-
-
ბირუტე იონუშკაიტე
ნაცრისფერი ქალი
ბირუტე იონუშკაიტე დაიბადა 1959 წელს პოლონეთში, ლიტველი მოსამსახურის ოჯახში. საშუალო სკოლა 1978 წელს დაამთავრა და იმავე წელს ვილნიუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ პოლონეთში დაბრუნდა და ერთ-ერთ გაზეთში დაიწყო თანამშრომლობა.
მისი პირველი მოთხრობები 1986 წელს დაიბეჭდა. არის მოთხრობების ორი კრებულისა და ორი რომანის ავტორი. მიღებული აქვს ორი ლიტერატურული პრემია.
ლიტვურიდან თარგმნა ნუცა კავსაძემ
ეს ქალი ყოველდღე მხვდებოდა. დილაობით სამსახურში მიმავალს, შესვენებაზე – ყავის დასალევად გასულსა თუ კვირა დღეს – ქალაქის ქუჩებში უსაქმოდ მოხეტიალეს.
პატარა, მოქნილი, სხარტი, წრუწუნასავით ერთიანად ნაცრისფერი იყო. ზოგჯერ მიჭირდა მისი ფილაქანისაგან გამორჩევა, ისე ერწყმოდა მის ფერს. მხრებზე ხელოვნურად დახვეული თმის ნაცრისფერი კულულები ეფინა. შუბლზე წინამო ჩამოფშეკოდა.
თავჩაღუნული დადიოდა. ალბათ ამიტომაც გადანაცრისფერებულ, უსიცოცხლო სახეზე ცხვირი, ტუჩები თუ თვალები მძიმედ დაშვებოდა. მამაკაცები გვერდს ისე უვლიდენ, ვერც კი ამჩნევდნენ. და თუ ვინმე, ფიქრებში წასული, უნებურად გაჰკრავდა მხარს, აზრადაც არ მოსდიოდა მოებოდიშებინა ან ზრდილობის გულისთვის მაინც მოეხედა უკან. დრო და დრო ავედევნებოდი ხოლმე, რომ გამეგო, ასეთი რა სჭირდა?
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალი იყო. ნორმალური სიმაღლის, მოქნილი, სწორფეხებიანი. არც ლამაზი და არც უშნო. არც ძონძებში გამოწყობილი, არც ზედმეტად გადაპრანჭული. ატარებდა მშვიდი, ნაზი ფერის ტანსაცმელს. ზაფხულში კი გაუხდელად ეცვა მოთეთრო-მონაცრისფერო ბლუზა და მუქი ლურჯი ქვედატანი. ჭრელი ტანსაცმელი, მგონი, საერთოდ არ ჰქონდა.
ერთხელაც ქალაქის ცენტრში, გაზეთების ჯიხურთან შევნიშნე, პატარა სკვერში, სადაც თავს იყრიდა ქალაქის უსაქმურთა “ბანდა”. აქ ყოველთვის ნახავდით ორ-სამ ლოთს, რომლებიც ერთმანეთს ლოშნიდნენ, მზესუმზირის ჩენჩოს გადაფურთხებაში გაწაფულ ძველ ბიჭებს, რომელთაც თავზე კეპიანი ქუდები დაეკოსებინათ; რკინის კნოპებიან ქურთუკებში გამოწყობილ, ჭუჭყიანი ჯინსის სუნით აქოთებულ პანკებს და ზომაზე მეტად დახატულ, თმაგაწეწილ გოგონებს.
ის ნაცრისფერ ბეღურასავით შემკრთალი და შეშინებული დახტოდა სკვერის მუდმივ სტუმრებს შორის. რა უნდოდა აქ? ქალაქში არც თუ დიდად სახელგანთქმულ ადგილას? გადავწყვიტე, იქვე, შორიახლო, ავტობუსის გაჩერებაზე დავმდგარიყავი და ბოლოს და ბოლოს გამეგო რაიმე ნაცრისფერ ქალზე, რომლის ყოველდღე ხილვასაც მივეჩვიე ქალაქის მღელვარე ქუჩებში.
სანამ ჩემთვის ვთხზავდი ათასნაირ ისტორიებს, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ქალის წინ ორმეტრიანი ოყრაყი აღიმართა. მაისური ცისფერ, სპორტულ შარვალში ჰქონდა ჩატანებული. გრძელი ხელები ჯიბეებში ჩაეწყო, ფართო მხრებზე დიდი ხნის შეუკრეჭავი თავი კომბოსტოსავით უქანავებდა. თვალებჩასისხლიანებული, დაკიდებული ულვაშებით ბულდოგს ჩამოჰგავდა. ის კი არ ლაპარაკობდა, თავს აქნევდა და ყეფდა… ამ… ამ… ამ. ქალი ოდნავ გახსნილი, უფერო ბაგეებით წყნარად და მშვიდად აძლევდა პასუხს.
