პროზა (თარგმანი)

ტადეუშ ბოროვსკი – ბიჭი ბიბლიით

პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა

ზედამხედველმა კარი გააღო. ბიჭი საკანში შევიდა და ზღურბლთან გაჩერდა. ზურგს უკან კარი ჯახუნით დაიკეტა.

– რისთვის ჩაგსვეს? – ჰკითხა ბედნარსკას ქუჩელმა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

– არაფრისთვის, – მიუგო ბიჭმა და გადახოტრილ თავზე ხელი გადაისვა. გაცვეთილი შავი სასკოლო ფორმა ეცვა. მკლავზე კრაველისსაყელოიანი პალტო ჰქონდა გადაკიდებული.

– რისთვის უნდა ჩაესვათ? – თქვა მალკინიელმა კონტრაბანდისტმა კოზერამ. –ცხვირმოუხოცავია. და, ალბათ, ებრაელიც.

– ასეც ნუ იტყვით, კოზერა, – გამოსძახა კედელთან მიმჯდარმა შრაიერმა, მოკოტოვსკელმა მოხელემ. – საერთოდ არ ჰგავს ეს ბიჭი ებრაელს.

– მორჩით ლაყბობას, თორემ ეგონება, სულ ბანდიტები ვსხედვართ აქ, – თქვა ასოთამწყობმა კოვალსკიმ. – რამდენს ფიქრობ, ბიჭო, მოდი აქ, ლეიბზე ჩამოჯექი.

– მანდ ნუ დასვამ, მლავსკის ადგილია და საცაა დაბრუნდება, დაკითხვაზე ჰყავთ წაყვანილი, – თქვა მოკოტოვსკელმა შრაიერმა, რომელსაც არალეგალური გაზეთები უპოვეს.

– თქვენ საღ ჭკუაზე ხართ? – შეიცხადა ასოთამწყობმა კოვალსკიმ, გვერდით ჩაიჩოჩა და ბიჭს ადგილი გაუთავისუფლა. ბიჭი ჩამოჯდა და პალტო მუხლებზე დაიდო.

– რა იყო, რას ათვალიერებ, სარდაფი არ გინახავს? – ჰკითხა ბიჭს მატულამ, მაღალყელიან ჩექმებში და ტყავის ქურთუკში გამოწყობილი თავს გესტაპოელად რომ ასაღებდა და გლეხებს ღორებს ართმევდა.

– არ მინახავს, – ჩაიბურტყუნა ბიჭმა.

დაბალჭერიანი, ვიწრო საკნის ნოტიო კედლები სიბნელეში ლაპლაპებდა. ჭუჭყიანი, დაბრეცილი კარი ჯაყვით ამოკაწრული სახელებითა და თარიღებით იყო დაფარული. კედელთან ვედრო იდგა. ბეტონის იატაკზე გაშლილ ორ ლეიბზე მოკუნტულ ადამიანებს მუხლები ერთმანეთისთვის მიებჯინათ.

– ჰოდა, კარგად დაიმახსოვრე, სხვაგან ასეთ რამეს ვერ ნახავ, – ჩაიხითხითა მატულამ და უფრო მოხერხებულად მოთავსდა ლეიბზე.

– ჰა, იმატებ? – იკითხა.

– ვიმატებ. და ავიმატე კიდეც.

სამი კარტი აიღო. დახედა.

– რაც არის, არის. საკმარისია.

– ოცი, – ვთქვი და კარტი წინ დავუყარე.

– წავაგე, – თქვა მატულამ და მუხლიდან მტვერი ჩამოიფერთხა. მის ბრიჯებს ჯერ კიდევ ეტყობოდა გაუთოებული ნაკეცები. – ყუა შენ გეკუთვნის. კარგი კარტი მოგივიდა.

გარეთ, დერეფანში, ჩამრთველების წკაპუნი გაისმა. ჭერზე მქრქალი შუქი აინთო. ვიწრო სარკმლიდან მუქი ლურჯი ცის ნაგლეჯი და სამზარეულოს სახურავი მოჩანდა. სარკმლისთვის შავი გისოსები ჩაეყოლებინათ.

