• პოეზია

    ზაზა თვარაძე – ლექსები

    * * *
    მ. და ზ.

    ჯერ თოვლი მოთოვს,
    მერე კი მიწას
    დაეწვეთება თვალების ნამი.
    თუ შეედრება გარანდულ ფიცარს –
    ცამდე ასული ლარიქსის ტანი.
    თუ შეედრება სინათლე ლოდინს,
    შეხვედრა დუმილს,
    სინაზე საფლავს,
    შავი და მძიმე საფლავის ლოდი –
    ჩვენი მსუბუქი ცხოვრების ამბავს…

    * * *

    გარეთ გამოდი ხელში
    იმ შენი ძველი გიტარით,
    რამე იმღერე ეშხით
    რამე ამბავი გვითხარი
    სადაც ანთია ცეცხლი,
    სადაც გელიან ძველები,
    სადაც ყველაფერს შეცვლი
    ამ დალურსმული ხელებით.
    დავრჩი მარტოკა სახლში,
    გარეთ ლოთები კივიან
    და ვარსკვლავები ცაში
    მკვდარ ბავშვებივით მტკივიან.

    * * *

    გამომეცხადა ზაზა თვარაძე
    მე – ჩაძინებულს – დამცა თავზარი.
    დაიწყო როშვა ქარზე, მთვარეზე,
    დავემორჩილე, ხმაც ვერ დავძარი.

    მოისხა მხრებზე ჩემი სამოსი,
    გაუყვა ჩემი ხსოვნის სანახებს,
    ხეტიალობდა იმ მიდამოში,
    რომელიც სიზმრად მევე ვანახე,

    გაპაპაჯორდა ჩემს საბრძანისში,
    აღარ დატოვა ჩემი მისხალიც,
    ვეჭვობ – ქირასაც არ გადამიხდის
    დავიღუპები ალბათ მის ხელით.

    ალმასხან

    და ჩემს თავსზემოთ მოჩანდა
    ცივი ფუტურო ცა.
    ვიდექი მეტროს ჩასასვლელთან –
    ეს არის გვირაბი,
    არა, ჯურღმული,
    ქვევით დამრეცად მიმავალი
    თავისი ხოდით,
    გოგირდოვანი ქარით სავსე,
    უცნაური, შეუძლებელი,
    სრული აბსურდი.
    მე იქ ვიდექი.
    ცივი ფუტურო ცა.
    ცა ცარიელი.
    არ ხარხარებდა ველური ღმერთი,
    მეძავებსაც ჩასძინებოდათ,
    ზამბახიც ისევ
    თავს უხრიდა ნაბიჭვარ ნიავს.
    ცივი ფუტურო ცა.
    ცარიელი.
    ვდგავარ მეტროსთან.
    ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
    ყველაფერი მიაგავს ბილიკს.
    თვით ბილიკიც კი –
    მიაგავს ბილიკს.
    ცარიელი ცა.
    ფუტურო, ცივი.
    დაკარგული სინათლით სავსე,
    გამობრუჟული ტრაკებით სავსე –
    ცა ცარიელი.
    და მეტროს ხარო,
    პირდაფჩენილი,
    ხან ამომძახებს: გარყვნილი ხარო.
    რადგან ფუტურო, ცარიელი,
    ვდგავარ მეტროსთან,
    ცივი ნიავით შუბლდანაქროლი,
    გოგირდოვანი სუნთქვით სავსე
    როგორც ზღაპრის ელექტროდეპო..
    არა – ურჩხული,
    ცივი, ფუტურო,
    გადანგრეული.
    ცა – დანგრეული,
    იქ ღრუბლები კორპუსებივით
    უმოწყალოდ ეხეთქებიან
    და ხალხი კივის,
    კივის უღმერთოდ:
    მიწისძვრა, ზემლეტრესენიე!
    იქ ის ინგრევა,
    მე აქ, მეტროსთან
    ვდგავარ მყარი და მონამორჩილი
    პარლამენტივით,
    ბულგარეთის პარლამენტივით
    სანზონასავით ცივი, ფუტურო,
    ცარიელი,
    ამქვეყანაზე მოვლენილი, როგორც ალმასხან.

    პოეტის ჩონჩხი

    მთელი ზამთარი ვიჯექი მარტო,
    წინ მედგა ვისკი, არ მქონდა ძალა
    არც სიცოცხლისთვის, არც სიკვდილისთვის,
    არც ოცნებისთვის, სული რომ მალავს.
    თავზე მეხურა, რაღაც გლეხურად,
    მეზობლისაგან ნათქერი ჭერი,
    ვგავდი მტრებისგან ნაკორტნ ბეღურას,
    თუმცა ამქვეყნად არა მყავს მტერი,
    ვერ ვგრძნობ ამხანაგს, მხოლოდ ხანდახან
    როგორც ქარხანა, წარმოშობს შეშლილს
    ეს ბრმა ქალაქი, და ასამარებს
    საკუთარ იმედს გიჟური თესლით,
    მხოლოდ ხანდახან, ერთ დროს მამაცი,
    პირზე შერჩენილ სინაღდის მისხლით,
    მოდის ძმაკაცი ლოთურ ბარბაცით,
    და ღრანჭებიდან ნიჰილიზმს ისვრის..
    ზღვიდან მოტანილ ფერად ნიჟარებს
    ვალაგებ, როგორც ბარტყების გვამებს,
    ვეღარ ვიშორებ მლაშე სიზმარეთს,
    სასტიკ აკორდებს, შემპარავ გამებს,
    რაღაც ციფრებად იქცა სინათლე,
    სულიც იქცევა სისხლიან წყალად,
    მივდივარ სადღაც, ძლივსღა მივათრევ
    შერჩენილ ბოდვებს სულ უფრო მკრთალად,
    ხელს მიქნევს ჩონჩხი ძმური სინაზით:
    “წამო, ძამიკო, გავცდეთ ამ ქალაქს,
    ზურგი ვაქციოთ ჩამქრალ მირაჟებს,
    წამო, ძამიკო!
    გავიქცეთ ჩქარა!”

    * * *

    ცარიელია ღამე და დღე და
    საღამო, დილა და ყველა წამი,
    და ყოველ საგანს, რომელსაც ვხედავ
    ედება ჩუმი სიკვდილის ნამი,
    და შხამი შიშის, და თრთვილი წასვლის,
    და სიცოცხლიდან დაძრული აზრი,
    რომ ყველა იმედს სიბნელე წაშლის
    და კაპიკია სიცოცხლის ფასი,
    რომ ყველა გრძნობა, არსებობს რაც კი,
    არარსებობის მემკვიდრე არის,
    ქვეყნად მყოფნიც კი ერთმანეთს ავცდით
    და უკვე სადღაც მიგვრეკავს ქარი,
    არის სინათლე, მაგრამ სინათლეც
    დაბადებითვე არაფერს მალავს,
    ცარიელია ღამე და დღე, და
    თვით სინამდვილეს აკლია ძალა.
    მაგრამ შემხედავს დაცინვით ვინმე:
    მაშ, ასე მწყობრად რატომღა როშავ?
    ეს არის მხოლოდ უაზრო ჰიმნი,
    და ნარცისების კეკლუცი დროშა.

    გაზაფხული

    დღეს მერცხალი შემოფრინდა
    ფრთა შემოჰკრა ფანჯარას,
    ჭიკჭიკითა გადმომძახა:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ვკითხე: ჩიტო, ჩიტუნია,
    ვის უგალობ? ანდა – რას?
    მან კვლავ ცივად გადმომჭყივლა:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ჩემს თავს ვუთხარ: ადე, კაცო!
    რას უზიხარ მანდა, რას?!
    რა თავს ქინდრავ, გამოცოცხლდი:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ჰოდა, აწი რას დაგაკლებს
    ავაზაკთა ბანდა, რას?!
    გაზაფხულდა! გაზაფხულდა!
    კოკოითი ფანდარასტ!

    მივდექ სარკმელს… რას ვნახავდი:
    არაფერი ჩანდა, რას…
    მხოლოდ ჩიტი გაჰკიოდა:
    კოკოითი ფანდარასტ!

    ეეჰ…
    კვლავ ჩემს ფიქრს დავუბრუნდი,
    ვით ქათამი ქანდარას,
    ჩემს თავს, როგორც ვიღაც უცხოს,
    ჩიას და კაფანდარას,

    ნეტა დედამ მშობა რისთვის,
    ეს ცხოვრება ჰგვანდა რას…
    კოკოითი, ბოკოითი,
    გოკოითი ფანდარასტ!

    * * *

    ავი გრძნობები მაწუხებს
    უკვე რამდენი წელია,
    გულში ვგრძნობ მწარე მარწუხებს,
    ჩემი ცხოვრება ძნელია,

    დავწექი, თვალი დავხუჭე,
    სიზმრებშიც ნათელ-ბნელია,
    იქაც არავინ არ არის,
    აღარსად აღარ მელიან.

    სიზმრის და ცხადის გარჩევით
    მე გული გადამელია.

    * * *

    დავბერდი, დავჩაჩანაკდი,
    გავხდი სრულიად პოსლიკა,
    ბებერ ხარივით დავეცი,
    ვერ გამოვდივარ ბოსლიდან,

    ვერ გამოვდივარ ბოსლიდან,
    ვერ გამოვდივარ ბაგიდან,
    რად მინდა – კაცი არ კაცობს,
    ქართლის სიგლახემ დამბრიდა.

    გრძელი როქი

    სიტყვა მხოლოდ კონტექსტში იძენს
    ელფერს და წონას:
    “ქიშის” გარეშე რა იქნებოდა
    სახელი “ნონა”?!

    “ლექსის” გარეშე რას მოასწავებს
    გვარი “თვარაძე”?
    და თუ არა “შენ”,
    “ყველაფერი” – ნიშნავს “არაფერს”.

    იფნები

    მე დავიღალე. მე მეძინება.
    ბინდით ივსება ჩემი გონება.
    სახეზე ბინდი დამეფინება.
    გული მიწისკენ დაიწონება.

    შენც დაიღალე. შენც გეძინება.
    შენ გინდა იგრძნო მეტი სინათლე,
    ბინდი გიკარგავს შენ მოთმინებას
    დაუყოვნებლივ და მაშინათვე,

    მაგრამ სად ვნახავთ ჩვენ სხვა სიხარულს,
    უერთმანეთოდ, ამ მურტალ ქვეყნად,
    წავალ და წახვალ, სულ გვეხსომება
    რომ ერთდროს კაცი და ქალი გვერქვა,

    და ყველაფერი ისევ იქნება
    თუ ისევ შევხვდით სადმე და ოდეს
    მოვალთ ხეებად, თუნდა იფნებად
    ისევ ერთმანეთს გავუწვდით ტოტებს

    და ვიგრძნობთ ვარჯში გაცრილ სინათლეს,
    ჭკნობაშეპარულ ფოთლების ცვენას
    და რაღაც ძველ და მარტივ სიმართლეს
    რამაც ამქვეყნად აღმოგვაცენა.


