• ახალი ამბები

    ახალი ამბები (დეკემბერი, 2008)


    ემილი ბრონტეს რომანი ისევ პოპულარულია

    ლონდონის აუქციონზე ემილი ბრონტეს რომანის, “ქარიშხლიანი უღელტეხილის” (“Wuthering Heights) პირველი გამოცემის ეკზემპლარი 114 ათას ფუნტ სტერლინგად – მოსალოდნელზე ორჯერ უფრო დიდ თანხად გაიყიდა. წიგნი, რომელიც 1847 წელსაა გამოცემული, რობერტ კერკმენის ანტიკვარიატის მაღაზიაში შეიძინა ადამიანმა “უცნობი ბრიტანელის” სახელით, როგორც ბრონტეს ნამუშევრების თავგადაკლულმა კოლექციონერმა. ბოლო 35 წლის მანძილზე ამ წიგნის მხოლოდ სამი ეკზემპლარია აუქციონზე გატანილი. “ “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ემილი ბრონტეს ერთადერთი რომანია. თავად ავტორს საკუთარი სახელი და გვარი წიგნის გამოცემაზე არასოდეს უნახავს. პირველად რომანი მამაკაცის ფსევდონომით – ელის ბელის სახელით გამოქვეყნდა. მხოლოდ ემილი ბრონტეს გარდაცვალების შემდეგ, 1848 წელს რომანის ავტორის ვინაობა ამოიცნეს და “ქარიშხლიანი უღელტეხილი” ინგლისური ლიტერატურის კლასიკად იქცა.

    გამოფენა ჯეკ კერუაკის თაყვანისმცემლებისათვის

    ჯეკ კერუაკის “On the Road” – ის გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგ ნიუ იორკის გამოფენაზე 36 მეტრი სიგრძის ქაღალდის გრაგნილი გამოიტანეს, რომელზეც მწერლის ცნობილი რომანის ხელნაწერია დატოვებული, ასევე აღწერილია წერის პროცესისა და მოგზაურობის მთელი სიგიჟე. ბიტ თაობის ლეგენდარული კერპის რელიკვია – ქაღალდის მასიური გრაგნილი, ასევე მისი და თანამედროვე ბიტნიკების (ბეროუზი, გინზბერგი…) სხვა საბუთები, სურათები, ნივთები, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გამოფინეს. ხელნაწერი “On the Road”–ის ორიგინალურ, ჩაუსწორებელ ვერსიას შეიცავს. იგი ჯერ კიდევ 2001 წელს აუქციონზე გაიყიდა. მისი მფლობელი კერძო პირია, რომელიც 2 მილიონნახევრად შეძენილი ნივთის გამოფენას მხოლოდ განსაკუთრებული პირობით დასთანხმდა – 36 მეტრიდან ნაჩვენები იქნა მხოლოდ ნახევარი, 18 მეტრი.

    ასტრიდ ლინდგრენის 100 წლის იუბილე

    14 ნოემბერს შვედეთში საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის დაბადებიდან 100 წლის იუბილე იზეიმეს. დღესასწაულის ცენტრალური ღონისძიება ვიმერბიუში – ლინდგრენის მშობლიურ ქალაქში გაიმართა. ბავშვები, მათი მშობლები, დიდები, პატარები – შვედეთის ყველა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები ყვავილებით ამკობდნენ საყვარელი მწერლის საფლავს. ქალაქში საზეიმო სვლა და ცნობილი შვედი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. საიუბილეო წლის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარული პროგრამების მთელ რიგს, რომელიც ობოლი და ზრუნვამოკლებული ბავშვების დახმარებაზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე საინტერესო და მასშტაბური პროექტი კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ასტრიდ ლინდგრენის სახელობის საბავშვო დასახლების აშენება იქნება. ქალაქ “ასტრიდ ლინდგრენის” გახსნა 2009 წელს შედგება.

    National Book Awardsის ლაურეატები გამოვლინდა

    ტიმ ვეინერი, ამერიკის კონტრდაზვერვის შესახებ დაწერილი წიგნის – ”ფერფლით დატოვებული მემკვიდრეობა: CIA-ს ისტორია”-ს ავტორი, ამერიკული პრემია National Book Awards ის 2007 წლის ლაურეატი გახდა ნომიაციაში “დოკუმენტური ლიტერატურა”. ვეინერი The New York Times-ის მიმომხილველია და მისი პროფილიც სწორედ საიდუმლო სპეც-სამსახურებისა და სამხედრო მდგომარეობის გაშუქებაა. 1988 წელს ვეინერმა პულიცერის პრემია მიიღო რეპორტაჟისათვის, სადაც მან ეროვნული უსაფრთხოების პროგრამები გააშუქა.

    ნომინაციაში “მხატვრული ლიტერატურა” პრემიის მფლობელი გახდა დენის ჯონსი, რომანით “კვამლის ხე” (“Tree of Smoke“) . საბავშვო ლიტერატურის ნომინაციაში კი ლაურეატად შერმან ალექსი დასახელდა წიგნისათვის “ნახევრად ინდიელის სრულიად ნამდვილი დღიური” (“The Absolutely True Diary of a Part-Time Indian“). სხვადასხვა დროს National Book Awards-ის ლაურეატები იყვნენ ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და რალფ ელისონი.










