დრამატურგია,  პოეზია (თარგმანი)

გიიომ აპოლინერი – ტირესიასის ჯიქნები

 

სიურრეალისტური დრამა ორ მოქმედებად პროლოგით

 

დადგმული 1917 წლის 24 ივნისს პარიზში, პიერ ალბერ-ბიროს[1] მიზანსცენით

გამომცემლობა SIC[2], 1918

 

ფრანგულიდან თარგმნა და შენიშვნები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ

 

 

ავტორის წინასიტყვაობა

 

შეღავათს არ ვითხოვ, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ეს არის ჩემი ახალგაზრდობის ნაწარმოები, ვინაიდან იგი, პროლოგისა და მეორე მოქმედების ბოლო სცენის გარდა, რომლებიც 1916 წლით თარიღდება, 1903 წელს დავწერე, ე.ი. მის დადგმამდე[3] თოთხმეტი წლით ადრე.

მე მას ვუწოდე დრამა, რათა გამომერჩია იგი ხასიათების კომედიის, ტრაგიკომედიის, მსუბუქი კომედიისგან, რომლებიც ნახევარ საუკუნეზე მეტია, სცენებს ამარაგებენ ისეთი ნაწარმოებებით, რომელთა უმრავლესობა შესანიშნავია, თუმცა – მეორეხარისხოვანი, უბრალოდ პიესებს რომ ვუწოდებთ.

ჩემი დრამის დასახასიათებლად, ნეოლოგიზმი მოვიშველიე, რაც უნდა მაპატიოთ, რადგან ეს იშვიათად მომდის, და გამოვჭედე ზედსართავი “სიურრეალისტური”[4], რომელიც სულაც არ ნიშნავს “სიმბოლისტურს”, როგორც ეს ივარაუდა ბ-მა ვიკტორ ბაშმა[5] თავის დრამატულ ფელეტონში, არამედ საკმაოდ კარგად განსაზღვრავს ხელოვნების ერთ მიმართულებას, რომელიც თუ ყოველივე იმაზე ახალი არ არის, რაც მზისქვეშეთში არსებობს, ყოველ შემთხვევაში, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ არცერთი მრწამსის, არცერთი სახელოვნებო თუ ლიტერატურული მოსაზრების ჩამოსაყალიბებლად.

ვიქტორ ჰიუგოს შემდგომ დრამატურგთა ვულგარული იდეალიზმი დამაჯერებლობას პირობით ადგილობრივ კოლორიტში ეძებდა, რაც თავისი მოჩვენებითი ნატურალიზმით ესატყვისება სახასიათო სპექტაკლებს, რომელთა წარმომავლობის კვალი სკრიბზე[6] გაცილებით ადრე, ნიველ დე ლა შოსეს[7] ცრემლიან კომედიაში ჩანს.

და იმისთვის, რომ თეატრის განახლება თუ არა, პირადი ძალისხმევა მაინც გამომსვლოდა, ვიფიქრე, რომ საჭირო იყო თავად ბუნებასთან დაბრუნება, ოღონდ არა – მისი მიბაძვა ფოტოგრაფების მსგავსად. როცა ადამიანმა სიარულის მიბაძვა მოისურვა, შექმნა ბორბალი, რომელიც არ ჰგავს ფეხს. ამგვარად, მან თავისდა უნებურად აწარმოვა სიურრეალიზმი.

სხვათა შორის, ვერ გამირკვევია, სერიოზულია თუ არა ეს დრამა. მისი მიზანია, დააინტერესოს და გაართოს, რასაც ყველა თეატრალური ქმნილება ესწრაფვის. მისი კიდევ ერთი მიზანია, წინ წამოსწიოს საკითხი, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მათთვის, ვისაც ამ დრამის ენა ესმის: მოსახლეობის გამრავლების პრობლემა.

ამ თემაზე, რომელიც აქამდე არავის განუვითარებია, შემეძლო, შემექმნა პიესა სარკასტულ-მელოდრამატული აქცენტებით, რაც ასე პოპულარული გახადეს “ზნეობრივი პიესების” მკეთებლებმა.

თუმცა ვამჯობინე ნაკლებად მუქი ტონი, რადგან ვფიქრობ, თეატრი არავის უნდა აგდებდეს სასოწარკვეთაში.

შემეძლო, დამეწერა იდეების დრამაც და მომეგო თანამედროვე პუბლიკის გული, რომელსაც მოსწონს, როცა ილუზია ექმნება, რომ ფიქრობს.

მე კი უფრო იმ ფანტაზიას გავუხსენი გზა, რომელიც ბუნების ჩემეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს; ფანტაზიას, რომელიც სხვადასხვა დროს, მეტ-ნაკლებ მელანქოლიაში, სატირასა და ლირიზმში ვლინდება, თუმცა ყოველთვის – და რამდენადაც ეს ჩემთვის შესაძლებელია – საღ აზრს ატარებს, რომელიც ზოგჯერ საკმარისად ნოვატორულია იმისთვის, რომ შეაძრწუნოს და აღაშფოთოს, მაგრამ მისი არსი კეთილსინდისიერ მაყურებელს არ გამოეპარება.

პიესის თემა, ჩემი აზრით, იმდენად ამაღელვებელია, რომ სიტყვა “დრამის” ყველაზე ტრაგიკული მნიშვნელობით დატვირთვის საშუალებასაც კი იძლევა, თუმცა ყველაფერი ფრანგებზეა დამოკიდებული: თუ ისინი ხელახლა გააჩენენ ბავშვებს, მაშინ ამ ნაწარმოებს შეიძლება ფარსი ეწოდოს. ვერაფერი მომანიჭებდა მსგავს პატრიოტულ სიხარულს. მერწმუნეთ, ძილს მიფრთხობს იმ პატივის წარმოდგენა, რომელიც წილად ხვდებოდა – მისი სახელი რომ ვიცოდეთ – “ადვოკატ პიერ პატლენის ფარსის”[8] ავტორს.

ამბობენ, რომ მე იმ ხერხებს მივმართე, რევიუებში რომ იყენებენ. თუმცა კარგად ვერ ვხედავ, რა მომენტში? ყოველ შემთხვევაში, ამ საყვედურში არაფერია ისეთი, რამაც შეიძლება შემაწუხოს, ვინაიდან ხალხური ხელოვნება შესანიშნავი წყაროა და ჩემთვის პატივი იქნებოდა მას დასესხება, ყველა ჩემი სცენა რომ ბუნებრივად არ ვითარდებოდეს იმ ფაბულის კვალდაკვალ, რომელიც თავად წარმოვიდგინე, და სადაც მთავარი მდგომარეობა – მამაკაცი, რომელიც ბავშვებს აჩენს – ახალია თეატრში და ზოგადად ლიტერატურაში, თუმცა იმაზე დიდ შოკს არ უნდა იწვევდეს, ვიდრე ზოგი წარმოუდგენელი გამონაგონი იმ რომანისტებისა, რომელთა პოპულარობა ე.წ. მეცნიერულ ზღაპარს ეყრდნობა.

დავამატებდი, რომ ჩემს პიესაში, რომელიც ზედმიწევნით ნათელია, არ არის არცერთი სიმბოლო, თუმცა თავისუფლად შეიძლება, მასში დავინახოთ ნებისმიერი ის სიმბოლო, რაც მოგვესურვება და გავხსნათ ათასნაირი აზრობრივი კვანძი, როგორც სიბილურ წინასწარმეტყველებებში.

ბ-ნი ვიქტორ ბაში, რომელმაც ვერ გაიგო, ან არ მოისურვა გაგება, რომ საქმე მოსახლეობის გამრავლებას ეხებოდა, დაჟინებით ცდილობს სიმბოლისტურად წარმოაჩინოს ჩემი ნაწარმოები. ნება მისია. თუმცა იგი ურთავს: “სიმბოლისტური დრამის უმთავრესი პირობა არის ის, რომ სიმბოლოსა (რომელიც ყოველთვის ნიშანს წარმოადგენს) და მისანიშნებელ საგანს შორის კავშირი იმთავითვე შესამჩნევი იყოს”.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის, რადგან არსებობს შესანიშნავი ნამუშევრები, რომელთა სიმბოლიზმი სწორედაც რომ მრავალნაირ ინტერპრეტაციას იწვევს, ზოგჯერ წინააღმდეგობრივებსაც კი.

მე ეს სიურრეალისტური დრამა, უპირველეს ყოვლისა, ფრანგბისთვის დავწერე, როგორც არისტოფანე თხზავდა თავის კომედიებს ათენელებისთვის.

მე მათ ვაუწყე იმ დიდი საფრთხის შესახებ, რომელსაც ყველა აღიარებს და რომელიც აყვავებისა და გაძლიერების მოწადინე ერს ემუქრება ბავშვების არგაჩენით, და მათ მივუთითე, რომ ამ საფრთხისგან თავის დასაღწევად, საკმარისი იქნებოდა, გაეჩინათ ბავშვები.

ბ-ნი დეფუ[9], მგრძნობელობით აღსავსე მწერალი, მაგრამ გვიანი მალთუსიანელის შთაბეჭდილებას რომ ტოვებს, რაღაც ძალიან უცნაურად უკავშირებს რეზინს (რომლისგანაც არის დამზადებული ჰაერბურთები და ბურთულები, რომლებიც ჯიქნებს გამოსახავს; და იქნებ სწორედ აქ ხედავს ბ-ნი ბაში სიმბოლოს?!) ნეომალთუსიანიზმის მიერ რეკომენდებულ ზოგიერთ “სამოსს”[10]. პირდაპირ ვთქვათ: აქ ეს “სამოსი” არაფერ შუაშია, რადგან მას სხვა ქვეყნებში საფრანგეთზე ნაკლებად არ იყენებენ. ბერლინში, მაგალითად, დღე არ გავა, რომ ქუჩაში სეირნობისას, იგი თავზე არ დაგეცეთ, იმდენად ხშირად მოიხმარენ მას გერმანელები – ჯერ კიდევ ნაყოფიერი მოდგმა.

სხვა მიზეზები, ჰიგიენური საშუალებებით ორსულობის თავიდან აცილების ჩათვლით, რომლებსაც უკავშირებენ მოსახლეობის შემცირებას, მაგალითად, ალკოჰოლიზმი, არსებობს ყველგან და საფრანგეთზე ბევრად ფართო მასშტაბებში.

აკი აღნიშნავდა ბ-ნი ივ გიიო[11] ალკოჰოლის შესახებ ახლახან გამოქვეყნებულ წიგნში, რომ თუ ალკოჰოლიზმის სტატისტიკაში საფრანგეთი პირველ ადგილზეა, ფხიზლად ცნობილი იტალია მეორე ადგილს იკავებს! ეს გვაჩვენებს, რამდენად შეიძლება სტატისტიკური მონაცემების ნდობა: ისინი ცრუობენ და თავს იტყუებს ყველა, ვინც მათ უჯერებს. სხვა მხრივ, განა ბევრზე არ მეტყველებს ის ფაქტი, რომ საფრანგეთის პროვინციები, სადაც ქვეყანაში ყველაზე მეტი ბავშვი ჩნდება, გახლავთ სწორედ ისინი, რომლებიც ალკოჰოლიზმის სტატისტიკაში პირველ ადგილს იკავებენ?!

