პროზა

დიმიტრი წიკლაური – ხომლის ჩიტები

1.

მე მათ ხომლის ჩიტებს ვეძახდი, რადგან პირველად ვარსკვლავების ფონზე მოვკარი თვალი. ისინი დედა-შვილი იყვნენ, უიშვიათესი მოდგმის. დღისითაც დამინახავს გორაკის სიახლოვეს, თუმცა ღია ტერიტორიებზე გამოჩენას ერიდებოდნენ. მზესთან ერთად იღვიძებდნენ და რიჟრაჟზე დილის ცვარში განბანვა უყვარდათ. გულისპირი ფირუზისფრად უელავდათ, თავზე და ფრთებზე კი ყვითელი ჭარბობდა, თითქოს ოქროს მტვერში ამოგანგლულიყვნენ. ნეტავ, რა მიზეზით ჩნდებოდა ასეთი სილამაზეები? უზენაესის რომელი ჩანაფიქრი ხორციელდებოდა? ნუთუ ის, რომ ბუნების უკიდეგანო შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავით? სულ მინდოდა, მათთვის მეცქირა. სიამოვნებით ვუმასპინძლებდი ჩემს მეფურ ფუღუროში. ვეტყოდი, არწივის ნასახლარია-მეთქი, – მერე რა, რომ ყორნისა იყო? დიდი სიყვარულის მიზეზით ტრაბახიც მოსულა. მწირ კარ-მიდამოს მაინც ვერაფერი დავატყვე, აღმშენებლობის ნიჭი არ მებოძა, მდგმურივით ვცხოვრობდი, საღამოობით ელნათურებად ქცეულ ცას ავყურებდი და დროის მსვლელობაზე ვფიქრობდი, ყველაზე მეტად კვალის წაშლა რომ ხელეწიფებოდა. იქნებ ამდენი უსიცოცხლო პლანეტა მისი გამოისობით გავერანდა-მეთქი. ქვეყნიერება დრომ აქცია სპაზმების სამყაროდ, სადაც უმნიშვნელო ცვლილებაც მეყსეულ ტკივილთან არის დაკავშირებული და თუმცა წყვდიადს მნათობები აჩირაღდნებენ, თვალშეუდგამ სივრცეს მაინც არ ძალუძს ბედნიერების დიდი ხნით დატევნა, თითქოს ნაკადულის ჩქამი ყოფილიყოს, მიწაზე გაჩენილი ღია ჭრილობა, უნაზეს ბგერებს მხოლოდ იმისთვის რომ გამოსცემს, მყისვე მიინავლოს.

იმ დღესაც მათი თვალთვალით ვტკბებოდი, მოულოდნელ გასროლაზე ფირუზისფერი ბუმბული გაჭექილ ჰაერში რომ აფარფატდა. მშვენიერი არსება ძირს მოწყვეტით დაეშვა, თითქოს გადაყირავებული ფლაკონიდან ასკილის წვენი გადმოღვრილიყოს, ანდა სულაც წითელი საღებავი, ტყვიას ბუმბულში გაეარა და ფრთა გაეკაწრა.

– მარჯვე ნასროლია! – ბუბუნით  გამოხატა კმაყოფილება მონადირემ, თითქოს ვიღაცასთან მსჯელობსო, მერე უცნობი ჩიტი ხელში აიყვანა – ეს არც ღალღაა და არც სონღული, ნუთუ ტროპიკებიდან მოფრინდა!

ცნობისმოყვარეობას ისე შეეპყრო, სად ეცალა ჩიტის განცდებისთვის. შორს მცხუნვარე მზე კლდოვან ხეობას დაჰნათოდა, სადაც ღრანტეებს მკაცრი ფრინველები ესეოდნენ, ლეშს კი არ მიირთმევდნენ, ჯიჯგნიდნენ. არაფერს დატოვებდნენ დაუძიძგნავს თავიანთი ბასრი ნისკარტებით. ეტყობა სროლა იმათაც ჩაესმათ, რახან ნადავლის მოლოდინში წამოიშალნენ. მე თვითონაც ფრინველი ვიყავი, მაგრამ იმგვარი მოდგმის, ვისზეც არასოდეს ინადირებდნენ. ჩემი სიმახინჯის გამოისობით შემეძლო ხანგრძლივად და უშფოთველად მეცოცხლა. ფრინველს ტკივილი ტანჯავდა, შვილი კი მის სიახლოვეს წივილით დაჰქროდა. ყოველი სიტყვა ჩამესმოდა, რადგან ფრინველები ერთმანეთს ინტონაციებით ვუგებთ, ბგერების ჟღერადობით, ხოლო მცირე დიალექტურ განსხვავებას დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ და არც პროვინციული კილოკავი გვაღიზიანებს. ერთმანეთის დაღუპვასაც გულგრილად აღვიქვამთ, რადგან ყოველი ჩვენთაგანის თვალწინ მრავალი ფრინველი დახოცილა. დაჭრილი ისე გულსაკლავად მოთქვამდა, თითქოს შვილისთვის ყველაფრის თქმის მოსწრება სურდა, რომ ყველა დეტალი განემარტა, რასაც შესაძლოა ცხოვრებაში გადაწყდომოდა. იგი ხომ უშველებელი და უსულგულო სამყაროს წინაშე მარტო რჩებოდა, მაგრამ მონადირე ყურადღებას არ აქცევდა მათ გულსაკლავ წიავს, თითქოს ფოთლების უმნიშვნელო შრიალი ყოფილიყოს.

– ტოტებს შეეფარე, სერა! – მოთქვამდა დედა განწირული ხმით, ვისთვისაც ადამიანი დაუნდობლობას ნიშნავდა.

– იქნებ მოლაღურია! – მშვიდად განაგრძობდა მონადირე ბჭობას, რომელმაც ფრთოსნის გადარჩენა მხოლოდ იმისთვის განიზრახა, გეშით იგრძნო, იშვიათი ჯიშის რომ იყო. გაგონილი ჰქონდა, ულამაზეს ფრინველებს მეფის კარზე სარფიანად იბარებენო – ტანაგრა ხომ არ არის? მის შესახებ ბევრი მსმენია, ყვითელ ბეღურას ჰგავს და ფლეიტის ხმაზე გალობსო. ზედვე ეტყობა, ბუნების საუკეთესო წარმომადგენელი რომ გახლავს… როგორც  ჩანს, მხოლოდ ფრთაშია დაჭრილი! მოვუშუშებ და მერე ჩემ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს!

– სერა! მამაშენის საფლავი არ დაივიწყო, ხომლის ქვეშ განისვენებს, გორაკზე… თავს უპატრონე! ცხოვრება არც ისე საშიშია! – საღ ფრთას იქით იშვერდა და ამხნევებდა შვილს, რადგან არ იცოდა, ბედი რას უმზადებდა. შვილი შორიახლო მისდევდა, მე მას მივყვებოდი გვარიანად შეძრული, ხოლო წინ მონადირე მიგვიძღოდა.

– იქნებ მოზომელაა? შინ ფერადილუსტრაციებიანი წიგნი უნდა მოვნახო. იქ უსათუოდ ეწერება ამის შესახებ! – ბუტბუტებდა მონადირე, თან ქვიშიან გზას ხრაშუნით მიუყვებოდა. ბოლოს მიადგა ხის ორსართულიან სახლს, ზოგან რკინის ცხაურით აჭედილი სარკმლებით და ზღურბლთან მიყუდებული მეფის კვერთხივით ძალაყინით. ნაგებობა, ნიშნად ძველი დიდებისა, მყარ ფუნდამენტზე ჰქონდა დაფუძნებული. ახალ დროებას გვარიანად შეელახა. სახლი ირგვლივ დასამუშავებელი მინდვრით შემოკავებული ტერიტორიის შუაგულში იდგა, რომლის გასწვრივ პატარა ბაღჩა შემოეღობა. მესრის პირდაპირ კარი იყო. მონადირე ზღურბლთან შეყოვნდა, მერე მონჯღრეული კიბე ზლაზვნით აიარა და ფრინველი ფრთხილად მოათავსა ფანჯრის რაფაზე მდგარ დაგრეხილ გალიაში. ანჯამებთან შტორები ირიბად იყო დაშვებული, თვალთახედვა რომ არ შეეზღუდა. ამეებს რომ მორჩა, თაროდან სქელი წიგნი ჩამოიღო, მტვერი გადაფერთხა და გულდასმით შეუდგა თვალიერებას. ფანჯარა ღია იყო და ყოველი სიტყვა მესმოდა.

– მართალი აღმოვჩნდი! – წამოიძახა აღტაცებით – ტანაგრა ყოფილა, შვიდფერა ფრინველი! ძირითადად ამაზონზე ცხოვრობს, კუდი და  ფრთები ყვითელი ბუმბულით აქვთ დაფარული!

სათვალის ზემოდან ყურადღებით გადახედა ფრინველს, რომლის შეფერადებაში თითქოს უხვად გამოეყენებინათ ოქროსა და ქარვის მტვერი – თურმე ტროპიკებში უცხოვრიათ… ასე ღრმად ნეტავ როგორ შემოაღწიეს? – მერე ისევ კითხვა განაგრძო – სიმარტოვე არ უყვართ და თუ მაინც მოუწევთ, იტანჯებიან!

