პროზა

სანდრო უგლავა – რიონის ზვიგენები და სხვ. მოთხრობები

 

sandro uglava 2343

რიონის ზვიგენები

მოპლეტიას ეძახდნენ მისი სირბილის გამო, კი არ გაიქცეოდა, მოპლეტავდა ხოლმე.
სტადიონთან ცხოვრობდა, 13 წლის იყო მაშინ. ქუთაისში ვინც სტადიონზე დადიოდა, ყველა იცნობდა, სულ ჯუნგლებში იჯდა და იქედან ,,ბალეშიკობდა” ტორპედოს. ,,ჯუნგლებში“ ვინც კარგად იგინებოდა, მარტო ისინი ჯდებოდნენ, ტრიბუნა იყო ასეთი, დამტვრეული სკამებით.
მოპლეტიას ჰქონდა თანდაყოლილი მანკი: ტაშის დაკვრა არ შეეძლო, პირდაპირ იღლიიდან ეწყებოდა ხელის მტევნები, სამაგიეროდ ყველაზე კარგად იგინებოდა.
ჩვენც გვყავდა ჩვენი გუნდი, ჩვენც გვინდოდა ოდესმე ცენტრალურ სტადიონზე გვეთამაშა. იქვე კაუჩუკის მოედანზე ვეთამაშეობდით ხოლმე სხვა უბნელებს. მოპლეტია იყო ჩვენი მეკარე. მაგრად მეკარეობდა, სულ სახით იღებდა ბურთებს.
ტაშის დაკვრის გარდა კიდე ერთი პრობლემა ჰქონდა მოპლეტიას, რაშიც მოედნის ტერიტორიაზე ამოსულ ნაძვზე მიჭედებული ერთი შიფერის ლურსმანი შველოდა. იმ ლურსმნის დახმარებით ისე ადვილად ჩაიწევდა და ამოიწევდა შარვალს, კაცს შეშურდებოდა. სულ შარდის სუნი იდგა იმ ნაძვთან.
ფეხბურთი უყვარდა მოპლეტიას და ლიმონი. ლიმონის ლიმონათზე თუ იყო თამაში გოლს ვერ გაუტანდი.
მისი სახლი ჩემი სახლის პიდაპირ იდგა. მზე მისი მხრიდან ამოდიოდა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა იმ სახლის ჩრდილი ჩემს სახლს. ბავშვობაში ვფიქრობდი, სახლებიც არსებობენ კაცები და ქალები. მოპლეტიას სახლი შეყვარებული კაცი იყო, მიზნამდე რომ ცოტა რჩებოდა, მაშინ იხევდა უკან. მოპლეტიას რომ არ წყენოდა, იმიტომ ქონდა მის სახლს მოკლე ჩრდილი. ასე ვფიქრობდი მაშინ და სულ მეცოდებოდა.
მოპლეტიას მამა მეზღვაური იყო, ქუთაისელი მეზღვაური. კარგად არც ვიცნობდი და,  მე მგონი, მოპლეტიაც არ იცნობდა. ერთხელ აკვარიუმი და აკვარიუმის ზვიგენები ჩამოუყვანა. მოპლეტია იძახდა ზვიგენებიაო, რიონში რომ გაუშვა დიდებიც დაიზრდებიანო, მარა მაშინ რიონში ერთი კამაზი მარილი უნდა ჩაყაროო.
რაც აკვარიუმი ჩამოუვიდა, უკვე ორი ადგილი იყო, სადაც მოპლეტიას ნახავდი -აკვარიუმთან და სტადიონზე. აკვარიუმის ფსკერი ხურდა ფულებით ჰქონდა მოფენილი, შიგნით ყრიდა, დედამისის შვილია და ვინმე ხელს ჩაყოფსო.
ერთ დილას გადავედი, ლიმონს კბეჩა-კბეჩით ჭამდა და ხურდების დათვლას ცდილობდა აკვარიუმში. რას გამოუვიდოდა, მარა სულ ცდილობდა. ბლომად კი ეყარა.
ლარიანი წითელი ბურთი უნდა ჩაგვედო ჩვეულებრივი ბურთის ტყავში, მძიმე კი გამოდიოდა, მარა სულ არაობას ჯობდა. ჩვენთვის მძიმე, მოპლეტიასთვის მწარე. მაკრატელი დაგვჭირდა და ძებნა-ძებნაში დედამისის ტუმბოჩკაში კაპრონის ძაფზე მობმული მრგვალი მაგნიტი ვიპოვე. არ ვთქვი. მერე იმ მაგნიტს ძაფი მივაჭერი და რამდეჯერაც დედამისს დავინახავდი, სხვა მხარეს ვიხედებოდი.
სულ უყვარდა ვიღაცა, ხანდახან ერთად რამდენიმეც. ერთხელ შემჭამა, მეზობლის ტალავერზე გლიცინიები მომაპარინა, უზარმაზარი თაიგული გააკეთა და ჭავჭავაძეზე მაღაზია ,,ფუტკარში” (სადაც რკინეულობა იყიდებოდა) დეკოლტიანი გამყიდველი ქალისთვის მიმატანინა. ის იყო პირველი გახარებული ქალი, რომელიც დამამახსოვრდა და მაშინ აღმოვაჩინე, რომ დეკოლტე ზემოდან და დეკოლტე ქვემოდან ეს არის ცა და დედამიწა. დაღამებამდე იდგა მოპლეტია მაღაზიის წინ ჭადარს ამოფარებული და ვიტრინაში გამყიდველ ქალს უყურებდა, რომელიც რუდუნებით დაფოფინებდა თავის გლიცინიებს და მარცხენა ხელს წვრილი ლურსმნების ყუთში ურევდა. იმ ღამით მოპლეტიას დენდის კომპიუტერი გადავიტანე სახლში და მთელი ღამე თეთრად გავათენე, თუმცა შუქი მაინც არ მოსულა.
ტრუბადურა ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი იყო და ამის გამო თამაში არ იქნებოდა, მოპლეტიასთან ბინძური სიტყვების დუელი არ ჰქონოდა. მოპლეტია სულ ჩაგრავდა, მარა სულ მართალი არ იყო. ტრუბადურა დადიოდა საყვირის დაკვრაზე და უკრავდა მელოდიას ფილმიდან ,,პასპორტი”. შეიძლება სხვებსაც უკრავდა, მარა მოპლეტია რამდენი საყვირით დაინახავდა, სულ ამას აკვრევინებდა. შეეძლო ეს ერთი მელოდია მთელი წელი ესმინა.
ტრუბადურა ოცნებობდა საკუთარ ,,სტადიონზე” და დიდ ისეთ საყვირზე, როგორიც, მაგალითად, ოღასკურას სასაფლაოს გვერდით მდებარე მუსიკალური საკრავების მაღაზიაში მარჯვენა კედელზე ტრომბონის გვერდით ეკიდა.
ჩვენს უბანში მხოლოდ ტრუბადურას ეზოში იდგა ორი უნაბის ხე და მხოლოდ ამ ორ უნაბს შორის იყო გაბმული ჰამაკი, რომელიც მე, მოპლეტიას და ტრუბადურას -სამივეს გვიძლებდა. ამ ადგილზე ყველაზე კარგად მოჰქონდა ნიავს გორდაძეების ეზოში მოყვავილე თეთრი ვარდების სუნი.
ერთხელ ჰამაკში ვზივართ, მოპლეტიამ თქვა ,,შენო” და ტრუბადურასკენ გაიხედა –

,,შენო საორკესტრო საყვირი რო გქონდეს და ყოველ დილით საყვირით მაღვიძებდე, ხო მაგარი იქნებოდაო”.
ტრუბადურას ისედაც მობეზრებული ქონდა მოპლეტიას უხვსიტყვაობები. ,,შენი ტრუსიკებიც რო მერეცხაო”, მიუგდო და ადგა. მეც გამეცინა, მოპლეტიასაც და ტრუბადურასაც. მოპლეტიაც ადგა, უკნიდან დაუდგა და ყურში არც ისე ჩუმად უთხრა ,,საყვირი თუ გაჩუქე, პირიდან არც უნდა გამოიღოო“. ,,პირიდან” ძალიან რო მეგონა გააცინებდათ, ისეთი რამის თქმა დავიწყე, ჰამაკი ჩამოწყდა და მოვიტეხე კუდუსუნის ძვალი. ერთი თვე ლოგინში გავატარე. ჰამაკში აღარასდროს ჩავმჯდარვარ. თურმე შიში მარტო სიყვარულს არ შეიქმნს.
ერთხელ ეზოში ვიჯექით მე და მოპლეტია. მამამისის ჯაყვით, რომელზეც memento mori ეწერა, თხილის წკნელებს ვთლიდი. ისეთი თეთრი ღრუბლები იყო ცაზე, ტანის გაქაფვა მოგინდებოდა.
– თავსივა, – დამიძახა უცებ მოპლეტიამ.
– ოუ.
– სადაა თუ იცი ბევრი ფული?
– მოსკოვში.
– ნწ.
– თბილისში.
– არა.
– აბა?
– ლომის ტრაკში. მითხრა გაბრაზებით.
– ლომის ტრაკში არა…
– სადაა ლომი თუ იცი?
– მოსკოვში
– …
– თბილისში.
– ფუ რა სლეა, – უთხრა თავის მარცხენა ბეჭს – თბილისში ლომებს რა უნდათ? ამერიკაში.
– ზოოპარკი? შე სირო – და სანამ პასუხს მოიფიქრებდა – ხილი გაქვს რამე? ვკითხე.
– კი, ლიმონი… აკლია.
– რას?
– აკვარიუმს.
– მერე, ჩაამატე.
– ფული აკლია ბიჯო.
– ზვიგენები შეჭამდნენ – ვუთხარი იმისთვის, რომ რამე მეთქვა.- ლომები ვერ მიგეპარებოდნენ, დავაყოლე ფხუკუნით. სიტყვა არ დაუძრავს, უბრალოდ ისევ იმ სახით, ისევ მარცხენა ბეჭზე დაიხედა და კი არ გადააფურთხა, რაღაცნაირად გადააწიტა. ამ დროს ღრიალი გავიგონე. მთვრალი მამაჩემი მიძახდა. წამოვდექი.       ,,- გინდა ლიმონი?“ – მომაყოლა უკან.
– არა.

