პოეზია (თარგმანი)

ჩესლავ მილოში – რჩევა და სხვა ლექსები

პოლონურიდან თარგმნა ნათელა გავაშელმა

რ ჩ ე ვ ა

ოღონდაც აღსარება არა. საკუთარმა ცხოვრებამ

ისე  მომინელა,  გულს მომეშვებოდა,

მასზე რომ მომეთხრო. ვიცი,  გამიგებდნენ

ბედკრულნი,  თანაც რამდენნი! ქალაქის ქუჩებში

მობორიალე დავრდომილნი,  თუნდაც მთვრალები,

ჭკუანაკლულნი და ცხოვრებამოყირჭებულნი.

მაინც რა მაკავებს? სირცხვილი,

რომ ჩემი დარდი არც ისეთი მიმზიდველია?

თუ სიჯიუტე? ახლა ხომ მოდაშია მოთქმა-ვაება,

მძიმე ბავშვობა,  წყენა და სხვა…

თუნდაც საბედისწერო შეცდომები.

ჯობია – გავჩუმდე. ისევ ისე

ხდებოდეს ყოველივე – როგორც ხდებოდა. არა,

სხვა რამ მაკავებს. ვინც იტანჯება

სიმართლესაც უნდა ამბობდეს.

„მიწიერი ნეტარების ბაღი“-დან

დედამიწა

პეწენიკაზე,  მოლაღურსა თუ ალკუნაზე ამხედრებულნი

ბარძაყებით ვგრძნობთ მათ ღუნღულა ფრთებს.

მივქრივართ ხანაც ვით ლეოპარდი,  ლომი,  მარტორქა,

მათი ფაფარი სრულად ერწყმის სიშიშვლეს ჩვენსას.

გარს ვუვლით წყაროს ყველგანმსუფევს და ცხოველმყოფელს

თუმც მის სარკეში ირეკლება სახე ყოველთა,

ხან მხრები,  ხანაც სავსე მკერდი სირინოზისა.

აქ ყოველთა დღეთ ალამაზებს სურნელი კენკრის.

ადამიანური თავგადასავლები

არსებობს პათეტიკურად ნაღვლიანი ადამიანური თავგადასავლები,

რომელთაც არასოდეს გავამჟღავნებ. ვფიქრობ ხოლმე,

ნეტა, რა მაჩერებს. ეგებ ცოდნა იმისა,

რომ ყველას გვახასიათებს ერთგვარი სიბრიყვე

თუ სიბეცე, დაფარული საგულდაგულოდ

და ამის გამჟღავნება ისეთივე უზრდელობაა,

როგორც კუზიანისკენ გაშვერა თითის. და თუ მე

შამანი ვარ, ცდები ადამიანებზე კი არა,

უფრო დაბლა მდგომებზე უნდა ვატარო.

ნეტა ვყოფილიყავი ანტიკური თეატრის ქოროს

ქვის სამოსში გამოწყობილი

და შემძლებოდა მოთქმა ბედის ირონიაზე!

ცხოვრება ჩემი არ ყოფილა გამორჩეული: დაკუჭული ზეწრები, გატეხილი ფიცი,

წვრილმანი ტყუილები, ნახმარი განდონები,

სიტყვები ნასროლი აქა-იქ, ოღონდ მწარე,

რათა მეორეს თავი ეგრძნო ბინძურად, ლეშად.

გაწბილება ინტიმურ შესაძლებლობაში,

კეთილშობილური საქციელის კომპრომეტაცია.

გაბიაბურება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის.

ცხოვრება ზვირთია ნაპირს შეხეთქებული.

მაღალო ღმერთო!

ნუ დატოვებ უფსკრულში, სამოთხისა და ჯოჯოხეთის უნახავად,

ლაბირინთებში მოხეტიალეთ.

მომეცი ძალა, წარმოვთქვა ლოცვა

ჩვენთვის, მათთვის, ჩემთვის

იმაზე, რაც უნდა დამეწერა,

მაგრამ ვერ დავწერე.

***

ჩემს ღმერთს ვევედრები, მილიარდი ყური რომ აქვს

და ერთი მუდამ ჩემკენ მოპყრობილი.

28 ნოემბერი, 2002.

მეფოკუსე

მეფოკუსევ, გაშალე იარაღი.

