• პოეზია

    შოთა იათაშვილი – საძაგელი სონეტები

    გაფუჭების სონეტი

    ცუდი ფიქრებით, ცოდვიანი გულისძგერებით
    თანდათანობით ცოტა მაინც თუ არ გავფუჭდით,
    უფალი ჩვენში ვერაფრისგზით ლექსს ვერ გაფურჩქნის,
    და ვერც ქაღალდი დამშვენდება კალმის ძგერებით.

    ამიტომ არის, რომ ბუნებით ასე კეთილებს
    ღმერთმა გულ-ღვიძლში დარიშხანი შემოგვირია,
    და ზოგი უკვე დამპალია, ზოგიც ვირია,
    მაგრამ სტროფებს ჭრის შთამბეჭდავად გამოკვეთილებს.

    ღირს თუ არა ღირს? – საკითხავი აი ეს არი:
    ნაზი გალობა თუ ღორული შმაგი ღრუტუნი?
    მშვიდი ყოფა თუ სტრიქონები, მუდამ მკვნესარი?

    ვერაფერს იტყვი, ყველასა აქვს თავის რუტინა,
    და ყველამ თავის წეს-კანონით უცილობელით
    უნდა აშენოს პოეტური ჭრელი სოფელი.

    ჯართის სონეტი

    პოეტი თუ ხარ და ცხედარზე ოდნავ ჯანმრთელი,
    ერთურთისგან თუ ჯერაც არჩევ ბზას და ყაყაჩოს,
    ცოდვილ მიწაზე ნაგროვები სულის ჯართები
    სიზიფესავით მწვერვალისკენ უნდა აქაჩო.

    და გადგე განზე, რომ დაეშვას ძირს რახარუხით
    ეგ შენი ჯართი, და მეხივით თავზე დაეცეს,
    მას, ვინც უღმერთოდ ნატანჯია და გალახული
    და არც კი ძალუძს, რომ აუყვეს მაგ გზებს, დამრეცებს.

    და თუ ეს მოხდა, შეგიძლია ქიმზე ჩამოჯდე,
    ჩამოისვენო, და ელოდო, რომ კვლავ გამოჩნდეს
    თავისი ბარგით ახალი და ბრიყვი სიზიფე –

    ყოველ ნაბიჯზე რომ ისწრაფვის მაღლა და მაღლა,
    თუმც არ ქოშინებს, არ ეტყობა ოდნავი დაღლაც,
    პირიქით – ტკბება, ემატება სულის სიმწიფე.

    როტვის სონეტი

    წააგავს თუმც კი პოეტური შენი ეგ ბოდვა
    კედელზე ცერცვის შეყრას, ნაყვას წყლის ან ქვის კოდვას,
    ძილში ღრმად წასულ მაგ შენს მკითხველს მაინც მიუჯექ,
    და გწამდეს, ღმერთი სუყველაფერს ადგილს მიუჩენს:

    უხამსობასაც, ბრძნულ აზრსაც და ლამაზ ფრაზასაც,
    და სანამ როტავ, არ დაგადებს პირზე რაზასაც,
    არ მოგინათლავს არც ჯანდაბად და არც ზახრუმად
    ნათქვამს ვერლიბრად, სონეტად ან სულაც ზაუმად.

    შენს ირგვლივ ჯარი მოგროვდება, დასცემს ბანაკებს,
    მთელი დღე, მთელი წელიწადი გალაპარაკებს,
    გალაპარაკებს სიკვდილამდე გიჟზე გიჟივით,

    რომ ყური მოკრას, როგორა ჟღერს შენი ჟივჟივი,
    ან დაინახოს, უცნაური მოხვრა-მიხვრებით
    მძინარისაკენ ჩანჩქერივით როგორ იღვრები.

    გულისხეთქვის სონეტი

    თუ გინდა, ლექსით დაასრულო ეს დღე, სადაგი,
    იპოვე რამე ნივთი გულში მწარედ სატაკი:
    ბავშვობის ფოტო, ცოლის წინდა, სანთელი, ნემსი,
    ის, რაც გაგჩხვლიტავს უნებლიეთ ან თუნდაც ნებსით.

    იპოვე კოცნა, ალიყური, ლოცვა, პანღური –
    ქათმისფეხებზე მდგარი შენი ქოხი ზღაპრული,
    სადაც ზეიმობს ყოველ ინფარქტს სონეტის ჭინკა,
    და მასთან ერთად ხტუნავს წიგნი, ცოცხი თუ ჭიქა.

