პოეზია

ნათელა ჯანელიძე – განდევნა და სხვა ლექსები

განდევნა

ზოგჯერ მგონია, ისეთ სიყვარულს დავათრევ, რომ მისი არსებობა უკვე უხერხულია.

თითქოს რაღაცას ვაჭარბებ:

სიყვარულის დასაშვებ ნორმას, მისაღებ დოზას.

და ეს ყველამ იცის.

იცის უკამათოდ, იცის ერთსულოვნად.

ყველგან ვხედავ გამაფრთხილებელ ნიშნებს:

ჩუმად, ჩუმად, ბავშვებს ვაძინებთ.

რაღაც ზედმეტად ხმამაღლა გიყვარს.

ბავშვებს აჯობებს სულაც ერიდო,

მათთვის ადრეა დაინახონ ეს ურცხვი გრძნობა.

და ნუღარც დაწერ ამ სიყვარულზე.

ეს უმსგავსობა პოლიტიკურად კორექტულ ჩვენს ნარატივში არაფრით ჯდება.

ანდაც კიდევ რა დროს ეს არის.

აქ ხომ ომია.

სიყვარულზე რომ გაჰყვირი,

სიყვარული ახლა გრამოფონშია.

უკანონოდ დაიბადა შენი სიყვარული,

არასწორ დროს და არასწორ ალაგს.

სწორედ ეს არის ომის დანაშაული,

რომ ახლა,

ასე უნებართვოდ,

ზრდი ამ სიყვარულს,

საჭმელს რომ გვაგლეჯს,

ჩვენს ჰაერს ყლაპავს.

და ისე მაინც –

რატომ გიყვარს ასე, ნათელა?

როგორ შეგიძლია იარსებო

ასე უსირცხვილოდ,

ასე გაჟღენთილმა,

თითქოს ამ სიყვარულში იცხოვრე

და იქვე მოკვდი.

ყარს შენი სიყვარული.

აქ ნუ დატოვებ.

მოგვაშორე შენი რადიაციული ნარჩენები,

ჩვენ ვიმალებით მისგან,

აქედან წადი!

***

როცა ლამაზი ვიყავი,

მეძახდნენ სახელებს,

რომლებიც არ მერქვა.

იმდენი ვიყავი,

რამდენი თვალიც შემომხედავდა.

რაც ლამაზი აღარ ვარ –

ჩემი ნამდვილი სახელი დამრჩა

და ეს სახელი იმის ხმით მესმის,

ვისაც ვუყვარვარ.

***

სანამ თვალებში ჩამდგარ ნისლს

გავფანტავ,

ვერ მეყვარები.

ეს არ არის მუქარა,

ეს ამბავია,

ისეთი,

როგორსაც მიწა უყვება ნაყოფს:

„ახლა ბნელა,

ვერაფერს იზამ,

უნდა ელოდო.“

როცა თვალის ჩინი დამიბრუნდება,

და ლეთეს წყალნაყლაპს,

მის ნაპირებზე მომესმება პანის საყვირი,

მაშინ შევძლებ გითხრა:

ისევ მიყვარხარ!

და ისე მძაფრად,

როგორც მხოლოდ დაბრუნების სევდა გვკარნახობს.

***

ერთ დღეს მკითხა,

“შეგიძლია, არავის უთხრა, რომ გნახე?”

ამ წუთიდან ვიცი –

რომ ჩვენ ვეკუთვნით მხოლოდ იმ წამს,

როცა მაყურებლის წინ ფარდა ეშვება

და სცენაზე დარჩენილი მსახიობები თავიანთ თავებს უბრუნდებიან.

ჩვენ ვხვდებით კვირაში ერთხელ,

ოფლისგან გაპოხილ სხეულებზე საკუთარ თავებს ვკითხულობთ

და შემდეგ ამაზე ვწერთ და ვყვებით,

ვყვებით მდინარეებში არეკლილი ნარცისებივით.

ჩვენ ვუვლით ერთმანეთში გადარგულ ნერგებს,

კაქტუსებივით დიდხანს რომ ძლებენ დაურწყულებლად.

ოაზისებსაც არ ითხოვენ,

გაუდაბურებულ ურთიერთობებს შორის

ყელმოღერებულნი,

როგორც ერთადერთები,

რომელთაც შეძლეს სიცოცხლე იქ,

სადაც ის მკაცრად იკრძალებოდა.

მარტოობა

რა მოხდება თავი რომ გამოვირთო,

გამოვითიშო ცხოვრებისაგან.

ჩემს მარტოობას შევეყუჟო, შევეკედლო.

კედლებს იქით დარჩენილი სამყაროს ხმაური კი

სიჩუმის ერთ დიდ ზღვად გადაიქცეს.

