ახალი წიგნები

ახალი წიგნები – კაფკა, იუნგი, ჰ.ს. ტომპსონი, გვახარია

get_img

ფრანც კაფკა, რჩეული მოთხრობები, გამომცემლობა „პეგასი“, 324გვ.

დიდი გერმანელი მწერლის, ფრანც კაფკას 130 წლის იუბილე გამომცემლობა „პეგასმა“ გერმანელი ნოველისტის მოთხრობების ვრცელი კრებულის გამოცემით აღნიშნა. ეს გახლავთ პირველი სრულყოფილი გამოცემა, რომელიც კაფკას ქართული თარგმანების ორმოცდაათწლიან ისტორიას ასახავს. კაფკას მოთხრობების ახალი კრებული გასული საუკუნის დასაწყისსა და შუა წლებში გამოსულ კრებულებში – „დაკვირვება“ (1913 წელი), „სასჯელი“ (1914 წელი), „სოფლის ექიმი“ (1919 წელი) და „შიმშილის ოსტატი“ (1924 წელი)  გაერთიანებულ  მოთხრობებს უყრის თავს. მთარგმნელებს შორის არიან: ზურაბ და ნოდარ კაკაბაძეები, რომელთა სახელთანაც უშუალოდ არის დაკავშირებული კაფკას ქართულენოვანი თარგმანების შექმნის პირველი ეტაპი. კაფკას ასამდე ტექსტის მთარგმნელთა შორის არა მხოლოდ ძველი თაობის, არამედ თანამედროვე ეპოქის მთარგმნელებსაც აღმოაჩენთ, რომელთა შორის არიან: ნანა ჭიღლაძე, თემურ ხანთაძე, რუსუდან ბეჟაშვილი, გაგა ჩხეიძე და სხვები. ქართველი მკითხველისთვის ნაცნობი ტექსტების გარდა, კაფკას რჩეული მოთხრობების კრებული ოცამდე ახალ მოთხრობასაც მოიცავს, რომელიც სპეციალურად ამ საიუბილეო გამოცემისთვის ითარგმნა.

კარლ გუსტავ იუნგი, ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს, გამომცემლობა „დიოგენე“, 324გვ.

ანალიტიკური ფსიქოლოგიის გამორჩეული წარმომადგენლის, კარლ გუსტავ იუნგის შემოქმედებით დაინტერესებული ქართველი მკითხველი „დიოგენეს“ ახალ გამოცემაში, ფსიქოანალიზის დარგში საკმაოდ მნიშვნელოვან ნაშრომებს გაეცნობა. წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველი გახლავთ – ფსიქოლოგია და რელიგია“, რომელიც იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას („არაცნობიერის ავტონომიურობა“, „დოგმა და ბუნებრივი სიმბოლოები“, „ბუნებრივი სიმბოლოს ისტორია და ფსიქოლოგია“) აერთიანებს. წიგნის მეორე ნაწილი კი კრიტიკოსებისა და ანალიტიკოსების მიერ ფუნდამენტურ ნაშრომად აღიარებულ წერილს – „პასუხი იობს“  ეთმობა. ტექსტები გერმანულიდან მაია ბადრიძემ თარგმნა.

ჰანტერ ს. ტომპსონი, ზაფრა და გულისრევა  ლას-ვეგასში, გამომცემლობა „დიოგენე“, 216 გვ.

სერია “ამერიკელები” მკითხველს კიდევ ერთი პოპულარული ავტორის – ჰანტერ ტომპსონის შემოქმედების გაცნობის საშუალებას აძლევს. რომანის გამოქვეყნება (1972 ) 1960-იან წლებში ამერიკაში კონტრკულტურული მოძრაობის დაწყებას ემთხვევა, რაც ნოველის  შინაარსსა და  თხრობის დინამიკურ სტილზეც აისახება. „ზაფრა და გულისრევა – ლას-ვგასში“ რეალურ ამბავზე დაფუძნებული ჟურნალისტური გამოძიების მხატვრული ინტერპრეტაციაა. მისი გამოქვეყნება პირველად სწორედ პოპულარული ამერიკული გამოცემის – „როლინგ სტოუნზის“ გვერდებზე დაიწყო და მოგვიანებით უკვე წიგნის სახეც მიიღო.