    * * *

    კვერცხივით თოხლო მზე, გორაკები. ქვემოთ დაბლობზე – დიდ სივრცეზე გადაჭიმული ქვის კორპუსები. სასახლეები, რუხ გორაკებზე მიმავალი ხვეული შარა. იქ ავდიოდით ავტობუსებით – სასაფლაოსკენ. წინ და შორს, რწევით, მიცვალებულს მიასვენებდნენ. ჰა მუხათგვერდიც. ისმოდა მკვდრების მკვახე ყიჟინა: აქ ნუ მოდიხართ, აქ ნუ მოდიხართ! თქვენი ადგილი აქ აღარ არის! ზემოთ ზეგანზე ტბა გამოჩნდა. ჯვრის მონასტერი ხელისგულივით. მაგრამ არსად არ ჩანდა ღმერთი. არც მიწაზე და არც ზეცაში. რადგან ცაც ხომ ამ პლანეტის ელემენტია. მივედით ქვების სამყოფელში. კვიპაროსებში. მაგიდებზე ჩიტის სკინტლები. აქ ნუ მოდიხართ! – ყვიროდნენ მკვდრები. მიწა ჩავთხარეთ, ჩავეჭერით, პირი ტალახით ამოვუვსეთ. ფიცხლად ვეკვეთეთ გაშიშვლებული ტისაკებით. ჩავეცით თითო, ჩამპალ ღვიძლებში გავუყარეთ ცივი მეტალი. ვაოტნეთ ორგზის დაბრედილნი. ჩავჭერით მიწა. ჩავაწვინეთ ჩვენი დათო. იდგნენ მდელოზე კვიპაროსები მდუმარებაში. ცა, მდუმარება, როგორც სურათი უშფოთველი, რომელზეც არცერთ დეტალში მოჩანს თვით შემოქმედი. როგორც ფოტო – ვრცელი, ფერადი – რომლის მიღმა იმალებიან შემზარავი ნეგატივები. ღამე უმზეო, ღამე მზიანი. მე ამ ღამეს კარგა ხანია, მთელი არსებით ასე მივები – ასე მივები, უკიდეგანოდ. ამოვქოლეთ მერე საფლავი. წამოვედით მოქელეხენი, დარბაზის ბუნკერს მივაშურეთ, როგორც აკლდამას.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ვახუშტი კოტეტიშვილი – სონეტები


    შადრევნის სონეტი

    აი, შეხედე, შადრევანი მიელტვის ზეცას,
    ეკეკლუცება თავის ზემოთ უსაზღვრო სივრცეს,
    მღელვარე კაბის კალთებს როკვით ხან შლის, ხან კეცავს
    და მზად არის, რომ მთელი გზნება ამ ზეცას მისცეს.

    საკმარისია, ამ ცეკვაში გაჩნდეს პაუზა,
    ის იმწუთშივე დაცხრება და იქცევა გუბედ,
    თუმცა მას უკვე თვინიერად მდუმარ აუზად
    კვლავ ჩაიხუტებს დედამიწის მზრუნველი უბე.

    ასე სრულდება სურვილების ბრუნვა წრიული,
    მას ვერვინ შეცვლის, ამაოა ყველა მცდელობა.
    დროებითია ფრენა, ქვეყნად მარადიული
    არის მარტოდენ დედამიწის მიმზიდველობა.

    რა ბედი სწია, გახსოვს ზეცამ ჭაბუკ იკაროსს?!
    მისი წესია, მიწიერი არ მიიკაროს!
    16.02.2008.

    ქარავნის სონეტი

    ამ უდაბნოში ხან მზე აჭერს, ხან უკუნია,
    ქარნი ხორშაკნი ქვიშის ბორცვებს უჩენენ ხაოს,
    არავინ უწყის, მერამდენე საუკუნეა,
    აქ ქარავანი თავს ვერ აღწევს ქარების ქაოსს.

    აქ ლომი ლამობს, აქლემს სადმე გამოჰკრას კბილი,
    აქლემს ჰგონია, ვერ მიაღწევს ლომი მიზანსო.
    აქ ყელყელაობს ყველა: ფლიდი, ქლესა თუ წბილი
    და ქედმაღლურად იქადლება, ვინ რას მიზამსო?!

    თვალს ვერ აამებ, ქვიშის გარდა, ვერაფრის ნახვით,
    არსად ბალახი, ოაზისი, მთა თუ ტყე-ველი,
    წყალიც არ არის, რომ გაერთო იმისი ნაყვით,
    მხოლოდ მირაჟი, მიზანი კი მიუღწეველი.

    უგზოდ და უკვლოდ მიქარავნობს აქლემთა წყება
    და ზანზალაკთა ხმად ჩაესმის ძაღლების ყეფა.
    17.02.2008.

    სარკის სონეტი
    მზეოს

    სინათლის ტბაში ირეკლება ნაზი პროფილი,
    ეალერსება სავარცხელი ფაფუკ დალალებს
    და ვარცხნილობა, მერამდენედ უარყოფილი,
    ნაუცბათევად ჩამოშლილი სწუხს და ვალალებს.

    შუბლი, ღაწვები და მიმოხვრა ყელის თუ კისრის
    თლილმა თითებმა საალერსოდ დაითითოვეს.
    სარკე ასლების ანარეკლებს გულუხვად ისვრის,
    ხოლო თავისთვის ამ ხილვათა დედანს იტოვებს.

    ქალისთვის თითქოს შედედდაო დროის დინება,
    თითქოს მან კვლავაც გაიხსენა ანცი ბალღობა.
    პოზების ცვლისას იერი რომ შეეყინება,
    მას იმწუთშივე ლბილ ღიმილად უწევს გალღობა.

    და აი, უცებ მამაკაცის ბანმა მოჰბერა:
    – ჩქარა, ძვირფასო, თორემ უკვე მორჩა ოპერა!
    20.02.20.08.

    მხატვრობის სონეტი

    თენგიზ მირზაშვილს – “ჩუბჩიკას”

    მე ბავშვობიდან დღევანდლამდე ვარ მოხიბლული
    გოგენ – ვან-გოგით, რენუარით, მანე – მონეთი,
    მათი ყოველი მონასმია ჩემთვის ხილული
    და ახლაც მზად ვარ, ყოველ ნახატს ვუძღვნა სონეტი.

    პარიზის ქუჩებს უტრიალებს მუდამ უტრილო,
    ვით ვარიეტეს კვამლში ქალებს – ტულუზ-ლოტრეკი.
    მსურს, მათ ტილოებს სიყვარულით რომ მოვუჩრდილო
    და ვცე პატივი სათანადო ქედის მოდრეკით.

    რა პალიტრა აქვთ, რარიგ ფერთა ფართო სამყარო?!
    ვეღარ მოწყდები, თუკი ერთხელ ახლო მიუხველ,
    უმზერ და გინდა შენი ხილვა სხვებსაც ახარო
    და აგრძნობინო ფუნჯთა ჯადოს ლაღი სიუხვე.

    ფერადოვნების ზეიმია ყველა მათგანი. –
    მაგრამ… ნიკალას თუნდაც ერთი თეთრი ბატკანი?!…
    25.02.2008.

    კანტის სონეტი

    ჩემი ქალაქიQკენიგსბერგი, საფლავი კენტი…
    გამცნობთ: – სახელი – ემანუილ და გვარი – კანტი:
    მე არასოდეს არ ვყოფილვარ ფრანტი თუ დენდი,
    და გარს არასდროს მომვლებია ლივრეის კანტი..

    არა მყოლია ოჯახობა, ცოლი თუ შვილი,
    არ მდომებია, რომ ცხოვრება რამედ მექცია.
    თუ რომელიმე სტუდენტს აკლდა ქურთუკზე ღილი,
    ვღელდებოდი და მეშლებოდა ლამის ლექცია.

    ამქვეყნად ორი საოცრებით ვიყავი სავსე
    და მათ განსჯაში არ შემცვლია ალღო თუ გეში:
    ეს ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა ჩემს თავზე
    და უმტკიცესი ზნეობრივი კანონი ჩემში.

    ეს შენც თუ იგრძენ და გზა-კვალი არ აგერია,
    იცოდე: ქვეყნად დანარჩენი – არაფერია!
    25.02.2008.

    ტროას სონეტი

    ვიხსენებ მითებს, იწყებოდა ახალი ერა
    კაცობრიობის და ამ სურათს ვერაფრით წაშლი.
    სამი ქალღმერთი: აფროდიტე, ათინა, ჰერა –
    ეს სამი ევა და მათ შორის სადავო ვაშლი…

    პირისპირ მდგარი დაბნეული ნორჩი პარისი…
    ტროა, ქცეული სამუდამო ლაქად თუ დაღად.
    აწ რომელი დგას ნეტავ რიგში: რომი, პარიზი,
    ფილადელფია თუ მოსკოვი, ვენა თუ პრაღა?

    ვის ელის ახლა ისტორიის მსახვრალი ტორი,
    ვინ განიცადოს, აწ რომელმან წალკოტმან შლილმან?..
    იქნება, ეს დღე, ავბედითი, არც არის შორი.
    თქვენი გუმანი რას გკარნახობთ, ბატონო შლიმან?

    დღეს მითიურზე ბევრად უფრო საშიში დროა,
    ნუთუ არაფერს გვეუბნება ეს სიტყვა: ტროა?!
    25.02.2008.

    ბუნების სონეტი

    ბუნება ითმენს ჩვენს ჯებირებს, ხიდებს, კაშხალებს,
    მაღაროებს და ცათამბჯენებს, თხრას თუ დაცობას.
    ჩვენსავ წარმართულ ზარ-ზეიმებს, ზათქს და მაშხალებს,
    მუდმივ ტრაბახს და ამბიციურ ქონდრისკაცობას.

    ბუნება ითმენს თვინიერად რაღაცა ზღვრამდე,
    რადგანაც იგი არ მიგვიჩნევს ნამდვილ მეტოქედ,
    უცებ მოიმცვრევს მხარ-ბეჭიდან, ვინ იცის, რამდენ
    საუკუნეებს, ჩვენი აზრით, დიად ეპოქებს.

    და იმარხება ქვესკნელების წიაღ ცივილი-
    ზაციები და კულტურები ავლა-დიდებით,
    მას კი არარად მიაჩნია ჩვენი ტკივილი –
    ჰერკულანუმი, პომპეა თუ ატლანტიდები…

    ბუნების კანონს, ნუ გგონია, რომ წინ უძღვები,
    შენა ხარ მისთვის, ვით მშობლისთვის, შვილი უძღები.
    26.02.2008.

    ყოფნის სონეტი

    მიუხედავად იმისა, რომ იცოდი კარგად,
    შენ სამყაროში იყავ მხოლოდ წერტილი ერთი.
    გააზრებული თუმც არ გქონდა აქ ყოფნის ქარგა,
    მაინც გეგონა, ბედისწერას, თავადვე წერდი.

    ცხოვრობდი, ჩქეფდი, მღელვარებდი, გიყვარდა, გძულდა…
    წინასწარ გქონდა შედგენილი ცხოვრების გეგმა…
    მაგრამ, რადგანაც ვერ შენივთე შენ ხორცი სულთან,
    ვერ შეიგუე ამ ცხოვრების უხეში ჩექმა.

    უცებ დამწუხრდი და ჭეშმარიტს უქციე გვერდი
    ვერ გაიაზრე, რომ შენ განგებ შეგქმნა განგებამ,
    რომ მხოლოდ შენ კი არ გჭირდება მაღალი ღმერთი.
    ღმერთსაც სჭირდები, ოღონდ გიჭირს ამის გაგება.

    დადგება ჟამი და ცხოვრების ბოლოს გებულობ:
    წერტილი იყავ, მაგრამ თურმე – სავალდებულო.
    26.02.2009.

