
პოლონურიდან თარგმნა კატია ვოლტერსმა
კაფეში ვიჯექი, ჰესისა და ალენბის ქუჩების კუთხეში. მხოლოდ ერთი კათხა ლუდის სამყოფი ფული მქონდა დარჩენილი, ის გოგო რომ შემოვიდა, ვისთან ერთადაც ტვერიასა და ეილათში ვიყავი. ჩემს მაგიდასთან დაჯდა და ისევ შევავლე თვალი მისი ცხვირის ძგიდეზე დამჩნეულ პატარა ნაწიბურს, თუმცა ამჯერად ძლივსღა შევნიშნე. გარეთ მზე ჩახჩახებდა და ორმოცგრადუსიანი ხვატი იდგა, მე კი ბნელ კუთხეში ვიჯექი – იქ, სადაც ისეთები სხდებიან ხოლმე, ნისიაზე რომ სვამენ.
– ჩემო ლამაზტუჩებავ და მწვანეთვალებავ, – ვთქვი მე. – ახლა შენ, წესით, ეილათში ან ტვერიაში უნდა იყო.
– ტვერიაში ახლა ჯოჯოხეთური სიცხეა. დახლთან რომ კაცია, იმას შეხედე. ხედავ?
მივტრიალდი და კაცი შევათვალიერე: სამოცს იქნებოდა გადაცილებული. ყავას სვამდა. პერანგი ოფლით ჰქონდა გაჟღენთილი, მიუხედავად იმისა, რომ ვენტილატორის პირდაპირ იჯდა.
-რა გინდა, ცუდად არ გამოიყურება, – ვთქვი მე. – გუშინ ვნახე იარკონის ქუჩაზე, ღამის კლუბიდან გამოდიოდა.
-წამომყევიო, მითხრა.
კიდევ ერთხელ გავხედე იმ კაცს. არ ვიცი, ყავის დალევა რაღაში სჭირდებოდა; კისერზე ისედაც დასკდომამდე დაბერვოდა ძარღვები და მუნჯი ფილმის გმირივით, გადამეტებული შთამბეჭდაობით რომ იკრუნჩხებიან ხოლმე მიწაზე ან ხელში პისტოლეტი უკანკალებთ, წამდაუწუმ გულზე იჭერდა ხელს.
-ისიც ხომ არ გითხრა, ჯანმრთელობისთვის ვაკეთებო? – ვკითხე მე.
-ორმოცდაათი ფუნტი!
-მეტი არაფერი უთქვამს?
-მითხრა, ჩემს ქალიშვილს ჰგავხარო. მკვდარ ქალიშვილს…
-რატომაც არა, ასეც შეიძლება. მის ქალიშვილს რა დაემართა?
-ავად იყო და თავი მოიკლა.
-სხვა რაღა დარჩენია ადამიანს, ვისი მამაც მზადაა, ათ წუთში ორმოცდაათი ფუნტი გადაიხადოს.
ოფიციანტი მოგვიახლოვდა.
-რას დალევ? – მკითხა.
-არ ვიცი. დავფიქრდები.
-უკვე ორი საათია, ფიქრობ.
-რა ვქნა, არ მიყვარს ფულის ფლანგვა.
-ნეტავ, რა გაქვს გასაფლანგი.
-ახლა ეს გადამიხდის, – ვთქვი მე და გოგოზე ვანიშნე. – მაგრამ ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება.
-რას დალევ-მეთქი?
-კიდევ ერთი „გოლდსტარი“ მომიტანე.
-შენ?
-იგივე, – თქვა გოგომ.
ოფიციანტი წავიდა და ორი ლუდი მოგვიტანა. თეთრი პერანგი და შავი შარვალი ეცვა და სისველისგან ორივე ისე ასწებებოდა სხეულზე, თითქოს აბანოდან იყო გამოსული.
-ჩემგან რაღა გინდა? – ვკითხე გოგოს.
-არ მომწონს ეს ბებრუხანა, – მიპასუხა.
-ორმოცდაათი ფუნტი კარგი ფულია. მშენებლობაზე მუშას კვირაში სამოცდაათს უხდიან. აქ კიდევ სულ ათი წუთის საქმეა.
-წამომყვები?
-რა იყო, ასისტენტი გჭირდება?
-ვითომ ჩემი შეყვარებული ხარ. ჩვენ წინ-წინ ვივლით, ის კიდევ უკან გამოგვყვება.
-გასაგებია, – ვთქვი მე. – ჩვენ შეყვარებული წყვილი ვართ, ის კი უბრალოდ გამვლელია, რომელიც იმავე მიმართულებით მიდის.
-რა ვქნა, პოლიცია მავიწროებს.
-კარგი, – ვთქვი მე.
გოგომ ფული მაგიდაზე დატოვა და იმ ბებრუხანასთან მივედით. ისევ მომხვდა თვალში მისი დასკდომამდე დაბერილი ძარღვები და ამღვრეული თვალები, თუმცა სასმელს არ გაჰკარებია. ღამის კლუბშიც კი, სადაც ყოველღამე დადიოდა, არასდროს სვამდა – გოგოებს უმასპინძლდებოდა. მარტო გოგოებს კი არა – ყველას, ვისაც დალევა უნდოდა, მაგრამ თვითონ წვეთიც არასდროს დაულევია. ჩანდა, საიმისოდ საკმარისი ფული ჰქონდა, რომ ხალხის სიყვარული ეყიდა, მაგრამ იმდენი არა, რომ მათი სიძულვილის საგანი გამხდარიყო.
-ჩვენ წავალთ, – უთხრა გოგომ, – და შენ უკან გამოგვყევი.
მერე მკლავები მოხვია კაცს, ზედ აეტმასნა და ყურში რაღაც წასჩურჩულა. ქუჩაში გავედით, თაკარა მზეში, ის კი უკან აგვედევნა. აღარაფერი მითქვამს გოგოსთვის, რომელსაც სელინჯერის გმირის სახელი ერქვა, მხოლოდ გულში ვბრაზობდი, რომ სწორედ სელინჯერმა მოუგონა სახელი. გოგოს მართლა მწვანე თვალები და ტკბილი ტუჩები ჰქონდა, მაგრამ მე ესთერზე ვფიქრობდი. პირველად რომ დავინახე, დარბაზის შუაგულში იდგა და ვიღაცასთან ლაპარაკში გართულიყო. დარბაზში სამასი კაცი იჯდა და ჭამდა. ესთერს ვიწრო, გარუჯული მხრები ჰქონდა და ყველა მამაკაცი მისკენ აპარებდა თვალს. მაგრამ მას ეს არც კი შეუმჩნევია – ჯერ კიდევ ზედმეტად ნორჩი და ლამაზი იყო იმისთვის, რომ სცოდნოდა, რატომ უცქერდნენ. ზუსტად იმ გოგოსავით, რომელიც მანამდე მყავდა და რომელმაც მხოლოდ მას შემდეგ ირწმუნა, რომ მამაკაცებს ძალიან მოსწონდათ, რაც მე დამშორდა და სხვა გაიჩინა. აი, ის კი ვეღარაფრით ირწმუნა, რომ მათ ის სწორედ მისივე სილამაზის გამო სძულდათ კიდეც, რადგან უჭირდათ იმის დაჯერება, რომ მისი სილამაზის პატრონი მათ წრფელი გულით შეიყვარებდა და უერთგულებდა. ამის მისახვედრად კიდევ რამდენიმე წელი სჭირდებოდა, მერე კი, როცა საბოლოოდ გააცნობიერებდა, აღმოაჩენდა, რომ ამის ცოდნა არაფრად არ უნდოდა. ასეა ყველა მათგანის შემთხვევაში.
-მოგვყვება? – ვკითხე გოგოს.
-კი, – მომიგო მან.
სადარბაზოში შევედით და კიბეს ავუყევით. ისიც აგვედევნა, ყოველ ნაბიჯზე მოაჯირს ეჭიდებოდა და მძიმედ სუნთქავდა. გოგო კატასავით არბოდა კიბეზე – მსუბუქად და უხმაუროდ. არც სახეზე და არც კაბაზე ოფლის ნასახიც კი არ დასტყობია. ბოლო სართულზე რომ ავედით, ჩემკენ შემობრუნდა. ბავშვივით სუფთად და თანაბრად სუნთქავდა.
-ერთი წუთით დამელოდე, – მითხრა.
თვითონ დერეფანს გაუყვა. მერე რომელიღაც კარზე დარეკა და ვიღაცას ლაპარაკი გაუბა. დიდხანს კამათობდნენ. ამასობაში იმ ბებრუხანამაც ამოაღწია და მომიახლოვდა.
-წყალი მინდა, – თქვა მან.
-მეც.
-ცუდად ვარ.
-არც მე ვარ დალხინებული.
-მაგრამ მე, შენგან განსხვავებით, სამოც წელს გადავაბიჯე.