– რა გქვია, ბიჭუნავ? – იკითხა მოხელე შრაიერმა (გარდა არალეგალური გაზეთებისა, მას იატაკქვეშა ორგანიზაციისთვის აკრეფილი ფულის ქვითრებიც უპოვეს), რომელიც მთელი დღე ლეიბზე იჯდა და ენით პროთეზს აწვალებდა. შრაიერს გაფშეკილი ყურები შიმშილისგან კიდევ უფრო გაფშეკოდა.

– რა მნიშვნელობა აქვს, რა მქვია, – აგდებულად თქვა ბიჭმა, – მამაჩემი ბანკის დირექტორია.

– ესე იგი, ბანკის დირექტორის შვილი ხარ, – ვუთხარი და მისკენ მივბრუნდი.

ბიჭი თვალებთან ახლოს მიტანილ წიგნს ჩასცქეროდა. ფაქიზად დაკეცილი პალტო ისევ მუხლებზე ედო.

– წიგნი გაქვს? რა წიგნია?

– ბიბლია, – თქვა ბიჭმა თავის აუწევლად.

– ბიბლია? და გგონია, რომ აქ ბიბლია გიშველის? ჩემს ფეხებს გიშველის, – წამოიძახა კონტრაბანდისტმა კოზერამ, რომელიც კედლიდან კედლამდე დაალაჯებდა. ორი ნაბიჯი წინ, ერთი უკან, ადგილზე ბრუნი. – მაინც მოგხვდება.

– იქნებ უშველოს კიდეც, ეგ არავინ იცის, – გავეპასუხე და მატულას კარტის დასტიდან ორი ცალი ამოვაძვრინე. – ჩამეთვალა.

– საინტერესოა, დღეს ვის გაიყვანენ ჩვენი საკნიდან, – თქვა გამუდმებით დახვრეტის მოლოდინში მყოფმა მოკოტოვსკელმა შრაიერმა.

– დაიწყო ამან ისევ! – შეუბღვირა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

– მიდი, ჰა, ერთიც ამოიღე, – მითხრა „გესტაპოელმა“ მატულამ, რომელსაც ბოლო „ღონისძიებაზე“ რევოლვერმა უმტყუნა. – ასეა თუ ისე, ცხოვრება გრძელდება.

კარტი ამანათის მუყაოს ყუთიდან გამოეჭრათ ჩვენს წინამორბედებს და ზედ ქიმიური ფანქრით მიეხატათ ფიგურები.

– არაფერიც არ მოუვა ამ ბიჭს, – ვთქვი და კარტი ავჭერი. – ცოტა ხანი იჯდება, მამა ფულს ჩაყრის, დედა ვისაც საჭიროა იმას გაუღიმებს და გაუშვებენ.

– არა მყავს დედა, – თქვა ბიჭმა და ბიბლია კიდევ უფრო ახლოს მიიტანა თვალებთან.

– ეჰ, – თქვა ასოთამწყობმა კოვალსკიმ და ბიჭს გადახოტრილ თავზე ხელი გადაუსვა, – კაცმა არ იცის, ხვალ ცოცხლები ვიქნებით თუ არა.

– დაიწყო ისევ! – ახლა მოკოტოვსკელი შრაიერი დაიძაბა.

– შენ არ იჯავრო, – ვუთხარი ბიჭუნას. – მთავარია, სახლში არ ინერვიულონ. ყველაზე ცუდი ესაა. როდის დაგაპატიმრეს?

– მე არავის დავუპატიმრებივარ, – მომიგო ბიჭმა.

– მოიცა, პოლიციაში არ ყოფილხარ? – გაკვირვებულმა იკითხა მალკინიელმა კონტრაბანდისტმა კოზერამ.

– არა, არ ვყოფილვარ, – უპასუხა ბიჭმა. წიგნი მოკრძალებით დახურა და პალტოს ჯიბეში ჩაიდო. – ქუჩაში დამიჭირეს.

