ესე,  კრიტიკა

გიორგი ჯამბურია – ლანდშაფტი სიკვდილის მიღმა – ჰაინერ მიულერის „ნახატის აღწერის“ შესახებ

რთულია თანამედროვე თეატრის წარმოდგენა ჰაინერ მიულერის გარეშე; მე-20 საუკუნეში, ბრეხტის შემდეგ, ალბათ მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი გერმანელი დრამატურგის, რომელმაც ენობრივი და ფორმალური ძიებებით ააფეთქა, დაშალა და განაახლა დრამის ის, ერთი შეხედვით, უდრეკი სტრუქტურა, ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში რომ იშვა და თითქმის 2500 წლის განმავლობაში რომ განსაზღვრავდა ევროპული თეატრის სახეს. მიულერი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან თეატრალურ მოღვაწეთაგან, რომელთაც გასული საუკუნის 60-70 წლებში საფუძველი ჩაუყარეს თეატრის განვითარების სრულიად ახალ ვექტორს, უკვე მიულერის სიკვდილის შემდეგ, დიდმა გერმანელმა თეატრმცოდნემ და ფილოსოფოსმა ჰანს-ტის ლემანმა პოსტდრამატული თეატრი რომ უწოდა.

პიესების წერა მიულერმა ბერტოლდ ბრეხტის ეპიკური თეატრის იდეების გავლენით დაიწყო, თუმცა მალევე გასცდა მათ – „ბრეხტს დაეყრდნო, ისე რომ ბრეხტი არ გააკრიტიკო, ბრეხტის ღალატს ნიშნავს.“  მიულერი საკუთარ ინდივიდუალურ ხმას მაშინ მიაგნებს, როდესაც დრამის კლასიკურ ჩარჩოს უარყოფს, უარს იტყვის სიუჟეტზე, მკაფიოდ გამოკვეთილ პერსონაჟებზე, ფსიქოლოგიურ კონფლიქტებზე და შექმნის ტექსტებს, რომლებიც თეატრალურ პიესებზე მეტად ნანგრევებიან ლანდშაფტებს წააგავს. ისტორიის ხმები თუ ექოები, ძველი თუ ახალი მითები, პოლიტიკური კატასტროფები და პირადი ობსესიები ერთმანეთში ირევა და იხლართება. მიულერის თეატრი ამბებს არ მოგვითხრობს, ის მოულოდნელი ხერხებით ცდილობს ჩვენი აზროვნება და ფანტაზია გააქტიუროს და შექმნას „ხელოვნება, რომლის მთავარი ფუნქციაც რეალობის შეუძლებლად ქცევაა.“

1929 წელს საქსონიის ერთ პატარა ქალაქში დაბადებულმა მიულერმა, ნაციონალ-სოციალისტური გერმანია, მეორე მსოფლიო ომი და შემდეგ გდრ-ის სოციალისტური დიქტატურა გამოიარა, სიცოცხლის ბოლო წლებში კი გაერთიანებული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასაც მოესწრო. რთული და წინააღმდეგობრივი ბედისწერის კაცი იყო. გდრ-ში ახალგაზრდობაში დისიდენტად მიიჩნეოდა, მწერალთა კავშირიდან პირველივე პიესის გამოქვეყნებისთანავე გარიცხეს, მისი ნაწარმოებების უმრავლესობას სახელმწიფო ცენზურა პრემიერამდე კრძალავდა ხოლმე და იგი მაინც ბოლომდე გდრ-ის ერთგული დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესაძლებლობა მრავალჯერ მიეცა, აღმოსავლეთ გერმანიიდან არც ერთხელ არ გაქცეულა და არც ერთ დასავლურ დემოკრატიაში გადაცხოვრება არ უფიქრია. კომუნისტური პარტიის პოლიტიკას მუდამ მწარედ დასცინოდა, თუმცა სოციალიზმის იდეებს განუხრელად იცავდა ხოლმე. დიქტატურაში ცხოვრებასაც მშვიდად, რადიკალურად მოაზროვნე ხელოვანის პერსპექტივიდან უყურებდა: „მე მჭირდება დიქტატურის ზეწოლა, რათა კიბოს დრამატურგია ვწერო, რომელიმე დემოკრატიაში ცხოვრებისას ალბათ მხოლოდ საქათმის ტექსტებს თუ დავწერდი.“  მიულერმა გდრ-ში აღიარებისა და პრესტიჟის მოპოვება ისე მოახერხა, რომ არანაირ მნიშვნელოვან მორალურ ან ესთეტიკურ კომპრომისზე არ წასულა და 80-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიის თეატრისა და კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ ფიგურად იქცა.

