-
-
გიგი სულაკაური – ორი მოთხრობა
-
ნიკა ჯორჯანელი – იმ დღეთა ხსოვნას: აფხაზეთი
-
ანდრო ბუაჩიძე
ოსტატობის გაკვეთილები
მხატვრული თარგმანის მასტერკლასი. პროექტის ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი. პროექტის ასისტენტი ნიკა ჯორჯანელი. რედაქტორი ანა ჭამაშვილი. თბ. ”დიოგენე”, 2007.
“მხატვრული თარგმანის მასტერკლასი”! წიგნის ამგვარმა სათაურმა აღმაფრთოვანა. ასეთი წიგნი ხომ ჩვენში ადრე არასდროს გამოცემულა. არადა, სადღეისოდ ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს! აკი ჩვენს ეპოქას თარგმანის საუკუნე უწოდეს. კულტურათა ღიაობა და დილთაისა თუ გადამერისეული ჰერმენევტიკის საკითხები უშუალოდ მხატვრული ლიტერატურის თარგმნას უკავშირდება. მახსენდება თარგმანის პრობლემებზე წაკითხული წიგნები. უმეტესი მათგანი ზოგადთეორიული ხასიათის იყო, ამიტომაც ბევრი არაფერი დამამახსოვრდა. ზოგადი საუბარი ამ თემაზე არცთუ ისე შთამბეჭდავია, კონკრეტული მაგალითები და ავტორისეული გამოცდილება კი ცხოველ ინტერესს ბადებს. მასტერკლასის ხელმძღვანელი და ავტორი, შესანიშნავი მთარგმნელი ვახუშტი კოტეტიშვილი წინამდებარე წიგნის ფურცლებზე წერს: “აკადემიური კურსი მოიცავს თარგმანის ზოგად თეორიულ საკითხებს, რაც საერთოა ნებისმიერი ენიდან ნებისმიერი ტექსტის თარგმნის პროცესში. მასტერკლასი კი გულისხმობს პირადად ჩემს პროფესიულ გამოცდილებას, ჩემს მრწამსსა და ხატოვანი სისტემის ჩემეულ გააზრებას”.
ამგვარივე პირადი გამოცდილება ჩააქსოვა თავის წიგნში, “მაღალი ხელოვნება” ბრწყინვალე კორნეი ჩუკოვსკიმ! ამიტომაც არის ეს წიგნი უფრო საინტერესო და შთამბეჭდავი, ვიდრე, ვთქვათ, ცნობილი თეორეტიკოსის, ირჟი ლევის გამოკვლევები თარგმანის პრობლემებზე.
რაც შეეხება უშუალოდ ჩვენი განხილვის საგანს ანუ მასტერკლასს, რომელსაც უძღვება ვახუშტი კოტეტიშვილი, უნდა ითქვას, რომ ესეც, ჩუკოვსკისა არ იყოს, უიშვიათესი და ბედნიერი შემთხვევაა. თარგმანებს წამძღვარებული კოტეტიშვილისეული წინათქმა ერთი ვრცელი გამოკვლევის ტოლფასია, ვინაიდან აქ თავმოყრილია პოეზიის და, საერთოდ, მხატვრული თარგმანის ის უარსებითესი მომენტები, რომელსაც მთარგმნელი გადაწყდომია თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის მანძილზე. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ვახუშტი კოტეტიშვილი არა მხოლოდ კონკრეტული ტექსტის შემთხვევებზე გვესაუბრება (გავიხსენოთ ბროდსკის ქართულ ვარიანტში გამოყენებული სიტყვა “უნებრივი”), არამედ ზოგადთეორიულ საკითხებსაც თავისი გამოცდილების კვალად წამოჭრის. აი, ვთქვათ, ასეთი თავი: “თარგმანი და ზნეობა”, სადაც ავტორი წერს: “მთარგმნელს ნიჭის გარდა, კიდევ ერთი რამ უნდა ჰქონდეს აუცილებლად: სინდის-ნამუსი. მე არ ვხუმრობ. მთარგმნელობა დიდ ზნეობრივ სიმაღლეს მოითხოვს”.
ყოველივე ისე მარტივად და ნათლად არის ნათქვამი, კაცი იფიქრებს, ამას თქმა რად უნდა, ეს ხომ მეც ვიციო. არადა, მთარგმნელმა, უპირველეს ყოვლისა, მართლაც საკუთარი შესაძლებლობები უნდა აწონ-დაწონოს. დიდ მწერალთა თარგმნა რჩეულთა ხვედრია: “რუსთაველისა თუ ფირდოუსის, პუშკინისა თუ ელიოტის ვაი-მთარგმნელს რატომ უნდა შერჩეს “ხახვივით” დიდ ხელოვანთა ნააზრევის გაუფასურება და გაყალბება?!”
სხვათა შორის, ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ჩვენში მხატვრული თუ სამეცნიერო თარგმანის კრიტიკა თითქმის არ არსებობს, და თუ არსებობს, მხოლოდ “მსუბუქი ჟანრისა” – დაიწყებს ერთი ლიტერატორი მეორე ლიტერატორის თარგმანში შეცდომის ძებნას და თუ ოდნავ შორდება ესა თუ ის თარგმნილი სიტყვა დედნისეულ ვარიანტს, ატეხს ერთ ამბავს, ეს რა საშინელი ამბავი მომხდარაო. ასეთი რამ კი ყველას შეიძლება დაემართოს!
თუმცაღა, არსებობს სერიოზული შეცდომებიც. და იმისათვის, რომ ამგვარი შეცდომები თავიდან ავირიდოთ, არ უნდა მივენდოთ მხოლოდ საკუთარ ცოდნას და ასოციაციებს, საჭიროა ლექსიკონში ჩახედვა. ამას ურჩევს მასტერკლასის მონაწილე ახალგაზრდა მთარგმნელებს ვახუშტი კოტეტიშვილი წინათქმის ერთ-ერთ თავში “მთარგმნელის ცრუ მეგობრები”.
წინამდებარე წიგნს წამძღვარებული ვახუშტი კოტეტიშვილისეული წინათქმა “საუბრები მთარგმნელობით ხელოვნებაზე” არა მხოლოდ ახალგაზრდა მთარგმნელებს, არამედ ყველა ლიტერატორს გამოადგება, ვინაიდან აქ ჩატეულია არა მხოლოდ მთარგმნელის, არამედ მკვლევარის მაღალპროფესიული გამოცდილებაც. ამაში იოლად დავრწმუნდებით, თუკი გულდასმით წავიკითხავთ თავებს: “რითმის წარმოშობა და მისი განვითარების გზები” ან “სემანტიკური შესაბამისობანი”.
