პროზა (თარგმანი)

ალინა პაღოსიანი – სო ქიუთ

    

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა

კინოში რომ ვიყო, ხეს მივეყრდნობოდი, თვალდახუჭული, მოლოდინისა და ტკივილისგან დამძიმებული სხეულით. მაგრამ კინოში არ ვარ, რეალურ ცხოვრებაში ვარ – სომხეთის ერთ-ერთ სოფელში, რომელსაც, როგორც „გუგლ მეპსმა“ მითხრა, შატინი ჰქვია. მიხარია, რომ ხის უხეშ მერქანს არ ვეყრდნობი; ამის ნაცვლად, ამ ფართოფოთლოვანი კაკლის ხის ქვეშ, გრილ და რბილ მიწაზე ვწევარ. ამწამს ისიც კი აღარ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ კი არ დავწექი, არამედ დავეცი. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვწევარ, რადგან მშვიდად ვარ – უფრო სწორად, შემიძლია დავისვენო.

მარიხუანას ზემოქმედებას თითის წვერებამდე ვგრძნობ. გადავაჭარბე. ხედმა აღმაფრთოვანა – ხეობამ, რომელიც კლდეების ნაპრალების გამო კიდევ უფრო ღრმა და შთამბეჭდავი ჩანს. პაწაწინა სომხეთს ტერიტორია არ აქვს, სამაგიეროდ აქვს სიღრმეები.  პატარა რომ ვიყავი და ზაფხულობით ერევნიდან სოფელში ბებიასთან ჩავდიოდი, გზა ხეობაზე გადიოდა. მოგვიანებით, როცა გავიზარდე, როცა ბებია გარდაიცვალა და მამა, ცვალებადი ცხოვრებით დაბნეული, სოფელში დაბრუნდა, ახალი გზა გაიყვანეს. ის მთის ფერდობს მიჰყვება, ხეობის პირზე მაღლდება და მთებზე გადაშლილ მცირე ვაკეებს აღწევს, რომელთა შორისაც სადღაც ჩვენი სოფელია. ვამბობ – „ჩვენი“, რადგან ასეა მიღებული ბებია-ბაბუის, მით უმეტეს მამის, სოფელზე საუბრისას. სინამდვილეში კი სოფელს ჩემთან საერთო არაფერი აქვს და არც მე – სოფელთან. იქ მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩავდივარ, მამის გარდაცვალების წლისთავზე. წელსაც სომხეთში ჩემი ვიზიტი ისე დავგეგმე, რომ მამის გარდაცვალების დღეს სოფელში ვყოფილიყავი. ეს დღე გუშინ იყო. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ყოველთვის – წესისამებრ. ახლა კი, როგორც იქნა, არჩისთან მივემართები.

მინდოდა, გზას დილაადრიან გავდგომოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ შეუძლებელი იქნებოდა. ვერაფრით ავარიდებდი თავს დედასთან ერთად დილის ყავის დალევას, ისევე როგორც სხვა ყავებს, რომლებიც გამოსამშვიდობებლად შემოსული მეზობელ-ნათესავებისთვის მზადდებოდა. თუმცა შუადღისას გამოსვლაც მაწყობდა. ღამით უკვე არჩისთან ვიქნები. გზად რამდენიმე ადგილას შეჩერება და ხეობით ტკბობაც დიდად არ დამაგვიანებს, დაღამებამდე უკვე თბილისში ვიქნები.

მზეზე გამომწვარი კლდეებითა და გადამხმარი მცენარეებით სავსე ხეობა კვლავაც იწოვდა ზაფხულის მხურვალებას და ცხელი შუადღის სიზანტეს. მინდოდა, შემეთვისებინა, ჩემად მექცია. მინდოდა, რაღაცნაირად მეც იმ ხეობის ნაწილი გავმხდარიყავი; არჩისთვის ხეობის მოყოლა რომ შემძლებოდა. მაგრამ როგორ? რა თქმა უნდა, ფოტოს არ გადავუღებდი. მიცდია – სურათი ვერაფრით გადმოსცემს ხეობის იმ საოცარ მომნუსხველობას.  მხოლოდ შემეძლო მეცქირა, დამენახა და მესუნთქა. მანქანა გზის პირას გავაჩერე, ხეობის პირზე აღმართულ ერთ-ერთ ლოდზე ჩამოვჯექი და ხეობის სული შევისრუტე. დავინახე, როგორ შთაენთქა ბუნებას ხეობის ძველი გზა. შევამჩნიე, რომ მთის სიმაღლიდან ჰორიზონტი სადღაც დაბლა დარჩენილიყო. გავიფიქრე, რომ მთებშიც კი შეიძლება თვალსაწიერი უსასრულოდ გადაიშალოს, თუკი საკმარისად მაღლა ხარ. შევნიშნე კლდიდან მოწყვეტილი შევარდენი, რომელიც ნაპრალებს მიღმა გაუჩინარდა. და კიდევ, შევნიშნე, რომ ბედნიერი ვარ.

კინოში რომ ვიყო, ხეს მიყრდნობილი ვიდგებოდი და თვალდახუჭულსაც კი სუბიექტური კადრივით თვალწინ გადამეშლებოდა სახლი და ბაღი. ახლა კი წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჩემ ირგვლივ. ღობეზე გადმოსვლისას ყურადღება არ მიმიქცევია, ვერც სახლის ფორმა აღვიქვი, ვერც ბოსტანი და ხეები. ახლა კი არც სურვილი მყოფნის და არც ძალა, თავი ავწიო და გარემოს მოვავლო თვალი. ჯერჯერობით მხოლოდ ის მინდა, ცოტა კიდევ დავისვენო.

საფეთქელი სველი მაქვს. თბილი სისველეა, რომელიც თანდათან სქელდება. სისხლია. ალბათ, დაცემისას დავარტყი თავი. ღობეს მოუქნელად გადავახტი, დავეცი. ძალიან არ მტკივა, ესე იგი, სანერვიულო არაფერია. ტანსაცმლის ნაპრალში ვხედავ, რომ მუცელზე სისხლჩაქცევებიც მატყვია. შიგნით რაღაც მელევა. უნდა დავისვენო, ძალები მოვიკრიბო. ცოტას დავაგვიანებ, მაგრამ შუაღამემდე თბილისში ჩავალ.

იქნებ თავი ღვინისგან მტკივა. მოწევის მერე ალბათ არ უნდა დამელია, მაგრამ მაინც დავლიე. ღვინის გარეშე ეს ფარსი სრულყოფილი ვერ იქნებოდა. ვაიქში „ფუდკორტში“ შევედი ყავისა და რაღაც კრუასანისმაგვარისთვის, მაგრამ თეთრი ღვინო და თევზი ავიღე. ზღვის პროდუქტები რომ ყოფილიყო, მათ ავირჩევდი: ხამანწკებს, მიდიებს, რვაფეხას, ლიფსიტებს.

მოკლედ, თევზი იყო და მეც თევზი ავიღე. მუხლებზე ქაღალდის ხელსახოცი გადავიფარე, მარჯვენა ხელში დანა დავიჭირე, მარცხენაში – ჩანგალი და ზრდილობიანად შევექეცი. თითის წვერითაც არ შევხებივარ საჭმელს, მიუხედავად იმისა, რომ სომხეთში თევზს წვრილი ფხა აქვს და ჭამისას თითები პირში უნდა ჩაიყო მათ გამოსაცლელად. მე მოვახერხე, სუფთად და კოხტად მეჭამა ჩემი თევზი და დამელია ცივი ღვინო. კი არ ვმაიმუნობდი, უბრალოდ, მინდოდა აბსურდული ვყოფილიყავი – სასაცილოდ აბსურდული.

მერე ამას არჩის მოვუყვებოდი და ერთად ვიცინებდით. კარგია, რომ მე და არჩი თანატოლები ვართ და ბევრი საერთო კულტურული ღირებულება გვაქვს. ამიტომ, ყოველგვარი წინასიტყვაობისა და განმარტებების გარეშე, ის მაშინვე დაიჭერდა სიტუაციის უაზრობას: ავტომაგისტრალზე მდებარე კვების ობიექტი, სადაც მგზავრები, პირველ რიგში, სუფთა ტუალეტის გამო ჩერდებიან, სადაც ხალხი ნაჩქარევად კბეჩს ლავაშში შეხვეულ ქაბაბს, ტურისტები კი სწრაფად იხდიან ყავის ფულს, რომ მანქანასთან მწეველი მძღოლი დიდხანს არ ალოდინონ, მე კი – პლასტმასის დანა-ჩანგლით თევზს მივირთმევ და თეთრი ღვინით ვტკბები. არჩი არა მხოლოდ გაიგებდა ამ სიტუაციის კომიკურობას, არამედ იმასაც დააფასებდა, რომ გასართობ ამბავს კი არ დაველოდე, არამედ თავად შევქმენი იგი.

გარდა ამისა, აუჩქარებლად ჭამა სასიამოვნო იყო. მოვასწარი, ყურადღება მიმექცია წითელი, ყვითელი და ყვავილებიანი ქსოვილით გადაკრული სკამებისთვის; შევამჩნიე, რომ კოკა-კოლას მაცივარში „ჯერმუკი“, დო და არაჟანიც ეწყო; დავათვალიერე კედლებზე ჩამოკიდებული უცნაური სურათები – ხილის, მცენარეებისა და მრგვალსახიანი ქალების გამოსახულებებით. სწორედ მაშინ პირველად შევნიშნე ძალიან წვეტიანი ცხვირის მქონე კაცი და ერთი ახალგაზრდა, რომლებიც მეზობელ მაგიდასთან შემწვარ კარტოფილსა და კოტლეტს შეექცეოდნენ. განსაკუთრებული  არაფერი, უბრალოდ ჩემი მზერა ყველაფერს იჭერდა. თუმცა, რამდენიც უნდა ეხეტიალა ჩემს გამოხედვას დარბაზის სხვადასხვა კუთხეში, დროდადრო მაინც ჩემს მაგიდაზე მოთავსებულ პატარა აბრას უბრუნდებოდა. მიზეზი ის კი არ იყო, რომ აბრა საჭმლის გვერდით იდო, არამედ მისი გაუგებარი შინაარსის წარწერა: „საფეხბურთო ტელეარხის პარტნიორია ოშაკანის არაყი“. ვივარაუდე, რომ რეკლამა იყო, მაგრამ ვერ გავიგე – ტელეარხის თუ არყის. რაც უნდა ყოფილიყო, მასში რაღაც ძალდაუტანლობა  იგრძნობოდა, თითქოს გეუბნებოდა: თუ გნებავთ, იყიდეთ, თუ არ გნებავთ, ნუ იყიდითო.