მიულერის დრამატურგიას ახასიათებს მუდმივი წყვეტები, ფრაგმენტულობა, აზრის უკიდურესი კონდენსაცია. დრამატულ პერსონაჟებსა და სიუჟეტის თხრობაზე უარის თქმასთან ერთად ის უფრო და უფრო მეტად ქმნის რადიკალურ და უკომპრომისო ენას, რომელიც ახსნა-განმარტებების მაგივრად მოულოდნელ სახე-ხატებსა და იდუმალ სურათებს გვაწვდის. „თეატრი ერთ-ერთი უკანასკნელი ინსტრუმენტია, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს ხელთაა და რომლის მეშვეობითაც ისევ და ისევ შესაძლებელია შეიქმნას თავისუფალი სივრცე ფანტაზიისთვის, მათ შორის სოციალური ფანტაზიისთვისაც. თეატრი წინააღმდეგობის კერაა იმ მორევისადმი, ტექნოლოგიური მედია რომ წარმოქმნის. მედია, რომელიც ადამიანის წარმოსახვის შეზღუდვას ან მოკვლას ცდილობს იმით, რომ გამოსახულებებს კლიშეებად აქცევს და თავად მაყურებელს კი აზროვნებისა და ფანტაზიის შრომისაგან ათავისუფლებს…“

მიულერის ტექსტები ხშირად არქეოლოგიურ ფენებს ჰგავს: თითქოს ყოველი ფრაზის ქვეშ კიდევ ერთი წინადადება იმალება, ყოველი სცენის ქვეშ – კიდევ ერთი ამბავი. მკითხველს თავს მოჩვენებები დასტრიალებენ, თვალებში უცნობი ციტატები ეფეთებიან, ყურში შორეული ექოები ჩაესმის. მეტაფორები და ალეგორიები ხშირად ზედმეტად ჩახლართულია, ზედმეტად ინტელექტუალური. ეს არის პიესები, რომლებიც მკითხველს – და, პირველ ყოვლისა, მაინც თეატრს, ჯიბრში უდგება, ებრძვის, აიძულებს, რომ გარდაიქმნას და განახლდეს:
„მე არ მწამს თეატრისა და ლიტერატურის ჰარმონიული თანაარსებობის. თუკი საერთოდ რაიმე მწამს, მე მწამს კონფლიქტი. საჭიროა კონფლიქტი ლიტერატურასა და თეატრს შორის, ლიტერატურამ თეატრს განვითარება უნდა აიძულოს და პირიქით.“

მიუხედავად იმისა, რომ მიულერის შემოქმედებაში ადრეული პიესების შემდეგ დიალოგებს თითქმის ვეღარ მიაგნებთ, თავად ის თეატრის დიალოგურ სტრუქტურასა და ფუნქციას მუდამ ხაზს უსვამს: „როგორი ფორმაც არ უნდა ჰქონდეს, თეატრი მაინც დიალოგია, დიალოგი ცოცხლებსა და მკვდრებს შორის… რადგან შეცდომაა, რომ მკვდრები ვითომცდა დაიხოცნენ… და ეს დიალოგი არ უნდა შეწყდეს, იქამდე მაინც, ვიდრე მკვდრები იმ მომავალს არ დაგვიბრუნებენ, მათთან ერთად რომ დასაფლავდა.“

