• ახალი ამბები,  ესე,  კრიტიკა

    კახა თოლორდავა – აუჩქარებლობა


    არის ერთი რამ, რაც ამ ბოლო დროს ძალიან მაბრაზებს ხოლმე – როდესაც მესმის, რომ თბილისში რაღაც მხოლოდ იმიტომ უნდა გაჩნდეს, რომ ის უკვე არის ნიუ-იორკში, ლონდონში, ამსტერდამსა თუ ბეიჯინგში. რა თქმა უნდა, სისულელე იქნებოდა, საერთოდ უარი გვეთქვა სხვების გამოცდილებაზე; ბოლოს და ბოლოს, განვითარებადი ქვეყანა ვართ და ხშირად, ალბათ, საჭიროც არაა ველოსიპედის გამომგონებლის მისია ვიტვირთოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არის ისეთი საკითხები თუ პრობლემები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თბილისის შემთხვევაშია.
    ჩვენს დედაქალაქში აქეთ-იქით ყოველდღიურმა ხეტიალმა ერთ რამეში დამარწმუნა – თბილისი პარიზი არაა (ის არც ოსლოა, არც ბარსელონა და არც მსოფლიოს რომელიმე სხვა ქალაქი), შესაბამისად, და აქედან გამომდინარე, გეტყვით, რომ მტკვრის სანაპირო არაა სენის სანაპირო და ის, რაც სენის სანაპიროს შეიძლება მოუხდეს, სულაც არაა აუცილებელი, მტკვრის სანაპირომაც მოიხდინოს. მაშასადამე, თბილისს და მოცემულ შემთხვევაში – მტკვრის სანაპიროს, ‘თბილისური” და არა ‘პარიზული” მიდგომა ესაჭიროება.
    ერთადერთი, რაც თბილისს ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებთან აკავშირებს, ისაა, რომ მის ქუჩებსაც ძალიან, ძალიან უხდება წიგნები და წიგნებში ცხვირჩარგული ადამიანები… და კიდევ უფრო მოიხდენდა, ჩვენ რომ არ ავჩქარებულიყავით და ‘პარიზულად” არ გადაგვეწყვიტა ‘თბილისური” საკითხი. ასეთი, უტვინო აჩქარებულობის გამო, ისედაც ჩქარი ტემპებით განვითარებადმა თბილისმა, რომელიც უკვე საკმაოდ აჩქარებულად ცხოვრობს და მომავალში ალბათ, კიდევ უფრო ააჩქარებს ცხოვრების ტემპს, დაკარგა ბალანსისათვის აუცილებელი ა უ ჩ ქ ა რ ე ბ ლ ო ბ ი ს კიდევ ერთი ელემენტი. ნებისმიერი, ვინც ქალაქებზე წერს და ცოტათი მაინც ერკვევა ფსიქოგეოგრაფიაში, დამეთანხმება ამაში. წიგნით მოვაჭრეთა თბილისის ქუჩებიდან ‘მოკვეთამ” და მტკვრის სანაპიროზე ‘გადასროლამ” აუჩქარებლობის სრულიად არაეფექტური კერა გააჩინა ქალაქში. ასე დაკარგა დედაქალაქის ქუჩებში წიგნების ფურცვლა-გადახედვა-ყიდვა-არყიდვამ თავისი თითქოს შეუმჩნეველი ჯადოსნური ძალა. დღეიდან თბილისში წიგნების ყიდვა-გაყიდვა სუფთა წყლის ბიზნესია და მეტი ა რ ა ფ ე რ ი.
    მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ხეტიალმა ერთ რამეში დამარწმუნა (და ამის გაცნობიერებისათვის საკმაო ხანი დამჭირდა), – ესა თუ ის ქალაქი მომწონს არა მარტო მისი ღირსშესანიშნაობების (თუ სხვა რამეების) გამო, არამედ უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, თუ რამდენად სწორადაა ის დაბალანსებული აჩქარებულობა-აუჩქარებლობის თვალსაზრისით. ყველაზე კარგ შემთხვევებში, ეს ელემენტები ითვალისწინებს არა მარტო ქალაქის სივრცეს, არამედ პირველ რიგში, იქაური მაცხოვრებლების (და არა ტურისტების) ტემპერამენტს და მათ მიმართებას ზოგადად ცხოვრების რიტმთან. ქართველებს, ქაოსში მაცხოვრებელ კოსმოსის მეხოტბეებს, ძალიან გვჭირდება ისეთი საცხოვრებელი სივრცე, სადაც ყველა ეს ელემენტი მეტ-ნაკლებად ეფექტურად იქნება მორგებული ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. თბილისისადმი ასეთი მიდგომა აუცილებლად გამოაცოცხლებს ქალაქის ბევრ ლამაზ, მაგრამ მოსაწყენ ქუჩას და შინაარსით დატვირთავს ქალაქში ხეტიალს.
    ბოლო დღეებში ბევრს საუბრობდნენ იმაზე, თუ რა კარგი საჩუქარი გაუკეთეს ქალაქის მესვეურებმა წიგნით მოვაჭრეებს ახალი სავაჭრო სივრცის მოწყობით. საჩუქარი ნამდვილად კარგია, მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს, – ის
    ა რ ა ს წ ო რ ი ა. რატომ? იმიტომ, რომ ის თბილისის ქუჩებიდან წიგნით მოვაჭრეთა რაც შეიძლება სწრაფად მოცილებას გულისხმობს, მხოლოდ ამას და სხვას არაფერს, მაშინ, როდესაც თბილისი სულ ს ხ ვ ა რამეს მოითხოვს ჩვენგან, დაფიქრებულ, მომავლისკენ მიმართულ, კ რ ე ა ტ ი უ ლ ძალისხმევას.

