წარსული არასდროს კვდება. მეტიც, ის წარსულიც კი არაა.
უილიამ ფოლკნერი
The Past is never dead. It’s not even past.
William Faulkner
2023 წელს, ბრიტანეთის, ამერიკის თუ მთელი მსოფლიოს წიგნის მაღაზიების დახლები პრინცი ჰარის მემუარებით გაივსო. „სათადარიგოს“ („Spare“) გამოცემას ბრიტანეთის ისტორიით, კულტურით, პოლიტიკითა თუ თანამედროვეობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო სპექტრი ელოდა. ბაკინგემში განვითარებული არაერთი სკანდალური მოვლენის შემდეგ, ყველას აინტერესებდა, რას დაწერდა უფლისწული დედოფალ ელისაბედზე, დედაზე, მამაზე, ძმაზე, ბაბუაზე და ზოგადად სამეფო ოჯახზე. წიგნის პოპულარობა იმანაც განაპირობა, რომ ის, ასე ვთქვათ, „ინსაიდერის“ თვალით გვიჩვენებს, ერთ-ერთ ყველაზე დახურულ და პოპულარულ სამეფო ოჯახს, რომლის მიმართ მსოფლიოს ინტერესი, ნეთფლიქსის სერიალის, „გვირგვინის“ (The Crown) გარდა, 2022 წელს დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვის ცერემონიალმაც ცხადყო.
ინგლისის და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში, სასახლიდან გამოსული ყველაზე ცნობილი და ტრაგიკული ამბავი ალბათ შექსპირის „ჰამლეტია“, რომელიც დღემდე ლიტერატურისა და თეატრის სამყაროს განსჯისა და განხილვის თემაა. შექსპირის დროს სწორედ თეატრი იყო წიგნის მაღაზია, პრესა, ტელევიზია, კინო თუ სერიალი, სადაც იმ დროინდელი საზოგადოება სასიყვარულო, პოლიტიკურ თუ რელიგიურ ამბებს იგებდა. სათაგურის სცენაში, თავად ჰამლეტიც ხომ მსახიობებით და სპექტაკლით ადგენს სიმართლეს?! თუმცა, ჰორაციოა ის პერსონაჟი, რომელიც ასაჯაროებს ჰამლეტის ელსინორში დატრიალებულ, ბურუსით მოცულ ისტორიას:
„ოჰ, ჩემო კარგო ჰორაციო, რა საზიზღარ სახელს
დავტოვებ, თუკი ეს ამბავი არ გამჟღავნდება.
მაშ თუ როდისმე გყვარებივარ, რამდენიმე ხნით
განშორდი მუდმივს ნეტარებას, ტანჯვით იცხოვრე
და ამ კრულ მიწას მიმოჰფინე ჩემი ამბავი.“ (მოქ.V სურ. 2) [1]
ხოლო მოგვიანებით, ელსინორსა და დანიის ტახტს დაპატრონებული ფორტინბრასი ბრძანებს:
„უბრძანეთ, ოთხმა ასისთავმა ჰამლეტის გვამი
მაღლა საკაცეს აასვენოს, როგორც სარდალი.
მას რომ ხელმწიფედ, ტახტზედ ჯდომა დასცალდებოდა,
ეჭვი არ არის, განაგებდა დიდებულებით.
უნდა მიაგონ დამარხვის ჟამს მხედართ პატივი
და სამარემდე მიაცილონ გლოვის მუსიკით…(მოქ. V, სურ. 2)
შესაბამისად, შექსპირის „ჰამლეტის“ ჩვენამდე მოსული ვერსია, სწორედ ფორტინბრასის მხარდაჭერით, ჰორაციოს მონაყოლია. ისევე, როგორც მეფე ჰენრი VIII-ს მიერ თომას მორისთვის დაკვეთილი „რიჩარდ მესამის ისტორია“ (1513), რომლის მიხედვით შექსპირმა, ამავე სახელწოდების პიესა დაწერა და „რიჩარდ მესამის საზოგადოება“ დღემდე ცდილობს ბრიტანეთის მეფის სახელის რეაბილიტაციას.
ბაკინგემის, უინძორის, სენტ ჯეიმზის, ბალმორალისა თუ კენსინგტონის სასახლეში მიმდინარე ისტორიები, ახალი დრამების, ტრაგედიებისა თუ კომედიების გენეზისია და ფაქტია, რომ შექსპირის შემოქმედება ბრიტანეთის სამეფო კარის „გენეტიკურ კოდად“ იქცა. უინძორების სამეფო ოჯახის ისტორიები შექსპირის ბევრ პიესას მოგვაგონებს, მაგრამ დღეს ალბათ ყველაზე მეტად „ჰამლეტს“, რადგან პრინცი ჰარის მემუარები ბაკინგემის ელსინორიზაციას გვთავაზობს.
