაც ვხედავ. არსებობს სხვა აზრიც. ზოგს რომ ჰკითხო, თანამედროვე ქართული ლიტერატურა დეგრადაციისაკენ წავიდა. ახალი არაფერია და რაც იწერება, იმას ძველი ანუ წინა საუკუნის 70-იანი წლებში დაწერლი გაცილებით სჯობია. მაშინ უამრავი კარგი მწერალი ქმნიდა მაღალ ფასეულობას. ყველა მათგანს თავისი განუმეორებელი სტილი და თხრობის ორიგინალური მანერა ჰქონდა, დღეს კი ჰა და ჰა, ერთი აკა მორჩილაძეა და ისიც წინა თაობის კოლეგების წარმატებებს დიდად ჩამორჩება.
    ასეთ აზრზე მდგარმა ადამიანმა, თავს დავდებ, არათუ ღრმად არ იცის დღევანდელი მწერლობა, არამედ მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებში საერთოდ ვერ ერკვევა. ჯერ ერთი, ის წინა თაობის მწერლები, ვიზეც ასე ხელაღებით ოპერირებენ, უმრავლეს შემთხვევაში დღესაც აქტიურად შრომობენ. გარდა ამისა, ახალგაზრდა მწერლებშიც შემიძლია რამდენიმე ისეთის უცებ დასახელება, რომელთა ასაკშიც წინა თაობის მწერლების ნამუშევარი მათ მოთხრობებთან შედარებით ძალზე უფერულად გამოჩნდება. სწორად გამიგეთ, ამით თაობებს კი არ ვაპირისპირებ; უბრალოდ, შეუძლებელია,Lღვინოზე და მაჭარზე ერთნაირად იმსჯელო. გარდა ამისა, რაც სამსჯელოა, იმაზე ხმას არავინ ამოიღებს. მაგალითად, შარშან ნაირა გელაშვილის ორი ერთმანეთზე უკეთესი რომანი გამოვიდა. მათ შორის ერთ-ერთი წიგნი – “პირველი ორი წრე და ყველა სხვა” – საქართველოს უკანასკნელი პერიოდის ისტორიას თავისებურად აჯამებს. სხვა ქვეყნებში ეს მკითხველისა და სალიტერატურო კრიტიკის ცხოველ ინტერესს გამოიწვევდა. აქ კი, ერთი-ორი ადამიანის გარდა, ხმაც არავის ამოუღია.

    – საგამომცემლო პრობლემებზე რას იტყვი? რატომ არის ასე რთული პოეზიის გამოცემა? თუკი ეს საქმე ასეთი კომერციულად წამგებიანია, გამოდის რომ პოეზიის მკითხველი დღეს საერთოდ აღარ გვყავს?
    – დავიწყოთ იქიდან, რომ ნამდვილი პოეზიის მკითხველი ყოველთვის და ყველგან, მათ შორის საქართველოშც, ძალიან ცოტა იყო. გარითმული სადღეგრძელოები, რაც ჩვენს ქვეყანაში იწერებოდა და ფასდებოდა, ძირითადად, უბნის, ქალაქისა და სოფლის კოლორიტებს ქეიფისა და სუფრისათვის ლაზათის მისაცემად სჭირდებოდათ, რომ დედმამიშვილების, მშობლების, ნაცნობ-მეგობრებისა და განსაკუთრებით, სამშობლოს სადღეგრძელოები ლექსად დაელიათ. ამიტომ, პოეზიის მკითხველი პრაქტიკულად, დიდი ანგარიშით ჩვენს ქვეყანაში არც არასდროს ყოფილა. კაცმა რომ თქვას, ალბათ ახლაც სამასი კაცი თუ მოიძებნება, ვისაც ლექსის მიმართ პროფესიული თუ ადამიანური ცნობისწადილი ამოძრავებს. ამიტომ, ცხადია, რომ პოეზიის გამოცემა წამგებიანი იქნება. სამას კაცზე ბიზნესს ვერ გაითვლი და ააწყობ. დღევანდელი გამომცემლები კი საქმესა და მოვლენებს სირაჯხანის დახლში მდგარი მიკიტნებივით აფასებენ. მაგალითად, ჩემი აზრით, დღევანდელ საქართველოში ელა გოჩაიშვილის მსგავსი პოეტი, საერთოდ თუა, ძალიან ცოტაა. ორი წელია, ლექსების ერთი მომცრო კრებულის გამოცემა უნდა, რომელსაც მე პირადად დავატარებ გამომცემლობიდან გამომცემლობაში და ყველა, მათ შორის “მეგობარი გამომცემლებიც” თავაზიან უარს მეუბნებიან.. თავაზიანსაც იმიტომ, რომ მეგობრები არიან, თორემ სხვა შემთხვევაში ჭიტლაყითაც გამომისტუმრებდნენ.
    ამ ცოტა ხნის წინათ ჩემი ლექსების გამოცემა მოვინდომე და ერთ-ერთ მოდურ გამომცემლობას მივაკითხე. გამომცემლობის ხელმძღვანელ ქალბატონს ტუჩის აბზუებაზე ეტყობოდა, რომ ჩემი სახელი და გვარი ბევრს არაფერს ეუბნებოდა და ერთი სული ჰქონდა, თავიდან მოვეშორებინე. მითხრა: ჩვენთან პოეზიის ავკარგს კომისია აფასებს და მხოლოდ ამ კომისიის ვიზირების შემდეგ ვიღებთ ლექსების დაბეჭდვის გადაწყვეტილებას, მაგრამ თუნდაც თქვენი ლექსების საკითხი დადებითად გადაწყდეს, ორი წლის საგამომცემლო ლიმიტი წინასწარა გვაქვს შევსებული და კაი დიდი ხნით დაცდა მოგვიწევსო. ხომ იყო ღირსი, მეთქვა, გავკარი შენს კომისიას-მეთქი, მაგრამ იქვე უბრალოდ საკონტროლო კითხვა შევაგებე, თარგმანებს თუ ბეჭდავთ-მეთქი. თვალები წარმტაცად ამიფახურა და შეკითხვაზე შეკითხვით მომიგო: და რა ენიდან თარგმნით? ასეთ შემთხვევებში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება მშველის ხოლმე და გამომცემელს ზრდილობიანად დავემშვიდობე.