მიზეზი გაცილებით ღრმაა, ნაკლოვანება გაცილებით მძიმეა, რადგან სიმართლე შემდეგშია: საფრანგეთში ბავშვებს აღარ აჩენენ, რადგან საკმარისად არ კავდებიან სიყვარულით. ესაა ყველაფრის თავიდათავი.

თუმცა ამ თემაზე აღარ შევჩერდები. ამას მთელი წიგნი და ზნე-ჩვეულებათა ცვლილება დასჭირდებოდა. ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, გააიოლოს ქორწინებები და წაახალისოს, უპირველეს ყოვლისა, ნაყოფიერი სიყვარული. სხვა მნიშვნელოვანი საკითხები კი, როგორიცაა, მაგალითად, ბავშვთა მუშაობა, შემდეგ იოლად გადაიჭრება ქვეყნის კეთილდღეობისა და ღირსებისთვის.

თეატრალურ ხელოვნებას რომ დავუბრუნდეთ, ამ ნაწარმოების პროლოგში იპოვით ჩემ მიერ შემოთავაზებული დრამატურგიის ძირითად შტრიხებს.

დავამატებდი, რომ ჩემი სურვილისამებრ, მასში მოცემული ხელოვნება იქნება თანამედროვე, მარტივი და სწრაფი, იმ შეკვეცებითა თუ გაზვიადებებით, რომლებიც აუცილებელია მაყურებლის შესარყევად. თემა კი საკმაოდ ზოგადი იქნება, რათა მის ფონზე, დრამატულმა ნამუშევარმა გონებებსა და ზნე-ჩვეულებებზე გავლენა მოახდინოს ვალდებულებისა და ღირსების კუთხით.

პასაჟების მიხედვით, ტრაგიკული სძლევს კომიკურს ან – პირიქით. თუმცა არ მგონია, დღეს, მაყურებელს შეეძლოს ისეთი თეატრალური ნაწარმოების მოთმინებით ატანა, რომელშიც ეს ელემენტები ერთმანეთს არ უპირისპირდება. დღევანდელი კაცობრიობა და თანამედროვე ლიტერატურა ხომ ისეთი ენერგიითაა სავსე, რომ ყველაზე დიდი უბედურებაც კი არ გვეჩვენება აზრმოკლებულად და მასზე დაკვირვება შეგვიძლია, არა მხოლოდ კეთილმოსურნე ირონიის კუთხით, სიცილს რომ იწვევს, არამედ ჭეშმარიტი ოპტიმიზმის კუთხითაც, რაც მაშინვე გვანუგეშებს და იმედს გვიღვივებს.

ჯამში, თეატრი არ არის სინამდვილე, არამედ მისი ინტერპრეტაცია, ისევე, როგორც ბორბალი – ფეხის. შესაბამისად, ვფიქრობ, ლეგიტიმური იქნება თეატრში ახალი და შთამბეჭდავი ესთეტიკის შემოტანა, რაც გაამძაფრებს პერსონაჟების სცენურ ხასიათებს და გაზრდის მიზანსცენის ბრწყინვალებას, ოღონდ – სიტუაციების პათეტიკისა და კომიკურობის შეუცვლელად, რომლებიც თვითკმარი უნდა დარჩეს.

დასასრულ, დავამატებდი, რომ თანამედროვე ლიტერატურული ახირებებიდან ერთგვარი მიმართულების გამოცალკევებით, რომელიც ჩემად მიმაჩნია, არანაირი პრეტენზია მაქვს რამენაირი სკოლის დაარსებაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, პროტესტს ვუცხადებ ამ თვალის სატყუარა თეატრს, რომელიც დღეს ყველაზე ნათელ თეატრალურ ხელოვნებად მიიჩნევა. ეს თვალის სატყუარა, რომელიც კინოს უთუოდ შეეფერება, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ეწინააღმდეგება დრამატულ ხელოვნებას.

დავამატებ, რომ ჩემი აზრით, ლექსის ერთადერთი სახეობა, რომელიც თეატრს ესადაგება, არის მოქნილი ლექსი, რომელიც რიტმს, თემას, მგზნებარებას ეფუძნება და შეუძლია, ყველა თეატრალურ საჭიროებას მოერგოს. დრამატურგმა არ უნდა უგულებელყოს რითმის მუსიკა, რომელიც ტვირთად კი არ უნდა აწვეს ავტორსა და მსმენელს, დღეს რომ ასე სწრაფად იღლებიან, არამედ ხიბლს მატებდეს პათეტიკურს, კომიკურს, ქოროს, გარკვეულ რეპლიკებსა თუ ზოგიერთი ტირადის დასასრულს და ხელს უწყობდეს ამა თუ იმ მოქმედების ღირსეულად დახურვას.

განა უსასრულო არ არის ასეთი დრამატული ხელოვნების რესურსი?! იგი ხომ მთელს საბადოს ხსნის დრამატურგის წარმოსახვაში, ვინც უკუაგდებს ყველა ხაზს, ადრე რომ აუცილებლად ეჩვენებოდა, ან ხელახლა უბრუნდება რომელიმე მივიწყებულ ტრადიციას, და არ თვლის საჭიროდ თავისი ყველაზე დიდი წინამორბედების უარყოფას. ის მათ პატივს მიაგებს, რადგან ეს მისი ვალდებულებაა იმათ მიმართ, ვინც კაცობრიობა მის უბადრუკ იერსახეზე აამაღლა. ამ გენიოსების გარეშე, რომლებიც წინ უსწრებდნენ და უძღვებოდნენ კაცობრიობას, ეს უკანასკნელი, მარტოდ დარჩენილი, საკუთარი თავითღა თუ დაკმაყოფილდებოდა. გენიოსებმა კი მას ახალი სამყაროები აღმოუჩინეს, რომლებიც მის ჰორიზონტებს ავრცობს, მის ხედვას უსასრულოდ ამრავალფეროვნებს და განუწყვეტლივ ანიჭებს მას ყველაზე განსაცვიფრებელი აღმოჩენებით გამოწვეულ სიხარულსა და ღირსებას.

 

 

მიძღვნითი ლექსები მსახიობებს

 

 

ლუიზ მარიონს[12]

 

ლუიზ მარიონ თქვენ იყავით შესანიშნავი

ახალი სუნთქვით გაიბერეთ ურიცხვი დვრილი

ნაყოფიერად ააჩქეფეთ ჩემი იგავი

არც – ქალი ბერწი არც – მუცელი არსად მოშლილი

ამ ხმით საფრანგეთს მომავალი გამოუცვალეთ

და ირგვლივ ყველგან სასოებით თრთიან მუცლები

 

 

მარსელ ერანს[13]

 

გენიალური საუცხოო იყავით ქმარი

ბავშვების შობით ჩვენში ღმერთებს გაუღეთ კარი

ჩვენზე საყვარლებს მცოდნეებს და ჩვენზე მარჯვეებს

ჩვენზე ძლიერებს გაბედულებს და ჩვენზე ლაღებს

ბედი უღიმის მათ მომავალს მათ გამარჯვებებს

თითოეული მოწიწებით პატივს მიაგებს

ნაყოფიერი მოქალაქის თქვენს დიად სახელს

მათით იხარებს ჩვენი სიტე და იამაყებს

 

 

იეტა დესლეს[14]

 

ბატონო ლაკუფ კარგი იყო ზანზიბარეთში?

იქ ორჯერ მოკვდით ვაისა და ვიშის გარეშე

მოძრავ ჯიხურში მუდამ გქონდათ ამბები ქორფა

იყავით ტვინი იმ საბრალო ჭკუისკოლოფა

მაყურებლების. არ იცოდა მათგან არცერთმა

რომ თუ ბავშვებს არ გააჩენდა ფეხებს გაფშეკდა

ორგზის იყავით პრესა ვინც ანაყოფიერებს

საღ აზრს ევროპის და ახალი ქვეყნიერების

თქვენს გამოძახილს ხალხი ექოდ ჭექს გახელებით

მადლობა დესლე

ის პატარა შავტუხელები

დრამის მეორე მოქმედების ნაგრამ-ნაგები

თქვენი წყალობით დადგებიან კარგი ფრანგები

კანთეთრები და ვარდისფრები როგორც თქვენა ხართ

და წარმატებაც მოვა ხელახლა

 

 

ჟიულიეტ ნორვილს[15]

 

ახლა ის დროა ვაბარებდეთ ჟანდარმს ანგარიშს

და ამიტომაც მე ავტეხე მადამ განგაში

ავლაპარაკდი

თქვენ კი თქვენი ზღაპრული რაშით

წარმოადგენდით კანონს ყველგან მთასა თუ ბარში

გვინდოდა გაგვეღვიძებინა ჩვენ ყველა ფრანგში

სურვილი მრავალრიცხოვნების და მკლავის გაშლის

რომ ენებივრათ ვით ტერეზას მეუღლის ბავშვებს

 

 

ედმონ ვალეს[16]

 

ძვირფასო პრესტო მე ქედის მოხრით

გეტყოდით თქვენ ვინც მალევე მოკვდით

რომ ვარსკვლავებზე მონათხრობმა თქვენმა ამბავმა

ძარღვებში სისხლი გაგვიყინა ისე დაგვზაფრა

 

 

ჟორჟეტ დიუბიუეს[17]

 

გმადლობთ რომ თქვენ ხართ ქალი ქმარმა რომ უღალატა

ეს იშვიათი რამეა და ვამბობთ ხმამაღლა

რომ სიძვა თუ სიყვარული

რომანებში ხშირად თქმული

დღეს ფრანგებში არის სრულად

მიმქრალი და მინავლული

 

 

ჰოუარდს[18]

 

ხალხს თამაშობდით და არ გითქვამთ სიტყვა არცერთი

თქვენ ხალხნო ზანზიბარისანო თუ საფრანგეთის

გონება უნდა ამჯობინოთ ვნებათა სახმილს

იმოგზაუროთ შორეთში და გახსოვდეთ სახლი

იმამაცოთ და ფათერაკი ეძიოთ უნდა

და საფრანგეთის მომავალზე იფიქროთ მუდამ

და არ მოდუნდეთ სანამ გული გიფეთქავთ ოდნავ

ისწავლოთ რადგან საჭიროა ყველაფრის ცოდნა

წინასწარმეტყველს ეახლოთ და გაანდოთ ცოდვა

აჩენდეთ ბავშვებს ამ ამბისაც ის არის არსი

რომ ერთადერთი სიმდიდრეა ამ ქვეყნად ბავშვი

 

 

პერსონაჟები :

 

– დირექტორი

– ტერეზა-ტირესიასი და მკითხავი

– ქმარი

– ჟანდარმი

– პარიზელი ჟურნალისტი

– ვაჟიშვილი

– ჯიხური

– ლაკუფი

– პრესტო

– ზანზიბარელი ხალხი

– ერთი ქალი

– ქორო

 

მოქმედება ხდება დღევანდელ ზანზიბარში.