ცნობისმოყვარეობამ მძლია. მივუახლოვდი, ცალი თვალით გაზეთების ჯიხურს ვათვალიერებდი, მეორეთი – იმ უცნაურ წყვილს, ნაცრისფერ წრუწუნასა და ლუდის ბარში გამობრუჟულ ლომს, ვუთვალთვალებდი. სიმთვრალისგან ფეხზე ძლივს იდგა, ჰაერს ეპოტინებოდა და ქანაობდა. წრუწუნა ცდილობდა, როგორმე ხელი წაევლო და ადგილიდან დაეძრა. მის ნაზ, ჰაეროვან გარეგნობაში ვედრება იხატებოდა. გოლიათი ისევ ირწეოდა, აქეთ-იქით იხრებოდა და ეწინააღმდეგებოდა. ბოლოს გაბრაზდა, ხელების ქნევას მოჰყვა და ახლა მარტო მე კი არა, მოშორებით გაჩერებაზე მდგარი მგზავრებიც კი შეაშფოთა იქიდან რუსულ ენაზე დაძრული გინების ნიაღვარმა. რუსულ ენაში ყველაზე პოპულარულ ადგილას ლანძღვა-გინებით გაგზავნილი ქალის ირგვლივ ცნობისმოყვარეებმა შეკრეს წრე: გნიასითა და ხორხოცით მოგროვდნენ პანკები, დაიძრნენ ქალაქის “უმუშევრები”, 07, 09, 08 მარკის “ჟიგულის” პატრონები, სენსაციის მოყვარული, დახატული გოგონები. “ნორმალურები” კი ქუჩაში ისე მიმოდიოდნენ, თითქოს ვერც ამჩნევდნენ და ვერც ხედავდნენ, რა ხდებოდა. მაგრამ ყველა ვერ უძლებდა ცდუნებას. ცოტა ხნით მაინც ჩერდებოდა და შესცქეროდა წყვილს, რომელიც საჯაროდ არკვევდა ურთიერთობას. მე ქალაქში ახალი ჩამოსული ვიყავი, თითქმის არავის ვიცნობდი, დიდად არც აქაურ ამბებს დაგიდევდით, სამაგიეროდ ქალაქელები იძიებდნენ ყველაფერს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ვინაობა, ბაბუის ბაბუიდან მამაჩემამდე, ძირის ძირობამდე გამოკვლეული ჰქონდათ. ახლაც ყველანი იმ წყვილს შეჰყურებდნენ. ზოგი თვალებდაჭყეტილი, ზოგი ამრეზით. ზოგიერთი კი, აშკარად მოხიბლული მამაკაცური მსუყე გინებით, ვითომც აქ არაფერიო, არხეინად მიაბიჯებდა თავის გზაზე.
ბოლოს ქალი შეტრიალდა, ერთხელ კიდევ ესროლა სევდიანი, მავედრებელი მზერა კაცს და ნელი ნაბიჯით გაშორდა. კაცმა გინება შეწყვიტა და რაღაცის ბურდღუნით უკან გაჰყვა. გამიკვირდა! თვალებს არ ვუჯერებდი. ასე დამშორდნენ: ჯერ ქალი, ნელი, მომლოდინე ნაბიჯებით, მერე ღვინით გამსკდარი ოყრაყი, რომელიც გაბრაზებული იფურთხებოდა და ნაბიჯის აჩქარებას არ აპირებდა. სულმა წამძლია და ავედევნე. მთელი ძველი უბანი გავიარეთ. საკუთარი სახლებით ჩარიგებულ ქუჩას მივადექით. ცოტა ხნის შემდეგ ქალი ქვის ორსართულიან სახლთან შეჩერდა. ოყრაყიც მიჩანჩალდა.
– მოიცა, რამუნელის, ახლავე! – უთხრა ქალმა, ეზოს კარი შეაღო და იქვე მიმაგრებულ ღილაკს თითი დააჭირა. ამ დროს კი კარებზე გადაკიდებული რამუნელისი მანამ ქანაობდა, სანამ გრძნობა არ დაკარგა და ძირს არ გაიშხლართა. უწმაწური გინების კორიანტელი დაცემის ხმამ შთანთქა. და ასე ცემენტის ბორდიურზე ჩაკეცილი, ზურგით მოღიავებულ კარს მიყრდნობილი დარჩა. სახლიდან შუა ხნის ჭაღარა ქალი გამოვიდა.