    ნორმან მეილერი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

    10 ნოემბერს მანჰეტენის ერთ-ერთ საავადმყოფოში ცნობილი ამერიკელი მწერალი, ნორმან მეილერი გარდაიცვალა თირკმელების უკმარისობით. მეილერი 84 წლის იყო და ბრუკლინში ცხოვრობდა. მისი ჯანმრთელობა ბოლო წლებში საკმაოდ დასუსტდა – გარდაცვალებიდან რამდენიმე თვით ადრე მან ფილტვების ოპერაცია გადაიტანა. მეილერი 40-ზე მეტი წიგნის ავტორი და პულიცერის პრემიის ორგზის ლაურეატია. იგი პირველივე რომანით გახდა პოპულარული (“The Naked and the Dead“) – წიგნი მეორე მსოფლიო ომის შესახებ დაწერილ ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. მწერლის ბოლო რომანი “ციხესიმაგრე ტყეში” (“The Castle in the Forest”) რამდენიმე თვის წინ გამოვიდა. თავისი მკვეთრად განსხვავებული პოზიციისა და გამოხატვის ხისტი ფორმების გამო, მეილერი პროვოკაციულ მწერლად იყო მიჩნეული. ემტერებოდა გორ ვიდალს, ტომ ვულფს, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ფემინისტურ ორგანიზაციებთან.

    კარამაზოვები იაპონიაში

    ფიოდორ დოსტოვსკის “ძმები კარამაზოვები” იაპონიაში სენსაციური ბესტსელერი გახდა. იაპონური საგამომცემლო ინდუსტრიის წარმომადგენლების თქმით, წიგნმა უცხპური ლიტერატურული კლასიკის გაყიდვებში სრული რეკორდი მოხსნა. “ძმები კარამაზოვების” იაპონური ვარიანტი ხუთტომეულია. დღესდღეობით მისი 500 ათასი ეკზემპლარია გაყიდული, და ეს ორჯერ მეტია, ვიდრე 2003 წლის ბესტსელერის – “თამაში ჭვავის ყანაში” – ჰარუკი მურაკამისეული პოპულარული თარგმანი. კარამაზოვების მოულოდნელი პოპულარობა პირველ რიგში თარგმანის განსაკუთრებულობით აიხსნება, რომელიც ტოკიოს უნივერსიტეტის უცხო ენების პროეფესორს, იუკო კამეიამას ეკუთვნის. მისი თქმით, მისთვის მთავარი ამოცანა იყო, რომანი გაემარტივებინა და წასაკითხად იოლი გაეხადა. მიზნის მისაღწევად კი მან ჯერ პწკარედული თარგმანი შეასრულა, შემდეგ კი ტექსტის ადაპტირებული ვარიანტი მიაწოდა მკითხველს.

    აზიური ბუკერის მფლობელი დებიუტანტია

    აზიური ბუკერის – The Man Asian Literary Prize-ის მფლობელი 61 წლის დებიუტანტი, ჩინელი ძიან რონგი გახდა, რომანით “მგლის ტოტემი” (“Wolf Totem”). პრემია აზიელ ავტორებს გადაეცემათ, რომელთა ნაწარმოებებიც თარმნილია ინგლისურ ენაზე, მაგრამ დაჯილდოების თარიღამდე არ გამოცემულა. წიგნის ავტორის ჯილდო 10 ათასი დოლარია, მთარგმნელის კი – 3 ათასი. “მგლის ტოტემი” ჩინეთში 2004 წელს გამოქვეყნდა და მისი ტირაჟი ჩინეთის ბაზისათვის საკმაოდ დაბალი იყო – სულ რაღაც 20 ათასი ეკზემპლარი. თუმცა სულ მალე წიგნი იმდენად პოპულარული გახდა, რომ 20 მილიონიანი ტირაჟით პირატული ვერსია დაიბეჭდა. “მგლის ტოტემის” ინგლისურ თარგმანზე საავტორო უფლებები ბრიტანულმა გამომცემლობამ Penguin Press-მა შეიძინა. ძიან რონგის რომანის ინგლისური ვერსია 2008 წლის მარტში გამოვა გაყიდვაში.

    გონკურის პრემია 2007

    საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – გონკურის 2007 წლის ლაურეატი Kჟილ ლერუა გახდა (Gilles Leroy). მწერალს ჯილდო რომანისათვის “ალაბამას სიმღერა” (“Alabama Song”) გადაეცა. წიგნი ამერიკელი მწერლის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის მეუღლის, ზელდა ფიცჯერალდის შესახებ მოგვითხრობს. ჟილ ლერუა 48 წლისაა. მისი პირველი რომანი 1987 წელს გამოქვეყნდა. კონკურენტები საუკეთესო ფრანგულენოვანი რომანის ავტორის წოდებაზე იყვნენ ოლივიე ადამი, ფილიპ კლოდელი, მიშელ ლესბრი, კარლა დიუპონ-მონო.