 

 

პროლოგი

 

ჩამოშვებული ფარდის წინ, სუფლიორის ჯიხურიდან ამოძვრება ფრაკში გამოწყობილი დასის დირექტორი, ხელჯოხით ხელში.

 

 

ერთჯერადი სცენა

 

დასის დირექტორი:

 

და აი ისევ მოვედი თქვენთან

ისევ შევკრიბე მგზნებარე დასი

ვიპოვე სცენაც

მაგრამ ძლიერ მატკინა გული

კვლავ უღიმღამო დავრდომილი თეატრის ხილვამ

იმ მოლაყბე და დამღუპველი ხელოვნებისამ

ომამდე ყოველ საღამოობით

მანკიერებას რომ გვაჩვენებდა

 

მერე ჟამმა მოაწია მამაკაცთა

და ვიომე როგორც ყველა მამაკაცმა

 

არტილერიის ოფიცერი ვიყავი მაშინ

და ქვედანაყოფს ჩრდილო-ფრონტზე ვედექი თავში

და ერთ საღამოს როცა ციდან წვრილ-ვარსკვლავები

ჩამოგვცქეროდნენ მოციმციმე ბავშვის თვალებით

მოპირისპირე სანგრებიდან ჭურვმა ათასმა

მტრის ქვემეხები ელვასავით გააცისკროვნა

 

გუშინდელივით მახსოვს ყოველი

 

მესმოდა სროლა მაგრამ არა ჭურვთა დაცემა

როდესაც ჩვენმა მესაყვირემ სათვალთვალოდან

ულაყი ჩვენთან მოაგელვა და მოგვახსენა

ჭოგრებით როგორ დაინახეს ჩვენმა კაცებმა

მტრის ქვემეხები იმათსავე შუქის ციალზე

და რომ იმდენად დიდი იყო სროლის მანძილი

აფეთქებების ხმა ჩვენამდე აღარ აღწევდა

და ჩემმა მეზარბაზნეებმა მაცნობეს მაშინ

რომ ვარსკვლავები სათითაოდ ქრებოდნენ ცაში

ამ დროს ყვირილის ხმა გაისმა ჩვენს მხედრობაში

 

მომხდური ქვემეხ-ზარბაზნებით ვარსკვლავებს აქრობს

 

და ვარსკვლავები შემოდგომის ცაზე კვდებოდნენ

ისევე როგორც მოხუცების გამოფიტული

და დაბინდული გონებიდან ქრება წარსული

და ჩვენც ვკვდებოდით ვარსკვლავების კვდომასთან ერთად

და ფერწასულად მოციალე ფრონტის წყვდიადში

მხოლოდ ამასღა ვბუტბუტებდით სასოწარკვეთით

 

მათ მთელი თანავარსკვლავედი გაანადგურეს

 

მაგრამ უეცრად ხმამ იჭექა მეგაფონიდან

ხმამ წამოსულმა

ერთ-ერთი ჩვენი საოფიცრო თავშესაფრიდან

ხმამ იმ უცნობი კაპიტნისა ყველგან რომ გვიხსნა

 

დროა ავანთოთ კვლავ ვარსკვლავები

 

მაშინ იხუვლა ფრანგულმა ჯარმა

 

აბა ყველანი სამიზნეებთან

 

მოახლეები დაფაცურდნენ და

მეთვალთვალენი ჭოგრებს მიუსხდნენ

სნაიპერებმა ცეცხლი მიუშვეს

და ზეციური სხეულები ისევ აინთო

ჩვენი ჭურვები აღვივებდნენ მათ მგზნებარებას

და ვარსკვლავების სიკაშკაშემ

თვალი მოსჭრა მტრის დანაყოფებს

 

ასეთი იყო ვარსკვლავების ამბავი ფრონტზე

 

და მეც მას შემდეგ სათითაოდ ვანთებ ხელახლა

ყველა იმ ვარსკვლავს რაც ოდესმე სულში ჩამიქრეს

 

და აი ისევ მოვედი თქვენთან

 

მსახიობებო ნუ აჩქარდებით

მაყურებლებო გთხოვთ დაგველოდოთ

 

მომაქვს პიესა რომელსაც სურს ზნეთა ცვლილება

იგი ეხება ოჯახს და ბავშვებს

თემა საყოფაცხოვრებოა

ტონიც ამიტომ შევარჩიე შინაურული

მსახიობებსაც არ ექნებათ მსახვრალი თხრობა

მათ თქვენგან მხოლოდ საღი აზრი თუ დასჭირდებათ

და ძალას არ დაიშურებენ თქვენს გასართობად

და იზრუნებენ რომ ბოლომდე გაითავისოთ

ის სწავლებანი რაც ჩვენ ჩავდეთ ამ პიესაში

რომ ირგვლივ ყველგან აციმციმდნენ ჩვილთა თვალები

იმაზე მეტნი ვიდრე ცაში ვარსკვლავებია

 

ჰეი ფრანგებო ყური უგდეთ ომის გაკვეთილს

და შვით შვილები თუ აქამდე თავს იკავებდით

დღეს ჩვენ ახალი სული უნდა შთავბეროთ თეატრს

მხიარულება ნეტარება და სათნოება

და ჩავანაცვლოთ ეს პესიმიზმი საუკუნეზე მეტს რომ ითვლის

ზედმეტად დიდი ასაკია მსგავსი მომაბეზრებლობისთვის

ეს პიესა დაიწერა ძველი სცენისთვის

რადგან არავინ აგვიშენებდა

ახალ თეატრს მრგვალს ორი სცენით

ერთი ცენტრში რომ იქნებოდა ხოლო მეორე

რგოლად რომ შემოგერტყმებოდათ თქვენ მაყურებლებს

მაშინ ნახავდით თანამედროვე ხელოვნებას მთელი თავისი დიდებულებით

სადაც ხშირად ვით ცხოვრებაში უხილავად ებმის ერთმანეთს

ბგერა და ჟესტი ფერები და ყვირილ-ხმაური

მუსიკა ცეკვა პოეზია აკრობატიკა

ფერწერა ქორო ეფექტი და რაგინდარა დეკორაცია

 

აქ თქვენ შეგხვდებათ ეფექტები

რომლებიც დრამას შეავსებენ და შეამკობენ

პათეტიკური ხმის გადასვლა გროტესკულ ტონში

დაუჯერებლის გონივრულად გადმოცემა და

რა თქმა უნდა მსახიობები

რომლებიც კაცობრიობას კი არ ეკუთვნიან

არამედ თავად მთელს სამყაროს

 

რადგან თეატრი არ უნდა იყოს თვალის სატყუარა

 

დრამატურგს სრული უფლება აქვს გამოიყენოს

ყველა მირაჟი მიუწვდება რაზეც კი ხელი

როგორც – მორგანამ გებელის მთაზე

უფლება აქვს ალაპარაკოს ბრბო და უსულო საგნებიც კი

თუკი დასჭირდა

და ანგარიში არ გაუწიოს არც დროს

არც სივრცეს

 

მისი სამყარო ეს პიესაა

რომელშიც იგი არის ღმერთი და შემოქმედი

თავის ნებაზე რომ განაგებს

ბგერასა და ჟესტს მოქმედებას ფერს მატერიას

და არა მხოლოდ იმიტომ რომ

ცხოვრების ერთი მონაკვეთის ასლი აიღოს

არამედ მთელი სინამდვილით გვაჩვენოს იგი

რადგან პიესა უნდა იყოს მთელი სამყარო

მის შემოქმედთან ერთად

ის უნდა იყოს თავად ბუნება

და არა მხოლოდ

ცალკეული ასახვა იმის

რაც გარს გვაკრავს და რაც ყოფილა ქვეყნად ოდესმე

 

გთხოვთ მაპატიოთ მეგობარო მსახიობებო

 

მაყურებლებო გთხოვთ მაპატიოთ

რომ ამდენი ვილაპარაკე

დიდი ხანია რაც დავბრუნდი მე უკვე თქვენთან

 

მაგრამ შორს ისევ ღვივის ხანძარი

და ისევ კლავენ მბჟუტავ ვარსკვლავებს

ხოლო ისინი ვინც მათ ანთებენ

გთხოვენ ამაღლდეთ ამ საუცხოო კოცონებამდე

და თქვენც აალდეთ

 

ო მაყურებლებო

იქეცით უქრობ ჩირაღდნებად ახალი ცეცხლის

 

 

მოქმედება I

 

ბაზრის მოედანი ზანზიბარში, დილა. დეკორაცია ასახავს სახლებს, ხედს პორტზე და ასევე იმას, რამაც შეიძლება ფრანგებს მიანიშნოს ზანზიბარულ აზარტულ თამაშზე. ავანსცენაზე დამაგრებულია კამათლის გასაგორებელი ჭიქის ფორმის მეგაფონი, კამათლებითვე მორთული. ერთ მხარეს ეზოა, სახლში შემოსასვლელით. მეორე მხარეს – ბაღი და გაზეთების ჯიხური, დახლზე მრავალრიცხოვანი საქონლით და შიგნით თოჯინა-გამყიდველით, რომლის ერთი ხელი მოძრაობს. ჯიხურის ის მხარე, რომელიც მაყურებლისკენაა მიმართული, სარკეებითაა მორთული. ფარდის აწევისთანავე, სიღრმეში მოჩანს ძელსკამზე ჩამომჯდარი, ზანზიბარელი ხალხის კრებითი და მუნჯი პერსონაჟი[19]. მას მარჯვნივ უდგას მაგიდა და ხელთ აქვს ინსტრუმენტები, რომლებსაც შესაბამის მომენტებში სხვადასხვანაირად აახმაურებს: რევოლვერი, სტვირი, დიდი დოლი, აკორდეონი, დაფდაფი, ჩხარუნა, ზანზალაკები, კასტანიეტები, სათამაშო საყვირი და დამსხვრეული ჭურჭელი. ყველა ხმას, როლმებიც ამ ინსტრუმენტებმა უნდა გამოსცეს, წარმართავს ზანზიბარელი ხალხი, ხოლო რეპლიკები, რომლებზეც მითითებულია: “მეგაფონში”, უნდა შესძახონ მაყურებლებში.

