ბრუნო შულცი – დარიჩინის მაღაზიები

bruno - 999873

პოლონურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ზამთრის ყველაზე მოკლე, მთვლემარე – ბინდის ბეწვიანი არშიით ორი ბოლოდან, დილიდან და საღამოდან მოსაზღვრულ დღეებში, როდესაც ქალაქი უფრო და უფრო ღრმად შედიოდა ზამთრის ღამეთა ლაბირინთებში და დღის ხანმოკლე ნათელში ძლივსღა ასწრებდა გონზე მოსვლას და გამობრუნებას – მამაჩემი უკვე დაკარგული იყო სააქაოსთვის. ბოლომდე გახარჯული, იმ ქვეყანასთან უკვე ფიცით იყო შეკრული.

სახეზე და თავზე სარეველასავით მოსდებოდა ჭაღარა თმა, რომელიც ალაგ-ალაგ სულ ნაირ-ნაირად ეზრდებოდა, უწესრიგო ტალღებად თუ ყალყზე მდგარ ჯაგრად, ზოგან ფუნჯივით ჩამოგრძელებოდა, მეჭეჭებიდან, წარბებიდან თუ ნესტოებიდან გადმოსდიოდა და მის სახეს ბებერი, აფოფრილი მელიის იერს ანიჭებდა.

ყნოსვა და სმენა წარმოუდგენლად ჰქონდა გამახვილებული. მდუმარე, დაძაბული სახის ნაკვთების თამაში იმაზე მეტყველებდა, რომ ამ შეგრძნებების წყალობით უწყვეტი კავშირი დაემყარებინა სახლის ბნელი კუთხე-კუნჭულების, თაგვის სოროების უხილავ სამყაროსთან, იატაკქვეშა თუ საკვამურთა ცარიელ, ლპობაშეპარულ სივრცეებთან.

ღამის საათებში ყველა გაფაჩუნებას თუ გაჯახუნებას, იატაკების იდუმალ და ჭრიალა ცხოვრებას შეუცდომელი და გულმოდგინე მიმყურადებელი ჰყავდა მისი სახით, მოთვალთვალე და თანამზრახველი. ჩვენთვის დაფარულ სფეროებში თავფეხიანად იყო ჩაფლული, თუმცა, შინაურებისთვის იქაური ამბების მოყოლა არც კი უცდია.

ხშირად, როცა უხილავი სფეროს შეხუმრებანი მეტისმეტად აბსურდული ხდებოდა, თითების ქნევას და ჩუმად ხითხითს მოჰყვებოდა; თან ცდილობდა, იმ სამყაროსთან მასავით განდობილი ჩვენი კატის მზერა დაეჭირა, რომელიც ამ დროს ცინიკურ, ცივ, ზოლიან სახეს წამოსწევდა და, მოწყენილი და გულგრილი, ირიბად აჭრილ თვალებს წკურავდა.

სადილობისას ისეც მომხდარა, შუა ჭამის დროს მოულოდნელად დაუწყვია დანა-ჩანგალი თუ კისერთან განასკვული ხელსახოცი, კატისებრი მოძრაობით წამომხტარა, ფეხაკრეფით მიპარულა ცარიელი ოთახის კარებთან და უდიდესი სიფრთხილით გაუხედავს ჭუჭრუტანაში. მერე მაგიდას უბრუნდებოდა დამორცხვებული, დაბნეული ღიმილით, თან ბურტყუნებდა და გაუგებრად დუდუნებდა, რაც უკვე მისი შინაგანი მონოლოგის ნაწილი იყო, რომლითაც მთლიანად იყო მოცული.

ამ ავადმყოფური ახირებებისგან რომ გამოეხსნა და სხვა რამით დაეკავებინა მისი გონება, დედაჩემს საღამოობით სასეირნოდ დაჰყავდა. მამაც დაჰყვებოდა, ხმაამოუღებლად, შეუწინააღმდეგებლად, მაგრამ უხალისოდ, დაბნეული და გონებადაფანტული. ერთხელ კი თეატრში წავედით.

კიდევ ერთხელ აღმოვჩნდით იმ დიდ, ცუდად განათებულ და უსუფთაო დარბაზში, მთვლემარების მომგვრელი დუდუნით და უშნო ფუსფუსით რომ იყო ხოლმე სავსე. თუმცა, მოვიტოვეთ თუ არა უკან ადამიანების ჩოჩქოლი, თვალწინ ღია ცისფერი ფარდა გადაგვეშალა – ისეთი ფერის, როგორც რომელიღაც სულ სხვა ზეცის კამარა. ზედ დახატული უზარმაზარი ვარდისფერი ნიღბები ლოყების ბერვით ეფლობოდნენ ტილოს თვალუწვდენელ კოსმოსში. ხელოვნური ცა კრთოდა და იბერებოდა, პათოსისა და დიადი ჟესტების მძლავრი სუნთქვით ივსებოდა, იმ ხელოვნური და ბრწყინვალებით სავსე სამყაროს ატმოსფეროთი, თეატრის სცენაზე რომ ბუდობდა. თრთოლვა, რომელიც იმ ცის უზარმაზარ ზედაპირს დაურბოდა, თვალუწვდენელი ტილოს ფშვინვა, რომელიც ნიღბებს აგანივრებდა და აცოცხლდებდა, ცის ილუზორულობას ააშკარავებდა, სიცხადის ცახცახს იწვევდა, სიცხადის, რომელიც მეტაფიზიკურ წუთებსა და წამებში საიდუმლოს ციმციმს ჰგავს.

