
პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ
გეცოდინებათ დრო, როდესაც ზაფხულს, სულ ახლახან გადარეულსა და სიცოცხლით სავსეს, ზაფხულს უნივერსალურს, თავის ფართოდ გადაშლილ სფეროში გამაერთიანებელს ყოველივე იმისა, რაც კაცს აზრად შეიძლება მოუვიდეს — ადამიანების, ამბების და საგნებისა — ერთ დღეს ოდნავ შესამჩნევი ხინჯი შეეპარება. მზის ელვარება ჯერაც უხვად და დაუნანებლად გადმოდინდება, პეიზაჟებში ჯერ კიდევ იგრძნობა დიდებული, კლასიკური ჟესტი, რომელიც წელიწადის ამ დროისთვის დაუტოვებია პუსენის გენიას, მაგრამ — საოცარი კია — დილის სეირნობებიდან გასაკვირად გაბეზრებულები და დაღონებულები ვბრუნდებით: ნუთუ გვრცხვენია რამის? თავს უჩვეულოდ ვგრძნობთ და ერთმანეთს მზერას ვარიდებთ — რატომ? და თან ვიცით, რომ შებინდებისას დარცხვენილი ღიმილით შედგება ვინმე ზაფხულის მყუდრო კუთხეში კედელზე მისაკაკუნებლად — შესამოწმებლად, ადრინდელივით ღრმა, სუფთა ბგერით თუ უპასუხებს იგი. არის რაღაც მდაბალი ამ მცდელობებში, ამ შემოწმებაში, საძაგელი ღალატით, მხილებით ამ ნეტარებაში სკანდალის მოლოდინის მსუბუქ ზაფრაში. თუმცა ოფიციალურად ჯერ კიდევ მისდამი მოწიწებით და ერთგულებით ვართ სავსენი: არადა, რა სოლიდური ფირმა იყო, როგორი საფუძვლიანი, მყარი შეძლების ფირმა… და მაინც, როცა მეორე დღეს ამბავი ვრცელდება, რომ გასაყიდად გამოუტანიათ იგი აუქციონზე, ეს უკვე გუშინწინდელ სიახლეს ჰგავს, სკანდალის ფეთქებადი ძალა აღარ აქვს. და როცა აუქციონი თავისი გზით, გონდატანებითა და გაფაციცებით მიდის, პატივაყრილი აპარტამენტები იცლება და მოშიშვლებული კედლები მოუჩანთ, დაწმენდილი, ფხიზელი ექოებით სავსე, არც სიბრალულს იწვევს ეს და არც სენტიმენტებს: მთელი ეს საზაფხულო ლიკვიდაცია რაღაც სიმსუბუქეს შეიცავს, პროვინციაში გაჭიანურებული კარნავალის სიზანტესა და ბანალურობას.
თუმცა პესიმიზმი იქნებ ნაადრევიც იყოს. შეფასება-გარიგება ჯერაც გრძელდება, ჯერ ზაფხულის მარაგები არ ამოწურულა, შესაძლოა, სრულად განახლების საჭიროებაც დადგეს. მაგრამ სად კეთილგონიერება და ცივი გონებით განსჯა და სად — მოაგარაკეები. აქ სასტუმროების მეპატრონეები, სასტუმროების მეპატრონეებიც კი, საზაფხულო საზრუნავსა და საქმიანობებში რომ თავფეხიანად იყვნენ ჩაფლულები, ნებდებიან დროის მსვლელობას. არა! ერთგულების ასეთი უკმარისობა, ერთგული მოკავშირის მიმართ მოწიწების ეს ნაკლებობა მაღალ კომერციულ სტილს სულაც არ შეეფერება! ვაჭრუკანები არიან ესენი, ჩირგვში მსხდომი პატარა კაცები, შორსმხედველობით ვერ დაიკვეხნიან. თითოეულ ამათგანს ფაშვზე მიუკრავს მოხვეჭილი ფულით სავსე ქისა. ცინიკურად ჩამოიგლიჯეს უკვე თავაზიანობის ნიღბები, სმოკინგებსაც იხდიან. ყოველი მათგანიდან მოანგარიშე მოძვრება.