ბოლო სიტყვების გაგონებაზე, ჩვენ გვმგვანებიან-მეთქი, გავიფიქრე. ოთახის სივრცე ტიხრებით და სტელაჟებით იყო გამოყოფილი და ზედმეტად გადატვირთული ჩანდა. დღის სინათლე რომ მიილია, აბაჟურიანი ლამპების მთრთოლვარე შუქი მგზნებარედ აციმციმდა. აბრეშუმის ფარდებს იქით მქრქალი სილუეტები გამოიკვეთა. ვეება სკამები წნული საზურგეებით მწკრივად განელაგებინათ, თითქოს პანაშვიდისთვის ყოფილიყო განკუთვნილი. ავეჯი იმდენად ძველი იყო, ხელის ოდნავ შეხებაზეც ყანყალებდა. კედელზე უბადრუკი სურათი ეკიდა, უგემოვნო ექსპონატი ბუნების პეიზაჟით. ამაში მეტ-ნაკლებად ვერკვეოდი. ერთი ხანობა ქალაქის გარეუბანში ვცხოვრობდი, მუზეუმის სიახლოვეს. იქ ისეთი ნამუშევრები მენახა, შედევრის ელფერი რომ მოსავდა. ნახატს ღირებულება თუ არ ჰქონდა, ძნელად თუ მოვყავდი აღფრთოვანებაში.

მერე ოთახში ქალი შემოვიდა, მონადირის ცოლი, ფრინველს სევდიანად რომ გადახედა.

– შენთვის მოვიხელთე! მარტო როცა იქნები, ჟღურტულით გაგართობს! – მიმართა მონადირემ, საჩუქრის მიძღვნისას ისეთი ტრიუმფალური ხმა ჰქონდა, თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა აუწყოსო. თან დიდხანს და დაჟინებით არწმუნებდა, მდგომარეობა არც ისე ცუდად არისო, ხარახურით გაძეძგილ ჩანთებზე უთითებდა, ერთად რომ იყო მიყრილი და დაშაქრული ხმით უმეორებდა – მარაგები გაგვაჩნია, გაისად კი ჩვენი საქმეები უკეთ წავა! მთავარია ხარჯთაღრიცხვის ნუსხაში მოვხვდეთ, თანხებს ჩვენთვისაც გამოყოფენ! თანაც სარფიანი ამბავი ჩავიფიქრე, რაც ამ ფრინველს უკავშირდება!

ქალს დახვეწილი ჟესტები ჰქონდა, მაგრამ ხმაში დამაჯერებლობა აკლდა. ყაბულს იყო, ეღიარებინა ქმრის უპირატესობა და განმარტოება და ჩრდილში შეყუჟვა ერჩივნა. მონადირემ მრავალი არაფრისმთქმელი სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ერთი ხეირიანი წინადადებაც ვერ შეაკოწიწა, თუმცა ძალისხმევას არ იშურებდა. ქალს სახეზე დაყრილი ჭორფლი მიმოფანტულ ოქროს ნამცეცებს მიუგავდა. სინატიფე ფეხსაცმელებზეც ეტყობოდა. ნაღვლიანი ჩანდა, თითქოს მთელ სიცოცხლეს სევდაში ატარებსო. ქმრის შეკითხვებს ჭოჭმანით პასუხობდა. ელოდა, აღტყინება როდის გადაუვლიდა და დროდადრო ლამაზ თვალებს, ამოტვიფრულს რომ მიუგავდა, საყვარლად აფახულებდა. მის მზერაში, რის დამალვასაც ასე ძალუმად ცდილობდა, ბუნდოვნად ბრწყინავდა  სინანულის გამომხატავი დეტალი – ცრემლი.

2.

მე ბაობაბივით ბებერი და ქვრივი ბუ ვიყავი, უმახინჯეს საძმოს უგვანო წევრი. ბაობაბები არც მენახა, მხოლოდ მსმენოდა მათ შესახებ. ზოგჯერ ჭაობის პირას ვბინადრობდი, ზოგჯერ ტყეებსა და კორომებში, გამყივანი ხმით მოვთქვამდი, მაგრამ რით იყო ჩემი გოდება ფილოსოფოსთა ნააზრევზე ნაკლებ ყურადსაღები?! განა ჩემი ხმით მეც იმავეს არ ვამბობდი, რასაც მოაზროვნენი მსჯელობით აყალიბებენ?! თუმცა მათი მნიშვნელოვანი სიტყვები ზანზალაკებივით წკარუნობენ და ოქროსფერ ნათებასავით ელავენ.

ადამიანებს ფუჭად ჰგონიათ, რომ ჩვენ დღისით ვერაფერს ვხედავთ, ღამურებად გვსახავენ, მაგრამ ეს ასე სულაც არ არის. ღამით ნამდვილად არა გვყავს ტოლი. დიდი თვალები კი გვაქვს, თუმცა უსიყვარულოდ ვიყურებით, რადგან ცხოვრების ბანალობას ადამიანებზე ადრე ჩავწვდით. თავს აკრობატივით ვატრიალებთ და დღისითაც ყოველ წვრილმანს ნათლად და ფაქიზად ვამჩნევთ. მე პირადად ბევრი სულისშემძვრელი ეპიზოდი მინახავს, მაგრამ ამ ბოლო ამბავმა ყველაზე სასტიკად იმოქმედა. თუმცა ცხოვრებას ყოველთვის გამობრძმედილი ფილოსოფოსივით ვჭვრეტდი, რადგან მის ამაოებაში ისე ვიყავი დარწმუნებული, როგორც მთის წყაროს სიანკარეში, სადაც დაკბილული ბრჭყალებით თევზებზე ხშირად მინადირია.

გარეგნობით ბუების კვალობაზე არაფერი მიჭირდა, ეს ზოგადად თვითონ ბუები ვერ გამოვიყურებით მაინცდამაინც. მშვენიერ ფრინველებთან გამოსაჩენი არ ვიყავი. თაფლის ზოდებივით ყვითელი თვალებით მოღუშულ ლანდშაფტებს გავცქეროდი და როცა მეუბნებოდნენ, რას გავხარო, მე რას მიყურებთ-მეთქი, ვპასუხობდი და ათასფრად მოჩითულ მდელოსკენ გავახედებდი ხოლმე, მოღუშული რომ ჩანდა, სანამ ყვავილებით არ გადაიპენტებოდა.

განა შესაძლებელია ერთდროულად იყო წინასწარმეტყველების და ზამთრის სიმბოლო? ეს მისია ჩვენ გვაკისრია, კუდიანების მფარველად რომ მიგვიჩნევენ და ლეშის მოყვარულ არსებადაც. რატომ გვთვლიან ავბედითად? განა სიკვდილის სიმღერას ჩვენ ვმღერით? იგი გედებს ეკუთვნის, ადამიანების თვალში მშვენიერებას რომ განასახიერებენ. შუა საუკუნეებში ხმის ამოღების გამო გვხოცავდნენ კიდეც და უფლის სახელით გვწყევლიდნენ, მაგრამ ეგებ უფალს ყველაზე მეტად სწორედ ისა სძაგს, ცოდვილები მისი სახელით რომ იქადნებიან. ნუთუ ცხოვრება იმისია, საარსებო სივრცე საძულველ გარემოში მიგვიჩინონ და ჩიხში მიგვყუჟონ?!

ჩვენ, ბუები, შესაძლოა დიდად მომხიბვლელნი არ ვართ, მაგრამ ჩვენს უძველესობას წყალი არ გაუვა. ხნიერი სისხლი სიცოცხლის გარიჟრაჟიდან გვიჩქეფს. ჩვენი წინაპრები ჩრდილოეთ ამერიკიდან მაშინ მოფრინდნენ, როცა იქ თეთრ ადამიანს ჯერაც არ დაედგა ფეხი. პირველქმნილნი ვართ და სხვა ფრინველებს ისე აღვიქვამთ, როგორც მოახალშენეებს. ისაიას წინასწარმეტყველებაშიც ვართ ნახსენები და განა ასეთი ფრინველი ბევრია, ბიბლიის წმინდა ფურცლებზე რომ აღეწეროთ და ბაბილონის ბარელიეფზეც გამოესახოთ?!

ჩვენ ყველგან ვართ, ზღვის სანაპიროებზეც და მაღალმთიან ზონებშიც, უდაბნოშიც და სტეპებშიც და თუ ვერ გვამჩნევთ, ეს იმიტომ, რომ სივრცეში უჩუმრად გადავაადგილდებით ხოლმე. თავმდაბლები ვართ და განსაკუთრებული პირობები არ გვჭირდება. დიდი მოთხოვნილებები არ გაგვაჩნია და მუდამ ისე უჩინრად ვცხოვრობთ, თითქოს არც ვარსებობდეთ. ერთადერთი ანტარქტიდაზე  ვერ გვნახავთ და სწორადაც ვიქცევით. ანტარქტიდა ხომ აბსტრაქტული მატერიკია, რომელიც მხოლოდ დედამიწის მეორე ნახევარსფეროს გასაწონასწორებლად შეიქმნა. მოკლედ, მთელ ქვეყნიერებას ვართ მოდებულნი, გალაპაგოსიდან სკანდინავიის ფიორდებამდე და კანადის მწვანე წიაღიდან ბრიტანეთის სამეფოს დიდებულ კუნძულებამდე. როცა ვნაყრდებით, თითქოს რიტუალს ვასრულებდეთ და თუ უცებ ვწყვეტთ დანაყრებას, სიამოვნებით გავაგრძელებდით, საკვები რომ არ გამოგვლეოდა. ცოცხალ არსებებს წარმოსახვა ჯილდოდ გვებოძა, თუმცა ეს მშრალი თხრობა ბევრს არაფერს ნიშნავს, საკუთარი თვალით თუ არ გინახავს. ამბის არსს მთელ მნიშვნელობას სიცხადე სძენს, სისავსესა და აღმაფრენას მატებს. რაოდენ ურიცხვი დეკორაცია დასჭირდა ცხოვრებას, მქრქალი მარადისობა ყველაფრის ბატონ-პატრონად რომ არ ქცეულიყო. მე კი დიდხანს ვარკვევდი, ბუების რომელ დაჯგუფებას ვეკუთვნოდი – რუხ ბუთა მოდგმას თუ ჭაობისას. მეამბოხე ბუნება არ მქონდა და მიდრეკილებით თუ ვიმსჯელებდით, ვიწრო ძარღვებში ორთავეს სისხლი თანაბრად მიჩქეფდა. ხშირ ბუჩქნარშიც მშვენივრად ვგრძნობდი თავს და ლერწმიანშიც. ადამიანები ერთმანეთს რომ უკიჟინებენ, თავი გაანძრიეო, თავის განძრევა ჩვენი ენახათ. ეს საქმე ისე შეგვიძლია, თოთხმეტივე მალა გვიჭრიალებს, თითქოს ათასი მექანიზმი ირთვებოდეს ერთდროულად. ასე ვუყრით თავს აზრებს. იმედია, მიმიხვდით, ამ სიტყვას თავმდაბლობის გამო რომ არ ვამატებ წინსართს – ბრძნულსა და გენიალურს.

ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ბევრი-ბევრი ათი წელი იყოს, სიბერეს მაშინ ვაღწევთ, ადამიანები ჯერაც ბავშვები რომ არიან, მაგრამ რამდენის მოსწრება გვიწევს. თუ ვკვდებით, უმეტესად შიმშილის გამო, რადგან სიბერეში საკვების მოპოვება გვიძნელდება. ტყის ფრინველები ვართ, თუმცა გვიჯობს, მის განაპირა ნაწილში დავსახლდეთ და მშვენიერ მდელოებს ვუცქიროთ, როგორც მთვარით განათებულ ასპარეზს. სიბნელეში ზეცას ავყურებთ, სამკერდე ნიშნებით დამშვენებულ გენერლის მუნდირს რომ ჰგავს და სამყაროს ახლებურად აღქმას ვცდილობთ. თუმცა ჩვენს ამ დაჟინებულ მცდელობას ხშირად ნაყოფი არ გამოაქვს. ჩვენი ამბები უხსოვარი დროიდან მოდის და საბოლოოდ არაფერია ისეთი, რის შეცვლასაც შევძლებდით. როცა ირგვლივ მთელი ორომტრიალია და ძნელია რამის გარკვევა, ერთმანეთს გაკვრით თუ მივანიშნებთ. ხის ტოტებზე ვსხედვართ სევდიანი მოაზროვნენი, რის გამოც ღამის ფრინველებს გვიწოდებენ. სევდას შიგნითვე ვიკლავთ და ამაყად ვაიძულებთ თავს, თავმდაბლებად წარმოვჩინდეთ. ჩვენსავით ღრმა თვალები ვის აქვს?

ხშირად მიდევნებია თვალი გადამფრენი ფრინველებისთვის, გაზაფხულზე უკან რომ ბრუნდებიან მეტ-ნაკლები შემადგენლობით. დაკვირვებული ვარ, ზოგიერთი მტაცებელი ფრინველი მათთან ერთად იმისთვის მიფრინავს, უკან რომ მისდიონ, რადგან სწორედ გადამფრენი ფრინველებით იკვებებიან. ჩვენ, ბუები, მტაცებლებს არ ვეკუთვნით, თუმცა ხშირად ასეთებად მიგვიჩნევენ.

ჩვენ ამ ქვეყნის უკანონო შვილები ვართ, საცხოვრებელს არ ვიშენებთ და მხოლოდ სხვის მიტოვებულ ბუდეებს ვიკავებთ. სოროს ფუღურო გვიჯობს, სივრცე კი ისეთ შვებას გვანიჭებს, მაღალჭერიან ფუღუროსაც გვირჩევნია. ჩვენ, ბუები, ჭორების მსხვერპლნი ვართ, რადგან ბევრ მეტაფიზიკურ და წარმართულ ნიშანს მოგვაწერენ. მაგალითად, ფუჭად გვთვლიან ორსულების მცველად და არც მეომრებს ვაფრთხილებთ ჩასაფრებული მტრის შესახებ, ჩვენ ღამეულ შეკივლებასაც ამაოდ მიიჩნევენ შვილებს მონატრებული გარდაცვლილი დედის შეძახილად. ირგვლივ მუდამ მითქმა-მოთქმის მოყვარულნი გვეხვია, ამიტომაც არავინ მეხატებოდა გულზე და ცხოვრებას ისე განვაგრძობდი, როგორც მომიწევდა. შემართული სიარული თურმე სულაც არ გახლავთ სწორი გზის მაჩვენებელი, რადგან რაც ხომლის ჩიტები გავიცანი, სერიოზულად დავფიქრდი და გაუბედაობა დამჩემდა. როცა მნიშვნელოვანი ამბები გატყდება თავს, შენც თითქოს უფრო სხვანაირი, ლამაზი და დახვეწილი ხდები. რეალობა და მონატრება ერთმანეთში შენივთდება ხოლმე და ამ ნიშანდობლივ მონაცვლეობაში მრავალი წვრილმანი იჩენს თავს.

ადრე მომწონდა ადგილის გადანაცვლება, რადგან ეს თავისებურ თავგადასავალს ჰგავდა. ჩემი მსოფლმხედველობის განმსაზღვრელი განუწყვეტელი მოგზაურობა იყო. სამყაროს უკეთესად შეცნობას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ახალ ადგილს ერთიხანობა შევრჩებოდი ხოლმე, სანამ ღვინოსავით არ დავაძველებდი და როცა ვეჩვეოდი, სწორედ მაშინ ვტოვებდი იქაურობას. შეგუებას ჩანაცვლება მერჩივნა. ხავსმოდებულ კასრშიც მიცხოვრია და ნესტიან სხვენშიც, სახლის პატრონი გვიან რომ მიმხვდარა ჩემი არსებობის შესახებ, მაგრამ ამ ხომლს ყველაზე დიდხანს შევრჩი. ოდესღაც ჩემი მეორე ნახევარი ბუებს შორის ყველაზე ლამაზი მოდგმის იყო, იმ თეთრ ბუთა სპეტაკი წარმომავლობა ჰქონდა, გედების მწყემსებად რომ მოიხსენიებენ. მე ახალგაზრდობაშივე დავქვრივდი და მას მერე სხვისკენ აღარც გამიხედავს. ჩვენ, ბუებს, რაც არ უნდა დაგვწამონ, ღალატში ბრალს ვერ დაგვდებენ. ერთგულება ჩვენი განუყოფელი თვისებაა. ასე მიმაჩნია, რომ სიყვარული ყველაზე ძვირფას და ღირსშესანიშნავ ტილოდ მაშინ იქცევა, როცა ერთგულების ჩარჩოში ჩასვამ. მეუღლე მშობლებმა გამირიგეს, მაგრამ  ჩემი დაქვრივების შემდეგ დაოჯახების შესახებ სიტყვაც აღარ დაცდენიათ. მეგონა, რომ ბედნიერების შეგრძნება  სამუდამოდ დავკარგე, ხოლო სიცოცხლე როცა არ გიხარია, ზამთარს ემსგავსები. აგერ, ის ბუჩქი, იასამანივით ყვავილი რომ გამოაქვს, მსგავსად ვაზის მტევნისა, ზამთარში კაპიკად არ ვარგა, ზედ არც შეიხედება. ჰოდა, მეც ამგვარ განცდებში ვიყავი, სანამ ეს ხომლის ჩიტი არ ვიხილე, შვილთან ერთად რომ დასტრიალებდა ხასხასა გორაკს. ისეთი მშვენიერი იყო, თვალებს არ ვუჯერებდი, ხომ არ მეჩვენება- მეთქი. ბედნიერებას აფრქვევდა და მხოლოდ იმას ვნატრობდი, მისთვის მეცქირა. შვილის დანახვაზე კიდევ უფრო ლამაზი და მიუწვდომელი ხდებოდა. მახვილი თვალების გამოისობით ძლიერ შუქსაც კი მიმქრალ სინათლედ აღვიქვამდი და შორსმხედველობის გამო ტანაგრას ახლოს არც ვეკარებოდი, შორიდან მერჩივნა ცქერა.

ცდებიან ადამიანები, ბოროტ ფრინველებად რომ გვსახავენ, თუმცა სინამდვილეში ვინც ცუდ ხმებს გვიყრის, ფარულად ჩვენს აღზევებას ემსახურება, სახელის გავარდნას ხომ დაინტერესება მოჰყვება ხოლმე, ეს კი მაშინ ხდება, როცა მითქმა-მოთქმას იწყებენ. მირჩევნოდა კიდეც, ჩემ შემთხვევაში ასე თუ იქნებოდა, იქნებ ჩემს შესახებ მისთვის ხმა მიეწვდინათ, მოსვენება რომ დამიკარგა, ვერაფრის თქმას რომ ვერ ვუბედავდი და არც შემდგომში ვცდილვარ გულისნადების გაზიარებას. მისი ჯადოსნური სილამაზის წყალობით იყო, ამგვარი გრძნობები რომ აღმეძრა. ამ ხნის ფრინველი ვიყავი, მაგრამ თავს ვეღარ ვერეოდი. მინდოდა, სულ თვალთახედვაში მყოლოდა. თუმცა გამოჩენასაც ვერიდებოდი, ჩემი მახინჯი გარეგნობით რომ არ დამეფრთხო.

3.