ფუდკორტიდან რომ გამოვედი, წვეტიანცხვირა კაცი და ის ახალგაზრდა ჯერ კიდევ იქ ისხდნენ. ვინ იცის, კიდევ რამდენი ხანი დაჰყვეს იქ, მერე კი რა სისწრაფით ატარეს მანქანა, რომ, ფაქტობრივად, დამეწივნენ.

თავის ტკივილი მიძლიერდება. აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ღვინის ბრალია. ალბათ უნდა ვცადო წამოდგომა, დახმარებას დავუძახო, თუმცა ამ პაპანაქება ზაფხულში მიწის სინესტე ისეთი სასიამოვნოა… ის არა მხოლოდ მაგრილებს, არამედ მანუგეშებს კიდეც და მალამოდ მედება. ახლა, ამდენი შფოთისა და ფორიაქის შემდეგ, ეს სიმშვიდე ჰაერივით მჭირდება. შევძლებ მანქანის ტარებას? უნდა შევძლო. ცოტას დავისვენებ და მერე შევძლებ. არჩისთან უნდა ჩავიდე. აუცილებლად უნდა ჩავიდე. ხვალ არჩი საოცრებათა შროშნების ბაღში უნდა წავიყვანო, ისე, როგორც წინა წლებში ვიქცეოდი. სულ მეუბნებოდა: „როგორ ახერხებ ასეთი საკოცნელი ადგილების პოვნას, ნელი გოგო? თბილისელი მე ვარ, სხვებისთვის თბილისის მჩვენებელიც მე ვარ, მაგრამ ამ ლამაზ და დამალულ ადგილებს მაინც შენ პოულობო“. გაოგნდება, ამერიკიდან დაბრუნებულმაც კი ახალი, იდუმალი სილამაზე რომ აღმოვაჩინე – ნახევრად ეზო და ნახევრად ჯიხური, სადაც შროშნების ლერწმები დაკლაკნილად მიუყვებიან რკინის გისოსებს, ხის ბოძებს, ბეტონის კედლებს, ხეებსა და ავტობუსის ჩონჩხსაც კი. ირგვლივ ყველგან ალისფერ-ვარდისფერი ყვავილებია, მაგრამ კოცნა სულაც არ არის აუცილებელი, რომ ალისფერ-ვარდისფერი იყოს; იქნება ისეთი, როგორიც გამოვა – იქნებ წიწაკის ყვავილივით ცეცხლისფერიც კი.

დღეს თბილისში თუ არ ჩავედი, არჩი ინერვიულებს. მთელი ღამე არ დაიძინებს, გაუთავებელ რეკვას ატეხს. ჩემი ტელეფონი კი არაა. სტოკჰოლმის ისტორია განმეორდება: საშინელი წინათგრძნობით ატანილი ერთ სკამს მიეჯაჭვება, თითქოს ეს იყოს ერთადერთი ადგილი, საიდანაც ზარი ადრესატამდე მოაღწევს.  

ეს ტყუილად გავიფიქრე.

ამ ფიქრმა მეც საშინელი წინათგრძნობით შემიპყრო. რა მოხდება, თუ მასთან ვერ ჩავალ – ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ვერასდროს? ვეღარ ვახერხებ საკუთარი თავიდან იმ აზრის განდევნას, რომ რაღაც ისე ვერ არის… რომ რაღაც სხვა ხდება, გარდა მარიხუანასგან გამოწვეული სიმსუბუქისა; რაღაც ცუდადაა – რაღაც შეუქცევადი.

ტკივილი მძიმდება, კანქვეშ აღწევს და მუცლის ღრუში იბუდებს. სანამ არ ვიძვრი, კიდევ არა უშავს, გაძლება შეიძლება, მაგრამ საკმარისია შევტოკდე, რომ შიგნიდან ეს უბედურება ფეთქვას იწყებს. ვყვირი, ვიღაცას ვუხმობ, მაგრამ ვერ ვხვდები – რამდენად ხმამაღლა. ვგრძნობ, როგორ ამოდის ხმა ყელიდან, მაგრამ მიაღწევს კი ვინმეს ყურამდე? მიხვდება კი ვინმე, რომ ეს დახმარების ძახილია?

ქარი არაა, მაგრამ ფოთლები მაინც არ არიან უძრავად. ამას მათში შემოპარული შუქის თამაშით ვხვდები. წვრილი, კოხტა, მოციმციმე სხივები – ფოთლებს შორის რომ ჩნდებიან და ქრებიან. ათასჯერ ნანახი ამბავია, მაგრამ მაინც არ ხდება ჩვეულებრივი. ყოველთვის მეღიმება, თუნდაც მხოლოდ გულში. ყოფილა დრო, როცა სიკვდილზე ფიქრს არ დავუთრგუნივარ, რადგან მეგონა, რომ საკმარისად ვიგემე ცხოვრება. მშვიდად ვიყავი იმითაც, რომ ჩემს ზრუნვაზე არავინ იყო დამოკიდებული. მჯეროდა, რომ ადამიანები, ვისთანაც კავშირი მქონდა, ჩემი ბედნიერი ცხოვრების ამბავს გაიგებდნენ და ამით ნუგეშს ჰპოვებდნენ. ქევინი ახალ ცოლს იპოვიდა, ისევ დაქორწინდებოდა. ბედნიერი იქნებოდა. ყოფილა დრო, როცა სიკვდილი ასე მარტივი მეგონა. მაგრამ დღეს ასე აღარ ვგრძნობ. დღეს მინდა, არჩისთან ჩავაღწიო. სამი წლის შემდეგ ისევ მინდა მისი ნახვა; მინდა, კვლავ ვუამბოთ ერთმანეთს ამბები; მინდა, უწინდელივით საქმეებს შორის თუნდაც ნახევარი საათით შევხვდეთ – თუნდაც ერთი კოცნისთვის ან ფინჯანი ყავისთვის. მინდა, თბილისის უჩინარი კუთხე-კუნჭულები აღმოვაჩინოთ, ჩავუაროთ მაღაზიებს და მათ დიდ ვიტრინებში ჩვენი ერთად ყოფნა დავლანდოთ; თვალი მოვკრათ ჩვენს ანარეკლს – მსოფლიოში მილიარდობით ადამიანიდან ორს, რომლებმაც ერთმანეთი იპოვეს.

არჩი ისე ვერ იტანს ქევინს, რომ ვეტერინარს ეძახის, თუმცა კარგად იცის, რომ ფოტოგრაფია და სამოგზაურო ჟურნალში მუშაობს. ტყუილად სძულს, ქევინი ცუდი კაცი არაა. არ ვიცი, ასე მშრალად რატომ ვამბობ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კარგი ადამიანია: საქმეში – კეთილსინდისიერი, ადამიანებთან ურთიერთობაში – მშვიდი და უშუალო; დიდსულოვანი თუ არა, სულ მცირე, მიმტევებელი მაინც. არც ხელმოჭერილია და არც მფლანგველი. მასში ყველაზე მეტად სწორედ ამას ვაფასებ: ყოველთვის იმ ზომიერებით გაძლევს, რომ არც უკმაყოფილო დარჩე და არც მადლიერებით დავალებულად ან ვალდებულად იგრძნო თავი. ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებ არჩისთან ეს სიყვარულიც არ გამოსულიყო. ასე რომ არ ყოფილიყო, იქნებ დანაშაულის გრძნობას დაეწყო არჩისთან ურთიერთობის ღრღნა და სიყვარულიც დაემსხვრია. ოხ, როგორ ვერ ვიტან სიმწარეს! არჩისაც არ უყვარს, ვიცი. სწორედ ამიტომ დავშორდით რამდენიმე წლის წინ. ახლა ისევ სუფთები ვართ, მაშასადამე, ისევ შეგვიძლია ერთად ვიყოთ. ბედნიერება – როგორც სიწმინდე.

მახსოვს, ადრე ბევრს ვფიქრობდი მიზეზებზე: რატომ არ მომწონს ეს, რატომ მიყვარს ის, რატომ მინდა ასე მოვიქცე, რატომ მოხდა ასე და კიდევ ათასი სხვა „რატომ“. მიზეზების ძიების სურვილი, ალბათ, ახალგაზრდული თვისებაა. ახლა იშვიათად მაინტერესებს მიზეზები და განმარტებები; აღარ ვუღრმავდები. უბრალოდ საკუთარ თავს ვეკითხები: მოგწონს? გინდა? გაბედნიერებს? თუ პასუხი დადებითია – შეინარჩუნე, თუ არა – გათავისუფლდი. ასე შევძელი ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამისთვის თავისი ადგილი მიმეჩინა. ეს უფრო გულწრფელიცაა – თუკი, რა თქმა უნდა, გულწრფელობა მნიშვნელოვანია და თუ გსურს, მცირედი წვლილი შეიტანო სამყაროს კეთილსინდისიერებაში. მაგრამ ამის თქმა არ მინდოდა. მუცლის ტკივილისა და ამ თავბრუსხვევის გამო კონცენტრაცია მიჭირს. დამავიწყდა, რაზე დავიწყე ფიქრი. თავში წუილი არ წყდება. მაღიზიანებს და მფიტავს.

შაზამ-ფართიზე სიხარული ნაღველისგან გამოვადინეთ – პატარ-პატარა წვეთებად. თითოეული ჩვენგანის სასმისი მეტ-ნაკლებად მაინც იყო სავსე.

