-
-
ზვიად რატიანი – წერილი საიდუმლო დედას
-
ლელა სამნიაშვილი
კაბა
თითოეული სირმით, ნაქარგით,
მძივით ვცდილობ წარმოვიდგინო
თუ როგორი ლამაზი იყო
ქალი, რომელსაც ტანზე ემოსა
ეს თეთრი კაბა – მუზეუმში,
ნახევრად სარდაფში თუ მარადიულ
ბინდში – ნაზად გამოფენილი.
ნაწნავების და თვალების და
ბაგის გარეშე – თაროებს შორის
ბჟუტავს იგი. ბჟუტავენ ლალის
თვლები ხავერდის ჩიხტიკოპებში,
ბეჭდები და ხანჯლები და
ნამტვრევები – ფიალებად შეწებებული.
და ისევ კაბა – სამუდამოდ უარყოფილი,
როგორც ზედმეტად მძიმე თუ გრძელი
თუ – ზედმეტად მშვენიერი, თვალისმომჭრელი.
ვდგავარ – მისგან თავისუფალი.
სიმსუბუქისთვის – სამოსელიც,
სხეულიც დადნეს! მაგრამ ეს კაბა –
შორიდან ისე მსუბუქია, ერთი წამით
შეიძლება ვისურვო და ლექსად დამაჩნდეს:
ჩავიცვა, კალთა ჩამოვბერტყო,
ჩამოსცვივდეს ჩრჩილის პეპლები.
* * *
ფრჩხილებს – ლაქი და
პერანგს – კრახმალი;
და თქვენთვის –
ეს დღეც არის ახალი;
მართლა ახალიც –
სადღაც აქ არის:
ხორკლიანი და გაულაქავი.
* * *
ზღვამ გაიტაცა მზის ქუდი –
შხეფებით, ტალღის მორკალვით;
ვიღაცას – თევზის კუდიანს –
ტალღაში თვალი მოვკარი;
და ჩემს გარშემო გაშლილი –
ზღვამ თან წაიღო ნადავლი:
ცა – გამჭვირვალე თავშალი,
ნაპირი – ჭრელი სანდალი;
ანაა, თუ – მარიანა,
თუ კიდევ ვინმე – დობილი?! –
სიტყვების ელვით, მარილით –
ტალღაში გადადნობილი;
ვისაც ზღვის ლექსი აქეზებს –
ვარდისფრად შეღამებული:
ქალთევზად იქცეს, ნაპირზე
დატოვოს – შეყვარებული.
დამსვენებლები
ამ ზაფხულს – წყალი ვერ იქნება
მიწის ვეება კოცონზე თუ ფერფლზე ძლიერი;
ვიცი და მაინც, მატარებლის სარკმელად იქცა
წუხანდელი ეკრანის შავი ჩარჩო; ნაცრისფრად
ამოიბურცა ზღვის ტილო, მე ის
დამალბობს და დამაბრუნებს ისევ სიცხიანს.
ესენიც – ჩემი დობილები – წელს კიდევ უფრო
მეტად გვანან საკუთარ თავებს თუ –
ოფისის გოგოებს თუ მზეთუნახავებს;
წვანან ნაპირზე და ითვლიან: ეს ცა არის
პირველი; სადღაც მესამეზე ბრწყინავენ
ჩვენი საქმროები; და მეცხრეზე – კადილაკები;
და მერე მაინც ერთად ვაბრუნებთ
ქვებზე ამოყრილ მედუზებს ზღვაში.
ღამის ტილო კიდევ უფრო მეტად სველდება:
სველი ხმები, სველი ფერები; აქედან –
ღამის ბულვარიდან – ვეყუჟებით თითების თეატრს;
მსახიობები უცხო ღმერთებს გვანან –
სიცოცხლეს გრძნობენ, ატევენ – ხელის მტევნებში.
სუნთქვაშეკრული ვზივარ და ვცდილობ
არ გავინძრე. თითქოს ჰაერში, ჩვენს თავსზემოთ
ვიღაც ტივტივებს და იმისი თითებია – ჩემი ხელები,
ჩემი ფეხები, რომლებიც მთელი ღამე
სველი მაქვს, გაოფლილი; კოღოების ნაკბენებს
ვითვლი. მეჩვენება, რომ ამ ზღვასთანაც
და ხმელეთის შუაგულშიც – მთელი ქვეყანა
დასიცხულია, დაკბენილია და გაუნძრევლად,
საზიზღარი ნეტარებით ყველაფერს ითმენს.
* * *
გარშემო
ფრენენ ხარაბუზებად –
აქლემები თუ მხოლოდ კუზები;
და არ ამცდება თითის დაქნევა,
მათგან ერთიც რომ იქცეს აქლემად.
ტყვეების გაცვლა
ჭიანჭველების დედოფლის შავი საშოდან
ნელა მოიწევენ ჯარისკაცები; იყოფიან:
ერთი – მარჯვნივ, მეორე – მარცხნივ;
სათვალავი მერევა; საით უნდა წავიდე?!
