ანუკი ბურდული – და

burdul-8882

- იცი როგორი შეგრძნება მქონდა? თითქოს პლასტელინის იყო, რა ფორმასაც მინდოდა, მივცემდი. ვძერწავდი და თან ვაკვირდებოდი. წარმოიდგინე, ადამიანის ჯერ კიდე მფეთქავი გული რო გიჭირავს ხელში, შენს ხელისგულებში ცემს და მთლიანად შენზეა დამოკიდებული. და უცებ ეს კავშირი მომენტალურად გაწყდა. სადენები გადაჭრეს და მორჩა. დავრჩი ესე გაშეშებული. ადგა, პირდაპირ სახესთან ჩამიარა თავისი ჩამოკიდული, მკვდარი ასოთი, გეგონება ხორცს დაატარებდა და ტუალეტში შევიდა. მე კიდე ვიწექი უცებ და ბანძად ჩამოქვეითებული და მოშარდვის ხმას ვუსმენდი, – მილამ მოყოლა დაამთავრა და ჩაიდნის გამოსართავად წამოდგა – ამ ხნის მანძილზე გაუჩერებლად უსტვენდა.

რატომღაც შვება ვიგრძენი. ზუსტად იმ მომენტში ადგა, როცა წესით რაღაც უნდა მეპასუხა. – დარიჩინით გინდა? – გამომხედა და კარადა გამოაღო. – არა. მომბეზრდა უკვე ეგ გემო. არ გამიგია ხორცსაც, ჩაისაც, ყავასაც ნამცხვრის გემო ჰქონდეს! – ნამცხვრის კი არა ასტრიდ ლინდგრენის გემოა. – თქვა მილამ ცივად და ჭიქა მაგიდაზე დამიდო.

ლაპარაკის ძაფი გაგვიწყდა, ორივე ბოლო სადღაც დაეკიდა, ერთმანეთისგან შორს. თითქოს ჩვენც აღარ ვისხედით მაგიდასთან, გარკვევით დავინახე საგნებისგან დაცლილი სივრცე, რომელიც ჩვენს შორის გადაიჭიმა. უხმოდ და უხერხულად ვსვამდით ჩაის. მე – ცარიელს, მილა – დარიჩინით. მერე ქალაქის ტელეფონმა დარეკა და დერეფანში გავიდა.

ვერასოდეს ჩავწვდი ბოლომდე მის ამ უცნაურ ჩვევას – სახლში ყოველთვის ქუჩის მაწანწალა ქალივით აცვია. შალის წინდები, წელზე შემოკრული ან მხრებზე მოხვეული კიდევ ერთი შალი, ერთი მაიკა, მეორე მაიკა, ჯემპრი, ჟაკეტი – კომბოსტოსავით იფუთება. ერთხელ ახალგადმოსულ მეზობელს დამლაგებელი ეგონა.

ლოგინში ვწევარ. კადრებად ვხედავ მთელ სცენას. საკმარისია, ხელი გავიშვირო და შევეხები საწოლის რიკულს, რომელიც ჭრიალებს. ჩემი და კვნესის. ბიჭი ზემოდან არის. შეჭმუხნული წარბებით, დახუჭული თვალებით, გზის დასასრულზე კონცენტრირებული, მობილიზებული კუნთებით, მთელი სასიცოცხლო ენერგიის აკუმულირებით წინ, დაცლისკენ. ჩემი და, პირიქით, თვალს არ ახამხამებს. ეს აღაგზნებს – აქტის მთელი სიცხადით შეგრძნება. მისი სხეული განფენილია დროსა და სივრცეში. მიღიმის. არ ვავიწყდები. თვალები უელავს. ყოველთვის ჩემი დის გვერდით ყოველთვის წელში გამართული ჩემი წარმოსახვა. თვალები მეხუჭება. ძილს ვნებდები. წინ მიმიძღვის ყოველთვის ჩემი დის გვერდით ყოველთვის წელში გამართული ჩემი მდუმარება.

როცა თვალებს ვახელ, მილა უკვე ფეხზეა და სამსახურში წასასვლელად ემზადება. სიფრიფანა, თითქმის გამჭვირვალე პერანგი აცვია, თხელი ქსოვილიდან ძუძუსთავები ულივლივებს. კომბოსტოს ფურცლებს სახლში ტოვებს ხოლმე. სახლის ტანსაცმლის გროვა, რომელიც წინა ღამით მის სხეულზე იყო, კუთხეში, სკამზეა დახვავებული. გარეთ გადის და მეც სახლში მტოვებს. მეც ფუთის ნაწილი ვარ, ის, რაც არ უნდა გამოაჩინო, ის, რასაც უნდა მალავდე, რადგან მთლიანად ვერასოდეს აღმოფხვრი. – სახეზე თანაბრად მისვია? – მეკითხება გასვლისას. ეს კითხვა დამშვიდობებაა. სულერთია, რა პასუხს გავცემ. რამდენიმე წამში მარტო ვრჩები. ძილს ვიცი, ვეღარ შევიბრუნებ. სამზარეულოს სერვანდზე ფულს მიტოვებს – საგზალს მიმდინარე დღისთვის. საღამოს მორიგი სქესობრივი აქტის შესახებ მომიყვება – ისევ იმედგაცრუებული და საკუთარი დამცირებით აღფრთოვანებული ან, პირიქით, ბოლომდე დაკმაყოფილებული და ამის გამო შესამჩნევად სევდიანი კიდევ ერთ სპექტაკლს გაითამაშებს. მოვა და დაგვიბრუნდება – მე, ჩვენ სახლს, ძველისძველი ტანსაცმლის ტანზე ასასხმელ ჯავშანს. მოვა იმისათვის, რომ მოგვიყვეს. მოგვიყვეს, რომ ცოცხალია. და ჩვენც მოვუსმენთ, იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ დიდი ხნის წინ მოვკვდით.

თეატრის გადაჭედილ პარტერში ვისხედით. სინათლე ჩაქრა და მეც მექანიკურად მილას შევხედე. მობილურს შუქი გამოურთო და ისე მესიჯობდა. თეატრში ჩემი წამოყვანაც შემთხვევითი არ ყოფილა. სცენაზე ანტიკური ჩრდილები ათამაშდნენ, მე კი კარს ვიყავი მიჩერებული. ლოდინი დიდხანს არ დამჭირდა. როგორც კი მილამ მობილურს ბლოკი დაადო, კარი ჭრიალით შემოაღეს. საშუალო სიმაღლის ფიგურამ უცერემონიოდ გადმოაბიჯა ათეულ ფეხს და აღშფოთებული ჩურჩულის ფონზე მილას გვერდით დაჯდა. რამდენიმე წუთის მერე უკვე მილას სკამი იყო ცარიელი და სცენად პარტერი იქცა.