პრინცი ჰარის წიგნი, ელიოტის „უნაყოფო მიწის“ მსგავსად, აპრილის ერთ დღეს, უინძორების სასახლეში, ფროგმორში, ორი გარდაცვლილი ადამიანის გახსენებით იწყება. პირველი ჰარის ბაბუა პრინცი ფილიპია, მეორე კი დედა – პრინცესა დაიანა. პრინცი ჰარის მთელი წიგნი, როგორც ფიქრები, ჰამლეტის ყოფნა-არყოფნის მონოლოგის მსგავსია. საგვარეულო აკლდამის წინ მდგარ უფლისწულს, გარდაცვლილი დედა – პრინცესა დაიანა, როგორც ზმანება სულ თან სდევს, რომელსაც სიტყვა Earendel-ს (ცისკრის ვარსკვლავს), სხივს, სინათლეს, სამყაროს დასაწყისს ადარებს (Prince Harry 2023: 3). ეს ფაქტორი წიგნის არაერთ ეპიზოდში ჩანს, მათ შორის უილიამის და ჰარის საუბარში:
“Then he said something extraordinary. He said he thought Mummy was here. Meaning…among us. (Prince Harry 2023: 316).
„შემდეგ უილიმ უჩვეულო რამ თქვა. მისი აზრით, დედა აქ იყო. იგულისხმა, რომ ჩვენს შორის იყო…“[2]
ჰარისაც, ჰამლეტივით ყველასთვის სათაყვანებელი მშობელი უკვდება. მამა ჰამლეტის მსგავსად, პრინცესა დაიანას სიკვდილიც კონსპიროლოგიური ვერსიებითაა გაჟღენთილი. ჰამლეტის დედის – გერტრუდის მსგავსად, დაიანასაც სხვა კაცთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო ჩარლზმა, დაიანას გარდაცვალების შემდეგ, ცოლად შეირთო კამილა პარკერი, რომელიც წლების განმავლობაში კლავდიუსივით დაიანას კონკურენტი იყო. წიგნში ჰარი წერს, რომ ის და უილიამი მამამისს ევედრებოდნენ, რომ კამილა ცოლად არ შეერთო. თუმცა, სწორედ ამ დროს ჩაირთო პრესაში კამილას „ქორწინების კამპანია“ (Prince Harry 2023: 41). ჰარის ამგვარი მოგონებები კი ჰამლეტისა და გერტრუდის დიალოგის არაერთ ეპიზოდს გაგვახსენებს:
„… სადა გქონდა შენ ეგ თვალები?
ვით დასტოვე ეს მშვენიერი მთის საძოვარი
და ამ მყრალ ჭაობს მიაგენი გამოსაკვებად?!
სად გქონდა-მეთქი ეგ თვალები? სიყვარულს ხომ ვერ
მოიმიზეზებ; ხომ იცი, რომ შენს ხანში სისხლი
მიყუჩებული არის და ჭკვას ემორჩილება.
მერე რა ჭკუა უნდა იყოს, ეს აირჩიოს
და ის უარჰყოს!…“ (მოქ. III, სურ. 4)
მართალია, უილიამი და ჰარი დედის გარდაცვალებაში კამილას არ ადანაშაულებდნენ, თუმცა, ჰარი, წიგნის არაერთ ეპიზოდში აღნიშნავს, რომ საზოგადოება პირიქით ფიქრობდა და ძმებს არ სურდათ, რომ მამის ხელახალი ქორწინებით პრინცესა დაიანასა და კამილას შედარებებზე ემსჯელათ:
„A wedding would cause controversy. It would incite the press. It would make the whole country, the world, talk about Mummy, compare Mummy and Camilla, and nobody wanted that. Least of all Camilla“ (Prince Harry 2023: 41).
„ქორწილი დავიდარაბას გამოიწვევდა. პრესას წააქეზებდა. მთელს ქვეყნიერებას აალაპარაკებდა დედაზე, დედასა და კამილას შედარებაზე, რაც არავის გვსურდა. ყველაზე ნაკლებად ეს კამილას სურდა“.
