ესე

დათო ქარდავა – ხილი, რომელიც არ ლპება

meqanikuri portoxali44

ლიტერატურა იოლი არ არის, მაგრამ ულიტერატუროდ დავიღუპებით”.

                                                                   ენტონი ბერჯესი

ენტონი ბერჯესის გამოყვანილი „მექანიკური ფორთოხალი“, განსხვავებით Citrus sihensis–სა – თეთრად მოყვავილე ციტრუსოვანი ხის ნარინჯისფერი ნაყოფისა, ყველა კლიმატურ სარტყელში ხარობს. სად არ შეხვდებით ამ „ხილს“ – აზიაში, აფრიკაში, აღმოსავლეთ ევროპასა თუ სამხრეთ ამერიკაში… განა, რომელი ქვეყნის მთავრობა არ ოცნებობს ძალმომრეობის ყოველგვარ ინსტინქტს მოკლებულ კანონის მოშიშ მოქალაქეებზე (ერთგვარ ბიომექანიკურ ჰომუნკულუსებზე), რომლებიც „სხვის ჭკუაზე ივლიდნენ დასაქოქი ფორთოხალივით და, რომლებსაც რეგულარულად გამოუშვებდა კრიმინალური ინდივიდების გარდაქმნის სახელმწიფო ინსტიტუტი?!“

არადა, 50 წლის წინ „მექანიკურ ფორთოხალში“ აღწერილი ანტიუტოპია ერთი შეხედვით ცარიელ ადგილზე გაჩნდა. საბჭოთა ჯოჯოხეთის (უმცირესობებისა და დისიდენტების დევნის) ფონზე ინგლისი (კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებებით) ნამდვილი მიწისზედა სამოთხე იყო – ეს ყველაფერი, ცხადია, კარგად იცოდა ერთი ხანობა საბჭოთა კავშირში ნაცხოვრებმა (1961 წ) და მორუსულე ენტონი ბერჯესმა, რომელმაც მექანიკური ფორთოხლების მწარმოებელი საზოგადოების სახით საბჭოთა დისტოპიისა და დასავლური დემოკრატიის ერთგვარი წინასწარმეტყველური ნაჯვარი შექმნა. აქ საზოგადოების სამართავად (მოქალაქეების დასათრგუნად) ლაგერებისა და სისხლიანი რეპრესიების ნაცვლად, უფრო დახვეწილ, „ლუდოვიკოს მეთოდს“ მიმართავენ, მაგრამ როგორც რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი (მწერალი) ამბობს, განა რა განსხვავებაა, ძალადობა ფიზიკური იქნება თუ სულიერი – შედეგი ხომ ერთნაირია?!

როგორც ჩანს, დემოკრატიისა და ტოტალიტარიზმის მიქსი, რომელსაც ბერჯესი „მექანიკურ ფორთოხალში“ აღწერს, უნივერსალურია და ის არაა მიჯაჭვული რომელიმე კონკრეტულ ქრონოტოპოსზე. წესით, სად ინგლისი და სად საქართველო; სად გასული საუკუნის 60-იანი წლები და სად 21-ე საუკუნის 10-იანები, მაგრამ, თუ დავაკვირდებით, გაზეთში, რომელსაც „მუსიკით ნამკურნალები“ ალეკსი კითხულობს, გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ზუსტად იმით იწონებს თავს, რითაც – საქართველოს მოქმედი ხელისუფლება მოახლოებული არჩევნების წინ (სტატია დაწერილია 2012 წლის თებერვალში (რედ.)):

„პირველი გვერდი სულ იმაზე ქაქანს ეჭირა, რა კარგი და მზრუნველი მთავრობა გვყავს თურმე, ახალ არჩევნებშიც ყველამ ერთსულოვნად მივცეთ უნდა ხმა და არაფერი შეგვეშალოს. რა გინდა სულო და გულო, ამ ჩვენ ახლანდელ ხელისუფლებას არ გაეკეთებინა ბოლო ხანებში, ყველაფერი წვრილად იყო ჩამოთვლილი: – ეს საგარეო პოლიტიკაო, ეს – ეკონომიკაო, ეს – მომსახურების სფერო და ბინების საკითხიო და, რა ვიცი, კიდევ რა არა. მაგრამ განსაკუთრებით კიდე იმით იწონებდნენ თავს, პოლიციის რიგებიც გავზარდეთ და უფლებებიც მეტი მივეცით, ახლა ნახეთ, რა სიმშვიდე, სიწყნარე და წესრიგი დამყარდება ღამღამობით ქუჩებშიო”.

ლიტერატურის კრიტიკოსთა ნაწილი მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციას გაუმართლებლად მიიჩნევს. სუზან ზონტაგის თქმით, მთავარია მხატვრული ნაწარმოები აღელვებდეს გულსა და გონებას, თუმცა “მექანიკური ფორთოხლის” ტექსტის ფაქტურა, გარდა იმისა, რომ ძლიერ მღელვარებას იწვევს მკითხველში, ყოველგვარი ზიანის გარეშე ინტერპრეტირების საშუალებასაც იძლევა.