    – წინა შეკითხვით ნაწილობრივ ამ შეკითხვასაც გაეცი პასუხი. მაგრამ მინდა ერთი სატელევიზიო გადაცემა გავიხსენო, სადაც დაისვა ასეთი კითხვა, თუ რატომ არსებობს სოციალური სტატუსი გამომცემელი და არ არსებობს სოციალური სტატუსი მწერალი? საერთოდ როგორ შეაფასებ არსებულ ვითარებას, და ჩვენს, ანუ შენი და შენი კოლეგების საზოგადოებრივ და შემოქმედებით გარემოს.
    – იმის გამო, რომ დღევანდელ საქართველოში არც გამომცემლისა და მითუმეტეს, არც მწერლის შრომას არავინ აფასებს, არც სტატუსი გამომცემელი არსებობს და მითუმეტეს, არც სტატუსი მწერალი. თუ მაინცდამაინც, შეიძლება არსებობდეს სტატუსი ბაკურ სულაკაური და სტატუსი ქეთევან კიღურაძე, მაგრამ მათი მაგალითით ზოგადად გამომცემლის მდგომარეობაზე ვერ ვილაპარაკებთ.
    მწერლებს ხომ საერთოდ სათვალავშიც არავინ აგდებს და კაცმა რომ თქვას, ღირსებიც არიან…

    – ვიცი, რომ აბას ქიაროსთამის პოეტური კრებულის “ქარის მხარდამხარ”
    თარგმანზე მუშაობდი? როდის გამოვა ეს წიგნი? კიდევ რას უნდა ველოდოთ გიორგი ლობჟანიძისგან.

    – ქიაროსთამის წიგნი გამოვიდა, მაგრამ ისეთი ტრავმირებული ვარ ამ გამოცემის გამო, რომ წიგნისაკენ გახედვაც არ მინდა და ვაპირებ ვუჩივლო გამომცემელს, რომელმაც ასეთ მდგომარეობაში ჩამაყენა. ჯერ დეტალებზე არ ვილაპარაკებ. უბრალოდ მინდა: ყველა გამომცემლისათვის მაგალითი იყოს ის, რასაც ქიაროსთამის წიგნის გამო დავატრიალებ. რათა მომავალში ვეღარავინ ვეღარ გაბედოს ასე უდიერად მოეპყრას მწერლისა და მთარგმნელის შრომას იმიტომ, რომ არსებობს საავტორო უფლებები და ყველა ვალდებულია, დაიცვას და პატივი სცეს ამ უფლებებს.
    რაც შეეხება შემოქმედებით სიახლეეებს. ცოტა ხნის წინათ დავამთავრე XIII საუკუნის დიდი სპარსელი პეოტის საადი შირაზელის გენიალური “გოლესტანის” პირველი სრული ქართული ტარგმანი, რომლის გამოცემაც, ჩემი სხვა მნიშვნელოვანი წიგნების მსგავსად ისევ ევროპულმა ფონდმა “ჰორიზონტმა” დააფინანსა და წლის ბოლომდე დასტამბავს “კავკასიური სახლი”.

    © “Weekend”