ჩვენც დანარჩენებივით ვალაგებთ ბარგს. თხუთმეტი წლის ვარ და ცხოვრებისეული გამოცდილებით და მოვალეობებით არ ვარ დამძიმებული. რაკი გამგზავრებამდე ერთი საათი კიდევ მრჩება, ერთხელ კიდევ გავრბივარ გარეთ, ზაფხულის ამ სავანესთან დასამშვიდობებლად, ამ ზაფხულის მიღწევების შესაფასებლად, უნდა ვნახო, რა შემიძლია, რისი თან წაღება და რისი სამუდამოდ დატოვებაა საჭირო ამ უკვე განადგურებისათვის განწირულ ქალაქში, მაგრამ პარკის პატარა, გაცარიელებულ წრიულ ბილიკზე, რომელიც ნაშუადღევის მზეში კაშკაშებს, მიცკევიჩის ძეგლთან მდგომს, ზაფხულის მზებუდობიდან დაღმასვლის სიმართლე მეხსნება სულში. ამ შეხვედრისგან აგზნებული ვდგამ ფეხს ძეგლის პირველ ორ საფეხურზე, იქაურობას მზერას ვავლებ და, მშვილდივით ხელებგაშლილი ვამბობ, თითქოს მთელ ამ საზაფხულო ქალაქს მივმართავდე:
– მშვიდობით, მშვენიერო დროებავ! რა ლამაზი იყავი და უხვი, დაუნანებელი. ვერც ერთი სხვა ზაფხული შენ ვერ შეგედრება. დღეს ვაღიარებ ამას, თუმც კი ბევრჯერ ვყოფილვარ შენ გამო უბედური და სევდიანი. სახსოვრად გიტოვებ ამ პარკში, ამ ქუჩებში, ამ ბაღებში გაბნეულ ჩემს ყველა თავგადასავალს. განვლილ თხუთმეტ წელიწადს თან ვერ წავიღებ, სამუდამოდ აქ დარჩება. გარდა ამისა, იმ სახლის ვერანდაზე, სადაც ვცხოვრობდი, ნახატი შევმალე კედლის ორ მორს შუა, ღიობში, შენთვის ნასახსოვრები. ახლა შენ ჩრდილებს შორის ეფინები. შენთან ერთად გაიკრიფება ვილებითა და ბაღებით სავსე მთელი ეს ქალაქი ჩრდილთა მხარეში. შთამომავლობა თქვენ არ გყავთ. კვდებით შენ და ქალაქი, თავის მოდგმაში უკანასკნელი.
მაგრამ უცოდველი არ ხარ, წელიწადის დროვ. გეტყვი, რაში მდგომარეობდა შენი ბრალი. რეალობის ზღვარზე შეჩერება არ გინდოდა. არანაირი სინამდვილე შენ არ გყოფნიდა. ყოველგვარი განსხეულების საზღვრებს სცდებოდი. რაკი სინამდვილეში ვერ პოვებდი კმაყოფილებას, პოეტური მეტაფორებისა და ფიგურებისგან ქმნიდი და აგებდი მას. ასოციაციებით, ალუზიებით, მოუხელთებელი შეგრძნებებით დასრიალებდი საგანთა შორის. ყოველი საგანი სხვა საგანს უკავშირდებოდა, ის საგანი კიდევ სხვას იწვევდა წარმოსაჩენად, და ასე უსასრულოდ. შენი სიმსუბუქე მოსაწყენი ხდებოდა. მოსაბეზრებელი გახდა დაუსრულებელი ფრაზეოლოგიის ტალღებზე რწევა. დიახ, ფრაზეოლოგიის — შემინდვე ეს სიტყვა. ეს ცხადი მაშინ გახდა, როცა აქა-იქ ბევრ სულში ჩაისახა ვნებიანი მონატრება უმთავრესისადმი. იმ წუთიდან დაიწყე დამარცხება. აშკარა შეიქნა, რომ ზღვრები ჰქონია შენს უნივერსალურობას. შენი მაღალი სტილი, შენი წარმტაცი ბაროკო, რომლებიც შენთვის საუკეთესო დროებაში სინამდვილის შესატყვისი იყო, ახლა მანერულობად იქცა.