– ღმერთო, ღმერთო! – ამოთქვა ქალმა, ხელები ბეღურას ფრთებივით დაიქნია და რამუნელისის გვერდით ჩამოჯდა. ნაცრისფერი ქალიც მას მიჰყვა. ისინი ცდილობდნენ, ფეხზე წამოეყენებინათ კაცი, რომელსაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლო. როგორც იქნა, მიზანს მიაღწიეს. მაშინ უფროსმა წელზე მოხვია ხელი და მშვიდი საუბრით შინისკენ წაიყვანა. კიბეზე ასვლაში წრუწუნაც დაეხმარა, მაგრამ შინ არ შეჰყოლია. კარი გამოიხურა, სახლის უკან გავიდა და კედელში ჩამაგრებული ონკანი მოუშვა. ისე დიდხანს იბანდა ხელებს, თითქოს დაავიწყდა, რას აკეთებდა. მერე სველი ხელისგულები ისვა და ისვა სახესა და თმებზე, ბოლოს წელში გასწორდა და კარგად მოვლილ ფერად ყვავილებს შორის გაკვალულ ბილიკზე მოკლე, სხარტი ნაბიჯებით წინ და უკან სიარულს მოჰყვა. უცებ გადავწყვიტე, მივალ და ვეტყვი: “სულელო, შე სულელო, რას შვრები? ეს როგორ შეიძლება? ამ გამოლენჩებულ ლოთის გამო თავს როგორ იტანჯავ? იმიტომ, რომ შუა ქალაქში სახალხოდ გაგინოს? მერე სახლამდე რომ ათრიო და დედიკოს მზრუნველობით ჩააბარო? აუცილებლად, აუცილებლად უნდა დაველაპარაკო. უნდა დავარიგო, თვალები ავუხილო. ახალგაზრდა ქალია, ჯერ კიდევ არა უშავს რა… ის კი მოჩვენებასავით მთლად გადანაცრისფერებული დადის. გაგონილა?! აუცილებლად ვეტყვი: “ჩვენ რა, სხვანაირად ვცხოვრობთ? მიმოიხედე. ყველა მეორე ქალი ლოთის გვერდით წევს… “არა, ასე მკაცრად არა”… – “ყველა მეორე ქალი მსმელის გვერდით წევს”.. არა, არა ღირს, ორივე ერთი ოხერია… “ხო, ყველა ასეა, მაგრამ ისინი შენსავით ცხვირჩამოშვებულები არ დადიან. პირიქით, იმასაც ახერხებენ, ფეხის ფრჩხილები მოიწესრიგონ. შენ რაღა დაგემართა? რიგიანი ტანსაცმლის ყიდვა არ შეგიძლია?.. დაივარცხნე, დაიხატე, თავი მაღლა და… მიდი! კაფეშიც შეიარე, არც კინო დაიკლო და არც თეატრი. რისთვის ცხოვრობ, იმისთვის, რომ ამ ლოთს სდიო კუდში? ბარემ ბაწარში გაყავი თავი. მე შენ გეტყვი, დიდი დანაკარგი იქნება! მიმოიხედე, უკეთესის პოვნა არ შეიძლება? არა, მაინც რა ჩაიდინე, ჰა. მოაბრძანე, დედიკოს ჩააბარე და ერთგული ძაღლივით ზღურბლზე დაძრწი: “გამოუშვებს თუ არ გამოუშვებს?.. საბრალო, შე საბრალო, შენა…” ხო, იმასაც ვეტყვი… ფიქრი კარის ხმაურმა გამაწყვეტინა. მოხუცმა ქალმა კიბე ჩამოიარა, წრუწუნას მიუახლოვდა, მისი ხელები ხელისგულებში მოიმწყვდია და:
– გმადლობთ, შვილო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. – წრუწუნას პაწია ხელებს არ უშვებდა: – შენ რომ არ მყავდე, რა მეშველებოდა, – თვალებზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა. – სხვას არავის უჯერებს. არც მე, არც ლორეტას. თუმცა, ლორეტა მაინც არ წავიდოდა მის მოსაყვანად… შენ, მხოლოდ შენა ხარ ჩემი მშველელი… – მადლიერი მზერა ისევ მიაპყრო წრუწუნას.