მილა ზემოდან იყო.

ერთპიროვნულად მართავდა.

საჭირო მიმართულებას აძლევდა,

აკონტროლებდა და არეგულირებდა.

იმდენად ბნელოდა და თავსაც იმდენად უხერხულოდ ვგრძნობდი,

ფორმაზე ორიენტირებული აქტის სიღრმეს ვეღარ ჩავწვდი.

მილას მიზანიც ეს იყო.

სანახაობა უნდა მოეწყო.

იცოდა, კინოში უბრალოდ პოპკორნს შეაყრიდნენ – სასურველ ეფექტს ვერ

მიაღწევდა.

თეატრს სხვა სიმძაფრე ჰქონდა.

ამისათვის ორგაზმსაც კი დათმობდა.

დათმო კიდეც და მის ქვემოთ მყოფ რიგითსაც დაათმობინა.

მოულოდნელად განათებული დარბაზიდან ორივე დაცვამ გაიყვანა.

მეორე დილით ჯარიმის გადასახდელად გამიშვა – საზოგადოებრივი თავშეყრის

ადგილას ამორალური ქმედებისათვის.

 

სექსიდან სექსამდე პერიოდი დიდხანს არასოდეს იწელება.

ერთი, ორი, მაქსიმუმ სამი დღის სულის მოთქმა და როგორც კი მარტო დარჩენის

საშიშროება დგება, მილა გარბის იქ, სადაც არასოდეს ელიან, მაგრამ სადაც

ყოველთვის შევა.

მილას ლოგინი მხოლოდ მილასია – იქ არასოდეს არავინ წოლილა მილას

გარდა.

უცხო ზეწრების, სხვისი ბალიშების, უცნობი საბნების სურნელი აცოცხლებს.

დღიდან დღემდე ასაზრდოებს ქსოვილზე დაღვრილი სპერმა.

სპერმა მილაში არასოდეს დაღვრილა – ნიადაგი არ ჰქონია, ამიტომ ვერც ვერასოდეს

დაბინძურდება.

 

ველზე გავიჭრებოდი.

არ მეტირება.

ნატვრა წამიერია, აუხსნელი და ისევე სწრაფად ორთქლდება, როგორც სპირტის

წვეთი ჩემი დის სარკეზე.

ძილის წინ ყველა სარკეს საგულდაგულოდ აპრიალებს.

როცა სარკეში იყურება, გამოსახულება წმინდა უნდა იყოს, კრიალა.

„მისის დელოუეიმ თქვა, რომ ყვავილებს თვითონ იყიდის“[1] – მეფიქრება

ჩემდაუნებურად.

აი, ისევ.

ჩემი ქვეცნობიერი „პომეხებს“ მაძლევს.

ველზე გავიჭრებოდი – როცა დაბრუნება ალტერნატივად არასოდეს განიხილება.

სამაგიეროდ, გვერდითი მოვლენების სია ამ დროს ძალიან გრძელია და გენური

ინჟინერიით დამზადებული პროდუქტის შემადგენლობის ჩამონათვალს ჰგავს.

 

ჩემი დის გარეგნობა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ეშხისგან დაცლილია.

ზოგჯერ მგონია, ჩემს გვერდით კედლის კარადაა აყუდებული.

საშუალო სიმაღლის, ძალიან თხელი ორი კარით და შიგნით მიმოფანტული მსუბუქი

თაროებით, რომელიც ყოველთვის ცარიელია.

წლების შემდეგ მოულოდნელად ამოვხსენი, ასეულობით მამაკაცის სქესობრივი

ლტოლვის ობიექტი რა ნიშნით ხდება.

მისი სხეული გაურკვეველი კონსისტენციის მძაფრ სუნს გამოჰყოფს, რომელიც

სურნელისაგან საკმაოდ შორსაა.

ამ სუნზე დაპროგრამებული კი განურჩევლად ყველა მამაკაცია – გაჩენის დღიდან,

ასაკის, პროფესიის, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

ქალებს ამ სუნით, იცის, ვერ მიიზიდავს.

 

მილა ფანჯრის რაფაზე ზის გადაშლილი ფეხებით. თითქოს წიგნია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით უნდა წაიკითხო. დედაენა, ვერც ერთ ასოს რომ ვერ გამოტოვებ. კაბის ფრთები ფანჯრის რაფაზეა გადაფენილი. თავი უკან აქვს გადაწეული – შუბლის წვერით ფანჯრის მინას ეხება. კაცის უკანალი სწრაფად მოძრაობს. აგრესიულად. მილას მუხლები უკანკალებს. რაფას ეყრდნობა. ყელზე ოფლის წვრილი ზოლი უწყვეტად მოედინება. უკანალი უფრო საშიში ხდება. უფრო მძლავრი. დაუნდობელი. დაწოლას გეგმაზომიერად აძლიერებს. ცდილობს მოახრჩოს ის, რაც ჯერ კიდევ სუნთქავს. მილას ხელები კაცის ზურგზე ინაცვლებს. ფრჩხილებით კანში ესობა. კაცს მთელი ზურგი წითელი ხალებით აქვს დაფარული. მილა ფეხებს ხვევს კაცს, როგორც ორთავიანი გველი. მის სუნთქვას ოხშივარი ასდის. ყვირილი უკონტროლო ხდება, მიწის სიახლოვის შეგრძნებასთან ერთად კი კანონზომიერად ილევა. ჩემი დის ნაპრალი იხურება, იკუმშება, ირინდება, მისკენ მიმართულ აგრესიას საკუთარ თავში კეტავს. და წამის შემდეგ ისევ იხსნება, იღვრება, იცლება, თავისუფლდება.

ამ საღამოს იმდენად იყო აფორიაქებული, ყველა დეტალი იმდენად ცოცხლად დამიხატა, მეც შემეკვრა სუნთქვა. თითქოს მათ შორის ვიყავი ჩაცურებული. თხელი ფირფიტა ვიყავი ორ სხეულს შორის. მეც შევიწოვე ტკივილი, დავიმუხტე და დავინაღმე. მინდოდა მეთხოვა, მეც წამიყვანე, მეც მომეცი უფლება დავესწრო შემდეგ ლიტურგიას-მეთქი, შემდეგ წირვას და მსხვერპლშეწირვას, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე -დამუნჯებული ვიყურებოდი მის ფეხებს შორის და ვხედავდი, ჯერ კიდევ როგორ თრთოდა მისი საშო.

ვირჯინია „საკუთარ ოთახზე“ [2] წერდა. მე „ჩემი დის ოთახში“ ვცხოვრობ. ჩემი დის გულის ცემის ქვეშ, ჩემი დის სასუნთქი გზების გადამკვეთ ველში, ჩემი დის სხეულის ერთ და უკლებლივ ყველა წერტილში. აქ ჩემი არაფერია. არც ერთი ქვა და ღორღი. და თუ როდესმე მეც მისი სხეულის ნანგრევებში მოვყევი, ძებნას არავინ დამიწყებს. უსახელოდ, უმიზნოდ და უმიზეზოდ ამომხდება სული.

