ახალი ამბები,  ახალი წიგნები

დეკემბრის ბიბლიოდღიური

გაეცანით გასული წლის დეკემბერში გამოცემულ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნებს ჩვენს ბიბლიოდღიურში:

კარლ გუსტავ იუნგი, „ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს“, გამომცემლობა დიოგენე, 2022, მთარგმნელი: მაია ბადრიძე

წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.

ზიგმუნდ ფროიდი, „რჩეული შრომები“, გამომცემლობა დიოგენე, 2022, მთარგმნელი: მაია ბადრიძე

ზიგმუნდ ფროიდის „რჩეული შრომები“ XX საუკუნის დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ხუთ მნიშვნელოვან ნაშრომს მოიცავს: „ერთი ილუზიის მომავალი“, „კულტურით უკმაყოფილება“, „ტოტემი და ტაბუ“, „დოსტოევსკი და მამის მკვლელობა“, ლეონარდო და ვინჩის ბავშვობის მოგონებები“.

ალენ ვანიე, „ფსიქოანალიზის შესავალი“, გამომცემლობა დიოგენე, 2022, მთარგმნელი: გიგა მამინაშვილი

ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პარიზის დიდროს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს. წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ნინო ხარატიშვილი, „უკმარი სინათლე“, გამომცემლობა ინტელექტი, 2022, მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე

დიდხანს ნანატრი თავისუფლების მოპოვების შემდეგ საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო ქაოსში ამოყოფს თავს. ძველი თბილისის მომაჯადოებელ ხისრიკულებიან აივნებსა და ნესტიან კედლებს შორის, 80-ანი წლების ბოლოს, ოთხი გოგონა უკავშირებს ერთმანეთს საკუთარ ბედს: თავისუფლებამოწყურებული დინა, ჭკვიანი აუტსაიდერი ირა, ქალაქის ყველაზე ძლევამოსილი „კანონიერი ქურდის“ ძმისშვილი, რომანტიკული ნენე და მგრძნობიარე ქეთო. მათი მეგობრობა ყველაფერს უძლებს – პირველ დიდ და ფარულ სიყვარულს, ქუჩებში გამეფებულ ძალადობას, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ, გაყინულ ქალაქს, ქვეყანაში შემოდინებულ ჰეროინს, ახალგაზრდა დემოკრატიის სიმყიფესა და სამოქალაქო ომს – სანამ მათ კავშირს უპატიებელი ღალატი და კიდევ ერთი ტრაგიკული სიკვდილი არ დაამსხვრევს…

ნინო ხარატიშვილი მდიდარი, ემოციური ენით ჰყვება დაკარგული მიწისა და დაკარგული თაობის ისტორიას; ამბავს რევოლუციისა, რომელიც საკუთარ შვილებს შთანთქავს; ჰყვება სიყვარულსა და ღალატზე და ოთხი ქალის უპირობო, ბედისწერის წინააღმდეგ მებრძოლ მეგობრობაზე.

ლუკა ბაქანიძე, „რომელი ხარ სარდაფსა შინა“, 2022, გამომცემლობა პალიტრა L

„სად ხარ ლაზარე?“-ს (ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი პროზის ნომინაციაში) შემდეგ ეს ლუკა ბაქანიძის მეორე პროზაული კრებულია, რომელიც 8 მოთხრობასა და 20 მინიატურას აერთიანებს.

„მე არასოდეს მითევზავია, მაგრამ თვალწინ მიდგას ამ კრებულის ყველა მეთევზე. არც ის მგონია, ბევრი მეთევზე მწერალი დააბიჯებდეს დედამიწაზე. არც ის ვიცი, როგორია მეთევზისთვის საუკეთესო ამინდი, მაგრამ ვიცი, როგორი ამინდია ბაქანიძის ტექსტებში – სევდის, სიყვარულის და პაწია დეტალების – საუკეთესო ამინდი სიცოცხლის შესაგრძნობად“ – ასე ეხმიანება კრებულს თამთა მელაშვილი.