არ შეიძლება ორიოდ სიტყვა არ ითქვას წიგნის მეორე ნაწილზე, სადაც მასტერკლასის “პრაქტიკული ნაღვაწია” წარმოდგენილი. ეს ნაწილი იხსნება მარინა ცვეტაევას ვახუშტი კოტეტიშვილისეული თარგმანებით. არცთუ ისე დიდი ხანია, რაც ვიხილეთ ამავე მთარგმნელის ცალკე წიგნად გამოცემული “ვერცხლის საუკუნის” პოეტების ლექსები. იქ იყო ცვეტაევას რამდენიმე მცირე ლექსი. მათ რიცხვს მიემატა ამ ახალ კრებულში წარმოდგენილი ლექსებიც და ჩვენთვის ცხადი შეიქნა, თურმე ცვეტაევას თარგმნა შესაძლებელი ყოფილა, თუკი ამ საქმეს ნამდვილი ოსტატი მოჰკიდებს ხელს.
მასტერკლასის ახალგაზრდა მონაწილეების სია საკმაოდ ვრცელია. შთამბეჭდავია მათი არჩევანი: ანა ახმატოვას, ეზრა პაუნდის, ფრიდრიხ ჰოლდერლინის, უილიამ ბლეიკის, ჯიბრან ხალილ ჯიბრანის, არნო ჰოლცის, ფრანც კაფკას, იუსუფ იდრისის ნაწარმოებები.
მთარგმნელთა უმრავლესობა კარგად ფლობს სალექსო ტექნიკას, სწორად სვამს ლირიკულ აქცენტებს, ფეხდაფეხ მიჰყვება დედანს, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არსებობს ემოციური მხურვალებაც, რომელიც მთარგმნელმა თვითონვე უნდა ჩადოს თარგმანში. ეს კი უკვე სამომავლოდ თუ მიიღწევა.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიჰ ჰეგელი
ნაწყვეტები 1818 წლის 22 ოქტომბერს, ბერლინში წაკითხული ლექციიდან
ჩემო ბატონებო!
რადგან მე დღეს პირველად გამოვდივარ აქაურ უნივერსიტეტში ფილოსოფიის მასწავლებლის თანამდებობაზე, რომელზეც მისი უდიდებულესობის მეფის წყალობამ მომიწვია, ნება მომეცით, ჩემს ლექციებს წინ წარვუმძღვარო ეს წინასიტყვაობა, რომ ჩემთვის განსაკუთრებით სასურველად და სასიხარულოდ მიმაჩნია უფრო აკადემიური მოღვაწეობის ასპარეზზე გამოსვლა სწორედ ამ მომენტში და სწორედ ამ ადგილას. რაც შეეხება მომენტს, როგორც ჩანს, უკვე შეიქმნა ის პირობები, რომლებიც ფილოსოფიას ნებას აძლევენ კვლავ ყურადღებასა და სიყვარულს მოელოდეს, როდესაც ეს თითქმის დამუნჯებული მეცნიერება კვლავ შეძლებს ხმა აიმაღლოს. ვინაიდან ამ მოკლე ხნის წინ, ერთი მხრივ, მძიმე და გაჭირვებული ხანა, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების წვრილმან ინტერესებს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა, მეორე მხრივ, სინამდვილის მაღალი ინტერესები, ინტერესი და ბრძოლა უპირველეს ყოვლისა, ხალხის ცხოვრებისა და სახელმწიფოს პოლიტიკური მთლიანობის აღსადგენად და გადასარჩენად, გონის ყოველ შესაძლებლობასა და ყველა წოდების ძალებს, ასევე გარეგან საშუალებებსაც იმდენად შთანთქავდა, რომ გონის შინაგან ცხოვრებას არ შეეძლო სიმშვიდე და მოსვენება მოეპოვებინა. მსოფლიო გონს, რომლის ყურადღება მთლად სინამდვილითა და გარეგანი ამბებით იყო გატაცებული, ხელი ეშლებოდა თავის თავისთვის, თავისი შინაგანი ცხოვრებისათვის მიემართნა და თავის ნამდვილ სამშობლოში თავისი თავით დამტკბარიყო. მაგრამ ახლა, მას შემდეგ, რაც სინამდვილის ეს ნიაღვარი შეწყდა და გერმანელმა ხალხმა საერთოდ თავისი ეროვნულობა, ყოველგვარი ცოცხალი ცხოვრების საფუძველი გადაარჩინა, უკვე დადგა დრო, ნამდვილი ქვეყნის სამბრძანებლოს გვერდით, სახელმწიფოში დამოუკიდებლად გაიფურჩქნოს აზრის თავისუფალი სამეფო, და საზოგადოდ გონის ძალამ იმდენად მძლავრად იჩინა თავი, რომ აშკარად დაგვანახვა, რომ მხოლოდ იდეებსა და იდეების შესაბამს შეუძლია ახლა არსებობა შეინარჩუნოს, და რომ ყველაფერმა, რაც კი საერთოდ აღიარებას მოითხოვს, თავისი თავი შეგნებისა და აზრის წინაშე უნდა გაამართლოს.