ჰარის ეს სიტყვები, ჰამლეტისა და გერტრუდის საუბრის სხვა ეპიზოდს მოგვაგონებს:
„ის ავაზაკი, კაცისმკვლელი, უმსგავსო მონა,
შენის პირველის მეუღლისა ფრჩხილის არღირსი,
მეფე-მასხარა, სახელმწიფო ტახტის მპარავი,
ჯიბესჩამდები უძვირფასეს დიადემისა…“
(მოქ. III, სურ. 4)
რა თქმა უნდა, ყოველივე ზემოაღნიშნულმა, ჰამლეტის მსგავსად, ჰარიზეც დიდი ფსიქოლოგიური გავლენა-შოკი მოახდინა. ამას წიგნში თავად ჰარიც ადასტურებს ფსიქოთერაპევტთან ვიზიტების მოგონებების ეპიზოდში (Prince Harry 2023: 310). ჰარისაც, დედამისის მსგავსად, ჟურნალისტები და პაპარაცები პოლონიუსივით უთვალთვალებდნენ, რომ გაეგოთ რა ხდებოდა უფლისწულის თავს დედის გარდაცვალების შემდეგ. ჰარი აღნიშნავს, რომ დედის სიკვდილს წლების განმავლობაში ვერ იჯერებდა. დაიანა სიზმრებში ელანდებოდა, მისი დაბრუნების ნიშნებსა და გზავნილებს, შექსპირის „იულიუს კეისარში“ რომის ქუჩებში მოსიარულე ლომის მსგავსად, ხან ლეოპარდის, ხანაც მელიის გამოჩენაში ხედავდა.
შექსპირის შემოქმედებასა და სამეფო ოჯახის ბიოგრაფიას შორის პარალელებს თავად ჰარიც არაერთხელ ავლებს. მაგალითისთვის რამდენიმე ეპიზოდის მოყვანაც კმარა.
- წიგნის დასაწყისში, ჰამლეტის ცნობილი მონოლოგის ჰარისეული ირონიული პერიფრაზია: „To beard or not to beard, that was the question… („წვერით თუ უწვეროდ, საკითხავი აი ეს იყო“) (Prince Harry 2023: 2), ხოლო მოგვიანებით, “undiscover’d country, from whose bourn no traveller returns” („იქ რა იქნება, იქ, იმ ბნელსა და უცნობ მხარეს, სადით არც ერთი მგზავრი უკან აღარ ბრუნდება“) (Prince Harry 2023: 399). ანდა მეგანთან წერილის მისაწერად წარმოთქმული რიჩარდ მესამესეული სიტყვები: “My kingdom for a biro” („ჩემს სამეფოს ერთ კალამში ვაძლევ“) (Prince Harry 2023: 282).
- მამის, ჩარლზის შექსპირის გაღმერთების შესახებ საუბარი და მისი უფლისწულ ჰალთან მსგავსება პიესიდან „ჰენრი V“, ხოლო ჩარლზის დიდი ბიძის ლორდ ლუის მაუნტბეტენის ფალსტაფის პერსონაჟთან პარალელები (Prince Harry 2023: 48). ასევე პიესაში „ჰენრი VIII“, ელისაბედ I-სა და ელისაბედ II-ს შორის მსგავსება (Prince Harry 2023: 404).
რაც შეეხება ჰარის, მართალია, იტონის დრამის მასწავლებელმა მას კონრადის ეპიზოდური როლი უბოძა პიესაში „აურზაური არაფრის გამო“ (Prince Harry 2023: 82), თუმცა, საკუთარი რეალობა მაინც ჰამლეტს დაუკავშირა:
„I opened Hamlet. Hmm: Lonely prince, obsessed with dead parent, watches remaining parent fall in love with dead parent’s usurper…?
I slammed it shut. No, thank you“. (Prince Harry 2023: 59).
„ჰამლეტი“ გადავშალე. ჰმმ: მშობლის სიკვდილით დამწუხრებული მარტოსული უფლისწული, თვალყურს ადევნებს როგორ შეუყვარდა დარჩენილ მშობელს გარდაცვლილი მშობლის უზურპატორი…?
წიგნი ხმაურიანად დავხურე. გმადლობთ, საკმარისია“.
ასევე, აღსანიშნავია მამამისთან ერთად სტრათფორდში ნანახი „ჰამლეტი“ და სპექტაკლიდან გამოყოლილი გერტრუდისა და კლავდიუსის ქორწინების შემდეგ კლავდიუსის სიტყვები, რომლებიც დედის, პრინცესა დაიანას დაღუპვის თარიღს და მამის ქორწინებას ახსენებს:
„cotracted in one brow of woe…” (Prince Harry 2023: 49).