    სადაც იწყება როკვა სულის მაჯლაჯუნების –
    ხელნაწერების – დამწვრების და დაჭმუჭნულების –
    ამოოხვრებით, შეკითხვებით: რატომ და ვისთვის

    ეს განსხვავებულ ალფავიტთა ჩლახუნა ტვისტი?
    და მაინც დღემდე წკვარამს ანთებს ტექსტი თეთრრქება –
    ქებათა ქება ამისთანა გულისხეთქებას!

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    გაგა ნახუცრიშვილი – ლექსები

    თეთრი ცხელება

    მოჩვენებები სტოვებენ ბინას,
    სადღაც მიქრიან შავი ცხენებით,
    მარტოობისგან ვიღაცა გმინავს,
    რუხი დღეები თეთრი ცხელებით.

    ეჭვები ყოფნას ისევ წამლავენ,
    ვიღაცა კარგავს იღბალის ჩანთას,
    ტრამალს მოჰყვება ისევ ტრამალი,
    არავინ არ ჩანს, არავინ არ ჩანს.

    არ ჩანს მირაჟი… თუნდაც მირაჟი,
    რამდენიც გინდა ათვალიერე,
    ცა დაეცემა უცებ მიწაზე,
    და რჩება მაღლა სიცარიელე.

    მოჩვენებები სტოვებენ საკანს,
    იპარებიან შავი ცხენებით,
    ტყვიები ვეღარ შველიან ნაგანს,
    და სუჩემეა მხოლოდ შედეგი.

    და რჩება მხოლოდ სიჩუმის შიში,
    და შავი, შავი, შავი ცხენებით,
    რუხი დღეები გვტოვებს და მიქრის,
    რუხი დღეები თეთრი ცხენებით.

    ეს მოხდა

    კართან
    სიცოცხლე იდგა ქალივით
    და ეშინოდა სივრცეში გასვლა,
    იყო უცნობი დღე და თარიღი,
    ალბათ,
    არ ღირდა რიცხვების დათვლა,
    ტყუილს ეხურა თავზე პარიკი,
    რადგან
    რცხვენოდა ეარა ქაჩლად
    და გაქრა ყველა გათვლა, განრიგი,
    ეს მოხდა მართლა…

    კრიზისი

    ქალი ხალათში, ნივთებს ალაგებს,
    ის თურმე წუხელ დასტოვა ქმარმა,
    არ დაუტოვა თანაც ბარათი,
    რადგან სიტყვების არასდროს სწამდა.

    ხო, ქალიც წავა, არ სურს დარჩენა,
    წავა, რომ მარტომ მოკლას ფიქრები,
    ჩამოიღამეს უკვე ფანჯრებმა,
    ალაგებს ჩანთას და სძულს ნივთები.

    წავა, რადგანაც მაინც ხუნდება,
    ადგილი, სახლი, ლოგინი, გრძნობა.
    რაც იყო, მაინც არ დაბრუნდება,
    მოვა სიბერე, ავადმყოფობა.

    ხომ მაინც ბოლოს იღლები ყოფნით
    თუ ბითურდება გიყვარდა რაცკი,
    თურმე სადღაც შორს გავარდა თოფი,
    სადღაც დაეცა უსულოდ კაცი.

    უმისამართო

    უმისამართოდ ვცხოვრობდი მაშინ,
    უმისამართო დამდევდა მთვარეც,
    შენ არასოდეს იყავი სახლში
    და მე ყოველთვის ვიყავი გარეთ.

    მე შენს მისამართს ვეძებდი მაშინ,
    სულ წამით შენი დანახვა მსურდა,
    უმისამართო მოვიდა ბავშვი
    გამახსენდი და მივეცი ხურდა.

    მუმიები

    გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი…
    ამ დროს რამდენიც გინდა უკმიე,
    ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
    ვერ გააცოცხლებ მაინც მუმიებს.

    ვერ დააბრუნებ ძველ, ჩავლილ კადრებს,
    სურათებს რეცხავს დროის საპონი,
    ის იყო ბრძენი და მოკვდა ადრე
    და ერქვა თურმე ტუტანჰამონი.

    ვერ დაინახავ, ბევრი იბრძოლო,
    თუნდაც და ბევრის გსურდეს გამხელა,
    მას სიყვარული უნდოდა მხოლოდ,
    მას სერაფიტა ერქვა სახელად.

    რეალობა კი რომანტიზმს ახრჩობს,
    იდეალი კი არის წაშლილი,
    იყო ბატონის ერთგული სანჩო
    და სუფთა გული ჰქონდა ბავშვივით.

    ვის აუხსნია ანდა ვინ იცის,
    რატომ იცვლიან ნიღბებს, პარიკებს,
    და ისტორია არის ცინიზმი,
    რადგან გვიტოვებს მხოლოდ თარიღებს.