    პრემია 1903 წლიდან დღემდე ყოველ წელს გაიცემა. ათკაციანი ჟიური გადაწყვეტილებას პარიზის რესტორან “დრუანში” (Drouant) იღებს, ჯილდოს ფულადი რაოდენობა კი სიმბოლური – მხოლოდ ერთი ევროა. სხვადასხვა დროს გონკურის პრემიის ლაურტატები იყვნენ სიმონა დე ბოვუარი, მარსელ პრუსტი და ა.შ.










    ჰარპერ ლის ჯორჯ ბუში აჯილდოებს

    მწერალი ჰარპერ ლი ამერიკის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს, თავისუფლების მედლის მფლობელი გახდა. მწერალი ამერიკის პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა დააჯილდოვა ლიტერატურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. მწერლის ერთადერთი რომანი, “მოკალი ჯაფარა” (To Kill A Mockingbird“) 1960 წელს გამოიცა, მაშინვე პოპულარული გახდა და დღემდე ბესტსელერი წიგნების სიაშია. 1999 წელს ჰარპერ ლის რომანი ასწლეულის საუკეთესო ნაწარმოებად დასახელდა, ორჯერ არის ეკრანიზებული და პულიცერის პრემიითაა აღნიშნული. თავად ჰარპერ ლი 81 წლისაა. იგი იშვიათად ჩნდება ხალხში და ინტერვიუებზეც უარს ამბობს, თუმცა, 5 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალზე გამოცხადდა და პრემიაც ჯორჯ ბუშმა პირადად გადასცა.

    ჩეხური პრემია ფრანგ ავტორს

    ფრანგი პოეტი, 84 წლის ივ ბონფუა, ფრანც კაფკას პრემიის სახელობის ლაურეატი გახდა. პრემია – ფრანც კაფკას მცირე ზომის ქანდაკება და 10 ათასი დოლარი პოეტს 30 ოქტომბერს პრაღაში გადაეცა. ბონფუა, ომისშემდგომი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფრანგი ლიტერატორი და ცნობილი მთარგმნელი, მეშვიდეა, ვინც ეს პრემია მიიღო. 2006 წელს კაფკას სახელობის ჯილდო ჰარუკი მურაკამის, მანამდე კი ელფრიდე იელინეკსა და ჰაროლდ პინტერს გადაეცათ. ბონფუა არაერთი ლიტერატურული პრემიის (გონკურის, მონტენისა და საფრანგეთის აკადემიის ჯილდოები) მფლობელია, გამოცემული აქვს შექსპირისა და იეიტსის (William Butler Yeats) თარგმანები, არის არაერთი პოეტური, პროზაული თუ ესეისტური კრებულის ავტორი.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (დეკემბერი, 2008)

    ფილიპ როთი

    აჩრდილის გაუჩინარება

    Exit Ghost
    Philip Roth

    304გვ, Jonathan Cape

    ალბათ, არც ისე იოლია, 30 წლისა და 9 წიგნის შემდეგ, ერთი ხელის მოსმით გაანადგურო საკუთარი ალტერ ეგო. თუნდაც, ეს ხელის მოსმა ფინალური რომანი იყოს, სადაც შენს საყვარელ გმირს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს უთვლი. ასეა თუ ისე, თავისი ბოლო რომანის გამოსვლასთან ერთად ფილიპ როთმა განაცხადა, ეს ბოლო წიგნია, რომელიც ნათან ცუკერმანს მივუძღვენიო. წიგნის გმირიც იქ ბრუნდება, საიდანაც თერთმეტწლიანი მოგზაურობა დაიწყო _ მშობლიურ ქალაქში, ნიუ იორკში, ბრუნდება წიგნში, სადაც იგი დაიბადა (”The Ghost Writer”). იკვრება წრე, რომელიც დასასრულის მაუწყებელია. როთის წიგნის სათაური ჰამლეტის პირველი აქტის ცნობილი სცენის მიხედვითაა – მეფის აჩრდილი ჩუმად, მოუსვენრად დახეტიალობს სასახლეში, შვილის შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა და ბოლოს კი უჩინარდება. ”აჩრდილის გაუჩინარების” კითხვის პროცესიც რაღაცით წააგავს ამ სცენას: ჰამლეტის მსგავსად ჩვენც განზე ვდგავართ, ვუყურებთ საყვარელი გმირის წასვლას და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.

    ”თუ სკოლა მოგწონდა, ეს საქმე შენთვის ზედგამოჭრილია”

    ირვინ უელში

    If You Liked School, You’ll Love Work
    Irvine Welsh
    391
    გვ, Jonathan Cape

    ”Acid House”-სა და ”Trainspotting”-ის თაყვანისმცემლების შეუძლიათ, გაიხარონ _ ირვინ უელშმა მათ ახალი თავშესაქცევი გაუჩინა. ახალ წიგნს ”თუ სკოლა მოგწონდა, ეს საქმე შენთვის ზედგამოჭრილია” – ჰქვია, მასში ოთხი პატარა მოთხრობა და ერთი ნოველაა შესული. მოთხრობებთან შედარებით, ნოველა ”ფაიფის მეფე” გაცილებით ემოციური, სასაცილო და საინტერესო ტექსტია. ეს არის მეფე ჯეისონის მხიარული თავგადასავალი, მისი წარუმატებელი ცხენოსნობის ისტორია და მაგიდის ფეხბურთის სიყვარული, სახალისო ამბები, რომლებიც ჯეისონს გოთურ ტავერნაში სასმელის წრუპვისას გადახდება თავს. ფაიფი კი ზღაპრული სამეფოა, ზღაპრული წეს-წყობილებებით და უცნაური, თავისებური მონარქით. უელში კვლავ ინარჩუნებს თავის სტილს – თხრობის თავისუფლება და სილაღე, ხმამაღალი და უკომპრომისო პროზა მისი სავიზიტო ბარათია.