კამილა შამზი, „ხანძარი სახლში“, 2022, გამომცემლობა პალიტრა L, მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე

ისმა თავისუფალია. დედის გარდაცვალების შემდეგ და-ძმის მოვლას თავისი სურვილებისა და ოცნების მრავალი წელი შეალია. ახლა ორივე ზრდასრულია და ისმას შეუძლია სწავლა გააგრძელოს ამერიკაში… მაგრამ მაინც არ ასვენებს ფიქრი ანიკაზე, თავის ლამაზსა და ჯიუტ დაზე, და პარვიზზე, ჯიჰადი მამის საქმის გაგრძელებაზე მეოცნებე ძმაზე, ერთ დღესაც რომ გაუჩინარდა. მერე დების ცხოვრებაში გამოჩნდება ეიმონი – გავლენიანი მინისტრის ვაჟი, რომელიც მამის თანამდებობასა და მის ავტორიტეტს ქვეყანაში, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს…. უწევდა… ანიკასთან შეხვედრამდე. მამის მინისტრობა მისთვის საყვარელ ქალთან ბედნიერების შანსი გახდა. დიდ ბრიტანეთში ორი ოჯახის ბედი დამანგრევლად იკვეთება და იბადება კითხვა: სიყვარულისთვის რამხელა მსხვერპლის გაღება შეგვიძლია?!

როგორც “The guardian”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ, „ხანძარი სახლში“ ანტიგონეს ამბავია, რომელიც თანამედროვე სამყაროში მიმდინარეობს. რომანი ბუკერის პრემიის გრძელ სიაშიც იყო დასახელებული.

უილიამ ფოლკნერი, „იგავი“, 2022, პალიტრა L, მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე

„ლიტერე ინვენტეს“ სერიას უილიამ ფოლკნერის “იგავი” შეემატა.

უილიამ ფოლკნერი „იგავზე“ ათ წელზე დიდხანს მუშაობდა და თავისი შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევდა. 1955 წელს ტექსტმა მიიღო როგორც პულიცერის პრემია, ასევე წიგნის ეროვნული ჯილდო.

მოქმედება ვითარდება საფრანგეთში, პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს არის ამბავი ომზე, თითქმის საომარი მოქმედებების გარეშე. კაპრალი სტეფანი ჯარისკაცებს უბრძანებს, არ გადავიდნენ შეტევაზე. მიზეზი? ამ უაზრობის – ომის – მოსათავებლად მხოლოდ ერთი სიტყვა გვეყოფა! უნდა ითქვას და ეს სიტყვა ითქვა. მაგრამ ომში „გვეყოფა“ უკვე ამბოხია…

ალი სმითი, „ზამთარი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

„ზამთარი“ მწერლის მიერ დანახულ დღევანდელობას ასახავს – მტკივნეული პოლიტიკური კონფლიქტებითა და კოლიზიებით, ელექტრონული ტექნოლოგიებით დამძიმებული და გაუცხოებული თანამედროვე ადამიანის სულიერ მდგომარეობას, განსხვავებული აზრის მიუღებლობას, სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, უკიდურესობამდე გართულებულ ოჯახურ ურთიერთობებს, რაც, შესაძლოა, მოულოდნელი ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ძვრების გამომწვევიც კი იყოს. აქ აღმოაჩენთ, რომ ის, რაც თითქოს ზოგადსაკაცობრიო განსაცდელად გამოყურება, თურმე შეიძლება სავსებით ნაცნობი, ახლობელი და ხელშესახები იყოს ჩვენი, ქართული სინამდვილისთვისაც.

სმითი თავის ტექსტებში აკავშირებს ხელოვნებასა და ლიტერატურას, კინოსა და ფიქციას, ისტორიასა და აწმყოს, ერთმანეთს აცნობს უცნობებს, აერთიანებს ადამიანებს, შეგვახსენებს ჰუმანურობის მნიშვნელობას. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მან შეძლო რაღაც ნამდვილად მნიშვნელოვნისა და დასამახსოვრებლის შექმნა, ასახა თანამედროვეობის გამოწვევები და მომავალ თაობებს უთხრა, რას ნიშნავს, ცხოვრობდე სტრესულ დროს და გადარჩე ხელოვნების დახმარებით.

ისმაილ კადარე, „მკვდარი არმიის გენერალი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: პაატა ჯავახიშვილი

ისმაილ კადარე ალბანელი მწერალი, პოეტი, ესეისტი და სცენარისტია. დაიბადა ალბანეთის სამხრეთში 1936 წელს. წერა ძალიან ახალგაზრდამ, 1950-ანი წლებიდან დაიწყო. „მკვდარი არმიის გენერალი“ მისი პირველი რომანია, რომელიც 1962-1966 წლებში დაწერა. აღსანიშნავია, რომ „მკვდარი არმიის გენერალი“ Le Monde-ს საუკუნის ას საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა და საერთაშორისო ბუკერის პრემიის პირველ გამარჯვებულადაც დასახელდა.