 

 

სცენა I

ზანზიბარელი ხალხი, ტერეზა

 

ტერეზა

ლურჯი სახით, გრძელი ლურჯი კაბით, რომელიც მოხატულია მაიმუნებისა და ხილის გამოსახულებებით. შემოდის ფარდის გახსნისთანავე, მაგრამ მანამდე, როცა ფარდა გახსნას იწყებს, ისმის, როგორ ცდილობს იგი ორკესტრის გნიასის გადაფარვას

 

ვერა ბატონო ჩემო ქმარო

ვერ მატარებთ მე თქვენს ჭკუაზე

შიშინი

ფემინისტი ვარ და არ ვცნობ მამაკაცის ძალაუფლებას

შიშინი

ჩემს ნებაზე მინდა ვიარო

დიდი ხანია მამაკაცები აკეთებენ რაც მოუნდებათ

მეც ავდგები და წავალ მტერთან შესარკინებლად

მინდა რომ ვიყო ჯარისკაცი “ნაბიჯით იარ”

მინდა ვიომო

ჩხარუნას ხმა

და ბავშვები არ გავაჩინო

ვერა ბატონო ჩემო ქმარო თქვენ ვეღარ მმართავთ

იხრება სამჯერ, ზურგით მაყურებლისკენ

მეგაფონში:

იმის გამო რომ მეარშიყეთ კონექტიკუტში

განა მე კუდში უნდა გსდიოთ დღეს ზანზიბარში

 

ქმრის ხმა

ბელგიური აქცენტით

გოჭი[20] მომეცით-მეთქი გოჭი

ჭურჭლის მსხვრევის ხმა

 

ტერეზა

მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზე ფიქრობს ხომ გესმით

ისტერიკაში ვარდება

ნუთუ ვერ ხვდები უგუნურო

აცემინებს

რომ ჯარისკაცად ყოფნის შემდეგ ხელოვნებაში მსურს ვცადო ბედი

აცემინებს

დიახ სავსებით

აცემინებს

და დეპუტატიც მინდა გავხდე ადვოკატიც და სენატორიც

ორჯერ აცემინებს

მინისტრიც და პრეზიდენტიც

აცემინებს

ექიმიც და ფსიქიატრიც

რომ ჩემს ნებაზე ვუკეთებდე ოყნას ევროპას და ამერიკას

ხოლო ბავშვების გაჩენა და მზარეულობა აღარ მიხსენოთ

კაკანებს

მინდა ვიყო მათემატიკოსიც ფილოსოფოსიც ქიმიკოსიც

კონსიერჟიც ტელეგრაფისტიც

და ის ბებერი მოცეკვავე ქალი ვარჩინო

ვინც ამ საქმეში საოცარი ნიჭი აჩვენა

აცემინებს, კაკანებს და შემდეგ ელმავლის ხმას გამოსცემს

 

ქმრის ხმა

ბელგიური აქცენტით

გოჭი მომეცით-მეთქი გოჭი

 

ტერეზა

მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზე ფიქრობს ხომ გესმით

სტვირის ხმა

საკუთარი ფეხები ჭამე სენტ-მენუურად[21]

დიდი დოლის ხმა

ეს რაა მგონი წვერი ამომდის

და მკერდი მძვრება

 

ძლიერად დაიკივლებს და საკინძს შეიხსნის, საიდანაც ამოუცვივდება ჯიქნები (ჰაერბურთები), ერთი – წითელი, მეორე – ლურჯი. ხელს გაუშვებს და ჯიქნებიც გაფრინდება, თუმცა მათ ძაფები იჭერს ჰაერში

 

გაფრინდით ჩემი სიმყიფის ჩიტუნებო

რა ლამაზია ქალის ფორმები

საამოდ სავსე

მათი ჩაკბეჩა მოგინდება

ძაფებს ქაჩავს და ბურთებს ჰაერში აცეკვებს

მაგრამ მოვრჩეთ სისულელეებს

მოვრჩეთ ჰაერნაოსნობასაც

ჯობს სათნოება გამოვავლინოთ

მანკიერება უპირობოდ სახიფათოა

და ამიტომ უმჯობესია მსხვერპლად გავიღოთ მშვენიერება

იგი ხომ ცოდვას მოასწავებს

გავთავისუფლდეთ ჯიქნებისგან

 

სანთებელას ანთებს და ბურთებს ხეთქავს. შემდეგ დამცინავად ემანჭება მაყურებლებს და ესვრის უბიდან ამოღებულ ბურთულებს

 

აი ეს მესმის

წვერთან ერთად ულვაშიც ამომდის

წვერზე ხელს ისვამს და ულვაშს იპრეხს

ჯანდაბა

მოსამკელ ყანას ვგავარ კომბაინს რომ ელის

მეგაფონში:

გავხდი საშინლად მამაკაცური

ღონიერი და გამძლე ხარივით

სანიმუშო და სამაგალითო

თხემით ტერფამდე

უმეგაფონოდ:

ტორეადორი მინდა რომ გავხდე

თუმცა ნუ გავხსნით

მომავლის კარტებს

გმირო ნურასდროს იფიქრებ ცუდზე

და შენ კი ქმარო ჩემო წარსულო

ჩემზე ნაკლებად მამაკაცურო

იღრიალე რამდენიც გსურდეს

კაკანებს და თან გაზეთების ჯიხურზე მიმაგრებულ სარკეში იყურება

 

 

სცენა II

ზანზიბარელი ხალხი, ტერეზა, ქმარი

 

ქმარი

შემოდის ყვავილების დიდი თაიგულით ხელში. ხედავს, რომ ტერეზა მას არ უყურებს და ყვავილებს დარბაზში ისვრის. ამ მომენტიდან, ქმარი კარგავს ბელგიურ აქცენტს

 

გოჭი მინდა-მეთქი

 

ტერეზა

საკუთარი ფეხები ჭამე სენტ-მენუურად

 

ქმარი

სანამ იგი ლაპარაკობს, ტერეზა უფრო და უფრო უმატებს კაკანს. იგი ტერეზას უახლოვდება, რომ სილა გააწნას, მაგრამ ხარხარი უვარდება

 

ჰა ჰა ეს ტერეზა არ არის

წამით ყოვნდება და მკაცრი ტონით აგრძელებს

მეგაფონში:

რომელმა ტუტუცმა ჩაიცვა მისი ტანსაცმელი

შეათვალიერებს და შემობრუნდება

მეგაფონში:

უეჭველად მისი მკვლელია

უმეგაფონოდ:

ტერეზა ჩემო საყვარელო ტერეზა სად ხარ

ჩაფიქრდება ხელებში თავჩარგული. შემდეგ კი გაიჯგიმება დოინჯშემოყრით

ჰეი შენ არამზადავ ტერეზად რომ გადაცმულხარ სულს გაგაფრთხობინებ

იბრძვიან. ტერეზა იმარჯვებს

 

ტერეზა

მართალი ხარ აღარ ვარ შენი ცოლი

 

ქმარი

ბატონო?

 

ტერეზა

თუმცა ნამდვილად ტერეზა ვარ

 

ქმარი

ბატონო?

 

ტერეზა

ოღონდ – ტერეზა რომელიც აღარ არის ქალი

 

ქმარი

კიდევ რას იტყვით

 

ტერეზა

და ვინაიდან მშვენიერი ჭაბუკი გავხდი

 

ქმარი

აი სიახლეც

 

ტერეზა

ამიერიდან მამაკაცის მქვია სახელი

ტ ი რ ე ს ი ა ს ი

 

ქმარი

მლოცველის პოზაში

ღმერთმა გიშველოს

ტირესიასი გადის

 

 

სცენა III

ზანზიბარელი ხალხი, ქმარი

 

ტირესიასის ხმა

მივდივარ ამ სახლიდან

 

ქმარი

ღმერთმა გიშველოს

ტირესიასი ფანჯრიდან ერთმანეთის მიყოლებით ისვრის ღამის ქოთანს, შესადგმელ ღამის ჭურჭელს და საშარდეს. ქმარი იღებს ღამის ქოთანს

 

როიალი

ქმარი იღებს საშარდეს

ვიოლინო

ქმარი იღებს შესადგმელ ღამის ჭურჭელს

ქერის ორმო[22]

მდგომარეობა მძიმდება

 

 

სცენა IV

იგივენი, ტირესიასი, ლაკუფი, პრესტო

 

ტირესიასი ბრუნდება ტანსაცმლით, თოკით და უცნაური ნივთებით ხელში. ყველაფერს განზე მოისვრის და ქმარს მივარდება. ქმრის ბოლო რეპლიკაზე, მუყაოს ბრაუნინგებით შეიარაღებული პრესტო და ლაკუფი ღრმააზროვანი სახეებით ამოდიან სცენის ქვემოდან და დარბაზისკენ მიემართებიან. იმავე დროს, ტირესიასი იჭერს თავის ქმარს, აძრობს მას შარვალს, იხდის, აცმევს მას თავის კაბას, ბორკავს, იცვამს შარვალს, იჭრის თმას და იხურავს ცილინდრს. ეს სცენა გრძელდება რევოლვერის პირველ გასროლამდე

 

სამგლოვიარო მარში

 

პრესტო

თქვენთან ერთად ზანზიბარში ბებერო ლაკუფ

ყველაფერი გამიფრინდა რაც კი გამაჩნდა

 

ლაკუფი

მეც კარგი ჩიტი დავიჭირე ბატონო პრესტო

და სხვათა შორის ზანზიბარი რა შუაშია თქვენ პარიზში ხართ

 

პრესტო

ზანზიბარში ვარ

 

ლაკუფი

პარიზში

 

პრესტო

ეს უკვე მეტისმეტია

ჩვენი ათწლიანი მეგობრობის შემდეგ

და ყველა იმ სისაძაგლის შემდეგ რასაც ამ დროის განმავლობაში თქვენზე ხალხს ვუყვებოდი

 

ლაკუფი

არაფერია მე ხომ თქვენთვის ქება არ მითხოვია თქვენ პარიზში ხართ

 

პრესტო

ზანზიბარში ვარ და ამას მოწმობს ის რომ ყველაფერი გამიფრინდა

 

ლაკუფი

ერთმანეთს უნდა შევებრძოლოთ ბატონო პრესტო

 

პრესტო

შევებრძოლოთ

ღრმააზროვანი სახეებით ადიან სცენაზე და მის სიღრმეში დგებიან ერთმანეთის პირისპირ

 

ლაკუფი

თანაბარი შეიარაღებით

 

პრესტო

რამდენიც გენებოთ

ყველა დარტყმა ბუნების ნაყოფია

ერთმანეთს უმიზნებენ. ამ დროს ზანზიბარელი ხალხი რევოლვერიდან ორჯერ გაისვრის და ლაკუფი და პრესტოც ეცემიან

 

ტირესიასი

რომელიც ტანსაცმლის გამოცვლას მორჩა, კრთება სროლის ხმაზე და ყვირის

ო ძვირფასო თავისუფლებავ როგორც იქნა ჩაგიგდე ხელში

მაგრამ ჯერ მოდი გაზეთს ვიყიდი

და ახალ ამბებს გავეცნობი

ყიდულობს გაზეთს და იწყებს კითხვას. ამასობაში, ზანზიბარელი ხალხი სცენის ორივე მხარეს აკრავს პლაკატს:

პრესტოს პლაკატი:

 

ყველაფერი გაუფრინდა პრესტოს

ზანზიბარში ვერ ეღირსა პრესტიჟს

და პარიზი ვეღარაფერს შეცვლის

 

ლაკუფის პლაკატი:

 

კარგი ჩიტი დაიჭირა ლაკუფმა

ზანზიბარის წარმოდგენამ დაღუპა

მისმა სცენამ პარიზს სენა აგუბა

 

ზანზიბარელი ხალხის სცენაზე დაბრუნებისთანავე, პრესტო და ლაკუფი წამოდგებიან. ზანზიბარელი ხალხი ისევ გაისვრის რევოლვერიდან და დუელიანტებიც კვლავ ეცემიან. განცვიფრებული ტირესიასი გაზეთს განზე მოისვრის

მეგაფონში:

