
***
დუმილი სიბრმავეც არისო,
ეს თვალი ამ ყურებს არ იცნობს,
სისხლით გავუგზავნი მოლეკულს,
მივიდეს, ნახოს და გაიცნოს.
თუ ერთი სხეული არსებობს,
ტკივილიც ერთი გზით გაივლის,
ჩავუსაფრდები და ვინ იცის,
რას ნიშნავს ხელები განივად.
დრო არის ისეთი წითელი,
დროშა გეგონება ლაოსის,
ცის ყელში ჰაერის ნიუსი
შეუშვი, თუ გინდა გაოცდე.
გასამდი, ამბები გაივლის,
სიზმრებით მიგსერჩავ ამაღამ,
ეს თვალი მაგ თვალებს არ იცნობს,
გამიღიმ.
***
ამიხდეს მე შენი სიზმარი,
შენ ჩემი სიზმრებით იძინე,
სიმშვიდეს მოგიტანს არავინ,
სანამ ხარ და სანამ იღვიძებ.
თვალებთან ჩერდება სინათლე,
ჰაერში სიჩუმის მტვერია,
მღერიან სიტყვები, რომლებიც
არ თქმულან, სათქმელი ბევრია.
სურვილი შენსავით გიჟია,
ერთ სურვილს ბაყაყიც ასრულებს
და მოლოდინების ბრალია,
აქ ვართ და ვგიჟდებით წარსულზე.
ამიხდეს მე შენი სიზმარი,
შენ ჩემი სიზმარი აგიხდეს,
ვერაფერს გაიგებს ვერავინ,
ცა მოვა, ცა უკან დაიხევს.
***
ყველა ერთნაირი ვერ იქნება,
კაცი ვერ გახდება კაცის ტოლი,
ჰაერში ჩაფლულა დედამიწა,
როგორც სიჩუმეში სიმარტოვე.
ეს კაცი იმ კაცზე მართალია
და ხეებს ზემოდან უყურებს,
შენს თავზე ცა არის დიადემა,
მზე არის წითელი საყურე.
ამბობენ, დიდიაო სამყარო,
არადა, წამებია შენამდე,
დრო მომაქვს, რომ სულზე მოგახალო,
ამ წამსაც აიცდენ, მერამდენს.
ყველა ერთნაირი ვერც იქნება,
ნიავი მოიტანს თეორიას:
ადრე ვინც მოვიდა, პირველია,
ყველა დანარჩენი – მეორეა.
***
ეძებდე, არ ნიშნავს იპოვო,
იპოვო, არ ნიშნავს ეძებდი,
ეზოში ხეების რიგია
და ჰაერს ილაგებ გვერდებზე.
ახლა ეგ თვალები ვისია,
ცხრავე რომ ტირის და იცინის,
ტირილი ბავშვებმაც იციან,
მისმინე
თვალებში სინათლის
ველია
და ასე იქნება მარადის,
ეზოში ზღარბები დარბიან,
ფარადაის.
***
ეს სიზმრები რომ წავლენ,
დაპირებული წასვლით,
მწვანე იქნება ღამე
და მზეც იქნება სადმე.
ეს დღეები თუ გავლენ
და ვერაფერი ვერ თქვი,
გააფერადებს ნიავს
კალენდარული ფერფლი.
ეს ტკივილებიც წავლენ,
სიბრძნის კბილის, თუ სახსრის
და გასაღები, ელვის,
ყველა სიჩუმეს გახსნის.
დგას აივანზე თოვლი
და სიმარტოვე, ქოთნით
და მიდის სიმფონისკენ
მოგონებების ორთქლი.
…და ეს სიზმრებიც წავლენ,
დაპირებული წასვლით,
მწვანე გახდება ღამე
და მზეც იქნება სადმე.
***
პირველად იყო ექო,
ამომავალი სიტყვის,
მე სისულელეს ვამბობ,
შენც სისულელეს იტყვი.