1960-ანი წლების დასაწყისში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, ერთ იტალიელ გენერალს, მღვდლის თანხლებით, რომელიც ასევე იტალიის არმიის პოლკოვნიკია, ალბანეთში გზავნიან ომის დროს დაცემული თანამემამულეების ცხედრების საპოვნელად და მათ გადასასვენებლად სამშობლოში, იტალიაში. მისია ძნელი, საინტერესო და მოულოდნელი თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. გენერლის მისია ეროვნული ღირსების გამოხატულებად არის აღქმული და ისიც საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით იწყებს შესრულებას, მაგრამ ნელ-ნელა გენერლის შეხედულებები იცვლება, მისი უდარდელი თავდაჯერება კი ირყევა.

არჩილ ქიქოძე, „მექსიკური დღიური“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა

არჩილ ქიქოძე „მექსიკური დღიურის“ შესახებ ამბობს: „ამ წიგნს დღიური ძალიან პირობითად ჰქვია, რადგან ის ორ ნაწილად დავწერე თბილისში უმშვენიერესი ქვეყნიდან ორჯერ დაბრუნებულმა. „მექსიკური დღიური“ მონატრებამ დამაწერინა. მინდოდა მომეთხრო ის, რაც ვნახე და განვიცადე სახლიდან შორს, ხან მარტოდმარტომ და ხანაც ღირსეული ადამიანებით გარემოცულმა.

ეს არც ტურისტული გზამკვლევია და არც რომანი, მე თვითონაც არ ვიცი, რა ჟანრისაა წიგნი, რომლის წერაც მხოლოდ სიხარული იყო ჩემთვის, ისევე როგორც ქვეყანა, რომლის ხალხის და ბუნების აღწერაც გავბედე“.

სალმან რუშდი, „ოქროს სახლი“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: სალომე ბენიძე

„ლიტოდისეას“ სალმან რუშდის რომანი „ოქროს სახლი“ შეემატა. „ოქროს სახლი“ პირველად 2017 წელს გამოსცეს და მას მაშინვე უწოდეს „დონალდ ტრამპის ისტორია“.  ბარაკ ობამას ინაუგურაციის დღეს საიდუმლოებით მოცული მილიარდერი ნიუ-იორკში, გრინვიჩ ვილიჯში სახლდება. ექსცენტრული ახალმოსახლის გამოჩენა მეზობლებს ცნობისმოყვარეობას უმძაფრებს. უცნაური სახელისა და ძნელად გამოსაცნობი აქცენტის მქონე კაცს თან ახლავს სამი სრულწლოვანი ვაჟი, მაგრამ არ ჩანს არც დედა, არც ცოლი.

როგორც ამბობენ, ამ წიგნით რუშდი რეალიზმს დაუბრუნდა და, შედეგად, შექმნა ეპიკური ამბავი სიყვარულისა და ტერორიზმის, დანაკარგისა და აღმოჩენის შესახებ.

იტალო კალვინო, „კოსმოკომიკური ამბები“, 2022, სულაკაურის გამომცემლობა, მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე

იტალო კალვინო იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია, რომლის არაერთი ტექსტიც უკვე თარგმნილია ქართულად. მათ სიას შეემატა „კოსმოკომიკური ამბები“, რომლის მთავარი პერსონაჟი სახალისო ამბებს გვიყვება სამყაროს წარმოშობაზე, დროისა და კოსმოსის ევოლუციაზე; გვიამბობს ატომის, მოლეკულის, უმარტივესი ცოცხალი ორგანიზმის, მოლუსკის, თევზის, ფრინველის, დინოზავრისა თუ ადამიანის პირით; აღწერს თითქოს რაღაც ძალიან შორეულ და, ამავე დროს, ჩვენ ირგვლივ მომხდარ ამბებს, რომლებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, სიყვარულის ამბებია… ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ შეუძლებელია, საგნებსა თუ მოვლენებს ძველებურად ვუყუროთ, უფრო მეტად არ შევიყვაროთ სამყარო.

ლეონარდ კოენი, „ყოველი მათგანის ამბავი“, 2022, გამომცემლობა პოლინომიალი, მთარგმნელი: გურამ ღონღაძე

გამომცემლობა პოლინომიალი ახლახან დაარსდა და, როგორც ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, სალიტერატურო სივრცისთვის ცნობილ, თუმცა ქართულ ენაზე ამ დრომდე უთარგმნელი ავტორებისა და მათი ტექსტების გამოცემას გეგმავენ. სანამ ჯოან დიდიონის „ჯადოსნური ფიქრის წელიწადი“ გამოიცემა, მკითხველს უკვე შეუძლია ორი ახალი გამოცემის შეძენა. მათ შორისაა ლეონარდ კოენის „ყოველი მათგანის ამბავი“.

ლეონარდ კოენის მუსიკალური კარიერა, რომელმაც თითქმის ნახევარ საუკუნეს გასტანა, 1967 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომით The Songs of Leonard Cohen იწყება, თუმცა, მანამდე მან ოთხი პოეტური კრებული და ორი რომანი დაწერა.