    პოლ ტერუ

    სპილოს ლუქსი

    The Elephanta Suite
    by Paul Theroux
    278
    გვ, Hamish Hamilton

    ერთხელ პოლ ტერუმ, მორიგი წუწუნისას, ამერიკელი ავტორები ბუკერს რატომ არ გააკარესო, აღნიშნა: ”ყველაზე მეტად იმ წელიწადმა გამაღიზიანა, როცა ეს პრემია პოლონელმა ქალმა მიიღო, რომელიც ერთ-ერთი აღმოსავლური რელიგიის მიმდევარი მამაკაცის ცოლი იყო და მასთან ერთად ინდოეთში ცხოვრობდა.” ეს პოლონელი ქალი რუთ პროერ ჯაბვალა გახლავთ, და ალბათ მისი და მისი აღმოსავლურ იდეოლოგიების მიმდევარი მეუღლის მიმართ ანტიპათიითაა გამოწვეული, რომ პოლ ტერუ თავის ბოლო წიგნში, სადაც მოქმედებები ინდოეთში ხდება, იქაურების მიმართ ცინიკური, უხეში და ირონიულია. წიგნში ამერიკელის ინდოეთში მოგზაურობაა აღწერილი, ”სპილოს ლუქსი” კი მუმბაის ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს საუკეთესო ნომრებს ჰქვია. ტერუ ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალის გამოცდილებებს თავის ადრეულ ნაწარმოებებშიც გვიზიარებს. მათ შორის მკითხველისათვის ყველაზე ცნობილი ”მოსკიტების სანაპიროა” (”The Mosquito Coast”).


    Ulrike Maria Stuart”
    Elfriede Jelinek

    Ortrud Gutjahr

    ულრიკე მარია სტიუარტი

    ელფრიდე იელინეკი

    ორტრუდ გუთიარი

    167გვ, Königshausen & Neumann

    ელფრიდე იელინეკის პიესის, ”ულრიკე მარია სიტუარტის” სასცენო პრემიერა 2006 წლის 28 ოქტომბერს ჰამბურგში შედგა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ სიმპოზიუმზე რეჟისორის, ნიკოლას შტემანის დადგმული პიესის შესახებ დისკუსია გაიმართა, აღმოჩნდა, რომ პიესის ტექსტი არავის ჰქონდა ხელთ, უფრო მეტიც, არც ერთ გამოცემაში დაბეჭდილი არ იყო. თანდათან მოთხოვნილება ”ულრიკე მარია სიტუარტის” ტექსტზე უფრო და უფრო გაიზარდა და იელინეკმაც რედაქტორთან, ორტრუდ გუთიართან ერთად წიგნის გამოცემა გადაწყვიტა. წიგნში პიესის გარდა სხვადასხვა ნაწყვეტები, ინტერვიუები, მონოლოგებია შესული. იელინეკის პიესებზე დაყრდნობით განხილულია პოსტდრამატული თეატრის თანამედროვე თეორიები. წიგნს ახლავს საინტერსო ილუსტრაციებიც.

    ჩარლზ ნიკოლი

    მდგმური: შექსპირი სილვერ სთრითზე

    “The Lodger: Shakespeare on

    Silver Street


    Charles Nicholl
    378
    გვ,

    Allen Lane

    როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა შექსპირს ახალგაზრდა ოჯახური წყვილის დასაშორებლად სხვადასხვა მაქინაციები მოეფიქრებინა და, როგორც რომანტიკულ კომედიებშია ხოლმე, მზაკვრული ჩანაფიქრისთვის სასულირეო პირს შეეშალა ხელი? ჩარლზ ნიკოლის ახალ წიგნში ინგლისელი დრამატურგის ცხოვრების სახალისო და საინტერესო ეპიზოდებია შერჩეული. ”მდგმური: შექსპირი სილვერ სთრითზე” ერთგვარი ცხოვრებისეული ისტორიაა, რომელიც ავტორმა მწერლური ოსტატობითა და მახვილი იუმორით სასიამოვნო, ოჯახურ კომედიად აქცია. მოქმედება შემდეგნაირია: ლონდონის ჩრდილოეთ მხარეს, შედარებით ღარიბ უბანში, სილვერ და მაგლ სტრიტის ქუჩების გადაკვეთაში დიდი სახლი დგას, სადაც მეტად უცნაური და თავისებური ადამიანები ბინადრობენ. მთავარი გმირები, ქრისტოფერ მაუნთჯოი და მისი მეუღლე – მარი, ფრანგები არიან. სწორედ მათი ბინის ზემოთ, ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს ინგლისელი, სახელად უილიამ შექსპირი.