კოლონია სადღაც ზურგსუკან გუგუნებს და
თვალებისკენაც – ზუსტად იმავე სხეულებით
და ხმაურით ამოვსებული შავი ორმო –
მობჯენილია. ომის ღმერთებო, უნდა მანიშნოთ
საით არის ჩემი ქვეყანა ან სიყვარული?!
სახეები დაუბრუნეთ თქვენს ჯარისკაცებს,
რომ შემეძლოს მტრისგან მოკეთე გამოვარჩიო;
თორემ ეს მიწა – მდინარის, ზღვის, ოკეანის
ორივე მხარეს – სასწორის ორი შავი თეფშია –
სიყვარულის გამომხმარი ფესვებით სავსე
და კარგავს, კარგავს წონასწორობას… ვიდრე
სიძულვილს ამატებთ მათში; ძვლებსა და კოცონს
და აი, უკვე – ჯოჯოხეთურ სიმსუბუქესაც.
და დამწვარი, სისხლებშემხმარი ჯარისკაცები,
თუ კვამლიდან გამოაღწიეს, მოათრევენ
ხორბლის მარცვლებს; არც დაჭრილებს,
არც სამშობლოს, არც ერთგულებას…
და ღმერთებო, თუ კვამლიდან გამოვაღწიე… –
ზურგით მოვათრევ, ხელუხლებლად გიბრუნებთ
მთელს თქვენს ძლიერებას, მრისხანებას,
თავდავიწყებას… და დამიბრუნეთ, დამიბრუნეთ
ჩემი სისუსტე: ხსოვნის ძალა, სიყვარულისთვის
სიცოცხლის და სიკვდილის ძალა.
© ”არილი”
-
ზვიად რატიანი
დაგვიანებული პასუხი მეგობარს
შოთა იათაშვილს
I
რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტელევიზორებს
და ჩვენს კედლებზე მოწიკწიკე იაფ საათებს.
სარკეებს, სადაც გამრუდებულ სახეს ვისწორებთ.
საწოლებს, სადაც უკანასკნელ ღამეს გავათევთ.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ქაღალდებს; როგორც ფასიანს –
ფულის ნიშნებს და ასე შემდეგ, ისე სავსებით
უსარგებლოებს – ხელნაწერებს, რითიც სავსეა
ჩვენი უჯრები, და უჯრები ჩვენი მსგავსების.
ვერ ხედავს არყით გადავსებულ ერთჯერად ჭიქებს.
ვერც ბნელ ტროტუარს, ნამთვრალევი სადაც ვირწევით.
ვერც თაროებზე უწესრიგოდ მიწყობილ წიგნებს.
ვერც ჩვენს სახელებს, ზოგიერთის ყდაზე მიწერილს.
ღმერთისთვის ისევ შიშვლები ვართ. და ჩვენს გარშემო
როგორიც შექმნა, ისეთია ისევ სამყარო.
რამდენიც გინდა ცათამბჯენი, ქოხი ვაშენოთ,
უშენ მინდვრებზე ამწეების ჩრდილი დავხაროთ,
მისთვის არსებობს მხოლოდ მიწა, რომელსაც ქარი
გვის და ამტვერებს; და რომელშიც შიშვლად ვმარხივართ.
და მას არ ესმის ტელეფონის გაბმული ზარი
ცარიელ სახლში. და ვერც ხედავს, თუ აქ სახლია.
II
ზამთარია. სასაცილო სპორტული ქუდით,
მამისეული ბათინკებით შენ მოირთვები
და წახვალ ქარში, ან წვიმაში, ჯიბეში ხურდით,
გულში სიმღერის არცთუ ისე მსუბუქ ზვირთებით.
წახვალ და, თუმცა დღეს არავის ნახვა არ გინდა,
მაინც, გზადაგზა კაფეებთან აყოვნებ წამით
და იხედები ვიტრინებში: ერთერთ მაგიდას
იქნებ უსხედან ნაცნობები, რომლებიც სვამენ.
მთელი დღე ძვირფას, მობეზრებულ ქუჩებში ივლი.
ღამით აბოლებ აივანზე. მერე შეწვები
ნაჩვევ ლოგინში. ვერც ვიტრინებს, რომლებიც დილით
გირეკლავდნენ, ვერც აივანს, სადაც ეწევი,
და ვერც იმ ლოგინს, სადაც წევხარ, ვერ ხედავს ღმერთი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს მაგიდას, რომელიც კვლავაც
არეულია. ვერც ხელნაწერს, რომელსაც ხევდი.
ღმერთი ვერ ხედავს შენს თითებში მომწყვდეულ კალამს.
ვერ ხედავს არყის ბოლო წვეთებს, რომელსაც ვიყოფთ.
და ვერც ნასუფრალს ბნელ ოთახში, როცა ვიშლებით.