ნიღბებს წითელი ქუთუთოები უთრთოდათ, ფერადი ბაგეები უხმოდ ჩურჩულებდნენ, მე კი ვიცოდი, რომ დადგებოდა წუთი, როცა იდუმალების დაძაბულობა ზენიტს მიაღწევდა, ფარდაზე გამოსახული ზეცის სისავსე იხუვლებდა და ენით აუწერელ, დამაბრმავებელ რამეებს გვიჩვენებდა.

მაგრამ არ დამცალდა, ამ წუთებს ვერ შევესწარი, რადგან, სანამ ამ ფიქრებში ვიყავი, მამაჩემს მოულოდნელად შფოთვის ნიშნები დაეტყო, ჯიბეების სინჯვას მოყვა და ბოლოს გამოგვიცხადა, რომ შინ საფულე და მნიშვნელოვანი დოკუმენტები დარჩა.

დედაჩემთან ხანმოკლე თათბირის შემდეგ, რომლის დროსაც ადელას პატიოსნებას ელვისებრი და გამანადგურებელი შეფასება მიეცა, საფულის მოსაძებნად შინ დაბრუნება მე შემომთავაზეს. დედაჩემის აზრით, სანახაობის დაწყებამდე ჯერ კარგა დრო იყო დარჩენილი და თუ ვიყოჩაღებდი, დროულად დაბრუნებასაც მოვასწრებდი.

ასე გავაბიჯე ცის ილუმინაციებით გაფერადებულ ზამთრის ღამეში. ერთ-ერთი ისეთი ნათელი ღამე იყო, ვარსკვლავებიანი ცის კამარა მთელი ქვეყნიერების თავზე რომაა გადაჭიმული და გადატოტვილი, თითქოს მანამდე დაშლილა, დამსხვრეულა და უამრავი ცალკეული ცის ლაბირინთებად დაყოფილა. ამათგან ზამთრიანი ღამის მთელ თვეს ეყოფოდა თითოეული გასანათებლად, ვერცხლისა თუ ფერებით მოხატული შუქფარის გადასაფარებლად იმათი შუაღამის ამბებზე, თავგადასავლებზე, ავანტიურებსა და კარნავალებზე.

რა უპატიებელი არხეინობაა პატარა ბიჭის გაგზავნა მნიშვნელოვანი და საშური დავალებით ამნაირ ღამეს! ასეთი ღამის შუქ-ჩრდილებში მრავლდებიან, ერთმანეთს ეხლართებიან და ადგილებს უცვლიან ქალაქის ქუჩები, ქალაქის წიაღში პირს აღებენ, ასე ვთქვათ, გაორებული ქუჩები, საკუთარი ასლები და ორეულები, ცრუ და მაცდური ქუჩები. მოჯადოებულ და შემცდარ წარმოსახვას ქალაქის არაერთი ეფემერული გეგმა გამოჰყავს, თითქოს ნაცნობი და ოდითგან ცნობილი, ზედ იმ ქუჩებს თავ-თავიანთი ადგილი და სახელები აქვთ, ღამეს კი, მისი ამოუწურავი ნაყოფიერებით, უკეთესი ვერა მოუგონებია რა, ამათ სულ ახალ და ახალ კონფიგურაციებს ჰმატებს. საკმარისია, დაუფიქრებლად გზა შეიმოკლო, კარგად ათვისებული გეზის ნაცვლად რომელიმე უცნობი შესახვევი არჩიო, და ზამთრის ღამის ცდუნებებიც დაიწყება. მეხსიერებაში მაშინვე ის მაცდური კომბინაციები გიტივტივდება, სავალი გზები, რომლებზეც მანამდე ფეხი არ დაგიდგამს.

მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად დაიწყო.

ორიოდე ნაბიჯი მექნებოდა გადადგმული, როცა მივხვდი, რომ პალტო არ მეცვა. დაბრუნება მინდოდა, მაგრამ მეორე წუთას ეს დროის უსარგებლო კარგვად ჩავთვალე, რადგან სულ არ ციოდა, პირიქით – უცნაური სითბო ჭავლებად მიმოედინებოდა ჰაერში, ცრუ გაზაფხულის ფშვინვა იგრძნობოდა. თოვლი თეთრი ბატკნების ფარასავით შექუჩებულიყო, უცოდველ, მშვენიერ საწმისს დამსგავსებოდა და იების სურნელი სდიოდა. მათნაირივე კრავები მოსდებოდა ცასაც, რომელზეც მთვარე გაორმაგ-გასამმაგებულიყო და ამ ასლებად ქცევით ასახიერებდა თავის ყველა ფაზას და მდებარეობას ცის კაბადონზე.

