პოეზია

ალეკო ცქიტიშვილი – ციხის ელეგია და სხვა ლექსები

ციხის ელეგია, 2025 – ზვიად რატიანი

„არყოფნის ღამევ! შენსკენ მოვიწევ,

არყოფნის ღამევ! შენ დამიფარე

            ტერენტი გრანელი, „ციხის ელეგია“

ღამე არ არის გამოცალკევებული საკნიდან,

ჩემგან. სარკმლიდან ვხედავ გლდანის მთვარეს –

გეზს, ორიენტირს სიბრმავეში. დაბარბაცებენ

ღამურები გისოსებთან ახლოს და ღამის

სახეს სერავენ ფრთებით. მე ვიცი,

რა მანძილია კედლებს შორის –

ნაბიჯითაც, მტკაველითაც უკვე გავზომე.

ათასობით რწყილს და ტარაკანს

დავუმეგობრდი – ბოლთას ვცემთ ერთად

და დროს, როგორც მტერს, ფეხებს ვადგამთ,

რათა კიდევ და კიდევ მოვკლათ, გავსრისოთ.

დღევანდელი დღე ჰგავს გუშინდელს. აქ რომ არ ვიყო,

შეიძლებოდა განსხვავებების პოვნაც. კედლები

ოთხივე მხრიდან ასხივებენ ერთფეროვნებას

და როგორც ნისლი, დგას საკანში დღის უძრაობა. 

საკუთარი თავიდან გასვლას თუ შევძლებ,

ცოტა ხნით მაინც, მედიტაციით ან სიზმრებით, 

ესეც საქმეა – თამაში ეფემერული თავისუფლებით 

დროის მოკვლის ნაცადი და კარგი ხერხია, 

როგორც კროსვორდის შევსება ან ლექსის წერა, აქ 

და ახლა, როცა სიტყვა შეიძლება იქცეს წერაქვად –

გარეთ გასასვლელი გვირაბის გასათხრელად.

გლდანის მთვარე თითქოს სარკეა 

და აირეკლავს გარეთ მყოფთა ყოველდღიურ ფუსფუსს, 

რუტინას. სადღაც ახსენებენ ჩემს სახელს – 

ზვიად რატიანს. სადღაც მლოცავენ და ვგრძნობ,

შენახულია ჩემი ადგილი ყველგან, 

სადაც ახლა არა ვარ, მაგრამ ვიგულისხმები.

შენახულია ჩემი ხსოვნა მებრძოლთა შორის,

ვინც ვერაფერს ცვლის, მაგრამ იბრძვის.

შუაღამისკენ მოდის ძილი და როგორც თაგვი,

თრთის, საკნის ყველა კუთხე-კუნჭულს ცახცახით სუნავს.

ვიფარებ ქურთუკს დამატებით და გათენების

წინ სხეულით ვგრძნობ – კი არ მძინავს, არამედ ვქრები.

2025 წ. ნოემბერი-დეკემბერი

          ეგზისტენციალური კრიზისი

წვიმის წვეთების ხმას ძაღლის ყეფა ებმის.

ქუჩებს გადმოხედეს სველმა ანტენებმა.

მრუმე სინათლეა, სასაფლაოსებრი –

თითქოს მზე ამოდის, მაგრამ არ თენდება.

ასეთ პირობებში, ეგზისტენციალურ

კრიზისს უტოლდება ყოფნა და არყოფნაც

აღარ საჭიროებს რამე სპეციალურ 

ფორმას შესავსებად, რათა ავადმყოფად

ანდა გარდაცვლილად სადმე ჩავეწერო

რეგისტრატურაში, სულაც – სარკოფაგში,

სადაც გაგრძელდება დღე საბედისწერო

კვდომით და გამომხრავს შიში – ბრმა ქოფაკი.

                        2026 წ. იანვარი

რევოლუციონერები

ხალხის ზღვა, 

როგორც კოლექტიური უდაბურება,

იყო მღვრიე და თვალუწვდენელი

და ერთმანეთის სინათლეში

მივდიოდით ხელის ცეცებით.

ვიღაცამ გვისურვა ზურგის ქარი,

რადგან რედუცირებული ფრთების ადგილას

ზურგები გვექავებოდა. 

ციდან რამდენჯერმე მოვიდა ხავსი 

და ქუჩებშიც იდო, მუხლებამდე,

ზოგან – ირიბად, ზოგან – ალმაცერად.