სერა ყოველ დღე მოდიოდა გალიასთან და თან რაღაც წითელი ნაყოფი მოჰქონდა. ერთხელ უჩუმრად ავედევნე, ის ადგილი დავიმახსოვრე, შემდგომში გამომადგება -მეთქი. რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა ასე, ერთმანეთს თავიანთ ამბებს უამბობდნენ და ეს ტკბილი სჯა-ბაასი რჩევა-დარიგებებით თავდებოდა. ტანაგრა შვილს იმ ლანდშაფტებზე მიანიშნებდა, სადაც მეტი საკვები მოიპოვებოდა. თავის მძიმე განცდებს კი არ აგრძნობინებდა. მაგრამ განა ცხოვრება საზეიმო დეტალებითაა აღსავსე? ის ხომ ყველაფერს აკეთებს, გააფთრებული სახე გაფითრებული იერით რომ შეცვალოს. ჰოდა, ერთხელაც ტანაგრა შვილს სევდიანი დახვდა და განუცხადა, სიცივე მატულობს, დროა, თბილ ქვეყნებს მიაშუროო.

– ისევ იქ დაბრუნდი, სერა, ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე, ზეთისხილის ტყეში. ნაცადი ადგილია,  იქ ბევრი გვცნობს, მამაშენს დიდ პატივს სცემდნენ და უბატონოდ ხმას არავინ გაგცემს!

– შენ ასე დაგტოვო?

– ცხოვრებაშიც ასეა, შვილო, როგორც კი რაღაცის შეცვლას შეეცდები, მყისვე საწყალობელი სახეები წამოყოფენ თავს, ჩვენ რაღას გვიპირებო. ამას უნდა შეეგუო. მე არაფერი გამიჭირდება! ესენი საკვებს არ მომაკლებენ და მშვენივრად გამოვიზამთრებ! აბა, შენ იცი, გამახარე შენი დღეგრძელი და ბედნიერი სიცოცხლით, შენზე ძვირფასი არავინ დამრჩენია. ბუნებამ წყალობა არ მოგაკლოს! ამ დღეებში ვარდისფერი ფრთოსნები გადაიფრენენ, სამოცდაათამდე იქნებიან. ყოველთვის ასე იყვნენ. ჩვენც მათ მივყვებოდით ხოლმე. ხომლის გორაკზე დაელოდე და როგორც კი გამოჩნდებიან, აედევნე. გამოცდილებით ვიცი, სანდონი რომ არიან. ყველაზე მეტად მაინც მტრედებს ენდე! ისინი სულ მადლში ტრიალებენ სამრეკლოს გუმბათთან და ქვაფენილზე, მათ ნაბიჯებსაც კი საკმევლის სურნელი უდის. კიდევ ერთი რამ, სერა, ყაყაჩოს ჭიას ერიდე, მას ბევრი ახალგაზრდა ეტანება და უმეტესობა მოისრა კიდეც. თუ ჩემი ხათრი გაქვს, ცხოვრებაში არ გაეკარო!

სერა რომ გაფრინდა, დედამისმა თავი ჩაქინდრა და ფიქრებსა და მოგონებებს მიეცა, თუმც ერთი ბეწო გალიაში, მაგრამ მაინც ჩვეულ დედოფლურ სიმარტოვეში. წამით მის მზერას გადავაწყდი და ღრმად ჩავხედე თვალებში, ოქროსფერი წერტილებით რომ ჰქონდა შეწინწკლული. ტანაგრა სიბნელეში ვერ მხედავდა. იქნებ ჯობდა, ამეხსნა, მის მიმართ რასაც განვიცდიდი და ბოლო მომეღო ამდენი უსარგებლო მცდელობისთვის, დავიწყებას რომ ვცდილობდი, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა,  მით უფრო მეტ აღფრთოვანებაში მოვყავდი მის ულამაზეს სახეს და მომთმენ სულს, გაუთავებელ ზრუნვას შვილზე, რომლის ცხოვრებასთანაც აღარაფერი აკავშირებდა და ამას უკვე მთელი არსებით გრძნობდა.

სერა გადამფრენ ფრინველთა მწკრივს შეუერთდა და მალე თვალს მიეფარა. მე მათი კუთვნილი ბუდე მოვინახულე. მარტოობის მწირმა სავანემ გული შემიკუმშა. მერე ძეძვებისკენ გავწიე, ტანაგრას წითელ მარცვლებს მოვუკრეფ-მეთქი. გლეხის ქალები აგროვებდნენ მომცრო კალათებში. ერთ მათგანს ჩემ დანახვაზე ნახევრად სავსე კალათა ხელიდან გაუვარდა და კივილი მორთო. მე კალათას ნისკარტით დავწვდი და ჰაერში ავქაჩე. სახლამდე სვენებ-სვენებით მივფრინდი და ნაყოფი ფანჯრის რაფაზე დავაპნიე, ისე რომ თვითონ შეუმჩნეველი დავრჩენილიყავი. მერე უკან გამოვბრუნდი და ბილიკზე მომავალ ქალებს კალათა ფერხთით მივუგდე. კივილი ისევ განმეორდა, მაგრამ მე უკვე შორს ვიყავი. იმ დღეს კიდევ ერთი გზა გავაკეთე. ამჯერად მეტხანს ვიწვალე. ბუჩქნარს ეკლები აქეთ-იქით ჰქონდა გამოშვერილი. ჯერ ბლომად დავკრიფე, მერე წვრილ ტოტებს ბრჭყალები მივაბჯინე და მთელი მარაგი ამოვზიდე. ფოთოლში ფრთხილად გავახვიე, წვენი რომ არ გასვლოდა და ბრჭყალები დავავლე. ცოტაოდენი გზაში დამიცვივდა. იმაზეც ვიზრუნე, რომ არ ეფიქრა, შვილი სინამდვილეში არსადაც არ წასულა, სადმე აქ, სიახლოვეში ტრიალებს და არ მენახებაო. არ მინდოდა, ამის გამო ედარდა. ამ მდგომარეობიდან კი ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ იმ დღესვე ბლომად მიმეზიდა, შვილის მოტანილი რომ ჰგონებოდა. ეს კარგად მომაფიქრდა. არადა, უგემური ნაყოფი ჰქონდა. ჩვენ, დიდგვაროვან ბუებს, აზრადაც არ მოგვივიდოდა მისი გასინჯვა. კრეფის დროს ერთი ცალი გადამცდა კიდეც და დავიმანჭე, ამას რა გემოს ატანენ-მეთქი. ეკალნარშიც გვარიანად დავიკაწრე, მაგრამ ღირდა. სანაძლეოს დავდებ, დიდხანს ეყოფოდა, თუკი სახლის პატრონები არ გადაუყრიდნენ. თუმცა რატომ უნდა გადაეყარათ? ესეც ხომ შეღავათი იყო. ერთი თვის მარაგი მაინც იქნებოდა. მაგრამ ერთი თვე რომ გავიდა, მისი რაოდენობა ოდნავადაც არ შეცვლილა. ტანაგრა სევდიანი და დაღლილი გამოიყურებოდა. ყოველდღიურობას თავისი ექნა და რეჟიმის ნაწილად ექცია.

ასე გრძელდებოდა დიდხანს, სანამ ერთ საღამოს ღია ფანჯრიდან ხმამაღალი ლაპარაკი არ შემომესმა. მონადირის ცოლი ტანაგრას ემუდარებოდა, წასულიყო, შენი ცოდვით აღარა ვარ, მოწყენილს რომ გხედავო, თქვა და მოულოდნელად გალიის კარი გამოუღო. გაქცევას წინ აღარაფერი ედგა. იმდენად მომიცვა ცნობისმოყვარეობამ, რომ დერეფანში შევფრინდი. დაბლა სართულზე, სათავსო ოთახში სარკმელი მუდამ ღია ჰქონდათ, თავისუფლად გავეტეოდი, უკანაც ამ გზით დავბრუნდები-მეთქი, ვიფიქრე. თუმცა არ დამჭირვებია. კიბე ფრენით და სირბილით ავიარე, ზღურბლთან კი შევდექი, რადგან მონადირის სასტიკი შეძახილი მომესმა:

–  ტანია! გალიის კარი ვინ გამოაღო!

ჯერ მეგონა, ტანაგრას მიმართავდა, მაგრამ თურმე ასე ერქვა მის ცოლს, ქერათმიან სლავ ქალბატონს, მიმქრალი ცისფერი თვალებით. წამით ტანაგრას შიშით აღსავსე მზერას გადავაწყდი, გადაწყვეტილების მიღება უჭირდა. მაგრამ სანამ მონადირე გალიას დაკეტავდა, ქალის სულსწრაფი კივილი გაისმა. იგი შიშველი იდგა ოთახის მეორე მხარეს და ტანსაცმელი ძირს მიმოეყარა. წამით გავიფიქრე, ნუთუ ქალები ფრინველებზე ლამაზები არიან-მეთქი, იმდენად ნატიფი და ჩამოქნილი სხეული ჰქონდა, მეგონა ფრთებს გამოისხამდა და ზეცას შეუერთდებოდა. იგი ფრინველს უფრო ჰგავდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს იყოს ესოდენ ლამაზი. განა ფრესკის ანგელოზებსაც ფრინველებად არ გამოსახავენ? გაქვავებულ მონადირეს მზერა მოეღრიცა, ფორთხვით მიუახლოვდა მშვენიერ ქალს, ხალიჩაზე უხეშად დააწვინა და შმაგ ალერსს მიეცა. გალიიდან გამოსული ტანაგრა სარკმლის ზღურბლზე წამით შედგა, ეტყობა სახეზე სიცივე შეიგრძნო, ფანჯრის რაფაზე გაიარა და იმის მიუხედავად, რომ ძალიან დაგვიანებული იყო, სივრცეში გადადგა ნაბიჯი. მყისვე მისკენ გავემართე და ცოლ-ქმარს თავზე გადავუფრინე, ეს რაღა ოხრობააო, ერთი კი ამომხედა მონადირემ ჩაწითლებული თვალებით, მაგრამ ისევ უგონო ვნებებში ჩაიძირა. ტანაგრას უკან მივყევი, მაგრამ სარკმლის ჩარჩო ისეთი ვიწრო აღმოჩნდა, გვარიანად შევეჯახე მხრით. ტკივილმა მთელ სხეულში დამიარა, თუმცა ამისთვის არ მეცალა, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა.