    საჭიროების სონეტი

    გვაქვს მოცემული ბარაქა და ხვავი ულევად,
    მან რა მოიგო, ვინც ამ დოვლათს ზურგი უქცია?!
    ქვეყნად ყვალაფერს აქვს თავისი დანიშნულება
    და ყოველ საგანს აკისრია თავის ფუნქცია.

    და რომ ცხოვრება გქონდეს, მართლაც, ლაზათიანი
    და ამქვეყნიურ მსუყე ტრაპეზს არ უჯდე უქმად,
    შენ ეს იცი, რომ კოვზით უნდა ხვრიპო წვნიანი,
    ხოლო ჩანგლით კი დაითრიო მოზრდილი ლუკმა.

    გარდა ამისა, იცი, რისთვის გჭირდება ფული,
    ფონდი, კრედიტი, განვადება, ნაღდი, ნისია…
    ეს იცი, მაგრამ ვერ გაიგე, რა არის სული,
    ანდა თვით ლექსი ამაქვეყნად რის მაქნისია?!

    თოთო ტვინს თითი ერთხელ მაინც რომ დააჭირო,
    იქნება მიხვდე, რისთვის არის ლექსი საჭირო.
    28.02.2009


    მწყრების სონეტი

    ძნელია, იყო სანიმუშო ზნეობის მქონე,
    არ გებადოს და არ გებუდოს არცერთი მწყერი.
    თავით ფეხამდე დავარცხნილს და გაპარსულს, ვგონებ,
    სჯობს, ვისაც ზოგჯერ გასაპარსი დარჩება წვერი.

    და ვისი სქესიც შორიდანვე უკვეა ცხადი,
    ვისაც ფრანტობას უჯობს, იყოს ოდნავ აპაში,
    ვინც ამ მიწაზე მამაკაცურ მიმოხვრით დადის
    და არა ისე, როგორც ქალი ვიწრო კაბაში.

    მცირეს თუ დიდის შემოქმედი მხოლოდ ღმერთია
    თვით უმცირესსაც ნურასოდეს აქცევ ქილიკად.
    ღვთისთვის ლოცვაა მთავარი და სად – სულერთია:
    გუმბათოვანი ტაძარია თუ ბაზილიკა.

    შენ კაცი იყავ და როდესაც მოგიწევს ჯერი,
    ღმერთი შეგინდობს, თუკი გყავდა ორიოდ მწყერი.
    28.02.2009

    ნიავის სონეტი

    თქვენ მყარად დგახართ ამ მიწაზე. მე ვარ ნიავი.
    თქვენ ნუ გგონიათ, გიყურებდეთ თითქოსდა უნდოდ.
    გარწმუნებთ, არ მაქვს მე თქვენს მიმართ რამე სიავე,
    ოღონდ ეს ჩემი ნიავობა არ შემიზღუდოთ.

    მე ხომ არ მიშლის ნერვებს თქვენი მთობა, ზღვაობა,
    ცათამბჯენობა, მიწიერი წონა, სიმძიმე?!
    თქვენ რად გაღელვებთ, ჩვენს შორის რომ არის სხვაობა?
    თქვენ მჭახედ ბრჭყვინავთ, ხოლო მე კი ოდნავ ვციმციმებ.

    თქვენია, ქვეყნად ყველაფერი, რაც იყიდება,
    და თვლა არა აქვთ ფუთებს, ყუთებს, ჩანთებს თუ ბოთლებს…
    თქვენ მიიხვეტავთ მთელი ქვეყნის ავლა-დიდებას,
    მე კი მარტოდენ შემოდგომის ნაირფერ ფოთლებს.

    ითმინეთ ჩემი ნიავობა, სანამ გიგალობთ.
    ნუ იზამთ ისე, რომ უეცრად ამაგრიგალოთ!
    2802.2009

    ჯინის სონეტი

    მე ამ ქვეყანას სათავისოდ ვერაფერს მოვთლი,
    ხელეჩო არ ვარ, ყველაფერი ჩემსკენ მოვხვეტო,
    სულის ზღვის ფსკერზე ხავსიანი მიგდია ბოთლი
    და ჩემი ვალი ის არის, რომ ამას მოვხედო,

    რათა უეცრად არ ისროლოს ჯინმა საცობი,
    ბებერი კია, მაგრამ ჯინი მაინც ჯინია,
    კიდევ აჯობებს სხვებს გმირობით და ვაჟკაცობით,
    რადგან არაფრის და არავის არ ეშინია.

    დღევანდდელობა მას ნაგრძნობი ჰქონდა ადრევე,
    მისი ეჭვები რომ გამართლდა, მას ეს ამხედრებს:
    როდესაც ხედავს, რომ ლომები ტვირთს მიათრევენ.
    მათ ადგილზე კი ზარ-ზეიმი უდგათ სახედრებს.

    მეც, ამ ყველაფრის შემხედვარეს, მომივლის ჟინი
    და ვფიქრობ, ხომ არ ამომეშვა ბოთლიდან ჯინი!
    03.03.2008.

    მიწის სონეტი

    კაცობრიობის ისტორიის ხლართებს რომ ჩეჩავ,
    მისი სასტიკი სამართალი რას არ გაგონებს?!
    ურჩობა ბედის რჩეულთაგან რომელ ერთს შერჩა,
    მაკედონელებს, რამზესებს თუ ასარგადონებს?!

    ბრუნავდა ჩვენი წუთისოფლის მძიმე ბორბალი,
    საუკუნენი განა ღირდნენ ცოდვის ტირილად?!
    მაგრამ იმ დღეთა ნახანძრალზე კვლავაც ხორბალი
    ითესებოდა და აქა-იქ ენთო გვირილა.

    დინასტიები გადაეგნენ და დარჩა გლეხი,
    ქვეყნად ზეპურნი აზნაურნი უქმად მიდიან,
    მხოლოდ ის რჩება, ვისაც ადგას ცხოვრების კეხი
    და ხვალინდელი ლუკმა-პური ვიზეც ჰკიდია.

    ეს დედამიწა კვლავ ცოცხალი ალბათ მიტოა,
    რომ მას უვლიდეს და ჯიუტად ხნავდეს მიტუა.
    05.03.2008.

    გაზაფხულის სონეტი

    გაზაფხულია, კანის საკანს ვეღარ სჯერდები.
    კივის სხეული სისხლძარღვებით მონასირმები.
    ხეებს ასკდებათ ვნებისაგან კვირტის კერტები
    და გახელებით შეჰბღავიან ფურებს ირმები.

    მდინარეებში გაუმართავთ თევზებს ჯირითი,
    მდედრუნახავნი მიაპობენ წყლის ჩქერებს გუნდად,
    იქ ეგულებათ, სათავეში, ქვის ქვეშ ქვირითი
    და ხვაშის მოსხმით ხვაშიადის დაცხრობა უნდათ.

    შენ არც თევზი ხარ, არც ირემი, არც სხვა ცხოველი,
    სხეულზე მეტად შენ მეწყვილედ გჭირდება სული.
    ნახევარია ამა ქვეყნად კაცი ყოველი
    მას სურს მეორე ნახევარი, რომ გახდეს სრული.

    და თუ იპოვა, მიხვდება, რომ სწორედ ის არი,
    ვისაც ეძებდა ნააპრილარ-ნამაისარი.
    12.03.2008.

    სიყვარულის სონეტი

    შენ სიყვარულმა აღგამაღლა აღსავლის კარად
    და ოცნებებში მოგანიჭა ყველა უფლება.
    მისგან ავდარიც გეჩვენება საამო დარად
    და უმწიფარი ძახველიც კი გეალუბლება.

    თუმც შესაძლოა, რომ ოდესმე შენც სწვნიო წვენი
    და საყვარელი არსებისგან იგრძნო ღალატი.
    ეცადე, ამით არ დაემხოს ტაძარი შენი
    და ვერვინ გწამოს, თითქოს რწმენას ეჭვით ჰბღალავდი.

    გრძნობა, რაც უფრო ცალმხრივია, უფრო დიდია
    და უფრო მძაფრი, თუ განცდები გაწევს ლოდებად.
    სიყვარული ხომ საცალფეხო ბეწვის ხიდია,
    რომლის გადაღმა შენ არავინ არ გელოდება.

    შენზე ძლიერი ქვეყნად განა ეშმა რითია?!
    მას დასძლევ, თუკი შენი მრწამსი ჭეშმარიტია!
    14.03.2008.

    გზის სონეტი

    რა მოხდა, თუკი არ სრულდება ის, რაც გულს უნდა
    და თუ შენს მიმართ დრო-ჟამია დაუდევარი!
    ან შენს თავზე თუ გრიგალივით გადაზუზუნდა
    შემზარავი და ავბედითი ბედი მდევარი!

    რა მოხდა, თუკი ვერ მიხვედი აღთქმულ მიზანთან
    და ოცნებათა მექარავნე გზაში დავარდი!
    სამაგიეროდ შენმა სულმა ხომ არ იზანტა
    და თუნდაც ერთხელ შეძლო ცაში ლაღი ნავარდი!

    სიცოცხლე გზაა, სიკვდილი კი ამ გზის შედეგი,
    ადრე თუ გვიან ჩვენ იქ უნდა დავცეთ ბანაკი.
    არსთა გამრიგემ თუკი ბრძანა: – აბა, შემდეგი! –
    გიხმობს ქარონის ქარავანის ზარ-ზანზალაკი..

    იქ, სამსჯავროზე შენ განგსჯიან იმის მიხედვით,
    თუ ცხოვრებაში სად კი არა, როგორ მიხვედი?!
    15.03.2008.

    მოცარტის სონეტი

    “…როგორც Hჰაერის იქითა მხარე,
    წმინდა, დიდი, უკაცრიელი…”
    რაინერ მარია რილკე

    ვინ იყო იგი, მე არ ვიცი, კაცი თუ ღმერთი,
    ბრძენი თუ ბავშვი?! ვით მივუდგე, რომელი მხრიდან?!
    როგორ იტევდა ოკეანეს ეს ვიწრო მკერდი,
    რომელიც ასეთ აუმღვრეველ ნიაღვრებს ღვრიდა!

    მოცარტის ტაქტის გარეშე ხომ თითქოს დროც არ დის,
    ყოველი სივრცე დახშული და ცარიელია;
    და როცა ცაში აჟღერდება ჰანგი მოცარტის,
    ღვთის გულისათვის, ჩუ! – რაღა დროს სალიერია!

    ჰანგების ჩქერი, ხან კამკამით, ხან აზვირთებით…
    ვეღარ იგუებ, მდუმარების ობი რომ გეკრას…
    მისი თითები, ვით სამოთხის ცელქი ჩიტები,
    კლავიშებს უცებ აკენკავენ ისე, ვით კენკრას.

    იცოდე, როცა გადასცდები სამყაროს არეს,
    ეს ჰანგი გელის შენ ჰაერის იქითა მხარეს.
    15.03.2008.

    სულის და ხორცის სონეტი

    ნაქანდაკარი ანტიკური ქალღმერთის ტორსი
    სრულყოფილია, თუნდაც იყოს ხელფეხნაკლული,
    რადგან სული ქმნის ამ სისრულეს და არა ხორცი,
    ხორცი, რომელსაც ჯიქურ ელტვის თავგადაკლული

    ჯანსრული მამრი, ატანილი ცხოველურ ჟინით
    უცებ ქცეული თავაღმართულ, დაძაბულ კუნთად,
    როგორც უეცრად ამომხტარი ბოთლიდან ჯინი,
    რომელსაც თავის მორჩილ მსხვერპლზე ზეობა უნდა!

