ესე,  პოეზია,  პორტრეტი,  რეცენზია,  ხსოვნა

დიმა ბახუტაშვილი – წერილის მაგივრად

 

დათო წერედიანი! – ვამბობ და სიამაყით ვივსები, არ ვიცი, ეს რა სიამაყეა, შემიძლია გამოცნობა ვცადო და დავიწყებ ბოლოდან: მე სიკვდილის წინ ვეჩხუბე დათო წერედიანს. არ ვიცნობდი, მაგრამ ეგრე მოხდა, გარსია ლორკას თარგმანის გამო. მივედი წიგნის ფესტივალზე, ვიყიდე, ჩამოვჯექი ბიბლიოთეკის კიბეებზე, წავიკითხე და ვეჩხუბე. პუბლიკაცია, რომელიც ცოტა ხნით ადრე დაიბეჭდა, ბევრად უკეთესი იყო, მთლიანი ფრაზები და სტროფები რედაქტირებული და უკეთესობისკენ შეცვლილი. წიგნის ვერსია ჩამორჩებოდა. დაახლოებით გადავთვალე, რომ გაზეთის ბეჭდვას ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე წიგნზე მუშაობას და მივხვდი, რომ ნაჩქარევად გაუშვა დასაკაბადონებლად, მერე შეასწორა და უკვე შესწორებული, ლიტერატურულ გამოცემას მიაწოდა. მოკლედ, მეწყინა. დათო წერედიანი ხარ რა, ადექი და თარგმნე, დაასრულე, გამოწურე, მოქარგე, ფერი და ფონი შეურჩიე და მერე დაბეჭდე. რა დედლაინი აგიტყდა და გამომცემლობის „ჩარჩოები“ და „საბასთვის“ მოსწრება და მისთანანი? აი, ასე გავუბრაზდი. მეორე დილით მივხვდი სად ეჩქარებოდა, როცა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ენა გაგიხმესო. რომ დავფიქრდი, ეგრეც მოხდა, დათო წერედიანის სიკვდილით ჩემი ყველაზე საყვარელი ენის ქარისგან ყველაზე ტკბილად მოშრიალე ხე გახმა. პათეტიკური ვარ? ფეხზე მკიდია, როცა მეტირება, ვტირი. მე დათო წერედიანზე უცრემლოდ ვერ დავწერ. „სახსოვრად დიმოს მამიდისგან, ნიშნად დაბადების ორი წლისთავისა“ – ასე აწერია ძმები გრიმების სამტომეულის პირველ ტომს, რომელმაც ხმა და სინათლე მისცა ჩემს ბავშვობას და ჩემი წარსული მაგიური რეალიზმის სამყაროდ აქცია, მეგობარი გმირები და ურჩხულები შეუსახლა. დიდი დრო გავიდა, ასმა წყალმა ჩაიარა, მე ჯერ წერედიანის ფაუსტი წავიკითხე, ვიიონი წავიკითხე, თავად მისი ლექსები წავიკითხე და ძმები გრიმების ზღაპრების მთარგმნელის ვინაობა მხოლოდ ამის მერე გავიგე, სრულიად შემთხვევით. ღმერთო, რა უცნაური შეგრძნება იყო. ვინ გამიშვა შიშის სასწავლებლად, ვინ გამხადა მოგზაშარავე? ყველაზე და ყველაფერზე მეტად ცხოვრებაში პოეზია მიყვარს და მაინტერესებს. ჰოდა, ბევრი მიფიქრია, რა ენაზე წერს დათო წერედიანი? ვის სჭირდება? ამ ენაზე არ ვლაპარაკობთ, ამ ენაში არ ვცხოვრობთ, სიტყვების ეტიმოლოგიას ხშირად ლექსიკონიდან ვიგებთ, სინტაქსი ყურს გვჭრის. ბოლოს და ბოლოს, რომელი გიორგი მთაწმინდელი ეგაა? ჩაუცვამს კარგად გახამებული პერანგი, შემოუცვამს კოხტად მორგებული ჟილეტი, დაუკვესებია სათვალე, მიუხურავს მანქანების ხმაურისთვის ფანჯარა, მიმჯდარა კომპიუტერთან და ბეჭდავს Word-ის ფაილში: „აღარმცა ჰგონებდი ნახვას“, „რისმა სახმილმა მოგვაგზნო? „მრწემ ვარ…“, „ნუ რჯულზე მელაქარდები“ და ა.