4.

როცა ტანაგრა თავის ბუდეს გაცდა და გეზი სამხრეთისკენ აიღო, მივხვდი, რომ შვილისკენ მიემართებოდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, თვალთახედვიდან არ უნდა დამკარგვოდა, თანაც ისე, რომ ვერ შევენიშნე. ყველაფერი ერთმანეთს გადაება. ფირნიშების ტყეს უნდა გაცდენოდი, უახლოეს ქალაქში რომ ამოგეყო თავი. ფირნიშები იქაც ბლომად იქნებოდა,ზედ სხვადასხვა ზომის კვადრატები გამოესახათ. ახალი ხედვა იყო,  გეომეტრიის ზეიმი, ერთი შეხედვით დიდ შთაბეჭდილებას რომ ახდენდა. ზოგი რეკლამა პატარა ღილაკს გამოსახავდა, უზარმაზარ მექანიზმი რომ უნდა ჩაერთო მრავალი ხრახნის დასატრიალებლად. გზატკეცილის გასწვრივ შეთრთვილური მინდორი ჩანდა და ოღროჩოღრო გზა, ფრიალო კლდეებისკენ მიმავალი. შორს, ზღვის ნაპირს რუხი ტალღები ეფრქვეოდა, თითქოს ძველი დინება კი არ იწურებოდა, ახალი ნაკადები წარმოიშობოდა. ამინდიც ვერ იყო მთლად სახარბიელო. ზამთარი მთელი თავისი ძალმოსილებით ეუფლებოდა მიდამოს. ისეთი შეგრძნება მიჩნდებოდა, თითქოს ჩვენ ფრენას კოშკურებიდან ჭვრეტდნენ, აწოწილი ანძების დაჭიმულ მავთულებს ზრიალი გაჰქონდა, მაღალი ხეების განძარცული ტოტები ცივად შრიალებდა. ფიჭვებს გირჩების ნაცვლად პოლიეთილენის პარკები შემოესხათ, ამოჩრილი წიწვები კი ნემსების გროვად ქცეულიყო. ერთი შეხედვით საახალწლო ნაძვის ხეებს წააგავდნენ, შარშან რომ ყუთში ცუდად ჩაედოთ და ტოტები დაგრეხოდა. მთელი ღამე მივფრინავდით. როცა ირიჟრაჟა, დილაც ღამენათევს ჰგავდა, აბსტრაქტული წარმოსახვების დასაყრდენს. ის დრო იყო, ლამპიონებს რომ აქრობენ დღის სინათლის გამო და შადრევნები ამოხეთქვას იწყებენ. შხეფები რომც შეგსხმოდა, მისალმების სანაცვლოდ იქნებოდა და არა ბოროტი განზრახვით. ადამიანები უილაჯოდ დალასლასებდნენ, თითქოს გასასვლელ დერეფნებს დაეძებდნენ, რათა შვება ეგრძნოთ, ხოლო გამოფიტული ძვლების ჩხრიალი გროშებისთვის განკუთვნილი ქისის ჩხარუნივით ჩაესმოდათ.

ვცდილობდი, არავის დავენახე. ისედაც სიკვდილის მაუწყებელ სიმბოლოდ მიმიჩნევდნენ. ტანაგრას მაინც ბევრ ვერაფერში ვეხმარებოდი. მას თვითონ უნდა გაეღწია. უბრალო დამკვირვებელი ვიყავი, თანაგრძნობით აღსავსე და გულისსწორს შეუმჩნევლად მივყვებოდი, თითქოს იმ იდუმალი სივრცის შემადგენელ ნაწილს წარმოვადგენდი, რომლითაც ტანაგრას მშვენიერი სხეული იყო გარემოცული. იქნებ გრძნობდა კიდეც ვიღაცის ფარულ ადევნებას.

გონებაში უკან ჩამოტოვებული შენობების მკაცრ აღრიცხვას ვაწარმოებდი, დაბრუნებისას გზა რომ არ შემშლოდა. როგორც კი ტანაგრას სამშვიდობოს დავიგულებდი, უკან გამობრუნებას ვაპირებდი. ქვესადგურების სიმრავლემ თავსატეხი გამიჩინა. ჩახერგილი გზებიც ბლომად აღმოჩნდა. ალბათ რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა, რადგან სავალი ნაწილის გასამაგრებლად ხიმინჯები მოეზიდათ. შავად მოლაპლაპე გზატკეცილებს გასწვრივ  ქვიშის ვრცელი დიუნები მიუყვებოდა. ფეხით მოსიარულეებს ფეხქვეშ კირქვა ეფხვნებოდათ, თითქოს ნიადაგი სხვა მიმართულებით ილტვისო. უცნაური მხარე იყო. ეტყობა, მიწაც იტოვებს მიუვალ ადგილებს, როგორც მზე ვერ აჩახჩახებს ბოლომდე უფსკრულს. ეს გზა მეხსიერებაში სამუდამოდ ჩამებეჭდა. მერე რკინიგზა დავინახე. ზედ შემადგენლობა გამოჩნდა. სამგზავრო მატარებელი იყო, ჩაქჩაქით რომ ფარავდა მანძილს. ტანაგრა დაეშვა და მატარებელზე ისე აღმოჩნდა, თითქოს სახურავს ფერადი ხელსახოცი დაეფინაო. იგი შუაგულში ამოშვერილ მილთან მოყუჩდა და სწორადაც მოიქცა. ძალებს ზოგავდა, სანამ სასაზღვრო ქალაქამდე მიაღწევდა. მეც შორიახლო მოვთავსდი და კარგა ხანს ვიმგზავრეთ ასე. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, ქალაქში მისვლისას შემადგენლობა დიდი ხნით გაჩერდებოდა, რადგან მგზავრებმა ფეხზე წამოდგომა იწყეს და თავიანთი ბარგი-ბარხანით ტამბურებისკენ გაემართნენ.

ქალაქი ისეთი პატარა აღმოჩნდა, რომ მატარებლიდან ჩამოსული ხალხი მოსახლეობის რაოდენობას უთუოდ გააორმაგებდა. ქვაფენილით მოკირწყლულ მოედანზე მტრედები დინჯად დაგოგმანებდნენ, თითქოს აღლუმის დაწყებამდე თეთრ მუნდირებში გამოაწყესო. ბრჭყვიალა მარცვლებს ამაყად კენკავდნენ არისტოკრატიულობის მეტად წარმოსაჩენად. ტანაგრას ნათქვამი გამახსენდა და მათდამი სიმპათიით განვეწყე. მაგრამ ჩემი გრძნობების გამჟღავნება მიჭირდა და ეს სასტიკად მთრგუნავდა, თითქოს ყველა შესაძლებლობა ამოვწურე. გამოფიტული მივყვებოდი გზას. ტანაგრაც ცდილობდა შეუმჩნევლად გადაადგილებულიყო, მაგრამ სივრცე, რომელსაც ნისლი რუხ ელფერს ანიჭებდა, მეტისმეტად გაშლილი იყო იმისთვის, მისი გულისცემა რომ გამეგონა. ტანაგრა ფრენას მექანიკურად განაგრძობდა, მალე ძალ-ღონე გამოელია, ერთგან დაეშვა და თვალები მილულა. ცოტა ხანში კი ისევ განაგრძო გზა. მიმქრალი სინათლე ჰორიზონტზე ვიწროდ განეფინა, თითქოს ოდესღაც სქელი თოკები წვრილ, დაძენძილ ბაწრებად ქცეულიყო. არემარე მდუმარებას მოეცვა. რიჟრაჟზე გორაკის წამახული ზედაპირი ისე გამოისახა, გეგონებოდა კენწეროებს ჩამოყრდნობიაო. ირგვლივ არავინ ჩანდა, თითქოს მობინადრეებს ძილქუში დამართნოდათ.

კარგა ხნის ფრენის შემდეგ ტანაგრა თვალთახედვიდან დამეკარგა, ერთხანს ვეძებე, მაგრამ ვერსად ვნახე, იქნებ შემთხვევით შევფეთებოდი სადმე. ამაო ყურყუტი მალე მომბეზრდა, თუმცა ძებნას განვაგრძობდი. მერე არყის ხეებთან წავაწყდი ღრმად ჩაძინებულს. ეტყობა უკვე ადვილად იღლებოდა. ხომ არ გაითოშა-მეთქი, შიში გამიჩნდა. ფრთხილად მივაყურადე და წყვეტილი სუნთქვა რომ გავიგონე, დავმშვიდდი, სხეულზე ბალახ-ბულახი გადავაფარე. მერე რაღაც უცხო ნაყოფი მოვუკრიფე, ჩიტები რომ ეტანებოდნენ და წინ დავულაგე, თვალის გახელისთანავე რომ შეენიშნა. შორიახლო მდებარე დაბაში კაფე მოვნახე და სანამ ერთ-ერთ მაგიდაზე ნასუფრალს აალაგებდნენ, პურის ნამცეცები მოვიხელთე. იქ მიბრუნებულს ვიღაც უცნობი ფრთოსნის ხმა შემომესმა, ეს რა მშვენიერი ლუკმა გამიმზადა დედაბუნებამო, მძინარე ტანაგრასკენ მიიწევდა. რომ დამინახა, შიშისგან დაიზაფრა და ისე გაქრა, თითქოს არც არსებულიყო.

