ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ნანა ტრაპაიძესთან – „სიკვდილი ისეთი ზუსტი შეჯამებაა, როგორიც სიცოცხლის არითმეტიკას არ შეუძლია”

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დავიბადე პატარა ზღვისპირა ქალაქში…

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

განსხვავებას თითქმის ვერ ვხედავ.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ

თუ ლიტერატურაში მეკითხებით, ადამიანური ურთიერთობების თემა. ორ ადამიანს შორის ურთიერთობა ჩვეულებრივი ყოფითი ამბავი არ არის, კულტურის შედეგია. ორს შორის შეიძლება მოხდეს მხოლოდ ის, რისი კულტურული შესაძლებლობაც არსებობს და ასევე ისიც, რაც მათ შორის ამ კულტურისთვის დაიბადება. ყველა საზოგადოებრივი სიკეთე „ორ ადამიანს შორისი“ ამბავია. ეს ერთადერთი სარწმუნო ,,მეტაფიზიკაა“, რომლისაც მე მჯერა და რომელსაც მივაწერ ყველა საზოგადოებრივ სიკეთეს და ბოროტებას. ამას გინდ პოლიტიკა დავარქვათ, გინდ სიყვარული. სულერთია. იქნებ სულაც ერთი და იგივეა. სიტყვები თვალთმაქცობაა ან უზუსტობა. ამიტომ, თუ რაღაცის გაგება გვინდა, ტავტოლოგიები, იგივეობები, ასევე განსხვავებები, აცდენები, საპოვნელია. ისინი არსებობენ. სიტყვები მარტო საგნებს კი არა, ერთმანეთს აღწერენ.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი

მაკულატურის მწნეხავი ჰანტა, ჰრაბალის ,,მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობიდან“.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ

ერთი რომ ვთქვა, სარწმუნო იქნება, რომ ყველა სხვა წამიკითხავს?

პოლ ვალერის აქვს ასეთი ფრაზა – ,,ტვინის ჰიგიენა“. კარგი აზრია. ეს მარტო ხარისხს არ ეხება, რაოდენობასაც. ძალიან პერსონალური რამე კია.

ისე, კითხვა უკუღმა დავიწყე, ,,დიდური“ წიგნებით. სამეცნიერო და ფილოსოფიურ წიგნებს ვეტანებოდი. აკუმულირებული აზრები ქართულად გადმომქონდა. განმარტებით ლექსიკონებს ვადგენდი.

საბავშვოსი და ცნობილი კლასიკის კითხვა შედარებით გვიან დავიწყე. ამიტომ, რაც სხვებს ჰქონდა წაკითხული, მე მერე ვკითხულობდი. თუმცა, იმდენად ბუნდოვნად მახსოვს ბევრი, ვფიქრობ, არც მაქვს წაკითხული, წაკითხულად ვთვლი არცთუ სრული აზრით.  

თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?

ფილმები არ არის ჩემი ძლიერი მხარე. უფრო მკითხველი ვარ, ვიდრე მაყურებელი.

ამიტომ ვიტყვი საყვარელ ფილმებს. რაც ახლა მახსენდება, ესენია: სტივ ჯეოკობსის  ,,სირცხვილი“ კუტზეეს ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. რომანი მომწონს  ძალიან. სირცხვილის თემა მაინტერესებს. შემოქმედებითად ის უფრო ნაკლებადაა  ათვისებული, ვიდრე დანაშაულის თემა.

კიდევ მიხეილ კობახიძის ,,ქოლგა“, მინიმალიზმით, მსუბუქი სიბრძნით, ირონიით.

სამხრეთ კორეული ფილმი ბონგ ჯუნ-ჰოს ,,პარაზიტი“ თემატურადაც მომეწონა და რეჟისურითაც. მინდა ვიხილო ამგვარი ქართული ფილმი, თავისუფალი ყოველგვარი ჩვენებური „ბუნებრივი თეატრისაგან“.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