    © “ლიბერალი”

  • კრიტიკა

    გაგა ლომიძე – ხსოვნის იმაგინატიური ტოპოსი

    “ისტორიის მიღმა მეხსიერება და დავიწყება იმალება. მეხსიერების და დავიწყების მიღმა კი – ცხოვრება”.
    პოლ რიკიორი

    პლატონის “ფილებოსში” ვკითხულობთ: “მეხსიერება რომ არ არსებობდეს, ადამიანს საკუთარი სიამოვნებანიც კი აღარ ემახსოვრებოდა”. პოეზია რომ უდავოდ უკავშირდება მეხსიერების გაგებას, ამაზე ჰესიოდეც მიუთითებს თავის “თეოგონიაში”, როდესაც მეხსიერების ქალღმერთ მნემოსინეს მუზების დედას უწოდებს.

    თუკი ამ ლოგიკას გავყვებით, პოეზიაში შეგვიძლია გამოვყოთ ორი სახის მეხსიერება: ეპიკური და ლირიკული.

    ეპიკური კოლექტიური მეხსიერებაა, როდესაც რაფსოდი ხოტბას ასხამს თავისი ტომის საგმირო საქმეებს და ცდილობს წარსულის კოლექტიური მეხსიერების სკივრიდან ამოქექოს გმირების სამაგალითო თვისებები, რომ თავისი ტომის წარმომადგენლებში სიამაყის გრძნობა აღძრას.

    ლირიკული მეხსიერება ინდივიდის მეხსიერებაა. ლირიკოსი პოეტი განამტკიცებს ინდივიდუალობის და სუბიექტურობის კონცეპტს. ის საკუთარი მეხსიერების სკივრში იქექება, რომ შექმნას საკუთარი “მე”-ს, როგორც ინდივიდის ისტორია.

    ამგვარ ინდივიდუალურ ისტორიებს ქმნის გივი ალხაზიშვილი თავის პოეზიაში, რომელიც პოლიმეტრულობით ხშირად ჯაზურ კომპოზიციას მოგვაგონებს. ლექსებში ცხადად ვხედავთ, თუ როგორ მარცვალ-მარცვალ იგება სუბიექტის მიერ დანახული სამყაროს მთლიანი სურათი მხატვრული სახეების ფრაგმენტების გაერთიანებით, იმდენად, რომ მათ შეიძლება პირობითად პიქტორიალური პოეზიაც კი ვუწოდოთ. პოეტური მეხსიერება გივი ალხაზიშვილის პოეზიის კარდინალურ მოტივად შეიძლება ჩავთვალოთ: “ჩვენ ვეღარავის დავივიწყებთ,/ დრომ დაგვივიწყა/ და აღარ გვყოფნის აღარავის დასავიწყებლად/ აწმყო, რომელიც თითქოს გვქონდა,/ თითქმის არა გვაქვს/ და უდროობის ბუნდოვანი ჟამი იწყება,/ როდესაც ხსოვნა უბრუნდება ნაცნობ ადგილებს/ და ჩვენზე ისევ საუბრობენ ძველი საგნები,/ და გადავფურცლავთ ჩვენივე თავს” (“ზღვართან”); ან “ვინ იფიქრებდა, რომ ოთახებს ვინმე ახსოვდა?!” (“მარტის ქუჩა №13”); ან თუნდაც ის, რაც ყველაზე თვალსაჩინო ხდება პოეტის, როგორც ლირიკული “მე”-ს მეტაფორაში – “დიახ, ეს მე ვარ,/ იმ დღეების ჰერბარიუმი” (“…გახსოვს, მინდორში ვიპარებოდით”).