საჭმლის გაწყობას რომ მოვრჩი, შორიახლო დავიმალე და ტანაგრას გაღვიძებას დაველოდე. თვალები რომ გაახილა, შევნიშნე, როგორი მადლიერებით გადახედა სუფრას. მერე საუზმეს შეექცა. გული სიხარულით ამევსო, მაგრამ, ვაგლახ, დაღლილობამ თავისი ქნა და თვალები დამეხუჭა. თვლემის შეგრძნებამ სადღაც შორს წამიღო, სიზმრის ფერადი ხალიჩები გამიფინა, რომლის კონტურებს ვხედავდი, მაგრამ მთლიანობა დაფარულში რჩებოდა, თითქოს ჩრდილებით ხანგრძლივად უნდა გემსჯელა გამოსახულებაზე. ძილი უზომოდ ღრმა ორმო იყო, ქვემეხების ზალპიდან ათასობით კილომეტრის მოშორებით. როცა გამეღვიძა, ტანაგრა აღარ დამხვდა. მყისვე მის საძებრად გავწიე და მერამდენედ ვიხსენებდი უკანასკნელ ნახვას. იქნებ ხელმარჯვნივ გაემართა-მეთქი, გავიფიქრე შიშით, რადგან იქით ზღვა ხმაურობდა. ჩემ თავს ვკიცხავდი, რომ არ დავენახე. იქნებ ჯობდა, გამოვტყდომოდი, მისი კეთილისმყოფელი რომ ვიყავი. მეთქვა, მის მიმართ რასაც განვიცდიდი, დედამიწაზე მცხოვრები ულამაზესი არსების მიმართ. მაგრამ მეტწილად ხომ ასეა, გვიან ვხვდებით, როგორ ჯობდა გვემოქმედა. ცხოვრებას თავისი კანონები აქვს. როგორადაც მიგიჩნევს, საზოგადოების წინაშეც ისეთად წარგადგენს. მე კი სხვა მიდრეკილებები მქონდა. სქემების უარმყოფლად ვიშვი და ეს ჩემთვის თვითგამოხატვის უმაღლესი ნიშნული იყო.

კუნაპეტი ღამე ისე ჩამოწვა, მის ასავალ-დასავალსაც ვერსად მივაკვლიე. როცა მოსაზღვრე ტყისკენ მივემართებოდი, შემხვედრი ბუები შეკითხვის გარეშე არ დამიტოვებია, ასეთ და ასეთ ჩიტს დავეძებ, აქეთ ხომ არ ჩამოუფრენია, შემთხვევით თვალი ხომ არ მოგიკრავთ-მეთქი. ყველა უარობდა, არ დაგვინახავსო. მერე ერთმა მირჩია, იმ ბუს ჰკითხე, სოფლის ბოლოს ბებერი ნეკერჩხლის ტოტზე რომ ცხოვრობსო. გზა მიმასწავლა, მაგრამ როცა მივადექი, მანაც ასე განმიცხადა, სიბნელეში საუკეთესოდ ვხედავ, თუმცა ამ პარამეტრში მსგავსი არავინ დამინახავსო. თანაც დაინტერესდა, რატომ დავეძებდი უცხო ჩიტს ასეთი მონდომებით.

-კიდევ ხომ არ იცნობთ რომელიმე ბუს, ამ მხარეში რომ მორიგეობდეს? – კითხვითვე მივუგე მე.

-ზღვისკენ იყავი? იქნებ იქით გაფრინდა!

-არ ვყოფილვარ! – გავეპასუხე უსიამოდ.

-იქაც გვყავს რუხი გუშაგი, ჩვენი სისხლისა და ხორცის! – თქვა და ნისკარტი ზღვისკენ გაიშვირა – ზედ სანაპიროზე, მიტოვებული სანატორიუმის სხვენში ბინადრობს, ჯერემიზინს ეძახიან!

წამით დავინტერესდი, ეს უცხო სახელი რატომ შეარქვეს-მეთქი, მაგრამ არაფერი მიკითხავს. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. წინასწარ გავაცნობიერე, თუკი სიმართლეს მისგან შევიტყობდი, ეს სასტიკი განაჩენი იქნებოდა, მაგრამ თუკი არც მას ეცოდინებოდა ტანაგრას შესახებ, მაშინ უკვე აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი.

ზღვისკენ გავემართე ჯერაც მბჟუტავი ლამპიონების ფონზე, რომელიც სასტიკად მჭრიდა თვალს. უსასოო ჩრდილები ბანცალით იცვლიდა ფორმებს. გაცვეთილი ფოთლები  ფთილებისგან შეკოწიწებულს ჰგავდა. მათ შორის გზას ინერციით განვაგრძობდი და უსიამოვნო შეგრძნებები მტანჯავდა. გინახავთ გულგანგმირული ბუ, ნისლში სასოწარკვეთილი რომ აწყდება მიდამოს, თითქოს ბოლთას ცემდეს, ბოლოს კი სამსჯავროს კართან ჩერდება? ასე გავქვავდი ჯერემიზინის სხვენის ზღურბლთან. რუხმა ბუმ დიდხანს მალოდინა, ბოლოს გამომეცხადა და ერთხანს ხმას არ იღებდა, თითქოს ჩემი სტუმრობის მიზეზი თავადვე სურდა ამოეცნო. ასეთ და ასეთ ვინმეს დავეძებ-მეთქი, გამოვუტყდი. ნეტავ ეუარა, რადგან მისმა დუმილმა გული დამიმძიმა. ერთხანს ცნობისმოყვარედ ატრიალებდა თავს, თითქოს ცდილობდა მიმხვდარიყო, რამდენად იმოქმედებდა ჩემზე მისი პასუხი და როცა რაღაც დასკვნამდე მივიდა, ერთადერთი სიტყვაღა ამოღერღა:

– ვნახე!

მერე ხვნეშით გამომკითხა, შენი ვინ იყოო. ჩემთვის საციცოცხლო მნიშვნელობის არსება-მეთქი, გამოვუტყდი. მაშინ სახე უნუგეშოდ გაიშვირა ზღვისკენ.

– ჯერ ჭანჭრობის პირას იჯდა ქვიშაზე, თითქოს იმედები დამსხვრევია და შეკოწიწებას ამაოდ ცდილობსო, მერე კი ზღვისკენ გაფრინდა. მხარი თუ ექცა ნისლში. მე შევეხმიანე, მაგრამ ხმა არ გაუცია. ერთადერთი ამას იძახდა – მოვდივარ, სერა, დიდხანს არ დავაყოვნებო. არ ვიცი, რას გულისხმობდა. საოცარი ხმა კი ჰქონდა, რომელიღაც უცხო დიალექტი, ადრე ამდაგვარი არც მსმენია, თითქოს ვიღაცას ეთხოვება, ანდა სულაც ესალმებაო. იქნებ თვითმკვლელობა ჰქონდა გადაწყვეტილი? მაგრამ ასე რატომ იჩქარებდა? უფრო ის მგონია, რომ სიცივე მატულობდა და ფრენა არჩია, რომ არ გათოშილიყო. განა არ ჯობდა, დილას დალოდებოდა?  ხშირად ფრინველებს წყალზე დასვენება არ შეუძლიათ და ენერგიის შესანარჩუნებლად ნაპირზე ცხიმის დიდ მასას იმარაგებენ. არა მგონია, ამას დიდხანს ეფრინა, ისეთი გამხდარი და უსუსური ჩანდა. თან მარცხენა ფრთასაც მძიმედ მიიქნევდა. მის მოქმედებას არც კი ვიცი, რა ვუწოდო. ადამიანი რომ ყოფილიყო, ვიტყოდი, თავქუდმოგლეჯილი გაურბის-მეთქი მდევარს… მე მაინც ვფიქრობ, რომ გზას ვეღარ იგნებდა, თითქოს თვალთ დაუბნელდაო…

ჯერემიზინის ბუტბუტი წყვეტილად ჩამესმოდა. ხომ არ ვეტყოდი, რომ ეს ხანგრძლივი ფრენა სიცოცხლისა და მონატრებისკენ იყო მიმართული. როცა გამოვემშვიდობე, ერთხანს ზღვაზე ვიფრინე, ჰაერი სიმლაშის მძაღე სურნელებას გაეჟღინთა. მინდოდა მთელი არსებით შემეგრძნო, ტანაგრა რასაც განიცდიდა. ისე ციოდა, ცოტა მაკლდა, არ გავყინულიყავი. იმ დროს ალბათ ყველაზე სასოწარკვეთილი ბუ ვიქნებოდი მსოფლიო წყლების თავზე. მერე წყლის ჭავლებს ყურადღებით ვაკვირდებოდი, იქნებ სადმე თვალი მომეკრა, მაგრამ მოღუშული მიდამო მხოლოდ მღვრიე სიღრმეში მალავდა სიცოცხლის ნიშან-წყალს. ზედაპირზე კი აქაფებული ტალღებით შლიდა ყოველგვარ ცოცხალ გამოსახულებას, სასკოლო დაფას რომ აპრიალებენ ჩვრით. ნისლი იფანტებოდა და როცა იქაურობას მზის უსიცოცხლო სხივები მოეფინა, ტალღების ხმაურმაც იკლო, ხოლო შორს, შეურყვნელ დასალიერთან მტრედისფრად ინათა. ორ არსებას შორის თანხვედრა თუ არ არის, მაშინ ყველაფერი მონაჩმახს ემსგავსება, რადგან ცხოვრება ისეთია, გმირულად თუ არ აღესრულე, ვერაფერს იტყვი მნიშვნელოვანს. ნისლის ბრალი იყო, ტანაგრა ზღვის თავზე რომ მოექცა, დარწმუნებული ვარ, ფრთებქვეშ ხმელეთი ეგულებოდა. ზღვა კი უკიდეგანო იყო, სადაც ვეღარავის ჰკითხავდა რამეს, რადგან იქ კეთილშობილ გრძნობებს ულმობელი კანონები ჩანთქავენ.

