დევიდ ტროტერი – გზავნილი 29-ე სართულიდან

trotter-829

ანდრეას ბერნარდის “ლიფტის კულტურული ისტორიის” შესახებ

 ინგლისურიდან თარგმნა  თამარ ლომიძემ

ლეგენდის თანახმად, ლიფტის ისტორია მახვილგონივრული სარეკლამო ფანდით დაიწყო. 1854 წლის ზაფხულში, მეცნიერებათა და ტექნიკის მიღწევათა გამოფენაზე (ნიუ-იორკში), სახელგანთქმულმა ინჟინერმა და გამომგონებელმა ელიშა გრეივს ოტისმა წარმოადგინა თავისი ახალი უსაფრთხო ამწემოწყობილობა, რომელიც თორმეტმეტრიან რელსებს შორის ვერტიკალური მიმართულებით მოძრაობდა. მოწყობილობის თავზე მდგარ ასისტენტს გრძელი ხმალი ეკავა. ოტისმა ღია პლატფორმაზე დააწყო მძიმე კასრები, ყუთები და თვითონაც ზედ დადგა. როდესაც პლატფორმა ათი მეტრით მაღლა ავიდა, თანაშემწემ ხმლით მარჯვედ გაკვეთა ბაგირი, მაგრამ პლატფორმა ძირს არ დავარდნილა – ავტომატურმა მუხრუჭებმა ყურისწამღები ღრჭიალით შეაჩერა მისი ვარდნა. ოტისმა თავიდან შავი ცილინდრი მოიძრო, გაოგნებულ ბრბოს მიესალმა და დაიყვირა: “საშიში არაფერია, ბატონებო!”. რომელი ტრანსპორტი უნდა ყოფილიყო უფრო უსაფრთხო? 1854 წელს ლიფტით მგზავრობას ახლდა ერთადერთი უხერხულობა – ლიფტს ან არ ჰქონდა კარი, ან ის ძნელად იღებოდა და იხურებოდა.

მაგრამ ანდრეას ბერნარდი სამართლიანად მიიჩნევს, რომ ლიფტები 1854 წლამდეც არსებობდა. ძველ რომში კოლიზეუმის არენაზე გლადიატორებისა და მტაცებელი ცხოველების ასაყვანად იყენებდნენ მარტივ ამწემექანიზმებს. გარდა ამისა, გემრიელი კერძები სამზარეულოდან სასადილო დარბაზებში აჰქონდათ მომცრო ლიფტების მეშვეობით. სარწმუნო წყაროები იუწყებიან, რომ  ჯერ კიდევ ჩვ.წ.-მდე  236 წელს შეიქმნა ამგვარი ლიფტი, რომელიც  ლეგენდარულმა არქიმედემ გამოიგონა. ყოველივე ამის შესახებ თავის ნაშრომებში მსჯელობს სახელგანთქმული რომაელი არქიტექტორი ვიტრუვიუსი. მოგვიანებით (1830 წელს), ინგლისელი დიპლომატი ჩარლზ გრევილი აღტაცებით აღწერდა ლიფტს, რომელიც მოწყობილი იყო სარდინიის მეფე-დედოფლის სასახლეში, გენუაში: “ამ მექანიზმს გონდოლისებრი ფორმა აქვს. ის  ჯაჭვის მეშვეობით მოძრაობს და ერთმანეთთან აკავშირებს სასახლის სხვადასხვა სართულს; ლიფტი ექვს ადამიანს იტევს და კარი აქვს”. 1853 წლის ივნისში “ჰარპერს ნიუ მანსლი მეგეზინმა” გამოაცხადა, რომ ნიუ-იორკის კერძო სახლებში მალე დამონტაჟდებოდა ორთქლზე მომუშავე ლიფტები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ზედა სართულებზე ასვლა. საინტერესოა, რომ ელიშა გრეივს ოტისის სეხნიამ – ინჟინერმა ოტის ტაფტსმა 1859 წელს პატენტი აიღო მოწყობილობაზე, რომელსაც “ვერტიკალური რკინიგზა” უწოდა. ეს “რკინიგზა” გახლდათ ამ ტიპის პირველი მოწყობილობა, რომელსაც დახურული კაბინა ჰქონდა. ტაფტსის ლიფტი ძალზე საიმედო იყო, მაგრამ ნელა მოძრაობდა და მისი დამონტაჟება საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა.