– რას ბრძანებთ, რისთვის მიხდით მადლობას, მე რა შუაში ვარ. ნუ ტირით, – წრუწუნამ როგორც იქნა ხელები გაითავისუფლა და მოხუცს მხარზე გადაუსვა. – თუ კიდევ დაგჭირდით, დამირეკეთ, არ მოგერიდოთ, აუცილებლად მოვალ. ღმერთმა ქნას, აღარ დაგჭირდეთ.
– მადლობა ღმერთს, შვილო, რომ მაშინვე ჩაიძინა და მეზობლის აუდრიუსივით ლეწვა-მტვრევას არ მოჰყვა. გმადლობთ, გმადლობთ, ემა, – უთხრა და ხელის ზურგზე გადაუსვა ხელი. მერე შებრუნდა და სახლისკენ წავიდა.
ემამ კარი გამოიხურა და ჩემსკენ გადმოუხვია. არც გავნძრეულვარ. როგორც ვიყავი ხეს ამოფარებული, ასევე გავშეშდი. წეღანდელი ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება სადღაც გაქრა. ქალი კი ჩემს წინ იდგა და… დედაო ღვთისავ, ის სულაც არ იყო ნაცრისფერი. დიდი, ღრმა, უსაზღვროდ ლურჯი თვალები ისეთი სინაზით, სითბოთი და სიყვარულით მიმზერდნენ, რომ გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა და დავრჩი ასე ყბამოღრეცილი.
– მოხდა რაიმე? დახმარება ხომ არ გჭირდებათ? ისე შეწუხებული ჩანხართ… – ოდნავ შეატოკა ბაგეები. თვალებიდან დაძრულმა სინათლემ სახეზე თბილი ნიავივით გადამიარა. მსგავსი სხივიანი თვალები ჩემს ცხოვრებაში არ მენახა. – არ მოგერიდოთ, მითხარით თუ გიჭირთ რაიმე. იქნებ შემიძლია დახმარება.
ხმა რომ ვერ ამომაღებინა, კიდევ ერთხელ შემომანათა თავისი სხივიანი თვალები, რომელშიც სიკეთე და ღვთიური სიმტკიცე აღბეჭდოდა. მისი თბილი მზერა ჯერ სახეზე მომელამუნა, მერე მთელ სხეულზე დამიარა. ერთ წუთს კიდევ შეჩერდა, პასუხი რომ არ გავეცი, დახარა უფერო, გრძელი წამწამებით შემორკალული თვალები და გამშორდა: პატარა, კოხტა, მოქნილი, ნაცრისფერი… ცოტაც და მხედველობიდან დამეკარგა, ისე შეერწყა მასავით ნაცრისფერ ფილაქანს.
© “არილი”
-
თომას ბერნჰარდი – ქუდი
-
ნაჯიბ მაჰფუზი – შეხვედრა მის აღმატებულებასთან
-
ჯონ აპდაიკი – დამზადებულია ზეცაში
-
თომას ბერნჰარდი – ორი აღმზრდელი
-
რენატა შერელიტე – სარკის ზედაპირზე
-
უილიამ ტრევორი – მისტერ მაკნამარა
-
ტონინო გუერა – ნოველები
-
ლუი-ფერდინანდ სელინი
მოგზაურობა ღამის კიდეზე
ფრაგმენტი რომანიდან
ფრანგულიდან თარგმნა ლალი ლალიაშვილმა
ბაღის სიღრმეში, დედაბრის ქოხმახის ირგვლივ ძველი ცოცხებისა და დამტვრეული საქათმე გალიების გროვა იდგა. ეს ყველაფერი ირგვლივ აღმართული შენობების ჩრდილქვეშ მოქცეულიყო. დედაბერი თავის ბუნაგიდან არასოდეს გამოდიოდა. მისთვის საკვების მოწოდებაც კი მთელი ამბავი იყო. შინ საკუთარ შვილსაც არ უშვებდა, ეშინოდა მკვლელებისა და მძარცველების.
რძალმა ახლა სხვა საშუალება გამონახა ოჯახის ეკონომიკის გასამყარებლად და ქმარს კბილი მოუსინჯა, ურიგო არ იქნებოდა დედა სენ-ვენსენის მოწყალების დებთან მიგვებარებინა, ისინი ხომ სწორედ ასეთ უსაშველო მოხუცებს ეფოფრებიანო. ქმარი დუმდა. მთელი მისი არსება იმ შეუნელებელ გუგუნს მოეცვა, ყურში რომ ედგა. “არ მაძინებს ეს გრუხუნი”, – ჩაილაპარაკა თავისთვის. მართლაც ძილს ვერ იკარებდა, გულისყურით უსმენდა საყვირის, დაფდაფისა და ორკესტრის ხმებს… დღეცა და ღამეც ამ ყოფაში იყო. ხმაურს ვერ იშორებდა თავიდან.