-სამაგიეროდ, ჩემგან განსხვავებით, ორმოცდაათი ფუნტი გიდევს ჯიბეში, – ვთქვი მე. – არა უშავს, მოვა და ქათინაურებით აგავსებს. დაგაჯერებს, რომ უმაგრესი ხარ იმ საქმეში. მე კიდევ აქ, სადარბაზოში ვიდგები და დაგელოდებით.
-წყალი მინდა, – გაიმეორა მან. – ამდენ ხანს რას ლაპარაკობენ?
-ფასზე ვაჭრობენ.
გოგო, როგორც იქნა, დაბრუნდა და თქვა:
-არაო. ეშინიათ. ვიღაცას დაუბეზღებიათ და… სხვაგან უნდა წავიდეთ.
-წყალი უნდა დავლიო, – თქვა ბებრუხანამ. – აბები დავკარგე. გული მაწუხებს.
კიბე ჩავათავეთ და სადარბაზოდან ქუჩაში გავედით. ის ისევ უკან მოგვყვებოდა. გოგო სწრაფად მიაბიჯებდა – ისე სწრაფად, რომ მეც კი მიჭირდა, დავწეოდი. გრძელფეხება და კატასავით მოქნილი იყო და კატასავით მარდიც. მცხუნვარე მზეში მივდიოდით, ბებრუხანა კი ძლივსღა მოჩანჩალებდა. მესმოდა მისი ნაწყვეტ-ნაწყვეტი სუნთქვა. შუადღე იყო, ხალხს ეძინა, მე კი ესთერზე ვფიქრობდი: ჩემთან იჯდა. მე ვსვამდი, ის კი დუმდა და მიყურებდა. არ ვიცოდი, რა მეთქვა მისთვის, არადა, რამდენი რამის თქმა შემეძლო. შემეძლო, მეთქვა, რომ მთელი ცხოვრება მას დავეძებდი; რომ აღარ ვიყავი ის ახალშეღერებული ყმაწვილი, რომელიც ყველა ქალს კახპად მიიჩნევს. შემეძლო მეთქვა, რომ მე წმინდა ქალს დავეძებდი, რადგან წმინდა ქალები მართლა არსებობენ და თუ ჩვენ შორის არა, ჩვენში მაინც არიან: ჩვენს ტანჯულ გულებში, ჩვენს მდორე სისხლში, ჩვენს სულელურ სიზმრებსა და იმ სურვილში, უფრო სწრაფებითა და იაფებით რომ ვიოკებთ, რომლებიც, წესით, მაშინვე უნდა დავივიწყოთ, მაგრამ არ გამოგვდის. შემეძლო მეთქვა, რომ ჩემშიც ცხოვრობს კეთილი და წმინდა ქალი. შემეძლო ხელი ჩამევლო მისთვის და მეთქვა, რომ ისიც ასეთივე კეთილი და წმინდაა, მაგრამ არ მითქვამს. მერე კი მწარედ ვინანე და დავასკვენი, რომ ბრიყვი ვიყავი. ხოლო ახლა, როცა ესთერი აღარ არის, ვხვდები, რომ ბრიყვი კი არა, ჯერ ძალიან უსუსური და უმწიფარი ვიყავი იმისთვის, რომ წმინდა ქალის გული დამეპყრო. სამაგიეროდ, მაშინ ახალგაზრდობა და ჯანი არ მაკლდა და ჯერ კიდევ შემეძლო ამის გაკეთება. ოღონდ კი იმის დავიწყება შემძლებოდა, რაც თავს გადამხდა, რაც ჩემი თვალით ვნახე და რაც სხვებისგან გავიგონე. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ როცა კაცი და ქალი დიდი სიყვარულისთვის ხვდებიან ერთმანეთს, ეს შეხვედრა ცარიელ ადგილას ხდება – ერთი ხრიოკი, გადაბუგული სივრცის შუაგულში, სადაც არც ბგერები აღწევს და არც ხმაური; სადაც არასდროს ბრუნდებიან ის სიტყვები, რომლებიც მან სხვებს უთხრა და რომლებიც შენ სხვას უთხარი. ჩვენ შეგვიძლია, ნებისმიერი ქალი კახპად ვაქციოთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი წმინდანებად გადაქცევა არ ძალგვიძს. ქალები ხომ ისეთები არიან, როგორებადაც ჩვენ ვქმნით. ვერც მე შევქმენი წმინდანი და ვერც სხვამ. ეს ვერ შეძლო ჩემთვის ნაცნობმა თითქმის ვერცერთმა კაცმა. ცნობით კი ბევრს ვიცნობდი. ვიცნობდი მფრინავებს, რომლებიც ისეთი თვითმფრინავებით დაფრინავდნენ, არცერთი სადაზღვევო კომპანია რომ აღარ აზღვევდა. ვიცნობდი თექვსმეტი წლის ტერორისტებს, რომელთაც თვალის დაუხამხამებლად შეეძლოთ ადამიანის მოკვლა. და კიდევ ბევრ სხვას. ყველა მათგანს შეეძლო კარგად სმა, ჩხუბი, როცა სხვა გამოსავალი არ იყო, და ჩხუბი მაშინაც, როცა სრულიად მშვიდად შეიძლებოდა ადგომა და შინ წასვლა. ყველა მათგანს შეეძლო უდაბნოში, მიწისქვეშეთში, ციხეებში თავის გატანა, მაგრამ არცერთს არ აღმოაჩნდა საკმარისი სიმამაცე, გულწრფელად რომ ერწმუნა ქალის სიწმინდე: არც მათ, ვინც სვამდა, არც მათ, ვინც კლავდა, არც მათ, ვინც ციხეში იჯდა. ვერც მე ვირწმუნე. მეც მხოლოდ მსჯელობა შემეძლო, მაგრამ დაჯერება ვერც მე შევძელი.
ის დღე გამახსენდა, როცა ესთერი პირველად მოვიდა ჩემთან. სწორედ იმ დღეს ჩემმა დიასახლისმა გარეთ გამომაგდო, რადგან სამსახური დავკარგე და ოთახის ქირას ვეღარ ვიხდიდი. პლაჟზე გავედით, გაწვიმდა და კინოთეატრის ფოიეს შევაფარეთ თავი. იქ ვაკოცე და ვუთხარი, რომ მიყვარდა. მერე სეანსი დასრულდა – ახალგაზრდები პირქუში, გამკაცრებული სახეებით გამოიშალნენ დარბაზიდან. ვუყურებდი, როგორ მიდიოდნენ ქუჩაში, დინჯად, თეძოების რწევით და ვფიქრობდი, რომ აფიშისთვის შეუხედავადაც შეიძლებოდა მიმხვდარიყავი, რომ ვესტერნი გადიოდა. ახლა კი, როცა გოგოსთან ერთად ქუჩაში მივდიოდი და უკან გულამოვარდნილი ბებრუხანას ხმამაღალი ქოშინი მესმოდა, უცბად გამიჩნდა სურვილი, მცოდნოდა, რა ფილმს უჩვენებდნენ მაშინ. მაგრამ ესთერი გვერდით აღარ მყავდა და ამის ცოდნასაც აზრი აღარ ჰქონდა.
ახალი ოთახი ვიპოვე, მაგრამ საწოლი ისეთი ვიწრო იყო, თითქოს ჩემი ახალი დიასახლისი იმ ოთახს ჩემამდე ძაღლზე აქირავებდა. მეგობართან მივედი სახელოსნოში და მანაც, როგორც კი სახელოსნოს პატრონი შინ წავიდა, გასაღები დამიტოვა. საწოლის ჩარჩო აცეტილენის აპარატით გავჭერი, ზედ სხვა ჩარჩოს ნაწილი შევადუღე და ზამბარები გავჭიმე. რომ არ მეჩქარა, შესაძლოა, მშვენიერი, მყარი საწოლი გამოსულიყო, მაგრამ ესთერი იმ საღამოს აპირებდა ჩამოსვლას, ამიტომ ყველაფერი ნაუცბადევად შევაკოწიწე და მთლად ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა. შუაღამისას ეს ჩემი „ნაგებობა“ საშინელი ხმაურით ჩაინგრა, ოთახში დიასახლისი შემომივარდა და გამაგდო. მე ხომ მისთვის პირობა მქონდა მიცემული, რომ შინ არავის მივიყვანდი. ესთერი წავიყვანე და ისევ პლაჟზე გავედით, ისევ წვიმდა, ისევ კინოთეატრის ფოიეს შევაფარეთ თავი. მხრებზე ჩემი ქურთუკი მოვახურე, რადგან არ გამაფრთხილა, ახლა კი ქვედაბოლო სისხლით ჰქონდა მოთხვრილი. მერე კინოდან ისევ გამოვიდნენ დაღვრემილი ბიჭები. სახეებზე ეტყობოდათ, როგორ განიცდიდნენ მათ ხვედრს, ვისი შფოთიანი ცხოვრებაც ხანმოკლეა და ოცდაოთხი ათასი ვოლტის დარტყმით წყდება. მე კი ვუყურებდი მათ და ვფიქრობდი, რომ ეს, ალბათ, ბოგარტის ფილმი იყო. ფილმის სახელი არ მახსოვს, თუმცა ახლა, როცა ესთერი აღარ არის, აღარც ამას აქვს მნიშვნელობა.
