პოეზია (თარგმანი)

ეზრა პაუნდი – ლექსები

ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა

ხე

უძრავად ვიდექ და ხე ვიყავ შუაგულ ტყეში,

ჭეშმარიტება შევიცანი აქამომდე შეუცნობელის;

დაფნებსა და დაფნის გვირგვინზე

და ღმერთებთან მონადიმე მოხუც ცოლ-ქმარზე

რომ გადაიქცნენ თელად და მუხად ვერან ადგილას,

სასწაული მოხდა მას შემდეგ, რაც

ღმერთებს უმასპინძლეს კეთილი გულით,

კერიასთან მიიპატიჟეს

და ამის გამო მოხდა მერე ეს სასწაული

და მაინც ხე ვარ შუაგულ ტყეში

და ვეზიარე მრავალ სიახლეს,

რასაც მე ადრე გონებაშიც ვერ გავივლებდი.

გოგონა

ხედ გადამექცა ორივე ხელი,

ჩემი მკლავები აივსო წვენით,

ამოიზარდა ხე ჩემს გულმკერდში,

დახრილი,

და ტოტები კი მკლავებივით ამოწვერილი.

და ხე კი შენ ხარ,

და ხავსიც შენ ხარ,

შენ იებს ჰგავხარ, თავზე ქარი რომ დასტრიალებს.

შენა ხარ ბავშვი, მაღალი სულით,

და ყოველივე უგუნურებაა სამყაროს მიმართ.

პაქტი

ხელშეკრულებას გიდებ, უოლტ უიტმენ –

საკმაოდ დიდხანს ვერ გიტანდი.

ახლა მოვდივარ შენთან, უკვე როგორც გაზრდილი ბავშვი,

რომლის მამასაც არ უჭრიდა ჭკუა-გონება;

მე მეგობრების შესაძენად კარგა ხნისა ვარ.

ეს შენ იყავი, ახალი ტყე რომ ამოყარე,

ახლა გაკაფვის დრო დაგიდგა.

ჩვენ ერთ წვენში ვიხარშებით, ერთი ფესვი გვაქვს –

მოდი მე და შენ დავამყაროთ მტკიცე კავშირი.

და არ არიან დღეები სავსე

და არ არიან დღეები სავსე

და ღამეებიც არ არიან ასევე სავსე

და სიცოცხლე კი იპარება მინდვრის თაგვივით,

და ერთ ბალახის ღერს არ შეარხევს.

მისალმება

ჰოი, თაობავ, თავით ბოლომდე თვითკმაყოფილო,

თავით ბოლომდე აღსავსევ შფოთვით,

მე ნანახი მყავს მეთევზეები, მცხუნვარე მზის ქვეშ რომ ნადიმობდნენ,

მე ნანახი მყავს თავის ფეთხუმ ოჯახთან ერთად,

მე ნანახი მყავს, როცა ისინი კბილდაკრეჭილნი იღიმებოდნენ,

მათი უხამსი სიცილიც კი მომისმენია.

და შენზე მეტად ბედნიერი ვარ,

და ჩემზე მეტად ბედნიერნი ისინი იყვნენ;

და თევზებიც ცურავენ ტბაში

უსამოსელოდ.

მედიტაცია

როცა გულდასმით გავიაზრებ მე ძაღლების უცნაურ ქცევას,

სხვა გზა არა მაქვს, იმას ვასკვნი, რომ

ადამიანი ცხოველია აღმატებული.

როცა გულდასმით გავიაზრებ ადამიანთა უცნაურ ქცევას,

გამოგიტყდები, მეგობარო, რომ ვარ მუდამ გაოგნებული.

ყოფიერების დებულება

მე პოეტური ქათამი ვარ, სერიოზული,

პოეტური კვერცხის მდებელი,

და ჩემი გზნების გასაღრმავებლად,

გასამხელი მაქვს სადარდებელი.

ფილოსოფიას ვქმნით კვერცხის გულით,

რომელსაც ცილა ლამაზად გასდევს

და მივაწებებთ ლექსის ნაჭუჭზე,

ადამიანის ნათქვამს რომ ჰგავდეს.

დატირება

აღარც მცირედი ამოოხვრა,

აღარც ქარები გვაწუხებენ შეღამებისას.

შეხეთ მშვენიერ მიცვალებულს!

აღარც ცეცხლი მწვავს.

აღარც ფრთები გვაქვს მოფარფატე,

თავს ზემოთ რომ დაგვტრიალებდა.

შეხეთ მშვენიერ მიცვალებულს!

აღარც სურვილი არ შემომრჩა,

აღარც თრთოლას ვგრძნობთ,

როცა ხელნი შეეხებიან.

შეხეთ მშვენიერ მიცვალებულს!

აღარც ამბორის ღვინო გვათრობს,

აღარც შეცნობის გრძნობა შეგვრჩა.

შეხეთ მშვენიერ მიცვალებულს!

აღარც გრძნობათა ნიაღვარი,

აღარც ადგილი შეხვედრისა,

(შეხეთ მშვენიერ მიცვალებულს!)

