ესე

ეკა კიკნაძე – როგორ „დაიხატა“ ილია: ჰრინევსკი და ქართული კულტურის ევროპული ენა

ბატონ ჰრინევსკის ჩემ მაგიერ გთხოვთ სალამი გადასცეთ,

უამბოთ, რომ მე ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ მისი ნახატებით.

ივანე ჯავახიშვილი

XX საუკუნის დასაწყისში ქართული კულტურული მეხსიერება პალიმფსესტს ჰგავდა: მის ზედაპირზე იმპერიის ადმინისტრაციული და სიმბოლური ფენები იწერებოდა და ავთენტური თვითაღქმისთვის უცხო, ხელოვნური მეხსიერება იქმნებოდა. ქართული ინტელექტუალური საზოგადოება კი, ამ ფენების ქვეშ დაფარული ეროვნული იდენტობის ხელახლა ამოკითხვას და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას ისახავდა მიზნად. ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვარი, არქიტექტორი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი – ჰენრიკ ჰრინევსკია.

უკან, საქართველოში

ჰენრიკ ჰრინევსკი 1869 წელს ქუთაისში დაიბადა. დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად მან საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც 1876 წელს მამა — ქუთაისის მაზრის უფროსი თეოდორ ჰრინევსკი — სვანეთში, სოფელ ხალდეში, ადგილობრივებსა და რუსულ ადმინისტრაციას შორის კონფლიქტით გამოწვეული აჯანყების მსხვერპლი გახდა.

ჰრინევსკიმ უმაღლესი განათლება ჯერ ფლორენციის სამხატვრო აკადემიაში, ხოლო შემდეგ — კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მიიღო. 1898 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა.

და მაინც, დღემდე ვერ გავეცი პასუხი კითხვას: ევროპაში გატარებული ორი ათწლეულის, წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში განათლების მიღების შემდეგ, რატომ დაბრუნდა იგი ქვეყანაში, რომელიც პატარა ბავშვმა მამის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ დატოვა — ქვეყანაში, სადაც იმ დროისთვის არცერთი უმაღლესი სასწავლებელი არ იყო და სახელოვნებო განათლება მხოლოდ ერთეული ენთუზიასტების წყალობით თუ არსებობდა? ქვეყანაში, რომელსაც მან მეხსიერების მონუმენტური ძეგლები შეუქმნა, პასუხად კი, 1937 წელს რეპრესიულმა მანქანამ „ხალხის მტრის“ ბრალდებით მოკლა?

თუ წარმოიდგენდა, რომ ეს დაბრუნება მას ერთდროულად აქცევდა მსხვერპლად და მისიონერად, ვინც ამ ქვეყნის წარსულსა და მომავალს შორის ხიდი გადადო პალიმფსესტის ღრმა ფენების — შუა საუკუნეების ქართული კულტურის ესთეტიკური კოდის — გააზრებით და თანამედროვე ენაზე მისი გაცოცხლებით?

დაკარგული ცოდნის ძიებაში: ექსპედიციიდან — გრაფიკულ კანონამდე

1900-იანი წლების დასაწყისისთვის თბილისის და საქართველოს დიდი ქალაქების კულტურული ლანდშაფტი რუსულ-ბიზანტიურ სტილში აგებული მასშტაბური ტაძრებითა და საერო არქიტექტურის ახალი, ევროპული ნიმუშებით ფორმირდებოდა. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების შესახებ სისტემური ცოდნა პრაქტიკულად არ არსებობდა, ძეგლების უმეტესობა უფუნქციოდ იყო მიტოვებული და ნადგურდებოდა. ამავე დროიდან, ქართველი და საქართველოში მცხოვრები ევროპელი მეცნიერების, მხატვრებისა და არქიტექტორების ინიციატივით, საზოგადოებრივ საწყისებზე, იწყება ექსპედიციების ორგანიზება, რომელთა მიზანი ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების, მხატვრობისა და ხუროთმოძღვრული დეკორის ფიქსაცია იყო, მათი მეცნიერული შესწავლის მიზნით. 1900-1910-იანი წლების ექსპედიციების ფარგლებში შეგროვებული მასალები დღემდე ბაზისური მასალაა შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების მკვლევართათვის.