ძლიერი ექო  ბრუნდება უკან, ისმის გაზაფხულის ნიაღვრის გრგვინვა.

ბავშვური თვალები, ოდესღაც შენნაირი, ანაზდად შეიგრძნობს მიწის სილამაზეს.

მეფოკუსევ, ვარსკვლავს აკოწიწებ, ახალშობილთა ზეცაზე ლაღად რომ იფრენს.

თანხმობა

გვიან დაუდგა საკუთარ თავთან

თანხმობის ჟამი. „დიახ“ – განაცხადა –

„შექმნილი ვარ მხოლოდ პოეტად

და სხვა რამის კეთება

მართლა არ ძალმიძს. ძალიან მრცხვენია,

რომ უძლური ვარ, შევცვალო ხვედრი“.

პოეტი: იგი ნიადაგ სხვა რამეს ფიქრობს.

მისი დაბნეულობა ახლობლებს აცვიფრებს.

თითქოსდა ადამიანურ გრძნობებსაც მოკლებულია.

თუმც, რატომ არა?

ადამიანთა ნაირსახეობაში მუტაცია და ვარიაციაც

საჭირო გახლავთ. მოვინახულოთ პოეტი

უფერული გარეუბნის ერთ-ერთ ქოხმახში,

სადაც კურდღლები ჰყავთ, ნაყენს ამზადებენ

და იწერება ლექსები ჰერმეტული.

ეს ერთი

მდელო და მის თავზე – ტყე შემოდგომის,

მოგზაური აქ რუკამ მოიყვანა,

შესაძლოა, მეხსიერებამ. ერთხელაც, მზეში,

პირველი თოვლიანობის ჟამს, ამ გზაზე

სიხარული შემოეგზნო, ძლიერი, უმიზეზო.

მზერა გაუნათდა. ყველაფერი ხეთა რწევის და ჩიტების

ფრენის რიტმში იჯდა,

ლტოლვა გზამკვლევისა და მოძრაობის დღესასწაულისაკენ

ბრუნდება წლების შემდეგ, არაფერს ითხოვს.

მხოლოდ ერთადერთი რამ სურს:

მზერა იყოს ყველაზე სუფთა, თუნდაც უსახელო,

მოლოდინის, შიშის და იმედის გარეშე.

იმ საზღვარზე, სადაც „მე“ მთავრდება და იწყება „მე – არა“.

ა ზ რ ი

როდესაც მოვკვდები, სამყაროს სარჩულს ვნახავ –

მეორე მხარეს, ფრინველის სიმაღლიდან და მზის ჩასვლისას.

გავიგებ ჭეშმარიტი აზრის მნიშვნელობას.

რაც ერთმანეთს არ ემთხვეოდა, ახლა დაემთხვევა.

რაც გაუგებარი იყო, გასაგები გახდება.

– მაგრამ თუ სამყაროს სარჩული არ აქვს?

თუ ტოტზე შემომჯდარი შაშვი ნიშანი კი არა,

მხოლოდ ტოტზე შემომჯდარი შაშვია, თუ დღე

ღამეს უაზროდ მოსდევს

და არც მიწის მიღმა არის რამე ამ მიწის გარდა?

ასე რომ იყოს, მაშინ დარჩებოდა

სიტყვა – სიტყვად,

რომელიც იფრენდა და იფრენდა, მუხლჩაუხრელი დესპანივით,

ვარსკვლავებით მოჭედილი მინდვრის თავზე, გალაქტიკის უსასრულობაში

და გაუჩერებლად იკამათებდა, მოითხოვდა, იყვირებდა.

სამზადისი

სამზადისის კიდევ ერთი წელი.

ხვალ უეჭველად ჩავუჯდები ახალ თხზულებას,

რომელშიც ჩემს ასწლეულს ისე წარმოვაჩენ, როგორც იყო.

რომელშიც მზე ისევ ამოვა მართლისა და მტყუანისთვისაც.

გაზაფხული და შემოდგომა თავთავის დროზე დადგება.

შაშვი ჭალაში ისევ შეკრავს თიხისგან ბუდეს

და ეშმაკობას არ მოიშლის კვლავაც მელია.

ჰო, სულ ესაა. და კიდევ: ჯარი.