ქათმის კაკანი გაუსაძლისია – კვერცხი დადო და პატრონს უხმობს. კაციშვილის  ჭაჭანება არაა. სოფელში სულიერი არ არის – ყველა დაკრძალვაზე წასულა. ყველაფერი მიუტოვებიათ, სახლ-კარი და მაღაზიები დაუკეტავთ და მიცვალებულის გასაცილებლად წასულან, თითქოს ის სოფლიდან სადმე შორს მიდიოდეს. კრიჭა მაგრად მაქვს შეკრული, ვგრძნობ, როგორ მიდუღს ბრაზი ყბებში. არჩისგან ასე შორს, ამ სოფელში, უცხო-უცნობების იმედად ვარ დარჩენილი; ვყვირი და ხმას არავინ მცემს. ყველაზე სირობა ისაა, რომ სიკვდილი ისე მნიშვნელოვნად უქცევიათ, საქმე და ბიზნესიც კი მიუტოვებიათ და დასაფლავებაზე წასულან. არასოდეს მესმოდა სიკვდილისა და მიცვალებულისადმი ასეთი დამოკიდებულება, თაყვანისცემას რომ ჰგავს. მე პირადად მიცვალებულს ზემოდან ვუყურებ. ამის თქმა უზრდელობას ჰგავს, მაგრამ საკუთარ თავს ხომ მაინც შემიძლია ვუთხრა. ეს არ ნიშნავს, რომ პატივს არ ვცემ; თუ პატივსაცემია – ვცემ კიდეც, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ ჩემს უპირატესობას – სიცოცხლის უპირატესობას. როგორც აზრი, ეს პრიმიტიულად ჟღერს, მაგრამ როგორც განცდა – ისეთი ამაღელვებელია… ცოტა ხნის წინ ვიგრძენი ეს. ქევინის დედის სახლში ვიყავით მადლიერების დღეს. დიდი ფაციფუცი იყო, მთელი ოჯახი შეკრებილიყო. ქევინი, მისი ძმა და და ერთმანეთს ხუმრობებს ესროდნენ, უფროსი დისშვილები უმცროსებს ეთამაშებოდნენ. ყველა ვაშლის ნამცხვარს შეექცეოდა და იცინოდა. სწორედ იმწამს არა მხოლოდ გავიფიქრე, არამედ ვიგრძენი კიდეც: ქევინის მამასაც ხომ ენდომებოდა ჩვენსავით ვაშლის ნამცხვრის ჭამა და სიცილი, მაგრამ აღარ შეეძლო – ორი წლის წინ გარდაიცვალა. მაშინ სიკვდილის ამ განცდამ დამამწუხრა. ახლა კი აღარ მწყინს, ახლა სიკვდილზე ფიქრი მაცოფებს. ისევ ფოთლებს შორის მოკიაფე შუქს ვუყურებ და ბრაზისგან ცრემლები მახრჩობს – იმის გამო, რომ სიკვდილი შესაძლებელია.

მარტივი ფაქტია: შემთხვევითობები ბევრად უფრო იშვიათია, ვიდრე კანონზომიერებები. ალბათობის თეორია ბევრ კითხვას სცემს პასუხს. დღეს კი – აი, ამ წუთას – ალბათობის თეორიის პასუხებს ჭკუიდან გადავყავარ. როგორია იმის ალბათობა, რომ ორმოცი წლის ჯანმრთელი ქალი მოულოდნელად გარდაიცვალოს? – მცირე. როგორია იმის ალბათობა, რომ აშშ-ში მცხოვრები ქალი, რომელიც ერევანსა თუ თბილისს მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ერთხელ სტუმრობს, სოფელ შატინში გარდაიცვალოს? – უმნიშვნელო. როგორია იმის ალბათობა, რომ სომხურ სოფელში, საკარმიდამო ნაკვეთში დაცემულ ქალს დახმარებას არავინ გაუწევს? – მინიმალური. და მაინც, როგორია იმის ალბათობა, რომ ყველა ეს გარემოება ერთმანეთს დაემთხვეს და ქალმა, რომელიც საყვარელ ადამიანთან შესახვედრად მიდიოდა, ის ვეღარასოდეს ნახოს? ასეთი რამის მოხდენის ალბათობა ნულზე ოდნავ მეტი, უმცირესი „ეპსილონია“, რომელიც დანასავით გამჩხერია ყელში.

მეგობრებისთვის ჩემი სომხეთში ჩამოსვლის ართქმა შეცდომა იყო.
არჩისთან შეხვედრის შემდეგ სიურპრიზის გაკეთება მინდოდა – ერევანში მოულოდნელად ჩასვლა. ბავშვური წამოწყება. შედეგად, სიურპრიზად შატინში ვარ გაშოტილი. არ მინდოდა, თბილისისა და არჩის შესახებ ვინმეს სცოდნოდა, რომ გაიგებენ, საყვარელი მყავს, იფიქრებენ, რომ ქევინზე უკეთესები არიან – მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ქმრებსა და ცოლებს საყვარლები არ ჰყავთ. საყვარელი, შეყვარებული, ალტერნატივა ან რამე სხვა – არ ვიცი, მაგრამ თუ საგნებს თავ-თავიანთი სახელები უნდა დავარქვათ, მაშინ სიტყვა „ღალატს“ არ გამოვიყენებ. ამ დიდ სამყაროში ადამიანის ერთ კაცზე ან ერთ ქალზე მიკვრა ჩემთვის გაუგებარია. შემიძლია გავიგო, რომ ზოგს მონოგამიური მიჯაჭვულობის საჭიროება აქვს, მაგრამ ამის ღირსებად მიჩნევა გაუმართლებელი ამპარტავნებაა. მით უმეტეს მაშინ, როცა ბევრი, დარწმუნებული ვარ, სიტყვა „ერთგულების“ უკან ცხოვრების ჟინის დაქვეითებას, სიზარმაცეს და ახალი ურთიერთობების დაწყების უუნარობას მალავს.

ჩემს მეგობრებს არჩის შესახებ რომ გაეგოთ, ზოგიერთი ჩათვლიდა, რომ ქევინზე უკეთესია, ზოგი კი საკუთარ, ისედაც არსებულ რწმენაში კიდევ უფრო განმტკიცდებოდა. იმიტომ რომ შოვინისტები არიან. ყველანი არა და არც აშკარად, მაგრამ ზოგის სულის სიღრმეში მაინც გაჩხერილია ის ჩუმი რწმენა, თითქოს სომხები სხვა ერებზე უფრო „ნამდვილები“ და უფრო „მართებულები“ ვართ. არადა, სომხებს ამერიკელებთან შედარებით მხოლოდ ერთი უპირატესობა გვაქვს: ჩვენს კაცებს საკუთარ მანქანაზე არ შეუძლიათ „she“-ს თქმა, უბრალოდ იმიტომ, რომ სომხურ ენაში მესამე პირის მხოლობითი რიცხვის ნაცვალსახელს მდედრობითი სქესი არ გააჩნია, საერთოდ არ გააჩნია სქესი.

სულ არ მადარდებს, რას იფიქრებენ ქევინზე, უბრალოდ არ მინდა, რომ უხერხულობა ვიგრძნო და არ ვიცოდე, როგორ ვუპასუხო უკეთესობის შესახებ მცდარ წარმოდგენას. პირადად მე არ ვფიქრობ, რომ სომეხი ერი ქევინზე უკეთესია. მეტიც, არჩიც კი არ მგონია ქევინზე უკეთესი.

უბრალოდ, არჩის შემიძლია ამბები მოვუყვე და ეს მოყოლა ისე ადვილია: ვუყვები მომხდარს და არჩიც ფენა-ფენა, სიღრმისეულად იგებს ყველაფერს. ბევრი ამბავია, მხოლოდ მისთვის რომ გამიმხელია. მაგალითად, პატარა ბიჭის ამბავი. სამი წლისა რომ ვიყავი, ერთი პატარა ბიჭი, ისიც ალბათ სამი წლის, ბაღში მიწიდან შემოდგომის ფოთლებს აგროვებდა და ჩემთან მოჰქონდა. ცდილობდა, რაც შეიძლება დიდი გროვა აეღო. თუ ფოთლები ხელიდან უსხლტებოდა და უცოტავდებოდა, თავიდან იღებდა. ჩემს ხელებშიც აღარ იყო ადგილი, ფოთლები ცვიოდა, მაგრამ ის მაინც ჯიუტად აგრძელებდა თრევას: მივსებდა პეშვებს და ახალი კონის მოსატანად გარბოდა. ეს ამბავი არჩის რომ ვუამბე, არაფერი უთქვამს, მხოლოდ დაჟინებით მიყურებდა თვალებში და მივხვდი – ამ მზერის მიღმა მისი გონება მუშაობდა და ასკვნიდა, რომ ეს უბრალო ამბავი არ არის, როგორც თვითონ ამბობს ხოლმე – ამას თავისი  მაგნიტუდა აქვს.

არჩისთან სექსი კევინთან სექსზე უკეთესი სულაც არ არის. უბრალოდ, უფრო ინტიმურია. არ ვიცი, როგორ ავხსნა.

სინამდვილეში, არჩიც შოვინისტია. ისიც დარწმუნებულია, რომ მაგნიტუდის მქონე ისტორიები ბევრად აღმატებულია, ვიდრე, მაგალითად, ჰოლივუდი. მე კი ჩვეულებრივი ქალი ვარ: მე მიყვარს ჰოლივუდი. არა რომანტიკული კომედიების გამო, არამედ ექშენის. ექშენის და ჟლეტის! არჩის ისტორიები იმიტომ მაღელვებს, რომ ვიცი – სადღაც არსებობს ტყვია, რომელიც ყოველთვის აღწევს უსამართლოს, ტირანისა და დაუნდობლის გულამდე. არა! შუბლამდე! როგორ შევძლებდი არჩის სიყვარულს, რომ არ ვიცოდე – კინოში მაინც არსებობს ბიქიფერი, რომელიც ბენზინს შეუდრეკლად ღვრის მდიდრულ ოფისებში, ცეცხლს უკიდებს და იმ გაზულუქებულ ნაძირლებს დედას უტირებს. როგორ შევძლებდი არჩის სიყვარულს, რომ არ ვიცოდე – კინოში მაინც არსებობს ჯონ უიკი, ვისი დარტყმაც ბოზიშვილებს ხორცს უფლეთს და კლავს. როგორ მეყვარებოდა არჩი, რომ არა ეს მრისხანე, სამართლიანი და შთამბეჭდავი სასაკლაო – დიდებული საუნდტრეკებისა და აყვავებული საკურების ფონზე.