კლასიკური მხატვრობა საკვირველია. ვერავითარი ტექნოლოგიური საოცრება ვერ შეედრება ადამიანის შიშველი ხელების უნარს. რემბრანდტის ავტოპორტრეტებს შემიძლია დიდხანს ვუყურო, როგორც ცოცხალ სახეებს. ხელოვნება დახანების, შეჩერების, დახსომების ძალისხმევაა, თუმცა სამყარო არც შეჩერებისთვის შექმნილა, არც დახსომებისთვის, ის მუდმივად იცვლება და რაც მასში მეხსიერების ფორმების სახით შეგვაქვს, ეს, რეალურად, ბუნებაზე ძალადობაა. მაგრამ, თუ დავუკვირდებით, იგი (ხელოვნება) იმდენად ძირისძირშია ადამიანის ყოფნის, რომ მისი დეფიციტით გამოწვეული სიცარიელე ყოველთვის შექმნის დამანგრეველ ვაკუუმს. ხელოვნება ყოველთვის იქნება ხსნა, უფრო სწორად, ადამიანის დაფუძნების ძალა, როგორც ერთადერთი ბუნებრივი ენა, ბუნებრივი უპირატესობა ყველა იმ შესაძლებლობასთან შედარებით, რომელიც ადამიანს ხელოვნების სფეროს იქით აქვს.

ფიროსმანი მიყვარს. რაც უფრო შორეულია, რასაც იგი გადმოსცემს, მით უფრო მიმზიდველი ხდება. ადრე ასე არ იყო ჩემთვის. ალბათ ხელოვნება ეს შორეულის განცდაა. ან შორეულობის წაშლა. 

ამ ზაფხულს ბათუმში ლევან სონღულაშვილის გამოფენა იყო. მისი ,,არ შემეხო“ გამოიფინა. ხელოვნება, პირველ რიგში, შთაბეჭდილებაა. შთაბეჭდილება, რომელიც „ოდესღაც“ შეცვალა გაკვირვებამ, შოკმა, სკანდალმა. ზოგჯერ ეგ შთაბეჭდილებას არც გამორიცხავდა, იყო კონცეპტუალურიც. მაგრამ შთაბეჭდილება მეტია, ვიდრე გაკვირვება. შთაბეჭდილება უფრო ახლოსაა ,,საოცართან“, ვიდრე ,,გასაკვირთან’“. აი, ეგ შთაბეჭდილება, როგორც წმინდა ესთეტიკური ძალა, როგორც უფრო მაღალი რიგის რეალობის ძალა, იყო ამ ნახატში. სემანტიკა აქ მეორეულია. ის შეიძლება იყოს ასეთიც და ისეთიც. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს ქმნილება ამ აღქმით დიაპაზონთან ერთად ობიექტური ინტენციის მატარებელია, რომელიც შიგნიდან გარეთ მოდის და გარედან შეტანილი საზრისებით არ აგებს თავის თავს. ამიტომაც აქვს მას გაოცების ძალა, შთაბეჭდილების ანაქრონული უნარი. მახარებს, რომ ბათუმს ეს შესაძლებლობა ჰქონდა. ბათუმი ამდაგვარი შინაარსებისთვის (ვგულისხმობ ხელოვნების, შემოქმედებით და ინტელექტუალურ სივრცეებს), უფრო მეტად ასათვისებელია. თითქოს ქალაქის ლანდშაფტიც, –  მისი ყოფნის მოცემულობაც კი, მოითხოვს ამას.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ?

ცუდი მეხსიერება, რომელიც უფრო თვისება მგონია, ვიდრე უნარი. თუ უუნარობა. ამის ნაკლი ისაა, რომ გონების უძრავ მდგომარეობაში ყოფნას ჰგავს. თითქოს ტვინის უმანკოებაა, თან ინფანტილობის მაგვარი. ადამიანურად ეს, ალბათ, კარგია, ჰუმანურია. თუმცა არასერიოზულობასაც ჩამოჰგავს. წეღანაც ხომ ვთქვი, კულტურა ეს მეხსიერების ძალისხმევაა-მეთქი. ასე რომ…

ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?

არა. მგონი, არა.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

არ მგონია, მასზე ფიქრი იყოს შესაძლებელი. ეს ფიქრი, თუ მაინც ასე ვიტყვით, შიშია ან რწმენა (სხვა საკითხია მისი ინტელექტუალიზება, მისი ფილოსოფიური ძიება).

ამ პანდემიის დროს შემაძრწუნა საავადმყოფოებიდან ზეწრებით გამოტანილი გარდაცვლილი ადამიანების ხვედრმა, ყოველგვარი წესის, უკანასკნელი გაცილების გარეშე….