თუმცა თანდათან, რამდენიმე თვეში ამ ახალ ჭირსაც შეეჩვია და სენ-უენის ბაზარსაც კი მიაკითხა ცოლთან ერთად. ეს ბაზარი ყველაზე იაფ ბაზრად ითვლებოდა იმ მიდამოებში. ცოლ-ქმარი დილიდან გადიოდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. ეს დრო იმისთვის იყო საჭირო, რომ გათვლები გაეკეთებინათ და ფასებზე მოელაპარაკათ, სცოდნოდათ, რაზე შეიძლებოდა ფულის დაზოგვა… დაღამებისას, როცა ქუჩა წყნარდებოდა, ანრუებს მძარცველებისა და მკვლელების შიში იპყრობდა. განსაკუთრებით – ქალს. კაცი კი სასოწარკვეთილი, თავის გრუხუნს უბრუნდებოდა.
– “ასე როგორ დავიძინებ! – განგებ ხმამაღლა იმეორებდა, რომ საკუთარი თავი პანიკაში ჩაეგდო. “ვერც კი წარმოიდგენ!..” – ეუბნებოდა ცოლს.
ცოლს კი არც უცდია გაეგო რას ლაპარაკობდა ქმარი და ვერც წარმოედგინა, რატომ შეიძლება ყურებმა აგრერიგად შეაწუხოს ადამიანი.
– “ეგ არაფერია! ყური დამიგდე, ჯობია დედას მივხედოთ. რამე უნდა ვიღონოთ, ხომ ხედავ, ცხოვრება დღითი დღე ძვირდება, დედაბრის შენახვა კიდევ უფრო გაჭირდება… ნამდვილი ინფექციის ბუდეა მისი საცხოვრებელი!..”
ერთადერთი სტუმარი, ანრუები რომ იღებდნენ, მოსამსახურე ქალი იყო. ქალი კვირაში სამჯერ დადიოდა მათთან. მოსამსახურე საწოლის დალაგებაშიც ეხმარებოდა ქ-ნ ანრუის და ათი წლის განმავლობაში ლეიბის ყოველ გადაბრუნებაზე, ქ-ნი ანრუი რაც შეეძლო ხმამაღლა აცხადებდა: “არასოდეს ვაჩერებთ ფულს სახლში”, იმ ანგარიშით, რომ მოსამსახურე მის სიტყვებს ყველგან და ყოველთვის გაიმეორებდა. ამით თავს იზღვევდა მოსალოდნელი გაქურდვისა და მკვლელობისაგან.
მანამ ცოლი და ქმარი თავის ოთახში ავიდოდნენ, საგულდაგულოდ კეტავდნენ ყველა გასასვლელს, თან ერთმანეთს ამოწმებდნენ. ბაღის სიღრმეში დედაბრის ქოხსაც შეავლებდნენ თვალს, ენთო თუ არა ლამფა, რაც ნიშანი იყო იმისა, რომ ცოცხალია. ის ხომ არასოდეს აქრობდა ლამფას. ზეთსაც ხომ უმოწყალოდ ხარჯავდა. მკვლელების ეშინოდა, ეშინოდა შვილებისაც. ოცი წლის მანძილზე, ზამთარი იყო თუ ზაფხული, არასოდეს გაუღია ფანჯარა და არც ლამფა ჩაუქრია.
დედაბრის მწირ პენსიას ვაჟიშვილი განაგებდა და მის შენახვას ახმარდა. საჭმელს კარებთან უტოვებდნენ. ფულს უზოგავდნენ. თითქოს არაფერი უჭირდა, მაგრამ სულ წუწუნებდა. კარებიდან ილანძღებოდა თუ მის სოროს ვინმე მიუახლოვდებოდა. “განა ჩემი ბრალია, რომ ბერდებით დედილო, – სცადა გამოლაპარაკება რძალმა, – სნეულება მოგძალებიათ, როგორც ყველა ასაკოვანს…”
– “ასაკოვანი თავი გაბია! არამზადავ! კახპავ! სწორედ შენ მდებ მაგ ბინძური ტყუილებით სამარეში!..”
დედაბერი გახელებული უარყოფდა თავის ხნოვანებას… უარყოფდა ყველაფერს, რაც მისი ქოხის მიღმა ხდებოდა. მასთან შერიგებისა თუ მიახლოების ყველა ცდა ამაო იყო. ეგონა, კარს თუ გააღებდა, ავსულები შემოეჭრებოდნენ, შეიპყრობდნენ და ბოლოს მოუღებდნენ.
