
ინგლისურიდან თარგმნა ქეთო გახოკიამ
ჩემი მხრივ, გონივრული იქნებოდა, დღემდე ღრმად ფესვგადგმული, ერთ-ერთი იშვიათი რიტუალი არ დამერღვია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველაფერში ეჭვის შეტანა გვჩვევია, პოეტებისა და პოეზიის კულტს კვლავაც ვეთაყვანებით – ეს ერთადერთი ღვთაებაა, რომლის თაყვანისცემისა არ გვერცხვინება და ამას ქედმოხრილნი, უდიდესი პომპეზურობითა და მაღალფარდოვნებით ვაკეთებთ… ოჰ, ოჰ, შელი! ოჰ, ოჰ, სლოვაცკი! ოჰ, პოეტის სიტყვა, პოეტის მისია და პოეტის სული! და მაინც, ვალდებული ვარ, თავს დავესხა ამ „სალოცავებს“ და რიტუალი ჩავშალო, რადგან ყოვლისმომცველი ბრაზი, რომელსაც ყოველგვარი სტილური გადაცდომა, დამახინჯება და რეალობიდან გაქცევა იწვევს ჩემში, სწორედ ამისკენ მიბიძგებს. რაკიღა ბრძოლას ისეთ სფეროსთან ვიწყებ, რომელიც ზეამაღლებული, თითქმის ზეციურია, სიფრთხილე მმართებს, რომ თავადაც ჰაერში ბუშტივით არ გავსკდე და ფეხქვეშ მიწა არ გამომეცალოს.
ჩემი ესეს მთავარი თეზისი – რომ ლექსები თითქმის არავის უყვარს და რომ პოეზიის სამყარო ფიქციური და არარეალურია – შესაძლოა ისეთივე გაბედული მოგეჩვენოთ, როგორც არასერიოზული. თუმცა, აქ ვდგავარ და ვაცხადებ, რომ ლექსები სრულიად არ მიყვარს და, უფრო მეტიც, მოსაწყენად მეჩვენება. შესაძლოა იფიქროთ, რომ უბადრუკი უვიცი ვარ. მაგრამ მე დიდხანს ვიმუშავე ხელოვნების სფეროში და მისი ენა ჩემთვის უჩვეულო სულაც არ გახლავთ. ვერც იმ ცნობილ არგუმენტს მოიშველიებთ, თითქოს პოეტური მგრძნობელობა არ გამაჩნდეს, რადგან უდავოდ მაქვს და მაქვს უხვადაც. როცა პოეზია ჩემ თვალწინ იშლება, მაგრამ არა ცალკეული ლექსების სახით, არამედ პროზაულ ნაწარმოებებსა თუ სხვა ელემენტებთან შერწყმული – მაგალითად შექსპირის დრამებით, პასკალის ან დოსტოევსკის ნაწარმოებებით, ან თუნდაც მზის ჩასვლით – მეც ისევე ვცახცახებ, როგორც ჩვეულებრივი მოკვდავი. მაშ, რატომღა მამძიმებს და მღლის ეს „ფარმაცევტული ექსტრაქტი“, რომელსაც „წმინდა პოეზიას“ უწოდებენ? რატომ ვერ ვიტან ამ მონოტონურ, უსასრულოდ ამაღლებულ სიმღერას? რატომ მამთქნარებს რიტმსა და რითმაზე? რატომ მეჩვენება პოეტური ენა ყველაზე უინტერესო ენად, რაც კი არსებობს? რატომ არ მიზიდავს ეს „მშვენიერება“ და რატომღა მივიჩნევ პოეტების პიროვნულ სტილსა და საკუთარ პოეზიაზე ყბედობას ყველაზე სასაცილო რამედ, რაც კი ოდესმე მსმენია?
იქნებ მეღიარებინა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული ნაკლი მაქვს, რომ არა ექსპერიმენტები… კონკრეტული სამეცნიერო ექსპერიმენტები. წყეულიმც იყოს ბეკონი![1] გირჩევთ არასდროს ჩაატაროთ ექსპერიმენტები ხელოვნების სფეროში, რადგან ხელოვნება ამას ვერ იტანს და ყოველგვარი მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ მაშინ გაძლებს, თუ იგი სინამდვილეს შეესაბამება. თუ იმის კვლევას დავიწყებთ, რამდენად რეალურად შეუძლია ბახის „თაყვანისმცემელს“ ბახის მოსმენა ან რამდენად აქვს მას ბახისა და, ზოგადად, მის მუსიკალურ ნაწარმოებთა აღქმის უნარი, ერთობ საინტერესო დასკვნებამდე მივალთ. განა, თავად არ მქონდა პატივი ორი საკმაოდ წარმატებული კონცერტი გამემართა? ეს კონცერტები იმით შემოიფარგლებოდა, რომ კლავიშებს უაზროდ ვუბრახუნებდი თითებს, მუსიკის რამდენიმე „მცოდნეს“ წინასწარ ვუთანხმდებოდი, რომ აპლოდისმენტები დაეკრათ და თანამედროვე მუსიკის სახელით ყველას თვალში ნაცარს ვაყრიდი. რა ბედნიერებაა, რომ ისინი, ვინც ვალერის შესახებ ამაღლებული ტონით საუბრობენ, ამგვარ სიმდაბლეს არ კადრულობენ! ვინც ჩვენს ესთეტიკურ „ამაღლებულ მესას“ ამ მხრიდან შეხედავს, მარტივად შეამჩნევს, რომ ეს „ზედაპირული მოწიფულობის“ სამეფო სინამდვილეში კაცობრიობის უმწიფარი უკანა ეზოა, სადაც სიცრუე, სნობიზმი, თვალთმაქცობა და სიბრიყვე ბატონობს. კარგი წვრთნა იქნებოდა ჩვენი გაქვავებული აზროვნებისთვის, თუ პერიოდულად მაინც, პოლ ვალერის „უმწიფრობის დეკანოზად“ წარმოვიდგენდით – საცვლებში გამოწყობილ ფეხშიშველა მღვდლად.