ზუსტად 78ლარი და 50 თეთრი იყო, დაახლოებით დედაჩემის სამი თვის ხელფასი, დიდ ოცთეთრიან პარკში ერთ მესამედამდე ეყარა და მოპლეტიას ჰქონდა ბეჭზე გადაკიდებული, თავის პატარა, მარცხენა ხელით. ჩემთან იყო მოსული სახლში, მე მაგიდას ვუჯექი, რომელზეც მოჭრილი ფრჩხილები ეყარა და მოპლეტიას თვალს არ ვაცილებდი. ,,საღოლ შენ”, ამოვღერღე ბოლოს, მარჯვენა ხელზე ფრჩხილების მოჭრა მეორე დღისთვის გადავდევი, მაგიდა ხელით გადავწმინდე და ოღასკურას სასაფლაოსკენ წავედით…
– გამომართვი რა, ნამეტანი დამძიმდა, მითხრა მოპლეტიამ.
– ტრუბადურა კვერცხს დაემგვანება ისე გაუხარდება, ვუთხარი და დიდი, ოქროსფერი საყვირი გამოვართვი. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მოვდიოდით მე და მოპლეტია და ხალხის თვალი ჩემზეც ჩერდებოდა.
– როდის უნდა მისცე?
– როცა ვნახავთ.
საყვირი ჩემთან შევინახეთ და ქუჩაში ველოდებოდით, როდის გამოჩნდებოდა ტრუბადურა. სიცხე ნაძვების ქვეშ ვერ შემოდიოდა. ,,კენ-გუ-რო-ჩიკს“ ვთამაშობდით მე და მოპლეტია ჩრდილში, ტრუბადურა რომ გამოჩნდა მის ორ კლასელთან ერთად. სამივეს გაკეცილი, შავი პაპკები ეჭირათ და სიცილ-ხარხარით მოდიოდნენ. თამაშს თავი დავანებეთ და ტრუბადურას დავუძახეთ. სამივე მოვიდა, სიცილი არ შეუწყვეტიათ. ,,ზდაროვათ, ზდაროვათ, და ერთმა ახსენა ვენერაო, ტრუბადურამ მოპლეტიას შეხედა და ხარხარით ვენერა ქუთაისელიო თქვა. კვდებოდნენ სიცილით. მოპლეტიას შევხედე, შტერივით იდგა და სახეზე გაურკვევლობა ეწერა. მეთქი ამ ბებიაჩემის სახელს ტრუბადურა ახსენებს ახსენებს, ჯანდაბას, მარა ესენი სიცილით რას კვდებიან. ჩვენ არ ვიცინით. მოპლეტიას გავხედე შუბლზე ,,რაის ვენერა” ეწერა. თავი მე უფრო დიდი მქონდა, ვიდრე მოპლეტიას და შესაბამისად ტვინიც მეტი მექნებოდა. ესენი ბებიაჩემს დასცინიან და იმ სამიდან, რომელიც ყველაზე ჩემიანი იყო, მივედი და ამხელა თავი პირდაპირ კბილებში ჩავარტყი. წასკდა სისხლი გახეთქილი ტუჩიდან. გამოვიქეცი, მოპლეტიამაც ადგილიდან მოპლეტა. მე ვიგინებოდი, მოპლეტია ხმას არ იღებდა. თითქოს რაც მოხდა კი არ მოხდა, ჩვენ წარმოვიდგინეთ. საღამოს უკვე იმას ვნანობდით, იმ ფულით ბევრი ტყავის ბურთი რომ არ ვიყიდეთ.
მოპლეტია მომიტრიალდა უცებ და მოდი, ზვიგენები რიონში გავუშვათო. ერთი კამაზი მარილი სად ვიშოვოთ-თქო და, აკვარიუმში ძლებენ უმარილოდ, რიონში რავა ვერ გაძლებენო. რას ვერ გაძლებენ-თქო და, მოპლეტიას ოთხი ზვიგენი ცელოფნის ოთხ პარკში ჩავსვით და რიონისკენ დავაწექით. ბნელდებოდა.
– ყველა ცოცხალია?
– კი.
რიონის პირას ძველი წისქვილის ნანგრევებზე ტკბილი ბროწეული როა ამოსული, იქ ავძვერით და იქედან ვაგდებდით წყალში ზვიგენებს. სამი თვითონ გაუშვა, ერთი ძლივს გამაშვებია მე. სამაგიეროდ, ჩემმა ყველაზე სწრაფად გაცურა. ერთხანს ვუყურებდით, თუ გამოჩნდებოდა რომელიმე, მარა რიონი ადიდებული და ძალიან მღვრიე იყო.
– ახლა რას შეჭამდი? მკითხა მოპლეტიამ. პასუხი არ მაცადა, ჯიბე ჩემკენ გამოწია – ერთი შენ, ერთი მე. ორი ლიმონი იყო. მივეცი თუ არა, ისე ჩაკბიჩა, ქვედა ყბები ამეწვა, მე მხოლოდ დავსუნე, გაისად უკვე დიდები იქნებიან-თქო, ზვიგენებზე ვთქვი და ნანგრევიდან ჩამოვხტი, – სახლში წევიდეთ, თან აცივდა ცოტა, ვთქვი და შარვალი დავიფერთხე.
მერე დიდხანს ვიხსენებდი, გავიგონე თუ არა წყლის დგაფუნი, მარა ვერაფრით გავიხსენე გამეგონოს. მოპლეტია ნანგრევზე აღარ იჯდა, ბროწეულის ძირში ჩაკბეჩილი ლიმონი ეგდო. რიონი ჩვეულებრივი რიონი იყო, ნაპირზე სულიერი არ ჭაჭანებდა. მე შტერმა იმის მაგივრად, რიონის ნაპირს ჩავყოლოდი, იქნება თვალი მომეკრა და რამე მეღონა, სახლში გამოვიქეცი და დედამისთან მივვარდი. კივილი, კივილი, კივილი. მთელი ღამე რიონის ნაპირზე ვეძებდით, თითქმის რიონჰესამდე ჩავედით მთელი სამეზობლო, მაგრამ ტყუილად. მეორე დღეს ტრუბადურამ მოიტანა ერთი პლასტმასის შიპიანი მწვანე ბუცი, რომელზეც ოთხჯერ შემაბნევია თასმა წინა დღით მოპლეტიამ. ყველაზე ბოლომ ტრუბადურამ გაანება თავი მოპლეტიას ძებნას, მეორე ბუცი როცა იპოვა რიონის მეორე ნაპირზე, ნაწისქვილარიდან ერთ კილომეტრში. იმ საღამოს მივეცი მოპლეტიას ნაყიდი საყვირი. მე მეგონა თვალები მაინც აუწყლიანდებოდა. არა.
ორი კვირის თავზე, 9 სთ-ზე, საინფორმაციო გამოშვებაში, ძალიან ლამაზმა ჟურნალისტმა კმაყოფილი სახით გამოაცხადა, რომ ვანის რაიონში რიონს გამოურიყავს უცნაური არსების გვამი, რომელსაც ხელების მაგივრად ფარფლები ჰქონია და ქართველი იხტიოლოგების აზრით, მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.
ამის მეტჯერ ტელევიზორისთვის არ მიყურებია.
იმ ღამით მამაჩემი მთვრალი იყო და ბუინობდა. სახლიდან გამოვიპარე, რიონის პირას გავიქეცი, ნანგრევზე ავძვერი, ბროწეულის ძირში ჩამოვჯექი და ხან ვტიროდი, ხან წყალს ვურყურებდი, ხან ცას. მოპლეტია ამოყავი თავი წყლიდან-თქო, ვჩურჩულებდი. მერე ჩამეძინა.
კანკალმა გამაღვიძა, ძალიან ციოდა. ხელები ფეხებზე რამდენჯერმე მაგრად ავისვ-ჩამოვისვი. რაღაც ნაცნობი ხმა მომესმა. ყურები დავძაბე, მელოდია იყო, მოპლეტიას რო უყვარდა ის. მუსიკა მომიახლოვდა, გვერდი ჩამიარა და რიონს დაუყვა ქვემოთ. მთელი ტანი დაბურძგნული მქონდა, ოღონდ არა სიცივისგან.
ჩამოხტომა მინდოდა ნანგრევებიდან და ტრუბადურას მინდოდა გავკიდებოდი, ოთხი პატარა ფარფლი გამოჩნდა წყლის ზედაპირზე. ისე ახლოს იყვნენ მოსული, ყველა გავარჩიე. ლაღად ცურავდნენ, ყურადღებასაც არ მაქცევდნენ. ერთხანს იქვე იტრიალეს და უცებ კი არ ჩაყვინთეს, ან გაიქცნენ, ან გაცურეს… მოპლეტეს.

