
“N8 პენიტენციური დაწესებულება, ზვიად რატიანი“ – ასე აწერია ხოლმე იმ დიდ, თეთრ კონვერტებს, ზვიად რატიანი ციხიდან რომ მიგზავნის. „ომით და მშვიდობით“ უკვე მეორე ვრცელი პუბლიკაციაა, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო პოეტმა მკაცრი რეჟიმის საპატიმროში მოამზადა „არილისთვის“. რას იტყვით, „კარგი დრო“ ხომ არ არის იმისთვის, რომ ციხის ლიტერატურა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანრი, ავაღორძინოთ და ჟურნალის მუდმივ რუბრიკადაც ვაქციოთ? მით უმეტეს, რომ ამ გამოცდილების მიღება ცოტა ხნით სხვა ავტორებსაც მოუწიათ: ზვიად კვარაცხელია, პაატა შამუგია, თორნიკე ჭელიძე, ბექა ქურხული, ზურაბ პაპიაშვილი… ბოდიშს ვიხდი, შეიძლება რომელიმე მწერალი-პატიმარი გამომრჩა კიდეც.
როგორც არ უნდა შეხედოთ საკითხს, რა პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გქონდეთ, ჯიუტი ფაქტია – თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები ახლა სწორედ ციხეში იქმნება და მისი ავტორი პოეტი ზვიად რატიანია… და ამ ამბავსაც ლიტერატურის ისტორია სწორედ ასე დაიმახსოვრებს.
ზვიად რატიანის გზავნილებს, როგორც წესი, თან ერთვის კალმით შესრულებული მისი ავტოპორტრეტები, ერთგვარი “სელფები” (ბევრმა ალბათ არც იცის, რომ ხატვა საკმაოდ კარგად გამოსდის და ადრეულ პერიოდში „არილის“ ილუსტრატორადაც კი მუშაობდა) – სიმართლე გითხრათ, ლექსებთან ერთად ყველაზე მეტად ზუსტად ამ ჩანახატების დანახვა მახარებს და მამხნევებს ხოლმე, ალბათ იმიტომ, რომ მათ ავტორთან უშუალო კომუნიკაციის ილუზიას მიქმნის. გადავწყვიტეთ ამ სევდიან ილუზიაში თქვენც გაგხვიოთ და „არილის“ ყდაზე სწორედ ზვიად რატიანის ერთ-ერთი ციხის “სელფი” გამოვსახეთ.
ლექსო დორეული
სალომე ასათიანს
I. მშვიდობის ველი
ცოცხლები არ ჩანან. წლებია,
მკვდრები ბრუნდებიან ომიდან,
ხოლო ცოცხლები არსად ჩანან. მკვდრები წვებიან
იმათ ქალებთან, მკვდრები ჭამენ მათი გობიდან,
მკვდრები იმკიან მათ დათესილს –
ჯეროვან პატივს, მედლებს, პენსიას,
ხოლო ცოცხლები არსად ჩანან. რაც უარესი
ამბები მოაქვთ ომის მტრედებს, უკეთესია
მშვიდობისათვის. ტრადიციულად
ომის ტრავმები ნაკლებ აშინებს
მკვდრად გადარჩენილს, – უფრო მისი ინფექციური
ქაოტურობა. გაწყდებოდა დროთა კავშირი –
რომ არა ომი, და ისტორია
ვეღარც იგრძნობდა განმეორების
საჭიროებას. თუ მშვიდობა გარსით მდორეა,
სიღრმით მღვრიეა და ბრუნვადი, როგორც მორევი,
და ჩაგვითრევდა, რომ არა ომი.
რომ არა საფრთხე მტრული ჩარევის.
ცოცხლების ნაცვლად ტრიბუნაზე ამაყად მდგომი
მკვდრები იღებენ მხედრულ სალამს მარშით ჩავლილი
წვევამდელების. მკვდრები კვდებიან –
ჩონჩხად ქცეული კუბოს ფიცრამდე,
ხოლო ცოცხლები არსად ჩანან. თაობებია,
რაც გადაშენდნენ ის ხალხებიც, ვისაც იცავდნენ.