…მაგრამ თვით გერმანიაშიც ამ მეცნიერების აღორძინებამდე წინანდელი ეპოქის უგვანობა იმდენად შორს წავიდა, რომ გამორკვეულად და დამტკიცებულად თვლიდა და გვარწმუნებდა, რომ ჭემშარიტების არავითარი შემეცნება არ არსებობსო; ღმერთი, სამყაროს და გონის არსება შეუცნობელია, მიუწვდომელიაო; რომ გონი რელიგიაზე უნდა შეჩერდესო, ხოლო რელიგია – რწმენასა, გრძნობასა და ბუნდოვან წარმოდგენაზე, გონივრული ცოდნის გარეშე. შემეცნება ვერ ეხება აბსოლუტის, ღმერთის და იმის არსებობას, რაც ბუნებასა და გონში ჭეშმარიტი და აბსოლუტურია, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ ეხება უარყოფითს, ე.ი. იმას, რომ ჭეშმარიტს ვერ შევიმეცნებთ, რომ მხოლოდ არაჭეშმარიტს, დროებითსა და წარმავალს აქვს უპირატესობა შემეცნებისა, – ნაწილობრივ კი შევიმეცნებთ იმას, რაც მასში უკვე იგულისხმება, გარეგანს, სახელდობრ ისტორიულს, შემთხვევით გარემოებებს, რომელთა შორის ეს მოჩვენებითი შემეცნება გამოვლინდა. სწორედ ამისთანა შემეცნებას უნდა მივუდგეთ ისტორიულად და იმ გარეგანი მხარეების მიხედვით კრიტიკულად და მეცნიერულად გამოვიკვლიოთ, რადგან მისი შინაარსიდან სერიოზული არა გამოვა რა. ამ თვალსაზრისის წარმომადგენლები ისევე შორს წავიდნენ, როგორც პილატე, რომაელი პროკონსული, რომელმაც როგორც კი გაიგონა ქრისტესაგან წარმოთქმული სიტყვა: ჭეშმარიტება, მაშინვე კითხვით უპასუხა: რა არის ჭეშმარიტება? და ეს ჰკითხა იმ აზრით, რომ მას, პილატეს ეს საკითზი ვითომც უკვე გადაწყვეტილი ჰქონდეს და იცოდეს, რომ არ არსებობს ჭეშმარიტების შემეცნება. ამრიგად ის, რაც იმთავითვე სამარცხვინო და უღირს საქმედ ითვლებოდა, – ჭეშმარიტების შემეცნებაზე უარის თქმა, – ჩვენი ეპოქის მიერ გონის უმაღლეს ტრიუმფად იქნა გამოცხადებული. თავიდან, თავისი წარმოშობის დღიდან გონების უნარის მიმართ სასოწარკვეთილებას ჯერ კიდევ თან სდევდა ერთგვარი გულისტკივილი და წუხილი, მაგრამ მალე რელიგიურმა და ზნეობრივმა თავქარიანობამ, შემდეგ კი ცოდნის ზერელობამ და უგვანობამ, რომელიც თავის თავს განმანათლებლობას უწოდებდა, პირდაპირ და აშკარად აღიარა გონების უძლურება და ქედმაღლურად მისცა სრულ დავიწყებას გონის უმაღლესი ინტერესები; ბოლოს, ეგრეთწოდებულმა კრიტიკულმა ფილოსოფიამ მარადისისა და ღვთაებრივის ამ უცოდინარობას სუფთა სინდისიც შეუქმნა, რადგან ეს ფილოსოფია გვარწმუნებს, ვითომც მან მოახერხა დამტკიცება იმისა, რომ მარადისისა და ღვთაებრივის შესახებ არაფრის ცოდნა არ შეიძლებაო…
…ეს შეხედულება ჯერ კიდევ წინამორბედი პერიოდიდან გადმოვიდა და საშინელ წინააღმდეგობაში ჩაუდგა ჯანსაღ სუფთა გრძნობას, ახალ სუბსტანციალურ გონს. ამ ახალი და ჯანსაღი გონის განთიადს მივესალმები, მოვუხმობ მას; მხოლოდ მის საქმეს ვაკეთებ, როდესაც ვამტკიცებ, რომ ფილოსოფიას შინაარსი უნდა ჰქონდეს, და როდესაც ამ შინაარსს თქვენს წინაშე განვავითარებ.
უმთავრესად მოვუხმობ ახალგაზრდობის სულს, რადგან ახალგაზრდობა სიცოცხლის ის მშვენიერი ხანაა, როდესაც ადამიანი გაჭირვებულობის შეზღუდულ მიზანთა სისტემას ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია და უნარი აქვს თავისუფალი, უანგარო მეცნიერული მოღვაწეობისა; როდესაც ასევე ჯერ კიდევ არ დაუტყვევებია იგი ამაოების უარყოფით სულს, წმინდა კრიტიკული კვლევის უშინაარსობას. ჯერ კიდევ ჯანსაღ გულს შესწევს სითამამე, ჭეშმარიტება მოითხოვოს, ხოლო ჭეშმარიტების სამეფო ის სამეფოა, რომელშიც ფილოსოფია სულდგმულობს, რომელსაც ფილოსოფია აგებს და რომლის თანამონაწილენი ჩვენ ვხდებით ფილოსოფიის შესწავლით. რაც კი ცხოვრებაში ჭეშმარიტი, დიადი და ღვთაებრივია, იდეისაგანაა; ფილოსოფიის მიზანია ამ იდეას მის ჭეშმარიტ სახესა და ზოგადობაში მისწვდეს, გონის სამეფო თავისუფლების სამეფოა. ყველაფერი, რაც კი ადამიანის ცხოვრებას აერთიანებს, რასაც კი ღირებულება და აღიარება აქვს, გონითი ბუნებისაა; ხოლო გონის ეს სამეფო მხოლოდ ჭეშმარიტებისა და სამართლის შეგნებით, იდეათა ჩაწვდომით არსებობს.
ნება მომეცით, ვისურვო და ვიმედოვნო, რომ მოვახერხებ მოვიპოვო და დავიმსახურო თქვენი ნდობა იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ დავადექით. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ნება მომეცით, თქვენგან მოვითხოვო მხოლოდ ის, რომ თან მოიტანოთ ნდობა მეცნიერებისადმი, რწმენა გონებისადმი, ნდობა და რწმენა საკუთარი თავისადმი. ჭეშმარიტების ძიების სითამამე, გონის ძლიერების რწმენა ფილოსოფიური მეცადინეობის პირველი პირობაა, ადამიანი თავის თავს პატივს უნდა სცემდეს და უმაღლესის ღირსად სთვლიდეს. გონის სიდიადე და ძლიერება ადამიანს მაინც არ შეუძლია საკმაო სიდიადით იაზროს (რაც უნდა დიდი აზრი ჰქონდეს მასზე). სამყაროს დაფარულ არსებას თავის თავში არავითარი ისეთი ძალა არ გააჩნია, რომ შესძლოს შემეცნების სითამამეს წინააღმდეგობა გაუწიოს: იგი მის წინაშე უნდა გადაიხსნას, მთელი თავისი სიმდიდრე და სიღრმე მის თვალთა წინაშე გადაშალოს და მას საშუალება მისცეს მით დატკბეს და გაიხაროს.© “არილი“
-
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიჰ ჰეგელი
-
ტონინო გუერა – დამახსოვრებული ყავა და სხვ.
-
ახალი წიგნები (თებერვალი, 2009)
“მთელის ნაწილი”
სტივ ტოლცი
“A Fraction of the Whole”
Steve Toltz
576 გვ Spiegel & Grau
2008 წლის ბუკერის პრემიის ნომინანტთა შორის არაერთი საინტერესო ახალი სახე გამოჩნდა, მათს შორისაა სტივ ტოლციც. ახალგაზრდა ავსტრალიელი მწერლის სადებიუტო რომანი ფინალისტთა სიაში მოხვდა. “მთელის ნაწილი” მამა-შვილის ცხოვრების შესახებ გვიამბობს; იასპერ დინი ახალგაზრდა, თანამედროვე სტანდარტებს მორგებული, სამართლიანი და მოწესრიგებული ნატურაა, მარინი კი – იასპერის მამა, შვილისაგან რადიკალურად განსხვავებული ხასიათის, ცხოვრების წესისა და არაორდინალური წარსულის მქონე ადამიანი. ავტორი თავისებური სტილით, ახლებური ფორმით გვიხატავს პერსონაჟებს, თხრობის ლაღი სტილი და იუმორი არ მოაწყენს მკითხველს.
“სიკვდილის დაბრკოლება”
ხოსე სარამაგო
“Death with Interruptions”
(Translated by Margaret Jull Costa)
José Saramago.