„მექანიკური ფორთოხალი“ არაა ჩვეულებრივი თხზულება, რომელიც ალაგ წარმტაცი და ალაგ მოსაწყენი ადგილებისგან შედგება. მართალია, ტექსტი ეკლექტურის შთაბეჭდილებას ტოვებს (ტექსტის ძირითად ნაკადში დასაბრუნებლად ალეკსის პერიოდული შეძახილი გვჭირდება), მაგრამ სინამდვილეში ბერჯესს, როგორც ავტორს არაერთი მუსიკალური ნაწარმოებისა (მათ შორის სიმფონიებისა), გემოვნება არც ამ შემთხვევაში ღალატობს. სწორედ ავტორის დამსახურებაა ის, რომ ტექსტს (არსებითად ცნობიერების ნაკადს) შთამბეჭდავი ატონალური მუსიკალური თხზულების ჟღერადობა აქვს, თხზულებისა, რომელშიც ჰარმონიაზე უარი საგანგებოდაა ნათქვამი და, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვით, ლოგიკურად მხოლოდ ალეკსის შეძახილი –  What’s it going to be then, eh? – მეორდება.

„მწერალმა სიტყვების გარდა ისიც უნდა იცოდეს, რაზეც წერს“  – ენტონი ბერჯესის მიერ ერნესტ ჰემინგუეის შემოქმედებაზე გამოთქმული ეს მოსაზრება სრულად მიესადაგება თავად „მექანიკური ფორთოხლის“ ავტორსაც. ბერჯესმა შეძლო აგრესიის, ინდივიდში ჩაბუდებული ძალადობის პირველყოფილი ინსტინქტისთვის ხმის ჩადგმა და მისი დამაჯერებელ ტექსტად ქცევა. „მექანიკური ფორთოხალი“ გაჯერებულია, ერთი შეხედვით, არამოტივირებული აგრესიით, რომელიც ინდივიდთა დონეზე ყველა სახის ფიზიკურ ძალადობაში რეალიზდება. საიდან ეს აგრესია, რომელიც ანადგურებს წიგნებს, არ ინდობს უმწეო მოხუცებსა და ქალებს? რამ აქცია მუსიკის მოყვარული ალეკსი ფსიქოპატად?

ენტონი ბერჯესის ამ რომანს სიამაყით მოაწერდა ხელს ყველა ცნობილი ეთოლოგი, ანუ ცხოველთა ქცევის მკვლევარი. ადამიანიც ხომ ცხოველია: არისტოტელეს თქმით, პოლიტიკური ცხოველი, ფრანკლინის თქმით – იარაღის მკეთებელი.

„შიდასახეობრივმა გადარჩევამ შორეულ წარსულში ადამიანი აღჭურვა გარკვეული დოზის აგრესიულობით, რომელიც თანამედროვე ორგანიზებულ საზოგადოებაში ვერ პოულობს ადეკვატურ გამოსავალს”. – ესაა ფრაგმენტი დიდი ავსტრიელი მეცნიერის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კონრად ლორენცის წიგნიდან „აგრესია“, რომელშიც ასევე გამოთქმულია მოსაზრება, რომ მცირე სივრცეში ინდივიდთა მაღალი კონცენტრაციის შეჯგუფებას სოციალური რეაქციების დაჩლუნგებამდე მივყავართ.

„დიდი ქალაქის მცხოვრებლები შეშფოთებით აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ძველი მეგობრების ნახვისას ისეთ სიხარულს აღარ განიცდიან, როგორც უწინ. ღიზიანდებიან თუკი შინ მისულს ვახშმის შემდეგ ვინმე დაურეკავს. მზარდი მზადყოფნა მოიქცე აგრესიულად, მაღალი კონცენტრაციის შეჯგუფების მახასიათებელი შედეგია“, ამბობს ავსტრიელი ეთოლოგი, თუმცა, იქვე შენიშნავს, რომ ჩვენ ყველანი ვცდილობთ დავთრგუნოთ ჩვენი განზრახულობანი სოციალური ქცევის მეტად განსხვავებული და თანდაყოლილი მიდრეკილების გამოო. ვიღაც ახერხებს ამას, ვიღაც – ვერა. ყველა შემთხვევაში, უაღრესად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორაა საზოგადოება ორგანიზებული და რამდენად უწყობს იგი ხელს ფსიქოპატების გენერაციას. ფსიქოპატი ხომ ადამიანია, რომელიც ან იტანჯება საზოგადოების მიერ მისთვის წაყენებული მოთხოვნებით, ან თავად ტანჯავს საზოგადოებას. ლორენცის თქმით, გარკვეულწილად, ჩვენ ყველა ფსიქოპატები ვართ, რადგანაც საზოგადო სიკეთით თავსმოხვეული უარი სტანჯავს თითოეულ ჩვენგანს. ამგვარი განსაზღვრება განსაკუთრებულად ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც შედეგად ტყდებიან და იქცევიან ან ნევროტიკებად (ავადმყოფებად), ან – დამნაშავეებად!