შ. ამაზე ბევრი მიფიქრია. არიან პოეტები, საყოფაცხოვრებო ენიდან მაქსიმალურად დისტანცირებული სალიტერატურო ენით ან რადიკალური კუთხური დიალექტით წერენ, სჭირდებათ მონოლინგვისტური თარგმანი, რომ მოკვდავმა რამე გაიგო, ამის შემდეგ კი რა ხდება… თარგმნი და იგებ, რომ არაფერიც არ წერია, ეგზოტიკა შემოგასაღეს, ბანალური, მშრალი ტროპი, რომელიც არის სრულად დაცლილი პოეზიის ჰარმონიისგან და ჯადოქრობისგან. ამ ენაში შესვლა შეუძლებელია, კარი არა აქვს, გლუვია და ცარიელი. დათო წერედიანის ენას აქვს ეს კარი, რომელიც თავად გაიღება, დრო რომ მოალის. ოღონდ ჯერ დიდხანს უნდა იცადო და მერე მოტივს რომ გაიგებ, ღიღინი რომ ჩაგესმება, სიტყვებს რომ შეიჩვევ და დაიმეგობრებ – შედი და დატკბი, ამ ახირებული კაცის ახირებული ენით, რომელიც არ არის არც მეათე საუკუნის პოეტის ენა, არც ხალხური პოეზიის ენა. ასეთი ენა სამყაროში მხოლოდ აქაა. ერთგვარი სინდარინია, რომელიც ჰგავს და ეფუძნება ქართულს. თუ მისი სწავლა გეზარება, თუ ფესვები ქართლის ცხოვრებაში არ გიდგას, რთულია გაგება. გარესამყარო კი, რომელიც არ არის ამ ენის ეკვივალენტური, საერთოდ არ არსებობს დათო წერედიანთან. აქ ცხოვრობს სამყარო ენაში და არა ენა სამყაროში. გასაღები რთულად მოსაძებნია. მარადიული დარდი უნდა აზიდო ისედაც მძიმე ცხოვრების კიბეზე და ლერწმის სალამურზე დაკვრა ისწავლო. სტერილურია დათო წერედიანის პოეზიის ენა, მას ევალება, რომ სამყარო დაუმალოს ყოფიერებას და უმალავს კიდეც. შენც ხორცი გარეთ უნდა დატოვო, როცა შიგნით მიგიღებენ. ვისაც დათო წერედიანის პოეზია გვიყვარს, სულ გვექნება სიამაყის განცდა, რომ სადღაც ახალი ამერიკა აღმოვაჩინეთ. მაგრამ რატომ იქცევა ასე? ვის უმალავს? რატომ უმალავს? მე ამაზეც ვფიქრობდი, ის კი, გულჩათხრობილი, ახირებული კაცი, ბუზღუნა გენიოსი, იჯდა და მსჯელობდა, რომელი შეთანხმება სჯობდა: ლიმონის ნაწურით თუ ლიმონის სიმწარით? მიმზიდველი სინტაგმა თუ უნაკლო სინტაქსი? ფიქრობდა მკაცრი სერიოზულობით, როგორც სიკვდილ-სიცოცხლის მნიშვნელობის საკითხზე. სიტყვების უკან დამალულ ცრუ ასოციაციებს ეჭიდავებოდა და ამარცხებდა, გახამებული პერანგით და კოხტად მორგებული ჟილეტით. საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ. პოეზიის