– დღესაც იჭერდნენ? რომელ ქუჩაზე? – ნერვიულად ჩაეკითხა მოხელე შრაიერი, არალეგალური გაზეთები და ქვითრები რომ უპოვეს. მისი ორი გოგონა გიმნაზიაში სწავლობდა. იმედი ჰქონდა, რომ სახლიდან საჭმელს გამოუგზავნიდნენ.

– რაღაცაშია საქმე, თქვა ასოთამწყობმა კოვალსკიმ, – რეიდი რომ ყოფილიყო, უამრავ ხალხს მოყრიდნენ. გარედან რამე ხმებს მაინც გავიგონებდით.

– ამ ხვრელიდან ალაყაფსაც ვერ დაინახავ, – ვუთხარი და თავით სარკმელზე ვანიშნე. – სამზარეულოს სახურავისა და სახელოსნოს ნაწილის მეტი აქედან არაფერი ჩანს.

„გესტაპოელ“ მატულას კარტი ვაჩვენე:

– ცხრამეტი.

– ჰო, აბა, მაშინ საიდან, – თქვა მალკინიელმა კონტრაბანდისტმა კოზერამ.

გუბერნიაში ქონი რომ მიჰქონდა, მაშინ დაიჭირეს საზღვართან. კართან იდგა და სარკმელს გაჰყურებდა. – აქედან უფრო კარგად ჩანს. სამზარეულოსთან დარაჯი დადის ძაღლთან ერთად. ხვალისთვის კარტოფილს ტვირთავენ.

– ისევ არ გამიმართლა, – თქვა მატულამ. ბედი არ მწყალობს. ხვალ, ალბათ, მოვლენ და წამიყვანენ. აბა, აქ რისთვის გადმომიყვანდნენ, დახვრეტას თუ არ მიპირებენ?

– შენ გეგონა გაგიშვებდნენ? – გაეპასუხა კონტრაბანდისტი კოზერა, რომელიც ისევ ლეიბებსა და კარს შორის სცემდა ბოლთას.

– ჰო, აბა, რა! – ამოიოხრა მატულამ. – იქნებ შემდეგი ხელი მოვიგო. თუ არადა, ხვალინდელი პურის ყუაც შენი იქნება.

მუყაოს კოლოფისგან გამოჭრილი კარტის აჭრა დაიწყო.

– დღეს თუ მოგაკითხეს, შენს ხვალინდელ ულუფას ვინღა მომცემს? – ვუთხარი და ხელი გავუშვირე. – კარტი მომეცი.

– მე კოზიას ქუჩაზე დამიჭირა პოლიციელმა, – თქვა ბიჭმა.

– მუქი ლურჯი მუნდირი ეცვა? – მეც, – თქვა კონტრაბანდისტმა კოზერამ.

– ჩვეულებრივმა პოლიციელმა. და მერე აქ მომიყვანა.

– როგორ, პირდაპირ აქ? გეტოს გავლით? არ მჯერა, – თქვა მოკოტოვსკელმა მოხელე შაიერმა.

– დროშკით მომიყვანა. ასე მითხრა, ძალიან გვიანია, თორემ პოლიციაში წაგიყვანდიო. ამიტომ პირდაპირ აქ მომიყვანა, – თქვა ბიჭმა და გაიღიმა.

– იუმორის გრძნობა ჰქონია, – ჩავილაპარაკე. – ალბათ, საღებავებით კედელზე რამეს წერდი, არა?

– არა, ცარცით, – მომიგო ბიჭმა.

– დასახატად სხვა ადგილი ვერ ნახე, მეკარისთვის საქმე რომ არ გამოგეჩინა? ერთი მამაშენი ვყოფილიყავი! – უთხრა ასოთამწყობმა კოვალსკიმ ბიჭს და ხოტორა თავზე ხელი გადაუსვა.

– კოვალსკი, შენ რატომღა ბეჭდავდი იმ გაზეთებს ბედნარსკაზე? – ჰკითხა კონტრაბანდისტმა კოზერამ. ახლა უკვე კედლიდან კედლამდე სცემდა ბოლთას.

– არაფერსაც არ ვბეჭდავდი. ტახტის საყიდლად მივედი.