ისმის კითხვა: რით დაიმსახურა  ოტისის მახვილგონივრულმა მოწყობილობამ პირველი ამწეაპარატის სტატუსი? რატომ შეიქმნა ეს მითი? როგორც ჩანს, ამის მიზეზი ერთგვარი თეატრალური ეფექტია, რომელმაც საზოგადოებაზე თავისი კვალი დატოვა. საინტერესოა შემდეგი ფაქტიც: გვიანი შუა საუკუნეების დასაწყისიდან (როდესაც ევროპაში უკვე საკმაოდ ღრმა შახტები ითხრებოდა), ჩნდება  მიწის ზედაპირზე მადნის ამოსაზიდი საშუალებები. საუკუნეების განმავლობაში ნედლეული და ტვირთი ბაგირიანი ჯალამბრებით აჰქონდათ. 1850 წლისათვის, როდესაც ლიფტები პირველად იქნა გამოყენებული შენობებში, ჰარცისა და რურის შახტების სიღრმემ ორი ათას ფუტს გადააჭარბა. იმის გამო, რომ ბაგირის გაწყვეტა სასიკვდილო საფრთხეს უქადდა მეშახტეებს, 1859 წელს გერმანიის მთავრობამ აკრძალა მუშახელის გადაყვანა ვერტიკალურ რელსებზე მოსრიალე კალათებით, რომლებითაც მადანი მიწის ზედაპირზე ამოჰქონდათ (მეშახტეებს კიბეები უნდა გამოეყენებინათ). მადნის მოპოვების ისტორიის განხილვისას ბერნარდი აკავშირებს ლიფტის ისტორიას არა მარტო, ზოგადად, ტრანსპორტის ისტორიასთან, არამედ – ტრანსპორტთან დაკავშირებული უბედური შემთხვევების ისტორიასთანაც. ამ მხრივ საინტერესო მასალის მოძიება შეიძლება 1940-იანი წლების ფილმებში (კეროლ რიდის “ვარსკვლავები ქვემოთ იყურებიან” და ჯონ ფორდის “როგორი მწვანე იყო ჩემი ველი”).

ამასთან, ბერნარდის მთავარი მიზანია გვიჩვენოს, როგორ გადაიქცა ლიფტი ცათამბჯენების დაგეგმვის, კონსტრუირების და, საერთოდ, მთელი თანამედროვე ქალაქური ცხოვრების ნაწილად (ყურადღება, ძირითადად, გამახვილებულია გერმანიასა და შეერთებულ შტატებზე). 1870-იანი წლებიდან მოყოლებული, ლიფტის მუშაობის სრულყოფა (როგორც ერთი კომენტატორი ამტკიცებდა 1891 წელს) იქცა ცათამბჯენების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობად, ისევე, როგორც ფოლადის კარკასის შექმნა. ბერნარდი ამტკიცებს, რომ ლიფტი აუცილებელი იყო ქალაქების ვერტიკალური განვითარებისთვის. 1890-იან წლებში ამერიკის ყველაზე მაღალ შენობას წარმოადგენდა მასონთა ოცსართულიანი ტაძარი (ჩიკაგოში) და “ვულვორთის” 55-სართულიანი შენობა (ნიუ-იორკში), რომლის მშენებლობა 1913 წელს დასრულდა. ევროპაში ცათამბჯენების მშენებლობის ტემპი რამდენადმე ჩამორჩებოდა, რადგან ევროპელები ძველი ყაიდის არქიტექტურასთან  ცათამბჯენების ჰარმონიულ  შეხამებასთან ერთად, ამ უკანასკნელთა ინოვაციური დიზაინითაც იყვნენ დაინტერესებული. ამ ორი მიზნის ერთდროულად განხორციელებისკენ სწრაფვა ხელს უშლიდა ახალი არქიტექტურული ფორმების დანერგვას.