ისტორიკოს ექვთიმე თაყაიშვილთან, არქიტექტორებთან — ანატოლი კალგინთან, ნიკოლაი სევეროვთან, მხატვრებთან ­— დიმიტრი შევარდნაძესთან, ლადო გუდიაშვილთან, დავით კაკაბაძესთან, ილია ზდანევიჩთან და სხვებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოწყობილი ექსპედიციების უცვლელი მონაწილეა ჰენრიკ ჰრინევსკიც.

ქართულ სამუზეუმო კოლექციებში დაცული ხუროთმოძღვრული ძეგლების, მონუმენტური მხატვრობის და ხუროთმოძღვრული დეკორის ამსახველი მისი ნამუშევრები, მხატვრულობასთან ერთად, უდიდესი დოკუმენტური ღირებულების მატარებელია და გამორჩეულ ადგილს იკავებს ანალოგიური შინაარსის ვიზუალურ არქივებს შორის. ექსპედიციებში მიღებული ცოდნა, რომელსაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში აღრმავებდა, ჰრინევსკის მთავარი ნამუშევრებს დაედო საფუძვლად, მათ შორის, ილია ჭავჭავაძის პირველი აკადემიური გამოცემის ილუსტრაციებს.

როგორ „იხატებოდა“ ილია

1907 წლის 30 აგვისტოს (ახ. სტ. 12 სექტემბერი) საქართველოში თანამედროვე ქართული საზოგადოების რეფორმატორი, მწერალი და პუბლიცისტი ილია ჭავჭავაძე მოკლეს. ქვეყნის პროგრესული საზოგადოების წინაშე დადგა მისი სახელისა და საქმეების უკვდავყოფის ამოცანა. 1910-იანი წლების ქართულ კულტურაში ეს პროცესი ორ უმნიშვნელოვანეს „სახალხო პროექტში“ გამოიხატა: ილიას საფლავის ძეგლში, რომელიც პირველმა ქართველმა მოქანდაკემ — იაკობ ნიკოლაძემ შექმნა, და ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველ აკადემიურ გამოცემაში. ჰენრიკ ჰრინევსკი პირველი პროექტის უშუალო მონაწილე იყო, როგორც ძეგლის კომისიის წევრი და რეკომენდაციების ავტორი, ხოლო მეორე შემთხვევაში, იგი გახდა პირველი მხატვარი, ვინც ილიას სიტყვის ვიზუალური სახე შექმნა.

წიგნის გამოცემა ექიმმა მიხეილ გედევანიშვილმა ითავა. წიგნი 1914 წელს გამოვიდა და დღემდე ,,გედევანიშვილისეულ გამოცემად“ იხსენიება, რაც ქართული საზოგადოების ამ გამორჩეული წევრისადმი შემდგომი თაობების მხრიდან გამოთქმული მადლიერების ფორმაა. წიგნის სარედაქციო კოლეგიამ თავდაპირველად გიგო გაბაშვილი — ამ დროისთვის დიდი სახელისა და ავტორიტეტის მქონე — პროფესიონალი მხატვარი მოიწვია. თუმცა, მან, მხატვრული ილუსტრირების ნაცვლად, ნაწარმოებების მიხედვით ცოცხალი სურათების დადგმა, ფოტოგრაფირება და ფოტოების განთავსება შესთავაზა. წინადადებას არ დათანხმდნენ არც სხვა მხატვრები, რაც გასაკვირი არ არის — მხატვრული ტექსტის ილუსტრირების პროფესიული გამოცდილება მაშინ საქართველოში არ არსებობდა. საბოლოოდ, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის ინიციატივით, წიგნის ილუსტრირება ჰენრიკ ჰრინევსკის დაუკვეთეს. კომისიის ანგარიშში აღნიშნულია: ,,ქართველმა მხატვარმა, რომელსაც კომისიამ მიმართა, არ იკისრა სურათების დამზადება და კომისია იძულებული გახდა, უცხოელ მხატვრისთვის მიემართნა, რომელმაც ქართული ენა არ იცოდა და მით უმეტეს ილიას თხზულებებს გაცნობილი არ იქნებოდა. ადვილად გასაგებია, რა სიძნელეს წარმოადგენდა ამ პირობებში სურათების დამზადება“.