ჯოკერი

გამარჯობა მეგობარო…
მე ჯოკერ მეთოთხმეტე ვარ, მამაჩემი მეცამეტე იყო და ბაბუაჩემი მეთორმეტე. გაგიკვირდება და კედლიდან ცამეტი ჯოკერი არ მიყურებს. ვცხოვრობ ქალაქში, სადაც ადრე წაგლეჯვა იყო, ახლა შეტენვაა. სად ჯოკერი და სად საქართველოო ნუ იტყვი, იყო დრო, ჩემი მეზობელი ერეკლე ბათუმის კერასინკაზე ითბობდა, ბოდიში და, ტრაკს. თვითონ მითხრა. მოდის ხოლმე ჩემთან, ბანქოს ქაღალდი უჭირავს ხელში და ჯოკერი მეთამაშეო მეხვეწება. მე კარტს რანაირად მომიგებს, მარა თავხედია და რა ქნას. ჯოკერს ოთხი კაცი უნდა? იაპონურს ვთამაშობთ, ბატონო.
სულ წაგებული კი გადის ისე ჩემგან. ტყავს გაგაძრობო და მათრახს გავიკეთებო, მემუქრება. სანამ მაგი ტყავს გამაძრობს, მანამდე კი ვჭამ აგერ მოგებულ ჩხირებს. გუშინ ეკლესიაში სანთლები დავანთე. გუშინწინ ერთმა ჩახედულმა კაცმა მითხრა, კაცის პორტრეტი, რომელსაც მთელი ცხოვრება, გულის ჯიბით ვატარებ ავგაროზად, ვინმე ალექსანდრე ნეველის ყოფილა. დღეს კი შენ გიპოვე და უღრმესი მადლობა ღმერთს… და კიდევ დიდი მადლობა, რომ ასეთად გამაჩინა. რატომ იცი? იმიტო, რო ქე რო მაგარი ხალხი არიან, ქე რო ძაან მაგარი ხალხი არიან, იმათ ჩემი მისვლა უფრო უხარიათ, ვიდრე სტუმრის.
სტუმრობაზე გამახსენდა, ამ ერეკლეს ცოლი ყავს, აუ… კიბეებზე რო ჩამოსხდებიან, ავუვლი, ჩავუვლი, ავუვლი, ჩავუვლი, ბიჯო, რა ძუძუები აქ! ერეკლე ახლა მეფეა, ტუზიც არაა და მინდა რო ცოლის მზერა დავიჭირო და ვანიშნო, ჯოკერი ვარ მე და შემიძლია ყველაფერი, მარა არაფერი გამომდის. ნუ გაგეცინება, მე კიდე რა ვარ, მამაჩემი და ბაბუაჩემი მთლად ,,კოზირების მტრები” ყოფილან. ქალები ხო იცი რა სულელებიც არიან? ცრემლებით აქვს სავსე თვალები და მარილიან ჩხირებს აჭმევს მის ქმარს. პრინციპები და თავმოყვარეობა მეც მაქვს, დამაა და ხო არ მოვჯოკრავ, მაგათთან მარტო ქვევიდან…
ისე, რაღა დაგიმალო და, ეს ტუზები ნერვებს მიშლიან, დადიან გაბღენძილები და ყველა მოკრძალებულად ექცევა. იმ დღეს ერთს თავში რო ვრეკე, დამიჭირეს. ავუხსენი, ჩვენ, ჯოკრები, მაგისთვის ვარსებობთ, რომ ასეთ თავხედ კიკოებს მუსრი გავავლოთ-მეთქი. შემოიყვანეს ტუზი გახეთქილი თავით, მოჰყვა მეფე, მოჰყვა ქალი და მე ერთი რას გავაწყობდი, გაიტანეს თავისი. აი, შენ ხომ კარგად იცი, ათიანის მერე ხომ ყველა ადამიანები ვართ, ტუზები ჩვენ შორის რას აკეთებენ? ეგენი ხომ ადამიანები არ არიან? რევოლუციის დედა რომ ვატირე, ჰქონდათ მაგათ თავისი ადგილი. რას იზამ, დრო იცვლება, რევოლუცია ყველასთვის ცუდის კარგით შეცვლა როდია. ტყუილა ამბობენ, დრო კარგი მასწავლებელიაო. ცუდია. ყოველთვის მაშინ გვასწავლის, როცა გვიანაა…
ჩემ ქალაქზე რა გითხრა…
ისე გაკეთდა ჩემი ქალაქი, ჯოკერი მორჩა. თავს მაინც ვიმშვიდებ, ჩემო მეგობარო, წინ იმდენი დარიგებაა…
დღეს დილით ერეკლე შემოვიდა ისევ ჩემთან. აწი ლირი დამიძახეო, მითხრა, ერეკლე აღარ ვარო. ამას მე მასხარა ვგონივარ. ერთ ბედნიერ დღეს გამეფებული მეფეების არ მწამს. წააგო კიდევ და კიდევ შემპირდა გატყავებას.
მე დარწმუნებული ვარ, შენ ძალიან განათლებული იქნები. მიყვარს განათლებული ხალხი. ვგიჟდები მათთან საუბარზე. ახლა კი ვფიქრობ, ნეტა რაც კარტის თამაშში დრო ვხარჯე, წიგნების ფურცვლაში მაინც მეხარჯა-თქო, თუ კითხვაში არა… ეს ერეკლე კიდევ იცი რანაირია? აი, რომ ხედავ კაცს, განათლებულია, მაგარი ნასწავლია, რომ ეტყობა შენზე მეტი რომ იცის და მაინც რომ არ გევასება, რა. ყველა ხო მაგრად გევასება, მაგრამ ეს იმნაირად განათლებულია, რომ მაგრად არა, რა. მარა შენ რას გიხსნი, ჩემზე კარგად გეცოდინება, მასეთები დედაქალაქში რომაა ისე უნდა.
ჩემი ჰობი ფოკუსების კეთებაა.
საყვარელი მსახიობი – ჰიტ ლეჯერი.
საყვარელი მუსიკოსი – პიტერ კრისი.
საყვარელი რიცხვი – 54.
საყვარელი არ მყავს…
ერთი საათის წინ ფანჯარასთან სტუდენტები იდგნენ, სიგარეტი ვთხოვე, გამომკითხეს ვინ ხარო, რომ გაიგეს, ერთმა მითხრა, შენ რადგან ქუთაისელი ხარ და ჯოკერი, შავი იქნებიო და გამიხარდა. თუ შავი ვარ, ესე იგი, წითელიც იქნება სადღაც. თბილისშიაო. მისამართიც მომცეს ასათიანის 10-ში.
ჩემო ძმაო, ისე გამიხარდა შენი არსებობა. იმედი მაქვს ამ წერილს რომ მიიღებ, მაშინვე მოიმარჯვებ ,,პასტა-ფურცელს“ და მომწერ. როგორ მინდა შენთან საუბარი, ნეტავ იცოდე. დავიღალე უკვე იმ ნაპრალებზე ხტომით, რომლებიც ჩემსა და ხალხს შორის მხვდება.
არავის უთხრა, ამ ბოლო დროს სიკვდილზე მეფიქრება. უფრო სწორად, სიცოცხლეზე. დიდი ხანია უკვე ქაღალდს ვანიჭებ ისეთ აჩქარებას, კანის გასერვა რომ თავისუფლად შეუძლია.
ჯოკრები ძალიან გულჩვილი ხალხი ვართ, რადგან არავის უნახავს ცრემლით აზელილ საღებავში მოთხვრილი ჩვენი სახე, ამიტომ არავინ დაფიქრებულა ამაზე. ფიქრი ნანახის შესახებ ხომ უფრო ადვილია…
დარწმუნებული ვარ, ჩემზე სიმპათიური იქნები და ბევრი დამა გეყოლება წაყვანილი ნეტარების ჩანჩქერთან. არ ვიცი დაკვირვებიხარ თუ არა, მაგრამ მაგ ჩანჩქერთან მისულ ქალებს განსაკუთრებულად უყვართ ხავსზე ჩაჭიდება, ვითომ ჩანჩქერის ქვეშ, ან პირდაპირ წყალში, ნაკლებ სასიამოვნო იყოს…
ჩემო ძვირფასო წითელო ჯოკერო, ჩემო ტყუპისცალო, მე ვაცხადებ:
ყველა შენი და შენი ქვეყნის მტერი, ყველა სიბინძურე, რაშიც ცხოვრება და რისი კეთებაც გიწევს, ყველა წამალი და მედიკამენტი, რომლებიც გაიძულებენ დაწვე, ცინიზმს და ნიჰილიზმს ამოფარებული ყველა კიკო-ტუზი, ყველა ჯავრი, რაც გულზე გაწევს და სინანული მოუსწრებლის და დაგვიანებულის გამო, ყველა შენივე თავის ღალატი, უძილო უსიზმრო ღამეები და ტყუილად ლოდინი… ყვავმა წაიღოს!
როგორც კი ამოვარდება, მაშინვე გამოვატან ამ წერილს ქარს. იმედი მაქვს მიიღებ და აუცილებლად მომწერ.
ჩემი მისამართია ქ. ქუთაისი. ბარათაშვილის ქუჩა, ნომერი 101. სარაიონთაშორისო ფსიქონევროლოგიური დისპანსერი…
აწ მარად შენი ერთგული,
ჯოკერ მეთოთხმეტე შავი.

* * *
გამარჯობა, მეგობარო!
გამიხარდა შენი წერილი.
მართალი უთქვამთ სტუდენტებს, ვარსებობ, მაგრამ არა იქ, სადაც მათ გითხრეს, შეგნებულად არ ვწერ მისამართს, ქარმა იცის და მას გამოატანე ხოლმე. მე წითელი ჯოკერი ვარ, უფრო სწორად, ხალხი მეძახის ასე. მე ვთვლი, რომ ბროწეულის ფერი ვარ. მამაჩემი ბროწეულის ყვავილის ფერი იყო, ბაბუაჩემი – ცის. მაქვს ბაბუაჩემის მოქსოვილი ფერადი ქუდი, მყავს თეთრი თაგვი, სახელად კაენი და საყვარელი – სახელად მარტა. მარტა ჩემი ტოლია. შავი თმა აქვს და მხოლოდ მარჯვენა მკერდი. როგორც მიხვდი, ამორძალი არ არის, უბრალოდ ხანდახან მებრძვის ხოლმე. როცა კაცები ვერ კაცობენ, ქალები გვებრძვიან. შენ კი იცი რა დასანანია დამის მოჯოკვრა, როცა ტუზებიც გეგულებიან. თაგვსაც და საყვარელსაც სახელები მე დავარქვი. კაენი იმიტომ, რომ პირველი თაგვია დედამიწაზე, რომელიც აკეთებს იმას, რაც არც ერთ თაგვს არ უქნია. ჩემს წამლებს ვაჭმევ. ჰოდა, ხანდახან მელაპარაკება ხოლმე. იმ კაენმაც ხომ პირველმა ჰქნა ის, რაც მანამდე არავის გაეკეთებინა. ჩემი მარტა გულია, უფრო სწორად, ცარიელი გული. უკვე დიდი ხანია ერთად დავდივართ ნეტარების ჩანჩქერთან. მეუბნება, რომ ჩემს ტუჩებს ბროწეულის გემო აქვთ. ხანდახან მარტა რომ წავა ხოლმე, ჩემს კაენს გულზე დავისვამ და ვუსმენ, მიმტკიცებს, რომ კაცის სასქესო ორგანოსა და ტვინს შორის არის უხილავი მილი, რომელიც ამავე გზით ტვინის ორგანიზმიდან გამოყოფას იწყებს ბევრი სექსის დროს. ჩვენ ხომ უბრალოდ კაცები არა ვართ, ჩვენ ჯოკრები ვართ, ამიტომაც უხილავი ხვრელების არ მეშინია.
დაწესებულებაში, სადაც მე ვარ, ზუსტად ისეთივე სიტუაციაა, როგორიც შენთან, ამიტომ ამის მოყოლას არ დავიწყებ, მოგიყვები, როგორ მოვხვდი აქ. დიდი ხნის წინ, როცა ერთი დამა შემიყვარდა, სისუსტე გამოვიჩინე და ის, რაც მე უნდა წამეღო, მას გავატანე. შედეგად ლოგინი მივიღე. მოკლედ, ჯოკრებისთვის სიყვარული ლოგინით არ უნდა დამთავრდეს, თორემ ხიშტზე წამოგება არ აცდებათ. ამას კი ის შიში უწოდეს, რომლისგან დამალვაც თურმე მხოლოდ ამ შენობაში შეიძლება. მოკლედ, იმ ავადსახსენებელი დღის შედეგ, ხიშტებისგან მიღებული ჭრილობები ახლაც მტკივა ღრუბლიან ამინდში. ასეთ დროს მარტა ნაიარევებზე მისვამს ენას და ჩემი კაენი აღმოსავლეთის ზღაპრებს მიყვება ძილისთვის. ამის გამო ორივე ჩემს სიცოცხლეზე მეტად მიყვარს.
თითქმის ყოველ ორშაბათს ნერგს ვრგავ ეზოში. ყოველ მეორე დღეს კი გამხმარი მხვდება. ახლა ორშაბათსაც უნდა დავრგო. ჯობია ათასჯერ დარგო და ყოველთვის გახმეს, ვიდრე არასდროს დარგო. მეც ვრგავ და მეორე დღეს ნაგავში ვაგდებ. დამღლელია სიახლის ძებნა, როცა ძველმოდური ხარ. ძველმოდურ ჯოკრებსაც ხომ გვაქვს უფლება, ენდორფინები გამოგვეყოს? ბედნიერი კიდევ, ჩემი აზრით, ცხოვრება მაშინაა, როცა იხსენებ. სრულიად შესაძლებელია აწმყო ბედნიერი გახდეს, თუ წარსულად გადაიქცევა. სიყვარულიც ხომ მოსაწყენია, როცა მხოლოდ სიყვარულია და მეტი არაფერი. არ მიყვარს მოწყენა. მე და მარტა არასდროს ვიწყენთ. ორივე დავსხდებით ხოლმე და კაენის ისტორიებზე ვტირით. ძალიან გთხოვ, დაიჯერე, რომ ჩემი თეთრი თაგვი ლაპარაკობს. ოდესმე პირადად გაგაცნობ და მაშინ ნახავ.
გუშინ ისეთი რამ მოხდა, რაზეც მთელი დღეა თავს ვიმტვრევ. ვერც კაენი და ვერც მარტა ვერ დამეხმარნენ. მე და ჩემი საყვარელი ეზოში ბორდიურზე ვისხედით, მარტა მეუბნებოდა, რომ თურმე ადამიანები ნახევარ მთვარეს გვანან, როცა მარტოები არიან და სავსე მთვარეს,– როცა ვინმე შეუყვარდებათ. მერე გინდა თუ არა, ბადრის დაგიძახებო და მე გამოვუტყდი, რომ ნამდვილი ჯოკრები ჩვეულებრივი ადამიანები ვერასდროს გახდებიან, რადგანაც პეპელა არასდროს დათანხმდება მატლად გადაქცევას, რა ფრენის ეშხს შეიგრძნობს. ამაზე მარტა სიცილით მოკვდა. მითხრა, რომ ჭუპრში უფრო სიმყუდროვეა, ვიდრე ნებისმიერი ყვავილის ბუტკოზე. ამ საუბრის დროს ალუბლის ხეზე შაშვი შემოგვიჯდა. უსტვინა, იჭიკჭიკა, იგალობა და ვერაფერი ვიგრძენი საერთოდ. საღამოს, ვახშმად, შემწვარი შაშვი მქონდა. ვიგრძენი, რომ გავძეხი. ჩემო მეგობარო შავო ჯოკერო, იქნებ შენ მითხრა, ჩვეულებრივ ადამიანებს ხომ არ ვემსგავსები?
ცხოვრება ისეთივე მოკლეა, როგორც ,,ცხრიანები” და ძალიან არ მინდა ,,მინუსებში” დამთავრდეს.
ძალიან გამიხარდა, რომ გამოჩნდი. ახლა როცა უკვე ერთად ვართ, იქნებ მიუჩინონ თავისი ადგილი შავ ,,შესტიორკებს”.
მარტა მოვიდა, ამ ბოლო დროს მუცელი სტკივა ხოლმე. მაპატიე, იმას რომ ვერ ვწერ, რისი დაწერაც მინდა.
გისურვებ გამარჯვებას მეფეებსა და კიკოებზე.
მუდამ შენი მეგობარი, ბროწეულისფერი ჯოკერი.
პს. მთავარია შენი ქალაქი გაკეთდა… ყველაფერი მორჩენილი ზედმეტი ბარგია, ჯოკერის გარდა.