სიკვდილის ფიქრი კი არ მამწუხრებს, არამედ მაცოფებს. ძაღლივით ცოფებს ვყრი გლეხებზე, იმ ორ ადამიანზე ვცოფდები. იმ მიცვალებულზეც კი ვცოფდები, ვისი დაკრძალვის გამოც მაღაზია „არგიშტი“ დაკეტილი დამხვდა და სიგარეტისთვის სოფლის ცენტრამდე  მომიწია მოსვლა. ისევ და ისევ საკუთარ თავზე ვბრაზდები, ვაიქში რომ არ ვიყიდე სიგარეტი.

ნარეს გამოხდილი ღვინის წვეულებაზე იყო, მგონი, თამაშს ვთამაშობდით – „ვინ როგორ მოკვდებოდა“. დეროს მოგონილი იყო. ნაჰაპეტმა თქვა: „სოფლის სახლის ბაღში კაკლის ხე გვიდგას, მამაჩემის პაპამ დარგო მამაჩემთან ერთად; მამა მაშინ ბავშვი იყო. აი, იმ ხის ქვეშ მწოლიარე მოვკვდებოდი – ლურჯი ცისა და ხასხასა მწვანე ფოთლების შემყურე“. აი, იდიოტი! რა სისულელეა! თითქოს სიკვდილში მის მიმართ ზიზღი კი არა, რაღაც მნიშვნელობა, სილამაზეც კი იყოს. ახლა მე ვწევარ, ნაჰაპეტის ნათქვამ ცის სილურჯეს და ფოთლების სიმწვანეს ვუყურებ და მზარავს. გული მერევა თმასა და შუბლზე მიმხმარ სისხლზე, ჩემს დაგლეჯილ ტანსაცმელზე, მუცელსა და ბარძაყზე დამჩნეულ იმ სილურჯეებზე, რომლებიც თანდათან დიდდება. მეზიზღება ჩემი ეს ჰორიზონტალური მდგომარეობა. თუმცა ყველაზე მეტად ის თვითმოტყუება მზარავს, ვითომ სიკვდილის შემდეგ სამყაროსა და მისი ისტორიის ნაწილი გავხდებით. მე ამას მხოლოდ სიცოცხლეში ვგრძნობ, კვდომისას კი ვიცი, რომ ვიქნები საათობრივად მზარდი სიმახინჯის გროვა, რომელიც, საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში გაქრება. გაქრობა ნუგეშია. მაგრამ ეს ნუგეში ისეთი სევდიანია, გამოუთქმელად, გამოუთქმელად სევდიანი. დილით იმისთვის გავიღვიძე, რომ საღამოს არჩისთან ვყოფილიყავი. სიცოცხლე მშვენიერი იყო. ფეხებზე მკიდია სიცოცხლის მშვენიერება, თუ მე მასში არ ვარ! შევეცი ამ სოფელს თავისი კეთილსინდისიერი დაკრძალვით, შევეცი იმ ორის კეთილებს, შევეცი ამ  ცის სილურჯესა და ფოთლის სიმწვანეს.

დავრეკო.

ნაჰაპეტს დავურეკავ, მოვიდეს და წამიყვანოს. ნაჰაპეტის ნომერი ზეპირად ვიცი: 055-333-754. ტელეფონი… არ არის. სად არის? იმდენი ვეძებე. მანქანაში კარგად მოვძებნე? როგორი არეული მქონდა გონება. რას ვხვდებოდი? რას ვფიქრობდი? გაბრუებული, დაბუჟებული ვიყავი.  მანქანიდან ჩამოვედი, ქუჩაში რომ მომეძებნა. გზის პირას ამოსულ ჭინჭრებში ჩავიხედე? ჭინჭრებში რომ ყოფილიყო, ხმას გავიგონებდი. რა ხმას? ვინ უნდა დამირეკოს? არავინ იცის, რომ აქ ვარ. მანე დარეკავს, დედა დარეკავს, არჩი დარეკავს. ახლა არ დარეკავენ, იციან – გზაში ვარ, საზღვრამდეც არ ვიქნებოდი მისული. იქნებ მალე დარეკონ, იქნებ ტელეფონი ახლოსაა, იქნებ გავიგონო, იქნებ ვიპოვო.

სისულელე ჩავიდინე, რომ ვთქვი – ყველაფერი რიგზეა-მეთქი. ახლა კი ვხედავ, რომ არაფერიც არ არის რიგზე. სხეულზე მომრავლებული სილურჯეები მეუბნებიან, რომ სისხლისგან ვიცლები. ძვლები მაგარი გამომადგა, მაგრამ შიგნით რაღაც გაწყდა; ახლა სხეულის ყოველი კუთხიდან სისხლი ამ ნაგლეჯიდან გარეთ ჟონავს, სადღაც მუცელში გროვდება და ნელ-ნელა სიცოცხლეს მართმევს.

სათითაოდ ამოვწყვეტდი ამ ფუტკრებს, რომელთა ბზუილიც ჩემს ხმაზე მაღალია. ნექტარს აგროვებენ. ყვავილის მტვრიანებს ეხახუნებიან. ახლა ყვავილის მტვერს სხვა ყვავილზე გადაიტანენ, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს: ნაყოფი, თესლი, ახალი ყვავილი. სიცოცხლე მშვენივრად გაგრძელდება. მე კი აღარ ვიქნები.

– ჰეეეი!

თუ გადავრჩი, ისეთ ფართის მოვაწყობთ, როგორიც იმ „მაცივარში“ გვქონდა – გიჟურსა და სექსუალურს. წინა ჯერზე სერინემ როგორ მოიფიქრა, რომ თეოს ბიზნესი სამეგობროსთვის უნდა გამოგვეყენებინა? ხილის შესანახად აგებული ის გიგანტური მაცივარი-შენობა ღამის კლუბად ვაქციეთ და იქაურობა ავაგრიალეთ: სინათლე, ფერები და ღამე ერთმანეთში ავურიეთ და ვცეკვავდით; მუსიკა, სიყვარული და სიხარული ცაში ავტყორცნეთ. საკაიფო იყო. მწვადიც კი კარგი გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კაცები ხელმოცარული და უნიათო ხალხია – ჩვენი დროის ინტელექტუალები. ისრაელ-პალესტინის ომის შედეგების შეჯამება შეუძლიათ, ბაიდენის განცხადებებში მუტილოვკების პოვნა, ნეთანიაჰუს საჯდომზე თაგვის დახატვა, მაგრამ მწვადის შეწვა არ ეხერხებათ. ლიპო თავის კალიბრიან შორტებს ჩაიცვამს, შორიდან შეხედავს მწვადის შემწველებს და ნერვიულად იყვირებს: „ბიჭო, უთხარით, ეგ შამფურის ტილო დაასველონ და მერე მოკიდონ ხელი!“  კაცმა ფიზიკა-მათემატიკის სკოლა დაამთავრა, მაგრამ ის კი არ იცის, რომ თუ თერმოდინამიკაში წყალი სითბოს გამტარია, მწვადის შეწვისას ცხელ შამფურს მშრალი ტილოთი უნდა მოჰკიდო ხელი. მოკლედ, იყვირებს, იბუზღუნებს, მწვადის მთვლელს ძუნწად შერაცხავს, მუსიკის ჩამრთველს – ზვუკში ვერგარკვეულად, გამნათებელს კი – შუქნიშნების სპეციალისტად. ხისტია და გაუთლელი, მხოლოდ მეგობრობის სიმტკიცის იმედად. და მეგობრობა, რა თქმა უნდა, ყოველთვის იმარჯვებს. არა იმიტომ, რომ ყველა მიმტევებელია, არამედ იმიტომ, რომ არავინ არაფერს იმჩნევს. ლუდი, ვისკი და სიცილი კი ყოველთვის ოხრადაა – ყველას ერთმანეთში ურევს და თანაბრად ყოფს. მხოლოდ სერინე და ჰრიცკო გადიან ხოლმე რაღაც მომენტში სექსისთვის. ყველას აფრთხილებენ, რომ ზედა სართულზე არავინ ავიდეს და მიდიან. მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს ნარესა და რეის არ ეხებათ. ჩვენ კი არ ავდივართ. ბინაც კი არ ადის. აი, რატომაა, რომ არაფერი გვინახავს – გადამღები არავინ ყოფილა.

— გოგო, რომელი ხარ?

— ამ სოფლიდან არ ვარ.

— ხმამაღლა თქვი, ყურს მაკლია!

— ამ სოფლიდან არ ვარ-მეთქი!

— მიწაზე რამ დაგაწვინა, შე ოჯახქორო? ყველაფერს გაიციებ, რაც გაბადია. ამ შუშიკას ერთი ნაგლეჯი არ აღმოაჩნდა, რომ დაგიფინოს და ზედ ლამაზად გაწოლილიყავი?

— ბებო, ექიმია საჭირო. კარგად არ ვარ.

— აი, შვილო, ყურში არ მესმის, ხმამაღლა მითხარი, რამე რომ გავიგო.

— ექიმი, ბებო!

— შუშიკა სადაა? შუშიკ, შე, შუშიკ! მთელი ნათესაობა აკრიფა და დაკრძალვაზე წავიდა? შუშიიიკ!

— მედპუნქტი გაქვთ?

— მოიცა, ახლოს მოვალ, ვნახო, რას მეუბნები.

შაზამ ფართის DJ სერო იყო. რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა ომიდან. სიკვდილს გადაურჩა. ჩვენს ფართიზე დიჯეობდა. დედამისის – სერინეს საყვარელ მიუზიქს უკრავდა. სერინეც აჯაზებდა. ყველა ვაჯაზებდით.

სიხარულის გამო სინდისის ქენჯნა არასდროს მიგრძნია.

            ნეტავ სევდა არ არსებობდეს.