238გვ. Harcourt.
სიკვდილის ფენომენი მრავალმხრივ საინტერესოა – როგორი მიმართება აქვს მასთან სოციუმს, როდესაც მის არესბობას ახლოს, ხელის ერთ გაწვდენაზე გრძნობს, ან პირიქით – როგორ უყურებს თავად სიკვდილი ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ან ინდივიდებს მაშინ, როცა მათგან რომელიმეს არჩევაზე ფიქრობს. თემა, რომელიც არაერთი მწერლის შემოქმედების ფოკუსში მოხვედრილა, ამჯერად პორტუგალიელი ნობელიანტის, ხოსე სარამაგოს ყურადღებას იპყრობს – “სიკვდილის დაბრკოლება” მისი ახალი რომანია, წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება და მთავარი მოქმედი პირიც, არც მეტი, არც ნაკლები – სიკვდილია.
“ყაყაჩოების ზღვა”
ამიტავ გოში
“Sea of Poppies”
Amitav Ghosh
515 გვ. Farrar, Straus & Giroux
ამერიკელი მონის ვაჟი, ფრანგი ბოტანიკოსის ობოლი ქალიშვილი, ოპიუმის მწარმოებელი ინდოელი ფერმერები და ცხოვრება, რომლის შეცვლასაც ამ ცხოვრების პერონაჟები ცდილობენ – ინდოელი მწერლის, ამიტავ გოშის ახალი რომანი “ყაყაჩოების ზღვა” არსებულ მოცემულობაში ჩათრეულ ადამიანებზე გვიამბობს, მათს ყოველდღიურობას და ამ ყოველდღიურობიდან თავის დაღწევის მცდელობას აღგვიწერს. წიგნი ტრილოგია “Ibis”-ის პირველი ნაწილია და 2008 წლის ბუკერის პრემიაზე ნომინირებულ ფინალისტთა შორის მოხვდა. ამიტავ გოშს კი მკითხველი უკვე იცნობს რომანებით “The Shadow Lines”, “The Calcutta Chromosome”, “The Hungry Tide”.
“ბარდი: რობერტ ბარნსი, ბიოგრაფია”
რობერტ კოროუფორდი
“The Bard: Robert Burns, a Biography “
Robert Crawford
466გვ, Cape
თუ მეტ-ნაკლებად იცნობთ რობერტ ბარნსის ბიოგრაფიას, ალბათ ხვდებით, რომ იოლი არ უნდა იყოს მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ წერა: ძნელია, დაიცვა ზომიერება მის ლექსებზე საუბრისას, თავი აარიდო პათეტიკას, ან ცხოვრებისეული საინტერესო დეტალების რანგში პოეტის სასიყვარულო აფიორები არ წამოწიო წინ. თუმცა, რობერტ კროუფორდმა შეძლო დისტანცირება მოეხდინა შოტლანდიელების კულტურული კერპისგან, და ამით კიდევ უფრო ნათლად დაენახა მისი ადამიანური მხარეები, სისუსტეები, უკეთ გაეცნო პოეტი და თავისი შთაბეჭდილება მკითხველისთვის მიეწოდებინა. ბარნსის ბიოგრაფია მკითხველს შოტლანდიელი პოეტის არაერთ საინტერესო და საყურადღებო დეტალზე გაამახვილებინებს ყურადღებას.
“გზად გერმანიიდან გერმანიისაკენ (დღიური, 1990)”
გუინტერ გრასი
“Unterwegs von Deutschland nach Deutschland (Tagebuch, 1990)”
Günter Grass
258გვ, Steidl
ალბათ ბევრისთვის აქამდე უცნობი იყო ის ფაქტი, რომ 20 წელიწადზე მეტია, რაც გაუნტერ გრასი თავისი გამომცემლისგან მეტად უცნაურ საჩუქრებს იღებს – წიგნებს ცარიელი ფურცლებით, რომლებსაც მწერალი თავისი ყოველდღიური ჩანაწერებით ავსებს. გრასმა დღიურების წერა 1990 წელს დაიწყო, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული მოვლენების მიმართ საკუთარ თვალთახედვასა და დამოკიდებულებას სწორედ აღნიშნული ცარიელი წიგნების ფურცლებზე აყალიბებდა, და ამჯერად საშუალება მისცა მკითხველს, თავადაც გაეცნოს ნობელიანტი მწერლის ყოველდღიურ ცხოვრებას, ფიქრებსა თუ თვალსაზრისებს.
“საგანი განსაზღვრული სისწრაფით”
მარი-დომინიკ ლელივრი
“Sagan à toute allure”
Marie-Dominique Lelièvre
343გვ, Denoël
“სალამი, სევდავ!”, “გიყვართ ბრამსი?”, და კიდევ არაერთი სახელი გაგვახსენებს ფრანგ ნონკონფორმისტ, სკანდალების მოყვარულ, არაორდინალურ მწერალს, ფრანსუაზ საგანს, ეპოქის ერთ-ერთ კოლორიტულ ფიგურას, რომელიც ყოველი ჩვენგანის წარმოსახვაში სხვადასხვანაირად იხატება. ამჯერად მარი-დომინიკ ლელივრი შეეცადა, გაეცოცხლებინა მითები საგანის შესახებ, კიდევ ერთხელ გადაეხედა მისი ბიოგრაფიისათვის და ახლებურად შემოეთავაზებინა ჩვენთვის ფრანგი მწერლის შემოქმედება, მისი ცხოვრება, ურთიერთობები, ემოციები, ესა თუ ის ფაქტები. წიგნი კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ამ უცნაური ქალის მეტად საინეტერო პორტრეტს.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”
-
ახალი წიგნები (თებერვალი, 2009)
ზაზა თვარაძე, “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებირვი მოგზაურობა”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
ელი პატარა გოგონაა, თუმცა ხიფათიანი თავგადასავლებისა და ცხოვრებისეული ქარტეხილების გამოვლა მას ადრევე მოუხდა. გოგონა მარტოდმარტო გაემართა ომში დაკარგული მამის მოსაძებნად, გზაში კი ბოროტ ჯადოქრებს გადაეყარა, რომლებიც ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ ელისთვის მამის პოვნაში. თუმცა, პატარა და კეთილი გოგონას დასახმარებლად კეთილმა ჯადოქრებმაც არ დაიშურეს ძალა… “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა” სიკეთეზე, სათნოებაზე, ბოროტების სიბნელესა და უძალობაზე უამბობს ბავშვებს, პატარები ხალისით წაიკითხავენ გოგონას ზღაპრულ თავგადასავალს.
ემილი ბრონტე, “ქარიშხლიანი უღელტეხილი”. მთარგმნელი ასმათ ლეკიაშვილი, რედაქტორი გიორგი დარსალია. თბ. “არეტე” 2008.