    პიკასოს ცხოვრება; ტრიუმფალური წლები, 1917-1932”

    ჯონ რიჩარდსონი

    A Life of Picasso, The Triumphant Years, 1917-1932.

    John Richardson.

    592 გვ. Alfred A. Knopf.

    ყველაზე დიდი წარმატების ხანა პიკასოს ცხოვრებაში 1917 წელს დაიწყო, როცა მან კოკტოსთან ერთად ბრძოლის ველად გადაქცეული პარიზი მიატოვა და რომში გადასახლდა. სწორედ აქ, დიაგილევის საბალეტო სტუდიაში, ოლგა ხოხლოვა გაიცნო, მასზე იქორწინა და მეუღლესთან ერთად პარიზში დაბრუნდა. ჯონ რიჩარდსონის სამტომეულის ბოლო ნაწილი პაბლო პიკასოს ცხოვერების 1917-23 წლების შესახებ ისტორიულ კვლევებთან და ამომწურავ დაკვირვებებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო ფაქტსა და ამბავსაც მოგვითხრობს, თანაც ეს ყველაფერი სადა და მარტივი ენით, თხრობის თავისებური სტილითაა გადმოცემული და მკითხველს კითხვის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ჯონ რიჩარდსონი რამდენიმე მემუარული ნაშრომის, ესსეების კრებულისა და ბიოგრაფიის ავტორია. მასვე ეკუთვნის ჟორჟ ბრაკისა და ედუარდ მანეს შესახებ წიგნები.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (დეკემბერი, 2008)

    ილია ჭავჭავაძე 170, საიუბილეო კრებული. რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2007.

    ილია ჭავჭავაძის ვინაობასა და სამოღვაწეო საქმიანობის რაობაზე საუბარს არ დავიწყებ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ 2007 მისი საიუბილეო წელია ეს წიგნიც ილიას დაბადებიდან 170 წლისთავს ეძღვნება. კრებულში თავმოყრილი პუბლიკაციები კიდევ ერთხელ გაგვახსენებს დიდი ქართველის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის მსოფლმხედველობას, სამწერლო თუ პუბლიცისტურ ენას, მხატვრულ სახეებს, ეპოქალურ სურათებს. ავტორები – ზაზა აბზიანიძე, თამაზ ვასაძე, მალხაზ ხარბედია, დავით წერედიანი, როსტომ ჩხეიძე და სხვები უკვე 21-ე საუკუნის გადასახედიდან მიგვანიშნებენ ილია ჭავჭავაძის დამსახურებებსა და ღვაწლზე.

    მსოფლიო ლიტერატურა, რჩეული მოთხრობები. შემდგენლები გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი. ტ. 1, 2. თბ. “დია” 2007.

    მსოფლიო ლიტერატურის ორტომეული ლიტერატურის გურმანებს იმ შესანიშნავ დროს გაახსენებს, როცა პირველად ეცნობოდნენ თომას მანს, ცვაიგს, ჰემინგუეის, სელინჯერს, კორტასარს, აკუტაგავას, მათ კი, ვისთვისაც ეს სახელები ჯერ კიდევ ბინდით მოცულია, წინ პირველად წაკითხვის სიამოვნება ელით. წიგნებში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების რჩეული მოთხრობებია თავმოყრილი, მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ყველა დროისა და ეპოქის საუკეთესო პროზის ნიმუშებს. ერთი სიტყვით, ისღა დამრჩენია, ყბადაღებული მოწოდებით მოგმართოთ – გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები. ტომეულებს ძალზე ორიგინალური სტრუქტურა აქვთ და უახლოეს მომავალში სერიის 3-ე, 4-ე და 5-ე ტომიც შეუძლიათ მიიღონ.

    თამარ ბართაია, „პეიზაჟს აკლია სითბო“. მოთხრობები, პიესები. რედაქტორები ია ანთაძე, ანა ჭაბაშვილი. თბ. „დიოგენე“ 2007.

    ალბათ სხვების დღიურები ხშირად წაგიკითხავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჯერ არ ჩაგვარდნიათ ხელში დღიური, რომლის ავტორიც არ მეტი, არც ნაკლები – კაბა იქნებოდა. თანაც – ფრანგი, კლასიკური მუსიკის მოყვარული, მეოცნებე და ნოსტალგიური. თამარ ბართაიას ნაწარმოებების კრებულში სწორედ ამ კაბას, და კიდევ მრავალ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით. „პეიზაჟს აკლია სითბო“ ავტორის პირველი წიგნია, და მასში მოთხრობები და პიესებია შესული. თავად თამარ ბართაიას კი ქართველი მკითხველი სხვადასხვა თეატრალური დადგმებისა და სატელევიზიო სცენარების ავტორად იცნობს.

    გურამ ბათიაშვილი, “ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”. რედაქტორები როინ მეტრეველი, ზაზა აბაშიძე. რომანი. თბ. „საარი“ 2007.