    ბოლოს კი, როცა დაუცხრება ხორცი უძღები
    და გონს არ უმღვრევს ქვეყნად უკვე ვინმეს ქალობა,
    ზესამყაროში ბეატრიჩედ სული უძღვება
    და მას ეძღვნება მისი ლექსი, ხოტბა, გალობა.

    სული – სივრცეებს, ხორცს – სამარის პატარა ბორცვი.
    მაგრამ იქაც ხომ ძვლები ყრია და არა ხორცი?!
    16,03.2008.

    ყოფნა-არყოფნის სონეტი

    “ყოფნა – არყოფნა?!” – აი, შენი კითხვა მორიგი,
    ჭაბუკო ჰამლეტ, მაგრამ არსი ყოფნა-არყოფნის
    ვინ განგიმარტოს?! დუმს გონება, ვით იორიკი,
    რომელსაც ამის საპასუხოდ ცოდნა არ ჰყოფნის.

    იქნებ არყოფნაც ყოფნა არის, ოღონდ სხვაგვარი,
    უფრო მსუბუქად მონანავე, ან უფრო მძიმედ?!
    ადამიანად ყოფნის დრო ხომ მხოლოდ აქ არის,
    რამე სხვადყოფნა გაამართლებს განა ჩვენს იმედს?!

    იქნებ აჯობებს, რომ დავჯერდეთ იმას, რაც არის
    და არ ვისწრაფოთ, სადაც მაინც ადრე თუ გვიან
    მოგვიწევს მისვლა, არა ვქექოთ ფუჭად ნაცარი
    და აღვასრულოთ ვალი, რასაც სიცოცხლე ჰქვია.

    სიკვდილისა რომ არრა ვიცით, ეს ის წესია,
    რომლითაც ცოდნა არცოდნაზე უარესია.
    17.03.2008.

    ადამიანის სონეტი

    ქვეყნად მაღალმა ღმერთმა შექმნა არსი ყოველი
    და დაანათლა თავ-თავისი ყველას ბუნება:
    ქვეწამავალი თუ ფრინველი, თევზი, ცხოველი
    თავის მკმარია და არ უნდა სხვა ფუფუნება.

    მხოლოდ ერთია იმათ შორის – ადამიანი,
    ვისაც სურს, თავად გამოსჭედოს თავისი ბედი
    და რადგან არის იგი ვითომ სხვებზე ჭკვიანი,
    უნდა რომ იყოს არა ლოდი, არამედ სვეტი.

    მაგრამ ამისთვის მას სჭირდება, გამრავლდეს ხალხად
    და დაიმონოს ქვეყნად მიწა, წყალი, ტყე-ველი,
    და თუ აზვირთდა ოკეანის მძვინვარე ტალღად,
    ის უკვე ბრბოა, ყოველივეს დამანგრეველი.

    ბრბო ერთსახაა, ვინც მას არ ჰგავს, ვერ ჰგუობს ეგეთს,
    ღმერთიც რომ იყოს. იღრიალებს: “ჯვარს აცუ ეგე!”
    19.03.2008.

    სიზმრის სონეტი

    ღამის დარბაზში იდუმალი ჰანგები იძვრის,
    თანდათანობით უფრო ეშხში შედის ქეიფი,
    მზერას იტაცებს ვნებიანი დეკოლტე სიზმრის
    და მიიხვეტავს ზმანებათა გრძელი შლეიფი.

    მიმოირხევა სამეჯლისო ცეკვის ნიავი,
    ჩემი მეწყვილე მშვენიერი ქალბატონია,
    მე მის წინაშე ჩემი გული მოვაღიავე
    და საკუთარი თავი მეცხრე ცაზე მგონია.

    მგრამ რომ დაჰკრა შუაღამემ თორმეტჯერ ზარი,
    თვალს და ხელსშუა გამიქრა და აღარსად არ ჩანს,
    და დავრჩი ასე, სასახლეში უაზროდ მდგარი,
    ხელში იმ ქოშით, რომელიც მას კიბეზე დარჩა.

    ვეძებე ყველა ქვეყანაში და ყველა დროში,
    მაგრამ ვერავის ვერ მოვარგე ის ოქროს ქოში.
    20.03.2008.

    მადლის სონეტი

    ცხოვრებისაგან დაქანცულსა და სასომიხდილს
    წამლეკავს ზოგჯერ შემზარავი ტალღა უცები,
    დავმწუხრდები და ნაადრევად მოვუხმობ სიკვდილს,
    შინაგანად კი კვლავ სიცოცხლეს ვებღაუჭები.

    გმირი არ ვიყავ, არც მესიის მქონდა მისია,
    რომ უდრტვინველად ამეტანა ტანჯვა და ჯვარცმა.
    ცხოვრებამ ყველა განსაცდელი შემომისია,
    მაგრამ გავუძელ ამ ყველაფერს უბრალო კაცმა.

    რა ძალა იყო, რამაც მომცა ამის შეძლება
    და შემომაჭდო ჯადოსნური ჯაჭვის ბეგთარი?!
    როგორც ჩანს, ქვეყნად ჩემებრ ტანჯულს შვებად ეძლევა
    ღვთიური მადლის თუნდ წვეთ-წვეთი წმინდა ნექტარი.

    და მივხვდი, რამაც უკუნეთში აღმავსო ნათლით,
    ეს იყო თურმე პოეზიის ღვთიური მადლი.
    22.03.2008.

    ღირსების სონეტი

    სანამ ვარ ქვეყნად, რაღაც მაინც უნდა ვაკეთო,
    რათა დამეტყოს, ამ მიწაზე რომ ვარ ნამყოფი,
    ბუტაფორიულ მუყაოდ კი არ ვიმაკეტო,
    არამედ ჩემგან თუნდ მცირედი დარჩეს ნაყოფი.

    უნდა ვიმინდვრო, ვივენახო, ანდა ვიყანო,
    გული ვამტევნო, ვათავთავო ან ვაჩითილო,
    მკერდზე ლექსები ყვავილებად ამოვიყვანო
    და ჩემს გაზაფხულს ცა და მიწა მოვაჩითინო.

    თუმც ბედ-იღბალმა წამებით და ტანჯვით მაცხოვრა
    და ათასგვარი ჭირ-ვრამი არ მამყოფინა,
    ხალხს თავი მაინც ისე უნდა დავამახსოვრო,
    რომ ეთქვათ ჩემზე: ” – ღირსეული კაცი ყოფილა!

    ისე გავიდა ამ ცხოვრების ბოლო კარიდან,
    რომ სიკვდილს თვალი ერთხელაც კი არ აარიდა!”

    22.03.2008.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ლია სტურუა – ლექსები

    ***

    ყურებიდან ამომიჩიჩქნეს
    მთელი მუსიკის სიყვარული,
    თვალებიდან – მთები, როგორც ხეების გაგრძელება
    ჩიტის კვალი რომ დავინახო ჰაერში
    და მას გავყვე?
    მაგრამ ჯერ ხორცი არ დამიყრია,
    სისხლი არ დამიხარჯავს
    ახლობლების გაფერადებისთვის,
    ერთადერთი, რაც მოვსინჯე,
    პურის ნაჭერი დავდე ცაში –
    შეუსაბამო სიდიდეები შევათავსე
    მარტო ეს არი…

    ნევროზი

    მირტყამენ, სიტყვები მტკივა,
    სისხლი მდის: ერთი ლიტრი – ერთი მიხაკი,
    გამეტაფორებამდე – მეორე ჯგუფის, ცხელი,
    ლეიკოციტებმა რომ
    თეთრი დროშა არ გამოფინონ,
    მერე – ლექსის მასალა,
    ციროზიან ღვიძლსა და არაუშავს გულს შორის
    ჩამჯდარი ღმერთის კარნახით,
    ქაღალდზე გადატანილი…
    იცის ვინმემ ის ფანჯარა,
    ჩემი კალენდარი, რომელშიც ცა
    ხან მწვანე ფეხებზე დგას,
    ხან შავზე? ხეებით ვხვდები მის ფერს,
    თვითონ მეორე სართულიდან არ ჩანს.
    ნევროზი, პარანოია, რომ მირტყამენ
    და სიტყვები მტკივა, ყველაფერი
    შიგნით ხდება, ფანჯრის მინა მშვიდია,
    არც დაიგრიხება, არც გაიბზარება ამის გამო
    ერთადერთი, სისხლის გამიხაკება,
    გარედანაც ჩანს,
    ეს ხედი ზოგად ამბებს რომ დააყოლო,
    რაღაც, შიდაგანათებასავით გამოგივა,
    ვერც გატკენენ, ვერც გამოგირთავენ…

    რევოლუცია

    “კანონმოშიში მოქალაქე”
    რა სიტყვები მოარგეს
    ჩამქრალ ვულკანებს!
    უემოციო ადამიანი, რამდენიც გინდა
    საშენი მასალა კედლებისთვის, ლოზუნგებისთვის,
    ჩამქრალი ვულკანები კი იღვიძებენ,
    გაუფრთხილებლად, უკანონოდ,
    იმ საძირკვლის შესარყევად,
    მუდმივი რომ გეგონა
    რა, უჩივლებ რევოლუციას?
    დაიჭერ, კატალოგში ჩასვამ,
    ნაივური ხელოვნების განყოფილებაში,
    შეგირდებს მიუჩენ
    რომ გაიგონ მისი საიდუმლო?
    როგორ შეუძლია თავის აფეთქება
    ისედაც, სიცხეში,
    ერთი ხის გადარჩენისთვის,
    ერთი ბედნიერი ლექსისთვის,
    ჩემისთანა პესიმისტის ერთი აღტაცებისთვის,
    თორემ კანონმოშიში მოქალაქეების
    დარწმუნებას რა უნდა,
    რომ რევოლუციას ვერ უჩივლებ…

    ***

    შემოვიდა, ჩვეულებრივი, ერთი მრავალთაგანი,
    მაგრამ ისეთი სახე შემოიტანა,
    სულ წაშალა ფულის მთხოვნელები,
    პურის, ტრამვაისგან მოჭრილი ფეხების.
    (როდის იყო ტრამვაი? 100 წლის წინ?)
    ამდენი ხანი მელოდა?
    ორფეოსობა უკუღმა.
    ლურჯი გზა, ძალიან მოლიპული…
    წასვლისას, დავიხარე
    და მიწიდან ჩემი სისხლი ავიღე –

    თავშესაფარი

    როგორ ცხოვრობენ ამერიკაში?
    კონსტიტუციის მეხუთე შესწორების
    ჩრდილში, როგორც მე “თუმცა”-ში და “შეიძლება”-ში?
    შტატებს ვგულისხმობ, თორემ
    იქვე არ მწიფდება იოკნაპატოფა?
    წნევა რომ დაგარტყამს,
    ფეხები სინათლეში ჩაყარე და წადი,
    სპილენძის ტაშტები გაიყოლე,
    შუბლი ღამეს ურტყი,
    რომ არ გეტკინოს,
    შთაბეჭდილება კი შეიქმნას თავგანწირვის.
    მაგრამ შუქი რომ ადგეს და ჩაქრეს,
    თავის აგვისტოიანად,
    აბსოლუტური ყური დაიხშოს
    თუნდაც, ამ უვნებელ სიყალბეზე?
    ვიღა ააშენებს მსგავს ქვეყანას,
    იმ მინდორივით ვრცელი პოეტის
    და ვარდისფერგემოვნებიანი მაგნატის მერე?
    ვინ ივლის ასე, თავის უფსკრულებით,
    რუსი ეპილეპტიკის თვალის სინათლე,
    იქაც, აგვისტოს შუქი,
    რომ სივრცემ თავი არ მოგვაკვლევინოს…