- ის კაცი უნდა ვიპოვო, – თქვა მილამ ერთი კვირის დუმილის მერე. – არაფერი არ ვიცი, არც სახელი, არც მისამართი. გარეგნობითაც კარგად ვერ ვიხსენებ, ნაკვთები გადღაბნილია. მახსოვს, მაღალი იყო და შავგვრემანი, ერთი სიტყვაც არ უთქვამს. შემოვიდა. გაიხადა. დამელოდა, როდის გავიხდიდი. მერე ისევ ჩაიცვა და როდის ჩავიცვამდი, უკვე აღარ დაუცდია. და ამ წასვლასაც, საბოლოოდ, ისევე დავიკიდებდი, როგორც ბევრ სხვას. მაგრამ რაღაც იყო, რაღაც რასაც ვერ ვხსნი.

მილასგან განსხვავებით მე უკვე ვიცოდი, რომ ტკივილმა მის ფეხებს შორის თავისი ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. თავიდან უმნიშვნელო და უამბიციო, რომელიც სიმძიმეს გზადაგზა აკრეფდა და ჩემი დაც ამ ტკივილს სასოწარკვეთილი მოეჭიდებოდა. საკუთარ საშოში დათესავდა და მოვლას დაუწყებდა. ტყეს გააშენებდა და იქ დასახლდებოდა. ჯერჯერობით მხოლოდ პირველი სიმპტომები გამოავლინა. ხელები გაუოფლიანდა, უაზრო კითხვებს მისვამდა, საიდან შეიძლება დავიწყო ძებნა, რა ბაზებში შეიძლება მოვძებნო გარეგნული იერითო – აბსურდში გადავარდა, ლოყასთან წითელი ლაქა გაუჩნდა. ასე ემართებოდა, როცა ნერვიულობდა. ბავშვობაში ეს ლაქა უფრო პატარა იყო და ყოველთვის სიბრალულის გრძნობას მიჩენდა. ასაკთან ერთად ლაქის მასშტაბებიც გაიზარდა და ჩემშიც სიბრალული გაღიზიანებამ შეცვალა. წითელ ლაქას სამკუთხედის ფორმა ჰქონდა და ამოშანთულივით უბრიალებდა. ამ დროს სუსტი ხდებოდა და ჩემზე დამოკიდებული, რაც ჩვენ იერარქიას უხეშად არღვევდა. ასეთ წუთებში მე ვხდებოდი მისი „წინამძღვარი“. გაუთელავ გზაზე პირველი ნაბიჯების დამდგმელი.

მომდევნო დღეები ჩვენი სახლი გამოსასწორებელ კოლონიას დაემსგავსა. პანსიონს – ჭლექით დაავადებულთათვის. მაზოხისტურ ჰარმონიას მივაღწიეთ. ჩვენი დიალოგები მოკლე და ყოფითი გახდა. – შავი პური ამოიტანე, 0-პროცენტიანი. – მეტყოდა დილით და უზმოზე სიგარეტს ზიზღნარევი სახით ეწეოდა. მე ჩავდიოდი სუპერმარკეტში, ვყიდულობდი ლიტვური საცხობის პურს და ამოვდიოდი. – დუშის მილიდან წყალი ასხამს, ხელოსნის ტელეფონი მაცივარზეა მიკრული, – მეტყოდა შუადღეს, პირსახოცს თავიდან იხსნიდა და სველ თმებს ერთ მუჭად კრავდა. მე გავდიოდი დერეფანში, ვრეკავდი ხელოსანთან, რომელიც დაუღალავად არ იღებდა და მერე შხაპის მილს ბინტის კიდევ ერთ ფენას ვახვევდი.

ერთი თვის მერე სახლიდან პირველად გავიდა და როცა რამდენიმე საათში უკან დაბრუნდა, კარი თავისი გასაღებით არ გაუღია. საზეიმო ზარი დარეკა და მოყოლაც პირდაპირ ზღურბლიდან დაიწყო. თან ტანსაცმელს იხდიდა და მეც კუდში დავყვებოდი. – სამი დეტექტივი დავიქირავე. ერთი ჩინელია. აი, იცი როგორი ტიპია? რო შეხედავ გეგონება სულს ღაფავს. ფეხებს ისე მიაფრატუნებს და ისეთი მშიერი თვალები აქვს, მოგინდება რო შეეყუდო და ათრიო. არ ვიცი იმიჯი აქვს თუ მართლა ესეთია, მარა თავისი საქმის პროფესიონალია. ბევრმა მირჩია. მეორე ქალია. ძალიან სერიოზული ნაშა, ძუძუებით მიიკვლევს გზას, მოდის და მოაქვს. უფრო ვიდით ქაჩავს, რა, კაკრას ეგეთი მჭირდება. მესამე დასტოინი კაცია – ჰალსტუხი, როლექსის საათი, მაყუთას გავს. სასტუმროებს და ბიზნესცენტრებს დაუვლის. დილით სამივეს ერთად შევხვდი. შრეკი და შრეკის მეგობრები. ოფიციანტები აზრზე ვერ მოვიდნენ რა ხდებოდა.

მილა ისეთი აღტკინებული და ბედნიერი იყო, ვეღარ დავეწიე – ვერც ინფორმაციულად, ვერც ემოციურად. შემეშინდა. რამე უნდა მეკითხა, რითიც დავაბნევდი და ცოტას მაინც ამოვისუნთქავდი. – და დავუშვათ იპოვე, მერე? – როცა ვიპოვი. – გამიღიმა და ლაპარაკი ამით მომიჭრა.

ჩინელს შუადღეს შევხვდი. ფულის ნაწილი უნდა მიმეცა. ფეხით იყო. მილას აღწერამ ზედმიწევნით გაამართლა. დავინახე და საყოველთაო გამოუვალობით ავივსე. არ დავახანე და უთავმოყვარეო კმაყოფილებაც ვიგრძენი. თვითონაც თანაგრძნობით შემომხედა. სავარაუდოდ, მასშიც მსგავსი ემოცია გამოვიწვიე და ამან კიდევ უფრო ამიჩუყა გული. და აღარ ვიცი, რომელმა რომელს დაასწრო შეთავაზება, მაგრამ გზისპირა კაფეში შევედით. ფორთოხლისწვენგარეული არაყი შევუკვეთეთ, უხმოდ დავლიეთ და ერთმანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლაპარაკი არც ერთ ჩვენგანს არ დაუწყია. ანგარიში თანაბრად გადავიხადეთ და სამი ჭიქის მერე ისევ გარეთ გამოვედით. – სასიამოვნო იყო, – მითხრა ქართულად. - სასიამოვნო იყო, – გავიმეორე მისი სიტყვები. ხანდახან ადამიანებს აქვთ იმის უნარი, იყვნენ მდუმარენი და ამომწურავნი.