„ყოველი მათგანის ამბავი“ მისი მეორე და უკანასკნელი რომანია, რომელიც 1966 წელს გამოიცა. რომანი სავსეა მისტიციზიმით, რადიკალიზმით, სექსუალობით, მრავალფეროვანი ალუზიებითა და სიმბოლოებით.

აღსანიშნავია, რომ რომანი კომერციულად წარმატებულ წიგნად მას შემდეგ იქცა, რაც კოენმა ლიტერატურულ კარიერაზე უარი თქვა. მოგვიანებით წიგნი კანადურ ლიტერატურაში პოსტმოდერნიზმის საწყისადაც კი აღიარეს, თუმცა გამოცემისას მის მიმართ, ძირითადად, უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.

ვირჟინი დეპანტი, „თეორია კინგ-კონგი“, 2022, გამომცემლობა პოლინომიალი, მთარგმნელი: ბაჩანა ჩაბრაძე

პოლინომიალის მიერ გამოცემული მეორე წიგნი ვირჟინი დეპანტს ეკუთვნის.

ვირჟინი დეპანტი ფრანგი მწერალი და რეჟისორია, რომლის პერსონაჟებსაც უსამართლობასთან, ძალადობასთან, ნარკოდამოკიდებულებასთან უწევთ გამკლავება, რაც არც ავტორისთვის იყო უცხო. მისი წიგნი „თეორია კინგ-კონგი“ პირველად 2006 წელს გამოიცა საფრანგეთში.

ვირჟინი დეპანტი თანამედროვე ლიტერატურისა და ფემინიზმის ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი ხმაა.  „თეორია კინგ კონგი“ კი მისი ყველაზე ცნობილი და სკანდალური ტექსტია.

ჟან პოლ სარტრი, ,,რა არის ლიტერატურა“, 2022, გამომცემლობა აგორა, მთარგმნელი: მარინა ბალავაძე

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსის, ჟან პოლ სარტრის „რა არის ლიტერატურა“ პირველად „ლე ტან მოდერნში გამოქვეყნდა რამდენიმე ნაწილად; ის 1947 წლის თებერვლიდან ივლისამდე იბეჭდებოდა, მომდევნო წელს კი გარკვეული შესწორებებითა და შენიშვნების დამატებით გამოიცა ავტორის სტატიების მეორე კრებულში („სიტუაციები II”), რომელიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოვიდა. ეს ტექსტი  პასუხს სცემს  იმ მრავალრიცხოვან კრიტიკას, რომელიც გაისმოდა ლიტერატურული ანგაჟირებულობის პრინციპთან დაკავშირებით. სარტრი არგუმენტირებულად ხსნის მწერლის ანგაჟირებულობის აუცილებლობას და მწერლებისგან ითხოვს საკუთარ თავს დაუსვან შეკითხვა წერასთან მათი დამოკიდებულების გულწრფელობაზე.

იულია ვებერი, „ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის“, 2022, გამომცემლობა აგორა, მთარგმნელი: ქეთევან კიკნაძე

„ყოველთვის ყველაფერი მშვენივრად არის“ ავტორის სადებიუტო რომანია, რომელიც 2017 წელს გამოიცა. ეს უცნაურად სევდიანი რომანი ფაქიზი იუმორით შთამბეჭდავ ამბავს ჰყვება: ცხოვრების ხალისის დაკარგვაზე მოწესრიგებულ სამყაროში და იმაზე, თუ როგორ ცდილობს ორი ბავშვი ამას თავისი საკუთარი ლოგიკით გაუმკლავდეს. ანაისის და ბრუნოს სახით იულია ვებერს და-ძმის უაღრესად ამაღელვებელი წყვილი შემოჰყავს ლიტერატურაში. და-ძმაზე ზრუნვა არ შეუძლია მათ ალკოჰოლიკ დედას, ამიტომაც ბავშვები თავად პოულობენ გამოსავალს, ქმნიან ალტერნატიულ, წარმოსახვით სამყაროს, რომელიც ნელ-ნელა ფარავს სინამდვილეს. იულია ვებერი მტკივნეულ რეალობას ლიტერატურულ ტექსტად გარდასახავს და ბავშვების პერსპექტივის სირთულესა და მრავალფეროვნებას გადმოგვცემს.

რომანს მიღებული აქვს ფრანც ტუმლერის ლიტერატურული პრემია, ალფრედ დიობლინის მედალი, კონრად ფერდინანდ მაიერის პრიზი.

© არილი

Facebook Comments Box