ახლა ჩემია ეს სამყარო

ჩემს ხელთაა ყველა ქალი ჩემს ხელშია ძალაუფლება

შემიძლია მუნიციპალური მრჩეველი გავხდე

მაგრამ რა ხმაა ეს რა მესმის

მგონი გაცლა ჯობს

გადის კაკანით. იმავე დროს, ქმარი ელმავლის ხმას გამოსცემს

 

 

სცენა V

ზანზიბარელი ხალხი, ქმარი, ჟანდარმი

 

ჟანდარმი

ზანზიბარელი ხალხი აკორდეონზე უკრავს. ჟანდარმი ცხენით დაკუნტრუშებს, შემდეგ კულისებში შეათრევს გვამს, რომლის მხოლოდ ფეხები მოჩანს, და წრეს არტყამს სცენას, შეათრევს მეორე გვამსაც, ისევ არტყამს სცენას წრეს და ამჩნევს შებორკილ ქმარს

 

დანაშაულის სუნი მცემს

 

ქმარი

აჰ როგორც იქნა ზანზიბარული

ხელისუფლების რწმუნებულს ვხედავ

მოდი გამოველაპარაკები

ჰეი ბატონო თუ დამნაშავის დაჭერა გსურთ

გთხოვთ ამომიღოთ გულის ჯიბიდან

სამხედრო ბილეთი

 

ჟანდარმი

მეგაფონში:

ვაჰ რა გოგოა

უმეგაფონოდ:

მითხარ კუდრაჭავ

ვინ მოგექცა ასე უხეშად

 

ქმარი

ცალკე:

ქალი ვგონივარ

ჟანდარმს:

და თუ ჩემს ცოლად შერთვას აპირებთ

ჟანდარმი გულზე ხელს დაიდებს

იქნებ ხელ-ფეხი შეგეხსნათ ჩემთვის

 

ჟანდარმი

უხსნის და თან უღიტინებს. ორივე ხითხითებს. ჟანდარმი გამუდმებით იმეორებს:

ვაჰ რა გოგოა

 

 

სცენა VI

იგივენი, პრესტო, ლაკუფი

 

როცა ჟანდარმი ქმრის ხელ-ფეხის შეხსნას იწყებს, პრესტო და ლაკუფი ბრუნდებიან იმ ადგილზე, სადაც მანამდე დაეცნენ

 

პრესტო

მომბეზრდა მკვდრად ყოფნა

არადა ვიცი არის ხალხი

ვისთვისაც სიკვდილი სიცოცხლეზე საპატიოა

 

ლაკუფი

აი ხომ ხედავთ არ ყოფილხართ თქვენ ზანზიბარში

 

პრესტო

აფსუს სწორედ იქ მსურდა ყოფნა

ისიც გულს მიკლავს რომ დუელი შედგა ჩვენ შორის

როგორც ჩანს

ძლიერ მიამიტურად ვუყურებთ სიკვდილს

 

ლაკუფი

ზედმეტად დიდი წარმოდგენის ვართ ადამიანზე

და ყველაფერზე რაც შექმნა კაცმა

განა განავალს ოქრომჭედლისა

ოქრო-ვერცხლის მოჰყვება აცმა

 

პრესტო

კი ბევრად უფრო საოცარი ამბებიც ხდება

 

ლაკუფ

მოკლედ ჩემო კარგო პრესტო

რაც არ უნდა აპროტესტოთ

პარიზში ვართ და მე ვეჭვობ თქვენ აქ რამის შეცვლა შეძლოთ

 

პრესტო

ზანზიბარში

 

ლაკუფი

მიზანში

 

პრესტო

ცეცხლი

ზანზიბარელი ხალხი რევოლვერიდან ისვრის და პრესტო და ლაკუფი ეცემიან. ჟანდარმი მორჩება ქმრის ხელ-ფეხის შეხსნას

 

ჟანდარმი

თქვენ დაკავებული ხართ

პრესტო და ლაკუფი გარბიან იმის საპირისპირო მხარეს, საიდანაც მოვიდნენ.

აკორდეონი

 

 

სცენა VII

ზანზიბარელი ხალხი, ჟანდარმი, ქალად გადაცმული ქმარი

 

ჟანდარმი

ეს ლაყე დუელანტები

ვერ ჩამიკლავენ სურვილს გითხრათ: თქვენი სხეული

როგორც რეზინის ბურთულები ისე ნაზია

 

ქმარი

ცხიკ

ჭურჭლის მსხვრევის ხმა

 

ჟანდარმი

ოჰო გაცივდით? ჩინებულია

 

ქმარი

ცხიიიკ

დოლის ხმა

ქმარი აიწევს კაბას, რომელიც სიარულში ხელს უშლის

 

ჟანდარმი

მსუბუქი ყოფაქცევის ქალი

თვალის ჩაკვრით:

არადა რა გოგოა

 

ქმარი

ცალკე:

ღმერთმანი მართალს ამბობს

ვინაიდან ჩემი ცოლი მამაკაცია

სამართლიანი იქნება რომ მე ქალი ვიყო

ჟანდარმს მორცხვად:

პატიოსანი ქალ-ბატონი ვარ

ჩემი ცოლი კი ბატონ-ქალია

წაიღო ჩემი როიალი და ვიოლინო და ქერის ორმო

და ახლა ჯარისკაცია და დაშნით ძუნძულებს

 

ჟანდარმი

და შლის ძუძუებს

 

ქმარი

ისინი დასკდნენ

და ახლა იგი უბარტყუნებს თავში უძლურებს

 

ჟანდარმი

ღარში უცურებს

ოჰო რა მწიფე მტევნებია

გულს უხარია ეს დუეტი და ეს არია

სტვირის სევდიანი ხმა

 

ქმარი

ბოლოს და ბოლოს მამაკაცთა მკურნალობას ეხება საქმე

მუსიკა არის პანაცეა

და განკურნავს თუკი სადმე მამაკაცია

 

ჟანდარმი

მშვენიერია ვერაფერს ვიტყვი

 

ქმარი

დრო აღარ მაქვს თქვენთან საუბრის

მეგაფონში:

სად არის ცოლი

 

ქალების ხმა (კულისებიდან)

ვაშა ტირესიასს

გვეყო ბავშვები გვეყო ბავშვები

ჩხარუნასა და დიდი დოლის ხმა

ქმარი მაყურებლებს ემანჭება და ყურთან მიაქვს ხელი, რომელზეც აკუსტიკური კორნეტია მიმაგრებული. ჟანდარმი კი ჯიბიდან ყალიონს იღებს და ქმარს უწვდის.

ზანზალაკების ხმა

 

ჟანდარმი

გააბოლე ყალიონი

მე დავუკრავ სალამურზე

 

ქმარი

ცოლი მყავდა ხალიანი

საჯიშე და სანამუსე

 

ჟანდარმი

გააბოლე სანამ ვუსტვენ

ზანზიბარელი ხალხი აკრავს მორიგ პლაკატს ამ მისამღერით:

 

გააბოლე ყალიონი

მე დავუკრავ სალამურზე

ცოლი მყავდა ხალიანი

საჯიშე და სანამუსე

გააბოლე სანამ ვუსტვენ

 

ჟანდარმი

ქალიშვილო თუ ქალბატონო დამიპყარით და დამეუფლეთ

დიახ მე უკვე

მზად ვარ გავხდე თქვენი მეუღლე

 

ქმარი

ცხიიიკ

ვერ ხედავთ რომ მამაკაცი ვარ?!

 

ჟანდარმი

სრულყოფილი არავინაა

მაინც შეგირთავთ

მინდობილობით

 

ქმარი

რა სიბრიყვეა

აჯობებდა ბავშვები გაგეჩინათ

 

ჟანდარმი

ოჰ! ბატონო?

 

მამაკაცების ხმა (კულისებიდან)

ვაშა ტირესიასს

ვაშა გენერალ ტირესიასს

ვაშა დეპუტატ ტირესიასს

აკორდეონი უკრავს სამხედრო მარშს

 

ქალების ხმა (კულისებიდან)

გვეყო ბავშვები გვეყო ბავშვები

 

 

სცენა VIII

იგივენი, ჯიხური

 

ჯიხური, გამყიდველის მოძრავი ხელით, ნელა გადაადგილდება სცენის მეორე მხარეს

 

ქმარი

ჩვენი ქვეყნის მმართველებო ხალხზე ზრუნვით გართულებო

გთხოვთ მიხედოთ ამ პრობლემას სანამ უფრო გართულდება

ქალმა პოლიტიკოსობა მოინდომა ზანზიბარში

მოითხოვა უფლებები არც ქმარი სურს აღარც ბავშვი

ყვირის მეყო ბავშვებიო ჯიუტობს და არ გვიჯერებს

თითქოს ბავშვებს ზანზიბარში სპილოები გაგვიჩენენ

ანდა სირაქლემები და ქინქლები ან ქვემძრომები

არა არ გვეპატიება ჩვენ ასეთი შეცდომები

მეთაფლია შვილს არ აჩენს მაგრამ თაფლით გვამარაგებს

ხოლო ქალი უნაყოფო არც თვით ვარგა არც სხვას არგებს

ჰოდა სანამ უმომავლოდ დარჩენილა ზანზიბარი

მეგაფონში:

გამოფხიზლდით და განგაშის შემოჰკარით ჩქარა ზარი

უმეგაფონოდ:

გთხოვთ ჟანდარმო მეგაფონის ღილაკს თითი დააჭიროთ

და ჩვენს ქალებს მოუწოდოთ რომ ბავშვები გააჩინონ

და თუ ქალი უარს იტყვის და თუ მეგაფონიც გაცვდა

მაშინ დაე ეს ფუნქცია შეითავსოს მამაკაცმა

და პირველი მე ვიქნები

 

ჟანდარმი და ჯიხური

თქვენ?

