გიო ლომიძე – ჩურჩული და სხვ. ლექსები

gio lomidze-097

ჩურჩული

ვხედავ ბოლო დროს, დღეებია მოდის სიმშვიდე.

რაღაც უცნაურად მავსებს

იმ გადაღლილობის გამოუვალი სივიწროვე,

გზას ვერდამდგარ და მდევარ მოახლოებულ ნადირს რომ აქვს.

ჯერ ზამთარი ბოლომდე უნდა მოვიდეს.

ჯერ ჩემი ასაკი უნდა გავაკენტო. სხვას ვეღარაფერს ვაკეთებ.

თვეებია ბავშვი სკოლაში ვერ დადის.

მან იცის რომ ეს უჩვეულოა. ის უკვე ერიდება ადამიანებს…

და როგორ უნდა ვიბრძოლო შედეგისთვის,

სადაც პროლეტარობას შევეკედლე დიდი ხანია,

სადაც კვირაში ორმოცდარვა სამუშაო საათი გელოდება,

საათი ლარ-ნახევრად.

ხშირად პირობა – პროტესტი, ამ ყველაფრის გარეშე გტოვებს.

ხშირად ადამიანებს სამსახურები ტოვებენ

და იწყება ფსიქოლოგიური აშლილობა.

ერთი რიტმი აქვს ამ გზას და მეორდება უგემოვნო მუსიკასავით.

მიდიხარ იმედებით და ბრუნდები უკან ოთახში,

არავისთვის საინტერესო, საკუთარ უპასუხისმგებლობაზე

მზრუნველ ყოფასთან შენივე საფიქრალით.

უძლური ხარ. ალმაცერად გიყურებენ. ჰო, უძლური ხარ

როდესაც საკუთარ ოჯახს უყურებ ქარიშხალში და მხოლოდ აიმედებ

ან გაიმედებენ…

გზას გამონახავ ადამიანი ან ინერციით აღმოჩნდები ფაქტის წინაშე…

უბრალოდ ჩაიდენ… რელიგია შენთვის აკრძალავს ლოცვას.

მან არც კი იცის რომ დიდი ხანია დავასწარი და

ავუკრძალე შუამავლობა განგებასთან.

თაბაშირის ფიგურას გავს მთელი არსი ამ ყველაფრის,

რომელიც უპირობოდ უნდა გადმოაგდონ მაღალი სართულიდან

დასამსხვრევად.

უნდა იცელქო ხანდახან. უნდა ებოდიშო სპერმის სუნად აყროლებულ

ვერაგებს და მიულოცო შეგუება ჩლუნგებს. მათ მოთმინებას

ვერაფერი დააკლო ბედმა.

ყველაფერი იქნება სხვა ფორმით, უფრო ირონიულად და სამარცხვინოდ

ვიდრე აქამდე.

აფთიაქს გავს ქვეყანა. მასში იაფად ვერ ნახავ ბედნიერების იმ აბებს,

რომელიც სამყარომ დაგინიშნა.

მცდელობა შეცვლის – ყოველთვის არის ფასი, რომელიც ადამიანად ყოფნისთვის

უნდა გადაიხადო.

ჩვენ თავისუფლები ვართ და გვატყუებენ!

ჩვენ მშივრები ვართ და დაგვცინიან!

ჩვენ გვცივა და გვაფურთხებენ!

საქორწილო ბეჭედივით მორგებული ძალაუფლება აბრუებს ნაძირლებს.

ჩვენ ვიმსახურებთ არსებობას და ვერ მივიღებთ პასუხად დუმილს!

 

თევზის ღიმილი

შეშინებულია ყველა მენტალური პარადოქსი

მომაკვდავია ყველა სოციალური დოქტრინა.

გაიშიშვლე ხელის გულები მშობელო შვილთან კავშირისთვის,

ზეთის ხილის ბაღებში ნაგროვები სიმწიფის გასაფანტად.