ნაპირზე რომ გამოვედი, ქვიშაზე დავენარცხე. გაშოტილი ვიწექი და მზის დამაბრმავებელ დისკოს ავცქეროდი, ოქროს ვეება ფირფიტას რომ ჰგავდა. მის პრიალა ზედაპირს ბრჭყვიალი გაჰქონდა და მრავალ ალმაცერ მზერას ირეკლავდა. შორს ნაცრისფერი სიბლანტე გაწოლილიყო, თითქოს მსახვრალ ხელს ახალი ლანდშაფტები უნდა გამოეძერწა, ახალი რეალობა ჩამოეყალიბებინა, ვიდრე ნისლის გაფანტვამდე, ოღონდაც უკვე სხვებისთვის, რადგან მე ამ ცხოვრებას აღარ ვეკუთვნოდი ისევე, როგორც ნისლი ვერ იქნებოდა ხანგრძლივი ამინდი. თუმცა, მსმენია, ბრიტანეთის კუნძულებს დიდი ხნით ეწვევა ხოლმე, თითქოს მიმოწერა ჰქონოდეს მატერიკთან. არავის ძალუძს გადარჩენა, სხვამაც თუ არ გამოიღო ხელი. ძილი ცხოვრების ნაწილია, ჩემს შეგრძნებებში კი ისე ვიღვიძებდი, თითქოს სიზმრის გალევას ველოდი. ოდესმე ეს განწირული ფასადებიც, ირგვლივ რომ ჩანდა, ნანგრევებად იქცევა, მხოლოდ მახსოვრობაში თუ დარჩება ვინმეს. მზის სინათლეზე შორს ადამიანთა სასაფლაოები გამოჩნდა, ჯვრებით აღნუსხული კვადრატები. სიკვდილი ვერასდროს გახდება სიცოცხლის ნაწილი, საფლავის ბორცვს სცენაზე დაშვებული ფარდის დანიშნულება აქვს მხოლოდ, ხანგრძლივი თამაშის დასასრულს რომ აღნიშნავს. მაგრამ ყველა არსება დაახლოებით ერთსა და იმავეს გაივლის, თუმცა სხვადასხვანაირად, პრინციპი კი უცვლელია – თუკი განსაცდელი გაბოროტებს, მაშინ ვერც სიკეთე გაქცევს კეთილშობილად!

ჩემმა ცხოვრებამ სევდიანად განვლო, მხიარული ხმები რომ ჩამესმა, იმ პერიოდმაც ვერ გასტანა დიდხანს. ჩემ წინაშე ზღვის უკიდეგანობა გადაშლილიყო. აი, ვის ერგო წილად ტანაგრას  ულამაზესი სახე და სათუთი სხეული – ხმაურიან ტალღებს, გაშმაგებისას პირიდან ქაფი და დუჟი რომ გადმოსდის. შორიახლო ვიღაცეები თევზაობდნენ. ძაფივით დაგრეხილი გორგალი მთელ გაყოლებაზე მოჩანდა. ზოგან ბადეები დაეკიდათ გასაშრობად. ლამპიონები ანთებული დარჩენოდათ და ციცინათელებივით უსიცოცხლოდ ციმციმებდა. ნავსაყუდელის გასწვრივ მებადურები ბადეებს ხსნიდნენ და ზღვაში ისროდნენ. როცა დიდი თევზები ებმებოდა, ბადეები თრთოლას იწყებდნენ, ტივტივები ჩაძირვას. მოკლედ, მთელი პროცესი იყო. ერთი ხანობა ნაპირს დავყევი, იქნებ ტანაგრა ტალღებმა სადმე გამორიყა-მეთქი. მაგრამ ეს არაფრის მომცემი ქმედება იყო. მზემ რომ გამოანათა, ისეთი სანახაობა გადაიშალა, გეგონებოდა მთელი განძეულობა გამოფინაო. ისე მივიღე, როგორც ნიშანი, რომელიც მხოლოდ წამით გაგრძელდა, თითქოს  გაუჩინარებული ტანაგრა ზეცას შეეფარებინოს. მეორე მხარეს კი ნისლიანი მთაგრეხილები ერთად თავმოყრილ და ქარავნის მომლოდინე ფართლეულს წააგავდა, რათა ძაფებად გაეზიდათ მოუსავლეთში.

მე ქვითინი ამივარდა და თუ შემხვედრთ ჩემი ხმა ისედაც ავისმომასწავებლად ჩაესმოდათ, იმ დღეს კიდევ უფრო დიდ საშინელებად მიიჩნევდნენ. ჩემ თავს მერამდენედ გამოვუტყდი, რომ მიყვარდა ტანაგრა საშინლად მტანჯველი გრძნობით, მიყვარდა თავისი ენით აუწერელი სილამაზის, მოთმინებისა და ერთგულების გამო. ჩემს თვალში ამგვარად წარმოჩინდა და ვერც შევძლებდი, ვინმესთვის ამეხსნა, რას განვიცდიდი იმ წამებში. რახან ყველაზე მნიშვნელოვანი წარსულში დარჩა, მომავალი ცარიელ სკივრში ფუჭ ქექვას დაემსგავსებოდა, სადაც უვარგისი ფართლეული თუღა ელაგა და ისიც ჩრჩილს ნაცარტუტად ექცია. აღარაფერი იყო სანახავი და აღმოსაჩენი. მტანჯველმა ფიქრებმა სული გამითანგა და მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, ხომლის გორაკთან მიბრუნებული უკანასკნელ დღეებს დავლოდებოდი.

მდიდარი ვიყავი იმით, რომ ულამაზეს არსებას ვიცნობდი, მაგრამ მონატრება ისე მტანჯავდა, ჯობდა, ამნეზია დამმართნოდა და მეხსიერება ნისლად მქცეოდა. თურმე ნამდვილი სიყვარული ის კი არ ყოფილა, გულისსწორთან სამოთხის დარ დღეებს რომ ატარებ, არამედ ის, რომ მის გარეშე თავს ჯოჯოხეთის წიაღში გრძნობ. ამ ქვეყნად აღარაფერი მიზიდავდა. აღარც შემდგარი არსებები მაინტერესებდა, გამუდმებით რომ ცდილობენ, წუთისოფელს ზედმეტი დასტყუონ. ისიც ვერ ამეხსნა, რისთვის დავბრუნდი იქ, საითაც გული აღარც მიმიწევდა. ეს წუთისოფელთან მორიგ მძიმე შერკინებას ჰგავდა. ოდესღაც ტაძრის სიახლოვეს მედო ბინა, სადაც ხშირად აყენებდნენ წირვებს ღამისთევით და სულ მიკვირდა, რატომ გაისმოდა ლოცვებში – უკუნითი უკუნისამდე – რას გულისხმობდნენ? ნუთუ იმას, რომ ქვეყნიერებას უკუნი გაასრულებდა? შეძრწუნებული ვსვამდი ამ კითხვას და მზის სიკაშკაშეს ისე ვერიდებოდი, როგორც დღისით მცხოვრებნი გაურბიან წყვდიადს.

მერე მთელი დღეების განმავლობაში ცარიელ გალიას შევჩერებოდი. ტანაგრა იქაც, ტყვეობაშიც გალიის მშვენება იყო. იქნებ ჭურჭელიც ამაყია თავისი მოოქრული შიგთავსით? მე კი ბღავილიც რომ მომერთო, ვეღარაფერს შევცვლიდი. ცხოვრება ჩვეულებრივ გაგრძელდებოდა. იქნებ ჩვენი დასასრულით სხვებს უნდა გახსნოდა გზა  და იქნებ ჩვენც ასევე დაგვჭირდა სივრცის გამოთავისუფლება მაშინ, როდესაც ვიბადებოდით.

მერე ხანგრძლივი წვიმები დაიწყო და სახსრებში ყრუ ტკივილი ვიგრძენი. ეს იმ დღიდან დამჩემდა, სარკმლის ვიწრო ჩარჩოს რომ შევეჯახე. ნესტის დროს ხშირად მახსენებდა თავს, გულის სიღრმეში მსიამოვნებდა კიდეც, რადგან უტკბილეს მოგონებას უკავშირდებოდა. ირგვლივ ყველაფერი ნოტიო და მოსაბეზრებელი გახდა. ჩემი საქმეებიც მწირი და უნაყოფო იყო. ვერასდროს შევძლებდი, სიცოცხლის ცხოველ რიტმს შევრწყმოდი, საბოლოოდ ის მაინც გადმონაშთის აღსასრულით დაგვირგვინდებოდა. ბუები სწორადაც ვიქცევით, დღისით რომ ვთვლემთ, რადგან არაფერია სანახავი მზის შუქზე, რასაც გულის დაწყვეტა არ მოჰყვება და თუ მაინც გავჯიუტდებით და ნახვას გადაწყვეტთ, მერე სევდას ვეღარაფრით დავაღწევთ თავს. დასასრულის სიახლოვეს რომ იგრძნობ, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, სიცოცხლე კიდევ რამდენ თვესა და დღეს გასტანს. მეც მჩქეფარე ყოველდღიურობას უტყვი ლოდივით ვესწრებოდი ხოლმე, ხოლო მეათე წელიწადში უკვე იმდენად ბებერი ვიყავი, ჩემი თანატოლები რომ მენატრებოდა, რიყეზე ჩავდიოდი ქვების სანახავად.

