ავტორი: ენკიტა ჩაკრაბორტი
გიტანჯალი შრი, საერთაშორისო ბუკერის პრემიის პირველი ინდოელი ლაურეატი, ლიტერატურულ სივრცეში თითქოს არსაიდან გამოჩნდა. გასულ თვემდე მისი სახელი ზოგიერთმა ძალიან ცნობილმა ინდოელმა ჟურნალისტმაც კი არ იცოდა. არადა, 65 წლის გიტანჯალი შრი დაახლოებით 30 წელია რაც წერს და „ქვიშის სამარე“, რომელიც ინგლისურად დეიზი როკველმა თარგმნა, მისი მე-5 რომანია.
მწერალი თავის შემოქმედებაში უხილავი ქალების თემას ხშირად უბრუნდება. როგორც ჩანს, ინდოეთში ქალებისთვის უჩინარობა ბუნებრივი მდგომარეობაა, ვინაიდან მოდერნიზაციის მიუხედავად, კაცები ჯერაც ინარჩუნებენ როგორც სოციალურ, ისე ფსიქოლოგიურ უპირატესობას. ქალი ხილული მხოლოდ დროებით ხდება – შვილის ყოლით, მამაკაცის შეუცვლელობის მტკიცებითა და ბუკერის პრემიის დამსახურებით. გიტანჯალი შრი კი აკვირდება ქალების შინაგან ცხოვრებას, – აღწერს რას უშვრება მათ, მათ სხეულს კაცთან ცხოვრება. „ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ დედას სუსტი ხერხემალი ჰქონდა. ყველას ასე ემართება, ვინც გამუდმებით იხრება,“ – ამ სიტყვებით დაიწყო ავტორმა თავისი სადებიუტო რომანი „ჩუმი დედა“.
„ქვიშის სამარე“ ამბავია დეპრესიით გაწამებულ 80 წლის მოხუცზე, რომელიც „იმდენად პატარაა, რომ ყველგან გაეტევა“. პირველი 100 გვერდი მკითხველი მხოლოდ მის ზურგს უყურებს, სხვა ვერაფერს ხედავს.
ქალი ტოვებს სახლს და ქალიშვილთან ერთად პაკისტანში მიემგზავრება. ჯერ ჩადის ლაჰორში, სადაც მოზარდობისას ცხოვრობდა, შემდეგ კი – ხეიბერ-პახტუნხვაში, ყოფილ მეუღლე ანვარის მოსაძებნად. მთელი წიგნი ქალს ვიცნობთ, როგორც „მა“-ს, სანამ ბოლო გვერდებზე პირველი სიყვარულის მკლავებში თავის ნამდვილ ვინაობას არ დაიბრუნებს და ანვარ-ჩანდა არ გახდება.
უდროობა, რომელზეც სათაური მიანიშნებს, ქალის შინაგან ყოფასა და ინდური ისტორიის მარადიულობას მიემართება. გზა, რომელსაც „მა“ დაადგა, მილიონების გათელილია.
მაგრამ ეს ასევე არის ამბავი მაღალი კლასის ინდურ ოჯახზე, სადაც ადამიანები ლანჩის დროს კამათობენ დედების დაცვაზე. კაცები ყვირიან და ქალებს გადაკვრით ესაუბრებიან, ქალები კი მორჩილებაზე ამბობენ უარს. შრი ინდოელ მამაკაცებზე სარკასტულად წერს, რაც წიგნის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა. 15 გვერდამდე ეთმობა იმის აღწერას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადიდგულებული კაცისთვის სიცილის უუნარობა.
თავისთავად, დეიზი როკველის გარეშე წიგნი ბუკერის პრემიას ვერ მიიღებდა, თუმცა თარგმანი იმდენად ზედმიწევნით იმეორებს ორიგინალს, რომ აზრი ზოგ შემთხვევაში იკარგება. მაგალითად, „არც ჭამა, არც დალევა, არც ჩაისთვის პირის დაკარება“ ინდოეთში ცნობილი ფრაზაა, თუმცა სიტყვასიტყვით ინგლისურად არაფერს ნიშნავს. რომანი კი კულტურისთვის სახასიათო ასეთი გამონათქვამებით სავსეა. შესაბამისად, თარგმანი დამაბნეველია და ტოვებს განცდას, რომ ინდურ ხასიათს დაცინვით ჰბაძავს.
თავისთავად, ლიტერატურული კონკურსებში ნათარგმნი ტექსტების გამარჯვებას ყოველთვის ახლავს ამგვარი დაძაბულობა. არუნდანტი როიმ ერთხელ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც 1997 წელს ბუკერის პრემია მიიღო, დელიში ხალხი აჩერებდა და გამარჯვებას ულოცავდა, მაგრამ არა იმ წიგნისთვის, რომელიც მან დაწერა. მსგავსად, გიტანჯალი შრის ოსტატობა სწორედ ინდური სიტყვების, წინადადებებისა და აბზაცების მოთვინიერებაა, რისთვისაც 30 წლიანი შრომა გაიღო და რითაც ლიტერატურული სივრცის, ბუკერის პრემიის მზერა დაიმსახურა.
© არილი