არაყი მალევე მომეკიდა. ცხვირი გამითბო. ფეხით ჩავუყევი ხეივანს. მომინდა, ჩემი წარსული მქონოდა. ან მინიმუმ აწმყო. ფაქტები, რომელსაც პირველ შემხვედრთან მოვყვებოდი. აი ისე, ახალგაცნობილთან მოულოდნელად რომ გაიხდი. შენი სიშიშვლით თავგზას აურევ. შეაშინებ და გაქცევას მოანდომებ. როცა შენი ცხოვრება ისეთი სავსეა, ვიღაცას აუცილებლად დათრგუნავს. რომელიმეს, ვინც რაიმე პრაქტიკული ან ამაღლებული მიზნით მოსასმენად წინ დაგიჯდება. ამ დროს შენს განცდებზე არ ილაპარაკებ. მშრალ ფაქტებს დადებ. შენ თავს ხმამაღლა მოუსმენ და მოპირდაპირე მხარეს მჯდომს ძირშივე მოუკლავ სურვილს, თვითონაც რამე მოყვეს. რა აზრი აქვს, მაინც ვერ დაგეწევა. სიტყვას არ ჩააგდებინებ. საკუთარი ორატორობით და ენამახვილობით დატკბები. კომენტარი საერთოდ არ დაგჭირდება. თუ თავი მოგაჩვენა რომ ტელეფონმა დაურეკა, ან წასასვლელია, ან თუ რაიმე გკითხა, შენ მაინც ილაპარაკებ. იდემაგოგებ. შენს ცხოვრებას თავიდან ფეხებამდე ჩამოუფერთხავ და წახვალ. ფაქტებისგან ჩამოცლილი და ამაყი. უცხო ფაქტების ტყვეობაში მარტოს დატოვებ. საკუთარ თავთან გააუცხოვებ და აღარ უშველი.

ამ ფიქრებით ავედი ხეივნიდან მოედანზე და 5 წუთიც არ დამჭირვებია ცდა, მეორე დეტექტივმა რომ მომიჩერა მანქანა. მანქანაში ჩავჯექი. ამწონ-დამწონა და დაქოქა. თან მობილურზე გაუჩერებლად ლაპარაკობდა. კაფეში რომ შევედით, პალტო გაიხადა, ძუძუები თავზე დამადო და ზუსტად ის ჩამიტარა, რაზეც სიმთვრალემორეული ჩემთვის ვოცნებობდი. – გუშინ ღამე პორნო ჩავრთე. ერთი საიტი მაქვს ამოჩემებული, პორნჰუბი ქვია. ბევრი კატეგორიაა, მე ყოველთვის პროფესიონალს ვუყურებ, არ მიყვარს ჰოუმ-მეიდები და დაბალი ხარისხი. შემთხვევით რუს გოგოს გადავაწყდი. თან პროსტა განტვირთვისთვის ჩავრთე, გონებას ვასვენებდი, დაჟე, მასტურბაციაც მეზარებოდა. ეიჩდი ხარისხი არ იყო, ბიჭი იღებდა ხელის კამერით. არ ვიცი რატო დავიწყე ყურება, ესეთებს ეგრევე ვთიშავ ხოლმე. ტიპი გოგოს ქუჩაში აბამდა, წუთში 100 ევროს სთავაზობდა. ჩეხეთში იყვნენ, ბევრი ილაპარაკეს, თავიდან გოგო ყოყმანობდა, მერე ფულის იდეამ მიიზიდა. 18 წლის იყო, გულუბრყვილოდ ლამაზი და მკვრივი. ეს ტიპი თვითონ არ ჩანდა. საკაიფოდ იჟიმავეს, გოგოს მუცელზე გაასხა. მაგარი მუცელი ჰქონდა – პრესით და ძაან სექსუალური პირსინგით. გოგო ადგა და აბაზანაში შევიდა წყლის გადასავლებად. ბიჭმა კამერით შეაცილა, თან მალე გამოდიო, მიაძახა, და ის იყო გოგომ კარი დახურა, გიჟივით დაიწყო ჩაცმა და მოხია. 1500 ევრო უნდა მიეცა წესით, 15 წუთს გადააცილეს. ესე დასრულდა ჩემი განტვირთვა. გაფართოებული თვალებით ვიჯექი ლოგინში. მერე გამწარებულმა კომენტარებს ჩამოვუარე, მაინტერესებდა, ვინმე კიდე თუ შეწუხდა ესეთი დასასრულით. სხვათა შორის, 32 კომენტარიდან სადღაც 25 ამ ტიპს აგინებდა. ფაქტია, პორნო უცებ დრამად იქცა. ჩემ განტვირთვას ვინღა ჩივის, ვინც ვიდეო ატვირთა, იმის ფეიჯზე გადავედი და მთელი ღამე გავათენე, ექაუნთი ვერ გავუტეხე, მარა სპამები ვუგზავნე და ვუგზავნე ყლეს, შეხედე თვალები რა დღეში მაქვს, ჩაცვენილი. უკაცრავად! – წამოიყვირა უცებ და ვერ მივხვდი ესეც ამბის გაგრძელება იყო, თუ რა ხდებოდა. თურმე ოფიციანტს დაუძახა. – პილმენი მინდა ქოთანში, ოღონდ ჩვეულებრივი ქუდით, – თვალი ჩაუკრა ბიჭს და ისევ მე შემომხედა. – აი, ესეთი ღამე მქონდა, თანხა მთლიანად მოიტანე ხო? – კი, მთლიანად, – კონვერტი ჩანთიდან ამოვიღე და გავუწოდე. ვიცოდი, რამდენიმეწამიანი საქმიანი პაუზა და ისევ გააგრძელებდა. არ შევცდი. – ამ სასტუმროსთან იმდენი რაღაც მაკავშირებს, თავიდან ვიფიქრე უარს ვიტყოდი. რა ვქნა, ზოგჯერ უდროო დროს მგრძნობიარე ვხდები, მარა ბოლოს გადაწყვიტე საკუთარ თავს პროფესიონალიზმი ამ ფორმით ჯობია დავუმტკიცო-თქო და მოკლედ ამ მოტელს ადრე ფიროსმანი ერქვა. დაჟე გარეთა კედელზე ჰქონდა აკრული ფიროსმანის გაქუცული რეპროდუქცია. არ ვიცი ვის მოაფიქრდა ეს სახელი დაერქმია ან რატო. ფიროსმანი არ მევასება, ბავშვობაში ვიღაცამ მანახა გუდიაშვილს რო ყავს დახატული, კიბის ქვეშ პირღია რო გდია და შიმშილით კვდება. ძაან ჟუტკი ნახატია, საცოდავი აურა აქვს ამ მხატვარს, რა. ხოდა, ამ მოტელ ფიროსმანში გავიცანი ერთი ტიპი, მაშინაც საქმეზე ვიყავი. იმას კიდე ნაშები დაყავდა. მეც დაახლოებით ეგეთ ვიდზე ვმოძრაობდი დერეფანში და ეგრევე ორგიაზე დამიწყო დაკერვა, ისეთი თვალებით თან, შევედი. მეორე ქალს, იასნია, 10 წუთში დავახვევინეთ. რო გავიხადე ორგია კი არა, თან მაშინ მკერდი ახალი გაკეთებული მქონდა, ჭკუიდან გადავიყვანე. პირში რო ავიღე ხო საერთოდ მოკვდა, მართლა მეგონა ხელში ჩამაკვდებოდა, ვაღმუვლე. იასნია, არ ვუთხარი რა საქმეზე ვიყავი, შევიფერე პუტანკას იმიჯი. ძლივს გავტენე ნომრიდან, ფანჯარასთან ვიდექი და ვუყურებდი, როგორ ჩადიოდა. ეგეთი სექსი მთელი ცხოვრების მანძილზე არ მქონია. 4-ჯერ გავათავე, აზზე ხარ? რეკორდი მოხსნა, თან ხელები ქონდა ცხელი და თვალები სევდიანი. ვიდექი, ვუყურებდი, სახელიც არ მიკითხავს, ვიცოდი მეორედ ვეღარ ვნახავდი. მანქანების სადგომისკენ მიდიოდა ძაან გასწორებულში, თან პიჯაკს იფერთხავდა. და უცებ დაბურულშუშიანმა ბეემვემ ჩამოიქროლა. ყველაფერი წამებში მოხდა, აზრზეც ვერ მოვედი რა, მიყრილი სროლის ხმა იყო. ადგილზე ჩაცხრილეს, დაყვირებაც ვერ მოვასწარი. მინას ვიყავი აკრული. მთელი ეს დრო მის სიკვდილს შუშიდან ვუყურებდი. გონება ერთაბაშად არ დაუკარგავს, კაი ხანი ფართხალებდა. მერე გავიგე, ბიზნესმენი ყოფილა, ჰოსტელების ქსელი ქონია ბათუმში, ოღონდ იმენა ჰოსტელების, არანაირი სექს-ინდუსტრია. საქმე ვერ გახსნეს, უკვე მე-4 წელი გადის. მე სულელმა კიდე მანქანის ნომრებიც ვერ დავიმახსოვრე. მერეც არ ჩავედი, ვიჯექი ნომერში, სადაც ზეწარს ჯერ კიდე ჩვენი სუნი ასდიოდა. ის კიდე ქვემოთ ეგდო. საცოდავად, ფიროსმანივით. რა სახით მისმენ? ლეზბო ხარ? – თავი უკან გადაწია და თვალებზე მომდგარი ცრემლი უკან ჩააბრუნა. არ ვიცი ესეთი რა სახით ვუსმენდი. ლოყები და გულმკერდი მიხურდა. – არა, – ვუთხარი და ტირილი ამივარდა – ხმით, ზედა და ქვედა ტუჩის სხვადასხვა მხარეს გაქცევით და ვერდაჭერით. ჩემი მოულოდნელი ამოხეთქვა არ შეიმჩნია, მარტო სახეზე გადაურბინა ჩრდილმა, თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე, რაღაც წავართვი. ალბათ, ეგონა იაფფასიან სენტიმენტებში კონკურენტი გაუჩნდა. სწრაფად წამოდგა და წავიდა. მე ისევ ისე ვიჯექი. როდის, როდის მოვიდა ოფიციანტი და ანგარიში დამიდო. მერეღა შევამჩნიე სიბნელე გარეთ, მანქანების ანთებული ფარები, ნახევრადდაცლილი კაფე.

