პროზა

დათო ალელიშვილი – საწყალი ლუარსაბი

“დარღვეულია დროთა კავშირი,
ბედმა წყეულმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა.”
შექსპირი, “ჰამლეტი.”

სხვანაირი ბედი დაჰყვა სკოლაში წაკითხულსა და შესწავლილს – მას სადღაც ჩვენს ბავშვობაში ვტოვებთ, კოპწიად დაბერებული “მასწების” ამარა და შემდეგ, დიდი მწერლების წამკითხველებს, აღარ გვინდება მასთან მიბრუნება. ან რა გასაკვირია – კარგი მასწავლებელი იმიტომაა კარგი, რომ კარგიც, ცუდიც და “ისე რაც”, ერთნაირი მონდომებით გვასწავლოს და უფრო ნაკლებად მოეთხოვება მათი გარჩევა შეგვაძლებინოს. ილია ჭავჭავაძეც სადღაც ყმაწვილობის მოგონებებში, სასკოლო თემებში ჩარჩენილ, ლამის საბავშვო მწერლად ვაქციეთ. სხვა სასკოლო ავტორებზე სხვამ თქვას, ილია მაინც გამორჩეულია და მისი ქმნილებებისგან უპირველესი “კაცია-ადამიანი” მგონია. თავად მწერალმა დიდი ხანი უტრიალა ლუარსაბს – კახელი თავადი ჯერ დაუმთავრებელი მოთხრობა “კაკოს” პერსონაჟი იყო, შემდეგ იმდენად მნიშვნელოვნად ჩათვალა მისი ხაზი, რომ დამოუკიდებლად გამოყო “კაცია-ადამიანში”. დაიწერა ამ ნაწარმოების პროლოგის რამდენიმე ვარიანტი, მისი ერთ-ერთი თემა – ლუარსაბის და დარეჯანის დაქორწინება კი დრამატულ ნაწარმოებ “მაჭანკალშიც” გადავიდა. ქართული ლიტერატურის უარყოფით გმირთა შორის არავინ ისე უდიერად არ მოიხსენიება, როგორც ლუარასაბი – ვერა, ვერ შეედრება მას ვერც კვაჭი კვაჭანტირაძე, ვერც ყვარყვარე თუთაბერი, ვერც ჯაყო. ლუარსაბი იქცა სიზარმაცის, ღორმუცელობის, უმეცრების, სიბინძურის, უნაყოფობის, ვაიპატრიოტობის და კიდევ მრავალი უარყოფითი თვისების სინონიმად. “შე კვაჭოო” – ლამის ქებაა. “შე ლუარსაბოო…” – ამაზე მეტი უკვე დედის გინებაა. “შე ლუარსაბოო” – კაცს რომ ეტყვი, არ იფიქრებს, რომ ქართლის ტრაგიკულ მეფეებს – ლუარსაბებს შეადარა ვინმემ. არა, ლუარსაბი ერთი, მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს – თათქარიძე, და სახელიც იმდენად კნინობითი გახდა, რომ ლამის ამოვშალოთ ქართული სახელების სიიდან. ბავშვს თემურსაც კი დაარქმევენ – საქართველოს ცხრაგზის ამომგდების სახელს, მაგრამ ლუარსაბს – არა. “შე ლუარსაბოო”, – აბა ამისთვის ხომ არ გაწირავენ?!
მართლა ასეთი ცუდია ლუარსაბი?
მასზე ჯერ სრულად ვერაფერს ვიტყვით, თუ იმ ისტორიულ გარემოს არ გავითვალისწინებთ, როცა “კაცია-ადამიანი?!” დაიწერა. ილია უბრალოდ მწერალი არ ყოფილა, მისი თითოული ნაწარმოები საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტის დაწერილია. ზოგჯერ პუბლიცისტი და ისტორიული გარემო ხელსაც კი უშლის მწერალს. მაგრამ ამაზე შემდეგ…
მანამდე კი…
მანამდე ილია უკვე პეტერბურგიდან ჩამოსულა, თერგის წყალიც დაულევია, “მგზავრის წერილებიც” დაუწერია და, ალბათ, იმ იზლერის ბაღშიც ყოფილა, რუსის ოფიცერი ასე ოცნებანარევი ნეტარებით რომ აღუწერდა. ჩამოვიდა ორბელიანების და ჭავჭავაძეების საქართველოში. საქართველოში, სადაც ასე ძალუმად შემოვარდა რუსეთი, რუსეთი – არა მხოლოდ სამხედრო ძალა, რუსეთი – არა მხოლოდ იმპერია, რუსეთი – ახალი ცივილიზაცია, ახალგაზრდა და მძლავრი, დაე, თუნდაც არა ისეთი მოწინავე, როგორც ევროპა, მაგრამ ჩვენ, ვისაც იზლერის ბაღი ჯერ არ გვენახა, ზვავივით დაგვეცა და შთანთქმას გვიქადდა.