– “გათახსირებულებო, – გაჰყვიროდა დედა ანრუი, – თვალები ყველგან გამოგისხიათ და პირები ჭიპამდე დაგიფხრეწიათ, რომ მხოლოდ ტყუილი როშოთ… ესეთები ხართ ყველა…”
ის ტამპლის ბაზარში ნასწავლი ენით მეტყველებდა, სადაც პატარქალობაში დედასთან ერთად ძველმანებით ვაჭრობდა. იგი იმ მდაბიოთა ფენას ეკუთვნოდა, რომელიც არ უფრთხის სიბერის მოახლოებას.
– “თუ ჩემს ფულს არ მომცემ, სამუშაოდ გავალ! გასძახოდა რძალს, – გესმის წუპაკო? სამუშაოდ გავალ!”
– “ძალა რო აღარ შეგწევთ დედილო!”
– “ვის არ შესწევს ძალა! შემოეთრიე ერთი ამ სოროში, მაშინ გიჩვენებ ყოფის ჭამას!”
და ცოლ-ქმარიც გაერიდებოდა ხოლმე მის თავშესაფარს.
ეტყობა ანრუებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ეჩვენებინათ ჩემთვის დედაბერი, და ამიტომაც მიმიწვიეს. მაგრამ იმისათვის, რომ ჩემი ვიზიტი შემდგარიყო, საჭირო შეიქნა მთელი რიგი ხრიკების მოხმობა. კარგად ისიც არ მესმოდა, რას ელოდნენ ჩემგან.
როგორც ჩანს, ბაბრის დეიდამ, კონსიერჟმა, შთააგონა მათ, რომ წყნარი, თავაზიანი, დაუზარელი ექიმი ვიყავი… ცოლ-ქმარს აინტერესებდა, შემეძლო თუ არა მოხუცის მორჯულება მხოლოდ წამლების საშუალებით… თუმცა ერჩივნათ, განსაკუთრებით კი რძალს, ერთხელ და სამუდამოდ ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში გამემწესებინა…
მთელი ნახევარი საათი ვაკაკუნეთ, ბოლოს კარი გაიღო და მოხუციც გამოჩნდა. გამხმარი, განაცრისფერებული ლოყების ზემოთ მოვარდისფრო ქუთუთოებიდან ცოცხალი თვალები მოგჩერებოდა. გაფორიაქებდა მისი შემოხედვა, ყველაფერს გავიწყებდა იმ ხალისის შეგრძნება, მისდაუნებურად რომ გამოკრთოდა თვალებიდან, და ინსტინქტურად ცდილობდი ეს შეგრძნება დიდხანს შეგრჩენოდა.
იყურებოდა და აცოცხლებდა ირგვლივ წყვდიადს ყმაწვილური ხალისით. ოდნავი, მაგრამ უტყუარი გატაცებით, რისი უნარიც ჩვენ დღეს უკვე აღარ გაგვაჩნდა. გაბზარული ხმით ილანძღებოდა, მაგრამ, როგორც კი იწყებდა ჩვეულებრივად ლაპარაკს, ხმა ეწმინდებოდა. ცოცხლდებოდნენ აზრები და ფრაზები და ისე ეწყობოდნენ, თითქოსდა ჯირითით მოჰყვებოდნენ ერთმანეთს. ახლაც ისევე გამოსდიოდა საუბრისა და სიმღერის მონაცვლეობა, როგორც იმ ხანად, როცა იმდენად ბუნებრივი იყო ასე მეტყველება, რომ ვისაც ეს ძალდაუტანებლად არ შეეძლო, ხეპრედ და შტერად ითვლებოდა.
მოხუცი ახლადამოყრილი ტოტებით შემოსულ ბებერ ხეს ჰგავდა. მხიარული იყო დედაბერი; უკმაყოფილო და ბუზღუნა, ჩაბინძურებული, მაგრამ მაინც მხიარული. ოდნავადაც არ დაეთრგუნა უპოვრობასა და სიდუხჭირეს, რომელშიც ოც წელზე მეტი იყო, ცხოვრობდა. ის კი არა, თავისი ბუნაგის მიღმა არაფერს ცნობდა, თითქოს სიცივე, სიკვდილი და ყველა უბედურება სწორედ გარედან ემუქრებოდა. აქ უშიშრად იყო, ეჭვიც არ ეპარებოდა თავის საღ გონებაში, ისე სწამდა საკუთარი თავის, როგორც რაღაც უტყუარის და სამუდამოდ გადაწყვეტილის. მე კი ამგვარი რწმენის მოპოვების ძიებაში ქვეყანა მოვირბინე.