ერთხელ ასეთი ექსპერიმენტი ჩავატარე: კონკრეტული პოეტის ლექსებიდან ცალკეული სტრიქონები და ფრაგმენტები ამოვგლიჯე, ერთმანეთს დავუკავშირე, აბსურდული ლექსი ავაწყვე, შემდეგ კი პოეზიის თავგამოდებულ ქომაგთა ჯგუფს „წინასწარმეტყველის“ სახელით წარვუდგინე – ლექსმა დამსწრეთა საყოველთაო აღფრთოვანება გამოიწვია; შემდეგ სხვადასხვა პოეტური ნაწარმოებების კონკრეტულ ასპექტებზე დავსვი შეკითხვები და აღმოვაჩინე, რომ „პოეზიის თაყვანისმცემლებს“ ნაწარმოებები ბოლომდე წაკითხულიც კი არ ჰქონდათ. მაშ, რა ხდებოდა? როგორ შეიძლებოდა ადამიანს პოეტური აღტყინება ეგრძნო ისე, რომ ნაწარმოები სრულად არც კი წაეკითხა? როგორ განიცდიდნენ ასეთ სიტკბოებას პოეტური სიტყვის „მათემატიკური სიზუსტით“, მაშინ როცა ეს სიზუსტე სინამდვილეში უხეშად ირღვეოდა? როგორ ახერხებდნენ ასეთ თავდაუზოგავ მსჯელობას, ასეთი დახვეწილი ნიუანსებით ტკბობას და, ამავდროულად, ესოდენ სერიოზული, ესოდენ მარტივი შეცდომების დაშვებას? ბუნებრივია, თითოეულ ამ ექსპერიმენტს დიდი წინააღმდეგობა და წყენა მოჰყვა, პოეზიის თაყვანისმცემლები ყოველი წმინდანის სახელს იფიცებდნენ, რომ საქმე სულაც არ იყო ისე, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა… რომ სინამდვილეში… თუმცა, მათ ეს ცერცვი ყოვლისშემძლე ექსპერიმენტის გამძლე კედლებს შეაყარეს.
ამრიგად, დილემის წინაშე აღმოვჩნდი: ათასობით ადამიანი წერს ლექსებს; ასობით ათასი აღმერთებს მათ პოეზიას; პირველხარისხოვანი გენიოსები საკუთარ თავს ლექსებით გამოხატავენ; უხსოვარი დროიდან, პოეზია თაყვანისცემის ობიექტია; და ამ საქებარ სიტყვათა გროვის პირისპირ აღმოვჩნდი მე, ჩემი ეჭვებით – რომ პოეტური მესა აბსოლუტურ ვაკუუმში აღევლინება. ოჰ, ამ ცეცხლთან თამაში რომ არ მცოდნოდა, დიდი ალბათობით, თავზარი დამეცემოდა.
მიუხედავად ამისა, ჩემმა ექსპერიმენტმა გამამხნევა და უფრო გაბედულად დავიწყე დამღლელ კითხვებზე პასუხის ძიება: რატომ არ მომწონდა „წმინდა პოეზიის“ გემო? რატომ? იქნებ იმავე მიზეზით, რის გამოც სუფთა შაქარი არ მიყვარს? შაქარი კარგია ყავის დასატკბობად, მაგრამ, ფაფასავით, კოვზით ვერ შეჭამ. სუფთა გარითმულ პოეზიას გადაჭარბება არ უხდება – არც პოეტურობის, არც პოეტური სიტყვებისა და მეტაფორების სიჭარბე და არც არაპოეტური ელემენტების შერევისა და განწმენდის ისეთი ხარისხი, რის შედეგადაც, ლექსი საბოლოოდ ქიმიურ პროდუქტს ემსგავსება.
სიმღერა გამოხატვის ძალზე განსაკუთრებული ფორმაა… აჰა, შეხედეთ! საუკუნეების განმავლობაში მგოსანთა რიცხვი იმატებს – ადამიანებისა, რომლებიც სიმღერის დროს იძულებულნი ხდებიან მომღერლის პოზა მიიღონ, ეს პოზა კი დროთა განმავლობაში სულ უფრო ხევდება და ბლაგვდება. ერთი მომღერალი მეორეს აგულიანებს და ერთმანეთს უფრო და უფრო ჯიუტად, თავაწყვეტილი სიმღერისკენ უბიძგებენ; აჰა, ისინი უკვე არათუ სხვებისთვის, არამედ ერთმანეთისთვის მღერიან; მათ შორის, ამ დაუცხრომელი მეტოქეობის გზაზე, საკუთარი სიმღერის მუდმივი სრულყოფის შედეგად, პირამიდა იქმნება, რომლის წვერი ცას სწვდება, ხოლო ჩვენ, ქვემოთ მდგომნი, მიწიდან ვუმზერთ და აღტაცებულნი შევცქერით. ის, რაც პროზის ერთი წამიერი გაელვება უნდა ყოფილიყო, პროგრამად, სისტემად და პროფესიად ყალიბდება – დღეს პოეტობა ისეთივე ხელობაა, როგორც ინჟინრობა ან ექიმობა. ლექსი ურჩხულად გადაიქცა და მართვის სადავეები ხელიდან გაგვისხლტა; დღეს უკვე ის გვმართავს. პოეტები მონებად და ისეთ არსებებად იქცნენ, რომელთაც საკუთარი სათქმელი არ გააჩნიათ და მხოლოდ ერთი მოვალეობა აკისრიათ – შექმნან უბრალოდ ლექსი.