* * *
ასეც ვიცოდი. არავინაა მარტო. მიუხედავად იმისა, რო ჩვენს ქალაქებს შორის კაი ხელა მანძილია, ვგრძნობ, რომ ჩემთან ხარ. ჩვენ გუშინ წინასაახალწლოდ მოვრთეთ ჩვენი ოთახები. საღამოს ექიმს მოვთხოვე, ბევრი ფერადი ბუშტი დაერიგებინა ჩვენთვის, იმდენი, რო ცა გაევსო და მათში გამოვლილი ფერადი მზის სხივებით განათებულ ქუთაისში დამდგარიყო ახალი წელი. ახლა არ შემიძლიაო. სამაგიეროდ შემპირდა, რომ მომავალ ახალ წელს აუცილებლად გვექნება უთვალავი ფერადი ბუშტი და ორმაგი ამიტრიპტილინის დოზაც გამიკეთა.
ხვალ ახალი წელი მოვა, ჩემო მეგობარო, გარეთ კი ისეთი მზეა, ტყემლები ყვავიან. მეფე ლირი, რომელიც წინა საახალწლოდ ცინ ში ხუანდი გახდა, მიმტკიცებს, რომ ყველა ახალი წელი ყალბია, როცა ტყემლები ყვავიან. მერე ამაზე კარტი ვითამაშეთ. თუ მოგიგებ, მართალი ვიქნებიო… ჰოდა, არ არსებობენ ყალბი ახალი წლები, ჩემო მეგობარო, არსებობენ ყალბი ადამიანები ყალბი მორალით. ზუსტად ეგ ყალბი მორალია, ვირთხასავით რომ ცდილობს, მიეპაროს ჩემს მაჯებს და გადაღრღნას.
გუშინწინ ჩემს ექიმს ფონენდოსკოპი მოვპარე, საავადმყოფოდან გავიპარე და ძალიან ბევრ სახლს მივადე კედელზე. გული უჩერდება ჩემს ქალაქს ნელ-ნელა, ბროწეულისფერო, გული უჩერდება ისე, რომ არ აწუხებს. როგორც შობაა ახალ წლებს შორის, ისე გაეჩხირა წარსულსა და მომავალს შუა და ვეღარ გაუგია, წინ რომელია. ფერადი ბუშტებით გადავსებულ ცას და ფერად სხივებს იქნება გაექრო ამდენი ვირთხა-მორალი. რა ძვირფასია შენი კაენი, თაგვი რომაა და არა ვირთაგვა.
წუხელ დამესიზმრა, თითქოს მწვანე სახურავისგან სილაგაწნული სპილენძისფერი გუმბათები მორიგეობით ხტებოდნენ ფერადი ხიდებიდან ისტორიაში, რომელიც სინამდვილეში ქალაქის ბოლოს მდებარე ნაგავსაყრელი იყო. გადავწყვიტე, აღარასოდეს გავიპარო კლინიკიდან და აღარც დავიძინო. თან მომბეზრდა შეცდომების გამოსწორება უფრო დიდი შეცდომებით.
ცინ ში ხუანდის ცოლი აღარ აკითხავს, შესაბამისად მარილიანი ჩხირებიც გაქრა. კარტის თამაშმაც მუღამი დაკარგა თითქოს. არადა ახალი წელი მოდის. მოწყენას არ ვიტყობ, სხვას რომ არ ეწყინოს.
ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა: არ არსებობს მარტო სიყვარული. ადამიანების გულები კი არსებობს სხვადასხვა მოცულობის.
ერთი კვირის წინ ცინ შიმ კედელში ამოსული პატარა ბროწეული მოგლიჯა, კედელს არღვევსო. ახლა ფანჯრიდან ვხედავ, ისევ ამოუყრია. აყვავებული ტყემლების მაგივრად ფიფქებით დაფარული ხეებია. ისევ გავასწარი დროს. გული დამწყდა… მაინც თბილი ახალი წელია ჩვენთან.
მარტას ლოყაზე აკოცე და უთხარი, ყველა ტკივილის საზღაური ბოლოს სიხარულია. კაენს უთხარი, ოდესმე აუცილებლად გავიცნობ. მესმის რომ შეუძლებელია, მაგრამ მაინც ძალიან მინდა ქუთაისში მესტუმროთ. მოკლედ, როგორც ერთმა ჭკვიანმა თქვა, იცხოვრეთ ისე, როგორც ცხოვრობთ: კეთილად, უბოროტოდ, სიყვარულით და სიკვდილის მერე მოხვდებით ქუთაისში.
ოპტიმიზმი ყველაზე რეალურია.
ახალ წელს გილოცავთ!
მარად შენი მეგობარი
ჯოკერ მეთოთხმეტე შავი.
* * *
გამარჯობა მეგობარო… ჩემო სულისმიერო ძმაო.
როგორც ჩანს, ჩვენი ბედია, ერთიანებით დავიწყოთ და ერთმავე დავამთავროთ ეს არც ისე აზარტული თამაში, რომელიც ასე ტკბილია უბრალო ხალხისთვის.
ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი აირია ჯოკერ მეთოთხმეტევ. ყველა დარიგება არიეს. ღმერთმა ჩაიწყო.
ერთი თვის წინ, ორშაბათს, თოვდა, მე და მარტა ეზოში ხეს ვრგავდით, მარტამ აიჩემა, გინდა თუ არა ალუჩა დავრგოთო. ყინულივით ცივი მიწა სულ თითებით გაუფხვიერა და მიაყარა ფესვებზე, მე სანიტარს ვთხოვე და ერთი ჭიქა თბილი ჩაით მოვრწყე. მერე ერთხანს ვუყურეთ მე და მარტამ ჩვენს დარგულ ხეს და მარტამ თქვა, მუცელი ამტკივდაო, მე ვაკოცე, ხუთ წუთში ჩაიცუცქა, ხელები მუცელზე მოიჭირა და ისე თქვა მუცელი მტკივაო, მეც ჩავიცუცქე, მუცელზე ხელები შემოვიჭირე მარტასებურად და ახლა უფრო ნელა და ხანგრძლივად ვაკოცე. ასე ვიყავით ერთხანს ჩაცუცქულები და ახალდარგულ ალუჩას ვუყურებდით, ტკივილები წამოუვლიდა თუ არა, ტუჩებს გამომიწევდა ხოლმე, ზუსტად იმ პოზაში წაიქცა, როგორაც ჩაცუცქული იყო. მეც მივბაძე და ახლა მისი ამონასუნთქი პირდაპირ ზედა ტუჩზე მხვდებოდა. ,,მარტა..“ ვუთხარი მე. ,,მტკივა..“ მითხრა მან. მე მის ტუჩებს დავეწაფე. გაეღიმა. ,,მატყუებ“, ვთქვი და მეც გავიღიმე. ,,კარგად დაიმახსოვრე ჩემი სახე და მომავალ ცხოვრებაში ნუ გამოგეპარები“, მითხრა. ,,მომავალ ცხოვრებაში ჩვენ კატები ვიქნებით“, ვუთხარი მე. ,,ახლა მართლა მტკივა“, თქვა და გაფითრებულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა. ის იყო მისი ცივ ტუჩებს შევეხე, კივილი ატყდა უკნიდან, თავზე რამდენიმე ექთანი და სანიტარი წამოგვადგა. ისე გამომათრიეს, ტკივილის გაყუჩებაც ვერ მოვუსწარი. ,,სტკივა”, ვყვიროდი… ,,მაცადეთ“, ფეხებს ვიქნევდი. თან მარტას თვალს არ ვაშორებდი. არ განძრეულა, შევხედე, როგორ მოარბენინეს საკაცე და შენობაში შეიყვანეს. მე აბები პირში ძალით ჩამტენეს და პალატაში ჩამკეტეს. თვალს მოეფარნენ თუ არა, ყველა აბი იატაკზე გადმოვაფურთხე. უცებ კაენი გამოძვრა საწოლს ქვემოდან და ჭამა დაიწყო. ცოტა დავმშვიდდი. ჩემი კაენი უღალატოა. გაძვრა, საათნახევრით დაიკარგა. ფანჯრის გისოსებს იქით თოვდა ბროწეულისფრად, მოჩანდა თოვლში ბროწეულისფერი აგურის ეკლესია, რომლის გუმბათზე, ბროწეულისფერ ჯვარზე, ბროწეულისფერი ყვავი ჩხაოდა. მოკვდა ჩემი ბროწეულისფერი გული, რომელიც მარტაში ცემდა. ასეთი ამბავი მომიტანა კაენმა.
მოვგლიჯე რკინის სკამი, რომელიც იატაკზე იყო მირჩილული და კარს მანამ ვურტყი, სანამ არ გაინგრა. ხმაურზე ღიპიანი სანიტრები მოძუნძულებდნენ, ერთს ბეჭში მოვახვედრე სკამი, მეორე დამეტაკა და გადამაქცია, მისი ბიბილო კბილებში მოვიგდე და მანამ ვღეჭე, სანამ ვიღაცის მუჭი პირდაპირ ნიკაპში არ მომხვდა და გონება არ დამაკარგვინა. ერთი თვე უფანჯრო ოთახში ჩამკეტეს, არავინ შემოდიოდა ჩემთან, გარდა კაენისა. ჩაცუცქდებოდა ჩემ წინ და მარტას ამბებს მიყვებოდა. ჩემი გული თურმე იქ წავიდა, სადაც მუცელი არასოდეს სტკივათ, ოთახებში არ კეტავენ და პატარა ხეები არ ხმებიან. ელოდება თურმე მარტა, როდის დავაღწევ ამ ოთახს თავს და მასთან როდის გავიპარები. კაენი ჩემი ნამდვილი მეგობარია.
დღეს დილით ხელებზე და ფეხებზე ერთმანეთზე ჯაჭვით გადაბმული ბორკილები დამადეს და ეზოში გამიყვანეს. წამლების და გაზაფხულის სუნი იდგა თბილისში. ბორდიურზე იმ ადგილას ჩამოვჯექი, სადაც მე და მარტას გვიყვარდა ჯდომა და პატარა, აყვავებული ალუჩის წინ ბევრი ვიტირე. როგორც იქნა გაიხარა ჩვენმა ხემ. მარტა დავარქვი ალუჩას.
ალბათ, ძალიან მალე გესტუმრებით ქუთაისში. . .
მარად შენი მეგობარი
ბროწეულისფერი ჯოკერი