ზეცას იმ ღამით თავისი შინაგანი სტრუქტურა ჰქონდა გამომზეურებული, ანატომიური პრეპარაციების მსგავსად, სინათლის ყველა ფენა და სპირალი გაეშიშვლებინა, ღამის ელვარე მწვანე მასივის ყველა ჭრილი, სივრცეთა პლაზმა, სიზმრის რბილობი.

ასეთ ღამეს შეუძლებელი იყო, პოდვალზე* (Podwal ძველი დროჰობიჩის ერთ-ერთი ქუჩა. მთარგმ. შენ.) ან ან რომელიმე სხვა ბნელ ქუჩაზე გაევლო ადამიანს და არ გახსენებოდა, რომ ასე გვიანაც კი, ხანდახან ღია იყო ის უცნაური და მაცდური მაღაზიები, რომლებიც ჩვეულებრივ დღეებში არავის ახსოვდა. მე იმათ დარიჩინის ქულბაქებს ვეძახი, მუქყავისფერი, დარიჩინისფერი ხის მასალის გამო, მათ კედლებს რომ იყო გაყოლებული.

გვიანობამდე მომუშავე იმ დარბაისლურ მაღაზიებს უტრიალებდა მუდამ ჩემი ციებცხელებიანი ოცნება. სანახევროდ განათებულ, დაბინდულ და თითქოს საზეიმოდ გამზადებულ მათ ინტერიერებში საღებავების, ნელსურნელებების, ლაქის სუნი, შორი და უცნობი ქვეყნების და იშვიათი მასალების არომატები იდგა. იქ შეიძლებოდა გადაწყდომოდი ბენგალიურ შუშხუნებს, ჯადოსნურ ზარდახშებს, დიდი ხნის წინ გაუჩინარებული ქვეყნების მარკებს, ჩინურ გადასაყვან ნახატებს, ინდიგოს, მალაბარის კოლოფონს, ეგზოტიკური მწერების კვერცხებს, თუთიყუშებს, ცოცხალ სალამანდრებს და ბასილისკოებს, მანდრაგორის ბოლქვებს, ნიურნბერგელი ოსტატების მექანიზმებს, ქოთნებში ჩასმულ ჰომუნუკულუსებს, მიკროსკოპებსა და ჭოგრიტებს და, რაც მთავარია, იშვიათ, განსაკუთრებულ წიგნებს – ძველ ფოლიანტებს, საოცარზე საოცარი ილუსტრაციებითა და გაუგონარი ამბებით გავსილს.

ის ჭარმაგი და ღირსებით სავსე ვაჭრებიც მახსოვს, თვალებდახრილები, მოწიწებული დუმილით რომ ემსახურებოდნენ კლიენტებს და იმის სიბრძნე და ალღო ჰქონდათ, მათი ყველაზე ფარული სურვილები დაეკმაყოფილებინათ. მაგრამ ყველაზე მეტად ერთი წიგნის მაღაზია დამამახსოვრდა, სადაც იშვიათ და აკრძალულ წიგნებს ვათვალიერებდი, საიდუმლო საზოგადოებების გამოცემულს, და სანეტარო, მათრობელა საიდუმლო ცოდნას ვხდიდი საბურველს.

ისედაც იშვიათად მიჩნდებოდა იმ მაღაზიებში მოხვედრის შესაძლებლობა – ახლა, მართალია, ქესატად ვიყავი, მაგრამ რაღაცისთვის საკმარი ფული მაინც მქონდა. ამიტომ რას არ ვიზამდი, ოღონდ შემთხვევით მესარგებლა – იმ მნიშვნელოვანი მისიის მიუხედვად, რომლის აღსრულებაც ჩვენს გულმოდგინებასა და სიყოჩაღეს მოანდეს.

ჩემი წარმოდგენით, იმ ქუჩაზე მოსახვედრად, რომელზეც ღამის მაღაზიები იყო, ერთ მოკლე შესახვევში უნდა შემეხვია, მერე ორი თუ სამი გზაჯვარედინი უნდა გამეარა. ეს გზა საბოლოო მიზანს კი მაშორებდა, მაგრამ, სამაგიეროდ, თუ მარილის საბადოსკენ მიმავალი ქუჩით დავბრუნდებოდი, უკანა გზას შევიმოკლებდი.