ჰაინერ მიულერის პოსტდრამატული შემოქმედების ერთგვარი მწვერვალია 1984 წელს გამოქვეყნებული პიესა: „ნახატის აღწერა“. შესაძლოა, ეს მისი ყველაზე რადიკალური მცდელობა იყოს – დაშალოს და დაანაწევროს თეატრალური ტექსტი, ისე რომ მისგან მხოლოდ ენა, მხოლოდ ჟღერადობაღა დარჩეს. ფორმალურად პიესა თითქმის მთლიანად ერთი გრძელი წინადადებისგან შედგება – უწყვეტი, აკვიატებული აღწერისგან, სადაც აღწერილი გამოსახულება თავად აღწერის პროცესში მუდმივად იცვლება. ტექსტი თითქოს ამტკიცებს, რომ ის სურათს აღწერს, მაგრამ რაც უფრო დიდხანს გრძელდება აღწერა, მით უფრო აშკარა ხდება, რომ ეს სურათი, შესაძლოა, საერთოდ არც არსებობდეს. სწორედ აქ იმალება ტექსტის ერთ-ერთი საიდუმლოც: დრამატურგი საბოლოოდ თავად სურათს კი არ აღწერს, არამედ აღწერის შეუძლებლობასა და მარცხს. არ უნდა  გამოვრიცხოთ, რომ მთელი თავისი აბსურდული თუ სიურრეალისტური საბურველის მიღმა, სწორედ ასეთი დრამატურგიის ფორმა იყოს რეალიზმის უკანასკნელი, გულწრფელი სახე თანამედროვე თეატრში.
სწორედ მიულერისეული რეალიზმის თავისებურებაა ის, რომ ტექსტი საკუთარ კონსტრუქციას მუდმივად ამხელს. ხმა გამუდმებით ეწინააღმდეგება საკუთარ თავს, მტკიცებას ასწორებს, ნათქვამი უკან მიაქვს, ცვლის პერსპექტივებს და ამით უცნაურ მოძრაობას ქმნის: ტექსტი თითქოს განუწყვეტლივ ცდილობს რეალობის შექმნას და, ამავე დროს, ანადგურებს როგორც ამ რეალობას, ისევე მისი შექმნის ინსტრუმენტებსა და საშუალებებს. ამიტომაც რჩება „ნახატის აღწერა“ უაღრესად თანამედროვე ნაწარმოებად. ტექსტს სამყაროს ობიექტური აღწერის შესაძლებლობის აღარ სჯერა, თუმცა ძიებას მაინც ვერაფრით წყვეტს. იგი თითქოს საკუთარი შემეცნებითი აპარატის ხაფანგშია გამომწყვდეული.
მაშინ, როცა კლასიკურ, ბურჟუაზიულ თეატრს ჯერ კიდევ ჯიუტად სწამს, რომ სამყაროს ხილვადს ხდის, მიულერი „ნახატის აღწერით“ აჩვენებს, რომ თვით ხილვადობაც იდეოლოგიურადაა წარმოებული. ყოველი აღწერა ყოველთვის რომელიღაც ასპექტს ანიჭებს უპირატესობას, სხვას კი ჩაგრავს. აღმწერი წყვეტს რას გამოაჩენს და რას დაფარავს. მზერა ანაწილებს სხეულებს წინა და უკანა პლანზე,  განსაზღვრავს, ვის ან რას დავინახავთ.

შესაძლოა, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ „ნახატის აღწერის“ პოლიტიკური განზომილებაც. პიესა პოლიტიკურია არა იმიტომ, რომ პირდაპირ პოლიტიკაზე საუბრობს ან პოლიტიკურად აღქმულ გზავნილებს გასცემს, არამედ იმიტომ, რომ ის თავად მზერისა და აღქმის მექანიზმებს აყენებს ეჭვქვეშ. ჰოლოკოსტისა და სტალინიზმის შემდგომ ეპოქაში, სადაც რევოლუციური იდეები გამოფიტული ან გამქრალია, პოლიტიკა ხელოვნებაში უკვე ვეღარ გამოჩნდება, როგორც მკაფიო გზავნილი. ის უფრო აღქმის დარღვევის, გაუცხოების, ერთიანობის წყვეტისა და შინაგანი ბზარის ფორმით თუ იარსებებს.

შეიძლება ითქვას, რომ მიულერი აღწერს არა კონკრეტულ სურათს, არამედ სამყაროს კომპლექსურ, ახლებურ მდგომარეობას, რომელსაც კლასიკური დრამის ფორმები ვერ მოიხელთებს. ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს – ბუნება, ადამიანები, ძალადობა, სექსუალობა – მაგრამ აღარაფერი ერთიანდება მთლიან სურათად. ენა თითქოს მუდმივად ეძებს მნიშვნელობებს, მაგრამ ნაპოვნით ვერასოდეს კმაყოფილდება. პიესის კითხვისას თითქმის ფიზიკური შფოთვის შეგრძნება ჩნდება, ტექსტის კვალდაკვალ ნელ-ნელა საყრდენს მკითხველიც კარგავს.