* * *
გილოცავ მეგობარო მარტას სიკვდილს, ბოლოსდაბოლოს, ეს ის გზაა, რომელსაც ყველა შევუდგებით, ნეტა ყველა ლამაზად მოვკვდეთ. დარწმუნებული ვარ, იქ, სადაც ხეები არ ხმებიან, უფრო მეტი სითბოა და სიყვარული, მარტაც უფრო მეტ სითბოში და სიყვარულშია. ჩვენ ალბათ მალე შევხვდებით მარტას, რომელიც იასამნისფერ ბალახზე იჯდება, ნაწნავზე იადონი ეყოლება შემოსკუპებული და დები იშხნელების სიმღერას იღიღინებს. ყველაფერი მთავრდება ადრე თუ გვიან ჩემო ბროწეულისფერო. ხალხი მოკლე სიცოცხლეებს უფრო იმახსოვრებს. მე ვამაყობ მარტათი და შენით ჩემო ბროწეულისფერო.
გუშინ ჩემი ცინ ში ხუანდი იულიუს კეისარი გახდა. ისე მინდოდა 54 ჯერ დამერტყა დანა. მხოლოდ აგურის ორიანი ვესროლე. მსუბუქად გაეკაწრა ლოყა. ტირილი დაიწყო. ისე შემზიზღდა, ჩემი თავი მომაგონა. ,,შენც“? მეფლუკუნებოდა და ცრემლებს მაჯით იწმენდდა.
ქალაქი, რომელშიც გიჟებიც ტირიან.
არა… მეც არა.
ჩემი ქალაქი აღარ არის ჩემი, ჩემო ბროწეულისფერო. ჩემი ოთახიც აღარ არის ჩემი. ჩემი თავიც აღარ არის ჩემი. ყველაფერი ისე მოხდა, შეტენვაში რომ წაგერთმევა, ან ჯოკერში რომ გაიხიშტები.
როცა პატარა ჯოკერი ვიყავი, ყოველთვის ვოცნებობდი, მერე ოცნება მომწყინდა, იმიტომ, რომ ვხედავდი ჩემზე ოცნებობდნენ. როგორ მეზარებიან რეალისტები. როგორ მეზარებიან ადამიანები, რომლებიც წარმატებებისთვის ყველაფერს აკეთებენ. როგორ მეზარებიან ადამიანები, რომლებიც კლავენ ყველაზე სათუთ და ნათელ გრძნობებს და ემოციებს. ლოყაგაკაწრული იულიუსი რომ ტიროდა, მივხვდი, რომ სულ ტყუილად მეზარებიან. ისინი არანაირ გრძნობებს არ კლავენ. მათ უბრალოდ არ აქვთ სათუთი გრძნობები. მაგათ რომ სათუთი ჰგონიათ, იმათში მხოლოდ პასი უნდა თქვა. არასდროს არაფერი შეგეტენება.
ერთი კვირაა ჩემს პალატაში პატარა, გისოსიანი ფანჯრიდან ღამღამობით ციცინათელები მოფრინავენ. ოთახს მიფერადებენ და იხოცებიან. დილით სანიტარი გვის და ტარაკნები ჰგონია. ახლა, როცა შენ გწერ, შემოფრენა დაიწყეს, თავს დამტრიალებენ. ხომ არიან ადამიანებიც ციცინათელებივით. თავისით ცხოვრობენ ანთებული, კვდებიან და ვიღაცეებს ტარაკნები გონიათ. ან პირიქით, ტარაკნებივით ნახველში ცხოვრობენ, მოკვდებიან და ციცინათელებად ნათლავენ.
მოსაწყენია სიცოცხლე ოთხ კედელში. სხეულიც თავისებური ოთხი კედელია, ჩემო ბროწეულისფერო.
ვერ წარმოიდგენ ამ წამს რა მოხდა, კარი გაიღო და ხელჯოხს დაყრდნობილი თეთრწვერა მოხუცი შემოვიდა ჩემს პალატაში. თეთრი ფაფახი ეხურა და ძალიან სევდიანი თვალები ქონდა, ისეთი აქცენტით ლაპარაკობდა, ძალიან მაღლიდან უნდა ყოფილიყო ჩამოსული, ერთხანს დამაკვირდა და დაკარგულ ცხვარს ვეძებო, მითხრა, თვალი მოვავლე ირგვლივ, მხრები ავიჩეჩე და ხელები გავშალე. თვალები უფრო აუწყლიანდა, კედელში გავიდა და ყველა ციცინათელა გაიყოლა. ერთხანს ვუყურე ღია კარს. წერას მოვრჩები და გავალ. ჩემო ძვირფასო ბროწეულისფერო, დიდი ხანია ვიცი, რომ ყველა კარში არ უნდა შეხვიდე და რომ ყველა კარის გაღება  შეიძლება, შემტვრევა მაინც. მე მინდა ვუსურვო ამ ქალაქს მშვიდი ძილი და მღელვარე ცხოვრება. იულიუსს ბევრი გამარჯვებები. ჩემს მთავარ ექიმს პენსია. შენ – მარტას ოქროსფერი თვალები.
მე იქ დაგხვდები, სადაც შენ მოხვალ.
მუდამ შენი ჯოკერ მეთოთხმეტე, შავი.

* * *
ყველაფერი გასაგებია და მისაღები ჩემო მეთოთხმეტევ. ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის ჩვენს მიმოწერასაც. მე ვიცი, რომ არც მეგობრობაა მარადიული და მიხარია, რომ ჩვენი მეგობრობა იყო სიკვდილამდე.
ამ დილით ჩემი მკურნალი ექიმი შემოვიდა ჩემთან, წინ დამიჯდა, სათვალე მოიხსნა, დაორთქლა, მერე თეთრი ხალათის კალთით გაწმინდა, ძალიან პედანტურად გაიკეთა, საჩვენებლი თითით ცხირზე თვალებს შორის ჩაიჭირა. ჯიბიდან კარტის დასტა ამოიღო და დაიწყო:
თურმე აგური – და ამოიღო აგურის ათიანი – აგური ეს ყოფილა სიმბოლო სამსჭვალისა, იგივე ლურსმნისა, რომლითაც იესო ჯვარზე გააკრეს.
ყვავი – და ამოიღო ყვავის ათიანი – ყვავი ეს არის შუბი, რომელიც ჯვარზე გაკრულ იესოს ფერდში აძგერეს.
გული – ეს არის სიმბოლურად ის ღრუბელი, რომლითაც ძმარი მიაწოდეს ქრისტეს, როცა ჯვარზე გაკრულმა წყალი ითხოვა.
ჯვარი – ეს არის და ამოიღო ჯვრის ათიანი, რაზეც ქრისტე გააკრეს (მე სამყურა ბალახი ბედნიერების მომტანი სიმბოლო მეგონა).
მან მითხრა, რომ სიტყვა კოზირი თურმე ებრაული სიტყვაა (კოშერი) და წმინდას ნიშნავს.
და რომ თურმე კარტი მოიგონეს ცუდმა ადამიანებმა იმისთვის, რომ ღმერთი შეურაცხეყოთ. და რომ ჯოკერი მასხარა, იგივე ეშმაკია.
ჩემმა მკურნალმა ექიმმა მითხრა, რომ ბოლო რამოდენიმე ათეული წელია ამ შენობაში არავინ მომკვდარა და ჩემი მარტა რომ მოკვდა, ჩემი ჯოკრობის ბრალია. და რომ ჩემი კაენი იწვევს ანტისანიტარიას და ირგვლივ ყველგან ხაფანგია დაგებული. და აუცილებლად დაიჭერენ ჩემს კაენს. ამაზე ისე გამეცინა, ჩემს მკურნალ ექიმს ტუჩები დაებრიცა, წითელმანიკურიანი საჩვენებელი თითი დამიქნია, სათვალე მოიხსნა, ისევ გაიკეთა და სწრაფი ნაბიჯით გარეთ გავიდა. კარტი ჩემთან დარჩა.
გადიოდა ოთახიდან შავკოლგოტიანი და თეთრხალათიანი ადამიანი, რომელიც შეიქმნა ხატად ღმერთისა.
ჩემო მეთოთხმეტევ, შენ იცი, მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს: რაც შეიძლება მალე წავიდე მარტასთან. ჩემი კაენის ზღაპრები მხოლოდ მარტასტან ერთად იყო საინტერესო.
დიახ, ეს იყო დილით და ახლა, როცა უკუნი ღამეა და ამ ღამეში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი თეთრი თაგვია. მე გავაკარი 52 კარტი კედელზე, ჯოკრების გარდა, 52 წმინდა სიმბოლო, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ ადამიანებს ღმერთი შეურაცხეყოთ თურმე და მე ჯოკერმა დავიჩოქე და ვთქვი:
,,მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ამინ“.
და გადმოფრინდნენ კედლიდან ციცინათელები და მოყვა მოხუცი შინდის ჯოხით და ფაფახით. ერთხანს მიყურა საოცრად წყლიანი თვალებით, ახლოს მოვიდა, კოჟრიანი ხელით მუდამ ცრემლიანი საღებავები მომწმინდა და მითხრა: საკმარისია.
და გამუქდა წითელი, გამუქდა და გახდა შავი. გამუქდა შავი, გამუქდა და გახდა თეთრი. და იყო სითეთრე და იყო შუქი და იჯდა მარტა იასამნისფერ ბალახზე, ნაწნავზე იადონი შემოესკუპებინა და დები იშხნელების სიმღერას ღიღინებდაა.