ამასობაში კიდევ ერთი სახლის კიბეზე ავედით. ირგვლივ მტვრის ბუღი იდგა და კატები კნაოდნენ. გოგო დაწინაურდა, მე კი დერეფანში დავრჩი და სიგარეტს მოვუკიდე. უკვე მეორე სიგარეტს ვეწეოდი, ბებრუხანამ გაჭირვებით რომ ამოათავა კიბე და ჩემ შორიახლოს გაჩერდა. ამღვრეულ თვალებში ჩავხედე.
-ცუდად ვარ, – თქვა მან.
-გავიგე. წეღანაც ხო მითხარი.
-აბები დავკარგე. გულით ავადმყოფი ვარ.
-დიდი დრო აღარ გაქვს დარჩენილი.
დერეფანს გავხედე. გოგო იქ იდგა და რაღაცას ამბობდა, მაგრამ კატების კნავილსა და ბებრის ქოშინში ვერაფერი გავიგონე.
-მაინცდამაინც ეს გოგო რატომ მოინდომე? – ვკითხე მე. – ამ ფულად სხვა ათს იყოლიებ.
-კარგი გოგოა.
-რატომ გგონია ასე?
-იმიტომ, რომ არ ვიცნობ.
-არა უშავს, ამასაც მალე გაიცნობ. ჩვეულებრივი ბოზია, რომელიც ორმოცდაათი ფუნტი დაგიჯდება.
-არა. ეს კარგი გოგოა, – თქვა მან. – ხშირად ვხედავ ხოლმე. მე იმდენი ვიცხოვრე, არა მგონია, ვცდებოდე.
-შენს ასაკში ამას რაღა მნიშვნელობა აქვს? გინდა სისულელეები ილაპარაკე, გინდა სიბრძნეები აფრქვიე – ყურს მაინც აღარავინ დაგიგდებს.
გოგო უკან დაბრუნდა და თქვა, რომ აქ ვიღაც მომკვდარიყო და არათუ დღეს, ხვალაც არავინ შეუშვებდა. ისევ ჩავუყევით კიბეს. ბებრუხანაც მორჩილად აგვედევნა. მივდიოდი და მაგონდებოდა, როგორ ვეჩხუბე ესთერს. მერე დავლიე და მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ავტობუსის ფული არ მქონდა, ტაქსი გავაჩერე და მასთან წავედი. მძღოლს ვუთხარი, აქ დამელოდე-მეთქი, მაგრამ მან მიცნო, ქანჩის გასაღებს წამოავლო ხელი და წინ გადამეღობა. მერე იმ თავსხმაში ჩხუბი და ძიძგილაობა დამიწყო და თავიც გამიხეთქა. სისხლი რომ დავინახე, მეც დავარტყი, ის კი ვირჯინიაში შემოდგომის შემოსვლასავით ნელა და პათეტიკურად ჩაიკეცა და მიწაზე გაიშხლართა. მე ესთერს დავუწყე ძებნა. მითხრეს, კინოში წავიდაო. კინოთეატრში მივედი. ეკრანზეც ტაქსის მძღოლი და ვიღაც მთვრალი კაცი ჩხუბობდნენ. ამის დანახვაზე ისეთი ხარხარი ავტეხე, რომ ფილმის ჩვენება შეწყვიტეს და შუქები აანთეს. ყველა მე მიყურებდა. მე კიდევ ვიდექი, ვიცინოდი და სახეზე ჩამოსულ სისხლს ვიწმენდდი. ესთერი ადგა, ჩემთან მოვიდა და გარეთ გამიყვანა. ისევ ვიჩხუბეთ.
მე კინოში დავბრუნდი. ოპერატორს ლენტი გამოვტაცე და ცეცხლი წავუკიდე. ვიფიქრე, ძველი და უვარგისი ფილმია, მანქანასავით, რომლის მძღოლიც მგზავრს მუშტებს უბაგუნებს, იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ქანჩის გასაღების აიღოს. ამასობაში პოლიციელები მოვიდნენ და დამაკავეს.
თავიანთ ჯიპში რომ მსვამდნენ, ესთერი მოვიდა და მითხრა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, ბავშვი მოეშორებინა. იმ დროს ბევრს ვსვამდი. ვიღაცას უთქვამს მისთვის, ბავშვი ჯანმრთელი არ იქნებაო. მე კიდევ ვერ შევძელი მისი გადარწმუნება, რადგან სასჯელის მოხდა მომიწია. ციხიდან რომ გამოვედი, მითხრა, რომ უკვე გვიანი იყო.
უდაბნოში წავიყვანე და იქ ცხოვრობდა ჩემთან ერთად სატვირთო მანქანის კაბინაში, სადაც, ჩვენ გარდა, ხელის ტყვიამფრქვევიც უნდა დატეულიყო. ღამით ტურები კიოდნენ და ყველაფერი ძალიან ჰგავდა მდარე ფილმს – თითქოს რაპაპორტი პარტნიორს წასჩხუბებოდა და უფულობის გამო სურათი ორჯერ ნაკლებ დროში დაესრულებინათ. უდაბნო, ტურები და ტყვიამფრქვევი ყოველთვის იზიდავს მაყურებელს და სასურველია, მათი ნახვით მიღებული შთაბეჭდილება სეანსის დასრულებისთანავე კი არ გაქრეს, არამედ ცოტა მეტიც გასტანოს.
მე და ესთერს მართლა არაფერი გვებადა, გარდა იმ სატვირთოსი, ხელის ტყვიამფრქვევისა და კონსერვებისა, რომლებსაც დანით, პირდაპირ ქილიდან ვჭამდით. ცოტაოდენი ფორთოხალიც გვქონდა და თბილი წყალი ბიდონებში, რომლებსაც სველ ტილოებში ვახვევდით, რათა წყალი დასალევად ვარგისი ყოფილიყო.
მე ვუთხარი, რომ მანამ არ გავუშვებდი, სანამ იმავეს ჩასადენად უკვე ძალიან გვიანი არ იქნებოდა. ის ამ დროს ოცი წლისა და ულამაზესი იყო, მე – ოცდაექვსი წლისა და არაფერი მებადა, მისი და ბავშვის გარდა, რომელსაც ველოდებოდი და რომლისთვის ფულიც არ მქონდა. მაგრამ ის ბავშვი ჩემი პირველი შვილი იყო, მე კი ესთერის პირველი მამაკაცი, ამიტომაც როგორმე უნდა შევგუებოდით მდარე ფილმიდან ნაცნობი ტურების კივილსა და უდაბნოს ცაზე დაკიდებულ მთვარეს, სალაპარაკოდ და საწერად ზედმეტად ლამაზს. ყველაფერს უნდა დავთანხმებოდით, ოღონდ კი ბავშვს ეცოცხლა.
შემდეგ ესთერს შინ დაბრუნება მოუწია, მე კი დავრჩი და ისევ მანქანის კაბინაში მეძინა, უკვე ახალ თანამობინადრესთან ერთად, რომელსაც, სანამ ფხიზელი იყო, სიტყვას ვერ დააცდენინებდი, მაგრამ საღამოსკენ, ნახევარ ბოთლს რომ დაცლიდა, უცბად ეშლებოდა ლაპარაკის საღერღელი. მე ჯერ თავს ვიკავებდი, მაგრამ ცოტა ხანში უკვე ერთად ვსვამდით. ასე გაგრძელდა ორი კვირა, სანამ რამდენიმე დღით ესთერთან არ წავედი და უცხო მარტო არ დავტოვე. დღემდე არ ვიცი ან რა ერქვა, ან საიდან იყო, რადგან ჩემთვის გაუგებარ ენაზე მელაპარაკებოდა და არც მას ესმოდა ჩემი.
ესთერმა მითხრა, რომ აღარასოდეს მივიდოდა ექიმთან. მაშინაც კი, როდესაც მშობიარობის დრო დაუდგებოდა. რადგან ექიმი, რომელმაც აბორტი გაუკეთა, ნამდვილი ღორი აღმოჩნდა. დილიდან საღამომდე იმის მცდელობაში ვიყავი, რომ როგორმე გადამეფიქრებინა, მაგრამ დაიჟინა, მე თვითონ ვიმშობიარებო. მოლოგინების დრო რომ მოახლოვდა, ქალაქგარეთ წავედით, ჩემს მეგობართან – მან თავისი სახლი და ჯიპი გვათხოვა. იქ დავბინავდით. სხვა იმ სახლში არავინ იყო, მხოლოდ მე და ესთერი. იმ გოგოსაც იქ შევხვდი რამდენიმე დღის შემდეგ.