– იატაკქვეშა სტამბაში, არა? – ოცდაერთზე მეტი, – ვთქვი და გესტაპოელ მატულას ჩემი კარტი ვაჩვენე.

– ისე უხდებოდი იქაურობას, როგორც ფრანგული დუკატი ქუჩის ქალის ხელს. ეს შექსპირია, ასოთამწყობო კოვალსკი.

– შემდეგ ხელს აუცილებლად მოვიგებ, – თქვა მატულამ და კარტის აჭრას შეუდგა.

– მეყოფა. ორი ულუფა პური ჩემია, – ვთქვი და კარტი აღარ გამოვართვი.

– შენსავით უდანაშაულოდ ჩავვარდი, – უთხრა ბედნარსკელმა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

– მშვენივრად იცი, რომ ჩემი საცოლის მოსაძებნად ვიყავი გასული, რომელიც ორი დღე და ღამე შინ არ მოსულიყო.

– როგორ არა, ცეცხლსასროლი იარაღის შემკეთებლებთან? – ჩაიცინა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

ბიჭისკენ გადავიხარე და ხელით წიგნზე მივანიშნე.

– მათხოვებ წასაკითხად?

ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

– ჩვენში დარჩეს და, საიდან უნდა მცოდნოდა? – თქვა ასოთამწყობმა კოვალსკიმ. – განცხადება ბოძზე იყო გამოკრული.

გავჩუმდით. ჭერზე სინათლე ბჟუტავდა. დაგლეჯილ ლეიბებზე ვისხედით. სარკმლის ქვეშ, კუთხეში, კედელთან მიმჯდარიყო მუხლებში თავჩარგული მოკოტოვსკელი მოხელე შრაიერი, რომლის გოგონებიც გასაიდუმლოებულ გიმნაზიაში დადიოდნენ. ყურები სულ უფრო და უფრო ეფშიკებოდა განზე. გესტაპოელი მატულა, რომელიც გლეხებს ღორებს ართმევდა, კარისკენ ზურგით იჯდა და ლეიბზე გაშლილ კარტს ეფარებოდა. მეორე ლეიბზე იჯდა ბედნარსკელი ასოთამწყობი კოვალსკი, რომელიც იატაკქვეშა სტამბაში ტახტის ყიდვას აპირებდა. მის გვერდით კი ბიჭი, სახლის კედლებზე ცარცით რომ წერდა და ბიბლიას კითხულობდა. მალკინიელი კონტრაბანდისტი კოზერა ისევ ლეიბებსა და კარს შორის სცემდა ბოლთას.

კარი შავი იყო და დაბალი, ერთიანად დაფარული ზედ ამოკაწრული სახელებითა და თარიღებით. ჩამტვრეული სარკმლის შავი გისოსების უკან სამზარეულოს ჟანგისფერი სახურავი ბზინავდა და იისფერი ცის ნაჭერი მოჩანდა. ცის ქვეშ გალავანი იყო. გალავანს საგუშაგო კოშკურები ჰქონდა, საიდანაც კარაბინის ლულები გამოეშვირათ.

გალავნის უკან გეტოს დაცლილი, შიშველფანჯრებიანი სახლები იდგა, რომელთა მიღმაც გაბდღვნილი ბალიშებიდან და საბნებიდან გადმოცვენილი ბუმბული ფრიალებდა.

მოხელე შაიერმა მუხლებიდან თავი ასწია და და ბიჭს მიაჩერდა.

ბიჭს ისევ ამოეღო წიგნი, ისევ თვალებთან ახლოს მიეტანა და კითხულობდა.

დერეფანში ფეხის ხმა გაისმა. იატაკზე დაგებულმა რკინის ფილებმა ჟღრიალი დაიწყო. საკნის კარებში საკეტები გადატრიალდა.

– როგორც იქნა, მოვიდნენ, – თქვა ასოთამწყობმა კოვალსკიმ, რომელიც მოხელე შაიერთან ერთად გასუსული აყურადებდა გარედან შემოსულ ხმებს. – საინტერესოა, რამდენი ახალი მოიყვანეს.