II. ომის ანამნეზი
ომი ვერაგი ინფექციაა. მისგან დაცული
არაფერია, და არავინ. თუ შეგეყარა,
ჩათვალე, ვეღარც მოიშორებ. ჯარისკაცური
ფარაჯასავით ეფოთლება ტანი ქვეყანას
და ღამღამობით, გათანგული წვით და ქავილით,
ისე იხოკავს აჭრილ სხეულს, მალე პერანგიც,
ზეწარიც სისხლით იჟღინთება. როგორც მარილი,
ოფლი უშაშრავს მონაკაწრებს. ომი ვერაგი
ინფექციაა. მკურნალობის დღემდე ცნობილი
უკლებლივ ყველა მეტნაკლებად შედეგიანი
საშუალება, როგორც ძველი, პირველყოფილი
და დავიწყებას მიცემული, ისე გვიანი
ყველა მეთოდი, სავალალოდ, მუდამ გულისხმობს
გვერდით მოვლენებს და მისთანებს, როგორც მინიმუმ,
ან უარესი: ისტორიას ახსოვს ურიცხვი
უკუჩვენების მაგალითიც.
ღმერთმაც ინებოს
და განიკურნოს, და იმდენი წელიც გავიდეს,
არც ნახანძრალის დარჩეს კვალი, არც ნატყვიარის,
მოცლილი მიწა იგონებდეს ახალ ამინდებს,
მდინარეები გამჭვირვალდნენ, ხოლო ტყიანი
მასივებიდან მხოლოდ ჭიკჭიკს, სიოს მოტანილს,
და მხოლოდ შრიალს შეჰხაროდე ნედლი წიფელის,
და თუ კაკუნიც შემოგესმა – ისიც კოდალის
და არა ნორჩი პარტიზანის, არც სნაიპერის,
– არ დაიჯერო, რომ სამშობლო იქცა მშვიდობის
განა კუნძულად – კონტინენტად; მეტიც – პლანეტად;
უსაზღვრო (მეტიც – უსაზღვრებო) სივრცეს მინდობილს
არ მოგეჩვენოს, დროის რიტმიც ისე განელდა,
ვეღარც აზვირთდეს სიმფონიად, სისხლის დენა კი –
გამჭოლ მოტივად, რომლის წყვეტაც, შემობრუნებაც
მისი სუნთქვითი რეჟიმია. როგორც ვერაგი
ინფექციისთვის. ასეთია ჟანრის ბუნება.
III. საველე ექსკურსიაგაკვეთილი
იმ დროს, ბავშვებო, უამრავი წელი გვაშორებს
და ვინღა იტყვის, სად მითია, სად ისტორია.
დღეს ვერც სიმართლეს გამორიცხავ, მითში გაჟონილს,
და ვერც პირიქით. შესაძლოა, ისიც ჭორია,
თითქოს საზღვრებიც არსებობდა, ხოლო მათშორის
ნეიტრალურიც ყოფილიყო ტერიტორია
და ეს მინდორიც, ყმაწვილებო, ბიბინა ველიც
ცენტრში ლამაზად გადამხმარი ეული მუხით
იყო ასეთი. ველი იყო მაშინაც ვრცელი,
მუხა კი – ქორფა, ფოთლებით და რკოებით უხვი,
და ჩვეულებრივ ფუღუროზე მოზრდილი ხვრელიც,
ახლაც კი ძნელად გასარჩევი, იმდენად რუხი,
ზაფხულში ფოთლებს შეენიღბა, ხოლო ზამთრობით
თოვლს ამოევსო და არ ჩანდა. ათწლეულები
ენაცვლებოდა ათწლეულებს, ვიდრე ათობითს
ჩაანაცვლებდა ასობითი, მაგრამ სრულებით
ვერვინ ამჩნევდა სნაიპერის მყუდრო სათოფეს
იმ ძველი თოვლის და ფოთლების დამსახურებით,
ვიდრე ბავშვებმა (ვინც ყველგან და ადვილად ძვრებით –
ორმო იქნება თუ კენწერო; უფროსებს მოცლის
არც დრო შემოგვრჩა, არც სილაღე რაიმეს ძებნის,
და აღარც ჯანი, მითუმეტეს – ხეებზე ცოცვის)
აღმოაჩინეს ფუღუროში ლულა და ძვლები;
ობს შეეჭამა დანარჩენი, კონდახიც, ხორციც.