ან რა უნდა დაგვეპირისპირებინა?! მოხუცი, ღალატით, ჭრილობებით გატანჯული მეფე და მისი ავადმყოფი მემკვიდრე? დედოფლები, რომლებიც რუსის მეფის გამოგზავნილი საკაბის გამო ერთმანეთს წაეჩხუბნენ?
არა – ეკონომიკა. არა – კულტურა. არა – განათლება. Aარა – სახელმწიფო ინსტიტუტები. შემოვიდა მე-19 საუკუნე და დახვდა – რომელი? მე-18? მე-18-ში ნიუტონი უკვე მკვდარი იყო. ლეონარდო კიდევ უფრო ადრინდელია. დახვდა განადგურების პირას მისული, თუმცა ერთიანი სახელმწიფოებრივი ცნობიერების მქონე პატარა ფეოდალური სამფლობელოები. მათ პატრონებს ზოგს მეფე ერქვა, ზოგს – თავადი, ზოგს – ერისთავი. დახვდა მცირე, ფიზიკური გაქრობის პირას მდგარი ერი, რომელსაც მუდამ თავისზე ბევრად დიდებს შორის უხდებოდა მიმოქცევა და თუ არა სიმამაცე და დიპლომატიური გამჭრიახობის უკიდურესი დაძაბვა, ვერც განადგურებას გადაურჩებოდა.
რა უნდა გვექნა?
ან იარაღი უნდა აგვეღო ჩრდილოეთ კავკასიასავით, ან სხვის სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოების შენება გვეცადა. კი, იყო ოცდათორმეტი წლის შეთქმულებაც, იყო კახეთის თუ მთის ამბოხებები, იყო ალექსანდრე ბატონიშვილიც, სულ გარს რომ უტრიალებდა საქართველოს, მაგრამ მაინც მეორე გზა ავირჩიეთ. აკი ტატოც სიამაყით წერდა საქართველოზე: “მოქალაქის მართავს მას ხელი.”
პატარა და დიდ ერებს ევოლუციის გზების ძიებისას განსხვავებული არჩევანის გაკეთება უხდებოდათ. ეს რუსეთს შეეძლო მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში ეკამათა და ეფიქრა – განვითარების ევროპულ გზას დადგომოდა თუ საკუთარი, წმინდა რუსული ეძებნა. საქართველო? საქართველოს სად ჰქონდა ასეთი არჩევანი? ან რა გზაზეა ლაპარაკი, როცა ყოფნა-არყოფნის ლაბირინთები იყო გასავლელი და ყოველი თაობა მხოლოდ შემდგომ საფეხურს ეძებდა და პოულობდა, მომდევნო თაობას კი თავისი, განსხვავებული, ისევ საძიებელი ჰქონდა. აკი “ორბელიანების და ჭავჭავაძეების” თაობაც შეცდა შემდგომი საფეხურის ძიებისას. მათი, ამ “მე-19 საუკუნის ცეკას” წრიდან იყო გამოსული გიორგი მუხრან-ბატონი, იგივე ბაგრატიონ-მუხრანსკი – ასე მოიხსენიებდნენ და, ალბათ, ასე უფრო ეამაყებოდა. სწორედ მან და არა ვინმე ნათიევმა და კატკოვმა დაწერა სტატია დიდი ერების მიერ პატარების შთანთქმის შესახებ და საქართველოს მომავალი რუსეთთან სრული შერწყმით და ასიმილაციით განსაზღვრა. და ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე ბოლშევიკების პირველი თYაობა ფიზიკურად მოევლინებოდა ქვეყანას.
ვინ იყო გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი? იქნებ ვინმე გადაგვარებული, სხვის სამსახურში ჩამდგარი და საკუთარი ერის სიძულვილით დაბრმავებული? ასეთი ხომ ბევრი ახსოვს საქართველოს. ისტორია ბევრს არაფერს გვეუბნება – მხოლოდ ვარაუდი შეიძლება ითქვას. სხვა, ალბათ, სხვას იტყვის, მე კი მგონია მასაც უყვარდა საქართველო. უყვარდა ისევე, როგორც “მე-19 საუკუნის ცეკას” სხვა ჩინმედლიან-ეპოლეტებიან წევრებს, რომლებიც, ალბათ, თავის დინჯი კანტურით ჩაამთავრებდნენ ამ სტატიას. უბრალოდ მათ არ სჯეროდათ, არ იცოდნენ და ვერც ხედავდნენ – იყო თუ არა ქართველებში ის პოტენციალი, საკუთარი ქვეყნის პატრონად რომ ექცია იგი, ან ქართული ენა თუ დაძლევდა დე-ფაქტო პატუას მდგომარეობას და გახდებოდა მეცნიერების, კულტურის, ლიტერატურის ენად. ან კი ვის სჯეროდა? – არც არავის. ჯერ მაინც ის ერთი უნდა გამოჩენილიყო, პირველ მერცხლად რომ იტყვიან. ის ერთი, რომელსაც, მართალია, ჯერ არ მოჰყავს გაზაფხული, მაგრამ იმედია, მაცნეა, რომელსაც სხვები უნდა მოჰყოლოდნენ.