– ეგ საქონელი არასოდეს შემოაკლდებათ. კონტრაბანდა საჭირო არ არის. თავის ფეხით მოვა, – თქვა მალკინიელმა კონტრაბანდისტმა კოზერამ.

– იმას მაინც იტყვიან, რა ხდება ქვეყანაზე, – თქვა მატულამ, რომელიც გლეხებს ღორებს ართმევდა, ახლა კი სიკვდილით დასჯის მოლოდინში იყო.

– ორიოდ კვირის წინ თქვენც იყავით იმ ქვეყნის ნაწილი, – თქვა მოხელე შაიერმა. – იცოდით, რა ხდებოდა?

– სამაგიეროდ, ის ვიცი, რომ ორიოდ კვირაში საერთოდ აღარ ვიქნები ამ ქვეყნად, – მიუგო მატულამ.

– ჰოდა, აბა, რაში გადარდებს, რა ისმის ქვეყანაზე, თუკი მაინც უნდა დაგხვრიტონ, – თქვა კოზერამ.

– აი, ომი რომ დამთავრდებოდეს მოკლე ხანში, იქნებ აღარც დავეხვრიტეთ?

– არც პოლონეთის სასამართლო გადაგისვამდა თავზე ხელს ყაჩაღობისთვის, – თქვა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

– შენ ხო რას ამბობ, საპატიო ორდენს ჩამოგკიდებენ ტახტის ყიდვისთვის.

კარი ხმაურით გაიღო და საკანში დაკითხვაზე წაყვანილი მლავსკი შემოვიდა. შემდეგ ისევ ხმამაღალი ჯახუნით დაიკეტა მის ზურგს უკან.

– რას შვრებით, ბიჭებო? – იკითხა მლავსკიმ. მე კარგა გვარიანად შემეშინდა. ვიფიქრე, ღამე იქ მომიწევდა დარჩენა. მეორე მანქანით მოვიდნენ.

– ალბათ, ხეები უკვე აყვავდა და ადამიანებიც ჩვეულებრივად დადიან ქუჩებში. ასეა? გამოვიცანი? – ვკითხე და კარტის დასტა ხელში შევათამაშე.

– ჩემი თქმა რად გინდა, შენ თვითონ არ ნახე, აქ რომ მოჰყავდი? ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას.

– აჰა, შენი სუპი. – ასოთამწყობმა კოვალსკიმ ვახშამი გაუწოდა ჯამით მლავსკის. – სადილი შეგიჭამეს.

– ბარდის სუპი და პური გვქონდა სადილად. ცუდად არ გვაჭმევენ.

– გათბობითაც კარგად ათბობენ, – თქვა ლეიბთან მდგარმა მლავსკიმ და გაცივებული და ლაბასავით შესქელებული სუპი შეხვრიპა.

– როგორ ჩაიარა? ჯდომა შეგიძლია?

– ჩვეულებრივ. მარტო ტრამვაიში[1] მომიწია ჯდომა. ნაცნობი რეფერენტი გვყავდა. მამაჩემთან ეჭირა საქმე რადომში. ხო იცი, როგორც ხდება ხოლმე? – ნელ-ნელა ჭამდა. – მიყვარს ამათი ჟურეკი. ხანდახან მართლა გემრიელია, თუნდაც ცივი იყოს. შინაური ჟურეკის გემო აქვს. დღეს კარტოფილიც ბლომად ჩაუყრიათ.

– კალიფაქტორს* ვუთხარი, რომ სუპი შენთვის იყო. ქვაბს კარგად მოურია და ისე ამოიღო.

– რეფერენტმა რა თქვა, რაო? – ჰკითხა მოხელე შაიერმა, რომელსაც არალეგალური პრესა და ქვითრები უპოვეს.

– არაფერიც არ უთქვამს, – უკმეხად მიუგდო მლავსკიმ. ჯამი ვედროსთან მიდგა და პალტო გაიხადა. – შენი პალტოს გამო გვარიანად კი მომხვდა სიფათში. სარჩულიდან შუშის ნატეხი ჩამოვარდა. რა იყო, თავის მოკვლას აპირებ?