    ნებისმიერი სუბიექტური ისტორია, გახსენება – ინტროვერსიას უკავშირდება, რომელიც, ერთი მხრივ, საკუთარი თავის და საგნების შემეცნების წინაპირობად, ხოლო მეორე მხრივ, თავდავიწყების საშუალებად იქცევა. ასეა ლექსში “დილით, ყავის სმის დროს”, რომელმაც, კონცეპტუალური თვალსაზრისით, შეიძლება ჯიმ ჯარმუშის ფილმი “ყავა და სიგარეტი” გაგვახსენოს, სადაც ეს ორი კომპონენტი – ყავა და სიგარეტი სინამდვილისგან ადამიანების დროებითი გარიდების საშუალებად იქცევა: “და ფიქრში წასვლა, ერთადერთი არის ალიბი,/ რომ აქ არ ცხოვრობ და ხანდახან ტოვებ საკუთარ/ თავსაც და ფურცელს მიუყვები მელნის სიტყვებით,/ წარსულ დროში რომ გამოჰყავდა კალამს სამკუთხას”. პოეტისთვის წარსული იმაგინატიური ტოპოსია, სადაც განხორციელებული თუ განუხორციელებელი სურვილები თუ ოცნებები პოეტური შთაგონების წყაროდ გარდაიქმნება. თვით ენა კი ასეთ დროს სამყაროს შესახებ ცოდნის საუნჯეა, რომელიც ჩვენს მეხსიერებაშია დალექილი: “…რადგან სიტყვები/ გექცა იმ ქვებად, შენს გარშემო რომ ააყორე” (“დილით, ყავის სმის დროს”), სადაც ქვები სიტყვების, მყარი მნიშვნელობების მეტაფორად იქცევა. “ჩაბრუნებული მზერა” კი იგივე მედიტაცია, ინტროვერსიაა: “და მზერა ისევ ჩაბრუნდება თავის სიღრმეში,/ რომ თავდაპირველ ბინდში დასახლდე”. მზერის ჩაბრუნება მეხსიერების წიაღში მოგზაურობას გულისხმობს, სადაც დაუნჯებულია შეგრძნებები და ეს, იმავდროულად, პირველყოფილ წიაღთან დაბრუნება, ანუ ხელახალი დაბადებაა.
    თუკი ვთანხმდებით, რომ პოეზია მეხსიერებაა, მაშინ ისიც უნდა დავუშვათ, რომ პოეზიაში მეხსიერებამ ლირიკული “მე”-ს გარდა, შეიძლება საგნების ონტოლოგიური ასპექტიც განსაზღვროს. მაგალითად, სუბიექტ-ობიექტის ტრანსპოზიციის მომსწრე ვხდებით გივი ალხაზიშვილის ერთგვარ პიქტორიალური პოეზიის ნიმუშში “შინ”, სადაც მთლიანი სურათი საგნების გამოცდილების ფრაგმენტებით იხატება და სადაც სუბიექტსა და ობიექტს შორის ზღვარი გაუქმებულია. “მტვრიან ლარნაკებს ყელმოღერილებს ხომ ახსოვთ/ მთვარე რომ ჩაჰყურებდა წყლიან თვალებში” – ვკითხულობთ ლექსში, სადაც თავდაპირველად სუბიექტი თითქოს ლარნაკებია, რომლებსაც ახსოვთ მთვარის შუქი. მერე კი აღმოჩნდება, რომ სუბიექტი, ცენტრი, განმსაზღვრელი არის მეხსიერება, რომელთან შედარებითაც ლირიკული “მე”-ს, მთხრობელის, ავტორის პოზიციაც კი მეორეულია: “და მეც იმ ხსოვნას მივმატებოდი/ შეუმჩნევლად და ფეხაკრეფით, ისე თანდათან,/ რომ მე ვერასგზით შემემჩნია/ ხსოვნა როგორ მისრუტავდა, ყოველივე როგორ მიჰქონდა”. ქმნის, ლექსის წერის პროცესზე მინიშნება და მისთვის დამახასიათებელი ქაოსი წესრიგდება ლექსის ბოლოს, როდესაც ყველაფერი თავის ადგილს იკავებს, საგნები თავის ბუნებრივ არსს უბრუნდებიან და ავტორიც, ინტროვერსიის შედეგად, თითქოს დაკარგულ “მე”-ს იბრუნებს, როცა წარმოთქვამს სიტყვას – “შინ”.
    ამგვარი მიმართება სუბიექტ-ობიექტს შორის, ერთი მხრივ, მოგვაგონებს იმ ტენდენციას, რომელიც მოდერნიზმიდან იწყება და მის ონტოლოგიურ ესთეტიკას უკავშირდება; მეორე მხრივ კი, ეხმაურება მომხმარებლობის თეორიას, სადაც საგნებსა და ადამიანებს შორის ზღვარი წაშლილია და სამომხმარებლო საზოგადოებაში საგნები მყიფე და წარმავალი ადამიანების ადგილს იკავებენ.
    ერთგვარ ეკო-პოეზიის ნიმუშში “დეპეშა”, უიტმანისეული “ბალახის ფოთლების” ამ ერთგვარ გადაძახილში, ხე ადამიანის მეტაფორად გვევლინება და კონკრეტული ტრაგედია ზოგადადამიანურ ყოფიერების ტრაგედიად გარდაიქმნება: “ცვივა ნაფოტები,/ ჩვენი ნაფოტები…/ თუმცა აღარ ვართ,/ თითქმის აღარ ვართ,/ აღარ დავრჩით./ მხოლოდ სიკვდილი თუ მოგვძებნის…”. აქ, მსოფლმხედველობრივი თვალსაზრისით, ადამიანი და გარემო, გარკვეულწილად, ერთმანეთისგან განუყოფელ მთლიანობაშია წარმოდგენილი, როგორც ერთიანი, კომპლექსური სისტემა.
