-
-
ახალი წიგნები – 2003
კარლოს ფუენტესი, “ინესი”
Inez
By Carlos Fuentes
Bloomsbury, 150 გვ.კარლოს ფუენტესს 60-იანი წლების ლათინოამერიკული ლიტერატურული ბუმის მექსიკელ კატალიზატორად მოიხსენიებენ. მწერლობა ფუენტესმა 21 წლის ასაკში გადაწყვიტა, ნაწილობრივ თომას მანის გავლენით. სწორედ ამ პერიოდში შეხვდა თომას მანს, რომელიც ციურიხში ტბის სანაპიროზე მის გვერდით მაგიდასთან სადილობდა. კარლოს ფუენტესი ახლა 70 წლისაა, მისი ბოლო რომანი “ინესი” ესპანურად 2001 წელს გამოქვეყნდა. წელს “ინესის” ინგლისურენოვანმა თარგმანმაც იხილა მზის სინათლე. “ინესი” იმ თემების გაგრძელებაა, რაც თომას მანის რომანში – “სიკვდილი ვენეციაში” არის წარმოდგენილი: სიყვარული, ხელოვნება, სილამაზე და სიკვდილი.
მანის აშენბახის მსგავსად, გებრიელ ატლან-ფერარაც ასაკოვანი მაესტროა, მარსელში დაბადებული დირიჟორი, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებს ზალცბურგში ატარებს. გებრიელმა მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა მუსიკას, “ყველაზე ნაკლებად გამაღიზიანებელ ხმაურს”, როგორც ამას ამბობდა ნაპოლეონი. 93 წლის დირიჟორი ბერლიოზის “ფაუსტუსის ვნებებს” უძღვნის მექსიკელ პრიმადონას – ინეს პრადას, რომელიც დირიჟორს დიდი სიყვარულით უყვარდა და რომელიც არასოდეს შეურთავს ცოლად. რომანი იწყება ხელოვანთა პირველი შეხვედრით. ეს იყო 1940 წელს “ლონდონ ბლიცში”. ფრანგი დირიჟორი აღფრთოვანებული დარჩა ინესის მომაჯადოებელი ხმით, თუმცა ფიქრობდა, რომ ამ ხმაში იყო რაღაც ველური ჟღერადობა, რასაც დამუშავება სჭირდებოდა. რომანში მძაფრად იგრძნობა მიზიდულობის ის ძალა, რითაც ეს ორი ადამიანია დაკავშირებული ერთმანეთთან, მაგრამ ამავე დროს ეს მიზიდულობის ძაფი მათ განიზიდავს, წყვილის ურთიერთობა დაძაბულია, სხვაგვარია პარტნიორობა სცენაზე და სულ სხვაა მათი პირადი ცხოვრება. კაცი სცენაზეა მბრძანებელი, ქალი კი – სცენის მიღმა. ძალიან ძნელია ორი ისეთი ადამიანის ურთიერთობა, რომელთაც თანაბარი ამბიცია და ტალანტი აქვთ.
ქალისთვის რომ გეკითხათ, მან იმიტომ უარყო დირიჟორი, რომ მის გამოხედვაში სხვა ქალის მზერა დაინახა, გებრიელი კი დარწმუნებული იყო, რომ როდესაც ქალი მას უყურებდა, ის მასში სულ სხვა ადამიანს ხედავდა. მაგრამ გებრიელისა და ინესის განშორება ისეთივე ტკივილიანია, როგორიც მათი ერთად ყოფნა. ორივე იტანჯება ხსოვნითა და სინანულის გრძნობით. “ვერასდროს დაიბრუნებ პირველ ვნებას და სინანული მუდამ დარჩება ჩვენში… მერე ის მელანქოლიაში გადაიზრდება და ცხოვრობს ჩვენში როგორც მრისხანე მოჩვენება”, – ამბობს გებრიელი, რომელსაც სულ თან დააქვს ინესის ნაჩუქარი თილისმა. ეს მისთვის წარსულისა და ყველაფერ იმის სიმბოლოა, რაც კი ოდესმე გაუკეთებია.
მწერალი გებრიელის სატანურ ბუნებაზე მიგვანიშნებს. ეს მთავარი გმირის გარეგნობის აღწერის დროსაც კარგად ჩანს: გრძელი ხვეული თმა, ანთებული თვალები, მეფისტოფელისებური გამომეტყველება… თავიდანვე იგრძნობა ის საფრთხე, რასაც დირიჟორი უქმნის ინესს, რადგან ამ სიყვარულში იყო რაღაც ძალადობის მსგავსი, დამანგრეველი ძალა…
თომას მანის გავლენა პირველივე სტრიქონებიდანვე საცნობია მექსიკელი მწერლის რომანში, და კიდევ უფრო საცნობი ხდება, როდესაც ორკესტრი მთავარი გმირის, მხცოვანი გებრიელის დირიჟორობით “ფაუსტუსს” ასრულებს.ნადინ გორდიმერი, “ნადავლი” (მოთხრობები)
Loot
And Other Stories
By Nadine Gordimer
New York: Farrar, Straus and Giroux, 240 გვ.ნადინ გორდიმერს წელს 80 წელი უსრულდება. მისი მოთხრობების ახალი კრებული, სახელად “ნადავლი”, მწერლის პირველი წიგნია 1991 წლის, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ. ახალი წიგნი მის მეუღლეს ეძღვნება. ხანდაზმული მწერლის განწყობა ზოგჯერ ირონიულია, ზოგჯერ გაშმაგებული, ზოგჯერ – გამომწვევი და სევდიანი. ავტორის ფანტაზია დაუღალავად მუშაობს.
ალეგორიული მოთხრობა, რომლის სათაურიც კრებულს სახელად დაერქვა, სიკვდილის თემას ეხმიანება, სიკვდილი განძია, ადამიანის “მე”-ს სარკე. ნაწარმოებში მოქმედება ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ხდება: “ბიძგი ისეთი ძალის იყო, რომ ოკეანემაც კი უკან დაიხია.” ამ საშინელი სტიქიის შემდეგ მთელი სამყარო დაკარგული საგნების გროვად გადაიქცა. ადამიანები მიისწრაფიან, ეძებენ, თუმცა არც კი იციან – რას. მოთხრობის ერთი გმირი ასაკოვანი, პენსიაზე გასული, ცოლთან დიდი ხნის წინ განქორწინებული კაცი მაძიებელთა ტალღას უერთდება, ეს ხალხი უცნობ, უსახელო ობიექტს დაეძებს. კვანძი სრულიად მოულოდნელად იხსნება. ეს ობიექტი სარკე აღმოჩნდება, და როცა გმირი ამ სარკეს ხელს შეავლებს, უმალვე იღუპება.
მოთხრობა “თაობათა უფსკრული”, რომელიც ახალ კრებულშია შესული, მთლიანად პირობითობაზეა აგებული. ოჯახის უფროსი, 67 წლის მამაკაცი 42 წლის ცოლს მიატოვებს და ახალგაზრდა მევიოლინესთან მიდის, რომელსაც ის სულ ცოტა ხნის წინ თვითმფრინავში შეხვდა. შეხვედრა საბედისწერო აღმოჩნდება. კრებულში შესულ მოთხრობებში ყველა ადამიანი თვითონ ირჩევს თავის სიკვდილს; ისინი საკუთარი დაუფიქრებლობითა და, თუ გნებავთ, უგნურებით, თავისი ფეხით მიდიან სიკვდილთან, მაშინ როცა შეიძლება მას გვერდი აუქციონ. სიკვდილის მძაფრი განცდა ცოტა არ იყოს თრგუნავს კიდეც მკითხველს. ეს განცდა კი მწერალს სწორედ ამ პერსონაჟის სიტყვებით აქვს გამოხატული: “სიკვდილი შავი სარკეა, დაცარიელებული ყველაფერ იმისგან, რაც სარკეს უნახავს თუ დაუფიქსირებია. სიკვდილი იცდის, იცდიდა; მაგრამ მე ასე ავირჩიე…”
წიგნში თავმოყრილი მოთხრობებიდან მნიშვნელოვანია “კარმა”, სადაც ხელოვნების მარადიული თემა – სიკვდილის წრე-ბრუნვა სრულიად ორიგინალურად აისახება.
რატომ ეძებენ გორდიმერის გმირები სიკვდილს? ალბათ იმიტომ, რომ ეს პერსონაჟები, რომლებიც ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიან, ცდილობენ შეაჩერონ დღევანდელობა, ცდილობენ გაწმინდონ ცხოვრების უწმინდურობით დასვრილი სარკე, და ხელახლა დაიბადონ. თუმცა ხელახლა დაბადება, “კვლავ ყოფნა” (ბეკეტისეული ტერმინით) გარდაცვალების გარეშე შეუძლებელია.ჯოის ქეროლ ოუტსი, “მხეცები”
Beasts
By Joyce Carol Oates
Orion, 140 გვ.ახლახანს ჯოის ქეროლ ოუტსმა კიდევ ერთი ახალი რომანი გამოაცხო. გაიკვირვებთ ალბათ, სულ რაღაც ერთი თვის წინ არ გამოქვეყნდა მისი ბოლო რომანი? კრიტიკოსები ამ ფაქტს მოხერხებულად იყენებენ იმისათვის, რომ ხმამაღლა განაცხადონ, ვინც რომანებს ასეთი სიხშირით წერს, შეუძლებელია ლიტერატურული თვალსაზრისით ნამდვილი ფასეულობები შექმნასო. მკითხველისთვის კი რომანების გამოცემის სიხშირე უბრალოდ განცვიფრებასა და სიხარულს იწვევს. ლიტერატურის მოყვარულები ყოველთვის მოუთმენლად ელიან მწერლის ყოველი ახალი ნაწარმოების გამოსვლას, როგორც ახალ სიურპრიზს. ჯოის ქეროლ ოუტსს უკვე ასზე მეტი წიგნი აქვს გამოცემული, რომანები, მცირე ზომის მოთხრობები, ლექსები, პიესები… თემა უცვლელია: ისტორია, პიროვნების თვითმყოფადობა, კლასი, რასობრივი მდგომარეობა, გენდერული პრობლემები, პოლიტიკა, ძალაუფლება, ხელოვნების მნიშვნელობა.
ოუტსის ახალი რომანი “მხეცები” მცირე ზომის თხზულებაა. ეს არის კრიტიკა ამერიკული ცხოვრების სიბრმავის და ულმობლობისა, ცივი, მრისხანე პასკვილი და, ამავდროულად, ერთგვარად ანალიტიკური ხასიათის ნაშრომიც. რომანის სახელწოდება მომდინარეობს დ.ჰ. ლორენსის ნაწარმოებიდან – “ჩიტები, მხეცები და ყვავილები”. რომანის გმირი ქალი გილიანი ლუვრს ესტუმრება, მუზეუმის ექსპონატების დათვალიერების დროს უძველეს ტოტემს გადააწყდება და რაღაცნაირად დაიზაფრება მისი ხილვით. უეცრად გილიანი დროში იწყებს მოგზაურობას, მისი წარმოსახვა ახლო წარსულში გადაინაცვლებს, 25 წლის წინ, როდესაც სტუდენტი იყო, კოლეჯში სწავლობდა მასაჩუსეტსის სამხრეთით და უიმედოდ იყო შეყვარებული (ისე როგორც ყველა გოგონა ამ ასაკში) ლიტერატურის მასწავლებელზე – ანდრე ჰეროუზე, რომელსაც ეფექტური და სექსუალური დორკასი ჰყავდა ცოლად.
სტრუქტურულად რომანი საკმაოდ საინტერესოდ და რთულად არის აგებული. “მხეცების” მკითხველი ერთდროულად წარსულშიც ცხოვრობს და აწმყოშიც. ანდრე და დორკასი უკვე მეოთხედი საუკუნეა აღარ არიან, მაგრამ ისინი უფრო ცოცხლად ჩარჩენილან ქალაქის (მოქმედება ნიუ ინგლენდში ხდება) მცხოვრებთა მეხსიერებაში, ვიდრე ცოცხალი ადამიანები. ანდრე და დორკასი ქალაქის ბოჰემური და მღელვარე წყვილი იყო, რომელზეც ყველა ჭორაობდა. რას აღარ ამბობდნენ მათზე, რომ ისინი საგანგებოდ არჩევდნენ გოგონებს და მათ ეგზოტიკურ სადილზე ეპატიჟებოდნენ; სადილს ხანგრძლივი საუბრები მოჰყვებოდა ხოლმე, რაც ხშირად მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. ლექციებზე ჰეროუ თავის სტუდენტებს პოეზიასა და ეროსზე ესაუბრებოდა, მოჰყავდა ლორენსისა და ნიცშეს ციტატები, რომ “ის, რაც სიყვარულისთვის კეთდება, ყოველთვის სიკეთისა და ბოროტების მიღმაა მოთავსებული.” ლექტორი გილიანს სახელსაც კი გადაარქმევს – მას ფილომელას ეძახის, ასე ერქვა მითიურ პერსონაჟს ოვიდიუსის “მეტამორფოზებიდან”, რომელიც ჯერ შეაცდინეს და მერე ენა ამოგლიჯეს, ხმა რომ არ ამოეღო…
ჰეროუს ლექციებიდან გოგონები ქრებიან, მაგრამ აუდიტორიაში სკამები ისეა დალაგებული, რომ ვერაფერს მიხვდები. “შესანიშნავია სატანური გამოცდილება”, – წერდა ლორენსი. ოუტსის რომანი მოახლოებული საფრთხის შეგრძნებით არის დამუხტული. “შენი ტრიუმფი შენი სრული მორჩილებაა”, – ეუბნება ანდრე გოგონებს და წინასწარ აფრთხილებს, რომ ღმერთი – ეროსი მათ არსებას ისე შეძრავს, როგორც “ჩალით გადახურულ სახლებს გრიგალი”. “მხეცები” – ეს არის რომანი მზეთუნახავისა და მხეცის შესახებ, რომელიც სავსეა პორნოგრაფიული თუ მაზოხისტური დეტალებით, ცხოველური ინსტინქტებით, და დაუნდობელ რეალობას ასახავს.
“მე არაფერი მაქვს სათქმელი აღსარებაზე”, – ამბობს გილიანი, იგივე ფილომელა რომანის დასაწყისში, სანამ აღსარებას იტყოდეს. ეს აღსარება მითოლოგიზირებული სასიყვარულო ისტორიაა იმ ადამიანისა, რომელსაც არა აქვს ამ ცხოვრებაში ხმის უფლება და ამ უუფლებობას ურჩხულად უქცევია.სიუზენ სონტაგი, “სხვისი ტკივილის შესახებ”
Regarding The Pain Of Others
By Susan Sontag
New York: Farrar, Straus and Giroux, 131 გვ.“სხვისი ტკივილის შესახებ” – ეს თხზულება მწერლის ბრწყინვალე აღსარებაა, აღსარება სხვისი ცოდვებისა და სხვისი ტკივილის გამო. “თვალზე ლიბრი გვაქვს გადაკრული, ჩვენი ყურთასმენა დახშულია”, – ამბობს სიუზენ სონტაგი, რომელიც შეურაცხყოფილია თანამედროვე საინფორმაციო პოლიტიკით, “ძალადობის მომხმარებლებით”, სხვის ტრაგედიას სანახაობისთვის, სეირისთვის რომ იყენებენ.
“არ შეიძლება მსოფლიო გავაიგივოთ მხოლოდ მდიდარ ქვეყნებთან, სადაც ხალხი კეთილდღეობით ცხოვრობს, სადაც ადამიანებს ორმხრივი პრივილეგიები აქვთ, მათ შეუძლიათ იყვნენ სეირის მაყურებლები, ან უარი განაცხადონ სხვისი ტანჯვის ყურებაზე”, – წერს სონტაგი და იქვე დასძენს: მათ არაფერი იციან რეალური ტანჯვის, მასშტაბური უსამართლობისა და ტერორის შესახებ. მართალია, მილიონობით ადამიანი უყურებს ტელევიზორს, მაგრამ მაყურებლები ძალიან შორს დგანან იმ მოვლენებისგან, რასაც ტელევიზია აჩვენებს და ვერც ვერასოდეს გაიგებენ ვერაფერს, სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდიან ეკრანზე ნანახ რეალობას.
ისიც დიდი პრობლემაა, თუ ვინ დგას ტელე, ვიდეო თუ ფოტოკამერების მიღმა. რა მოტივები ამოძრავებთ მათ, რა გრძნობის გამოწვევა სურთ მათ მაყურებელში? ზოგი ხელოვნებისკენ მიისწრაფის, ზოგი მოსყიდულია, ზოგს სხვა მიზნები აქვს. სხვათა შორის, ისმის კიდევ ერთი კითხვა, რაც ალბათ დროდადრო ყველა ჩვენგანს აწუხებს, დაძაბული დოკუმენტური მასალის, მაგალითად, ბოსნიის, რუანდის თუ ჩეჩნეთის კადრების ყურებისას. რატომ ვუყურებთ ასეთ ტრაგიკულ კადრებს ხშირად ძალიან უემოციოდ? “ეს არ არის დეფექტი, – უპასუხებს ამ კითხვაზე სონტაგი, – ჩვენი გულგრილობის გასაფანტად ფოტომასალა საკმარისი არ არის. ასეთი სახეებს მხოლოდ ერთგვარი სავიზიტო ბარათის ფუნქციის შესრულება შეუძლიათ ყურადღების მისაქცევად. ეს კადრები იმისთვის არსებობს, რომ გავიგოთ, გონებაში გავიაზროთ და ჩავუღრმავდეთ ამ ტრაგედიის მიზეზებს – ვინ არის დამნაშავე? ვინ არის პასუხისმგებელი? შეიძლება თუ არა ამის პატიება?”
