ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ბექა ყორშიასთან – ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ათივე მცნება, ოღონდ ნელა

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ბექა ყორშია, მწერალი, არაბისტი, ჟურნალისტი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

ალბათ, ასე: “ამის წერას არ დავიწყებდი, რომ არა…”

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

ჟურნალისტიკაში – რეალობის ასახვა. ლიტერატურაში – გამონაგონი. ჩემი აზრით, ფიქციის ჟანრის მწერლის ნიჭი და ოსტატობა ორი რამით იზომება. პირველი – რამდენად კარგად გამოსდის ამბის გამოგონება და მეორე – რამდენად გამოსდის ამ ამბის საინტერესოდ მოყოლა.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

სადღაც ერთი ასეთი საინტერესო სიტყვა ამოვიკითხე: “ცდისმიღმური” და ძალიან მომეწონა. ბავშვობიდან ჩემი ტვინი ყველაფერს პრობლემად აღვიქვამს, რაც აბსოლუტურ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული, მაგრამ ცდით არ მტკიცდება. ეს ზოგადად. აქ და ახლა კი, ყველაზე მეტად რაც მაღელვებს და ღამე არ მაძინებს – უკრაინაში მიმდინარე ომია.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

პიტერ კოლდუელი ჯონ აპდაიკის “კენტავრი”-დან. არასდროს არცერთი პერსონაჟის მიმართ არ მქონია ასეთი თანაგანცდა.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

სამწუხაროდ, ასეთი ნაწარმოები არც თუ ისე ცოტაა. მეგობარმა მაჩუქა 3 წლის წინ პრუსტის “სვანის მხარეს” და მას მერე თაროზეა შემოდებული. თავი ეულად რომ არ ეგრძნო, გვერდით ჯოისის “ულისე” მივუდე. ჩემ გარეშეც მშვენივრად გრძნობენ თავს.

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

სტალინი მაინც განსაკუთრებით მეზიზღება.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

ბევრია. ველასკესის ნახატებს როცა ვუყურებ, ვფიქრობ, როგორი დიდებულია თავად ველასკესი და ისინიც, ვისაც ის ხატავს. ედუარდ ჰოპერის ნახატებს როცა ვუყურებ, ვფიქრობ, როგორი საწყლები ვართ ადამიანები. ასევე ძალიან მიყვარს გოია. სამსახურის კომპიუტერის და ჩემი ლეპტოპის დესკტოპზეც გოიას “დახვრეტა” მიყენია.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

მგონი, უცნაური და განსაკუთრებული თვისებებით დიდად არ გამოვირჩევი.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

უამრავი აკვიატება მაქვს, რომელთა ჩამოთვლაც დიდ დროს წაიღებს და არაფერს მოგვცემს.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

საათში ერთხელ მაინც.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

არის ერთი უაღრესად აღიარებული ქართველი პროზაიკოსი, რომელიც ძალიან არ მომწონს. ვერ ვიტან მის ტროპულ მეტყველებას. ნაძალადევი და თითიდან გამოწოვილი მგონია ბევრი მისი მეტაფორა თუ ეპითეტი: “მტრედისფერი”, “ხოხბისყელისფერი” და ა.შ

აი, რა “ხოხბისყელისფერი” ? კარგი, რაა.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

არ ვიცი. დრო და დრო იცვლება. ახლა ალბათ, პოლიტიკური სატირის კეთება.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

სამწუხაროდ, ბოლო დროს ძალიან ცოტას ვკითხულობ. რამდენიმე დღის წინ ძლივს ჩავამთავრე იუვალ ნოახ ჰარარის “ჰომო დეუსი – ხვალინდელობის მოკლე ისტორია”. გირჩევთ, ბევრ ახალ და საინტერესო რამეს გაიგებთ.

დიონისე თუ აპოლონი?