 

ჯიხური

მეგაფონში, რომელსაც მას ქმარი აწვდის:

რა აბურდულად იაბდაუბდა

ამის შესახებ მთელს ქვეყანას ვაცნობო უნდა

მაყურებელო ძალიანაც ნუ გამკაცრდები

და გაამხნევე მამაკაცები

საკმარისია სქესის გამოცვლა

და ჩვენ გავუძლებთ ყველა გამოცდას

 

ქმარი

და თქვენ ნახავთ ამ საღამოს ზანზიბარეთში

როგორ აჩენს მამაკაცი ბავშვებს ქალის გარეშე

 

ჟანდარმი

და მე ვნახავ ამ საღამოს ზანზიბარეთში

როგორ აჩენს მამაკაცი ბავშვებს ქალის გარეშე

ოღონდ არც კი გაიფიქროთ მოტყუება ჩემი

თორემ ვერ გადამირჩებით

 

ჯიხური

უნდილია ეს ჟანდარმი

არც ჭკუა აქვს და არც შარმი

უფრო უყვარს რესტორანი

კაბარე და ბარი

ვიდრე ზანზიბარი

 

 

სცენა IX

იგივენი, პრესტო

 

პრესტო (უღიტინებს ქმარს)

და რას დაარქმევ სახელად მოდგმას

სულყველაფერი რომ მამით მოსდგამს

და საჯიშედ რომ უნდა გამოდგეს

 

ჟანდარმი

და მე ვნახავ ამ საღამოს ზანზიბარეთში

როგორ აჩენს მამაკაცი ბავშვებს ქალის გარეშე

 

ქმარი

და თქვენ ნახავთ ამ საღამოს ზანზიბარეთში

როგორ აჩენს მამაკაცი ბავშვებს ქალის გარეშე

 

ყველა ერთად (ქორო)

ცეკვავენ: ქმარი და ჟანდარმი წყვილში, პრესტო და ჯიხური წყვილში, და დროდადრო მეწყვილეს იცვლიან. ზანზიბარელი ხალხი ცეკვავს მარტო და თან აკორდეონზე უკრავს

 

გააბოლე ყალიონი

მე დავუკრავ სალამურზე

ცოლი მყავდა ხალიანი

საჯიშე და სანამუსე

გააბოლე სანამ ვუსტვენ

 

 

პირველი მოქმედების დასასრული

 

 

ანტრაქტი

 

ქორო

 

1

მაყურებელო ძალიანაც ნუ გამკაცრდები

და გაამხნევე მამაკაცები

საკმარისია სქესის გამოცვლა

და ჩვენ გავუძლებთ ყველა გამოცდას

 

2

უნდილია ეს ჟანდარმი

არც ჭკუა აქვს და არც შარმი

უფრო უყვარს რესტორანი

კაბარე და ბარი

ვიდრე ზანზიბარი

 

3

და რას დაარქმევ სახელად მოდგმას

სულყველაფერი რომ მამით მოსდგამს

და საჯიშედ რომ უნდა გამოდგეს

 

 

მოქმედება II

 

იგივე ადგილი, იმავე დღეს, მზის ჩასვლისას. დეკორაციას დაემატა მრავალი აკვანი ჩვილებით. ერთი აკვანი ცარიელია და მის გვერდით დგას ვეებერთელა სამელნე, გიგანტური წებოს ქილა, უშველებელი პენალი და შესაბამისი ზომის მაკრატელი

 

 

სცენა I

ზანზიბარელი ხალხი, ქმარი

 

ქმარი

ორივე ხელში ბავშვი უჭირავს. სცენაზე, კულისებში და დარბაზში მთელი სცენის განმავლობაში ისმის ბავშვების გაბმული ყვირილი Ad libitum. ვუთითებთ მხოლოდ, რა მომენტში და სად გააორმაგებენ ისინი ყვირილს

 

ო რა საოცრებაა მამობრივი სიყვარული

40 049 ბავშვი ერთ დღეში

ბედნიერების მწვერვალზე ვარ

ჩუმად ჩუმად

ბავშვების ყვირილი სცენის სიღრმეში

ოჯახური სიამტკბილობა

ცოლიც არ მაწევს კისერზე

ბავშვებს ძირს დაყრის

ჩუმად

ბავშვების ყვირილი დარბაზის მარცხენა ნაწილში

საუცხოოა თანამედროვე მუსიკა

ლამის ისეთივე საუცხოო როგორც დეკორაციები თანამედროვე მხატვრების

რომლებიც იფურჩქნებიან არა სადმე შორს და კვაზარში

არამედ აქ ზანზიბარში

რაღა საჭიროა რუსულ ბალეტებზე ან ვიე-კოლომბიეში[23] სიარული

ჩუმად ჩუმად

ბავშვების ყვირილი დარბაზის მარჯვენა ნაწილში

ზანზალაკების ხმა

მგონი ესენი გასაწკეპლია

თუმცა იყვირონ ვერ გავიმეტებ

მაღაზიაში გავვარდები და

ვუყიდი ლამაზ ველოსიპედებს

და ამ კონცერტსაც

გარეთ მოსცხებენ

ვირტუოზები

ბავშვები ნელ-ნელა ჩუმდებიან. ქმარი ტაშს უკრავს

ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ

კარზე აკაკუნებენ

შემოდით

 

 

სცენა II

იგივენი, პარიზელი ჟურნალისტი

 

ჟურნალისტი

ცარიელ სახეზე მხოლოდ პირი აქვს. შემოდის ცეკვით

აკორდეონი

Hands up

გამარჯობა ბატონო ქმარო

გახლავართ ერთი

პარიზული გაზეთის კორესპონდენტი

 

ქმარი

პარიზულის?

კეთილი იყოს თქვენი ფეხი

 

ჟურნალისტი

წრეს არტყამს სცენას ცეკვით

გაზეთები

მეგაფონში:

ამერიკის ქალაქ პარიზიდან

უმეგაფონოდ:

ვაშა

გასროლა რევოლვერიდან

ჟურნალისტი შლის ამერიკის დროშას

გვამცნობენ რომ თქვენ მოიფიქრეთ

როგორ შეიძლება მამაკაცმა

გააჩინოს ბავშვები

ჟურნალისტი დროშას დაახვევს და წელზე შემოირტყამს

 

ქმარი

დიახ ასეა

 

ჟურნალისტი

და მაინც როგორ

 

ქმარი

მთავარია მონდომება ჩემო ბატონო სურვილი საქმის ნახევარია

 

ჟურნალისტი

და ბავშვები ზანგები არიან თუ ჩვეულებრივები

 

ქმარი

გააჩნია რა კუთხით მივუდგებით

კასტანიეტების ხმა

 

ჟურნალისტი

ალბათ მდიდარი ხართ

წაიცეკვებს

 

ქმარი

სრულებით არა

 

ჟურნალისტი

აბა როგორ უნდა გაზარდოთ

 

ქმარი

ჯერ საწოვრებით გამოვკვებავ მე

მერე კი თავად გამომკვებავენ

 

ჟურნალისტი

გასაგებია რაღაც გოგო-მამის მსგავსი ხართ

და დედობრივად მამობრივი ინსტინქტით სავსე

 

ქმარი

არა მე ამას პრაგმატული მიზნით ვაკეთებ

ბავშვი ოჯახის სიმდიდრეა შენია ვიდრე

ყველა ფულსა და ბრილიანტზე დიდი სიმდიდრე

ჟურნალისტი იწერს

ხედავთ აი იმ აკვანში რომ პატარას სძინავს

ბავშვი ყვირის. ჟურნალისტი ფეხის წვერებზე შემდგარი უახლოვდება მას და აკვირდება

არტური ჰქვია და მან უკვე ფული ზვირთებად

მოგვახვეტინა როგორც ხაჭოს გადამყიდველმა

სათამაშო საყვირის ხმა

 

ჟურნალისტი

მის ასაკში გასაკვირია

 

ქმარი

ეს კი იოსებია

ბავშვი ყვირის

მწერალი

ჟურნალისტი დახედავს იოსებს

600 000 ეგზემპლარად გაიყიდა მისი რომანი

ნება მიბოძეთ გაჩუქოთ ერთი

ზევიდან ეშვება დიდი წიგნი-პლაკატი წარწერით:

ბედნიერება!

რომანი

 

ქმარი

იკითხეთ გემოზე

ჟურნალისტი წამოწვება. ქმარი უფურცლავს. ყველა ფურცელზე წერია ერთი და იგივე:

 

ქალი რომელსაც ეძახდნენ კამბრონს

 

ჟურნალისტი (წამოდგება)

მეგაფონში:

“ქალი რომელსაც ეძახდნენ კამბრონს”

იცინის მეგაფონში ოთხი ხმოვნის გამოყენებით: ჰა, ჰე, ჰი, ჰო

 

ქმარი

არადა ნახავთ საოცარი სტილი აქვს თხრობის

 

ჟურნალისტი

უმეგაფონოდ:

ჰა! ჰა! ჰა! ჰა!

 

ქმარი

ჭეშმარიტი ვუნდერკინდია

 

ჟურნალისტი

ოჰო!

 

ქმარი

ყოველდღე ვერ გადაეყრებით ასეთ ტალანტებს

 

ჟურნალისტი

Hands up

 

ქმარი

მოკლედ როგორც არ უნდა იყოს

ფაქტია რომ მისმა რომანმა

200 000 ფრანკი მოგვიტანა

და თან ლიტერატურული პრიზი აიღო

და 20 ყუთი დინამიტით დაგვასაჩუქრეს

 

ჟურნალისტი (უკანდახევით)

ნახვამდის

 

ქმარი

ნუ გეშინიათ დინამიტები სეიფში მაქვს გამოკეტილი

 

ჟურნალისტი

All right

და გოგო არ გყავთ?

 

ქმარი

როგორ არა აი ერთ-ერთი

პატარა გოგონა ყვირის. ჟურნალისტი მას ათვალიერებს

ცოტა ხნის წინ განქორწინდა, კარტოფილის მეფეს გაშორდა

და 100 000 დოლარს იღებს როგორც ალიმენტს

ეს კი

მეორე პატარა გოგონაც ყვირის

საუკეთესო არტისტია მთელს ზანზიბარში

ჟურნალისტი კრივის მოძრაობებს აკეთებს

მისმა უბადლო თამაშმა და მისმა გრაციამ

მისმა მხატვრულმა წაკითხვამ და დეკლამაციამ

ერთ წელიწადში მოგვიტანა იმაზე მეტი

ვიდრე ას წელში ზანზიბარში იღებს პოეტი

 

ჟურნალისტი

გულით გილოცავთ my dear

ნება მიბოძეთ

ტანსაცმლიდან აგაძროთ ჩრჩილი

ქმარი მადლიერების ნიშნად უღიმის ჟურნალისტს, რომელიც მას ჩრჩილს აცლის

რადგან ასეთი მდიდარი ხართ ცოტა ფულს ხომ ვერ მასესხებდით

 

ქმარი

აბა ჩრჩილი უკანვე დადეთ

ყველა ბავშვი ყვირის. ქმარი კინწისკვრით აგდებს ჟურნალისტს, რომელიც ცეკვა-ცეკვით გადის

 

 

სცენა III

ზანზიბარელი ხალხი, ქმარი

 

ქმარი

ეს ხომ ისევე მარტივია ვით პერისკოპი

რაც მეტი შვილი მეყოლება

მით მეტად გავმდიდრდები და მით უკეთ გამოვიკვებები

თურმე ვირთევზა იმდენ კვერცხს ყრის ერთ დღე-ღამეში

რომ მხოლოდ მათგან გამოჩეკილი ლიფსიტები

მთელს მსოფლიოს მთელი წელი დააპურებდა

რა უნდა იყოს მრავალშვილიან ოჯახზე კარგი

დღეს ვინღა უსმენს იმ უგუნურ ეკონომისტებს

უტიფრად რომ გვარწმუნებდნენ

სიღატაკეს ნიშნავსო ბავშვი

ყველაფერი პირიქითაა

განა ოდესმე ვინმეს უნახავს სიღატაკეში მკვდარი ვირთევზა

მეც კვლავ და კვლავ გავაჩენ ბავშვებს

თავდაპირველად გავაჩენ ჟურნალისტს

და ყველაფერი მეცოდინება

ყველა სიახლე ყველა ცვლილება

და სად რა წყალი მოედინება

ხელებითა და კბილებით ხევს გაზეთებს და ტლინკებს ყრის.