აღიარე ტკივილი წინასწარ. აგემღვრევა უზნეო რიტორიკა

საფლავებში შემძვრალ ბილიკზე,

სადაც მხოლოდ გლოვა მიგიზიდავს.

ჩემი სუნთქვა შენ, ჩემი სუნთქვა შენ, ჩემი სუნთქვა შენ…

დამისაკუთრე არარსებული გაუმაძღრობა,

შენსავე ოცნებებიდან წამხდარი ვერშემდგარი აპოთეოზი…

მოერიდე სურვილს – უკეთესად გაიცნო სამყარო…

არასოდეს გკითხავ „სად იყავი აქამდე“;

რადგან ვიცი სადა ხარ ახლა.

გადახედე ჰუმანურობისაგან გამოშიგნულ საზოგადოებას

და დაიჯერებ რომ სამართლიანად მწყდებოდა გული სიცოცხლეზე.

რომ ეს არ იყო ამოჩემება, რომ ეს განგაში გონიერ რჩევას იძლეოდა.

ვერ დავასწარი კლინიკურ მასებს გარდაცვალება,

ვერ შევეხიზნე სიმშვიდეზე აცრილ ნაბიჭვრებს.

ყეფდა და ყეფდა ძაღლზე მეტად ადამიანი:

შენი ტყვია მე, შენი ტყვია მე, შენით ვიამე…

ვერასოდეს წაიკითხავ წერილებს ჩემგან

თუ რატომ არის არსებობა სახარბიელო.

ნეტავ იცოდე ძილის წინ ოთახი როგორ ივსება ზღაპრების სუნით,

ოთახი გაჯერებული მცდელობებით და დაბნეულობით,

მონატრებით და უხერხულობით.

ჩემი სიყვარულის ლეგიტიმაცია, არასოდეს დაიმარხება.

შეიკუმშება დრო გაუსაძლისობის

და იკემსება ფარატინა ნიღაბი.

და იწყებს დნობას ზურგთან ქილიკი,

ვივიწყებ ფორმას – ადამიანი.

ვერ ვიამაყებ ნანახი ომით,

ვერც შენ გაიგებ რად არ ვიყავი

საკუთარ თავთან როცა მრცხვენოდა

იმ შინაარსის მოღუშულობა

ფლეგმა სახიდან რომ არიგებდნენ

- შენი კვნესა მე, შენი კვნესა მე, შენით ვეწამე…

ვერ დავასრულე ზიგზაგი რიტმი,

ვერ მოგამზადე მოსასმენად ყველა სიზმარის.

ასე უბრალოდ, უბრალოდ ვიტყვი:

ჩემი სუნთქვა მე, ჩემი კვნესა მე, ჩემი ტყვია მე…

 

საკმარისი

მე კიდევ ერთხელ უნდა ვცადო მიუხედავად

იმისა, რომ არ დავიბადო მაინც ხელახლა

ყველა გზის პირზე ჩამოჯდომას მივეხუნდები;

დავიმახსოვრებ ვინ როდის ან რისთვის მეახლა,

ავლა-ჩამოვლის გასაყარზე ადამიანი

ჩქამს მიაჩეჩებ დაჩოქილის გამო ქიმერას,

ვერ დაივიწყებ ვინ რა დოზით არ დაგიამა,

ან დაუამე. მაგრამ მაინც გამოგიბერა

ტუჩი და ცხვირი აგიბზუა, თან მოგიღერა

მუქარის მუშტი. აღარ დაგრჩა ახლა სახმილი

რომ დაიფერფლო. დაგავიწყდა თუ მოგიღე რა

ბოლო და თითქმის სამუდამოდ გამოგისახლე

იმედებიდან, საუზმედ რომ შევექცეოდი

ყველა სიცხადის და სიცხარის გამოისობით,

გახუნებული სურვილების აუქციონზე,

მაღალი ფასის ხარხარით რომ ღამე ივსება.