ქალაქში მიმავალი, გზაზე გამაჩერა და მთხოვა, ჰაიფამდე გამოგყვებიო. გავიყოლე. გზაში ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. სამედიცინოზე ვსწავლობო, – მითხრა. აქ არდადეგების გასატარებლად ჩამოსულიყო და თავის საქმროს ელოდებოდა. მერე ისევ შტატებში დაბრუნდებოდა. ჰაიფში რომ შევედით, ლუდზე დამპატიჟა. მადლობა გადავუხადე და გზა განვაგრძე. შინ ორი დღის შემდეგ დავბრუნდი.
ყველაზე რთული დროც მაშინ დაიწყო. თითს აღარ მაკარებინებდა. ვუხსნიდი, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფერი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და გულუბრყვილო იყო, მე კი არ მინდოდა, რამე ისეთი გამეკეთებინა, რითაც უსიამოვნებას მივანიჭებდი. მაშინ ისევ მჯეროდა, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით. ხოლო ახლა, როცა სულ სხვა გოგოსთან ერთად მივუყვებოდი ქუჩას, უკან კი აქოშინებული ბებრუხანა მოგვყვებოდა, გავიფიქრე, რომ მხოლოდ ერთხელ არ შევმცდარვარ, კერძოდ კი მაშინ, როცა მეგონა, რომ მთელი ცხოვრება ესთერთან ვიქნებოდი.
-მისმინე, – ვუთხარი მწვანეთვალებას. – დავიღალე. მორჩი რა!
-არ მომწონს ეს კაცი.
-არც უნდა მოგწონდეს. აიღე ფული და გამიშვი რა. რას ერჩი? დაგიშავა რამე?
-არა. პირიქით. სულ მეუბნება, შენ კარგი ხარო და კიდევ უამრავ ასეთ რაღაცას.
-ბრიყვია, როგორც ყველა ბებერი. ცუდადაა. აბები დაუკარგავს.
-არ დაუკარგავს.
-თვითონ მითხრა, დავკარგეო.
-ჯიბიდან ამოვაცალე და გადავაგდე. ვიცი, რომ გულით ავადმყოფია.
-ნაძირალა ხარ!
-ის მეუბნებოდა, კარგი ხარო. მარწმუნებდა, რომ ყველა ქალი კარგია და თუ ცუდები ხდებიან, ეს მამაკაცების ბრალიაო. შენც ასე გგონია?
-არა, – ვუპასუხე მე.
-აბა, რატომ მეუბნებოდა ამას?
-ალბათ, უნდოდა, რამით ესიამოვნებინე.
-რატომ?
-ორმოცდაათ ფუნტს გიხდის. ამხელა ფულის საფასურად ყველაფრის თქმის უფლება აქვს.
-ნანობს, ამდენს რომ შემპირდა?
-ყველაფერს ნანობს. ნანობს ჩადენილ სისულელეებს, იმასაც ნანობს, რომ მათ გამეორებას ვეღარ შეძლებს. ახლა უკვე გვიანია ამაზე ბჭობა.
გზა გავაგრძელეთ. გამახსენდა, რომ შინ დაბრუნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, იმავე გზაზე მიმავალი, ისევ იმ გოგომ გამაჩერა. ამჯერად შეყვარებულიც თან ახლდა. ჰაიფამდე ჩავიყვანე და მათთან ერთად ლუდის დალევაზეც დავთანხმდი. ცოტა ხანს ერთად ვისხედით. ბიჭი თავის ძმაზე ჰყვებოდა, რომელსაც თოთხმეტი თვე კორეის ტყვეთა ბანაკში გაეტარებინა. ჰყვებოდა, მაგრამ არ ვუსმენდი – დღემდე არ ვიცი, რას განიცდიდნენ კორეაში ტყვედ ჩავარდნილი ამერიკელები. ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ არაფრად მჭირდებოდა ამ ბიჭის გაცნობა. მანამდე ამ გოგოსთვის ზედაც არ შემიხედავს, მაგრამ ახლა, მას და მის შეყვარებულს ერთმანეთთან ჩახუტებულებსა და ბედნიერებს რომ ვხედავდი, ჯოჯოხეთურად ლამაზი მომეჩვენა.
კარგა ხანი იყო, ასეთ რამეებზე აღარ მეფიქრა, მიუხედავად იმისა, რომ ვერავინ დამიშლიდა. დიდხანს ვიყავი ესთერის გარეშე და მაინც მისი ერთგული დავრჩი – ეს კი იოლი არ ყოფილა. ტანჯვა იყო მის გვერდით წოლა და იმაზე ფიქრი, რა ბედნიერები ვიყავით ერთად.
მერე აკოში წავედი და იქ ჩემი მეგობარი ექიმი მოვინახულე. ვუთხარი, ესთერმა დაიჟინა, რომ მარტომ უნდა იმშობიაროს-მეთქი. მან მითხრა, რომ ეს სრული სიგიჟე იყო. ვუთხარი, ჩანს, არ იცნობ ისრაელში დაბადებულ ქალებს-მეთქი. მან კი ჩვენ ახლოს მცხოვრები ბებიაქალის მისამართი მომცა. როგორც კი შინ დავბრუნდი, მაშინვე იმ ბებიაქალთან წავედი. მანაც იგივე მითხრა. ოღონდ, ისე, თავად ისრაელში დაბადებული ქალი იყო და აღარაფრის ახსნა აღარ დამჭირვებია.
ბებიაქალის ქმარი სასიამოვნო კაცი აღმოჩნდა. გვიანობამდე ერთად ვისხედით, ლუდს ვწრუპავდით, ვლაპარაკობდით. ისრაელელ მფრინავებზე მიყვებოდა – როგორ დაფრინავენ კლდეებს შორის ზებგერითი სიჩქარით და ერთმანეთს სანაძლეოს უდებენ, რომ უვნებლად გაძვრებიან, ოღონდ კი სიგანეში ფრთები გაატიონ. დაახლოებით ისე, პოლონეთში ჩვენი ბიჭები ხიდქვეშ რომ დაფრინავდნენ ხოლმე. ის კაცი საერთოდ ბევრ საინტერესო ამბავს ჰყვებოდა, მაგრამ მე უგულისყუროდ ვუსმენდი.
იმ გოგოზე ვფიქრობდი, გზაზე რომ შევხვდი და იმაზეც, რომ დიდი ხანია, ესთერის გარეშე მიწევდა ყოფნა – იმიტომ, რომ ძალიან მიყვარდა.
ბებიაქალმა დამამშვიდა, არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდესო. მკითხა, ტელეფონი თუ გაქვთო. ვუთხარი, ამ ჯიპის მეტი არაფერი მაბადია, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ჩვენამდე სამ წუთში მიგიყვანთ-მეთქი. მერე ისევ ესთერთან დავბრუნდი, გვერდით მივუწექი და ვერ დავიძინე.
მეორე დღეს იორამმა შემოიარა. ესთერი სხვა ოთახში გავიდა. ვუთხარი, თავს ცუდად გრძნობს-მეთქი, – ვიცრუე, რა თქმა უნდა. ესთერს არ უყვარდა იორამი, იმიტომ რომ მსმელი იყო. ეჩვენებოდა, თითქოს მეც მაძალებდა სასმელს. იმავეს ფიქრობდა იორამის ცოლი ჩემზე, მათთან რომ მივდიოდი.
ამიტომ ვუთხარი იორამს, ჯობს, საბანაოდ წავიდეთ-მეთქი. სახლიდან გასულებმა გზატკეცილზე ის გოგო დავინახეთ. ამჯერად პლაჟამდე უნდოდა გამოყოლა. წავიყვანეთ, გზად რამდენიმე ლუდიც ავიღეთ და საბანაოდ წავედით. იორამმა, რომელიც ჩემთან უკვე ნასვამი მოვიდა, კიდევ ბევრი ლუდი დალია, ზედ ორი ჭიქა კონიაკიც დააყოლა და იმ გოგოსთან ფლირტი გააბა. მე გოგოს ვუყურებდი, ის მე მიყურებდა, იორამი კი თავგადაკლული ეარშიყებოდა – ჰპირდებოდა, საღამოს ქალაქში წაგიყვან და იქაურ ღირსშესანიშნაობებს დაგათვალიერებინებო. მე კი ვიცოდი, რომ იმ საღამოს მისი ცოლი შინ არ იქნებოდა. ხელზე რომ აკოცა, ვეღარ მოვითმინე და ვუთხარი, იორამ, ნუ გავიწყდება, რომ ამ გოგოს საქმრო ჰყავს, შენ კი შინ ცოლი გელოდება-მეთქი.