ბერნარდი კულტურის ისტორიკოსია და აინტერესებს არა მხოლოდ შენობათა ნაირსახოვნება, არამედ – მათი ისტორიული როლიც. ის ამტკიცებს, რომ ლიფტების სრულყოფის სიმბოლურ შედეგს წარმოადგენდა “ვერტიკალურობის რეკოდიფიკაცია”, რაც მე-19 საუკუნის ბოლო ათწლეულის (ეპოქალური წყალგამყოფის) განმავლობაში განხორციელდა. მაღალი შენობების საუკეთესო ბინებად მიჩნეულ იქნა ზედა სართულებზე განლაგებული ბინები, ანუ ძირეულად შეიცვალა ბინების “იერარქიული განლაგების” პრინციპი. ამასთანავე, ყველაზე უხარისხო ბინებად აღიარებულ იყო ისინი, რომლებიც ქვედა სართულებზე იყო განლაგებული. მაგალითად, უწინ ევროპის დიდ სასტუმროებში, ტრადიციულად, ზედა სართულებზე მხოლოდ ღარიბები და სასტუმროს პერსონალი ბინადრობდა და ისინი იძულებული იყვნენ, მრავალი სართულის კიბეებზე ფეხით ევლოთ. მაგრამ ლიფტების დამონტაჟების შემდეგ ზედა სართულები საოცრად მიმზიდველი გახდა. დაახლოებით მსგავსი მიგრაცია მოხდა სოციალური შკალის მეორე ბოლოშიც. ბინების ფასთა სტატისტიკა ბერლინში, ვიდრე რაიხის დაარსებიდან (1871 წ.) – პირველი მსოფლიო ომის დასაწყისამდე, ცხადყოფს, რომ ყველაზე ძვირი იყო მეორე სართულზე (“ბელეტაჟზე”) განლაგებული ბინები, შედარებით იაფი ღირდა პირველ, მესამე და მეოთხე სართულებზე  მდებარე ბინები, ყველაზე იაფი კი სხვენზე ან სარდაფში არსებული ბინები იყო. სწორედ აქ, შენობის ქვედა და ზედა ნაწილებში, ცხოვრობდნენ ქალაქის მოსახლეობის უღარიბესი ფენების წარმომადგენლები. მე-19 საუკუნის დასასრულს სანიტარიულმა რეფორმამ მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესა სარდაფების, როგორც საცხოვრებელი ადგილების პირობები. მაგრამ, როგორც ბერნარდი ასაბუთებს, გაცილებით მეტი დრო დასჭირდა ლიფტების მეშვეობით სტანდარტულ მრავალბინიან შენობათა ზედა სართულების “რეაბილიტაციას”.

ბელეტაჟი მხოლოდ პრესტიჟული სართული როდი გახლდათ. მას ჰქონდა – ან, უფრო ზუსტად, მან შეიძინა – ერთგვარი სიმბოლური ღირებულება. ამასთანავე, მდიდარი ადამიანები ხვდებოდნენ, რომ ზედა სართულებზე ცხოვრება გაცილებით უფრო სასიამოვნო უნდა ყოფილიყო, ვიდრე – ქვედა სართულებზე; “მაღლა” ცხოვრება განასახიერებდა ძალაუფლებას, რომელიც მათ ხელთ ეპყრათ თავიანთი ქონების წყალობით. 1930-იან წლებში ნიუ-იორკში “უოლდორფ-ასტორიას” 29-სართულიან ტყუპ კოშკებს კიდევ 14 სართული დააშენეს, რამაც მათ განსაკუთრებული მიმზიდველობა შესძინა. 29-ე სართულის სადემარკაციო ხაზის ქვემოთ “უოლდორფ-ასტორიის” ნომრები (თუმცა კი ძვირად ღირებული) ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის; ამ ხაზის ზემოთ კი იწყებოდა ის აპარტამენტები, რომელთაც საგანგებო ლაქიები ემსახურებოდნენ. ცათამბჯენების ზედა სართულები, რომლებშიც ოდესღაც მომსახურე პერსონალის საძინებლები იყო (ბერნარდის თქმით), “ელიტურ ანკლავად” იქცა. “უოლდორფ-ასტორიას” ექსპრესლიფტები, რომლებითაც მობინადრეები 29-ე სართულზე ადიოდნენ, შედარებით ნელა მოძრაობდნენ (უფრო მაღლა განლაგებული სართულების ლიფტებისგან განსხვავებით), რადგან მათ მოძრაობას მილგაყვანილობა აფერხებდა. ასეთი განსხვავება ლიფტებს (ან მათ სისწრაფეს) შორის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მმართველი ელიტის ანკლავების – პენტჰაუსის აპარტამენტებისა და წარმომადგენლობითი ლუქსების – შექმნაში. 1965 წელს პენტჰაუსი ჯერ კიდევ იმდენად გლამურული იყო, რომ ეს სიტყვა მამაკაცთა ჟურნალის სახელწოდებად იქნა შერჩეული.