„თუმცა ძვირფასის ჩვენის ძმისა მიცვალების დღე
ჯერ თვალწინ გვიდგას და გვმართებს, რომ მწუხარედ ვიყოთ –
მთელ სახელმწიფოს, ვით ერთ კაცსა, გლოვა ეკუთვნის,
მაგრამ გონება ჩვენი იბრძვის მწუხარებასთან
და სხვა ვალსაც გვდებს – ჩვენს თავზედაც უნდა ვიზრუნოთ.
ჩვენ აღვირჩიეთ და და რძალი ჩვენი მეუღლედ
და ამ განთქმულის სახელმწიფოს მბრძანებელადა.“ (მოქ. I, სცენ.2)
ამ ამბების მთხრობელი კი, ჰორაციო-ფორტინბრასივით, ამერიკაში გადაცხოვრებული ჰარი და იქ დასტამბული მისი წიგნია, რაც ენჯელა კარტერის რომანის, „ბრძენი ბავშვების“ სიუჟეტს მოგვაგონებს[3]. კარტერის რომანშიც აშშ ბრიტანეთის, შექსპირის, ანგლო-საქსური კულტურის თუ იმპერიის მემკვიდრეა. აშშ-ს ისტორია, ენა და კულტურაც ხომ ფორტინბრასივით დანიის[4] ანუ ბრიტანულ ფესვებზე დგას, ხოლო ჰარის გადაწყვეტილება, რომ მიეტოვებინა ინგლისი, გადაცხოვრებულიყო ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ ამერიკაში, დე იურე დაეთმო და გადაეცა მათთვის მისი ტიტული და ყოველივე წიგნში ამბად მოეთხრო, ჰამლეტის უკანასკნელ სიტყვებს მოგვაგონებს:
„… მაგრამ კი გეტყვი, რომ არჩევანი უნდა ერგოს სწორედ ფორტინბრასს.
მე ჩემს მომაკვდავს ხმას მას ვაძლევ. ეს ასე უთხარ და
მიზეზებიც აუხსენ, მას რად ვამჯობინებ.“ (მოქ. V, სურ. 2)
თუ გასულ საუკუნეებში მსოფლიო კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებას ბრიტანეთი მართავდა, დღეს ამას ამერიკა აკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთი-ამერიკას, როგორც შექსპირთან დანია-ნორვეგიას, სტრატეგიული პოლიტიკური ურთიერთობა აქვთ, ფაქტია, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ძლიერი მონარქიის დეკონსტრუირების საფრთხე თანამედროვე რესპუბლიკური ზესახელმწიფოდანაც მოდის. მსგავსი კონკურენცია არა მარტო შექსპირის „ჰამლეტში“ ორი ძმის – მამა ჰამლეტისა და კლავდიუსის, ანდა თანამედროვე ბრიტანეთში უფლისწულების უილიამისა (მემკვიდრის) და ჰარის (სათადარიგოს) სახით არსებობს, არამედ ის ანგლო-საქსური კულტურის ტრადიციაა, რომელიც ჯერ კიდევ მე-17 საუკუნის ოლივერ კრომველის ბრიტანეთში, რესპუბლიკანიზმსა და მონარქიას შორის სისხლიან დაპირისპირებაში გამოჩნდა. ამ ისტორიას ფანტასტიკურად აღწერს ჯონ მილტონი პოემაში „დაკარგული სამოთხე“.
ამიტომ, დღეს, ტრადიციული ბრიტანეთის კულტურის, მისი იდენტობის, ისტორიის, ერთიანობის, რელიგიის და იმპერიის დამცველი და გარანტი სამეფო ოჯახია.
ასევე, სამეფო კარზე მიმდინარე ამბების გენეზისი, უინძორების დინასტიის უახლოეს წარსულშიც მოიძებნება. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ ელისაბედ მეორის ბიძამ, ჰარის მსგავსად, ამერიკელი განათხოვარი ქალი უელის სიმფსონი შეირთო, მის სანაცვლოდ სამეფო გვირგვინი დათმო და მონარქობას ცოლის სახით რესპუბლიკანიზმი არჩია. აღსანიშნავია, რომ წიგნის დასაწყისში, ჰარი წინაპრების სარკოფაგთან ჰამლეტივით მდგომი, დიდ ბიძას, გადამდგარ მეფე ედუარდს და მის ამერიკელ ცოლს იგონებს:
“…or were they Nowhere, thinking Nothing? Could there really be Nothing after this? Does consciousness, like time, have stop?.. (Prince Harry 2023: 2).