ალბათ არც თუ ისე ბევრი ავტორი მოიძებნება მეცხრამეტე საუკუნის ლიტერატურის ისტორიაში, თავისი ერთადერთი წიგნით რომ დაემახსოვრებინა თავი მკითხველისათვის. ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანი “ქარიშხლიანი უღელტეხილი” კი თამამად ჩაეწერა ბრიტანული ლიტერატურის ყველაზე საყურადღებო ნაწარმოებთა რიგში და დღემდე არც მკითხველთა აღტაცება განელებულა მის მიმართ. რომანი სიყვარულსა და სიძულვილზე, სიკეთესა და სისასტიკეზე – ახლა უკვე ქართველ მკითხველს მშობლიურ ენაზე შეუძლია გაეცნოს “ქარიშხლიან უღელტეხილს”.
დავით ქართველიშვილი, “ახალი წიგნი”. (რომანი). თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” 2008.
როგორ იქცევიან მწერლები, როდესაც მათ საკმაოზე მეტად მსუყე თანხის საფასურად არც მეტი, არც ნაკლები, უცხო ადამიანის ავტობიოგრაფიის წერას უკვეთავენ? უძლებენ თუ არა ცდუნებას, ნებისმიერი პირობა მიიღონ დამკვეთისგან სოლიდური თანხის ნაცვლად? როგორ გადმოდიან წიგნის პერსონაჟები რეალურ ცხოვრებაში, ან პირიქით – როგორ იმკვიდრებენ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადამიანები თავს წიგნის გმირებად… დავით ქართველიშვილი მკითხველს კიდევ ერთ ახალ რომანს სთავაზობს, მწერლის უკეთ გასაცნობად კი ასევე შეგიძლიათ მისი პირველი რომანი “იყო საღამო, იყო დილა” და მოთხრობების კრებული წაიკითხოთ.
“სჯანი” (ლიტერატურულ-თეორიული ჟურნალი). რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა 2008.
ლიტერატურა ცოცხალი ორგანიზმია, შესაბამისად, მისი თეორიაც განახლებასა და თანამედროვე მიდგომებს საჭიროებს. სწორედ ამას ემსახურება ჟურნალი “სჯანი”. ლიტერატურის თეორიის პრობლემები, პოეტური პრაქტიკები, ლიტერატურათმცოდნეობის ქრესტომათია, კრიტიკული დისკურსი, თარგმანის თეორია, ფოლკლორისტიკის თანამედროვე კვლევები – ეს ის რუბრიკებია, რომლებსაც ლიტერატურის თეორიით დაინტერესებული მკითხველებისათვის სხვადასხვა ქართველი თუ უცხოელი ავტორები განავრცობენ. ჟურნალში ასევე წაიკითხავთ ახალი ქართული თუ უცხოური წიგნების მოკლე მიმოხილვას.
“თავისუფლების დღიურები 2008”. შემდგენლები მარინა ვაშაყმაძე, დავით კაკაბაძე. პრაღა-თბილისი. პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა 2009.
ისტორიას ადამიანები ქმნიან, მათი ყოველდღიურობა და ცხოვრების წესი ამა თუ იმ ეპოქის ანარეკლია. ამჯერად 2008 წლის შესახებ “რადიო თავისუფლების” პროექტის ფარგლებში 52 ადამიანის დღიურიდან შეგვექმნება საერთო წარმოდგენა. სხვადასხვა პროფესიის, სოციალური ფენისა თუ სტატუსის მქონე ადამიანები თავიანთი რამდენიმე ჩვეულებრივი დღის შესახებ გვიამბობენ. წიგნს ასევე თან ერთვის კომპაქტდისკი, რომელზეც 52-ივე დღიურის მცირე ფრაგმენტებია ჩაწერილი. ნინო ანანიაშვილი, დავით გამყრელიძე, იური მეჩეთოვი, დათო ტურაშვილი, ეკა ბესელია, გიორგი ლობჟანიძე, ლევან წულაძე, თინათინ ხიდაშელი და სხვები აგვისტოს ომამდე და ომის შემდგომ 2008 წლის თბილისზე, ქართულ ცხოვრებაზე, ყოველდღიურობაზე გვიამბობენ.
ჟან-ბატისტ დიუროზელი, “ევროპა. მისი ხალხების ისტორია”. მთარგმნელები გურანდა დათაშვილი, ქეთევან კვანტალიანი, ნინო ლეჟავა. თბ. “ჯისიაი” 2008.
რა არის ევროპა, საიდან და რატომ შეიქმნა მისი თანამეგობრობა, როგორი იყო ევროპამდელი ადამიანი და საიდან მოვიდა იგი ევროპაში – ეს და კიდევ ბევრი სხვა შეკითხვა დღესდღეობით ხშირად ჩნდება ევროპასთან, როგორც უკვე მეტად მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ კულტურულ წარმონაქმნთან, დაკავშირებით. ფრანგი ავტორის, ჟან-ბატისტ დიუროზელის, წიგნიც სწორედ ევროპასა და მის ისტორიას მიმოიხილავს. დიუროზელი დღემდე რამდენიმე ნაშრომის ავტორია, მათს შორის აღსანიშნავია “დიპლომატიის ისტორია 1919 წლიდან დღემდე”, “ევროპა 1915 წლიდან დღემდე” და “კლემანსო”.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
მამუკა დოლიძე
ბნელი და ნათელი
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბნელი ნათელს შეერია გეოფიზიკური აქტის შედეგად, ბერმუდის სამკუთხედის კუნძულზე. კუნძული იგი მატერიკთან სავაჭრო ქსელით აღმოჩნდა დაკავშირებული და გამორიცხული არაა, კოსმიური წყვდიადი ეგზოტიკას დახარბებული ბიზნესის გზით შემოიჭრა ცივილიზებულ სამყაროში. გამოძიებამ ეჭვი იმაზეც აიღო, რომ ბნელით მოცული ხომალდი გზად დააყაჩაღეს, რის გამოც კონტრაბანდით წამოღებულ წყვდიადს აგრესიაც შეემატა. აგრესია ყველაზე უკეთ დიდ ქალაქში გავრცელდა. ზამთარი ეშხში შევიდა. კომპიუტერს ვირუსი შეეყარა და გამოძიებას შიშველი ხელებით მოუწია ბნელს შეფარულ აგრესიასთან ბრძოლა. “იუსტასმა” დარეკა ოთხმოცდამეორე ქუჩიდან – “ცენტრალურ პარკში მოძებნეთ ის, ვისაც ეძებთო”. გამოძიება წითელ-ყვითელი ყმუილით იქით გაქანდა; სწორედ ამ დროს სამძებრო კანტორაში შუქი ჩაქრა და ვიდრე მოპარულ სინათლეს ჩართავდნენ, მაგიდიდან საძიებელი მასალა აორთქლდა. მოტყუებულ გამოძიებას ახლა არაფრიდან უნდა შეექმნა საქმე. რკინის ლოგიკა კი გააჩნდა, მაგრამ საწყისი მონაცემები აღარ ჰქონდა. ამიტომ გამოძიებამ კამათელი გააგორა და ალალბედზე გადადგა პირველი ნაბიჯი. შემთხვევით შერჩეულმა გზამ უმალ მოიხვეჭა უპირატესობა კვლევის სხვა შესაძლებლობათა მიმართ. ამან ძიების დანარჩენ ალბათობათა აღშფოთება გამოიწვია. საჩივარიც კი შეთხზეს არჩევნებში შემთხვევითი გზის გამარჯვების გამო, მაგრამ სასამართლომ უარყო მათი პროტესტი, რადგან გამოძიება უკვე დაადგა ბედ-იღბალზე გადაშლილ გზას. ყოველი ნაბიჯი ლოგიკურად გამომდინარეობდა წინამორბედისაგან და ცხადია კანონის კომპეტენციაში შედიოდა.