მისთვის ისევე შიშვლები ვართ, როგორიც იყო
ყველა, ვინც იყო. ვინც იქნება. ისე შიშვლები,
როგორც ადამი. და რაც გინდა სხეულს ფარავდეს –
ლაბადა, ჯინსი, ანაფორა, ნიღაბი, ჩექმა,
ღმერთისთვის მაინც შიშვლები ვართ აწ და მარადის
და სამყაროც ისეთია, როგორიც შექმნა.
III
მისთვის სამყარო ისეთია, როგორიც თავად
ოდესღაც შექმნა და მოხატა ლურჯი ლაქებით.
მხოლოდ მიწაა და მდინარე, რომელშიც გავალთ
და ყველაფერი დასრულდება. ეს ქალაქები
და ეს სახლები, სადაც ვცხოვრობთ, რ არსებობენ.
არ არსებობენ არც ის გზები, ჩვენ რომ მივყვებით.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს ვერაფერს, რადგან ზემოდან
არაფერი ჩანს გარდა ერთის – გარდა სიტყვების.
ის ხედავს სიტყვებს. ოღონდ შიშვლებს. ჯერარშემოსილს
მნიშვნელობებით, ჟღერადობით, ასო-ნიშნებით.
ის ხედავს სიტყვებს, ეს-ესაა ჩვენში შემოსულს,
ვიდრე წარმოვთქვამთ, ვიდრე დავწერთ, ვიდრე შიშვლები
დგანან ჩვენს გულში და იცდიან. წიგნი ჩანიშნე,
ლამპა ჩააქრე, წაიფარე თბილი საბანი.
ღმერთი ვერ ხედავს ჩვენს საწოლებს, საბან-ბალიშებს:
შიშვლები ვყრივართ ცივ მიწაზე, წვიმით ნაბანნი.
და ვერც ამ სიტყვებს, სამწუხაროდ. მათგან არცერთი,
უკვე ნათქვამი, დაწერილი, ღმერთისგან არ ჩანს.
თუმცა ხედავდა თითოეულს, ვიდრე დავწერდი.
და ჯერაც ხედავს რამდენიმეს, რომელიც დამრჩა
მოსახელთები, დასაწერი. არ ქონდა აზრი,
თორემ ამ ლექსის დასრულებას ალბათ შევძლებდი
გულში მომხვედრი, ეფექტური, ლამაზი ფრაზით,
რომელსაც ერთხანს, ვაღიარებ, კიდეც ვეძებდი.
© “ცხელი შოკოლადი”
-
ზვიად რატიანი – მოძრავი სამიზნე
-
შოთა იათაშვილი – ლექსები
-
ლია სტურუა – ტყეს, რომელიც მიყვარს და სხვ. ლექსები
-
ზაზა თვარაძე – ლექსები
-
ეკა ქევანიშვილი
დაგეგმილი მაქვს
დაგეგმილი მაქვს ბოლო სიტყვები,
ტანიდან სულის გამოყვანამდე –
გახეთქილი ტუჩიდან რომ უნდა დამცვივდეს.
დაგეგმილი მაქვს
მარცხენა ხელი, უსიცოცხლოდ დაბლა დახრილი,
და მზერა მაქვს დაგეგმილი, ძალით სიცილჩატენილი,
როცა ამიყვან.
სასეიროდ მოსულ ხალხში უშეცდომოდ შესრულებული
ხელოვნური სუნთქვის რიტუალიც გათვლილია.
ისე ღიად უნდა მისუნთქო, ისე მძლავრად,
შენი შიშით,
ქარბორბალა გარეუბნებში სამუდამოდ გადაიკარგოს.
დათვლილია ის წუთებიც,
აფეთქებიდან მინავლებამდე.
და სიჩქარეც დაკვეთილია
ფართოდ გაშლილ ორმხრივ ტრასაზე,
220!
მაგრამ მანამდე,
მოპირდაპირე მხრიდან მოფრინავს ვიღაც, თავზეხელაღებული.
მერე მაშველებს შუა გზაში უთავდებათ უცებ საწვავი.
თეთრხალათიან გადამრჩენებს ეშლებათ ქუჩა.
აღმოჩნდება, რომ სისხლის ბანკიდან ბოლო წვეთები წინა დღეს გაქრა.
გადამცემ ბოძებს მოულოდნელად ეცემა მეხი!
მე კი მაინც დაგეგმილი მაქვს როგორ გაიგებ:
ერთდროულად გაწყვეტილი ჩემი და შენი კაპილარი
მარჯვენა ნესტოს ჩაუვლის და
სისველედ ჟონვას განაგრძობს მანამ,
სანამ მოწმენდილ ცაზე სრულიად მოულოდნელად
ჭექა-ქუხილი დაგიწერს, რომ
ვენები – ჩვენი საერთო სისხლით
მის საშველად
კილომეტრების მოშორებით გადაისროლო.
