პროზა

ზვიად კვარაცხელია – დორთა

ზუსტად არ ვიცი, ბერტას მაგ წერილი ვინ მოუტანა, მაგრამ ის დღე იყო და ის დღე, ძილი გაგვიტყდა ორივეს. დებს. ძმაც გვყავს უმცროსი. გადმოსვლის შემდეგ ცოტა ხანი ნათესავთან ვიყავით ზუგდიდში, ბარგი და რაც გვქონდა, მასთან დავყარეთ, მაგრამ სულ თავისთან ხომ არ გაგვაჩერებდა. იმას კი არაფერი უთქვამს, მარა სანამდე უნდა შეგვეწუხებინა პატიოსანი ოჯახი, მამაჩემის მზეს რომ ფიცულობდნენ, თორე ჩვენზე ნაკლები გაჭირება მაგათაც არ ედგათ. ორ კვირაში წავალთო, ასე ითქვა, ოღონდ თამაზიმ უფრო მალე მოძებნა თბილისში კაცი, იმან ბინა გაუხერხა და ჩავსახლდით სამივე სარაჯიშვილის მეტროსთან, თემქაში. ზე თუ ში, ვერ ვამბობ სწორად. მგონი თემქა-ზე. ერთი მოუწყობელი ბინაა, მაგრამ ქუჩაში ცხოვრებას მაინც ჯობია, ეზოკარდაკარგულებს სული მოგვათქმევინა ცოტათი. ახლა ჩვენ კიდე რომ შვილი გვყოლოდა, მითუმეტეს პატარა ბავშვი, გავწვალდებოდით. მადლობა ღმერთს, სამუშაოც გამოჩნდა მალე. ქვეყანა კი იქცეოდა, მაგრამ ყარაულის ადგილი გათავისუფლდა ეტყობა ვიღაც ახალი ბიზნესმენის ცეხში და თამაზი როგორ იტყოდა უარს. მე და ბერტაც უკვე გავდიოდით გარეთ, ნელ-ნელა მივეჩვიეთ ამ თბილისს, სოხუმიდან რომ უშველებელი და უსიამოვნო ჩანდა. ჩამოსვლით როგორ არ ჩამოვსულვართ, მაგრამ აქაურობა დარჩენის სურვილს მეორე დღეს მიკარგავდა, როცა ყველა საქმეს და ყველა სანახავს მოვილევდით. დაფუძნება აქ რატომ უნდა მნდომოდა, რომელი პარიჟი და ლონდონი ეს იყო, გასაკეთებელი კიდე სოხუმშიც გაკეთდებაო, მამაჩემი ამბობდა. თამაზიც მგონი არ წასულა სხვა აზრზე, ერთი გოგო კი მოსწონდა 4 მარტის ქუჩიდან – გუნდა თარბა, 85-ში იყოს ეს ან 86-ში, მაგრამ არ გაყვა მაგ ამბავს და ის გოგო მერე არც უნახავს მგონი, თბილისში დარჩაო, გათხოვდა თუ რა იქნა, არ ვიცი. ომიც მალე დაიწყო. არ მომაყოლო, რა იყო და ვინ რა ქნა. ჩვენი ხალხი აფხაზეთს ასე თუ დათმობდა, მაგი ვერ წარმომედგინა ვერც სიზმარში, მაგრამ სული ტკბილია და წლობით ნაშენები დაუფიქრებლად ჩავტოვეთ იქ. ერთ „უჰ“ არ გვითქვამს. ნერწყვი რომ გადავყლაპე, იმას ჩავაყოლე ამხელა კარ-მიდამოზე ფიქრი. სულ იძახდნენ, დორთა იქნება, აგერ ნახავთო. შავარდნაძე დაელაპარაკება თავის იმხელა სანაცნობოს და ამ გზებსაც გახსნიანო, მარა რომ იტყვიან – კვარწახით ვიხარებდით გულს. სხვა მეტი არაფერი. საერთოდ, მოსმენითაც ვერ ვუსმენ, იქაურობის ამბავს თუ ყვება ვინმე, ისე ჩაიწვა ჩემში, ფერფლად იქცა იმედიც და, რომ გითხრა, სიზმარშიც აღარ ვხედავ, ათასში ერთხელ თუ ამყვება