ინტერვიუ

ბლიცინტერვიუ ნესტან კვინიკაძესთან – არა აღიქვა საკუთარი თავი მეტისმეტად სერიოზულად

ფოტოს ავტორი: ნატა სოფრომაძე

არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია ნესტან კვინიკაძე, მწერალი, სცენარისტი და ჟურნალისტი:

 

როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?

დედაჩემს უყვარდა ვიქტორ ცოი, ფიგურული სრიალის ჩემპიონატები, მოდის ჟურნალები, მაცა და ძილის წინ, მშრალკანიან ხელებზე კრემის გადასმა.

რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?

მგონი, ნებისმიერი გამონაგონი, რაღაც დოზით მაინც, რეალობიდან აღებული აკუსტიკური და ვიზუალური მასალის ნაზავია.

თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ.

ბავშვები. მათი დაუცველობა.

რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

ჰამლეტი.

კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ.

არაერთი. ტოლსტოის “აღდგომა”; რაღაც გამოვტოვე თომას მანისთანაც; არ წამიკითხავს, მაგალითად, ბალზაკის “მამა გორიო”, ფიცჯერალდის “დიდი გეტსბი” და კიდევ და კიდევ…

რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?

ყველაზე მეტად ჰიტლერი და სტალინი მძულს.

საყვარელი მხატვარი? რატომ?

თომას გეინსბორო – რადგან მისი კატალოგი ბავშვობისდროინდელ ტელევიზორის მაგიდის თაროზე სიმეტრიულად მიწყობილ სხვა ალბომთან ერთად გამუდმებით თვალს მჭრიდა; ნამუშევრები მაშინებდა, მაფორიაქებდა და მომწონდა.

ელ გრეკო, იმიტომ, ნიუ იორკში მეტროპოლოტენ მუზეუმში,ხელოვნების ნიმუშის ზემოქმედების შედეგად, ცხოვრებაში პირველად მომეკეცა მუხლი.

დავით კაკაბაძე საკუთარი იდენტობის ნაწილი მგონია.

ყველა ჩემი მხატვარი მეგობრის ნამუშევარს ჩემთვის უდიდესი სიხარული მოაქვს.

ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ.

ალბათ, ეს: ყოველთვის მბურძგლავს, როდესაც სიზმარს მიყვებიან. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად დრამატულია ის.

ცრურწმენები და აკვიატებები თუ გაქვთ?

მეგონა არ მქონდა, მაგრამ თუ ფეხის ტკივილით წვიმას ვპროგნოზირებ, თვალის თამაშით კარგ, ან ცუდ ამბავს, თუ წინასწარ ვჭვრეტ ბევრ მოვლენას, მნიშვნელოვან სიტუაციებში, ძალების შემატებისთვის დედაჩემის ტანსაცმელს თუ ვიცვამ, – ნიშნავს აკვიატებებიც მაქვს და პატარა კუდიც.

სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?

გამუდმებით.

ცნობილი, აღიარებული მწერალი, რომელიც ძალიან არ გიყვართ? რატომ?

ვერავის ვიხსენებ, ისეთი სიმძაფრით არ მიყვარდეს, როგორც ლაშა ბუღაძეს სძულს ჰარუკი მურაკამი.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება.

მოგზაურობა. სხვადასხვა ქალაქების მონახულება. საერთოდ, ვფიქრობ, ადამიანს  ფული მხოლოდ სწავლისთვის და მოგზაურობისთვის სჭირდება.

ბოლოს რა წაიკითხეთ?

როგორც წესი, ერთდროულად რამდენიმე წიგნს ვკითხულობ ხოლმე. სულ ბოლოს – აქსიონოვის “დამწვრობა”.

დიონისე თუ აპოლონი?

აპოლონი იყოს.

ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით.

ამაზე არ მიფიქრია.

ადამიანი, ვისიც გშურთ.

როგორც კამიუ იტყოდა, მე მშურს მათი, ვინც ჩემს შემდეგ იცოცხლებს.

თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა.

დიდი ამბების (ამ შემთხვევაში შეცდომების) შესახებ ზოგჯერ აზრი მეცვლება. ამიტომ, არ დავწერ. იქნებ, შემდეგ ასე აღარ ვიფიქრო.

დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი.

საშარო საქმეა. უფროსებს აღარ ვახსენებ. ზვიად რატიანი, დიანა ანფიმიადი, ნუგზარ ზაზანაშვილი.

სიტყვა, რომელიც არ გიყვართ.

ქუთათურები. ნარატივი.

თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები).

ჰო, არა, რუ, თითი, ათი, კოცონი, ამულეტი, ჭექა-ქუხილი.

დაასახელეთ 21-ე საუკუნის 3 საუკეთესო ქართული რომანი.