რამე ქენი, ბებო, ვინმე იპოვე, ასე არ მომკლა. და თუ მოვკვდები? მანე საკუთარ გამოძიებას დაიწყებს და მიხვდება, რომ სიკვდილი ძალიან მწარე არ ყოფილა. იცის, რომ მე ძალიან მწარე არაფერი დამემართება. საღამოს, თუ არ დავურეკე, თვითონ დარეკავს. დარეკავს და არ ვუპასუხებ. ინერვიულებს. აბა, რა გინდა? კვდები და არ ინერვიულოს? ყველაფერი ძალიანაც მწარეა. ვერ უტყდები საკუთარ თავს, თავს ირწმუნებ, რომ არაფერი მწარე არ დაგემართება – არ არის მწარე. ძალიან სევდიანია და უიმედო, მაგრამ მწარე – არა. ჩემი საყვარლისკენ მიმავალ გზაზე მოვკვდი და მწარე როგორ იქნება? ბედნიერ გზას დავადექი, ხეობას ვუყურებდი, არჩისთვის ხეობაში გაუჩინარებული შევარდენი დავინახე, არჩისთვის საგანგებოდ გამოვიპრანჭე თეთრი კაბა მაცვია, თმაში კი – ფერადი ნაწნავები. მწარე არ არის, სევდიანია, ცრემლიანი სევდაა.

თუ გადავრჩი, ისევ წავალთ დილიჯანში, იმ სახლში, წინა ჯერზე რომ ვიქირავეთ. რუბოსთან ერთად გამთენიისას ყავას დავლევთ და ვილაპარაკებთ ქადის გამოცხობაზე, ნაბერეჟნიზე, ბლოკჩეინზე, ბუტირკაზე. უფრო სწორად, ის ილაპარაკებს, მე კი მოვუსმენ, ან არ მოვუსმენ. ყოველ შემთხვევაში, განთიადი მშვიდი იქნება, სანამ თეო ზედა სართულიდან არ გადმოეკიდება და არ გვეტყვის: „თქვე ლუზერებო, აღმოსავლეთი შენობის მეორე მხარესააო“. რუბო დააწლაპუნებს, სიგარეტიან თითებს გაჩაჩხავს, ყლეზე მიუთითებს და ნათლად უჩვენებს, რას ფიქრობს აღმოსავლეთსა და მზის ამოსვლაზე.

თეოს ალბათ აღარ ახსოვს, უნივერსიტეტის კიბეებზე, შადრევანთან რომ ვკოცნაობდით – დაუდევრად, უდარდელად, მაგრამ დაუღალავად. ერთ დღეს კიმი მოვიდა და მითხრა:

– გუშინ ამ ბიჭს მე ვეკოცნავებოდი.

– ახლა დღესაა, გუშინ არაა, – ვუპასუხე.

– მაგრამ ბიჭი ხომ გუშინდელია.

– გუშინდელი ბიჭი ხარ, თეო?

– გუშინ გუშინდელი ვიყავი, დღეს დღევანდელი ვარ.

– და  ხვალ?

თეოს ჭკუა იმისთვის ეყო, ეთქვა – გუშინ გუშინდელი ვიყავი და დღეს დღევანდელი ვარო, მაგრამ იმის გასაგებად აღარ ეყო, რომ ხვალინდელი დღეც ერთ დროს დღევანდელი გახდება და თან – გუშინდელიც. ან ვერ მიხვდა, ანდაც უბრალოდ შეუყვარდა. ბევრი აღარ გვიჩხირკედელავია: ნარეზე დაქორწინდა. მე და კიმი კი დავმეგობრდით. ოცდასამი წლის მერეც მოვა, თავზე დამადგება და მეტყვის: ეგ ჩემი ღვინოა, დაო, მაგრამ თუ გული მიგივიდა, დალიეო.

ამერიკაში მზის ამოსვლას ყოველდღე ვხედავ, იმიტომ რომ ადრე ვიღვიძებ. ვერ ვიტყვი, რომ ვეგებები. უბრალოდ ვამჩნევ, როგორ ნათდება ირგვლივ ყველაფერი. უიქენდებზეც კი დიდხანს არ გვძინავს. ბაღში ქევინთან ერთად ყავას ვსვამთ და ქასქოდან  ყუთით ნაყიდ კრუასანებს ვჭამთ. ვათბობთ ხოლმე, რომ გემრიელი მოგვეჩვენოს. ესეც ალბათ შოვინიზმის ფორმაა: ვცხოვრობ აშშ-ში, მაგრამ მინდა, რომ ამერიკელი არ ვიყო. ქევინი ჩემს ძალდატანებას ვერ ხვდება, იმიტომ რომ ეს არ ჩანს. უბრალოდ კრუასანია, ყავის გვერდით დადებული – ხელსახოცთან და პატარა დანა-ჩანგალთან ერთად. ქევინი იღიმის და ამბობს – fancy. მერე კრუასანს ხელებით ვიღებთ და ვსანსლავთ, კვალს კი ყავით ვრეცხავთ.

თუ გადავრჩი, სომხეთში უფრო ხშირად ჩამოვალ. ან ამ რეგიონში ვიპოვი სამუშაოს, როგორც რვა წლის წინ მოვიქეცი. ქალბატონმა როზამ როგორც კი გაიგო, რომ თბილისში გადავდიოდი, ჩვენთან მოვიდა. ძალიან აღელვებული იყო. ლაპარაკისას მკერდზე იკრავდა ლურჯი აბრეშუმის ქისას, რომელიც ვერცხლისფერი ძაფებით იყო მოქარგული. შიგნით გასაღები იდო – თბილისში მდებარე მისი მამისეული სახლის გასაღები. დროდადრო მისვლა, ფოტოების გადაღება და მისთვის გაგზავნა მთხოვა. ენატრებოდა,  ჩემი თვალებით ხელახლა უნდოდა სახლის ნახვა. გასაღები ისე გადმომცა, თითქოს რაღაც მაგიური ქვა ყოფილიყო – საიდუმლოებებითა და სასწაულებით სავსე. გამორჩეული ნივთი იყო: დიდი, ძველებური, მოჩუქურთმებული. სწორედ მან გადაგვიშალა მე და არჩის სინათლით სავსე სამყარო. ბინა მართლაც ნათელი აღმოჩნდა. სამი დიდი ფანჯარა ოთახს გარეთა სამყაროს მთელი შუქით ავსებდა – განთიადის ვარდისფერი თრობით, შუადღის კაშკაშა სხივებით, მწუხრის მეოცნებე ელვარებითა და მთვარის მომნუსხველი ნათებით.

– არ უნდა მეთქვა, კარგად ვარ-მეთქი. რატომ თქვი? რატომ თქვი, კარგად ვარო? მანქანა დაგეჯახა. სწრაფად მიმავალი მანქანა. ფეხზე წამოდექი და მოგეჩვენა, რომ კარგად ხარ? მოგეჩვენა, რომ ძალიან არ გეტკინა? – მეტკინა, მაგრამ წამოვდექი, სიარული შევძელი. მეგონა, გამივლიდა. მეგონა, უბრალოდ შევშინდი. – არ გინდოდა გზიდან გადაგეხვია. გინდოდა არჩისთან მიგესწრო. უფრო გონიერი რომ ყოფილიყავი, იქნებ მიგესწრო კიდეც. იქნებ კი არა, ნამდვილად! უთხარი, კარგად ვარ, ნუ ნერვიულობთო – და წამოხვედი, ჩაჯექი შენს მანქანაში. უნდა გეთხოვა, საავადმყოფოში მიეყვანე. მაშინვე უნდა დაგერეკა ვინმესთვის. სასწრაფოში… – ტელეფონი ვერ ვიპოვე. – ისეთი დაბნეული და გაბრუებული იყავი, წინ რომ დებულიყო, მაინც ვერ დაინახავდი. – არა, ხელიდან გამივარდა. ნამდვილად ხელიდან გამივარდა. – მათაც დაიჯერეს, რომ კარგად ხარ, ან ასე უფრო აწყობდათ. – ეჩქარებოდათ. დაკრძალვაზე აგვიანდებოდათ. – ტყუილად არ იყიდე სიგარეტი ვაიქში. – საიდან უნდა მცოდნოდა, რომ გზისპირა მაღაზია დაკეტილი დამხვდებოდა? – არ უნდა შეგეხვია სოფლის ცენტრისკენ. – რატომაც არა? სოფელია, სოფლის ცენტრია,  მაღაზიაა. საიდან უნდა მცოდნოდა, ასე თუ მოხდებოდა? უნდა წამოვსულიყავი. მარტუნამდე შეიძლება მაღაზია აღარ ყოფილიყო. სამაგიეროდ იქნებოდა კარგი ხედები, გავჩერდებოდი, შევხედავდი, მოვწევდი – ასე ყურება კარგია. – შედეგად, ახლა ვერც ეწევი და ვერც უყურებ. ჭკუა სად გქონდა? მანქანიდან რომ გადმოდიოდი, ჭკუა სად გქონდა, თვალი სად გქონდა? – მეჩქარებოდა, მეჩქარებოდა, მეგონა, რომ მოვასწრებდი. – ვერ მოასწარი! ვერ მოასწარი!
– ნუ მთრგუნავ, ნუ მთრგუნავ.

ერთხელ ჩვენს ჩატში ვიკითხე: „რატომ არის ოქრო ძვირი?“

კიმმა მილანის „ფონდაციონე პრადას“ მუზეუმის ოქროს კედელი ალოკა და თქვა: „ლამაზია. გოიმური და ლამაზი.“

რუბომ თქვა: „ცოტაა; ინდუსტრიის ზოგიერთ დარგში ხშირად შეუცვლელია; ლამაზია და უნიკალური  ფიზიკური თვისებები აქვს – განსაკუთრებით საიუველირო ხელოვნებისთვის. პლუს, მისი მოპოვება სამრეწველო მასშტაბით ძალიან რთული და ხარჯიანია“.

ყველას არ უპასუხია. ზოგმა თქვა: „შეგვეშვი“, „გუგლის მისამართი ხომ არ დაგავიწყდა?“, „მაგის თავი არ გვაქვს“. უხეშები ვართ, ბასრი ეკლები გვაქვს, რომლებსაც სიახლოვისგან ერთმანეთის კანში ვასობთ – დაუნდობლად.