როგორმე უნდა ამეკრიფა საკუთარი თავი და გავსულიყავი. როგორმე ისევ უნდა გამევლო გრძელი, იგივე გზა ჩემ სიცარიელეში დასაბრუნებლად. გზა, რომელმაც წლებია ფუნქცია დაკარგა და თავის თავში დაიკარგა. ჩემთან ერთად. ჩემს გუდას შემთხვევით თავი მოხსნეს. აი, გუდის ფსკერზე რა იდო, ბოლომდე მე თვითონაც არ ვიცოდი. მთელ ამ იაფფასიან „სასიყვარულო“ ტრილერში ერთადერთმა ფრაზამ შემძრა. შემთხვევითი შემხვედრის შემთხვევითმა ფრაზამ მიბიძგა ამომეყვინთა ჯერ არარსებულ, მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში.

მილას ღვინის ბოთლი ედგა და სვამდა – ხალათში იყო – მაკიაჟმოუშორებელი. გვერდით დავუჯექი და მეც დავისხი. – როგორ ჩაიარა დღემ? – მკითხა ხაზგასმით გულგრილად. ეჭვიც არ შემპარვია, უკვე იცოდა, მესამე დეტექტივთან შეხვედრაზე რომ არ მივედი. ყოველთვის მაღიზიანებდა ეს „შენით თქვი, შენით აღიარე“, მილას საფირმო და გაცვეთილი ხერხი. ჩემდამი მოჩვენებითი პატივისცემა, რომლის მიღმაც ყოველთვის მისი ამპარტავნება იდგა. თავდახრილი და ჩასაფრებული.

ავდექი და ღვინის ბოთლი ავიღე. გაოცებულმა შემომხედა. კარისკენ წავედი ისე, არაფერი ვუპასუხე. ჩვეულ კურსს გადავუხვიე. უცებ ვერ გამომყვა და გამიშვა. გავექეცი.

მე-11 რიგში დავჯექი. მუხლებზე გადაფარებული პალტოთი. ხალხით გარემოცული. ჩემი მარტოობა პირობითი და ბნელი იყო. ეკრანი სახეს მინათებდა. დიალოგები ჩემს სუნთქვას ახშობდა. ხელებს თავისუფლება მივეცი. დავსველდი ისე, არავინ წარმომიდგენია. ჩემივე სისველეში ხელი ამიცდა და როგორც ყინულზე, ისე დავცურდი. ორგაზმთან საკუთარი ხელით, შემთხვევით, მაგრამ მივედი. თვალები დავხუჭე და დარჩენილ ფილმს ვუსმინე – თავისი ხმოვანებით სრულყოფილს. გამოსახულებაჩამორთმეულს და ამით ცოცხალს – ჩემსავით.