დანომრილია ღამე
და ამ დღეების რიგი
და არაფერის გამო
ყველაფერია რიგზე.
გზაზე კაცი დგას, იცის
ამ ამინდების გემო,
სიზმრებმა გაიტაცეს
ფოლიანტების გემით.
უკან სიჩუმის დროა
და ვხედავ როგორ მოდის,
დამთავრებული ციდან
პარალელური თოვლი.
***
სინონიმი ზამთრის –
უშენობა ნავთით,
ცეცხლში შედი ნებით,
დაიწვი, ან გათბი.
ხმაურების რიგი
და სიჩუმის ჯარი,
ცეცხლში შედი ახლა,
არის შენი ჯერი.
აუსრულე ყველას
რაც ინატრონ, მისხალ –
მისხალ, შედი ცეცხლში,
რაც არა ხარ, ის ხარ.
დამიბრუნდი მერე
სხვანაირი სახით,
ორი თვალით გნახო,
თუ ცრემლების სახლით.
სინონიმი ზამთრის –
უშენობა ნავთით,
ცეცხლში შედი ნებით,
დაიწვი და გათბი.
***
სულ ბოლოს დარჩება ჰაერი
და შენი ფილტვები (ორივე),
მდინარემ არ იცის სად მიდის
და იცის, რომ უნდა მოვიდეს.
იმ ტყეში სიტყვების სახლია,
ნიავი შედის და გამოდის,
თვალები კედელთან ახლოა,
თვალები ყველაფერს ამბობენ.
სიზმარი ცხადივით ძნელია,
ძნელია იყო და არ წვიმდე
და გრძელი, შვეული მდინარე,
რომ გაწყდეს, ჯერ უნდა გაწვრილდეს.
სულ ბოლოს დარჩება ჰაერი
და სადღაც ფილტვები (ორივე),
მდინარემ არ იცის, რომ მიდის
და მიდის, რომ უნდა მოვიდეს.
***
ერთხელაც ჩაგვხსნიან თოკებს და ბაგირებს,
ბებერი ძაღლივით ეზოდან აგვხსნიან,
მზის იქით გზა ვიცი,
მიდის და არ მიდის
გზის პირას ხე რომ დგას,
სიჩუმე ასხია.
დრო გადის თორმეტჯერ ნელა
და ნარნარით,
სიზმრების ორთქლია კედლები გალიის,
დღეს არის აღმართი, რომელიც არ არის,
რა არის ტკივილი, რომელიც გაივლის.
***
პირველი თოვლი მოვა თავისით,
მეორე თოვლიც უნდა მოვიდეს,
რვა თვალი, თითქმის აპოკალიფსი,
მოვა პირველი ჰუმანოიდიც.
შენ იტყვი: აფრენს თავისებურად,
სისულელეა თავის მართლება,
ახლა ზამთარი ისე შორია,
ამ ავტობუსით მაგვიანდება.
არის ქალაქი ძაღლებით სავსე,
ქალაქის პატრონს ბავშვივით სძინავს,
არ უნდა იყო, რომ არ დაგეცეს,
როცა აგური ფიფქივით ცვივა.
პირველი თოვლი მოვა თავისით,
მესამე თოვლიც უნდა მოვიდეს,
რა საჭიროა აპოკალიფსი,
როცა დუმილი მოგვკლავს ორივეს.
***
გიგრძენი, როგორც უდაბნომ წვიმა,
სინათლე, ჩრდილი, სიჩუმე, ზარი,
ერთი სიშორე აქ არის ისევ,
წამი, წამწამი, შეხება, ზღვარი.
ცა გახსნილია, ეს იყო გუშინ,
ფიქრები, გზები, სიცივე, სკამი,
ზის ხეზე კაცი და ჩიტებს უშვებს,
ნიავი, ნავი, ღრუბელი, წამი.