იორდანიაშიც, ნანგრევებზე დგომისას, ზუსტად ისევე ვგრძნობდი ამ თანამონაწილეობის განცდას, როგორც დღეს – ამ ხეობაში. ვსუნთქავდი, რომ ის ჩემში ჩამეტია; მეგრძნო, რომ ჩემი გულის ფეთქვა ამ წამის რიტმს ერწყმოდა. და წამი მხოლოდ ის კი არ იყო, რომ ანტიკური თეატრის სახურავზე ხელებგაშლილი წონასწორობის შენარჩუნებას ვცდილობდი, ქარი კი მიბერავდა და ტილოს სამოსქვეშ, გრაფიკული ჩანახატივით, ჩემს ლამაზ სილუეტს გამოკვეთდა. წამი ის იყო, რომ მე ნანგრევების მწვერვალზე ვიდექი, მაშინ, როცა ქევინი ქვევით, ჟურნალისთვის ფოტოებს იღებდა; თბილისში კი არჩი თავის ბინაში ფილმის აფიშას უყურებდა და ფიქრობდა, რომ მაინც ვერ შეძლო მეგობრის დაყოლიება, ეს ფილმი ენახა; ნევადაში ვარდისფერშარვლიანი ქალი ქუჩაში ნაგვის ურნას მიაგორებდა, იმავდროულად კი ოსლოში ვიღაც საცხობში შედიოდა და კარმა დაიწკარუნა…

წამი… დიდია…

წამის მაგნიტუდის შესაგრძნობად შენში სიცოცხლე უნდა ჩქეფდეს. ამიტომაც სიკვდილი შეუძლებელია. ახლა ვერ მოვკვდები. გამორიცხულია. აბსურდია. ცოტა ხანი კიდევ, სულ ცოტა. ახლა მზად არ ვარ. ვის მოველაპარაკო? უკვე გადაწყვეტილია ყველაფერი? ბევრი არ მინდა, სულ ცოტა. ხალხს მაინც ვუთხრა რამე. დამშვიდობება კი არა, სისულელეა, მაგრამ რაღაც… ბოლოსიტყვაობასავით. ახლა ყველაფერი ჰაერშია გამოკიდებული.  – რა უნდა თქვა ისეთი, რაც აქამდე არ გითქვამს, ან რაც უთქმელადაც არ იციან? – ვეტყვი – ნუ სევდიანობთ-მეთქი. – შენ რატომ უნდა უთხრა, რას გრძნობდნენ? ან რატომ არ უნდა დასევდიანდნენ? საყვარელ ადამიანს კარგავენ. როგორ არ დასევდიანდნენ?

დილიჯანში, არ მგონია, შეთანხმებულები ყოფილიყვნენ, მაგრამ ოთახებიდან სათითაოდ დაიწყეს ჩამოსვლა და მათ, ვინც უკვე დაბლა ისხდნენ, ეკითხებოდნენ: მზის ამოსვლას შეეგებეთო? მე და რუბოს – არა, ალისს ამ გაუთავებელი კითხვისგან ნერვები მოეშალა და მთელი ბრაზი ნაჰაპეტზე გადმოანთხია. იქნებ იმიტომ, რომ მეოთხე მკითხველი იყო, ან იქნებ იმიტომ, რომ ქმარი იყო: „ეს შენთვის ბლდნჩანი  არ არის და აქ ყველა 80-იან წლებში დაბადებული არ არის!“ ახლა ვფიქრობ ალისის ნათქვამზე. ის ჩვენ მზის ამოსვლის შემგებებელთა თაობად გვთვლის. არ ვარ დარწმუნებული, მესმის თუ არა, რას ნიშნავს ეს, მაგრამ ალისი ამას კრიტიკული ტონით ამბობდა.

თევზს ვჭამდი და ღვინოს ვსვამდი. მაშინ ამ ყველაფრის მხოლოდ ხალისი ვიცოდი და წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს უკანასკნელი ულუფა იყო. არც ხეობას რომ გავყურებდი, მაშინ ვიცოდი, რომ ბოლოჯერ ვუყურებდი. ბოლოჯერ ვატარებდი მანქანას საყვარელ ადამიანთან მისასვლელად. და ამის მნიშვნელობა მხოლოდ ის კი არ არის, რომ მეტჯერ ვეღარ დავლევ ღვინოს, ვეღარ შევხედავ ხეობას ან ვეღარ მივალ საყვარელ კაცთან.

ეს საერთოდ ყველაფრის დასასრულია. დასასრული დასრულების გარეშე. უბრალოდ – წყვეტა. ამიერიდან – აღარაფერი. არ ვიცი, როგორ აგიხსნათ ეს მაგნიტუდა. ეს არ ჰგავს ფილმის ყველაზე დაძაბულ მომენტში რეკლამის ჩართვას. არც იმას ჰგავს, ფილმის დროს დენი რომ წავა და კინო ნახევარზე წყდება. ეს იმას ჰგავს, როცა მთელი დარბაზი შენს საყვარელ ფილმს უყურებს და ტკბება, შენ კი უნდა გახვიდე. მხოლოდ შენ. უნდა წახვიდე. თანაც არა კინოდარბაზიდან ქუჩაში, არამედ რაღაცაში, რაღაც ბნელ, მრგვალ სიცარიელეში, სადაც მარადიულობა ისეთი სქელია, რომ გკუმშავს და გახრჩობს. ყველა აგრძელებს ამ საუცხოო სურათით ტკბობას, შენ კი უგზო-უკვლოდ ქრები, სამუდამოდ. შენთვის აღარაფერი არსებობს.

ჩემს მუცელში – ნაწლავებს, ღვიძლს, თირკმელებს, სხვადასხვაგვარ ძარღვებსა და სისხლძარღვებს შორის – ნელთბილი და სქელი გუბე დგება. ჩემი სიცოცხლის ნარჩენები წვეთ-წვეთად გროვდება შედედებულ სისხლში, რათა დინება და მოძრაობა შეწყდეს. მარადიული გაჩერება.

მანამდე კი იყო ცხოვრება – ჩვეულებრივი, არსობისა.

მანამდე კი სიცოცხლე იყო – ჩვეულებრივი, ყოველდღიური.

ყველა მათგანი მინახავს გასაწყლებული: სერინე – ყელზე წითელი ძაფის ნაწიბურით; თეო – ჟაკეტში მოკუნტული; ლიპო – სიგარეტის ნამწვის ღეჭვისას; დერო – საყელოში ცხვირჩარგული; რუბო – თვალებში თითებჩაჭერილი; კიმი – დამუნჯებული; ნაჰაპეტი – გალიაში შობილი და გალიაშივე მცხოვრები ლომის ბოკვერი. თავდახრილები. თითქოს ტელეფონებში ჩაკარგულნი. ტელეფონის დაუსრულებელ სქროლვაში, რომელიც იმედს მაინც არ იძლევა. კვამლში დაკარგულნი, ზოგი – უბრალოდ დაკარგული. ბინა  კი მზერით გვეუბნება: თქვე ნაძირალებო.

ერთხელ არჩიმ შეტყობინება მიიღო და მითხრა: „ჩემი სათვალე ხომ არ გინახავს? წვრილ ასოებს ვერ ვკითხულობო“. ვუთხარი: „რად გინდა სათვალე, თითებით გაწელე ეკრანი და გაადიდე-მეთქი“. გავიცინეთ.

მხარზე რაღაცას ვგრძნობ. თვალები გავახილე. მოხუცი ქალი ხელჯოხს მირტყამს. ტუჩების მოძრაობით ვხვდები, რომ რაღაცას მეუბნება; ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს დიდი ხანია მელაპარაკება.

— შუშიკ, არშაკ, არის მანდ ვინმე ხართ? გამოდით! – არ ხარ კარგად, შვილო? რა დაგემართა?

— ლიპოს დაურეკე.

 — ლიპო ვინ არის?

— დეროსთან ერთად… სახლში წამიყვანონ…

— შუშიკ! ვრთანეს, ეი, ვრთანეს! არის ვინმე? ვაიმე, შვილო ამას რას ხედავს ჩემი თვალები! ჩემი მძიმე ფეხების იმედად ხარ დარჩენილი? ვაი, დედაბერო, ვაი, სიბერევ! გაუძელი, შვილო, გაუძელი!

დიახ, ვგლოვობ. გლოვისგან ისედაც მწირი ძალები უფრო სწრაფად მეცლება. კისრის ქვეშ ცრემლები მიგროვდება. სიკვდილი დამამცირებელია. სიკვდილი საზარლად დამამცირებელია, როცა არსებობს სიცოცხლე.

დიახ, ვგლოვობ.

და ეს სიმარტოვე… მეცხრე კლასს რომ ვამთავრებდი, იმ ზაფხულს მივხვდი, რომ სიმარტოვე ახლობელი ადამიანების არყოფნა კი არა, არამედ საკუთარი ადგილის არქონაა; სიცოცხლის მსვლელობაში საკუთარი ადგილის ვერპოვნა. ადგილის არარსებობაა სიმარტოვე. ახლა კი ეს ადგილი ფეხქვეშ მეცლება; ის ნელ-ნელა ცვდება, ვიდრე არ ჩავიკარგები სივრცის არარსებობაში. სიკვდილი. სიმარტოვე. არაფერი. მარადიული არაფერი.

იმ დღეს იმ სახლში რაღაც განსაკუთრებული მოხდა. თითქოს მთელი სამყაროს სინათლე ძველი სახლის სამ სარკმელში შემოიჭრა და ცეცხლის ალივით აირეკლა არჩის სახეზე. იმ დღეს არჩიში პატარა ბიჭი დავინახე; დავინახე მოზარდიც, ჭაბუკიც, ხანდაზმულიც და მოხუციც. დავინახე არჩის არსი – სხვადასხვა დროის გამოვლინებებით. ეს ნამდვილი არჩი იყო, ან იქნებ სულაც არ იყო არჩი. ძნელი სათქმელია. უცნაურია. ალბათ თვითონაც იგრძნო, რომ ის წამი არაამქვეყნიური იყო, საიდუმლოებით მოცული.

როგორ მოვყვე ჩემი სიკვდილის ამბავი?

რაღაც აღარ იქნება. და ეს რაღაც – მე ვარ.

ეს გრძნობა არ ჰგავს იმ ტანჯვას, რომლის აღსაწერად სიტყვები სათითაოდ, ლამაზ-ლამაზად პოულობენ თავიანთ ადგილს, ხსნიან, აყალიბებენ და გაგებინებენ სათქმელს. არა. ამ მძვინვარე ქარბორბალაში არაფერი იძებნება, ის ყველაფერს თავის მორევში ითრევს – არეულად, უხეშად, მშფოთვარედ და შეშლილად. აქ არ არის ბოლო გვერდის გადაშლის ის გარკვეულობა; აქ მხოლოდ გადაშლილი წიგნის ფურცლების შრიალია   – ნერვიული, გამაღიზიანებელი შრიალი, რომლისგანაც თავის დაღწევა და გაქცევა გინდა. მაგრამ სად? ადგილი არ არის. ამიერიდან ადგილი აღარ არსებობს. ამიერიდან აღარც ერთი ადგილი აღარ არსებობს.