დარიჩინის ქულბაქების ხილვის სურვილმა თითქოს ფრთები შემასხა: ჩემთვის კარგად ნაცნობ ქუჩაზე შევუხვიე, მგონი უფრო მივფრინავდი, ვიდრე მივაბიჯებდი, თან თვალი იმაზე მეჭირა, გზა არ შემშლოდა. ასე მოვიტოვე უკან სამი თუ ოთხი გზაჯვარედინი, სანუკვარი ქუჩა კი არა და არ ჩანდა. ყველა სიკეთესთან ერთად, ქუჩების ნამდვილი და მოსალოდნელი კონფიგურაცია ერთმანეთს არ ემთხვეოდა. ჩემი ქულბაქებისა კვალიც არსად იყო. ერთ ისეთ ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომლის სახლებს ჭიშკრები არ ჰქონდათ – მხოლოდ მჭიდროდ მიხურულ, მთვარის ელვარებით დაბრმავებულ ფანჯრებს ვხედავდი. ამათ გაღმა მხარეს თუ გადის ის ქუჩა, საიდანაც სახლებს შესასვლელები აქვს-მეთქი, გავიფიქრე. აფორიაქებულმა ფეხს ავუჩქარე და აღელვებისგან ქულბაქების მონახულების განზრახვაზე უარი ვთქვი. ახლა ქალაქის ნაცნობ ნაწილში მოხვედრაზეღა ვფიქრობდი, სხვა არაფერი მინდოდა. შფოთვით ატანილი, ქუჩის ბოლოს ვუახლოვდებოდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, სად გამიყვანდა ის გზა.

ფართო, მეჩხერად განაშენიანებულ, ძალზე გრძელ და უსწორეს გამზირზე გავედი. მაშინვე მოშიშვლებული სივრციდან მონაბერი ნიავი მეცა. იქ, ხეივნის მთელ გაყოლებაზე თუ ბაღების სიღრმეში წარმტაცი ვილები იდგა, ქალაქის მდიდრების ულამაზესი კერძო სახლები. მათ შორის მთელი პარკები იყო გაშენებული ან ხეხილის ბაღების გამყოფი კედლები მოჩანდა. ლეშნიანსკის ქუჩას მივამსგავსე იქაურობა, მის ქვედა და არახალხმრავალ ნაწილს. მთვარის შუქი, ათი ათას კრავზე და ზეციური ვერცხლის ქერცლზე დაცურებული, მკრთალი იყო და ისეთი ნათელი, დღე გეგონებოდა – მხოლოდ პარკები და ბაღები ჩაშავებულიყო იმ ვერცხლისფერ პეიზაჟში.

ერთ-ერთ შენობას ყურადღებით რომ დავაკვირდი, მომეჩვენა, თითქოს გიმნაზიის უკანა, ჩემთვის უცნობი ფასადის წინ ვიდექი. ამასობაში სადარბაზოსაც გავუსწორდი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ღია, თან შიგნიდან განათებული დამხვდა. შევედი თუ არა, დერეფნის წითელ ხალიჩაზე აღმოვჩნდი. ახლა იმის იმედად ვიყავი, რომ შეუმჩნევლად მოვახერხებდი მთელ სიგანეზე შენობის გადაკვეთას და წინა ჭიშკრიდან გასვლას, რითაც გზას გვარიანად შევიმოკლებდი.

უცებ გამახსენდა, რომ სწორედ იმ გვიან საათს, პროფესორ არენდტის საკლასო ოთახში ერთ-ერთი ისეთი დამატებითი გაკვეთილი ტარდებოდა, რომლებიც რატომღაც შეღამებისას იწყებოდა და რომლებზეც, ამ არაჩვეულებრივი მასწავლებლის მიერ ხატვის კეთილშობილი სურვილით შთაგონებულნი, ზამთრობით დავიარებოდით.

მონდომებული მოწაფეების პატარა ჯგუფი თითქმის ჩაკარგულიყო დიდ, ბნელ დარბაზში. მის კედლებზე ტყდებოდა და გოლიათურ ზომებამდე იწელებოდა ჩვენი ჩრდილები, რომელთაც ბოთლის ყელში ჩამაგრებული სანთლები იგდებდა.

ისიც უნდა ვთქვა, იმ დამატებით საათებში მაინცდამაინც ხატვით თავს არ ვიკლავდით, არც პროფესორი გვაძლევდა მკაფიო დავალებებს. ზოგს შინიდან ბალიში მოჰქონდა და ღამისპირს მერხის სკამებზე წაძინებასაც ახერხებდა. და მხოლოდ ყველაზე ბეჯითები ხატავდნენ სანთელქვეშ, მისი ნათების ოქროსფერ წრეში.