დრო და სივრცე, შეიკუმშა, დაპატარავდა, რელევანტურობა დაკარგა. პოეტი გახდა სალოსი, შეშლილი, რომელსაც არავინ მოუსმენს, რომელიც სასაცილო სოციალური როლისთვის არის გაწირული. რომელმაც ღამის კლუბებში მიმავალ ახალგაზრდებს, ტექნიკურ პროგრესს, კოსმოსში გაფრენილ რაკეტებს, ჟურნალისტური სიმართლით სავსე სამყაროს უნდა მიაძახოს რამე, უნდა ჩაჰყვიროს, როგორც მისი გენეტიკური ბუნება კარნახობს, სცადოს, მოახედოს მისკენ, მაგრამ უმწეოა. იმდენი ფერია გარშემო, ისეთი სწრაფი და შიშველია პლანეტა, პოეტი გახდა შეშლილი, ის აღარაა მქადაგებელი, მეორეხარისხოვანი პერსონაჟია ამ ფილმში. ერთი-ორი ავანტიურისტი გულში ისევ ვაბრუნებთ: „მარტო დავრჩი, სევდა რამე შემომექცა გულსა მურად“, მაგრამ ვინ დაგტოვებს მარტო, ახლა „სევდა რამე“ განკურნებადია, ათას ვირიშვილს შეუძლია გასწავლოს, რატომ არ ხარ ბედნიერი, უმიზეზო სევდის უფლება კი ჩამორთმეული გაქვს. თანდათან პოეტი გატყდა, გახდა დამთმობი, იმ სკამზე მოთავსდა, სადაც კულტურის მესვეურებმა დასვეს, იმ ნასუფრალის ჭამა დაიწყო, რომელიც გადაუგდეს, ძველი დიდების ხათრით, როგორც ჰომეროსის და დანტეს უბადრუკ შთამომავალს, მასხარას. ასეთ სამყაროს გაერიდა დათო წერედიანი, ასეთ ეპოქას დაემალა, გაებუტა, ხმა არ გასცა თავის ენაზე. ლუკმა არ აიღო, მაგის მიგდებული. იდგა თავისი თანდაყოლილი სიამაყით ამ სიგიჟეში და თავის კერძო დროს ძერწავდა, თავის ეპოქას, თავის სამყაროს. იდგა ვულგარული პროგრესის გვერდით და არ ცდილობდა მისკენ მოეხედათ, არ ყვიროდა, თავისთვის ღიღინებდა რაღაცას და არც არავის შეუმჩნევია, ისე მოკვდა. პოეზიას კი უფრო ავიწროებენ, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, „გამოდიან სიტყვით თუ საქმით, მისი უფლების წინააღმდეგ.“ მაგრამ თუ ნებისმიერ მატერიას ბოლომდე შეკუმშავ, ის ხდება ფეთქებადი და სამყაროს წალეკვა შეუძლია. მე მჯერა, რომ ყველა მყარ ლოგიკას, ყველა სწორ და არასწორ მოწყობას, ყველა სოციალურ სტანდარტს წალეკავს ოდესმე ეს სევდა, ძველი და ძვირფასი. ის, რაც გეგონათ, რომ გააქრეთ, ის, რაც ვიწრო ნაპრალებში ჟონავდა და ერთეულები ვეწაფებოდით. სანამ ამ წერილს ვწერდი და ვფიქრობდი, როგორ დამესრულებინა, დათო წერედიანის წიგნი არ დააფინანსა საქართველოს კულტურის და მეცნიერების სამინისტრომ, ვიღაც ბორნით ჩავლილებმა ლიტერატურის მდინარეზე, უსახო, უსახელო კლერკებმა. გამიხარდა და გამეცინა. ეგეც თქვენ, რა გეგონათ, თავს შეგაყვარებდათ? ფეხებზე არ ეკიდეთ?

© არილი

Facebook Comments Box