    საგულისხმოა, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში გახსენება გრძნობის ხუთი ორგანოდან ერთ-ერთის საშუალებით შემოდის. საკმარისია დავასახელოთ, ერთსა და იმავე დროს, ქრისტიანული და წარმართული კონოტაციებით გაჯერებული ლექსი “პურის სუნი”: “დილას აღვიძებს პურის სუნი,/ სიცოცხლის სუნი/ და ხსოვნა წვდება ყველა მომკელს/ და კალოობა ბრუნავს სისხლში”, სადაც გახსენება ყნოსვის ორგანოს უკავშირდება, ხოლო კალოს ლეწვის სეზონური მეტაფორა მარადიულ კვდომა-აღდგომაზე მიგვანიშნებს. სხვაგან კი მოგონება სმენის საშუალებით ცოცხლდება: “ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები” (“მოხუცებულთა თავშესაფარი”).
    ზემოთ შემთხვევით არ გვიხსენებია პიქტორიალური პოეზია. გივი ალხაზიშვილის ლექსებში მეხსიერების ფენებიდან ზედაპირზე სხვადასხვა სახე ამოდის და გრძნობის ორგანოები მათ ცხადად ხილვას შესაძლებელს ხდის. ასე იკვეთება ერთიანი სურათი, ვთქვათ, ეროტიკული იმიჯებით გაჯერებულ “თუშურ პასტორალში”, სადაც თანდათანობით იშლება მკითხველის თვალწინ მონტაჟის გზით აგებული თიბვის ეპიზოდი: “ჰყვაოდა მდელო და გწვდებოდა წელამდი…/ შენ დროს იზოგავდი, თითქოსდა წელავდი…/ ერთმანეთს ვეძებდით, ვავსებდით, ვთიბავდით,/ ვაწვენდით, ვკონავდით, ვკოცნიდით, ვცელავდით”, სადაც კონტექსტი ზმნებს პოლისემიურობას ანიჭებს, ხოლო პარალელიზმების ინტენსიურობის წყალობით, მკითხველი მთხრობელის ისტორიის – მეხსიერების ნაწილი ხდება.
    შეიძლება ითქვას, გივი ალხაზიშვილის სეზონური მეტაფორები, თავისი რელიგიური ექსტატიურობით თუ ამაღლებულობით, გარკვეულწილად, პოლ კლოდელისეულ თუ ჯერარდ მენლი ჰოპკინსისეულ რელიგიურ აღმაფრენას მოგვაგონებს, სადაც სამყარო და ღმერთი იგივეობრივია. მსგავსი მაგალითი გვხვდება სხვაგანაც: “ცის ყველა წვეთი/ მხოლოდ მისი თვალებით გიმზერს,/ ვინც გულში გიზის/ და გარე-გარე ვის დაეძებ?!/ შენ კი არა, ის ცოცხლობს შენში.” (“გასეირნება მარტის ჭალაში”), სადაც იმავდროულად პანთეისტური კონტექსტიც იკვეთება, როგორც მსოფლხედვა, ან, გნებავთ, ზნეობრივი პოზიცია. სხვაგან ავტორი იმავეს მიგვანიშნებს: “რა მშვენიერია ველის ყვავილებით/ ზოგჯერ მიწა რომ ამოგხედავს” (“ფსალმუნის მოტივი”).
    თუკი ზემოთქმულს გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ მოგვეჩვენება უჩვეულოდ, რომ გივი ალხაზიშვილის პოეზიაში სამყარო/ღმერთი ამბივალენტურ ცნებებს საკუთარ თავში მოიცავს – გააჩნია როგორი რაკურსით შევხედავთ. მაგალითად, ერთ-ერთ ლექსში სიტყვები – ხელი და აყალო ასოციაციურად ერთმანეთს უკავშირდება: “და ძლივს ვარჩევდი ერთმანეთისგან/ ხელს და აყალოს” (“ეს დღე სად გაქრა?”), სადაც ეს პარალელი ღმერთის მიერ ადამიანის შექმნის ძველ ლეგენდებთან გვაგზავნის. იქნებ ამიტომაც სრულდება ლექსი “მოხუცებულთა თავშესაფარი” თითქოსდა ორაზროვანი სტრიქონებით: “მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,/ როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი/ და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს”. აქ “უძველესი ზმნა” შეიძლება წავიკითხოთ, როგორც კვდომა/ აღდგომა და, ასევე, როგორც ხსოვნა/ დავიწყება; უოლტ უიტმენის ელეგიის “აკვანი რომელიც მარად ირწევა” მსგავსად, სადაც სიკვდილი და დაბადება ტოლფასი ცნებებია. თუკი სხვაგვარად ვიტყვით და ფრაზას – “უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს” – პოეზიას დავუკავშირებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ლექსის ქმნა იმთავითვე გულისხმობს პროცესს, როდესაც საგნები დაეძებენ თავიანთ მნიშვნელობას – ზოგჯერ პირვანდელს, ზოგჯერ კი იმას, რაც მათ გაქვავებულ მნიშვნელობებად ქცევისგან დაიცავს. ბოლოს და ბოლოს, პოეზიის არსიც ხომ ეს არის.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კრიტიკა