გიჟად თვლიდნენ მოხუცს, ამის თქმა ადვილი კია, მაგრამ საბაბი მხოლოდ ის იყო, რომ თორმეტ წელიწადში სამჯერ მეტად არ გამოსულა თავისი ბუნაგიდან. ალბათ, ჰქონდა მიზეზები, მაგრამ არ აპირებდა ჩვენთვის გამხელას… არ უნდოდა რამე დაეკარგა… არ გვიმხელდა, რომ ცხოვრება აღარ ხიბლავდა.
რძალი ისევ ფსიქიატრიული ჰოსპიტალის თემას უტრიალებდა.
– “ხომ ხედავთ, ექიმო, რა შერეკილია… შეუძლებელია გარეთ გამოაგდო. თუმცა სასარგებლო კია მისთვის დრო და დრო მაინც ჩაყლაპოს ჰაერი… ახ, დედილო როგორ გარგებდა!.. უარს ნუ ამბობ… შენთვის უკეთესია, დამიჯერე!”
ჩვენ მის გარეთ გამოტყუებას ვცდილობდით, გაქსუებული და მიუკარებელი დედაბერი კი თავს ჯიუტად აქნევდა.
– “არ უყვარს, ყურადღებას რომ აქცევენ… ურჩევნია აქვე კუთხეში მოისაქმოს… იყინება და ცეცხლსაც არ ანთებს… შეუძლებელია, ექიმო, ასე ხომ არ დავტოვებთ ქალს”.
თავს ვიკატუნებდი, თითქოს არაფერი მესმოდა. ბატონი ანრუი კი ბუხართან იდგა, ჩვენგან მოშორებით, არ ერეოდა საუბარში და არც სურდა გაეგო, ჩვენ რას გადავწყვეტდით…
დედაბერი თავისას გაიძახოდა:
– “დამიბრუნეთ, რაც მეკუთვნის, რომ წავიდე აქედან!.. თავი ხომ უნდა ვირჩინო! ბოლოს და ბოლოს თქვენი სალაპარაკო აღარ ვიქნები!..”
– “როგორ იცხოვრებ, დედილო? წელიწადში სამი ათასი ფრანკი გაგწვდება? ვნახოთ!.. ცხოვრება გაძვირდა მას შემდეგ, ბოლოჯერ რომ გამოძვერით თქვენი სოროდან!.. ხომ ასეა ექიმო, ურჩევნია მოწყალების დებთან გადავიდეს, რასაც ჩვენ ვურჩევთ… კარგად მოუვლიან, კეთილშობილი ხალხია…”
ზიზღს ჰგვრიდა დედაბერს მათი ხსენება. – “მოწყალების დებთან?.. რა მინდა მოწყალების დებთან?.. ცხოვრებაში არ მქონია მათთან საქმე!.. იქნებ მღვდელსაც დამაჯახოთ!.. არ მეყოფა ფული, როგორც თქვენ ამბობთ, წავალ და ვიმუშავებ!..”
– “იმუშავებ? დედილო სად იმუშავებ? გესმის, ექიმო, რა აზრები აქვს? იმუშავებს! მის ასაკში, ოთხმოცი წლის ასაკში! რა სიგიჟეა! ვის სჭირდება ექიმო? დედილო, მთლად შეიშალე!..”
– “მაშ გიჟი ვარ და არავის ვჭირდები? სამაგიეროდ, შენნაირი კახპა ჭირდება ყველას!..”
– “გესმით, ექიმო, როგორ ბოდავს. მლანძღოს და კიდევ მე მოვუარო?”
მოხუცი ახლა მე მომადგა, როგორც ახალ საფრთხეს.
– “ამას ვიღამ მოახსენა, რომ გიჟი ვარ? ჩემს თავში ზის, თუ თქვენსაში? მაშ საიდან გაიგო?.. მომშორდით აქედან, თქვენ გეუბნებით, გზა ნახეთ!.. გულს მიღონებთ, როგორც გრძელი ზამთარი, თუმცა თქვენ ზამთარზე უარესები ხართ! მომწყდით აქედან, ჯობია შვილიკოს მიმიხედოთ, აქ რომ მიწამლავთ სისხლს. მას ჩემზე მეტად ჭირდება ექიმი! კბილებიც დასცვივდა უკვე, თუმცა, როცა ჩემს ხელში იყო, მშვენიერი კბილები ჰქონდა. გასწით, მომწყდით, რომ გეუბნებით, თქვენ თავს მიხედეთ-მეთქი”, – და კარი ცხვირწინ მოგვიჯახუნა.