– ისე მედო, ყოველი შემთხვევისთვის, – ვუთხარი და პალტო თავქვეშ ამოვიდე. შეეშინდა, თითქმის ახალი მისი ტყავის ქურთუკი პოლიციას არ წაერთმია და პალტო მე მეთხოვა. მლავსკი ჩემ გვერდით ჩამოჯდა.

– იცი, – ჩამჩურჩულა, – მამაჩემს შესთავაზეს, ინფორმატორი გახდიო. რას ფიქრობ?

– მე რას უნდა ვფიქრობდე? მამაშენი რას ფიქრობს?

– მამაჩემი დათანხმდა. სხვა რა გზა ჰქონდა?

მხრები ავიჩეჩე. მლავსკი ბიჭს მიუბრუნდა.

– ახალი ხარ, ხო? მგონი პოლიციაში გნახე. ჩემთან ერთად ტრამვაიში არ იჯექი?

– არა, – მიუგო ბიჭმა ისე, რომ გადაშლილი ბიბლიისთვის თვალი არ მოუშორებია. – არანაირ ტრამვაიში არ ვმჯდარვარ.

– ასე ამბობს, ქუჩაში მუქლურჯმუნდირიანმა პოლიციელმა დამიჭირა და სატუსაღოში დროშკით მომიყვანაო, – უთხრა მლავსკის კართან მდგარმა კოზერამ.

– ნიძლავს დავდებდი, რომ პოლიციაში გნახე, – უთხრა მლავსკიმ ბიჭს. – მაგრამ რადგან ამბობ, პოლიციელმა დამიჭირაო… გასაკვირი კია, მაგრამ რას ვიზამ.

ცოტა ხნით ყველანი გავჩუმდით. ცასა და შავ გისოსებს შორის გაზაფხულის საღამო იდგა, რომელსაც სატუსაღოს ფანრები ანათებდა. შრაიერს სახე ხელისგულებში ჩაერგო და შიმშილისაგან დღითი დღე სულ უფრო მეტად გადიდებული და განზე გასული ყურები მოუჩანდა. კოზერა კარსა და ლეიბებს შორის სცემდა ბოლთას. ბიჭი ბიბლიას კითხულობდა.

– ოჩკოს* არ ითამაშებ? – მკითხა მატულამ. – მაინც კუნძებივით ვყრივართ. იქნებ მოგიგო კიდეც.

– კარგით რა! შეეშვით ამ თამაშს, – თქვა შრაიერმა თავის აუწევლად. – მალე დედასაც ჩამოხვალთ. აქ ადამიანი…

გაჩუმდა და ენით კბილის პროთეზი გაისწორა.

– გამომივიდა ინტელიგენტი, – თქვა მატულამ. – ითამაშებ?

– უმჯობესია, საღამოს შემოვლისთვის მოემზადოთ. კალიფაქტორმა უკვე მერამდენედ დაიძახა, – თქვა ბედნარსკელმა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

ლეიბებიდან წამოვდექით და კარისკენ სახით ჩავმწკრივდით.

– დღეს უკრაინელი მორიგეობს. იქნებ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, – წავჩურჩულე მლავსკის. მან თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია.

ჩვენი საკნის კარი გააღეს. ზღურბლზე დაბალი, ჩასკვნილი ესესელი იდგა ოთხკუთხა წითელი სახითა და თხელი ქერა თმით. პირი მაგრად მოეკუმა. მოგრეხილ ფეხებზე მაღალყელიანი პრიალა ჩექმები ეცვა, ქამარში პარაბელუმის ტიპის პისტოლეტი ჰქონდა გარჭობილი, ხელში მათრახი ეჭირა. მის უკან ტანმაღალი უკრაინელი დამდგარიყო გასაღებების აცმით ხელში. შავი პილოტურა გვერდზე მოჰქცეოდა. უკრაინელს აქეთ-იქიდან ამოსდგომოდნენ კალიფაქტორი* და ჩია ებრაელი, გეტოს ადვოკატი შრაიბერი*, რომელსაც ხელში ფურცლები ეჭირა.