ბერნარდი საინტერესოდ აანალიზებს მრავალფეროვანი მონაცემებს (სამშენებლო ნორმებითა და ინსტრუქციებით დაწყებული და ე.წ. “მაღალი ლიტერატურით” დამთავრებული) და ავლენს, თუ როგორ მძლავრ ზემოქმედებას ახდენდა ლიფტის ფენომენი თანამედროვე დედაქალაქების მცხოვრებთა სოციალურ ფსიქოლოგიაზე 1870- 1930-იან წლებს შორის. ვრცელ ბოლო თავში ის იკვლევს იმ “ატმოსფეროს”, რომელიც ლიფტის კაბინაში წარმოიქმნება ხოლმე. კანონიკური თეორიის თვალსაზრისით, ლიფტით მგზავრობისას გარდაუვალია უსიამოვნო შეხვედრები უცნობ ადამიანებთან, რასაც დიდი ქალაქების მცხოვრებნი თავს ვერ არიდებენ. ბერნარდის თქმით, ლიფტის კაბინა – რომელიც ედგარ პოსა და ბოდლერის ეპოქაში მხოლოდ ზოგიერთ დიდ სასტუმროში იყო დამონტაჟებული, ხოლო გეორგ ზიმელისა და ვალტერ ბენიამინის დროს ქალაქის არქიტექტურის განუყოფელ ნაწილად იქცა – უმეტესად მოქმედების პირობითი ადგილია. ლიფტი იმხანად შენობის შიგნით იყო განლაგებული და ასვლისა და ჩამოსვლის ბოლო მომენტებში ღერძის ირგვლივ ტრიალებდა, რაც მგზავრების მღელვარებას იწვევდა.

ბერნარდი სთავაზობს ირვინ გოფმანს[1], ჩაატაროს  ეთნომეთოდოლოგიური  ანალიზი იმ  ადგილებისა,  რომლებსაც იკავებენ მგზავრები ლიფტში შესვლისას: პირველი მგზავრი დგება ღილაკების გვერდით, მეორე – პირველის მოპირდაპირე კუთხეში, დიაგონალურად, მესამე – სადღაც, უკანა კედლის მახლობლად, მეოთხე – ცენტრში და ა.შ. და ყველანი სწრაფად იქცევენ პირს კარისკენ, ისე, თითქოს პარადზე იმყოფებოდნენ. ანტიპათიებს, რომელთაც განიცდიან ლიფტში ერთდროულად მყოფი მგზავრები, ბერნარდი “სოციოგრამას” უწოდებს. რა თქმა უნდა, ლიფტში შესული ადამიანების ქცევა განმარტებას საჭიროებს. მაგრამ ძალუძს თუ არა კანონიკურ თეორიას ამგვარი ქცევის ახსნა? ქუჩის გადაკვეთა იგივე როდია, რაც სართულებს შორის გადაადგილება.

ლიფტის გამოგონება განუყოფელია როგორც მექანიზებული ტრანსპორტის, ისე – ქალაქთმშენებლობის ისტორიისგან. ბოლოს და ბოლოს, მატარებლის მგზავრები იძულებულნი არიან, მდუმარედ ისხდნენ ან იდგნენ ერთმანეთთან ახლოს ზედიზედ რამდენიმე საათის განმავლობაში. ლიფტი, როგორც მგზავრების გადამყვანი მოწყობილობა, Fin-de-Siècle-ის ისეთსავე გამოგონებებს მიეკუთვნება, როგორებიცაა ავტომობილი და აეროპლანი. მათ მსგავსად, ლიფტისთვის დამახასიათებელია სწრაფი მოძრაობაც და გარესამყაროსგან იზოლირებულობაც. ის სხვა არაფერია, თუ არა ვერტიკალურად მოძრავი მატარებელი ან რაკეტა, რომელიც სამუდამოდ ჩარჩენილია თავის შახტში – სწორედ ასეთია ის ტიმ ბარტონის ფილმში “ჩარლი და შოკოლადის ფაბრიკა”, ყოველ შემთხვევაში, იმ მომენტამდე, სანამ ვილი ვონკა თითს დააჭერს ღილაკს წარწერით “ზევით და გარეთ”. ლიფტი  ავტომანქანისა ან თვითმფრინავისგან იმით განსხვავდება, რომ მასში გარესამყაროსგან იზოლირებულობა უფრო მძაფრ კლაუსტროფობიურ განცდებს იწვევს. ესაა უცხო ადამიანების ატანის კოლექტიური უნარი  და არა ჩვეულებრივი ქალაქური მოწყენილობა.

ლიფტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღილაკებს, რომლებიც დამონტაჟებულია კაბინაშიც და კიბის ბაქანზე გამავალ გარე კედელზეც. მე-20 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა ელექტრონული სიგნალიზაციის სისტემა, რომელმაც ლიფტებით მგზავრობის პროცესი ინდივიდუალურ კონტროლს დაუქვემდებარა. არც ერთი სხვა სატრანსპორტო საშუალების მართვა არ საჭიროებს მომხმარებლისგან იმაზე ნაკლები ენერგიის ხარჯვას, როგორც – ლიფტი. მისი ამოქმედებისთვის თითქოს მხოლოდ ინფორმაციიის მიწოდებაა საჭირო. ბერნარდის აზრით, ლიფტებმა ცათამბჯენების რეპროგრამირება მოახდინა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მათ მოახდინეს რეპროგრამირება ადამიანებისა, რომლებიც ამ ლიფტებს ნებისმიერი ტიპის შენობებში იყენებენ. ლიფტში ჩვენი შესვლისთანავე სისტემა შეიტყობს, თუ სად (რომელ სართულზე) ვიმყოფებით და რა მიმართულებით გვსურს გადაადგილება. ღილაკზე თითის დაჭერის მეშვეობით მექანიზმს გადავცემთ ჩვენს რწმენას იმისა, რომ მოწყობილობა საჭირო ადგილას გაჩერდება და კარიც გაიღება. რაც უფრო მეტად აღვიქვამთ საკუთარ თავს როგორც შეტყობინებას, რომელიც ემთხვევა სხვა შეტყობინებებს ან განსხვავდება მათგან, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ სწრაფად და უსაფრთხოდ მივაღწევთ დანიშნულების ადგილამდე.

მრავალი საუკუნის განმავლობაში ტერმინი “კომუნიკაცია” აღნიშნავდა ადამიანებისა და საქონლის გადაადგილებას და, ასევე, ინფორმაციის გადაცემას. მეორე მნიშვნელობა თანდათან ჩაენაცვლა პირველს. ჯერ კიდევ 1849 წელს ჯონ რასკინი “არქიტექტურის შვიდ შუქურაში”[2] შენიშნავდა, რომ “სწრაფად ვითარდება რკინიგზა, რომლის მეშვეობით მგზავრი ცოცხალი გზავნილის როლს ასრულებს”. გაცილებით უკეთესი იქნებოდა (სისტემის და, შესაძლოა, მგზავრის თვალსაზრისითაც), რომ “ცოცხალი გზავნილი” ქცეულიყო ცოცხალ შეტყობინებად, მონაცემთა ერთობლიობად, რომლის წაკითხვა, შენახვა და გადატანა იოლია. 21-ე საუკუნის დასაწყისში ელექტრონული მედიის განვითარებამ მნიშვნელოვნად გაზარდა სატრანსპორტო კომუნიკაციის შესაძლებლობები (ამ სიტყვის ორივე მნიშვნელობით). თვითმფრინავებს არნახული სისწრაფით გადაჰყავთ ერთი ადგილიდან მეორეზე “ცოცხალი შეტყობინებები”. 2012 წელს ჩეხეთის ავტომობილების ფირმა “შკოდამ” ბაზარზე გამოუშვა ახალი მოდელი – “სიტიგო”, რომელიც აღჭურვილი იყო მრავალი ახალი დამატებითი საკომუნიკაციო საშუალებით. ამ მხრივ ლიფტს გაცილებით მეტი შესაძლებლობები აქვს, ვიდრე ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებას – მატარებელს, თვითმფრინავსა და ავტომანქანას.