    ნინო ტეფნაძე – მჭადიანი ბიჭის ამბავი

    რა ვქნა, აკაკიზე რამეს რომ ამბობენ, მე არც ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა მახსენდება და არც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება. პირველ რიგში ,,ცხელმჭადიანი ბიჭი” ტივტივდება გონებაში ,,ჩემი თავგადასავალიდან”, მერე _ შეძახილი: ბაში-აჩუკი! და ბოლოს _ ძეგლი პირველი გიმნაზიის წინ (თუ გახსოვთ, ხელჯოხი რომელს უჭირავს, ილიას თუ აკაკის?). თუმცა, საქმე არც ეგრეა მთლად. მამაჩემისთვის აკაკი სულ სხვა ადამიანია: კაცური კაცი, მექალთანე, ხანდახან უხამსადაც რომ ხუმრობს და ბანქოს თამაშიც რომ უყვარს.. ვიღაცებისთვის _ იგი ,,სულიკოს” ავტორია, ვიღაცებისთვის _ ილიას დამატება..
    ამას წინათ აკაკის მიერ დაწერილ ,,ინტერნაციონალს” გადავაწყდი ინტერნეტში და გამეღიმა, რა კარგად ახერხებენ ხოლმე ქართულის მასწავლებლები ყველაზე არსებითის დამალვას. ყველა, ვის ლექსებსა და მოთხრობებსაც სკოლაში გვასწავლიდნენ, იმდენად სპეტაკი, ურყევი პრინციპების მქონე და კეთილშობილი მეგონა, რომ უნებურად ვკომპლექსდებოდი ხოლმე. ვფიქრობდი, რომ ვინც შეცდომებს უშვებს, ვერასდროს გახდება ხალხისათვის მისაბაძი. მაგრამ ეგრეც არ ყოფილა. ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს, რომ აკაკის დაწერილი აქვს ლექსი, რომელიც იწყება ასე;
    ,,აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
    გაიღვიძე პროლეტარო!”
    და შეიცავს სიტყვებს:
    ,,სხვა სუყველა ტყუილია:
    ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
    ძალა არის შეერთება –
    ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..”
    როცა ადამიანს წმინდანად რაცხავენ, მის მიმართ ხალხის დამოკიდებულება მკვეთრად იცვლება. რატომღაც ეს ფაქტი (წმინდანობისა) იმდენად მნიშვნელოვანი ხდება, რომ მასთან შედარებით ყველაზე დიდი გმირობაც კი აზრს კარგავს. კარგად მახსოვს, როცა მეექვსე-მეშვიდე კლასში ილიას შესახებ რაღაც ჯგუფურ სამუშაოს ვაკეთებდით, განზრახ ვთქვი უარი, პროექტისათვის ,,ილია მართალი” დამერქმია. მინდოდა, პროექტი მის სასულიერო ცხოვრებაზე კი არა, საგანმანათლებლო მოღვაწეობაზე ყოფილიყო. ხოდა, ძალიანაც მივქარე. მაინც იმ ნამუშევარმა გაიმარჯვა, რომელსაც ,,ილია მართალი” ერქვა და რატომღაც მის პუბლიცისტურ მოღვაწეობას ეხებოდა. აკაკის შემთხვევაშიც ეგრე მოხდება, თუ წმინდანად შერაცხავენ, უმნიშვნელო გახდება მისი ხუმრობებიცა და საზოგადოებრივი მოღვაწეობაც. აკაკის ლექსების შესწავლისას ყველგან რელიგიურ სიმბოლიკას დაუწყებენ ძებნას. ჩვენ კი მასზე ცოტაოდენი კრძალვით მოგვიწევს საუბარი, გადაკრული სიტყვების გარეშე. რიდითა და მოწიწებით უნდა ვახსენოთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მასა და უბრალო ხალხს შორის ზღვარი წაშლილიყო. და რა თქმა უნდა, აღარავითარი ,,დერვიშები” და ,,სულიკოს” რემიქსები. ასეთ გამოხტომებს აუცილებლად უპასუხებენ მავანნი სიტყვებით: ეს ხომ წმიდა (!) აკაკია!