    ლობოტომია

    გადააბრუნე სიტყვები,
    ამოატრიალე ბელტებივით!
    აუტანელია ერთი და იგივე ბალახისფერი,
    გააწითლე მიწა და არავითარი გოგენი!
    როგორც გინდა, ისე შეღებე
    მორჩილი სიტყვები
    უაზროდ, შეუსაბამოდ,
    ოღონდ, მოსაწყენი არ იყოს!
    გაშრა ტვინი!
    ლაზარე, ლაზარე, ლაზარე!
    წვიმა, ზარი, სიგიჟე ჩარჩოში,
    ელექტროშოკი –
    თავიდან გულის ამოღება,
    დაბრუნება აი ია-სთან,
    მასწავლებელი ვაჟა-ფშაველა,
    მისი ხელმძღვანელობით, ისევ ია აი-სკენ,
    ყველაფერი თავიდან!
    არ ამართლებს ლობოტომია,
    როცა უკუღმართობა გაქვს სისხლში
    და იისფერი საღებავი ენაზე…

    ***

    ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
    რომ ვუყუროთ, რა მაღალია
    ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
    რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
    სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
    და უფრო მეტს ნიშნავს,
    ვიდრე გამოხატავს.
    ეკა, მეორადი მაღაზიიდან
    მოტანილ კარადაში,
    სუფთა სარეცხის სუნს დებს,
    ელენე ბგერა რ-ს
    შოკოლადივით ღრღნის,
    ფრანგულს სწავლობს,
    ელგუჯა საფლავში წევს,
    მე იმ დროს ვიგონებ,
    ფანჯარას რომ გავაღებდი
    და ოთახი პეიზაჟით ივსებოდა…

    finita la comedia

    კარუსელის ცხენით სახლში მოვდივარ,
    პირით ბალახი მომაქვს,
    ძუძუებით – დელ არტეს კომედია –
    მთვარის და სევდის რძე
    ნორმალური პრაგმატიზმის წინააღმდეგ
    დედა მედო ენის ქვეშ
    და ინფარქტს გადავრჩი,
    ცეცხლს ვუსმენდი ჩალასავით,
    ბოლომდე არ დამწვა,
    მეთორმეტე სართულიდან გადმოვვარდი
    და რომელიღაც თეატრის ლოჟამ
    ხავერდი მომაგება,
    ჩემი ფართე სახელოებიდან
    ცვიოდნენ სევდები და მთვარეები
    მათი საპირწონე ლოგიკა
    მაშინაც არ იყო,
    მხოლოდ ნათესავი სიგიჟე,
    დედა ენის ქვეშ, ცეცხლი ტერაკოტის სასაში,
    მორჩილი ჩალა…
    კარუსელის ცხენით მივდივარ
    დელ არტეს ქვეყანაში,
    სადაც კომედიას თამაშობენ,
    სახლში ბრუნდებიან
    და იმდენ შვილს აკეთებენ,
    რამდენი კომპლექსიც ცვივა
    ჩემი სახელოებიდან…

    უპასუხობა

    პრესა საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე,
    ყვითელი, მსუყე
    და მეორე, მშიერსიტყვებიანი:
    კომუნიზმი, დემოკრატია,
    ბატალიები იერონიმუს ბოსხის,
    ნაბიჯები ჰაერში,
    როგორ უნდა გააძღო ხალხი
    წითელი ნაწლავების რეპროდუქციით?
    პასუხი ამა და ამ ჟურნალის
    ბოლო გვერდზე, იქამდე რა მიატანს?
    შეიძლება, ეპილეფსიაში გადავარდე,
    ლოკოკინების წალკოტში…
    ისევ გაგექცა სიტყვა სილამაზისკენ?
    რაღად გინდა! შეეხიზნე კოლექტიურ არაცნობიერს,
    როგორც ტყეს,
    რბილად მოგექცევა ბალახი,
    ამ ბალიშიდან შეხედავ პრესას
    გაშუშებული თვალებით,
    საუზმეს, სადილს, ვახშამს,
    გასტრონომიული მაღაზიებივით გაყიდი,
    ხორცს იშოვი, რომელსაც თმა ეზრდება,
    ხერხემალი უმაგრდება, გამოყვასებას ცდილობს,
    მტრობამდე ერთი მამლის ყივილი აქვს გასავლელი,
    ბატალიები…
    ბოსხს ეშინია, კომპოზიცია არ დაენგრეს,
    კომპრომისი ბალახთან, მაძღარი ხალხი…
    მაგრამ ჩემი კოსმოგონიური წარსული,
    მზის, მთვარის და ვარსკვლავების მონაწილეობით?
    ყველაზე კარგად ვერ ვპასუხობ
    ამ შეკითხვაზე

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    გივი ალხაზიშვილი – ლექსები


    * * *

    ფოიე. კარადას ეყრდნობი დაღლილი,
    საბრალო მოხუცი, წელში მოკუნტული.
    ფანჯარა. მიჰყვება მთას მთათა გრაგნილი,
    მრავალჯერ წაკითხულ ხელწერის კონტური.

    ქარი აღარ არი. ქარი სად წავიდა?!
    გსურდა წაჰყოლოდი, მაგრამ შეგატოვა
    სახეს, ამომავალს ხსოვნის საცავიდან,
    ხმოვანს, მომდინარეს უღრმეს ლეგატოდან.

    შენ გული განავრცე. ჩამომდნარ თვალებით
    და გაწვდილ ხელებით ეძებდი ღვთიშობელს,
    სათქმელი გაგიქრა, სიტყვა გემალება,
    ბაგენი სიტყვების წარმოთქმას შიშობენ.

    ისევ არაფერი, მხოლოდ არაფერი,
    ვიღაც იბადება უცნობ არაფრიდან,
    მისი სუნთქვა იყო – ქარი დანაბერი,
    სიტყვიდან სიტყვაში ისე გადაფრინდა…

    შენ რიგს მოელოდი და დღეთა რიგები
    ცდილობდნენ კალენდრის ფურცლის გასაღებას,
    გკითხავენ, პასუხობ, ცხადია, იგებენ,
    რომ იცდი სიკვდილის ცნობის ასაღებად,

    რომ წახვალ ღამეში, სადაც იშლებიან
    შუქები, გარდასულ დროის ნარჩენები,
    მთვარეა და ჟამთა მისანიშნებელი
    გამნათებელია ბოლო გაჩერების –

    სადაც ჩამოდიხარ და გზაზე გაცილებს
    მზერა უცნობების, თვალი მოპარული,
    მძევლად იტოვებენ შენს მოძრავ ნაწილებს
    და ვერ შემოდიან შენში უპაროლოდ.

    თანდათან შეერთვის ქალაქს ეს სოფელი
    ბანკით, ბანკომატით, ახალი ტრანსპორტით,
    სარკმელთან დაბერდა შენი მეზობელი
    სტალინზე Fფიქრით და საბჭოთა პასპორტით.

    * * *

    აჰა, ძველ ხელნაწერს მიათრევ ჩემოდნით
    და მეხსიერებით, რომელიც არ იწვის,
    იმ ფურცლებს, რომლებზეც სიტყვებად ჩამოდნი,
    აჩუქებ ქარ-წვიმას. ქარ-წვიმა: – ქარი წვიმს
    ქალაქში და სველი ტოტების დარწევას-
    სტიქიის სუნთქვაში უმწეოდ გახლართულს,
    დაჰყურებს ფანჯრები და უნდა ცხრა სართულს
    გაიგოს, სად მიხვალ, რა მიგაქვს ჩემოდნით,
    სად მიემგზავრები, ანდა ეს ამინდი
    თუ უამინდობა საიდან ჩამოდის,
    საიდან ვრცელდება, ან როგორ მოედო
    ყველას და ყველაფერს სუნთქვა ნესტიანი?!

    ეს სადარბაზო კი კორპუსის ნესტოა,
    დღისით და ღამითაც, ის მუდამ ისრუტავს
    ყველაფერს: ეზოს და ქუჩას და რესტორანს,
    უაზრო სურვილსაც, რომ არ აგისრულდა,
    იმ ლოთსაც, დილით რომ გააგრესიულდა
    და მობინადრეთა ლანდებს მობარბაცეს,
    მშიერ გამოხედვას, თვალებს ნაკაიფარს,
    რეცეპტის კითხვაში გაწაფულ Fფარმაცევტს,
    უფალო, უფალო ყველა დაიფარე.

    და ნაგავსაყრელთან მისული ჩემოდნით,
    წუთიერ დუმილით შენ პატივს მიაგებ
    იმ ფურცლებს, სადაც შენ სიტყვებად ჩამოდნი,
    შეარხევ გალუმპულ პიჯაკს და იანგლებ,
    რომ: ქარი წაიღებს და ქარის მოტანილს,
    მარტო ქარს კი არა, გაატან ქარ-წვიმას,
    რომ მეხსიერებით სავსეა ქოთანი,
    მხრებზე რომ გადგას და შენ გინდა არწივად
    იქცე და გაფრინდე და ფრთები გაშალო,
    ცაში აბოინო და ზანტად არწიო,
    ქარ-წვიმამ წაიღოს შენი ნაფიქრალი
    და პროსოდიული განცდების ნაშალი.
    უფალო, უფალო, ყველა დაიფარე.

    ქარი კი კითხულობს ფურცელს ფარატინას,
    ყველაფრის გულდასმით მკითხველი ქარია,
    შენ უკვე იქეცი ზეპირ ნარატივად,
    ისე წაიმღერებ ჯერ უცნობ არიას,
    რომ კარგი პოეტი, თავისთვის ცოცხალი,
    ქარისთვის ცოცხალი, სხვებისთვის მკვდარია,
    მკითხველი ქარ-წვიმა: წვიმა და ქარია.
    უფალო, უფალო პოეტიც დაიფარე.

    * * *

    უჩუმრად გააღებ დაგმანულ დარაბებს,
    რომ ბნელი ოთახი განათდეს მზის სხივით
    და ქალაქს ჩახედო მოდავიდარაბეს
    უძილარ თვალებში ჩაქცეულ სისხლივით.

    ის ახლა დიდების აკვანში ჭყლოპინებს,
    მაშინებს დარწევა ცარიელ აკვნისა,
    რამე შეაგონე, ძმაო ლოპიანა,
    ვიდრე ბედისწერამ არ წამოაკვნესა.

    ტელეკრანებში ჩარჩნენ და ჩარჩობენ,
    ყისმათი ღალატობს საბრალო დახლიდარს,
    ზოგჯერ სურათებიც ტოვებენ ჩარჩოებს
    და საღამოობით გარბიან სახლიდან.

    სინათლე აღავსებს გამოხსნილ დარაბებს
    და ისე ბზინავენ ვენური სკამები,
    ოთახის ჰაერში სძინავთ შედარებებს
    და რიტმებს, დუმილში ჩაშლილი გამების.

    გესმის ბაგა-ბუგი გათანგულ გულების,
    გოგო გამომწვევი ბაღთან გადაბარგდა,
    ქუჩას მოახედებს სურნელი გულაბის
    და დარდის სიჩქარით მოძრავი კატაფალკა.