ტინტაგოელ.

მეტროს გაჩერებასთან

ეს სახეები ბრბოში ისე ილანდებიან,

როგორც ფურცლები ყვავილისა ჩაშავებულ, ნესტიან ტოტზე.

აპრილი

მე მომეახლა სამი ზმანება

და მიმიყვანა იქამდე,

სადაც მიწას ეკვროდა ზეთისხილის

შიშველი რტონი:

ფერგადასული ნაფლეთები მჭვირვალ ნისლის ქვეშ.

არჩევანი

ჭეშმარიტია, როცა ამბობ, რომ ღმერთები ფერიებზე მეტად გწყალობენ,

მაინც, როდესაც გხედავ თეთრ, კეთილშობილ, გრძელკანჭა ცხენზე,

მე შენ გამსგავსებ გასაოცარ ზღაპრის დედოფალს.

უცნაურია, უნდა გფარავდეს მოსასხამი ყვავილებით და ნაზი ყლორტებით;

უცნაურია, სახეს იცვლიდე და ვიღაც ქალს ემსგავსებოდე, რათა ჭირივით შემეყარო;

უცნაურია, ინიღბებოდე ლამაზ ქალების ღრუბელში, რომლებიც მე არ მაშფოთებენ.

და მე, რომელიც ქარს გაყოლილ ყოველ ლებანს ავედევნები!

ჩემზე იტყვიან, რომ ყველაფერ ამის ღირსი ვარ.

დავალება

ჰე, სიმღერებო, მიაკითხეთ მარტოსულებს და ბედის უმადურთ,

მისწვდით იმათაც, ვისაც ნერვები ვეღარ უძლებთ, კანონების მონად ქცეულან.

დე, აიტანონ მჩაგვრელებმა ის სიძულვილი, მე რომ ვუგზავნი.

და ცივი წყალის მძლავრ ტალღასავით გადაუარეთ.

ეს არის ჩემი სიძულვილი მჩაგვრელთა მიმართ.

ალაპარაკდით განუსჯელი ჩაგვრის წინაშე,

ალაპარაკდით ტირანია რასაცა სჩადის,

და ბორკილების დასამსხვრევად ალაპარაკდით

და მიაღწიეთ ბურჟუამდე, უქნარობისგან რომ კვდებიან,

მიაღწიეთ ქალბატონებთან, გარეუბანში რომ სახლობენ.

მიაღწიეთ საზარელი ქორწინების ტარიგებამდე,

მიაღწიეთ მათ, რომელთა მარცხიც იდუმალია,

მიაღწიეთ მათ, ვინც უიღბლოდ შეუღლებულა,

და მიაღწიეთ ანგარებით შერთულ ცოლამდე,

მიდით იმ ქალთან, შეზღუდული რომ აქვს უფლება.

მასთანაც მიდით, ვისაცა აქვთ ფაქიზი ვნება,

მიდით იმათთან, ვისი ფაქიზი სურვილებიც შელახულია,

მიდით სამყაროს სიჩლუნგეთა დასათრგუნავად.

მის წინააღმდეგ გაილაშქრეთ მთელი ძალღონით,

და უფრო მეტად ააჟღერეთ ნაზი სიმები,

მიეცით რწმენა სულის ყვავილებს, საცეცები გააძლიერეთ.

იყავით უფრო მეგობრულნი

და გულღიად ილაპარაკეთ,

სცადეთ დანახვა ახალ სიავის და ახალი სიკეთე ჰპოვეთ.

წინ აღუდექით ყველა ჩაგვრას,

მიაკითხეთ შუახნის მაძღარს,

და იმათაც, ინტერესი რომ დაუკარგავთ.

იმ მოზარდებსაც, ოჯახში რომ ავიწროებენ –

ო, რარიგად შემზარავია

ერთ ოჯახში თავმოყრილი სამი თაობა!

ბებერ ხეს რომ ჰგავს, ყლორტებიანს,

ზოგი ტოტი კი დამპალი აქვს და ძირსა ცვივა.

გამოდით გარეთ, უარყავით ეს თვალსაზრისი,

ჩამოიხსენით ამაო ტვირთი სისხლის ყივილის,

ილაპარაკეთ გონების და სულის კავშირზე.

და შეებრძოლეთ ყოველგვარ ჩაგვრას.

სულის სიბერის ჟამს

არ ვირჩევ სიზმრებს, ისინი თავად მოდიან ჩემთან

იმ ძველ სურვილით, რომ ჩავიდინო გმირობა კვლავაც.

ისევე, როგორც ბებერ მეომრის უძლურ ხელებში

მოაქვს სიცოცხლე წამიერი იმ მივიწყებულ ხელმარჯვეობას,

როდესაც ეპყრა მახვილის ტარი და ჩაჩქანი, ომგამოვლილი.

ასე დაბერდა ჩემი სული;

დაბერდა მრავალ ბრძოლასა და ჟამს თავდასხმისას;

ასე დაბერდა ჩემი სული ხეტიალისას,

ახლა ისინი მარტოოდენ სიზმრებს გზავნიან, მაგრამ არა საგმირო საქმეთ.