შინ დავბრუნდით, მაგრამ საუბარი აღარ აგვეწყო. იორამი რამდენიმე თვე ვერ მპატიობდა წყენას. მომცრო ტანისა იყო და, თუნდაც მოყვარულთა თეატრში, რომანტიულ გმირად მისი წარმოდგენა ჭირდა. როგორც ყველა დაბალი კაცი, ისიც გამუდმებით უკან დასდევდა გოგოებს და კაზანოვად მოჰქონდა თავი, მერე კი ბრაზობდა, რომ არ უჯერებდნენ.
იმ საღამოს ესთერს ვუთხარი, მე რომ მოვკვდები, იორამივით დაგვალულსა და ავხორც კაცს ნუ გაჰყვები, რადგან ასეთი ვერასოდეს გიერთგულებს-მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ მოვკვდები, გიჯობს, ვინმე კარგი ბიჭი იპოვო, ვისაც მეგობრებთან ერთად დალევა უყვარს, რადგან ასეთი კაცი ნამდვილად გამოგადგება. ის კი უნდა აპატიო, თუ ხანდახან ზედმეტი მოუვა ან უცნობ გოგოს აეტორღიალება, სიყვარულს აუხსნის და ცოლობას სთხოვს – რა მოხდა, ნასვამს შეიძლება აღარც ახსოვდეს, რომ დაქორწინებულია-მეთქი.
ეს ყველაფერი ესთერისთვის ტყუილად არ მითქვამს. მე მართლა ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე, მაგრამ არ მოვმკვდარვარ. სამაგიეროდ, ესთერი მოვკალი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა და არ მინდოდა, მისთვის მეღალატა.
ერთხელ თუ შემოგეჩვია სიკვდილზე ფიქრი, მერე ვეღარსად გაექცევი. ესთერის ფეხმძიმობისას კი განსაკუთრებით ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე. ბავშვს ველოდებოდით. ესთერი უკვე სახელებს იგონებდა მისთვის – ჯერ ერთი მოსწონდა, მერე მეორე, მერე ისევ პირველს უბრუნდებოდა. აზრადაც არ მოსდიოდა, რომ ბავშვი ერთ დღეს თავად აირჩევდა პროფესიას, ხოლო სახელებს სხვა ქალები ან კაცები დაარქმევდნენ. ისევე, როგორც მე დავარქვი ესთერს „ჯადოქრის კატა“, რის მერეც ყველა ასე ეძახდა, თვით მისი დედ-მამაც კი.
ერთ დღეს გაზეთში ამოიკითხა, რამდენს უხდიან სამგზავრო ხაზების მფრინავებს და მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ჩვენი შვილი პილოტი უნდა გამოსულიყო. გოგოს ყოლაზე საერთოდ შეწყვიტა ფიქრი – ალბათ, იმიტომ, რომ ვუყვარდი და იცოდა, რომ მე ბიჭი მინდოდა. ვეებერთელა ძაღლი გუფი რომ ვიყიდე, მაშინვე მომახალა, ბიჭებს ასეთი სათამაშოები არ უყვართო. ჩანდა, არ ჰქონდა ნაფიქრი იმაზე, რომ ბავშვის ბიჭად ან გოგოდ ჩამოსაყალიბებლად დიდი დროა საჭირო. ხოლო ძაღლი, რომელიც ჩვენს საწოლში იწვა, აშკარად აითვალწუნა.
მე კი გამუდმებით ის მიტრიალებდა თავში, რომ ჯობდა, თავი მომეკლა. ბავშვი რომ დაიბადებოდა, ამას ვეღარ გავბედავდი. თუმცა ვხვდებოდი, რომ ტყუილად ვფიქრობდი ასე: თავს ხომ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ადამიანები იკლავენ — მარტოსულებიც, ბედნიერებიც და ოჯახის მამებიც.
იმაზეც ხშირად მიფიქრია, რომ ისე ვცხოვრობდი, სიკვდილის შემდეგ ჩემზე ერთი სანდო მოგონებაც არ დარჩენილიყო. აი, რატომ არავის ვუმხელდი სიმართლეს საკუთარ თავზე და ამის სანაცვლო ათასგვარ სისულელეს ვჩმახავდი. მე მეშინოდა ადამიანების და მინდოდა, კვალი არსად დამეტოვებინა, მაგრამ ახლა უკვე გვიან იყო – ვიცოდი, რომ მემკვიდრეს ვტოვებდი, ის კიდევ დიდხანს იცოცხლებდა და მისი გამოისობით ვეღარც ჩემი ცხოვრება გაქრებოდა უკვალოდ.
ესთერი იმ დროს სახლიდან აღარ გადიოდა. მე დავდიოდი ჯიპით რძისა და საკვების საყიდლად. კვირაში ერთხელ აფთიაქშიც შევივლიდი – საძილე აბების გამოსატანად, თუმცა დიდად არ მშველოდა. ღამით ესთერის გვერდით მწოლს რული არ მეკარებოდა. ვიგონებდი, მანამდე როგორ ვცხოვრობდით. მახსენდებოდა ჩვენი პირველი ღამე, მახსენდებოდა ჩვენი ღამეები უდაბნოში, სადაც წვეთი წყალი არ გვქონდა საბანაოდ. ესთერი თითქოს ზღვის ქაფიდან იყო შობილი – მას შემდეგ ასეთი ქალი აღარ შემხვედრია.
მახსენდებოდა, როგორ მიყოფდა საჭმელს მძიმე წუთებში და ვცდილობდი, წარმომედგინა, როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება ახლა, როცა შემოდგომამდე სახლიც გვქონდა, წყალიც, საჭმელიც და ცოტაოდენი ფულიც კინოში წასასვლელად და სტუმრების დასაპატიჟებლად. მახსენდებოდა, როგორ უფრთხოდა სინათლეს. როგორ მორცხვობდა პაემანზე ჩემთან მოსული, ისე ძლიერად მეხვეოდა, სუნთქვა მიჭირდა. მახსენდებოდა, როგორ იგინებოდა – უხეშად, მაგრამ არა ბილწად – თითქოს ბავშვივით მხოლოდ იმეორებდა სიტყვებს, ისე, რომ მათ მნიშვნელობას ვერ აცნობიერებდა.
მახსენდებოდა, უდაბნოში ზედ რომ მაწვებოდა, ღამით, როცა სიცივე ძვალსა და რბილში ატანდა. ესთერი თითქმის ჩემი სიმაღლისა იყო და მისი სხეულის სიმძიმის ატანა მეძნელებოდა. ვფიქრობდი, რომ თავისუფლად შემეძლო, ეს ყველაფერი ახლაც მეკეთებინა მასთან, მერე კი მშვიდად დამეძინა, მაგრამ ამაში ის პატარა არსება მიშლიდა ხელს, რომელიც ასე ძალიან მინდოდა და რომელსაც ორივე მოუთმენლად ველოდით.
ისიც ძალიან მადარდებდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ ესთერი მაშინვე ვეღარ დაუბრუნდებოდა ძველ აღნაგობას – მაშინვე კი არა, შესაძლოა, ვერც ვეღარასოდეს დაბრუნებოდა. მაგონდებოდა ჩემთვის ნაცნობი ყველა ქალი, რომლებსაც ბავშვის გაჩენამ სხეული ერთიანად დაურღვია.
ბებრუხანა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში უკან მოგვყვებოდა, უცბად გაჩერდა. უკან მივხედეთ. კედელს მიყრდნობოდა და მძიმედ სუნთქავდა.
-რა გჭირს? – ვკითხე მე.
-გული.
-აქვე ერთი აფთიაქია. გინდა, შევიდეთ?
-არა, – თქვა მან. – სად მივდივართ? შორსაა კიდევ?
-შორსაა, – თქვა გოგომ. – მაგრამ გინდა თუ არა, წამოდიო და მეც მოვდივარ. ეს არ გინდოდა?
-ჩემთან კი არა, მასთან მიდიხარ, – თქვა კაცმა.
-ეს იმიტომ, რომ პოლიცია არ ამიშარდეს.
-მართლა არ შეგიძლია, რომ ჩემთან წამოხვიდე?
-არ შემიძლია, – მიუგო გოგომ. – გარდა ამისა, სად გეჩქარება? დრო საკმარისზე მეტი გვაქვს.
