პროზა (თარგმანი)

ლასლო კრასნაჰორკაი – მსოფლიო წინ მიდის

ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

საკმაოდ კარგად იყო გაკოჭილი, საიმედოდ, მაგრამ მერე რაც იჭერდა, ნელ-ნელა მოეშვა და მხოლოდ ის ვიცით, რომ სწორედ იმან აუშვა, რაც მანამდე განძრევის საშუალებას არ აძლევდა – აი, ესაა, ჰოდა, დიდი სიბრიყვე იქნებოდა, განგვესაზღვრა, მიგვეთითებინა, გადაჭრით დაგვერქმია სახელი ამ ძალისთვის, ანუ ძალის ზუსტად ამ გამოთავისუფლებისთვის, ამ უზომოდ ვრცელი, გაუგებარი სისტემისთვის, რომელიც მართლაც უზომოა, მართლაც გაუგებარია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენი გონებისთვის მარად მიუწვდომელი საქმენია გარდაუვლად წარმოდგენილი შემთხვევითობისა, რომელშიც ვეძებდით და ვპოულობდით კიდეც კანონებს, სინამდვილეში კი გმირულ წარსულში, საუკუნიდან საუკუნემდე, ვერაფერსაც ვერ ჩავწვდით, ისევე, როგორც – დარწმუნებით ითქმის – მომავალში ვერ ჩავწვდებით, რადგან ყველაფერი, რისი ცოდნაც შეგვეძლო, შეგვიძლია და ოდესმე შევძლებთ, გარდაუვალი შემთხვევითობის შედეგებია, ის თავზარდამცემი წუთები, როცა მათრახი ზუზუნებს, ზუზუნებს და აჰა, ჩვენს ზურგზე ეშვება, ისევე, როგორც ზუზუნებს მათრახი, ვინ იცის, რა შემთხვევის წყალობით გაჩენილი სამყაროს თავზე, რომელსაც მსოფლიოს ვუწოდებთ, და ყველაფერს უშვებს, რაც კი საიმედოდ გაკოჭილი იყო – როგორც უწინ, ისე ახლა, როცა კიდევ ერთხელ დაატყდა თავს მსოფლიოს ის, რასაც ჩვენ, ადამიანები, მუდამ და განუწყვეტლივ ახალს, აქამდე არმომხდარს ვარქმევთ, თუმცა კი, ცხადია, არც ახალი ეთქმის და არც აქამდე არმომხდარი, რადგანაც სამყაროს შექმნის დღიდან არსებობს, ან, უფრო ზუსტად, როცა ჩვენ გავჩნდით, ისიც მაშინ მოევლინა ქვეყნიერებას, ან, კიდევ უფრო ზუსტად, ჩვენი მეშვეობით მოევლინა, და ყოველთვის ასე ხდება – მხოლოდ მაშინ ვხედავდით და ვხედავთ, როცა მოსახდენი მომხდარია, როცა წარსულს გავყურებთ; უკვე აქაა, როცა ვიაზრებთ, რომ აი, ისევ მოხდა, ჩვენ კი მუდამ მოუმზადებელნი ვხვდებით, თუმცა კი ფიქრად უნდა გვქონოდა, რომ გვიახლოვდება, რომ გაკოჭვის ამბავი მხოლოდ დროებითია, უნდა გაგვეგონა ჯაჭვების ღრჭიალი, მობოშებისას გაღებული ხმა, ხმა მაგრად გადაჭერილ თოკებზე ნასკვების გამოხსნისა, გულის სიღრმეში უნდა გვცოდნოდა, რომ აშვების ნიშანია და აი, ამჯერადაც ასე უნდა ყოფილიყო, უნდა გვცოდნოდა, რომ სწორედ ასე იქნებოდა, რომ უცილობლად ასე უნდა მომხდარიყო, ჩვენ კი მხოლოდ მაშინ მოვეგეთ გონს, თუ საერთოდ მოვეგეთ გონს, როცა უკვე აქ იყო და გასაჭირში ვიყავით, დავრწმუნდით, უმწეონი ვართო, რითაც მხოლოდ ის გვინდოდა გვეთქვა, რომ სულაც ასე ვიყავით, ჩვენ ხომ მარად უმწეონი ვართ, როცა აქაა – უმწეონი და დაუცველნი, ამაზე ფიქრი კი სწორედ თავდასხმის მომდევნო საათებში ისეთი შემაწუხებელი აღმოჩნდა, რომ იმის გამორკვევით უფრო ავიტკივეთ თავი, რა მოხდა, როგორ მოხდა, ვინ იყვნენ და