ფოტოები მოსვენებას არ გვაძლევს. ჩვენ გვეძლევა საშუალება პარალელები გავავლოთ, და მერე იქნებ რამე დავადგინოთ, იქნებ რამე დასკვნა გამოვიტანოთ. ფაქტობრივად, სონტაგმა საშინაო დავალება დაგვიტოვა. ამ დავალების ამოხსნაში მკითხველს მისი რომანის გმირებიც დაეხმარებიან: ენდი უორჰოლი, ჟორჟ ბატაი, ვირჯინია ვულფი…
აი, ერთი ნაწყვეტი ამ რომანიდან:
“1938 წელს ვირჯინია ვულფმა დაწერა “სამი გინეა”, რომელიც ომის საწყისებზე მოგვითხრობს, მოგვითხრობს თამამად, მავანთათვის მისი მონათხრობი შეიძლება მიუღებელიც იყოს… ამ ნაწარმოებით ვირჯინია ვულფი გამოეხმაურა ლონდონის ცნობილი ადვოკატის მიერ გამოგზავნილ წერილს, რომელშიც ადვოკატი ასეთ კითხვას სვამდა: როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა ავიცილოთ ომი თავიდან? ვულფი იწყებს იმის ახსნას, რომ მათი გულწრფელი დიალოგი შეუძლებელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ორივენი ერთსა და იმავე კლასს – “განათლებულთა კლასს” მიეკუთვნებიან, მათ შორის დიდი უფსკრული დგას: ადვოკატი მამაკაცია, ის კი – ქალი. მამაკაცი ქმნის ომს, მამაკაცებს (მამაკაცთა უმრავლესობას) უყვართ ომი, რადგან კაცებისთვის ეს ნიშნავს ცოტა დიდებას, ცოტა აუცილებლობას, ცოტა ბრძოლის ჟინით მიღებულ კმაყოფილებას, ქალებისთვის კი (ქალთა უმრავლესობისთვის) ომს არავითარი სიამოვნება არ მოაქვს…”ადამ ნიკოლსონი, “ღვთის მდივნები”
როგორ იქმნებოდა მეფე ჯეიმსის ბიბლია
God’s Secretaries
The Making of the King James Bible
By Adam Nicolson
New York: HarperCollins Publishers, 281 გვ.მეფე ჯეიმს I ინგლისისა და მეფე ჯეიმს VI შოტლანდიისა – ის არა მხოლოდ პირველი მონარქი იყო, რომელმაც გააერთიანა შოტლანდია, ინგლისი და ირლანდია, მეფე ჯეიმსი ისტორიაში დიდი ლიტერატურულ-რელიგიური მოღვაწეობითაც შევიდა. “მეფე ჯეიმსის ბიბლია” – ასე უწოდებენ ინგლისურენოვანი ბიბლიის ვერსიას, რომელიც 1611 წელს შეიქმნა.
“ამ ბიბლიის გავლენა ჩვენი ხალხის ლიტერატურაზე დღესაც ისეთი დიდია, როგორიც იყო თავის დროზე შექსპირის ეპოქაში”, – წერს ჯეიმს ბოლდუინი “ღვიძლი ვაჟიშვილის ჩანაწერებში”.
ბიბლიის თარგმნა ყველასათვის გასაგებ ენაზე საუკუნეების განმავლობაში ყველა ქვეყნის ხალხისთვის ძალიან ძნელი და სახიფათო საქმე იყო. 1604 წლის იანვარში მეფე ჯეიმსმა მოიწვია კრება, სადაც რელიგიური უთანხმოების საკითხები განიხილებოდა. სწორედ ამ კრებაზე სთხოვა პურიტანმა ჯონ რეინოლდსმა მეფეს ბიბლიის ახალი თარგმანის გაკეთება, რადგან, მისი თქმით, ჰენრი VIII-სა და ედუარდ VI-ს მეფობის დროს შექმნილი ვერსიები სანდო არ იყო. მეფემ იდეა აიტაცა. მან მთარგმნელობითი კომისია შექმნა, რომელშიც 54 მეცნიერი გაერთიანდა. ეს ადამიანები არა მარტო დიდ ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში იყვნენ სახელგანთქმულნი თავიანთი მოღვაწეობით, იცოდნენ არამეული, ებრაული, ბერძნული, არაბული, სპარსული, სირიული და სხვა ენები. სწორედ მათი ნაშრომები დაედო საფუძვლად თანამედროვე ლინგვისტიკის განვითარებას. ბიბლიის კომისიის წევრებს შორის ფენომენალური ნიჭით გამოირჩეოდა ვესტმინსტერის მღვდელმთავარი ლანსელოტ ენდრიუსი, რომელმაც თხუთმეტი ენა იცოდა, და, გადმოცემის თანახმად, ჯერ კიდევ ექვსი წლის ასაკში ჰქონდა წაკითხული ბიბლია ებრაულად.
ასე დაიწყო თავდადებული მუშაობა ვესტმინსტერში, ოქსფორდსა და კემბრიჯში. რა თქმა უნდა, გზად წინააღმდეგობები ხვდებოდათ. ყველაზე აგრესიული მოწინააღმდეგენი კათოლიკები იყვნენ, მათ დაუშვებლად მიაჩნდათ ბიბლიის ყველასათვის გასაგებ ენაზე თარგმნა. მიუხედავად ამისა, მუშაობა გრძელდებოდა…
ადამ ნიკოლსონის ახალი რომანი სწორედ ამ დაბრკოლებებზე შეაჩერებს მკითხველის ყურადღებას. “ღვთის მდივნები” იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებმაც გადაწყვიტეს ახალი სამეფოსთვის ახალი რელიგია მოერგოთ. ისინი, ვინც ეს ტვირთი თავის თავზე აიღო, დიდი ცოდნისა და რწმენის მატარებელნი იყვნენ. რას ფიქრობდნენ ეს ადამიანები, რა ახსნას უძებნიდნენ იმ მოვლენებს, რაც მაშინდელ ინგლისში ხდებოდა (მაგალითად, ზემოხსენებული ლანსელოტ ენდრიუსი ფიქრობდა, რომ შავი ჭირი, რომელიც ლონდონს დაატყდა თავს, ღვთის რისხვა იყო), სად გადიოდა ზღვარი რწმენასა და ცრურწმენას შორის – ამ ყველაფერზე ნიკოლსონის რომანი მოგვითხრობს. ავტორი თანამედროვეობასთანაც აკეთებს გარკვეულ პარალელებს, როდესაც თეოლოგიურ და პოლიტიკურ კონტექსტებზე საუბრისას 2001 წლის 11 სექტემბრის ავბედით ტრაგედიას იხსენებს.
დღეს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მეფე ჯეიმსის ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ ბიბლიის თარგმანს ასახელებს. “მეფე ჯეიმსის ბიბლიის” დახვეწილმა ლიტერატურულმა სტილმა დიდი გავლენა იქონია ინგლისურენოვანი ლიტერატურის განვითარებაზე. მისი სტილის გავლენა იგრძნობა ჯონ მილტონის, ჰერმან მელვილის და სხვა მწერლების ნაწერებში. დღესდღეობით, როცა ბიბლიის უამრავი ვერსია არსებობს, ინგლისურენოვანი პროტესტანტები მიიჩნევენ, რომ 1611 წელს შედგენილი მეფე ჯეიმსის ვერსია ღვთის ყველაზე ჭეშმარიტი სიტყვაა.საიან ფილიპსი, “საზოგადოებრივი ადგილები”
ჩემი ცხოვრება თეატრში, პიტერ ო`ტულის დროს და მის შემდეგ
Public Places
My Life in the Theater, With Peter O’Toole and Beyond
By Sian Phillips
New York: Faber and Faber, 442 გვ.“საზოგადოებრივი ადგილები” – ასე ჰქვია იმ მემუარს, რომელიც საიან ფილიპსმა წარუდგინა მკითხველს. მემუარის მთავარი გმირი პოპულარული ვარსკვლავი პიტერ ო`ტულია. ფილიპსი ო`ტულის ცხოვრებისეული პარტნიორი იყო, პარტნიორი ხელოვანისა, რომელიც მაგრად სვამდა და თავისი უჟმური ხასიათით გამოირჩეოდა. კითხვა, რომელიც ალბათ დღემდე აწუხებს ცნობისმოყვრე ქალთა უმრავლესობას – თუ რატომ არ მიატოვა ქალმა ო`ტული – არ აღელვებს რომანის მკითხველს. ალბათ იმიტომ, რომ როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, უელსში დაბადებული ფილიპსი ჯერ კიდევ მანამდე შეეგუა ამ შეკითხვას, სანამ ცნობილ მსახიობს გაჰყვებოდა ცოლად 1959 წელს. საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად მან ასეთი პასუხიც კი ჩამოაყალიბა: “არა მგონია, ვინმემ პიტერზე უკეთ შეძლოს ჩემი გაცნობა, მე ამაში დარწმუნებული ვარ და მინდა, რომ ეს ყველამ იცოდეს.”
საიან ფილიპსი არ ჰგავს სხვა მსახიობებს, რომლებმაც დიდებისკენ სწრაფვაზე უარი თქვეს და თავიანთი კარიერა მსხვერპლად შესწირეს საყვარელი მამაკაცების სახელს. თუნდაც ვივიენ ლი და ლორენს ოლივიე ან რაქელ რობერტსი და რექს ჰარისონი გავიხსენოთ. “მოგზაურობაში, კრიზისის დროს, საფრთხეში, ანუ ჩვეულებრივი ცხოვრების მიღმა ჩვენ სრული ჰარმონიით ვცხოვრობთ, ბედნიერად”, – წერს ფილიპსი თავისი ქორწინების შესახებ. ამ წიგნში ძირითადად “ცხოვრების მიღმა” ამბებია ასახული, და კარგად ჩანს ო`ტულის შარმი და ენერგიული ხასიათი. აქ არის ძალიან საინტერესო ეპიზოდები: როგორ მოგზაურობდნენ იუგოსლავიაში, როგორ გაჩერდნენ ვენეციის სასტუმროში წყალდიდობის დროს, როგორ დახეტიალობდნენ უდაბნოში Lawrence of Arabia-ს გადაღებებზე. მართალია, რომანის ძირითადი თემა ო`ტულთან ერთად გატარებული წლებია, მაგრამ, ამავე დროს, რომანში შეხვდებით არანაკლებ მნიშვნელოვან პერსონაჟებს: ელიზაბეტ ტეილორს, აკირა კუროსავას, რიჩარდ ბარტონს, სემუელ ბეკეტს და ბევრ სხვასაც.
“შენ ვერ გაყვები ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, – უთხრა ერთმა მეგობარმა ფილიპსს, – შეიგნე, ის გენიოსია, მაგრამ ნორმალური არაა.” ფილიპსის პასუხი ასეთი იყო: “ის ყველაზე ნორმალური ადამიანია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ”. ქალის ეს მშვიდი, აუღელვებელი პასუხი ზუსტად შეეფერებოდა ეპოქის განწყობას – როცა ახალგაზრდა განრისხებული დრამატურგები და მსახიობები სცენაზე ნასვამები გამოდიოდნენ და საკუთარ შემოქმედებით ძალას აჩვენებდნენ მაყურებელს, და ეს ყველაზე დიდ ღირსებად ითვლებოდა.
დაბოლოს, ისიც უნდა ითქვას, რომ მსახიობი საიან ფილიპსი საკმაოდ საინტერესო ავტორი აღმოჩნდა, ნამდვილი მწერლური ალღოთი, მოვლენათა დეტალური და თან ლაკონური აღწერის უნარით და ზუსტი დაკვირვებებით. ამ რომანმა შეიძლება მკითხველი ვერ აღაფრთოვანოს, მაგრამ მისი წაკითხვა მოსაწყენი ნამდვილად არ იქნება.მოამზადა თამარ სუხიშვილმა
© “წიგნები – 24 საათი” -
გიორგი ეკიზაშვილი – ლექსები და თარგმანები
ეკა ცხადაძე
“მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება”
გიორგი ეკიზაშვილი. ლექსები და თარგმანები. თბ., “სანი”, 2002.
მისი შემოქმედების ნაკლებად ცნობილ მხარეს ორიგინალური პოეტური ტექსტები წარმოგვიდგენს, რომლის სახელწოდებაა – “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება”. ლექსებისა და თარგმანების კრებული ზაზა ბერიშვილის მიერ გამოიცა 2002 წელს გამომცემლობა “სანში”.
თანამედროვე ქართული ინტელექტუალური პოეზიის ამ ნიმუშებში ძალიან მაღალია გულწრფელობის ხარისხი. თუმც ეს მხოლოდ ერთ-ერთი ღირსებაა, რომელიც ყოველმხრივ უკომპლექსო და ღია ხასიათის შედეგად მიიღწევა. გიორგი ეკიზაშვილი პირად ტკივილებს და განცდებს იმ სიმშვიდით გვაწვდის, რომელიც უმალ ფიქრის სურვილს იწვევს, ვიდრე უბრალოდ თანაგრძნობას. მარადიული მედიტაციების ტკბილ-მწარე ნიუანსები ფილოსოფიური მრწამსის ჩამოყალიბებას აიოლებს. ფრაზებში ჩნდება განსხვავებული ინტონაციები, განწყობილებანიც ასევე იცვლებიან და შესაფერის სიტყვიერ ხორცშესხმას იძენენ. სიზმრისეული ჩვენებები ცხადში “დუჟმომდგარ” ბრბოსთან გამკლავებას აიოლებს და ძალას მატებს.
გიორგი ეკიზაშვილის გულწრფელობა მოჩვენებითი არ არის, ამას მისი პოეტური ტექსტები იმდენად ააშკარავებენ, რომ ავტორის სხვა ღირსებები უნებლიეთ მეორე პლანზე ინაცვლებს: “მე ის კაცი ვარ ვის არაფრის არა აქვს დარდი / მე ის კაცი ვარ ვინც ატარებს ათასის სევდას / მე ის კაცი ვარ ვინც სიზმრებში ხედავს ტრამალებს / რომელსაც უნდა სხვებთან ყოფნა და არის მარტო”.
უდარდელობა გარეგნული ფაქტორია, ცოტა უფრო ღრმად ჩახედვისას “ათასთა სევდას” იოლად შევნიშნავთ და “ჯოგს” მოწყვეტილი მარტოკაცის სადარდელსაც. ადრე გურამ ასათიანი სიწრფელეზე მისთვის ჩვეული მახვილგონივრული პარადოქსულობით წერდა: “თუმცა სიწრფელის მოთხოვნილება ყოველთვის როდი წარმოადგენს ზნეობრივი სიწმინდის შედეგს. ყველაზე გულახდილ აღიარებებს ის ჯარისკაცები წერდნენ სიბერის ჟამს, რომელთაც სიცოცხლე ფარისევლობაში გაატარეს”. არ ვიცი რამდენად შეეფერება ეს დაკვირვება ჩვენი წერილის ობიექტს, მაგრამ მან ყველაზე კარგად უწყის, როგორი მომგებიანია უშუალობა და გულწრფელობა მხატვრულ შემოქმედებაში.
შესანიშნავია, როცა პიროვნებას არ ეშინია, ბოლომდე შეიცნოს საკუთარი ხასიათი და კიდევ უფრო შესანიშნავია, როცა ამგვარი ქმედების სიწრფელეში მკითხველსაც არწმუნებს. როცა გიორგი ეკიზაშვილი საკუთარ ბავშვობაზე, პირველი შთაბეჭდილებების სიძლიერეზე წერს – მყისიერად იწვევს თანაგრძნობას და ნდობას.
ცვალებადობას და დროის მდინარებას ბევრი მოგონების გაცამტვერება მოჰყვება; ბუნდოვანდება ზღვის სუნი და ბათუმის კონტურებიც; მხოლოდ ზღვასთან გულითად მიახლებული მეზღვაურები არ ავიწყდება პოეტს. მხოლოდ მეზღვაურმა “იცის” ზღვის სტიქია, ზღვაც ცნობს თავის შვილს. თუნდაც “საკუთარი ბავშვობა დამპალი ტოტივით” მოიკვეთო, პირველი შეცნობისა და აღმოჩენის გამოძახილი სიჭარმაგეშიც ფასეულია.
გვიან, როცა უკვე თავად ხდები “მეზღვაური”, ხოლო ზღვა შენთვის სიტყვის სტიქიონია – სწორედ აქ გამოცდი ბავშვობის შთაბეჭდილების სიმართლეს. გიორგი ეკიზაშვილი ქართული და ფრანგული ენების სტიქიონს ებრძვის. გამუდმებული ცდუნების დაძლევას ცდილობს, რომელიც განსაკუთრებით ქართულს ახასიათებს – ასევე მუდამ ცდილობს მშობლიური ენის “მოჩუქურთმებულობისაკენ” მიდრეკილობას სძლიოს, “ხმის გაქცევა” აირიდოს. ამ მხრივ ორმაგი დატვირთვა აქვს მის მცდელობას – ჯერ საკუთარ ტექსტებში “ბელკანტოსავით” აღვირი უნდა ამოსდოს ქართულის “მაცდურობას” და სხვათა ქმნილებებსაც უნდა უპოვოს შესაფერი ენობრივი გარსი.