მერე ისევ დაწინაურდა და ისეთი ქუჩებისკენ წაგვიძღვა, სადაც არც მდიდრული მაღაზიები იყო და არც მყუდრო კაფეები, რომელთა ტილოს მარკიზების ჩრდილში ცოტა ხნით მაინც შეიძლებოდა სულის მოთქმა. ვიწრო ქუჩებს ირჩევდა, სადაც ერთი ნამცეცი ჩრდილიც არ იყო, მცხუნვარე მზე კი პირდაპირ თვალებში გირტყამდა. ბებრუხანა ვეღარ გვეწეოდა. რამდენჯერაც უკან მივიხედავდი, მისი ტკივილით დაღმეჭილ სახეს ვხედავდი. ხელს ისევ წამდაუწუმ გულზე იდებდა იმ მომღერალივით, რომელიც მღეროდა, ჩემი გული ყველა ქალს განურჩევლად ეკუთვნისო, რისთვისაც ქალებს განურჩევლად სძულდათ. მდარე, ბანალური სიმღერა იყო და მომღერალიც – არაფრით გამორჩეული, ამიტომ სცენიდან გამავალს კანტიკუნტად უკრავდნენ ტაშს.
-ვერ გავიგე, ასე რატომ ამოგიჩემა, – ვუთხარი გოგოს. – ადრეც შეხვედრიხარ?
-არა.
-დაგიშავა რამე?
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე.
-რაღაცაზე ხომ უნდა ვილაპარაკოთ, როცა ამდენი ხანია, ამ ხვატში დავბორიალებთ. თან შენთან ლაპარაკიც მსიამოვნებს. ათ ფუნტსაც მიხდი.
-სიცოცხლე აღარ მინდა, – თქვა გოგომ. – შეგიძლია, ამ თემაზე მელაპარაკო?
-რატომაც არა. ადამიანები, რომლებსაც თვითმკვლელობა უნდათ, ხშირად სხვებსაც ამისკენ უბიძგებენ და თუ ისინი ამ ჩანაფიქრს განახორციელებენ, მათ სიკვდილს თითქოს თავადვე განიცდიან. რამდენიც გინდა, იმდენჯერ წამიკითხავს ასეთი ამბავი. გგონია, რამე ორიგინალური მოიფიქრე? ეს კაცი კიდევ უკვე მოხუცია – ბევრი აღარ სჭირდება.
-შენ საიდან იცი?
-ადამიანები ძალიან ბევრს ფიქრობენ ამ თემაზე.
-მაგრამ ბოლოს მაინც ყველა სიცოცხლეს ამჯობინებს.
-რამდენიც არ უნდა ეცადო, აქედან მაინც ვერსად ვერ წახვალ. მაინც სამუდამოდ აქ დარჩები. შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ყვავილად მოხვიდე.
-ამას ხომ ყველა ამბობს.
-რა გინდა მერე? მშვენიერია. ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ.
-ჩემი შეყვარებული დაიღუპა, – თქვა მან. – მას შემდეგ აღარავინ მყვარებია.
-შესანიშნავი ამბავია… – ვთქვი მე. – სიყმაწვილეში ერთი ბიჭი გიყვარდა. ის კი დაიღუპა და მერე აღარასოდეს… და ასე შემდეგ. ცხოვრებაში ბევრი მსგავსი ამბავი მომისმენია.
-არ გჯერა?
-გითხარი, შესანიშნავი ამბავია-მეთქი. რამდენიც გინდა, იმდენჯერ შეგიძლია მოყოლა – იოლად დაგიჯერებენ. უბრალოდ აუცილებლად უნდა დაამატო, რომ ის კაცობრიობის ნათელი იდეალებისთვის იბრძოდა ან მსგავსი რა. სულ რამდენიმე სიტყვა. რა დაემართა?
-სირიის საზღვარზე მოკლეს.
-არა, ეს არ ივარგებს, – ვთქვი მე. – იარაღით ხელში ბრძოლა და კაცურად სიკვდილი არ ივარგებს. სხვანაირად ჯობს. მაგალითად – ავტოავარია. რაღაც უაზრო სიკვდილი, გესმის? სიკვდილი, რომელსაც გამართლება არა აქვს. რომელსაც ვერ შეეგუები.
-კი, მაგრამ შენ არ თქვი, კაცობრიობის ნათელი იდეალებისთვის უნდა ებრძოლაო?
-გადავიფიქრე.
-კარგი. რაც მოგიყევი, ყველაფერი ტყუილია. საერთოდ არ მყოლია შეყვარებული.
-ასე გაცილებით უკეთ ჟღერს. ოღონდ ეს ბოლოსკენ მოიტოვე – სიყვარულის მონატრება. მარტოობა. ასე უფრო თანამედროვეა, არსი კი არ იცვლება.
-შენ ხომ იცი, რომ მიყვარხარ?
-არა. საიდან უნდა ვიცოდე? როდის იგრძენი?
-ერთხელ რესტორანში დაგინახე და….
-და ძალიან მხიარული გეჩვენე, არა?
-კი.
-ალბათ, მანამდე რომელიღაც გოგოს იგივე სიტყვები ვუთხარი, რაც ახლა შენ მითხარი, თორემ იმ მხიარულების საფასურის გადახდა ძალიან გამიჭირდებოდა.
მე ხომ ესთერსაც ვუთხარი, რომ მიყვარდა – ოღონდ მისგან არაფერს მოველოდი. მერე კი, როცა ესთერი აღარ იყო, ბევრ ქალს ვუმეორებდი იმავე სიტყვებს, რათა მათ სამუდამოდ დაეკარგათ მნიშვნელობა – და ეს ერთადერთი იყო, რაც ცხოვრებაში გამომივიდა. მე ხომ მწერლობაც ვცადე, ვცადე, მფრინავი გავმხდარიყავი, უცხოურ ლეგიონში შესვლაც მინდოდა, ვიეტნამის ომში წასვლასაც ვაპირებდი. მერე მდიდარი ცოლი მყავდა, მერე კიდევ ერთი მდიდარი ქალი. განურჩევლად ყველა ქალს იმავე სიტყვებს ვეუბნებოდი, რომლებიც ესთერისთვის მქონდა ნათქვამი, რადგან ესთერი აღარ იყო, მე კი მინდოდა, ერთიანად გამენადგურებინა ყველაფერი, რაც მას ეკუთვნოდა.
მოკლედ, ამაშიც მომეცარა ხელი. ესთერს ყოველთვის სჯეროდა ჩემი და რომ დამეძალებინა და მის მშობლებსაც დავლაპარაკებოდი, შესაძლოა, საავადმყოფოში წასვლაზეც დამთანხმებოდა. შემეძლო, ძალითაც წამეყვანა, მაგრამ ის ჩემთან იყო და სჯეროდა, რომ სანამ ჩემთან იყო, ცუდი არაფერი შეემთხვეოდა.
ესთერს სჯეროდა ჩემი, როცა ვეუბნებოდი, რომ მალე ბინის ფულს ვიშოვიდი და წიგნებიც ბლომად გვექნებოდა და კინოში წასასვლელი ფულიც. ესთერს სჯეროდა, რომ აღარ დავლევდი. ისიც სჯეროდა, რომ ევროპაში წავიდოდით, რომ შეიძლებოდა სიცილიაშიც მოვხვედრილიყავით, სადაც ამერიკიდან გამოძევებულ დაქირავებულ მკვლელებს ვაჩვენებდი, რომლებსაც ბარმენები „კომანდატორეთი“ მიმართავენ. ესთერს სჯეროდა, რომ მაღალ მთაში ყოფნისას ხელს თუ შევახებდი, ორივეს „დენი დაგვარტყამდა“. სჯეროდა, როცა ისე მოვუთხრობდი რაღაცებზე, თითქოს ჩემი თვალით მქონდა ნანახი. მერე რა, რომ სინამდვილეში ძალიან ცოტა რამ მქონდა ნანახი – უბრალოდ ვთხზავდი ამბებს ჩემთვის უცნობ ადამიანებზე, ვიგონებდი მთელ ფილმებს, რადგან მის საყვარელ კინოში წასასვლელად ფული არ გვქონდა. ვიგონებდი წიგნებს და ვუყვებოდი ლუვრში ნანახ ტილოებზე, სადაც არასოდეს ვყოფილვარ.
და ყველაფერი, ყველაფერი, რასაც ვუყვებოდი, მისთვის მაშინვე რეალობად იქცეოდა ხოლმე.
საღამოობით ზღვაზე მივდიოდი და დიდხანს ვცურავდი, რომ დავღლილიყავი და დამძინებოდა, მაგრამ ნამდვილ დაღლას მხოლოდ ესთერთან ალერსის შემდეგ ვგრძნობდი. ზოგჯერ, თუ გზატკეცილზე იდგა, ის გოგოც მიმყავდა თან და თუ არ იდგა, პირდაპირ პლაჟზე ვხვდებოდით ერთმანეთს და ყველაფერზე ვლაპარაკობდით – გარდა ერთისა, რაც ორივე ჩვენგანისთვის ისედაც ცხადი იყო და რაზე ლაპარაკიც ზედმეტად მიგვაჩნდა.