და მაინც, არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი დავალება, ვიდრე საკუთარი თავის გამოხატვაა. ჭეშმარიტება არ უნდა დავივიწყოთ: რომ ნებისმიერი სტილი თუ გამორჩეული დამოკიდებულება გამორიცხვის გზით ყალიბდება და ეს, რასაკვირველია, გამოფიტვას გულისხმობს. ამიტომ, არ უნდა დავუშვათ, რომ რომელიმე პოზამ ჩვენი პოტენციალი შეკვეცოს და პირი აგვიკრას; როცა საქმე ისეთ ხელოვნურ, უფრო მეტიც – თითქმის პრეტენზიულ პოზას ეხება, როგორიცაა „სიმღერა“, მით უფრო მეტი სიფხიზლე გვმართებს. ჩვენ კი, ყოველ შემთხვევაში დღემდე, ბევრად მეტ დროსა და ძალისხმევას ამა თუ იმ სტილის ან პოზიციის დახვეწაზე ვხარჯავთ, ვიდრე იმ შინაგანი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, რაც ჩვენსა და ჩვენს „პოზას“ შორის სწორი ურთიერთობის დასამყარებლადაა აუცილებელი. როგორც ჩანს, ფორმა ჩვენთვის თვითმიზანი გახდა, მიუხედავად იმისა, გვამდიდრებს თუ გვაღარიბებს იგი. სასოწარკვეთილნი ვცდილობთ ხელოვნების დახვეწას, მაგრამ კითხვა – რამდენად ინარჩუნებს იგი კავშირს ჩვენთან, ადამიანებთან, სრულიად არ გვაღელვებს. ჩვენ პოეზიის ნაკადს მივყვებით და ვერ ვამჩნევთ, რომ ის, რაც ლამაზია, სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის ორგანულია. ამიტომ, თუ არ გვინდა, რომ ხელოვნებამ სრულად დაკარგოს კავშირი ადამიანთან, დროდადრო უნდა შევჩერდეთ და საკუთარ თავს დავეკითხოთ: გამოხატავს თუ არა ის, რასაც ვქმნით, ჩვენს სათქმელს?
ჰუმანიზმის ორი ურთიერთსაპირისპირო ტიპი არსებობს: ერთი, რომელსაც შეიძლება რელიგიური ვუწოდოთ, და რომელიც ცდილობს, ადამიანი კულტურის წინაშე მუხლებზე დააჩოქოს – იგი გვაიძულებს, გავაღმერთოთ და პატივი ვცეთ, მაგალითად, მუსიკას ან პოეზიას, სახელმწიფოს ან ღვთაებრიობას; მეორე კი – ჩვენი სულის უფრო რთული მდგომარეობაა, რომელიც ცდილობს, ღმერთებისა და მუზების მიერ გარშემორტყმულ ადამიანს, რომლებიც, საბოლოო ჯამში, თავად ადამიანის ქმნილებანი არიან, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღუდგინოს. მეორე შემთხვევაში, სიტყვა „ხელოვნება“ პატარა ასოთი იწერება. და უდავოა, რომ სტილი, რომელიც ორივე ტენდენციას ასახავს, ბევრად უფრო სრული და ავთენტურია, და უფრო მეტად წარმოაჩენს ჩვენი ბუნების წინააღმდეგობრიობას, ვიდრე სტილი, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთს გამოხატავს. ხელოვანთა შორის სწორედ პოეტები არიან ადამიანები, რომლებიც ყველაზე მტკიცედ დგანან მუხლებზე და ყველაზე მხურვალედ ლოცულობენ – ისინი არიან par excellence[2] და ex professio[3]. ამრიგად, პოეზია, ამ თვალსაზრისით, მხოლოდ სადღესასწაულო რიტუალს მოგვაგონებს. სწორედ ამგვარმა განსაკუთრებულობამ განაპირობა ის, რომ პოეტთა სტილი და პოზა ასეთი ნაკლული და არასრულია.