ცხადია, დიონისე. ასე მგონია, სანამ ცოცხალი ვარ, დიონისური საწყისები ჩემში ყოველთვის დაჯაბნის აპოლონურს.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

უჰ, ასეთი იმდენია, რა ჩამოთვლის. დავით კლდიაშვილის ნებისმიერ ნაწარმოებს მოვაწერდი ხელს უდიდესი სიამოვნებით.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ნიკ ქეივი

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

როგორც დედაჩემი ამბობს, ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ხშირად თავი უშეცდომო მგონია.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

ვერ დავასახელებ. ჩვენი თანამედროვე პოეტების უმრავლესობა ჩემი მეგობარია და არ მინდა, ვინმეს ეწყინოს. არ მგონია, დიდად აღელვებდეთ ჩემი აზრი, მაგრამ ვაი და, აღელვებთ.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

სიტყვა არ ვიცი, მაგრამ ვერ ვიტან, როცა წინადადებას ასე იწყებენ: “ისა და…”

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).

არ მაქვს საყვარელი სიტყვები

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

3 გაჭირდება, 5-ს დავასახელებ. ოთარ ჭილაძის “გოდორი”; აკა მორჩილაძის “სანტა ესპერანსა”; ზაზა ბურჭულაძის “adibas”; თამთა მელაშვილის “გათვლა”; ზაირა არსენიშვილის “ვა, სოფელო…”

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზა არ ვიცი, რომელია, მაგრამ ამას წინათ კედელზე ასეთი წარწერა ვნახე:

“მე ვშრომობ, შენ შრომობ, ისინი ცხოვრობენ”. ჩვენი დღევანდელი ყოფის ურბანული ჰიმნია ერთგვარად.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

“ავად შეჰფერის მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება”

და

“იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია”

ორივე შემთხვევაში სასტიკად მართალია რუსთაველი

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

ზედმეტად რთული შეკითხვაა.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

5 ენაზე შემიძლია კითხვა, მაგრამ აქედან მხოლოდ სამზე შემიძლია წაკითხულის გააზრება.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

არ მახსენდება.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ვარლამ შალამოვთან ვისაუბრებდი საბჭოთა რეპრესიებზე, რომ კრებსით “გრიშა ონიანებთან” კამათი ამ ფრაზით დამესრულებინა, “რას ვიგონებ, კაცო, თვითონ შალამოვმა მითხრა…”

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

ჯონ ფაულზის “კოლექციონერი”. არის რაღაც მაზოხისტური ჩემი და ფაულზის ურთიერთობაში.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ძვ.წ პირველ საუკუნეში, ბეთლემში ვიცხოვრებდი და ქრისტეს შევხვდებოდი.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

კამიუს “უცხო”

“დღეს დედა მომიკვდა, ან იქნებ გუშინ. არ ვიცი… შეიძლება გუშინ იყო”

რომელია საუკეთესო დასასრული?

არ მახსენდება.

ენა თუ ამბავი? რატომ?

ალბათ, უფრო ენა. ცუდი ენით დაწერილი კარგი ამბავი მოსაწყენია, მაგრამ კარგი ენით დაწერილი ცუდი ამბავიც კი შეიძლება საინტერესო იყოს.

პროცესი თუ შედეგი?

შედეგი.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

ჩემი მეთერთმეტე მცნება არ ვიცი, მაგრამ ზოგადად, მეთერთმეტე მცნებად ალბათ ამას ჩავამატებდი: “ახლა კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ ათივე მცნება, ოღონდ ნელა”

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

ნამდვილად არ ვისურვებდი, ოდესმე ბექა ყორშიას დაესვა ჩემთვის კითხვა. ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ რაღაცას ძალიან ვაშავებ.

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

ასეთი იმდენია, რა ჩამოთვლის.

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

ალბათ, ლიტერატურის კრიტიკოსს გააჩნია. ძალიან კარგი აზრის ვარ ზურაბ კიკნაძეზე, ცუდი აზრის ვარ თამაზ წივწივაძეზე.

წიგნები, რომლის შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ეს ძირითადად ისეთი წიგნებია, რომლებსაც უცხო ენებზე ვკითხულობ. მშობლიურ ენაზე წაკითხული წიგნები უკეთ მამახსოვრდება.

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

2024 წლის ნოემბრის არჩევნების მეორე დილაა, ვიღვიძებ, ტელევიზორს ვრთავ და ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს: “ჩვენ გავიმარჯვეთ. ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

არ ვიცი, რამე ძალიან რთულს და სქელტანიანს.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

არსებობს თუ არა სიცოცხლე რომელიმე სხვა პლანეტაზეც ?

© არილი