ყინულგადაკრულ დაბლობზე გარბის და ისმის

უამრავ ხმაზე შეწყობილი ბილწი გინება. კუთხეში

მოჩანს ტანკის ლულა. საღამოხანს

სათვალთვალო კოშკსა და მავთულხლართს შორის

გასვლა მალულად.

არა, ეს არ იქნება დღეს. ასე, ხუთი, ათი წლის შემდეგ.

ისევ ბევრს ვფიქრობ კურდღლის დედაზე

და იმაზე, რას წარმოადგენს ადამიანი – შობილი ქალისგან.

გორგალივით დახვეული თავს რომ მალავს

მძიმე ჩექმებით ნაცემს; ალმოდებული

გარბის; ბულდოზერი მიათრევს თიხიანი ფსკერისკენ.

მისი ბავშვი. დათუნიაჩაბღუჯული. განცხრომისჟამს ჩასახული.

ჯერ ვერ ვისწავლე ისე საუბარი, როგორც საჭიროა, ანუ მშვიდი.

ბრაზი და ბოღმა აშკარად ვნებს სტილის სისადავეს.



ეპიგრაფი: სამყარო და სამართლიანობა

ნუთუ სამყაროს არსთა გამრიგე სამართლიანი არ არის?

დაბადება 1825

რაბი ლევიმ თქვა:

თუ სამყარო ის არის, რასაც შენ ეძებ, სამართლიანობა შეუძლებელია.

თუ სამართლიანობა ის არის, რასაც ეძიებ, სამყარო არ არსებულა.

რატომ ებღაუჭები თოკს ორივე მხრიდან

სამყაროსა და სამართლიანობის ძებნაში?

ხელი გაუშვი ერთ ბოლოს.

რადგან შენს სიჯიუტეს სამყაროს დაღუპვა ძალუძს.

***

ვცნობ მათ. ენისეის შესართავში შესული

გემი „კორრექტის“ ბორტზე.

ის შავგვრემანი, შოფრის ტყავისქურთუკიანი –

დიპლომატია, ლორის-მელიქოვი. ის სქელი, ვოსტროტინი –

ოქროს საბადოს მფლობელი და დუმის დეპუტატი..

მათ გვერდით – გამხდარი ქერათმიანი – მამაჩემია. და ძვალტყავა ნანსენი.

ფოტოსურათი ვილნიუსში ჩვენს სახლში ეკიდა,

პოდგურნას ქუჩა ნომერ 5-ში. ქილის გვერდით,

რომელშიც ტრიტონებს ვამრავლებ. რა უნდა მოხდეს

ამ ათ წელიწადში? ქვეყნიერების დასასრული? დასაწყისი?

მამაჩემი – იქ არ ვიცი, რამ წაიყვანა

1913 წლის ზაფხულში პოლარული ციალის

მიუსაფრობაში. დროის რა აღრევაა.

და ადგილებისაც. მე ახლა აქ ვარ, ნირწამხდარ

კალიფორნიაში. გაზაფხულია. მაგრამ თავი და ბოლო ერთმანეთს არ ებმის.

რა მსურს, რომ იყოს? რა? რაც უკვე აღარ არის.

შენი ტრიტონებიც კი? ტრიტონებიც კი.

ეს სამყარო

თურმე ეს გაუგებრობა ყოფილა.

სიტყვასიტყვით გაგვიგია, რაც თურმე ცდა არის მხოლოდ,

ახლა ყოველი მდინარე სათავეს დაუბრუნდება.

ქარს მოღლის ქროლვა.

გამოკვირტვის ნაცვლად ხე ფესვებისკენ დაეშვება.

მოხუცები ბურთს დაედევნებიან.

სარკეს ჩააშტერდებიან ისევ ბავშვებადქცეულნი.

მკვდრები გაიღვიძებენ და ვერას მიხვდებიან.

ის, რაც უკვე იყო, აწი აღარ იქნება.

რა ბედნიერებაა! დაისვენეთ, ძლიერ ტანჯულნო.

ჰელენკას რელიგია

კვირაობით ეკლესიაში დავდივარ და სხვებთან ერთად ვლოცულობ.

რას წარმოვადგენ, რომ სხვებისგან გამოვირჩეოდე?