ეს მოქმედებები ძალიან სწრაფად თამაშდება

მან ყველანაირ საქმეს უნდა გაართვას თავი

ნებისმიერი მიმართულების გაზეთისთვის წერა შეეძლოს

დახეულ გაზეთებს ცარიელ აკვანში ყრის

ო რა საუცხოო ჟურნალისტი გამოვა

მისგან წამოვა ნამდვილი სეტყვა

სტატიების და რეპორტაჟების

დაე ძარღვებში სისხლის ნაცვლად მელანი ესხას

იღებს სამელნეს და აკვანში ასხამს მელანს

მას ხერხემალიც დასჭირდება

აკვანში დებს უშველებელ პენალს

და ზურგის ტვინი რომ ბევრი არ იფიქროს

იღებს წებოს ქილას და აკვანში ასხამს წებოს

და ენა დორბლი რომ ყაროს

აკვანში დებს მაკრატელს

და სიმღერაც უნდა შეეძლოს

მაშ იმღერე მაყურებელო

ჩხარუნას ხმა

 

 

სცენა IV

იგივენი, ვაჟიშვილი

 

ვაჟიშვილის მთელი მონოლოგის განმავლობაში, ქმარი განუწყვეტლივ იმეორებს: “ერთი, ორი!”. სცენა თამაშდება ძალიან სწრაფად

 

ვაჟიშვილი (წამოიმართება აკვანში)

ძვირფასო მამავ თუკი გწადიათ

შეიტყოთ ქვეყნად თაღლითები თუ რას სჩადიან

ცოტა ჯიბის ფული მომეცით

ტიპოგრაფია გაიზარდა ყვავის უზადოდ

ნაყოფს ისხამს როგორც დაფდაფებს

დროა დაკრიფოთ გაზეთები და მოუმზადოთ

გემრიელი სალათი ღლაპებს

მე კი მომეცით ფრანკი ხუთასი

და დაგიბრუნებთ დუმილს ხურდაში

და თუ არ მომცემთ ყველასთან ვიტყვი

პირწავარდნილი რომ ხართ თაღლითი

რომ ცოლად სამგზის ორსული გყავდათ

და მისით გქონდათ შვილთა მატება

და რომ ცრუობდით ქურდობდით კლავდით

ხელთა მაქვს თქვენზე კომპრომატები

 

ქმარი

ყოჩაღ შანტაჟიც ამას ჰქვია

ვაჟიშვილი აკვნიდან გადმოდის

 

ვაჟიშვილი

ერთ სახედ და ხატად ქმნილო ჩემო დედ-მამავ

თუ გსურთ შეიტყოთ რა მოხდა გუშინ

აჰა ეს და სხვა:

დიდმა ხანძარმა ნიაგარა გადაწვა

 

ქმარი

აი დარდი

 

ვაჟიშვილი

მშენებელი ალსინდორი

მიდიოდა მარტო გზაზე

გადაჰყრია მკვლელთა ქორო

და დაუკრავს ვალტორნაზე

ახლა ყველა დარდობს მასზე

 

ქმარი

კიდევ კარგი აქ არ დაუკრა

 

ვაჟიშვილი

ხოლო ბერგამოს პრინცესა ხვალ-ზეგ

დაქორწინებას აპირებს ქალზე

რომელიც წუხელ გაუცნია თურმე ვაგზალზე

კასტანიეტების ხმა

 

ქმარი

უცნობთა თავგადასავლები რომ მომახალე

იქნებ ჩემს მეგობრებზეც გეთქვა რამე ახალი

 

ვაჟიშვილი (აკვანს არწევს)

ამბობენ წუხელ პიკასო

ასე არწევდა ჯიქანსო

და მერე ისე დახატა

ჯიქნების რწევა ვის ახსოვს

 

ქმარი

ვენაცვალე პიკასო

შენი ფუნჯის ჯიგარსო

ო შვილო ჩემო

სხვა დროს იყოს დანარჩენი

დღეს კი სავსებით

საკმარისია გუშინდელი სიახლეები

 

ვაჟიშვილი

კეთილი წავალ ხვალის ამბებს გამოვიგონებ

 

ქმარი

აბა შენ იცი

ვაჟიშვილი გადის

 

 

სცენა V

ზანზიბარელი ხალხი, ქმარი

 

ქმარი

ეს ბავშვი მთლად ნორმალური ვერ გამომსვლია

მემკვიდრეობას არ დავუტოვებ

ამ დროს ჩნდება რადიოტელეგრამების პლაკატები:

 

ო ტ ა ვ ა

ხანძარი კომპანია ჟ. კ. ბ.-ში წერტილი განადგურდა 20 000 ლექსი პროზად წერტილი პრეზიდენტი გამოთქვამს მწუხარებას

 

რ ო მ ი

ა. ნრ. მ. ტ. სს. ვილა მედიჩის დირექტორმა დაასრულა სს პორტრეტზე მუშაობა

 

ა ვ ი ნ ი ო ნ ი

დიდმა მხატვარმა ჟ-რჟ. ს. ბრაკმა გამოიგონა ფუნჯების ინტენსიური გამოყვანის მეთოდი

 

ვ ა ნ კ უ ვ ე რ ი (სიგნალი აგვიანებს)

ბატონი პოლ ლეოს ძაღლები გაიფიცნენ

 

ქმარი

კმარა ო კმარა

რა ჯანდაბად მინდოდა პრესა

მოდის ცნობები წარამარა

ღვარად და ღვარად

მთელი დღე მგესლავს

ამ ყველაფრის მომიწევს შეცვლა

მეგაფონში:

ალო ალო ქალიშვილო

გთხოვთ ტელეფონი გამითიშოთ

გამიუქმეთ აბონემენტი

აღარ მინდა მეტი

უმეგაფონოდ:

ვცვლი გეგმებს

აღარ გადავიხდი ზედმეტს

ფული უნდა გამოვიზოგო

მკერავი უნდა გავაჩინო სულ ერთია ბიჭი თუ გოგო

მერე ჩავიცვამ მოდურ ტანსაცმელს

და ბულვარისკენ გავწევ

 

 

სცენა VI

იგივენი, ჟანდარმი

 

ჟანდარმი

ყოჩაღ პირნათლად შეასრულეთ თქვენ თქვენი სიტყვა

ახალშობილთა დაგვიშინეთ ნამდვილი სეტყვა

40 050 ბავშვი ერთ დღეში

აი ეს მესმის

 

ქმარი

გამდიდრებაა ჩემი მიზანი

 

ჟანდარმი

მაგრამ შიმშილობს მთელი ზანზიბარი

მომრავლდნენ პირდაღებული ბავშვები

და არ ჩანს საშველი

 

ქმარი

ბანქო მიეცით ხალხს გართობა ყველაფერს შველის

 

ჟანდარმი

და სად ვიშოვოთ?

 

ქმარი

მკითხავს ექნება

 

ჟანდარმი

ზუსტია

 

ქმარი

ჯანდაბა ეს ხომ გულთმისნობაა

 

 

სცენა VII

იგივენი, მკითხავი

 

მკითხავი

შემოდის სცენის სიღრმიდან. თავი განათებული აქვს ელექტრონათურით

აი მეც აქ ვარ ზანზიბარის მოქალაქენო

 

ქმარი

კიდევ ერთი გამოცხადება

მე არაფერ შუაში ვარ

 

მკითხავი

ვიცი ყველას გაინტერესებთ

საკუთარი ბედის წაკითხვა

 

ჟანდარმი

ქალბატონო შეგახსენებთ თუკი არ გახსოვთ

რომ თქვენი საქმიანობა უკანონოა

გასაკვირია პირდაპირ რას არ მოიგონებენ

რომ პატიოსან სამუშაოს თავი აარიდონ

 

ქმარი (ჟანდარმს)

აბა სკანდალი არ იყოს ჩემთან

 

მკითხავი (ერთ-ერთ მაყურებელს)

თქვენ ბატონო მალე სულ მალე

სამ ტყუპს გააჩენთ

 

ქმარი

აი კონკურენციაც დაიწყო უკვე

 

ერთი ქალი (დარბაზიდან)

ქალბატონო მკითხავო

ეჭვი მაქვს რომ ქმარი მღალატობს

ჭურჭლის მსხვრევის ხმა

 

მკითხავი

ქილაში ჩასვით და თავი მოუხუფეთ

ადის სცენაზე. ისმის ბავშვების ყვირილი და აკორდეონის ხმა

ვაჰ აქ რა ინკუბატორია

 

ქმარი

დალაქობა თუ გეხერხებათ იქნებ თმა შემჭრათ

 

მკითხავი

ნიუიორკელ ქალიშვილებს უყვართ ალუჩა

და იორკული შაშხი

ამიტომაა რომ მათ კდემას ბოლო არ უჩანს

არ უხუნდებათ ეშხი

 

ქმარი

პარიზში რომ ქალებია

ისეთები არავინ თქვას

კატას თაგვის ჰყვარებია

ჩვენ კი ქალებისა გვიყვარს

 

მკითხავი

რა – დაჭერა?

 

ყველა ერთად (ქორო)

ჯობს ვიმღეროთ განუწყვეტლივ

და ნუ დავსვამთ ზედმეტ კითხვებს

და გვიყვარდეს შავიც თეთრიც

რაც გვეამოს რაც მოგვიხდეს

მთავარია ამას მივხვდეთ

მთავარია ამას მივხვდეთ

 

მკითხავი

ზანზიბარის მოქალაქენო

ვისაც აღარ გსურთ ბავშვის გაჩენა

იცოდეთ რომ ყველა სიმდიდრე

ტყეები ანანასები და სპილოები იმას დარჩება

ვინც მშობლის ტვირთს წამოიკიდებს

და ამგვარად

გაირჯება მამულისათვის

ყველა ბავშვი სცენაზე და დარბაზში იწყებს ყვირილს. მკითხავი შლის ბანქოს რომელიც ჭერიდან ცვივა. შემდეგ ბავშვები ჩუმდებიან

ასეთი ნაყოფიერები მაინც არ იყოთ

 

ქმარი და ჟანდარმი

ნაყოფიერები ნაყოფიერები

 

მკითხავი (ქმარს)

თქვენ 10 მილიარდს იშოვით

ქმარი ელდისგან წაბარბაცდება და იქვე ჩამოჯდება

 

მკითხავი (ჟანდარმს)

თქვენ ვინაიდან ბავშვებს არ აჩენთ

უკიდურეს სიღატაკეში ამოგხდებათ სული

 

ჟანდარმი

ვის აყენებთ შეურაცხყოფას

დაკავებული ხართ ზანზიბარის სახელით

 

მკითხავი

ქალს როგორ ეხებით არც კი გრცხვენიათ

კაწრავს და ახრჩობს ჟანდარმს. ქმარი მას ყალიონს აწვდის

 

ქმარი

გააბოლე ყალიონი

მე დავუკრავ სალამურზე

ცოლი მყავდა ხალიანი

საჯიშე და სანამუსე

 

მკითხავი

გავაბოლებ სანამ უსტვენ

 

ქმარი

ახლა კი კომისარიატში წაგაბრძანებთ

მკვლელო

 

ტერეზა (მოიხსნის მკითხავის ზიზილ-პილპილებს)