ჩვეულებრივ, დიდხანს ველოდით პროფესორის მოსვლას, თან, მოწყენილები, თვლემაშეპარული საუბრებით ვიქცევდით თავს. ბოლოს მისი ოთახის კარიც გაიღებოდა ხოლმე და ისიც შემოვიდოდა – კაფანდარა, ლამაზი წვერით, ეზოთერული ჩაღიმებების, კრძალული დუმილის და საიდუმლოს სურნელის ერთად დამტევი ადამიანი. სწრაფად მიიხურავდა ზურგს უკან კაბინეტის კარს, მაგრამ მიხურვამდე მის თავს ზემოთ თაბაშირის დახვავებული აჩრდილები დაილანდებოდა, კლასიკური ხანის მწუხარე ნიობიდების, დანაიდების და ტანტალიდების ფრაგმენტები – იქ იყო მთელი სევდიანი და ბერწი ოლიმპო, რომელიც თაბაშირის იმ მუზეუმში იმტვერებოდა. იმ ოთახში დღისითაც კი ბლანტი ბინდბუნდი იდგა, მთვლემარედ ირხეოდა თაბაშირის ოცნებებში, უთვალო მზერებში, მკრთალ პროფილებში, არყოფნისკენ გადახრილ ფიქრ-განსჯაში. როგორ გვიყვარდა მის კართან სიჩუმისათვის ყურის მიგდება – აბლაბუდებში ჩაფშვნილი ამ ხარახურის ოხვრა და ჩურჩული ავსებდა მდუმარებას, მოწყენილობისა და ერთფეროვნებისგან ძალადაკარგული ღმერთების დაისი.

მოკრძალებული პროფესორი დარბაისლურად სცემდა ბოლთას ცარიელი სკამების გასწვრივ, რომლებზეც რაღაცას ვხატავდით ზამთრის ღამის ნაცრისფერ ანარეკლში, პატარ-პატარა ჯგუფებად დაყოფილები. იყო სიმყუდროვე და მთვლემარება. ზოგან ჩემი ამხანაგები დასაძინებლად ეწყობოდნენ. ბოთლებზე აუჩქარებლად იწვოდა სანთლები. პროფესორი შემინულ კარადაში იქექებოდა, რომელიც ფოლიანტებით, ძველი ილუსტრაციებით, გრავიურებით და ესტამპებით იყო სავსე, და ეზოთერული ჟესტიკულაციით გვიჩვენებდა ღამის პეიზაჟების ძველებურ ლითოგრაფიებს – მთვარით გადათეთრებულ არემარეებს შავად ემჩნეოდათ ზამთრის პარკების სავალი ბილიკები.

მთვლემარე საუბრებში შეუმჩნევლად მიცურავდა, არათანაბრად გადიოდა დრო, თითქოს კვანძებს სკვნიდა გასული საათების კვალდაკვალ, თან მთლიანად შთანთქავდა დანაყოფებს შორის დარჩენილ შუალედებს. შეუმჩნევლად, ხილული გადასვლის გარეშე აღმოვჩნდებოდით ხოლმე შინისკენ მიმავალ დათოვლილ გზაზე, რომელსაც ბუჩქნარის ჩაშავებული, ხმელი არშია გასდევდა. ასე მივუყვებოდით სიბნელის იმ თმიან ნაპირს, ბუჩქების დათვისებრ ჯაგარს ვეხახუნებოდით, მის ფიჩხს ფეხებქვეშ ტკაცატკუცი გაჰქონდა ნათელ ღამეში, ნაშუაღამევის რძისფერ, ყალბი დღის შუქში. იმ სინათლის დაფანტული სითეთრე, თოვლიდან, მკრთალი ჰაერიდან, რძისებრი სივრცეებიდან გამოფრქვეული, გრავიურის ნაცრისფერ ქაღალდს ჰგავდა, რომელზეც შავად აღბეჭდილიყო ხეთა და ბუჩქთა ერთად მიყრილი, გადაჭდობილი შტრიხები და ხაზები. ღამე, ახლა კი უფრო ნაშუაღამევი, პროფესორ არენდტის გრავიურების ნოქტიურნებს იმეორებდა, მის ფანტაზიებს აგრძელებდა.

პარკის შავ ტევრში, მცენარეულის აძეძილ ბეწვში, გამომხმარი ფიჩხის მასაში შიგადაშიგ უღრმეს და ფაფუკ სიბნელეს დაებუდებინა, თავსატეხებით, იდუმალი ჟესტებით, ნიშნების მღვრიე ენით სავსეს. სიმყუდროვე და სითბო იყო ამ ბუდე ადგილებში. ხაოიანი მაუდის პალტოებით ვსხდებოდით თბილ, რბილ თოვლში და თხილის ჭამას ვიწყებდით, რომლითაც სავსე იყო ჩვენი ტყის ჭალები იმ გაზაფხულისმაგვარ ზამთარში. ბუჩქებს შორის უხმაუროდ ჩაგვირბენდნენ სინდიოფალები, იქნამონები და კვერნები, და კიდევ რომელიღაც ტანგრძელი, დაბალფეხებიანი, ბეწვიანი ცხოველი, რომელსაც მატყლის სუნი სდევდა. ეჭვი გვქონდა, რომ ამათ შორის იყვნენ სკოლის კაბინეტში დაცული ეგზემპლარებიც, რომ იმ თეთრ ღამეს უძველეს ინსტინქტს დაერბინა მათ გამომხარ და გამოშიგნულ სხეულებში, შეწყვილების ჟამის ძახილს, და იმ თეთრ ღამეს ტყეებისათვის მიეშურებინათ, რათა მოკლე ხნით დაბრუნებოდნენ ნაყალბევ სიცოცხლეს.