შრაერმა მოკოტოვსკადან რამდენიმე ზეპირად ნასწავლი სიტყვა წაიბურტყუნა გერმანულად. ესა და ეს საკანი, ამდენი და ამდენი პატიმრით, ყველა სახეზეაო.

სახეწამოჭარხლებულმა ზედამხედველმა მონდომებით გადაითვალა პატიმრები.

–Ja, – თქვა ესესელმა. Stimmt[2]. – შრაიბერ, რომელია ამ საკნიდან?

შრაიბერმა ქაღალდები თვალთან ახლოს მიიტანა.

– ბენედიქტ მატულა, – ამოიკითხა და მოგვაშტერდა.

– ვაიმე, ბიჭებო. დამბრიდავენ! – ამოიგმინა მატულამ, გესტაპოელივით გადაცმული გლეხებს ღორებს რომ ართმევდა.

– Los, გამოდი, raus! – დაიღრიალა ზედამხედველმა, კისერში წასწვდა მატულას და დერეფანში გააგდო. კარი ბოლომდე გაიღო.

დერეფანში შეიარაღებული მცველები ჩამწკრივებულიყვნენ. ქამრებზე ხელყუმბარები ჩამოეკიდებინათ. ნათურის მქრქალ შუქზე ჩაფხუტები უელავდათ.

ზედამხედველი შრაიბერს მიუბრუნდა.

– მოვრჩით? წავედით?

– არა. არ მოვრჩით, – თქვა შრაიბერმა, ებრაელმა ადვოკატმა გეტოდან. – კიდევ ერთი. ნამოკელი. ზბიგნევ ნამოკელი.

– აქ ვარ, – თქვა ბიჭმა.

ლეიბიდან წამოდგა და პალტო აიღო. კართან მისული ჩვენკენ შემობრუნდა, მაგრამ არაფერი უთქვამს, უსიტყვოდ გავიდა დერეფანში. კარი ხმაურით ჩაიკეტა.

– საღამოს შემოვლაც ჩამთავრდა! ერთი დღით მეტი და ორი ადამიანით ნაკლები. ახლა ხვალინდელ დღეს დაველოდოთ! – შესძახა კოზერამ, მალკინიელმა კონტრაბანდისტმა.

– ბევრი დაგვრჩა, ხო იცი. აგერ, იყო ბიჭი და აღარ არის, – თქვა ნირწამხდარმა კოვალსკიმ და პარაშასთან გაალაჯა.

– მოფსით ეხლა, ბიჭებო, ლოგინები უნდა დავაგოთ, მერე ერთმანეთის თავებზე სიარული რომ არ იყოს. მიდით, გაშალეთ, სანამ შუქი გვაქვს.

წამოვდექით და ლეიბების გაშლა დავიწყეთ.

– ცუდია, ბიბლია რომ არ დაგვიტოვა, – ვუთხარი მლავსკის. – საკითხავი მაინც გვექნებოდა!

– მით უმეტეს, რომ თვითონ აღარ დასჭირდება. მაგრამ, გეფიცები, დღეს პოლიციაში ვნახე, – თქვა მლავსკიმ. – ასეთ პატარას რა უნდა დაეშავებინა? ან რატომ მოიტყუა, პოლიციელმა ქუჩაში ამიყვანაო?

– ებრაელს ჰგავდა და, ალბათ, იყო კიდეც, – თქვა სარკმლის ქვეშ ლეიბზე მიწოლილმა შრაიერმა, რომელიც ოხვრა-კვნესით ცდილობდა ფეხებზე პალტოს გადაფარებას. ჩიფჩიფებდა. პროთეზი პირიდან გამოეღო, ამანათის შესაფუთ ქაღალდში გაეხვია და ჯიბეში ჩაედო.

– თუ ასეა, ბიბლია რაღად უნდოდა?

– ნამდვილად ებრაელი იყო, თორემ დასახვრეტად არ წაიყვანდნენ, თქვა კოვალსკიმ და კოზერას გვერდით მხართეძოზე წამოწვა. – თუმცა მატულაც წაიყვანეს.