ვიდრე ყველა არ დაიჯერებს, რომ
ისეთი ბუნებრივია და ისეთი უსასწაულო,
ორ ადამიანს,
ერთდროულად
და განსხვავებულ განედებზე
წასკდეთ ცხვირიდან ერთმანეთი.
რაზეც ვდგავართ
რაზე დგას ეს წონასწორობა?
თუ თავი მზეში გაქვს გაჩრილი –
ყელზე ცეცხლის გიზგიზებს რგოლი.
და ვინც შენსკენ გადმოხტება,
ტემპერატურა უნდა დაწიო,
დამწვრობას რომ გადაარჩინო.
თუ სუნთქვა – დენთი
მოკრძალებულ ფეიერვერკად გისკდება ცაში,
გადარჩენილი ნაპერწკლები გიკვდება თმებზე.
საიდან ეს მჭედლის ძალა,
ცეცხლისმფრქვეველი ხარების ფლოქვებს
როგორ უნაცვლებ სუსტ ხელისგულებს,
როცა თესავ შენივე თავს სხვა ცხოვრებაში.
საიდან შეგრჩა
ძალა დგომის,
ძალა გაცემის.
ძალა შექმნის.
ძალა დარჩენის.
საიდან, თუ დახვრეტამდე,
წასაკითხი დაგრჩა მხოლოდ ერთი ფსალმუნი.
სახელსა და გვარზე, ადამიანო,
შენი ძველების აჩრდილების,
დანგრეული ტაძრის ლოდებში ჩატნეულ,
დიდ ომში ალეწილ ტანკზე ჩამოღვენთილ,
ქების სიგელებზე ოქროსფრად მიხატულ
სახელსა და გვარზე გიდგას ახლა ტერფები.
როგორც დაღი,
ნომრიანი რკინის ფირფიტა,
უნდა ატარო.
ვინაობის მკრთალი ზოლი შუბლის ძარღვთან,
რომელიც სულ ჩანს.
და რომელიც, თუ გაგიწყდა,
სამუდამოდ დაგამახინჯებს.
უხმაუროდ
მივაჯახუნე ეს რკინის კარიც.
თითქოს სახლის.
ილუზია – ციხე ჩავკეტე.
ამ სიჩუმეში გამაგრებული,
დუმილით გბომბავ.
კედლებზეა აყუდებული დაზეთილი იარაღი.
ტყვიების აცმა – შემორტყმული წელზე,
მძიმეა.
შენც ისევ ისე, ზურგით აკრული ამაგრებ კუთხეს,
ასწლიან ომში,
ზავის დროს რომ ჩამოგინგრიე – არ გემეტება.
თან, გაზაფხულზე,
ნატყვიარზე ამოხეთქილ ენძელებს უვლი.
უხმაუროა შენი ჭურვებიც.
დროგამოშვებით,
ცოცხლები თუ ვართ, შესამოწმებლად
ჰაერში ვისვრით.
დამზვერე – ნახავ:
მე
ახლა უფრო.
ამ ზამთარში,
ასჯერ უფრო. როცა
თოვლია და ხიდიკარი ჩაკეტილია,
მე, დასჯილი ერისთავის კარ-მიდამოდან
ვფენ შერიგების ბაირაღებს,
მოქარგულს ნისლით – ხევებიდან ამოვახვიე.
ახლა ათასჯერ
უფრო ხშირად
გადავყურებ ხრამს ციხის უკან –
რაც დავიტოვე, ის იარაღიც ხომ არ დავლეწო.
გამოვიდოდი ხელაწეული.
ზუსტად უნდა ვიცოდე ოღონდ –
ჩემი ურჩი წინაპარივით თვალებს არ დამთხრი…
რატომ გტირიმე
რატომ ვტირი ლოცვისას. შუაღამეს. თმაგაშლილი.
რატომ დგება ჯერ წელი, შემდეგ მკერდი, ბოლოს მხრები, ძილში.
თითქოს სული ამომართვეს.
რატომ გტირიმე.
უფალო.
შემიწყალე.
არაფერი გამეგება შენი.
არაფერი დამეჯერება.
რატომ გთხოვ ამ ადამიანების გადარჩენას და გითვლი სახელებს:
ნიცა, გიორგი, ეკატერინე, დავითი, ანნა.
თითქოს ჯიბეში ქრთამს გიტენიდე.
ერთო, კაცო, გაღმერთებულო.
შენი, ალბათ, კაცებს უფრო შურთ.
მინდა ძალა გესესხო მუჭით. როგორც მარილი.
დაგიბრუნებ.
როგორც კი.
ბოლოს დაგიბრუნებ.
შვინდას რქებზე ავუნთებ სანთლებს და ასე მოვალთ, ოღონდ ბოლოს.
სიბერეში ფუტკრებს მოვუვლი – სხვას ვეღარაფერს შეგპირდები.
დღეს, დღეს
რატომ ვტირიმე უფალო.