  • პროზა

    მამუკა ლეკიაშვილი – თეთრი პერანგი

    ნუგზარ შატაიძის ხსოვნას

    თეთრი პერანგი მოვიცვი რამდენიმე დღის წინ, როცა მივდიოდი მეგობართან ერთად მის მეგობართან. პერანგს ერთი ღილი აქვს ჯიბეზე აწყვეტილი. იქ რაც ხდებოდა, იმას ფართის ეძახის მასპინძელი. დაგვხვდა მისულების ლორწოვანი გროვა, უკვე მთვრალი. თითქოს ცოტა გააჩმახეს ჩემს დანახვაზე. ერთმა მათგანმა, ქალმა, მოგვიანებით გადაწყვიტა შური ეძია ჩემზე იმ დასასრულისთვის, რომელიც მოვარგე ჩვენს საერთო ნაცოდვილარს წლების წინ. მომიჯდა ახლოს იატაკზე და საუბარში ასე მითხრა: შენ ბებერი ხარ და ავადმყოფი.
    თეთრი პერანგი ეცვა ერთხელ, ან ერთადერთხელ რიჟიკას. ვეძახდით რიჟიკას ყველანი, რადგან ქერა იყო, ან წითური, აღარ მახსოვს; ვეძახდით ორმოცზე მეტი წლის წინ ჩვენს ეზოში. ასე ეძახდა ყველა, თორემ თემურა ერქვა, ანუ თითქმის თემური, ან თემო. ყველაზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა, ყველაზე ღარიბულ სახლში, ერთ იმათგანში, რომლებსაც ბარაკებს ვეძახდით. მამამისი, მგონი, ლოთი იყო და ნამდვილად სცემდა ხოლმე. რიჟიკას ეშინოდა მისი. მამამ ერთხელ ჩაქუჩით სცემა. სახლიდან აღარ გამოდიოდა, რცხვენოდა. მართლა მახსოვს, თუ მეჩვენება, რომ მახსოვს ჩაქუჩით ნაცემი ჩაშავებული სახე, ზუსტად არ ვიცი, შეიძლება, ვიღაცის ნათქვამი მითხრეს.
    შვიდი, რვა, ან ცხრა წლის ვიქნებოდით, ხუთი, ექვსი ბიჭი ვიყავით იმ ეზოში, ვინც ვმეგობრობდით. ერთხელ რიჟიკამ შემოგვთავაზა – წამოდით, მუშტაედში, ქალების უბორნიაში, ქვემოდან ვიცი, როგორ შევძვრეთ და ქალები ვნახოთ ქვემოდანო. არ გავყევით.
    ერთხელ რიჟიკამ მთელი კოლოფი პურგენი დალია, მაგრამ არაფერი მოუვიდა. მაშინაც ჩემი სადარბაზოს კიბეებზე ვისხედით.
    ერთხელ რიჟიკამ ეზოში ახალშობილი კნუტები იპოვა თუ მოიყვანა საიდანღაც. იქ ვიღაც უფროსები იყვნენ და რიჟიკას აქეზებდნენ. რიჟიკას გრძელი მავთული ჰქონდა და იმ მავთულზე ააცვა კნუტები. უკნიდან უყრიდა, ვიდრე პირიდან არ გამოუვიდოდა მავთული კნუტს და შემდეგ მეორეს უყრიდა ასევე. კნუტებს თვალები არ ჰქონდათ ახელილი. სამი თუ ოთხი კნუტი იყო, არ მახსოვს ზუსტად. ყველა ააცვა და გაუშვა. გაუშვა ნიშნავს, რომ კნუტები ცოცხლები იყვნენ, რაღაც ხმებსაც გამოსცემდნენ და თათებით ცდილობდნენ გაქცევას, მავთულზე მიცოცავდნენ. ვიღაც უფროსები იცინოდნენ. მე გაქვავებული ვიხედებოდი ამაში, რაც ხდებოდა. გაქვავება, ალბათ, მაშინ დამჩემდა.
    ერთხელ, ერთ-ერთი ეზოელის დაბადების დღე იყო. მისმა მშობლებმა ყველანი დაგვპატიჟეს. სხვებთან ერთად რიჟიკაც. მაგიდის გარშემო ვისხედით და ვსადილობდით. რიჟიკა ჩემ გვერდით იჯდა. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იყო. ძალიან მორცხვობდა, ალბათ, პირველად იყო სტუმრად, ასეთ კარგ სახლში მაინც. დანა-ჩანგლის ხმარება, მგონი, ძალიან უჭირდა. ვეხმარებოდი. ხანდახან ახლაც, როცა სტუმრად ვარ, ვითომ არ მეხერხება დანა-ჩანგლის ხმარება, ვითომ ამით რიჟიკას ვამხნევებ.
    რიჟიკას თეთრი პერანგი ეცვა, შეიძლება პირველად და უკანასკნელად თავის ცხოვრებაში, სკოლის გარეთ მაინც. იმ დროს სკოლაში ყველას თეთრი პერანგი უნდა სცმოდა. დედამისს ძალიან უნდოდა, მისი შვილი სხვებზე ნაკლები არ ყოფილიყო, ამიტომ ჩააცვა თეთრი პერანგი, ისიც, შეიძლება, ნათხოვარი. ჩვენ შორის მაგიდასთან მარტო რიჟიკას ეცვა სკოლის თეთრი პერანგი. რიჟიკას ეშინოდა, თეთრი პერანგი არ დაესვარა. ამისთვის, ალბათ, ცემით მოკლავდნენ.
    რიჟიკა ახალგაზრდა მოკვდა, ციხეში. სკოლა მგონი ახალი დამთავრებული ჰქონდა, როცა ქუჩაში უყურადღებოდ დატოვებული წყლის ცისტერნა-მანქანა გაიტაცა და სადღაც იქვე, დიდუბის ქუჩაზე, ქალი გაიტანა, ორი შვილის დედა. რიჟიკა ციხეში მოკვდაო, მითხრეს.
    ერთხელ მე, რიჟიკა და მისი უმცროსი ძმა ეზოდან ქუჩაში ვიყავით გასული. იქ, ტროტუარზე, დიდი ლოდი იდო მგონი. მე და რიჟიკა ვჭიდაობდით. მე მოვერიე. დაბალი იყო და სუსტი. მისი თავი იღლიაში ამოვიდე და მთელი ძალით მოვუჭირე კისერზე მკლავი. მალე მან მოძრაობა შეწყვიტა და ხმასაც აღარ იღებდა. ხელი გავუშვი და ის ძირს დაეცა. არ ინძრეოდა და ხმას არ იღებდა. მისი ძმა ატირდა. მე ვიფიქრე, რომ რიჟიკა მოვკალი და, ალბათ, შემეშინდა, რადგან სახლში ავირბინე. ისინი იქ დავტოვე, ლოდთან.
    რიჟიკას იმ დაბადების დღეზე თეთრი პერანგი ეცვა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ჩემს სახლში პერანგს მაშინაც პერანგს ეძახდნენ, თორემ საერთოდ, ხალხში, საროჩკა ერქვა.
    სადილის შემდეგ მარწყვი მოგვიტანეს. ისიც, ვისი დაბადების დღეც იყო მაშინ, ერთსართულიან სახლში ცხოვრობდა, მაგრამ ღარიბები არ იყვნენ, კარგი ეზო ჰქონდათ და მათ სახლს ბარაკს არავინ ეძახდა. რიჟიკას მარწყი პირდაპირ თეთრ პერანგზე ჩამოუვარდა კოვზიდან და წითლად დაუსვარა მარცხნივ საყელოსთან, წვენი პერანგზე ჩამოეწუწა. რიჟიკა გაშრა და გაწითლდა, უხმოდ ატირდა, ალბათ, სირცხვილისგან და შიშისგან.
    კარგა ხანს ვეყარეთ იატაკზე, მაგრამ არ დაგვილევია, თუმცა არც ფხიზლებს ვგავდით. ბოლოს, სხვებზე ადრე, სამნი წამოვედით იქიდან – მე, ჩემი მეგობარი და მასპინძლის ძმა, რომელსაც უცნაურად ვარდისფერი შარვალი ეცვა, ალბათ, ერთადერთს მთელ ქალაქში. მე ისე წამოვედი, როგორც წამოხვალ საპარიკმახეროდან, სადაც პარიკმახერებმა დაგცინეს ზურგსუკან.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – კარლსონის მამალივით

    რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენს ჟურნალში მხატვრული ტექსტების ბეჭდვის პოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი. უკვე ერთი წელია ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ამ ფორმამ, ანუ ახალი მოთხრობებისა და ახალი ლექსების ბეჭდვამ, გარკვეულწილად თავისი თავი ამოწურა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ჟურნალმა უარი უნდა თქვას ახალი მხატვრული ტექსტების ბეჭდვაზე, უბრალოდ მგონია, რომ რაღაცა უნდა შეიცვალოს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა ამ გაგანია კრიზისში?
    2008 წლის ბოლოს, როცა აქ, ამ ადგილას, გასულ ლიტერატურულ წელს ვაჯამებდი, ვთქვი: “2008 წელი ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი გამოცემისთვისაც, შეიძლება ითქვას, “ლიტერატურა – ცხელმა შოკოლადმა” ამ წელს აიდგა ფეხი და იმედია მომავალ 2009 წელს უკვე ხარის ძალებს მოიკრებს.” სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა, პირიქით, დაახლოებით 1 თვეში ჩვენ იძულებულნი გავხდით ჟურნალი 48-დან (“ლიტერატურის” მოცულობა ხანდახან 64-საც კი აღწევდა) 32-მდე შეგვემცირებინა, იკლო ჰონორარებმა, ენთუზიაზმმაც. იმავე შემაჯამებელ წერილში ძალიან ბევრ სიახლეს ვპირდებოდი მკითხველს, რომ 2009-ში ჩვენი ჟურნალი მეტ თემატურ ნომერს მოამზადებდა, მეტი იქნებოდა უახლესი ლიტერატურის თარგმანები, შევეცდებოდით დაგვემკვიდრებინა ხარისხიანი ლიტერატურული ჟურნალისტიკა და შეგვექმნა ჯანსაღი გარემო ჯანსაღი ლიტერატურული კრიტიკისთვის. იმაზეც კი ვოცნებობდი, რომ სწორედ ლიტერატურული კრიტიკა მისცემდა მაგალითს ყველა დანარჩენ კრიტიკას, ვაპირებდით მრგვალი მაგიდების მოწვევას, სპეციალური კითხვარების შედგენას.
    ვაპირებდით… რადგან ყველა ეს იდეა მსოფლიო კრიზისის ქართულმა განშტოებამ შეიწირა. ჩვენს ჟურნალს კომპანია “ჯიპისის” სახით ძალიან ერთგული სპონსორი ჰყავს, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ მათი მხარში დგომა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რათა თანამედროვე ქართულ ლიტერატურას კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა წინ, 2009 წელი კი “ცხელი შოკოლადი – ლიტერატურის” ფერისცვალების წლად ქცეულიყო. თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც მიმაჩნია, რომ რაღაც ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, მცირე შანსი ნამდვილად არსებობს და ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ავტორების იმედიცა გვაქვს, ვინც შედარებით მცირე ჰონორარის საფასურად მოამზადებს მწერლებთან ინტერვიუს, მიმოხილვებს, დაწერს კრიტიკულ სტატიებს, რეცენზიებს, უპასუხებს კითხვარებს.
    თანამედროვე ტიპის ლიტერატურული პერიოდიკა სწორედ ამას გულისხმობს, მეტ ანალიზს, ინტრიგას, პირად გამოცდილებას, ინფორმაციას. დღეს უკვე ძალიან მომრავლდა ლიტერატურული პორტალები თუ ბლოგები, რომლებიც აუცილებლად იმსახურებენ ყურადღებასა და დახმარებას, მათთვის შეიძლება მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს თითოეული რჩევა თუ კრიტიკული შენიშვნა, ზოგი რამ კი მათგანაც შეიძლება ვისწავლოთ. გარდა ამისა, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ თარგმნის ხარისხს, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებაში, თანაც გაითვალისწინეთ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით მეტი თარგმნილი წიგნი გამოდის, ვიდრე ორიგინალური ლიტერატურა, რაც გვავალებს კიდევ უფრო ყურადღებიანები ვიყოთ ამ გამოცემების მიმართ.
    არ ვიცი, როგორ გამოვა ეს ამბავი, რა განახორციელებს ამ ჩანაფიქრებს… თუმცა ვიმეორებ, ჩვენი ერთგული და მომავალი ავტორების იმედს მაინც დავიტოვებ და სულ ბოლოს ჩემს იმეილსაც დავაგდებ, კარლსონის მამალივით.

    kharbedia@yahoo.com

    სტატია დაწერილია 2009 წელს

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • რეცენზია

    პროვინციალიზმი თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში

    წაკითხვამდე ნახეთ ეს ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=3YVvqtj3saA

    პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ეს სტატია არც რეცენზიაა გარკვეული ლიტერატურული ნაწარმოების შესახებ, რადგან მე არ ვთვლი, რომ ნაწარმოები რომლსაც ქვემოთ ვახსენებ რამენაირად შეიძლება ლიტერატურად მოინათლოს. მეორე რასაც მინდა მკაცრად გავემიჯნო – მორალისტური შეხედულებებია ლიტერატურის შესახებ და არც ამ მხრივ მსურს ქვემოთ ნახსენებ პატივცემულ გვამებს შევუტიო. მესამეც, არც ის მინდა, რომ წიგნის ავტორმა და მისმა გუშემატკივრებმა ისე იფიქრონ, რომ მე “ამორალურ” ავტორს ვუპირისპირდები და მსურს, რომ ქართული პოსტმოდერნი თავისი ჯერ არც ძალუმი ფესვებიანით ამოვგლიჯო და კუდიგორის გზას გავუყენო (სად შემიძლია?). არამც და არამც ჩემო ჩემო მეგობრებო, როგორ ამოვგლიჯო ის რაც ჯერ არც გახარებულა? ან როგორ მივიჩნიო ვირი არაბულ ტაიჭად?
    ამ სტატიაში ერთ მშვენიერ ფენომენს მინდა შევეხო , რომელსაც ზოგნი გოიმობას უწოდებენ, ჩემთვის კი ეს პროვინციალიზმი უფროა. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ გეტყვით ჩემი გულის ნადებს:
    ცოტა ხნის წინ, ჟურნალ “ტაბულაში” საინტერესო რეცენზია შემხვდა ერეკლე დეისაძის მოთხრობების კრებულზე “საიდუმლო სირობა”. სტატიის ავტორი ამბობდა, რომ ეს თამამი ახალგაზრდა ახალი ქართული ლიტერატურის ამომავალი ვარსკვლავია და რომ მისი ეპატაჟური სტილი შოკს გვრის ქართულ საზოგადოებას. მოკლედ რომ ვთქვათ ერელკე დეისაძე ქართველ მიშელ უელბეკად შერაცხეს და ისიც დაგვიდასტურეს რომ, მის სკანდალურ მომავალს ალტერნატივა არ აქვს. არაფერსაც არ დავწერდი, რომ არა ერთი გარემოება – მე ერეკლე დეისაძის ახალი წიგნი (ბროშურა რომელიც ალბათ დაახლოებით ოც ნაბეჭდ კომპიუტერულ გვერდს არ აღემატება) წაკითხული მაქვს და მეტსაც გეტყვით მქონდა პატივი პირადადაც კი შევხვედროდი ამამომავალ ვარსკვლავს.
    პრეზენტაცია წიგნის მაღაზია-კაფე “ლიგამუსში” გაიმართა, ერეკლე ეპატაჟური სიმშვიდით ელოდა საღამოს დაწყებას, ამომავალი ვარსკვლავის ამფსონებს კი ასევე ეპატაჟური, მაგრამ არა სიმშვიდე, არამედ ეიფორია განფენოდათ სახეეებზე. რაღაც განსაკუთრებულის მოლოდინში იყო ხალხი, ვიფიქრე ერეკლე დეისაძეს ისეთ ბომბი აქვს ჩვენთვის მომზადებული, რომ პრეზენტაციის შემდეგ განრისხებული ზეცა დაგვეცემა თავზე და აგვღგავს პირისაგან მიწისა მეთქი.
    ერთი რამ მენიშნა, ერთი ანერვიულებული გოგო ხალხში ტრიალება და დრამატული ხმით ამბობდა, რომ ის რედაქტორი იყო და რომ მას სკამიც კი არ ჰქონდა ( ამაში იყო რაღაც სიმბოლისტური – ფრანგულ-პოეტური. როცა მალარმე გენიოსი იყო და პურის ფული არ ჰქონდა… რედაქტორს ბედის ირონიით სკამი არ ჰქონდა… ხანდახან როგორ მწარედ რბის დღეთა კამათელი……..) ბოლოს და ბოლოს გვეღირსა და დაიწყო ის ნანინანატრი წუთები, ოდეს ჩვენ უნდა ვზიარებოდით ერელკეს პროზას. მაგრამ სანამ ერეკლე პროზავდა (პროზვა- პროზაული ნაწარმოების საჯაროდ კითხვა იხ. სულხან-საბა ორბელიანი “სიტყვის კონა”), შესავალი სიტყვა პოეტმა პაატა შამუგიამ წაიკითხა, მან გვითხრა, რომ იგი არ აპირებდა მოსვლას, მაგრამ მაინც მოვიდა, რომ ის ძალიან ცუდად იყო და რომ მას შაკიკი სტანჯავდა და ა.შ. და ა.შ. მოკლედ პაატა შამუგიამ ბოლო ბოლო გაათავა თავის სევდა- ჯანმრთელობანარევი მონოლოგი და ერეკლემაც პროზა. და რაჟამს ერელკემ განახვნა ბაგენი თვისნი, დარბაზი სმენად იქცა. ეკომ (როგორც მას მეგობრები და ჟურნალისტები იხსენიებენ და არამც და არამც უმბერტომ) დინჯად დაიწყო თავისი მოთხრობების კითხვა. თემატიკა მრავალფეროვანი იყო: გენიტალიები, ინცესტი, ონანისტური ეპიზოდები ოჯახური ცხოვრებიდან, სექსუალური ფანტაზიები ოჯახის წევრების შესახებ, პატრიოტთა ბანაკები, ჰომოსექსუალური კავშირები რეზერვისტებს შორის საქართველოს ჰიმნის ფონზე, ავტობუსში ჭყლეტვისგან გამოწვეული უნებლიე ერექციები, აფხაზეთი, მასობრივი მკვლელობები, მოკლედ რა გინდა სულო და გულო. ვუსმენდი და ვგრძნობდი, რომ რაღაც მისტიური ტრიალებდა ჩემს თავს. სულგანაბული დარბაზი კი გენიტალიების ყოველ ხსენებაზე დიონისურ სიცილში იძირებოდა. საკმარისი იყო ამომავალ ვარსკვლავს წარმოეთქვა სიტყვა “პენისი” და დამსწრე საზოგადოება მთვრალი ბახუსივით მორთავდა ხარხარს. და რადგან ასეთი სიტყვები ბევრი იყო, მსმენელი მთელი საღამოს განმავლობაში იუმორის თბილ ტალღებში ჭყუმპალაობდა. ავტორი სტოიკური მოთმინებით იტანდა სიცილს და სანუკვარი სიჩუმის ჩამოვარდნისთანავე გვაბრუნებდა მარადიული ლიტერატურის ოკეანეში. შიგადაშიგ გამომცემელი ბაკურ სულაკაური დარბაზს თხოვნით მომართავდა, რომ არავინ არ შემდრკალიყო “ამომავალის” გენიის წინაშე და თამამად დაესვათ კითხვები. კითხვები უმეტესად კომიკური ხასიათისა იყო, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე მცდელობა მაინც გამოიძებნა საიმისოდ, რომ უკეთ ჩავწდომოდით ეკოს ტალანტს. მაგალითად იყო შეკითხვა იმის შესახებ, თუ რა არის მისთვის ლიტერატურა, რაზეც გვიპასუხა, რომ ლიტერატურა და საერთოდ წერა ონანიზმი ყოფილა (ჩემდა სამარცხვინოდ უნდა გითხრათ, რომ ამ ფრაზის შემდეგ ცოტა შემეშინდა და მეყსეულად გადავიფიქრე ავტორისთვის ავტოგრაფის გამორთმევა).