კონტრაბანდით შემოტანილ აგრესიასაც აზრი ძიების ამ გზისა და მეთოდის ძალით მიეცა. ამასობაში “იუსტასმა” მეორედ დარეკა, “78-ე ქუჩის 45-ე სართულზე სისხლი დაიღვრებაო”. ვიდრე ინფორმაციას გადაამოწმებდნენ, სისხლმა მართლაც გამოჟონა 45-ე სართულიდან. შემტვრეულ ბინაში იპოვეს მკვდარი სული, ფულით დატენილი ქისა და სამკაულებით სავსე ლარნაკი. როგორც ჩანს, მკვლელობა მომხდარა მკვლელობის გულისთვის და არა გაძარცვის მიზნით; ანუ გამოძიება შეეფეთა სისხლსმოწყურებულ, მანიაკალურ აგრესიას, დანაშაულს დანაშაულისთვის რომ ჩადიოდა და კაცისკვლას რაღაც თავისთავად ღირებულებად თვლიდა. არავითარი წინაპირობა და შემდგომი კვალი მსგავს სისასტიკეს არ გააჩნდა. არ არსებობდა მკვლელობის არანაირი მოტივი და მსხვერპლიც სრულიად შემთხვევითი შეიძლება ყოფილიყო. ქალაქის მთელ სივრცეში უსახურად განფენილი აგრესია როდის, რომელ წერტილში იფეთქებდა, ეშმაკმა უწყოდა. გამოძიება იმასაც გრძნობდა, თვითონაც მიზანში იყო ამოღებული და ამიტომ ვეღარ თამაშობდა საქმის მიმართ კვლევის სუბიექტის როლს. გაქცეულსა და მდევარს შორის ზღვარი წაიშალა, თვით მონადირეზეც ნადირობდნენ! კრიმინალურ ხელოვნებაში სუბიექტისა და ობიექტის აღრევა “იუსტასის” მესამე ზარმაც დაამოწმა: “თავდასხმა თქვენს კანტორაზე მზადდება და ცხენი შეკაზმული გყავდეთო”. არადა, სად ეშოვათ ცხენი ამ მანქანებად ქცეულ ქალაქში? გამოძიებამ იპოდრომს მიმართა, მაგრამ დირექტორი ვირზე შეჯდა: “ყველა ცხენი აღრიცხვაზეა, ერთ მონოლითურ კოლექტივს შეადგენს და ერთიც რომ დააკლდეს, ჯირითობას პეწი დაეკარგებაო”. გამოძიება იძულებული შეიქნა “იუსტასის” გაფრთხილება გადატანითი მნიშვნელობით გაეგო და ქალაქში ცხენების ძებნის ნაცვლად გაქცევის სხვა საშუალებებზე ეზრუნა. კერძოდ, გამოიძახეს ვერტმფრენი; კანტორის წინ აღაშენეს ზღუდე, ასაფრენ მოედნამდე კი გვირაბი გათხარეს; ამასობაში აგრესია უკვე შეიპარა მტრის ბანაკში და ერთ მშვენიერ დღეს სიძულვილმა გამოძიების გულში იფეთქა! ჩხუბი ატყდა არაფრის გამო. მგონი ერთმა მეორეს ჭიქაში ჩაუფერფლა, თუ პირიქით. აგორდა სიტყვა, დაიწყო შეხლა-შემოხლა. ციხე შიგნიდან ტყდებაო და მილეწ-მოლეწეს კანტორის კედლები, მოარღვიეს ზღუდენი. აღმავლობის ნაცვლად დეკადანსის გზას დაადგა საძიებელ აგრესიად ქცეული გამოძიება. თუმცა, ფერფლი ჭიქაში თვითრღვევის მხოლოდ საბაბი გახლდათ. ნამდვილი მიზეზი იმ შავბნელი ქალაქის ჯურღმულებში იმალებოდა, გარს რომ ერტყა გამოძიებას და თავისი პირქუში მზერით უსიამოვნო ნალექს სტოვებდა მის გულში. ავკაცობის ეს ზოგადსაკაცობრიო ფონი, როგორც ერთიანი სუბსტანცია, უშრეტად ასაზრდოებდა აგრესიის ფაქტობრივ სამყაროს. ამ სამყაროში არსებობდა ყველა; ვინც იძიებდა და ვინც იძებნებოდა. მსხვერპლი, მკვლელი და მეძებარი განურჩევლად ერწყმოდა ერთმანეთს. ყველა ერთ ქვაბში იხარშებოდა, ჯოჯოხეთის მარადჩაუქრობელ ცეცხლზე. ყოველი გახსნილი საქმე, ახალ გაუხსნელ საქმეს აჩენდა, რადგან დანაშაულის ფესვი მკვლელისთვისაც და მეძებრისთვისაც ერთნაირად მიუწვდომელი იყო. აგრესიის უზოგადესი სუბსტანცია არსებობდა დანაშაულის ფაქტებს მიღმა, ვით ამ ფაქტების მუდმივი გამომწვევი და მასაზრდოებელი. აი, რატომ მოყვა მკვდარ სულს 78-ე ქუჩაზე, ავტოკატასტროფა 127-ე ტრასაზე; ეს იყო უბედური შემთხვევა, რომელიც ტრაგედიის ახსნას თითქო თავის თავშივე მოიცავდა. მოხდა უეცარ ფაქტორთა ავბედითი დამთხვევა; მძღოლს ყურადღება გაეფანტა, მოსახვევის ჯებირი მორყეული აღმოჩნდა, ფერდობი კი ისე იყო დაქანებული, რომ გადარჩა ყველა, უკან მჯდომი მეძებრის გარდა, ალჩუზე დამჯდარი ავტობუსის ძირში რომ მოექცა.