ძვირფასო ქმარო ნუთუ ვერ მცნობ

 

ქმარი

ტერეზა

უფრო სწორად ტირესიასი

ჟანდარმი აღსდგება

 

ტერეზა

ტირესიასი სათავეში უდგას

მუნიციპალიტეტის დეპუტატთა პალატის დანაყოფს

მაგრამ ნუ დარდობ ის შენით ამაყობს

და სატვირთო მანქანით უკან მოგიტანა

როიალი და ვიოლინო და ქერის ორმო

და საყვარლებიც თან მოიყვანა – სამი გავლენიანი ქალბატონი

 

ჟანდარმი

მადლობა რომ ჩემზე იფიქრეთ

 

ქმარი

ჩემო გენერალო ჩემო დეპუტატო

უფრო სწორად ტერეზა

ნეტავ რამ დაგაინტერესა

ან გულმკერდი რამ დაგიპრესა

 

ტერეზა

რას დაეძებ მოდი დამკრიფე

მარწყვები ვარ ბანანები ვარ

მანადირე და მანებივრე

ჰო შენით ისევ დაინტერესდა

შენი ტერეზა

 

ქმარი

ტერეზა

 

ტერეზა

ნუღარ აყოვნებ სიყვარულის ზვირთო წამიღე

სიცოცხლე ხომ ერთი წამია

ჰოდა იჩქარე

თორემ ფარდის დაშვებამდე გული წამივა

 

ქმარი

დროა გავბეროთ ჩემო ტერეზა

ის ადგილები რაც დაგეპრესა

სახლიდან გამოაქვს ჰაერბურთების თაიგული და ბურთულებით სავსე კალათა

აი მთელი კოლექცია მაქვს

 

ტერეზა

უამისოდაც შევძლებთ

აქამდე ხომ არ გვჭირდებოდა

 

ქმარი

მართალია ნუ გავართულებთ

ჯობს ავდგეთ და ბანანები ვაწოთ მაწონში

 

ტერეზა

ჰაერში უშვებს ჰაერბურთებს და მაყურებლებს ესვრის ბურთულებს

გაფრინდით ჩემი სიმყიფის ჩიტუნებო

და გამრავლების ხსენით კვებეთ

ჩვენი ბავშვები

 

ყველა ერთად (ქორო)

ზანზიბარელი ხალხი ზანზალაკების ზანზარით ცეკვავს

ჯობს ვიმღეროთ განუწყვეტლივ

და ნუ დავსვამთ ზედმეტ კითხვებს

და გვიყვარდეს შავიც თეთრიც

რაც გვეამოს რაც მოგვიხდეს

მთავარია ამას მივხვდეთ

მთავარია ამას მივხვდეთ

 

 

ფარდა

[1]     პიერ ალბერ-ბირო – (Pierre Albert-Birot, 1876-1967) ფრანგი პოეტი, მოქანდაკე, მხატვარი და თეატრალური მოღვაწე. იგი არის, აპოლინერთან ერთად, ტერმინის “სიურრეალისტური” თანაავტორი. სწორედ მისი თხოვნით დაასრულა აპოლინერმა წინამდებარე პიესა.

[2]     SIC – თავდაპირველად – პარიზული ავანგარდული ჟურნალი, გამომავალი 1916-1919 წლებში პიერ ალბერ-ბიროს ხელმძღვანელობით (ჟურნალის სახელწოდება წარმოადგენს ინიციალებს სიტყვებისა Sons Idées Couleurs – ბგერები აზრები ფერები), რომელთანაც თანამშრომლობდნენ ჟან კოკტო, ტრისტან ცარა, ანდრე ბრეტონი, მაქს ჟაკობი, ანრი მატისი, პაბლო პიკასო, ირენ ლაგიუ, ანდრე სალმონი, პიერ რევერდი, იგორ სტრავინსკი, ლუი არაგონი, ფილიპ სუპო, ბლეზ სანდრარი… ბევრი მათგანის დებიუტიც ამ ჟურნალში შედგა; ხოლო მოგვიანებით – გამომცემლობა, რომლის პირველი გამოცემა იყო სწორედ აპოლინერის “ტირესიასის ჯიქნები”.

[3]     ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მიუხედავად, დადგმა სრული ანშლაგით ჩატარდა რენე მობელის თეატრში (მონმარტრზე) და დარბაზში არნახული აჟიოტაჟიც გამოიწვია. პიესის განმავლობაში, მაყურებელთა ნაწილი უსტვენდა და ყვიროდა, ნაწილი კი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. იყო რამდენიმე ინციდენტიც. როგორც აღნიშნავს არაერთი ავტორი, მათ შორის ჟენევიევ ლატური თავის ესეში “პიერ ალბერ-ბირო და გიიომ აპოლინერის თეატრი”, დარბაზში ატეხილი აურზაურის ფონზე, მაყურებლებს რევოლვერით დაემუქრა ფრანგული დადაიზმისა და სიურრეალიზმის ერთ-ერთი ინსპირატორი, ბრეტონისა და აპოლინერის მეგობარი, ჟაკ ვაშე.

[4]    “სიურრეალისტური” – ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოჩნდა ეს ტერმინი. იგი აპოლინერმა ამ ტექსტამდე ოდნავ ადრეც გამოიყენა მწერალ პოლ დერმესადმი გაგზავნილ პირად წერილში (პიერ ალბერ-ბიროსთან შეთანხმების შემდეგ): “ბევრი განსჯის შემდეგ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, დავამკვიდროთ ტერმინი “სიურრეალიზმი”. იგი ლექსიკონებში არ არსებობს და უფრო მოსახერხებელი მგონია, ვიდრე “სიურნატურალიზმი”, რომელსაც უკვე იყენებენ ბატონი ფილოსოფოსები”. Gérard de Cortanze, Le Monde du surréalisme, Éditions Complexe, 2005.

[5]     ვიკტორ ბაში – (Victor Basch, 1863-1944) წარმოშობით უნგრელი ფრანგი ფილოსოფოსი, სორბონის უნივერსიტეტის ხელოვნების თეორიისა და ესთეტიკის პროფესორი, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა ლიგის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.

[6]     ეჟენ სკრიბი – (Eugène Scribe, 1791-1861) ფრანგი დრამატურგი და ლიბრეტისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი.

[7]     პიერ კლოდ ნიველ დე ლა შოსე – (Pierre-Claude Nivelle de La Chaussée, 1692-1754) ფრანგი დრამატურგი, თეატრალური ჟანრის, ცრემლიანი კომედიის შემქმნელი.

[8]     “ადვოკატ პიერ პატლენის ფარსი” – (La farce de Maître Pathelin) შუა საუკუნეების მიწურულის ანონიმური ფარსი, რომელსაც ხშირად განიხილავენ, როგორც პირველ ფრანგულ კომიკურ პიესას.

[9]     ლეონ ლუი დეფუ – (Léon Louis Deffoux, 1881-1945) ფრანგი ჟურნალისტი და ლიტერატორი.

[10]   იგულისხმება პრეზერვატივი.

[11]   ივ გიიო – (Yves Guyot, 1843-1928) ფრანგი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი და ეკონომისტი.

[12]   ლუიზ მარიონი – (Louise Marion) ტერეზა-ტირესიასისა და მკითხავის როლის შემსრულებელი.

[13]   მარსელ ერანი – (Marcel Herrand, 1897–1953) ქმრის როლის შემსრულებელი. ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და თეატრის დირექტორი.

[14]   ჟიულიეტ (იეტა) დესლე – (Juliette (Yéta) Daesslé) პარიზელი ჟურნალისტის, ვაჟიშვილის, ჯიხურისა და ლაკუფის როლების შემსრულებელი ახალგაზრდა ფრანგი მსახიობი ქალი, რომელიც ამ პიესის დადგმის მომდევნო წელს გარდაიცვალა ესპანური გრიპით, ისევე, როგორც აპოლინერი.

[15]   ჟიულიეტ ნორვილი – (Juliette Norville) ჟანდარმის როლის შემსრულებელი.

[16]   ედმონ ვალე – (Edmond Vallée) დასის დირექტორისა და პრესტოს როლების შემსრულებელი.

[17]   ჟორჟეტ დიუბიუე – (Georgette Dubuet) ერთი ქალის როლის შემსრულებელი.

[18]   სესილ დე ბლაკიერ ჰოუარდი – (Cecil de Blaquière Howard, 1888-1956) ზანზიბარელი ხალხის მუნჯი როლის შემსრულებელი. ამერიკელი მოქანდაკე და მხატვარი.

[19]   ზანზიბარელი ხალხის კრებითი პერსონაჟი ალფრედ ჟარის თეატრის პირდაპირი მემკვიდრეა. მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ პოლონეთის ჯარი “იუბიუ მეფიდან”, რომელსაც ერთი მსახიობი ასრულებს. ზოგადად, დიდია ჟარის გავლენა აპოლინერის ამ პიესაზე. აპოლინერი მისგან იღებს კარნავალურობასა და ტოტალური სპექტაკლის იდეას – ფერები, ფორმები, მოძრაობები, ცეკვები, მცირე ხმაურები, რევოლვერი, სენსუალობა, მაყურებელთან გათამაშება, მისი მწყობრიდან გამოყვანა, და გამოკვეთილი ყოყმანი: ზანზიბარი თუ არა ზანზიბარი? (აპოლინერი), პოლონეთი თუ არა პოლონეთი? (ჟარი).

[20]   გოჭი – დედანში “შაშხი” (lard, lardon), რაც ფრანგულ ჟარგონზე მოფერებით აღნიშნავს “ბავშვს”, დაახლოებით ისე, როგორც ქართული “გოჭი”,  ქმრის პერსონაჟიც სწორედ “ბავშვებზე” მიანიშნებს.

[21]   სენტ-მენუ – (Sainte-Menehould) ქალაქი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში, რომლის გასტრონომია ცნობილია კერძით “ღორის ფეხები სენტ-მენუურად”. კერძის პოპულარობას ხელი შეუწყო ალექსანდრ დიუმამ (მამამ) თავის “სამზარეულოს დიდ ლექსიკონში” მისი აღწერით.

[22]   ქერის ორმო – დედანში: “კარაქიანი თეფში” (L’assiette au beurre), რომელიც იმის გარდა, რომ ქართული თარგმანის შესატყვისი იდიომატური გამოთქმაა, არის XX ს-ის დასაწყისში გამომავალი ცნობილი ფრანგული სატირული ჟურნალის სახელწოდებაც. არ არის გამორიცხული, აპოლინერი შეგნებულად მიანიშნებდეს ამ ჩაგრულთა უფლებებისთვის მებრძოლ ჟურნალზე, მით უმეტეს, რომ ამ ჟურნალთან მჭიდროდაა დაკავშირებული ფრანგი მწერლისა და აპოლინერის დიდი მეგობრის, ანდრე სალმონის სახელი.

[23]   ვიე-კოლომბიე – (Théâtre du Vieux-Colombier) პარიზის ისტორიული თეატრი, ამჟამად კომედი ფრანსეზის ერთ-ერთი დარბაზი.

 

© არილი

Facebook Comments Box