ხელები არ დამიბანია გარეთ ისე გამოვედი და ბერეტიან გოგოს ერთი ღერი კენტი გამოვართვი. ყოველი ნაპასის დარტყმისას ჩემი ვაგინის მკრთალ სურნელს შევიგრძნობდი – ლიმონივით გრილს და მშვიდს. ხანშიშესულ დეტექტივთან შეხვედრას მაინც ვერ ავცდი. ნაადრევად დანაოჭებული სახე ჰქონდა, თითქოს მაკიაჟის სქელი ფენა ედო და მაინც არ შველოდა. თვალებში არ შემოუხედავს. დიდი კონვერტი მომცა, თავი დამიკრა და წავიდა – სწრაფი, საქმიანი ნაბიჯით. კონვერტი მაშინვე გავხსენი. ათი შავთეთრი ფოტო იყო. ათი დაახლოებით ერთი ასაკის შავგვრემანი მამაკაცის. რამდენიმე – პაპარაცული, ზოგიერთი – ზედმეტად ახლოდან გადაღებული. განსხვავებებს აღარ დავკვირვებივარ. კონვერტი ზურგჩანთაში ჩავდე და მეტროში ჩავედი.

პიკის საათში მოვყევი. ვაგონში შესასვლელად იმხელა ძალისხმევა დამჭირდა, პირველივე ზურგს ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მივეყრდენი. ასეთივე „დაღლილი“ მგზავრის ხელი კი ჩემს საჯდომს მოეყრდნო და მოეწება. შეურაცხყოფის ნაცვლად მადლიერებით ავივსე. გაუბედავ ხელს არანაირი მანევრი არ ჩაუტარებია. თავისთვის იდო. არც მძლავრი ბიოდენებით გამოირჩეოდა და არც ცივი ტემპერამენტით. ბავშვობაში ვერასოდეს ვიძინებდი, მილა წელზე ხელს თუ არ დამადებდა. ამ დროს მილასგან ზურგშექცევით ვიწექი, მისი ხელი კი ყველა შესაძლო საფრთხისაგან მიცავდა. 16 წლის რომ გავხდი, მილამ შიშებისათვის თვალის გასწორება მირჩია. ამდენი წლის მერე ვიღაცამ ისევ გამიმაგრა ზურგი. მთელი მგზავრობის მანძილზე არ მტოვებდა უსაფრთხოების განცდა.

- ზედმეტს არ მეტყვის. თუ ამ ათიდან ამოვიცანი, მარტო მაშინ მივიღებ პირადი ხასიათის ინფორმაციას. – ამ სიტყვებით გახსნა მილამ კონვერტი. 15 წუთი სწავლობდა ფოტოებს. – იმ დღის მერე სექსი აღარ გქონია? – ვერაფრით გავძელი, რომ არ მეკითხა. – არა, – ვერაფრით დავიჭირე განწყობა, რომლითაც ეს „არა“ იყო ნათქვამი. – არც ერთი არ არის. – თქვა ბოლოს, ფოტოები პედანტური სიზუსტით კონვერტში ჩაალაგა და მოსაწევად აივანზე გავიდა.

მილას დეპრესია ჩუმად დაიწყო. ლოგინის თავთან ღამის ნათურა გაჩნდა – ოდნავ მბჟუტავი, დაბალვოლტიანი. ყოველღამე ენთო და უღიმღამო ჩრდილებს ქმნიდა კედელზე. ტუჩებთან კანი გაეცრიცა და კრემი მაყიდინა. სარეცხის კალათში გასარეცხი ბიკინები დაგროვდა, ფანჯრის რაფაზე – თაროებიდან გადმოღებული და უკან არშედებული წიგნები, დღის სინათლეს დღითი დღე რომ ახშობდნენ და არც ისე მყარ კედელს ქმნიდნენ. ჩვენ სახლში ფარდები არასოდეს ეკიდა. ჩვენი სამივე ოთახის სამივე ფანჯარა წლების მანძილზე ასეულობით სხვა ფანჯარაზე გადიოდა, სანამ მილამ წაუკითხავი წიგნებით არ დაიწყო პირადი სივრცის კოლექტიურიდან გამოყოფა და ნელ-ნელა უარი არ თქვა თავის ერთადერთ ინტერესზე ცხოვრებაში – ყოფილიყო სხვისი და საკუთარი ცხოვრების მუდმივ ეპიცენტრში. არც ერთი წიგნის დასასრული აღარ გასწრებია მის დასაწყისს.

მილა ვერაფერს მიყვებოდა. მე არაფერს ვუყვებოდი. არ მომიყოლია ის დღე, როცა სავაჭრო ცენტრის ტუალეტში თეთრუნიფორმიან დამლაგებელს გავუღიმე. არ გავუზიარე განცდა, რომლითაც ნაძვის ხის სათამაშოები ავარჩიე და არ დავანახე პროცესი, როცა ნაძვის ხეს ვრთავდი – ფაქტის წინაშე დავაყენე. არ მივახარე ბოტოქსიანმა დეტექტივმა მეოთხე კვირის ბოლოსვე რომ მოუძებნა ობიექტი. ამ დროს მილა უკვე ლოგინად იყო ჩავარდნილი. აღარ დავურღვიე სასოწარკვეთა.

არანაირი შურისძიების წყურვილი ან ჩახშული კომპლექსების ხმამაღალი ამოხეთქვა. აწმყოში გადმოვინაცვლე. მილას ცხოვრება არაფერში მჭირდებოდა – არ წავართვი. “ჩემი ჯერი“ ჩემით ავიღე და გავინაბე. ჩავუსაფრდი.

-  გესმის როგორ სკდება სინათლეები? – მკითხა მილამ სიბნელეში.

მე უკვე დიდი ხანია ვუყურებდი კედელზე ამოხეთქილ ჩრდილებს და

აზრადაც არ მომსვლია მისთვის თქმა.

-  რა? – ნამძინარევი ხმა მივიღე და საბნის შრიალით გადავბრუნდი.

კითხვა აღარ გამიმეორა.

მესმოდა, ჩურჩულით ითვლიდა.

ალბათ, ისევ ჩაიფიქრა მერამდენეზე გაჩერდებოდა ფეიერვერკი.

ძველმანების ბაზარზე წავედი. თითქმის მთელი დღე იქ გავატარე. საგულდაგულოდ ვარჩევდი ნივთებს. ადამიანები არ მაინტერესებდნენ. უფრო მათი შემორჩენილი აურა მხიბლავდა – დახლებსა და მიწაზე გამოფენილი, ერთობაში განეიტრალებული. სათითაოდ ვიღებდი და ჩემში მძლავრად ვუშვებდი. იქვე იყო ჩემოდანიც, სადაც გაყალბებულ წარსულს ჩავალაგებდი. ზოგჯერ ილუზია რეალობაზე საიმედო აღმოჩნდება ხოლმე. მითუმეტეს, როცა დღის წესრიგში უკვე ნამდვილი წარსულის დაგროვება დგას. ერთადერთი რაც გესაჭიროება, საძირკველის დაკუჭული გაზეთებით ამოვსებაა – სიცივის მძლავრი ნაკადის ჩასახშობად.