ეს არის ისტორია, იმის შესახებ, თუ რა გზას გადიან სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – “ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით” გაბრუებული მთავარი გმირი რაულ დიუკი და მისი ადვოკატი იმისათვის, რომ „ამერიკული ოცნება“ ლას-ვეგასში აიხდინონ. ტომპსონის სახელს უკავშირდება ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ყველაზე არატრადიციული და ორიგინალური ჟანრის დაბადება, რომელსაც „გონზო-ჟურნალისტიკის“ სახელით იცნობენ. ქართულ ენაზე გამოცემული მისი რომანიც, სწორედ ამ ჟანრის ელემენტების არსებობას ავლენს და მკითხველს მძაფრი შთაბეჭდილებების წინაშე ტოვებს. წიგნი ინგლისურიდან გია ჭუმბურიძემ თარგმნა.

გოგი გვახარია, ცრემლანი სათვალე, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 400გვ.

საინტერესო ბლოგ-პოსტების, ანალიტიკური წერილების, რეცენცზიებისა და სატელევიო პროექტების შემდეგ, გოგი გვახარიამ ქართველ მკითხველს თავისი პირველი წიგნი წარუდგინა. ოთხასგვერდიანი წიგნი იმ მოგონებების კრებულია, რომელიც წერილების სახით ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“,  წლების განმავლობაში იბეჭდებოდა. “ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა.

ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და “ოტტეპელის” დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და “პერე­სტროიკის” ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით” – აღნიშნავს წიგნის ავტორი ანოტაციაში.

ჯეი მათეუსი, იშრომე ბევრი, იყავი კეთილი, გამომცემლობა „რადარამი“, 374გვ.

ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული ბესთსელერის – „იშრომე ბევრი, იყავი კეთილი” ავტორი The Washington Post-ის ბლოგერი  ჯეი მათეუსი გახლავთ. წიგნის მთავარი იდეა განათლების პოლიტიკაა. ავტორი ცდილობს არგუმენტირებულად და სიღრმისეულად მიმოიხილოს მასწავლებლებთან და მოსწვალეებთან ეფექტური გზების ძიების პროცესი.

ჯეი მათეუსი გვიამბობს ორი ახალგაზრდა ამერიკელი მასწავლებლის შესახებ, რომლებმაც სრულიად განსხვავებული სკოლები შექმნეს ამერიკის საგანმანათლებლო სივრცეში. მათ საშინელ პირობებში დაიწყეს მუშაობა – არც მატერიალური ბაზა ჰქონდათ, არც შესაბამისი სახსრები ჩანდა, არც მოსწავლეები იყვნენ სწავლისთვის მოტივირებული და არც განათლების სფეროს ჩინოვნიკებს სჯეროდათ, რომ ეს ორი გაბედული, გამოუსწორებელი ოპტიმისტი რამეს მიაღწევდა; ყველაფერი კი პირიქით მოხდა! როგორ, რა რესურსით, რა ტიპის თავდადებისა თუ თავგანწირვის ხარჯზე – ამას წინამდებარე წიგნით შეიტყობთ.

ვლადიმერ მაიაკოვსკი, ღრუბელი შარვლით, გამომცემლობა „საუნჯე“, 90გვ.

თავისი თაობისა და ეპოქის გამორჩეულმა მეამბოხემ, ერთდროულად “ქუჩის პოეტმაც” და ლირიკოსმაც, ვლადიმერ მაიაკოვსკიმ, თავისი პირველი პოემა – “ღრუბელი შარვლით” 1914-1915 წლებში, სრულიად ახალგაზრდამ, ოცდაორი წლისამ დაწერა. პოემას თავდაპირველად “მეცამეტე მოციქული” ერქვა, თუმცა ცენზურის გამო სათაური შეეცვალა. “ღრუბელი შარვლით” გამოსვლისთანავე იქცა ფუტურიზმის მანიფესტად. პოემა მხოლოდ მაიაკოვსკისთვის დამახასიათებელი ენობრივი სტრუქტურით, განსაკუთრებული სახეებითა თუ მეტაფორებით გამოირჩევა; მის ერთი შეხედვით “მყვირალა” და ხმაურიან სტრიქონებს მიღმა უიღბლო სიყვარულით გამოწვეული ტკივილი და ტრაგიზმი იკითხება. აქ ერთდროულადაა ლირიკული გმირის აღსარებაც და პროტესტიც. პროტესტი არა იმდენად ღმერთის, რამდენადაც საკუთარი თავის მიმართ. მაიაკოვსკის პოემა ნინო ქოქოსაძის ქართულენოვანი თარგმანით პირველად იბეჭდება, თუმცა წიგნი ორენოვანია და მასში პოემის ორიგინალურ ვერსიასაც ნახავთ.

© “ცხელი შოკოლადი”

Facebook Comments Box