გიორგი ეკიზაშვილი “ხმის გაქცევას” უპატიებელ უგემოვნობად, უმწიფარობად მიიჩნევს. ჩახუჭუჭებულ-აღმოსავლური მანერა უცხოა მისთვის. იგი ევროპული ყაიდის შემოქმედია და ამას მისი ცხოვრებისა თუ შემოქმედების სტილიც ადასტურებს.
სისადავით და ირონიით გაჯერებულია ერთი ეპიზოდი, სადაც კაცი და კატა უყურებენ ერთმანეთს. თითოეული თავისთვის ფიქრობს, “ნეტავ რას მიყურებს?” კაცის განცდები გასაგებია ჩვენთვის, მაგრამ ხომ საინტერესოა, კატა რას ფიქრობს? აი, სწორედ ამას გვამცნობს გიორგი ეკიზაშვილი: “კატას ძაღლი მირჩევნია” / ვამბობ მე ჩემთვის / “სულელი” / ამბობს კატა თავისთვის / მე და კატამ ერთმანეთი შევაფასეთ”.
გიიომ აპოლინერისეული სასვენი ნიშნების უგულებელყოფა ხშირ შემთხვევაში გაზიარებულია. ეს კიდევ ერთი დასტურია ფრანგული პოეზიისადმი ქართველი შემოქმედების დამოკიდებულების. ახლა შეიძლება ჰერაკლიტესაც გაუსწორო ცნობილი დაკვირვება: “ერთსა და იმავე მდინარეში (ისევე როგორც ყოველივე იგივეში) ორჯერ შეხვალ, მაგრამ ორივეჯერ სხვადასხვა”.
პოეზიაშიც და ცხადშიც კატისგან დაწუნებული “ადამიამუნები” საბრალონი და მიუსაფარნი არიან. დღისით სიარულს ერიდებიან, რადგან მზის შუქი ულმობლად ამხელს “სინამდვილეს”. სულ სხვაა ღამე, ნიკტის საუფლო: “ღამით კი… / მთვარის შუქი და ვარსკვლავების ციმციმი / აღვიძებს იმას, რაც ადამიანებს ცოტათი მაინც / მაღლა ეზიდება / და რისი წარმოჩენაც დღისით რცხვენიათ…”
“მაგარი” ეწოდება ტექსტს, სადაც პედანტური სიზუსტით აღწერილია ერთი ვითომც მაგარი ტიპის დილის ტუალეტი, ყველა ძვირადღირებული და მშვენიერი ატრიბუტიკით… დასკვნითი ნაწილი აბსოლუტურად განსხვავდება აღწერილი სასიამოვნო პერიპეტიებისაგან, იგი ერთგვარად ბანალური და ტრაფარეტულიც კია და შინაგანი მესგან ვერგაქცევას გვიდასტურებს: “ერთი სიტყვით … ძალიან კარგად ხვდები რა დამპალი ხარ”. “მაგარი” სინამდვილეში არის “დამპალი” და ეს “სიდამპლე” გამომზეურებულია “გაუცხოების მეთოდის” გამოყენებით.
“მაგარი” რაღაცით “ბუდენბროკების” ერთ გმირს ჰგავს, გამუდმებით რომ კოხტავდებოდა და ბოლოს წუმპეში აღესრულა. ძალიან შორეული ასოციაციაა, მაგრამ “მაგარი” გიორგი ეკიზაშვილმა აშკარად ტალახისათვის გასწირა.
“მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” სადა და მკაფიო ქართულის ნიმუშია, ამ კრებულმა “ცოტა-ცოტა” ყველაფერი დაიტია, ოჯახის კაცის პედანტური მზრუნველობიდან მარად მოუწყობელი ხელოვანის იჭვებამდე. გალაღებას სევდა და სინანული ენაცვლება, კმაყოფილებას ეჭვი და ირონია. გიორგი ეკიზაშვილმა შეძლო დისტანცია შეენარჩუნებინა და ერთი წამით უცხო თვალით შეეხედა საკუთარი პოეტობისათვის. “წერილი საიქიოდან” ყველაზე სასიამოვნო, თბილი და იუმორით შეფერილი ტექსტია, მკითხველის გულს იგი ალუზიებითაც მოიგებს. სასიამოვნოდ დაგრჩებათ დავით წერედიანის შეუდარებელი ვიიონის ანდერძის რიტმის მინიშნებაც და მრავალწერტილში მიმალული გალაკტიონიც: “ჩემო გიორგი, გულით გილოცავ, / დაგიწერია, მითხრეს, ლექსები / ერთი თხოვნა მაქვს, არ შემარცხვინო, / სტრიქონებს მე ნუ დამესესხები / მეყოფა, რაც კი წვალება ვნახე, / თანამოძმეთა გამოისობით / გუშინ სამოთხე მოვინახულე / ჩემი გერები ყრიან ასობით. / ბევრი ესტუმრა პოეტთა ნადიმს, / მაგრამ აღარ ჰყავთ ამფიტრიონი, / მოკითხვას გითვლით ლექსების მწერალთ, / პატივიმცემით ………”
ამ დახვეწილი ირონიის, ჩაქირქილების შემდგომ მხოლოდ ისინი იგრძნობენ თავს არხეინად, ვინც ლექსებს არ წერს. მთელი რეალური და მიღმური სამყარო გამთლიანებულია, აფასებს და აკრიტიკებს ერთიმეორეს. ზოგჯერ სამოთხეს ესტუმრება დიდი პოეტი და თავისი პოეზიის მძარცველებს ასობით შენიშნავს იქ. დღევანდელ შემოქმედთ იქიდანაც აკრთობთ თავიანთი ამქრის დიდი ოსტატები, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად “ლექსის მწერალი ხშირდება”…
უკვე დიდი ხანია, უბრალო მოკვდავებს პროზაიკოსებიც და პოეტებიც გვცდიან. ადგენენ უკვალავ კომბინაციას, რებუსებით ფუთავენ სიუჟეტებს, გამოაჭიატებენ მინიშნებებს და თავად ტექსტებს მიღმა გვაკვირდებიან (შეიძლებოდა დაგვეწერა: ქირქილებენ ან დაგვცინიან). ჩვენ ისღა დაგვრჩენია, სერიოზული სახით გამოვთქვათ “მიუკერძოებელი” შეფასებები და იხტიბარი არ გავიტეხოთ, რათა ხმამაღლა არავინ გაიმეოროს მარადქართული საკითხავი კრიტიკაზე, ლიტერატურათმცოდნეობასა და ა.შ.
არსებობენ კითხვები, რომლებიც პასუხებს არ საჭიროებენ. ფილოსოფოსები და მწერლები კითხვებს გვისვამენ, უფრო არხეინი და ყოფიერებას შეგუებულნი დაუფიქრებლად ატარებენ მათთვის მინიჭებულ დროს და არხეინად მიდიან მარადისობაში. სისხლსავსე ცხოვრების ორომტრიალში “ბედნიერებსღა” არ აინტერესებთ: “რა არის სიკვდილი? ზესკნელ-ქვესკნელი? ჯოჯოხეთია თუ სამოთხე? ზოგი ადის და ზოგი ჩადის? ან სად ადიან ან სად ჩადიან ან კი სად არის შუალედი რომლის მაღლა იწყება ზემოთ რომლის დაბლა ამბობენ ქვემოთ”…
გიორგი ეკიზაშვილის პოეზია, ორიგინალურიც და ნათარგმნიც, ჩვენი თანამედროვე მწერლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში მრავალფეროვანი განცდები, მრავალრიცხოვანი პრობლემებია წარმოჩენილი და მდიდარი ბუნების ინდივიდის დაკვირვებებია მოწოდებული. “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” თანაბრად საინტერესოა როგორც ქართული, ისე ფრანგული პოეზიით დაინტერესებულთათვის, რადგან გვაძლევს გიორგი ეკიზაშვილის შემოქმედების ახალ-ახალი მხარეების გაცნობის საშუალებას. თარგმანებში წარმოდგენილია: არტურ რემბო, გიიომ აპოლონერი, ეჟენ გილვიკი, ივ ბონფუა, რემონ კენო, ჟაკ პრევერი, რენე შარი, ანდრე ფრენო, ალენ ბოსკე.
ლექსებისა და თარგმანების კრებული “მე ის კაცი ვარ ტრამალები რომ ესიზმრება” 2002 წლის წიგნების ბაზრობაზე “საუკეთესო პოეტურ კრებულად” იყო სახელდებული. ჩვენც სწორედ ამგვარი პათოსით წარმოგიდგინეთ იგი.© “წიგნები – 24 საათი”
-
ალბერ კამიუ – სარჩული და პირი
გაგა ლომიძე
გულწრფელობის “სარჩული” და “პირი”
ალბერ კამიუ. სარჩული და პირი, ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა. თბ., “სანი” 2003.როცა მე-17 საუკუნის 20-იან წლებში ინგლისელი მოაზროვნე და გამომგონებელი თომას ჰარიოტი გარდაიცვალა, ერთი მისი თანამედროვე გესლიანად შენიშნავდა: იგი სამყაროს არარადან წარმოშობის იდეას ემხრობოდა და ამ არარამ მოუღო ბოლო. ამის მსგავსად, როცა 1960 წელს ალბერ კამიუ ავტოკატასტროფაში დაიღუპა, მისი ოპონენტები ამბობდნენ: იგი ცხოვრების აბსურდულობას აღიარებდა და ბოლოს აბსურდულმა სიკვდილმა იმსხვერპლა. არის ერთგვარი თანხვედრაც ჰუმანისტი ერეტიკოსებისა და ალბერ კამიუს მოსაზრებებს შორის.
მაგრამ, მოდით, წიგნზე საუბრით დავიწყოთ. პირველ რიგში, ეს თარგმანი გამოირჩევა კამიუს სხვა ნაწარმოებების ჩემთვის ცნობილი ქართული თარგმანებისგან. არ ვიცი, რამდენად მართალი ვარ, მაგრამ სწორედ ასეთი წარმომიდგენია კამიუს ტექსტები ფრანგულ ენაზეც, თავისი თხრობის ინტონაციით. თუმცა წიგნში არსებულმა შეცდომებმა, მართლწერის თვალსაზრისით, უნებლიეთ ქართული ენის სატელევიზიო გაკვეთილები გამახსენა, თავისი რეფრენით – “შეცდომაა/სწორია”. წიგნის თემატიკას ესსეების სათაურებიდანვე ადვილად მიხვდებით: “ირონია”, “ჰო-სა და არა-ს შორის”, “სიკვდილი სულში”, “სიცოცხლის სიყვარული”, “სარჩული და პირი”. წიგნს დართული აქვს შესანიშნავი ბოლოთქმა მთარგმნელისგან და ერთი ინტერვიუ კამიუსთან – “ხელოვანი და დრო”.
ესსეების წიგნის “სარჩული და პირი”-ს ავტორი 22 წლის კამიუა. როგორც თვითონ წერს: “სარჩული და პირი” ჩემი წყაროს სათავეა, სიღარიბისა და სინათლის სამყარო, რომელშიც დავიბადე და დიდხანს ვცხოვრობდი და რომლის გახსენება მიცავს იმ ორი ურთიერთსაწინააღმდეგო ხიფათისგან, ნებისმიერ ხელოვანს რომ ემუქრება: დაუკმაყოფილებლობა და თვითკმაყოფილება”. ამ ესსეებში თანდათან იკვეთება ის იდეები (აბსურდი, ამბოხი), რომლებიც შემდგომში მის შემოქმედებაში წარმმართველი გახდება. თუმცა კამიუს გვიანი პერიოდის შემოქმედება, ამბოხისკენ მოწოდების მიუხედავად, ცარიელი რიტორიკის შთაბეჭდილებას ტოვებს. ალბათ, გარკვეულწილად მართალი იყო სიუზან სონტაგი, როცა წერდა: “კამიუსთვის მოქმედება არაა მთავარი; მოქმედების უნარი თუ მისგან თავის შეკავება მეორადია შეგრძნობის უნართან თუ უუნარობასთან შედარებით. ეს უფრო შეგრძნობისკენ მოწოდებაა, ვიდრე ინტელექტუალური პოზიცია, რაც პოლიტიკური უმოქმედობის საფრთხესაც გულისხმობს”. იქნებ ამით აიხსნება ისიც, რომ 1968 წლის მღელვარების დროს ფრანგ სტუდენტებს აღარც კი ახსოვდათ კამიუს სახელი. კამიუს პათოსი მხოლოდ ინტელექტუალური განსჯის წყალობით გადის ფონს. თუმცა იგივეს თქმა ნაკლებად შეიძლება ესსეების კრებულზე – “სარჩული და პირი”, სადაც ახალგაზრდა მოაზროვნე გაცილებით გულახდილი ჩანს. საერთოდ, კამიუს, ისევე როგორც ექსისტენციალისტების ტექსტებში, გულახდილობა მკითხველისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ფაქტორია. იგი ხშირად დაუფარავად საუბრობს (იქნება ეს საკუთარი მანკიერებანი თუ ფიქრები) და არ იზღუდება ყოველდღიური ურთიერთობების კლიშეებით. მაგ., “სარჩული და პირის” წინათქმაში წერს: “მივხვდი, რომ უდრტვინველად უნდა მიმეღო საკუთარი პატივმოყვარეობა და მის სწორ წარმართვაზე უნდა მეზრუნა, ნაცვლად იმისა, რომ… ამერჩია პრინციპები, რომელთაც ვერაფრით ვიგუებდი”; ხოლო ესსეში “ჰო-სა და არა-ს შორის” დედისა და შვილის შეხვედრა აბსურდული დიალოგის ფონზე, თითქმის უსიტყვოდ მიმდინარეობს, რადგან “ყოველივე უსიტყვოდაც ცხადია”.
აბსურდულობის, საკუთარი წარმავლობის შეგრძნებით იწყება ჭეშმარიტი არსებობა: “არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე”. გაურკვეველი სამყაროს წინაშე ადამიანის შიშს მაშინვე ეღება ბოლო, როცა იგი არჩევანს აკეთებს და ამით საკუთარ მომავალს თვითონვე საზღვრავს. სამყაროს მარადიულობის წინაშე საკუთარი წარმავლობის შეგრძნება სიცოცხლის სიყვარულის მძაფრ განცდას წარმოშობს: “სიცოცხლის სიჭარბის განცდა, ისევე როგორც უსიხარულო სიმშვიდე სულისა, რომელიც ჩემს არსებას ავსებდა, ერთი გრძნობიდან იღებდა სათავეს. ეს იყო შეგრძნება იმისა, რომ ამქვეყნიური სიმდიდრეებით ტკბობაში მე წილი აღარ მედო”. ასეთ შემთხვევაში სიკვდილი მხოლოდ და მხოლოდ “სამყაროს გარეგანი ხატების ცვალებადობად” აღიქმება. კამიუ მუდამ სიკვდილ-სიცოცხლის შორის არჩევანის ბეწვის ხიდზე გადის. სწორედ ამაში იკითხება სარჩულისა და პირის (თუ სიკვდილის და სიცოცხლის) მეტაფორაც. და უპირატესობაც ყოველთვის მეორეს ენიჭება: “სიკვდილი ყველას ხვედრია… თუმცა, რაც არ უნდა იყოს, მზე მაინც გვითბობს ძვლებს”, ხოლო “ვაჟკაცობა ის არის, რომ თამამად უსწორო თვალი სინათლესაც და სიკვდილსაც”. ამ ვაჟკაცობაში და თავგანწირვაში ვლინდება თანამედროვეობისადმი დამოკიდებულება. კამიუსთან, თანამედროვეობისადმი მიმართების თვალსაზრისით, ბოდლერისეული დენდიზმი შეცვლილია ამბოხით. კამიუს ამბოხი მიმართულია არა სამყაროსადმი, რომელსაც იგი ანტიკური ავტორების მსგავსად ეთაყვანება, არამედ ცხოვრებისადმი, რომელიც “უნდა შეიცვალოს”. იგი გამორიცხავს იმქვეყნიური ცხოვრების რწმენას, რომელიც ამქვეყნად ადამიანის მოღვაწეობას ინიციატივას ართმევს. თუმცა, ამბოხი კამიუს გადააქვს ესთეტიკის სფეროში და შემოქმედებას, კერძოდ – მწერლობას აკისრებს ცხოვრების გარდაქმნის ფუნქციას. მასთან ამბოხს კოლექტიური ხასიათი აქვს – ამბოხი, რომელიც ყველას აერთიანებს. ინტერვიუში, რომელიც წიგნს აქვს დართული, კამიუ ამბობს: “იმ დღიდან მოყოლებული, რაც კალამს მოვკიდე ხელი, დღემდე… ერთი დიდი მიზნით ვსულდგმულობ: მუდამ იმათ გვერდით დავრჩე, ვისაც დღეს უჭირს, ვინც იტანჯება და ვისაც ესოდენ თრგუნავს სამყაროს ბოროტება”. მაგრამ აქ შეიძლება გავიხსენოთ ის ერთგვარი იმედგაცრუება, რაც კამიუს მრავალრიცხოვანმა თაყვანისმცემლებმა განიცადეს: იგი განზე დადგა იმ საზოგადო მოღვაწეებისგან, რომელთაც ალჟირის ომის წინააღმდეგ აიმაღლეს ხმა. არადა, მას, როგორც ფრანგს და, იმავდროულად, ალჟირელს, პირველ რიგში ევალებოდა საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ალჟირში და ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორი იყო. აქ დაწერა თავისი “ალჟირული ესსეები”).
