რეცენზია

საახალწლო საკითხავი – რჩევები

საახალწლო განწყობას, სხვა ყველაფერთან ერთად, კონკრეტული ტექსტებიც გვიქმნის ხოლმე, რადგან ზოგიერთ ამბავს დღესასწაულის საკუთარი უნიკალური მაგიით ავსების უნარი აქვს. ამ სტატიაში სწორედ ოთხი ასეთი განსაკუთრებული ამბის შესახებ მოგიყვებით:

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშობაო ამბავი, რომელიც ოდესმე დაწერილა, ჩარლ დიკენსს ეკუთვნის. ჩარლზ დიკენსმა, რომელსაც, როგორც ყველა მწერალს, ძალიან სჭირდებოდა ფული, „საშობაო სიმღერა“ 1843 წელს, სულ რაღაც ექვს კვირაში დაწერა. ახლა უკვე კლასიკად ქცეული იგავი სიძუნწესა და ცოდვის გამოსყიდვაზე მოგვითხრობს. მთავარი გმირი კი ებენიზერ სკრუჯია, რომელსაც მხოლოდ სიმდიდრის მოხვეჭა ადარდებს და ყველაფერი იცვლება მაშინ, როცა მას თავისი კომპანიონისა და მეგობრის, მარლის სული გამოეცხადება.

დიკენსი თავს აიძულებდა, რომ როგორმე სწრაფად დაესრულებინა ტექსტი. რობერტ დაგლას-ფეირიურსტის მიხედვით, ამ დროისთვის დიკენსს სხეულმა პირველი გამაფრთხილებელი სიგნალები მისცა, რომ მეტისმეტად ტვირთავდა თავს და დასვენება სჭირდებოდა, მაგრამ მთელი ამ დროის მანძილზე მის გონებაში ხმები ჟღერდა: პერსონაჟები დაჯგუფდნენ და ყვირილით ითხოვდნენ ყურადღებას, როგორც მოჩვენებები, რომლებიც მხოლოდ მაშინ მშვიდდებიან, როცა ფურცელზე მიუჩენ ადგილს. სწორედ ასე გრძნობდა თავს დიკენსი და იძულებული იყო, წერა დაესრულებინა.

 „საშობაო სიმღერის“ ბოლო გვერდები ჩარლზ დიკენსმა დეკემბრის დასაწყისში დაწერა. ნაწარმოების დასრულების შემდეგ კი უმისამართოდ დადიოდა ქუჩებში მთელი ღამის განმავლობაში.

„მოგვთა საჩუქრები” პირველად 1905 წელს გამოქვეყნდა. მოთხრობა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ერთმანეთისთვის საჩუქრების ყიდვას გადაწყვეტენ და ამ საჩუქრების შესაძენად იმას გაიღებენ, რაც მათთვის ყველაზე ძვირფასია. საჩუქრებით სიყვარულის გამოხატვას ცდილობენ, მაგრამ ავტორის ირონია მათ საჩუქრებს აზრს აცლის. მიუხედავად ამისა, ეს მშვენიერი, პატარა ტრაგედია სიყვარულის დიდი ისტორიაც არის, რომელიც, ავტორისვე სიტყვებით, ორი სულელი ბავშვის შესახებაა, რომლებიც ყველაზე გონიერები აღმოჩნდნენ მათ შორის, ვინც კი საჩუქრებს გასცემს.

აქედან გამომდინარე, ერთმანეთზე შეყვარებული ორი ახალგაზრდის ამბავი ახალი წლისთვის ნამდვილად შესაფერისი საკითხავია.

„თუ ერთ ადამიანს მაინც სჯერა, როგორ შეიძლება, ის ამბავი ნამდვილი არ იყოს“.

პოლ ოსტერის 1991 წელს გამოქვეყნებული მოთხრობა „ოგი რენის საშობაო ამბავი” განსხვავებული, სენტიმენტალიზმისგან დაცლილი, მაგრამ ძალიან ემოციური ისტორიაა უკანასკნელი შობის, ფოტოაპარატის, კადრებად გამოჭერილი დროისა და მწერლის შესახებ, რომელმაც ამ ყველაფრის შესახებ გადაწყვიტა საშობაო მოთხრობის დაწერა. მწერალი ახერხებს არა ბანალური, სტანდარტული ამბის, არამედ უნიკალური ისტორიის პოვნას, რომელიც იდეალურად გამოხატავს ახალი წლის განწყობას, როცა ყველაზე დაუჯერებელიც კი შეიძლება ირწმუნო და რამდენიმე საათით თავიც მოიტყუო იმ ჯადოსნურობის შესაგრძნობად, რომელიც სხვა დროს მოუხელთებელია და ყოველდღიურ წვრილმანებში ჩაკარგული.

თუკი პერსონაჟები იჯერებენ ერთმანეთის ამბებს, მაშინ მკითხველმაც უნდა ირწმუნოს მათი მონათხრობი და ამ რწმენით ამბავი სინამდვილედ აქციოს.

ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები” ორ ნაწილად გამოქვეყნდა 1868 და 1869 წლებში. პირველი გამოცემის ილუსტრატორი ავტორის და იყო.

„პატარა ქალები“ მარჩების ოჯახის შესახებ გვიამბობს. ოთხი გოგონა ღარიბულად ცხოვრობს, მაგრამ სიყვარულით სავსე ოჯახში იზრდება. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული გოგონები მხიარულად ატარებენ დროს და მეზობელ ბიჭთან, ლორისთან მეგობრობენ.

მეგობრობისა და სიყვარულის ეს ისტორია ნებისმიერი ასაკის მკითხველისთვის ემოციური საკითხავია. გოგონები მკითხველის თვალწინ იზრდებიან და ტკივილისა თუ სიხარულს კვლავ ერთმანეთს უზიარებენ.

წიგნის ავტორი, ლუიზა მეი ოლკოტი, მისი რომანის გმირების მსგავსად, მრავალრიცხოვან ოჯახში იზრდებოდა: მას სამი და ჰყავდა. სიღარიბემ ლუიზა აიძულა, ადრეული ასაკიდანვე დაეწყო მუშაობა. პირველი ნაწარმოები, „იგავები ყვავილებზე”, 22 წლისამ დაწერა, პირველი აღიარება კი 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დროს ჯორჯტაუნის სამხედრო ჰოსპიტალში მედდად მუშაობისას ოჯახისთვის მიწერილი წერილების გამოცემამ მოუტანა. „პატარა ქალები“ კი მისი ყველაზე ცნობილი რომანია.

© არილი

Facebook Comments Box