აი, ეს პირველი იყო ილია, ახალი გზის ნიშნული რომ ჩაასო და ზედ “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” დააწერა. “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს” ქართველების ისეთ სრულფასოვან ერად ჩამოყალიბებას ინდომებდა, რომელიც საკუთარი საზოგადოებრივი ცხოვრების წესით, კულტურით, ლიტერატურით, თეატრით, ხელოვნებით, მეცნიერებით უნდა დამდგარიყო მოწინავეთა გვერდით და სხვათა მაჩანჩალად არ ქცეულიყო. მოვიდა ილია და “ორბელიან-ჭავჭავაძეების” საქართველო გუშინდელ დღედ იქცა. თუმცა იყო “მამების და შვილების” ბრძოლაც. ენა კი ამ ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი უბანი იყო.
აი, ესაა სულ გარემოსა და შესავლისათვის.
აკი ილიაც წერდა “კაცია-ადამიანის” დასაწყისში – “ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო”.
ჩვენც ასე დავიწყეთ.
მაშ, მოდი, ჯერ გავერკვეთ – ვინ იყო ლუარსაბი?
ლუარსაბი თავადიშვილია, ორმოცი წლის. ავტორი მისი მშობლების შესახებ არაფერს გვეუბნება, გარდა სუტ-კნეინას სიტყვებისა, “რომ მამამისის სახელი დაღისტნამდე იყო გავარდნილი და რუსებისგანაც დიდი პატივი ჰქონდა.” მართალი სუტ-კნეინა უცოდინრობით ბევრ ტყუილ-მართალს ურევს ერთმანეთში და ჭაბუკი ლუარსაბი არაერთხელ გაუსწორებს სიტყვას, მაგრამ მამამისის ხსენებისას არაფერს ამბობს. უნდა ვივარაუდოთ, რომ მართლაც ასე იყო – სახელიც “დაღისტნამდე” ჰქონდა გავარდნილი და “რუსებისგანაც დიდი პატივი ჰქონდა”. მაინც რა უნდა გაეკეთებინა ლუარსაბის მამას, რომ ასეთი პატივი დაემსახურებინა? ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით – იგი მეომარი უნდა ყოფილიყო, სახელოვანი მოლაშქრე, რომლის ვაჟკაცობასაც ერთნაირ პატივს მიაგებდა ხელისუფლებაც (“რუსები”) და მოწინააღმდეგეც – (“დაღესტნელები”).
ნაწარმოებიდან ჩანს, რომ ლუარსაბი ადრიანად დაობლებულა – დედა 2 წლისას დაეღუპა, მამა 6-ისას. თუ ვინმეს მის ცუდად აღზრდაში წვლილი შეუტანია, ნაკლებად მშობლებს, მეტად ბრალეული მისი უფროსი ძმა დავითი შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგრამ ისეთი ცუდია თავადი, როგორც საყოველთაო აზრი ამტკიცებს?
ლუარსაბი ხორცსავსე კაცია. სიმსუქნე რომ თავისთავადი ნაკლი არ არის, მგონი საკამათო არ უნდა იყოს. აკი გაცხარებულმა გრიგოლ ორბელიანმაც “ბურთივით მრგვალი” აკადრა ილიას. ჭამის სიყვარულიც არა მგონია ნაკლად ჩაითვალოს. პირიქით – გურმანი უფრო მეტ სიმპათიას ბადებს, ვიდრე ის, ვისაც განურჩეველი გულგრილობით შეუძლია ამოივსოს სტომაქი. ლუარსაბსაც უბრალოდ ჭამა კი არა, გემრიელად ჭამა-სმა უყვარს.
ეს თვისება ნაკლად მხოლოდ მაშინ შეიძლება იქცეს, თუ:
– ჭამა-სმა უკონტროლოა.
ან
– უმთავრეს საზრუნავად იქცევა კაცისთვის.
ლუარსაბის ჭამა-სმისადმი სიყვარული რომ უკონტროლო არაა, ამის დამადასტურებელია ლუარსაბის სიზმარი, სადაც ღმერთს შვილსა სთხოვს და თავს იმართლებს, რომ წირვა-ლოცვას არ აკლდება და არც მარხვა გაუტეხია, თავისი ძმისაგან განსხვავებით, რომელსაც “ივანე ნათლისმცემლის თავის მოკვეთის დღეს ხორცი უჭამია… აღდგომა დღეს მღვდელს არ მოუცდის, რომ სუფრა უკურთხოს, ისე მივარდება ხორცეულს, როგორც დათვი.”
არა მგონია ღმერთთან მოსაუბრე ადამიანი გულახდილი არ იყოს. და თუ იგი მარხვას არ ტეხს, ვერც უკონტროლო ჭამა-სმას დავაბრალებთ.