მოდი, ცოტა კიდევ ვისაუბროთ სტილზე. ჩვენ ვთქვით, რომ ხელოვანი საკუთარ თავს უნდა გამოხატავდეს. თუმცა, საკუთარი თავის გამოხატვისას, მან ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი საუბრის მანერა ჰარმონიულად ერწყმოდეს მის რეალურ მდგომარეობას სამყაროში; მან არა მხოლოდ საკუთარი დამოკიდებულება უნდა გადმოსცეს სამყაროს მიმართ, არამედ სამყაროს დამოკიდებულებაც მის მიმართ. თუკი ლაჩარი ვარ, მაგრამ ეპიკურ ტონს ვიყენებ, სტილისტიკურ შეცდომას ვუშვებ; თუ საკუთარ თავს ისე წარმოვაჩენ, თითქოს ყველა პატივს მცემდეს და ვუყვარდე, სინამდვილეში კი არც არავის ვუყვარვარ და არც პატივს მცემენ, ესეც სტილისტიკური შეცდომა იქნება. თუკი გვსურს, წარმოდგენა გვქონდეს სამყაროში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე, ჩვენგან რადიკალურად განსხვავებულ რეალობებს თვალი უნდა გავუსწოროთ. ადამიანი, რომელიც მხოლოდ მის მსგავსთა გარემოცვაში ყალიბდება და საკუთარი წრის პროდუქტია, ბევრად უარესი სტილის მქონე იქნება, ვიდრე ის, ვინც მრავალი სხვადასხვა გარემო და ადამიანი შეიცნო. და სწორედ ამიტომ, პოეტებში ჩვენ მხოლოდ მათი ღვთისმოსაობა – პოეზიისადმი სრული მორჩილება – კი არ გვაღიზიანებს, არამედ სირაქლემასებრი პოზიციაც, რომელსაც სინამდვილის მიმართ ინარჩუნებენ: ისინი რეალობისგან იცავენ თავს; მისი დანახვა ან აღიარება არ სურთ; განზრახ რჩებიან გახევებულ მდგომარეობაში – ეს მდგომარეობა კი უნიათობაა და არა ძალმოსილება.
განა პოეტები მხოლოდ პოეტებისთვის არ წერენ? განა ისინი მხოლოდ მიმდევრებს, ანუ თავისნაირ ადამიანებს არ ეძებენ? განა ეს ლექსები ერთი ვიწრო, ჩაკეტილი წრის პროდუქტი არ არის? განა ისინი ჰერმეტულნი არ არიან? რასაკვირველია, მე მათ „სირთულეში“ არ ვადანაშაულებ – არ ვითხოვ, რომ „ყველასთვის გასაგებად“ წერონ ან ჩალით გადახურულ ქოხებს შეაფარონ თავი. ეს იგივე იქნებოდა, უარი ეთქვათ ისეთ ჭეშმარიტ ღირებულებებზე, როგორებიცაა სინდისი, გონება, მგრძნობელობა და ცხოვრებისა თუ სამყაროს ღრმა წვდომა, რათა საშუალო დონემდე დამცრობილიყვნენ – ოჰ, არა! არცერთი თავმოყვარე ხელოვნება ამას არ იკადრებს! ვინც გონიერი, დახვეწილი, კეთილშობილი და ღრმაა, გონივრულად, დახვეწილად და ღრმად უნდა ისაუბროს, ხოლო ვინც მახვილგონიერია – მახვილგონივრული ენა უნდა შეარჩიოს, რადგან უპირატესობა არსებობს და არსებობს იმისთვის, რომ თავი აიმაღლოს. უბედურება ის კი არაა, რომ თანამედროვე ლექსები ყველასთვის გასაგები არ არის, უბედურება ისაა, რომ ისინი იდენტური სამყაროებისა და იდენტური ადამიანების ცალმხრივი, დახშული თანაარსებობის შედეგად იბადებიან. რატომ ვარ მე ის ავტორი, რომელიც ჯიუტად იცავს საკუთარ დონეს, თუმცა, ამავდროულად, ნაწარმოებებში არცერთი წუთით არ ივიწყებს, რომ საკუთარი სამყაროს მიღმა სხვა სამყაროებიც არსებობენ. და თუნდაც ადამიანებისთვის არ ვწერდე, ვწერ როგორც ადამიანი, რომელიც ადამიანთა საზოგადოების მიერაა შექმნილი და მათზეა დამოკიდებული. არც ის მიფიქრია, რომ „ხელოვანის“, „მწერლის“ ან მოწიფული აღიარებული ავტორის პოზა მიმეღო; პირიქით, მე მხოლოდ ხელოვანობის კანდიდატი ვარ – ის, ვინც მხოლოდ სიმწიფისკენ ისწრაფვის და ამის მისაღწევად დაუღალავად და მძაფრად უპირისპირდება ყველაფერს, რაც მის ზრდას აფერხებს. ჩემი ხელოვნება ჩემნაირების ვიწრო წრეში არ აღმოცენებულა, იგი მტერთან დაპირისპირებისა და მასთან მუდმივი შეჯახების შედეგად დაიბადა.
მაგრამ პოეტები? რამდენად შესაძლებელია ლექსის გადარჩენა, თუ იგი ხელთ ჩაუვარდება არათუ პოეტის მეგობარს, არამედ მტერს ან სულაც ჩვეულებრივ მკითხველს? ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა რამ, ლექსიც ისე უნდა იყოს განხორციელებული და შექმნილი, რომ ავტორს სირცხვილი არ აჭამოს, მაშინაც კი, თუ იგი არავის მოსწონს. უფრო მეტიც, ლექსმა ავტორი არ უნდა შეარცხვინოს მაშინ, როცა იგი თავად ავტორსაც აღარ მოსწონს. რადგან არცერთი პოეტი არ არის მხოლოდ პოეტი – თითოეულ პოეტში არაპოეტური სულიც სახლობს, რომელიც არ მღერის და არც სიმღერა უყვარს… ადამიანი კი პოეტზე ბევრად ფართო ცნებაა. სტილი, რომელიც ერთი და იმავე რელიგიის აღმსარებელთა წრეში იბადება, ურწმუნოთა ბრბოსთან შეხებისას კვდება; ის საკუთარი თავს ვერ იცავს, ვერ იბრძვის; ნამდვილ სიცოცხლეს მოკლებულია; დახშული სტილია.