ვარდისფერი ტრუსიკი

ასეთი სახით რო დაიბადები, მერე ალბათ მთელი ცხოვრება გაუგებრობაში უნდა იცხოვრო. შესიებული ყვრიმალები და ქუთუთოები, უპროპორციოდ დაბერილ-დაბრეცილი ტუჩები. ნახევრად ღია, სხივგამქრალი თვალები…
მაგრამ ცხოვრება რა თქმა უნდა მშვენიერია! ღმერთო, მაინც დიდი მადლობა, რომ ნათელმა შეცვალა ბნელი და გათენდა. კაცმა რომ თქვას, ენას ძვალი არა აქვს და რაზეც უნდა, იმაზე იწუწუნებს, თორემ ასეთი სახე შეიძლება წუხანდელი ლოთაობის ბრალიც იყოს.
თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, საქართველოს მეორე სამრეწველო და კუტურულ ქალაქში, ან თუ არ დავუჯერებთ, უბრალოდ ქუთაისში სამი წლით წასული და სასწაულით დაბრუნებული კაცისთვის ლოთობა არც დასაძრახია და მით უმეტეს, არც საგანგაშო. ეს შეიძლება უბრალოდ თვითდამცავი მექანიზმი იყოს, რათა თეთრი ყვავივით არ გამოჩნდე ირგვლივ მყოფებში და შავი ნისკარტების მსხვერპლი არ გახდე.
იმათთვის, ვინც დაიბნა: კაი ხანია უკვე ქუთაისიდან წასულების უკან დაბრუნება ან მათ უჭკუობაზე მიუთითებს, ან სასწაულზე. ზემოთ ნახსენები სასწაული, ავტორის უმორჩილესი თხოვნით, ჩათვალეთ მის ოპტიმიზმად.
მე ვცხოვრობ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი მხატვრის, ალექსანდრე შმიდტის ქუჩაზე. მიუხედავად მცირე შანსისა, შეიძლება ვინმემ ამ ქუჩის მდებარეობა არც იცოდეს, ამიტომ გეტყვით, ბულვარის გაჭრის შემდეგ ის ოთხ დამოუკიდებელ შმიდტის ქუჩად გაიყო და ასე აღმოვჩნდი მე იმ ნაწილში, რომელიც იწყება ბელკაიას მაღაზიიდან (ოთხმოციან და ცოტათი ოთხმოცდაათიან წლებში ყოფილი ბიბლიოთეკა) და მთავრდება აბესალო გორდაძის დარგულ მუხასთან. ოთხმოცდახუთი წლის მოხუცის ეს მარკეტინგული გათვლა აუცილებლად ყურადსაღები იქნებოდა ადგილობრივი ხელისუფლებისათვის, ამ უკანასკნელთ, სულ მცირე, ყურები მაინც რომ ჰქონოდათ. ათი წლის მკვდარი აბესალოს გახსენების გარეშე არ ჩაუვლია არც ერთ გადარევას ჩვენი სისხლებისა და ციცოს ვითომ ვარციხის კონიაკის ქარხნიდან წამოღებული, შეფერადებული ჭაჭისა.
ვინც დაიბნა, იმათთვის ნაბახუსევი, როგორც მოგეხსენებათ, სულის და სხეულის ისეთი მდგომარეობაა, როცა შეგიძლია ყველაფერზე იფიქრო და ილაპარაკო, რაც თავის, გულის და სინდისის ტკივილს დაგავიწყებს. აქვე ავტორი სულგრძელად ითხოვს პატიებას აბესალო ბაბუას სულისგან, მითვის არასაკადრის ნაწერში ხსენების გამო.
მოკლედ, ეს ამბავი ქუთაისში ხდება, – იქ, სადაც პარლამენტია, იუსტიციის სახლია, საგადასახადო სამსახურია, ფალიაშვილის სახელობის ოპერა, მესხიშვილის სახელობის თეატრი, ბიკენტიას საქაბაბე, ქოთანას დუქანი და ბელკაიას მაღაზიაა. მოკლედ, ახლა აბაზანაში რომ არ ვიდგე და წინ სარკის მაგივრად ბაგრატის ტაძარს ან ოქროს ჩარდახს ვხედავდე, ჰოლივუდის ღიმილით გავიღიმებდი და ვიტყოდი: ,,ქუთაისი კონტრასტების ქალაქია”. მაგრამ ღმერთმა ინება, რომ აქ ვიდგე და კბილების გამოხეხვაც კი მეზარებოდეს.
წესით, აქ არავინ უნდა დაბნეულიყო.
მოთხრობა რომ მოსაწყენი არ გახდეს და სიუჟეტისთვისაც, მამა-პაპათა წესი მოითხოვს, თხრობა და პერსონაჟი აბანოდან გამოვიდეს და ამ უკანასკნელმა სტუმარს კარი გაუღოს, იმიტო რო, აქ, უფრო სწორად,- აქანე, ქუთაისია და მარტოობა ფუფუნებაა.
– ხელოვუ, ზასტაველო კაზანოვავ!
ორნი არიან კარში. ერთი ხელმოცარულად წაიქუჩისბიჭებს და მეორე ხელმოცარული ინტელექტუალია.
– ლევანია, არ გიხდება მასეთები! – ვუთხარი მე და ავათვალიერე. გაცრეცილი ჯინსი ეცვა, სპორტული ზედა, შიგნით ნახევრად ამოჩაჩული მაიკა. არ მეგულება მე პირადად კაცი, ასე მოუწესრიგებელი ჩაცმა უხდებოდეს. იმ სამი წლის მანძილზე, რაც მოსკოვში დავყავი, ბევრჯერ ვცადე ლევანიასნაირად ჩამეცვა, ჩავიცვი კიდეც, მარა ისე არ მიხდებოდა, როგორც მაგას და ისეთ რამეს, რაშიც ვიღაცა აშკარად მჯობია, ყველაფერს ვერიდები.
ალბათ პატივცემული მკითხველი უკვე მიხვდებოდა, რომ ავტორი და პერსონაჟი, რომელიც ამბავს ყვება, ერთი და იგივე პიროვნება არ არის.
– რაო, რა ჩუმად ხარ, შე ჩემა! – მივუბრუნდი ბორხესას.
ბორხესს ვუძახით, უფრო სწორად, ჯერ კიდე ბავშვი რომ იყო, თვითონ მოითხოვა, ბორხესი დამიძახეთო, ისე ბორისი ქვია. იმდენი დავცინეთ მაშინ, ახლა მთლად რო ხორცი ამოიჭამოს, არა ვარ ბორხესაო, მაინც ბორხესაა. ლევანიას დღესაც გონია, რო ბორხესი რომელიღაც წიგნის სუპერგმირია.
– დილიდან ტვინი მოტყნა. შენზე მაგარი აკრეფილი აქვს. – მითხრა გამაფრთხილებლად ბორხესამ.
ახლა, ჩემო მკითხველო (,,მკითხველოს” წინ ,,ძვირფასოს” არდაწერა მხოლოდ ავტორის სიყალბეების მიმართ ზიზღზე მიუთითებს), საჭიროდ ვთვლი, თქვენს ერთ ნიუანსში გათვითცნობიერებას.
ნებისმიერი არაქუთაისელი ქუთაისში მოხვედრისას გრძნობს რაღაც უჩვეულოს, რომელიც ყურის ნიჟარიდან იწყება, გაივლის ლოკოკინას გრდემლ-ჩაქუჩ-უზანგს და ტვინში მიღწეული აგზავნის იმპულსებს ტუჩის კუთხეების განზე გამწევ კუნთებთან. ეს ერთი შეხედვით ურთულესი მექანიზმი გამოწვეულია ქუთაისლების მეტყველების განსაკუთრებულ უნართან, აამოქმედონ ან გააღიზიანონ ეს იმპულსები. ტექსტში ნახსენები ყველა უჩვეულოდ დამახინჯებული არსებითი თუ ადამიანის სახელი ჩათვალეთ ნახსენები მექანიზმის გააქტიურების ავტორისეულ მცდელობად.
ავტორი მედიცინაში ვერ ერკვევა და ტერმინოლოგიურ და ანატომიურ შეუსაბამობებზე გთხოვთ ნუ გამოეკიდებით.
სმაილი კი ინგლისური სიტყვაა და გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, – ჩვენებურად ტუჩის კუთხეების განზე გაწევას ნიშნავს.
ბორხესას განუყრელი ხინკალა ქუდი ეხურა, რომლის ქვემოდან გრძელი თმები მოუჩანდა. შავი სათვალე პერანგის ჯიბეზე ჩამოეკიდა და რომ შემომხედავდა, მე მირეკლავდა, ლევანას შეხედავდა, – ლევანას. მე ყოველთვის ყველაფერი შუალედურის მომხრე ვარ. ბორხესა, ჩემი აზრით, სულ ოდნავ ზედმეტად ნაკითხია და ლევანა კი სულ ოდნავ ძველი ბიჭი. ამათ ორივეს მაღალი ქალები მოწონთ, მე საშუალო სიმაღლის. ამიტომაც მე უფრო ბევრი ქალი მყოლია.
ლევანა კუხნისკენ წავიდა. ელექტროჩაიდანის ღილაკს დააწვა, მერე მაცივარი გამოაღო და ყავა თუ გაქვსო,- მკითხა. ყავას მაცივარში რა უნდა, შე ჩემა-თქო, – ვუთხარი. ეგრევე მივხვდი ჩემი პასუხის უადგილობას, იმიტო რო ლევანამ ყურადღებაც არ მომაქცია, ისე გამოიღო გაერთმესამედებული ერთჯერადი პეჩენიებიანი პარკი, მერე კარადიდან ყავა გამოიღო და მზადებას შეუდგა.
– მე ჩაი გამიკეთე რა! მისკდება თავი! – ვუთხარი.
– ახლა ბევრს ნუ აიღებ შენ თავზე. პივა მოგიტანა ბორხესამ. როდის დადეს ორლიტრიანი ,,მთიელი” მაგიდაზე, არც შემიმჩნევია.
– კაი, ბატონო! შენ როდის მერე არ სვამ პივას? – მივუგდე ლევანას ისე, რო პასუხით არც დავინტერესებულვარ, – აბანოში შევედი და, როგორც იქნა, ცივი წყალი სახეზე შევისხი.
ბორხესამ ჯერ მთელი სახლი აირეკლა სათვალეში და მერე ჩემს ,,ასუსთან” დაჯდა, მერე ფრანის ,,ხე” ჩართო, ,,ხოა ქურდული პროსტა!” – ლევანას უთხრა.
– ქურდული კუჩინია! – აჯახა ლევანამ და გავიგონე, როგორ მოხვრიპა ცხელი ყავა.
– გამორთე რა! ისედაც ცუდად ვარ! – შევეხვეწე ბორხესას, სავარძელზე მივეგდე და თვალები დავხუჭე. იმან მხოლოდ დინამიკს დაუწია.
– ბიჯო, ბელკაიას მაღაზიაში რო შეხვალ, იმენნა წიგნების სუნი დგას”.
– რატო თუ იცი? – ვკითხე ისე, თვალებიც არ გამიხელია.
– იმიტო რო ბიბლიოთეკა იყო, შე ჩემა! – თქვა ბორხესამ, მიუხედავად იმისა, რო იცოდა, ყველამ ვიცოდით. ,,კუპატები იყიდება, კალბასები, არყები და მაინც წიგნის სუნია.”
– აუ, ახლა ბელკაიას მაღაზია სირზე მკიდია მე! – თქვა ლევანამ და კი არ დადო, დააგდო ჭიქა მაგიდაზე.
– დამიმტვრიო იქნება! – ახლა გავახილე თვალები.
– დაგიმტვრიო, თვარა მადონასია!- მითხრა და სავარძელთან ჩამიცუცქდა.
– რა ქენი გუშინ, მოდღანი ის ვარდისფერტრუსიკიანი? – ისე ჩუმად მკითხა, ბორხესა იძულებული გახდა, მთლად ჩაეგდო ხმა დინამიკისთვის.
,,დღვნა“ უცნობი წარმოშობის სიტყვაა და გაუკუღმართებულ სექსს ნიშნავს. დღეს გამოყენებაში მხოლოდ იუმორის გრძნობის მქონე დასავლეთელ აცვენილ ბიჭებში გვხვდება.
ავტორი თავს დამნაშავედ გრძნობს მკითხველის წინაშე, რადგან ამ უკანასკნელმა ვარდისფერტრუსიკიანი გოგოს არსებობა ახლახან შეიტყო.