ადამიანმა, როგორც შეტყობინებამ, უვნებლად უნდა მიაღწიოს დანიშნულების ადგილას, ესე იგი, ის (როგორც შეტყობინება) ვერავინ უნდა გაშიფროს. სწორედ ამ დანიშნულებას ასრულებს ლიფტის ეტიკეტი. შეიძლება დავაკვირდეთ ლიფტებში მიმდინარე უამრავ სცენას, რომლებიც 1930-იანი წლების შემდეგ გადაღებულ ფილმებში გვხვდება. ამ სცენათა დიდი უმრავლესობისთვის დამახასიათებელია ეტიკეტის სხვადასხვაგვარი დარღვევები, რომლებიც, თავისთავად, უფრო საინტერესოა, ვიდრე – თავად ეტიკეტი. ვნება ან ძალმომრეობა ამსხვრევს პიროვნულ ურთიერთმიმართებებს სოციოგრამაში და შახტში გაჭედილი ლიფტი იქცევა ციხის საკნად, საიდანაც თავს ვეღარ დააღწევთ, ან კიდევ – სააღსარებო ოთახად. ლიფტიდან თავის დაღწევის სცენები ზოგჯერ სახალისოა, ზოგჯერ კი – არა, მაგრამ რადგან მათში იგნორირებულია ეტიკეტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს “კაბინის ატმოსფეროს”, ამდენად, პერსონაჟების ქცევა მათში ხშირად სხვადასხვაგვარ “ეტიკეტს” ექვემდებარება. მაგალითად, ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებულ ფილმებში გათვითცნობიერებული კინომანი გაიხსენებს, რომ თუკი დენიელ კრეიგი ფილმში “Quantum of Solace ” (2008) დაუყოვნებლივ და უყოყმანოდ თავს ესხმის მტერს, შონ კონერიმ ფილმში “Diamonds Are Forever ” (1971) მძიმე სასჯელი უნდა გადაიტანოს, სანამ ამას შეძლებს.

უფრო იშვიათია სცენები, რომლებშიც ლიფტი ლიფტად რჩება და, მაშასადამე, მისი ეტიკეტი უფრო ღირებულია, ვიდრე – ამ ეტიკეტის პოტენციური ან ფაქტობრივი დარღვევა. ეს სცენები, კულტურის ისტორიის თვალსაზრისით, ძალზე საინტერესოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ბერნარდი მათ ყურადღებას არ აქცევს. ჩემი აზრით, ყველაზე უფრო ძლიერია ისეთი კინემატოგრაფიული კონცეფციები, რომლებიც ითვალისწინებს, რომ ლიფტში ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდებიან შეტყობინებები და არა, უბრალოდ, ადამიანები. ასეთებია: კინგ ვიდორის “ბრბო”, რობერტ უაიზის “ადმინისტრაციული ძალაუფლება”, ჯერი ლუისის “შიკრიკი”, ძმები კოენების “ჰადსაკერის ხელქვეითი” (ფრენკ კაპრას ფილმის ექსცენტრიკული ვერსია) და სხვ. ამ ფილმების თანახმად, შენობათა ზედა სართულებს ქვედა სართულებისგან განასხვავებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამ მხრივ, ექსპრესლიფტი წარმოქმნის ერთგვარ ინფორმაციულ სუპერმაგისტრალს. კერძოდ, “ჰადსაკერის ხელქვეითში” ჩვენ წინაშეა როგორც ჩახუთული სარდაფი, ისე – ზედა სართულებზე განლაგებული ადმინისტრაციული ხელისუფლების გრილი სივრცეები. ჭკუასუსტი  შიკრიკი, რომელსაც ტიმ რობინსი განასახიერებს, ექსპრესლიფტით აიტანს საიდუმლო “ლურჯ წერილს” (მოქმედება ხდება 1959 წელს) ზედა სართულზე და ამის წყალობით, ფაქტობრივად, თვითონ გადაიქცევა შეტყობინებად, რომელსაც ბოროტი კაპიტალისტი (პოლ ნიუმენი) იყენებს თავისი მაქინაციებისთვის. ფილმის დასასრულს მხოლოდ ანგელოზის ჩარევა იხსნის მთავარ პერსონაჟს დაღუპვისგან.