მაგრამ ერთხელაც, ჩემთვის უკანასკნელ გაზაფხულზე,  ჩიტების ჟრიამული მომესმა. ეს ფრთოსნები ბრუნდებოდნენ თბილი ქვეყნებიდან, ფრთებზე დღესასწაული ისე გამოებათ, ეგვიპტის უდაბნოს ქვიშაში მიმავალი მონები რომ მიათრევდნენ თოკებით ნილოსის გემებს დინების აღმა. ცა ნაცნობი სახეებით აივსო, მაგრამ მე მათში მხოლოდ სერას დავეძებდი, რომელიც მას მერე აღარ გამოჩენილა. ვინ იცის, რა ბედი ეწია-მეთქი, გავიფიქრე, რომ უცებ ელდამ მომიცვა. ნუთუ ის იყო, მოლურჯოში გარდამავალი ზურმუხტისფერი გულისპირით, ოდესღაც ელვარე, მაგრამ მიმქრალი სილამაზით. თუმცა დაჩაჩანაკებული და მოტეხილი ჩანდა, სიკაშკაშე მოჭიატე ყიამეთში რომ ჩაინთქმება. ეტყობა დიდხანს უწევდა წუთისოფლის მსახვრალი ხელიდან დასხლტომა, რადგან თავის ძვირფას საუნჯეს ბედისწერასავით დაატარებდა. შელახული ჩანდა, მაგრამ მაინც იმ ულამაზესი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი იყო, ბადალი რომ არ ჰყავდა. მაშინვე ვიცანი, მერე ახლოს მისვლას შევეცადე, ხომლის გორაკზე რომ დაეშვა და სხვა ფრინველებს შეერია. იქნებ მომეთხრო დედამისის აღსასრულის შესახებ, ძველი დრო გამეხსენებინა, მაგრამ მხოლოდ თვალი გავაყოლე, რადგან იმდენად ბებერი ვიყავი, მიდევნების თავი აღარ მქონდა. ფრენა თუ არ შეგიძლია, იმ სიმაღლეებს არ უნდა წაეპოტინო, საიდანაც გადმოხტომას ვერ შეძლებ. სიცოცხლის ენერგია ვინც კეთილდღეობას შეალია, როგორც კი საქმე გაასრულა, წასვლის დროც დაუდგა – სიბერის მოსაბეზრებელი და გაწელილი ჟამი. ამქვეყანად მეფის სასახლეც საბოლოო ჯამში მხოლოდ და მხოლოდ თავშესაფარია და მეტი არაფერი. პიროვნება ისე უნდა ცხოვრობდეს, რომ იმ მიმართულებით, საითაც მიწას მიაბარებენ, დიდი სიჩუმე ჩამოწვეს, როგორც ეს ულამაზეს ტანაგრას შემთხვევაში იყო. თითქოს სიტყვა ტანაგრაც თანაგრძნობიდან მომდინარეობდა  და თუ მკითხავდნენ, როგორი სილამაზე ჰქონდაო, ვუპასუხებდი, მის სიახლოვეს ყოველი სხვა სილამაზე უსახურდებოდა-მეთქი და რომ მსგავსი აღარასოდეს განმეორდებოდა სამყაროში… მაგრამ იქნებ ვინც გაგვაჩინა და ვინც ჩვენს ყოველ მოძრაობას განაგებს, ამ მდგომარეობასაც თვითონ მიხედავს, რადგან ისეთი მშვენიერი ტილო, რასაც სამყარო წარმოადგენს, შეუძლებელია, უვარგისი ძაფებით იყოს ნაქსოვი.

ერთხელაც სერას პირისპირ გადავეყარე, ყაყაჩოებს შორის რომ თვლემდა. მერე თვალები მძიმედ გაახილა.

– გამარჯობა, სერა! – მივმართე მას.

– გაგიმარჯოს! – მიპასუხა მხნედ, თითქოს ჰალუცინაციურ მდგომარეობაში ყოფილიყო და არც შეშინებია.

-დედაშენი გახსოვს?

-ჰო, ბუნდოვნად!

– ის საუკეთესო არსება იყო!

– იცნობდი? – მკითხა ცნობისმოყვარედ, მაგრამ პასუხს არ დალოდებია, მხრები აიჩეჩა და განაგრძო – საუკეთესოობა მაინც რაში გამოიხატებოდა? იმაში, რომ ჩემი ცხოვრება ასე მძიმედ და გაუსაძლისად წარიმართა?

– თვითონ ცხოვრებაა მძიმე და გაუსაძლისი და ეს ყველასთვის ასეა!

– ალბათ, კამათს არ ვაპირებ!

– კარგა ხანია აქეთ არ ყოფილხარ!

– ჰო, შუა აზიას მივეჯაჭვე, იქით მერჩევნა, მაგრამ ახლა სხვები დაეპატრონნენ ოქროს პლანტაციებს, აღარ გვაჩერებენ, ჰოდა, ძმებმა ჩიტებმა მიამბეს, ყაყაჩოს ჭია აქეთაც არისო, ოღონდ ველურადო. ვიფიქრე, თან ჩემ სამშობლოს ვნახავ-მეთქი და აქეთ წამოვედი!

– ასე მნიშვნელოვანია ეგ ყაყაჩო?

– როგორ აგიხსნა, როცა ვერ ვაგნებ, ჯოჯოხეთში ვარ, თითქოს მადაგასკარელი ქამელეონის პირისპირ აღმოვჩნდი ფრთებშეკრული!

– გინდა შენი ბავშვობის ბუდე განახო?

– რომ მდომოდა, როგორმე თავადაც მივაგნებდი!

– ძველი ადგილები გახსოვს?

-ეჰ, რა მნიშვნელობა აქვს წარსულს, მთავარი აწმყოა!

– აწმყო? მე კი ასე გეტყოდი, სერა, ნამდვილი აწმყო მომავალია!

– აზროვნების ეგეთ ღრმა შრეებს ვერ ვწვდები, მსრესს და მანადგურებს!

-ეგ იმიტომ, რომ არასწორად ცხოვრობ! შეეშვი ყაყაჩოს ჭიას! თუ გსურს, წითელ მარცვლებს გიჩვენებ, ანწლს წააგავს და მათ ოდესღაც დედაშენს ვუზიდავდი!

– ვიცი ეგ წითელი მარცვლები, დანახვაზეც კი გული მერევა!

მესიამოვნა, ამაში მაინც გვქონია-მეთქი საერთო მოსაზრება. კიდევ რაღაცას ვკითხავ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ სერას თვალები დაუმძიმდა და ჩათვლიმა.

სათქმელი აღარაფერი იყო. ის თავისი ცხოვრების წესს აღარ შეიცვლიდა. როცა ყველა როლი გასრულდება, არტისტი სცენას ტოვებს. მეც ასე ვაქციე ხომლის გორაკს ზურგი, მძიმე სხეული ჰაერში ავზიდე და მშობლიურ ფუღუროს ისე ჩავუარე, იქითკენ აღარც გამიხედია. მერე შორ და ოდესღაც უკვე განვლილ გზას დავადექი. ფირნიშებს გავცდი და გადავუფრინე გზებს, ამასობაში რომ შეეკეთებინათ, ხიმინჯები აღარსად ჩანდა. გზაგასაყართან, განძელების სურნელში მატარებელს დაველოდე, რომლის განრიგში მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მას საზღვრამდე მივყევი და პატარა ქალაქის მოედანი გადავჭერი – იქ მტრედები ისევ დინჯად დაგოგმანებდნენ. გადავუფრინე ნაცნობ ტყესა და კაფეს, სადაც ოდესღაც ტანაგრასთვის ნასუფრალი მოვიმარაგე. არყის ხეებთან შევისვენე, ძალები რომ დამეზოგა. ჯერემიზინის სანატორიუმსაც მდუმარედ ჩავუარე, ალბათ თვალს მომკრავდა, თუკი ისევ ცოცხალი იყო, მაგრამ არ შევჩერებულვარ. როგორ ამეხსნა მისთვის, რომ თვითმკვლელი არ ვიყავი და მხოლოდ წარსულს ვეთხოვებოდი იმ გზით, რომელიც ოდესღაც დედამიწის ულამაზესმა არსებამ გაკვალა. მერე კარგა ხანს ვიფრინე და გულგრილად ვაკვირდებოდი დიდრონი ტალღების გაუთავებელ სრბოლას, ფრთებს რომ მისველებდა, თითქოს უნდა მომწვდენოდა და პირველყოფილ წიაღში ჩავეთრიე, და მე, სტიქიის პირისპირ მყოფმა, მთელ სამყაროს მივმართე: – დიდ ხარ შენ, შემოქმედო, რომელიც დაკარგულ სულებს, შენივე ხელით შექმნილ სამეფოში, წუთისოფელი ცუდად რომ მოექცა, ერთად კრებ სასუფეველში და ერთმანეთს ახვედრებ! – ეს სიტყვები გულწრფელად წარმოვთქვი, რადგან პათეტიკისთვის დრო აღარ მრჩებოდა. მერე ნაპირს გავხედე, რომელიც ჯერ კიდევ მოჩანდა წვრილ ზოლად, იქნებ ძალა მყოფნოდა კიდეც, უკან გაბრუნებას თუკი გადავწყვეტდი, მაგრამ აქ მერჩივნა, სადაც ოდესღაც ტანაგრა აღესრულა, რათა უკანასკნელ წამს ჩემი ცრემლებიც უკიდეგანო ზღვის სიმლაშეს შემატებოდა.

© არილი

Facebook Comments Box