რადგან რასაც ხელი შევახე, გავაქვავე?
ამ ძებნის დღეს,
სიზმარში გეკითხები,
შენ ხარ?
იქნებ ეს ხარ, რომელიც ფეთქავ ყელთან, საფეთქელთან, გულთან, მაჯებზე.
ეს ხარ, ჩემი მკვდარი მეგობრის თავთან ანთებული კანდელი.
ახლაც და ადრეც
მეცნობოდი, მეცნობი, შენ ხარ
ვისაც გხედავდი,
როცა ვცვლიდით მე და ის ღერ მარიხუანას.
რა ადვილი იყო მაშინ,
როცა არ გვჭირდებოდი,
გვეგონა, გვეტენებოდი,
მაშინ, როცა ყველას ყოფნიდი, ჩვენ გვეკიდე უფალო
ახლა კი,
როცა თავად არ მყოფნი,
მინის ფერადი ნამსხვრევებით ვაწყობ შენს სახეს,
ხელისგული რომ ჩამოგისვა,
გადამაწერ ალბათ ჩემს ცოდვებს.
შხამი როგორ შევუშხაპუნე ადამიანებს, როვა ისისნი წვეთოვანით მყავდა
ძარღვებზე მიერთებული.
უფალო, კიდევ ერთი სიმღერა შენ – გიყვები,
ასეთი უთევზოა ჩემი ბადე.
მუხლამდე წყალში – ვისვრი და მოჰყვება მხოლოდ თბილი, სისხლიანი გულები.
ასე ურითმოდ,
არითმიის ფონზე გიყვები უფალო, შენც ხომ იყავი ადამიანი?
რა ძნელია ვთქვა:
ჩვენ აქ ვერ ვიტანთ ერთმანეთს!
ვერ ვიტანთ ერთმანეთს!
მაგრამ თბილად ვიღიმით ვირტუალური „სმაილიკებით“
ვკავდებით სექსით პირად მიმოწერაში, ადგომაც აღარ გვჭირდება
თავლებსა და ფარდულებში სიყვარული დამთავრებულია.
კი არ გწერ, გტირიმე უფალო,
რადგან მახსოვს ახლაც,
არამშობლიურ არხზე
გადის ეროტიკული კინო,
სადაც გეი არის უბედური და ის ხანდახან გითხოვს შენ
როგორც პოპკორნს.
უფალო, ასე მიყვარხარ მე,
და ასეთია დღეს ჩემი ვარჯიში ლოცვაში.
და გტირიმე,
რადგან ნელ-ნელა ვხვდები
რა ფერისაა ჩვენი დაფარული ორგანოები და
რა მძიმეა ჩვენი სულები.
ცეცხლია
მე – კომფორტულად, ელექტროსკამზე.
შენ – რა ხანია, ზიხარ ღილაკთან.
ბრრრრრრრ
და მაჟრჟოლებს.
ბრრრრრრრრ ენერგიას
მონაცვლეობით მმატებ და მაცლი.
აქაც ცეცხლია.
ნაპეწკლების ხელჩართული ბრძოლა ძარღვებთან.
გილოცავ.
კედლის კუთხეში საახალწლოდ პრიალებს
„გეკო“.
ზუსტად თორმეტზე.
უნდა ავყვეთ მთების ექოს.
ბა-ბაააააააააახ!
ვჩხიბავ.
ბა- ბააააააააახ! – ვაერთებ.
ჩემი და შენი
სახელების უმარტივესი კომბინაციაც
გადაიქცევა ცეცხლსასროლად,
რომლის ტარმაც ბავშვობაში შემინგრია მხარი
და თითი,
საჩვენებლი,
ჩამრჩა ჩახმახთან,
თითქოს ალქაჯებს კი არ ვაფრთხობდი, ვკლავდი,
უფსკრულამდე ფორთხვით ჩამყავდა.
ამ ახალ წელს
სხვები მაშხალებს,
ჩვენ – საკუთარ თავებს ვიფეთქებთ.
უფრო რომ დათბეს.
კომფორტულად,
სკამზე ჩამომჯდარს მარტყამს შენი
მკლავების დენი.
ვინ რა იცის,
გულში მუშტი რომ დაგიტრიალო,
გამოვიყოლებ დენთის ნარჩენებს.
საფრენი
როგორ უნდა მიუახლოვდე.
თუ სივრცე ისე გაიწელა,
სამიოდე ქუჩის ადგილას – გაეჩხირა მთელი ქალაქი.
როგორ უნდა,
თუ საფრენი ზონაც ჩაკეტეს მოლაღურებმა.
ზღაპრულმა ცხრა მთამ
შვა ბორცვები, გორაკები
ძებნის დღეს –
გზის ასეთმა გახანგრძლივებამ
ორივე უნდა ისე დაგვქანცოს,
თითქმის მწვერვალს მიღწეულებმა
ნიშნის კოცონი ვეღარ ავანთოთ.