ეს რატომ ჩაიდინეს, ვიდარდეთ ტყუპების ჩამონგრევასა და პენტაგონის ჩამომხობაზე, როგორ მოხდა, როგორ ჩამოინგრა და ჩამოემხო, ვინ იყვნენ ბოროტმოქმედები და როგორ მოახერხეს მოსახერხებელი, მაშინ, როცა, პირველ ყოვლისა, აი, რაზე უნდა გვედარდა და ბოლოს და ბოლოს მივმხვდარიყავით: ვერაფრით გავიგებდით, თუ რა მოხდა სინამდვილეში, რაც, სხვათა შორის, საკვირველი სულაც არ არის, რადგან იმის გამოჩენა, რაც აქამდე საიმედოდ იყო გათოკილი, ახლა კი როგორღაც თავი გამოეხსნა, ყოველთვის – უგამონაკლისოდ – ნიშანია, რომ ახალ ეპოქაში შევაბიჯეთ, ნიშანია ძველის დასრულებისა და ახლის დაწყებისა, და ჩვენ ვინ რას „დაგვეკითხებოდა“, არა, ისიც კი ვერ შევამჩნიეთ, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა, როგორც კი ენაზე მოგვადგა სიტყვები „გარდამტეხი მომენტი“ და „ახალი დროების გარიჟრაჟი“, მაშინვე ბრიყვული იერი დაედო გარდამტეხი მომენტისა და გარიჟრაჟის სწორედ ამ შეფასებით, დროით განსაზღვრულ და შეზღუდულ ბუნებას, რამდენადაც მივხვდით, რომ უეცრად ახალ სამყაროში აღმოვჩნდით, სრულიად ახალ ეპოქაში შევაბიჯეთ, და თავი და ბოლო არ გვესმოდა არაფრისა, რადგან ჩვენი ყველაფერი მოძველებულიყო, პირობითი რეფლექსებისა და მცდელობების ჩათვლით – პროცესის ბუნებისა რამე გაგვერკვია, აი, როგორ მოგვიყვანა „ამ ყველაფერმა“, „შედეგად“, აქამდე; მოძველებულიყო ჩვენი რწმენასავით, რომ გამოცდილებას, ფხიზელ გონებას უნდა დავყრდნობოდით, მათი იმედი უნდა გვქონოდა მიზეზების კვლევისა და მტკიცებულებების მოძიებისას, რომ ეს მართლაც დაგვემართა, არარსებული თუ ჩვენთვის მიუწვდომელი მიზეზებისა და მტკიცებულებების – ახლა, როცა უდავოდ სრულიად ახალ ეპოქაში აღმოვჩნდით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ ვართ, ყველანი აქ ვართ უწინდელებიდან, თვალებს ვახამხამებთ და აქეთ-იქით ვიხედებით უწინდებურად, ჩვენს აგრესიულობაში ძველი ეჭვები ილანდება მუხანათურად, ბრიყვულ აგრესიულობაში მაშინ, როცა ჯერ შიშისა არაფერი დაგვტყობია, იმ სიცრუეს ჩაჭიდებულთ, რომ არა, დიდი არაფერი შეცვლილა ჩვენს სამყაროში, რომ არცერთ შემთხვევაში მსოფლიო ეპოქა არ დასრულებულა და ახალი არ დაწყებულა, ყველანი დაბერებულები ვართ, შეიძლება მე სხვებზე მეტად დაბერებულიც კი ვიყო, და ახლა დიდი ხნის წინ გამქრალი განცდა გვიბრუნდება – სხვებთან ერთობისა, ძალიან დაბერებული, ენაგამშრალი, ამ სიტყვის სიღრმისეული გაგებით, რადგანაც 11 სექტემბერს უცაბედად მივხვდი ერთ რამეს – თითქოს ტკივილმა ტანში ელვადაც დამიარა – რომ ღმერთო ჩემო, ჩემი ენა, ის, რომელსაც ახლა ვიყენებ გულში ნადების გასამხელად, ისეთი ძველი იყო, ისე სავალალოდ ძველი, როგორც უნდა გამეწელა და დამეგრიხა, როგორი მიეთმოეთობაც უნდა გამემართა, რომელი მხრიდანაც უნდა მივწოლოდი, რომ ძვრა რამე ექნა, რა ხერხითაც უნდა მეწვალებინა, რომ ერთი ძველებური სიტყვა მეორეზე როგორმე გადამება, ვერაფერსაც