– მატულა კრიმინალი იყო, ღამღამობით რევოლვერით ხელში გლეხებს თავს ესხმოდა და არბევდა, – თქვა კოზერამ. – მასე მოუხდება.

მე და მლავსკიც დავწექით. ფეხებზე მისი ტყავის ქურთუკი წავიფარეთ, ტანზე კი ჩემი პალტო. ბეწვის საყელოდან სასიამოვნო სითბო მოდიოდა და სახე შიგ ჩავრგე.

ჩამსხვრეული სარკმლიდან ნოტიო სიცივე შემოდიოდა. ცა მთლიანად ჩაშავდა. ცასა და სარკმელს შორის ჩამდგარ სივრცეს ოქროსფრად ანათებდა სატუსაღოს ფარნების შუქი. აქა-იქ ვარსკვლავების სუსტი შუქიც ეცემოდა.

– რა ლამაზია ეს ქვეყანა, ძმაო, და რა ცოდოები ვართ, გარეთ რომ არა ვართ, – ხმადაბლა გადავულაპარაკე მლავსკის. ერთმანეთს ვეხუტებოდით, უფრო თბილად რომ ვყოფილიყავით.

– ნეტავ მამაჩემი თუ აიყვანეს, – წამჩურჩულა.

მისკენ გადავბრუნდი და სახეში შევხედე.

– დღეს გამოაშკარავდა, რომ ებრაელია. იმ რეფერენტმა იცნო. თურმე ერთად ჩალიჩობდნენ რადომის გეტოში.

– ასე რომ იყოს, შენც ხომ წაგიყვანდნენ? – ჩურჩულითვე ვუპასუხე.

– მე ალბათ ჯერ არა, რადგან მთლად ებრაელი არა ვარ. დედაჩემი პოლონელი იყო.

– აბა, ჩამშვები როგორღა უნდა ყოფილიყო? არ აიყვანდნენ.

– ღმერთმა ქნას, რომ იყოს. უფრო კარგი იქნებოდა.

– ღამით მაინც მოკეტეთ, – თქვა კოზერამ და წამოჯდა. – რა იყო, სპორტი[3] მოგენატრათ?

გავჩუმდით. ის იყო თვლემა მოგვერია, რომ სადღაც ახლოში ყრუდ გაისმა სროლის ხმა. მერე მეორე მოჰყვა. ყველანი ერთდროულად წამოვსხედით ლეიბებზე.

– როგორც ჩანს, ტყეში არ წაიყვანეს. აქვე, კოშკურასთან დახვრიტეს, – ვთქვი მე და დათვლა დავიწყე: თოთხმეტი, თხუთმეტი, თექვსმეტი…

– კარიბჭის წინ ხვრეტენ, – თქვა მლავსკიმ. ხელზე მთელი ძალით მიჭერდა ხელს.

– ებრაელი უნდა ყოფილიყო ის ბიჭი, ბიბლიით. ნეტა მერამდენეს ესროლეს? – ამოიოხრა ასოთამწყობმა კოვალსკიმ.

– ჯობია, დაწვეთ და დაიძინოთ, – ჩაიჩიფჩიფა მოკოტოვსკელმა მოხელე შრაიერმა. – ღმერთო ჩემო, ბოლოს და ბოლოს, ხმა გაიკმინდეთ, დაწექით და დაიძინეთ.

– ჰო, აჯობებს დავიძინოთ, – გადავულაპარაკე მეგობარს.

ისევ დავწექით და ტყავის ქურთუკი და პალტო გადავიფარეთ. ჩამსხვრეული სარკმლიდან ნოტიო სიცივე შემოდიოდა.


[1] წინასწარი გამოძიების საკანი ვარშავაში, შუხის ხეივანში, სადაც ფაშისტური ოკუპაციის პერიოდში გესტაპო იყო განთავსებული.

[2] გერმ. დიახ, სწორია.

[3] იძულებითი ვარჯიში.

© არილი

Facebook Comments Box