სანაცვლოდ ცაა,
უერთმანეთოდ დათრთვილულები
მას ვაშტერდებით – ვინ პირველი დაახამხამებს ყინვის წამწამებს.
მონატრებაა.
კარემელ „საფრენს“
ამაოდ ვეძებ შოკოლადებს შორის დახლებზე.
მჯეროდა ასე:
ენის ქვეშ თუ დავადნობდი
ღამით ტანი გამეცლებოდა
და ფრენა-ფრენით
ჩამოაღწევდა მთიდან ბარში,
ანუ შენამდე – მისი მთავარი მოგზაურობა.
საჰაერო ბურთია, მგონი,
ეს ერთად ყოფნა – საითაც ქარი უკარნახებს.
გადამფრენების ბასრმა ნისკარტმა თუ არ გაფხრიწა,
მშვიდი იქნება მაშინ დაშვება.
დღეს
როგორ უნდა მომიახლოვდე,
თუ ქარბუქია ხვალის პროგნოზით.
სურათები, ადრე
გადარჩენა რთული იყო.
ვინც ღირსება არჩია თაყვანს,
სახლში დარჩა და შვილებს უთხრა:
ტყემლისაგან საუცხოო სასმელი დგება.
და შვილებს უთხრა:არყისთვის,
ტყის პანტა მსხალიც გამოგვადგება.
ის ადიოდა ხეზე ფრთხილად.
შვილები კი მოთმინებით იდგნენ ფესვებთან
პანტის, ხანაც ტყემლის სეტყვამდე.
მერე წებოვან, მჟავე სუნით
გაჟღენთილ ტომრებს
იყოფდნენ და ეჯიბრებოდნენ,
ხანაც ერთმანეთს უპირქვავებდნენ.
ვინ – პირველი,
ვინ – მალე უფრო,
ვინ უფრო მეტს მოაგროვებდა.
ერთი ხიდან მეორე ხისკენ.
სტვენა-სტვენით.
ეს მელოდია,
ტყეო, ნეტა თუ ისევ გახსოვს.
ტყეო, რით აღარ გამოგელია…
შებინდებისას, ყველა ხილი გვეზიზღებოდა.
ერთმანეთს ვჩრიდით ყელში ბურთებს.
მამა, არ მორჩა?
მამა ამ ხეებს დღეს რა გამოლევს?
რთული იყო თავის გატანა.
სექტემბერში ბიჭს ახალი ფეხსაცმელი, გოგოს – ჩანთა უნდა ახარო.
საღამო კი დგებოდა ქვევრთან.
დღემდე ვერავინ გადაგვარწმუნა,
ძირი თუ ჰქონდა თიხას ოდესმე.
არაყი პურზე იცვლებოდა.
არაყი ყველზე იცვლებოდა.
არაყი ფულზე იცვლებოდა.
რაც რჩებოდა – რჩებოდათ სტუმრებს.
როგორც ფუტკრები,
ჩვენს სკა-სახლს თავს რომ დასტრიალებდნენ.
ღამით, ქუჩაში, ჟრიამულში, წივილ-კივილში,
ეს ამბავი არ გაუგიათ.
ოდნავ, სულ ოდნავ ეწვოდა ბიჭს და ეწვოდა გოგოს ხელისგულები.
დღეს ეს კადრი მიცოცხლდება ყველა ტყეში – ამქვეყნად.
ის – კენწეროზე.
ჩვენ – მუხლებზე ვდგავართ ფესვებთან.
ხეზე ასვლა არ გვისწავლია. -
გივი ალხაზიშვილი
ოცდამეერთეს ფურცლები
* * *
ამ ზღვარს ვერავინ გადააბიჯებს, ცხოვრობ და ისევ აგრძელებ წრიალს
და კედლებს შორის მოქცეულ სივრცეს ფანჯარა ურჩევს გარეთ გახედვას,
იქ, ჰორიზონტთან ყულფივით წრეა და სიმრავლეა უცნობ სახეთა
და ერთადერთი ნაცნობი მზეა, რომელიც ჩრდილებს ამრავლებს მარად
ქალაქის ქუჩებს მოეფინება და ნოეს მტრედებს ააღუღუნებს,
იგი, ვინც სიკვდილს მიიჩნევს არად და გააგრძელებს ძველ საუკუნეს.
ხეები დგამენ ჩრდილის ნაბიჯებს და მათი ხმები არწევენ ფარდას
ქათქათა ფარდას, რომელიც არის სახლის და გარე სივრცის გამყოფი,
აქ ვიღაც სუნთქავს სიჩუმის გარდა და შენ ხარ მისი სუნთქვის ნაყოფი.
ყავის ჭიქიდან ასული ორთქლი გაგაშლევინებს ძველიძველ ალბომს
რადგანაც ორთქლში დაილანდება ნაცნობ სახეთა თბილი ნაკვეთები
შვილისთვის, რასაც ალბომი ამბობს, იმასვე იტყვის, როცა ჩავკვდები.