წინა დღე.
– ეს სამყარო გაჟღენტილია ტყუილებით. სულ ოდნავ ჩაფიქრება და იმდენ ტყუილს აღმოაჩენ… – ბორხესას უკვე ეტყობოდა სიმთვრალე, რაც, მე თუ ვინმე მკითხავს, მისი ერთ-ერთი საუკეთესო თვისებაა. მე წინა მაგიდაზე მსხდომ ქალებს ვუყურებდი, უფრო სწორად, ჩვენგან ზურგით მჯდომ ახალგაზრდა ქალს და მათემატიკური სიზუსტით თუ ვიტყვი, იმ ქალის ლურჯი ჯინსის სათავეს, ვარდისფერი ტრუსიკის თითქმის ზედა ნახევარს, გავის ძვლის რამდენიმე ბორცვს და ლურჯი მაისურის ქვედა მეექვსედს.
ლევანია ხინკალში ძმრის განზავებით იყო გართული. ხანდახან მე შემომხედავდა, ჩემ მზერას თვალს გააყოლებდა და ლუკმა ყელში ეჩხირებოდა. ხან ბორხესას ლაპარაკს აწყვეტინებდა ხინკლის შეფიცხების თხოვნაშეპარებული მოთხოვნით.
– აი, მაგალითად, არსებობს ფერი ვარდისფერი, ხო, მაგას შენ რო მიჩერებიხარ, ახლა წითელი ტრუსიკი რო ეცვას…
აქ ალბათ წმინდა ძალები არია ბორხესამ, რადგანაც ჩემი ინტერესიანი თვალები რამდენიმე წამით მიიპყრო.
– აი, წითელ ტრუსიკზე ხო არ იტყოდი ვარდისფერიაო? არადა, ვარდი წითელიც არსებობს. თეთრზეც არავინ ამბობს, რომ ვარდისფერია. ია სულ იისფერია, ნარინჯიც სულ ერთი ფერია, სტაფილოც არ არსებობს სხვადასხვა ფერის და ვარდი უამრავი ფერია და მაინც ვარდისფერი…
– ცაც მასე არაა? – ვუთხარი მე სხვათა შორის და იმ ქალის წელს გავხედე. ახლა შევამჩნიე, – მაისურზე წრეში ჩახატული პირში სიგარეტგაჩრილი კაცი ეხატა, რომლის წინ ქალი ჩაცუცქულიყო და წრეში ჩასმული ორი წითელი ხაზი ერთმანეთს კვეთავდა მამაკაცის შარდგამომყოფ ორგანოებსა და ქალის სამეტყველო აპარატზე. წრის ზემოთ წარწერა: no smocking.
მაგიდაზე დაგდებული ,,გალუაზის” კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე და ყველაზე ღრმა ნაფაზი დავარტყი, რაც ოდესმე დამირტყამს. ლევანიას ოფიციანტი ყავდა დათრეული და რაღაცეებს უხურებდა.
– ცა მასე არაა, ბიჯო. – ჩაილაპარაკა ბორხესამ კაიხელა პაუზის მერე.
ვქეიფობდით ფულით, რომელიც ლევანიამ გაჩითა, უფრო სწორად, ღიად დარჩენილი X-5-ის სალონში ნაპოვნი ნიანგის ტყავის ჩანთიდან ამოიღო.
მკითხველი ნახსენები ფაქტის გამჟღავნებას ნუ ჩათვლის ავტორის ჩამშვებლობად ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერად, უბრალოდ, ის პატიოსანი და კეთილშობილი მოქალაქეა და თავის თავთან არ იქნებოდა მართალი, ხმამაღლა რომ არ ეთქვა.
აქვე ავტორი კულინარიულ ცოდნასაც გაგიზიარებთ. იმ მამლის ხორცი უფრო გემრიელია, რომლისთვისაც სულ ერთი არაა, გათენდება თუ არა.
– ბიჯო, ბჟიტი ტყემალში მოვატანიო? – გვკითხა უცებ ლევანამ.
– ჩემი პატარა პრინცია ეს ჩემისა! – მითხრა ბორხესამ და თავი ლევანიასკენ გადააქნია, მერე ოფიციანტს ახედა და ,,ციდანაა ჩამოფრენილი და იმიტოო” – აუხსნა.
ლევანამ თვალი თვალში გაუყარა ბორისს, ჩუმად ჩაფშტვინა და სტვენის მელოდიაზე ხელი თავის შარვლის ზმეიკისკენ ჩაიქნია.
– ლევანჩიკ, ძმურად, იმ გოგოებს გავუგზავნოთ ბჟიტი! – შევეხვეწე.
ბორხესას გაეცინა. ლევანა ახლა მთელი ტანით მიტრიალდა გოგოებისკენ და კარგად დააკვირდა. მერე მე და ბორხესა ორივე განგვაცვიფრა, როცა ოფიციანტს უბრძანა, იმათ ჩვენგან ბჟიტი ტყემალში მიუტანეო. ჩვენთვის შვიდასგრამიანი წიწაკის ,,ნემიროფი” და იმერული ხაჭაპური დაამატებინა.
– ბიჭები, დღეს ჩემი დროშა უნდა ავაფრიალო რაიხსტაგზე! სამი თვეა უკვე არც მგონია, თუ ფრიალობს საერთოდ! – ვთქვი მე და მოსკოვში გატარებული დრო გამახსენდა, ზუსტად ისე, ბაბუაჩემს რო ახსენდებოდა წყალტუბოს სანატორიუმები.
მოსკოვში ყველაფერი ადვილია. ჯერ ერთი, რო იქ ნასვამი სლავი ქალისთვის ქართველი მამაკაცი ხუთი–ათი სანტიმეტრით მეტს ნიშნავს, ვიდრე რუსი, ღამეში ხუთი სექსი მაინცაა და აქედან მინიმუმ ოთხი უეჭველი ორგაზმია, ასეთ რამეზე კიდე წმინდა კატუშას დედათა მონასტრის მონაზვნები თუ იტყვიან უარს მხოლოდ. თან რუს ქალთან ურთიერთობაში ჩემთვის იყო პატრიოტიზმის ელემენტებიც. ნიზკი პაკლონ ვაში კრასატი და ვეძებდი მერე დილით დაკარგულ პულსს.
აქ კიდე ქუთაისი ჯერ ისევ საქართველოს მეორე კულტურული და სამრეწველო ქალაქია და მასე იოლი არაფერია. ესენი კი არ გვანან არმკადრებლებს, მარა მაინც.
მიიტანა, როგორც იქნა, შავბაბოჩკიანმა მიმტანმა ჩვენი გაგზავნილი ბჟიტი ტყემალში იმათ სუფრაზე და ჩვენკენ ანიშნა. მოტრიალდნენ და მადლობის ნიშნად გამომწვევად გაგვიღიმეს. მერე კითხვები დააყარეს მიმტანს, რა კერძია, რისგან შედგება, ბჟიტი რა არის და ასეთები… მერე კი დაახლოებით, როგორც რკინის ლედი იზამდა ამას, ისეთი პეწით დაგემოვნება დაიწყეს.
იმ ვარისფერტრუსიკიანის სახე ზუსტად ისეთი იყო, შეკერვა რო არ გამიჭირდებოდა, ასე მომეჩვენა მე.
შენიშვნა: ავტორი დარწმუნებულია, ბჟიტის მნიშვნელობა ყველასთვის გასაგებია და რათა მკითხველმა თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს, ახსნისგან თავს იკავებს.
– კაროჩეე, მორჩებიან თუ არა, უნდა მივაჭრა! – არაყი ჩამოვასხი, ერთ ნაჭერ იმერულს დავწვდი და სისხლძარღვები უსადღეგრძელოდ გავიფართოვე.
– ახლა მაგას ნიორის სუნი ექნება უკვე პირში! – სიცილით მითხრა ლევანამ.
– ამას არაყის სუნი, იმას ნივრის, ვერ გადადებენ ერთმანეთს ვერაფერს. – თქვა ბორხესამ. რთული შერწყმული საგინებელი წინადადების შედგენა დავიწყე გონებაში, რომ ვიღაც ტიპმა შემაწყვეტინა, უფრო სწორად, იმ ვარდისფერტრუსიკიანს ჭამა შეაწყვეტინა.
მელოტმა სინთეზატორისტმა მიკროფონი ტუჩზე მოირგო და ლევანას საყვარელი და ბორხესას საძულველი ,,მარჯანჯან” მოსცხო.
– ჩხუბში ყოველთვის არის რომანტიკა. – ჩემს გასახელებლად თქვა ბორხესამ. ლევანამ კი ,,ნემიროფის” განახევრებული ბოთლი ღიმილმორეულად მიიწია ახლოს.
ჩიტი მის დღეში არ ვყოფილვარ და მაგის ჩიტი ნაღდად არ ვიყავი, ამათ წაქეზებაზე წამოვგებულიყავი. ისე სივში ჩასაწერ გაფრენებს მეც გავიხსენებდი. იმ ტიპმა რო მიმასწრო, მაინც მაგრად გამიტყდა. ნუ ისინიც სამნი იყვნენ და თუ რამე, მასე იოლად ნაღდად ვერ მოგვერეოდნენ და თუ სალაპარაკო გახდებოდა, ლევანა ათჯერ სამსაც არ ამოაღებინებდა ხმას. რესტორნის, უფრო სწორად, ჩვენი ფინანსების დაზარალება რო მოყოლოდა, ეს მაფიქრებდა ცოტას.
იმდენ ხანს გაუგრძელდა იმ ბიჭს საუბარი, აშკარად იქ არ სტროჩკავდა, სადაც საჭირო იყო და ამდენ ფიქრში მეც გადავწყვიტე, რო ჩვენი გაგზავნილი ბჟიტი ტყემალში მაგ ტიპს კბილებს მოკვეთდა.
– ებიჯო, თუ გაქ ტრაკი, მიდი! – ამოუვიდა ლევანას ყელში. – შენც ვარდისფერტრუსიკიანი ხო არ ხარ!
ჩემი ლურჯი კელვინ კლაინის ასე უდიერი ხსენება აღმოჩნდა პიკი და წამოვდექი.
– ბიჯო, – დამიძახა ბორხესამ, – მოიწმინდე მა ფქვილიანი ტუჩები! ტუჩები ცერა და შუა თითით გავიწმინდე, სიგარეტს მოვუკიდე, წეხანდელი ჩემი ნაფაზის რეკორდი მოვხსენი და დავიძარი.
ახლოდან ის ბიჭი უფრო ჯანიანი აღმოჩნდა, ვიდრე ჩანდა, მარა არც ისე სიმპათიური. ხელი ამ ვარდისფერტრუსიკიანის საზურგეზე ქონდა ჩამოდებული და პირდაპირ დეკოლტეში უყურებდა.
დეკოლტე კი ფრანგული სიტყვაა და იმ მთებს ნიშნავს, მუჰამედთან რომ არ მივიდნენ.
– ერთი წუთი, ჩემი ძმა! – ვუთხარი, ხელი ძალით ავაწევინე, მერე იმ გოგოს მაჯაზე რბილად მოვკიდე, ყურში ვუთხარი ვიცეკვოთ-თქო და თითქმის ძალით წამოვაყენე. მის დაქალებს პირი ღიად კი დარჩათ, მარა იმ ტიპის პირს ვერც ერთის ვერ შეედრებოდა. ვარდისფერტრუსიკიანმა ერთი გაიღიმა და დამყვა. ახლა ჩემი თავხედობა რო ზღვარს კილომეტრებით გაცდა, მაგი მეც ვიცოდი, მარა ხვეწნით იმ ბიჭსაც არაფერი გამოუვიდა და მე რა გამომივიდოდა.
გავიყვანე სადაც ხალხი უკვე ცეკვავდა. თითებზე მისი წელის სითბო უნდა მეგრძნო, ვიღაცის ხელმა რომ შემომაბრუნა და მუჭის ოთხი ამოზნექილი ძვლის დანახვა მოვასწარი. ცხოვრებაში უფრო მეტი მართლა ამიცილებია, ვიდრე მომხვედრია, მარა სხვაობა იმ დღეს იმ ტიპმა შეამცირა. ბევრი ვეცადე, არ წავქცეულვიყავი, არ გამომივიდა. წამოხტომა მინდოდა უცებ, მაგრამ ეს გოგო ჩემთან ჩაიცუცქა, ორივე ხელები ლოყებზე დამადო და როგორ ხარო, – ლიქიორის და ტყემლის სუნი შემომასუნთქა. მოცილება მინდოდა, ბრაგუნი რომ გავიგონე და ის ტიპი უგონოდ დაეცა მეტლახზე. ლევანიას ხელში ისევ მთელი ,,ნემიროფის” ბოთლი ეჭირა და ბოლო ხმაზე იგინებოდა. შემოსასვლელიდან დაცვის ბიჭები მორბოდნენ, სამზარეულოდან ოფიციანტები, ბორხესა ლევანჩიკას გვერდით იდგა და იმ ტიპის წამოჭიმულ ძმაკაცებს რაღაცას უყვიროდა.