    ნუთუ ქართველობა და მართლმადიდებლობა, ეროვნულობა და რელიგიურობა იმდენად გვერევა ერთმანეთში, რომ შეგვიძლია ყველა შევრაცხოთ წმინდანად, ვისაც კი ეროვნული თვითგამორკვევის საქმეში მცირე წვლილი მაინც შეუტანია? ხომ არ შეგვერაცხა წმინდანად ფიროსმანი (ხო, რაღა მაინცდამაინც მწერლები) ან კიდევ ფარნავაზი, მერე რა, რომ წარმართი იყო.. საკითხავი ისაა, ვის რაში სჭირდება ასეთი წამოწყებები? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ:
    1. ეკლესიას ძალიან სურს ,,არამართლმადიდებელი” მსოფლიოსათვის იმის ჩვენება, რომ ჩვენს წმინდანთა დასს კვლავ ემატებიან წმინდანები.
    2. იმავე ეკლესიას ძალიან უნდა რამის ,,მოხდენა”, რათა მუდმივად აქტუალური იყოს _ ზუსტად ისევე, როგორც პოლიტიკოსები აწყობენ ხოლმე მიტინგებს ხალხისთვის თავის შესახსენებლად.
    ქართველობისა და მართლმადიდებლობის გაიგივება სახიფათოა _ანუ სახიფათო ტენდენციას უყრის საფუძველს. გამოდის, საჭიროებამ რომ მოითხოვოს, ქართველები არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ არამართლმადიდებელს სახალხო გმირად, თუნდაც იგი ჩვენი სახელმწიფოსათვის უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს დგამდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში სახელმწიფო და რელიგიური ინტერესები იდენტური ცნებები გახდება, ქართველი და მართლმადიდებელი კი _ სინონიმები. შედეგად კი მივიღებთ ირანის ტიპის სახელმწიფოს, სადაც ყველა ეროვნული მოღვაწე ავტომატურად რელიგიურ მოღვაწედაც ჩაითვლება.
    მოკლედ, აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვაზე საუბრის დაწყება ჩემთვის უსიამოვნო პრეცენდენტია.. თუმცა, ჯერ კიდევ დროა გადაწყვეტილების მიღებამდე. კანონიზაციის პრაქტიკა ასეთია: ადამიანის კანონიზაციამდე მისი საფლავი უნდა გაითხაროს და შემოწმდეს სხეულის გაუხრწნელობისა თუ მისი კეთილსურნელების დადგენის მიზნით. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ უნდა დაადგინოს გვამის კეთილსურნელება, იქნებ ამისთვის ცალკე შტატი არსებობს ჩვენს სამღვდელოებაში? კარგი იქნებოდა, თუ უბრალოდ ადამიანები (ე.წ.მრევლი) შეთანხმდებოდნენ კრიტერიუმებზე, რომელთა მიხედვითაც წარიმართებოდა კანონიზაცია, თორემ ისე გამოდის, რომ ოდესმე ყველა ცოცხალი მწერალი მიიღებს ,,საბას”, გარდაცვლილები კი _ შარავანდედს. იქნებ სჯობდეს, ჩვენი საზოგადო მოღვაწეებისათვის პატივის მიგების სხვა ფორმა მოგვეძებნა. დასაწყისისთვის კი, მათ შესახებ სიმართლე გვეღიარებინა და გაიდეალების ნაცვლად, მიგვეღო ისინი ისეთები, როგორებიც იყვნენ: ადამიანურები, მექალთანეები, ,,კარტოჟნიკები”…
    პ.ს. ხელჯოხი კი, პირველი გიმნაზიის წინ ნამდვილად აკაკის უჭირავს.