    გვიანი არის, ამ დროს ვერ შეცვლი,
    და იმეორებ ერთს და იგივეს,
    ცეცხლი ენთო და შემორჩა ფერფლი,
    მუმიებს მხოლოდ მოაქვთ სიცივე.

    გადაბრუნებული დედამიწა

    არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
    და სიტყვით ვინღა უნდა ვაცდუნო,
    სად არის ღერძი, მომეცით ღერძი,
    დედამიწა რომ გადავაბრუნო.

    რომ არაფერი აღარ შევცვალო
    და დასალევიც უკვე დავლიე,
    რომ აღარავინ არ შევიყვარო,
    მხოლოდ ვუყურო ზეცას ცარიელს.

    არაფერს ვამხელ, არაფერს განვსჯი,
    არ მინდა რამეს ცილი დავწამო,
    მე მარტო ვზივარ ჩემს მყუდრო სახლში
    და გარეთ მოდის მყუდრო საღამო.

    არაფერს ვცლი და არაფერს ვავსებ,
    და არ ვარ ბოლო და არც პირველი,
    ვინც იგონებდა სულელურ ზღაპრებს,
    ვის ჯადოსნური სწამდა ფრინველი.

    არაფერს ვგმობ და არაფერს ვებრძვი,
    და არ მსურს ისევ თავი ვაცდუნო,
    სად გაქრა ღერძი, მომეცით ღერძი,
    დედამიწა რომ გადავაბრუნო.

    * * *

    როცა ყველას სძინავს,
    გამეღვიძა ამდროს,
    რას დავარქმევ სიზმარს,
    რას დავარქმევ ამ დროს.

    რას დავარქმევ სადგურს,
    რას დავარქმევ წასვლას,
    რას დავარქმევ ზაფხულს,
    რას დავარქმევ ზამთარს.

    გაანათებს ზამთრებს
    ვარსკვლავების სხვენი,
    ცას სინათლე ავსებს,
    ჩანს თვალები შენი.

    სიცოცხლის დროა
    მთვრალი ხომალდი
    არტურ რემბო

    დავტოვოთ სევდა, ცრემლების გროვა
    და სინანულიც გვეყო, არ გვინდა,
    წამოდით დროა, წამოდით დროა!
    რემბოს ხომალდი უკვე გაფხიზლდა!…

    ვერ მოაქვს შვება სასმელს და თრიაქს,
    მომყევით, უკვე უნდა ვიჩქაროთ,
    ჩვენი წამები ქარს უკვე მიაქვს,
    მომყევით, ერთად მზე მოვიპაროთ!

    თავისუფლება ვიპოვოთ თვითონ,
    გავყვეთ საკუთარ მნათობს, ვარსკვლავებს,
    წავიდეთ დროა, ბევრს ნუღარ ფიქრობთ,
    მკვდრები თავის მკვდრებს თავად მარხავენ.

    წამოდით, შუქი მოჰყვება გვირაბს,
    სანამ ველური ცეცხლი ანთია,
    წამოდით, სანამ ვცოცხლობთ და გვიყვარს,
    სანამ სიმუნჯე არ დაგვმართია.

    წამოდით, თორემ მერე ვინანებთ,
    ასეთი ვნება არ მოვა ისევ,
    უნდა მოვიდეთ ერთხელ მიწაზე,
    რომ ავიხედოთ მაღლა და ცისკენ.

    რომ დავეუფლოთ კოსმოსს, პლანეტებს,
    რომ მივატოვოთ წარსულზე გლოვა,
    წამოდით, ერთხელ მაინც გაბედეთ,
    სიცოცხლის დროა, სიცოცხლის დროა!

    ჩვეულებრივად

    წამით ჩათვლიმა და ისევ ფხიზლობს,
    ღამით დაშორდა საყვარელ გოგოს,
    თან არაფერი შეცვლილა თითქოს,
    წვიმს და უყურებს ამინდის პროგნოზს.

    ფანჯარას აღებს, დუღდება ყავა,
    თან ნერვებს უშლის სისველე თარსი,
    იცის, რომ მალე ქუჩაში გავა
    და ისეირნებს წვიმაში ტაქსით.

    უყურებს უჟმურ ღამეს და სახლებს,
    და მძღოლი ჩუმად მანქანას მართავს,
    სიგარეტს იღებს და ასანთს ანთებს,
    ჩვეულებრივად იცხოვრებს ალბათ.