შენი სიტკბოება და შენი ფიქრიანობა ყმაწვილკაცური ეგზალტაციით იყო აღნიშნული. შენი ღამეები დიადი იყო და უსასრულო, როგორც შეყვარებულთა მეგალომანიური შთაგონებანი, ან კიდევ — ხილვებით სავსე, ჰალუცინაციური ბოდვების მსგავსი, შამბნარის ნაყარს ჰგავდა. შენი სურნელება მეტისმეტი იყო და ადამიანური ნეტარების ზღვარს სცდებოდა. შენი შეხების ჯადოსნობით ყველაფერი მატერიალურ მხარეს კარგავდა, ახალი, უფრო და უფრო მაღალი ფორმებისკენ მიისწრაფოდა. სამოთხის პეიზაჟების ხილზე ოცნებით იჭმებოდა შენი ვაშლი, შენი ატმები — თითქოს მხოლოდ ყნოსვით შთანთქმული, ეთერულ ნაყოფს გვაგონებდა. ფერის მხოლოდ უმაღლესი რეგისტრები ჰქონდა შენს პალიტრას, ბნელი, მიწიერი, ზეთოვან-ყავისფერი ტონების მაძღრობა და ხორციელება არ გაგაჩნდა. შემოდგომა ადამიანის სულის მონატრება და სწრაფვაა — მატერიალურობის, საფუძვლიანობის, ზღვრებისადმი.
როცა დაუდგენელ მიზეზთა გამო მეტაფორები, გეგმები, ადამიანის ოცნებები განსხეულებისკენ იწყებენ სწრაფვას, შემოდგომაც დგება. ფანტომები, მანამდე რომ ადამიანთა კოსმოსის ყველაზე შორ სფეროებში იყვნენ განბნეულნი, თავიანთი უსხეულო ჩრდილებით რომ ფერავდნენ მის მაღალ თაღებს, ახლა ადამიანისკენ მიიწევენ, მისი სუნთქვის სითბოს ეძებენ, ვიწრო და მყუდრო საყუდელს, ნიშას, სადაც მას საწოლი უდგას. ადამიანის სახლი, როგორც ბეთლემის ბაგა, იქცევა ხოლმე იმ ადგილად, რომელსაც ირგვლივ სივრცეს უბნელებს ყველა დემონი, მთების თუ შორი სფეროების ყოველი სული. დასრულდა მშვენიერი კლასიკური ჟესტების, ლათინური ფრაზეოლოგიის, სამხრეთულად თეატრალური სილბოების ხანა. შემოდგომა სიმკვიდრეს ეძებს, დიურერების და ბრეიგელების უბრალო, ბრგე ენერგიას. ეს ფორმა მატერიის სიჭარბისაგან იბზარება, კვანძებად და შტოებად მყარდება, ყბებით და კლანჭებით აფრინდება მატერიას, ძიძგნის, ათრევს, ძალას ხმარობს და ამ ბრძოლის კვალით უშვებს ხელიდან, სანახევროდ დამუშავებულ, ცხოვრების გამაოგნებელი გრიმასებით აღბეჭდილ მორებად, მის ხეს რომ ნაჭდევებად ატყვია.