ის, რომ ჭამა-სმაზე ზრუნვა მისი უპირველესი საფიქრალია, საკამათო არ არის, მაგრამ ეს უფრო მისი ყოფის, მისი გარემოს შედეგი უნდა იყოს, ვიდრე ნაკლი.
სიზარმაცეც უფრო მისი გარემო ცხოვრებისა და ყოფის წესიდან უნდა გამომდინარეობდეს. შრომა მის წრეში სამარცხვინოა. იგი მხოლოდ გლეხკაცის, ყმის წილხვედრია. “ჩემს ლუარსაბს ჯერ ისე არ გასჭირვებია, რომ გლეხკაცობა ჩაიდინოს”, – ამბობს დარეჯანი და რძალი ელისაბედიც კვერს უკრავს, – დავითიც “განა გლეხია, ან გლეხობას იდენს, რომ ყანაშია?… მუშები იქა მკიან, იმას კი, როგორც შეჰფერის თავადიშვილის პატიოსნებას, ხელზედ ლამაზი ნაგეში მიმინო უზის და ნადირობს.”
არათუ ფიზიკური შრომა, სამარცხვინოდ ითვლება ფულის შოვნის სხვაგვარი გზაც. მოვუსმინოთ ლუარსაბს: “ლევანსავით ურმებს ქირაზედ ხომ არ ვგზავნი, თავადიშვილის სისხლს ხომ არ შევირ­ცხვენ! სომეხი ხომ არ ვარ, რომ ქირაობით ვიცხოვრო, თავადიშვილი ვარ, კაი ოჯახის და გვარის შვილი…”
და კიდევ:
“სირაჯობენ კიდეცა!… გაგონილა? თავადიშვილების სირაჯობა!… სომხები გახდნენ, სწორედ სომხები: ეხლა ისღა აკლიათ, ადლი ამოიჩარონ იღლიაში, სოფელ-სოფელ იარონ და “სავაჭრო, სავაჭრო” იძახონ.”
ძველი ტრადიცია და წესი რომ მიდის, ლუარსაბი ხედავს, მაგრამ არ მოსწონს. ახალ ფასეულობებში კი ვიდრე გარკვეულა, ზნეობრივი კომპრომისიც აღარაა უცხო: დარეჯანის ცოლად შერთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კარგი მზითევია. ფულისათვის ღალატობს თავადი ძმა, მზითევში ანუ ფულში ატყუებს თავადი სიმამრი.
ლუარსაბი, ისევე როგორც მისი ძმა ან სიმამრი, მოლაშქრის, მეომრის, სამხედრო ფეოდალის ჩამომავლები არიან. მშვიდობიანი დრო უკვე სხვა მოთხოვნებს უყენებს მათ, მაგრამ ეს სხვა რაღაცა ძველზე, დრომოჭმულზე უარის თქმას, ახლის შეთვისებას მოითხოვს, ამისათვის კი შეიძლება მზად იყო, შეიძლება არა.
შრომისაგან რამდენადმე განსხვავებულია მისი დამოკიდებულება ცოდნისადმი. სწავლაზე იგი არ ამბობს, რომ სამარცხვინო და სათაკილოაო, უბრალოდ – გაუნათლებელი და უმეცარი კაცის პოზიციიდან ამტკიცებს, რომ იგი არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს და საზიანოც კია – “ეგ ეხლანდელი ჭირიაო, – იტყოდა ხოლმე გულმტკივნეულად, თითქო ქვეყანა ამ ჭირისგან ებრალებაო.” უცოდინრობის, გაუნათლებლობის გამო ლუარსაბი არაერთხელ ჩავარდნილა უხერხულ მდგომარეობაში – ბუზების დათვლისას, თევზების მეფეზე დავისას, იოლად ტყუვდება მკითხავისგანაც – მაგრამ არც ერთხელ იხტიბარს არ იტეხს და საკუთარი გაბითურების მიზეზს არ აღიარებს. თუმცა ერთიცაა – ლუარსაბს რომ ქვეცნობიერი შიში და რიდი ანუ პატივისცემა აქვს “ნაკითხი” ადამიანისადმი, ერთ პატარა ეპიზოდში ჩანს – თართზე და ორაგულზე დავისას ლუარსაბს “უნდოდა ეთქვა კიდეც, რომ “კარაბადინში” სწერიაო, მაგრამ მოაგონდა, რომ დარეჯანი უფრო ნაკითხია და ვეღარ გაბედა.”