ხომ სიმართლეს ჰგავს ყველაფერი – იქნება მითიც.
ისიც ისევე სათუოც და სავარაუდოც.
არ გამოვრიცხავ, რიგითობას უკუღმა ვითვლით
და სიმართლესაც დასაბამი მითმა დაუდო.
მით უკეთესი. ისტორია სულდგმულობს რითიც –
შენიშვნებია, რაც მინდვრებზე ბრიყვმა დაურთო.
და ვიდრე მითის შედარებით უცნობ ვერსიას
განვიხილავდეთ – შეგვესვენა, წავიხემსებდით.
მძღოლს გადასძახეთ, ავტობუსში ცოტა ხემსია
და ცოტაც ღვინო – არ აწყენდა ტვინსაც რესეტი.
თუკი სიმართლე მშიერ კუჭზე უმჯობესია,
მითი მაძღარზე შეგვერგება, როგორც დესერტი.
(ბავშვებმა მართლაც სიმბოლურად მოწრუპეს ღვინო,
იგულისხმეს უხსოვარი წინაპრების შესანდობარი.
მასწავლებელი ცოტას კიდევ მიირთმევდა, მაგრამ ავად
მოიღრუბლა, მოშორებით კიდეც იელვა – გაკვეთილის
დასრულებაც უნდა მოესწრო; თან ქუხილიც მოუხდებოდა.)
… ყველას გსმენიათ, ყმაწვილებო, ლექსად თუ პროზად
ბალადა შეშლილ სნაიპერზე (ზოგის მტკიცებით,
შეშლილზეც არა – ნარკომანზე, რომელსაც დოზა
ვერ მოეზომა), ვინც ბრძოლის ველს გაფაციცებით
დაჰყურებდა და – ვინმესათვის თვალი მოეკრა,
მხარეს არ ქონდა მნიშვნელობა, უნდა მოეკლა.
პოეტურია? მეტისმეტად! არ არსებობდა
მისთვის გარჩევა მტერ-მოყვარის, მტყუან-მართალის,
სულერთი იყო რიგითი თუ მთავარსარდალი –
ყველა მოძრავი ობიექტი, რასაც ზემოდან
(მითის თანახმად, ფუღუროდან) მზერას აწვდენდა,
ტყვიას მითუფრო დააწევდა და მიაწვენდა.
წარმოიდგინეთ, ყმაწვილებო: მუხაც ერთგვარი
მონუმენტია, შემოქმედის უკვდავსაყოფი;
ცოცხალი ძეგლი, თქმულების და მიწის ნაყოფი.
წარმოიდგინეთ სნაიპერიც, ტოტზე შემდგარი.
რა უნდა იყოს ხმელ მუხაზე მტკიცე კვარცხლბეკი
აჩრდილისათვის?.. სად გარბიხართ?.. აქვე გაწექით!
დახურული და ღია სიტყვები
***
მუდამ გყოფნიდა საღი აზრი, ირონიით შეგეხედა
იმ წლებისთვის, როცა ბევრს წერდი
და იმ წლებისთვის, როცა ვეღარ.
რასაც შეწვდი, ჩამოკრიფე.
რაც დარჩა, მხოლოდ მიუწვდომელ სიმაღლეზე,
მიუდგომელ კენწეროებში
და ჯერ არც ისე ახლოა ზამთარი,
რათა თავისით ჩამოცვივდნენ
გამხმარები, გამოხრულები,
როცა სურვილიც არ გექნება
და რომც გქონდეს, საეჭვოა, ძალა შემოგრჩეს
წელში მოხრის, ძებნის, აკრეფის.
***
პატარა სახლი მწვანე ეზოთი
მომცრო ქალაქის სოფლურ უბანში
ბევრი ხედით და ცოტა მეზობლით –
ენაცვლებოდეს სეზონს სეზონი
ღვინის წერაში, ლექსის წრუპვაში.
კიდევ, წითელი გოგო აივნის
ხის მოაჯირზე შემოწყობილი
თბილი ფეხებით; წლები გაივლის
და არ გაგიხდეს ესეც ყოფილი.
გესტუმრებოდნენ შვილები ხშირად,
ჩამოიყვანდნენ ლამაზ მეგობრებს;
მერე და მერე – თავიანთ შვილებს.