    თუ გურამ ბათიაშვილის სამყაროს უკვე იცნობთ, წაგიკითხავთ მისი პიესები („მეათე კაცი“, „ზანქანი ძე მორდეხაისა“, „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“) ან გინახავთ სცენაზე დადგმული მისი პიესები, მაშინ ეს პიესა კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ ამ სამყაროში, ახალ სახეებში ძველ პერონაჟებსაც ამოიცნობთ და გაიხსენებთ საქართველოში ებრაელების ყოფას შორეული წარსულიდან დღემდე. თუ არა და, წინ მეტად საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გელით – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ განსხვავებული ხელწერის, თავისებური სტილისა და მსოფლმხედველობის ავტორის მქონე კიდევ ერთი წიგნია.

    ჰეროდოტე, „ისტორია“. მთარგმნელი თინათინ ყაუხჩიშვილი. რედაქტორი ნელი ელიზბარაშვილი. თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.

    ჰეროდოტე ანტიკური ეპოქის ცნობილი ისტორიკოსია. წინამდებარე ნაშრომში იგი თავისი მოგზაურობის გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. „ისტორიის მამამთავარმა“ თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი, საბერძნეთი, სამხრეთ იტალია, სიცილია, სკვითების მხარე, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები მოიარა, აკვირდებოდა დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს, მათს ურთიერთდაპირისპირებას, რაც შემდგომ თავის ნაშრომში აღწერა. „ისტორიის“ მთავარი თემაც სწორედ ბერძენ-სპარსელთა ომებია. წიგნში თავმოყრილი ისტორიული ფაქტები და მათი ანალიზი მკითხველს უკეთ გააცნობს ანტიკურ სამყაროს.

    მხატვრული თარგმანის მასტერკლასი. პროექტის ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. „დიოგენე“, „ახალი თარგმანები“ 2007.

    თუ მხატვრული თარგმანის შემოქმედებითი დაოსტატების სახელოსნოს გარეთ დარჩით, გული ნუ დაგწყდებათ – მხატვრული თარგმანის მასტერკლასი ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით უკვე წიგნის მაღაზიების თაროებზეა. თარგმანის რაობა და სახეობები, რითმის წარმოშობა და მისი განვითარების გზები, ლექსის საზომი, სემანტიკური შესაბამისობა, ერთი სიტყვით – თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების თეორიას ახლა უკვე თქვენც შეგიძლიათ ეზიაროთ. წიგნში ასევე შესულია სხვადასხვა ავტორების (მარინა ცვეტაევა, ეზრა პაუნდი, ენ სექსტონი, ფრანც კაფკა, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი) სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების ნიმუშები.

    (c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    თინიკო ხუტურიძე


    მდინარის გაღმა. მწიფე ბაღებში

    არაფერია, ნუღარ გცივა, ნუღარ კანკალებ,

    არაფერია, ამ ქალაქის უძირო ჭაში,

    ჯერ კიდევ ყრია ვარსკვლავები, კენჭებიც ალბათ,

    ყრია სიტყვები, როგორც ქვები გაყინულ წყალში.

    ყრია სიტყვები ლოდებივით და შენ არ იცი,

    როგორ დააწყო ერთმანეთზე – შენ ხომ ხარ მარტო,

    როგორ ააგო სახლი და იქ მიმიპატიჟო,

    გრძნობების ტალღა ცივ სხეულში გივლის და გალტობს.

    არაფერია, ნუ კანკალებ ოცნება ხომ გვაქვს

    ჩემზე და შენზე, და იმედიც სასწაულების,

    რომ შეიძლება ყველაფერი მოხდეს და მორჩეს,

    ყველა ტკივილი, – რომ ნელ-ნელა შე(ნ)მიყვარდები.

    ნუღარ კანკალებ, ახლა უკვე მწიფან ბაღები,

    უძირო ჭაში თავდაყირა ჰკიდია ღამე,

    მე რომ მიყვარდა ალუბლების საყურეები,

    მოიპარეს და დავრჩი ასე, – ბავშვობის გარეთ.

    არაფერია, ნუ კანკალებ ეს ტკივილებიც,

    ალუბლებს გაჰყვა, იმ მდინარის წყალმა წაიღო,

    წაიღო, დარჩა, ყველაფერი, რაც კი გადარჩა,

    წმინდაზე წმინდა, წრფელზე წრფელი დაუსაბამო…

    ქარი

    გუშინ ყელამდე ჩავწექი ქარში,

    გუშინ ხელები დავკარგე თითქოს,

    გუშინ მინდოდა იმ ქარისათვის,

    მეთქვა ქვასავით მაგარი სიტყვა.

    მეთქვა ქუჩებში, რომ ბრუნავს ღამე

    და ეძებს დღეში დაკარგულ ფერებს,

    მტრედებსაც ძინავთ და ღამის მხრებზე

    მიუსვენიათ შუბლები ფრთხილად.

    ყელამდე ქარში, დაკარგულ დღეებს,

    მივსდევ და ვგრძნობ, რომ სადღაცა ფრთხილად,

    გროვდება წამი და წამში მერე,

    ვიღაცა კვდება ან იბადება.