სიკვდილი მაშინ დგება, როცა რიტუალი კვდება. მახსოვს გურიაში, სოფლის ასაკოვნები როგორ განიხილავდნენ პანაშვიდებს, – ვინ როგორ დაიტირეს. ამ განხილვაში არაფერი იყო ხოლმე სევდიანი, პირიქით – იყო სავსე სიცოცხლის მნიშვნელობით. რაც დღეს ჩვენი გმირების მიმართ ხდება, კულტურული თვითლიკვიდაციაა. ესაა ტრაგიკული პოლიტიკური აბსურდი, რომელსაც ჩვენი ყოფნა, ჩვენი ცხოვრების აზრები სიცოცხლის და სიკვდილის მნიშვნელობებიდან გააქვს. პოლიტიკურად რაც დასაშვებია, კულტურულად – დაუშვებელია. როცა პოლიტიკა კულტურასთან მოდის წინააღმდეგობაში, უკვე ჩიხია. ჩვენ ჩიხში ვართ.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება

სოფელში ცხოვრება მიტაცებს, თუ ეს გატაცებად ჩამეთვლება.

ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?

დღევანდელობაა ეს მოვლენა და არ მაქვს განცდა, რომ მასში არ ვმონაწილეობ.

დიონისე თუ აპოლონი?

ორივე.

ადამიანი, ვისიც გშურთ

ყველასი, ვინც ცეკვავს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა

ჩემი შეცდომების მიმართ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო… არ ვიცი… სიტყვა ,,შეცდომა“ ბოლომდე არ მესმის. ისევე როგორც სიტყვა ,,აღიარება“. თუ ,,შეცდომას“ ,,მორალური ზარალის“ თვალით შევხედავთ, რაღაც დანანებას გამოიტან ადამიანი. არ ღირს ფიქრად. ცუდი დავიწროებაა.

რადგან ,,აღიარებას“ შევეხე… შეცდომის მსგავსად,  ,,აღიარებაც“ გადღაბნილი გაგებაა, მისი სოციალური კონტურები არაფიქსირებულია, ამიტომ საკამათო. თან ხშირად საეჭვოდ ადვილია. თქვენი კითხვის და ჩემი პასუხის ამ ორ სიტყვას – ,,შეცდომასა“ და ,,აღიარებას“ ასე დავაკავშირებ – შეცდომაა გინდოდეს აღიარება. მისი პატიოსნება სიცოცხლეს გამორიცხავს. სიკვდილი ისეთი ზუსტი შეჯამებაა, როგორიც სიცოცხლის არითმეტიკას არ შეუძლია.

თუმცა კულტურა ხომ სიკვდილ-სიცოცხლის მორ(ი)გებაა. ჩვენი საზოგადოება ამისთვის მზად არ არის. კულტურამდე ბევრი გვაკლია. აქ ჯერ ხმაურის დროა, რაც ყველაზე უცხო რამაა კულტურისთვის. ეს რეალობაა და მასში ყველანი ვართ. ყველანი მეტ-ნაკლებად უკულტურონი ვართ.  არსებობს მხოლოდ პერსონალური სივრცეები, რომლებშიც ამ კულტურულ ჭუჭყს ვირეცხავთ ხოლმე. არსებითად, ესაა და ეს.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი

ამ ინტერვიუს ფორმატში პასუხი უტაქტობაა. ტაქტი მთავარია.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ

მისი გამოთქმა არ მიყვარს.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)

მომწონს სიტყვა „ლიბო“, საძირკველს ნიშნავს.

ამ წინებზე, ერთ სიტუაციაში, დავუკვირდი სიტყვას ,,გაქარწყლება“. კარგი სიტყვაა, იშვიათი აღწერითი ხასიათით,  სურათხატოვნებით, მიგნებით. არ ვიცი, რამდენად ძველი სიტყვაა, მაგრამ სიტყვების დაბადების სიძველე მოაქვს.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი

ახლა ამაზე არ ვისაუბრებდი. იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ზემოთ პოეზიის შესახებ.

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

ბევრი ძალიან…

,,შიგან სწორთა წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს“. მშვენიერია თანასწორობის (,,სწორთა“) და სიკეთის ეს ზღაპრული კარნავალი! ექსისტენციურ თარგმანში რას ვიღებთ? – სიკეთისა და სიუხვის ეს გამოგონილი მისტერია გავწი-გამოვწიეთ და  ,,იაფი ფულის“ ბუღალტერია მივიღეთ. საოცარია, როგორ შევძელით. როგორც გალაკტიონი იტყოდა, მიკვირს და გამკვირვებია.