ამ ზღვაში ნება-ნება,

ნაპირდავიწყებული ნავივით

ტორტმანებდეს ჩემი ოთახი.

როგორ დამღალეს უსუსურმა მცდელობებმა,

რაღაცაში ვეწერო,

სადღაც მეც ვჟღერდე,

სადღაც – დიდი ამბების მხარდამხარ

და ყველაფერი მხოლოდ იმიტომ,

რომ ეს მარტოობა გადავფარო,

ვერსად რომ ვერ გავექეცი,

ვერსად რომ ვერ დავემალე.

ჰოდა,

შევწყვეტ გაქცევას-მეთქი – ვფიქრობ.

პირიქით,

მხოლოდ ეს იქნება,

ეს მარტოობა,

რომელსაც მივიღებ და დავიტევ,

სხვა ყველაფერი კი იქნება სხვა ყველაფერი.

როგორც ყოველთვის იყო,

მაგრამ ვერ მჯეროდა.

პატარა ვიყავი.

ლოცვა მებრძოლი მეგობრისათვის

ღმერთო, შენ დაიფარე ჩემი მეგობარი,

მე ძალა არ მაქვს,

ლოცვაშეყინული კედლები საფლავის ქვებივით წამომდგომიან თავზე.

შენ დაიფარე,

შენ უშველე მას,

ვინც ტიტანივით შეჰყუდებია მიწას,

მხრები გადასტყავებია

და ძვლები ამოჰყრია ციხე-გალავნებად.

შენ დაიფარე ის,

ვისაც შენი რცხვენია და თავსაც იბურავს უკვე დაღლილი,

სახეს არ აჩენს.

ჩვენ კი გვიჭირს ამ უკუნეთში ხელის ცეცებით ვიცნოთ მტერი თუ მოძმე.

ღმერთო შენ დაიფარე,

მე ცრემლს თუ მოგცემ ჭრილობების დასარწყულებლად,

და შენ დაიფარე,

დაიფარე ჩემი კალთა და ღმერთი.

***

სიყვარულის მეშინია.

უფრო სწორად – სიყვარულის გაცემის.

ასე მგონია,

თუკი გავცემ,

აღარ დამიბრუნდება.

გრძნობები, რომლებიც სხეულს დატოვებენ,
უკან ვეღარასდროს შემოსახლდებიან.

მძაფრად ვგრძნობ ხოლმე,

როგორ გამდის სიყვარული ტანიდან,

როგორ ვკარგავ,

როგორ იქცევა სითხედ და ოფლად,

სხეულიდან როგორ ორთქლდება.

ამიტომ მაფრთხობს მარილიანი კანის სიმყრალეც.

შიშის სუნი აქვს –

უსიყვარულოდ დარჩენის შიშის.

ასე მგონია დავშრები-მეთქი,

დავიწრიტები,

მარილის გოლგოთები დარჩება ჩემგან,

როგორც არალში.

არალი არ არის,

აღარ არის,

ზეცამ ჩაყლაპა.

***

ვისთან არ მიხვალ,

ვის არ გადაუსვამ თავზე ხელს?!

ზომიერი სითბოთი

და სხვებისთვის შეუმჩნეველი გულგრილობით.

თითქოს,

უსიყვარულობაში –

ფილმად ნანახი სიყვარული ხარ,

ომიანობაში – წიგნად წაკითხული

მშვიდობა,

ბედუინისთვის – წყლის მოჩვენება…

განგაშია შენი აყვავებული ღიმილი,

და შონბრუნის ბაღში გადარგული შენი გულის ხმა,

ბანს ვეღარ მისცემს ამ ქვეყნის დარდებს,

ძალზე შორია.

***

სადღაც რომ გამოგკეტოს საკუთარმა თავმა

და შემდეგ იმავე თავმა

გარედანაც გიყუროს,

ზუსტად იცოდეს როგორ გიხსნას,

მაგრამ მაზოხისტური სიამოვნებით გაკვირდებოდეს

დილეგში გამოკეტილი,

საწოლზე გაკრული,

როგორ ემსგავსები შენივე საბანს

და ყველა ზურგი,

რომლებიც შეგაქციეს,

როდესაც საწოლთან დამყნობის პროცესს აკვირდებოდი,

როგორ ხდება ციხის კიდევ ერთი დამცავი ფენა,

ციხის კიდევ ერთი კლიტე,

გალიის კიდევ ერთი გისოსი.

ზოგჯერ გახედავ,

შეგეშინდება,

შენს თავსვე შესთხოვ,

რომ გაგიშვას,

წაგიშალოს ყველა მოგონება,

დაგანახოს გზა,

რომელსაც ახლა სიზმრად თუ ხედავ

და ბალიშის თეთრი შარავანდედი

ამ სიზმრების სინათლით ბჟუტავს.