ნება მომეცით, ასეთი სცენა წარმოგიდგინოთ… წარმოიდგინეთ რამდენიმე ადამიანისგან შექმნილი ჯგუფი, სადაც ვიღაც ფეხზე დგება და სიმღერას იწყებს. ეს სიმღერა მსმენელთა უმრავლესობას მოსაწყენად ეჩვენება, მაგრამ მგოსანს ამ ფაქტის აღიარება არ სურს. არა! იგი ისე იქცევა, თითქოს მსმენელს ატყვევებდეს; ბრძანებს, რომ ყველამ მუხლი მოიყაროს ამ „მშვენიერების“ წინაშე. იგი, მისი, როგორც წინასწარმეტყველის როლის უპირობო აღიარებას მოითხოვს; და მიუხედავად იმისა, რომ მის სიმღერას არსებით მნიშვნელობას არავინ ანიჭებს, მგოსანი ისეთ გამომეტყველებას იღებს, თითქოს მისი სიტყვა სამყაროსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყოს. საკუთარი „პოეტური მისიის“ რწმენით აღსავსე, მეხს სტყორცნის, ქუხს, გრგვინავს და თავის ვაკუუმში ჭკუიდან იშლება. უფრო მეტიც, მას არ სურს საკუთარ თავთან ან სხვებთან აღიაროს, რომ მისი სიმღერა, თავად მისთვისაც კი მოსაწყენი, მტანჯველი და დამღლელია – რადგან იგი საკუთარ თავს თავისუფლად, ბუნებრივად ან პირდაპირ არ გამოხატავს და იმ ფორმას იყენებს, რომელმაც დიდი ხანია, დაკარგა უშუალო კავშირი ადამიანურ გრძნობებთან და მემკვიდრეობით სხვა პოეტთაგან ერგო. აჰა, ის არამხოლოდ ტრაბახობს პოეზიით, არამედ შეყვარებულია მასზე; როგორც პოეტი, პოეტის სიდიადესა და მნიშვნელობას აღმერთებს; არამხოლოდ სხვებს მოუწოდებს, რომ მუხლებზე დაეცნენ, არამედ თავადაც მუხლმოდრეკილი დგას საკუთარი თავის წინაშე. განა ასეთ ადამიანზე არ იტყვიან, რომ ზედმეტად მძიმე ტვირთს ატარებს? – რადგან იგი არამხოლოდ იჯერებს პოეზიის ძალას, არამედ საკუთარ თავს ამ რწმენაში დარჩენას აიძულებს. იგი არამხოლოდ საკუთარ თავს სთავაზობს სხვებს, არამედ მათ ამ ღვთაებრივი ძღვენის ზიარებასავით მიღებისკენ უბიძგებს. როგორ უნდა გაჩნდეს ასეთ დახშულ სულში ის ნაპრალი, რომლის მეშვეობითაც მასში სიცოცხლემ უნდა შეაღწიოს? ამ შემთხვევაში, ჩვენ მესამეხარისხოვან მგოსანზე არ ვსაუბრობთ; არა, ეს ყველაფერი ცნობილ და საუკეთესო პოეტებს ეხებათ.
ნეტავ პოეტს შეეძლოს საკუთარ სიმღერას ისევე მიუდგეს, როგორც რიტუალს ან მანიას; ნეტავ იმ მგოსანთა მსგავსად იმღეროს, რომლებმაც იციან, რომ ვაკუუმში მღერიან; ნეტავ, სიტყვებს „მე, პოეტი!“ სიამაყის ნაცვლად რიდითა და შიშით წარმოთქვამდეს… ან თუნდაც ზიზღით… მაგრამ, არა! პოეტი პოეტობას ეთაყვანება!
რეალობასთან პირისპირ დარჩენის შიში დამანგრევლად აისახება პოეტების სტილსა და დამოკიდებულებაზე. ადამიანი, რომელიც რეალობას გაურბის, ვერსად პოულობს საყრდენს… იგი სტიქიის სათამაშო ხდება. იმ წამიდან, როგორც კი პოეტებმა ადამიანთან კავშირი დაკარგეს და აბსტრაქტულ პოეზიას მიენდვნენ, აბსურდის ღრმა უფსკრულში გადაიჩეხნენ. ყველაფერმა თავისთავად დაიწყო ზრდა. მეტაფორამ აღვირი აიშვა, აჯანყდა და იმდენად გაფართოვდა, რომ დღეს ლექსებში მეტაფორის გარდა სხვა არაფერია. ენამ რიტუალური ხასიათი შეიძინა – „ვარდები“, „დაისები“, „ნატვრები“ თუ „ტკივილები“, რომლებსაც ოდესღაც სიახლე შემოჰქონდათ, ზედმეტი ხმარების გამო გაიცვითა, იგივე შეიძლება ითქვას თანამედროვე „სემაფორებსა“ და „სპირალებთან“ დაკავშირებით. ენის შევიწროებას სტილის შევიწროებაც მოჰყვა, რამაც ახალ მდგომარეობამდე მიგვიყვანა – ლექსი დღეს სხვა არაფერია, გარდა ერთი მუჭა, მოსაწყენი ლექსიკის განმეორებადი მონაცვლეობისა. რაც უფრო დავიწროვდა წრე, აღვირახსნილი მშვენიერება კიდევ უფრო „დამშვენდა“, სიღრმე „გაღრმავდა“, კეთილშობილება „გაკეთილშობილდა“, ხოლო სიწმინდე კიდევ უფრო „გასპეტაკდა“. შედეგად, ერთი მხრივ, მივიღეთ ლექსი, რომელმაც აღვირი აიშვა და უზარმაზარი ეპოსის მასშტაბებამდე გაიბერა, მეორე მხრივ კი, ძალზე სინთეზურ და ჰომეოპათიურ დონემდე დაპატარავდა. პოეტებმა დამფრთხალი იერით დაიწყეს აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების ჩატარება – ვერვინ შეძლო ამ მოსაწყენი ორგიისთვის ხელის შეშლა. აქ საქმე ეხება არა ადამიანის მიერ ადამიანთათვის შექმნილ ხელოვნებას, არამედ საკურთხეველთან აღსრულებულ რიტუალს. ყოველ ათ ლექსში, სულ მცირე, ერთი ლექსი მაინც დაიძებნება, რომელიც პოეტური სიტყვის ძალმოსილებასა და პოეტის მისიის განდიდებას ეძღვნება.