ერთხელ ჩვენს ჩათში ვიკითხე: „რატომ არის ოქრო ძვირი?“

თეომ თქვა: „ცოტაა )) და პრიალა. კეთილშობილი ლითონია. სამკაულების გარდა, დიდი გამოყენებითი პოტენციალიც აქვს“. ნაჰაპეტმა თქვა: „შეზღუდული რესურსია. საიუველირო ხელოვნების გარდა, მაღალ ტექნოლოგიებშიც გამოიყენება – ზეზუსტი ხელსაწყოების შესაქმნელად“.

ბინამ დაამატა: „და მედიცინაშიც“.

თეომ დაამატა: „ოქრო ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ინვესტიციაა“.

ბევრმა ჩემი კითხვა უპასუხოდ დატოვა. თავაზიანობით თავს არავინ იწუხებს. მეგობრები ვართ. ურთიერთობის ყველა ფორმა უკვე გამომჟღავნებულია, ამოწურული. და ეს ჩვენი უსუსურობა… ჩვენი მოწყვლადობა, რომელიც სიკვდილის წინაშე კი არა, სიცოცხლეში იჩენს თავს – სირცხვილის წინაშე, თავმოყვარეობის, წარუმატებლობის, დაუცველად გამოჩენის, ვინმეს წყენინების, გაუგებრობისა და გაგებულად ყოფნის უსასრულო მცდელობების წინაშე.

გული ხმელ, პატარა გორგლად მექცა. ეს ის ნამდვილი გული არ არის – სიმამაცის, სიკეთისა და სიძლიერის ნაცვლად რომ ახსენებენ ხოლმე, ან ჟინისა და იმედის ნაცვლად. ის გული დაიკარგა. ახლა შიშისა და შფოთვისგან შიგნიდან ვარ მოკუმული. თავზარი დამცა იმან, რაც მომდინარე ქვიშას ჰგავს: მისი შეჩერება შეუძლებელია. იღვრება მსუბუქად, ნელ-ნელა ზედ მამძიმდება – აუღელვებლად, შეუქცევადად. იმ დღეს წვეულებაზე მინდოდა მშვიდად მოვმკვდარიყავი. ბევრს უნდოდა მშვიდად სიკვდილი. მხოლოდ ჰრიცკომ იცოდა, რომ სიკვდილი სისაძაგლესავით მოდის: ჭუჭყითა და ტკივილით. ამიტომაც დადის ცილინდრით.

დღეს ჩემი ამბავი დასრულდება. გამოვილევი. ამიერიდან ჩემგან შეტყობინებას აღარავინ მიიღებს, ჩემი პასპორტით აღარცერთი მოგზაურობა აღარ შედგება, ვერცერთი კამერა ვეღარ დააფიქსირებს ჩემს გაზრდას, აღარ გაისმება ჩემი ხმა და თოვლზე აღარ დარჩება ჩემი ნაბიჯები.

ერთ დღეს ყველაფერი დასრულდება. მზეც კი ამოწურავს თავის სითბოსა და სინათლეს, ჩაქრება ისე, როგორც უამრავი სხვა ვარსკვლავი ჩამქრალა.

მაგრამ უჰიკ-ქურიკმა იცის: როცა მომაკვდავი ვარსკვლავები უკანასკნელი ამოსუნთქვისას ერთმანეთს ეჯახებიან, სწორედ მაშინ იბადება ოქრო.

ერთხელ გავიგე, რომ ზეტ თაობა წერტილს არ იყენებს. ზოგი ამბობს, რომ წერტილი მათთვის უხეშია, ზოგი – რომ აშინებთ, რადგან დასასრულს და სიკვდილს აგონებთ. ალბათ ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. რაში გჭირდება წერტილი, როცა წერ: 

ძალიან ლამაზი ხართ

ან:

გამარჯობა

კარგად ხარ?

ყავა დავლიოთ?

წერტილი მაშინაა საჭირო, როცა მას მაშინვე მოჰყვება გაგრძელება. თუ გაგრძელება აღარ არის, მაშინ წერტილის გარეშეც ცხადია დასასრული.

ასეა თუ ისე, მე და არჩი ზეტ თაობიდან არ ვართ. წერტილი ჩვენი სამყაროს ნაწილია.

როგორ მოვყვე ჩემი სიკვდილის ამბავი?

გამოგიგზავნი  ნიშანს – წერტილს – და შენ მიხვდები, რომ მანამდე ამბავი იყო.        რაღაც ნამდვილად იყო.

მიწა, რომელიც უამრავი წვრილფეხა არსების სახლია, მეც მიმიღებს, თუმცა მისთვის ასეთი უცხო ვარ. ან იქნებ აღარც… ახლა, როცა მიწასთან ჩემი კავშირი უფრო მეტია, ვიდრე მანქანის საბურავების შეხება ასფალტთან, ან გაზონის მიწის სუნის შეგრძნება, ან სუპერმარკეტის უკანა დახლებზე ჩამოკიდებული ნიჩბებისა და ფარცხების უცხოობა; ახლა, როცა ჩემი სხეული მიწაზეა, როგორც ლოგინში, როცა ვსუნთქავ მისგან ამომავალ ნესტს და მესმის მის ნაპრალებში გაჩაღებული სიცოცხლის ხმა, მე აღარ ვარ უცხო მიწისთვის და აღარც მიწაა უცხო ჩემთვის.

რამდენიმე წლის წინ თარგეთში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი ვნახე – საოცრად მშვენიერი. განადგურებული ვიყავი. მინდოდა, არ მეტირა, რადგან უცხოებს შორის ტირილი მწარეა, მაგრამ მაინც ვტიროდი. ერთმა ქალმა ჩახუტება შემომთავაზა. სიხარულით დავთანხმდი. ჩემი დარდის გაზიარება მინდოდა, მაგრამ ისიც მინდოდა, რომ მას ჩემი გაეგო, ამიტომ არ მითქვამს, სომხეთში ომი დაიწყო-მეთქი; ვუთხარი –ლოთი ქმარი მყავს-მეთქი. ქალი ისევ ჩამეხუტა. რაღაცებს მეუბნებოდა, აუცილებლად უნდოდა ჩემი ნუგეშისცემა. მე კი არ ვუსმენდი, ვუყურებდი და ვფიქრობდი: რა ძალზე, ძალზე მშვენიერია ეს ქალი თავისი წაბლისფერი თმითა და იმავე ფერის შარვლით.

– საღამოს დიდხანს დამელოდები. ვერ შევხვდებით, არჩილ. ინერვიულებ. სანამ, ბოლოს და ბოლოს, არ გაიგებ, რაც მოხდა. მერე დაიწყება უჩემო დღეები. იმ დროს, არჩილ, მე საღამოს მოვალ შენთან. მზის ჩასვლისას, როცა სინათლე შენობებს შორის მალულად ნაპერწკლებივით აციმციმდება და გრძელი ჩრდილები გაქრობას დაიწყებენ, მე ფერადოვანი და მღელვარე საღამო ვიქნები შენთვის.

შაზამ ფართიმდე გვეგონა, რომ წვეულება აღარასდროს გვექნებოდა, მაგრამ მაინც შედგა. სერო DJ იყო. ვერთობოდით, ვგიჟობდით. ყველა ვიცნობდით იმ ტკივილს ყელში, ტირილის შეკავებისას რომ ჩნდება. გვესმოდა ის დამცირებაც, ნაცრისფერ და გულისამრევ სიმწარეს რომ გგვრის; ის წკავწკავა უსუსურობა, მხოლოდ სიძულვილითა და შურისძიების იმედით რომ ყუჩდება. ჩვენთვის ნაცნობი იყო მწუხარება, რომელიც ჩვენი არ იყო, რომ შევგუებოდით – ჩვენ ვიტანჯებოდით. ისიც ვიცოდით, რამხელა შიშს ბადებს შემთხვევით გადარჩენა. ვიცოდით ცხოვრების ხელმოცარულობის უნუგეშობა. კიდევ ბევრი რამ ვიცოდით. სწორედ ამ ცოდნით ვერთობოდით. იმიტომ რომ ერთმანეთი გვყავდა და კიდევ – ბევრი ძვირფასი ადამიანი, ძვირფასი რამ. და ჯერ კიდევ გაგვაჩნდა სიცოცხლე.

მინდა, სიცოცხლემ ყოველთვის გაიმარჯვოს. იმარჯვებს კიდეც. ეს ერთი რამ მაინც ხდება ჩემი ნებით. ეს ერთიც.

– დღის ბოლოს, როცა ორომტრიალი ჩაცხრება და დღის მიმოსვლით დაიღლები, მე ვარდის სურნელოვანი საღამო ვიქნები შენთვის. მზის სხივებს შეზავებული, შენს ფანჯარაში შემოვცურდები. ჩემი ნაზი, ჰაეროვანი შუქით მოგიტან მეოცნებე ფიქრს, სათუთ მონატრებას. ჯადოსნურ თრობას მოგგვრი. მშვენიერი, ტკბილი და ნათელმოსილი საღამო ვიქნები შენთვის. ჩუმად, ფეხაკრეფით მოვალ და ყურში ჩაგჩურჩულებ წარსულის ამბებს. შეიძლება დანაღვლიანდე, შენი სული – სურვილით სავსე – იქნებ ცრემლადაც გადაიქცეს. და იქნებ სევდიანი საღამო ვიყო შენთვის. მაშინ უხილავი ფრთებით შეგეხები სახეზე და შენს სულს მირონვიცხებ დაისის მშვიდი სიმშვიდით.

შაზამ ფართიზე ბაღში ალუბლები ყვაოდა. აყვავებულ ხეებს შორის სურათებს ვიღებდით, მხიარულ და მოციმციმე კადრებს ვქმნიდით:

კადრი: ლიპო – ხელში მანდარინების ლანგრით; რუბო, დერო და თეო – ზურგს უკან ჩამწკრივებულნი; ჩაფიქრებული ღიმილები.