მითხრა, ჩემი საქმრო იმაზე ადრე წავიდა, ვიდრე აპირებდაო. მე მასთან გულახდილი არასდროს ვყოფილვარ. ვუყურებდი ახალ აშენებულ შენობებს და ვფიქრობდი, რომ რამდენიმე წელიწადში ისრაელიც სხვა ქვეყნებს დაემსგავსებოდა და მაშინ ჩემს აქ ცხოვრებასაც დაეკარგებოდა აზრი. მაგრამ ახლა აქ ჯერ კიდევ ცოტა ხალხი და ცოტა მანქანა იყო, ხოლო ტურისტები ძალიან მალე იღებდნენ მზის დარტყმას და მალევე ტოვებდნენ აქაურობას. წასვლამდე კი აცხადებდნენ, რომ ცხოვრებაში არ ენახათ არც ასეთი ლამაზი ქვეყანა და არც ასეთი გემრიელი სამზარეულო. სინამდვილეში ევროპულ ციხეებში პატიმრებიც კი აჯანყდებოდნენ ამ საზიზღარი ქაშერი ხორცის გამო, რომელსაც სისხლის ნასახიც კი არა აქვს და გემოთი მიცვალებულისთვის კუბოში ჩასაცმელი ფეხსაცმლის მუყაოს ლანჩას გაგონებს.
სამაგიეროდ, აქ მრავლად იყო ფორთოხლის ბაღები, ტურები და უდაბნო, რომლებმაც მდარე ფილმებიდან შემაძულეს თავი. აქ მე კიდევ ბევრი რამ მაღიზიანებდა და, ალბათ, ამიტომაც მიყვარდა ასე ეს ქვეყანა.
გოგო ყოველთვის შორს გაცურავდა ხოლმე და ზოგჯერ მთელი საათი აღარ ბრუნდებოდა უკან. მე ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ესთერს ახლა ცურვა აღარ შეეძლო. ამ დროს ის ხომ ბევრად უკეთ ცურავდა, ვიდრე ეს გოგო. იმაზეც ვფიქრობდი, როგორ დამძიმდა და მოდუნდა ესთერი და მეშინოდა, სამუდამოდ ასეთი არ დარჩენილიყო. ისევ მაგონდებოდა ყველა ქალი, რომელთაც ბავშვებმა სამუდამოდ წაუხდინეს აღნაგობა. თვალწინ მიტრიალებდა მათი ჩამოწელილი მუცლები და მკერდი. ის ქალიც გამახსენდა, მშობიარობის შემდეგ შვილი რომ შესძულდა; ისიც, ამერიკელი, რომელიც ქმართან ვეღარ ურთიერთობდა, რადგან მას მშობიარობის დროს გადატანილი ტკივილი ვერ აპატია. ისიც, რომ მარწმუნებდა, ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნება მშობიარობის დროს განვიცადეო. იმ ქალს ძალიან უნდოდა, ჩემთან შვილი ჰყოლოდა, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.
სხვა ბევრი ნანახი და გაგონილი შემთხვევაც ამომიტივტივდა გონებაში, ექიმებს, ქალებს ვეკითხებოდი, დაუსრულებლად ვუტრიალებდი ამ თემას, მაგრამ ერთ რამეზე – ყველაზე მარტივზე – არასოდეს დავფიქრებულვარ: რომ ბავშვი დიდი ხნით წამართმევდა ესთერს, მე კი ძალიან მიყვარდა და ვერ შევძლებდი კიდევ უფრო მეტი ღამის უმისოდ გატარებას. მერე ისევ ტურებზე ვფიქრობდი და ტყვიამფრქვევზე და ისევ და ისევ მახსენდებოდა ყველა მდარე ფილმი, რომლებშიც ძალიან ბევრი სიმართლეა ჩვენზე, მაგრამ რომლებიც არავის მოსწონს.
ზღვიდან ამოსული გოგო ისევ თავის კოლეჯზე მიყვებოდა. მეუბნებოდა, რომ ორ წელიწადში ექიმი გახდებოდა. მეუბნებოდა, რამდენს გამოიმუშავებდა ერთ წელიწადში, რამდენს – ორში. წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ყველაფერი იმ დღემდე, სანამ წერილს წაიღებდა, რაც მისი მომავალი ქმრისა და საყვარელი ძაღლების სიკვდილიდან არაუწინარეს ორ წელიწადში უნდა მომხდარიყო.
ჩვენ ისევ ავედით ერთ-ერთი სახლის კიბეზე. ბებრუხანა ძლივსღა მოათრევდა ფეხებს. კიბე რომ ავათავეთ, მწვანეთვალებამ აღიარა, სადარბაზო ამერიაო. ისევ ჩავედით და სხვა კიბეს ავუყევით. კაცს საბოლოოდ გამოელია არაქათი და ხმამაღლა აქოშინდა. გოგომ ხელი გაუწოდა.
-მოდი, აქ არის.
-დამეხმარე, – სთხოვა კაცმა.
-მოდი-მეთქი. მოვედით და ეგ არის, – უთხრა გოგომ.
-შენ ხომ ჯერ კარზე არ დაგიკაკუნებია, – თქვა კაცმა. – იქნებ აქაც არაფერი გამოდის.
-არა. აქ აუცილებლად იქნება ადგილი. აქ ბევრი ადგილია. ყველას სამყოფი. მოდი.
კაცი ერთი საფეხურით ზევით აიწია და გოგოს ხელზე ჩაებღაუჭა, მაგრამ ის თევზივით დაუსხლტა და მაღლა აირბინა.
-მოდი, მოდი, – ჩამოსძახა კაცს. – არა მაქვს ამდენი დრო.
კაცი, როგორც ჩანს, რაღაცას მიხვდა. მე პირი ვიბრუნე, რადგან გოგომ კაბის გახსნა დაიწყო. კაცმა რამდენიმე საფეხურიც აიარა და კიბის ბაქანზე გაიშხლართა, გოგო კი ზემოდან დააცქერდა.
-აი, დასასრულიც ასეთი უნდა იყოს! კიდევ ერთხელ რომ ეთქვა შენთვის, კარგი გოგო ხარო, უკეთესი იქნებოდა, – ვთქვი მე. – რამდენი მოინდომებდა ამის ფილმად გადაღებას. კაცს თავისი გარდაცვლილი ქალიშვილი ენატრებოდა… არა, ბოლოს მაინც უნდა ეთქვა რაღაც. ალბათ, იმედი გაგიცრუვდა, არა?
კაცი წაიყვანეს. მე კი ჩემს კაფეში დავბრუნდი. გოგო უკან მომყვებოდა. შევედი და დავჯექი – არა ბნელ კუთხეში, არამედ დახლთან. ოფიციანტი მოვიდა და ჩემ წინ მდგარი ვენტილატორი გვერდზე გასწია.
-შენ გამო პრობლემები მაქვს, – მითხრა მან. – ვიღაცამ უფროსთან დამაბეზღა, რომ ნისიად გასმევ.
მე ათი ფუნტი დავაგდე დახლზე, მან კი ლუდი მომიტანა.
-არა, – ვთქვი მე. – კონიაკი.
-რომელი?
-სულელურ კითხვებს ნუ სვამ. ამ მოკლე დროში ისეთი რა უნდა მომხდარიყო, რომ კარგი კონიაკის სმა დავიწყო.
გოგო გვერდით მომიჯდა. მე კი მის ანარეკლს მივაშტერდი – მქრქალ სარკეშიც კი ლამაზი ჩანდა.
-შეიძლება, შენთან ერთად დავლიო?
-ვერ ვიგებ, შენ რაღატომ სვამ, – ვთქვი მე. – ფული გაქვს. ამ ქალაქში კიდევ ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერს დაგიჯერებენ, რასაც მათ მოუყვები.
-შენ არ გჯერა ჩემი.
-მაინც რას ერჩოდი იმ კაცს? – ვთქვი მე. – კარგი, ნაძირალა იყო. ხშირად ვხედავდი, იჯდა და სხვებს ასმევდა, თვითონ კი არასოდეს სვამდა. არც მისი მესმის. საერთოდ არავისი არ მესმის ამ ქალაქში. თუმცა, სიმართლე გითხრა, არავინაც არ მაინტერესებს.
-ერთი ადამიანის გარდა.
-მე ეს არასდროს დამიმალავს.
-მაგრამ თავად ამბობ, რომ საკუთარ თავს დიდად არ აფასებ.
-მართალია, მაგრამ შენ რა გინდოდა მისგან?
-სინამდვილეში დიდად არც ეს გაინტერესებს.
-და თუ არ მოკვდა, ხომ ჩაგიფლავდება მთელი გეგმა?
-მას ორი ინფარქტი აქვს გადატანილი.
-მერე მესამე რაღაში სჭირდებოდა?
-რომ დაგეჯერებინა.
-კარგი, გიჯერებ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის.