    ბოლოს და ბოლოს დრომ თავისი გაიტანა და წიგნის პეზენტაციაც დამთვრდა. უცაბედად ვიფიქრე, რომ დამთავრება და რაღაც საშინელების დასაწყისი ერთი იქნებოდა, ვიფიქრე, რომ თუ ზეცა არ დაგვეცემოდა თავზე, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი მაინც დაგვარბევდა, მაგრამ არაფერიც არ მომხდარა. ასეთი წვრილმანების გამო ზეცა ხომ არავის ეცემა თავზე. (ნურვინ დამძრახავთ, თუკი მიხვდებით, რომ ეს პასაჟი ზეცისა და წვრილმანების შესახებ ჯოზეფ კონრადის რომან “წყვდიადის გულიდან” მაქვს მოპარული). რადგან საღამოს ჩემეულ, უკიდურესად სუბიექტურ აღწერას მოვრჩი, მინდა რამდენიმე სიტყვით “ამომავალის” მწერლურ ტალანტსაც შევასხა ხოტბა. უნდა აღინიშნოს, რომ დეისაძის მოთხრობები ცოტა არ იყოს გაუგებარი რამაა ჩემი მოკლე ჭკუისთვის. სტილის თვალსაზრისით ისინი უფრო ლექსებისა და ოთხმოცდაათიანი წლების ქართული პორნოლიტერატურის ნაზავს უფრო გავს ვიდრე მოთხრობებს. გარდა ამისა სიუჟეტური თვალსაზრისით ისინი ძალიან ბანალურია და დაახლოებით მსგავსი ფრაზებით მთვარდება: “ჩვენ ერთად გავათავეთ” ან “მერე ერთმანეთს მოვუწუწნეთ”. ენობრივი თვალსაზრისითაც დიდი ვერაფერი ხვითოა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორი გვარწმუნებს, რომ ბიჭობაში ქურდობაზე აცხადებდა პრეტენზიას, აშკარაა რომ ის და ქართული ჟარგონი ისე არიან ერთმანეთთან როგორც ვირი და თევზი. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე ქართველი კაი ბიჭი თავის “სიამაყეს” პენისად მოიხსენიებდეს, მომავალზე ხომ არაფერს ვამბობ. რა არამად ჩაუვლია ეკოს თავზე ქუჩის აკადემიას….
    “ამომავალს” სხვათაშორის ტროპმეტყველებას უქებენ და ამაშიც დიდად ვერაფრით დაიკვეხნის, თავად წიგნის სათაურიც ხომ ტროპია, მაგრამ რათ გინდა? სახარებისეულ სიუჟეტთან საერთო არაფერი აქვს და არც მოთხრობების კრებულის შინაარსობრივ მხარეს აღწერს. რა საჭიროა შიშველი ტროპი, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს? მითუმეტეს ისეთ კრებულში რომელსაც რელიგიურ-სოციალურ-პოლიტიკური კრიტიკის პრეტენზია აქვს და სურს, რომ საზოგადოების გამოსაფხიზლებლად მის წყლულებს დააყაროს მარილი.
    “ამომავალს” და მის გუშემატკივრებს პრეზენტაციაზე აშკარად ეტყობოდათ, რომ ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ საქმე ბოლო წლების ქართული ლიტერატურის უდიდეს ნოვაციასთან ჰქონდათ, მაგრამ აქაც მსურს იმედი გაგიცრუოთ. პორნოგრაფია თუ გსურთ იხილოთ გადახედეთ ქართულ პორნოგრაფიულ პრესას გაზეთები “ძინ-ძინის” და მისთანანის თამადობით. თუ ეპატაჟი გაინტერესებთ, თანაც ოჯახის წევრების თემაზე, ზაზა ბურჭულაძეს მიმართეთ. თუ მასობრივი მკვლეოლობები გხიბლავთ ნიკუშა ანთაძის “ახალგაზრდა სერიული მკვლელის მოგონებები” გადაიკითხეთ. სრულებითაც არ არის საჭირო შრომატევადი კვლევა იმის მისახვედრად, რომ “საიდუმლო სირობა” ნოვაციაა არაა, ამისთვის უბრალოდ მეხსიერების ოდნავი დაძაბვაც კი კმარა.
    სტატიის ბოლოს, სტატიის დასაწყისს მინდა დავუბრუნდე, სადაც პროვინციალიზმზმე ვსაუბრობდი. აკი ვთქვი ჩემი მიზანი რეცენზიის დაწერა არ არის მეთქი. ჩემთვის პრობლემა ის კი არ არის, რომ ერეკლე დეისაძემ “საიდუმლო სირობა” დაწერა, არამედ ის, რომ ქართულ “მოწინავე” საზოგადოებას იმის შნოც კი არ აქვს, რომ მწერალი და „ლუზერი” ერთმანეთისგან განასხვავოს. ამის დასტურად კი კაფე “ლიგამუსში” პენისის ხსენებაზე ამტყდარი ხორხოცი კმარა. მხოლოდ იმიტომ, რომ უცენზურო სიტყვებს ხმარობ მწერალი ვერ გახდები, ვერც საზოგადოებისთვის მტკივნეული თემების უნიჭო გაბაიბურებით გახდები მწერალი. მწერლობა პირველ რიგში ენის ფლობას მოითხოვს. კარგად მესმის რომ აწმყო ისეთ პირობებს სთავაზობს გამომცემლებს, რომ ისინი იძულებულნი არიან “საიდუმლო სირობის” მსგავს წიგნებზე დადონ ფსონი და არა კლასიკაზე. მაგრამ მაინც ვთვლი, რომ თუ გამომცემელს სურს მომავალში საქართველოში ლიტერატურული პროცესი განვითარდეს, უპირველეს ყოვლისა ისეთი წიგნების გადმოქართულება უნდა დააფინანსონ, რომლებიც მსოფლიო კლასიკაა (ბოლო წლებში კი სამწუხაროდ ამის მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს თუ გავიხსენებ). ამის საშუალებით შესაძლებელი იქნება მართლაც თავისუფალი და კარგი მწერლობის გაჩენა საქართველოში. თუნდაც იმ დონეზე მაინც მივალთ, რომ პენისის ხსენება და იუმორი ერთმანეთის სინონიმები არ იქნება. ძალიან მწყდება გული, რომ ქართველი გამომცემლების უმეტესობა სრულებითაც არ ზრუნავს იმაზე, რომ გემოვნებიანი მკითხველი ჰყავდეს.
    ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, რომელიც ალბათ ერთერთი ყველაზე მსხვილია საქართველოში, როგორც ჩანს მხოლოდ კომერციული პრინციპებით ხელმძღვანელობს, კომერცია კი აბა რა მწერლების საქმეა?

