Posted on

დავით ანდრიაძე – ოლესია თავაძის სამყაროს ზღურბლთან

sulkhan saba

“Жалость – в маленьком. Вот

почему я люблю маленькиe”.

В.В. Розанов.

“Опавшие листья”

 

ლე კორბუზიე და ოზანფანი ჯერ კიდევ 1918 წელს ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ხელოვნებაში არსებობს მკაცრი იერარქია, რომლის თანახმადაც დეკორატიული ხელოვნება მუდამ ფსკერზეა, სახვითი ხელოვნება კი, – მწვერვალზე.

და ამას მოსდევს მოკლე და უაპელაციო განმარტება: “იმიტომ, რომ ჩვენ მამაკაცები ვართ”.

გაივლის ხანი, და მერიამ შაპირო და ჯოის კოზლოფი, ისევე როგორც მათთან მიტმასნილი მამაკაცი მხატვრები – რობერტ კუშნერი თუ რობერტ ზაკანიჩი დაიწყებენ იმის მტკიცებას, რომ ეს იერარქია აბსოლუტურად მცდარია; და რომ დეკორირების ხელოვნება არაფრით ჩამოუვარდება თუნდაც აბსტრაქტულ მინიმალისტურ ფორმებს, ორნამენტი კი, ძველთაგან იყო ხელოვნებათა განუყოფელი ელემენტი.

და მაინც, ფაქტი ფაქტად რჩება: დეკორატიული ხელოვნება, როგორც ასეთი, შუა საუკუნეებიდან მოკიდებული, XX საუკუნემდე, ხელოვნების ჟანრებისადმი სპეციფიკური გენდერული რაკურსით განიხილება.

ასე დაიკავა დეკორატიულმა ხელოვნებამ საკუთრივ “სახლის” ანუ ქალური ხელოვნების ადგილი.

“ქალური” თვითგამოხატვისათვის მართლაც გამორჩეული მნიშვნელობა ენიჭება ესთეტიკურად მოწესრიგებულ გარემოს – ტანისამოსს, ბინას, ანტურაჟს, ბაღს…

და ყველაფერი ეს – ფანჯრიდან მოჩანს…

თავად ფანჯარა შესაძლოა, არც ჩანდეს, მაგრამ იგულისხმებოდეს, როგორც “გამოსახულების რეგულარული ველი”.

ასეთი “ფანჯრიდან” შევდივართ ოლესია თავაძის სამყაროშიც…

სამყაროში, სადაც ყოველივე “ქალური ხელოვნებით” სუნთქავს.

სილამაზე საგნებისა, მის მხატვრობაში სათნოებასა და მგრძნობელობას ასხივებს და სწორედ ამ მგრძნობელობის მეოხებით ხდება სახლის, როგორც მხატვარი ქალის შინაგანი საცხოვრისის სულიერყოფა.

ქსოვილებით გაწყობილი ინტერიერები, ავეჯზე გადაკრული ფარდაგებიც და ფანჯრებზე დაშვებული ფარდებიც, ამპირის ავეჯიც და ვიტრინიდან მომზირალი ჭურჭელი თუ მხატვრისავე ხელნაკეთი თოჯინები მისივე “ავტოპორტრეტებია”.

ამ ფონზე ისახება ვირტუალური პორტრეტი არტისტი ქალისა, რომელიც ყველაფრისაგან ერთგვარ ნატურმორტს ქმნის.

ლესია თავაძე ყოველივეს იშინაურებს, მე ვიტყოდი, შინა-აურით მოსავს – ხელოვნებასაც, ბუნებასაც, ცხოველებსაც…

განსაკუთრებით, მის საყვარელ ძაღლებს…

ერთი მათგანი – “პასკუალინაა”, მხატვრის ამქვეყნად არსებულ საგანთა საზომი; და ამიტომაა, რომ ეს უწყინარი ცხოველები მის ნატურმორტებში არა მხოლოდ მასშტაბურად “ეზომებიან” მცენარეულ თუ საგნობრივ სამყაროს, არამედ ონტოლოგიურადაც გამოხატავენ ამ საგნობრივ სამყაროზე უპირატესობას.

მოკლედ, ლესია თავაძე პრინციპულად წარმოგვიდგება, როგორც “დიაცი ქსლისა მბეჭველი”.

და ეს “ქსლის მბეჭველობა” მთელ მის არტისტულ იერს ჭეშმარიტი ყოფიერების ნიშნად ამჩნევია.

მხატვარი თითქოსდა არასოდეს გამოდის ოთახიდან; მაშინაც კი, როცა ბუნებას ხატავს.

Не выходи из комнаты! То есть дай волю мебели,

слейся лицом с обоями. Запрись и забаррикадируйся

шкафом от хроноса, космоса, эроса, расы, вируса.