ხრის საკუთარი ნებისყოფა თავს და უყუროს

გზას, დრო იკვლევდა, შეამჩნია ყველა ტიხარი,

ვითომ ზრუნვა რომ ებჯინება სურვილს ფუტუროს.

უნდა გადარჩე… მეტი სიტყვა ვეღარ მითხარი

და დამიკიდე…

 

მომავლის აქტი

არ წამიკითხო ფსალმუნები გარდამავლებზე.

დასამშვიდებლად ძილიც მეყოფა.

ისიც მეყოფა სიმყუდროვეში

შენი დუმილი რომ დამაყრუებს.

არ დაიჯერო ჩემნაირები

ვინმეს იმედზე ტოვებენ სხეულს,

ან არსებობის ალგორითმიდან ალოგიკური პასუხი მიაქვთ.

არავის უთხრა ამ დღის შესახებ;

არავის შეხვდე ისეთი სახით, დამარცხებულად გამოგაცხადონ.

გაიმეორე ყველა პირობა დაღამებისას.

მზეს შუბის ტარი გამოაცალეს დიდი ხანია.

რევოლუციას აღარ დარჩა ხალხში მიზეზი.

გადაეღობე ყველა მცდელობას,

იმაზე მეტად მომიახლოვდე ვიდრე აქამდე

და შეუდექი ყოველ ცისკარზე

ნაწერებიდან თითო ფურცლის განადგურებას,

დაუძლურებამ სადაც მაჯობა.

დღეებს აღარ აქვთ ოცნების სუნი.

ჩვენი წუთები საათს გაექცა

და ერთმანეთში გადავინაცვლეთ…

 

უამინდობის

ტყეებს თალხი ემოსა. გაწბილებულ ტრამალებს

ზვავად სიცარიელე ჩამოჰქონდა შორიდან;

დაქანებულ კალთებზე მთებმა გზები დამალეს,

გადმორეკეს ღრუბელი – ქედებს მიღმა ჭორი და

დაჩოქილი ზეგანი, გარინდული იერით,

როგორც შიშის ვასალი, თუ ჩიოდა განა ჩემ

ბედს – ქუხილი ხველებით, ქარიშხლები ძლიერი

ხეთა თაიგულებით უმზადებდა განაჩენს.

ალაგ-ალაგ ირიბად, გადახრილი ველები

ნების საპირისპიროდ გაქაჩლებას ელოდა;

რა რთულია ჭკნობამდე როცა გაითელები

სტიქიური ომებით და გაქრები მდელოდან.

აქაც ჩემი ცა იყო, იქაც ჩემი ტაროსი

მელოდება. ვინ იცის როგორია სიმართლე;

ვალაგებდი ვარსკვლავებს ჩემი ზეცის თაროზე,

უკვდავების მხარეში პოეზიას მივმართე.

 

სიზმრების ხიდან

უნდა დავღეჭო საკუთარი უგერგილობა.

სიზმარს გიამბობ:

იფოთლებოდა იუბეა. ზღვა იყო ხან კი

თითქოს გვეძინა მანძილებით ნაქსოვ ჰამაკში.

არ თენდებოდა.

შტორმის ენაზე ვკითხულობდი ამინდის ამბავს;

ხარკად მოჰქონდათ წკვარამიდან ლოდინის აბგით

დაპირებები ნაწვიმარ და უცნაურ ჩიტებს.

ფრენა არ იყო უწყინარი. ნისკარტებიდან

ბგერების ნაცვლად რომ უშვებდნენ ციცინათელებს,

ზნედაკარგული უწონობის ამოსავსებად.

არამი იყო ბალღამი და იქვე სამსალა

იღვენთებოდა სასმისებიდან.

თვალწასულ ქართა ფარდების მიღმა

კემსავდნენ ამბებს ყურთან დაჩოქილს

ფრთამომტვრეული ილუზიები.

მიწა გვტკიოდა და მისი გემო

მლაშე ფერებად ირეკლებოდა წარმოსახვაში

თან ყოველ ჯერზე მედიდური ბეგონიები,

ასიმეტრიულ და ჩამქრალ მზეს ეფიცხებოდნენ.