    P.S.
    იმისთვის რომ ძალიან არაობიექტური არ მოგეჩვენოთ, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში აწ უკვე დაბეჭდილი “საიდუმლო სირობის” წიგნის ყდის უკანა მხარეს მიწერილ ანოტაციას გთავაზობთ, თუ დაგაინტერესებთ გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები:
    “ერეკლე დეისაძის სადებიუტო კრებული, “საიდუმლო სირობა”, ახალგაზრდული პროტესტის კლასიკური მაგალითია. ახალგაზრდა ავტორი დაუფარავად აშიშვლებს ჩვენი საზოგადოების ტაბუდადებულ თემებს და საკუთარი პოზიციის ხაზგასასმელად სოციალურ, პოლიტიკურ და რელიგიურ სატირას მიმართავს. ამ სამმაგი სატირის, დაუფარავი ამბოხისა და არაპოლიტკორექტულობის მიზანია, მკითხველს კრიტიკული თვალით დაანახოს არსებული ესთეტიკური და მორალური შეხედულებები. ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება – თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტროპებით, ეპატაჟით გაჯერებული “საიდუმლო სირობა” ნამდვილ პოსტმოდერნისტულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს.”

  • ახალი წიგნები,  რეცენზია

    გიგი თევზაძე – უცნობი წიგნები

    ლევან ღამბაშიძე

    როგორც წესი, რეცენზიის მიხედვით უნდა მიხვდეთ რა წერია წიგნში. მან უნდა მოგანდომოს წიგნის წაკითხვა, მოგცეს მიმართულება. რა თქმა უნდა რეცენზიის ავტორი ისეთი ადამიანი უნდა იყოს, რომელიც აღიარებულია საზოგადოების მიერ, რომლის აზრსაც ხალხი, და შენც, როგორც ერთ ერთი ხალხთაგანი, პატივს სცემს.
    29 ივნისს გამართულ გიგი თევზაძის ახალი წიგნის (წიგნების) – „უცნობი წიგნები“-ს პრეზენტაციაზე, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში გაიმართა, სიტყვით სამი რეცენზეტი გამოვიდა: გიგა ზედანია,ლაშა ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე.

    გიგა ზედანია: მისი გამოსვლაამ სიტყვებით დაიწყო: „მე ყველა წიგნი წაკითხული მაქვს . . . . გიგის ყველა წიგნი“. საინტერესო ამ პაუზაში დამსწრე საზოგადოების რეაქცია იყო: აბსოლუტურად არავითარი რეაქცია. არავის გაღიმებია ან გაკვირვებია. გიგას მეორე ნაწილი რომ არ დაეყოლებინა წინადადებას ჭეშმარიტების კოეფიციენტი იგივე ექნებოდა. შემდეგ იყო პარალელები ბორხესთან, შმორხესთან, დბორხესთან და ყველა იმ წიგნის ავტორთან, რომელიც მას წაკითხული ჰქონდა, ვინაიდან გიგის წიგნში აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრის ოცამდე რომანია შესული და შესაბამისად ძალიან ბევრ პარალელსაც იტანს. მაგრამ თუ წიგნი ამას იტანს ადამიანზე ეს ცუდად მოქმედებს: ცოტა ხანში გიგა უკვე სადღაც სივრცეში იმზირებოდა. მის თვალებში კი მხოლოდ ერთი უცხოური სიტყვა იკითხებოდა: ERROR!

    ლაშა ბუღაძე: ლაშას გამოსვლა უფრო მოკლედ შეიძლება ავღწეროთ. მან პირდაპირ გვითხრა, რომ „ეს წიგნი არის მხოლოდ მწერლებისთვის“. პრეზენტაცია უმალ დატოვა ორმა პოეტმა. გამწარებული ბრბო კი, რომელსაც წიგნი უკვე შეძენილი ჰქონდა, სკანდირებდა: დაგვიბრუნეთ ფული! ბაკურ სულაკაურს მხოლოდ ისღა დარჩენოდა გამოეტანა აბრა, რომელიც ერეკლე დეისაძის წიგნის პრეზენტაციისთვის ჰქონდა დამზადებული: გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება.

    ზაზა ბურჭულაძე: ძალიან საინტერესო ამბავი მოგვითხრო მან: ერთხელ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში მივედიო. ხოდა, რედაქტორი ოთხიდან საქმეზე რომ გავიდა არ ვიცოდიო რა გამეკეთებინაო. ამ დროს მაგიდაზე რაღაც ნაშრომი შევნიშნეო. საერთოდ ასეთი ჩვევა მაქვს, რასაც ვკითხულობ ყველაფერს ვუკეთებ რედაქტირებასო. ხოდა რო დავიწყე ამ ტექსტის რედაქტირება პასტას ვერ მგლიჯავდნენ ხელიდანო. ჩემი თუ არ გჯერათ აგერ არის რედაქტორი და მაგას ჰკითხეთო. ძალიან მეამაყება,რომ ასეთი წიგნის გამოშვებაში მეც მაქვს წვლილი შეტანილიო. მერე შეჩერდა, იფიქრა ზედმეტი ხომ არ მომივიდაო, და დააყოლა, პრინციპში ბევრი არც იყო სარედაქტირო, უფრო კორექტურა გავუკეთეო.

    ამ პრეზენტაციის რეცენზიის შემდეგ, გიგი თევზაძის წიგნის შეძენა თუ არ მოგინდათ, პრეზენტაციებზე სიარულის სურვილი მაინც უნდა გაგიჩნდეთ. სახალისო მონოლოგების და დიალოგების გარდა არ დაგავიწყდეთ, რომ იქ ხშირად საჭმელიც მოიპოვება და შეიძლება ავტორის და წიგნის ორეულებსაც გადაეყაროთ, როგორც ეს 29 ივლისის “უცნობი წიგნების” პრეზენტაციაზე მოხდა.

