პოეზია

დიანა ანფიმიადი – ორკესტრი და სხვა ლექსები

diana-43 56

ორკესტრი

მეტროს ვაგონი ნახევრად ცარიელია,

ნახევრად სავსე –

სუნთქვებით,

თავისუფალი ადგილებით,

სუნით, ხელების უხერხული მოძრაობით,

რიტმით, შარფებით, თბილი ქურთუკებით.

კუთხეში ვდგავარ, აქედან მოსმენა ადვილდება.

პირველი სუნთქვა ბავშვისაა,

ოდნავ გაჭედილი,

სურდოიანი ცხვირით ხრუტუნებს,

ნესტიანია ხელთათმანი,

ჯიბეში რბილდება კარამელი.

მეორე სუნთქვა დაღლილი და არითმიული,

ჩამტვრეულ კბილებს შორის იპარება

მთქნარება,

ხელის უდროოდ მიფარება

ღიმილი – უხერხული, ერთწამიანი.

მესამე სუნთქვა ხმამაღალი,

უფრო ხროტინია,

ხის უხეშ მერქანს ამუშავებს

თითქოს ხარატი,

დამღლელი ძილი,

ბზრიალით მირბის

აწყვეტილი ღილი ხალათის.

 

მეოთხე სუნთქვა ვარდისფერი ბაგეებიდან

ვარსკვლავებივით თვალებს ეხება, შეჰხარის,

შეყვარებული მელოდია, თანწყობა,

თითქოს ვაგონში საიდანღაც

მერცხალი

შემოფრინდა.

მეხუთე სუნთქვა ჩემია,

ვუსმენ კაშნეში ცხვირჩარგული

საკუთარ თავზე გავბრაზდი და

ვისურვებდი,

უფრო ზუსტად რომ გადამეწყო

სუნთქვის ინსტრუმენტი.

დიდი ხანია, ჩვენს თავს თითქმის

არასდროს ვუსმენთ –

ატონალობას და აცდენებს,

შეცდომებსა და უზუსტობებს

ამოსუნთქვებსა და ჩასუნთქვებს…

არადა,  ჩვენი არცოდნების პატიება,

ბოლო წუთამდე  ან მეტროს ბოლო სადგურამდე

უნდა მოგვესწრო:

– დილეტანტების,

მოყვარულების

ორკესტრო!

რადგან უკვე ჩანს, ირეკლება

კარის მინაში,

– ვინც აგვაჟღერებს საკუთარი ჯოხის გარშემო,

საკუთარი ჯოხის წინაშე…

 

არჩევანი

უბიწოდ ჩასახვაზე მარტივი

უშვილო დედობაა.

უქვეყნო მეფეს მართავდე

არაფრის დედოფალი.

 

პანდორას ყუთიდან მოვიზომე

კეთრის სარაფანი,

ცულის წვნიანს ვხარშავ, მოიყოლე

ორიოდ ნაჭერი არაფერი.

 

დროულად გადმოდგი, მოგაბარე,

დღეში რამდენჯერმე მოურიე,

თვეში რამდენჯერმე მოურიე –

 

უშენოდ ყოფნაზე ადვილი

უჩემო ცხოვრებაა.

უჩემოდ ყოფნაზე ადვილი

უჩემო ცხოვრებაა.

 

უძილობა

ჩემი ბოლო სუნთქვა იმ ბურთში ჩავტიე,

რომელიც სიზმრისკენ მიგაფრენს ბავშვივით,

რომელიც ძილს ებრძვის და მერე ნებდება

იქ კიდევ ცერბერია აშვებული,

ცეცხლოვან ხახაში ხელი ჩავუყავი,

თუნდაც მომაჭამოს მკლავი  – ზავის წილად,

ოღონდაც ხმაურმა ძილი არ დაგიფრთხოს,

ოღონდაც დაგაძინოს,

სულ ერთხელ  დაგაძინოს…

 

სიყვარული

სიყვარული?

სიყვარული სიჩქარესა და

სიბნელეში ჯემპრის ჩაცმას ჰგავს,

საყელოში ხელებს გაუყრი,

სახელოში თავის გატევას ცდილობ,

გასასვლელს ამაოდ ეძებ.

ყველა წაღმა-უკუღმაა

უკუღმა – წაღმა,

შალის ჯემპრივით კანიც გინდა ამოაბრუნო,

ისე გსუსხავს, ისეთი უხეშია.

 

მას კი, რა უჭირს,

თავი პირდაპირ ზეცაში გაუჩრია,

პირდაპირ შიშველ მხრებზე ათოვს,

მას რა უჭირს

– თავი ქუდში აქვს.

 

ეტიუდები

ფანჯრის მიღმიდან მზე ჩამესმის ისე ხმამაღლა

როგორც სოპრანო სკოლის კაპელის სოლისტის,

რომელიც მღერის და კერტები მზისკენ ეძაგრება,

არდადეგები მოდის,

ბახის კანტატა მოიცდის.

ჩემს მასწავლებელს ჟღალი თმა და ისეთი პროფილი აქვს

პაჭუა ცხვირზე ჩამოსხდებიან ჩიტები

მომაბეზრებელ გამებს ვღეჭავ,

გემოგასულ საღეჭ რეზინებს,

ეტიუდებს შავთეთრი რვეულიდან

მასწავლებელი ამბობს

– შოპენს რომ შესწვდე

უკეთესი ტექნიკა გჭირდება.

შოპენი კი თითქოს ვანილის პუდინგია

მაგიდის ცენტრში –

მე დაბალი ვარ, ვერ ვწვდები,

მუსიკის ღმერთი ცუდად მიყურებს –

სპარსული კატა ძველი, მოწნული სავარძლიდან,

კაბის სახელოზე მასხდებიან ბგერები –

– მუსიკის ღმერთის ბეწვები.

ინსტრუმენტი ხმაურით იხურება,

თითები ჩამრჩა

წერილი წიგნში, მუყაოს სანიშნის ნაცვალი –

შესვენებაზე, სკოლის უკან თუ გამოვივლი

კოცნისას ბაგე როგორ შევხსნა, მასწავლი.

 

ჩანთა რვეულებით, ბოლოწაჭმული ფანქრებით,

აქერცლილი მანიკური, ძირში წაჭრილი ფრჩხილები

დღე დაგეგმილი უგემურად – თითქოს სკოლის ბუფეტის მენიუთი,

გოგოები მუსიკის გაკვეთილიდან ბრუნდებიან,

და ჟღერს საღამო მოხუცი ქალის სუნთქვასავით –

დაღლილი მენუეტი.

 

მეორედ მოსვლა

მკვდარი ენები ცოცხალ ენებს განიკითხავენ.

ბრმა ზედსართავებს თვალს აუხელენ,

პასუხს მოსთხოვენ ყველა იმ ზმნას,

ცოცხალი, თბილი ბაგეები რომ აუღლებენ,

მკვდარი ენები ცოცხალ ენებს განიკითხავენ,

საუკუნეთა სიცივიდან წამოდგებიან

იგრძნობენ ყოფნას, აღიქვამენ მდგომარეობას,

ლექსიკონების სარკოფაგში ჩასვენებულნი…

მკვდარი ენები გაცოცხლდებიან,

პალიმფსესტებს თავს დააღწევენ…

მაგრამ არაფერს აღარ აქვს აზრი,

ვინც წავიდა,

არასდროს მოვა.

 

© არილი

Facebook Comments Box