ვერ გამოვრჩებოდი ამ უსარგებლოს, უსაშველოსა და მოუხეშავს, ამ ჩემს ენას, და უწინ როგორი დიდებული იყო, ბრწყინვალე და ერთობ მოქნილი, ყოველმხრივ გამოსადეგი და გულში ჩამწვდომი, ახლა კი სრულად დაეკარგა აზრიც, ძალაც, ტევადობაც, ჩვეული სიზუსტეც, ყველაფერი გაქრა და მე მთელი დღეები ვფიქრობდი, ნეტავ თუ შევძლებ, ნეტავ ოდესმე თუ შევძლებ, რომ უცაბედად რომელიმე სხვა ენა ვისწავლო, ურომლისოდაც ფონს გასვლა ვერაფრით გამოვა-მეთქი; უმალვე მივხვდი, ცეცხლმოდებული კოშკების ჩამონგრევა რომ ვიხილე, მერე კი არაერთხელ წარმოვიდგინე, მივხვდი, რომ ახალი ენის გარეშე ვერაფერს გავუგებდი ამ ახალ ეპოქას, რომელშიც ყველა სხვასთან ერთად მოულოდნელად აღმოვჩნდი; ვფიქრობდი, ტვინს ვიჭყლეტდი, დღეებს ტანჯვაში ვატარებდი და მერე იძულებული გავხდი, მეღიარებინა, რომ ვერა, ვერაფრით ვისწავლიდი უცაბედად ახალ ენას, სხვებივით ბოლომდე ძველის ტყვე ვიყავი, და დავასკვენი, გამოსავალი არ არის – იმედის ნასახიც არ უნდა დავიტოვო, რომ ოდესმე თავსა და ბოლოს გავუგებ იმას, რაც აქ ხდება-მეთქი, ჰოდა, ვიჯექი გულჯავრიანი, ფანჯრიდან ვიხედებოდი, ის ვეება ტყუპი კოშკები კი ინგრეოდა და ინგრეოდა და ინგრეოდა, ვიჯექი, ვუყურებდი და ამ ძველი სიტყვებით დავიწყე იმის აღწერა, რასაც ვხედავდი სხვებთან ერთად ამ ახალ სამყაროში, დავიწყე იმის ჩაწერა, რასაც ვგრძნობდი, რასაც ვერაფრით ვხვდებოდი, და ძველი მზე ნელ-ნელა ძველ სამყაროში ესვენებოდა, ჩემს ძველ ოთახში ძველებურად წვებოდა წყვდიადი, მე კი ფანჯარასთან ვიჯექი, უცებ რომ საზარელი შიში შემომეპარა – არ ვიცი, საიდან გაჩნდა, უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ იზრდებოდა შიში, რომელიც ერთხანს არც მაჩვენებდა, რა იყო, მხოლოდ იმას ვამჩნევდი, რომ იყო და იზრდებოდა, და მე, უმწეოზე უმწეო, ვიჯექი და ვხედავდი, როგორ იზრდებოდა შიში ჩემში და ველოდი – იქნებ ცოტა ხანში გამოვიცნო ამ შიშის ბუნება-მეთქი, მაგრამ ასე არ მომხდარა, სულაც არა, შიში იზრდებოდა და იზრდებოდა, თავისას კი არაფერს მიმხელდა, უარს ამბობდა თავის გათქმაზე, ჰოდა, რა გასაკვირია, რომ შფოთვა დამაწყებინა, ახლა რა უნდა ვქნა-მეთქი, სულ აქ ხომ არ ვიჯდებოდი ამ შიშს აყოლილი, რომელიც თავისას ყველაფერს მიმალავდა, მე კი მაინც ასე ვიჯექი, გახევებული, ფანჯარასთან, და გარეთ ის ორი კოშკი ინგრეოდა და ინგრეოდა და ინგრეოდა, როცა უცებ ჩემს ყურს ხმა მოსწვდა, თითქოს შორს მძიმე ჯაჭვები ღრჭიალებდა და ჩემს ყურს სხვა სუსტი ხმაც მოსწვდა, თითქოს საიმედოდ გადაკვანძული თოკები ნელ-ნელა იხსნებოდა – მხოლოდ ეს ღრჭიალი და შემზარავი შრაშუნი მესმოდა, და კიდევ ერთხელ დავფიქრდი ჩემს ძველ ენაზე და ყოვლისმომცველ სიჩუმეზე, რომელშიც ჩავეშვი, ვიჯექი, ფანჯრიდან ვიხედებოდი და როცა ოთახი წყვდიადში სრულად ჩაიძირა, ერთადერთი რამ გახდა ცხადზე ცხადი: აშვებულიყო, გვიახლოვდებოდა, უკვე აქ იყო.       

© არილი

Facebook Comments Box