    რატომღაც შემკრთალი გახედავ შუშაბანდს,
    ცას, სადაც იძვრიან ღრუბლის კუნძულები,
    ბავშვობისდროინდელ დაფენილ მუშამბას
    დაუსხამს ალუბლის მწიფე კუნწულები.

    ეს დილა ექოა მათი გულისცემის,
    იქითკენ სავალი გზა რა ფართო არი,
    იქ გელოდებიან მშვიდი კულისები
    ძველი რეკვიზიტით და რეპერტუარით.

    მეკუბოე

    ძვირფასო, ვარდენ, მეკუბოევ, შენ უკეთესო
    მრავალთა შორის. რადგან ზომავ თვალის არშინით,
    როცა ამბობენ, კუბო ვარდენს შეუკვეთესო,
    ცვივა სიტყვების ბურბუშელა და შალაშინი

    კმაყოფილების ღიმილებს რომ სახეს მიაფენს,
    ზოგჯერ სიკვდილიც შეიძლება კაცმა ინატრო,
    რომ დაგიფასდეს ოსტატობა და სიიაფე
    მუხის მასალის და კეთილი სიტყვა, იმავ დროს,

    ვერავის ნახავ ამ ქალაქში ოსტატს უმჯობესს,
    ვის გააჩნია თვალის ზომის მსგავსი ტალანტი,
    ჭვრეტ მიცვალებულს, მოტირლები როცა უნჯობენ
    და კუბოს ზომას იღებ თვალის ერთი დალანდვით,

    ერთი შევლებით დაზუსტდება სანტიმეტრებიც
    და შარვლის ჯიბე პირს დააღებს, მგონი ადლიანს,
    ჩაიბუზღუნებ, რომ დღეს შეგხვდნენ გაუმეტრები,
    სამი მანეთის დამატებას რომ გამადლიან.

    ფიცარს თარაზო მერამდენედ შემოასკუპე,
    აშალაშინე, გაასწორე, ხერხე, გარანდე,
    ამდენ ჯახირში შეჭედავდი, ალბათ ას კუბოს,
    ებუზღუნები, მიაცილებ კლიენტს კარამდე.

    შენთვის წინასწარ გაიმზადე მკვიდრი სასახლე,
    შიში არა გაქვს მოუსვლელში გადაბარგების,
    თუმცა დაბერდი, ერიდები საქმეს დასაღლელს
    და ყოველ ღამე გესიზმრება კატაფალკები.

    მიწა სავსეა შენეული გარჯის ნაყოფით,
    უცნობ-ნაცნობი ამოგხედავს მიწის ღამიდან,
    დაგჩემდა გულის აჩუყება, შიში არყოფნის,
    იღვიძებ ადრე, კმაყოფილი ხარ სისხამითაც,

    რომ ფანჯრებიდან ძველებურად ჩანს ჯაჭვის ხიდი,
    გიკვირს, რატომღაც რომ აღარ ხარ ისე გულცივი,
    გართობს ნიავის მოტანილი მთვრალი ხითხითი
    და რიონის ხმა, რომ ჩაგესმის დროის პულსივით.

    და შენც იმ დროში უნებლიედ გადადინდები,
    უნებლიედვე წამოგცდება: ღმერთო შეგვინდე!
    გეიმედება და იმედის სხივით ინთები,
    მემკვიდრეებად რომ გვიტოვებ რჩეულ შეგირდებს.

    დომინო

    დღე ილეოდა, შენ დაბრუნდი, კედლებმა სითბო
    რომ გაგრძნობინეს, გაიფანტე თამბაქოს ბოლთან
    ერთად და ჩვეულ სიმარტოვეს მწყემსავდა ბოლთა,
    ითვლიდი ნაბიჯს, იხსომებდი, სიჩუმე საგნის
    რას გკარნახობდა ან უბრალოდ, რას გაგონებდა,
    სულ უმნიშვნელოს ანდა თითქოს არაფრის მაქნისს,

    მაგრამ რატომღაც, გულთან ახლოს ან იქნებ გულში,
    რაც არსებობდა უცაბედად გადასხვაფერდა,
    ჩვეულებრივად, მზე ფანჯრებზე ნათელს აფენდა
    და მოინდომე, საიდუმლო გაანდობინო-
    ერთფეროვნებით დაცხავებულ მოწყენილობას,
    კაცების ხორხოცს და ცხოვრებას, როგორც დომინოს,

    სადაც მიდება, მიშენება საჭირო ქვაზე
    ჰკიდია მუდამ და დღეებიც მექანიკურად
    ელოდებიან მოსალოდნელ დღეს პანიკურად,
    რომ ჩაიკარგონ და მიებან ღამის კვადრატებს
    და არ უსმინო მეზობელ ქალს, იგივეობის
    ჭრელა-ჭულაში გამოწყობილს და მორატრატეს,

    რომ სიტყვა სიტყვას მიაწებო, მიაბგერწერო
    და ჩაისუნთქო ერთდროულად ყველა საღამო,
    რომ ყველა ერთად შეკრიბო და ხმა შეახამო
    სტრიქონს დაცდენილ-წამღერებულს და მიატოვო
    და შენი ტექსტი ჩაიწეროს მხოლოდ ჰაერში,
    როგორც ვიღაცის სუნთქვა, ფიქრი და უავტორო

    სიტყვებს მიბმულმა დაიჯერო, რომ მოგისმენენ
    იმ ღიღინივით, რომ მიჩქმალა ამოხავლება,
    მაგრამ ჰაერში სათუოა ხაზის გავლება
    და ღამით ბავშვის უმიზეზო წამოტირება
    სამყაროს ხმაა უნებლიე და ის აგრძელებს
    გაბნეულ ხმების შეგროვებას და ციტირებას.

    ზამთრის ღამე

    …რაც გაგახსენდა სულ ეს იყო: ხმები, ხმები და
    ფრთების შხუილი, ცა – ყვავების გადანაფრენი,
    შავი ლაქები მოსავსავე, სხვა არაფერი,
    სხვა აღარავინ, მხოლოდ გულში გასანასკვავი
    ფიქრი, რომელიც თვალებშიაც იკითხებოდა
    და წაკითხვისას არ ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი

    და სუსხიანი ზამთრის კოცნით სულშეხუთული
    გარბოდა ვიღაც შინისაკენ, იქნებ შინიდან
    ან არავისთან არ გარბოდა და ეშინოდა,
    რომ ყველგან, მუდამ და ყოველდღე იყო არავინ,
    ვინც ფანჯრის მინებს შეუმჩნეველ სუნთქვით ორთქლავდა
    და დროს გპარავდა, სხვა რა გქონდა მოსაპარავი

    და დღე და ღამეს ვინ დაღლიდა მორიგეობდით,
    ერთმანეთს ცვლიდა გამუდმებით ორი ბადრაგი,
    შენ ბოლთას სცემდი და სხეული გადასათრაქი,
    ოთხკედელს შორის გადაგქონდა შინაპატიმარს
    და ტელევიზორს აუქმებდა ძველი ფანჯარა,
    ვორდის პროგრამა ავტოკალამს და ფარატინა

    ქაღალდს, რომელიც არც გახსოვდა, აღარც დაორთქლილ
    ფანჯრის მინაზე აღარ წერდი, აღარც სარკეზე
    და ვირტუალურ სამყაროში სჩრიდი ანკესებს –
    ლექსებს და გრძნობდი, თითქოს, ვიღაც იყო მომსვლელი,
    შენ ბრუნდებოდი და ხედავდი, რომ მზეს ჩამავალს
    შემოსცვეთოდა ოქროს ქოში და სამოსელი.

    მალე ამ მთებსაც ბინდის გარსი გადაეკვრება
    და მოვა ღამე სუსხიანი და გულმრისხანე,
    როცა ნათურებს ოთახები გამოისხამენ,
    ის გაშლის ბანქოს, უდროობით კვდება საათი
    და ვერ თენდება და იგივე დუბლში ჩარჩენილ
    დროს იმეორებს პასიანსი და მასლაათი.

    არპეჯიო შენთვის

    გადავრჩი.. გადავრჩი.. გადავრჩი..

    ასე ჩამესმის გულყვითელა ჩიტის სიმღერა,
    გაყინულ ღამეს დააღწია თავი საბრალომ
    და ახლა მინდა ჩემი ფიქრი გადავაბრალო,
    ჩიტს, რომ მომისწრო ძილ-ღვიძილის ელამ ტიხართან,
    თავის სიმღერით და გათენდა და მზის ამოსვლამ
    ამიყოლია, ამამჩატა და გამიხარდა,

    რომ გულთან ახლოს მეგულები, ანდა გულშივე
    ისე გაკრთები და უთვალავ გულში იმავდროს
    შენ მზე ამოგყავს, ყოველი მზე შენში ბინადრობს,
    მე კი დინებას შევეზარდე ტალღის ჩქამივით,
    მაგრამ ვერ გხედავ და თუ გხედავ მწუხარებისას,
    მოულოდნელად შორიახლოს, როცა ჩამივლი.

    მე კი იმავ გზით ვეშურები ბანკომატისკენ,
    ხელის იგივე მოძრაობით ვაწვდი ვიზა გოლდს
    მეტალის ნაპრალს, რათა კვლავაც გამოვიზოგო
    არსობის პური და ცისაკენ წასულ კვიპაროსს
    თვალი შევავლო და გამჭოლი მზერით ზე ავყვე
    და სხეულიდან შეუმჩნევლად ამოვიპარო,

    რომ სამუდამოდ წავიყოლო შენი სიმღერა,
    წავიღიღინო, წავუსტვინო, ეს არპეჯიო,
    არ შემიძლია, სხვა ყველაფერს რომ არ მერჩიოს,
    ლეგატოებით და მსუბუქი განავარდებით –
    არის იმედი გადარჩენის ან შეყოვნების
    და ბანალური დასასრულის გადავადების.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ზვიად რატიანი – ლექსები

    * * *

    დროა, დავისაჯო მეც.
    თუნდაც შენს გამო.
    როგორ გაგაღვიძე.

    შენ ცხოვრობდი სიზმარში,
    სიზმარი იყო კოშმარული.
    იქ ყველას კლავდნენ,
    სიკვდილი გდევნიდა შენც

    და შენ გარბოდი,
    გზას მიიკვლევდი მკვდრებში,
    თავზე გენგრეოდა სამყარო,
    მე კი გაგაღვიძე.

    და შენ შეგაძრწუნა შეუჩვეველმა სიმშვიდემ,
    დილის ოთახმა, თეთრმა კედლებმა,
    ჩემმა ღიმილმა.

    ვერ დაიჯერე ცხადი,
    ვეღარც ძილი შეიბრუნე
    და მოკვდი,

    მოკვდი ისე სწრაფად,
    საეჭვოა, რომ მოგესწრო ჩემი შეძულება.
    ისე მოკვდი, ჯერაც გიყვარდი.

    იყო სხვა ცოდვებიც. უფრო მძიმე. უფრო მსუბუქი.
    მძიმეები, რომლებიც არ მახსოვს.
    მსუბუქები, რომლებსაც ვმალავ.

    და ალბათ დროა, დავისაჯო მეც.

    დროა, დავისაჯო მკაცრად.

    დროა, გამაღვიძონ მეც.

    * * *

    შენ იწექი საძინებლის კარისკენ ზურგით
    და მე, კართან მდგარს, ვერ მხედავდი. შენ კითხულობდი,
    მე კი ქეჯნა მახრჩობდა, დედი.