მოდი, შევთანხმდეთ, რომ ეს პათოლოგიური სიმპტომები მხოლოდ პოეტებს არ ახასიათებთ. მსგავსმა რელიგიურმა დამოკიდებულებამ დიდი ნგრევა გამოიწვია პროზაშიც. თუ ისეთ ნაწარმოებებს ავიღებთ, როგორებიცაა ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“, „ულისე“ ან კაფკას ზოგიერთი თხზულება, იგივე შეგრძნება დაგვეუფლება – რომ ამ ნაწარმოებთა „ბრწყინვალება“ და „სიდიადე“ ვაკუუმში იქმნება; რომ ისინი იმგვარ წიგნთა წყებას მიეკუთვნებიან, რომელთაც ყველა „დიდებულად“ მიიჩნევს… მაგრამ ამის მიუხედავად, ცივები, შორეულნი და მიუწვდომელნი რჩებიან… რადგან ამ ნაწარმოებებს მათი ავტორნი მუხლმოდრეკილნი ქმნიდნენ – მკითხველის ინტერესის გარეშე, მხოლოდ ხელოვნების ან სხვა აბსტრაქციის მსახურების შედეგად. ეს პროზა იმავე სულისგანაა ნაშობი, რომლისგანაც ჩვენი პოეტები იშვნენ; არსებითად, ეს „პოეტური პროზაა“.
თუკი ამ ნაწარმოებებს გვერდზე გადავდებთ და თავად ამ პოეტთა პიროვნებებითა და იმ პატარა სამყაროებით დავინტერესდებით, რომელთაც ისინი თავიანთ მიმდევრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ქმნიან, ჰაერი და სივრცე კიდევ უფრო დაგვაკლდება. პოეტები არა მხოლოდ პოეტებისთვის წერენ, არამედ ერთმანეთს აქებენ და პატივსაც მიაგებენ. ეს სამყარო, უფრო სწორად კი, მიკროსამყარო, დიდად არ განსხვავდება სხვა ჰერმეტული და სპეციალიზებული მიკროსამყაროებისგან: მოჭადრაკეებს ჭადრაკი ადამიანური შემოქმედების მწვერვალად მიაჩნიათ, მათ საკუთარი იერარქიები აქვთ, კაპაბლანკაზე ისეთივე მოწიწებით საუბრობენ, როგორც პოეტები მალარმეზე და ერთმანეთს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებაში ეხმარებიან. თუმცა მოჭადრაკეები პრეტენზიას არ აცხადებენ უნივერსალურ როლზე და ის, რაც მათ ეპატიებათ, სრულიად უპატიებელია პოეტისთვის. ამ იზოლაციის შედეგად, ყველაფერი იბერება, საშუალო დონის პოეტებიც კი აპოკალიფსური მასშტაბებით იბერებიან, ხოლო ტრივიალური პრობლემები გამაოგნებელ პროპორციებს იძენს. მოდი, თუნდაც, ის საშინელი პოლემიკა გავიხსენოთ ასონანსების შესახებ და ის ტონი, რომლითაც ეს საკითხი განიხილებოდა. ყველას ეჩვენებოდა, რომ კაცობრიობის ბედი იმაზე იყო დამოკიდებული, რამდენად შეიძლებოდა სიტყვების – Could და Wood – გარითმა. აი, რა ხდება მაშინ, როცა ბრბოს საერთო სული უნივერსალურ სულს სძლევს.
არანაკლებ სამარცხვინო ფაქტია თავად პოეტთა რაოდენობაც. ზემოთ ხსენებულ გადაჭარბებულ დამოკიდებულებას, „წინასწარმეტყველთა“ სიმრავლეც უნდა დავუმატოთ. ეს ულტრადემოკრატიული ფიგურები პოეზიის არისტოკრატიულ და ამაყ ციხესიმაგრეს შიგნიდან ტეხენ – რასაკვირველია, მათი ერთად ხილვა ერთობ თავშესაქცევი გასართობია: განსაკუთრებულ ქმნილებათა გამორჩეული ბრბო! განა ვაკუუმში შექმნილი ხელოვნება ნამდვილი სამოთხე არაა მათთვის, ვინც არაფერს წარმოადგენს და ვისი შინაგანი სიცარიელეც ამ შეზღუდულ ფორმათა გამოყენების სიხარულით ივსება? მართლაც რომ სასაცილოა ის კრიტიკული წერილები, მცირე სტატიები, ბრძნული გამონათქვამები და ესეები, რომლებიც პრესაში პოეზიასთან დაკავშირებით ჩნდება. ეს აბდაუბდაა, მაგრამ მაღალფარდოვანი აბდაუბდა – იმდენად გულუბრყვილო და ბავშვური, რომ ძნელია დაიჯერო, თითქოს კალმის მფლობელთ ამ პუბლიკაციის უაზრობისა არა ესმოდეთ. ამ სტილისტებს ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ, რომ პოეზიაზე პოეტური ტონით წერა დაუშვებელია და მათი გაზეთები ასეთი პოეტური ბოდვითაა სავსე. სასაცილოა ის გარემოებაც, რაც თან ახლავს პოეტურ საღამოებს, კონკურსებსა და წარდგინებებს, თუმცა, ალბათ, ამაზე დაწვრილებით საუბარი არც ღირს.
ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ავხსენი, რატომ არ მატყვევებს გარითმული ლექსები; ასევე ავხსენი მიზეზებიც – რატომ აღმოჩნდნენ (საუკუნეების წინ) კატასტროფულ მდგომარეობაში ის პოეტები, რომლებმაც თავი მთლიანად მიუძღვნეს „პოეზიას“, საკუთარი არსება ამ „ინსტიტუტს“ დაუქვემდებარეს, ადამიანთა არსებობა დაივიწყეს და რეალობაზე თვალი დახუჭეს.
დაბოლოს, ერთი ბრალდება უნდა მოვიგერიო.
ის საოცარი ჭკუასუსტობა, რომლითაც პოეტები (ადამიანები, რომლებიც, ჩვეულებრივ, არც სულელები არიან და არც გულუბრყვილონი) თავს იცავენ, როცა მათი ხელოვნება კრიტიკის სამიზნე ხდება, მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას – ნებაყოფლობითი სიბრმავით. ბევრი მათგანი შვებას იმ შეხედულებაში პოულობს, რომ „საკუთარი სიამოვნებისთვის წერს“ – თითქოს მათი სხვა ქცევა ამ ქმედებას ძირს არ უთხრიდეს. არიან ისეთებიც, რომლებიც სრული სერიოზულობით ამტკიცებენ, რომ ხალხისთვის წერენ და რომ მათი ფანტასტიკური „შარადები“ უბრალო ადამიანთა სულიერი საზრდოა. თუმცა, ყველა მათგანს უპირობოდ სწამს საზოგადოებრივი აზრისა და მათთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვინმე შესაძლოა მათ პოეზიას თავს ესხმოდეს. აუცილებლად იტყვიან: რა, ეჭვი გეპარებათ? ნუთუ ვერ ხედავთ ადამიანთა მასებს, რომლებიც ჩვენს ნაწარმოებებს ეწაფებიან? ჩვენი წიგნების მრავალრიცხოვან გამოცემებს? იმ კვლევების, სტატიებისა და ნაშრომების რაოდენობას, რომლებიც ჩვენზე იწერება? იმ თაყვანისცემას, რომლითაც ცნობილი პოეტები არიან გარშემორტყმულნი? სწორედ თქვენ ხართ, ბატონო, ის, ვისაც არ სურს დაინახოს, რაც….
რა უნდა ვუპასუხო? – ის, რომ ეს ყველაფერი ილუზიაა? მართალია, ბრბო ნამდვილად ესწრება პოეტურ საღამოებს, მაგრამ ისიც მართალია, რომ ყველაზე განათლებულ მსმენელსაც კი არ ესმის სცენიდან წაკითხული ლექსი. რამდენჯერ დავსწრებივარ ამ უიმედო სესიებს – ერთი ლექსი მეორეს მიჰყვება და თითოეული მათგანი სამჯერ მაინც უნდა წაიკითხო უდიდესი სიფრთხილით, რათა მათი შინაარსის გაშიფვრა შეძლო. რაც შეეხება ტირაჟებს: ჩვენ ვიცით, რომ ათასობით წიგნი იყიდება, მაგრამ არავინ კითხულობს. როგორც უკვე ვთქვით, პოეტები მხოლოდ პოეზიაზე წერენ. თაყვანისცემა? – განა დოღის ცხენები გაცილებით დიდ ინტერესს არ იწვევენ? მაგრამ რა აკავშირებს ამ სპორტულ აზარტს, რომელიც რბოლების თანმხლებ მეტოქეობასა და ამბიციურ მისწრაფებებს ახლავს, ჭეშმარიტ, მხატვრულ ემოციასთან?