და მაინც, სწორედ ამაშია ტექსტის უცნაური სილამაზეც. მიულერი აზრის დაშლას განსაკუთრებულ რიტმად აქცევს. თეატრალური ტექსტი, როგორც მუსიკალური პარტიტურა, პიესა – პირველ ყოვლისა, სპეციფიკური ჟღერადობის არქიტექტურად იქცევა. მუდმივი გამეორებები და მოდიფიკაციები ქმნის ტექსტს, რომელიც ზოგჯერ უფრო ცნობიერების შეცვლილ მდგომარეობას ჰგავს, ვიდრე თეატრალურ პიესას. თუმცა, სინამდვილეში, „ნახატის აღწერა“ აბსოლუტურად თეატრალური ტექსტია. აქ თითქოს სიუჟეტურად არაფერი ხდება. პიესაში არ არის დიალოგი, მოქმედების თუ პერსონაჟების განვითარება. და მაინც, ტექსტი თეატრის ფუნდამენტურ პირობას ასრულებს: ის ქმნის უცნაურ, ძლიერ დაძაბულობას და, რაც მთავარია, კონფლიქტს. თანაც აქ ტექსტი კონფლიქტს კი არ აღწერს ან მის შესახებ მეოთხე კედლის მიღმა კი არ გვიყვება, არამედ თავად შემოდის ჩვენთან კონფლიქტში. პიესის მთავარი თეატრალური ელემენტი უკვე არა მოქმედება, არამედ აღქმაა. სცენაზე აღარ ჩანან პერსონაჟები და მათ ნაცვლად თავად ენა, მისით და მასში წარმოქმნილი გამოსახულებები მოქმედებენ მაყურებელზე. ამით მიულერი თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ მთავარ იდეას კიდევ უფრო ამძაფრებს: სცენა აღარ არის რეალობის უბრალოდ წარმოდგენისა და რეპრეზენტაციის ადგილი, ის აღქმის კრიზისსა და გაურკვევლობასთან გამკლავების კონფლიქტურ სივრცედ იქცევა.

„ნახატის აღწერაში“ მიულერისეული, სასტიკი და სარკასტული იუმორიც გაიელვებს ხოლმე. თითქოს ხმა ჯიუტად ცდილობს ქაოსში წესრიგი იპოვოს. მაგრამ რაც უფრო ზუსტი ხდება აღწერა, რეალობაც მით უფრო მეტად იშლება და ქრება. თითქოს თავად სიზუსტე წარმოშობს დაბნეულობასა და ქაოსს. არსად არანაირი ფარული აზრი ან იმედი არ ჩანს, მაგრამ ხმა მაინც განაგრძობს და ეძებს რაღაცას „მუდმივ გამეორებაში, ნაპრალს მარადისობაში, იმ იქნებადა მხსნელ შეცდომას.

მიულერისეული დრამატურგიის ერთ-ერთი ცენტრალური მოტივი: მეოცე საუკუნის კატასტროფების შემდეგ ენას აღარ ძალუძს გაჩუმება, მიუხედავად იმისა, რომ ადრინდელი რწმენა და საფუძველი დაკარგული აქვს. „ნახატის აღწერა“ დეფორმირებული, შეცბუნებულიცნობიერების მონოლოგსჰგავს. იგი ერთდროულად მშვიდიცაა და ციებ-ცხელებიანიც, ნათელიცა და ჰალუცინაციურიც.  საბოლოოდ, ერთი მკაფიო გამოსახულების მაგივრად ხელთ მხოლოდ აღქმის ნამსხვრევები გვრჩება.

„ნახატის აღწერა“ სამყაროს ახსნას არ ცდილობს, გვტოვებს მასში ბზარების, გაურკვევლობისა და ქაოსის პირისპირ. ტექსტმა იცის, რომ საბოლოო პასუხს ვერ მიაგნებს და მაინც უშედეგოდ, მაგრამ ჯიუტად აგრძელებს გზას და სწორედ ამ უწყვეტ წინააღმდეგობაში, ამ თითქმის შეუძლებელ მოძრაობაში იბადება და ყვავის ჰაინერ მიულერის თეატრის ნამდვილი შემზარაობა და სილამაზე.

© არილი

Facebook Comments Box