-შემდეგში ჩემს თავსაც იმავეს გავუკეთებ.
-გითხარი, ცუდ ფილმებს უყურებ-მეთქი.
-შენ რაც ახლა ნახე, ფილმი არ ყოფილა.
-ყველაზე ცუდი ფილმი იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. რომ კვდებოდა, კაბა რატომღა გაიხსენი? ბიბლიური სცენა დადგი? მოსე, რომელსაც აღთქმულ მიწაზე ფეხი არ დაადგმევინეს?
-არა.
-აბა, რა იყო?
-გუშინ საღამოს არ მითხარი? მინდა, მოთხრობა დავწერო კაცზე, რომელიც ქალაქში დადის და ქალის სურვილით კვდებაო. კაბის ამბავიც შენვე მოიფიქრე. გითხარი, სისულელეა-მეთქი, შენ კი ამტკიცებდი, არაფერიც, მშვენიერი იქნებაო. ჰოდა, დაგიმტკიცე, რომ სისულელე იყო.
-გუშინ საღამოს ნასვამი ვიყავი და საერთოდ აღარ მახსოვს, რას ვლაპარაკობდი.
მე კიდევ ერთი კონიაკი შევუკვეთე და გამახსენდა, როგორ თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი ჯიპისკენ, ესთერს მშობიარობა რომ დაეწყო. მერე კი ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ცუდ მოთხრობაში: ჯერ მანქანის ძრავა გაფუჭდა, კაპოტი ავწიე და აღმოჩნდა, რომ კონტაქტები დასველებულიყო. მანქანა ხომ ზღვასთან ახლოს მეყენა. ასანთი ავანთე და იმით გავაშრე. ცოტათი პლასტმასიც შეიტრუსა. ბოლოს მაინც მოვახერხე ბებიაქალთან წასვლა. შინ არ დამხვდა. სახლში საერთოდ არავინ იყო, ის მაინც რომ ეთქვა, სად მეძებნა. დიდხანს ვაბრახუნე დაკეტილ კარზე, მაგრამ არავინ გამომხედა. მერე ისევ მანქანაში ჩავჯექი და იმ გოგოსთან წავედი, რადგან გამახსენდა, რომ სამედიცინოს სტუდენტი იყო. ის აღარ გამხსენებია, რომ ოთხი თვე ესთერის გარეშე გავატარე. კარი რომ გამიღო და დავინახე – ნამძინარევი და თბილი – გონება დამიბნელდა.
ჩემთან რომ მივედით, უკვე ყველაფრისთვის გვიანი იყო. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ ზუსტად ვიცი: ასე იმიტომ მოხდა, რომ ძალიან მიყვარდა ესთერი და არ მინდოდა, მისთვის მეღალატა. და კიდევ იმიტომ, რომ ის ბიჭი გავიცანი – ჩვენ ხომ ქალს ყოველთვის სხვა კაცის თვალებით ვხედავთ; მხოლოდ მისი თვალებით. ესთერიც ხომ მაშინ დავინახე, როცა დარბაზის შუაგულში იდგა და იქ მყოფი ასიოდე კაციდან ყველა მას უყურებდა.
ბოლოს ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც დაიწყო – ასეც უნდა იყოს. დასასრული ყოველთვის დასაწყისის მსგავსია. ყველაფერი, რაც ორ ადამიანს შორის ხდება მათთვის განსაზღვრულ დროში, ტკივილით იწყება და ტკივილით მთავრდება. იმ ტანჯვას, რომელიც დედის ტკივილით იწყება და სამოცი წლის შემდეგ მომაკვდავი შვილის ტკივილით მთავრდება, სიყვარულს ეძახიან. შესაძლოა, ასეც უნდა იყოს. ოღონდ დღეს ტკივილის გარეშე კვდებიან და შეიძლება ოდესმე მშობიარობაც ტკივილის გარეშე მიმდინარეობდეს და უმანკოებასაც ტკივილის გარეშე კარგავდნენ.
-სხვა უკვე ყველაფერი უინტერესო იქნებოდა, – ვთქვი მე.
-რატომ არ გჯერა ჩემი?
-ცოტაც დამაცადე. ცოტა მეტს დავლევ და შეიძლება მერე დაგიჯერო. გუშინ ხომ დაგიჯერე იმ ბებრუხანას ამბავი.
-ახლაც მოგწონს ეს ამბავი?
-არა, – ვთქვი მე. – ბოლოს რაღაც უნდა ეთქვა. არა, განა სიცოცხლეზე ან სიკვდილზე – რაღაც ძალიან უმნიშვნელო, რაც მისთვის იმ წუთში გახდა მნიშვნელოვანი.
-მოიფიქრე უკვე?
-არა. აღარ მაინტერესებს.
მერე კიდევ ერთი კონიაკი შევუკვეთე და იმ სანახაობაზე დავფიქრდი, შინ შესულებს თვალწინ რომ გადაგვეშალა. სამი დღის შემდეგ იქიდან წავედი, საბედნიეროდ, ის გოგო გზატკეცილზე აღარ მდგარა. იქ, საიდანაც ადრე მიმყავდა ხოლმე. საბედნიეროდ, არც ის დამინახავს, როგორ უჯდებოდა მანქანაში სხვა კაცს, რომელმაც ჩემ მაგივრად გაუჩერა.
მე აღარასოდეს ვყოფილვარ არც მასთან, არც იმ სახლში, სადაც ესთერი და ბავშვი მოვკალი. მხოლოდ ერთადერთხელ გავიარე იქით – წვიმების სეზონი იყო. მანქანაში მარტო ვიყავი, უდაბნოსკენ კი არა, საპირისპირო მიმართულებით მივდიოდი და იმ სახლს ჩავუარე. წვიმდა. მანქანით უმიზნოდ მივუყვებოდი გზას და ვფიქრობდი, როგორ დამეფარა იმ კაფეს ვალი, რომელშიც ახლა ვზივარ და მთელი ამბიდან ეს ყველაზე მეტად მომწონდა.
-კიდევ ერთი კონიაკი, – ვთქვი მე.
-ძალიან სწრაფად სვამ.
-მთელი ღამე აქ ხომ არ ვიჯდები?
-მაინც არ გძინავს და არ გირჩევნია, ჩემთან იჯდე?
-კარგი. ვიჯდები. მითქვამს შენთვის, რომ მწვანე თვალები და ტკბილი ტუჩები გაქვს?
-ნასვამი ხარ.
-მით უკეთესი შენთვის. მთელი ღამე გიმეორებ.
-მაგრამ დაჯერებით მაინც არ დამიჯერებ.
-არ ვიცი. შეიძლება მიყვარხარ კიდეც.
-ხვალ უკვე აღარ გემახსოვრება.
-არ არის გამორიცხული, რომ აღარ მახსოვდეს. იმ ბებრუხანას ამბავიც ხომ დამავიწყდა. მე ყველაფერი მავიწყდება.
-იმიტომ, რომ ბევრს სვამ.
-არა. ვსვამ იმიტომ, რომ არ მინდა, მახსოვდეს. მართლა არ მითქვამს შენთვის, იმ კაცს ბოლოს რა უნდა ეთქვა?
-არა. გუშინაც ნასვამი იყავი. მხოლოდ ის თქვი, რომ ეს კიბეზე უნდა მომხდარიყო – მე ხელი უნდა გამეწვდინა, ის კი ჩემს ხელს ჩასჭიდებოდა.
-მართლა გეუბნებოდა, კარგი ხარო?
-კი.
-მაგრამ ეს მე არ მითქვამს.
-არა. გუშინ საღამოს მხოლოდ ის მითხარი, რომ ახალი წიგნები არ გიყვარს და ისიც მითხარი, რატომ. თქვი, რომ მათში ქალები აღარაა; რომ კაცებს ქალები აღარ სჭირდებათ და რომ მთელი ახალი ლიტერატურა ნევროტული ჰომოსექსუალების ლიტერატურაა. და რომ სრულებით აღარ გაინტერესებს კახპებისა და ლოთების ტრაგედიები.
-ასეა.
-თქვი, რომ წმინდა ქალები გაკლია.
-ერთ-ერთი მათგანი სულ ჩემთანაა. ოღონდ ჩემში.
-მომიყევი ამის შესახებ.
დავიღალე და სმაც მომბეზრდა. მივხვდი, რომ ვეღარ დავთვრებოდი, ხვალინდელი დღე კი საშინელი იქნებოდა. გადავიხადე და აღმოვაჩინე, რომ კინოში შესასვლელი ფულიც დამრჩა.
-არა, ესთერ, – ვთქვი მე. – დავიღალე. მთელი დღეა, ვცდილობ, რაღაც ამბავი მოვიგონო შენზე და ბავშვზე, რომელიც შეიძლებოდა გვყოლოდა, მაგრამ არაფერი გამომდის.
© არილი