“სარჩული და პირი”-ს პირველი ესსეს – “ირონიის” ეპიზოდი, სადაც ახალგაზრდა კაცი მარტოსულ მოხუც ქალს ესაუბრება და უთანაგრძნობს, დოსტოევსკის სიტყვებს მაგონებს: როცა ჩვენ მათხოვარს მატერიალურად ვეხმარებით, ამით ერთი მხრივ საკუთარი ხელგაშლილობის დემონსტრირებას ვახდენთ სხვების წინაშე; მეორე მხრივ, მათხოვართან შედარებით საკუთარ უპირატესობასა და უფლებებზეც კი მივუთითებთ. ვინ იცის, იქნებ არის კიდეც რაიმე საერთო ამ ადამიანებისა და კამიუს გულწრფელობას შორის.© “წიგნები – 24 საათი”
-
ჯულიან ბარნსი – აღმოსავლეთის ქარი
-
პიტერ აკროიდი: "პოეზიიდან პროზაზე გადავხტი, როგორც კალია"
პიტერ აკროიდი – სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი, ავტორი წიგნებისა, “გოლემი ლაიმჰაუსიდან” (“ელიზაბეტ კრის პროცესი”), “ოსკარ უაილდის დღიურები”, “დოქტორ დის სახლი”, “ლონდონი: ბიოგრაფია”; გამოცემული აქვს დიკენსის, ტომას სტერნზ ელიოტის, ეზრა პაუნდის და სხვათა ბიოგრაფიები. ცხოვრობს ლონდონში.
– თქვენი წიგნების ერთ-ერთი უმთავრესი გმირი ლონდონია. რას ნიშნავს თქვენთვის ეს ქალაქი?
– მე აქ დავიბადე და ჩემი პირველი წიგნებიც ლონდონში გამოვიდა. შეიძლება ითქვას, ლონდონი ჩემი წარმოსახვის აკვიატებული პეიზაჟია. როცა მის ისტორიაში ვერკვევი, საკუთარ თავსაც უკეთ ამოვიცნობ ხოლმე.
– თქვენი აზრი ისეთ ცნებაზე, როგორიც “ისტორიაა”?
– ისტორია ესაა ამბავი, რომლის დახმარებითაც აწმყოს აღვწერ. ვცდილობ გავიგო და ავხსნა აწმყო. ჩემს ბევრ წიგნში მოქმედება ერთდროულად ორ დროით პლასტში ვითარდება. ისტორიული კონტექსტი უბრალოდ გვეხმარება გავიგოთ ის, რაც ახლა ხდება. საერთოდ, ვერ ვხედავ განსაკუთრებულ სხვაობას წარსულსა და აწმყოს შორისაც.
– როგორია თქვენი პერსონალური “განცდა” წარსულისა აწმყოში?
– ეს, შეიძლება ითქვას, ჩემი წიგნებია. როცა ისტორიაში ვიქექები, მის გათამაშებას ვახდენ ხოლმე. მის ენაზე ვიწყებ ლაპარაკს. ვცდილობ შევიგრძნო ის, რასაც იმ ეპოქის ადამიანები გრძნობდნენ და ა.შ. რას განიცდიდა ოსკარ უაილდი, როცა პარიზში ცხოვრობდა, ან დოქტორი დი. უცხო ტყავში მოქცევით, წარსულს უკეთ აღიქვამ, ვიდრე უბრალოდ მისი აღწერისას.
– თქვენი პრიორიტეტები წარსულში? გიყვართ თუ არა განსაკუთრებულად რომელიმე ეპოქა?
– არა. საყვარელი ეპოქები ჩემთვის არ არსებობს. მე ვწერდი ბლეიკზე, მილტონზე, დიკენსზე, უაილდზე და ტ.ს. ელიოტზე. ასე რომ, თავადაც ხედავთ, რამდენ ეპოქასა ვარ მოდებული. არც ერთს არ ვანიჭებ უპირატესობას – მე პროცესი მაინტერესებს, დროთა კავშირი და არა მისი ცალკეული ფრაგმენტები.
– როგორია თქვენი ისტორია?
– დავიბადე ლონდონის დასავლეთში კათოლიკურ ოჯახში, დავდიოდი კათოლიკურ სკოლაში, დავასრულე კემბრიჯი, შემდეგ იელი. რის შემდეგაც ვმუშაობდი რედაქტორად ჟურნალ “The Book Spectator”-ში, შვიდი წელი. მერე რომანების წერა დავიწყე და დღემდე რომანებით ვცხოვრობ.
– არ გსურთ ლიტერატურულ კრიტიკაში დაბრუნება?
– არც არასდროს მიმიტოვებია ეს სამუშაო – ხშირად ვწერ ხოლმე ლონდონის ლიტერატურული გამოცემებისათვის, ასე რომ, თქვენს წინაშე, ჯერ კიდევ ლიტერატურული ჟურნალისტია.
– თქვენი საყვარელი წიგნები?
– არც ერთი. დაწერის შემდეგ, უბრალოდ, ვივიწყებ წიგნებს და მორჩა. თუკი წარმატებაზე ვისაუბრებთ – დიდება “ოსკარ უაილდის დღიურმა” და ელიოტის ბიოგრაფიამ მომიტანა.
– როგორ მოახერხეთ დაგეწერათ ელიოტის ბიოგრაფია ისე, რომ პოეტის არც ერთი ციტატა არ გამოგიყენებიათ? მემკვიდრეებმა, როგორც ვიცი, აგიკრძალეს ციტაცია?
– ამაში არაფერია განსაკუთრებული. გარწმუნებთ. ცუდია, რომ წერილების ციტირება არ შემეძლო, მაგრამ… ბიოგრაფია მე შემიკვეთეს და სამუშაოს დაწყებამდე არც ვიცოდი, რა სირთულეებს შევეჯახებოდი. როცა აკრძალვის შესახებ გავიგე, ვიფიქრე უარს ვიტყვი-მეთქი შეკვეთაზე. შემდეგ კი პირიქით, ამ აკრძალვამ ჩემს სასიკეთოდ იმოქმედა. რადგან ციტირება შეუძლებელი იყო, ელიოტის იმიტირება დავიწყე – ალბათ, ქვეცნობიერად, მაგრამ მაინც მის სტილში ვწერდი (მის პროზასა და წერილებს ვგულისხმობ). სწორედ ეს ხერხი იქცა ჩემს მეთოდად, როცა სხვა თემებზე მუშაობას შევუდექი.
– არის თუ არა ბიოგრაფიაში ელიოტის შემოქმედების კრიტიკა?
– ინგლისურ ლიტერატურას კემბრიჯში ვსწავლობდი. ამიტომაც კლასიკოსების შესახებ ჩემი აზრი გამაჩნდა, მაგრამ საქმე ამაში არ გახლავთ, არამედ იმაში, რომ ეს არც მთლად კრიტიკა გახლდათ; უბრალოდ ვცდილობდი, პროპორციულად მომერგო ერთმანეთისთვის ცხოვრება და ლიტერატურა ისე, რომ მათ ერთმანეთი განემარტათ.
– როგორ უყურებთ ელიოტისა და ოდენის შემოქმედებას?
– ელიოტი პოპულარული ფიგურაა ინგლისურ კრიტიკაში, მასზე დღემდე წერენ წიგნებს. ოდენს, ალბათ, ყველაზე მეტს კითხულობენ სხვა პოეტებთან შედარებით, მისი ხმა, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, დღემდე “ჟღერს”. მაგრამ არანაირ, განსაკუთრებულ, გრძნობებით ამ ავტორების მიმართ არა ვარ გამსჭვალული.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ვასილ გულეური – ჩიტის მოტანილი ამბები
თამარ კოტრიკაძე
რა ამბები მოაქვთ ჩიტებს?
ვასილ გულეური, “ჩიტის მოტანილი ამბები”. თბ. “დიოგენე”, 2008.მომღერალი ფიფქი და ჭიანჭველების მაყრიონი, ლოთი ბეჰემოთი და ჭირვეული წრუწუნა, მათთან ერთად – კიდევ მრავალი სასაცილო არსება და უამრავი ბავშვი: აი, ვინ ბინადობს იმ კოხტა, ფერადი, კვადრატული ყდის მიღმა, რომელიც ვასილ გულეურის საბავშვო ლექსების წიგნს აკვრია, გასულ ზაფხულს გამომცემლობა “დიოგენემ” რომ დასტამბა. ბავშვებს, როგორც ვიცით, უყვართ ფერადი სურათები, ასევე უყვართ ბუნება, ხალისიანი, მელოდიური ლექსები და ახალი საინტერესო ამბები. ჰოდა, ამ ყოველივეს კრებულში ნახავენ, მას სახელწოდებაც შესაბამისად დამაინტრიგებელი აქვს: “ჩიტის მოტანილი ამბები”.
მხატვრული გაფორმება და პოლიგრაფიული დონე, მით უფრო საბავშო წიგნებისა, ბოლო წლებში უკვე აღარ გვიკვირს: ქართული გამომცემლობები მრავლად გვთავაზობენ ისეთ მშვენიერ საბავშვო გამოცემებს, რომლის ხელში ჭერაც ნამდილად გესიამოვნება. ამ საერთო ფონზე წიგნი განსაკუთრებულად სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს (ეს პირველ რიგში მხატვარ ია გიგოლაშვილის დამსახურებაა). მით უფრო კი გვახარებს ის, რომ საქმე გვაქვს არა რეპინტთან, არა თარგმნილ ლიტერატურასთან, არამედ ორიგინალურ ქართულ გამოცემასთან, ორიგინალური გაფორმებითა და ორიგინალური ტექსტებით, რაც ძალზე მიშვნელოვანი და, ჩვენს დღევანდელობაში, სამწუხაროდ, არც თუ ხშირი მოვლენა გახლავთ.
2007 წლის წიგნის ფესტივალზე ვასილ გულეურმა და “დიოგენემ” პოეტის სადებიუტო გამოცემით გაგვახარეს: მისი თოთხმეტი ლექსი გამოვიდა ღია ბარათების შეკვრის სახით, რომელსაც ერთ-ერთი ლექსის სათაურის მიხედვით “მელაკუდას მაღაზია” ეწოდება. ახლად გამოსული წიგნი ამ გამოცემას არ იმეორებს: მასში 45 ახალი ლექსია შესული.
ვასილ გულეურის საბავშვო ლექსებს იმთავითვე უნდა მიექცია ყველა ასაკის მკითხველის ყურადღება თავისი იუმორით, სიკეთით, პოეტური ფორმის სიმსუბუქითა და დახვეწილობით. რაკიღა საბავშვო ლიტერატურა სიტყვიერი შემოქმედების ძალზე მნიშვნელოვანი სფეროა, ხოლო მისი სიმსუბუქე და სიხალასე უაღრესად არასახუმარო და საპასუხისმგებლო საქმეა, ურიგო არ იქნება, თუკი დავუკვირდებით იმას, თუ რა საშუალებებით აღწევს ჩვენი პოეტი სასურველ ეფექტს: მისი ლექსები ხომ დიდებსაც ისევე ხიბლავთ, როგორც პატარებს!
უნდა ითქვას, რომ ვასილ გულეურის მხატვრულ საშუალებათა პალიტრა მრავალფეროვნებითა და სიუხვით არ გვაოცებს, მაგრამ ლექსები სულაც არ გვიტოვებს ერთფეროვნებისა და ადრე თქმულის გამეორების შთაბეჭდილებას. არადა, ავტორი სულ ორიოდე მხატვრულ ხერხს იყენებს. აქვე ჩავურთავთ, რომ ლექსები ცოცხალი, მელოდიური და სადა ენითაა დაწერილი. გამოცდილი მკითხველი ამ სისადავისა და სიმარტივის მიღმა არა მხოლოდ გაწეულ შრომას შენიშნავს, არამედ წერის კულტურასაც, ანუ გემოვნებას, რაც სხვა არაფერია, თუ არა ზომიერების შეგრძება: ყველას როდი შეუძლია ოქროს შუალედის ისეთნაირი დაცვა, რომ ბავშვთან საუბარი არც მეტისმეტად დამტკბარი გამოუვიდეს, არც გადამლაშებული.
აი, პატარა წრუწუნა, რომელიც წვნიანის მირთმევაზე პროტესტს აცხადებს, სანაცვლოდ ისეთ ნუგბარებს ითხოვს, როგორიც “კაკალი”, “კვნიტი შაქარი” ან “მზესუმზირას მარცვალია”. რომელ ოჯახში არ დგას მსგავსი პრობლემა? დედა-თაგვს კი მზად აქვს მშვიდი, მაგრამ კატეგორიული პასუხი:“- თუ არ შეჭამ წვნიანსო,
ვაჭმევ ფისუნიასო.შენც რომ შეგჭამს მალეო,
შენს თავს დააბრალეო!”ამ ლექსებს ახასიათებს ხუმრობითა და სიბრძნით გაჯერებული სასიამოვნო კილო, რომელიც თავისი ბუნებით ლიტერატურული კი არა, ცხოვრებისეულ-ადამიანურია და უთუოდ თავად ავტორის პიროვნული სიღრმიდან მოდის. მაგრამ, ამავე დროს, რაკიღა ლიტერატურა ცხოვრების მატიანეა, ეს კილოც იმ ქართული ლიტერატურული ტრადიციის გაგრძელებად უნდა აღვიქვათ, ნოდარ დუმბაძის საბავშვო ლირიკას რომ უკავშირდება. ის, ერთი მხრივ, გვიჩვენებს ბავშვის თვალით დანახულ სამყაროს, გადმოგვცემს იმ უშუალო დასკვნებს, რომელიც მას აღქმული სინამდვილიდან გამოაქვს, მეორე მხრივ კი შეიცავს იმ ხშირად შეფარულ ღიმილს, უფრო თვალებიდან და, როგორც იტყვიან ხოლმე, ულვაშებიდან რომ გამოკრთის, რომლითაც ავტორი ბავშვისა და სამყაროს ურთიერთგაცნობის ამ სცენას ადევნებს თვალს. ის კარგად იცნობს ბავშვის ხასიათს, მის განცდებსა და ფიქრებს. იმ შემთხვევაშიც, როდესაც ლექსის ლირიკული “მე” თავად ბავშვია, მისი ემოციები მაინც ამ უხილავად ქცეული ღიმილის პრიზმაშია გატარებული. ეს ღიმილი, ალბათ, ლუის კეროლის პესონაჟის, ჩეშირელი კატის ღიმილს ჰგავს და ყველა კეთილი ჯადოქრისა და მეზღაპრის ღიმილსაც.
დედამ უამბო ბიჭს გუგულის უცნაური ჩვეულების შესახებ, საკუთარი კვერცხები სხვის ბუდეში ჩადოს. ბიჭი აღშოთებულია ფრინველის უსულგულობით. ეტყობა, პირველმა გაოცებამ რომ გადაუარა, ცოტა ხანს ჩაფიქრდა. ლექსის დასასრულს კი ასეთ კითხვას სვამს:“ახლა მე ის მაფიქრებს,
ჩვენს საათში რომ ბუდობს,
იმ გუგულმა კვერცხები
აქ ვის უნდა ჩაუდოს?”ერთ-ერთი მხატვრული საშუალება, რომელსაც პოეტი ისევ და ისევ მიმართავს, ფრაზეოლოგიზმების გაცოცხლებაა, რაც ლიტერატურულადაც საინტერესო და ნაყოფიერი შეიძლება იყოს და, ცხადია, არ გახლავთ ახალი ხერხი, და, ამასთანავე, ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია: სწორედ ასე იქცევა ბავშვიც. ის ხატოვან, გახევებულ ფრაზას მის მშობლიურ სივრცეში, კონკრეტულ რეალობაში აბრუნებს: თუნდაც ხუმრობით, სახალისოდ, თუნდაც წუთით, მაგრამ აუცილებლად ეცდება წარმოიდგინოს, თუ როგორ მოხდება ეს სინამდვილეში.
ლექსი “ენატანია ჩიტები” კრებულის სათაურს უკავშირდება. ბიჭი გვიზიარებს თავის გაოცებას იმის გამო, რომ დედა მუდამ გებულობს მისი და მისი ძმის უწესო საქციელის შესახებ, მაშინაც კი, როცა, ყველანაირი ლოგიკის წესით, ვერ უნდა გაიგოს. თავად დედისაგან შეიტყობს მისი გენიალური დედუქცის ნამდვილ წყაროს და ჩვენც გვატყობინებს: “ენის მიტანა დედასთან/ თურმე ჩიტებმა იციან.” გაოცებას აღშფოთება ცვლის:“ზამთარში მათთვის საკვები
რამდენჯერ გამიტანია…
ნეტავ ვიცოდე, რომელი
ჩიტია ენატანია?”პირდაპირ თვალწინ გვიდგას ბიჭის ბრაზით შეკრული მუშტები: ესაა სამართალი? განა უმადური გამცემი მართლაც შურისძიების ღირსი არაა?