მაგრამ თანდათანობით გაზაფხულის თოვლის ფოსფორესცენციას ნათება აკლდებოდა და იბინდებოდა და ახლა ზლაზვნით მოიწევდა რიჟრაჟისპირა ნისლი, შავი და ბლანტი. ზოგი ჩვენგანი თბილ თოვლში იძინებდა, სხვები ხელის ცეცებით აგნებდნენ ბინდში თავიანთ ჭიშკრებს და სადარბაზოებს, ბინდშივე შეაბიჯებდნენ ხოლმე მათს სიბნელეში, მამებისა და ძმების ძილში, მათი ნეტარი ხვრინვის გაგრძელებად, უკან რომ სდევდათ ასე გვიან დაბრუნებულებს.

ღამის ის სეანსები ჩემთვის იდუმალი ხიბლით იყო სავსე, ამიტომ, მართალია, გადაწყვეტილი მქონდა, რომ წამითაც აღარსად შევყოვნდებოდი, შემთხვევის ხელიდან გაშვება არ შემეძლო: ხატვის ოთახის უნახავად იქიდან ვერ წავიდოდი. თუმცა, შევუყევი თუ არა შენობის უკანა, საამოდ მოჭრაჭუნე კედრის ხის კიბეს, მივხვდი, რომ გიმნაზიის სულ სხვა, ჩემთვის მანამდე უცნობ ნაწილში ვიმყოფებოდი.

საზეიმო სიჩუმეს ჩამიჩუმი არ არღვევდა. დერეფნები შენობის იმ ფლიგელში უფრო ფართო იყო, იატაკზე სქელი ხალიჩა გაეგოთ, ატმოსფერო მდიდრული იყო და ელეგანტური, კუთხეებში მრუმედ ანათებდა პატარა სანათურები. ერთი ასეთი მუხლი რომ გავიარე, წინაზე ფართო, სასახლის დიდებულებით მოწყობილ დერეფანში ამოვყავი თავი. მისი ერთი კედელი ფართო, შემინულ თაღედებად იყო ბინისკენ გახსნილი და ოთახების გრძელ ანფილადას მიშლიდა თვალწინ, რომელიც ბინის სიღრმისკენ მიემართებოდა და დამაბრმავებელი დიდებულებით იყო მორთულ-მოწყობილი: კედლის აბრეშუმით, მოოქროვილი ჭაღებით, ძვირფასი ავეჯითა და ბროლის ჭაღებით იტყუებდა თვალს უხინჯო ინტერიერის ფერთა რიალისკენ და მოციმციმე არაბესკებისკენ, თავბრუდამხვევი გირლანდებისა და დაკვირტული თაიგულებისკენ. იმ ცარიელი სალონის ბლანტი სიჩუმე სავსე იყო მხოლოდ იდუმალი მზერებით, სარკეები რომ ერთმანეთს ესროდნენ, და არაბესკების ფორიაქით, რომლებიც კედლების ფრიზებს მიყვებოდნენ და თეთრი ჭერების კაზმულობაში იკარგებოდნენ.

კრძალვით დავდექი იმ დიდებულების წინაშე, გაოცებული: მივხვდი, ჩემს ღამის ესკაპადას გიმნაზიის დირექტორის ფლიგელში, მის ბინასთან მივეყვანე. ცნობისმოყვარეობისგან ადგილს მივეყინე, გული აჩქარებით მიცემდა, თან მზად ვიყავი, მცირე გაფაჩუნებისთანავე გავქცეულიყავი. აბა, როგორ უნდა ამეხსნა ღამის საათებში ეს ჩემი მსტოვრობა, ეს თავხედური თვალთვალი, აქ რომ ვინმეს გამოვეჭირე? ხომ შეიძლებოდა, პლუშის იმ რომელიმე ღრმა სავარძელში, შეუმჩნევლად და უხმაუროდ მჯდარიყო დირექტორის ქალიშვილი, მოულოდნელად წიგნისთვის მოეწყვიტა თვალი – სიბილას მსგავსი შავი, მშვიდი თვალები, რომელთა მზერას ვერც ერთი ჩვენთაგანი ვერ უძლებდა, და მე დავენახე? მაგრამ შუაგზიდან მიზნის მიუღწევლად მობრუნებას თავს ლაჩრობად ჩავუთვლიდი. ამას გარდა, არაფერი არღვევდა სიჩუმეს იმ ბრწყინვალე ოთახებში, დაბინდული შუქით რომ იყო განათებული, რის გამოც დღე-ღამის კონკრეტული დროის გამოცნობა ჭირდა. დერეფნის თაღედებიდან დიდი სალონის მეორე ბოლოში ტერასაზე გამავალი შემინული კარი შევნიშნე. გარშემო ისეთი სიჩუმე იყო, გამბედაობა მოვიკრიბე. არც ის ჩამითვლია დიდ რისკად, რომ დარბაზის დონემდე ორი საფეხური ჩამეარა, რამდენიმე ნახტომით გადამერბინა დიდი, ძვირფასი ხალიჩა და ტერასაზე გავსულიყავი, საიდანაც ადვილად შემეძლო ნაცნობ ქუჩაზე მოხვედრა.