ვიწექით დიდხანს… სიზმარი კი არ მთავრდებოდა.

გამოვიღვიძეთ, დავიბერტყეთ შიშების მტვერი

და ერთმანეთში გადავიკარგეთ.

 

ტბორი

გადაიბირეს იმ დღებმა ლოდინი, სადაც

ლოდივით მძიმე ასატანი გამხდარა თურმე;

მეცვა ღიმილი, უმეტესად იერი სადა.

მადა არ მქონდა გათენების. საპალნე ურმებს

გზები კოჟრებად დაიბნევენ დილა ადრიან;

გაღმა-გამოღმა ქვაბულებში ექო ტუსაღობს.

ვერამოხეთქილ ვულკანივით მძიმე კადრია

დარჩე – უთქმელი, მხიარული, მხნე და უსახო,

გაშვილებული იმედებით, ლექსის ამარა,

კალაპოტიდან დასაქცევი ტბორის ჯებირი,

რომელიც უკვე ამოშრიტეს თითქოს ან არა.

უკანასკნელად ვიმეორებ – იქნებ ჯერ პირი

ამომექოლა ქვა-ღორღით და გადამეტანა

ბურანში, სადაც ქაოსია სულის სასწორზე,

ზოგჯერ სიმყიფით შელესილი, ხშირად მეტალით

ხასიათების – იშვიათად უსწორმასწორო.

 

გარდაუვალი

გახშირდა მისალმების გარეშე შეხვედრები

სოციალურ ქსელში შეთავაზებული მეგობრობის სანაცვლოდ.

მაგრამ არაფერი იცვლება იმ ქუჩაზე

სადაც უვნებლობის ნიშანს ყურით ყველა თუ არა

ქუჩის თითქმის ყველა ძაღლი მორჩილად ატარებს.

საკმარისია ნაბიჯი შეანელო, დაიხარო,

გაქცევის ნაცვლად შენსკენ გამოიქცევიან.

ამით ყველანაირ გარეგნულ ნიშანს მნიშვნელობა ეკარგება.

ტაძართან მოფუსფუსე ადამიანებივით გროვდებიან

სანაგვე ურნების ახლოს. გროვდებიან და იწყებენ ყეფას.

სხვა კავშირია. სურვილები არ მეორდება. ისინი უნდა გამოიჭირო.

მათში მოთავსდე. შეეფერო. გაზავდე.

სხვაგვარად ისიც გაგიჭირდება ერთ ადამიანს მიუახლოვდე.

წაიბორძიკებს, დაფრთხები და მზად ხარ გაეცალო.

მანამ შეგიძლია ავდარი საკუთარ უბეში გამოიმწყვდიო,

სანამ გულს ორპირში არ გამოკიდებ გამოსაშრობად.

გამოცალე… გამოაშრე… გამოკიდე…

გამოები ჩასაძირად გამზადებულ ალიაქოთს.

ფეხდამცდარი წონასწორობა

უკაცრიელ კუნძულზე მეტად შემაშფოთებელია.

მორჩილად ჩაუსაფრე ღამის ამოძახილს ის ხმაური,

ჩანასახშივე რომ შეძლო შენივე დაყრუება.

მერე შემოუბრუნდი უაზრო მოლოდინებს

და წარუდგინე ახალი სალახანა, როგორც ნიშანი

მონდომებიდან აორთქლებული ალტერნატივის.

აღარ გამოდგები რეაქციის დამაჩქარებლად.

ამოწურე… ამოცრიცე… ამოხაპე ენერგია

ვერშემდგარი ექსპერიმენტისთვის.

საცდელ ნედლეულად ჩაბარდი აშმორებულ სათავსოს

და სამუდამოდ გაფორმდი ადამიანად.

ამის შემდეგ რამდენიც გინდა ისაუბრე

ლაბორატორიულ ღმერთებზე.

© არილი