მიუხედავად ამისა, ჩვენი პასუხი, რაოდენ მართებულიც არ უნდა იყოს იგი, ადეკვატურად ვერ ჩაითვლება. ხელოვნებისა და ჩვენი ურთიერთმიმართების პრობლემა ბევრად უფრო ღრმა და კომპლექსურია. ამ საკითხში ოდნავ მაინც რომ გავერკვეთ, საჭიროა – სულ მცირე, ჩემი შეხედულებით – რომ სრულად გავემიჯნოთ მეტისმეტად გამარტივებულ მოსაზრებას, თითქოს „ხელოვნება გვატყვევებს“ და „ხელოვნებით ვტკბებით“. არა, ხელოვნება მხოლოდ გარკვეულწილად გვხიბლავს, ხოლო სიამოვნება, რომელსაც ის გვანიჭებს, მეტად საეჭვოა… შეიძლება კი სხვაგვარად იყოს, თუ დიდ ხელოვნებასთან ურთიერთობა დამღლელი ხდება? ეს ხომ რთული თანაზიარობაა იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენზე მოწიფულნი, ფართო ჰორიზონტისა და მძაფრი მგრძნობელობისანი არიან. ჩვენ ამით არ ვტკბებით; უფრო სწორად, ჩვენ ვცდილობთ, ვისიამოვნოთ… ვცდილობთ, გავიგოთ… და ვერ ვიგებთ…
რამდენად ზედაპირულია მოსაზრება, რომლის მეშვეობითაც ეს რთული ფენომენი ესოდენ მარტივ ფორმულირებამდე დაიყვანება: ხელოვნება მომხიბვლელია, რადგან მშვენიერია – ოჰ, რამდენი სნობია ირგვლივ!.. „მაგრამ მე სნობი არ ვარ. მე გულწრფელი ვარ და ვაღიარებ, როცა რაღაც არ მხიბლავს“… – ამბობს სულიერად ღარიბი ხელოვანი და ფიქრობს, რომ ამით ყველაფერია ნათქვამი.
სინამდვილეში, სწორედ აქ იკვეთება ისეთი ფაქტორები, რომელთაც ესთეტიკასთან არაფერი აქვთ საერთო. როგორ ფიქრობთ, სკოლაში ხელოვნების სიყვარული თავს რომ არ მოეხვიათ ჩვენთვის, ზრდასრულ ასაკშიც ასეთი აღფრთოვანებულნი ვიქნებოდით პოეზიით? ან გგონიათ, ჩვენი კულტურული გარემო ხელოვნებით ტკბობას რომ არ გვაიძულებდეს, მისით საერთოდ დავინტერესდებოდით? განა სწორედ მითისა და თაყვანისცემის მოთხოვნილება არ მჟღავნდება ჩვენს აღტაცებაში და განა აღმატებულის თაყვანისცემით თავად არ ვმაღლდებით? აღტაცებისა და გაოცების ეს შეგრძნებები „ჩვენში“ იბადება თუ „ჩვენ შორის“? თუ კონცერტზე აპლოდისმენტების გუგუნი ისმის, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თითოეული დამსწრე აღტაცებულია. ერთი მორიდებული ტაში მეორეს იწვევს – მათი ურთიერთქმედება კი მანამ გრძელდება, ვიდრე თითოეული მსმენელი კოლექტიურ სიგიჟეს არ დაემორჩილება. ყველა ისე იქცევა, თითქოს აღფრთოვანებულია, თუმცა, სინამდვილეში, ამასთან არაფერი აქვთ საერთო.
სავალალო შეცდომა იქნებოდა, პოეზიისგან ან ხელოვნების ნებისმიერი სხვა დარგისგან, მხოლოდ ის მოგვეთხოვა, რომ ადამიანური სიამოვნების წყარო ყოფილიყო. თუკი პოეტებისა და მათი თაყვანისმცემლების სამყაროს ამ პერსპექტივიდან შევხედავთ, ამ სამყაროს ყველა აბსურდული და სასაცილო მხარე გამართლებული მოგვეჩვენება: რადგან, როგორც ჩანს, ასეც უნდა იყოს და საგანთა ბუნებრივ წესრიგს წარმოადგენს ის, რომ ხელოვნება, ისევე როგორც მის მიერ გამოწვეული აღტაცება, კოლექტიური სულის შედეგია და არა ინდივიდის უშუალო რეაქცია.
თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ეს კონცეფცია ვერ გადაარჩენს პოეტებს და ვერც მათი პოეზიის სიცოცხლესა და სინამდვილეს შემატებს ძალას. თუ რეალობა მართლაც ასეთია, პოეტებს, ყოველ შემთხვევაში, ეს არ ესმით. მათთვის ყველაფერი მარტივად ხდება: მგოსანი მღერის, ხოლო მსმენელი მოჯადოებული უსმენს. უდავოა, პოეტებს ამ ჭეშმარიტების გააზრება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა რომ შეეძლოთ, მათი დამოკიდებულება სიმღერისადმი რადიკალურად შეიცვლებოდა. მიუხედავად ამისა, ნუ იღელვებთ: პოეტებში არაფერი შეიცვლება! ნუ აჰყვებით ილუზიას, რომ იმ კოლექტიური ძალების პირისპირ, რომლებიც ჩვენს ინდივიდუალურ მგრძნობელობას ამახინჯებენ, პოეტები წინააღმდეგობის გაწევის სურვილს გამოავლენენ. არა, ეს „ბერები“ თავის დაკვრას ამჯობინებენ!
ბერები? – ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთის ან მისი მრავალრიცხოვანი ორდენების მოწინააღმდეგე გახლავართ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ თავად რელიგიაც კვდება, როგორც კი ცარიელ რიტუალად გარდაიქმნება. ჩვენ მეტისმეტად მარტივად ვწირავთ საკურთხეველზე ავთენტურობისა და ყოფიერების არსს.
[1] ინგლისელ ფილოსოფოსი, რომელიც ემპირიზმის და სამეცნიერო მეთოდის მამამთავარია. ავტორი ფიქრობს, რომ მეცნიერული, მშრალი და ექსპერიმენტული მიდგომის გადმოტანა ხელოვნებაში შეცდომაა.
[2] სრულყოფილი ნიმუში.
[3] საქმის მცოდნე პროფესიონალი.
© არილი