რა უნდა ვთქვათ იმ სიბინძურესა და უწესრიგობაზე, რაც ლუარსაბის ეზო-კარში სუფევს? ამას სიზარმაცეს ვერ დავაბრალებთ. შეიძლება ზარმაცი იყო, მაგრამ წესრიგისა და სისუფთავისადმი მიდრეკილი – მითუმეტეს, რომ მის პატარა სახლ-კარში რამდენიმე მსახურიც ტრიალებს და შეიძლება სულაც მათ მიენდოს კაცი. აქ ერთ მცირე გადახვევას გავაკეთებ. თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ დაბადა “ვირტუალური ოფისის” იდეა – ანუ რომელიმე სამსახურის თანამშრომელი სახლში, კომპიუტერით აკეთებს საქმეს, შედეგს კი ინტერნეტის მეშვეობით უგზავნის სათაო ოფისს, ინტერნეტის საშუალებითვე ჯდება მის პირად ანგარიშზე ხელფასი. “ვირტუალური ოფისის” უპირატესობა თითქოს აშკარაა – არ ხარჯავ ფულს, დროს და ენერგიას ტრანსპორტზე, არ გჭირდება ძვირადღირებული ოფისის ქირაობა, არაფერი გიშლის ხელს მთლიანად სამუშაოზე იყო კონცენტრირებული. მაგრამ ძალზე მალე იჩინა თავი გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა – თანამშრომლებმა დაკარგეს კონტროლი გარემოზე – ნაკლებად ზრუნავდნენ საკუთარ ჰიგიენასა და გარეგნობაზე, ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას ტანსაცმელს, დაკარგეს ნაყოფიერი შრომისათვის აუცილებელი თვისება – სისტემატურობა, რადგან საკუთარ სახლში მყოფთ უკვე აღარაფერი ზღუდავDდათ. როცა სურდათ – იძინებდნენ, როცა სურდათ – იღვიძებდნენ, როცა სურდათ – ჭამდნენ, როცა სურდათ – ისვენებდნენ. შედეგად – კატასტროფულად დაეცა შრომის ხარისხი და ნაყოფიერება. რაღაც მსგავსი სჭირს ლუარსაბს. მის გარშემო ფუნქციადაკარგული გარემოა – სიყალბით, სიბინძურით, სიზარმაცით და აქ ლუარსაბი ამოვარდნილი სულაც არ არის – იგი ამ გარემოს შვილია.
ეს ის სამყაროა, გაბრაზებულ ილიას რომ ათქმევინა: “ეს საძაგელი სურათი საძაგელი მიწისა.”
მიწას რაღას ერჩოდა?
სამაგიეროდ ვნახოთ, როგორ გარდაიქმნება ლუარსაბი, როცა საკუთარ სამყაროს ტოვებს და თელეთში მიემგზავრება.
“მეომრის თვალადობა ჰქონდა ამჟამად ჩვენს უამისოდ საყვარელ ლუარსაბსა… წელზედ ერტყა ქართული ხმალი და გრძელი ლეკური ხანჯალი, უკან წელში გაყრილი ჰქონდა სევადიანი დამბაჩა. შავი შალის ჩოხა ეცვა, იმისი კალთები ვაჟკაცურად ამოტარებული ჰქონდა ჩოხის ჯიბეებშია. შარვალში იჯდა, შარვლის ტოტები ჩაეკეცნა მაღალყელიან ყარაბაღულ თეთრ ჩექმებში, წვივებზე პტყელი ჩარსაკრავი, გრძელფოჩებიანი, სირაჯსავით შემოეკრა, თავზედ ეხურა ლურჯი ყალმუხის ქუდი, კახურად ჩატეხილი და შუბლთან შიგ შეკეცილი…” თუმცა ილია აქვე ირონიულადაც შენიშნავს, რომ თავადი, “როგორც ბამბის ტომარა, ისე იდო ცხენზედა” და “ხმლის პირი ზედწამოცმული ვაშლით რომ სჭეროდა, თავიდან ფეხამდინ ორშაბათის ყეინი იქნებოდა.”
საერთოდ თუ პერსონაჟებს მკვეთრად გავმიჯნავთ, ისიც ვთქვათ – დადებითია თუ უარყოფითი ლუარსაბი?
უარყოფითი გმირი ბოროტებას უნდა ამრავლებდეს. ლუარსაბს კი ამას ვერავინ უსაყვედურებს. მან თავისი უმეცრების მიუხედავად, კარგად იცის, რომ ადამიანი ღვთის წინაშე მართალი უნდა იყოს – “წირვა-ლოცვას მე არ ვაკლდები, კაცი მე არ მომიკლავს და კაცისთვის არ მომიპარავს – რაზედ ვარისხებ ღმერთსა?”
პირიქით – სხვის ბოროტებას ლუარსაბი ჭეშმარიტი ქრისტიანის მიმტევებლობით პასუხობს. სიმამრმა და ძმამ მოტყუებით შერთეს ცოლი. თავად დარეჯანი ამ ბოროტების სულ მცირე, პასიური მონაწილე იყო. თუმცა მოსეს და დავითის დანაშაული ერთნაირი სიმძიმისა არაა – მოსეს უმთავრესად საკუთარი შვილის გაბედნიერება აწუხებდა – მართალია, მამობრივი ეგოიზმით, მომავალი სასიძოს მოტყუების ხარჯზე. ძმამ კი ფულზე გაცვალა. ლუარსაბმა ყველას მიუტევა – მას ერთხელაც არ დასცდენია საყვედური მომხდარის გამო. ძმას კი გაუყო მამული, მაგრამ არა გულღრძოობის გამო – “ცოლების მოწყალებით ძმებს ჩხუბი მოუვიდათ და გაიყარნენ”.