ვასილ გულეურის ლექსებში ყაჩაღობაში ბრალდებულ მელაკუდას ორჯერ მოჰყავს მოწმედ საკუთარი კუდი. ერთგან ახერხებს კიდეც თავის დაძვრენას:“…მოწმედ მოვიყვან კუდსაო,
არაფერს ვჩადი ცუდსაო.ჩვენი ჩვევაა ესაო,
მე როგორ შევცვლი წესსაო.ვინმეს როდისმე გსმენიათ,
ქათამს არ ჭამდეს მელია?”მეორე შემთხვევაში ის ამავე ხრიკით მხოლოდ ამძიმებს სამართლიანი დათვის მიერ გამოტანილ განაჩენს: დამნაშავეს გალიაში ამწყვდევენ, მოწმეს კი დაკითხვისაგან ათავისუფლებენ და ხეზე ჰკიდებენ.
კრებულის სათაური იმის გამომხატველია, რომ ლექსების უმრავლესობა მართლაც რაიმე სახალისო ამბავს გვატყობინებს, ზოგჯერ მოულონელი, ზოგჯერ კი ფრიად ლოგიკური დაგვირგვინებით. ამის საბუთად ზემოთ მოყვანილი მაგალითებიც კმარა. ლექსების დასაწყისში ხშირია ასეთი ფრაზები: “იცით, გუშინ რა მოხდა?”, ბოლო პწკარები კი ისეთ ხალისიან გუნებაზე გაყებენს და თან ისეთ ჭეშმარიტებას გაგანდობს, რომელიც გინდა დაუყოვნებლივ სხვასაც გაუზიარო. მნიშნელოვანია, რომ სიცილი, რომელსაც ეს პწკარები აღგიძრავს, უაზრო და უსულგულო კი არა, – თუ შეიძლება ითქვას, – მგრძნობიარეა: ეს ის სიხალისეა, რომელიც სულს ახალი განცდებით ანატიფებს და ზრდის. ეფექტი მუდამ ანეკდოტური როდია: ლექსში “ბუტია” ყოვლისგამჭოლი ავტორისეული ღიმილი განსაკუთრებულად კეთილი და თან ოდნავ სევდიანიცაა. გოგონას, სახელად მაიკო, ყველანაირი მიზეზითაც და უმიზეზოდაც ისეთი საფუძვლიანი ბუტიაობა სჩვევია, რომ თავის ოთახში ჩაკეტილი, სადილადაც კი არ გამოდის შიმშილის მიუხედავად. ლექსი ასე მთავრდება:“ჯერ არ იცის მაიკომ,
მარტოობა ძნელია
და ბუტიას კერძი კი
ძალზე გემრიელია!”ზოგან არა მხოლოდ ფინალი, არამედ მთელი ლექსი ერთიანადაა დამუხტული ხალისიანი ნაპერწკლებით. ლექსი “ბახალა” მთლიანად უნდა მოვიყვანო, მისი მოცულობა იძლევა ამის საშუალებას:
“პატარა ყვავის ბახალამ
დედა ყვანჩალას ახარა:– მასწავლებელმა შემაქო,
სხვებზე კარგი ხმა შენ გაქვსო.გვამღერა მე და ძერაო,
ხუთები დაგვიწერაო.”განა სასაცილო და თან გულის ამაჩუყებელი არ არის უშნო, შავ-შავი ყვავის ბახალა, გაბრწყინებული იმის გამო, რომ ისიც თავისზე უარესს სჯობია და განა დედა ყვანჩალასათვის ის ყველაზე ლამაზი და ყველაზე საამაყო შვილი არაა?
თუმცა ყველა ლექსი როდი გვიკმაყოფილებს ეფექტური ფინალის უკვე ბუნებრივად ქცეულ მოლოდინს: არის ისეთებიც, თითქოს არაფერ ახალს რომ არ გვატყობინებს. სინამდვილეში ეს ლექსები გამცნობს ჩვენ, უფროსებს, რომ კლიშეებს ვერ გაექცევი ვერც ბავშვის აღზრდისას და, ალბათ, ვერც წერისას; რომ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ არა მხოლოდ ახლის, არამედ ძველისა და ტრადიციულის შეყვარება; რომ სწორედ ნატკეპნი ტრადიციებისაგან შენდება ჩვენი არსებობის მყარი საძირკველი, რომელიც არასოდეს გვიღალატებს. მოკლედ, რომ კლიშეებისა არ უნდა გვეშინოდეს და მთავარი მხოლოდ ის კი არაა, რასაც ამბობ და განიცდი, არამედ ის, თუ როგორ აკეთებ ამას. თანაც, როგორ შეიძლება ბანალური და მობეზრებული იყოს ის, რაც, მიუხედავად მარადი განმეორებისა, ყოველთვის ახლებურად გვხიბლავს და გვიხარია, რადგანაც უზენაესი კანონითაა დაწესებული? კრებულში ლექსების თანმიმდევრობა ჩვენი ცხოვრების განმეორებად წრებუნვას მიჰყვება: ტრადიციული ახალი წელი თოვლით, საჩუქრებითა და ისევ და ისევ მოუხელთებელი თოვლის პაპით; გაზაფხული მორცხვად თავდახრილი იებითა და პირველი, მზეზე აბრჭყვიალებული ობობის ქსელით; ზაფხულის მჩქეფარე სიცოცხლე სახლში თუ ეზოში, ტყესა თუ ზოოპარკში, რომლის ბინადარნი ქცევებითა და გემოვნებით ხშირად ძალზე ჰგვანან ადამიანებს; საშემოდგომო მზადება სკოლისათვის, ახალთახალი ჩანთით მოგვრილი სიხარული და სიამაყე…
დამეთანხმებით, ნამდვილად ღირს ამ ყოველივეს სიყვარული!© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ახალი წიგნები – 2009 – მარტი
ლაშა ბუღაძე, “კარიკატურისტი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.ახალგაზრდა გამომძიებელი კოლეგებთან ერთად ერთი მეტად უცნაური საქმის გამოძიებას ცდილობს. საქმე მკვლელობებს ეხება, რომლებიც ქალაქში ერთიმეორის მიყოლებით გახშირდა – პოულობენ მინისტრის, ბანკირის, გენერლისა თუ რეჟისორის გვამებს, რომლებსაც, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ერთმანეთთან ის ჟურნალი აკავშირებთ, რომელშიც მათი კარიკატურები დაიხატა. ვისი ხელი ურევია მკვლელობებში – კარიკატურისტის, მანიაკის, ორივესი ერთად თუ ვინმე ან რამე შეუცნობელი ფაქტორის… ლაშა ბუღაძის ახალი რომანი, რომელიც ავტორისეული კარიკატურებითაა გაფორმებული, მკითხველს ბევრ უცნაურ, სასაცილო და საშიშ ამბავს გაუზიარებს.ბათუ დანელია, “მერვე ბგერა” (ლექსები). თბ. “ინოვაცია”, “ეროვნული მწერლობა”, 2008.
ბათუ დანელია, “Mirabilis Vita” (ლექსები). თბ. “ეროვნული მწერლობა”, 2008.ბათუ დანელიას ქართველი მკითხველი კარგა ხანია იცნობს პოეტური კრებულებით, “ქალაქი ფრთებქვეშ”, “წყნარი ქუჩა”, “ტიხარი”, “მარტოობის ზამთარი”, “მთვარის დღესასწაული”, “შეშლილი ვარსკვლავები”, რომლებსაც ამჯერად კიდევ ორი წიგნი შეემატა. “მერვე ბგერა” ადრეული ლექსების კიდევ ერთი, ახლებური გადანაწილება და თავმოყრაა, “Mirabilis Vita” კი რამდენიმე პოეტური ციკლისგან შედგება, სადაც ლექსები ავტორისეული თვალთახედვით საერთო ფორმობრივ-შინაარსობრივი ნიშნითაა დალაგებული.დალილა ბედიანიძე, “ფიქრდიდობა”. (ლექსები). თბ. “სიესტა” 2008.მინის ქილაში დამწყვდეული არსების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ქუჩებისა და გზების ნაპირებს შორის მოქცეული ადამიანის მცდელობა, გადააბიჯოს ბარიერებს, შეისუნთქოს მუსიკა ჰაერის მაგიერ, მიიღოს საკუთარი სხეული სულის სამოსად, იპოვოს მისასვლელი საკუთარ თავთან და მოერგოს გასაღებად თავისავე არსებას – ეს დალილა ბედიანიძის ლექსებია, რომლებიც პოეტმა კიდევ ერთ კრებულად შეკრა და მკითხველს “ფიქრდიდობის” სახელით უსახსოვრა. ავტორს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს პოეტური კრებულებით “წვეთები და ნამცეცები”, “კეთილი მგზავრობა”, “ნეტავ!”, “გამარჯობათ”.ჰარუკი მურაკამი, “ნადირობა ცხვარზე”. (რომანი). მთარგმნელი ირაკლი ბერიაშვილი. რედაქტორი ლელა მაჩაბლიშვილი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.რა ხდება მაშინ, როცა ადამიანის სხეულში მის ადამანურ ბუნებას ცხვრის შინაგანი სამყარო ენაცვლება, როგორია ახალგაზრდა კაცის ცხოვრება ახლებური თვალთახედვით და ამავედროს განუზომელი ძალებითა და შესაძლებლობებით, რომლებიც ერთი კონკრეტული მიზნისთვისაა განკუთვნილი, ან კი რა შეიძლება იყოს ეს მიზანი… რეალურისა და არარეალურის ზღვარზე, ნახევრადფანტასტიკურ გარემოში ვითარდება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანი, რომელიც მისი ცნობილი “ვირთხის ტრილოგიის” ერთ-ერთი წიგნია. “ნადირობა ცხვარზე” ავტორის პირველი დიდი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.ელფრიდე იელინეკი, “საყვარლები”. (რომანი). მთარგმნელი ანა კორძაია-სამადაშვილი. რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე”, 2008.
რომანი ქალების შესახებ – ვინ არიან ისინი, როგორია სამყარო, სადაც ცხოვრობენ, რამდენად რეალურია გარემო, რომელსაც ისინი ეგუებიან; სიმბოლოები, რომლებიც მათს ყოველდღიურობაში, სამუშაო რეჟიმსა თუ პირად ცხოვრებაში იმალება. ავსტრიელი მწერლის, ელფრიდე იელინეკის გახმაურებულ რომანს ქართველი მკითხველი ახლა უკვე მშობლიურ ენაზე გაეცნობა. “საყვარლები” მწერლის ადრეულ შემოქმედებას მიეკუთვნება, ავტორი კი, რომლის შემოქმედებაც დღემდე არაერთ რომანსა და პიესას ითვლის, 2004 წელს შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემიით დააჯილდოვა.“ლექსმცოდნეობა”, ანა კალანდაძის ხსოვნას (მასალები). რედაქტორი თამარ ბარბაქაძე. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.2008 წლის გაზაფხულმა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართული ლიტერატურის ისტორიაში – გარდაიცვალა ქართველი პოეტი, ანა კალანდაძე. სწორედ მისი ხსოვნას მიეძღვნა აკაკი ხინთიბიძის მიერ დაარსებული ქართული ლექსთმცოდნეობის საკითხების კრებულის გამოცემის ტრადიციის აღდგენა, რომელსაც მკვლევარმა 80-იან წლებში ჩაუყარა საფუძველი. თამარ ბარბაქაძე, გიორგი ლობჟანიძე, ლევან ბრეგაძე, თამარ ლომიძე, აპოლონ სილაგაძე, თამარ პაიჭაძე და სხვები კიდევ ერთხელ გაგვახსენებენ ანა კალანდაძის შემოქმედებას.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ნიკუშა ანთაძე – მე შიშველი ვარ
შვილო, თვალები დახუჭე!
აუ, რამხელა აქვს…
ვგიჟდები ესეთ არანორმალურებზე!
რას მიაშტერდი, ქალო?!
აუ, აუ, აუ…
ამაზე პირველად მაშინ ვიფიქრე, როცა დილით აბაზანიდან გამოვედი ნაბანავები და სარკის წინ დავდექი პირსახოცით ხელში. ვისთან რა მაქვს დასამალი?! ფიქრი და გადაწყვეტა ერთი იყო. ჩასაცმელად გამზადებული შარვალი და მაისური, თავის წინდა-ტრუსიკ-ფეხსაცმელებიანად კარადაში შევჩურთე და სრულიად შიშველი ჩავუყევი სადარბაზოს კიბეს. სკოლისკენ მიმავალი მეზობელი ბავშვები მაწვნისქილაგადაყლაპულებივით მომაშტერდნენ. რამდენიმე ფანჯარაში ფარდა შეირხა – დაინტერესებული, შეკრული შუბლები მათვალიერებდნენ და როგორც კი ავხედავდი, მაშინვე ფარდის უკან იმალებოდნენ. რა ლამაზი დილა იყო. გაჩერებაზე შემჭამეს (ზოგიერთებმა მომაჭამეს კიდეც მგონი) თვალებით. მარშუტკაში სხვა მგზავრებთან ერთად ავედი. მძღოლს ენა სავარძლის ქვეშ ჩაუვარდა. უნივერსიტეტამდე ისე ვიმგზავრე არავის არაფერი უთქვამს.– გამოქლიავდი? – ვერსად დამალა გაკვირვება მეგობარმა, რომელიც ჩვეულებისამებრ გარეთ მელოდებოდა, რომ ერთად შევსულიყავით ლექციაზე.
– არა, – ვუპასუხე მე და პირველ კორპუსში შევედი.
ჩემს დანახვაზე სტუდენტები ისე გაშეშდნენ, ფილმის ყურების დროს Pause-ს რომ დააჭირო უცებ.
– მთვრალი ხარ?
– არა.
– დაბოლდი? – არ მეშვებოდა მეგობარი.
– არა, – აუდიტორია უკვე თითქმის სავსე იყო.
ჯგუფელები წიგნებს მოსწყდნენ და გაოცებულ-გადარეული მზერებით დამცხრილეს. ჩემი ადგილი დავიკავე.
– რამე მაზიანი წააგე?
– არა.
ლექტორი შემოვიდა. კათედრას მიუახლოვდა და კმაყოფილებით აღსავსემ გადმოხედა მოსწავლეებს, რადგან არ ახსოვდა როდესმე ასეთი სიჩუმე დახვედროდა აუდიტორიაში შემოსვლისას. თუმცა უეცრად შეამჩნია ამ გლობალური დამუნჯების ნამდვილი მიზეზი.
– ვინ მოგცათ უფლება ტანსზემოთ გახდილი იჯდეთ ლექციაზე? – თვალები სათვალის მინებს მიაბჯინა ლექტორმა.
– არა მარტო ტანსზემოთ, პროფესორო, – წამოვდექი მე.
ორმა გოგომ სასწრაფოში დარეკა, დანარჩენები კი ყვავილების ვაზებიდან ასხამდნენ წყალს გულწასულ პროფესორს. მივხვდი ლექცია აღარ გაგრძელდებოდა.
– ლუდი არ გინდა? – მეგობარს ხელით ვანიშნე წავედით-მეთქი.
– რა ჯანდაბა გჭირს, არ მეტყვი?ლუდის ბარში ნაცნობ ოფიციანტ მაიკოს ოთხი ბოთლი გაუვარდა ხელიდან და ისე გაწითლდა, თითქოს მე დამენახა ის შიშველი. კლიენტები, რომლებიც ლუდთან ერთად სოსისს მიირთმევდნენ, ხველებ-ხველებით, ნახევრად დამხრჩვალები გაცვივდნენ გარეთ.
თითო ბოკალი დავლიეთ.
– სახლში ხანძარი გაჩნდა და ტანსაცმელი დაგეწვა? – მეგობარმა აღარ იცოდა რა ეფიქრა.
– არა, – გამეღიმა და კიდევ ორი ჩამოსასხმელი შევუკვეთე მაიკოს, რომელიც მთელი მონდომებით ცდილობდა მხოლოდ სახეზე ეცქირა ჩემთვის, მაგრამ არ გამოსდიოდა.
– ესეიგი გამოქლიავდი!გარეთ ცნობისმოყვარეობამოცული ნახევარი უნივერსიტეტი და საპატრულო მანქანა გველოდა.
– თქვენი საბუთები, თუ შეიძლება, – მომიახლოვდა პოლიციელი. იმ ადგილას დავიხედე სადაც წესით შარვლის ჯიბე უნდა მქონოდა, ჯიბეში კი საბუთები.
– რა გჭირთ? – მკითხა მკაცრად.
– შიშველი ვარ.
– ვხედავ! და რატომ ხართ შიშველი?
– რატომ ვარ შიშველი?
– დიახ!
– იმიტომ რომ შიშველი ვარ.
გასუსულ ხალხს ისე სწრაფად გადაჰქონდა მზერა ჩემგან პოლიციელზე და გადმოჰქონდა პოლიციელისგან ჩემზე, თითქოს ჩვენ ჩინელი პინგ-პონგისტები ვყოფილიყავით, ისინი კი აზარტში შესული მაყურებლები.
– და რატომ ხართ შიშველი-მეთქი?!
– იმიტომ რომ…
– განყოფილებაში უნდა წამობრძანდეთ! – აღარ მაცადა, მხარში ჩამავლო ხელი.
– ეს უსამართლობაა! – იყვირა ერთ-ერთმა სტუდენტმა.
– ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა! – იყვირა მეორემ.
– დისკრიმინაციაა! – აღრიალდა ყველა, ცემეს პოლიციელი, რომელმაც მე თავი დამანება და მათ დაშოშმინებას ცდილობდა, გადავიდნენ გზაზე, გადაკეტეს ქუჩა და საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
მეგობრის მაჯაზე საათს დავხედე. შეყვარებულთან დანიშნულ შეხვედრაზე მაგვიანდებოდა.შეყვარებულმა საშინლად იეჭვიანა, მე მეგონა ცოლად მომიყვანდი და ჩემს გარდა ვერცერთი გოგო ვერ გნახავდა გახდილსო, მეჩხუბა და დამშორდა.