რამე, თორემ სინამდვილეს უნდა გაუსწორო ადამიანმა თვალი, თან ჩემს ასაკში არაა დაკარგულზე გულის აჩუყების დრო. ამიტომ ბერტამ წერილი რომ მოიტანა, რუსულად დაწერილი და ას ხელში გამოვლილი, ერთად რომ წავიკითხეთ და წაკითხული კარგად გავიაზრე, მივხვდი, ის მინდოდა, დროულად გავრიგებოდით წერილის ავტორს, ბევრი ლაი-ლაი არ დაგვეწყო. ახალი დაწყებული მქონდა სტამბაში მუშაობა, სკოლის სახელმძღვანელოებს ვბეჭდავდით საბჭოს ქუჩაზე, იქიდან მეტრომდე, მეტროდან სახლამდე და სახლშიც ბერტასთან – ისე ავენთეთ ორივე, რა უნდა ყოფილიყო, თამაზი ვერ დაგვერწმუნებინა, მამაჩემს არ ჰგავდა, ქალის ნათქვამ სიტყვასაც უწევდა ანგარიშს. დაუჯერებია ბევრჯერ და მე რომ მკითხო, არც წაუგია დიდად. უფროსი დები ვართ ბოლო-ბოლო, მაგრამ სახლის ამბავზე ბეჭედი მას უნდა დაესვა. შალოდი რქმევია იმ კაცს, იწერებოდა, – ისე გამოვიდა, რომ თქვენს სახლში ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, მე და ჩემი ცოლ-შვილი. ერთ და ორ თვეში არ მომხდარა ეს ამბავი. დრო რომ გავიდა, სახლის პატრონები არ გამოჩნდნენ და არც იმათი მნახველი იყო ვინმე, შევსახლდით მაშინ. მაგრამ ჩემი ცოლი ისე არ დაიძინებს, ეს არ გამახსენოს: სხვის სახლში რომ ვცხოვრობთ და სხვის ეზოში დარბიან ჩვენი ბავშვები. ვინ იცის, როგორაა დანაწყევლი აქაურობა და ომის შემდეგ აქ შემომსვლელიო. ამ აზრით მერე უფრო გაგვიჭირდება ცხოვრება და არც ახლა ვართ მხიარულად, ამიტომ შევთანხმდეთ სახლის ფასზე, გადავიხდით და უფრო მშვიდი სინდისით ვიცხოვრებთ, თქვენი ფიქრი არ გვექნებაო. – თამაზმა რომ ჩაიკითხა, ჩუმად იყო ცოტახანს, არც მე და ბერტა მივციებივართ, არიქა, დროზე თქვი რამე, იქნება და ჩვენი ოროთახიანი გვეღირსოს გლდანში სადმე, პატარა საქმეს დაგვაწყებინებდა მონარჩენი ფულიცო. ხმა არ ამოგვიღია – წინა ღამის ნამორიგალი იყო, თან ხომ უნდა ეფიქრა ადამიანს  – მაგრამ სერიალებივითაც არ გადავარდნილა დრამებში. ფატიმაო, – ხმადაბლა მითხრა, – სტამბაში გექნებათ კარგი კონვერტი. ახალი იყოსო. – გადმოატრიალა ის ნაწერი ცალხაზიანი ქაღალდი, მეორე გვერდზე ხუთი თუ ექვსი სტრიქონი იყო შეუვსებლად დარჩენილი. „ბატონო შალოდი, ჩვენი სახლი არ იყიდება, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იცხოვროთ იქამდე, სანამ იქნება დორთა. დაბრუნების შემდეგ მოგიწევთ ახალი სახლის მოძებნა“. ბერტა წამოდგა, მოთუხთუხე ჩაიდანი გადმოიღო ფეჩიდან და სამ ჭიქაში ჩამოასხა თანაბრად.

*

ძმებ კალანდიებს ვუძღვნი. მადლიერებით.

© არილი

Facebook Comments Box