    დედი, დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
    ლამპას გადაწვდი და ჩააქრე.
    დაიძინე. არაფერზე იფიქრო, დედი.

    არც აქ, დედი, არც ამ წიგნში
    არაფერი წერია შენზე.

    და შენ დახურე ჩემი წიგნი, გადადე სკამზე.
    ლამპას გადაწვდი და ჩააქრე. შემდეგ ბნელოდა
    და ვეღარ მივხვდი, გეძინა თუ ფიქრობდი, დედი.

    გამახსენდა, როგორ განვიცდიდი ადრე,
    რომ ჩემი ლექსები არ გავდნენ ცხოვრებას.
    გამეცინა საკუთარ თავზე.

    * * *

    ჩვენ აქ ვწვალობდეთ, ვბერდებოდეთ,
    შენ კი იყო მუდამ უცვლელი
    და მოწყალე. ჩვენ არასდროს გვქონდეს უფლება
    ეჭვი შევიტანოთ შენს მოწყალებაში,
    არსებობაზე – ლაპარაკიც ზედმეტია. სწორადაც იქცევი,
    რომ ასე ადვილად არ გვითმობ ჩვენს თავს,

    რომ გვახვეწნინებ ჩვენივე სხეულებს,
    ჩვენს შიშველ და სასაცილო, მოუქნელ სხეულებს,
    და არასოდეს გვიტოვებ დროს
    ავიდეთ და მივალაგოთ ჩვენი საფლავები,
    ფოთლები გავხვეტოთ,
    მტვერი გადავწმინდოთ ქვიდან.

    სწორადაც იქცევი.
    ჩვენ ხომ ჩვენივე სიცოცხლეც კი არ მოგვენდობა,
    სიკვდილი კი – მითუმეტეს; მაგრამ რა ვუყოთ სიზმრებს,
    რომლებიც, გაუგებარია,
    თავიდანვე რისთვის ჩაგვითქვი?
    აქ კი, ჩვენს დროში, მათი ატანა შეუძლებელია,

    ცხადიც გეყოფა, რომ დაგვცინო. სახლში ვბრუნდებოდი
    და შორიდანვე დავინახე რუხი ბოლი,
    ცისკენ აწვდილი,
    და რაც უფრო მივუახლოვდი,
    მოიმატა მითუფრო ეჭვმა,
    რომ იქ

    ჩემი სახლი იწვის. გამოღვიძებულმა,
    ცივი ოფლით დანამული ბაგეებით
    მადლობა გითხარი
    და გულს, ჯერაც აჩქარებულს,
    კიდევ ერთხელ შეუყვარდი,
    რადგან მხოლოდ სიზმრით დამსაჯე.

    ასე გამომტყუე რამდენი მადლობა. მაგრამ ეს – ბოლოა.
    ესეც ბოლოა, როგორც გუშინ,
    როგორც ყოველთვის.
    როგორც გუშინწინ,
    როცა ლიფტში პირჯვარს ვიწერდი
    დაბნეული – რომ მე მართლა პირჯვარს ვიწერდი

    და ბედნიერი – რომ ის ბიჭი დამხვდა ცოცხალი,
    მე კი, ვიდრე მოვძებნიდი,
    რა სიმწარე აღარ ვიფიქრე.
    ის კი დამხვდა მხიარული, მთვრალი, ცოცხალი
    და გამიღიმა. შიშველ ტანზე ეცვა ქურთუკი,
    რადგან ჯემპრი და მაისური თურმე ჩხუბში შემოახიეს,

    შემდეგ კი ლიფტში ვიდექი და პირჯვარს ვიწერდი
    და უეცრად გონს მოვეგე. მეც გამეცინა
    და მომეჩვენა, შენც დამცინე. შენი არ ვიცი,
    მე კი ჩემს ხელზე გამეცინა,
    პირჯვრის წერისას გაქვავებულ ხელის მტევანზე
    და იმაზეც, რომ ის ლიფტიც კი

    ზემოდან ქვემოთ ეშვებოდა. ახლა მჭირდები,
    რადგან ცხოვრება ბავშვობა და სიბერეა,
    რადგან ყველაზე საზარელი მათშორის გზაა,
    რადგან მეც მიჭირს შუაგზაზე,
    სადაც ამდენი საცდურია –
    საქმეც გვინდა, სიყვარულიც, ძილიც, წუწუნიც,

    შენ კი არ გინდა დაგვენახო. მეორდება ჩემი სიზმარი,
    მერამდენედ მესიზმრება ჩემი თავი
    ინვალიდის მოხდენილ ეტლში;
    და თუმც არ მჯერა საკუთარი წინათგრძნობების,
    თუმცა სიზმრები არასოდეს მიცხადდებოდნენ,
    გამოღვიძებულს, ისევ შენკენ გამექცა ფიქრი,

    რადგან, თუ სადმე მეჩვენები,
    იქ მირჩევნია, იმ სიზმარში: სიზმრის მიწურულს
    მოულოდნელად რომ ჩაჭიდო ჩემი ეტლის სახელურს ხელი
    და ვიდრე გონზე მოვეგები,
    მიმაგორო მაღალ სარკესთან
    და დაგინახო ჩემს ზურგსუკან ბინდბუნდში მდგომი;

    დაგინახო და დაგიჯერო. თუკი სადმე, ისევ სიზმარში,
    თან სიზმარში და თან სარკეში,
    ალბათ იქ თუ დაგიჯერებდი,
    მისვენებული ინვალიდის მოხდენილ ეტლში,
    და არ მოგთხოვდი სხვა სასწაულს, ვთქვათ, განკურნებას;
    ოღონდ თვითონაც ნუ დამაფრთხობ

    და ნუ მომთხოვ ყველაფერს ერთად:
    დღეს დამავალე, შევიყვარო მტერი ჩემი
    და თანდათან გამირთულე მოთხოვნები. არ გამოვრიცხავ,
    რომ ბოლოს გახდე ისე ცხადი და უეჭველი,
    როგორც ცხადია, რომ ეს ლექსი – არ არის ლექსი
    და ის, რაც არის, აქ არ მთავრდება.

    * * *

    არავითარი ნიჭი წინათგრძნობის –
    დამინდო ღმერთმა.

    მაგრამ,
    რათა იღბლიანად არ მეგრძნო თავი,

    მომცა მეორე:
    წარსულის ნიჭი.

    წარსულის,
    სადაც გამუდმებით რაღაც იცვლება.

    დღეს მახსოვს:
    მაშინ დედაჩემმა ვერ დამინახა.

    ხვალ მეხსომება:
    დამინახა, მაგრამ არ მითხრა.

    ზეგ კი მოვყვები:
    მე დედაჩემს თვითონ ვუთხარი.

    * * *

    1

    ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები ჩემ ცხოვრებას,
    რომელიც იცინის.

    ალბათ ბოლომდე არ მჯეროდა, რომ სამყარო მართლა არსებობს,
    რომ ის ქვეყნები, ქალაქები, ჩანჩქერები, კუნძულები
    მართლა არსებობს,

    და როცა ერთხელ, ორჯერ, მესამედ
    თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
    უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

    გაწბილება ორივეთი, სამყაროთიც, ჩემი თავითაც,
    მაგრამ უფრო – სამყაროთი, რადგან მისგან მეტს მოველოდი.
    ის კი აღმოჩნდა ისეთი და სწორედ ისეთი,
    როგორიც უნდა ყოფილიყო. თანაც –

    ნამდვილი.

    2

    რაც მეტს ნახავ, მით ნაკლები გეხსომება,
    ვეუბნები საკუთარ თავს,
    ის კი უღიმის

    მაღალფეხება ქერა მიმტანს,
    რომელიც მისი მაგიდისკენ მოირწევა საფერფლით ხელში
    და არ არის გამჭვირვალე. მე ვაფხიზლებ საკუთარ თავს: შეჩერდი, დაფიქრდი,
    ეს ყველაფერი მირაჟია! ის კი იცინის

    და ნეტარებით ეწაფება ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
    რომელიც არის ისეთი და სწორედ ისეთი,
    როგორიც ლუდი უნდა იყოს. ყველაფერი არის ისეთი,
    როგორიც არის. ყველაფერი მართლა არსებობს.
    მათშორის – რომიც. უკვე მჯერა. და თუ ასეა,

    ახლა რომშიც წამიყვანე, ვეუბნები მთელ სამყაროს,
    მაგრამ არ ესმის.

    3

    ყოველთვის სხვები მიდიოდნენ.
    მე კი, აეროპორტიდან მობრუნებული,
    კმაყოფილი ჩემი თავით – რომ გავაცილე,
    ავტობუსის გრილ მინაზე შუბლმიდებული,
    მონუსხული გავყურებდი ნაადრევი დილის მზეში გათქვეფილ თბილისს
    და საკუთარ თავს დაბრუნებას ვათამაშებდი:

    თითქოს წლების წინ დაკარგული
    და სამყაროშემოვლილი, როგორც იქნა, სახლში ვბრუნდები
    და სიყვარულით შევყურებდი ყველა ხეს და სახლს და ფანჯარას
    და ყველა გამვლელს. ეს არ იყო ცუდი თამაში.

    4

    ყოველთვის სხვები ბრუნდებოდნენ. მე ვხვდებოდი აეროპორტში
    და ვისმენდი მათ მონათხრობ უცნაურ ამბებს
    უცხო ქვეყნებზე, ქალაქებზე, ჩანჩქერებზე, კუნძულებზე,
    მოკლედ – ქალებზე,

    და მჯეროდა. არ მჯეროდა.
    არ მჯეროდა. ისევ მჯეროდა.

    მჯეროდა,
    მაგრამ არ მჯეროდა,
    რომ სამყარო მართლა არსებობს

    და როცა ერთხელ, როცა ორჯერ, როცა მესამედ
    თვითონ აღმოვჩნდი ისე სხვაგან, როგორც არასდროს,
    უხერხულობა, გაწბილება, ყველაფერი ერთად ვიგრძენი,

    და თან ჩემს თავზე ვბრაზდებოდი,
    რომელიც ისე ბუნებრივად, ისე სწრაფად მოერგო სივრცეს,
    ისე მოერგო, შეირგო და გაშინაურდა,

    თითქოს არასდროს წვეთი ეჭვიც არ გასჩენოდეს,
    რომ ის, სამყარო, უსასრულო,
    მართლა არსებობს.

    5

    მართლა არსებობს, ვფიქრობდი სტამბოლში.

    მართლა არსებობს, ვფიქრობდი ვენაში.

    მართლა არსებობს, ვფიქრობ ახლა, გოტებორგის ღია კაფეში

    და ნეტარებით ვეწაფები ზომიერად ქაფმოდებულ ქარვისფერ სითხეს,
    რომელიც მართლა ზღაპრულია. მართლა როგორ ყვარებიათ
    შვედებს სასმელი. მართლა როგორი მშვენიერი გოგოები
    ყოლიათ შვედებს. მართლა რამდენი წრფელი მართლა
    გროვდება ტვინში. და ყველა მართლა თუკი მართლა,

    მაშინ რომშიც წამიყვანე,

    აკი ყველა გზა რომში მიდის,

    ვეუბნები ჩემს ცხოვრებას,
    რომელიც მიკვირს.