,,აწ ამბავი სხვა გიამბოთ, ყმას არ წავყვე წამავალსა“ – ავთანდილი თავისთვის მიდის, თითქოს ტექსტს მიღმა, სადღაც შუალედურ ექსისტენციაში გამონაგონსა და რეალობას შორის.

კიდევ ერთიც:

“შენგან ჩემი სიყვარული ამით უფრო გაამყარე,

რომე დამხსნა შეჭირვება, ეშმა ბილწი ასაპყარე.

გულსა გარე საიმედო ია მორგე, ვარდი ყარე,

მერმე მოდი, ლომო, მზესა შეგეყრები, შემეყარე.“

ეს არ არის დაპირება, აღთქმაა. სიყვარულის აღთქმა, რომელიც თანამედროვე კულტურის ენაში მოთანაბრე სიტყვას ვერ იპოვის. მაგრამ ეს არაა მთავარი აქ. მთავარი ისაა, რომ პოეტის სიბრძნითგრძნეულების მიხედვით მთელი ეს განცდები მორალის კი არა, ენის პოტენციაა.  

მართალია, რა ენა წარხდეს, ერიც დაეცეს.

რამდენ ენაზე კითხულობთ?

რადგან საბჭოური ბავშვობიდან მოვდივარ, მაშინ რუსული და გერმანული იყო მთავარი ენები. რუსული თავისუფლად ვისწავლე, ოღონდ მუსიკალურ სკოლაში მოსკოველი პედაგოგის წყალობით. გერმანულს რეზო ფარცვანია მასწავლიდა სკოლაში, აბიტურიენტობისას და მერეც, გაღრმავებისთვის, უკვე სტუდენტობაში. გერმანულთან დაკავშირებით, ბათუმში, რეზო ფარცვანიას სახელით ყველაფერი ნათქვამია, – შესანიშნავი პროფესიონალი იყო და კოლორიტული ადამიანი.  ბევრი დრო გავატარეთ ერთად. ადრე წავიდა. ახლა აღარ არიანო, რომ იტყვიან, აი, ასეთი იყო რეზო. სრულიად არასაბჭოური, სულ მოწესრიგებული და თადარიგიანი და ამ დროს არანაირ სოციალურ ყალიბში არ იყო.

ინგლისური უფრო გვიან შემოვიდა ჩემს ინტელექტუალურ ცხოვრებაში, ყოველგვარი დაგვიანებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დანაკარგით.  

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

არაერთთან ვისაუბრებდი. ვისაუბრებდი უბრალო რამეებზე. ჭკვიანური საუბარი უბრალო რამეებზე უფრო გამოდის. თან ,,უბრალო თემები“ თვითეკონომიურია. უბრალოდ, ვისაუბრებდი. ალბათ რაღაც გამოვიდოდა.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

რომელშიც ვარ.

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

იყო და არა იყო რა.

რომელია საუკეთესო დასასრული?

გილგამეშიანის. თუმცა მისი დასაწყისიც შესანიშნავია.

ენა თუ ამბავი?

ერთი ქმნის მეორეს. თუ ენა არაა, არც ამბავია. ენა ამბის ყოფნაა.

პროცესი თუ შედეგი?

პროცესი: იგი შედეგების ჯამია (როგორც გატყორცნილი ისრის მოძრაობა არის ისრის გაჩერებების  ჯამი).

წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ

ასეთი ბევრია.

კითხვა, რომლის პასუხი გინდათ იცოდეთ

რომ ვფიქრობდე, რომ პასუხების რეალობა კითხვების რეალობას უსწრებს წინ, ასეთი კითხვა ალბათ მექნებოდა.

წინა რესპონდენტის კითხვა: როგორ ხართ?

რა გითხრათ, რით გაგახაროთ. ჩვენი საზოგადოებრივი ჭირ-ვარამიდან გამომდინარე, კარგი რამ გჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია. მაგრამ მაინც – 

„მე ვაღებ სარკმელს და ჭადრებს ვითვლი,

ჭადრებს გაქცევა შეეძლოთ თითქოს,

და კვლავ მზადა ვარ უარეს დღისთვის,

თუმცა უკეთეს დღეებზე ვფიქრობ“.

კითხვა მომდევნო რესპონდენტს:

რატომ ვტრიალებთ წრეზე?

© არილი