უბედური შემთხვევის მიზეზობრივი ახსნა ვერ ცხადყოფდა, რატომ შეწყდა ასე უაზროდ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც იქნებ სწორედ ცხოვრების ამ ეტაპზე გასცდა დანაშაულის ფაქტობრივ სივრცეს და ავკაცობის ზოგადი სათავისაკენ მიმავალ გზას დაადგა.
ამ დიდ მისიასაც რომ თავი დავანებოთ, სიცოცხლე თავისთავად, ვით ღვთის საჩუქარი, აშკარად აღემატებოდა უეცარი სიკვდილის გამომწვევ შემთხვევათა ჯამს. უაზრო იყო სიცოცხლის შეწყვეტის ფაქტობრივი ახსნა. გამოძიებას აინტერესებდა, თუ რატომ და არა როგორ ჩაქრა მისი ერთ-ერთი პერსონაჟის მზერა. იქნებ იმიტომ, რომ ხილულის მიღმა იხედებოდა და იმას ხედავდა, რისი დანახვის ღირსიც არ იყო? არადა, მხოლოდ თვალსაწიერს იქით შეიძლებოდა ქაოსურად მიმობნეულ ბოროტებათა ერთიანი ძირის განჭვრეტა. ხილული ფაქტების სივრცეში ხომ ყოველივე შემთხვევით ხდებოდა! შემთხვევითი იყო აგრესიის აკვიატებული იდეის გამოვლენის გზა; წინასწარგანზრახულიც რომ ყოფილიყო დანაშაული, მთელი ლოგიკური ჯაჭვი განზრახვიდან მის აღსრულებამდე, ჰაერში ეკიდა, არაფრიდან გამომდინარეობდა და არანაირ ახსნა-განმარტებას არ ექვემდებარებოდა.
“იუსტასმა” გამოთქვა ეჭვი; საქმე, რომელიც აორთქლდა ჩაბნელებული კანტორიდან, შეეხებოდა არა ნივთმტკიცებებს აგრესიის ექსპორტის შესახებ, არამედ შეადგენდა მისი მეტაფიზიკური არსებობის საფუძვლებს. “იუსტასი” ამჯერად ფილოსოფიაში გადაიჭრა და გამოძიებაც სულგანაბული უსმენდა მას. თუმცა საქმის მოსპობაში მთქმელსაც და გამგონესაც ერთნაირად მიუძღოდა ბრალი, დამნაშავე არც ერთი იყო. “იუსტასი”, ბნელით მოცული აგენტი, თვითონაც შეუცნობელ ძალთა კარნახით მოქმედებდა. გამოძიებაც, იმავე ძალთა უკუღმართი ზემოქმედებით, საჭირო დროს გაიფანტა და გათითოკაცდა. ერთადერთი, ვინც დაინახა როგორ გაქრა საქმე, იმ დღიდან ფიქრებს მიეცა და ბოლოს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
გამოძიების ხელთ მხოლოდ შიშველი ფაქტები აღმოჩნდა. ფაქტი იყო ისიც, რომ ზღვარი წამდაუწუმ მერყეობდა მაძიებელსა და საძიებელს შუა, ანუ გამოძიება გარედან კი არ აკვირდებოდა დანაშაულს, არამედ, როგორც მისი თანამონაწილე და თვითონაც დამნაშავე, უშუალოდ შეიცნობდა მას. ასეთი მიდგომა საგრძნობლად აფართოებდა ძიების შესაძლებლობებს, მაგრამ გამძაფრებული სინდისის ქეჯნის გამო ვერ ბედავდა მათ განხორციელებას, რადგან გამომძიებელი საკუთარ თავს ასამართლებდა და აქედან გამომდინარე, დამნაშავეს ამართლებდა.
ამიტომ, როცა აგრესიის ქალაქმა თვითმკვლელობის ზღვარს მიაღწია, გამოძიებამ კიდევ უფრო ღრმად ჩაიხედა საკუთარ სულში. მის მეხსიერებაში ამოტივტივდა არეულ-დარეული წარსულის ფრაგმენტები. ამ ეპიზოდებში აღწერითი ელემენტი სჭარბობდა სააზროვნო ინფორმაციას, მაგრამ წარსულის ეს საოცრად გაფაქიზებული ხედვა არ იყო მხოლოდ სურათი, ის განსჯას, გამოძიებას და ახსნას ითხოვდა.
როცა ზედმიწევნით ზუსტად გახსენდება ოთახის ბნელში რელიეფურად გამოკვეთილი კედელი, ფანჯრიდან დაცემული და ზედ გადასრიალებული მანქანის ჩრდილი, გრძნობ, რომ ეს არ არის მხოლოდ ბავშვობის მოგონება. რომ შეუძლებელია ასე წვრილად გახსოვდეს ის ოთახი, ის ფანჯარა, ის ჩრდილთა თეატრი კედელზე. აღქმის ის შეუცნობელი საამო მდგომარეობა, როცა მოთამაშე ჩრდილი წარიტაცებს თვალს და ძილის ბურანში ითრევს… იქნებ, არც იყო ეს ასე; იქნებ, წარსული აუხდენელ ოცნებათა ქიმერაა, რომელსაც მას ცხოვრების ობობა-ქსელში გახლართული და ფრთამოკვეთილი აწმყო მიაწერს?
გამოძიება ვერ სცემდა ამ კითხვას პასუხს. ის მხოლოდ შეიგრძნობდა, რომ მოგონებათა ტალღა თვალს კი არ ატკბობდა, აზრს აღვიძებდა. გარდასულს კი არ უბრუნდებოდა ეს აზრი, წუთიერებას აჩერებდა და უსასრულოდ აფართოებდა. ცხოვრება იყო წუთი არა ხანმოკლეობის გამო, არამედ დროის დინებიდან ცოცხალივით ამოვარდნილი და ცაში შემხტარი წუთიერების ძალით. რა იყო ფაქტების სამყარო მის წინაშე? ჩრდილთა თეატრი. ნამდვილი ცხოვრების გზა მეხსიერების ცოცხლად შერჩენილ წუთებზე გადიოდა.
გამოძიებამ ეს სურათები სამკაულივით აკინძა და ექსპერტიზაზე გადააგზავნა. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მეხსიერებაში ცოცხლად აღიბეჭდა მხოლოდ კომბინირებული, გრძნობისა და გონების თანაავტორობით შექმნილი სურათები. ამიტომ გაკვეთილებს გამოპარული ქუჩა და მთაწმინდის მზით სავსე აღმართი გულსაც ანათებდა და გონებასაც. მწერალთა პანთეონიდან სათამაშო სახლებად ქცეული ქალაქი, წინგადაშლილი ცხოვრების მოლოდინით იყო სავსე. ეს მოლოდინი იქიდან აქეთ კი არ იყო მომართული, პირიქით, აქედან იქით იყო უკუფენილი და მისი სევდანარევი, ოდნავ შემღვრეული სიხარული, ამავე დროს სინანულიც აღმოჩნდა ცხოვრების ჩარჩოში ვერჩატეულ ოცნებათა გამო.