ტელევიზორში თბილია თოვლი,
მზეც, ცისარტყელაც, მდინარეც, მოლიც,
შეგეხე, თითქმის ზღაპარი იყო,
ყინული, სითბო, სიმაღლე, ბოლი.
***
გზები მივლენ გზებთან,
ერთმანეთის გავლით
და სინათლის ყოფნას
ჩრდილი გამოავლენს.
მოხაზავენ ჰაერს
მერცხლები და მთები,
შენი მეცხრე თვალის
ცხელი შემონთებით.
წამი მივა წამთან,
დროს ვერ მოიტანენ,
მარტოობაც ახლავს
ყოფნის სიცოტავეს.
ბაღის იქით დღეა,
ღამე – ქუჩის აქეთ,
ხვალ რაც უნდა მოხდეს,
თითქმის გუშინ ვნახე.
არ უნდოდა მოსვლა
წვიმას, როგორც ასეთს,
სახურავზე გრიალს
ბავშვიც შეუფასებს.
მივლენ გზები გზებთან
ერთმანეთის გავლით
და სიზმრების ყოფნას
ცხადი გამოავლენს.
***
გაწყალდა მდინარე,
წავიდა ზაფხული,
წინ მიდის სიჩუმე,
წყალივით ხმაურობს,
რომ მოვა კალენდრის
მესამე სიზმარი,
ჩრდილივით დაწვება,
და ამინდს აურევს.
რაც მერე მოხდება,
იქნება თოვლივით,
თვალებში ჩაჯდება,
დარჩება ცოტა ხანს,
ახალი დღეები
ცეცხლივით ანთია,
სიტყვაც დაიქცევა
და ადგილს მონახავს.
***
მარადიული თოვლია მხოლოდ,
მოდის და მიდის, მიდის და მოდის,
დროც ლამაზია, სადღაც რომ ცხოვრობს,
წამის კენჭებით აშენებს ლოდინს.
არეულია ხაზების რიგი, ისრები იქით,
ისრები აქეთ,
იმდენი მთვარე გვიყურებს ახლა,
რამდენი თვალიც ირეკლავს მთვარეს.
***
დახურულია ყველა კარები,
ყველა ფანჯარა დალუქულია,
ახლა ეს წამი თუ დამიჯერებს,
რომ მოსვლა ღირდა, ალილუია.
დღეს ფიფქი ზამთარს გაანიუსებს
და ეს ზამთარიც გავა, ღმერთმანი,
სულის მეშვიდე ავენიუზე
მზე და სინათლე შეხვდნენ ერთმანეთს.
რამდენი თვალი გიყურებთ ახლა,
რამდენი ცეცხლი გბაძავთ ბოლოჯერ,
ოკეანეა, თუ ლუდის კათხა,
შიგნიდან ფიქრი, გარედან ლურჯი.
უცნაურია ბუნება ყოფნის,
სუნთქავ და რამდენ ჟანგბადს მოიხმარ,
ფოთოლი თუ ხარ, არა მგონია,
ხვალ მოსასვლელი გზები მგონიხარ.
მილუქულია ყველა კარები,
ყველა ფანჯარა დალუქულია,
ახლა ეს წამი თუ დამაჯერებს,
რომ მოსვლა ღირდა, ალილუია.
***
…და რაც გავიგე, თუ ვერ გავიგე,
ერთნაირია ყველა მოტივი,
წიგნის ბოლოში უნდა გავიდე,
ეს ასო გახდეს ჩემი მეტივე.
საუკუნეში ერთხელ რაც ხდება
ის მემართება და ვერ გავიგე,
წიგნის ბოლოში უნდა გავიდე,
მაგრამ წიგნიდან როგორ გავიდე.
სისულელეა, რომ შენს ნაპირზე
გადმოდიოდეს, რაც ვერ გაიგე,
აქ ვერაფერი უკვე გავიგე,
იქით ნაპირზე რისთვის გავიდე.
© არილი