დატოვებ ანდერძს, არ გეშინია სადმე უაზრო სიტყვის ჩაგდების,
ვფლანგავ ყველაფერს, ანუ არაფერს, რადგან ცხოვრება ფიქრის ბადეა
და რჩება მხოლოდ გულისნადები, ანუ ქვეყანა, რაც მაბადია.
5-6.V.2001 წ.
* * *
ვინ იცის ეს გზა სად დამთავრდება, წუთიდან წუთში გარდამავალი,
რომელიც უკვე დიდი ხანია გამოგონილი საზღვრით გამიჯნეს,
ყოველი მგზავრი არის მავანი და სხეულები მიჰყავთ ნაბიჯებს
გაურკვეველი მიმართულებით, ან იქით, სადაც ხილვამ იელვა
და თავის სახე გამოაჩინა უცნობი სახის იეროგლიფმა,
მზე შეაგროვა, როგორც იელმა, რომელიც მგზავრმა მზერით მოკრიფა.
აქ უნდა იყო, მაგრამ ვინ იცის, აქ ხარ თუ სხვაგან, იქნებ არა ხარ
და შენი ყოფნა ყოფნა-არყოფნას განუსაზღვრელად აღემატება,
არაფერს ნიშნავს თვალით დანახვა, როდესაც სიტყვა იწყებს ნათებას.
ბგერებით გავსებს რომ დაგამუნჯოს და ვერასოდეს ვეღარ ამოთქვამ
სათქმელს, რომელიც სინამდვილეში არც კი ყოფილა თურმე სათქმელი
და უნებლიეთ, იგი გამოდგა თანდათანობით შენი შთამნთქმელი.
ისე წვეთ-წვეთად დაუბრუნდები დროს, შენს ხსოვნას რომ დღემდე ინახავს,
რაც ხილვის ბზარში წუთით გამოკრთა და მიგანიშნა: რომ ის აქვეა,
შენ ხომ არ იცი ახლა ვინა ხარ და შეშფოთებულ დუმილს რა ჰქვია.
…და აი, ბავშვი, პირველი სიტყვის ბუნდოვან ბგერებს რომ შეაგროვებს,
მისი ღიმილი მრავლისმეტყველი დროის ნათებას კვლავ ინარჩუნებს,
რომელსაც მწარე წლები აქრობენ და ბუნდოვანი ყოფა აჩუმებს.
ქვის კოდვა გიჯობს იმის ძიებას, ის, ვინც შენსავით ტანჯვით არ იშვა,
ვინც არასოდეს დაბადებულა, ვისაც ვერ შთანთქავს ჟამი შენსავით,
ვინც თვალში გაკრთა და მიგანიშნა – ფსალმუნი დარდის ამომკემსავი.
5.V.2001 წ.
* * *
სადღაც ჩიტები ჟივჟივებენ,
აქამდე აღწევს მათი ხმა –
ზამთრის ნაღვლიანი სიმღერა.
ჩვენც ბეღურებივით ვცხოვრობთ –
ზამთრის ხმაში ჩარჩენილები,
საიდანაც იმ წუთებს ამოვყავართ,
დღეს რომ ემატება შეუმჩნევლად
და ისეთი შუქით ვივსებით,
რასაც სახელს ვერ მოუძებნი,
როცა ჩიტები ჟღურტულზე გადადიან,
როცა მხიარულ ბგერებს პოულობენ
და მარადმწვანე ხეებს არწევს მათი სიმღერა.
ზამთრის სიმღერა უნაპიროა,
უნდა უსმინო ამ ხმებს,
ვიდრე ფანჯარაში შემოიხედავს
ნუშის ხე,
რომელიც სულაც არ წააგავს პატარძალს,
იგი, უბრალოდ, ზამთრის სიმღერის
ბოლო აკორდივით გაისმის –
ჯერ კიდევ ჩაჟამებულ ბაღში,
სადაც ჩიტები ჟივჟივებენ
უცბად გაზრდილ დღის თვალებში.
ჩვენც ბეღურებივით ვცხოვრობთ
და ხანდახან მზერა გაგვირბის
ნუშის ხისკენ,
გუშინ რომ კვირტი გამოუჩნდა
ჩვილის თვალივით,
რომელიც ჯერ ვერაფერს ხედავს.
* * *
… იმ გზის ძებნისას
სიტყვები წყვილდებიან
და მეტაფორის უფსკრულს ბადებენ,
როგორც შიშს,
რომელიც მუდამ ზურგს უკან დგას
და კეფაში გუგუნებს შიშის ორკესტრი –
მივიწყებული თვალის ასახელად,
საიდანაც შეიძლება დატოვო სხეული
და აღარ შეგაკრთოს დრომ,
რომელმაც დაკარგა მნიშვნელობა.