შარშან პრემია “საბას” ჟიურის წევრი ვიყავი, სავარაუდოდ, ბევრ კოლეგას გული დავწყვიტე. ზემოთ, პოეტების დასახელება გავრისკე. ამაზე პასუხი გთხოვთ, არ დამაძალოთ! :)

ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია

მწერალ ქალს ეპატიება ჰიპერსექსუალობა :)

***

არ შეაქციო ზურგი საოცრებებს!

საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?

სულთა ვჰყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა;

ტარიელ უთხრა: „მე შენი გული აწ მემხურვალების;

მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო.

გული ფერი ლაჟვარდისა გავაწითლე, გავალალე

დედამიწაზე დაწერილი წიგნებიდან ყველაზე დიდი და წითელი გულები ამ წიგნის პერსონაჟებს აქვთ.

რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?

საუკეთესო ლექსების ქვეყანა გვაქვს. ბოლოს, ეს, გვიან აღმოჩენილი ლექსი შემიყვარდა:

ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,

არც წასაღებად

დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,

არც ქართულ კაბას

ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,

არც ვერცხლის ქამარს

მომავლებენ დარდიან წელზე.

ცაში ოთახი განათდება იაპონურად,

ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,

მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,

მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს…

(შემდეგ გრძელდება)

(ნინო თორიშვილი)

რამდენ ენაზე კითხულობთ?

ვკითხულობ ქართულად, რუსულად და ინგლისურად.

ქალი / კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ.

სევერინი ჟოზეფ კესელის Belle de Jour-იდან.

მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?

ჯონათან ლითლის გაცნობა მინდოდა, ამისრულდა და შევხვდი მას. სხვადასხვა თემებზე ვისაუბრეთ, დილით, ყავის და კრუასანის თანხლებით.

ზოგადად, კი საუბარი ბევრთან მომინდებოდა, ვალერიან გაფრინდაშვილით დაწყებული სიუზან ზონტაგით დამთავრებული.

წიგნი, რომელიც რამდენჯერმე გაქვთ წაკითხული.

ვუბრუნდები კლდიაშვილს; კამიუს; კარვერს; კორტასარს; ჩეხოვს; შექსპირს. ვუბრუნდები სხვადასხვა დროს თავმოყრილ მასალას, კონკრეტულ სცენებს, – ეს ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ტექსტებია,პოლ ვალერიდან აკაკი გაწერელიამდე. რობერ ბრესონის ჩანაწერები. PARIS REVIEW -ს ინტერვიუების კრებული.

რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?

ცოტ-ცოტა ყველა დროზე თვალი მრჩება. ვიმ ვენდერსის პოლაროიდებში გამომწყვდეულ 1980-იანი წლების ნიუ იორკშიც გავივაკებდი. ერიკ რომერის მზესაც დავიფიცებდი….

რომელი წიგნის დასაწყისია საუკეთესო?

ასეთი ბევრია. ეს მიყვარს: “სწორედ დროც იყო და საჭიროებაც მოითხოვდა, რომ აზნაურ ოტია ქამუშაძეს ცოლი ეთხოვა”…(“ქამუშაძის გაჭირვება” დავით კდიაშვილი)

ესეც: “ჩემი ქმარი მადიანად ჭამს. მაგრამ არა მგონია, მართლაც მშიერი იყოს” – (ამდენი წყალი ჩვენს სახლთან ასე ახლოს – რაიმონდ კარვერი)

გოგოლის “ცხვირიც” გამახსენდა.

ბევრი დიდი რომანიც…

რომელია საუკეთესო დასასრული?

კალიგულა: ჯერ ცოცხალი ვარ!

ენა თუ ამბავი? რატომ?

კარგი ენით დაწერილი ყველა ამბავი საინტერესო ხდება. ორივე ერთად თუ გვინდა, კლდიაშვილს ჩავხედავთ ხოლმე.

პროცესი თუ შედეგი?

და-ძმასავით არიან.

რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება.

არა აღიქვა საკუთარი თავი მეტისმეტად სერიოზულად :)

როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?

შეკითხვა არ მაქვს, უფრო შევძახებდი საკუთარ თავს: აი, თურმე როგორი ყოფილხარ, ნესტან!

რომელი წიგნი არ წაიკითხეთ ბოლომდე?

არაერთი და ათი, მეტიც…

რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე?

ბევრად კარგი წარმოდგენა მაქვს ლიტერატურის კრიტიკოსებზე, ვიდრე, მათ ჩემზე.

წიგნები, რომლის შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ.

ბევრი სიუჟეტი აღარ მახსოვს, მაგრამ საგანგაშო აღგზნება და მწარე სიცილი ახლაც…

რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?

ჯოჯოხეთია საყვარელი ადამიანების გარეშე ყოფნა.

მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?

ალბათ, ისეთს, სეზონური ზერელობა რომ არ ემუქრება. ვფიქრობ, სახარების კონტექსტებს.

კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ.

ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება?

© არილი