ამას და კიდევ ბევრ სხვას ვეუბნებოდი ბაღის მორკალულ ბილიკს, რომელიც თითქოს ერთთავად უკან-უკან იხევდა. სულ რამდენიმე სიტყვა ამოვთქვი ამ მონოლოგიდან, არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, შესაფერისი სათქმელის მოძებნა მიჭირდა თუ მხოლოდ ვასახიერებდი მეტყველებას, ნაკლულ სიტყვებს ჟესტებით ვცვლიდი. შემოდგომის კლასიკურ ნაყოფს ვაჩვენებდი, კაკალს, ჩვენი სახლების ავეჯს რომ ენათესავებოდა — მაწიერი, გემრიელი და მკვიდრი; წაბლს, მის გაპრიალებულ ნაირსახეობას, ბილბოკლეს ჩილიკებს, თითქოს საბავშვო თამაშისთვის გამოქნილებს; შემოდგომის ვაშლს, ფანჯრებში ასხმებად გამოკიდებულს, გულღია, ოჯახური, პროზაული სიწითლით შეფაკლულებს.
პანსიონატში რომ დავბრუნდი, შებინდებას ჰაერი უკვე აემოძრავებინა, ეზოში უკვე იდგა ჩვენ გასამგზავრებლად გამზადებული ორი მოზრდილი ეტლი. კეხმოხდილი ცხენები ფრუტუნებდნენ და თავები თივის ტომრებში ჩაერგოთ. ყველა კარი მოფრიალებული დაგვხვდა. ჩვენი ოთახის მაგიდაზე ორპირ ქარში პარპალებდნენ სანთლები. ეს უცებ მოვარდნილი სიბნელე, ეს ადამიანები, ბინდბუნდში რომ სახეები წაშლოდათ და აჩქარებით გაჰქონდათ ზანდუკები, ღია, შებილწულ ოთახებში მოწყობილი არეულობა — ეს ყველაფერი რაღაც მოჩქარეობის, ნაღვლიანი, ნაგვიანევი პანიკის შთაბეჭდილებას ახდენდა, რაღაც ტრაგიკული და დამზაფვრელი კატასტროფის. ბოლოს ეტლებში ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ და დავიძარით.
ბნელმა, ღრმა, მკვრივმა მინდვრის ნიავმა შემოგვიბერა. მეეტლეები იმ ნიავს მწიფე ტყლაშანის ხმას ჰპარავდნენ გრძელი შოლტებით და მოუბეზრებლად უთანაბრებდნენ ერთმანეთს ჭენების სიჩქარეს. ცხენების ღონიერი, დაძაგრული გავები ირწეოდა სიბნელეში, რბილად იცემდნენ ზედ კუდებს. ასე მიქროდა ერთიმეორის უკან, უკაცურ, უვარსკვლავო და უმნათობო ღამის პეიზაჟებში ცხენების, მოჯანჯღარე ზანდუკებისა და ტყავის მოჭრიალე კორპუსების ორი კონგლომერატი. ხანდახან გეგონებოდა, ცოტაც და კიბოებივით დაიშლებოდნენ, ამ რბოლაში ნაწილებად მიმოიფანტებოდნენ. ასეთ დროს, მეეტლეები უფრო მაგრად მოიზიდავდნენ ხოლმე სადავეს და ერთიან ხმად კრავდნენ ფლოქვების თქარათქურს, თითქოს მკაცრ, ზუსტ ჩარჩოში აქცევდნენ. ღამის წიაღში ანთებული ფარნებისაგან ჩრდილები გრძელდებოდა, გვწყდებოდა და დიდი ნახტომებით მიისწრაფოდა უკაცრიელ სიცარიელეში, გრძელი ფეხებით გარბოდნენ განზე და უკვე შორიდან, ტყისპირიდან, დამცინავი ჟესტებით აღიზიანებდნენ მეეტლეებს, მაგრამ ესენი, თავს არ გაგაღიზიანებინებთო, ხელაქნევით ატყლაშუნებდნენ შოლტებს მათი მისამართით.