საკუთარ თავთან იდენტიფიცირებას ვერ ვახდენ. ასანთის დამწვარ ღერებს ისევ ყუთში ვაბრუნებ. სამაგიეროდ, დამწვარ ღერებს შორის ჯერ კიდევ ცოცხლის პოვნა სიგარეტისთვის ცეცხლის მოკიდების პროცესს იმაზე მეტ აზრს ანიჭებს, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება და სწრაფი ნაპასების დარტყმით შემოიფარგლება – გემოს დიდი ხანია ვეღარ ვატან.

მეორე გზა მარტოსულ ორგაზმამდე გაცნობიერებულად დავფარე. დილით გამეღვიძა და ვიგრძენი, მომინდა – ისევ იმ სრიალა ბილიკის გავლით პატარ-პატარა ბიძგების ზემოთ და ქვემოთ, ჩემი სხეულის გაფანტულ კიდეებში შერწყმა. ფეხის ძირებიდან შემოსული ცეცხლის პატარა კერები ჯერ უკან, ფეხის თითების წვერებში დაბრუნდა და მერე გადასცდა, სხეული დამიგრძელა. ამას მოჰყვა რამდენიმეწამიანი გარინდება, როცა ბუდე შენს ფეხებს შორის ფეთქავს და ცემს, თბილი და სურნელოვანია, რამდენიმე წამის შემდეგ კი მაინც გინდა თავქუდმოგლეჯილი გაექცე, დაბანო, ამოაშრო, ჩააცვა, ისევ ისეთი გახადო – ჩაკეტილი და დამშვიდებული, თითქოს არც არასოდეს ჰქონია სხვა ფუნქცია.

მილას ეძინა. ზურგზე იწვა და საბანგადაფარებული მუხლების თეთრი მოგრძო სამკუთხედი სახეს უფარავდა. იქნებ, არც ეძინა. რამდენიმე დღეა მისი სუნთქვა ძილშიც და სიფხიზლეშიც ერთნაირი იყო. იქნებ, ესმოდა კიდეც ჩემი. ფეხები არ შეურხევია.

მილას ძარღვები უფეთქავს. – ძარღვები დამისივდა, – ამბობს ხმამაღლა. – ცოტა ხნით უნდა გავიდე, – ვეუბნები პასუხად უკვე ჩაცმული. – არ დამტოვო, რა, მარტო. მილას თხოვნა ჰაერში იფანტება. ისე უხმაუროდ გავდივარ, ამდენი დღის ლოგინად ჩავარდნილს, ალბათ, ეჭვი ეპარება, მითხრა თუ არა რეალურად მსგავსი სიტყვები. ისეთი სიჩუმეა, მეც მიკვირს, შეიძლება თუ არა მილას შეშინებოდა მარტოობის.

არასოდეს მიფიქრია, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მილას გარეშე. სამაგიეროდ, მიმიზიდა ფიქრმა, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება მკვდარი მილას პირობებში, მილას სიკვდილის ამოცნობილ გარემოებათა ტყვეობაში, მკვდარ მილაზე სრული კონტროლის მოპოვებით.

ტროტუარზე დავჯექი. მუხლები მომეყინა. ქვემოდან სუსხიანი ქარი მიბერავდა – სიმხურვალეს მინელებდა. მანქანა არავის გაუჩერებია. მგონი ვერც მამჩნევდნენ ტრასის სიგლუვეში. წვიმის შხეფებს მასხამდნენ. თვალს ვაყოლებდი გაელვებულ სახეებს ფანჯრებში. ადამიანებს, რომლებსაც ვერასოდეს შევხვდებოდი. ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს ვიცნობდი. გამთენიამდე ვიცადე. რაღაც მომენტში ჩამთვლიმა და მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმაზე შევხტი. ის იყო გავიფიქრე, გამოვტოვე-მეთქი და ერთმანეთს შეასკდნენ. ადგილიდან არ დავძრულვარ. არც ერთი მანქანიდან არავინ არ გადმოსულა. ჩემს წინ ეყარნენ ფეხით გათელილი ქინდერ-სიურპრიზის სათამაშოები.

3 წუთის მერე სატვირთო მანქანამ გააჩერა, მძღოლი სირბილით მივიდა ალეწილ მანქანებთან, თან ცალი ხელით ჯიბეში მობილურს ეძებდა. სასწრაფო დახმარების და პატრულის მანქანები თითქმის ერთროულად მოვიდნენ. ავარიიდან 12 წუთი იყო გასული. ტროტუარიდან ავდექი და ტრასას აუჩქარებლად გავუყევი. სულ 3 წუთი მოვახერხე სიკვდილთან პირისპირ დარჩენა. სახლში მივედი და ისევ ვერ შევძელი დამედგინა, – ამ სამი წუთით სიცოცხლე უფრო დავაფასე თუ სიკვდილი.

- რატომ მებრძვი? – მკითხა მილამ გამთენიისას. – რას აპირებ? – მეორე კითხვა იმაზე სწრაფად დამისვა, ვიდრე პირველზე პასუხს გავცემდი. მეორე კითხვაზე პასუხი ქვეცნობიერად უკვე იცოდა. ჩემზე ადრე იცოდა, რასაც ვუპირებდი.

ზოგჯერ ზოგიერთი ასო სიტყვაში, ან ასო წინადადებაში არაბუნებრივად დიდია, როცა ყველაფერი შეფარდებითია და საერთო ხედზე უყურებ, ერთი შეხედვით ეს ხარვეზი თითქოს ადვილად აღმოიფხვრება. სინამდვილეში თვალის ეს ილუზია არ სწორდება. სწორდება ყველაფერი, შრიფტიც, ზომაც, წინადადებებს შორის დაშორებაც, ავტომატურ რეჟიმს თუ არ ენდობი, „მენუალს“ ხმარობ, საკუთარი ხელით ამოწმებ – შედეგი უცვლელია. თვალი არ აღიქვამს სიტყვების მუსიკას. ორი თვალისთვის, ზოგჯერ საკმარისია და ერთი თვალისთვისაც, ეს ფრაზები არ უკრავენ არანაირ მელოდიას. უბრალოდ ერთად არიან დაჯგუფებულები, სისტემაში მოყვანილები, მაგრამ ერთმანეთისგან გამოუსწორებლად დაშორებულნი. უცხო სხეულების ბუნებრივი ნაზავი, მაგრამ არანაირად ერთი ორგანიზმი.