* * *
მეორე დღეს დილიდან დამყვებოდნენ ფოტოგრაფები. გამვლელების გაფართოებულ თვალებში ჩემს თავს ვხედავდი. ვიღაცეები მცნობდნენ, მიღიმოდნენ და ხელს მიქნევდნენ.* * *
მესამე დღეს თხუთმეტმა გოგომ ჩამომართვა ავტოგრაფი, ორმა ტელევიზიამ ინტერვიუ.* * *
მეოთხე დღეს ყველაზე ცნობილ ღამის Talk Show-ში მიმიწვიეს სტუმრად.
– გაგვეცანით, – მთხოვა წამყვანმა პირდაპირ ეთერში.
– მე შიშველი ვარ.
– ეგ ვიცით, უფრო ახლოს გაგვეცანით.
– ამაზე ახლოს როგორ გაგეცნოთ? – გამეცინა მე.
– მაშინ მოგვიყევით რატომ ხართ შიშველი.
– იმიტომ რომ შიშველი ვარ.
– და რისი თქმა გინდათ ამით? – არ დაიბნა წამყვანი.
– იმის თქმა მინდა, რასაც ვამბობ – მე შიშველი ვარ!
სტუდიაში ტაში დაუკრეს.
ეს სიუჟეტი იმ ღამესვე აჩვენა CNN-მა და Euronews-მა რუბრიკაში No Comment.* * *
ჟურნალ-გაზეთების პირველი გვერდების და გარეკნების მთავარი სამიზნე გავხდი. ახალგაზრდა რეჟისორებმა ჩემზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყეს. ერთი კვირის შემდეგ კი ქალაქში გამოჩნდა კიდევ სამი შიშველი – ორი გოგო და ერთი ბიჭი.* * *
ორი კვირის შემდეგ ქუჩებში დაკიდეს ბილბორდები ჩემი გამოსახულებით და წარწერით – მე შიშველი ვარ, შენ? თავისუფლების მოედანზე გაიმართა “შიშველი აქცია”, რომელშიც 7000 ადამიანი მონაწილეობდა. პროფესორი იმ ამბის შემდეგ საავადმყოფოში იწვა და როცა ახალგამოწერილი სახლში გადაჰყავდათ, მანქანიდან შემთხვევით მოკრა თვალი დემონსტრანტებს… სასწრაფოდ თავის პალატაში დააბრუნეს ისევ გულწასული. ჩემი მეგობარი უკვე აღარ ფიქრობდა, რომ გამოვქლიავდი და ჩემთან ერთად დადიოდა, ისიც შიშველი.* * *
ერთი თვის შემდეგ პარლამენტში განიხილეს საკითხი ქვეყნის ნუდისტურ სახელმწიფოდ გამოცხადების შესახებ. მე სიყვარული ავუხსენი ოფიციანტ მაიკოს, მან კი საპასუხოდ იქვე, ლუდის ბარში გაიხადა და ორმაგად გაწითლებული ჩამეხუტა.* * *
თვენახევრის შემდეგ პრეზიდენტი დემონსტრაციულად გაშიშვლდა პრესკონფერენციის დროს. დამაჯილდოვეს ღირსების ორდენით. ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ სად დამეკიდა და ბოლოს დავიკიდე… მომიხდა.* * *
მოგეხსენებათ, ზოგს ფრჩხილების დაჭრა ეზარება, თუ იცის, რომ გახდა არ მოუწევს, ზოგი რაღაც-რაღაცეებს არ იპარსავს და ა.შ მოკლედ, თავის მოვლა დაიწყო ხალხმა. ყველა მიეჩვია ყოველდღე მოწესრიგებას. დაიხურა ტანსაცმლის მაღაზიები. სამაგიეროდ იყიდებოდა უამრავი ჩანთა. გაუმჯობესდა ქალაქის დასუფთავების სამსახურები. საერთაშორისო ნუდისტური ფედერაციის გამოყოფილი თანხით ტროტუარებზე დააგეს ხალიჩები. საგრძნობლად იმატა ტურისტების რიცხვმა…* * *
ახლა საბანაოდ შევდივარ და ჯერ არ ვიცი, მაგრამ, რომ გამოვალ კარადაში შეჩურთულ შარვალს და მაისურს, თავის წინდა-ტრუსიკ-ფეხსაცმელებიანად გამოვალაგებ, ჩავიცმევ და ისე ჩავუყვები სადარბაზოს კიბეს. რა ლამაზი დილა
იქნება.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“ -
ლევან ორახელაშვილი – სხვა ასპექტი
შემეძლო, გნებავთ ეს ჩემი აღსარება, გნებავთ ნაამბობი, კომპოზიციურად სხვაგვარად დამეწყო და დამელაგებინა. ბოლო თავისკენ მექნა, თავი ბოლოსკენ. თითქოს კეკლუცად გაშიშვლებული წელი კი ლამაზად შემემოსა და ისე დამეკავშირებინა დანარჩენთან, საწყისთან და სასრულთან, მაგრამ თანმიმდევრობა ვამჯობინე. მით უმეტეს, რომ ჩემი ,,სუფთა ჰაერზე” გატარებული ცხოვრების ნაწილის ეს სამი პატარა, მაგრამ ჩემის აზრით ფრიად საგულისხმო ეპიზოდი ქრონოლოგიურ ჭრილში უფრო გასაგები და აშკარად დასანახია მცირე ლირიული და არც თუ ისე ლირიული გადახვევებით.
სხვადასხვა ტიპის გადახვევებზე რა მოგახსენოთ, ერთი კი ვიცი, იდეაა მთავარი. ყოველთვის იდეას უნდა დაეყრდნო კაცი. ის გახლავთ პირველადი, ყველაზე ღირებული. მაგრამ ფრიად პარადოქსული შედეგიც შეიძლება მიიღო თურმე ამ ,,ღირებულიდან”. და თუ ერთი ჭკვიანი კაცის აზრს გავიზიარებთ, რომელმაც ოდესღაც იმ მწერებზე ისაუბრა, განაყოფიერების შემდეგ რომ იხოცებიან, და მერე იქვე რომ დაამატა – ,,სამწუხაროდ ჩვენი სიხარულიც ასეა, უდიდესი ნეტარების მომენტი… და უკვალოდ ქრებაო” – პარადოქსული რეზულტატების შესაძლო არსებობაშიც დავრწმუნდებით. მოკლედ, ქრება თუ რჩება ეს თავად განსაჯეთ. საკუთარი გამოცდილება მოიშველიეთ…
მე კი საერთოდ, მუცელზე ძილს ვარ მიჩვეული. რატომ? საკუთარმა ცხოვრებამ დამიწესა ასე, წლების მანძილზე გამომიმუშავა ეს ჩემთვის სასარგებლო ჩვევა. არც მარჯვენა, არც მარცხენა გვერდზე, არც ზურგზე. მკაცრად მხოლოდ მუცელზე და მორჩა. ხელები ბალიშის ქვეშ, ნიკაპიც იქვე ჩარგული. ყურები ლოკატორებივით მომართულ-დაცქვეტილი. ამ პოზიდან წამოხტომა ელვის სისწრაფით შემიძლია. უბრალოდ წელი, მუხლები და იდაყვები უნდა მოხარო სწრაფად, ძლიერად და რაც მთავარია სინქრონულად. ძილის პროცესიც ფრთხილი მაქვს, ისეთი, როგორც უღრან ტყეში, ღრმადგათხრილ ბუნაგში ჩაწოლილ ნადირს.
მძინავს, ლამაზ-ლამაზ სიზმრებს ვხედავ, თან ყველა საქმის კურსში ვარ რაც ჩემს ირგვლივ ხდება. ერთი საეჭვო გაფაჩუნება, საეჭვო მოძრაობა სადარბაზოში, ეზოში თუ მის გარეთ და მომენტალურად ვკეცავ იმ ჩემს სიზმრებს ჭრელი, აზიური ხალიჩასავით და უზადო ტექნიკის წყალობით ერთ წამში ფეხზეც ვარ და ჩაცმულიც. სრულ მზადყოფნაში, ასე ვთქვათ. დანარჩენი კი უკვე ბედის და ჩემი მოხერხებულობის საქმეა. როგორც წესი მიმართლებს. აორთქლების დიდოსტატი ვარ. მაგრამ ზოგჯერ, რომ იტყვიან, თავს ზევით ძალა არ არის… მაგრამ ეხლა ყველაფერ ამას მნიშვნელობა არა აქვს. ფრიად არაორდინალურ სიტუაციაში ვარ და ამიტომ. გამოსავალს ვეძებ. იმდენად დინჯად და აუჩქარებლად, რამდენადაც ამას დროის სიმცირე და საფრთხის სიდიდე განაპირობებს. დინჯად თქო იმიტომ ვამბობ, რომ უკვე დიდი ხანია რაც საკუთარ ნერვებს თუ ნერვულ აშლილობებს დავემშვიდობე და აქედან გამომდინარე ჩემს გრძნობებსა და ემოციებს სრულად ვაკონტროლებ. პრინციპში, ესეც ტექნიკის და ჩვევის ამბავია, მუცელზე ძილის არ იყოს. აბა ვინმე ბატონ გრიშას კი არ უცხოვრია ჩემი ცხოვრებით. არც ,,კრესტების” თუ ,,ბუტირკის” პატიმრებით ,,გადაგრუზულ” კამერებში უსუნთქავს რიგრიგობით ფოლადივით დამძიმებული და ცნობილი ინგრედიენტებით ,,დო ატკაზა” გაჯერებული ჰაერით, არც გადარეული გერმანული ნაგაზების ეშვები ჩასობია ყინვისაგან გალურჯებულ წვივებში, სადღაც იქ, ზლატოუსტის ჭაობებთან. არც ექვსი საათის განმავლობაში დაუკიდიათ თავქვე როსტოვის кпз-ში ხის სკამის ფეხის აკომპონემენტის ქვეშ. არა, ეს ჩემი ცხოვრებაა, უფრო სწორედ მისი გარკვეული ნაწილი, ყველა თავის ქვეტექსტითა და წყალქვეშა დინებით. არც იგივე ბატონ გრიშას უხოხია თხუნელასავით ყინვისგან დამზრალ ორმოცმეტრიან გვირაბში, სამი დღე-ღამის განმავლობაში არ ურბენია და ულასლასია მშიერ-მწყურვალს ტაიგაში რკინიგზის ძებნაში და მერე ჭრელი ძროხებით სავსე საბარგო ვაგონით არ გადაუსერავს ნახევარი რუსეთი. არც ფული და სამოქალაქო ტანსაცმელი მოუპარავს მეისრის ჯიხურიდან და არც სამხრეთისკენ აუღია გეზი უკვე რბილი ვაგონით, ცხელი საუზმე-სადილის და მომხიბლავ ,,პრავადნიცასთან” უფრო ცხელი, თითქმის მდუღარე ფლირტის თანხლებით… ,,будет милочка шуметь подо мной, будет грудками греметь надо мной…” სწორედ ასე წავიღიღინე პირველად რომ დავინახე. კარგად მახსოვს. თქვენც ასე კარგად აგიხდეთ ყველაფერი…
არც ის დამვიწყებია მაშინ, რომ ამ ,,სასიამოვნო გასეირნებას” არამც და არამც არ უნდა მოვედუნებინე. უშეცდომოდ, საკუთარი თავის ხელახლა, ცოცხლად არდამარხვის ურყევი გარანტიით უნდა მეცხოვრა ის ორიოდე დღე. თუმცა ,,ურყევ გარანტიას” პირობითად ვამბობ. ასეთი ტიპის გარანტიები ბუნებაში არ არსებობს. მით უმეტეს, ჩემთვის. მე ხომ ავაზაკი ვარ, თანაც პირწავარდნილი, როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში იტყვიან, და კიდევ ბანდიტი, ყაჩაღი, ჯიბგირი… ხოლო თუ ვინმეს დაჭირდა, ავტორიტეტიც. ეს ,,ვინმეც” პირობითია. უფრო რომ დავაზუსტო, კრებით და საკმაოდ დიდ მასას მოიცავს. ფაქტიურად ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელს. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ,,საცეცები” დიდ თუ მცირე ფინანსებში აქვთ ჩაფლობილი და გაყოფა-გამოკლება-მიმატება ძილს უფრთხობს. ისე, სხვათაშორის, ზემოთ ხსენებული ,,მათემატიკურ-ზნეობრივი” პრობლემების ჩვენებურად გადაწყვეტის შემდეგ ყველაფერი ისევ თავის ადგილს უბრუნდება. ისევ ბანდიტი, ყაჩაღი, ჯიბგირი და ბოლოს ავაზაკი. ეს ბოლო სიტყვა კი განსაკუთრებით მომწონს. განუმეორებელი ჟღერადობა აქვს. ფსიქოლოგიურ-ემოციური და თქვენ წარმოიდგინეთ ფერწერული დატვირთვაც. აბა, თუ ხედავთ პატარა ბიჭუნას, აღტაცებულ-მონუსხული რომ დგას ერთ ადგილზე საათობით. მაჯისსიმსხო რკინის გისოსებს მიღმა კი დიდი კატა აუჩქარებლად, უხმო ნაბიჯით ზომავს თავისი სამყოფელის სიგრძე-სიგანეს. სამხრეთული ღამესავით შავი, გვიანი შემოდგომისფრად აელვარებს თვალებს. ძლიერი, ცბიერი, დაუნდობელი მარტოსული. სადღაც შორს მისი სამშობლოა. გაუვალი ჯუნგლები, უძირო ქვაბულები, სისხლიანი ნადიმები… აქ კი შარდის სუნით გაჟღენთილი ფიცარნაგი, გისოსები, სამეურნეო თუ სამეცნიერო სამსახურები, ადმინისტრაცია. მოკლედ ,,ნადზორი” და ,,რეჟიმი”. მწარედ, ყრუდ ამოიღრიალებს შიგადაშიგ ოთხ კედელში ავაზაკივით გამომწყვდეული ავაზა. სადღაც, რომელიღაც ფერმაში თავის სიკვდილით მომკვდარი ძროხის კანჭს დაყნოსავს დროდადრო, მძლავრი თათით გადააბრუნ-გადმოაბრუნებს ,,ბალანდასავით”* გაზეპილ ულუფას, მერე უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნებს რაღაცას თავის ენაზე და კვლავ სიარულს იწყებს იქეთ-აქეთ…
ის პატარა აღტაცებულ-მონუსხული ბიჭი მე ვარ. ინტერნაციონალურ ეზოში ლაღად გაზრდილი. ისე, დღემდე ვერ გამიგია რატომ ეძახიან ასეთ ეზოებს იტალიურებს. ნიკალაევიჩის საფლავს ვფიცავ, არც ერთ კარუზოს, მასტროიანის ან თუნდაც კორლეონეს აქ არ უცხოვრიათ. აი რობერტიკები, დომენტიკები და საშკები რამდენიც გინდა. ჰოდა ვზივართ ერთხელ მე, ერთ-ერთი რობერტიკა და ერთ-ერთი დომენტიკა ჩვენი სახლის სახურავზე, მოპარულ პაპიროსს ,,კრუგში” ვეწევით, გამუდმებით ვახველებთ და ვბჭობთ, ჩვენს შორის ვინ ვინ უნდა გახდეს. მე მეცნიერი უნდა გამოვიდეო თქვა მაშინ რობერტიკამ და უძირო ლაჟვარდს მიაპყრო მზერა. დომენტიკამ ჩაახველა და მენაგვის ფუნქცია იკისრა, ალალად, უყოყმანოდ, თანაც იქვე ახსნა საკუთარი ლტოლვა ზარის* შემოკვრის მიმართ, რომლის ხმაც თურმე ენითაუწერელ სითბოს უღვრიდა სულსა და გულში. ჯერი ჩემზე მიდგა და ორივე ბიჭი კითხვის ნიშანივით მოიხარა პასუხის მოლოდინში. მე კი ამ დროს უკვე საწვიმარ მილს შემოხვეული ვეშვებოდი დაბლა, მაგრამ ერთი კი ამოვძახე ქვემოდან ავაზა-ავაზაკი მეთქი. ჩემი ეს სიტყვა შეისმინა რატომღაც ოხუნჯმა განგებამ, სახურავზე დარჩენილთა მიმართ კი გარკვეული კორექტივები შეიტანა… გავიდა წლები და დომენტიკა მეცნიერი გახდა, ასტრონომი თუ ფიზიკოსი, ზუსტად არ მახსოვს. აი რობერტიკა კი… რობერტიკა ,,ნააბაროტ”