    * * *

    აქ კარგია. მე ვწევარ წყალზე,
    მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    ცურვა გამორიცხულია –
    გული ისედაც ძლივს მუშაობს
    და სუნთქვაც მიჭირს. აქ კარგია. ვწევარ გულაღმა
    და სამდღიანი ლოთობის შემდეგ,
    დღევანდელი ამბების შემდეგ,
    ოთხი ფინჯანი ყავის შემდეგ
    სუნთქვა მიჭირს. მართალს ამბობენ,
    რომ ასეთ დროს ზღვაში შესვლა საშიშია. მე ვწევარ წყალზე
    და ნაპირამდე საკმარისი მანძილია, რათა შევშინდე,
    მაგრამ მშვიდად ვარ. აქ კარგია. მე ვჭუტავ თვალებს,
    მზე აბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    სუნთქვა სულ უფრო მიძნელდება. ვიხსენებ დღეებს,
    ვიხსენებ ყველას, ვინც მიყვარდა. წყალი მიმარწევს
    და სუნთქვა მიჭირს. ყველაფერი,
    ნაპირი, სიცოცხლე,
    ჰაერთან ერთად ცოტავდება. აქ კარგია. წყალი მატულობს
    და ბნელდება, და ცივდება. მე ვახელ თვალებს
    და მზეს, რომელიც აბრწყინებდა მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    ფარავს ღრუბელი. ღრუბელს
    წყალი. წყალს კი
    სიტყვები:
    ხმა,
    რომელიც შემოდის ჩემში,
    რომელიც ისმის არსაიდან – ყოველი მხრიდან,
    რომელიც ამბობს, რომ ამჯერად უნდა გადავრჩე,
    რომ მზე ისევ გააბრწყინებს მლაშე წვეთებს ჩემს წამწამებზე,
    რომ ჰაერი მოიმატებს, წყალი გათბება,
    რომ ჩემი გული დამშვიდდება
    და რომ უკვე ნაპირზე ვარ. აქ კარგია. ჩემს გარშემო ირევა ხალხი,
    ზოგიც წყალშია. მე ვზივარ და ვიღიმები. არავინ იცის,
    რომ აქ კარგია. რომ ყველანი უკვე გადავრჩით
    და მეც ნოე ვარ, როგორც ყველა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პოეზია

    ბელა ჩეკურიშვილი – ლექსები

    ჯამბაზი

    შევკაზმე სიტყვებით
    ფიქრების რაშები,
    სიტყვები ავკიდე
    დარდების აქლემებს,
    ვისწავლე სიტყვების
    ბუშტებად გაშვება,
    ძველი და ახალი
    შევკრიბე სათქმელი,
    სიტყვებით ავიგე
    კოშკი და მაჩუბი,
    სიტყვებით ვაქეზებ
    საფრენად შევარდნებს,
    სიტყვები შევფუთე
    წარსულის საჩუქრად,
    მოხვალთ და სიტყვების
    ფანტელებს შეგაფრქვევთ,
    სიტყვებზე დავკიდე
    რწმენა და იმედი,
    ნატვრა და სურვილიც
    სიტყვებად დავყავი,
    სწორედ იმ სიტყვებით
    თქვენ რომ გამიმეტეთ,
    შევქმენი სიცრუის
    პატარა სამყარო,
    სიტყვებით შემოვქსოვ
    ცდუნების ბადეებს,
    სიტყვებით ვხიბლავ და
    სიტყვებით დავგესლავ,
    ლექსებად გროვდება
    სიტყვების ნადავლი,
    რა უნდა საბრალო
    სიტყვების გალექსვას…
    სიტყვებით ვარიდებ
    თავს ბედის გამრიგეს
    და მიგებს, რამეთუ
    თვითონაც სიტყვაა,
    სიტყვებით მკლავენ და
    სიტყვებით ვნადირობ,
    სიტყვებს მიფენენ და
    სიტყვითვე მივყავარ,
    სიტყვებით შევაღებ
    ედემს და სამოთხეს,
    სიტყვებით შევიტან
    ცოდვას და სიძვასაც,
    სიტყვით მადიდებენ,
    სიტყვით უარმყოფენ,
    სიტყვებად მწერენ და
    მარქმევენ სიტყვასაც,
    სიტყვებით ვაცინებ
    ქუჩებს და დარბაზებს
    სიტყვებად გაგონილს
    ვაბრუნებ სიტყვადვე,
    სიტყვებით გართობთ და
    სიტყვებით გაბრაზებთ,
    უსიტყვოდ ველი რომ
    უსიტყვოდ გიყვარდეთ.

    ნატო ინგოროყვას

    “რა ქნას მოკვდავმა”
    ბესიკ ხარანაული

    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა,
    თანაც პოეტმა,
    თანაც ქალაქში,
    სადაც ქვაც კი სიბერით სცოდავს,
    სადაც ზღვებიდან გადმოსული საღამოები
    ახშობენ დილით დაბადებულ იმედის ნოტებს;
    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა, როცა არსებობს,
    მარტივ დღეებად გაფანტული
    უცხო სიზმრებში,
    როცა სინათლის წყაროა და
    მისი მსგავსები,
    არქმევენ სატრფოს,
    ხან მეგობარს, ხანაც სისხამზე,
    უძღვნიან ლექსებს
    და მოლოდინს უვსებენ სიტყვით,
    როცა ბგერებსაც უწონიან
    მისხალ-მისხალზე
    და ფეხაკრეფით გაურბიან
    უხერხულ კითხვებს;
    რა ქნას მოკვდავმა,
    თანაც ქალმა,
    როცა მარტოა,
    როცა წევს მზესთან
    და მკლავებით აღვივებს ქვიშას,
    როცა სიცოცხლის სურვილებმა
    უკვე დატოვეს
    და წყლის სიმშვიდით ელოდება
    რაიმე ნიშანს;
    და რა ქნას ქალმა,
    უპასუხომ,
    როცა ელიან
    მისგან სამოთხეს
    და არქმევენ გზასა და ჭიშკარს
    იმ სამყაროსკენ,
    სადაც საგნებს სხვა სახელი აქვს,
    სადაც სიყვარულს არ ატანენ
    ქარსა და პირქარს;
    და რა ქნას ქალმა
    მოტივტივემ
    ტალღებზე უხმოდ,
    უძვლოდ, უხორცოდ დარჩენილმა
    ქალაქში, სადაც
    ამინდებია და განწყობა
    თბილი და სულ სხვა
    პასუხებია და სახლები სადაზე სადა.

    * * *

    შენ ის მითხარი,
    ხელში შერჩენილ თიხის ნამსხვრევებს რა მოვუხერხო,
    თორემ კაბაზე ღილის მიკერება დედამ მასწავლა.
    რა მოვუხერხო ჩაის ფინჯანს
    კარადაში რომ გადავმალე,
    მაგრამ ყოველ დილით მაინც მახსენებს,
    რომ ჩაიში შინდის მურაბა არ დამავიწყდეს,
    რა მოვუხერხო ყვავილების ქოთნებს და მიწას,
    ბოტანიკური ბაღიდან რომ ზურგით ვატარეთ
    და მერე დიდხანს, დიდხანს ვაფხვიერებდით,
    წიგნებს რა ვუყო, ან სურათებს,
    ყველაფერს ნაგავს ხომ ვერ გავატან,
    ცარიელი კედლები უკვე შიშისაგან იხორკლებიან,
    ან საახალწლო ნამცხვარს რა ვუყო,
    მისი სუნი ხომ მთელს სახლში დაჰქრის
    და დაჟინებით მიმეორებს,
    რომ ნიგვზიანი რულეტები თბილ-თბილი უფრო გემრიელია…
    შენ ის მითხარი,
    როგორ მოვკრიფო რწმენის მარცვლები
    მდოგვის მინდორზე,
    თორემ სახეზე პუდრის წასმა დედამ მასწავლა…

    წუხელი სიზმარი ვნახე

    “წუხელი სიზმარი ვნახე, ნეტავ, დედავ, რაო?”
    ხალხური

    – რაო და,
    ის წყალი, თავზე თქეშად რომ გადმოგემხო,
    ჩემი ცრემლებია,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ის თევზი, წყალში რომ შემოცურდა,
    შენი ექიმია და
    თევზმა ეშვები რომ ჩაგასო,
    მისი სკალპელი,
    – რაო და,
    აკვანს ღერძი რომ გასტეხია,
    შენი ხერხემალია და
    არტახები რომ დასწყვეტია –
    შენი ხელ-ფეხი,
    – რაო და,
    ავგაროზზე ღილი რომ აუჭრიათ,
    შენი თავია,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ჩიტები რომ მოგეგებნენ,
    შენი და-ძმებია,
    ჟღურტული მიტომ აღარ შეუძლიათ, რომ
    ენა თევზებმა შეუჭამეს,
    ბუმბული მიტომ დასცვენიათ, რომ
    იმქვეყნად ტანსაცმელი არ სჭირდებათ,
    ფრთებით გზას მიტომ განიშნებენ, რომ
    თან უნდა გაგიყოლონ,
    – რაო და,
    თორმეტ ნაწილად გადასერილს
    ერთად აგკინძავენ,
    ეს ერთმანეთით ისწავლეს და
    აღარ შეეშლებათ,
    ვაი აქვს შენს დედას და ნუგეში არ უნდა!
    – რაო და,
    ლეღვის ხეს ნაყოფი რომ უხმება,
    დედაშენის მკერდია და
    საწნახელი სისხლით რომ ავსებულა –
    მისი მუცელი,
    ტყისპირას ტურები რომ გაჰკივიან,
    მისი გოდებაა,
    ვაი აქვს შენს გამწირავს და ნუგეში არ უნდა. . .

    ბარბარობა, 2007

    მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი,
    თუნდაც წარსულიდან, ანდა მომავლიდან,
    ვიღაც ადრე მოდის, ვიღაც იგვიანებს,
    ვიღაც არ გვინდა და ვიღაც სულ არ გვინდა,
    ვიღაც ღმერთია და ჯვარზე გაკვრას ითხოვს,
    ვიღაც ერთგულია, ვიღაც – ეჭვიანი,
    ვიღაც ღალატისთვის სამოთხეს დაგვითმობს,
    ვიღაც ვერცხლის ფულებს ყურთან გვიჩხრიალებს,
    ვიღაც შემოდის და დროებით ჩერდება,
    ვიღაც გამვლელია, პედლებს ატრიალებს,
    ვიღაც გვემუქრება იმქვეყნად შეხვედრით,
    ვიღაც წმინდაა და ვიღაცა – მტვრიანი,
    ვიღაც ჩვენს სხეულთან პირისპირ დაგვტოვებს,
    ვიღაც ბალახია, სველი და შრიალა,
    ვიღაცა ჰაერში აკეთებს სალტოებს,
    ვიღაც ძირს ვარდება, ვიღაც მისრიალებს,
    ვიღაც დაგვიფარავს ფრთებით და კალთებით,
    ვიღაც კოცონია, მწველი და ბრიალებს,
    ვიღაცის გვჯერა და კიდეც ვემსგავსებით,
    ვიღაც იკოცნება, თანაც ვნებიანად,
    ვიღაც იწყება და იკეთებს კონტურებს,
    ვიღაც მთავრდება და ცოტას გვაზიანებს,
    მე კი წარღვნამდელი მზერით შემოგყურებ
    და შენი კიდობნის მტრედებად ვხმიანობ
    და ახლადნანახი მიწის სიხარულით,
    მზე რომ დედა იყო, თბილი და ბრდღვიალა,
    პირველადშეხვედრის რიტუალს ვასრულებ:
    მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი… ……

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“