ლიფტის ეტიკეტის შესაბამისად ადამიანების განლაგებას ის მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რომ გამორიცხავს ლაპარაკს. კინემატოგრაფის საუკეთესო სცენები, რომლებიც ლიფტებში თამაშდება, არ არღვევს ამ კანონებს, ანუ პერსონაჟები, როგორც წესი, დუმან. როდესაც ორ მკვლელს სურს გაიტაცოს სარეკლამო კომპანიის თანამშრომელი როჯერ თორნჰილი ლიფტიდან (ჰიჩკოკის ფილმში “ჩრდილოეთისკენ, ჩრდილო-დასავლეთის გავლით”), თორნჰილის დედა ეკითხება მათ, მართლა აპირებთ თუ არა ჩემი ვაჟის მოკვლასო. კერი გრანტი მხოლოდ იცინის დედის რეპლიკების საპასუხოდ და არ იმჩნევს, რომ მოტაცებისა ეშინია. მისი რეაქცია განპირობებულია აუცილებლობით – ის იმყოფება იმ ტრანსპორტში, რომელსაც ქცევის საკუთარი კოდექსი აქვს და ეს ქცევა – ერთგვარი მეტაკომენტარია. რაღაც მსგავსი ხდება ტელესერიალშიც “შეშლილი მამაკაცები”. დონ დრეიპერი დგება ლიფტის ერთ კუთხეში, ორი სადაზღვევო აგენტი კი – მეორეში. ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ქუდი ახურავს, ჰყვება თავისი სატრფიალო თავგადასავლების შესახებ და ტრაბახს აგრძელებს მას შემდეგაც, რაც მომდევნო სართულზე ლიფტში ქალი შემოდის. დრეიპერი ეუბნება აგენტს, ქუდი მოიხადეო, და როდესაც ეს უკანასკნელი არ ემორჩილება, თვითონ მოხდის ქუდს და მკერდზე მსუბუქად უბიძგებს. სწორედ ასეა. არც თავში ჩაარტყამს რაიმეს და არც აღშფოთებას გამოთქვამს. ქცევის გარკვეულ ეტიკეტს, რომელსაც ლიფტში შესვლისთანავე ვემორჩილებით, ყველამ და ყოველთვის უნდა მისდიოს. შესაძლოა, დრეიპერს ნანახი ჰქონდა ბილი უაილდერის ფილმი “ბინა”, რომელშიც ჯეკ ლემონი ლიფტში ქუდს იხდის და ამით უჩვენებს შირლი მაკლეინს, რომ მართლაც თავაზიანი ადამიანია. ამ სცენებში ადამიანთა ქცევა ექვემდებარება არა იმდენად სპეციფიკურ ეტიკეტს, რამდენადაც – ზრდილობის იმ წესებს, რომლებიც სავალდებულოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ლიფტი არც ისე “ჩვეულებრივი” მექანიზმია და, სხვა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მან არაერთ რეჟისორს  საინტერესო ფილმის შექმნისკენ უბიძგა.

© London Review of Books, 2014

© არილი


[1] Erving Goffman  (1922—1982) –   ამერიკელი (კანადური წარმომავლობის)  სოციოლოგი, ამერიკელ სოციოლოგითა ასოციაციის 73-ე პრეზიდენტი.  გოფმანის ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომს (სოციოლოგიის სფეროში) წარმოადგენს სიმბოლური კომუნიკაციის გამოკვლევა, რომელიც თამაშის ფორმით ხორციელდება. ესაა: “საკუთარი თავის წარდგენა სხვებისთვის ყოველდღიურ ცხოვრებაში”(1959). გოფმანი მოღვაწეობდა ფსიქიატრიის სფეროშიც.

[2]  ჯონ რასკინის წიგნი “არქიტექტურის შვიდი შუქურა” 1849 წელს გამოქვეყნდა და მაშინვე ძალზე პოპულარული გახდა. რასკინის აზრით, შვიდი პრინციპი, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ არქიტექტორებმა, არის: მსხვერპლი, ჭეშმარიტება, ძალა, მშვენიერება, სიცოცხლე, მეხსიერება და მორჩილება.