კიდევ ერთი კადრი: ნაჰაპეტი – მინაში არეკლილი; ირგვლივ ალუბლის თეთრი ყვავილები და სინათლე.

მომდევნო კადრი: რეი – ხელში დრელით. იცოდა, რას ააშენებდა. იცოდა, როგორ ააშენებდა.

შემდეგი კადრი: ჰრიცკო – არტისტული ჟესტით მკერდზე მიხუტებული ცილინდრით.

კიდევ ერთი კადრი: ნარე ალუბლის ხეებს შორის მიაბიჯებს; ფრთხილად, ფრთხილად, რომ ხელში მოქცეული ჭიქებიდან ღვინო არ დაეღვაროს.

სხვა კადრი: ალისმა ხმამაღლა გაიცინა. სურათშიც კი ისმის მისი ხმა.

ლამაზი კადრი: სერო გაჯგიმული დგას ალუბლის ძირთან; თავსზემოთ კი – ყვავილები, ყვავილები, ყვავილები… თითქოს სურათის ჩარჩოაო.

სხვა კადრი: სერინე – ერთი ხელი ლიპოს მხარზე ხალისიანად გადაგდებული, მეორე – აღშფოთებით გაწვდილი.

კადრი: კიმი ხის ქვეშ ზის. ბინამ დაიცადა, სანამ ის თავს ასწევდა და გადაუღო. კიმი ხის ქვეშ ზის და პირდაპირ თვალებში გიყურებს.

კიდევ ერთი კადრი: მე – ხის ტანს მიყრდნობილი, სასურათე ღიმილით ვიღიმი.

ახლაც მეღიმება; ეს თვალებში ჩაღვრილი უხილავი ღიმილია, მოგონებებით გამოწვეული. სანამ შემიძლია, მათ სათითაოდ გადავათვალიერებ.

– ჩიტების გალობით, ადამიანთა სიხარულითა და სიცოცხლის ყოველი ნაწილაკის ნაზი ხმით სავსე საღამო ვიქნები შენთვის. შენი ფარდის რხევას შევერევი, მოგიტან საკმეველით გაჟღენთილ იმედსა და მხურვალე სიმშვიდეს. შენს ბალიშზე სინათლის მიმქრალ კვალს დავტოვებ – სიყვარულით სავსე და მომაჯადოებელი ხილვების მოსაგონებლად. შენთვის ვიქნები კამკამა საღამო, ცაში მოხეტიალე გუგუნივით წმინდა. მოგიტან მხიარულ ციმციმსა და მოგონებებს, მოგონებებს – ნეტარებით სავსეს. შეგეხები მწუხრის საათების მდუმარებით. საოცარი მშვენებითა და ნაზი დაყოვნებით გაკოცებ. შენს გულს ნიავზე დარწეული ყვავილის სინაზით ავავსებ, რომ შენი სევდაც დაცხრეს.

მთელი ცხოვრება თან დავატარებთ ჩვენს ახალშობილ ბავშვობას; უმწეო, უტყვი არსება, სხვისთვის მიბარებული – მზრუნველობის გაუცნობიერებელი იმედით. არ გვახსოვს, მაგრამ ჩვენშია ის სითბო, რომლითაც მძინარეებს აკვანში გვაწვენდნენ. არ გვახსოვს, მაგრამ სწორედ ამ ზრუნვისა და სიყვარულის წყალობით ჩვენ, ბავშვებს, სამყარო და სიცოცხლე სასურველად და საოცრად გვეჩვენებოდა; არ შეგვშინებია, გვინდოდა, მივილტვოდით, ნაბიჯ-ნაბიჯ ვმონაწილეობდით, ვნებდებოდით, ვითვისებდით. თუ გავიხსენებთ ჩვენს ახალშობილ ბავშვობას… ჩვენ მიმართ გამოხატულ უზომო სიყვარულსა და მზრუნველობას.

ლიპომ ჩემი ამერიკაში გადასახლების ამბავი რომ გაიგო, ტირში წამიყვანა. – ამერიკაში მიდიხარ, სროლა უნდა გასწავლოო. – ხომ არ გგონია, ვესტერნის გმირობას ვაპირებ? – დაგჭირდება. გეტყვი, ვის დაუკავშირდე იარაღისთვის. – გგონია, წავალ, ქევინს ვესვრი, ყველა საკითხს დავხურავ და უკან დავბრუნდები? – ოკეანის გადაღმა სულ მარტო იქნები. შენ სროლა იცოდე და, თუ სხვა არაფერში დაგჭირდა, შენი ქევინისთვის ტირში დათუნიას მაინც მოიგებ.

სროლა მართლაც მასწავლა, ისე რომ ერთ-ერთ შეჯიბრებაზე (ირმებზე ნადირობის სეზონის წინ მოწყობილ) პრიზიც კი მოვიგე – გოჭის შებოლილი ბარკალი. მე და ქევინი მთელი კვირა შევექცეოდით. ყოველთვის, როცა იმ ლორს ვჭამდი, სიყვარულსა და მზრუნველობაზე ვფიქრობდი.

– როცა სინათლეში წყვდიადი ჩაიღვრება, მე გამოვჩნდები და შენთვის სინათლის შხეფებით სავსე ოცნებებისა და ნეტარების საღამო ვიქნები. მოგიყვები ამბებს მწუხრისას მოციმციმე ციცინათელების შუქზე. შეგახსენებ იმ აღტაცებას, ქუჩის ფარნების ანთების წამს რომ ახლავს. ზაფხულის მიწურულის გრილი საღამო ვიქნები შენთვის. სიოსთან ერთად ფოთლებში შევცურდები და მათი სიყვარულით სავსე შრიალით შეგახსენებ წუთისოფლის წარმავლობის საიდუმლოს. დაგაფიქრებ იმაზე, რაც ძვირფასია და იმაზე, თუ რარიგ საყვარელია სიცოცხლე. შენი მადლიერების მოწმე ვიქნები. შენთან ვიქნები. და როცა ღამე გრაგნილივით გამოჩნდება და მე გავუჩინარდები, იცოდე – ხვალ ისევ საღამო ვიქნები შენთვის.

ადრე მეგონა, რომ კოსმოსიდან მეტეორიტები მძაფრი ქროლვით კვეთდნენ ატმოსფეროს, ჩვენკენ მოისწრაფოდნენ, დედამიწას ეხეთქებოდნენ და მიწაში სიღრმეს, ჰაერში კი სიმხურვალეს ტოვებდნენ. მხოლოდ ახლახან გავიგე, რომ კოსმოსიდან მუდმივად გვაცვივა უმცირესი ნაწილაკები, რომელთაც ვერ ვხედავთ. ახლა კი ვგრძნობ, როგორ გროვდება სამყაროს მტვერი ჩემს წამწამებზე. ქუთუთოებში კი ხატებები მიდგას და აყვავებული ალუბლის სურნელი მცემს. წავიღებ მათ ჩემთან ერთად არარაობაში, ვიდრე ისინიც ჩემთან ერთად არ განადგურდებიან.“

,,დაკრძალვის დღეს სათითაოდ მოვლენ, ერთმანეთს იპოვიან, ნელ-ნელა შეიკრიბებიან და სადმე ერთად დადგებიან – მოწესრიგებულნი და გაწაფულნი.  მაგრამ მაინც დაბნეულები იქნებიან, რადგან რაც უნდა ბუნებრივი იყოს სიკვდილი, მეგობრის დაკარგვაში მაინც არის რაღაც არანორმალური და შემაძრწუნებელი. „ის, რაც ერთ-ერთ ჩვენგანს დაემართა, შეიძლება თითოეულ ჩვენგანს დაემართოს“ – ჩურჩულებს მეგობრის სიკვდილი. ამ ჩურჩულსა და სიკვდილის უცხოობას მალევე გაექცევიან რომელიმე კაფეში, რათა მომხდარი საკუთარ სიახლოვეში, ნაცნობ გარემოში გადაიტანონ.

არჩი შორს დადგება და დაკრძალვას უყურებს. იმედია, შენიშნავს, რომ ამ ყველაფერში არის რაღაც ირონიულად სასაცილო – მისი ერთადერთი ნაცნობი ამ ღონისძიების მთავარი მოქმედი პირია – გარდაცვლილი.

არჩი დანაღვლიანდება, მაგრამ არასოდეს იქნება საწყალი.

დედაჩემი დაიტანჯება, იმაზე მეტად ეწამება, ვიდრე შვილის დაკარგვის გამო ეწამებიან ხოლმე. მანე შეეცდება დაარწმუნოს, რომ თუკი სიცოცხლეს გავართვი თავი, სიკვდილსაც როგორმე მივხედავდი, მაგრამ ვერაფერი ანუგეშებს, ვერც დრო. მხოლოდ სანთლის ალივით პატარა სინათლე და სითბო გაჩნდება მის შიგნით, სადაც მე ისევ გამოვჩნდები. მე კვლავ მასში ვიქნები – მის გულქვეშ, მის გულში, ყველგან მასთან ერთად.

ქევინი, საწყალი ქევინი, ამ დაკრძალვის ორომტრიალში, გაუტეხელ უცხოობაში, არ ეცოდინება, როგორ მოექცეს ამ აუტანელ დანაკლისის  გრძნობას. მხოლოდ მერე, როცა ამ ტკივილს ამერიკაში წაიღებს, შეძლებს მის გადახარშვას. სახლში შეხსენებები იქნება, ბევრი ჩვეული ეპიზოდი კი აღარ განმეორდება. სამზარეულოში აღარ ჩამწკრივდება ჩაის გამოყენებული პაკეტებით სავსე ჭიქები, საქანელა სავარძლის გვერდით აღარ გაჩნდება სომხური წიგნები, ნიჟარაზე დადებული ევკალიპტის სურნელიც გაცვდება და გაქრება. წვრილმანი კვალის არქონა ყოველდღე თავიდან აღმოაჩენინებს რაღაც ძალიან ძვირფასის არყოფნას. არყოფნა დიდხანს ატკენს. მერე კი კვალის არსებობაც ნელ-ნელა დავიწყებას მიეცემა. მხოლოდ გუგლი  შეახსენებს პერიოდულად ძველ ფოტოებს. ქევინი ყოველთვის დაათვალიერებს და ყოველთვის გაიფიქრებს: so cute.

© არილი

Facebook Comments Box