  • ესე

    მალხაზ ხარბედია – ჩვენი დროის მდინარე

    დღევანდელ ნომერში ორი ტექსტია ისეთი, რომელიც მდინარეს ეხება: ერთი უშუალოდ მდინარეზე მოგვითხრობს, მეორე წერილის მთავარმა გმირმა კი მდინარის სახელი აიღო ფსევდონიმად. პირველი ტექსტი გაბრიელ გარსია მარკესისაა: “ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს…”, მეორეში თამარ კოტრიკაძე გასული საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პოეტ ქალზე, ქრისტინე ლავანტზე წერს. დღეს მეც გადავწყვიტე მდინარეზე დამეწერა, იმ მდინარეზე, რომლის ნაპირასაც მთელი განვლილი ცხოვრება, ანუ 34 წელი გავატარე და რომლის მომავალიც ძალიან მაღელვებს.
    მდინარე ვერეს ვგულისხმობ, იგი ათწლეულების მანძილზე ნაგვის ალყაში იყო მოქცეული. დღესაც ასეა. ბოლო 30-35 წელი ვერე ჩემს თვალწინ მიედინება, მიედინება და მიაქვს ამ უიმედო ხეობის ნაგავი და მასთან ერთად, დარდებიც.
    XX საუკუნის მეორე ნახევარში ხეობა ძალიან დამახინჯდა, თუმცა ბოლო წლებმა ყველაზე მძიმე კვალი დატოვა ხეობაზე. ზოგან სახლის ასაშენებლად მოასწორეს მდინარის სანაპირო გავაკებები, ზოგან ახლომახლო აშენებული კორპუსებიდან მორჩენილი ნაგავი მიმოაბნიეს, ზოგმა ესტაკადას გავიყვანთო ვერეს ხეობაშიო… მოკლედ, ხან რითი ემუქრებიან ჩვენს მდინარეს, ხან რითი.
    დღეს ვერეს ბედით აღარავინაა დაინტერესებული, აღარავის ახსოვს იგი. მას არც ტელეარხებზე ახსენებენ და ვერც გაზეთებში ამოიკითხავთ რამე ჭკვიანურს ვერეს გადარჩენის შესახებ. არადა მდინარეს მართლა ესაჭიროება შველა და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მისი გაცოცხლებისთვის ბრძოლას, დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკის პირობებში, წარმოუდგენელი ენერგია დასჭირდება.
    მარკესი თავისი ცხოვრების მდინარეს უწოდებს მაგდალენას. მაგდალენა დიდი მდინარეა, მარკესიც დიდი მწერალია. მართალია ვერე პატარა მდინარეა, მაგრამ ზოგიერთებისთვის ისიც “ცხოვრების მდინარეა”. მაგალითად ჩემთვის, ან ჩემი რამდენიმე უბნელისთვის, რომლებსაც ხრამულიც დაგვიჭერია ვერეში, ალუჩა და გარგარიც მოგვიპარავს მის ხეობაში გაშენებულ ბაღებში და კურდღლებსა და ტყის ქათმებსაც გადავწყდომივართ (კუები და ზღარბები ვაკე-საბურთალოს გზაზეც ბლომად დასეირნობენ). ღამის სიჩუმეში, ნაწვიმარზე, მისი გუგუნისთვისაც გვისმენია და სიცხით დამშრალი მდინარის პირზეც გაგვივლია.
    მე ვაკის პარკთან ვცხოვრობ, არადა ჩვენამდე მდინარე ბევრ სხვა ადგილსაც გამოივლის, პირველ რიგში სოფლებს: შამთას, დრეს, ღვევს, ჩაუვლის ბეთანიის მონასტერს, ჩამოიტოვებს ახალდაბასა და წყნეთს და თბილისში შემოდის, ბაგების კანიონებში გამოიკლაკნება და უკვე კარგა გვარიანად დაბინძურებული ჩვენს კორპუსსაც ჩაუვლის. სადღაც ატენის ქუჩასთან, დოლიძის მხრიდან, ლამის თავად მდინარისხელა კანალიზაციის ნაკადი შეერთვის და მერე ერთი სული აქვს როდის ჩაცლის მთელს ამ სიბინძურეს მტკვარში.
    საიდან უნდა დავიწყოთ? ამ ეტაპზე ის მაინც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მდინარე ვერეს ისტორია დავწეროთ, მოვაგროვოთ საარქივო ფოტო და ტექსტური მასალა, მოვაწყოთ ექსპედიციები, რომელიც დეტალურად შეისწავლის მდინარის ეკოლოგიურ მდგომარეობას. სხვათა შორის, ამ თემაზე კარგა ხანია უკვე მიდის საუბარი გლობალურ ქსელში. თუ არ დაიზარებთ და Google-ში “მდინარე ვერეს გადარჩენის კლუბს” აკრიფავთ, ადვილად გვიპოვით. მანამდე კი ნუ დაგვავიწყდება, რომ მდინარე მხოლოდ ცუდი ფიქრებისა და სიზმრების გასატანებლად არ მოედინება, არამედ იმისთვის, რომ შეგვახსენოს დროის არსებობა და ადამიანთა პასუხისმგებლობა. ერთმა ჩემმა მეგობარმა მომწერა ამასწინათ მტკვარზე: “ძალიან კომფორტულად უნდა გრძნობდე თავს ისტორიულ დროში, ურბანულ გარემოში, სოციუმში, საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ჯერ მტკვრის დასუფთავებას მიაღწიო, მერე თუნდაც იგივე ხელოვნური პლიაჟი მოაწყო და შეზლონგზე წამოწვე”-ო. ვერაფერს იტყვი, მართალია ეს კაცი, მაგრამ მდინარე ვერეს გადარჩენა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი დისკომფორტის პირობებშიც შეიძლება. მაგდალენასავით არც ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხის დარგვა სჭირდება ჩემს მშობლიურ ხეობას და არც რამე უზარმაზარი თანხები, სჭირდება მხოლოდ ყურადღება და რაც შეიძლება მეტი ქომაგი.
    მარკესს უწერია დღევანდელ წერილში: “გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, იგი რეალურია”.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“