წინასწარ ტკბები, როგორ ცელქობენ
და იზრდებიან. იზრდება აწმყოც
წარსულის ხარჯზე, მომავლის ნაცვლად,
და ვიდრე ხსოვნა საბელებს დაწყვეტს,
ვიდრე სხეული სიყვარულს გაცლის
და სულს, ხუმარა ღმერთის ბოძებულს,
ვიდრე ჩაცლი და ხელებს დაიკრეფ,
მოძებნო ძალა, და გზაც მოძებნო,
როგორმე თავი თვითონ გაიქრო.
***
მივედით. პატივი მივაგეთ გარდაცვლილს,
ვინც სიცოცხლეში არ მიგვაჩნდა იმად, რადაც ის
თავს მიიჩნევდა. არ მიგვაჩნდა არც კარგ მეგობრად,
ოღონდ არც ისეთ არამზადად, მას რომ ეგონა.
მივედით. ერთმანეთს ვუსმინეთ. წავედით.
არცერთს გვეცალა, თორემ ყელსაც ჩავიმწარებდით
ორიოდ ბოთლით. უფრო სამით. და ამ არყიდან
ცოტა მის სულსაც ერგებოდა. მაგრამ არ ღირდა.
რადგან თვითონვე მოასწრო და არ დაგვიტოვა
არცერთი კარგი მოგონება. ალბათ თვითონაც
არ მიიღებდა, რასაც სიმწრით გადაგვაჩვია.
ამდენ სიყვარულს რამდენიმე წყენა არჩია.
თუმცა თავიდან, მისი წასვლა როცა შევიტყვეთ,
შვების მაგვარიც ხომ ვიგრძენით? ვიცით, რატომაც.
რადგან წაიღო გაცილებით მეტი შეკითხვა,
ვიდრე დატოვა.
***
როცა ორივე ამოიწურა,
დახურული და ღია სიტყვები,
და სიმუნჯეში მარტო მიცურავ,
და აღარავის ძახილს მიყვები –
აღარც პასუხებს, აღარც შეკითხვებს,
აღარც საშოვარს, აღარც საყიდლებს;
ერთი სიჩუმე სადაც შეგითრევს,
მეორე იქვე ამოგაყვინთებს.
ყველა სიმართლე არის ნათქვამი.
ყველა ტყუილი. ყველა სიყლევე.
მშვიდად იცურე. აღარ გაგთქვამენ
დახურული თუ ღია სიტყვები.
***
თუ გინდა, გაბრძენდი.
გინდა – გასულელდი.
ისე კი არცერთი
არის სასურველი.
ჯობია, დადუმდე.
ჯობია, ითმინო
ყველაზე სათუთი
სიტყვები, რითმები.
თუ მაინც არ იშლი,
წერო და – უჯრაში!
არ ბეჭდო არილში,
და არც საუნჯეში.
.
ჯობია, გარისკო
გაქცევა. ჯობია,
არც მოგისაკლისონ
შვილებმა, სოფიომ.
ყოველდღე მოირგო
უხმარი ნიღაბი,
წონაშიც მოიკლო,
პარიკიც იღებო.
ბრმებს დაუნაწილო
სახელიც (გვარითურთ)
და მხოლოდ საძილე
აბები გარითმო.
.
გინდ მართლა გაბრიყვდე,
გინდ ვითომ გაბრძენდე,
გინდ ყველამ გაგრიყოს,
გინდ ნებით გაძევდე;
კაცივით იცინო,
ღმერთივით ატირდე,
გინდ კუდის ქიცინით
ეშმაკი ადიდო –
შედეგი ერთია,
სხვაობა – ნულია;
მოჩვენებითია
ცასავით, ფულივით,
.
ან კიდევ – ლექსივით,
სულივით, ხორცივით,
გინდ იყო შექსპირი,
გინდ ნიჭით მოცლილი,
ვინც მუდამ იყავი
და გინდაც დაფარო,
გაგყიდის ნიღაბიც,
გაგამხელს საფლავიც:
იქაც ის გადაგხდება,
რაც იყო აქამდე,
გინდ სახით გახევდე,
გინდ გულით გაქვავდე.
© არილი