მილაც ასეთ ფრაზად გამოერია ჩემი ცხოვრების სიბრტყეში, სადაც ყველაფერი მილას შეიცავდა, მაგრამ ზუსტად მილას არსებობა იყო ჰარმონიის მწყობრიდან გამომყვანი და გულისგამაწვრილებლად თვითნებური, დაუმორჩილებელი.

მილა ადგა და ფანჯრები გამოაღო. მთელი ოთახი ზამთარმა გაავსო. მერე ლოგინის კიდეზე დაჯდა და ისე დაიწყო ლაპარაკი.

- ხის ჩრდილია ტრასაზე, მილა. – მაღალი და გამხდარი ხეა. – ფოთლები არ აქვს. – და დიდი თავი აქვს, ავადმყოფურად გამოკვეთილი. – გახსოვს, პატარა რომ იყავი უთმო და რბილთავიანი ბავშვები გესიზმრებოდა, თავებით გეხლებოდნენ და ვერ სუნთქავდი ამდენ აფუებულ თავს შორის. – ეს ხე მარტოა და სირბილე დაკარგა. – აღარც კი ირხევა. – კიდე გეშინია?

მილა დამიძახა. ბოდავს. აგონიას ვესწრები. წესით, ამ დროს ხელი უნდა მოვკიდო და ისე გავაცილო. მაგრამ ვერ ვკიდებ, არ მინდა სიცივე გადმომდოს, მერე კანი დამეხორკლება და ესე დამრჩება, პირველი ხორკლები აღარ გადის. ყოველ თებერვალს გამიღიზიანდება და გამიწითლდება. შეიძლება დაჩირქდეს. ტკივილს ვერ გავიყუჩებ. არ მეცოდინება, რა შველის კანის ამ გადაგვარებას, იმ ადგილის მოკვეთა მომიწევს, სადაც პირველად აყვავდა. ამპუტაციას ჯობია ხელი საერთოდ არ მოვკიდო.

- მარტო უნდა წახვიდე, მილა, ვერ გაგაცილებ. – შეხედე როგორ იწელება ჩემი ხმა. ჩემ ხმას ხედავ? მივდივარ და უკან მომყვება, როცა მოვკვდები, რამდენიმე წამს ისევ დარჩება და ყურებს დაგიხშობს. და მერე ძალიან დიდი სიჩუმიდან მოგიწევს ყველაფერი თავიდან დაიწყო. პირველი დღე იქნება ყველაზე ადვილი.

მილა გარეთ ძალით გამოვიყვანე. მსიამოვნებდა იმის ყურება, ყოველი გამვლელის ჩავლისას როგორ იკრუნჩხებოდა, მანქანის ყოველ სიგნალზე სახეს სქელ კაშნეში როგორ მალავდა, როგორ აშინებდა და ნაბიჯს ურევდა ქალაქის ქაოსი, როგორ მეკრობოდა და ფარად მიყენებდა, რამხელა ტკივილს აყენებდა დღის სინათლე – ნაცრისფერი სქელი ღრუბლებიდან პირდაპირ მასზე დაღვრილი. ერთი საათის მერე თითქმის უგონო მდგომარეობაში მყოფი სახლის კიბეებზე ავათრიე. სხეული უცნაურად ჰქონდა დამძიმებული. უკანასკნელი ძალებიც მოადუნა. ბოლომდე დამემორჩილა.

საწოლში ჩავაწვინე და საბანი ყელამდე დავაფარე. ჩემი მონოლოგის სიმძაფრეს წინასწარ ვზეიმობდი. თვალები გაახილა და შემომხედა. უეცრად გამომკრთალი მზერა ვერ გავითვალისწინე და საბანი სახეზე გადავაფარე.

- გახსოვს, როგორ შემოგეპარე და პირველად როგორ ამოისუნთქე ჩემი გამოჩენით? მაშინ გეგონა, შენი მარტოობის ჩასახშობად მოვედი. – მილა არ რეაგირებდა – გულისამაჩუყებელი წერტილით ვამოწმებდი.

- გახსოვს, ჩვენი კვნესა ერთმანეთს როგორ კვეთდა და უსწრებდა, ჩამორჩებოდა და კულმინაციებს ინაწილებდა? – მილა არ რეაგირებდა – დამუხტული წერტილით ვამოწმებდი.

- გახსოვს, როგორ ვუვლიდი შენს გაწითლებულ მუხლის თავებს, როცა კაცების წინ საათობით დაჩოქილი სახლში ბრუნდებოდი? – მილა არ რეაგირებდა – ყოფითი წერტილით ვამოწმებდი.

- გახსოვს, როგორ გამექეცი, როცა შენში შენივე თავზე ზედმეტი აღმოვჩნდი? – მილა არ რეაგირებდა – კულმინაციური წერტილით ვამოწმებდი.

- გახსოვს, როგორ ალაგ-ალაგ ამოგთხარე და მერე შენს ფესვებს მივადექი? – მილა არ რეაგირებდა – ყველა საკონტროლო პუნქტგადავლილი.

- გახსოვს, როგორ გაგგუდე და მკვდარი თმების სიბნელეში დაგტოვე? – მილა არ რეაგირებდა – საიმედოდ იყო მკვდარი.

- გახსოვს, როგორ არ გაგატანე წყალს მკვდარო ოფელია? – რიტორიკული კითხვა უფრო საკუთარ თავს დავუსვი.

- ხვდები ჩემი მეხსიერების განჯინაში როგორ ნელ-ნელა იხრწნები?!

სინამდვილეში, მარტოობა ტკივილმა დაუამა. ეს პირველი იყო, რაც 32 წლის მანძილზე იგრძნო. თუ ვიგრძენი? სინამდვილეში, ყველა ქალის სახელით ყოველღამე ჩართული პორნოს კვნესას საკუთარ კვნესას აყოლებდა. თუ ვაყოლებდი? სინამდვილეში, მუხლებზე შერჩენილი სიწითლე იმდენად მალე გასდიოდა, აღარაფერი რჩებოდა ამ უთვალავი აქტებისგან ხელშესახები. თუ საკუთარ ხელებს ვეხლებოდი? სინამდვილეში, მე გამოვექეცი. სინამდვილეში, თვითონ დამეწია. სინამდვილეში თვითონ ამომთხარა, ჩამმარხა, ისევ ამომთხარა და განჯინაში დამტოვა. ასე ყოველწამიერად რწმუნდებოდა ჩემი უჯრედების კვდომის შეუქცევად პროცესში.

ათვლა დაიწყო. მარტო ვარ. საკუთარი მილასგან თავისუფალი.

დასასრული

2015-2016


[1] ვირჯინია ვულფის ნაწარმოები „მისის დელოუეი“.

[2] ვირჯინია ვულფის ნაწარმოები „საკუთარი ოთახი“.

© არილი