სწორედ ეს შეუსაბამობა სურვილებსა და ცხოვრებას შორის სცნო ექსპერტიზამ დანაშაულის ერთ-ერთ სათავედ. აქედან იწყებოდა სულის ამბოხება სხეულის მიმართ; სულის, რომელიც იყო ჩაკლული და არა მკვდარი, დაუშრეტელ სიბრაზედ გარდასახული თავდავიწყების წყვდიადში. ეს ზღვარდაუდებელი სიბრაზე ბევრად აღემატებოდა მის ფაქტობრივ გამომწვევ მიზეზებსა და მიზნებს და როგორც განუსაზღვრელი და შემთხვევითი, ბედისწერა უფრო იყო, ვიდრე განზრახ დანაშაული. გამოძიებას შეექმნა რწმენა, რომ ყოველ ტრაგიკულ ფაქტში შემთხვევითობა სჭარბობდა მოვლენათა მიზეზობრივ კავშირებს და შეუძლებელი იქნებოდა ამ ფაქტის განჭვრეტა და ახსნა თუ არ შევხედავდით მას, როგორც ბედის განჩინებას არასწორი ცხოვრების გამო. თითქოს არ იყო კაცი დამნაშავე იმაში, რომ შემთხვევით აღმოჩნდა იმ საბედისწერო ავტობუსის სწორედ იმ ავბედით სკამზე, მაგრამ თუ ჩავუფიქრდებით, ის თავისი ცხოვრებით სწორედ ამისკენ მიდიოდა. რა მნიშვნელობა აქვს, ავტოკატასტროფა მოუღებდა მას ბოლოს, თუ გამოუცნობი პათოლოგია სხეულის ბიოქიმიაში; ყველა შემთხვევაში განაჩენის სისრულეში მოყვანასთან გვექნებოდა საქმე, რომელიც თვითონ გამოუტანა საკუთარ თავს.
ამიტომ, ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ტრაგედიის ფარულ მიზეზთა ძიებას აზრი მსჯავრის დადებამდე ჰქონდა, ვიდრე არსებობდა ამ მიზეზთა აღმოფხვრის თავისუფლება; ვიდრე ეს მიზეზები კი არ მიზეზობდნენ, გამაფრთხილებელი ნიშნებივით ჰაერში ეკიდნენ.
მაშინ ქალაქიც სხვანაირი იყო. სხვა სული ტრიალებდა მის ნათელ-ბნელ ქუჩებში. ნაჩვრეტებიანი ყველის მძაფრი სუნი ტრამვაით მგზავრობდა პროსპექტის გასწვრივ, ქვემოთ, ქაშვეთის ბაღის გაჩერებამდე. იქ ერწყმოდა ბაღის ათასფერი სურნელებით შეზავებულ ჰაერს და ჩანთაში ჩადებული ბუტერბროდის მოლოდინი სხვა გემოს აძლევდა თამაშით სავსე სიმწვანეს. ცხოვრებაში ახლადფეხშედგმულ გამოძიებას იქ უნდა ეპოვნა შეცდომის სათავე; იქ, სადაც ფეხს იდგამდა პირველი გრძნობა, სადაც უხვად შეკმაზულ, სიგემრიელით განთქმულ, ლამის შესაჭმელ თბილისურ ჰაერს ჯერ ვერ ამღვრევდა ბენზინის ნისლი. იქ, თავდაპირველი ბაღის წიაღში ცხოვრება მხოლოდ ეთამაშებოდა იმ გზას, რომელსაც მერე უკვე ვეღარ გადაუხვევდა. ეს იყო ეჭვის, ფიქრის, გამოძიების გზა, ბაღს გველივით შემოხვეული და ქალაქს აბლაბუდასავით მოდებული. გამოძიებამ ვერ დაადგინა, გულს როდის შეუძვრა და შემოეტმასნა ეს ეჭვი, როდის შეიმოსა ფიქრის სამოსელით ბედნიერი ცხოვრება. როგორ იქცა პირველი სიყვარული, ვერთქმის, გაუბედაობის, ღამენათევი ფიქრის სიმბოლოდ. და აქ გამოძიება ჩიხში მოექცა: ბაღის ბილიკმა ვერ წაიყვანა დასმული შეკითხვიდან პასუხისაკენ. ცხოვრება ჩადგა სტრიქონებს შორის. დაიმსხვრა ტალღა, ფიქრს რომ მიარწევდა ბნელიდან ნათელში. შეწყვეტილმა ძიებამ ვეღარ იყვავილა, ვერ გამოისხა სულის მასაზრდოებული ნაყოფი. სხვა საზრუნავმა გადაკვეთა და გაახმო მისი ფესვები და მისი მკვდარი, გახევებული მასალა გამოძიებას ტვირთად დააწვა. ადამიანმა იგრძნო ეს გულს შემოწოლილი სიმძიმე, განიცადა თავისი ცხოვრების შეუსაბამობა საკუთარ თავთან, მაგრამ სწორედ ამ შეუსაბამობამ, ამ სინანულმა, როგორც ახალმა ტალღამ, ახალი ბიძგი მისცა შეწყვეტილ საქმეს. და აქ გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ბავშვობა თავისთავად არაფერია ზედ ფარულად წაფენილი ცხოვრებისგან ნოსტალგიური გამორჩევის გარეშე; რომ ათასფერი შესაძლებლობებით გაშლილი სიცოცხლის სათავე, აუხდენელ სურვილთა გამო ხდება ასეთი იდუმალი და მიმზიდველი, რომ სული ითხოვს ამ იდუმალებას, ამ ეფემერას, რომ წარსული დაძრას დროის რეალური წერტილიდან და იმ ოცნებებით შეავსოს, ამქვეყნად რომ ვერა და ვერ მოუძებნა ადგილი. როცა უკანმოხედვა შორეულ მოგონებაში გადადის, როცა გახსენდება ის, რაც ვერ თქვი და ვერ აისრულე, უნდა შეიგრძნო ეს არა როგორც ცხოვრების აგრესია ოცნების მიმართ, არამედ როგორც თამაში მიუწვდომელთან, როგორც დასტური, რომ არა ხარ მხოლოდ ის, რასაც იტყვი და მიაღწევ, არამედ ხარ ის, რასაც ვერ იტყვი და რაც ასე მიუწვდომლად ესახება შენს ამქვეყნიურ არსებას.
აი, ასეთი აღმოჩენა გააკეთა გამოძიებამ, საძიებელი საქმის გარშემო, საკუთარ გრძნობათა ექსპერტიზის საფუძველზე.
© “არილი”