    © azrebi.ge

  • კრიტიკა

    გურამ მეგრელიშვილი – სოვდაგრების ლიტერატურა

    მწერლებს და განსაკუთრებით ქართველ მწერლებს პატრონი რომ არასოდეს ჰყოლია, ახალი ამბავი არ არის. თავის დროზე ამ თემაზე კონსტანტინე გამსახურდიაც წერდა. 1917 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში მწერალი თანამოკალმეების დაქსაქსულობაზე სწუხს და ყველას გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.
    „არა მარტო ევროპაში, ჩვენს სამშობლოშიც, საზოგადოების ყოველ ნაწილს, ხელოსნებსაც კი რაღაც ორგანიზაცია აერთიანებთ, რომელნიც ზრუნავენ იურიდიულად დაიცვან საკუთარი წევრების უფლებები და მხოლოდ ქართველი მწერალი და მისი უფლებებია ღვთის ანაბარად მიტოვებული, მისი ნაწარმოებები ხშირად ექსპლუატაციის მსხვერპლი ხდება… არავინ იცავს მწერალს უზურპაციისაგან და სახელმწიფო არ ზრუნავს ორიგინალური ნაწარმოების დაუკითხავად გადათარგმნა-გადაბეჭდვისაგან…“
    „ავტორის უფლება ყველგან ხელშეუხებელია, ამ უფლების დარღვევისათვის ბრალდებული ისევე ისჯება, როგორც ყველა სხვა ქონების მიმტაცებელი, ჩვენში კი მწერლობა და მწერლის თავმოყვარეობა აბუჩადაა აგდებული…“
    „ევროპაში, ამერიკაში, რუსეთშიც კი ჟურნალების, ალმანახების, მწერალთა ანთოლოგიის გამოცემის სათავეში თვით მწერალნი დგანან და არა თანამგრძნობნი, ან ლიტერატურული სპეკულანტები…“
    როცა ამ სიტყვებს გასული საუკუნის დასაწყისში კონსტანტინე გამსახურდია წერდა, ალბათ ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ საუკუნის შემდეგ, ქვეყანაში ამ მხრივ არაფერი შეიცვლებოდა და მწერლისა თუ უზურპატორის ურთიერთობა ისეთივე მწვავე დარჩებოდა, როგორიც მის დროს იყო.
    თუმცა საბჭოთა პერიოდში ქართველი მწერლის უფლებების დამცველ ორგანიზაციად „მწერალთა კავშირი“ ითვლებოდა, რომლის წევრობაც ისეთივე ნუმენკლატურული იყო, როგორც იმ ეპოქის სხვა დანარჩენი კავშირები თუ გაერთიანებები. დღედღეობით ყოველი ლიტერატორი საკუთარი შნოსა და გამტანიანობის იმედადაა დარჩენილი და „უზურპატორთან“ საბრძოლველად ბატონი კიხანესავით მარტოსული და უიმედოა. ვერავინ დამაჯერებს, რომ საქართველოში ვინმემ სარჩელი შეიტანოს მისი ნაწარმოების უკანონოდ (კონტრაქტის, ან სიტყვიერი შეთანხმების გარეშე) გავრცელებასთან დაკავშირებით და პროცესი მოიგოს. მაგრამ სასამართლო პროცესს განა იმიტომ ვერ მოიგებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა ამას არ ითვალისწინებს, არამედ იმიტომ, რომ, როგორც კოწია იტყოდა, „მწერალი ვერა დგას სათანადო სიმაღლეზე“.
    იმის შიშით, სხვამ არ დაგვასწროს და რომელიმე სოვდაგარ გამომცემელ-რედაქტორთან „დამეგობრებაში“ არ გადაგვეღობოსო, მწერლები ერთმანეთის ლანძღვა-გინებსასაც არ თაკილობენ და უკეთეს შემთხვევაში, ერთმანეთის ნაშრომს თვალს ისე მოურიდებლად არიდებენ, თითქოს ყურადღების ღირსადაც არ თვლიდნენ.
    როგორც წესი, ასეთი სოვდაგრები დროებით დაძმობილებულ მწერლებს ერთჯერადი ცხვირსახოცებივით მოიხმარენ ხოლმე და მერე სანაგვეზე მოისვრიან, რადგან მათთვის ლიტერატურა მხოლოდ შემოსავლის წყარო და დაუკმაყოფილებელი, ვერშემდგარი მწერლობის სხვა პიროვნებაში რეალიზების ამბიციაა. ლიტერატურა კი თავად მწერლის ამბიციას ვერ უძლებს, არამც თუ ვინმე კალკულატორს მიმჯდარი მწერლად არშემდგარი ბუღალტრისა.
    ასეთი სოვდაგარი გამომცემელ-რედაქტორები კი იმდენად ახერხებენ ლიტერატურულ წრეზე გაბატონებას, რამდენადაც ამის საშუალებას თავად მწერლები აძლევენ. აბა წარმოიდგინეთ, რომელი მწერალი გაუბედავს გამომცემელს ჰონორარზე დალაპარაკებას ან წიგნის ხარისხის დაწუნებას. ისინი ხომ ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნენი არიან, ვისაც უნდა ემადლიერებოდეს ყოველი ლიტერატურული „ონანისტი“, თავის მოწყალე თვალს სწორედ მას, ათასებიდან იმ ერთს რომ მიაპყრობს და თუკი საჭიროდ ჩათვლის, დაბეჭდავს კიდეც.