(И. Бродский)

სახლის გაქრობა – აი, მხატვრის ნამდვილი ტრაგედია; თვით ცნების გაქრობაც კი…

А веселое слово – дома –

Никому теперь не знакомо

(А. Ахматова)

ამასობაში, ბაღიც ქრება; და ბაღის ცნებაც…

“ალუბლის ბაღი იჩეხება”…

და ქრება ფანჯარაც…

ფანჯარა, რომლის “გავლითაც” ოთახის მყუდრო სივრცე ერთვის დიდ სამყაროს – შორეთს, ცას…

და ეს სივრცობრივი დიალოგიც  ლესია თავაძის სურათების ხატოვანი განცდაა.

ამ სურათებში ინტერიერის, ერთი შეხედვით ნაცნობი საგნები ერთიან სივრცეში არიან ჩაძირულნი და თითქოსდა, მესამე განზომილებას მოკლებულნი, პირდაპირ მეოთხე განზომილებას – დროს “ბარდებიან”.

ინტერიერის ცალკეული ნაწილებიც, იგივე ფანჯრები ჩვენს თვალწინ თავისუფლდებიან, ბუნებას ერთვიან და არა იმდენად გამოსახულ, რამდენადაც საგულისხმებელ ოთახსვე უბრუნდებიან.

მხატვარს ლამისაა სინათლის ჭავლში გავყავართ; ასე გგონია, ვირტუალური თეჯირების გავლით სურს ერთი საგნის მიღმა მეორეს ხედავდეს, ერთის მიღმა მეორეს გულისხმობდეს…

თითქოსდა ორთქლის აბანოში ლივლივებენ მხატვრის ნიუები, სადაც, ღვთაებრივი ბაჟბეუქის “მანერით”, ნატურას ზენატურა ჩაენაცვლება…

მისი მეტალოგიკური ანუ პოეტური ხედვა სწორედ ამ წარმოსახვითი თეჯირების ფენებით გვეზმანება; როგორც პასტერნაკთან:

Перегородок тонкоребрость

Пройду насквозь, пройду как свет.

და მაინც, ლესია თავაძის “ოთახი” ესაა სივრცე, რომელიც ჯერაც არ ქცეულა ოთახად; ანდა, უკვე აღარაა ოთახი.

მარტოოდენ კედლის ფრაგმენტი, მარტოოდენ ფანჯარა, ანდა ფანჯრის მინიშნება, მარტოოდენ კარის ღიობი…

ეს – უფრო მცდელობაა ოთახის აგებისა; აგებისა და გაღებისა… როგორც მარინა ცვეტაევა იტყოდა  – “Попытка комнаты”.

ასეა, ლესია თავაძისეული ფანჯრის მოტივს თავისი ინდივიდუალური პოეტურ-ხატოვანი ელფერი ახლავს. მაყურებელი უნებლიეთ განავრცობს ინტერიერულ (თუ კვაზიინტერიერულ) სივრცეს, და “ფანჯარა” სამყაროს ნიშან-სიმბოლოდ გარდაიქმნება.

ფანჯარა ლესია თავაძესთანაც თავისებური “გამჭოლი ფორმაა” და ლირიკული სიუჟეტის ფსიქოლოგიური ინსტრუმენტირების უნატიფეს საშუალებად გვევლინება, ისევე, როგორც თავად ინტერიერი, ადამიანის არყოფნას რომ “ასურათებს” და “მოქმედ პირად” ანდა ლირიკულ გმირად წარმოგვიდგება.

მხატვარი თავისებურად ეხმიანება “Мир искусства”-ს (თუ “Союз русских художников”) მიერ კულტივირებულ კულტურას, “Усадебная культура”-ს რომ უწოდებენ.

ეს მოტივები სწორედ ამ კულტურის კონტექსტში იძენენ ფანჯრის მიღმა მომზირალი ოცნებისა და ცხადის რომანტიკული კონტრასტის ობერტონებსაც და ნოსტალგიურ-საგანგაშო ინტონაციებსაც, “საბაღო” ლირიკის სიღრმისეული მიკროკოსმოსის გაყუჩებულ ნერვს რომ აშიშვლებენ და ფანჯრის რაფის, როგორც წიგნის თავისებური ყდის გადაშლით გვაკითხებენ ბუნებრივად კადრირებულ კომპოზიციას.

რაც შეეხება თვით ფანჯრის  სურათოვნებას, ზოგჯერ ისიც ემთხვევა თავად ტილოს ფორმატს.