უკვე ეძინა ქალაქს, სახლებშუა გზას რომ გავუყევით. აქა-იქ ცარიელ ქუჩებში გამოკრთებოდა ლამპიონები, რომლებიც თითქოს მხოლოდ იმისთვის გამოეგონათ, რომ დაბალი სახლები თუ მათი აივნები გაენათებინათ ან დაგმანული ჭიშკრების თავზე სახლების ნომრები ამოგვტვიფვროდა მეხსიერებაში. ყრუდ გამოკეტილი დუქნები, ჭიშკრებწინ — გაცვეთილი, გაპრიალებული საფეხურები, მესერი თუ აბრები, რომლებსაც ღამის ნიავი არხევდა, ყველაფერი, რასაც ღამის ამ გვიან საათს მოულოდნელად თავზე წავადექით, უსასოო სიმარტოვის, ადამიანთაგან მიტოვებულ თუ მივიწყებულ საგანთა ღრმა ობლობის განსახიერება იყო.
ჩემი დის ეტლმა გვერდით ქუჩაზე შეუხვია, ჩვენი ბაზრის მოედნისკენ გავაგრძელეთ გზა. ცხენებმა ჭენების რიტმი იცვალეს, როცა მოედნის ღრმა ჩრდილებში შევიჭერით. ფეხშიშველმა ხაბაზმა ღია წინკარიდან შავთვალა მზერით გაგვზომა, აფთიაქის სარკმელმა, ჯერაც მოფხიზლემ, დიდი ქილით ჟოლოს ბალზამი გამოიწოდა და მაშინვე უკან წაიღო.
ცხენებს ფლოქვებქვეშ ქვაფენილი უმკვრივდებოდათ, გამაყრუებელ თქარათქურს ნალების ხან გამოთითოებული, ხან — წყვილი დარტყმის ხმა გამოეყო და უფრო და უფრო იშვიათი და მკვეთრი ხდებოდა, თანდათანობით ჩვენი სახლის ჩამორეცხილი ფასადიც გამოეყო სიბნელეს და ეტლის წინ გაჩერდა. მოახლემ ჭიშკარი გაგვიღო, ხელში ნავთის ლამპა ეჭირა. საფეხურებს ჩამოეწელა ჩვენი უზარმაზარი ჩრდილები, რომლებიც კიბის უჯრედის თავზე იმსხვრეოდა.
ოთახი ახლა მხოლოდ სანთლით იყო განათებული, რომლის ალი ღია ფანჯრიდან შემოჭრილი ნიავით ირხეოდა. კედლის მუქ ქაღალდს ბევრი ავადმყოფი თაობის საფიქრალის და სადარდებლის ობი მოსდებოდა. ძველი ავეჯი, ძილისაგან გამოღვიძებული, ხანგრძლივ მარტოობას გამოტაცებული, თითქოს მწარე ცოდნით, დამთმენი სიბრძნით შემოგვყურებდა დაბრუნებულებს. ვერ გაგვექცევით, ამბობდა თითქოს, ბოლოს მაინც ჩვენი მაგიის წრეს უნდა დაუბრუნდეთ, რადგან ჩვენ წინდაწინ გვაქვს დანაწილებული თქვენი ყოველი მოძრაობა და ჟესტი, ყოველი წამოდგომა და დაჯდომა და თქვენი ყოველი დღე და ღამე, გელოდებით, გიცნობთო…
უშველებელი ღრმა საწოლები, ფენებად დაწყობილი ცივი ქვეშაგები ელოდა ჩვენს სხეულებს. ღამის სარქვლები აჭრიალდა ძილის ბნელი მასის — მკვრივი ლავის ქვეშ, ამოსახეთქად ემზადებოდა, კარებიდან, დარაბებიდან, ძველი განჯინიდან და ღუმელებიდან, რომლებშიც დროდადრო ქარი ოხრავდა.
1936
© არილი