„…თუ არარას შეერწყნენ, არაფერს ფიქრობენ? ნუთუ ყველაფრის შემდეგ მართლა შესაძლებელია არაფრის არსებობა? ნუთუ ცნობიერება, როგორც დრო ისე ჩერდება?…“
რაც ისევ წიგნის მთლიან ფორმას, ჰამლეტის ყოფნა-არყოფნის მონოლოგსა და უფლისწულის უკანასკნელ სიტყვებს მოგვაგონებს: „სხვა რაღა დარჩა? საუკუნო სიჩუმე მხოლოდ“ (მოქ.V, სურ.2).
მართალია, წიგნის დასკვნით ნაწილში ჰარი აღნიშნავს, რომ მას პრობლემა არა მონარქიის, დედოფალ ელისაბედის, მისი ქვეყნის ანდა მონარქიული სისტემის კონცეფციისადმი, არამედ პრესასთან და სასახლის მასმედიასთან ურთიერთობის პოლიტიკის მიმართ ჰქონდა (Prince Harry 2023: 386), თუმცა, სამეფო ოჯახის პირადი და საზოგადო ცხოვრების მიმართ პრესის ინტერესი, თანამედროვე საზოგადოებაში მონარქიული სისტემის აქტუალობის განმსაზღვრელია, ხოლო გამოგონილი სტატია, ფილმი თუ სერიალი, მონარქიის და რესპუბლიკანიზმის დაპირისპირებული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი. ისევე, როგორც ეს შექსპირის შემოქმედების სახით, ელისაბედისა თუ იაკობიანური ეპოქის ბრიტანულ თეატრში იყო. მიუხედავად ჰარის ზემოაღნიშნული მოსაზრებისა, მისთვის ბრიტანეთის მონარქიის მომავალი სიკვდილთან, ხოლო ამერიკული რესპუბლიკა მომავალთან ასოცირდება:
“Willy was still talking, Pa was talking over him, and I could no longer hear a word they said. I was already gone, already on my way to California, a voice in my head saying: Enough death – enough.
When is someone in this family going to break free and live?” (Prince Harry 2023: 400)
„უილი ისევ საუბრობდა, მამა მასთან ერთად მსჯელობდა, მათი ნათქვამი არცერთი სიტყვა აღარ მესმოდა. მე იქ აღარ ვიყავი, კალიფორნიის გზას ვადექი, ხმა ჩამესმოდა: საკმარისია სიკვდილი – საკმარისი.
ამ ოჯახში როდის მოახერხებს ვინმე გათავისუფლებას და სიცოცხლეს?“
დღეს, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინცი ჰარის პირადი და საზოგადო მოქმედებებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას. თუ 1936 წელს, სათადარიგო ჯორჯ VI მეფე გახდა, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი ქალიშვილი ელისაბედი ავიდა ტახტზე და მისმა ფიგურამ და ავტორიტეტმა ბრიტანეთში მონარქია გადაარჩინა (ყოველ შემთხვევაში, დღემდე მოიყვანა), დღევანდელი სამეფო ტახტის ყოფილი „თადარიგი“ ჰარია. მართალია, ჰარის სახელიც ჰამლეტივით „ჰ“-ზე იწყება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რედაქციით. ჰარის „ჰამლეტური“ ტრაგედია თანამედროვე სამყაროში ფარსად გარდაიქმნება, რომელშიც ჰარის, ფორტინბრასის (ამერიკელი ცოლის) მიერ წახალისებული ჰორაციოს როლი აქვს. ჰორაციოს სახელიც ხომ ჰარივით „ჰ“-ზე იწყება?! ბებია, დედოფალი ელისაბედი და მამა, მეფე ჩარლზი ალბათ ამიტომ ეძახდნენ ჰარის სათადარიგოს, ხოლო შექსპირის სეხნიას – უილიამს, ტახტის მემკვიდრეს.
გამოყენებული ლიტერატურა
უილიამ შექსპირი, „ჰამლეტი“, „საბჭოთა ხელოვნება“, თბილისი, 1980.
Prince Harry, “Spare”, Random House, New York, 2023.
[1] აქ და ყველგან „ჰამლეტის“ ციტატების თარგმანი ივანე მაჩაბლისა.
[2] ციტატების თარგმანი წიგნიდან „სათადარიგო“ ეკუთვნის სტატიის ავტორს.
[3] იხ. ჩემი მონოგრაფია „შექსპირის პოსტმოდერნიზმი“ (2021).
[4] ფორტინბრასი დანიის სამეფო საგვარეულოს წარმოადგენა.
© არილი