    და ვხედავ ძილში რომ ბორგავს მთვარე,

    ყვირის სადღაცა ქუჩა თუ ქალი,

    ეს ვიტრინებიც დაორთქლილ თვალებს,

    ხუჭავენ, სთვლემენ ყელამდე ქარში

    მეც ვწევარ თითქოს როგორც სინათლე,

    წევს ტროტუარზე მკვდარი ბავშვივით,

    და ვეძებ სიტყვებს, ქარებს რომ ვუთხრა,

    ხელებს, რომ არსად გამექცეს წამი.

    ნემსიყლაპია, ცხელი ზაფხული

    ყველაფერი გაივლის..

    რატომაც არა! ცას ხომ კიდე-განი არა აქვს,

    არც ჩვენ ოცნებებს..

    ჭრილობები მოშუშდებიან, თუ კი გიამბობ,

    რომ ჩემი სახლის, ოთხივე კუთხე მიყვარს და მიყვარს..

    ერთ კუთხესთან ყვითელი გოგრა ბლის ხე იდგა,

    მისი ტანი ჭიანჭველების ცხოვრების გზა იყო,

    დამწიფებისას კი, ბეღურები ჩხუბობდნენ გაბმულად,

    რომელს უფრო ყვითელი და მსხვილი ბალი შეხვდებოდა.

    მის ჩრდილში კი,

    რკინის ტაშტებში მზეზე გამთბარ წყალში გვბანდნენ.

    ამოსაპნულ თვალებში გოგრა ბლის ხე და თივის ზვინი ირეკლებოდა,

    კიდევ წყლით სავსე, ხის დიდი კასრი

    გასაჟღენთად გამოტანილი,

    თაფლისფერი მშვიდი ხბორებიც..

    იმათ შავ და გასაოცრად ლამაზ თვალებში

    კი ჩვენ ვჩანდით..

    მთელი ზაფხული ერთმანეთის მრგვალ თვალებში ვირეკლებოდით.

    მთელი ზაფხული გვირიგებდნენ სურნელოვან ვანილის ნამცხვრებს,

    ზოგი ნახევარმთვარე და ნემსიყლაპია იყო,

    ზოგი მარაო,

    მზეზე მოცეკვავე კაცს კი,

    თუ მაძღრად ვჭამდით, მაშინ გვაძლევდნენ..

    მიდიოდნენ ზაფხულები, მიდიოდნენ და

    უკან აღარ იხედებოდნენ.

    ბლის ხე მოჭრეს, – მატლი გაუჩნდაო და – მოჭრეს.

    რკინის ტაშტები დაიჟანგნენ.

    ის ვანილის ნამცხვრებიც გაქრნენ დახლიდან.

    მხოლოდ ძროხაა ყოველ ზაფხულს რომ

    თაფლისფერ ხბორებს აჩენს და აჩენს..

    ბორბალი ბრუნავს, მიირწევა მძიმედ ურემი,

    ზედ ის კასრი შემოუდგიათ,-

    გაიბზარა და ჭრილობები უნდა შეუკრან..

    ყველაფერი გაივლის –

    ცას ხომ კიდე-განი არა აქვს,

    იარებიც მოშუშდებიან..

    ბლის ნერგები მოიტანეს და იმათ დავრგავთ.

    რატომაც არა!

    * * *

    ვარ მოქცეული მთვარესა და შენს შორის ახლა,

    გა.და.ქცეული – ეს ხომ უკვე გითხარი – რადაც.

    და ეს ღამეა ფარშევანგის კუდივით ჭრელი,

    თვალებზე მკოცნი, გზა კი არის ჩვენს შორის ვრცელი.

    მე სუნთქვა მიჭირს – ოცნებები ვერ გამოვლიე.

    ვერ გამოვლიე ჩემი წყაროს სუფთა კენჭები.

    ღამე ირწევა. მიირწევა მთვრალი კაცივით.

    ცივ ქვაფენილზე გდია მთვარე მკვდარი ლანდივით.

    მე ვრჩები აქეთ. ფიქრის კიბით ავდი-ჩავდივარ.

    შენ კი იქით ხარ სიყვარულის წყალში აგდიხარ.E

    ეჭვები ქრება. რჩება მხოლოდ ჩვენი ლანდები.

    და სიყვარული. ერთმანეთზე ბევრი დარდები.

    კეცავენ კუდებს ღამეული ფარშევანგები.

    ტკბილია კოცნა როგორც შავი ყურძნის მარცვლები.

    წყლისძირა ჩიტი. სიყვარული სიგარის კვამლში

    თეთრი ცხენები. სიყვარული. თეთრი ცხენები.

    გზისპირა კაფე. და კაფეს წინ ბევრი ხეები.

    ხეებზე ფითრი. და მითუფრო გაფითრებული.

    ხელები. ბაგე. და ბაგეზე ღიმილის მტვერი.

    მტვერი. ამ მტვერში ყვავილები. ყვავილთა მტვერში.

    სიგარის კვამლი. და კვამლისფერ თვალებში შიში.