ამ დროს მითხარით: „აი, ეს არის ჩვენი ბრძოლა!“

მე კი ვიკითხე:

„რატომ შევჭამოთ ერთმანეთი,

თუკი ქვეყანა სირებს დარჩებათ?!“

ჩვენი სიბრმავე გვეხმარებოდა დაგვენახა

მუქი დღეების ყოვლისშემძლე უბრალოება

და არავის საფლავში ჩაყოლას არ ვაპირებდით,

რადგან ყველგან იდგა შემაწუხებელი წარსული ცელით

და ნაფტალინის სუნი 

და იქვე იწვნენ

მუმიფიცირებული ძმები, მგოსნები, 

რომლებსაც პირი დუმილის ოქროთი ჰქონდათ გამოტენილი.

„ჩვენი ბრძოლა იქნება დაუნდობელი

და ჩვენ მოვიყვანთ ახალ დროებას, 

სადაც იბატონებს არა ბოროტება, არა სიკეთე, არამედ რაღაც სხვა…

ჩვენთან არს ღმერთი!“ – ასე ამბობდით

და მე ვიკითხე:

„შეიძლება თუ არა ქრისტეს მხედარი ცხოვრობდეს დიდ დიღომში?..“

გამოცდილება გვკარნახობდა, ვყოფილიყავით გამოუცდელნი

და ხელში გვეჭირა რევოლუციის დროშა – უმანკო,

როგორც პირველი კოცნა

და მივდიოდით ერთმანეთის სინათლეში 

ფეხაკრეფით, ნელა, ჩურჩულით, 

თითქოს ყველას ერთად გვეძინა

და გვეშინოდა ჩვენი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების.

„გამარჯვება ჩვენია!“ – ასე ვიძახდით

და მაღლა ვწევდით მუშტებს,

როგორც სადღესასწაულო ბუშტებს, 

მაგრამ ეს იყო ჩვენი რწმენა

და მე გამოვხატე შეშფოთება,

როცა ვიკითხე:

„ხალხმა რა ჭამოს? სამართალი?!“

ასფალტი იყო სისხლიანი და 

პრიალა ჟურნალის ფურცელივით სლიპინა, 

რომელზეც რობოკოპები დასრიალებდნენ.

ერთდროულად მოგვცელა

მათი ოფლის ნოტიო სუნმა და მხუთავმა აირმა,

მაგრამ ავდექით 

და ბარიკადები, როგორც ჯვარი,

ზურგით ვატარეთ.

ბევრი ვიარეთ. წლები გავიდა.

თქვენ ამბობდით: „ბრძოლა ბოლომდე!“

მაგრამ ვერაფერი ვასწავლეთ ცხოვრებას

და მე ვიკითხე: „ახლა საით… საით, უფალო?“

2026 წ. მარტი

სიზმრის ლაბირინთში

სიზმრის ლაბირინთებს (ზოგან – დაკეტილებს)

ერთგან გამოეყო ლანდი და კიტელი

მხრებზე შემოიცვა უცებ და კედელზე

დართი შეამოწმა, ნახა, რომ ისარი

ოდნავ გადახრილად ესო ერთიანში,

მერე ცალკე დადგა ბართან – კომისარი,

ღვინო ჩამოუსხა რეზო გეთიაშვილს

(მგონი – გრაფინიდან), მაგრამ შეღებილი

რით ან რა ღვინოა, სულაც – ხომ ისმება

ახალ დროებაში, სადაც შეღერებულ

კაცთა წყება მოდის ყვითელ კომისრებად

და მე ვეუბნები, რომ გზა დაეკარგათ, 

აქეთ სიზმრებია სულ სხვა გარეწრების,

ჩამოფარებული არის რაღაც ფარდა

და რომ გაიხსნება, თვითონ დავესწრები

უხმო კინოსეანსს მოკლე სუბტიტრებით,

რომლის აფიშაზე საკონცენტრაციო

ბანაკს გადაჰყურებს შნაპსით გატრეტილი

ადოლფ ეიხმანი (ესეც, ჰორაციო,

დღესაც კიდევ ხდება, ფილოსოფოსების

ხვრინვის გვერდის ავლით) და გაორებული 

მოჩანს სათვალიდან, როგორც ოფისები,

განყოფილებები კრემატორიუმის,

თან ცოტა ხნის მერე ვხედავ, მაგიდაზე

პირქვე დამხობილა და თავს არ წევს ზევით,

უცებ წამოხტება და ნაგანით დახვრეტს

ჩონჩხად გადაქცეულ ვინმე სატერზვეიტს,

რათა დაასრულოს სიზმრის ლაბირინთის

საგა (ყველაფერი წავა გაქრობისკენ),

ბოლოს გამოჩნდება სადღაც, როგორც ბინდი,

მისტიფიკაცია – ნანა აკობიძე.