საგიჟეთია ქუთაისი.
ხელით სახე ნელა მოვისინჯე, ყბა კი მიჟრუოდა, მარა სისხლი არ მდიოდა. მერე ამ გოგოს თვალებში ჩავხედე და ხიფათიანი ხალხი ვართ ქუთათურები-თქო. – ვუთხარი და გავიღიმე. იმანაც ჩაიცინა და წამოდგომაში მომეხმარა. რაში მჭირდებოდა.
ჩხუბი უკვე ფინიშისკენ იყო. მხოლოდ გაწევ-გამოწევა და უწმაწური გადაძახილები ისმოდა. იმდენი ხალხი, დაცვა დ ოფიციანტი მოგროვილიყო, ძაან რო მოენდომებინა ვინმეს, მეტი არც არაფერი გამოუვიდოდა. იმ ტიპის თავის მეტი არც არაფერი გატეხილა. ლევანა ბოთლს ხელიდან არ უშვებდა. უკნიდან მივადექი და ჩუმად ვუთხარი: ,,წევედი მე”. სად ჩემ ყლეში მიდიხარო! – მომაძახა, მარა პასუხი არც გამიცია, ვარდისფერტრუსიკიანის სკამიდან მისი ჩანთა მოვხსენი, გოგოს ხელი ჩავავლე და გარეთ გამოვიყვანე.
ასე მეგონა, ნიკეას გამზირზე კი არა, კუტუზოვსკი პროსპექტზე მივაბიჯებდი. მინისტარის გზაჯვარდინზე ვაკოცე პირველად. მერე თუ გინდა ქუთაისს დაგათვალიერებინებ, თუ გინდა შენთან ჩაიზე დამპატიჟე-თქო, როგორც შენ გინდაო. ჭავჭავაძის გამზირს დავაკვირდი კარგად, – ნაღდად ჭავჭავაძის იყო. მაშინ, ხარაშო, – ვუთხარი მე, – ახლა ისეთი მთვრალი ვარ და შენც თუ ჩემი ძალიან არ გეშინია, ჩაი მირჩევნია-თქო. საშიში და ჩაის მოყვარული კაცი მე არ მინახიაო, – მითხრა. თვითონაც კაი ნასვამი იყო. თან მე ნომერში დაცვა მყავსო. დაცვა ნაღდად არ დამიჯერებია, მარა მაინც ვუთხარი, ჩემთან დაცვა შენ არ გჭირდება, შეგიძლია გაუშვა, მაგანაც ვინმესთან ჩაი დალიოს-მეთქი. გავიცინეთ ორივემ.
საფიჩხიაზე სასტუმრო ,,დიანაში“  ყოფილან გაჩერებულები ეგ და მისი დაქალები. დაცვა გაბანჯვლული, ვირთხისხელა იორკშირ-ტერიერი შეიქნა, ერთი ტკბილი ბგერა რო არ დაცდენია, – სულ იღრინებოდა და იღრინებოდა. ათას დოლარიანი ძაღლიაო, ისე მითხრა, ჯიბეში დაკუჭული ათლარიანი ამეწვა.
ჩაის მაგივრად ცოტა კონიაკი მივარტყი და ვაფრიალე ჩემი ალამი შუაღამემდე.
არ მიყვარს, ქალები რო თვითონ იხდიან ტრუსიკს, არ მომხდარა ჯერ ისე, ქალისთვის საცვალი გამეხადოს და მიწის მიზიდულობის ძალა არ დაჩაგრულიყოს.
დილით ექვს საათზე გამეღვიძა. ოთახში ისეთი მძიმე სუნი იდგა, ცოტაც და გული ამერეოდა. შუქის აუნთებლად ფეხაკრეფით გავედი სამზარეულოში და ონკანის წყალს პირი შევუყუდე. იმდენი დავლიე, ახლა წყალი დამაწვა გულზე და მომეჩვენა, პლასტმასის გემო დამიტოვა თითქოს. ვიფიქრე, რუსი ქალების წარმოდგენები და მაგათი დედაც, მშვიდ ძილს გავაგრძელებ, ბოლოს და ბოლოს, ქართველია, ამას რას მოატყუებ-თქო.
შევედი თუ არა ოთახში, სუნზე ისევ წამომაზიდა. ტუალეტში გავიქეცი და ვერ მივაღწიე. ზუსტად ტუალეტის კარებთან ვაღებიე. კვატივით ვარწყევდი და ტყემალში ჩაწყობილი ბჟიტის სუნი მცემდა. როგორც იქნა, სული მოვითქვი. ვარდისფერტრუსიკიანის დაცვა სულ მწუ-მწუთი გამოვიტყუე საძინებლიდან და ე, შენ თუ მიშველი ახლა-თქო და სულ ტხლაპა-ტხლუპით დაიწყო ჩემი გადარჩენა.
საძინებელში შევედი. ისე ფშვინავდა, მეთქი ხო არ იგუდება ეს ჩემისა, ხელის ცეცებით სიბნელეში მოვძებნე ტრუსიკი, შარვალი, მაისური, ნასკები. ფეხსაცმელები შემოსასვლელში ჩავიცვი, კარი ჩუმად გამოვიხურე და გამოვიპარე.
საფიჩხიას დილის ცივი ნიავი ბორჯომზე უკეთესია ნაბახუსევზე.
მოვდიოდი დაღმართში და მიუხედვად სირცხვილისა, მაინც კმაყოფილი ვფიქრობდი. ბორხესა იძახის, ჩვენო, დუმფარები ვართო. ეს ქალაქი ჭაობია და იშვიათად, რო ვინმე არ ჩაძიროსო. ვინც ვერ ჩაგვძირა, დუმფარები ვართ და მანამ ვიყოთ კარგად, სანამ დუმფარები ჭაობში არ ჩაიძირონო. მაგი ქუთაისზე აღრენილია. ამ ქალაქის გამო ერთხელ ერთს დაშორდა. ყველა სიყვარულის დედას არ შევეცი ერთი, ბორხეს, როცა რაიმეს გამო წყდება? ჩვენ გვჩვევია პროსტა გადაბრალებები.
ამასობაში თეთრ ხიდზე გადმოვედი და ბჟოლებისკენ ჩავუყევი.
ჩემი ერთი სომეხი ძმაკაცი იძახის, ეს ქალაქი მაგნიტს გავსო, აქ თუ ხარ, მიგიკრავს და განძრევის საშუალებას არ გაძლევს, მოშორდები და წიანეტ, წიანეტ, წიანეტო. აი ლევანჩიკა იძახის ჩესტნად, – ქუთაისი ბნელია, მარა დედისმტყვნელიაო. მე კიდე ქუთაისი იმიტო მიყვარს, რო ოღასკურას სასაფლაოა აქ და კიდე იმიტო, რო სხვაგან რო სირცხვილით დაიწვები, აქ იმაზე სიკვდილამდე იღადავებ. და კიდე იმიტოც, რო აქ ვიღაც ნაშა ჩამოვა თავის ათასდოლარიანი ძაღლით, დილამდე იხმარ, მის ძაღლს ნარწყევით გააძღობ და გამოუმშვიდობებლად დაეთესები. იგი მაინც კმაყოფილი წავა, იმიტო რო ქუთაისლები უცნაურად კაი ტიპები არიან და ყველგან მასეთებს ვერ გადაეყრები.
ისე კი დუმფარაც კაი უცნაური მცენარეა.
ნინოშვილის ქუჩა ჩავიარე და პატარა ბაზართან გამოვედი. ღადაობა იქეთ იყოს და მაინც გულის სიღრმეში მიტყდებოდა ჩემი საქციელი.
აბესალო გორდაძის დარგულ მუხას კენწეროზე ელამუნებოდა ამომავალი მზის სხივები, სახლს რო მივაღწიე. დაბანის თავი სად მქონდა, გაუხდელადვე მივეგდე ლოგინზე იმ იმედით, რომ გაღვიძებულს არაფერი მემახსოვრებოდა.
 . . .
– ააფრიალე შენი ბაირაღი თუ არა, ბოლოს და ბოლოს? – ჩამაცივდა ლევანა.
– ნაპერწკლები არ გავაყრევიე? – ისეთი ტონით ვუპასუხე, ეჭვის შეტანა როგორ გაბედეთს რო ნიშნავდა.
ამათმა სიცილი დაიწყეს.
– რა იყო უქიმერიონში ვართ?
– უქიმერიონში ბოზები არიან! – შემიღრინა ლევანამ.
– აბა რა დაკითხვა მომიწყვეთ!
– შენი ნატრაკი არ იქნა! გუშინ შენ შეგვატოვე იმ ხალხს და წესიერი პასუხის გაცემაც არ გინდა? – ამოიღო ხმა ბორხესამ.
– მოვლენ იგენი ამ საღამოს.
– მევიდნენ. მაგენის დედაც მოვტყან! – ჩავილაპარაკე ჩემთვის.
– პარაბელუმთან ძველი ტეტეც უჯრაში გდია თუ რა იყო? – ნერვებს მიშლიდა ბორხესა.
– გათხრიან ტრაკში.
– ბიჯო, თქვენ შარზე ხო არ ხართ?
– აბა თქვი, სად წადი გუშინ.
– საფიჩხიაზე ვიყავი სასტუმროში.
– შენ მთელი ღამის ნასიამოვნები ხარ ახლა?
– რა გინდათ, ბიჯო, რა შემეცით, ვიდეოს ხო არ გადავიღებდი.
– დას ისტ ფანტასტიშ! და რამე – გაეცინა ბორხესას, ლევანას წარბი არ გაუხსნია – ეს ყველაფერი იმისთვისაა, რო ესენი ჩემი გუშინდელი საქციელის გამართლებას მაშინ შეძლებენ, თუ იმ გოგოსთან ყველაფერი ისე მექნებოდა, როგორც ფრანგულ კინოებშია, იმიტო რო ეგ აქ იშვიათობაა და ყველას ეპატიება, მე კიდე მასეთი პახაბნი ნაღდად არა ვარ, ქალებთან სექსზე დამამტკიცებელი საბუთები ვიგროვო.
– რა იყო გუშინ, დაგიბრაგუნეს ? – ვცადე თემის შეცვლა.
– მაგენის დასაბრაგუნებელი აგერ მაქვს! – თქვა ლევანამ და თავი დაიქნია.
– ხოდა, გამანებეთ თავი, ისედაც ცუდად ვარ!
– არ შეიძლება, ბიძია, მასე არ შეიძლება! –
მაღიზიანებდა მაგრად ლევანას ლაპარაკი და ისე გავხედე, რაც შემეძლო, ვაგრძნობინე.
– შენ მაინც ასწავლე რამე! – უთხრა ხელისჩაქნევით ბორხესას.
– ერთ ჭიქაში ერთ გრაფინ წყალს ჩაასხამ? – უპასუხა ბორხესამ.
– ებიჯო, იდი ნახუით ახლა! – მართლა ამომიყვანეს ყელში.
– ჩვენ კი წავალთ, მარა მოვლენ იგენი ამ საღამოს და გაგირომბავენ თავს.
– აგერაც შევხედავ.
მართლა არ წავიდნენ? ადგნენ და წავიდნენ. ამაზე მთლად გავბრაზდი. ამ დილით დამადგნენ, პახმელიაზე ვარ, ვკვდები, ნერვები მიშალეს, პატარა მატყუარა ბიჭივით არაფერი დამიჯერეს და კიდე ნაწყენები ესენი წავიდნენ. მოგსტყნიათ პატრონი! ორლიტრიანი ,,მთიელი” მოვიყუდე და კარგა ბლომად ჩავიცალე, მერე აქლემივით დავაბოყინე და საძინებელში დავბრუნდი. ადიალა გადავწიე, ჩუსტები უწესრიგოდ მივყარე, ჯერ ნასკები გავიხადე, მერე მაისური, ქამარი შევიხსენი და შარვალი გავიძვრე… ის იყო, ლოგინში უნდა მედურთა თავი, გავშეშდი. ჩემი ლურჯი ,,კელვინ კლაინის” მაგივრად ვარდისფერი ტრუსიკი მეცვა. ხუთჯერ დავაპაჭუნე თვალები. ვარდისფერი, ნახევრად გამჭირვალე ტრუსიკი ისე სასაცილოდ ეხამებოდა ბანჯგვლიან მუცელს და ფეხებს, ისტერიკულად ავხარხარდი, მობილური ჩავრთე, ბორხესას ნომერი ავკრიბე და სულისმოთქმამდე კაი ხანს ვიცინე.
– მოდით, თქვე სირებო აგერ, მოდით.

© არილი

Facebook Comments Box