ასეც მოვიქეცი. სალონის პარკეტზე შევაბიჯე, ქოთნებიდან ჭერის არაბესკებამდე აწვდენილ პალმებს ჩავუარე და უცებ მივხვდი, რომ ნეიტრალურ ტერიტორიაზე ვარ, სალონს წინა კედელი არ ჰქონია. დიდი შუშაბანდის მსგავსი რამ იყო, ქალაქის მთავარ მოედანს სულ რამდენიმე საფეხური აშორებდა – უფრო კი შუშაბანდი იყო მოედნის ნაწილი და მისი ავეჯის ზოგი ნაჭერი ტროტუარზე იდგა. ქვის რამდენიმე საფეხური ჩავირბინე და კვლავ ქუჩაში აღმოვჩნდი.

თანავარსკვლავედები ახლა ყირაზე იდგნენ, ყველა ვარსკვლავს მოპირდაპირე მხარეს გადაენაცვლა, მაგრამ მთვარეს, ღრუბლის საბანში გამოხვეულს, მათ უხილავ გამნათებელს, წინ დაუსრულებელი გზა ელოდა და დამაბნეველი ზეციური პროცედურებით დაკავებულს, გათენების დრო არც ახსენდებოდა.

ქუჩაში რამდენიმე ფორანი დავლანდე შავად, ფერდმოქცეულები და მოჯაყჯაყებულები, როგორც სახიჩარი, მძინარე კიბორჩხალები ან ტარაკნები. მედროგე მაღალი კოფოდან გადმოიხარა. მოცუცქნული, წითელი, გულკეთილი სახე ჰქონდა. – რაო, წავედით, პანიჩ, პატარა ბატონო? – მკითხა მეფორნემ. ფორანმა დასახსრული სხეულის ყველა ღერძით და ფალანგით დაიჭრიალა და ადგილიდან რბილად დაიძრა.

მაგრამ ასეთ ღამეს განა ჭირვეული მეეტლის იმედად ყოფნა იქნებოდა? ბორბლის მანების ჭრიალში, ძარის გრუხუნსა და გადაწეული ჩარდახის ჯაყჯაყში მასთან დანიშნულების ადგილზე შეთანხმება ვერ მოვახერხე : მისი ხმა არ მესმოდა, თან რაც არ ვუთხარი, ყველაფერზე არხეინად, ღიღინ-ღიღინით მიქნევდა თავს და ქალაქის გარე, წრიულ გზას მიუყვებოდა.

რომელიღაც ფუნდუკის წინ მედროგეები დამდგარიყვნენ, მეგობრული ხელისქნევით შემოეგებებნენ. ესეც სიხარულით გაეპასუხა, მერე კალთაში მათრახი ისე მომიგდო, სვლა არ შეუნელებია, თვითონ კოფოდან ჩახტა და დოსტებისკენ გაემართა. ცხენმა, მედროგის ბებერმა ჭკვიანმა ცხენმა, ერთი მომხედა შეუჩერებლად და გზა თოხარიკით გააგრძელა, ისე, დროგის ცხენს რომ შეეფერება. ეგ კი ნამდვილად სანდო ჩანდა – პატრონზე გონიერი ხომ იყო და იყო. მეეტლის საქმისა არაფერი გამეგებოდა, იმედი მხოლოდ მისიღა მქონდა. გარეუბნის ქუჩას მივუყვებოდით, ორივე მხრიდან რომ ბაღები გასდევს. ბაღები თანდათანობით მაღალხეებიან პარკებად იქცა, პარკები – ტყეებად.