ისე, რომ კვლავაც აალდება, რომ ეს სული აამოქმედოს,

და ავიწყდება, უხუცესნი თუ რაზე ბჭობდნენ,

და ავიწყდება, თუ ვინ მართავს და აღარ იბრძვის

და იარას რომ ვეღარავინ ვერ მიაყენებს

და ძველებურად აენთება გმირულ საქმისთვის.

დაბრუნება [1]

შეხე, ისინი გვიბრუნდებიან, აჰ, შეხე გაუბედავ

მოძრაობებს და ნელ ნაბიჯებს,

ძლივძლივობით რომ მოაბიჯებენ და უიმედოდ

მოქანაობენ!

შეხე, ისინი გვიბრუნდებიან, ერთი მეორის მიყოლებით,

შიშით აღვსილნი, ნახევრად თვლემენ.

თითქოს თოვლივით მოფარფატებენ

და ჩურჩულებენ ქარის შრიალში

სანახევროდ ზურგშექცეულნი.

მათ შიშისაგან „ფრთები შესხმიათ“,

და ერთმანეთს ეტმასნებიან!

ღვთაებანი ფრთიან ხამლებით!

და მათ მოსდევენ ვერცხლისფერი

მეძებრები, ჰაერის ყნოსვით!

ჰეი! ჰეი!

ადრე მსხვერპლს სწრაფად უსწორდებოდნენ,

გამძაფრებული ყნოსვის მქონენი;

სისხლის წყურვილით სავსე სულები.

ახლა საბმელნი მოსდუნებიათ,

ხელთ რომ უპყრიათ ფერგამკრთალ ღმერთებს!

ოთხი ლექსი განშორების წინ

მსუბუქი წვიმა მსუბუქ მტვერზე,

და ტირიფები კაფეს ეზოში

უფრო და უფრო გამწვანდებიან.

მაგრამ, თქვენ კი, სერ, ჯობია, ღვინო შესვათ განშორებამდე,

რადგანაც გვერდით მეგობრები არ გეყოლებათ,

როცა გოს ჭიშკრებს მიადგებით.

რიჰაკუ და ომაკიცუ.

I. განშორება მდინარე კიანგზე

კო-ჯინ მიდის დასავლეთისაკენ კო-კაკუ-როდან

და მდინარეზე ბუნდოვნად მოჩანს რუხი ყვავილნი,

და როგორც ლაქა, ცას ედება იალქანი განმარტოებით.

და ახლა მხოლოდ მდინარეს ვხედავ,

ცამდე რომ აღწევს, გრძელი კიანგი.

II. განშორება მეგობართან

ცისფერი მთები ჩრდილოეთის კედლებთან მდგარი,

თეთრი მდინარე, მათ ირგვლივ რომ მიიკლაკნება;

აქ, ამ ადგილას გავშორდეთ უნდა,

მკვდარ ბალახებში გავიაროთ ათასი მილი.

გონება, როგორც მოტივტივე ღრუბლების ფთილა.

მზის ჩასვლა, როგორც განშორება ძველ ნაცნობების,

თავს რომ უხრიან შორ მანძილიდან ჩაკიდულ ხელებს.

განშორებისას ჭიხვინებენ ჩვენი ცხენებიც.

III. მზადება შოკუში გასამგზავრებლად

 „შოკუს მბრძანებელს, სანსოს, გაჰყავდა სავალი გზები.“

და სანსოს გზები იყო ციცაბო,

ისე დამრეცი, როგორც მთის კალთა.

კაცის თვალწინ კი თვით კედლები აღმართულიყო.

აღვირს ცხენისას კი ფარავდა გორაკთა ნისლი.

შინის ქვაფენილს მიჰყვებიან ლამაზი ხენი,

მათი ტოტები ამოზრდილან ქვაფენილთაგან,

ამოხეთქავენ ნაკადები ყინულთა შორის,

შუაგულ შოკუს ამაყ ქალაქში.

ადამიანთა ბედი უკვე განსაზღვრულია,

მისნის ჩარევას არ საჭიროებს.

IV. ქალაქი ჩოანი

მათ აივნებზე ფენიქსები დათამაშობენ.

მერე მიდიან ფენიქსები და მდინარე კი მარტოდმარტო მიედინება.

ყვავილს და ბალახს

დაუფარავს ბნელი ბილიკი, გოს დინასტიის სახლს რომ გასდევდა.

შინის მჭვირვალე ქსოვილები და მჭვირვალე სახურავები

გადაქცეულან საძირკველად ძველ გორაკების.

შორეულ ციდან დაშვებულა მთის სამეული,

და თეთრ ყანჩათა კუნძული კი ნაკადს ორად ყოფს.

მაღალ ღრუბლებს კი მზეც დაუჩრდილავთ,

და ახლა უკვე ვეღარ ვხედავ შორეულ ჩოანს

და სევდა მიპყრობს.

© არილი


Facebook Comments Box