„მექანიკური ფორთოხლის“ მთავარ პერსონაჟს ბედმა ყველა ეს უბედურება დააფერთხა თავს: ალეკსი ცხოვრობს დიდ ქალაქში, აგრესიულია (არ ჰყოფნის კულტურა, აგრესიის თანდაყოლილი ინსტინქტი რამე სახის პოზიტიურ სოციალურ ქცევაში რომ გადაზარდოს) და მისი ეს სისუსტე (სისტემის ძალისხმევით ქცეული ჰიპერფსიქოპატიად) მიმზიდველი ნედლეულია საზოგადოების ყველა ფენისთვის: იქნება ეს პოლიტიკური კლასი, ეკლესია თუ – უფლებადამცველთა ჯგუფი. „მექანიკური ფორთოხლის“ მთავარი სათქმელიც ალბათ ეს უნდა იყოს: რაც უფრო მაღალია ინდივიდუალურ დონეზე ძალადობის ხარისხი, მით უფრო იოლი და არგუმენტირებულია საზოგადოების ინტერესებზე აპელირებით ადამიანისთვის ნებსითი არჩევნის უფლების ჩამორთმევა და, შესაბამისად, მით უფრო ძლიერია დათრგუნვის სახელმწიფო მექანიზმიც, რომლის ცალკეული დეტალები, მაღალი ხარისხის ზეთის ნაცვლად, ადამიანის მანკიერებებით იპოხება.

თქმა არ უნდა, „მექანიკურ ფორთოხალს“ მაღალ ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ღირსებაც აქვს. ესაა ერთგვარი წიგნი-წინასწარმეტყველება, წიგნი-გაფრთხილება, რაც კრიტიკოსთა ნაწილის მტკიცებით, მაღალი ხელოვნების ნიმუშის აუცილებელი თუ არა, უდავო სამკაულია. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებს 1869 წელს გამოცემული წიგნის („კულტურა და ანარქია“) ავტორი, ოქსფორდელი პროფესორი მეთიუ არნოლდი, რომლის მიხედვითაც „მაღალ ხელოვნებას შეუძლია ყველაზე საჭირბოროტო საკითხების გადაჭრა. შეუძლია გვაჩვენოს ყოფის არასრულყოფილება და მისი შეცვლის გზები. ყველა დიდი ხელოვანის ნაშრომში შევხვდებით მცდელობას უკეთესობისაკენ შეცვალოს საზოგადოება, ნათელი მოჰფინოს შეცდომათა ბუნდოვანებას და შეამსუბუქოს ადამიანთა ტანჯვა”.

ვაღიაროთ, ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალიც“ ხელოვნების ასეთი ნიმუშია და ეს სხვებზე კარგად ჩვენ – საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე აღმოცენებულ, ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყნებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ვიცით. ვის და ჩვენ ნამდვილად არ გვესწავლება, რომ დემოკრატია და ავტორიტარიზმი უცნაური ფორმით ეჯვარება ერთმანეთს და ეს ნაზავი საბჭოთა მოქალაქეების კულტურული ფსევდოსახეობისგან (ფორმით უფრო მიმზიდველი, თუმცა არსით არფრით განსხვავებული) დასაქოქი ფორთოხლების კეთებას იწყებს.

„კრიმინალური რეფორმის პირველი მსხვერპლი! მთავრობა – მკვლელი! ხალხი შფოთავს, ეხლა ამათ ვერავინ გააჩერებს, წასულია მთავრობის საქმე”. – რით არა ჰგავს ეს სიტყვები თანამედროვე ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნათქვამს? ან კიდევ: „მტრები მართლაც გყავს, თორემ აქ არ მოხვდებოდი. ჯერ იმისი იმედი ჰქონდათ, დაიღუპებოდი და შენს სიკვდილში მთავრობას დაადანაშაულებდნენ. სასჯელი არ ასცდებათ… მეგობრებიც რომ ბევრი გყავს, ამასაც მალე ნახავ – გამოხვალ აქედან და არავითარი პრობლემა შენ არ გექნება, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ“, – განა წარმოუდგენელია, მსგავსი რამ ქართველი მინისტრისგან რომ მოგვესმინა?  

არც ისაა სადავო, რომ „მექანიკური ფორთოხალი“ ერთგვარი Perpetuum Mobile, მუდმივი ძრავაა, რომელიც არ ცნობს თერმოდინამიკის კანონებს და, თუ საზოგადოება არ ფხიზლობს, დროში შეუზღუდავად მუშაობს. რაც a posteriori უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა კიდეც…

© “არილი

Facebook Comments Box