ბალიში ერთადერთი მოწმეა

სიზმრად ნანახი სხვა მომავლისა,

სადაც ხარ მექანიკური საათის უმნიშვნელო ჭანჭიკი,

დილას რომ დგება,

ყავას ისხამს,

სამსახურში მიდის

და უკან უბრუნებს ვალს იმ სამყაროს,

რომელმაც მისცა

ორი ფეხი,

ორი ხელი,

თავი

და კიდევ რაღაც ამგვარი მექანიზმები,

რომლებიც ისე ძვირი ღირს,

მთელი ცხოვრება გიწევს ვალი აბრუნო.

თუ ვერ აბრუნებ,

არავინ გიჭერს.

შენივე ნებით ჯდები ციხეში,

და შორიდან აკვირდები საკუთარ თავს,

როგორ იქცევი საბნად,

რომელსაც სადაცაა

სხვა ახალშობილს წააფარებენ.

***

თუ სამოთხე არსებობს,

იქ ჩემი ადგილი შენ იქნები

და მე ვიქნები ქალი,

ყველა ქალი,

ვინც ოდესმე დაწვეს და მაინც ვერ მოკლეს.

შენი სუნთქვა ჩაუდგება ჩემს ფილტვებს,

შენი თითებით მოიღვრება წყლები,

შენი მზერით აინთება ყოველი დილა

და ჩამქრალ თვალებს სხივს ჩაუყენებს.

შენ იქნები მიწა,

რომელზეც შიშველი ტერფებით ვიცეკვებ აღდგომის ცეკვას,

ამოვყრი ხეებს,

უნაყოფოებს

და მაინც ვიგემებ

მათ მარადიულ სიცარიელეს.

როცა სამყარო ჩემს სიზმარს დაემსგავსება,

როცა რეალობა საათებს გადაადნება

და დრო იქნება შენივე ხელით მოზელილი

ჩემი ნეკნები,

შენ იქნები მე

და ჩვენ ვიქნებით

დამწვარი სამოთხე,

რომლის კარიბჭეს უკვე აღარ უდარაჯებენ.

დასვენება

ცუდად ყოფნებს შორის ცოტ-ცოტას ვცხოვრობ კიდეც.

ამ ცხოვრებებში მელანქოლიას ვანიავებ,

ბუნებას შევხარი,

ნამზეურს უფლებას ვაძლევ ჩემს სხეულზე კვალი დატოვოს.

არა, რუჯის ნაკლებად,

უფრო გამონაყარის სახით.

რა უჭირს.

ესეც ნიშანია, რომ სიცოცხლე მთლად არ დამვიწყებია;

რომ ზოგჯერ მზის ჩასვლა უფრო მშვენიერია, ვიდრე რუტინად ქცეული მელანქოლია;

რომ ცუდი ამბების ფონზე სამყარო არსებობას მაინც განაგრძობს და თვალსაც იტყუებს.

ჰო,

უფლება მაქვს ვიყო მოტყუებული და მჯეროდეს,

რომ გაკვეთილებს შორის ხუთწუთიანი შესვენებები მართლა საკმარისია.

ზრდა

არავინ მითხრა,

რომ ბავშვობის კარი კარგად ჩამეკეტა,

ღია არ დამეტოვებინა უკან შესაბრუნებლად

და იქ სიცარიელის აღმოსაჩენად,

თითქოს 5 წუთი პურზე ჩაირბინე და

უკან ამოსულს სახლი გაძარცვული დაგხვდა.

.

ხანდახან

წარსულს მამის ექო მოაქვს,

კითხვები,

რომლებზეც ზუსტად ვიცი,

რას არ ვუპასუხებდი.

ხან – დედის დარიგება.

ამ დროსაც ზუსტად ვიცი,

მაინც გავიმეორებდი იგივე შეცდომებს,

იგივე გზას დავადგებოდი.

მინდა ეს დედაჩემმაც იცოდეს.

.

ბევრი დრო არ არის საჭირო,

რომ მიხვდე,

ყველაფერი, რასაც ვინახავ,

დროსთან ერთად თავის თავისგან იცლება.

მაისური, რომელსაც მამის სუნი ჰქონდა,

ახლა უბრალოდ ძველი ქსოვილია.

ხის ძველი შუშაბანდი,

რომლის ღრიჭოებიდან შემოჭრილი ქარი დედას აციებდა,

მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა.

აღარ ცივა,

მაგრამ მაინც უფრო მეტად აცივდა.

.