ასე იხატება “ინტერიერები – კედლის გარეშე”, ურბანისტული სტრესებით გათანგულ ადამიანს საგანგებო ემოციურ განწყობას რომ უქმნიან და არა ფონურ ხიდად, არამედ წინამსწრებ ყოფიერების ხატად გვესახებიან. ტილოზე ფუნჯის შეხებამდე აღბეჭდილ  გაელვებად…

ამ მიწიერ პარადიზებაში მხატვარს ჯერაც იზიდავს ესთეტიკური გრავიტაციის კანონი, ფრინველების სერიაში რომ შეისხამს ფრთებს, როგორც მარადიულ ზეციერისკენ ლტოლვის ხატს; საკუთრივ ჩიტის გაფრენის სიმაღლიდან მოხილულს…

და ეს ფრინველებიც მხატვრის Alter ego-ა, მისი ორნითოლოგიური ორეულები. ესეც ავტობიოგრაფიული სერიაა, ისევე როგორც აზიური ციკლი, რაღაცით პაველ კუზნეცოვისეულ ალუზიებსაც რომ გამოიხმობს და ამ ეგზოტიკური მოტივების მიღმა, საკუთარ თავთან გაუცხოების იმ დრამაზეც ჩაგვაფიქრებს, უცხო მიწაზე რომ აძებნინებს მხატვარს სანუკვარ ნავსაყუდელს. ანდა, უცხო ლანდშაფტში – ამ თავისებურ პოეტურ ეგზოტოპიაში “ათხრევინებს” სამოთხეს.

არადა, რა არის ეს სამოთხე, ანდა ვინ არიან ეს “სამოთხისმთხრელები”, როგორც პლატონოვისთვის, “Котлован”-ის სამყაროს ანარეკლები?

სამოთხის იქით ხომ არაფერია; სამოთხის მიღმა აღარაფერი ხდება!

სამოთხე – ჩიხია, სივრცის უკანასკნელი მოხილვა, საგანთა დასასრული, მთის მწვერვალი, პიკი, საიდანაც ვეღარსად გადააბიჯებ, თუ არა წმინდა ქრონოსში…

ჩვენი მხატვარი კი, მუდამ ზომიერი ნაბიჯებით დაიარება;

გრძნობს, სად არის ჩიხი; გრძნობს, სადაა ციცაბო…

თუმცა, მგონი, არც უდაბნოში სიარული უადვილდება.

მოკლედ, ნებისმიერი სტიქიისადმი ზომიერი ემოციური სიმპათიით გამოირჩევა; და ესეც მისი არტისტული თვითგადარჩენის ინსტინქტია; თუნდაც, ქალური ინტუიცია…

ხელოვნების ნაწარმოები საკუთარ თავთან გაიგივეების მცდელობაა; და ამ გაგებით ისევე თვითკმარია, როგორც ბუნება, “თავისთვის” რომ არსებობს.

ყველაზე არსებითი, რის გამოც შესაძლოა ასეთი, ავთენტიკური ხელოვნება ჩვენს იმპონირებას იწვევდეს, ესაა ძიება ბუნებასთან შერიგებისა.

არა დათრგუნვისა, არა ონტოლოგიურად იერარქიზებული უპირატესობისა, არამედ დაზავებისა…

მაგრამ, როცა ბუნების შეცნობა უგულებელყოფილია? როდესაც იგივე ბუნება მხოლოდღა ნაკრძალია, ამგვარ სივრცეში სადღაა შველა? ლესია თავაძისთანა მხატვრები კი ბუნებას სულაც არ აღიქვამენ “ორგანიზებულ” სივრცედ და ეტყობა, ყალბი შეძახილიც – “რა ლამაზია!” – თავიანთი მხატვრობისა თუ ბუნების მიმართ, შეუსაბამოდ და შეურაცხმყოფელად მიაჩნიათ.

მათთვის ამიტომაცაა აუცილებელი გაქცევა “ბუნებიდან” – ბუნებაში!

აი, რატომაა, რომ ბუნებრივ-მშვენიერი მათთანაც “მიღმუსის” (თუ მიღმურობის) ალეგორიად რჩება…

ამ მხრივ, ბუნებრივ-მშვენიერი მართლაც რომ “შეწყვეტილი ისტორიაა” – ეს ადორნოსეული ესთეტიკურ-თეორიული კონსტრუქტი, შეჩერებულ ქმნადობას  აღბეჭდავს.

მეორე მხრივ, ჩვენი მხატვრის ნატურ-ესთეტიკურ ოპუსებში, ბუნება რაღაც დაოკებულ-დაშოშმინებულია, თითქოსდა თავის მორტალურობას შეგუებული…

და საერთოდ, იქნებ ეს “ცოცხალი” (და სიცოცხლე) არც ბუნების პრედიკატია და არც ხელოვნებისა?