დედა ანრუი ახლა თავის ბუნაგიდან გვითვალთვალებდა. ეზო გადავკვეთეთ და უკვე საკმაოდ შორს წასულებს მისი ხითხითი მოგვესმა. დაგვცინოდა. ამჯერადაც გადაგვირჩა.
უშედეგო იერიშიდან დაბრუნებულებს ბატონი ანრუი იქვე დაგვხვდა ბუხართან. მისი ცოლი ისევ გულს მიწვრილებდა ერთი და იმავე კითხვებით… პატარა თავი, ყავისფრად შეღებილი თმა და ეშმაკური გამომეტყველება ჰქონდა. ჟესტებით არ ლაპარაკობდა. ლაპარაკისას იდაყვებს ტანს არ აშორებდა. ცდილობდა ჩემი ვიზიტიდან რამე სარგებელი ენახა… ცხოვრება ძვირდება და ძვირდება… მოხუცის პენსია აღარ ყოფნით… თავადაც ასაკში შედიან… მობეზრდათ სულ იმის შიში, რომ მოხუცი უპატრონოდ არ მოკვდეს. არ ამოიბუგოს თავის რწყილიან-სიბინძურიანად… ნაცვლად იმისა, რომ რიგიან თავშესაფარში წავიდეს, სადაც მშვენივრად მოუვლიან…
თავი ისე მოვაჩვენე, თითქოს მეც ამ აზრს ვადექი და მათაც კეთილი თვალით დამიწყეს ყურება. მარწმუნებდნენ, რომ ჩემს ქებას მთელს უბანს მოსდებდნენ, თუკი შემებრალებოდნენ და შევძლებდი მომეშორებინა მათთვის მოხუცი… ეს ბეჩავი კი თავის ყოფას რატომღაც ვერ ელეოდა…
– “მერე გავაქირავებთ კიდეც ამ პავილიონს”, – გამოთქვა აზრი ანაზდად გამოცოცხლებულმა ანრუიმ. ცოლმა უტაქტობისთვის ფეხი დააბიჯა მაგიდის ქვეშ. ანრუი ვერაფერს მიხვდა.
მანამ ცოლ-ქმარი კინკლაობდა ვითომდა ჩემდა ფარულად, მე უკვე წარმოვიდგინე, როგორ ჩავიჯიბავ ათასფრანკიანს მხოლოდ იმისათვის, თუკი დედაბერს ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მიღების ცნობას მივცემ. ანრუები ხომ ამაზე ოცნებობდნენ…
როგორც ჩანს, ბაბერის დეიდამ ნდობით განაწყო ჩემს მიმართ ისინი და დაარწმუნა, რომ ჩემზე საწყალი ექიმი მთელ რანსიში არ მოიძებნება… და ჩემთან მორიგებაც ადვილია… ფლორიშონს კი როგორ შეკადრებდნენ ამას! ის ხომ პატიოსანია!
ამ ფიქრებში ვიყავი, დედაბერი რომ შემოვარდა ოთახში. საკვირველია, თითქოსდა იყნოსაო, რას ვუმზადებდით. კაბის კალთა ხელით ეჭირა. შემოვარდა თუ არა, ლანძღვა დაგვაყარა, განსაკუთრებით მე. მხოლოდ ამისთვის გამოვიდა თავის ბუნაგიდან.
– “თახსირო!” – მომახალა. – “წაეთრიე, შენ გეუბნები, მოშორდი აქედან! ძალიან გაგივიდა თავს!.. არ წავალ გიჟებთან!.. და მით უმეტეს, არც მოწყალების დებთან, უკვე გითხარი!… ჩემთან არაფერი გაგივა, იაფად მოსყიდულო!.. ჩემზე წინ ეს ვიგინდარები წავლენ, მოხუცი ქალის მძარცველები!.. და შენც, ნაძირალავ, მალე ციხეში ამოყოფ თავს!..”
ბედი არ გინდა! ერთი ხელის მოსმით შეიძლებოდა ჩამეჯიბა ათასი ფრანკი! მე კი აქ ყოფნის გასამრჯელოც არ მითხოვია!
დედაბერი ახლა ქოხის მოაჯირიდან მომძახოდა: “ნაძირალა! თახსირო!”
დიდხანს გაისმოდა სიბნელეში მისი ხმა. მაგრად გაწვიმდა! ნათურიდან ნათურამდე თითქმის სირბილით გადავედი. როგორც იქნა მივაღწიეს ფეტის მოედნის ტუალეტს. ესეც თავშესაფარია.
© ”არილი”