    თუ გაგიმართლა და რომელიმე ყოვლისშემძლემ შენი წიგნი გამოსცა, პრეზენტაციაზე თავად უნდა იზრუნო, საავტორო ეგზემპლარები დაივიწყო, საკუთარი წიგნების გარკვეული ნაწილი იყიდო და მთელი ტირაჟიც რომ შეიძინო, უნდა შეეგუო იმ აზრს, რომ „ოცდაათ წიგნზე მეტი არ იყიდება.“
    ხშირად ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზემოთ ხსენებულ სოვდაგრებს წიგნის გაყიდვიდან მოგება საერთოდ არ აინტერესებთ. მათი მთავარი მიზანი საკუთარი არაცნობიერი კომპლექსების დაპურებაა და სწორედ ამიტომ, ისეთ ნაწარმოებებს უნთებენ ხოლმე მწვანე შუქს, რომლის ფონზეც თვითონ, ან მათი რჩეული ავტორები მსოფლიო ნოვატორები ჩანან. ჩავატაროთ გამოკითხვა ათ ყველაზე ცნობილ გამომცემელობაში, რამდენს აქვს წაკითხული ის, რასაც გამოსცემს. სამზე მეტი თქვენი მოგება იყოს! ამ ყველაფერზე მე პირადად МАССОЛИТ-ი, იქაური მწერლები და თავმჯდომარე ლატუნსკი მახსენდება მიხეილ ბულგაკოვის რომანიდან.
    საქართველოში გამოცემული წიგნების დიდი ნაწილი რომ უპასუხისმგებლოდაა შედგენილი, ახალი ამბავი არც ეს არის. უგემოვნო და უხარისხო დიზაინის ყდებზე აღარაფერს ვამბობ. რედაქტირებულ წიგნებს მგონი მხოლოდ ორი-სამი რედაქტორ-გამომცემელი უშვებს, ანუ მწერალი-მონის ფუნქცია დარედაქტირებასთან ერთად წიგნის დიზაინის შერჩევაცაა.
    მწერალთა უმოქმედობა იქაც კარგად ჩანს, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა ვერ შეუწევიათ ჯეროვნად. ერთმანეთის გვერდით ვერ დამდგარან, როცა ამას საჭიროება მოითხოვს და ამის გამო, მწერლის, ამ სოციალურად მნიშვნელოვანი ფიგურის დანიშნულება დღითი-დღე უფასურდება.
    ქვეყანაში ძლიერი ლიტერატურული გაერთიანება რომ არსებობდეს, რომელიც თითოეული მწერლის, თითოეული ლიტერატორის უფლებებს იურიდიულად დაიცავს, ასე ადვილად „ხელწამოსაკრავი“ აღარ იქნებოდა ცალკეული მწერალი, სალონი თუ ლიტერატურული წრე. ის, რაც კავკასიურ სახლთან დაკავშირებით მოხდა, თითოეული ჩვენგანის სირცხვილია და „ამაღლებული ხმა“, რომელიც ოთხ კედელს ძლივს გასცდა, სხვა არაფერი იყო თუ არა „ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.
    ლიტერატურული სივრცე რომ არასოდეს ყოფილა თავისუფალი, ყველამ იცის, მაგრამ რაც ბოლო ოცი წლის მანძილზე ხდება, სრული მარაზმია. გარკვეული ჯგუფები იკავებენ ნიშებს, სადაც შესვლა „უცხო ელემენტებს“ არ შეუძლიათ, ხოლო თუკი ასეთი მაინც გამოჩნდა, უმალ მათ დასვრას, ლანძღვას და განქიქებას იწყებენ. გათავისუფლდა ახალი სივრცე – „ქართული პენ კლუბი“, რომელსაც რეალური შანსი აქვს გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ხელოვნურად შექმნილ ლიტერატურულ კლიმატზე და ისევ იგივე „დაჯგუფებები“, პირები და „სოვდაგრები“ ცდილობენ ეს სივრცეც შეავსონ და დაიკავონ. მწერლები კი კვლავაც სდუმან. პილატესავით ხელებს იბანენ, რადგან მიაჩნიათ, რომ „გასაკეთებელი ისეც გაკეთდება“, „მოსახდენი ისეც მოხდება“, „სივრცე ისეც შეივსება“.
    ჩემი აზრით, მიუხედავად იდეური თუ იდეოლოგიური სხვაობებისა, ახლა იმის დრო ნამდვილად არ არის მწერლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ის მძლავრი იარაღი, რაც ღმერთმა თითოეულ ჩვენგანს მისცა – სიტყვა, მიზანმიმართულად უნდა გამოიყენონ და სადაც საჭიროა, იქ უნდა დადგნენ. ფსევდოპათეთიკური მოწოდებები, თუ როგორი უნდა იყოს პროზაიკოსი და პოეტი, ათი, თხუთმეტი და ოცდაშვიდი მცნებები მათთვის და ა.შ. მხოლოდ არაფრისმთქმელი, ლირიული გადახვევაა და სხვა არაფერი. თითოეულმა მწერალმა მხოლოდ ერთი მწვავე და სიმართლისმთქმელი წერილი მაინც რომ დაწეროს საქართველოში მიმდინარე ლიტერატურულ პროცესებთან დაკავშირებით, კერძოდ კონკურსების დაბალ დონესა და ცალკეული გამომცემლობების ჰეგემონიაზე, შეცვლით თუ არაფერი შეიცვლება, მკითხველისა და საკუთარ თავის წინაშე მაინც იქნება მართალი.

    © azrebi.ge
    © netgazeti.ge