2025 წ. დეკემბერი – 2026 წ. იანვარი

წამი

ცოტნეს

ცისკარი როცა შეუტევს შიშებს,

გული საგულეს როცა ჩადგება,

გაღვიძებისას, ხელს თუ გამიშვებ,

სიზმრის ეს წამი არ შეჩერდება,

რადგან წამია – დანაწევრებულ

დროში მოძრავი და წარმავალი,

უსახო წამთა დანარჩენ კრებულს

არ ჰგავს არაფრით და წამალივით

გვაცოცხლებს, გვკურნავს. 

ხელს ნუ გამიშვებ!

იგრძენი, როგორ თანდათანობით

მიერეკება გულიდან შიშებს

კეთილი მწყემსი და თან თენდება…

მაგრამ შენ შიშობ, უკვე გვიანიც

არის ამ წამის დამახსოვრება,

გარდაუვალი იქნება მაინც

შენი გაქრობა და განშორება.

მე კი დავრჩები, სიზმრის კარიდან

გავხედავ სივრცეს – სიცარიელეს,

დავწვები სადმე, რადგან მკვდარი ვარ,

ხანდახან გულზეც დავიწყობ ხელებს.

                        2026 წ. თებერვალი

ჩრდილით გზაზე

გუშინდელი დღის ჩონჩხი

დამხვდა კართან.

გადავაბიჯე.

წარსულით,

როგორც მძიმე ტვირთით,

გავედი გზაზე.

წელში მოხრილი ჩემი ჩრდილით

შეშინებულმა გზამ

გზა დამითმო.

ახლა სიარული უნდა ვისწავლო,

როგორც მოხუცმა,

რომელიც დემენციით დაბრუნდა ბავშვობაში.

ბავშვობა, როგორც გამოსავალი,

სადღაც წინ არის – 

შევალ და გამოვალ,

მაგრამ ასეთი გვირაბები

(საევაკუაციო) 

ჩემთვის ახლა დაკეტილია.

გუშინდელი დღის ჩონჩხი

დარჩა კართან.

მე ჩრდილს მივყვები. 

2025-26 წწ.

კვებითი ჯაჭვი

ვემშვიდობებით ზამთარს,

რომელმაც შეგვჭამა

და დანაწევრებულები

ვეყარეთ მის სტომაქში,

ვიდრე გაზაფხულმა არ შეგვაერთა

და გვითხრა: გამოდით!

ძნელია ფეხზე დადგომა

იძულებითი უმოძრაობის შემდეგ,

როცა მიწით ხარ ამოვსებული,

როგორც საფლავი,

მაგრამ სხეულზე,

ყოვლისმომცველი ბუნების ძალით

ყოჩივარდები ამოდიან.

ვემშვიდობებით ზამთარს – 

პედანტ კანიბალს,

ძვლებამდე რომ გვატანდა გემოს

და სინდისის ცრემლიც არ სდიოდა,

ნიანგივით, როცა გვხრავდა

და გვახრამუნებდა.

ხრამუნის ხმა კი ახლაც გვესმის

მაგრამ ახლა

გაზაფხული გამოსცემს ამ ხმას – 

ჭია-ღუებმა გაიღვიძეს 

და გვითხრეს, რომ დრო აღარ ითმენს,

აღდგომამდე უნდა მოასწრონ, 

ნაწილ-ნაწილ დაგვაქუცმაცონ.

აღდგომა ჩვენი ბოლო იმედია, 

რომ ერთხელაც 

ყველა ჩვენი სიკვდილი დაიშლება

და აღარავინ იქნება საკვები:

არც მიწისთვის,

არც დროისთვის,

არც ერთმანეთისთვის.

                    2026 წ.

თავის მკვლელის ეპიტაფია

მე ვითამაშე საკუთარ თავთან

ჭადრაკი – სრული ერთი პარტია.

ყოფნა-არყოფნის როქით დამთავრდა

თამაში. თავმა არ მაპატია

ბოლო სვლა, რასაც მოჰყვა შამათი,

შეხლა-შემოხლა, შფოთვა, კამათი,

ჭადრაკის დაფის აყირავება

და თავის მკვლელად დაქირავება.

2026 წ.

© არილი

Facebook Comments Box