წიგნზე მუშაობა ეროვნული იდეით გაერთიანებული ადამიანების ინტელექტუალური თანამშრომლობის მაგალითია. ილიას ნაწარმოებების შინაარსს ჰრინევსკის დრამატურგი იოსებ გედევანიშვილი განუმარტავდა, „დიმიტრი თავდადებულის“ ილუსტრაციებზე მუშაობისას, ჰრინევსკის, ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი უგზავნიდა პეტერბურგიდან მონღოლთა სამოსისა და იარაღის აღწერილობას.

წიგნი აკადემიური წყობითა და სისადავით გამოირჩევა. ჰრინევსკიმ არა ცალკეულ ილუსტრაციათა ნაკრები, არამედ წიგნის მთლიანი ვიზუალური სისტემა შექმნა, რომლის მთავარი საყრდენი ქართული ხუროთმოძღვრებისა და არქიტექტურული დეკორის ენა გახდა. ქვიდან ამოკითხული დეკორი, რომელიც მან წიგნის გრაფიკულ ჩარჩოდ აქცია. საბოლოოდ, სწორედ ამ სისტემაში დაიბადა ილიას სიტყვების პირველი ვიზუალური არქეტიპები, რის შემდეგაც მკითხველმა ილია არა მხოლოდ წაიკითხა, არამედ დაინახა.

ილია ჭავჭავაძის პირველი აკადემიური გამოცემის ილუსტრირების პარალელურად, ჰენრიკ ჰინევსკი არის საადგილმამულო-სათავადაზნაურო ბანკის (დღეს — საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი) შენობის, საფასადო შემკულობისა და ინტერიერის მხატვრობის თანაავტორი არქიტექტორ ანატოლი კალგინთან ერთად. შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხელნაწერი წიგნის კულტურულ კოდზე დაყრდნობილი ევროპული ტიპის ეს თანამედროვე საზოგადოებრივი შენობა, თბილისის ურბანული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

შეწყვეტილი, მაგრამ უწყვეტი მეხსიერება

1937 წლის 6 ივნისს თბილისში, სურათების ეროვნულ გალერეაში, ილია ჭავჭავაძის იუბილესადმი მიძღვნილი დიდი გამოფენა გაიხსნა. გამოფენისთვის ნამუშევრები საქართველოს მხატვართა კავშირის საგანგებო დაკვეთებით შესრულდა. ჰენრიკ ჰრინევსკი — ილია ჭავჭავაძის თხზულებების პირველი ილუსტრატორი —გამოფენაში არ მონაწილეობდა. საბჭოთა მხატვართა კავშირს მისთვის არაფერი დაუკვეთავს.

1938 წელს ჰენრიკ ჰრინევსკი სამი უცხოური ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობისათვის აბსურდული ბრალდებით გაასამართლეს და დახვრიტეს. საქართველოდან გაასახლეს მისი ცოლი, თბილისის პირველი საბალეტო სტუდიის დამაარსებელი იტალიელი ბალერინა მარია პერინი.

ჰრინევსკის სახელი, სტალინური რეპრესიების სხვა უამრავი მსხვერპლის მსგავსად, ათწლეულების განმავლობაში ტაბუირებული იყო. რეჟიმი, რომელმაც იგი დახვრიტა, სწორედ იმ კულტურული იდენტობის წაშლას ცდილობდა, რომელსაც ჰრინევსკიმ მთელი ცხოვრება მიუძღვნა. თუმცა, პალიმფსესტის ბუნება ასეთია: ზედა ფენის მოცილებისთანავე ძველი ტექსტი კვლავ გესაუბრება. და ის არსად ქრება, რამდენჯერაც არ უნდა გადაწერონ ზემოდან.

© არილი

Facebook Comments Box