არასოდეს დამავიწყდება ზამთრის ყველაზე ელვარე ღამეს ის ნათელი მოგზაურობა. ზეცის ფერადოვანი რუკა წარმოუდგენელ ზომებამდე გაზრდილიყო და თვალშეუდგამ თაღად ქცეულიყო, ზედ ფანტასტიკური მატერიკები, ზღვები და ოკეანეები გამოსახვოდა, ვარსკვლავთა მორევის და დინებების ხაზებით, ცის გეოგრაფიის მანათობელი შტრიხებით გაფერადებულები. ჰაერი უფრო ადვილი სასუნთქი გახდა და ბრწყინავდა, როგორც მოვერცხლისფერო გაზის პირბადე. იების სურნელი ტრიალებდა. თოვლის მატყლიდან, თეთრი კრაველიდან მთრთოლვარე ანემონები იმზირებოდნენ, მთვარის შუქის ნაპერწკლებს მალავდნენ უნაზეს ზანზალაკებში. გეგონებოდა, ტყეს ათასობით ჩირაღდანი, დეკემბრის ციდან უხვად ჩამოცვენილი ვარსკვლავები მოსდებოდნენ გასანათებლად. ჰაერი იდუმალი გაზაფხულით სუნთქავდა, თოვლის და იების ენით უთქმელი სისუფთავით. ერთ მთაგორიან ადგილს გავდიოდით. მთათა კალთების გრეხილებიდან, ხეთა შიშველი ტოტებიდან ცას ნეტარი ფშვინვა ასდიოდა. იმ ბედნიერ ფერდობებზე ვნახე ყარიბთა გუნდი, ვარსკვლავებს კრეფდნენ ხავსსა და ბუჩქში, ციდან ცვენილებს, თოვლისგან სველებს. მალე ის გზა აღმართად გვექცა, ცხენს ფეხი უსრიალებდა და ყველა სახსარში მოჯაყჯაყე ფორნის ქაჩვა უჭირდა. ბედნიერი ვიყავი. მკერდი ჰაერის სანეტარო გაზაფხულით, ვარსკვლავებისა და თოვლის სიკისკასით მქონდა დაბერილი. ცხენის მკერდს კი თოვლის უფრო და უფრო მაღალი ქაფი ხვდებოდა კედლად. უჭირდა მისი სუფთა, ახალდადებული რბილობის გაჭრა. გაჩერდა ბოლოს და დადგა. მეც ჩავხტი. მძიმედ სუნთქავდა თავჩაქინდრული. გულში ჩავიკარი მისი თავი. დიდ შავ თვალებში ცრემლები უბრწყინავდა. მაშინღა შევნიშნე მის მუცელზე ჩამუქებული მრგვალი ჭრილობა. – რატომ არ მითხარი? – ვუჩურჩულე ატირებულმა. – შენთვისვე, ჩემო ძვირფასო, – მითხრა და უცებ ძალიან დაპატარავდა, ხის სათამაშო ცხენისოდენა გახდა. გამოვეცალე და წამოვედი. თავს გასაკვირად მსუბუქად და ბედნიერად ვგრძნობდი. ვერ გადამეწყვიტა, მატარებელს დავლოდებოდი, რომელსაც იმ ადგილებში უნდა გამოეარა, თუ ქალაქში ფეხით დავბრუნებულიყავი. ტყის ციცაბო, ხვეული გზით დავიწყე ჩასვლა, თავიდან – მსუბუქი, რბილი ნაბიჯით, მერე ფეხს ავუჩქარე და მოზომილ, ბედნიერ სირბილზე გადავედი, სირბილი მალე სრიალში გადაიზარდა, თითქოს თხილამურებზე ვიდექი. შემეძლო, სრიალის სიჩქარე ისე მეცვალა, როგორც ვისურვებდი, ტანის ოდნავი ბრუნებით.

ქალაქს მიახლოებულმა ტრიუმფალური სირბილი შევანელე და დარბაისლურ სასეირნო ნაბიჯზე გადავედი. მთვარე კიდევ დიდხანს იყო ძალიან მაღლა. ბოლო არ უჩანდა ცის ტრანსფორმაციებს, მისი მრავალფენიანი თაღების გარდასახვას უფრო და უფრო დახვეწილ კონფიგურაციებად. თითქოს ვერცხლის ასტროლაბის მსგავსად გახსნა ზეცამ თავისი მექანიზმი ჯადოსნობის იმ ღამეს და დაუსრულებელ ევოლუციებში აჩვენა მისი ჭანჭიკების და ბორბლების მათემატიკა.

ბაზრის მოედანზე სასეირნოდ გამოსულ ადამიანები ვნახე. იმ ღამის სანახაობით მონუსხულებს, ცისკენ მიემართათ მისი მაგიით გავერცხლისფრებული სახეები. საფულის ამბავი სრულებით აღარ მანაღვლებდა. თავისი უცნაურობებით გართულ მამაჩემს ალბათ აღარც ახსოვდა, რა დაკარგა, დედაჩემის გამო არც კი ვღელავდი.

ამნაირ ღამეს, წელიწადში მხოლოდ ერთხელ რომ დგება, ადამიანს ბედნიერი ფიქრები და აღმოჩენები მოსდის და ღვთის კურთხეული ხელი ეხება. ახალი ჩანაფიქრებითა და შთაგონებით სავსეს შინ დაბრუნება მინდოდა, მაგრამ გზად წიგნებამოიღლიავებული ამხანაგები შემომხვდნენ. იმ ღამის სიკაშკაშით გაღვიძებულები, მეტისმეტად ადრე წამოსულიყვნენ სკოლაში, ღამე კი გასრულებას არც აპირებდა. ერთი ძლიერ დამრეცი ქუჩისკენ გავემართეთ, იების სურნელი მოგვდიოდა იქიდან. თან ვეღარ გაგვეგო, ღამის მაგიას დაეფერა ვერცხლისფრად თოვლი, თუ უკვე თენდებოდა…

© არილი