ერთ დღესაც ვიწვები შუა ოთახში,

მშვიდი და სუფთა,

და ჩემგან წამოსული სიგრილით

ჩემი შვილები შუბლზე ოფლს შეიშრობენ.

ეს არის კარგი.

ერთად

როცა იმდენად გავსუქდები,

რომ საკუთარი სხეულიდან გადმოვიღვრები,

როცა ჩემი ხორცი ნაკეც-ნაკეც ამოავსებს ყველა მიტოვებულ ქუჩას სიცოცხლის სუნით,

როცა ჩემი არსება შენს შორეულ საწოლშიც შემოძვრება,

მაშინ ახლოდან გიგრძნობ

და დავიძინებთ ერთად

მე, შენ და მთელი სამყარო.

***

ყველა მარტოსული ადამიანი ჩემი მეგობარია.

არ იციან, მაგრამ ასეა.

ეს მეგობრები თან არსებობენ, თან – არა.

ვართ ასე,

ერთი დიდი სამეგობრო,

ყოფნა არყოფნას შორის გაკიდებულნი

და სადღაც,

სივრცის კალეიდოსკოპში,

ჩვენი თვალები ერთ მზერაში ერთდებიან,

ჩვენი გულები ერთ სხეულში იწყებენ ფეთქვას

და ერთი ვეება მარტოობა

ეუფლება სამყაროს სუნთქვას.

მკვდარი ენაა მარტოობა,

დაბადებამდელ ცოდნებშია მიმობნეული

და თუ მოგცლია შესასწავლად,

დახუჭულ თვალებში ჩაიხედე,

მანდ თუ იპოვი.

თეთრი ორომოელი

ხანდახან,

როცა ყოფა ხდება აუტანელი.

დავეძებ არყოფის ალტერნატივას.

საცხოვრებლად გამოსადეგი, ეს ალტერნატიული,

ძალზე ალტერნატიული

სამყარო უნდა იყოს ისე ნამდვილი –

ისე საკმარისად რუტინული,

და დეტალებით გაჯერებული,

რომ მარტივად დავიჯერო,

უკვე რამდენიმე თვეა ეთიოპიაში ვარ –

ორომოს ხალხთან,

როგორც ერთ-ერთი მათგანი,

თეთრი ყვავი არადა, თეთრი ორომოელი.

თუჯის სათლში ვრეცხავ სარეცხს,

ალიონზე ვფენ ფერად ქსოვილებს,

მათში აბრდღვიალებულ მზის კვალს გავცქერი.

ნელ-ნელა ვსწავლობ ფლორას, ფაუნას,

მეუბნებიან

სად შევძლებ წასვლას

და სად ალბათ უფრო კისერს წავიტეხ.

ხანდახან წვიმაში დავრბივარ,

ტალახში ვეფლობი და არ მადარდებს.

იქაურები იცინიან,

თავაშვებული სიცილი წკრიალებს წვიმის წვეთებში.

ზოგჯერ ვუყურებ ქათმებს,

იმ ქათმებს,

ინჯერას გვერდით ჩალაგებულნი

ცხარე სოუსში რომ აღმოჩნდებიან.

მოულოდნელად მიხარია,

რომ არა ვარ ერთ-ერთი მათგანი.

რომ შემიძლია ზურგზე დავწვე,

ხელები თავქვეშ ამოვილაგო

და ცას ვუყურო.

ეს ყველაფერი ისეთი ნამდვილია –

ხანდახან ჩემზე მეტადაც კი.

ჰო,

ასე ვცხოვრობ პარალელურ ცხოვრებებს,

გულგატეხილობისა და ოცნების ფარულ პირმშოებს

და მეფიქრება:

იქნებ და მართლა წავიდე.

ალბათ უფრო იმ დროისათვის,

როცა სიცოცხლე,

ზომაზე მეტად

მეკიდება ორივე ფეხზე.

სიკვდილს კი უბრალოდ

სიცოცხლის თავიდან დაწყებას ვარჩევ.

ბოდიში

ბოდიშს ვუხდი

ლექსებს,

რომლებიც იქამდე მოხვდნენ წიგნში,

სანამ დასრულდებოდნენ.

ლექსებს, რომლებსაც აზრის სრულყოფამდე

1-2 სიტყვა დააკლდათ,

პოეზიამდე კი – მშვენიერება.

საჭმელს,

რომელიც იქამდე გავსინჯე,

სანამ მარილს მოაყრიდნენ,

სუნელებით შეაზავებდნენ.

ყვავილებს,

რომლებიც იქამდე დავკრიფე,

სანამ გაიშლებოდნენ.

ბოდიშს ვუხდი მას,

ვინც იქამდე მიყვარდა

სანამ ამის უფლება მექნებოდა.

© არილი

Facebook Comments Box