    შემოდგომის სინანული

    სინანული თუ გზას გაანათებს,
    მაშინ გაქრება ჩემი შეცდომა,
    თუკი სიცოცხლე იყო ღალატი,
    სიკვდილი რატომ ჰგავს შემოდგომას.

    რატომ იძინებს ნამუსი თბილად,
    ფოთლების ყვითელ იხურავს საბანს,
    ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
    სინაცრისფრეა და ცაც კი არ ჩანს.

    ელიან საკენკს – ბეღურებს ვხედავ,
    ველია, სადაც სივრცე მთელია,
    ვერცერთი ქალი და ვეღარც დედა
    სიცარიელეს ვერ უშველიან.

    დავრჩებით ასე: კვლავ მე და სივრცე,
    სადამდეც გავძლებთ, ალბათ ვიქნებით,
    “იყავი ჩიტი!” – ამბობდა ქრისტე,
    სად მიფრინავენ ნეტავ ჩიტები.

    ცოტა ხნით დარჩით, ჯერ ხომ არ ცივა,
    ცოტა ხნით დარჩით და ღმერთის გწამდეთ,
    ფოთლები ცვივა, ფოთლები ცვივა,
    არ შეგეშინდეთ, დაგიყრით საკენკს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    გივი ალხაზიშვილი – ბოლო გაჩერება – ზაზა თვარაძეს

    გივი ალხაზიშვილი

    ბოლო გაჩერება

    ზაზა თვარაძეს

    ხეებიც იდგნენ, მეზობლების დეკორატიულ
    თავშეყრას ჰგავდა მოყურყუტე ბაღი დეკემბრის,
    საპანაშვიდო, მლიქვნელური თავმოდრეკები,
    ბებერ მერქანზე ახელილი შავი ნუჟრები
    და ჭირისუფლის უსიტყვობის უსასოობა
    მას მერე, შენ რომ თვალში ცრემლად ამოუშრები.

    წაჩურჩულება და ბაგესთან გამკრთალ ღიმილზე,
    წაფარებული ცრუ წუხილი, როგორც ნიღაბი
    და შენ აღარ ხარ, შენ მაშინაც აღარ იყავი,
    რომ დაინახე შავი უპე ბებერ მნათობის
    და შეგეშინდა საკუთარი უნუგეშობის,
    გაბმული სმის და ცივ კედლებთან მასლაათობის.

    სალამი, ძმაო, ზეციური ზესტაფონიდან,
    ჩვენ ისევ აქ ვართ პირობითად, რადგან ვითვლებით
    ამომრჩევლებად და ცხოვრებას ასე მითვლემილს,
    დღეღამეებით გადავებით და მივენასკვეთ,
    ვათვალიერებთ ბოსხს, ბრეიგელს და ჩვენს ქალაქში
    მათ პერსონაჟებს და იმათაც, ვინც იენასკენ,

    ვინც ლონდონისკენ, პარიზისკენ, თელავივისკენ,
    ათენისაკენ, დუბლინისკენ მიემართება,
    ზოგი წავიდა, ზოგი მიდის, ვინ ემართლება
    წასულს და წამსვლელს ან წასვლაზე ფიქრში ჩარჩენილს,
    აქ ვადამდელი არჩევნების ისმის გნიასი
    და გვაქვს იმედი შეუცვლელი მამა-მარჩენლის.

    ჩვენ ისევ აქQვართ, ეს ხეებიც აქვე არიან,
    და ხეებივით ფიქრის ბაღებს ვერ გავექცევით,
    თქვენ დაბრუნდებით გაზაფხულზე, როგორც მერცხლები,
    როცა სხივები ლაჟვარდების სუნთქვით ელავენ,
    მაგრამ მანამდე იმედია, გავმეჩხერდებით
    და სათითოოდ ყველას ვეღარ გადაგვბელავენ.

    ტრამვაის ბოლო გაჩერება გაგახსენდება
    ეკლესიიდან გამომავალ ნასტუდქალაქელს,
    ხსოვნის ფრაგმენტებს, აბურდულებს, ვერ დაალაგებ,
    მოხრიალდება სამოციან წლების ვაგონი,
    და ერთმანეთში ვერაგულად აილუფხება
    წარსული, აწმყო, რეალობა და მონაგონი.

    აქ არი ბოლო გაჩერება და მზეს ჩახჩახას
    ოქროს მარცვალი დაბნევია ასი ბათმანი,
    მაინც სუსხია და ფხიზელი დროის ვატმანი
    გირჩევს ჩახვიდე დეკემბრიდან და “მე არ ვარ შინ,”
    კი არ იყვირო, გაიფიქრო, რომ ჩაგეძინოს,
    და გაგეღვიძოს გაურკვეველ წლის იანვარში.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“