გააჩნია თუ არა ლუარსაბს დადებითი გმირისათვის დამახასიათებელი თვისებები? ადამიანს ამისათვის უპირველესად სიკეთის ქმნის უნარი უნდა შესწევდეს. ალბათ, არც ისაა საკამათო, რომ სიყვარულის უნარიც სიკეთის ერთ-ერთი გამოხატულებაა. ტრაგიზმისა და კომიზმის შეზავებით ყვება ილია, თუ როგორ უყვარს და ელოდება ლუარსაბი თავის მომავალ მემკვიდრეს. მართალია, ამბობს, რომ “შვილი განა იმისთვის მინდა, რომ მართლა შვილი მყვანდეს! დავითის გამოჯავრებით მინდა, ის არ მინდა ჩემს მამულებზედ გავახარო… ცოტანი არიან უშვილონი განა? მეც იმათში ვიქნებოდი.” მაგრამ აქ ლუარსაბი უფრო საკუთარ თავს უნდა არწმუნებდეს და არც გულახდილია. გულახდილია, როცა დარეჯანს მოეჩვენება, რომ მუცელი ეძრა და გახარებული ლუარსაბი კარგად შეთვრება. ძნელია, ემოციის გარეშე წაიკითხო, როგორ ეფერება დარეჯანსა და თავის მომავალ პირმშოს: “ვენაცვალე შენს სტომაქსა! ახლა შიგ პატარა თათქარიძე ზის და, მგონია, წითელ ღვინოში ჭყუმპალაობს: … თოთხმეტი წლისა შესრულდება თუ არა – აბა იანგარიშე, როდის შესრულდება, მგონი ბევრი ხანი არ გასწევს, მალე შესრულდება, – შესრულდება თუ არა, ჯვარიც დავწეროთ. რაღას უნდა მოვუცადოთ? ახლა მაგის ქორწილში ლეკურს არ ჩამოუვლი? მე კი, – ღვთის წყალობა შენა გაქვს, – ასეთს ბუქნას დავუვლი, რომ იქაურობას სულ მტვერი ავადინო…” აი, ესაა ქართველი კაცის გენეტიკური სურვილი, თავის შვილში გააგრძელოს სიცოცხლე.
ცალკე საუბრის თემაა ლუარსაბისა და დარეჯანის სიყვარული. მართალია, ილია აქაც ჩვეულებისამებრ ირონიულია – “ამათ კი ასე ეგონათ, რომ უყვართ ერთმანეთი და სხვისა კი არ ვიცი”, მაგრამ მე მგონი ლუარსაბის და დარეჯანის ურთიერთობა არის წრფელი, ჭეშმარიტი სიყვარულის ის მაგალითი, რომლის მსგავსი არც თუ ბევრი დაიძებნება ქართულ ლიტერატურაში. თავი დავანებოთ იმ აზრს, რომ მიჯნურები აუცილებლად ახალგაზრდები და “ერთი ტურფა რამ უნდა უნდა იყვნენ”. უშნოსაც ისევე აქვს სიყვარულის უფლება, როგორც ლამაზს, ხოლო ასაკში შესული ადამიანების სიყვარული უფრო მეტი მოწიწების ღირსია, ვიდრე ვნებიანი ყმაწვილების. ილიას რამდენად უნდოდა ამის ჩვენება ჩვენი წყვილის სახით, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ნაწარმოებიდან არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება:
ლუარსაბის სიზმრის შემდეგ, როცა ცოლ-ქმარს ერთმანეთის სიგიჟე მოეჩვენებათ, ვნახოთ როგორ განიცდიან ერთმანეთის თავზე დატეხილ უბედურებას: “ჰწიოდა საწყალი კნეინა და იცემდა ძალზედ თავში, თითქო იმის ბრალი იყოს ლუარსაბის გაგიჟება. ლუარსაბი გაოცდა, ეს ამბავი რომ ჰნახა, სრულად გაშრა. ეხლა ამას ეგონა, რომ ცოლი გაუგიჟდა და დაიწყო საწყალმა ტირილი: გულჩვილი იყო.”
ან როგორ ეფერებიან ერთმანეთს!
როგორ ეწყინება კნეინას, როცა ლუარსაბი “ტურფობას” იუკადრისებს – “სჩანს გული აუყრია ჩემზდაო”. ლუარსაბიც რომ მიხვდება, რომ “გულიც ატკინა და ტყუილადაც ატკინა”, სწრაფად თანხმდება გოშიობაზე. და რა მნიშვნელობა აქვს, საყვარელ ქალს თუ გულის ვარდის მაგივრად წიწმატს ან ტარხუნას დაუძახებ. განა სიტყვები გარსი არ არის იმისა, რასაც ჭეშმარიტ გრძნობას ეძახიან?