თუმცა იმ გზის მისაკვლევად
სიტყვები ჭიანჭველებივით მიცოცავენ კენწეროსკენ
და ცის დანახვის შემდეგ
უკან ბრუნდებიან დაეჭვებულნი,
რომ არ არსებობს ის გზა
და აღარ არის სავალდებულო რაიმე თქვა,
რომ ვიღაცას ცოცხალი ეგონო.
მაგრამ მუნჯიც ხომ ამოიღმუვლებს ზოგჯერ,
გული რომ არ გაუსკდეს,
რომ “უცნობ ღმერთს” ხმა მიაწვდინოს
და ხელების მოძრაობით უთხრას ვინმეს,
რომ ცოცხალია,
რადგან თვალებში ჩარჩენილ ფიქრს
ვერავინ ხედავს.
იმოძრავეთ, ხელებო, იმოძრავეთ,
მოხაზეთ ფიგურები,
რომლებიც მყისიერად ქრებიან –
ჰაერში – გაშლილ წიგნში,
სადაც არაფერი წერია
მოარული იეროგლიფების გარდა,
რომელსაც სინათლე ხატავს და შლის
დაუსრულებლად.
* * *
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
როგორ შემოიჭრა შენში სინათლე
და თვალებზე აფარებული ხელისგული
გაიხსნა სარკმელივით
და ის ქვეყანა გამოჩნდა,
სადაც მხოლოდ გრძნობენ ერთმანეთს
და არასოდეს ამბობენ რამეს,
რადგან დუმილში იგულისხმება
ყველაფერი და არაფერი.
უნდა დაიმახსოვრო, რომ მერე დაგავიწყდეს,
როგორ ამოიზარდა შენი ხელისგულების ქვეშ
მისი მკერდი
და სიბნელე როგორ გაანათა მკლავების თაღმა.
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
რაც დაგავიწყდა და გაიხსენო,
რომ ხელახლა გადაგავიწყდეს, რაც გაგახსენდა,
თან დავიწყებას და გახსენებას შორის არსებულ
დროში დარჩე, სანამ დარჩები.
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
“სად მიდის მუსიკა, როცა აღარ უკრავენ”,
რომ იგი შენში იმალება
და როგორც ხატი –
გულგრილობის საღებავით გადადღაბნილი,
ოდესმე ამოტივტივდება ზედაპირზე
და შემკრთალი გამოიხედავს
იმ ბავშვივით,
პირველად რომ აღმოაჩინა საკუთარი ჩრდილი,
დაედევნა და ვერ დაიჭირა.
სად მიდის ჩრდილი, როცა აღარ მოჩანს?!
უნდა დაიმახსოვრო, რომ დაგავიწყდეს,
როგორ ანათებენ მიწის სიბნელეს
იმის ძვლები, ვინც ღამის გავლით
დღიდან დღეში გადადიოდა,
ვინც უცაბედად თავს დაეკარგა
და გაეფანტა სიტყვა, როგორც ბაბუაწვერა.
უნდა დაივიწყო, რომ მერე გაგახსენდეს,
რაც დაგავიწყდა და გაიხსენო,
რომ ხელახლა გადაგავიწყდეს, რაც გაგახსენდა,
თან დავიწყებას და გახსენებას შორის არსებულ
დროში დარჩე, სანამ დარჩები.
* * *
ჩვენ ვერ ვამჩნევთ იქიდანაც რომ ბრუნდებიან,
ზოგჯერ სიტყვებსაც რომ გვკარნახობენ
ან სულაც ჩვენში სახლდებიან
ძველი სიცოცხლის გასაგრძელებლად.
ისინი მუდამ აქვე არიან…
მე ვგრძნობ მათთან თანაცხოვრებას,
სრულ სიჩუმეში, როცა ისმის
როგორ ივსება მტევნები წვენით,
როგორ მწიფდება დუმილში სიტყვა
მათი სუნთქვის აღმოსაჩენად.
ისინი მუდამ აქვე არიან…
თავიანთ საგნებს უბრუნდებიან,
თავიანთ ნივთებს ეხებიან უჩინარ ხელით
და გრძნობს ჰაერი მათ არსებობას –
უმიზეზოდ რომ ირწევა ფარდა,
როცა ფოთოლი ეკრობა მინას
დედაჩემის ხელისგულივით.
* * *
ვისაც ოდესღაც ცრემლი გაუშრა
და სიმუნჯეში დარჩა თავისთვის –
ის აღმოაჩენს გაოგნებული:
სინათლეშიაც არარა მოჩანს!
და მაჯისცემა ძველი მდინარის
ისმის შორიდან, რომ ჯერ არ მორჩა,
რაც მეორდება გამუდმებულად
და როგორც კუდი ბოლოქანქარის
დახტის კალამი, სიტყვებით ბოჭავს
ცოცხალ-მკვდარ განცდებს;
აღარ იციან ჩემმა ფანჯრებმა
რომელი მხრისკენ გადაიხედონ,
რათა თვალები სამყაროს გაცდნენ.
© ”არილი”