მაშინ, საწვიმარ მილს შემოხვეულმა რომ ავძახე ბიჭებს, ის სიტყვა ისე ვთქვი, თითქოს უბრალოდ, გაუცნობიერებლად. მაგრამ ხშირ შემთხვევაში უბრალო ბრალიანი ხდება, გაუცნობიერებელი კი ცნობიერი. მოკლედ დამალული გაცხადდება ყოველთვის. მით უმეტეს, თუ ბედ-იღბალიც ხელს შეგიწყობს და რაიმე პაწაწინა, თვალით უხილავ მიზეზსა და გარემოებას მოგართმევს, თანაც ლანგარზე ლამაზად დაწყობილ-შეფუთულს. ჰოდა მეც მივიღე ეს ლანგარი თავის დროზე, კონკრეტულ მომენტში და კონკრეტულ ადგილას. И пошлло поехало. არა, მთლად ასეც არ იყო. გარკვეული წესის და რიგის ქვეშ დავაყენე ყველა ჩემი ინტერესი, строго по графику. წიგნი, ტრენაჟორი, მუზეუმი, ,,საქმე”. ამ ,,რასკლადში” წიგნი დომინირებდა გარკვეულ მიზეზთა გამო და ეს მიზეზები ჩემს პატიოსან და მაღალინტელექტუალურ ოჯახში უნდა მეძებნა, რომელიც სისტემატურად მამარაგებდა იმ დროისათვის იშვიათი გამოცემებითა და ხშირი რჩევა-დარიგებებით. ლამის შექსპირისეული ენით ავმეტყველდი მაშინ, ზოგადსაკაცობრიო კითხვებითა და მათზე გაუცემელი პასუხებით შეპყრობილი. მაგრამ იმ რკინის გისოსებიდან რაღაც მაგიით გამომსხლტარი და ჩემს შიგანში სამუდამოდ ჩაბუდებული ის შავი ავაზაკი ნელ-ნელა აშიშვლებდა უმოწყალოდ ბასრ ბრჭყალებს, გვიანი შემოდგომისფერი თვალებიდან მწველ ცეცხლს აკვესებდა და ხშირი, ყრუ ამოღრიალების თანხლებით დამატარებდა თავის ნებაზე. ერთი სიტყვით, ბუნებამ გაიმარჯვა, მისმაც და ჩემმაც. უკვე ყველა ,,კაზიონი დომში” ,,არას” მიწერდნენ ყოველ ცისმარე დღეს… მერე ერთხელაც კოკა გატყდა იქ, სადაც ტყდება ხოლმე და ჩემს მიერ დაწესებული სქემა: წიგნი, ტრენაჟორი, მუზეუმი, ,,საქმე” სხვა სქემამ შეცვალა: кпз, კარანტინი, კამერა, ეტაპი, ზონა. თუმცა თუ საკითხს ოპტიმისტურად მივუდგებით, ამ ახალ სქემაში ძველის მოაზრებაც თავისუფლად შეიძლება. ხშირ შემთხვევაში წიგნის კითხვას და ვარჯიშს არავინ დაგიშლის, თუ მუზეუმი გინდა, ჩათვალე, რომ ყველაზე საინტერესო ,,ექსპონატებით” ხარ გარშემორტყმული. ,,საქმე” გინდა? კი ბატონო! ,,საქმეები” იქაც კეთდება და იქედანაც. ასე რომ პრობლემა არა მაქვს ერთის გარდა, თუ ამას პრობლემად ჩავთვლით. ,,ბლატნოი” ენას ვერ ვგუობ შინაგანად, ამიტომაც მუდმივ ხმარებაში არა მაქვს, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ სიტუაციაში და წრეში ვიყენებ. ადრე, ვინმე არასასურველ პიროვნებას რომ არ გაეგო ლაპარაკის შინაარსი ერთი მასტის კაცებს შორის, იმიტომაც базарили на блатной манер, დღეს კი მესამე კლასელი ბავშვი ისე შეიძლება ალაპარაკდეს, ,,სხოდკაზე”… მოკლედ, ამ ენამ უკვე ფოლკლორში გადაინაცვლა, გარკვეულწილად აზრი დაკარგა, ჩვევა დარჩა მხოლოდ. ხშირად მიკამათია მეგობრულად ამ თემაზე დიდ პანკრატიჩთან, ის გაცხარდებოდა, გაცხარდებოდა, მერე კი ან დუმდებოდა, ან თავისთვის ბუტბუტებდა რაღაცას ნაწყენი ბავშვივით. მე კი ჩემსაზე ვიდექი და ეხლაც აქ ვდგავარ. ასე რომ არ იყოს, ვიტყოდი: ,,ვქიმარობ ჩვეულ პოზაში და თავზე რკინა მადევს თქო”. თუმცა მეც კი ჩამომვარდება ხოლმე ,,ბლატნოი” სიტყვა ისე, როგორც გადაკეტილ ონკანს წყლის წვეთი, ეხლა მაინც ასე ვიტყვი: ,,ვწევარ ჩემთვის და თავზე უზარმაზარი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰის” ლულა მაქვს მობჯენილი.” უკვე ზუსტად ერთი წუთია. შინაგანი საათი არასდროს მატყუებს. ამ სიტუაციამ ორი კითხვა შეიძლება დაბადოს. პირველი: როგორ ჩამოვაყალიბე საკმაოდ ვრცელი შინაგანი მონოლოგი ზუსტად ერთ წუთში? და მეორე: რატომ დუმს ,,ჰეკლერ კოჰი”? პასუხები ძლიერ მარტივია. აი მაგალითად, როცა ვიღაც დეგენერატი რაიმე ამბავს გიყვება, რომელიც სულაც არ გაინტერესებს, დრო ძალზედ ნელა გადის, წამი საუკუნედ გეჩვენება. არასასიამოვნო სიტუაციაში ხარ და იმიტომ. ეხლაც არასასიამოვნო სიტუაციაა და დროც აქედან გამომდინარე ისე ზლაზვნით გადის, რომ გაწელილი შინაგანი მონოლოგი კი არა, შეიძლება ტოლსტოის ,,ომი და მშვიდობა” გავიარო გონებაში… ეხლა რაც შეეხება ,,ჰეკლერ კოჰის” დუმილს: მსროლელი არ არის მისი პატრონი, кишка тонка. არ ვინძრევი, ცალი თვალის კუთხით ვათვალიერებ ,,სტუმარს”, უფრო სწორად, იმ ტერიტორიის ბატონ-პატრონს, სადაც ვიმყოფები. ,,ვიკროიკაზე” ეტყობა რო ,,ლოხია” მხოლოდ ქორწილებში ისვრის, ისიც გარკვეულ კონდიციამდე მისული, მაგრამ чем черт не шутит, სიკვდილი ჩემს გეგმებში არ შედის არანაირად, ტყვიამაც ქურდი და არიფი არ იცის, ამიტომაც უნდა ვიტექნიკურო და ჩემი ,,ჩორნი ხოდიდან” გავიდე, საღი და საღსალამათი.
,,ეგ ინსტრუმენტი ნაღდია?” აუღელვებლად ვეკითხები ,,სტუმარს”.
ვატყობ რომ ჩემი წყნარი ტონი აბნევს, მოუსვენრად ტოკვას იწყებს. კრიტიკული მომენტია.
,,ჩემთან რა პრეტენზია შეიძლება გქონდეს მეგობარო? ცხოვრებისეულ გაუგებრობაში მოხვედრილი ერთი პატარა კაცი ვარ, ამიტომ მოდი, სწორად შეაფასე სიტუაცია და ვინც დასასჯელი გყავს, ის დასაჯე…” იგივე ტონალობაში ვაგრძელებ და მეტი დამაჯერებლობისათვის სახის იდიოტურ გამომეტყველებას ვღებულობ. მცირე ყოყმანის შემდეგ ,,ჰეკლერ კოჰის” ლულა ნინკას შუბლისკენ ინაცვლებს. მეც ეს მინდოდა, სულ რაღაც ერთი წამის მოგება…
ნინკა ჩემს გვერდით წევს, უფრო სწორად, უკვე წამომჯდარა. თხელი პლედით იფარავს სიშიშვლეს და თითქოს ყინვისგან, ისე თრთის და კანკალებს. სახე და მზერა შიშისგან გაქვავებია. უმშვენიერეს სახეს ვხედავ, მხოლოდ და მხოლოდ თვითგადარჩენის ცხოველი შუქ-ჩრდილით მოფენილს, ყოველგვარი ხელოვნურისგან თავისუფალს. შიშშია მხოლოდ ბუნებრივი, ნაღდი, გაუყალბებელი სილამაზე და თუ გნებავთ გრანდიოზულობაც, ისეთი, როგორც რენატო გუტუზოს თითქოს ხელის ერთი მოსმით შესრულებულ ,,ეტნადან გაქცევაზეა” ასახული. ერთ დიდ ტილოზე ობობას ქსელის ძაფებად ჩახლართულ შიშში გამომწყვდეული შიშველი და ნახევრადშიშველი ქალები, ყალყზე შემდგარი პირუტყვი, შეძრწუნებული მამაკაცები, და ეს ყოველივე თითქოს უხილავ, მაგრამ მკაფიოდ ხაზგასმულ, ვულკანურ ფერფლს მიღმა დანახულ უიმედობაში ხორცშესხმული, ამავდროულად აბსტრაქტული, ჩაუწვდომელი… ვგიჟდები ნინკაზე…
ვიცი, არც ამ შემთხვევაშია ,,სტუმარი” მსროლელი. ფუმფულა ,,ბელარუჩკას” შამპანურის ფუჟერივით უჭირავს ხელში იარაღი. ისე ნერვიულობს, თითიც კი არა აქვს სასხლეტზე დადებული. მე კი ამასობაში გამოვაყოფინე ჩემს ,,ტულსკი ტოკარევს” გაქექილი ლულა ბალიშის ქვეშიდან და იქვე მდგარს ზედ ,,მამაკაცურ ღირსებაზე” მივაბჯინე. ელდა ეცა. იმ ზემოთ ხსენებული წამის მოგებაც ამ ოპერაციის ჩასატარებლად მინდოდა. ,,პარადი” უკვე მე მიმყავს…
,,ეხლა ეგ სათამაშო აუჩქარებლად დადე იატაკზე და პირით კედლისკენ შებრუნდი, თორე ან მომენტალურად ,,ქსივას” წაიღებ საიქიოში ან დღისით-მზისით, პროჟექტორით დაუწყებ ძებნას მაგ შენ ინსტრუმენტს და ვერ იპოვი…”.
კვლავ წყნარად ვეუბნები. ხუთიანზე ასრულებს ჩემს რჩევას. ნინკასკენ მივიხედე. მართალია დაძაბულობის მცირე დოზა მოეხსნა, სამაგიეროდ არ ვიცი დონმა თუ ვოლგამ გადმოხეთქა მისი უძირო თვალებიდან. ჩანჩქერებივით მოსდის ცრემლები. თეთრეულს ასველებს. ეხლა კარგია ტირილი ნინკასთვის, разрядка, ასე ვთქვათ.
,,კარგი, დაწყნარდი, თორე მეზობლებს ჩაუვათ შენი ცრემლი ქვედა სართულზე”, ვეუბნები, იქვე სკამზე მიგდებულ ცხვირსახოცს ვაწვდი და ელვის სისწრაფით ვიცმევ.
,,ჰო, ნინკა, შენკენ რო გადმოვამისამართე ერთი წამით იარაღი, საქმეს ჭირდებოდა, ხო ხვდები?”, თავს მიქნევს და უკვე ხმამაღლა ქვითინებს. ის კი სახით კედლისკენ დგას ისე, როგორც დავარიგე და არ ინძრევა, მხოლოდ ოდნავ ცახცახებს. მივუახლოვდი და ვეუბნები: ,,წამო სადმე დავჯდეთ, ეს ამბავი გავიაროთ, ჩვენ-ჩვენი გრძნობები დავალაგოთ”. საძინებლიდან სამზარეულოსკენ გამიძღვა მორჩილად. მთელს ბინაში რბილი იატაკია დაგებული, წუხელ ვერ შევამჩნიე, არც მეცალა ამისთვის, იმიტომაც ვერ გავიგე როგორ წამომეპარა. სასაცილოა ,,რბილი იატაკი”… სხვა მასტის კაცი რო ყოფილიყო?… უკვე მორგში ვიქნებოდი век воли не видать… პიროვნების დადგენაო, გაკვეთაო, ბალისტიკური ექსპერტიზაო, შეიძლება პრაქტიკანტებიც… მერე ,,საერთოდან” მოჭრილი ფულით დასაფლავება, ყვავილები, დეპეშები, ,,ასაბნიაკური” ქელეხი, ჩემი მკვლელის დასჯასთან დაკავშირებული ,,ბაზარი”… არა, მადლობა ღმერთს ეს სცენარი თავიდან რო ამაცილა… ,,პატივცემულო, თქვენი სახელი? ” ვეკითხები ჩემს წინ მიმავალს. ,,გელა”, ჩუმად მპასუხობს. უკვე ლამის მიყვარს გელა, იმიტომ რომ სროლა არ შეუძლია და საერთოდ დამყოლი და თვინიერი ტიპია, ,,საჩუქარია” ერთი სიტყვით.
პატარა მაგიდას მივუსხედით. ვდუმვართ. ბუნებრივია გელა ნერვიულობს. უკვე მოკიდებულ სიგარეტს კვლავ და კვლავ უკიდებს, მოკლედ ძალზე არაადექვატურ მოძრაობებს აკეთებს, მერე დგება, ბარიდან ვისკი გამოაქვს. დოპინგი ჭირდება. მეც არ მაწყენს, მაგარი ნაბახუსევი ვარ. ჩამოყარა ჭიქებში. უხმოდ დავლიეთ. სხეულში ჩაღვრილმა სითბომ და პირველმა გაჟრჟოლებამ რომ გადამიარა, თვალი თვალში გავუყარე და ვეუბნები:
,,მე და ნინკას ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი… ფაქტიურად უხსოვარი დროიდან… მერე მე ხანგრძლივ მივლინებაში გამიშვეს…”.
მაშინ, წლების წინ, ზემოთხსენებული გაყინული გვირაბიდან ,,ვახტა რო მოვხიე” და ნარ-ეკლით მოფენილი გზებითა და ბილიკებით თბილისისკენ დავიძარი, საბჭოთა კავშირი ინგრეოდა უკვე. ნანგრევებში არ მოვყოლილვარ განგების წყალობით და დანიშნულების ადგილს ,,პრავადნიცას” შეყვარებული მზერის თანხლებით საღსალამათმა, მაგრამ ძლიერ გატანჯულ-ნაწვალებმა მივაღწიე. იქიდან წამოყოლილი დაძაბულობაც მომეხსნა გარკვეულწილად, იმიტომ რომ ჩემთვის არავის ეცალა იმ გლობალური ცვლილებების ფონზე. თავის ურთიერთობებს არკვევდნენ იქ, ,,ზედა ეშელონებში”, მე კი უკვე თბილისში უნდა დამელაგებინა ჩემი საქმეები. მაგრამ იმხანად ჩემს გეგმებს ხორცშესხმა არ ეწერათ. საშინელი ,,ბესპრედელი” დამხვდა ქალაქში. გაცლა ვამჯობინე. ავიკარი გუდა-ნაბადი და მთაში წავედი ძველ ,,კორეშებთან”. პირდაპირ ცხვარში, от греха подальше. ბუნებას შევესისხლხორცე, ასე ვთქვათ. დიდხანს მომიწია იქ ყოფნა. არავის ეგონოს, რომ იქ სიმშვიდე და სრული ჰარმონია სუფევდეს, ისეთი, ძველ, დროისაგან გახუნებულ გობელენებში როა ჩაქსოვილი, სადაც ფეხშიშველი, უზარმაზარი მუხის ქვეშ წამოწოლილი მწყემსი ბიჭუნა სალამურის ჰანგებით ნუსხავს და მართავს მწვანე ბექობზე შეფენილ საქონელს. არა, მთაში უმკაცრესი კანონები და ურთიერთობებია. განუწყვეტელი ბრძოლა და ჭიდილი. და მაინც ქალაქურ, ,,კალაშნიკოვურ ბესპრედელთან” შედარებით სრული სამოთხეა. სამოთხეა ტვირთისაგან ზურგჩაზნექილი ცხენებით სასიკვდილო უღელტეხილების გადალახვა, აქაფებულ, გაცოფებულ მდინარეებზე გადასვლა, წყალწაღებული ცხვარ-ბატკნის გულისწამღები ხავილი, ფარის ქოფაკების მიერ ერთი-მეორის უმოწყალოდ გლეჯა, ხოლო შედარებით სიმშვიდის პერიოდში გაუვალი ნისლით გარშემორტყმული კოცონის გარშემო გაუთავებელი ღრეობები, ჟიპიტაურის სმა და მერე ერთმანეთთან ურთიერთობების გარკვევა კომბლებითა და ხანჯლის ყუებით. და მერე ისევ იგივე…
თითქოს ერთ წრეზე ტრიალებს ყოველივე, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ცოდვილი დედამიწა. რას იზამ, ასეა… მერე ბარიდან ინფორმაცია მივიღე, ყველაფერი თითქმის დალაგდა და ხვალ-ზეგ ისევ ჩვენი ,,პალაჟენია” დადგებაო. მეც ავიღე და მაგრად ჩამოვართვი ხელი ყველას, მურას თავზე მოვუალერსე და ჩამოვქალაქდი.