ან სხვაც – “თუმცა შვილოსნობის დრო გადასვლოდათ”, მაგრამ ლუარსაბის სიყვარულით და შვილის გაჩენის სურვილით “დარეჯანმა ერთი აქიმი დედაკაცი იშოვა და წამლობა დაიწყო, აქიმმა დედაკაცმა ერთი რამ წამალი მისცა, მთელი ორი კვირა ასმევდა და მესამე კვირას კი დარეჯანს ფეხები გააჭიმინა.” საწყალი კნეინა – სიცოცხლე ანაცვალა მეუღლის სიყვარულს. ალბათ, რა ტკივილსა და ტანჯვას იტანდა ამ ორი კვირის განმავლობაში. ლუარსაბი დარეჯანზე ერთი წლით უმცროსი იყო და მისი გარდაცვალებისას არაუმეტეს ორმოცდახუთისა უნდა ყოფილიყო. მას კიდევ შეეძლო სხვა ქალი შეერთო და იქნებ მასთან ჰყოლოდა “პატარა თათქარიძე”, მაგრამ ვერც ლუარსაბმა შეძლო საყვარელი კნეინას დავიწყება: “წვერი დაიყენა, შავები ჩაიცვა. თავისი ბედნიერება სულ დარეჯანთან დამარხა… ის პატიოსანი ფაშვი ჩამოებღერტა, ის ხაშხაშა ლოყები სულ ჩაუყვითლდა, ის დიდრონი ძროხისოდენა თვალები უგემურად მიელივა, ის სამკეცი ფაფუკი ღაბაბი გუდა ლეღვსავით გაუხდა, ამასთანაც ის თავისებური განსხვავებითი მუდამი ღიმილი სახიდან დაეკარგა, – ერთის სიტყვით, წახდა კაკალი კაცი. მწუხარებამ ესე იცის.”
ლუარსაბიც მალე გარდაიცვალა. დარწმუნებული ვარ, დავითისა და ელისაბედის ხელში ჩაცვენილი მისი ყმები, ალბათ, არაერთხელ სინანულით მოიხსენიებდნენ თავადს: “საწყალი, ერთი უბოროტო კაცი იყოო.”
გარდაიცვალა ლუარსაბი და ილიასაც, თითქოს წესით, აქვე უნდა დაემთავრებინა ეს მოთხრობა, რომელსაც მე მაინც მიკრორომანად მივიჩნევ, მაგრამ კიდევ დაიწერა რამდენიმეგვერდიანი ეპილოგი. თავიდან მეჩვენებოდა, რომ ეს ეპილოგი სრულიად ზედმეტია და აქ ილია-პუბლიცისტი ილია-მწერალს უშლის ხელს, მაგრამ მისი რამდენჯერმე გადაკითხვის შემდეგ ვეცდები მისი დაწერის მიზეზებშიც გავერკვეთ. საკამათო არაა, რომ მთელი ნაწარმოები უმკაცრესი მხატვრულ-პუბლიცისტური სატირაა იმდროინდელი საქართველოს ყოფის შესახებ. მაგრამ თითქოსდა ერთი შეხედვითი სიმარტივის მიუხედავად, მკაფიოდ შეიძლება დავინახოთ ლუარსაბის ორსახოვნება – ერთდროულად კომიკური და ტრაგიკული.
ან – შეიძლება ილიამ ჩათვალა, რომ ლუარსაბის ხასიათს ტრაგიკულობის შტრიხები დააკლდა და ამიტომ მოიყვანა ისტორია მოხუცი, გალოთებული დედაკაცისა, რომელიც განყენებულად დგას და თავისთავად სხვა, დამოუკიდებელი ნაწარმოების მასალა შეიძლებოდა ყოფილიყო.
ან – ილიას ბოლომდე არ სჯეროდა თავისი მკითხველის პროფესიონალიზმისა.
მე უფრო მეორე მიზეზი მგონია. არ ვიცი, როგორ კითხულობდნენ მე-19 საუკუნეში “კაცია-ადამიანს”, მაგრამ ჩვენს უახლოეს პერიოდში თეატრსა და კინოში მისი წაკითხვა ყოველთვის უკმაყოფილების გრძნობას მიტოვებდა. ლუარსაბი ყველგან გაიგივებულია დაუბანელ, ბინძურ ცხოველთან, რომელსაც მუცლის ამოვსების გარდა არაფერი აწუხებს. ერთადერთი გამონაკლისი მაინც აკა მორჩილაძის პატარა მოთხრობაა “მოგზაურობა კახეთში, 1855”. მწერალმა ვერ იგუა ლუარსაბის გარდაცვალების ილიასეული ვერსია და იგი “ენდრონიკაანთ თავადს” წააყოლა მოლაშქრედ ჩოლოქის ომში.