    შეშლილი ღამე. ღამე სადაც ნახევარმთვარეს.

    გადმოუვარდა ოქროს ქოში. ფანჯრიდან მერე.

    შენ დაიჭიირე გაფითრებულ. ხელში და მზვერე.

    რომ წამოვეგე. იმის ბასრ და ალესილ წვერებს.

    სიგარის კვამლში. და ბაგეზე ღიმილის მტვერში.

    გა. მოვიქეცი. წა. ვიქეცი. გა. და. ვიქეცი.

    წყლისძირა ჩიტად. ან თუ მტრედად. არ ვიცი. იცი?

    მე არაფერი. აღარ ვიცი. მხოლოდ ის ვიცი.

    ეს შენ გეწვია. სიყვარული. და იმის შიში.

    რომ მე აღმოვჩნდი. ამ ფიქრების. შუაგულ ფიქრში.

    ჩაიხანაში

    “მზის ჩასვლები აქ მეტად ლამაზია, ალბათ იმიტომ,

    რომ ზურგსუკან ვერ გრძნობ ქალაქს.”

    აკა მორჩილაძე

    “სანტა ესპერანსა”

    მამალი ყივის კაიებით სავსე ქალაქში,

    მტკვარი თბილია და თოლია ამაზე დარდობს,

    ვზივართ პირთამდე ხალხით სავსე ჩაიხანაში

    და მორად ბეის ჩიბუხს ახლა ორივე ვნატრობთ.

    ვნატრობთ ხეირის ქუჩის ბოლოს დუქნების ხმაურს,

    აქ, ცხელ პროსპექტზე ლაით ბოქსზე იღიმის ჰანნა,

    სანტა სიტიში დაკარგული ვისრამიანი,

    ფილიპ მორისი, მერსედესი ბენცებით გავლა.

    და სალომეა, ძლიერ ვნატრობთ წვიმას და ჩიბუხს,

    მეჰმედის მეჩეთს, სადაც მოლას გაუსკდა გული,

    ყალივან სტრიტზე ჩაიარა ტყვეთა ბანაკმა,

    ბებერ სპარსელს კი ჩვენთვის მოაქვს ქლიავის ჩირი.

    მზე როცა ჩავა გავუყვებით ნაპირის უბანს,

    აქ არსად ჩანან დაწყევლილი ჯენოველები,

    ტალღები ჰკბენენ ძალზე ამაყ სიტი პიაცას

    და მირაჟია შორეული მოჩვენებების.

    და ფოთოლია ეს ქალაქი და კალიები,

    ჭამენ ნელ ნელა განთიადის ფერთა თამაშში,

    თბილი სიო კი, ნაზად არხევს მტკვარზე თოლიას,

    ვზივართ ჩვენ ორნი გახუნებულ ჩაიხანაში.

    * * *

    მზადყოფნაში მოიყვანე შენი სხეული,

    (ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ).

    ორივე თვალი ფოსოებში ჩასვი კარგად,

    გაწმინდე მზერა, როგორც წყალი საცერი რომ გამოიარა,

    ორივე ყურში სმენადობა გაამახვილე

    და ტუჩებსაც მიუჩინე თავის ალაგი

    (ის ჯანსაღი შინდისფერი მათ რომ ჰქონდათ,

    ჩემთან შეხვედრის მოლოდინმა გააფერმკრთალა).

    ორივე მკლავი, ღონიერი,

    კიდევ ერთხელ შეამოწმე შენ სხეულს თუ ასხია მჭიდროდ,

    და ფეხებიც, მყარად თუ დგანან იმ ნიადაგზე,

    საიდანაც ჩემსკენ პირველი ნაბიჯები უნდა გადმოდგა.

    და მთავარი, ხმაა შენი,

    ახლა რომელიც დაკარგე და ვერ პოულობ

    (ჩვენ ერთმანეთს უნდა შევხვდეთ ძალიან მალე,

    იმ წითელ და მაღალ ბოძთან, გზაგასაყარს რომ დასცქერის),

    ვერ გაგიგია სად წავიდა, რატომ წავიდა?!..

    ეგებ ჩემთან შესახვედრად გამოექცა შენს მზადმყოფ სხეულს,

    რომ მაუწყოს ის სიძლიერე და სიმართლე, შენ რომ ისახავ.

    ეგებ იქვე, აყრილ ტყეში იმალება და აყურადებს,

    უიმისოდ როგორ მოხვალ და

    როგორ მეტყვი, შენს პირველ სათქმელს ფერმკრთალი და მღვრიე ტუჩებით..

    ან საჭიროა ის სიტყვები, რითაც ერთმანეთს უნდა ვაუწყოთ

    ჩვენი სიმართლე, სიშიშვლე და მაღალი სახე?

    აი, უკვე შევხვდით ერთმანეთს (გზაგასაყარი გაფართოვდა),

    შენი უხმო, მზადყოფნაში მყოფი სხეული,

    ჩემი სხეულის ჩრდილს შეეხო და მე ვთქვი ასე:P

    შენ მოხვედი, ჩემმა ჩრდილმა მიგიღო, ხედავ?!..

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“