გაზაფხულის საუცხოო დღეა. თბილა და მზე ეალერსება ყოველივეს. ქუჩაზე მოვსეირნობ, ისე, უმიზნოდ. წუხანდელი ნაწვიმარია. ასფალტზე დამდგარ ტლაპოებს ხეთა მტვრის სალათისფერი ლიბრი გადაჰკვრიათ და განუმეორებელ სურნელს აფრქვევენ. ნინკა შემხვდა. შემთხვევით. ზუსტად ისე, ათიანზე ტუზს რო იყიდი… არა, მაინც რა არის ეს გაზაფხული, что за дева или диво, თავის ხიბლს არ გაკმარებს и вдобавок ნინკას შეგახვედრებს. მოდის ნინკა და შორიდან მიღიმის. სახით, სხეულით, მთელი არსებით. შოკში ვარ. უდაბნოს მირაჟი მგონია ნინკა. მეშინია ჰაერში არ აითქვიფოს და გაქრეს. რაც გავიცანი, მას მერე ერთი წუთიც კი არ მიცხოვრია მის გარეშე. მუდამ ჩემთან იყო, ჩემს წარმოსახვაში. როცა უკანასკნელად ვნახე, ვერის ბაღში იჯდა ხის სკამზე. ,,ნინკა მიყვარხარ თქო” მაშინ ვუთხარი, მერე მაგრად ვაკოცე ლოყაზე და წავედი, გავექეცი… უკან რომ მოვიხედე რატომღაც, თვალდახუჭული იჯდა, სახე უბრწყინავდა… მას მერე აღარ მინახავს. ან უბრალოდ აღარ მანახეს. вот тебе и жизнь поганка.
გულში ჩავიკარი ნინკა-მირაჟი. ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს იმ წუთს. თვალებით წავისაუბრეთ მხოლოდ. ცოტა ხნის შემდეგ კი ,,მეტროპოლში” საგანგებოდ გაწყობილ-გაფორმებულ მაგიდასთან ვისხედით. ასე მეგონა, მთელი სამყარო ჩემი იყო, и пела скрипка ласково и так нежно…
გარეგნობით ნინკა მხოლოდ ,,კუკალკა” არ არის, ,,ტიპშაა” განუმეორებელი შარმით. საკუთარ ბუნებაში ჩაბუდებულ ნაპერწკლებს სულ ტკაცა-ტკუცით აფრქვევს. ვზივარ და ვტკბები ამ ყველაფრით, თან ბებერ კონიაკს ვწრუპავ. ის კი ყოველი ჭიქის შემდეგ სულ უფრო და უფრო ლამაზდება, აუტანლად სასურველი ხდება ისედაც უსაზღვროდ დახვეწილი. პორტრეტისტი ნამდვილად არ ვარ, მისი ხიბლი ზედმიწევნით რომ აღვწერო, თუმცა სხვანაირად შემიძლია ვთქვა, ჩემებურად…
პირველ ჩრდილოურ ,,ადსიდკაზე” ვარ. бур-ში ვზივართ მე, გურგენა და რამდენიმე ,,პალაჟენეცი”. ვჩეფირობთ, თან ვბაზრობთ იქეთურს და აქეთურს. გურგენა მეუბნება მცირე პაუზის შემდეგ, თითქოს ისე, სხვათაშორის: ,,მისმინე ჯიმა, ჩვენი ძმა კი ხარ ფაქტიურად, მარა შენი კუთვნილი სახელი უნდა დეგერქვას ოფიციალურად, მოდი დევიწყოთ მაი ბაზარი, ქვეყანა ქურდები აგვყვება ამ კეთილ საქმეში, ჰოდა ჩავაყენოთ კურსში, ვინც ჩასაყენებელია ყველა, ვისაც უჭირს ახლა და ვინც სვაბოდაზეა. კაი ვესავოი მასა შევკრათ კაროჩე, შენთან კითხვა ან პრეტენზია ვინ ოხერს ექნება ჯიმა, ჩეხური ხრუსტალივით სუფთა ბიჭი ხარ, ჰოდა მოვაგვაროთ აი საქმე რაც შეილება მალე…”. არაფერი ვუპასუხე მაშინ გურგენას, ერთი კი გავიფიქრე ,,мне брат такое по плечу но, я молчу”, და გავედი бур-იდან. იმან კი მომაძახა, ,,დუმილი თანხმობის ნიშანია ჯიმა”, ჩემს აზრებს კითხულობდა ის ბებერი მგელი… ჰო, ზუსტად ეგ დღე იყო. ბარაკის სახურავზე ავძვერი, თან ერთი შუშა სპირტი წავიყოლე, რომ არ გავყინულიყავი და იქ ნინკა ვნახე. ჰო, ნატურში ის იყო… მოკუპრულ ცაზე, ჰორიზონტიდან ჰორიზონტამდე ცისარტყელას ფერებად გადადღაბნილ-დაგრაგნილი პოლარული ციალი, ,,ზაპრეტკის” იქით, ყინულით მოსარკულ-მოჭირხლულ ფიჭვნარში, მის თითოეულ წიწვში ირეკლებოდა, ბრჭყვიალებდა, ციმციმებდა, თამაშობდა, ცა და მიწა წარმოუდგენელ ფერადოვნებას აფრქვევდნენ, ყველანაირი ორიენტაცია დავკარგე მაშინ, ისიც ვიფიქრე, ხო არ ვგიჟდები თქო… ეხლაც ზუსტად ის გრძნობა მეუფლება ნინკას რომ ვუყურებ, ეხლაც იმას ვფიქრობ, ხო არ ვგიჟდები თქო. ამასობაში კი სანამ ჩემი თავი გადარეული თუ ჰალუცინაციების ტყვეობაში მყოფი მეგონა, გურგენას ჩვენი ,,სპეცფოსტა” დაძრული ქონდა უკვე. ყველა ,,კაზიონკიდან” დაბრო და ტკბილი მოკითხვები წამოვიდა, ბოლოს კი ,,მატროსსკაია ტიშინამ” ამოიღო ხმა და ნესტორას სახელით შეგვატყობინა ,,у матросов нет вопросов”-ო.
а у меня много вопросов к нинке. ყველაფერი მაინტერესებს მის შესახებ. ვსხედვართ, ერთმანეთს თვალებში შევციცინებთ, ფეხებიც გადახლართული გვაქვს უკვე მაგიდის ქვეშ. ერთხელ ქმარიც ახსენა, ისე, გაკვრით, ყოველგვარი თბილი ინტონაციის გარეშე. იმაზეც მიმანიშნა мимоходом, თურქეთშია რაღაც საქმეებზე წასულიო. ჰოდა მეც ეხლა სიყვარულს, კონიაკს და ფანტაზიას დავაბრალებ ყოველივეს. თუმცა რასაც არ უნდა დააბრალო შენი ქმედება, თავი და მიზეზი მაინც შენში დევს. ასეა მოწყობილი. так что ასე აღვმოვჩნდი ნინკას ლოგინში. მოკლედ ნინკა ,,ვისუხარე”, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მაინც ბუნებრივად, თავისთავად მოხდა. ეტყობა ბავშვობის სიყვარულმა იზეიმა მაინც.
,,არადა რამდენი დავახარჯე…”, თურმე ლაპარაკს განაგრძობს ჩაგრადუსებული გელა და კვლავ ვისკით ავსებს ჭიქებს. გულიდან ამოხეთქილმა დანანებამ ათქმევინა ეს არასაკადრისი სიტყვები. ეტყობა თავის ბიზნესის დღგ-ში ყავს ნინკა გათვალისწინებული. აი აქ ცოტა არ იყოს ვბრაზდები…
,,შენი ხარჯები დაივიწყე ბრატ, აქ მე სიყვარული ვახსენე, ეს ორი ცნება კი ერთმანეთთან არ ძმაკაცობენ. და საერთოდ, მოდი ერთი, ცოცხალ ადამიანსაც მოუსმინოთ, მისი აზრიც გავიგოთ, მერე დარწმუნებული ვარ უფრო ეკონომიურად იცხოვრებ. ვაა, მივლინებაში ვერ წასულხარ კაცი, სიყვარული რო არ მოგპარონ…” ფეხზე ვდგები, თან გელას ვაკვირდები. ტიპიური, ,,ზალატნიკში” გახვეული არამზადაა. ელ კოიოტი. სხვა ,,იარლიკს” არც დავადებ და არც მაინტერესებს. უტყვად მიქნევს თავს ნინკა. მყისიერად გადაწყდა ყველაფერი.
,,ნინკა, შენი ნივთები ჩაალაგე”, ვეუბნები.
,,აქ ჩემი არაფერია ორალური კონტრაცეპტივის გარდა”, აკანკალებული ხმით მპასუხობს
სადარბაზოს კართან გელამ შემაჩერა გაუბედავად და ხელში დიდი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰი” მომაჩეჩა: ,,შენი იყოს, ჩემთვის უსარგებლო ნივთი ყოფილაო”.
ასე, ,,ღმერთის კრიშით” ,,ვისუხარე” ნინკა. სიგიჟემდე მიყვარს, თან ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს კოკისპირულ წვიმაში მოხვედრილ კნუტს გადავეყარე. გალუმპულს, სიცივისგან აკანკალებულს და ეხლა გასაშრობად და გასათბობად მიმყავს. ნინკა უკვე ჩემთან არის, ეს ფაქტია და როგორც ჩვენში იტყვიან ,,ფაქტი ტირის”, მოვიხედე და მართლა ტირის…
ერთ პატარა ბინაში ვცხოვრობთ, სადღაც ,,მოტეხილში”. მე ჩემს ,,საქმეებზე” დავდივარ, ორ კაპიკს ვშოულობ. ის ორი კაპიკიც წესისამებრ რამდენიმე ნაწილად ,,ტყდება” და თავის მიმართულებები ეძლევა, მე და ნინკას კი ძეხვი, შავი პური და მხურვალე სიყვარული. მაგრამ გუმანით ვგრძნობ, რომ ნინკა ასეთი ცხოვრებისთვის არ არის გაჩენილი. ჰოდა მეც ვცდილობ რაღაც შევცვალო, სხვა სახე მივცე მის ყოფას, მისთვის ბევრად სრულყოფილი. ამას დრო უნდა, ის კი ელვის სისწრაფით მიფრინავს. თანაც ლამაზ ქალთან რომ ცხოვრობ სიყვარულსა და განცხრომაში, საათი წამში გადის, თვე საათში, ზემოთხსენებული არასასიამოვნო სიტუაციისგან განსხვავებით. ასე რომ, ჩემი და ნინკას თანაცხოვრების ერთმა თვემ საათში გაიელვა, ზუსტად თაფლობის ერთ საათში…ქუთაისიდან ჩამოვედი, после трехдневной отлучки. ბინის კარს ვაღებ დაღლილი, ნაბახუსევი ორი ,,სუტკა” ენა არ გამიჩერებია, ბოლოს ყველას და ყველაფერს თავის სახელი დავარქვი, იმ ყველამაც თავისი მიიღო თუ დათმო…
ჰოდა შემოვედი საკუთარ სახლში დილაადრიან და ეგრევე საძინებელს მივაშურე.
,,время прокукует и в последний раз
нинку поцелую пулей между глаз…”
ეს მოტივი გარიჟრაჟიდან ამეკვიატა. ალბათ რესტორნიდან წამომყვა. თუმცა არც ჩემ ავაზაკურ ინტუიციას გამოვრიცხავ. ეხლა კი ვდგავარ საკუთარ საწოლთან და ნინკას შუბლზე ჩემი ,,ტულსკი ტოკარევი” მაქვს მიბჯენილი. ის კი ისევ ისეთი, განსაკუთრებულად ლამაზია, ადრე რომ ვახსენე, არა, კიდევ უფრო ლამაზი, იმიტომ რომ იცის, მსროლელი ვარ. ისევ ისე წამომჯდარა საწოლზე, სიშიშვლეს საბნით იფარავს, ნიკაპამდე აქვს აქაჩული და თრთის. გვერდით ვიღაც ტიპი უწევს, სახის იდიოტური გამომეტყველებით, წამწამებს ხშირ/ხშირად აფახუნებს და არ იცის იყვიროს, იტიროს, რაღაც ზებუნებრივი ძალების საშუალებით აქედან აორთქლდეს თუ საერთოდ რა ქნას. вот тебе и судьба, а против нее канать не дозволено бог не простит. ესეც რომ არ იყოს, არავის მოვთხოვ პასუხს იმაზე რაც თავად გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ქოთანს საიდანაც მინდა იქედან მივაბამ ყურს…
სიცილი ამიტყდა. ალბათ სიმწრის. ნინკამ კი უკვე გამზადებულ ცრემლს მისცა გზა. ,,ტოკარევი” ქამარში გავირჭე და სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან ჩაყინული ხაში გამოვიღე და ცეცხლზე შემოვდგი. მერე ჭაჭის არყით სავსე ბოთლი შევანჯღრიე, დავაკვირდი, ისეთი ,,ჯაჭვი” გაიკეთა, როგორც იტყვიან, ნავს დააბამდა.
,,აქეთ მოჩოჩდით ორივე”, გავძახე საძინებლისკენ. წუთში მოჩოჩდნენ.
,,რა გქვია პატივცემულო? ” ვეკითხები.
,,გელა”, ძლივს ამოღერღა.
ისევ ეს საკრალური ,,გელა”, ყრმობიდან და დღემდე! ეტყობა ჩემი ბედ-იღბლის ,,კლიჩკაა”.
,,ფომკას დაგიძახებ ჯიგარო. ჩემი მიზეზი მაქ საამისოდ, ეხლა წინ დამიჯექი, ხაში ვჭამოთ. შენ კი თავზე წეიკარი და ნიორი დანაყე. ,,წეიკარი” ქუთაისიდან წამომყვა ასდოლარიანებით გატენილ სპორტულ ჩანთასთან ერთად.
ნინკამ თავზე რაღაც თხელი თავსაბურავი წაიკრა და ნივრის ნაყვას შეუდგა. ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი.
,,ეს ას-ასი ჩოუფინოთ სანამ ხაში მოგვისწრებს”, ვეუბნები ფომკას.
ერთმა ჭიქა ბომბივით არაყმა ეგრევე გაჭრა ,,კაზანოვაზე”. ალაპარაკდა, გაბლატავდა. ერთი სიტყვით ,,ტანკშია” უკვე. ფაქტია, არ მიცნობს.
,,ცოლი თუ გყავს პატივცემულო?”, ბრძნულ აზრებს ვაწყვეტინებ მოულოდნელად.
,,არა, უცოლო ვარ ”, მპასუხობს და მაგრად ჩახარშულ ფაშვს ლოღნის.
,,ჰოდა გილოცავ გაბედნიერებას”, ღიმილით ვეუბნები.
ნინკა მოცელილივით ეშვება სკამზე, იმას ეტყობა ფაშვი გაეჩხირა ყელში, ხველა უტყდება. მე კი მობილურს ვიღებ ჯიბიდან.
,,მოგესალმები მამა ტრიფონ, დიახ მე გახლავარ, არა, მივლინებიდან ამ დილას დავბრუნდი… თქვენ?… მიხარია. ერთი თხოვნა მაქვს, ჩემს მეგობრებს უნდათ ჯვრისწერა დღეს… ნაშუადღევს? ერთ წუთს არ დააგვიანებენ, გმადლობ, ღმერთი გვფარავდეს”.
ახალშექმნილი ოჯახი პირდაბჩენილი შემომცქერის, მე კი ხრტილებს ვტკვირავ და თითქოს ისე, უმისამართოდ ვამბობ:
,,სამ საათზე ანჩისხატთან დაერჭეთ, საქორწილო ბეჭდებს და მეჯვარეებს თავს მოაბამთ მანამდე, მერე სადმე, კარგ რესტორანში აღნიშნეთ ეს უაღრესად იღბლიანი დღე”, გაბადრული სახით შემომციცინებს ფომკა ბაჯაღლო ოქროს მსხვილი ჯაჭვით და ისეთივე სამაჯურით დაბმული…
,,მორჩა, კოოპერატივი დაკეტილია, წადით ახლა და დამტიეთ მარტო”, ფარცხანაყანების ,,გოვორიდან” ვერა და ვერ გამოვდივარ.
ჰოდა ადგნენ და დამტიეს მარტო. წასვლის წინ კი ფომკამ ნინკას გადაულაპარაკა, შენი ნივთები ჩაალაგეო, ნინკამ უკვე ტრადიციულად უპასუხა, აქ ჩემი არაფერია ორალური კონტრაცეპტივის გარდაო. ჯიგარია, სულ პირველ ჩვენებას აწვება.
სადარბაზოს კართან შევაყოვნე წამით ორივე. ნინკას ის მძიმე სპორტული ჩანთა მივეცი, დასავლური მწვანილია, გიყვარს და შენი იყოს თქო ვუთხარი. ,,სიძეს” კი დიდი, მონიკელებული ,,ჰეკლერ კოჰი” ჩავუდე ხელში.
,,ეს საქორწილო საჩუქარია, რა იცი, სად და როდის გამოგადგება”, ვუთხარი და ნინკას ჩავხედე თვალებში. ცალ თვალში ,,ისი პარის” მაღაზიები, ,,დიორი”, ,,შანელი”, ბრილიანტები, მეორეში კი სევდა, ნაღველი და ცრემლის პატარა კურცხალი უბრწყინავდა… ერთგვარი ორგვაროვნებაა არა?
მე კი მარტო დავრჩი. თუმცა რატომ მარტო? ის ხომ მყავს? მართალია არ ვიცი სად არის, მაგრამ არა უშავს, ვიპოვი, დავიჭერ… ბოლოს და ბოლოს ,,კილკას” იჭერენ წყნარ ოკეანეში და ერთი პატიოსანი ,,პრავადნიცა” რა გახდა…მოსამართლე – ,,თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან რატომ გაიქეცით?”
განსასჯელი – “დაქორწინება მინდოდა…”
მოსამართლე – ,,ჰოო… საკმაოდ უცნაური წარმოდგენა გქონიათ თავისუფლებაზე”.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“