ერთგან ფოლკნერი წერს, რომ მთელი ამერიკული პროზა “ჰეკლბერი ფინის თავგადასავლიდან” იდებს სათავეს, მე მგონი დოსტოევსკი ამბობდა რუს მწერლებზე, რომ “ყველა გოგოლის “შინელიდან” ვართ გამოსულებიო”. ასევე – “კაცია-ადამიანი” არის მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთადერთი მაღალმხატვრული პროზაული ნაწარმოები და მე-20-შიც ბევრი ქართული ნაწარმოების, ბევრი ლიტერატურული, კინო თუ თეატრალური პერსონაჟის სათავეები ლუარსაბთან შეიძლება ვეძიოთ. დავასახელებ რამდენიმე გმირს, სადაც ქართველი კაცის ყოფისათვის დამახასიათებელი, ერთმანეთზე გადაჯაჭვული ტრაგიზმი და კომიზმი, ამქვეყნიური ცხოვრების სიყვარული და მისით ტკბობის სურვილი ერთმანეთზეა გადახლართული – პლატონ სამანიშვილი – დავით კლდიაშვილთან, ლეკო თათაშელი – ოთარ ჩხეიძესთან, აგული ერისთავი ელდარ შენგელაიას “არაჩვეულებრივ გამოფენაში”, გელა კანდელაკის გმირი ოთარ იოსელიანის “იყო შაშვი მგალობელში”, გვადი ბიგვა – ლეო ქიაჩელთან, ზურაბ ყიფშიძის “დონ-ჟუანი” მიხეილ თუმანიშვილთან.
და ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ – როგორი დაწერილია, როგორი! ცალკეული ეპიზოდები მართლაც დიდოსტატის ხელიდანაა გამოსული: ბუზების ეპიზოდი, თელეთიდან დაბრუნების ეპიზოდი, ლუარსაბის სიზმარი, დარეჯანის ვითომდა დაორსულება. რა თქმა უნდა, მთელი ნაწარმოები ერთნაირი ოსტატობით არაა შეთხზული და ამის ერთ მიზეზზე – ილიას უნდობლობაზე მკითხველის მიმართ, უკვე ვთქვით. მეორე მიზეზი – ილია აქ არ არის ისეთი მშვიდი და გაწონასწორებული, როგორც ვთქვათ, “მგზავრის წერილებში”. ზოგჯერ ისიც კი გეგონება, სიბრაზისაგან ობიექტური შეფასების უნარსაც კარგავს და სადაცაა ბარაქიან, კახურ სართულებიანსაც მოაყოლებს. მიუხედავად იმისა, რომ “მგზავრის წერილები” პირველი პირის მონათხრობია და ბევრად ავტობიოგრაფიულია, ილია-მწერალი უფრო შორდება საკუთარ ნაწარმოებს, “კაცია-ადამიანში” – შედარებით ნაკლებად. აქ უფრო მეტად ჩანს ილია-ადამიანის ემოციები. რატომ? არ ვიცი. ეს უფრო ილიას ბიოგრაფებმა უნდა ეძიონ. თუმცა ილია პირველ პირად რამდენჯერმე მაინც ჩნდება ნაწარმოებში. ერთხელ, როცა ლუარსაბის კარ-მიდამოს აღწერს – “ჩემს პატარაობაში ბევრი კარგი რამ ნახულა ამ ბუჩოზედა. აქ ხშირად უქეიფნიათ გრძნობის აღმტაცის ღრუტუნით ნებიერს ღორებსა.” მეორე, თავისი ქალაქში პირველი სტუმრობა შენიშვნადაა ჩატანილი – “მეც ამის დამწერს, გადამაყლაპეს კენჭი ერთ დროს.”
მკაცრია, ძალიან მკაცრი ილია ლუარსაბის მიმართ. სულ ერთხელ შეეცოდება – როცა დარეჯანი გარდაეცვალა – “დარჩა ქვრივად საწყალი ლუარსაბი”.
მართლა საწყალი.
მას დანიის უბედურ პრინცზე მეტად ეთქმოდა: “დარღვეულია დროთა კავშირი, ბედმა წყეულმა მე რად მარგუნა მისი შეკვრა.”
ილიამ შეძლო დროთა კავშირის რღვევისას გაჩენილი ნაპრალის დაძლევა. ლუარსაბი კი სადღაც იქითა ნაპირზე დარჩა და, ალბათ, იმავე სახით გვიცქერის, დარეჯანის სიკვდილის მერე რომ ჰქონდა – ლოყებჩაყვითლებული, თვალებმიელვებული და ღიმილდაკარგული.
“საწყალი ლუარსაბი”.
ცხოვრება კი თავისი გზით წავიდა და სულ ასე ივლის.
ილიამ თავის თავზე თქვა, მაგრამ მე ლუარსაბსა და დარეჯანსაც გავუნაწილებდი იმ ბოლო სიტყვებს:
“სხვაფრივ მშვიდობით ბრძანდებოდეთ და შენდობით იხსენიებდეთ მონასა თქვენსა…”.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box