ეგაა, ყურს არ ვუგდებ ქსენძის ქადაგებას,

რადგან თავი უნდა მოვიკატუნო, რომ არ მწამს ჯანმრთელი აზრის.

ვცდილობ, ვიყო ჩემი რომაულ-კათოლიკური ეკლესიის

ერთგული შვილი. წარმოვთქვამ „მამაო ჩვენოს“ და „წმინდაო მარიამს“,

ჩემი საშინელი ურწმუნობის მიუხედავად.

რა ჩემი განსასჯელია, რა ხდება იმ ჯოჯოხეთსა და სამოთხეში.

თუმცა ბევრია ამ ქვეყნად საზიზღრობა და სიმახინჯე.

მაგრამ ხომ უნდა იყოს სადმე სიმართლე და სიკეთე,

რაც იმას ნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს.

პელიკანები (კოსტარიკა)

მაკვირვებს პელიკანების მუხლჩაუხრელი გარჯა.

ზღვის ზედაპირთან მათი ფრენა,

ადგილზე დაკიდება, მოსხლეტით დაშვება

შემჩნეული თევზისკენ… წყლის აქაფება.

ასეა დილის ექვსიდან. რაში ენაღვლებათ ხედები,

ოკეანის სიცისფრე, პალმა და ჰორიზონტი.

(იქ, მიქცევისას, ხომალდივით აიგრაგნება მთაგრეხილი და აენთება

ყვითლად, ვარდისფრად, იასამნისფრად).

შეეშვი სიმართლეს და იცხოვრე მზის მიღმა

თავისუფლებაგანცდილმა, წარმოსახული

ჭრელაჭრულა საგნებით, რომელთაც

სრულიად არაფრად უღირთ შიმშილი და საჭიროება.

* * *

ვილნიუსში იასამნები ყვავის

სასამართლო მედიცინის პროზექტურა…

ამფითეატრალური სკამები…

დრაუგასი, ლეშეკ რააბი და მილოში განთიადისას ბრუნდებიან ღამეული ლოთობიდან.

უნივერსიტეტში სრულიად პოლონეთის ახალგაზრდობა ბობოქრობს

და ითხოვს,

ქრისტიანების გარდა, სექციაში ებრაელების ცხედრებიც მოათავსონ.

ბუფალოს მთაზე აკადემიას პოლიცია გარშემორტყმია და სტუდენტები მათ სახანძრო შლანგით წუწავენ.

რომაული სამართლის შესაბამისად: nasciturus pro iam nato habetur quotiens de commodis eius agitur ანდა: მხოლოდ ის უნდა დაიბადოს, ვინც საკუთარ დაბადებამდე დაბადებულზე ზრუნავდა.

ქალაქის ყველა ბაღში იასამანი აფრქვევს უმძაფრეს სურნელს.

გახსოვდეს, მილოშ, თომას აკვინელის მსგავსად, შენს ნაწერებშიც უნდა გამოსჭვიოდეს: integritas, consonantia, claritas.

29 ნოემბერი, 2002.

დ ე პ რ ე ს ი ა შ ი

ჩემი დეპრესიის სიღრმეში სამყაროს უსასოობა შევიცანი,

მისი ფერი გახლავთ რუხი, ფერი მოღრუბლული დღის.

ხშირად მსმენია: „ეს სწორედ შენზეა ზედგამოჭრილი“.

„ამაზე უკეთესი არაფერი დაგიმსახურებია“.

ჰოდა, მოვრთე ყვირილი:

„ნათლის მეუფეო, ფეხზე დამაყენე!

მწყალობელო – ქვეყნისავ, დამიფარე!

ამონო, ზევსო, იეღოვავ, მიმაახლე შენს ქოროს!

ვერ შევძლებ უშენოდ სუნთქვას,

მზეო სამართლიანობის!

ვერ შევძლებ უშენოდ სირბილს,

მზეო მეხსიერების!

ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ უშენოდ,

მზეო – კეთილგონიერების!“

მაშინ მეგონა, რომ ჭეშმარიტი სამყარო აღმოვაჩინე

და თანავუგრძნობდი ადამიანებს, რადგან თავს ირთობენ

ათასწლეულების წინ შეთხზული არაკებით.

© არილი

Facebook Comments Box