ანდა, ეგებ ბუნებას, როგორც მორტალურს, სიკვდილი უფრო შვენის და “ნატურმორტიც” ხომ სიკვდილის ალეგორიაა? აი, ამგვარ “სიკვდილზე” რეფლექსიადაც მესახება ლესია თავაძის ნატურმორტები. ესაა თვითკმარი სამყარო, საკუთარ “არარსებულ არსებობასთან”, სიკვდილთან წილნაყარი და წინდაწინვე დაზავებული…

ერთი შეხედვით, არავითარი ზეამოცანა ამგვარი ნატურმორტირებისას (და არც პორტრეტირებისას) მხატვარს არც ამოძრავებს.

მით უფრო ძნელი მისახვედრია ამგვარი მცდელობა კალმით ნახატებში, რომელთა ცოცხალი შტრიხიც არასოდეს გადადის არტისტულ ექსტაზში და როგორც კი სცდება “გრაფიკას”, მაშინვე ამთავრებს “ლაპარაკს”…

ასეა, ინტენცია – ხელოვნების მარტოოდენ “სატრანსპორტო საშუალებააო”, გვეუბნება იგივე ადორნო.

და უნდა დავუჯეროთ!

ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ განჯადოებას არ მოვითხოვთ ჩვენი მხატვრისგან.

არადა, მხატვრისგან “მეტი” კი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ “სხვა”…

ოლესია თავაძის ყველა ოპუსიდან ავტორის ელეგანტური ნატურა გამოსჭვივის; ნატურა, წილნაყარი მის ოდნავ ასკეტურ იერთან. და ეს იერი, თავის მხრივ, მისეულ პორტრეტებსაც აერთიანებს, პორტრეტებს, რომელთაც საკმაოდ დიდი დოზა აქვთ ავტოპორტრეტულობისა…

ლესია თავაძე ხატავს და უნდა მოგვითხროს მათ შესახებ რაღაც ისეთი, რაც მათ დროში გარდახდენიათ, რაც განვლილმა კვალად დაამჩნია.

ეს პორტრეტები, ერთგვარად, თავისებური “კულტურული როლის” მქონე ხასიათებია, თუმცა ამ პორტრეტებში არაა მცდელობა “იდეალისა” და “პროზაულის” დაპირისპირებისა, ისინი მოდერნის ეპოქის პორტრეტებს უფრო გვაგონებენ, ოღონდ ისე, რომ მათი ელეგანტურობა და შინაგანი არისტოკრატიზმი არასოდეს გადადის სალონურ ზედაპირულობაში.

მხატვარი თავის მოდელებთან ერთად, რაღაცნაირად, საზიარო კულტურულ გარემოში გრძნობს თავს და ისევ და ისევ, მოდერნის მისტერიალურ-თეატრალიზებული პოეტიკის სივრცეში, ავტორი და მოდელი ერწყმიან ერთმანეთს. ლესია თავაძისეული პორტრეტები თავისებურად აგრძელებენ ა. ტიშლერის, რ. ფალკისა თუ იმავე ბაჟბეუქ-მელიქოვის ინტიმური პორტრეტების წყებას, მათ პრივატულ, “შინაურულ” ჰიპოსტასებში. მაგრამ არასოდეს არღვევენEდელიკატურNდისტანციურობას მოდელის სიღრმისეულ სულიერ პლასტებთან შეხებისას. ესაა თავშეკავება ღიაობის სანაცვლოდ.

და რჩება, შესაძლოა, უფრო არსებითი – უნარი თვით-შე-სმენისა, საკუთარი თავის მიყურადებისა, ხელის იმ უნებლიე მოძრაობისა, შინაგანი ხმის მოსმენისკენ რომ გან-განწყობს, როგორც “მამის პორტრეტში” გაელვებული ჟესტი, ასაკოვანი კაცის ჩუმი საუბარი ენტელეხიასთან… სწორედაც სხეული, სხეული წლებისაგან “დათოვლილი” მიზიდავს ამ პორტრეტის ენერგეტიკულ ველში, სადაც აფექტები მუდამ შეკავებულია.

აფექტის შეკავება – ნიშნავს მუდამ თვით-დგენაში ყოფნას, საკუთარი თავის მართვას, თანაც ისე, რომ ხელში არაფერი “გეკავოს”.

გარდა შვილისა…

ასეთი სახეები მოსწონთ, მეტიც, ისინი უყვარდებათ; და უყვარდებათ იმიტომაც, რომ ასეთი პორტრეტები საკუთარ დაუცველობას გვახსენებენ.

ისინი “სხვისი ხელიდან” არიან შექმნილნი, უცხო ხელით არიან ნაწარმოებნი, გამღები ხელით, გაშლილი ხელით…

ხელი გამღები, ხელი გაშლილი კი – სუფთა ხელია…

ასეთი ხელებით იქმნება ხელოვნება…

© “არილი